You are on page 1of 23

ცხოვრობდა ერთი ხავერდის კურდღელი.

თავიდან, როცა საშობაო საჩუქრის წინდაში


გახვეული დაინახა ბიჭმა, მართლაც დიდებული
ეჩვენა. იგი სწორედ ისეთი იყო, როგორიც
სათამაშო ბაჭიას შეეფერებოდა.თათებს შორის
საშობაო კენკრის ტოტი ეჭირა, ფუმფულა და
ხავერდოვან ქურთუკზე ყავისფერი და თეთრი
წინწკლები ეყარა, ნამდვილი ძაფისგან
შეკერილი ულვაშები , ხოლო ყურებზე
ვარდისფერი სატინის ზოლები მიჰყვებოდა. მისი
დანახვა შთამბეჭდავი იყო ბიჭისთვის.
წინდაში სხვა სახის სათამაშოები და
ტკბილეულიც ეყარა- ფორთოხალი, შოკოლადში
ამოვლებული ნუში,ასაწყობი მანქანა და
მოსამართი თაგუნა, თუმცა ბაჭია ნამდვილად
საუკეთესო იყო მათ შორის. ბიჭი მას ორი საათის
მანძილზე არ მოშორებია, ეთამაშა და შეიყვარა,
ისე როგორც ახალ სათამაშოებს ექცევიან. თუმცა
მალე სტუმრად საყვარელი ნათესავები
მოვიდნენ, ათასგვარი ჭრელა-ჭრულა
ნივთებით,რომლებიც გახსნისას მომაჯადოებელ
ხმებს გამოსცემდნენ. შესაფუთი ქაღალდებით და
ყოველი საჩუქრის ყუთით გამოწვეული
აღფრთოვანება იმდენად მაღალი იყო
ბიჭისთვის, მას ხავერდის მეგობარი მალევე
მიავიწყდა.
გადიოდა ხანი და ყველასგან მივიწყებული ბაჭია,
ხან სათამაშოების კარადაში ცხოვრობდა, ხანაც
საბავშვო ბაღის იატაკზე. იგი ბუნებით მორცხვი
და თავიდან ბოლომდე ხავერდით შეკერილი
გახლდათ, ამიტომ სხვა, შედარებით
ძვირადღირებულმა სათამაშოებმა ზურგი
აქციეს.მოსამართი სათამაშოები, ძრავებით
მუცელში, ძალიან ამპარტავანი ბუნებით
გამოირჩეოდნენ და ახალ- ახალი იდეები
ჰქონათ თავში, ამიტომ სხვა დანარჩენებს
ზემოდან დაჰყურებდნენ, მეტიც - თავიანთ თავებს
რეალურად წარმოიდგენდნენ. მაგალითისთვის
მოგიყვანთ ერთი ნავს, რომელსაც უკვე ორი
წელი ეცხოვრა და რადგანაც საღებავი სულ
მთლად გადაცლოდა, შანსს არ უშვებდა
ხელიდან ტექნიკური ხარვეზისთვის
დაეაბრალებინა. ასეთი მანერები მას სხვა
სათამაშოებისგან ესწავლა.
კურდღელს არ უნდოდა რაიმეს ასლი
ყოფილიყო, მან არც კი იცოდა რომ ნამდვილი
კურდღლები არსებობდნენ, ფიქრობდა, რომ
სხვებიც ისევე იყვნენ ნახერხისგან შეკერილი,
როგორც თავად, ასევე მან შეიტყო, რომ ნახერხი
უკვე მოდიდან იყო გადასული, ასე ვთქვათ
იაფფასიანი ტიპის პროდუქტი იყო, ამიტომ
ელიტურ სათამაშოთა წრეში არ უნდა ეხსენებინა.
ტიმოთიც კი, დაშლილი ჯარისკაცების
ნაწილებისგან აწყობილი ხის ლომი, რომელსაც
წესით მეტად გახსნილი გონება უნდა ჰქონოდა
და სხვათა მიმართ ემპათიის უნარი, ცდილობდა
საკუთარი თავის იმაზე მეტად წარმოჩენას ვიდრე
სხვები არიან და ისე წარმოიდგენდა, თითქოს
მთავრობასთან თანამშრომლობდა.
მათ შორის საბრალო ხავერდის ბაჭია თავს
უმნიშვნელოდ და დაჩგრულად გრძნობდა.
მხოლოდ ერთი გამორჩეული, ტყავის ცხენი იყო
მზრუნველი და მგრძნობიარე პატარა მეგობრის
მიმართ.
ცხენი, სხვებთან შედარებით, დიდი ხნის
განმავლობაში ცხოვრობდა საბავშვო
სართულზე. ის ძალიან ძველი იყო, თმა
გაცვენოდა და კანის ქვეშ ლაქები უჩანდა, ხოლო
კუდი ნაწილ- ნაწილ დაძენძოდა და ყელსაბამის
ასაწყობი ძუასავით გარეთ უხეშად
გამოჩრილიყო. ბრძენი იყო, ბევრი რამ ენახა და
სათამაშოებსაც კარგად იცნობდა. მექანიკური
სათამაშოები მოდიოდნენ დრო და დრო,
ტრაბახობდნენ, თაღლითობდნენ და შემდეგ
ნელ- ნელა, თავიანთი წარმოშობისდა მიხედვით,
ფუჭდებოდნენ - ქრებოდნენ. მან იცოდა, ისინი
მხოლოდ და მხოლოდ სათამაშოები იყვნენ და
ვერასდროს გადაიქცეოდნენ სხვა რამედ.
საბავშვო მაგია დიდებული რამეა და მხოლოდ
ისეთ ბრძენსა და გამოცდილ სათამაშოს
შეუძლია გაეგო, როგორიც ძველი ცხენი იყო.
,,რას ნიშნავს ,,ნამდვილი’’ ? - იკითხა
ერთხელ კურდღელმა, როცა გვერდი-გვერდ
იწვნენ სათამაშოების თაროზე, სანამ ძიძა
ოთახის დასალაგებლად მოვიდოდა. ,, ნიშნავს
თუ არა ისეთ რამეს, როცა მუცელში ღილაკები ,
ხოლო გარედან მოსამართი ჭანჭიკები გაქვს და
ვიბრაციებს გამოსცემ? ‘’
,, ნამდვილი არ ნიშნავს იმას, თუ როგორ ხარ
შექმნილი’’, თქვა ცხენმა. - ,,ეს არის ის, რაც უნდა
დაგემართოს. როცა ბავშვს უყვარხარ, უყვარხარ
ნამდვილი სიყვარულით და არა მხოლოდ
იმიტომ, რომ შენთან ითამაშოს, მაშინ ხდები
ნამდვილი. ‘’
,,და ეს მტკივნეულია? ‘’ ჰკითხა ბაჭიამ
,,ზოგჯერ’’ -თქვა ცხენმა, რადგან ის ყოველთვის
გულწრფელი იყო. ,, როცა შენ ნამდვილი ხარ, არ
გადარდებს გეტკინება თუ არა. ‘’
,, ეს ერთბაშად ხდება, თითქოს რაღაცაზე
განაწყენდი და ინერვიულე, თუ ნელ-ნელა? ‘’
,,ეს არ ხდება ერთბაშად,’’ - უპასუხა
ცხენმა. ,,გარდასახვას დიდი დრო ჭირდება.
ამიტომ არ ემართება ეს მათ, ვინც ადვილად
იმსხვრევა ან იმათ, ვინც ზედმეტად ,,მაგარია’’ ,
ბასრი კიდეებით. ან კიდევ, ვისაც ზედმეტად
უფრთხილდებიან და ინახავენ. საერთოდ, იმ
დროისთვის, როცა ნამდვილი გახდები , შენი
ძვირფასი თმა სრულიად გაგცვივდება, თვალები
ბუდიდან გადმოგივარდება, მოიშლები ნაწილ-
ნაწილ და გაფუჭდები. მაგრამ ეს ყველაფერი
აზრს დაკარგავს, რადგან როცა შენ საბოლოოდ
ნამდვილი გახდები, შეუძლებელია იყო უშნო
ვინმესთვის, გარდა იმ ხალხისა, ვისაც არ
შეუძლია შენი გაგება.
,, მგონი, შენ ნამდვილი უნდა იყო’’ - თქვა
კურდღელმა. და ინატრა სულ არ ეთქვა
არაფერი, რადგან ფიქრობდა, რომ ცხენი
ძალიან მგრძნობიარე იყო. მაგრამ ცხენმა
პასუხად მხოლოდ გაიღიმა.
,,ბიჭუნას ბიძიამ გამხადა ნამდვილი’’ - თქვა
მან. ,, ეს იყო ძალიან დიდი ხნის წინ; მაგრამ
როცა ერთხელ მოხდება გარდასახვა, ვეღარ
შეძლებ იყო არარეალური, სამუდამოდ ასე
დარჩები. ‘’
კურდღელმა ამოიოხრა. ის ფიქრობდა, რომ ეს
დიდ დროს წაიღებდა - გარდასახვა, რომელიც
სამუდამოდ შეცვლიდა მის ცხოვრებას. ის
ნატრობდა რომ შეცვლილიყო, უნდოდა ეგრძნო
როგორია ეს ყველაფერი, თუმცა დამახინჯებისა
და ნაწილების დაკარგვის ეშინოდა, ეს აზრი
ასევდიანებდა. უნდოდა ისე შეჰყროდა
სინამდვილე, რომ ეს დისკომფორტი და
ტკივილი არ გამოეცადა.
იყო ერთი ადამიანი, მას ძიძას ეძახდნენ. ძიძა
თვალყურს ადევნებდა სათამაშოების ოთახს.
ზოგჯერ არად დაგიდევდათ მიყრილ-მოყრილ
ნივთებს ოთახში, მაგრამ თუ მოეხასიათებოდა,
ქარიშხალივით დატრიალდებოდა და
ყველაფერს ასუფთავებდა თაროებზე.
ამას ,,დალაგებას’’ ეძახდნენ, რაც ასე სძულდათ
სათამაშოებს და განსაკუთრებით მსხვრევად
ნივთებს. კურდღლისთვის სულერთი იყო,
რადგან საითაც არ უნდა მოესროლა, უკან ისევ
რბილად ეცემოდა.
ერთ საღამოს, როცა ბიჭი დასაძინებლად
ემზადებოდა, ვერაფრით იპოვნა თავისი ჩინური
ძაღლი, რომელთან ერთადაც ძილი ჩვევად
ჰქონდა ქცეული. ძიძას ეჩქარებოდა , თანაც
რთული იყო საღამო ხანს, არეულობაში
სათამაშოების ძებნა. მისი ყურადღება კარადამ
მიიქცია, რომელიც დასუფთავების შემდეგ ღიად
დარჩენოდა. მან უცებ მოავლო თვალი და ბიჭს
უთხრა :
,,აი შენი ძველი ბაჭია, აიღე, ის დაიძინებს შენთან
ერთად’’ - უცებ კურდღელს ცალ ყურში ხელი
წაავლო და ბიჭს პირდაპირ მკლავებში ჩაუგდო.
იმ ღამით და კვლავ მრავალი ღამის
განმავლობაში, კურდღელს ბიჭთან ერთად ეძინა.
თავიდან მისთვის უხერხული და ძალზედ
არაკომფორტული იყო ასე წოლა, რადგან
ზოგჯერ ბიჭი ძლიერად იხუტებდა, ხან ზედ
გადაგორდებოდა, ხან ბალიშის ქვეშ ჩაიწვენდა
ისე, რომ სუნთქვა ეკვროდა ხავერდოვან პატარა
მეგობარს. მას ენატრებოდა გრძელი, მთვარიანი
ღამეები სათამაშოების კარადაში, როცა მთელ
სახლში სიჩუმე იდგა და საათობით საუბრობდა
თავის მეგობარ ცხენთან.
გავიდა ხანი და ბაჭია შეეჩვია ასე ცხოვრებას,
რადგან ბიჭი ბევრს ესაუბრებოდა მას და სხვა და
სხვა თამაშებს აწყობდა საკუთრივ მისთვის.
თეთრეულის ქვეშ გვირაბებს უშენებდა, როგორც
მან თქვა, ისეთს როგორშიც ნამდვილი
კურდღლები ცხოვრობენ. დიდებულ დროს
ატარებდნენ თამაშში, ჩურჩულებდნენ ღამით,
როცა ძიძა თვალს მიეფარებოდა, სანამ ბუხარში
ცეცხლი თვლემდა და სიბნელეში მხოლოდ
ცეცხლის ალები ანათებდა.
და როცა ბიჭს ძილი მოერეოდა, მას გულში
იკრავდა, თავის თბილ ნიკაპთან მიიხუტებდა და
მეგობრის მკლავებში გახვეული ხავერდის
ფუმფულა ბაჭია, უწყვეტ და ტკბილ სიზმრებს
ხედავდა...
გავიდა ხანი და კურდღელი იმდენად ბედნიერი
იყო, რომ ვერც კი ამჩნევდა მისი ლამაზი
ხავერდოვანი ბეწვი როგორ გაცვდა ნელ-ნელა
და უფრო და უფრო უშნოვდებოდა. კუდი
შემოფლეთოდა, ხოლო ცხვირზე ბიჭის
კოცნისგან, ვარდისფერი საღებავი სულ
გადაცლოდა.
დადგა გაზაფხული და ისინი მთელი დღეები
თამაშობდნენ ეზოში. სადაც ბიჭი წავიდოდა,
ბაჭიაც თან დაჰყავდა. ორთვალაში ჩასვამდა და
ისე შემოატარებდა მთელ ბაღს, დაჰყავდა
პიკნიკებზე, აწყობდა ზღაპრულ ნადირობას
კენკრის ტოტების ქვეშ, სადაც ყვავილების ღობე
კვეთდა ბაღს ქუჩისგან. ერთხელ, ბიჭი ჩაიზე
დაპატიჟეს და ბაჭია გაზონზე მარტოდმარტო
დარჩა, დიდხანს იყო ბაღში, თითქმის მთელი
ღამე გაატარა იქ და რადგან ბიჭი მის გარეშე ვერ
იძინებდა, ძიძა იძულებული გახდა სიბნელეში,
სანთლით გასულიყო სათამაშოს მოსაძებნად.
გარეთ ყოფნისა და სოროებში თამაშისგან
სველი და ტალახიანი იყო, ამიტომ წინსაფრით
გაწმინდა და ბიჭს დაუბრუნა.
,, აჰა შენი ძველი ბაჭია, შენთან გყავდეს!’’ -თქვა
მან- ,, ღირს კი ამხელა აურზაურის ატეხვა
სათამაშოს გამო!’’
ბიჭი საწოლში წამოჯდა და ხელები გამოუწოდა.
,, მომეცი ჩემი კურდღელი!’’ - თქვა მან - ,, ნუ
ამბობ ასე, ის არ არის სათამაშო, ნამდვილია! ‘’ -
როცა პატარა ბაჭიამ ეს გაიგონა, ძალიან
გახარებული იყო რადგან ყველაფერი რაზეც
ცხენი მოუთხრობდა, სიმართლე აღმოჩნა.
ამიერად აღარ იყო სათამაშო, ის ნამდვილი
გახდა! ბიჭმა თავად თქვა!
იმ ღამით, ბედნიერებისგან ბაჭიას არ უძინია.
იმდენი სიყვარული იგრძნო მისი ნახერხის
გულით, რომ აღარ ეტეოდა და გასკდომას
ლამობდა. ხოლო მის ღილებიან თვალებში,
რომელსაც ბრწყვინვალება დაეკარგათ, რაღაც
სილამაზე და სხვაგვარი სიბრძნე ჩაღვრილიყო.
მეორე დილით ძიძამაც კი შენიშნა ეს და აღნიშნა
- ,, შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ ამ ძველ
ბაჭიას, ყოვლისმცოდნე გამომეტყველება აქვს!’’
შესანიშნავი ზაფხული იყო!
სახლთან ახლოს, სადაც ისინი ცხოვრობდნენ,
იყო ტყე , სადაც ივნისის გრძელ საღამოებზე, ბიჭი
ჩაის შემდეგ სათამაშოდ გადიოდა. ჩვეულებრივ,
კურდღელიც თან ახლდა ხოლმე და სანამ
ყვავილების მოსაკრეფად ხეტიალს დაიწყებდა,
ან ყაჩაღობანას თამაშს ხეებს შორის, ის
ყოველთვის მოუწყობდა ბუდეს ბაჭიას გვიმრის
ტოტებს შორის, რომ იქ კომფორტულად და
მყუდროდ ყოფილიყო , რადგან ბიჭს კეთილი
გული ჰქონდა.
ერთ საღამოს, როცა კურდღელი თავის
ადგილას იწვა მარტოდმარტო და აკვირდებოდა
ჭიანჭველების ჯარს, როგორ მიდი-მოდიოდნენ
მის თათებს შორის ბალახზე, მან უცებ შენიშნა,
როგორ გამოძვრა ორი უცნაური არსება გვიმრის
მაღალი ბუჩქიდან.
ისეთივე კურდღლები იყვნენ, როგორიც
თვითონ, მხოლოდ უფრო ბეწვიანი და ახალი
სტილის, იმდენად იდეალურად შექმნილი, რომ
ნაკერები საერთოდ არ ეტყობოდათ და
მოძრაობისას უცნაურად იცვლიდნენ ფორმას.ხან
გრძელი და წვრილი იყვნენ, ხანაც მსუქანი და
შეტყუპებული, ნაცვლად იმისა რომ იგივე
ფორმისა დარჩენილიყვნენ, როგორც თავად.
თათებით რბილად გადაცოცდნენ მიწაზე და
ბაჭიას მიუახლოვდნენ ისე ახლოს, რომ ცხვირს
ცხვირთან აცმაცუნებდნენ, სანამ ეს უკანასკნელი
მათ ტანზე მოსამართ მექანიზმებს ეძებდა,
რადგან მან იცოდა, რომ არსებები, რომელთაც
ხტომა შეუძლიათ, ძირითადად მექანიზმებით
იმართებიან და რაღაც სასწაულით მექანიკურად
ასრულებენ მოძრაობებს. თუმცა მან ვერ დაინახა
ეს ყველაფერი, აშკარად ახალი სახეობის
კურდღლები იყვნენ.
ისინი ბაჭიას დაჟინებული უყურებდნენ და
ცხვირებს აცმაცუნებდნენ, ისიც ასევე უცქერდა
გაკვირვებული.
,,რატომ არ ადგები და ითამაშებ ჩვენთან
ერთად?’’-ჰკითხა ერთ-ერთმა მათგანმა.
,,არ მინდა! ’’ - უპასუხა ხავერდის ბაჭიამ, რადგან
არ უნდოდა იმის თქმა, რომ მას არ ჰქონდა
მოსამართი მექანიზმი.
,,ოჰ!’’ - ,,ეს ისეთი ადვილია!’’- თქვა ბეწვიანმა
კურდღელმა, გვერდულად გადახტა და უკანა
ფეხებზე დახტა.
,, არ მჯერა, რომ შეგიძლია!’’ - უთხრა
კურდღელმა.
,, შემიძლია! ‘’ -თქვა ხავერდის ბაჭიამ - ,,მე
შემიძლია ძალიან მაღლა ავხტე, ყველაზე
მაღლა’’ - მან იგულისხმა ბიჭთან ერთად თამაში,
როცა ის ბაჭიას მაღლა ისროდა , თუმცა რა თქმა
უნდა ამის შესახებ არაფერი უთქვამს.
,,შეგიძლია უკანა ფეხებზე დადგე?’’ - შეეკითხა
ბეწვიანმა კურდღელმა .
ეს შეკითხვა მისთვის საშინელება იყო რადგან
საერთოდ არ ჰქონდა უკანა თათები. მისი უკანა
ნაწილი ერთიანი იყო, როგორც ნემსების
ჩასარჭობი ტომსიკა, ისე შეეკერათ. ამიტომ,
განაგრძობდა ბუჩქებში ჯდომას და იმედი ჰქონდა
რომ ვერცერთი კურდღელი ვერ შენიშნავდა.
,, არ მინდა !’’ თქვა ისევ ბაჭიამ.
მაგრამ ველურ კურდღლებს ძალიან მახვილი
მზერა ჰქონდათ. ერთ- ერთმა მათგანმა კისერი
წაიგრძელა და თვალი შეავლო.
,, მას საერთოდ არ აქვს უკანა თათები! ‘’-
დაიყვირა - ,,ნეტა რა უნდა იყოს კურდღელი უკანა
თათების გარეშე!’’ - თქვა ისევ და ახარხარდა.
,, მაქვს!’’ - დაიყვირა სასოწარკვეთლმა ბაჭიამ - ,,
მაქვს უკანა ფეხები, მე მათზე ვზივარ! ‘’
,, მაშინ გაშალე და მაჩვენე, აი ასე ‘’ - თქვა
ველურმა კურდღელმა, დატრიალდა და აცეკვდა,
სანამ ბაჭიას თავბრუ არ დაეხვა მისი ყურებით.
,, არ მომწონს ცეკვა, ‘’ - თქვა მან. მირჩევნია ასე
ვიჯდე.
და სანამ ბაჭია ცეკვის სურვილით იწვოდა,
რაღაც ახალი, სახალისო გრძნობა უღიტინებდა
შიგნიდან, იმ წამებში შეეძლო ყველაფერი
დაეთმო ნაცვლად იმისა, რომ კურდღლებივით
ცეკვა - თამაში შეძლებოდა.
უცხო კურდღელმა მოულოდნელად შეწყვიტა
ცეკვა და ჩვენს ბაჭიას ისე მიუახლოვდა რომ მისი
გრძელი ულვაშებით ყურებზე მოუღიტინა. უცებ
კურდღელმა ცხვირი შეკუმშა, ყურები ცქვიტა და
უკან ისკუპა.
,, მას სუნი არ აქვს!’’ წამოიძახა განცვიფრებულმა
- ,,ის კურდღელიც კი არ არის, არ არის
ნამდვილი!’’
,, მე ნამდვილი ვარ!’’ თქვა პატარა ბაჭიამ ,,ბიჭმა
ასე თქვა, ნამდვილი ვარ!’’ - და ლამის ატირდა.
უცებ საიდანღაც ნაბიჯების ხმა გაისმა, ბიჭმა მათ
ახლოს ჩაირბინა. კურდღლები დაფრთხნენ და
უმალ ერთი ფეხის დაკვრითა და თეთრი კუდების
ქნევით გაუჩინარდნენ.
,, დაბრუნდით და მეთამაშეთ! ‘’ გასძახა ბაჭიამ - ,,
ოჰ, დაბრუნდით! მე ვიცი რომ ნამდვილი ვარ! ‘’
არავინ პასუხობდა. მხოლოდ ჭიანჭველები
დაცოცავდნენ და გვიმრის ტოტი ნაზად ირხეოდა
გასაძრომ ღობესთან, სადაც ორი უცხო არსება
გაუჩინარდა. ბაჭია სრულიად მარტო იყო.
,,ჯანდაბა! ‘’ ფიქრობდა თავისთვის - ,, რატომ
გაიქცნენ ასე? რატომ არ გაჩერდნენ და არ
დამელაპარაკნენ? ‘’
დიდხანს იწვა გვიმრებში და ტოტებს უცქერდა,
იმის იმედით რომ დაბრუნდებოდნენ. მაგრამ
სრულიან არავინ ჩანდა გზაზე. მზე ჩადიოდა.
პატარა პეპლები ჰაერში ფარფატებდნენ და მზის
სხივებს ეთხოვებოდნენ. უცებ ბიჭი მოვიდა და
ბაჭია სახლში წაიყვანა.
გადიოდა კვირები . პატარა ბაჭია უფრო
დაძველდა და დაიძენძა, მაგრამ ბიჭს ის ძალიან
უყვარდა. უყვარდა თავისი გაცვენილი
ულვაშებით, ყურზე გაუფერულებული
ვარდისფერი ზოლით და გაცრეცილი ყავისფერი
ლაქებით. ფორმაც კი დაეკარგა და ძლივსღა
ჰგავდა კურდღელს. მხოლოდ ბიჭისთვის იყო
ისევ ის პატარა ხავერდის ბაჭია. მისთვის ის
ყოველთვის ლამაზი იქნებოდა და კურდღელს
მხოლოდ ეს აჯავრებდა, სხვა დანარჩენი მისთვის
უმნიშვნელო იყო. სულერთი გახდა, როგორ
აღიქვამდნენ სხვა ადამიანები, რადგან ის უკვე
ნამდვილი იყო და როცა ნამდვილი ხარ,
დაუშნოვების აღარ გეშინია .
ერთხელ ბიჭი ავად გახდა.
ლოყები აუწითლდა, ძილში ლაპარაკობდა.
ტემპერატურა იმდენად მაღალი ჰქონდა, როცა
ბაჭიას იხუტებდა წვავდა. ხალხის მიმოსვლა არ
წყდებოდა. დღე და ღამ სინათლე ენთო სახლში
და მთელი ამ ხნის მანძილზე ბაჭია თეთრეულში
გახვეული იწვა გაუნძრევლად, თვალს
მოფარებული, რადგან თუ ვინმე შეამჩნევდა
შესაძლებელი იყო წაეყვანათ, მან კი იცოდა,
რომ ბიჭს სჭირდებოდა.
მძიმე პერიოდი იდგა. ბიჭი ძლიერ ავად იყო და
არ შეეძლო თამაში. ბაჭიამ აღმოაჩინა რომ
საკმაოდ მოსაწყენია მთელი დღეები არაფრის
კეთება. მაგრამ ის მოთმინებით ელოდა ბიჭის
გამოჯანმრთელებას. ასე ხომ ისინი ისევ
შეძლებდნენ ეზოში თამაშს, ყვავილებს შორის ,
სადაც პეპლები დაფარფატებენ. ბაჭია ყველა
თამაშის სახეობას დაწვრილებით იხსენებდა და
გეგმავდა, ხოლო შემდეგ ბიჭს ეჩურჩულებოდა
ყურთან, სანამ მას ნახერად ეღვიძა, სიცხისგან
გათანგულს.
მოულოდნელად ტემპერატურამ იკლო. ბიჭი
უკეთ გახდა. მას შეეძლო ლოგინზე წამოჯდომა
და ნახატებიანი სურათების თვალიერება, ბაჭია
კი იქვე, გვერდით ეჯდა. ერთ მშვენიერ დღეს მას
ადგომის უფლებაც მისცეს.
ნათელი და მზიანი დღე იყო, ფანჯრები
ფართოდ გაეღოთ. ბიჭი შალმოხვეული
გაიყვანეს აივანზე. ბაჭია ზეწრები გახლართული
საწოლზე დარჩა და თავისთვის ფიქრობდა .
ბიჭი ზღვის პირა ქალაქში მიდიოდა.
ყველაფერი მზად იყო, მხოლოდ ექიმების
თანხმობას ელოდნენ. ბაჭია საწოლიდან
იჭვრიტებოდა და აყურადებდა მათ საუბარს.
ოთახს დეზინფექცია ჭირდებოდა. წიგნები და
სათამაშოები კი, რომლითაც ბიჭი თამაშობდა,
უნდა დაეწვათ.
,, როგორც იქნა!’’ ფიქრობდა კურდღელი. ,, ხვალ
ზღვის პირას წავალთ!’’ . ბიჭი მას ხშირად
ესაუბრებოდა, თუ როგორ წავიდოდა მასთან
ერთად. უნდოდა ენახა დიდი ტალღები, პაწაწინა
კიბორჩხალები და ქვიშის სასახლეები.
მოულოდნელად ძიძამ მას თვალი მოჰკრა.
,, ამ ძველ ბაჭიას რა ვუყოთ?’’ - იკითხა მან.
,, ეს ხომ ბაქტერიების ბუდეა!’’ - თქვა ექიმმა. ,,
დაუყოვნებლივ დაწვით და ახალი მოუყვანეთ!’’ -,,
ეს ძველი ბაჭია მისთვის საშიშია!’’
ასე და ამგვარად, პატარა კურდღელი,
წიგნებთან და სხვა სათამაშოებთან ერთად,
ჩასვეს ტომარაში და ეზოს ბოლოში, საქათმის
უკან დატოვეს. კარგი ადგილი იყო კოცონის
დასანთებად, მაგრამ მებაღე ჯერ არ ეცალა,
ბოსტანში კარტოფილების ამოთხრით და
მუხუდოს მორწყვით დაკავებულიყო, თუმცა მან
პირობა დადო, რომ მომდევნო დილით
შეძლებდა საქმის მოგვარებას.
იმ ღამით ბიჭს სხვა ოთახში ეძინა, ახალ
ბაჭიასთან ერთად. დიდებული სათამაშო იყო.
თეთრი და ფუმფულა, ნამდვილი შუშის
თვალებით. თუმცა ბიჭი აღტაცებული იყო
ხვალინდელი დღის მოლოდინით და ზღვის
პირას წასვლაზე ფიქრით გართულს, დიდად არ
გაუმახვილებია ყურადღება ახალ სათამაშოზე.
მანამ სანამ ბიჭს სიზმრებში გართულს ეძინა,
ხავერდის ბაჭია ძველ ნივთებს შორის იწვა
საქათმეში, მოწყენილი და მარტოსული.
ტომარას, რომელშიც ბაჭია ჩაესვათ, თავი
მოკრული არ ჰქონდა, ამიტომ ოდნავ
მოტრიალებით მას შეეძლო გარეთ გამოეხედა.
ოდნავ კანკალებდა, რადგან ნაჩვევი იყო
ლოგინში ძილს, თანაც ამ დროისთვის, მისი ბეწვი
ძალიან დაძენძილიყო, ძაფები გარეთ
გამოჩროდა ხანგრძლივი ჩახუტებებისგან,
ამიტომ ვერაფერი იცავდა მას გარე
სამყაროსგან. უცქერდა კენკრის სქელ
ტოტებს,რომელიც სიმაღლეში გაზრდილიყო ,
როგორც ტროპიკულ ქვეყნებში. მის ჩრდილში
ხშირად თამაშობდა ბიჭთან ერთად, გარდასულ
დღეებში.
იხსენებდა მზიან, ნათელ ხანას და ერთმანეთზე
უკეთესი ეჩვენებოდა ყოველი დღე. ბაჭია სევდამ
მოიცვა. ფერიის ქოხები და ყვავილებით
მორთული სოროები, მშვიდი საღამოები, როცა
საათობით იწვა გვიმრის ტოტებზე და
ჭიანჭველები დაცოცავდნენ მის პაწაწინა
თათებში. ის მშვენიერი დღე, როცა პირველად
გაიგო, რომ ნამდვილი იყო. იხსენებდა ძველ
სათამაშო ცხენს, ასე ნამდვილსა და ბრძენს,
რომელიც მის მიმართ ყოველთვის კეთილი იყო.
გაიხსენა ყველაფერი, რასაც ცხენი უამბობდა და
უძირო სევდამ შეიპყრო : ღირდა კი ამდენ
ტკივილად და სილამაზის დაკარგვად, ის რაც
გადახდა? სიყვარული, რომელმაც იგი ნამდვილ
არსებად გარდაქმნა, სად გაქრა? რა აზრი
ჰქონდა ყველაფერს, თუ კი დასასრული ასეთი
იქნებოდა...და ცრემლი, ნამდვილი ცრემლი
ჩამოუგორდა მის ძველ, გადაქექილ ხავერდის
ცხვირზე , ხოლო შემდეგ მიწაზე დაეცა.
უცნაური რამ მოხდა - მიწიდან, სადაც ცრემლი
დაეცა, პატარა ყვავილი აღმოცენდა, ყველასგან
განსხვავებული, მისტიკური, არ ჰგავდა არცერთ
ყვავილს, რომელიც ბაღში იზრდება. აყვავებული
გული ოქროს თასს მიუგავდა, ხოლო ირგვლივ,
ზურმუხტისფერი, თხელი ფოთლები ესხა.
იმდენად მშვენიერი იყო, რომ ბაჭიას ტირილი
სულ გადაავიწყდა, იჯდა და უცქერდა.
მოულოდნელად ყვავილი გაიხსნა და ფერია
გამოვიდა მისი გულიდან.
ის იყო ყველაზე საყვარელი ფერია ამ ქვეყნად,
კაბაზე მარგალიტის მძივებით. ყელსა და თმას
ყვავილები უმშვენებდა. თავად სახეც კი ყვავილს
მიუგავდა. ფერია კურდღელს მიუახლოვდა,
მკლავებში მოიქცია და პაწაწინა, ხავერდის
ცხვირზე აკოცა, რომელიც ცრემლისგან სულ
დანამვოდა.
,, საყვარელო ბაჭიავ’’ - თქვა მან - ,, არ იცი ვინ
ვარ? ‘’
ბაჭიამ დაბნეულმა ახედა, იხსენებდა , თითქოს
მისი სახე სადღაც ენახა მანამდე, მაგრამ სად,
ვერ მოეგონებინა.
,, მე სათამაშოების ფერია ვარ’’ - უთხრა მან - ,, მე
ვზრუნავ ყველა ნივთზე, რომლებიც ბავშვებს
უყვარდათ. როცა ისინი ძველდებიან და
გამოუსადეგარი ხდებიან, ან რაღაც მიზეზის გამო
ბავშვებს აღარ სჭირდებათ, მოვდივარ და
მიმყავს, რათა ნამდვილ არსებებად გადავაქციო.
,, ნუ თუ არ ვიყავი ნამდვილი? ‘’ - იკითხა
კურდღელმა.
,, ნამდვილი იყავი მხოლოდ ბიჭისთვის.’’ - თქვა
ფერიამ - ,,რადგან მას უყვარდი. ახლა კი
ყველასთვის ნამდვილი გახდები!’’
ფერიამ ბაჭია მაგრად დაიჭირა მკლავებით და
ტყეში გაფრინდა მასთან ერთად.
ნათელი ღამე იყო. მთვარე თეთრად ანათებდა
ცის თაღზე. ტყე მშვენიერი და მისტიკური
მოჩანდა. მთვარის შუქზე გვიმრის თხელი ტოტები
ყინულის ნატეხებივით, ვერცხლისფრად
ბრწყინავდა. ხეები ღია გალავანს წააგავდა, მათ
შორის ტყის კურდღლები თავიანთ ჩრდილებს
ეცეკვებოდნენ, ხავერდივით აბიბინებულ
მინდორზე. უცებ ფერია დაინახეს და ცეკვა
შეწყვიტეს, წრე შეკრეს და ყველანი მას
მიაცქერდნენ.
,, ახალი მეგობარი მოგიყვანეთ!’’ თქვა ფერიამ ,,
მასზე უნდა იზრუნოთ და ასწავლოთ ყველაფერი,
რაც დასჭირდება, რადგან სამუდამოდ თქვენთან
ერთად იცხოვრებს.’’
ფერიამ ისევ აკოცა ბაჭიას და ძირს, ბალახებში
დასვა.
,, გაიქეცი, ითამაშე პატარავ!’’ - უთხრა ფერიამ.
მაგრამ კურდღელი ადგილიდან არ იძროდა.
ჩუმად იჯდა ბალახებში. როცა დაინახა როგორ
ცეკვავდნენ სხვა ბაჭიები, მოაგონდა რომ უკანა
თათები არ ჰქონდა, არ უნდოდა სხვებსაც
შეეტყოთ, როგორ იყო შეკერილი. არ იცოდა ,
რომ მას შემდეგ რაც ფერიამ აკოცა, სრულიად
შეცვლილიყო.
კიდევ დიდხანს იჯდებოდა ისე გაშეშებული,
მორცხვად, უცებ რაღაცას რომ არ
მოეღიტინებიდა ცხვირზე და სანამ გაფიქრებას
მოასწრებდა, თუ რა იყო ეს , ინსტიქტურად უკანა
ფეხის თითი ასწია, რომ ცხვირი მოექავებინა.
ბაჭიამ თავისდა გასაკვირად აღმოაჩინა, რომ
უკანა თათები ჰქონდა. გახუნებული ხავერდის
ნაცვლად ნამდვილი, ყავისფერი ბეწვი
ამოსვლოდა. ყურები ხმაურზე თავისით
იგრიხებოდა, ხოლო ულვაშები ისე
დაგრძელებოდა, რომ ბალახებს ეხებოდა.
აღტაცებულმა კურდღელმა სხარტად ისკუპა
ბალახები და სიხარულისგან ცეკვა- თამაშს
მოჰყვა. მინდორში დაცანცარებდა და
სიხარულისგან წრეზე ბრუნავდა, ისე როგორც
დანარჩენი ბაჭიები.
ბოლოს და ბოლოს ის ნამდვილი იყო, თავის
სახლში, სხვა ბაჭიებთან ერთად იცხოვრებდა
სამუდამოდ.
გავიდა შემოდგომა და ზამთარი. დათბა და
დღეები გაიზარდა. სწორედ მაშინ ბიჭი
სათამაშოდ გამოვიდა სახლის უკან, ტყეში. უცებ
გვიმრის ტოტებიდან ორმა ბაჭიამ ისკუპა, ისინი
ჩუმად აპარებდნენ თვალს ბიჭისკენ. ერთი
მთლიანად ყავისფერი იყო, ხოლო მეორეს,
ბეწვის ქვეშ უცნაური ფერი დაჰკრავდა, თითქოს
ოდესღაც წერტილოვანი ლაქები ჰქონდაო და
მის ციცქნა ცხვრისა და შავ, მრგვალ თვალებში,
იყო რაღაც ნაცნობი და ახლობელი რამაც ბიჭს
აფიქრებინა :
,, რატომ ჰგავს ჩემ ძველ ბაჭიას, რომელიც
ავადმყოფობის დროს დავკარგე!’’
მაგრამ იგი ვერასდროს გაიგებდა, რომ
მართლაც ძველი ბაჭია იყო, მოსული მის
მოსანახულებლად, ბავშვის, რომელმაც ის
ნამდვილ კურდღელად გადააქცია.

You might also like