You are on page 1of 5

საგანი- ლათინური ამერიკის შედარებითი პოლიტიკა

ლექტორი- ალექსანდრე წურწუმია

სტუდენტი - გიორგი ლეჟავა

ლათინური ამერიკის სახელმწიფოთა პოლიტიკური სისტემის თავისებურება

მეოცე საუკუნე გამორჩეული იყო ხალხთა გამოღვიძების და ერთა თვითგამორკვევის


პრინციპის დამკვიდრების კუთხით. ამ პრინციპმა და ამ საუკუნემ, მთელი მსოფლიოს
მასშტაბით ჩაუყარა საფუძველი მრავალ გამათავისუფლებელ მოძრაობას და ამ მოძრაობების
შედეგად, მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე გამოჩნდა მრავალი ახალი სახელმწიფო. რის
ერთ-ერთი უპირველეს მიზეზსაც წარმოადგენდა კოლონიური სისტემის დაშლა და ჩვენ
კარგად მოგვეხსენება,რომ დიდი ევროპული სახელმწიფოები, თავიანთი კოლონიების სახით
სწორედ აფრიკასა და ლათინურ ამერიკაში იყვნენ წარმოდგენილი. თუმცაღა
დამოუკიდებლობის გარიჟრაჟი ამ სახელმწიფოებისთვის საკმაოდ მტკივნეული პროცესი
გამოდგა, მათ მოუწიათ სისხლისმღვრელი, ტირანული მმართველობის, დიქტატურების და
ავტორიტარული რეჟიმების გამოცდა, რათა ფეხი შეედგათ განვითარების სრულიად ახალ
პედესტალზე და თავი დაემკვიდრებინათ თანამედროვე მსოფლიოში.

ისტორიულ-კულტურული კონტექსტიდან გამომდინარე ლათინური ამერიკა გამოირჩეოდა


თავისი ავტორიტარული განწყობებით, რითიც იგი გამოირჩეოდა განვითარებული
ევროპული სახელმწიფოებისგან და ზოგადად ანგლო-საქსური კულტურისგან. აღნიშნული
კულტურები კი კარგად ვიცით, რომ თვითონ იყვნენ აღნიშნული კოლონიური მსოფლიოს
სულისჩამდგმელები. ხოლო თვითონ ლათინური ამერიკის სახელმწიფოები, მოგვეხსენება
იყვნენ შთამომავლები დიდი იმპერიების წარმომადგენლებისა, ისეთი იმპერიებისა,
როგორიცაა აცტეკთა და ინკების იმპერიებია და რომლებიც თავის მხრივ გამორჩეულნი
იყვნენ იერარქიულობის მაღალი საფეხურით და ჰქონდათ კიდევაც გარკვეული
მიდრეკილება ავტორიტარული, ბელადური ტიპის მმართველობისკენ. სწორედ ამ
კავშირიდან გამომდინარე, დამოუკიდებლობის მოპოვებასთან ერთად, უამრავი ლათინური
ამერიკის სახელმწიფო ვერ ამოძვრა სენტიმენტების მორევიდან, რომელიც ამ წარსული
იმპერიების მიმართ გააჩნდათ და ეს სენტიმენტები აისახა სწორედ, დამოუკიდებლობის
მოპოვებასთან ერთად ჩამოყალიბებულ პოლიტიკურ სისტემებზე. მაგრამ ამ ხალხის
გარკვეულმა ნაწილმა მოახერხა ძველი სენტიმენტების დაძლევა და ხელი შეუწყო კიდევაც
მე_20 საუკუნის მეორე ნახევარში ამ სისტემების ნგრევას და უკეთესი რეალობის
დამკვიდრებას.
თვითონ ამ ავტორიტარული განწყობების ჩამოყალიბება და ამ რეჟიმების საფუძველი ჯერ
კიდევ მე_19 საუკუნის მიწურულს უკავშირდება. ამ პერიოდიდან მოყოლებული
დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სათავეში ძირითადად გვევლინებოდნენ კონკრეტული
პირები, რომლებიც თავიანთი ქარიზმით და ლიდერული თვისებებით ახერხებდნენ ხალხში
თავიანთი ავტორიტეტის და სიყვარულის დამკვიდრებას და ხშირ შემთხვევაში, სწორედ ეს
პირები ახერხებდნენ ძალაუფლების თავიანთ ხელში მოქცევას და ამგვარმა
დამოკიდებულებამ ლიდერების მიმართ, რომლებიც ძირითად შემთხვევაში მხოლოდ
ქარიზმის და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გაწეული სამსახურისთვის იღებდნენ
ამხელა ძალაუფლებას, ჩაუყარა საფუძველი მომავალ დიქტატორულ რეჟიმებს და მივიღეთ
კაუდილიო, ერთპიროვნული ხელისუფალი, რომელსაც შეეძლო ერი დაეხსნა, სასტიკი და
მჩაგვრელი, კოლონიური სისტემისგან და ეს მათ მიმართ არსებული იმედები საბოლოო
ჯამში მრავალ ლათინურ ერს საკმაოდ ცუდად მიუბრუნდა და მოგვიანებით სასტიკ
რეჟიმებში გადაიზარდა. თუმცა, როგორ შეგვიძლია გავამტყუვნოთ ეს სახელმწიფოები და
მათი მმართველობის ტიპები, როდესაც კარგად ვიცით მიზეზი და ეს მიზეზი ხანგრძლივი
კოლონიური ყოფაა, რამაც სახელმწიფოებრიობის ყოველგვარი ნიშანწყალი წაართვა მათ და
საუბარი აღარაა ზოგადად დემოკრატიული სისტემის და გაგების არარსებობაზე, ვინაიდან
დემოკრატიული ფილოსოფიის ლათინურ ამერიკაში დამკვიდრება, მისცემდა ხალხს
შესაძლებლობას ძალაუფლება მშვიდობიანად წაერთვათ ერთი პირისთვის და გადაეცათ
მეორესთვის, თუმცა გარკვეული დემოკრატიული და რესპუბლიკური მიდრეკილებები
მაინც მჟღავნდებოდა, რაც მომავალში ისახებოდა უსასრულო რევოლუციებსა და
გადატრიალებებში, ხოლო ამ ბრძოლას თავის მხრივ უპირისპირდებოდნენ ძალაუფლება
მოხვეჭილი ბელადები, რომლებიც თავიანთ ხელში იქცევდნენ მთელს სამხედრო
ორგანიზაციას და სამხედრო რეჟიმებისთვის დამახასიათებელი სისასტიკით ახშობდნენ
სისხლში პროტესტის ყოველგვარ გამოვლინებას. ამ ლიდერების ძალაუფლება და ამ
ძალაუფლების ლეგიტიმაციის წყარო არ იყო დაფუძნებული რაიმე კონკრეტულ
იდეოლოგიაზე, მათ ჰქონდათ ის, რაც არ გააჩნდათ სხვებს, სტატუსი და გავლენა, რომელსაც
იკრებდნენ, როგორც უკვე ვთქვით დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ეტაპზე. თუმცა, რაც
არ უნდა სამწუხარო იყოს აღნიშნული პირები ამ სიყვარულს და გავლენას, ისევ თავიანთი
ხალხის წინააღმდეგ იყენებდნენ და მასობრივი ტერორის საშუალებით ახერხებდნენ კიდევაც
ძალაუფლების თავიანთ ხელში შენარჩუნებას. იყო შემთხვევები, როდესაც გარკვეულმა
პირებმა სცადეს დემოკრატიული სახე მიეცათ თავიანთი მმართველობისთვის და ამ
ძალაუფლებას პლებისციტებით და არჩევნებით იმყარებდნენ, თუმცა ეს მხოლოდ
ფორმალურ სახეს ატარებდა და დემოკრატიასთან მას არაფერი საერთო არ გააჩნდა.

მსგავსი მაგალითი ისტორიაში, შეგვიძლია მოვიყვანოთ მექსიკის შემთხვევაში. ბენიტო


ხუარესის და შემდგომში პორფირიო დიასის მმართველობა, ღიად უჭერდა მხარს გარკვეულ
დემოკრატიულ პრინციპებს და უპირველეს ყოვლისა საყოველთაო არჩევნებს, თუმცა ეს
მხარდაჭერაც მხოლოდ ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ემსახურებოდა და მისი
მიღებისთანავე ორივე მათგანმა გამოავლინა რეჟიმის მანკიერი მხარეები და ამ
ძალაუფლებას გამტკიცებას, სწორედ ამ რეჟიმების წყალობით ახერხებდნენ. როგორც ეს
მოახერხა პორფირიო დიასმა, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ერთ-ერთ ყველაზე ხანგრძლივ,
34 წლიან დიქტატორულ მმართველობას. ის იყო ლოიალური თავისი მომხრეების მიმართ,
თუმცა სრულიად საპირისპიროს იჩენდა ყველა კონკურენტის და მისი აზრის
მოწინააღმდეგის წინააღმდეგ და კონკურენტების ფიზიკური განადგურების წყალობით,
მოახერხა კიდევაც 34 წლიანი ძალაუფლების შენარჩუნება.
ყველაფერთან ერთად, გვერდით გადავდოთ სისასტიკე და ლათინურ ამერიკას
ევლინებოდნენ ლიდერები, რომლებიც სრულიად შეუფერებლები იყვნენ თავიანთი
სტატუსითვის. მათ არ გააჩნდათ ის ცოდნა, რომელიც სახელმწიფოს ლიდერობისთვისაა
დამახასიათებელი და აქედან გამომდინარე, მათი გადაწყვეტილებები დამღუპველი
ხდებოდა ისევ თავიანთი სახელმწიფოებისთვის. მარიანო მელგარეხო, რომელმაც მოახერხა
ბოლივიაში ძალაუფლების ხელში ჩაგდება და გახდა მისი პრეზიდენტი, მიიღო
ბოლივიისთვის სრულიად წამგებიანი გადაწყვეტილება, მის მიერ მოხდა ბოლივიის საკმაოდ
დიდი ტერიტორიის გასხვისებ მეზობელ სახელმწიფოებთან, ძირითადად ეს იყო ინდიელთა
კუთვნილი მიწები და ამ ყველაფრის შედეგად მელგარეხომ მოახერხა და ბოლივიას წაართვა
ზღვაზე გასასვლელი და საკმაოდ დიდი მიწები. ამ ყველაფრისგან მიღებულ სარგებელს კი,
რათქმაუნდა, ისევ ძალაუფლების შესანარჩუნებლად იყენებდა. მელგარეხოს შემთხვევა
კარგად გვანახებს, თუ რამდენად დამღუპველია, ერთი პირის ხელში მთელი სახელმწიფო
აპარატის და ძალაუფლების მოქცევა, რადგან როდესაც მას არ გააჩნია რაიმე შემზღუდავი
მექანიზმი, მან შეიძლება მიიღოს სახელმწიფოსთვის სრულიად წამგებიანი გადაწყვეტილება
და უფსკრულში გადაჩეხოს იგი.

იყო შემთხვევები, როდესაც ზოგიერთმა სახელმწიფომ შეადგინა კონსტიტუცია და სცადა


დემოკრატიის რელსებზე შედგომა, აღიარებდნენ რა, ლიბერალურ იდეალებს, თუმცა
როგორც ზემოთ ვახსენეთ, ავტორიტარიზმის მიმართ სენტიმენტების დაძლევა ვერ
მოახერხეს და ამას დამატებული ლიდერების არაეფექტური მმართველობის წყალობით,
ამგვარი ლიბერალური იდეალები გადაიზრდებოდა ისევ და ისევ, დიქტატორულ
მმართველობებში, დემოკრატიით უკმაყოფილო საზოგადოების ნაწილი კი ამ დიქტატორულ
რეჟიმებს ლეგიტიმაციის საფუძველსაც უქმნიდნენ. თვითონ ეს რეჟიმები კი გადაიქცეოდა
ელიტური მმართველობის ტიპად, სადაც უპირატესობა, რეჟიმის მხარდამჭერებისკენ იყო
მიმართული, რაც აისახებოდა პოლიტიკურ არასტაბილურობაში, რის აღდგენასაც
მილიტარიზმის უკიდურესი ფორმებით ცდილობდნენ.

თავის მაქსიმუმს კი ამგვარი რეჟიმების გამოვლინებამ მიაღწია მე_20 საუკუნის მეორე


ნახევარში, ყველაზე მეტად კი: არგენტინაში, ჩილეში, ურუგვაიში და ბრაზილიაში. გარდა
პიროვნული ავტორიტეტისა ამ სახელმწიფოთა ლიდერები, მთელი სამხედრო
ორგანიზაციის წყალობით უპირისპირდებოდნენ რეჟიმის ყველა მოწინააღმდეგეს და
სასტიკად სისხლში ახშობდნენ პროტესტის ყოველგვარ ფორმას, მაგრამ ჩილეს შემთხვევაში,
ეს სამხედრო ორგანიზაცია სწორედ საპირისპიროდ მიუბრუნდა სალვადორ ალიენდეს,
რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით, სამხედრო გადატრიალების
წყალობით ჩამოაშორეს ძალაუფლებას.

სისასტიკესთან ერთად, ამ სახელმწიფოთა ხელისუფლება იღებდა საკმაოდ წამგებიან


გადაწყვეტილებებს, რომლებსაც არანაირი მხარდაჭერა არ გააჩნდათ საზოგადოებაში. მათ
მიერ მიღებული კანონები და რეფორმები, ემსახურებოდა მოსახლეობის სოციალურ
კლასებად დაყოფას, შედეგად მრავალ ლათინურ სახელმწიფოში საერთოდ გაქრა საშუალო
კლასი, რადგან უფსკრული მდიდრებსა და ღარიბებს შორის საკმაოდ ფართე იყო, რაც იყო
იმის დამსახურება, რომ ლიდერები სისტემის წინააღმდეგ წასული მოქალაქეების ქონებას,
გადასცემდნენ სწორედ თავიანთ ლოიალურ მომხრეებს.
ამ მაგალითებში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, იყო მე_20 საუკუნის 90_იან წლებში
ალბერტო ფუხიმორის ხელისუფლება პერუში, რომელიც კარგ ილუსტრაციას წარმოადგენს,
რათა მთელი სიმძიმით გავიაზროთ ლათინური ამერიკის ავტორიტარული კულტურა. მან
ხელი შეუწყო გადატრიალებას, ისევ თავის თავის წინააღმდეგ, მიზეზი ამისა კი იყო ის, რომ
გადატრიალების პირობებში მოეხდინა ძალაუფლების სრულად უზურპირება და ხელში
ჩაეგდო საკანონმდებლო ორგანოზე კონტროლის ბერკეტები და მის ხელში ჩაგდებასთან
ერთად მან გადაწერა ქვეყნის კონსტიტუცია, რაც ისევ მისი ძალაუფლების გამტკიცებას
ემსახურებოდა. თუმცა ეს შემთხვევა გარკვეულწილად მომგებიანიც გამოდგა პერუსთვის,
რადგან ერთპიროვნული ხელისუფლების პირობებში მან მოახერხა და გადაჭრა პერუს წინაშე
არსებული მრავალი გამოწვევა, მათ შორის უმაღლეს ნიშნულზე ასული ინფლაციის დონე.
მისი მმართველობის დადებით მხარეებზე მეტყველებს ისიც, რომ მის მიერ ჩახშობილი ერთ-
ერთი ყველაზე სასტიკი გადატრიალების მიუხედავად, ხალხში მისი პოპულარობა საკმაოდ
მაღალ ნიშნულს ინარჩუნებდა. მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული და შესაბამისად
მსოფლიოში, ზუსტად 90_იან წლებში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების კვალდაკვალ
პერუს მოსახლეობამ, დაამხო ფუხიმორის მმართველობა და სხვა სახელმწიფოებთან ერთად
დაიწყო დემოკრატიული სახელმწიფოს შენება.

ფუხიმორის შემთხვევიდან გამომდინარე და ასევე ისტორიკოსების გარკვეული ნაწილის


აზრით, ლათინური სახელმწიფოს რიგი სახელმწიფოები უბრალოდ იძულებულები იყვნენ
მოეხდინათ ის, რაც მოახდინეს, ფიქრობდნენ რა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მოცემული
სისტემები უბრალოდ კოლაფსის წინაშე აღმოჩნდებოდნენ. საილუსტრაციოდ შეგვიძლია
გამოვიყენოთ კუბას მაგალითი, სადაც დაემხო „დემოკრატიული“ რეჟიმი და იდეაში, რომ
არა მისი დამხობა და მომავალში მიღებული გადაწყვეტილებები, რომელიც
დამკვიდრებულმა ავტორიტარულმა ხელისუფლებამ მიიღო, შეუძლებელიც იქნებოდა
ფიქრი, მრავალი სოციალური ხელშეწყობის პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც
ნამდვილად იყო კუბის მოსახლეობისკენ მიმართული. კუბასთან ერთად დემოკრატიის
სრული კოლაფსი ჩილეში, როდესაც სალვადორ ალიენდე შეპირებული დემოკრატიული
პრინციპებიდან გამომდინარე, ცდილობდა სოციალური უთანასწორობის აღმოფხვრას,
მაგრამ მისმა გადაწყვეტილებებმა, გამოიწვია აშშ_ის განაწყენება, რომელმაც ხელი შეუწყო
შემდგომში მის მიერ წამოწყებულ სამხედრო გადატრიალებას და მისი რეჟიმის დამხობასთან
ერთად, მივიღეთ მასზე უფრო სასტიკი და სისხლისმღვრელი აუგუსტო პინოჩეტის
მმართველობა. ჩილე იყო ქვეყანა, რომელმაც გადადგა პირველი დემოკრატიული ნაბიჯები
ლათინურ ამერიკაში, თუმცა ამის მიუხედავად გახდა ავტორიტარული რეჟიმის ნათელი
გამოვლინება, რომლის მიერ ითრგუნებოდა ლიბერალური დემოკრატიის ყველა ძირითადი
პრინციპი.

აღნიშნული მაგალითი და მრავალი სხვა კარგი საილუსტრაციო მაგალითია იმისა, რომ


დემოკრატია ყოველთვის არ შეიძლება იყოს კარგი და აგრეთვე იმას, რომ გარკვეულწილად
ავტორიტარიზმიც შეიძლება იყოს სასიკეთო. თუმცა უპირველეს ყოვლისა მთავარია იცოდე
კონტექსტი, რა ხდებოდა ამ ისტორიებს მიღმა, რათა სამართლიანად შეაფასო, იყო კი რაღაცა
ნამდვილად კარგი თუ ცუდი. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, მაინც ესაა ლათინური
ამერიკის ხალხების სურვილი, ეცხოვრათ დამოუკიდებელ სახელმწიფოებში, მოეხდინათ
თავიანთი ერის თვითგამორკვევა და ინდივიდუალურად ემართათ თავიანთი ბედი,
კოლონიალური სამყაროს მიღმა. სამწუხაროდ ეს სურვილი, თითქმის ერთი საუკუნის
მანძილზე საკმაოდ მძიმე დაღად დაესვა ამ სახელმწიფოებს, მაგრამ მთავარი ისაა, რომ დღეს
თითოეული ეს ქვეყანა განვითარების დამოუკიდებელ რელსებზე შედგა და ისინი იბრძვიან
თანამედროვე საზოგადოებაში თავის დასამკვიდრებლად, ხოლო ეს სისხლიანი წარსული
ყოველთვის იქნება მაგალითი მათთვის თუ, რა მიმართულებით არ უნდა წაიყვანო შენი
ქვეყანა და ხალხი.

You might also like