You are on page 1of 9

ბრძნული საუბარი რომ წმინდა ვერცხლია და დუმილი ოქრო, ეს ჯერ კიდევ სოლომონმა

ბრძანა, მაგრამ ახლა ჩემი არასრულფასოვნება არ მაძლევს დუმილის საშუალებას, უკეთესია,


ღირსეულად გადმოვცე ცხოვრება ღმერთშემოსილი ადამიანების - მამა გრიგოლისა და მისი
მოწაფეების - ღვთის მადლითა და შეწევნით.
შეძლებისამებრ ვაუწყო მსმენელს სარწმუნოდ მონათხრობი გრიგოლის მოწაფეთაგან და
მოწაფეთა მოწაფეთაგან.
ნეტართა შორის გამობრწყინდა მადლით სავსე, სიბრძნით სრულქმნილი, დიდი მღვდელი და
საქმის კარგად განმგებელი, მოღვაწე და დაუსახლებელ ადგილებში მონასტრების
აღმშენებელი.
ზეცისა კაცი და ქვეყანისა ანგელოზი - სანატრელი გრიგოლი, სულიერი მამა და წინამძღვარი
და აღმშენებელი ხანძთისა და შატბერდისა - ამ ორი დიდებული მონასტრის, რომლებიც
სამაგალითოდ ექცათ მეუდაბნოე მამებს ახალ ტაძართა შენებაში.
ეს იყო (გრიგოლი) წარჩინებული და მართლმადიდებელი მშობლების შვილი, აღიზარდა
ნერსე ერისთავის სასახლეში ღვთისმოსავი დედოფლის, ნერსეს ცოლის მიერ, რომელსაც
ეშვილა იგი, რადგან გრიგოლი მისი ძმისწული იყო.
გრიგოლს განსაკუთრებული ათვისების უნარი ჰქონდა, რადგან სწრაფად დაისწავლა
დავითნი და ღვთისმსახურების დროს წარმოსათქმელი წმინდა წერილის ახსნა-განმარტება.
ისწავლა ყველაფერი, რაც ქართულ ენაზე იყო და მრავალ ენაზე ისწავლა წერა-კითხვა და
საღმრთო წიგნებიც ზეპირად დაისწავლა (ბიბლია დაიზეპირა).
აგრეთვე ფილოსოფოსთა ნააზრევსაც გაეცნო, რასაც კეთილს მიაკვლევდა ფილოსოფოსთა
სწავლებაში, შეითვისებდა, ხოლო ცუდს მოიშორებდა. არაქრისტიანულ სიბრძნეს
დასცინოდა.
მისის სრულყოფილების ამბავი მალე ქვეყანას მოედო,
მადლიანი საუბარი იცოდა. ლაპარაკობდა ბრძნულად და მოზომილად. ზრდასთან ერთად,
სათნოებაც ემატებოდა, რადგან არ იყო ქედმაღალი, როგორც ეს ჭაბუკებს სჩვევიათ ხოლმე.
არ იყო ნუგბარი საჭმელების მოყვარე და მხოლოდ ღარიბულ საჭმელს იღებდა სხეულის
მოსაძლიერებლად ნეტარი გრიგოლი - თავმდაბალი და სულიერ საზრდოს მონატრებული,
მშვიდი და გულმოწყალე.
გრიგოლი ფიზიკურად იყო წარმოსადეგი, გამხდარი, ტანსრული, სრულიად კეთილი,
ჯანმრთელი და უმანკო.

მაშინ მთავრებმა, მისმა აღმზრდელებმა, მშობლებმა და ხალხმა გრიგოლის მღვდლად


კურთხევა მოინდომეს და უთხრეს:
- შვილო, ყოველმხრივ კარგო და ქრისტეს ერთგულო მონავ, აჰა მოვიდა დრო დავით
წინასწარმეტყველის ნათქვამის აღსრულებისა, რომელიც ამბობს:
“ვინ ავა უფლის მთაზე, ანდა ვინ დადგება მის წმინდა ადგილას? განა ხელით და გულით
წმინდა არა?” და ახლა შენ გიპოვა ქრისტემ, უცოდველი და უმწიკვლო, რადგან შენ უნდა
ახვიდე უფლის მთაზე და დადგე ამ წმინდა ადგილას უსისხლო მსხვერპლის შესაწირად შენი
ღირსებისა და ჩვენი სულისა და ხორცის მანუგეშებლად.
მართალია, გრიგოლს მღვდლობისკენ გული მიუწევდა, მაგრამ მაინც შეაშინა მათმა საუბარმა,
შეძრწუნდა თავისი ასაკის გამო (რადგან ამ საქმისთვის მეტად ახალგაზრდად მიიჩნევდა
თავს) და უთხრა მათ:
- ჩემთვის დიდი პატივია, მაგრამ სასჯელის მეშინია.
მაშინ უპასუხეს ბრძენმა მთავრებმა:
- ქრისტემ სიბრძნით დაგაჯილდოვა და ნუღა გასწევ წინააღმდეგობას, არამედ ქრისტეს
სიტყვას დაემორჩილე და ემსახურე მას შენი მღვდლობით.
ხოლო ნეტარი გრიგოლი დაემორჩილა მათ და ღვთის ნებით მღვდლად ეკურთხა.
მაშინ მთავრებმა მისი ეპისკოპოსობაც განიზრახეს.
ნეტარმა გრიგოლმა ეს ხორციელ პატივად მიიჩნია, შეწუხდა და თავისი კუთხიდან ფარულად
წასვლა გადაწყვიტა ღვთის შთაგონებით, რომელიც მას მამამთავარ აბრაამის მსგავსად წინ
მიუძღოდა.
როგორც აბრაამი განაშორა ღმერთმა თავის ურწმუნო ქვეყანას, ისე გრიგოლი გამოიყვანა
მორწმუნე და ღვთისმოსავი ქვეყნიდან იმ მიზნით, რომ უსახურ უდაბნოში გამობრწყინდეს
დაუშრეტელი სანთელი, რომელიც მაღალ და ბრწყინვალე სასანთლეზე კაშკაშებს,
მარადიული ზეთით, რათა საყვირის ხმაზე გაუძღვეს სულიერი სრულყოფის მაძიებელ
თანამოღვაწეებს.
(ბიბლიაში ანგელოზები ადამიანებს ხშირად საყვირით ამცნობენ ღვთის ნებას. იგულისხმება
განკითხვის დღეს მაუწყებელი საყვირი).
ქრისტეს მადლის შეწევნით ნახა მოკეთეები: საბა, თავისი დეიდაშვილი, იშხნის მონასტრის
მეორედ მაშენებელი და მისი ეპისკოპოსი;
თეოდეორე, ნეძვის მონასტრის აღმშენებელი და მისი წინამძღვარი და ქრისტეფორე,
კვირიკეთის მაშენებელი და წინამძღვარი.
ეს ოთხი შეაკავშირა სარწმუნოებამ და საღმრთო სიყვარულმა ერთი მიზნით გააერთიანა,
როგორც ოთხ სხეულში დამკვიდრებული ერთი სული.
მაშინ სიხარულით დაადგნენ გზას, რომელსაც არ იცნობდნენ, მაგრამ უწყოდნენ, რომ უფალი
უძღოდა მათ.
პირველად ისინი ოპიზაში ჩავიდნენ. აქ ორი წელი მკაცრი სამონაზვნო კანონით
ცხოვრობდნენ მამა გრიგოლი და მისი ძმები, როგორც წესად ჰქონდათ იმ დროს ბერებს.

ხოლო მამა გრიგოლს სურდა მარტო დაყუდება, რადგან გაგონილი ჰქონდა უდაბნოში მყოფი
განდეგილი მამებისა ანგელოზებრივი ცხოვრების შესახებ (იგულისხმება წმინდა ცხოვრება).
იმ დროს ხანძთაში ცხოვრობდა განდეგილი ბერი ჰუედიოსი, კაცი მართალი და წმინდა. ამ
ნეტარმა ჩვენება იხილა და ხმა ჩაესმა, რომ ამ ადგილებში აშენდება ეკლესია ღვთის კაცის,
გრიგოლ მღვდლის მიერ.
ასევე ჩვენებით აუწყა ღმერთმა სანატრელ მამა გრიგოლს იმ ბერის (იგულისხმება ჰუედიოსი)
სათნოება და ამ ადგილის მიცემა მისთვის.
სულიწმიდის წინამძღვრობით მოვიდა ხანძთას, წმინდა ბერთან ღვთის სასურველი ჩვენი
მამა გრიგოლი. და როდესაც ერთმანეთი ნახეს, ორივემ ძლიერ გაიხარა. მაშინ ნეტარმა ბერმა
(ჰუედიოსმა) თქვა:
“წმიდაო ღმრთისაო, ასაკით უმცროსი ხარ, მაგრამ საქმით ჩემზე უფროსი. შენ უნდა იყო
მწყემსი კეთილი ქრისტიანთა სამწყსოსი და თავად ღვთისგან ხარ წინამძღვრად ცხებული,
რომელის წინაშეც უძლურია ეშმაკის ხრიკები, როგორც ობობის ქსელი ქარში.
განთიადისას დაათვარიელებინა (ხუედიოსმა გრიგოლს) ხანძთის შემოგარენი.
გრიგოლს ძალიან მოეწონა ხანძთის სანახები.
როდესაც ოპიზაში დაბრუნდა, ახარა თავის სულიერ ძმებს წმინდა ბერის ნახვის ამბავი.
მივიდნენ ბერები ხანძთას და მოიკითხეს ის წმინდა ბერი, როგორც ზეცის ანგელოზი .
მაშინ თქვა ბერმა: აღთქმა მიმიცია უფლისთვის, რომ სიკვდილამდე მარტო ვიქნები
(იგულისხმება განდეგილობა), ხოლო სულით კვლავ თქვენთან ვარ და ახლა კი დანაპირების
შესრულება მმართებს.
ნეტარო კაცთა შორის (მიმართავს გრიგოლს), აქვე, მახლობლად მცირე გამოქვაბულია,
წამიყვანეთ იქ შენ და შენმა სულიერმა ძმებმა, რადგან დარჩენილი დღეები იქ დავასრულო.
იმის პირობა მომეცით, რომ ჩემს სიკვდილამდე არ მომრავლდებით ამ ადგილას.
გრიგოლმა და მისმა საძმომ ვერ შეჰბედეს შედავება, არამედ მიიყვანეს ბერი გამოქვაბულში
და ილოცეს.
გადაკოცნეს ერთმანეთი დაემშვიდობნენ წმინდანს (ჰუედიოსს) წმინდანნი (ბერები) და
ჩამოვიდნენ ღვთის მიერ მონასტრისთვის გამოჩენილ ადგილას.
ერთად ჯვარი გადასწერეს ამ ადგილს და სენაკების ასაშენებლად მიწის დავაკება დაიწყეს,
რადაგან კლარჯეთის ყველა კლდეზე უფრო უმტკიცესია ხანძთის კლდე.
დიდი შრომით დაავაკეს ეს ადგილი, რადგან არ ჰქონდათ ცული და წერაქვი, არც სხვა მსგავსი
იარაღი. ოპიზელმა მამებმა მისცეს მათ ყველაფერი, რაც ხელთ ჰქონდათ, დაეხმარნენ ყველა
საჭირო ნივთითა და საკვებით, რადგან მაშინ იმ მიდამოებში ოპიზის გარდა სხვა მონასტერი
არ იყო.
მათ სიახლოვეს არ იყვნენ არც ერისკაცნი, იმ მხარის ახლად გასაშენებლად, რადგან
კლარჯეთსა და ტაოში, შავშეთსა და მთელს შემოგარენში ცოტანი სახლობდნენ ტყეებში
ალაგ-ალაგ.
ნეტარმა მამამ, გრიგოლმა პირველად ააშენა ხის ეკლესია, შემდეგ თავისი სამყოფელი და
თითო მცირე სენაკი ძმათათვის და ერთი დიდი სენაკი საკუჭნაოდ.
ყოველდღიურად იზრდებოდა ძმობა, რადგან ემატებოდა უფალს მეთერთმეტე ჟამის
მუშაკები, რომლებიც უთანასწორდებოდნენ ადრინდელ წმინდანებს (“განთიადის მუშაკებს”)
და ხდებოდნენ წმინდა მოწამეთა ღვაწლის მოზიარენი.
ისინი განმტკიცდებოდნენ ბერული ღვაწლით წმინდა მოწამეთა მსგავსად და მათზე
მეტადაც.
მარტვილნი ერთხელ ეწამნენ ქრისტესთვის, ესენი კი განუწყვეტლივ ეწამებოდნენ
ქრისტესთვის. დავით წინასწარმეტყველი ამბობს: “შენთვის მოვწყდებით ყოველდღე”, ხოლო
პავლე მოციქული ამბობს: ”ყოველდღე ქრისტესთვის მოვკვდები”.
იმ დროისთვის ბერი ჰუედიოსი მეტად მოხუცდა და სიკვდილის პირას იყო. გარდაიცვალა
იგი და იქაურობა ნელსურნელებითა და ანგელოზთა გალობით აივსო, რომლებმაც
სიხარულით წაიყვანეს ბერი ჰუედიოსი ქრისტეს წინაშე.
მაშინ უფლის ნებით ქრისტეს მსახურ ძმათა რიცხვი მატულობდა.
გრიგოლი ზარმაცს ძმობაში არ იღებდა, არამედ ჯერ გამოსცდიდა ყოველგვარ სასიკეთო
საქმეში და თუ ნახავდა, რომ ძმობაში მოსული ადამიანი წმინდა, მართალი, თავმდაბალი,
ყოველგვარი კეთილი საქმისთვის მოწადინებული იყო, სიხარულით მიიღებდა.
ამიტომაც მისი ყველა მოწაფე მეტად კეთილშობილი იყო და ითვისებდნენ მის (გრიგოლის)
სათნოებას.
ისინი ისე ემსგავსებოდნენ თავიანთ მოძღვარს, როგორც მათი მოძღვარი ემსგავსებოდა
ქრისტეს, რომელიც ამბობს: “მოწაფისთვის საკმარისია, მოძღვრის მსგავსი თუ იქნება”.
ასე სათნოებით ცხოვრობდნენ ისინი, ხოლო მატერიალურად მეტად უჭირდათ.
იმ დროს აშოტ კურაპალატის კარზე ერთი წარჩინებული კაცი იყო. მას სახელად გაბრიელ
დაფანჩული ერქვა. ეს აზნაური ყოველმხრივ სრულყოფილი ადამიანი იყო - მდიდარი,
ბრძენი, ტანადი, ყველა საქმეში წარმატებული, მას რწმენის ერთგულებას უქებდნენ.
მას ეკუთვნოდა რამდენიმე სოფელი ნეტარი გრიგოლის სავანის მახლობლად. როდესაც
გრიგოლმა თავისი მოწაფეების მატერიალური სიდუხჭირე იხილა, ღვთის ნებით მივიდა
გაბრიელ დაფანჩულის სახლში.
როდესაც გაბრიელმა გრიგოლის მოსვლა შეიტყო, წინ მიეგება მას და თაყვანი სცა. წმინდანმა
ჯვარი გადასახა ყოველივეს და დაჯდა. მაშინ გაბრიელმა უთხრა წმინდა გრიგოლს:
- ღირსო მამაო, ჩვენთან ამქვეყნიური სიმდიდრეა, თქვენთან კი სულიერი სიმდიდრე. ეს
ორივე შევუზავოთ ერთმანეთს. თქვენ ამ ცხოვრებაში და სიკვდილის შემდეგაც მონაწილე
გაგვხადეთ თქვენი წმინდა ლოცვებისა და ჩვენი ძვლები თქვენს წმინდა ძვლებთან
დასვენების ღირსი გახადეთ.
მამაკაცთა სამარხად ხანძთა დამიწესებია, ქალების სამარხი იყოს, ახლა რომ შენდება ის
მონასტერი.
ხოლო ნეტარმა გრიგოლმა გულმოდგინედ მოიძია და მონახა ადგილი გუნათლეს
მახლობლად, ჯვარი გადასახა იქაურობას და ააშენა დედათა მონასტერი, რომელსაც ახლა
გუნათლის ვანი ჰქვია.
ხოლო გაბრიელ დიდებულმა დიდი ძღვენით გამოუშვა მამა გრიგოლი და მისცა კალატოზები
(მშენებლები) და ყოველგვარი საშენი მასალა ქვითკირის ეკლესიის ასაშენებლად. ასე
დაბრუნდა გრიგოლი თავის სავანეში და გაიხარეს მისმა მოსწავლეებმა, ღმერთს მადლობა
შესწირეს და ლოცავდნენ ბერებს.
ხოლო გრიგოლმა ეკლესიის ადგილი დაავაკა და სანამ ეკლესიის შენებას დაიწყებდა ეს
ლოცვა თვალცრემლიანმა წარმოსთქვა:
- შენ უფალო, ამიერიდან აკურთხე ეს ადგილი, შენი წმინდა ეკლესიის სამკვიდრებელი, რათა
მე, შენი გლახაკი, ღირსი გავხდე ამ ეკლესიის ბოლომდე აშენებისა დიდი მოწამის, ჯვრის
მოიმედე, საამაყო, მამაცი, შენს წმინდა მარტვილთა და მოწამეთა შორის გამორჩეულად
სახელგანთქმული წმინდა გიორგის სახელზე, რომლის სხეულიც მახვილით იჭრებოდა,
მაგრამ რწმენა ვერ შეურყიეს.
გრიგოლმა ჯვარი გადასწერა წმინდა ეკლესიის ადგილს და დაიწყეს მშენებლობა. წმინდა
გიორგის შემწეობით, ნეტარი მამაის გრიგოლის ლოცვა-კურთხევითა, გაბრიელ
დიდებულისა და ყველა მართლმორწმუნე ქრისტიანის მატერიალური დახმარებით
წარმატებით დასრულდა ეკლესიის მშენებლობა.
მას შემდეგ უდაბნოში წმინდა მამებმა მონასტრების შენება იწყეს და ასე გამრავლდა წმინდა
სამების მსახურნი და მარადის მადიდებელნი.

ხოლო სნატრელი და სასწაულმოქმედი დედა ფებრონია სამცხიდან ჩამოვიდა და მერეს


მონასტერში დამკვიდრდა. და უსაზღვრო იყო მისი სათნოებით ცხოვრება და სულიერებაზე
ზრუნვა. თანამოაზრეები და მეგობრები იყვნენ ეს ნეტარი ადამიანები: დედა ფებრონი და მამა
გრიგოლი.
ამის შემდეგ ღვთისმსახურ მეფეს აშოტ კურაპალატს აუწყა გაბრიელ ერისმთავარმა
სანატრელი მამა გრიგოლის მოღვაწეობის შესახებ და მოუთხრო გრიგოლის მიერ ეკლესის-
მონასტრების მსენებლობის შესახებ. შეატყობინა მისი მშობლების დიდგვაროვნება,
მოწაფეებისგან რომ ჰქონდა გაგებული.
როდესაც ყოველივე შეიტყო კეთილმორწმუნე აშოტ კურაპალატმა, მაშინვე დაწერა წერილი
საკუთარი ხელით და ერთი ღირსეული კარისკაცი და ერთ-ერთი გაბრიელ დაფანჩულის
მსახურთაგანი გააგზავნა მამა გრიგოლთან.
როდესაც გრიგოლმა კურაპალატის მიპატიჟების წერილი წაიკითხა, პატივისცემით
მოწერილი, და ამ კაცებისგან შეიტყო ყოველივე, მაშინვე წავიდა ხელმწიფესთან და როდესაც
სასახლესთან მივიდა, მას შეეგებნენ კურაპალატის შვილები, ხოლო როცა მივიდა მათი
სასახლის კართან, თავად კურაპალატი წამოდგა და მიეგება მამა გრიგოლს. დიდი
სიმდაბლით მოიკითხეს ერთმანეთი და დასხდნენ, ხოლო კურაპალატმა თქვა:
- შენი პირით ღვთის კურთხევა იყოს ჩვენზე (იგულისხმება: დაგვლოცე ყველა).
და მან თქვა:
- დაგლოცოთ ყველა ქრისტემ და ყველა წმინდანმა, რადგანაც ნამდვილად სამართლიანია ეს
ნათქვამი: “ვისაც მთავრობის პატივი აქვს მინიჭებული, ის ღვთის მსგავსია..” რადგან თქვენ,
ხელმწიფეეებს ღმერთმა მოგანიჭათ უფლებამოსილება ქვეყნის მართვისა. ვგრძნობთ ღვთის
კეთილმოსურნეობას ჩვენდამი შენი მეფობით. უფლის მიერ ცხებული დავით
წინასწარმეტყველის შვილად წოდებულო ხელმწიფეო , ქრისტე ღმეღთმა მოგანიჭოს
სათნოებანი თავისი, ამიტომაც მოგახსენებ: ‘ამ მხარეებში ხელმწიფება ნუ მოაკლდება შენს
შვილებს და მათ შთამომავლობას მარადჟამს, უკუნითი უკუნისამდე.
ხოლო ამის შემდეგ, მაცნემ (აშოტ კურაპალატის გაგზავნილმა) წარმოსთქვა ხანძთის
მიდამოების ქება:
- ეს უდაბნო მზიანია და აქ ყოველმხრივ ზომიერი ჰავაა. აქვეა წყალუხვი წყარო. ეს ადგილები
მშვენიერი, გრილი და საამოა, მეტად ტყიანი და საზრდო ყოველგვარი მოიპოვება, რაც კი
საერთოდ შეიძლება უდაბნოში იყოს. სახნავ-სათესი და სათიბი მიწები აქ სრულიად არ არის,
რადგან აქაურობა ოღროჩოღრო, მოუვლელია და ქვა-ღორღიანია.
ეს რომ გაიგო კურაპალატმა. ხანძთას შესწირა შატბერდის მიწები სახნავ-სათესად. მაშინ
კურაპალატის სამმა ძემ - ადარნესემ, ბაგრატმა და გუარამმა - თითოეულმა მათგანმა შესწირა
უხვად ყველაფერი, რაც მონასტერს სჭირდებოდა.
როგორც რაოდენობრივად იზრდებოდა, ისე სულიერად მდიდრდებოდა ძმობა. იმ დროს
მოვიდნენ მამა ეპიფანე და მღვდელი მატოი ქართლიდან და დიდი ზენონი სამცხიდან.
ზენონი წარჩინებული კაცის შვილი იყო და ღვთისმოსაობაში იყო აღზრდილი და სიწმინდით
ცხოვრობდა. რამეთუ ღვთისმოშიში იყო და მონაზვნობა უნდოდა. და როდესაც მშობლები
გარდაეცვალა, მათ მთელი ქონება დაუტოვეს ზენონსა და მის დას, რომელიც ზენონთან
ერთად ცხოვრობდა.
ზენონს სურდა მამისეული და დედისეული ქონება დისთვის დაეტოვებინა თავისი
სურვილით, თვითონ კი ბერად შემდგარიყო განმარტოებით. და ამას რომ აპირებდა
ყმაწვილი, მისი და ეშმაკის მოწადინებით შეაცდინა ერთმა უკეთურმა კაცმა და მთელი ღამით
წავიდნენ შავშეთში. ხოლო როდესაც ზენონმა ეს ამბავი შეიტყო, აისხა იარაღი, ცხენზე შეჯდა
და მარტო დაედევნა მათ. დიდხანს რომ იარა, გაიფიქრა:
- სახელოვანი ყმაწვილი ვარ და ვისაც მივდევ, არად ჩასაგდებია. რომც დავეწიო და მოვკლა,
საცდურია ჩემი სულისთვის, თუ უკან დავბრუნდი გაწბილებული, სირცხვილია. ახლა კი
დროა მონაზნობის აღთქმა აღვუსრულო უფალს.
და განმტკიცდა ნეტარი ზენონი, რადგან ქონების დატოვება სისხლის დათხევის მსგავსია
(მსხვერპლის გაღებაა ქრისტიანობისთვის).
გადაიწერა პირჯვარი და მერეში დედა ფებრონიასთან წავიდა, რადგან მისი ნათესავი იყო.
ღვთის ნებით, იქ იმყოფებოდა მამა გრიგოლი. დედა ფებრონიამ შეავედრა და ჩააბარა უმანკო
კრავი (ზენონი) მას, კეთილ მწყემსს (გრიგოლს), რომელმა წამოიყვანა ზენონი ხანძთაში.
კეთილი მწყემსის გრიგოლის მოსვლამდე ქრისტეს კრავნი (ბერები) გაბნეულები იყვნენ
მთელს უდაბნოში, ხოლო წმინდა გრიგოლის მოსვლის შემდეგ ცხვრები (ბერები)
განმტკიცდნენ და ღვთაებრივი წესრიგი დამყარდა.
ხოლო გრიგოლი გულში ამბობდა:
- მიღებულია, რომ ჩემს ეკლესიაში (მონასტერში) ბრძენთაგან განუკითხველი სამონასტრო
წესი დაწესდეს.
ამის გამო გადაწყვიტა ქრისტიანთა საგანძურის, მეორე იერუსალიმის ანუ
კონსტანტინოპოლის, მონახულება, აგრეთვე საბერძნეთის წმინდა ადგილების მოლოცვა.
იმ დროისთვის იერუსალიმში მიმავალი ერთი თავისი მეგობარი ნახა და მას სთხოვა
საბაწმინდის წესდების გადმოწერა და ჩამოტანა; ძმებს ზედამხედველი მიუჩინა,
გამოემშვიდობა მათ და აღუთქვა, რომ დაბრუნდებოდა.
გრიგოლმა თან წაიყვანა დეიდაშვილი საბა და ერთი სხვა მოწაფე და წავიდა საბერძნეთში.
იგი მივიდა კონსტანტინოპოლში, თაყვანი სცა ძელსა ცხოვრებისას (ქრისტეს ჯვარს),
წმინდანთა ნეშტს და სიხარულით მოილოცა წმინდა ადგილები. რადგან მრავალი ენა იცოდა,
ასე გაეცნო არაკანონიკურ წიგნებს.
სულიერი წყალობით გახარებული ბერები გამოემართნენ თავიანთ სავანეში.
როდესაც ტაოში მივიდნენ, შეიტყეს იქ მყოფ კაცთაგან აშოტ კურაპალატის მოკვლის ამბავი,
რომ მის ნაცვლად გამეფდნენ მისი შვილები.
მეტად დამწუხრდნენ ბერები ხელმწიფის სიკვდილის გამო. ხოლო ნეტარი გრიგოლი
მწუხარედ ამბობდა:
- ჰოი, მეფეო ჩემო, ძლიერო და დიდებულო, ეკლესიის სიმტკიცეო და ქრისტიანთა
დამცველო. საიდან მოგელოდე, აღმოსავლეთიდან თუ დასავლეთიდან, ჩრდილოეთიდან თუ
სამხრეთიდან? რადგან ყველაფრის მპყრობელი იყავ და ხელმწიფეებს იმორჩილებდი
ბრძოლით, საკვირველი და დიდებული ღვთისმსახური.
როდესაც იშხანს მიუახლოვდნენ ნეტარ გრიგოლს და წმინდა საბას ეუწყათ, რომ იშხანი
ადრინდელივით უნდა განახლდეს საბას მიერ.
მათ უფლისგან მისასვლელი გზა ემცხოთ, რადგან იმხანად ეს ადგილი ადამიანებისთვის
მიუვალი იყო.
შემდეგ სასულიერო პირნი ხანძთაში, საკუთარ მონასტერში დაბრუნდნენ. რამდენიმე დღეში
გრიგოლმა გაუშვა საბა და თან ორი მოწაფე გააყოლა.
ამ დროს იერუსალიმიდან დაბრუნდა კაცი და საბაწმინდის მონასტრის წესი მოართვა
გრიგოლს
ხოლო ნეტარმა გრიგოლმა დაწერა თავისი ეკლესიისა და მონასტრის წესი - ბრძნულად
შედგენილი და ცოდნით განსხივოსნებული და ყველა წმინდა ადგილიდან გამოკრებილი,
როგორც დაუშრეტელი სიკეთის საუნჯე.
როდესაც მივიდნენ იშხანში, მეტად გაუხარდათ ამ დიდებული ადგილი პოვნა, რადგან აქ
მრავლად იყო სულიერი და ხორციელი საზრდო. საბას მაშინვე უნდოდა დარჩენა, მაგრამ
ნეტარმა გრიგოლმა თქვა:
- ძმაო, ჯერ ჩვენი ძმები მოვინახულოთ, რომლებიც ხანძთაში არიან და ღვთის ნებითა და
მათი ლოცვით კვლავ მოხვალ ამ წმინდა ადგილას.
გზად მათ მოინახულეს კურაპალატის შვილები, მიუსამძიმრეს და ლოცვით ანუგეშეს.
გრიგოლის მოღვაწეობის დასაწყისში მკაცრი იყო კანონი მოწაფეებისთვის, რადგან მათ
სენაკებში იყო პატარა საწოლები და უბრალო ქვეშაგები, თითო ჭურჭელი წყლისთვის, ხოლო
სხვა საზრდო არა ჰქონდათ - არც საჭმელი და არც სასმელი. არამედ ერთად ტრაპეზობდნენ
(სადილობდნენ), ასე ცხოვრობდნენ.
მრავალი მათგანი ღვინოს საერთოდ არ სვამდა, ხოლო ვინც სვამდა მხოლოდ ცოტას
იგემებდა.
ბერების სენაკებს საკვამური არ ჰქონდა, რადგან იქ ცეცხლი არასოდეს ინთებოდა და არც
ღამით ინთებოდა სანთელი, არამედ ღამით იყო გალობა და დღისით - წიგნის კითხვა და
მუდმივი ლოცვა.
ხოლო გრიგოლის პირველ მოწაფეებს თეოდორესა და ქრისტეფორეს გულში ჰქონდათ
საღვთო ბაძვის წადილი მონასტრის აშენებისა...
მათ არ გაუმხილეს მამა გრიგოლს თავიანთი განზრახვა და ფარულად წავიდნენ აფხაზეთში
და თან რამდენიმე ბერი წაიყვანეს.
როდესაც სამცხეს მივიდნენ, ღვთის ბრძანებით დაიმოწაფეს დიდი აზნაურის, მირიანის ძე,
სახელად არსენი.
ეს ყმაწვილი ასაკით პატარა იყო, დაახლოებით ექვსი წლისა და მამის სახლში იზრდებოდა.
მირიანის სურვილით ბერებმა ყმაწვილს მოწესეს (ბერის) სამოსი ჩააცვეს, თვითონ კი
აფხაზეთში წავიდნენ.
აფხაზეთის მეფემ დიდი პატივით მიიღო ბერები და შესაფერი ადგილიც მიუჩინა მათ.
როდესაც გაიგო ნეტარმა გრიგოლმა თეოდორესა და ქრისტეფორეს წასვლის ამბავი, მეტად
შეწუხდა და თან წაიყვანა ოთხი ძმა და წავიდა რჩეული კრავების (იგულისხმება ბერები)
საძიებლად.
როცა მწყემსმა კეთილმა (გრიგოლმა) ქართლის სანახებს მიაღწია, ძმების ძიებაში, ღვთის
ნებით, იპოვა ყმაწვილი ეფრემი, ღვთის ღირსი, დაიმოწაფა და ასე უბრძანა:
- აფხაზეთიდან რომ დავბრუნდები, ხანძთაში წაგიყვან.
თვითონ კი აფხაზეთში წავიდა და როდესაც ხელმწიფის წინაშე წარდგა, მეფე წამოდგა,
შეეგება და სიმდაბლით მოიკითხა. ხოლო წმინდანი დიდხანს ლოცავდა მას და აკურთხებდა.
ნეტარმა გრიგოლმა თქვა:
- მეფევ, ღვთისმსახურო და დიდებულო, შენთან მოსულან ჩემი ძმები, წმინდა მამები, და
სწორედ ამის გამო მოვედი აქ. ბრძანოს შენმა ხელმწიფებამ და მოვიდნენ ისინი ჩვენთან.
ხოლო მეფეს გაუჭირდა მათი გამოჩენა და თქვა:
- არ მოსულან აქ ასეთი ბერები, რომელთაც ბრძანებს შენი სიწმინდე.
მაშინ ნეტარი გრიგოლი მეფის ნათქვამის გამო განრისხდა და თქვა:
- მეფეო, მომეცი ჩემი ძმები, რომლებიც შენთან არიან.
და რადგან მეფეს სიტყვის თქმა აღარ შეეძლო წმინდანის მიერ სამართლიანი მხილების გამო,
ბრძანა ბერების მოყვანა.
და როდესაც ბერებმა იხილეს მამა გრიგოლი, აცრემლებულები დაემხნენ მის ფეხებთან..
ხოლო წმინდანმა წამოაყენე ისინი და სიყვარულით ჩაიხუტა და უფალს ჰმადლობდა მათი
პოვნისთვის.
მეფემ უთხრა ნეტარ გრიგოლს:
- წმიდაო მამაო, აჰა აღსრულდა ნება შენი, ახლა უფალმა შეასრულოს ჩემი სურვილიც, რადგან
მწადია მონასტრის აშენება, ბრძანე და დავათვალიეროთ აფხაზეთის მიდამოები და სადაც
შენი სიწმინდე ინებებს, მონასტერიც იმ ადგილას ავაშენოთ.
მოიარეს სამონასტროდ საგულვებელი მიწები და არ მოეწონა გრიგოლს ეს ადგილები. ძალიან
შეწუხდა მეფე ამის გამო.
მაშინ მამა გრიგოლმა მეფის დაბეჯითებული თხოვნით ააშენა მონასტერი და უწოდა უბეი
(უბისი) და მონასტერს მამასახლისად დაუდგინა იერუსალიმიდან ჩამოსული ილარიონი,
სათნო მოხუცებული, რადგან ის ხანძთაში წაჰყოლოდა თეოდორესა და ქრისტეფორეს. მას
თან ჰქონდა წმინდა წიგნები და მამა გრიგოლმაც თავისი წიგნები დაუტოვა მონასტერს.
გაიხარა ხელმწიფემ და უხვად გაიღო მონასტრის ასაშენებლად შეწირულობა.
ხოლო მათი წამოსვლის დროს მეფე დემეტრემ გამოჰკითხა მამა გრიგოლს, როგორი იყო
კლარჯეთის უდაბნო. მამა გრიგოლმა უთხრა მას:
- ღმრთოსმსახურო მეფეო, ბევრიც რომ ვილაპარაკო, ჩემი გონება ვერ შეძლებს კლარჯეთის
უდაბნოს ყველა სიკეთის აღწერას, რადგან აქა სამონაზვნო ცხოვრება აღორძინებულია და
უფრო აყვავდება და გაძლიერდება მომავალში.
მრავალიდან მხოლოდ მცირედს ვიტყვი: ბუნებით ერთგვარია ეს უდაბნო, მზიანიც არის და
ჰაერიანიც, არც დიდი სიცხე იცის და არც მეტისმეტი სიცივე შეაწუხებს იქ მყოფთ. არ
გადასცდება ზღვარს (ზომიერია), მშრალია, ცხელი ქარებისგან დაცული, უმტვერო, მზიანი.
კარგი წყალი და ხე-ტყე რამდენიც უნდათ, ბერებს უკლებლად აქვთ. ქვიშნარში ურიცხვი
ჭალაა და უამრავი საამო წყალი. სიხარული და შვება ღვთისაგან აქვს მიმადლებული ამ
ადგილებს და სრულიად მიუვალია საერო პირებისთვის.
ერთი მხრივ მთა აკრავს, ხოლო მეორე მხარეს მტკიცე ზღუდესავით ერტყმის შავშეთის დიდ
წყალთა (მდინარეთა) ერთად შერთული ნაკადი. მონასტრის მიდამოებში არ არის სათიბი
მიწები, არც სახნავ-სათესი, არამედ საზრდოს ვირს აჰკიდებენ და დიდი გაჭირვებით
ეზიდებიან. პატარა ვენახი წვალებით ჩაუყრიათ, აგრეთვე - ბაღები. აქ მყოფთ არ ეშინიათ,
რომ ურჯულოები და ურწმუნოები რწმენას შეურყევენ. და ასე, სრულიად მშვიდად არიან და
ქრისტეს ადიდებენ.
ღვთის განგებას ეს წესი აქვს, რომ წმინდა მონასტრები უდაბნოში უნდა ააშენოს უპოვართა
(იგულისხმება გლახაკი და მორწმუნე ბერები) ხელით, რომლებიც გათავისუფლდნენ
წუთისოფლის ცდუნებებისაგან.
ღმერთმა მორწმუნე მეფეებს მისცა უფლება საეპისკოპოსო ტაძრების აშენებისა და ისინი
ქალაქების, სოფლებისა და მთელი ხალხის განმგებლად დაადგინა, რათა სამართლიანად
განსჯიდნენ მათ ბრწყინვალე სამოსელით შემკობილნი (ბერ-მონაზვნები), რათა არ მიეჯაჭვოს
მათი გონება თვალით ხილულ საგნებს, არამედ მარადიული სიკეთე შეიცნონ.
ხოლო სანდო და მართალი ბერები ამქვეყნად არავის ემორჩილებიან, რადგან თავისი ნებით
გაერიდნენ ამქვეყნიურ განცხრომას და ირჩიეს ღვთისათვის წუხილი გოდების ადგილას
(ბერები ღმერთთან დაახლოებისთვის მწუხარებას ეძლევიან, რაზეც მიანიშნებს მათი შავი
სამოსი).
დაემშვიდობნენ ბერები ხელმწიფეს და წამოვიდნენ აფხაზეთიდან და ერთად მოვიდნენ
ხანძთას.
იმ პერიოდში ბაგრატ კურაპალატმა ღვთის ნებით, ძმების დასტურითა და ბერძენთა
ხელმწიფის ბრძანებით მიიღო კურაპალატობა, თავისი მამის, აშოტ კურაპალატის,
სანაცვლოდ, რადგან ხელმწიფის უფლებამოსილება მიენიჭა ზეციდან (ღვთის მიერ).
ხოლო ნეტარი მამა გრიგოლი წარსდგა დიდებული ბაგრატ კურაპალატის წინაშე და,
წესისამებრ, კურაპალატობის მიღება მიულოცა.
ხოლო წოდების მიღებისთვის აღვლენილი ხოტბა დიდად ესიამოვნა კეთილმორწმუნე
კურაპალატს.
წმინდანმა გრიგოლმა თქვა:
- კეთილმსახურო მეფეო, ღვთაებრივი ნათელი უძღვის შენს მეფობას და არაა საჭირო ამის
დასანახად სანთლის კაშკაში, მხოლოდ ბრმებისთვისაა ეს საჭირო.
გულმოდგინედ ვლოცულობ შენთვის, რათა არ მოგაკლდეს სიკეთე რაიმე მიზეზით.
მხოლოდ ამას ვითხოვ შენგან: აშოტ კურაპალატმა ხანძთას სახნავ-სათესად შატბერდის
მიწები შესწირა, რომელიც კარგია მონასტრის ასაშენებლად.
თუ მიბრძანებებ, ღვთის სადიდებლად და შენ საცხონებლად, ეკლესიას ავაშენებ.
სიხარულით ბრძანა ბაგრატ კურაპალატმა მონასტრის აშენება და მისცა გრიგოლს ყოველივე
საჭირო მონასტრის ასაგებად. ჯვარი დასწერა გრიგოლმა ამ გამორჩეულ ადგილს და დაიწყეს
ეკლესიისა და სენაკების მშენებლობა.
ხანძთის მსგავსად, შატბერდიც ღვთის შეწევნით აშენდა და იმ კაცის ლოცვით (იგულისხმება
გრიგოლი), რომელმაც შეაერთა ორი უდაბნო (იგულისხმება ხანძთა და შატბერდი),
განმტკიცებული და გაერთიანებული ძმური სიყვარულით სამარადჟამოდ.
იმ დროისთვის გრიგოლს გაახსენდა საბა იშხნელი და უამბო კურაპალატს ყოველივე, რაც
ადრე მოხდა. ხოლო მეფემ, როგორც კი ეს გაიგო, მეტად გაიხარა და მაშინვე დაწერა წერილი
და მიავლინა კეთილმორწმუნე ადამიანები და პატივით უხმო საბას. წარგზავნილები
დაბრუნდნენ და აუწყეს კურაპალატს, რომ ღვთისკაცს (საბას) არ სურდა მოსვლა. და უთხრა
მამა გრიგოლს კურაპალატმა:
- დაუფიქრებლად მოვიქეცი, შენ რომ არ მიგაწერინე წერილი. მისწერე წესისამებრ!
თვითონ კი დაწერა სხვა წერილი და გრიგოლის წერილთან ერთად გააგზავნა. ხოლო ნეტარი
საბა დაემორჩილა კურაპალატის ხელახალ ბრძანებას, უფრო კი მამა გრიგოლის წერილს.
მოვიდა ეს სასურველი ღვთისკაცი (საბა) მათთან, ვისაც მისი ნახვა სურდა. ხოლო
კურაპალატი პატივით მიეგება და მოიკითხა იგი, ხოლო საბამ აკურთხა და დალოცა
ხელმწიფე. როდესაც დასხდნენ, კურაპალატმა ჰკითხა მას:
- წესია, ხელმწიფეთა მორჩილება. რატომ არ მოხვედი პირველად ხმობისას, წმინდაო მამაო?
ხოლო საბამ უპასახა:
- დიდებულო მეფეო, შენ ამ მოდგმის მეფე ხარ, ხოლო ქრისტე - ყველასი, ვინც კი შობილა; შენ
ამქვეყნიური ხელმწიფე ხარ, ხოლო ქრისტე - ზეცისა და ქვეყნის: შენ წარმავალ დროთა მეფე
ხარ, ხოლო ქრისტე - საუკუნო მეუფე და სრულყოფილი არის უცვლელად, მარადიული და
უსაწყისოა; მარადიული მეფეა ანგელოზებისა და ადამიანების და შენზე უფრო მისი სმენა
გვმართებს, რომელიც ამბობს: “არავის შეუძლია ორი ბატონის მორჩილება”.
ახლა კი გრიგოლის, ჩემი ძმისა და მოძღვრის, სიტყვით მოვედი შენს წინაშე.
ხოლო კურაპალატმა თქვა:
- სიმართლეა შენი ნათქვამი, წმინდაო!
ამის შემდეგ კურაპალატი ესტუმრა იშხანს და მას თან ახლდნენ ნეტარი მამები - მამა
გრიგოლი და მამა საბა. კურაპალატს მეტად შეუყვარდა ეს ადგილები.
ღვთის ნებით საბა იშხნის ეპისკოპოსი გახდა, რომელიც მრავალი წლის მანძილზე
დაქვრივებული იყო (გაუქმებული იყო). ახლა კი განახლდა ღვთისმსახურება და მეორედ
აშენდა იშხანის მონასტერი ამ ნეტარის (საბასა) წყალობით, ხოლო ღვთისმსახური მეფეები
(აშოტის შვილები) მატერიალურად ეხმარებოდნენ მას.

You might also like