You are on page 1of 34

1

,,ბრძნული სიტყვა ვერცხლია, დუმილი კი ოქრო”, - უთქვამს სოლომონ


ბრძენს (სოლომონ წინასწარმეტყველი , დავით წინასწარმეტყველის ვაჟი,
რომელსაც სურს გვითხრას, რომ ჭეშმარიტება ფილოსიფიური დუმილით
შეიცნობა). მაგრამ მე ჩემი ნაკლი და არასრულყოფილება
(,,ნაკლულოვანება“) დუმილის უფლებას არ მაძლევს და მირჩევნია,
შეძლებისდაგვარად გადმოვცე ,,ღმერთშემოსილი“ ადამიანების
(წმინდანების), ნეტარი მამა გრიგოლისა და მისი მოწაფეების ღირსეული
ცხოვრება (რათა ეს ამბები დავიწყებას არ მიეცეს.ესე იგი,დუმილი ამ
შემთხვევაში დანაშაულის ტოლფასია). ცნობები წმინდანების შესახებ მათმა
მოწაფეებმა და მოწაფეთა მოწაფეებმა მომაწოდეს.
ამ ნეტარ ხალხს შორის გამობრწყინდა (მათ შორის რჩეულად უნდა
მივიჩნიოთ, ანუ წმინდანთა წმინდანად) გრიგოლი მადლით, თავისი
სიბრძნითა და სიკეთით. მან უდაბნოში ქალაქი ააშენა და იმ ადგილებში,
რომლებიც ღვთაებრივი მადლისგან იყო განძარცვული,სულიერი ნათელი
შეიტანა. ამიტომაც უწოდებენ მას ,,უდაბნოთა ქალაქმყოფელს“. ის იყო
ქრისტიანების შუამავალი (მედიატორე) ღმერთთან,ანუ ,,ზეცისა კაცი და
ქუეყანისა ანგელოზი“.
გარდა ამისა, იყო ,,კეთილად განმგებელი მოღვაწე“, ანუ კარგი
ორგანიზატორი. დააფუძნა ხანძთისა და შატბერდის მონასტრები და იყო
მათი წინამძღვარი. ეს მონასტრები გახდა ,,სახე კეთილი” (ნიმუში,
ეტალონი) განდეგილი ბერებისთვის ახალ ტაძართა შენების დროს.
გრიგოლი იყო წარჩინებული, მორწმუნე ოჯახის შვილი. აღიზარდა ნერსე
ერისთავის სამეფო კარზე, რადგანაც იყო ნერსეს ცოლის ძმისშვილი და
მისი ნაშვილები.
2

მისი ნიჭიერება და გულისხმიერება (გონიერება,საზრიანობა) ყველას


აოცებდა: მან სწრაფად ისწავლა ”დავითნი” და ღვთისმსახურების დროს
წარმოსათქმელი წმინდა წერილის ახსნა-განმარტება. როცა ქართული
წიგნები ამოწურა, წერა-კითხვა ისწავლა მრავალ სხვა ენაზე და იმ ენებზეც
ზეპირად ისწავლა საღვთო წიგნები. ასე სრულყოფილად ,,მოიწუართნა“ მან
სასულიერო ფილოსოფია.
ამასთანავე მან შეისწავლა საერო ფილოსოფიაც,რაც მისაღები აზრი იყო
და მის სულიერებასა და მორალურ პრინციპებს შეესაბამებოდა, მიიღო,
ხოლო რაც ქრისტიანობას ეწინააღმდეგებოდა, როგორც ,,ჯერკუალი“
(ცუდი,უსარგებლო) განაგდო. ის სწავლობდა ყველაფერს, ქრისტიანულს
თუ არაქრისტიანულს, ანუ ,,გარეშე სოფლის ფილოსოფიას“, მაგრამ ხალხში
არაქრისტიანულ წიგნებს დასცინოდა (,,ჰბასრობნ“) და უარყოფდა.
გრიგოლმა სახელი გაითქვა თავისი განათლებით.
მას ახასიათებდა მოზომილი სიტყვა-პასუხი და გონიერი, მადლიანი
ლაპარაკი. საუბრის დროს ,,წესსა განუჩინებდა ენასა
თვისსა“(იცოდა,სათქმელი როდის,სად და ვისთვის უნდა ეთქვა).
წლებთან ერთად მისი სათნოებაც იზრდებოდა. არ იყო ,,მზუაობარი“
(ქედმაღალი და ამაყი), რაც ახალგაზრდებს ახასიათებდათ.
გრიგოლი უარს ამბობდა ,,გულისსათქუმელ‘’ (გემრიელ) საკვებზე ,
ღარიბულ ლუკმასაც დასჯერებოდა და ჭამდა მხოლოდ იმისთვის, რომ
გვამის სიმრთელე, ანუ ჯანმრთელობა, შეენარჩუნებინა (,,ხორცთა თვისთა
განსამტკიცებელად“). „პური გულის სათქმელი არა ვჭამო“,-ხშირად
იხსენებდა დავით წინასწარმეტყველის სიტყვებს. მისთვის მთავარი
სულიერი საზრდო იყო. იგი იყო ,,მყუდრო ქცევით“ (მშვიდი და
3

გაწონასწორებული) და მოწყალე გონებით, ანუ შემწყნარებელი. იყო


ტანადი, გამხდარი და ძლიერი, ამასთან ჯანმრთელი და სულით უბიწო
(გვამითა მრთელ და სულითა უბიწო.)

II.
ხელისუფალმა და მისმა აღმზრდელებმა გადაწყვიტეს გრიგოლის ხუცად
კურთხევა. მათ უთხრეს გრიგოლს, რომ ის მზად იყო ქრისტეს
სამსახურისთვის. გრიგოლს გაახსენეს დავით წინასწარმეტყველის
სიტყვები, რომ უფლის მთაზე ასვლის ღირსი იყო მხოლოდ უბრალო
(უცოდველი) ხელისა და წმინდა სულის ადამიანი, ასეთად კი გრიგოლს
მიიჩნევდნენ. ის ღირსი იყო, გამხდარიყო მღვდელი და
უფლისთვის ,,უსისხლო მსხვერპლი“ შეეწირა.
გრიგოლს უნდოდა მღვდლობა (დაღაცათუ აქვნდა სიყვარული
მღდელობისა), მაგრამ ამ სიტყვების გაგონებამ შეაშფოთა, რადგან ის ჯერ
ძალიან ახალგაზრდა იყო. სწორედ ახალგაზრდულმა გამოუცდელობამ
შეაშინა (,,შიში დაეცა სიახლისათვის ჰასაკისა მისისა“) და თქვა:
- პატივს ვხედავ, მაგრამ ,,პატიჟის“ (სასჯელის) მეშინიაო.
მაშინ ბრძენმა მთავრებმა უთხრეს:
- შენ ღმერთმა მოხუცის ჩამოყალიბებული, ბრძენი გონება მოგცა. ნუღარ
გვეურჩები, არამედ მოისმინე ჩვენი ნათქვამი: ნუ შეეწინააღმდეგები
ქრისტეს ნებას და იკურთხე მღვდლად.
მართლაც, გრიგოლი მღვდლად აკურთხეს. მალე მოიწადინეს მისი
კურთხევა ეპისკოპოსადაც.
4

III.
ამ გადაწყვეტილებამ გრიგოლი შეაშინა. მან იგრძნო, რომ ხორციელი
პატივი მოელოდა, ამიტომ გადაწყვიტა,რომ განშორებოდა თავის
დიდგვაროვან ოჯახს და, აბრაამის მსგავსად, უდაბნოში წასულიყო, რათა
იქ ეღვაწა, ჰქონოდა სულზე ზრუნვის საშუალება. იგი ქართლიდან
გაემართა სამხრეთ-დასავლეთით, ტაო-კლარჯეთში. გრიგოლმაც , აბრაამის
მსგავსად, ეს გადაწყვეტილება მიიღო ღვთის შთაგონებით ( წამისყოფით).
თუმცა აბრაამი ღმერთმა მოაშორა ურჯულო ნათესავებს, გრიგოლი კი
დაშორდა მართლმორწმუნე ახლობლებს, რათა უფლისგან დაკისრებული
მოვალეობა შეესრულებინა: მას ,,უქმ უდაბნოში“ უნდა დაენთო ,,სანთელი
დაუვსებელი“ და დაეგროვებინა ,,ზეთი განუპარველი“. უდაბნოში ის არა
მარტო თავად უნდა აღტყინებულიყო სულით, არამედ უნდა გამხდარიყო
,,საქორწინო კრებულის“ წინამძღოლი და ,,ხმასა მას და ოხრასა
საყვირისასა“ (ანუ ქრისტეს მეორედ მოსვლის ჟამს,რასაც ანგელოზები
სამყაროს საყვირებით ამცნობდნენ) ქორწილისკენ (სასუფევლისკენ)
წასძღოლოდა თავის მოწაფეებსა და უცოდველ ადამიანებს (ესე იგი, მას
სასუფევლისკენ გზა უნდა გაეკაფა სხვებისთვის).
გრიგოლმა მოძებნა დედამისის დისწული საბა(საბანი), შემდგომში იშხნის
მეორედ მაშენებელი და მისი ეპისკოპოსი, თეოდორე --- ნეძვის მაშენებელი
და ქრისტეფორე --- კვირიკეთის მაშენებელი.
ეს ოთხეული შეაერთა სარწმუნოებამ, როგორც ერთი სული ოთხ სხეულში
დამკვიდრებული.
პირველად ოპიზაში ჩავიდნენ, რადგანაც ტაო-კლარჯეთში იმ დროს სხვა
მონასტერი არ არსებობდა. ორი წელი დაყვეს ოპიზაში, სადაც შრომობდნენ
5

და ლოცულობდნენ, როგორც მონაზონთა წესია. მაგრამ მამა გრიგოლს


განდეგილად ცხოვრება უნდოდა. მან გაიგო, რომ ამ უდაბნოში ბევრი ასეთი
ასკეტი მოღვაწეობდა.

IV.
ამ დროს ხანძთაში იყო ერთი ბერი, წმინდა და მართალი კაცი, სახელად
ხუედიოსი. მას ჰქონდა გამოცხადება და ესმა ხმა, რომ ამ ადგილას გრიგოლ
მღვდელმა უნდა ააშენოს ეკლესია ღვთის ნებით (ანუ ხუედიოსს ეს ადგილი
ღვთის მოწოდებით უნდა დაეთმო გრიგოლისთვის,რათა მას ღვთის ნება
შეესრულებინა). ღმერთმა მამა გრიგოლსაც აუწყა ასკეტი ბერის შესახებ,
აღუწერა ხუედიოსის ღირსება და ამცნო ადგილი, სადაც მას შეხვდებოდა.
გრიგოლი ჩავიდა ხანძთაში და შეხვდა ბერს. ამ შეხვედრით ორივემ
გაიხარა და ხუედიოსმა თქვა:
- წმინდა კაცო, ჩემზე ახალგაზრდა (,,უმრწემესი“) ხარ, მაგრამ საქმით ჩემზე
უხუცესი. რადგან შენ უნდა გახდე მწყემსი კეთილი მრავალი
ქრისტიანისთვის (ქრისტეს პირმეტყველი ცხვრებისთვის). ამ რთულ გზაზე
შენი მფარველია უფალი, ამიტომაც შენ წინაშე ისევე დამარცხდება ეშმაკი
(მტერი), როგორც ქარი გაფანტავს ,,დედაზარდლის’’ (ობობის) ქსელს.
როცა გათენდა, ხუედიოსმა გრიგოლს ხანძთა დაათვალიერებინა.გრიგოლს
ეს ადგილები ძალიან მოეწონა და როცა დაბრუნდა ოპიზაში, თავის ძმებს
ახარა წმინდა ბერის ხილვა და ყველანი სიხარულით წამოვიდნენ ხანძთაში.
ხუედიოსმა მიმართა ბერებს:
- მე უფლის წინაშე აღთქმა დავდე, რომ მარტო უნდა ვიყო (,,აწ მე
აღმითქვამს უფლისა და ვიდრე აღსასრულამდე ჩემდა მარტოდ მყოფება’’).
6

,,ჯერ არს ჩემდა აღნათქუემისა საქმით აღსრულება“ (მევალება აღთქმულის


აღსრულება). სულით თქვენთან დავრჩები, მაგრამ საცხოვრებლად
გადამიყვანეთ აქვე ახლოს გამოქვაბულში (ქვაბში) და პირობა მომეცით,
რომ სანამ ცოცხალი ვარ, აქ ხალხს არ შემოიკრებთ, არ გამრავლდებით.
გრიგოლმა და მისმა ძმებმა წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს ბერს,
მიაცილეს გამოქვაბულამდე და დალოცეს. შემდეგ დაბრუნდნენ ღვთისგან
სამონასტროდ არჩეულ ადგილზე. აკურთხეს ის ადგილი და სენაკების
გამოკვეთა დაიწყეს ხანძთის კლდეებში, რომელიც ტაო-კლარჯეთის
უდაბნოს ყველა კლდეზე უმტკიცესია. ცულები, წერაქვები და სხვა იარაღი,
რომლებიც ამ მძიმე შრომისთვის სჭირდებოდათ, მათ არ ჰქონდათ.
ზოგიერთი სამუშაო იარაღი ოპიზელმა მამებმა მისცეს. ისინი
ეხმარებოდნენ საკვებითაც (,, ხორცთა საღუაწით“). გრიგოლს და მის ძმებს
სხვა თანამდგომნი არ ჰყავდათ, რადგან გარშემო სხვა მონასტერი არ oყო და
არც მოსახლეობა ცხოვრობდა ხანძთის სიახლოვეს. ხალხი უმეტესად
შავშეთის ტყეებში იყო გახიზნული.

V.
მამა გრიგოლმა პირველად ძელის (მორების) ეკლესია ააშენა, შემდეგ კი
თავისი და ძმების სენაკები და ერთი სატრაპეზო (საოსტიგნე) ააგო.
დღითი დღე იზრდებოდა ძმობა. გრიგოლსა და მის ძმებს ემატებოდნენ
მეთერთმეტე ჟამის მუშაკნი. ბერების მოღვაწეობა იყო მსგავსი წმინდანთა
წამებისა და აღემატებოდა კიდეც მას.რადგანაც მოწამეები მხოლოდ
ერთხელ ეწამნენ, ხოლო ისინი ყოველდღიურად ეწამებოდნენ ღვთის
სადიდებლად.
7

იმ დროს ნეტარი ბერი ხუედიოსი ძალიან მოხუცდა და მიიცვალა. მაშინ


ღვთის ნებით დაიწყო ძმობამ მატება. გრიგოლი თავად სცდიდა ბერობის
მსურველებს. იგი ზარმაცებს მონასტერში არ იღებდა (,,გრიგოლ არავის
უდებთაგანსა {ზარმაცი} შეიწყნარებდა“). თუ ნახავდა, რომ მოსული
უმანკო, უეშმაკო და მორჩილი იყო, სიხარულით მიიღებდა.
გრიგოლის მოწაფეები იყვნენ ფრიად ღირსეული ბერები. ისინი ბაძავდნენ
და ემსგავსებოდნენ მოძღვარს, თავად გრიგოლი კი ემსგავსებოდა ქრისტეს.
ამიტომაც ამბობს უფალი: მოსწავლისთვის საკმარისია, რომ მან მიბაძოს
ღირსეულ მოძღვარს, მასწავლებელს.
სულიერად ბერები ცხონდებოდნენ, მაგრამ ხორციელად ძალიან უჭირდათ
(ხორციელად დიდსა იწროებასა იყვნეს).

VI.
ამ დროს აშოტ კურაპალატის კარზე მოღვაწეობდა ერთი აზნაური,
სახელად გაბრიელ დაფანჩული. ეს აზნაური იყო მდიდარი, ტანადი,
ბრძენი, ყველა საქმეში გამარჯვებული, წარმატებული და მორწმუნე.
გაბრიელს სოფლები ჰქონდა საძმოს მახლობლად. როცა დაინახა
გრიგოლმა, თუ როგორ უჭირდათ მის მოწაფეებს, წავიდა დაფანჩულთან
შესახვედრად. როცა აზნაურმა გრიგოლის მისვლის ამბავი შეიტყო, მიეგება
მას სიხარულით, თაყვანი სცა და უთხრა:
- ღირსეულო მამაო, ჩემთან არის ხორციელი სიმდიდრე, თქვენთან
სულიერი და შევაერთოთ ისინი (,,აწ ჩვენთანა არს ხორციელი კეთილი და
თქვენ თანა არს სულიერი კეთილი და ესე შევზავნეთ ურთიერთას“) .
ბერებმა მოგვიხსენიეთ ლოცვებში, სანამ ცოცხლები ვართ, სიკვდილის მერე
8

კი ჩემი ოჯახის მამაკაცები დაკრძალეთ ხანძთაში, წმინდა ბერების


საფლავებს შორის. ქალები კი დაკრძალეთ დედათა მონასტერში, რომელსაც
აგაშენებინებთ. სამაგიეროდ, ჩემი ოჯახი უზრუნველყოფს მონასტერს
საკვებითა და საჭირო ნივთებით.
გრიგოლმა გულმოდგინედ მოძებნა დედათა მონასტრისთვის შესაფერი
ადგილი და იპოვა ის სოფელ გუნათლესთან. იქ ააშენეს დედათა
მონასტერი, რომელსაც გუნათლის ვანი ეწოდება.
გაბრიელმა გრიგოლი დიდი ძღვენით გამოუშვა უკან და თან გამოაყოლა
კალატოზები (კირითხურონი) და გამოატანა საშენი მასალა.
გრიგოლმა მოასწორა ტაძრის ადგილი, აკურთხა და დაიწყეს ტაძრის
მშენებლობა. ასე აშენდა ჯვრით მოქადული წმინდა გიორგის სახელობის
ხანძთის ქვიტკირის ეკლესია.
ამის შემდეგ ტაო-კლარჯეთში დაიწყო ეკლესიების და მონასტრების შენება
და გამრავლდნენ ბერები.
ამ პერიოდში უდაბნოში სამცხიდან ჩამოვიდა წმინდა დედა ფებრონია,
რომელიც დედათა მონასტერში, მერეში , დარჩა. ფებრონია და მამა
გრიგოლი დამეგობრდნენ.

VII.
ღვთისმოსავ მეფეს, აშოტ კურაპალატს, გაბრიელ დაფანჩულმა შეატყობინა
მამა გრიგოლის შესახებ. უამბო მისი განდეგილობისა და უდაბნოში
მონასტრის შენების ამბავი და მოწაფეთაგან გაგონილი, რომ გრიგოლის
მშობლები დიდგვაროვნები იყვნენ. როგორც კი კურაპალატმა ეს შეიტყო,
თავისი ხელით დაწერა წერილი და თავისი კარისკაცისა და გაბრიელის
9

მსახურის ხელით მამა გრიგოლს გაუგზავნა. მამა გრიგოლმა წაიკითხა


პატივით მოწერილი წერილი ,,წოდებისა“ ( მიპატიჟების) და მსახურისა და
კარის კაცისგანაც შეიტყო ყველაფერი. ის მაშინვე წავიდა ხელმწიფის
სასახლში. იქ გრიგოლს კურაპალატის შვილები შეეგებნენ და აშოტის
დარბაზამდე მიაცილეს.
კურაპალატი ფეხზე წამოდგა და მამა გრიგოლს შეეგება. დიდი პატივით
მოიკითხეს ერთმანეთი.
კურაპალატმა უთხრა
- დაგვლოცე წმინდაო. შენგან კურთხეულნი ღვთისგან დალოცვილნიც
ვიქნებით.
გრიგოლმა თქვა:
- გაკურთხოთ ქრისტემ და ყველა წმინდანმა. ჭეშმარიტებაა,
რომ ,,ხელისუფალი ღვთით არის მოვლენილი”. ყველამ უნდა იცოდეს, რომ
,,სადა არს პატივი მეფობისაი, მუნ არს მსგავსება ღმრთეებისაი“. შენ ხარ
უფლის მიერ ცხებული ხელმწიფის -- დავით წინასწარმეტყველის --
შთამომავალი. შენი მეფობაც ღვთისგანაა ნაკურთხი. ამიტომაც
არ მოაკლდეს მეფობა შვილთა შენთა და ნათესავთა მათთა. იყვნენ ისინი
კლდეზე მტკიცე და დიდებულნი უკუნისამდე.
შემდეგ აშოტის მოციქულმა მეფეს აღუწერა ხანძთის ბუნება და თქვა, რომ
იქ არის მშრალი ჰაერი, ზომიერი ჰავა, მრავალი წყარო, ტყეები (მაღნარები),
მაგრამ არ არის სახნავ-სათესი მიწები , რადგან ხანძთის ნიადაგი არის
ქვაღორღიანი და ოღროჩოღრო (,,ღადოიანი და ღირღოლოვანი“).
ეს რომ გაიგო კურაპალატმა, შესწირა მონასტერს სახნავ-სათესად კარგი
ადგილები შატბერდში.
10

კურაპალატის შვილებმაც -- ადარნერსემ, ბაგრატმა და გუარამმა-- გაიღეს


მონასტრისთვის სიმდიდრე.

VIII.
ხანძთის საძმოს სულიერად წმინდა ხალხი ემატებოდა. მათ შორის იყო მამა
ეტვიფანე და მღვდელი მატო ქართლიდან და დიდი ზენონი სამცხიდან.
ზენონი იყო გამოჩენილი კაცის შვილი, ღვთისმოშიშად გაზრდილი და
სწადდა მონაზვნობა. როცა მშობლები გარდაიცვალნენ, ქონება ზენონს და
მის დას დარჩათ, რომელიც გასათხოვარი იყო და ძმასთან ცხოვრობდა.
ზენონს უნდოდა, ქონება დისთვის ჩაებარებინა და თვითონ ბერად
აღკვეცილიყო. სანამ ამ განზრახვას შეასრულებდა, მისი და ვიღაც
უკეთურმა კაცმა აცდუნა. წყვილი შავშეთში გაიქცა და ღამე იქ გაათია.
ეს ამბავი ზენონმა რომ გაიგო, იარაღი აისხა და ცხენით გაეკიდა. გზაში
დაფიქრდა და თქვა:
- მე, სახელოვან ჭაბუკს, იმ კაცმა შეურაცხყოფა მომაყენა. რომ დავეწიო,
უნდა მოვკლა. ეს არის მახე (,,საბრხე „) ჩემი სულისთვის, მაგრამ უკან რომ
დავბრუნდე ხელცარიელი, სირცხვილია ჩემთვის. ჯობია, ახლა აღვასრულო
ბერად აღკვეცის აღთქმა.
ზენონმა გადაწყვიტა, რომ ქონების დატოვება სისხლის დაღვრის ტოლფასი
იქნებოდა. მართლაც , ქონებაზე უარის თქმა მხოლოდ სულით ძლიერ,
ახოვან ადამიანებს შეუძლიათ, რადგანაც ,,მონაგებთა დატევება სისხლის
დათხევასა ემსგავსების“. ზენონი ჩავიდა მერეს მონასტერში, დედა
ფებონიასთან, რომელიც მას ნათესავად ეკუთვნოდა.
ღვთის ნებით, ამ დროს ფებონიასთან იმყოფებოდა მამა გრიგოლი,
11

რომელსაც დედა ფებონიამ ზენონი ჩააბარა, როგორც უბიწო კრავს


ჩააბარებენ ხოლმე კეთილ მწყემსს.

IX.

მამა გრიგოლი ფიქრობდა, რომ მის მონასტერში უნდა დაწესებულიყო


ისეთი სამონასტრო წესი, რომ თვით ბრძენთაც ვერ დაეწუნებინათ
(,, ბრძენთაგან განუკითხველი“). ამიტომ მან განიზრახა
კონსტანტინოპოლში---მეორე იერუსალიმში-- წასვლა, რათა იქ  წმინდა
ადგილები მოელოცა და ქრისტეს საგანძური ენახა. ბიზანტიაში წასვლამდე
გრიგოლმა გაიგო, რომ ერთი მისი მეგობარი მიდიოდა იერუსალიმში და
მას დაავალა საბაწმიდის მონასტრის ტიპიკონის (წესდების) გადაწერა და
ჩამოტანა. გრიგოლმა საძმოს მზრუნველები მიუჩინა (,,კაცნი მოღვაწენი
უჩინნა“) და მალე დაბრუნება აღუთქვა.

 გრიგოლმა თან თავისი დედის დისწული -საბა და კიდევ ერთი მოწაფე


წაიყვანა საბერძნეთში. კონსტანტინოპოლში თაყვანისცეს ცხოვრების ძელს
(ჯვარს) და წმინდანთა ნაწილებს. სიხარულით მოიარეს წმინდა ადგილები.
გრიგოლს მოგზურობა არ გასჭირვებია,რადგან ბევრი ენა იცოდა. აქ გაეცნო
,,დაბეჭდულ“ და დაუბეჭვდელ“ (კანონიკურ და არაკანონიკურ ) წიგნებს.
ამის შემდეგ კი დაბრუნდნენ უკან. როცა ტაოში შემოვიდნენ, იქ მყოფებმა
ამცნეს, რომ აშოტ კურაპალატი შინაგამცემლებს მოეკლათ.დამწუხრებულმა
გრიგოლმა გლოვით თქვა:

 - ჰოი, ჩემო მეფეო, ძლიერო და  დიდებულო, ეკლესიათა სიმტკიცეო და


ქრისტიანების ზღუდეო. სადღა ვიპოვო შენნაირი ადამიანი?
აღმოსავლეთში, ჩრდილოეთში, სამხრეთსა თუ დასავლეთში? შენ მთელი
12

ერის პატრონი იყავი და სხვა ხელმწიფეებსაც იმორჩილებდი ბრძოლით


(,,წყობით“).

როცა იშხანს მიუახლოვდნენ, გრიგოლს და საბას ხილვა ჰქონდათ: მათ


ღმერთმა აუწყა, რომ იშხანი საბას უნდა განეახლებინა და მისთვის
ადრინდელი სახე დაებრუნებინა. იმ დროს ის ადგილი მიუვალი იყო და
ღმერთმა მათ აჩვენა ტაძრისაკენ მიმავალი გზა. იშხანში რომ მივიდნენ,
ნახეს რომ იქ იყო არა მარტო სულიერი,არამედ ხორციელი საზრდოც. საბას
მაშინვე მოუნდა იქ დარჩენა. გრიგოლმა უთხრა:

 - ძმაო, ჯერ ხანძთაში ჩავიდეთ ჩვენს ძმებთან და შემდეგ ღვთის ნებით


კვლავ დაბრუნდები ამ წმინდა ადგილას.
ხანძთაში ჩასვლამდე მათ მოინახულეს კურაპალატის დაობლებული ვაჟები
. მონასტერში დაბრუნებიდან რამდენიმე დღის შემდეგ გრიგოლმა საბა
იშხანში გაუშვა და ორი მოწაფეც გააყოლა.

X.
იერუსალიმიდან დაბრუნდა გრიგოლის მეგობარი და ჩამოიტანა
საბაწმიდის მონასტრის წესდება (განჩინება,ტიპიკონი). ამის შემდეგ
გრიგოლმა განაწესა წესი თავისი ეკლესია-მონასტრებისთვის. გრიგოლის
ტიპიკონი სხვადასხვა მონასტრების წესდებათა გათვალისწინებით შეიქმნა
(,,ყოველთაგან წმიდათა ადგილთა გამორჩევით შეკრებული“). ეს იყო
ბრძნულად შედგინილი წესები (,,სიბრძნით განსაზღვრებული და
მეცნიერებით განბრწყინებული“). ავტორი მას მარადიული
სიკეთის ,,საფასეს“ უწოდებს. მამა გრიგოლის მოღვაწეობის წლებში კანონი
მოწაფეთათვის უფრო მკაცრი იყო: ბერებს სენაკში უნდა ჰქონოდათ
13

უბრალო სარეცელი, ღარიბული ქვეშაგები და თითო ჭურჭელი წყლისთვის


(სარწყული). სხვა საზრდო ხორცისთვის არაფერი ჰქონდათ. ბერებს ერთად
უნდა ეტრაპეზათ.. მრავალი მათგანი ღვინოს საერთოდ არ სვამდა. ვინც
ღვინოს მოიხმარდა, მხოლოდ მცირედს იგემებდა. ბერებს სენაკებში არ
ჰქონდათ საკვამური, რადგან ცეცხლს არ ანთებდნენ. ღამე არც სანთლებს
ხმარობდნენ, რადგან ღამე გალობდნენ, დღისით კი წიგნებს
კითხულობდნენ და ლოცულობდნენ.

XI.

 მამა გრიგოლის პირველ მოწაფეებს --თეოდორესა და ქრისტეფორეს


--,,საღვთო შური“ აღეძრათ, ანუ სურდათ, გრიგოლის მსგავსად, თავადაც
ეშენებინათ მონასტრები. ისინი ჩუმად წავიდნენ აფხაზეთში და რამდენიმე
ბერიც წაიყვანეს. როცა მიაღწიეს სამცხეს, დაიმოწაფეს აზნაურ მირიან
დიდის ვაჟი, სახელად არსენი. არსენი მხოლოდ ექვსი წლის იყო და მამის
სახლში იზრდებოდა. ბერებმა მირეანის სურვილით მოწესის (ბერის)
სამოსლით შემოსეს ყრმა და წავიდნენ აფხაზეთში. აფხაზთა მეფე დემეტრემ
ისინი დიდი პატივით მიიღო და კარგ ადგილას დაამკვიდრა.

XII.

 როცა ნეტარმა გრიგოლმა გაიგო თეოდორესა და ქრისტეფორეს ამბავი,


ძალიან შეწუხდა , თან წაიყვანა ოთხი ბერი და წავიდა მათ მოსაძებნად,
როგორც რჩეულ კრავთა საძებნელად გაემართება ხოლმე მწყემსი კეთილი.
14

როცა მივიდა ქართლში, იქ იპოვა ყრმა ეფრემი, რომელიც გრიგოლმა


დაიმოწაფა და დაუბარა, როცა აფხაზეთიდან დავბრუნდები, ხანძთაში
წაგიყვანო.

 აფხაზეთში ჩასულ გრიგოლს ხელმწიფე შეეგება და თავმდაბლად


მოიკითხა. გრიგოლმა დალოცა და მრავალი კურთხევით შეამკო მეფე. ამის
შემდეგ გრიგოლმა მეფე დემეტრეს უთხრა:

 -აფხაზეთში ჩამოსული არიან ჩემი ძმები და მათ სანახავად მოვედი.


ბრძანეთ, რომ აქ მოვიდნენ.

მეფეს არ უნდოდა მათი გამოჩენა (მეფესა დაუმძიმდა ძიებაჲ მათი), ამიტომ


თქვა:

 - არ მოსულან აქ ასეთი მონაზვნები . 

 ნეტარი გრიგოლი ამ სიტყვებმა და მეფის ტყუილმა განარისხა და


დემეტრეს მკაცრად მიმართა:

 - მეფეო, ზედმეტად ნუ დამტვირთავ, თავად ნუ მომაძებნინებ მათ. მაჩვენე


ჩემი ძმები. 

მეფემ ვეღარ შეძლო გრიგოლის მამხილებელ სიტყვას წინ აღსდგომოდა,


გასცა ბრძანება, რომ ბერები მოეყვანათ. როცა ბერებმა წმინდა გრიგოლი
დაინახეს, აცრემლებულები ,,შეუვრდნენ“ (დაუჩოქეს) მოძღვარს. წმინდანმა
ისინი წამოაყენა და სიყვარულით ჩაიხუტა (,,შეიტკბნა სიყვარულით’’). თან
ღმერთს მადლობას სწირავდა მათი პოვნისთვის.

 მეფემ უთხრა ნეტარ გრიგოლს:


15

 - აღსრულდა შენი სურვილი, იპოვე ძმები. ახლა უფალმა ჩემი ნებაც


შეასრულოს:დიდი ხანია, მსურს მონასტრის აშენება. ბრძანე და მოვნახოთ
ადგილი, სადაც მონასტრის აშენებას ინებებ.

 დემეტრემ ხანძთელს არაერთი ადგილი დაათვალიერებინა, მაგრამ


გრიგოლს არ მოეწონა არცერთი სამონასტროდ. მეფე ძალიან შეაწუხა ამ
ამბავმა. მაშინ გრიგოლმა ამოარჩია ადგილი, ააშენა მონასტერი და უწოდა
"უბე". ილარიონი, იერუსალიმიდან ჩამოსული სანდო, ღირსეული მოხუცი,
დაადგინა მამასახლისად. ილარიონი ხანძთიდან თეოდორეს და
ქრისტეფორეს წამოჰყოლოდა აფხაზეთში. მას თან ჰქონდა წიგნები. მამა
გრიგოლმა თავისი წიგნებიც დაუტოვა მონასტერს. ხელმწიფე სიხარულით
აივსო მონასტრის შენების გამო და უხვი შესაწირი გაიღო. 

 XIII.

წამოსვლისას მეფე დემეტრემ გრიგოლს გამოჰკითხა კლარჯეთის უდაბნოს


შესახებ. გრიგოლმა უთხრა:

 - ღვთისმსახურო მეფეო, მონაზვნური ცხოვრება აღორძინდა ამ მხარეში და


სამონასტრო მოღვაწეობა კიდევ უფრო გაძლიერდება მომავალში, რადგანაც
ტაო-კლარჯეთში იდეალური პირობები არსებობს ბერული ყოფისთვის.
ზომიერი კლიმატის გამო აქ არც სიცხე შეგაწუხებთ და არც ძლიერი სიცივე.
ზომიერად მშრალი, ხორშაკი ქარებისგან დაცული, მზიანია ეს მხარე...
წყალი სუფთაა, შეშაც ბევრი გვაქვს, რადგანაც აქ ურიცხვი მაღნარი (ტყე) და
საამო წყაროებია.. ამ ადგილს სიხარული და შვება ღვთისგან აქვს
მომადლებული. ის სრულიად მიუვალია საერო პირთათვის და, რაც
ყველაზე მნიშვნელოვანია, თავისუფალია ურჯულოთაგან. კლარჯეთი
16

ერთი მხრიდან გარშემორტყმულია დიდი მთებით, მეორე მხრიდან კი


დაცულია შავშეთის მდინარეების შენაკადით.თუმცა აქ არ არის სახნავ-
სათესი ადგილები. ბერებს დიდი გაჭირვებით მოაქვთ,,როჭიკი“ (საკვები)
ვირით (კარაულით). დიდი ძალისხმევის შედეგად გავაშენეთ ვენახი
და ,,მტილები“ (ბოსტანი).ასე მყუდროდ ცხოვრობენ ბერები და ქრისტეს
ადიდებენ. ღმერთმა მისცა საშუალება მორწმუნე მეფეებს, რომ ამ მხარეში
აეშენებინათ საყდრები (სამრევლო ეკლესიები თეთრი
სამღვდელოებისთვის), ქალაქები . ისინი ღმერთმა შემოსა ,,ბრწყინვალე
სამოსლით“ (ე.ი. ღვთის ნებით არიან მეფეები), რათა ერის მსაჯულები
იყვნენ. რაც შეეხება მონასტრებს, მათ აშენებენ ,,გლახაკი ბერები, რომლებიც
არ არიან დამოკიდებული ხელისუფალზე. მონაზონნი არავის
ხელმწიფებასა ქვეშ არ არიან, რადგან მათ თავიანთი ნებით დატოვეს
ამქვეყნიური სიამე და ,,გლოვის ადგილას“ (მონასტერში) ცხოვრება
გადაწყვიტეს.

 ბერები დაემშვიდობნენ აფხაზეთის მეფეს და ჩამოვიდნენ ხანძთაში.


ხანძთაში ჩამოიყვანეს არსენი სამცხიდან და ეფრემი ქართლიდან.
17

XIV.

 ამ დროს ბაგრატ კურაპალატმა ღვთის ნებით, ძმების თანხმობითა და


ბერძენთა მეფის ბრძანებით მიიღო კურაპალატობა.  მამა გრიგოლმა
მიულოცა ბაგრატ კურაპალატს წოდების მიღება და უთხრა:

 - კეთილად მსახურო მეფეო, ღვთაებრივი ნათელი უძღვის შენს მეფობას.


შენი მეფობის გზა უფლის ნათელითაა გაბრწყინებული და ამას
მხოლოდ ,,მრუმე“ (ბრმა) ვერ დაინახავს. გთხოვ, აშოტ კურაპალატის მიერ
ხანძთისთვის შეწირულ შატბერდის მიწაზე მონასტერი ავაშენოთ შენი და
მამაშენის სულის საცხონებლად.

 ბაგრატმა სიხარულით მისცა თანხმობა და გაიღო შესაწირი. დაიწყეს


ეკლესიის და სენაკების მშენებლობა. ორი მონასტერი --ხანძთა და
შატბერდი--ძმური სიყვარულით გაერთიანდა.

XV.

 გრიგოლს გაახსენდა საბა იშხნელი და უამბო მის შესახებ კურაპალატს.


მეფეს გაუხარდა, დაწერა წერილი და გაუგზავნა მას სანდო კაცის ხელით.
წარგზავნილი დაბრუნდა და თქვა, რომ საბას არ უნდოდა მოსვლა. მეფემ
უთხრა გრიგოლს:

 - დაუფიქრებლად მოვიქეცი (,,განუგებლად ვქმენ“), შენ რომ არ მიგაწერინე


წერილი. გთხოვ, მისწერე შენს ძმას.
მეფემ დაწერა ახალი წერილი და მამა გრიგოლის წერილთან ერთად
საბასთან გაატანა. ნეტარი საბა დამორჩილდა კურაპალატის მეორედ
18

ბრძანებას, უფრო კი მამა გრიგოლის წერილს. ჩამოვიდა საბა, კურაპალატი


მიეგება. მეფემ პატივით მოიკითხა, საბამ დალოცა. როცა დასხდნენ,
კურაპალატმა უთხრა:

 - ჯერ არს (გევალება,გმართებს) ხელმწიფეთა მორჩილება. რატომ არ


მოხვედი პირველად ხმობისთანავე, წმინდა მამაო?

 საბამ უპასუხა:

 - დიდებულო მეფეო, შენ ერის მეფე ხარ, ქრისტე კი ყველა დაბადებულთა.


შენ ქვეყნის ხელმწიფე ხარ, ხოლო ქრისტე ზეცის, ქვეყნის და ქვესკნელის.
შენ წარმავალთა ჟამთა მეფე ხარ, ხოლო ქრისტე მარადიული მეფეა კაცთა
და ანგელოზთა. შენზე უფრო მეტად სწორედ მისი მოსმენა გვმართებს.
ქრისტემბრძანა: ”არავის შეუძლია ორი ბატონის მორჩილება." ამიტომაც აქ
ჩემი ძმისა და მოძღვრის, გრიგოლის თხოვნით მოვედი.

 კურაპალატმა უპასუხა:

 - სამართლიანია შენი სიტყვები.

 ამის შემდეგ კურაპალატი საბასა და გრიგოლთან ერთად იშხანში ჩავიდა.


მეფეს ძალიან შეუყვარდა ეს ადგილი. ღვთის ნებით საბა გახდა იშხნის
ეპისკოპოსი. აქამდე დიდი ხნის განმავლობაში იშხანი
გაუქმებული, ,,დაქვრივებული ტაძარი“ იყო, რადგანაც აქ არ
აღევლინებოდა წირვა-ლოცვა.

უფლის რჩეული მამა გრიგოლი პატივცემული იყო ხელმწიფეთა მიერ


და არავინ ეურჩებოდა მის სიტყვას. ერთხელ გრიგოლმა მოუწოდა
19

კურაპალატის ძეებს, წამოსულიყვნენ და მოელოცათ უდაბნოში აშენებული


მონასტრები. სამივე ძმა სიხარულით გაემართა მონასტრების სანახავად.თან
მიჰქონდათ დიდძალი განძი შესაწირად. პირველად ეწვივნენ ჯმერკისა და
ბერთას მონასტრებს, შემდეგ იოანე ნათლისმცემლის სახელობის ოპიზის
მონასტერს, მოინახულეს შატბერდი და ბოლოს ჩამოვიდნენ ხანძთაში.
ხანძთაში ამ დროს მოსულიყვნენ მიძნაძოროს, ბარეთელთასა და
წყაროსთავის მონასტრის წინამძღვრები.

საერო პირები გაოცდნენ, როცა დაინახეს, ტიპიკონის მკაცრ წესებს


როგორ იცავდნენ ბერები. მათ ბერებს უთხრეს:

--თქვენს შემყურეებს გვავიწყდება,რომ მიწაზე ვდგავართ. ასე


გვგონია,რომ სასუფევლის სტუმრები ვართ, რადგანაც თქვენ ანგელოზებს
ედრებით თქვენი სიწმინდით.

ბერებმა უპასუხეს :
--იცოდეთ, რომ ,,სულიერად განწესებული ლაშქარი“ (ბერები) არის
საჭურველი და ძალა ყველა ,,ხორციელად განწყობილი ლაშქრისა“
(სამხედრო არმია). სწორედ ეს ძალა და საჭურველი სჭირდება მეფეებსაც
ყოველ ,,წყობაში“ (ომში).

წმინდა მამებმა გადაწყვიტეს, რომ გრიგოლი გამხდარიყო კლარჯეთის


არქიმანდრიტი და წმინდა გრიგოლი მრავალი წელი (სიკვდილამდე)
ატარებდა ამ წოდებას. 

XVI.
20

  ,,საღვთო შურით“ აღვსილი თეოდორე და ქრისტეფორე ღამით


ფარულად წავიდნენ ხანძთიდან ქართლში და თან სხვაძმებიც წაიყვანეს.
მამა გრიგოლმა მაინც მოძებნა ისინი. ბერებმა შენდობა სთხოვეს
მოძღვარს,გრიგოლმა კი უთხრა მათ:

 - თქვენს განზრახვაში ღვთის ნებას ვხედავ, ამიტომაც მეც თქვენ გვერდით


მიგულეთ (,,მე თანამონაწილე მყავთ გულსმოდგინებასა მაგას“). 

 ბერები გრიგოლთან ერთად წავიდნენ სამცხის და ქართლის მიწებზე


მონასტრების ასაშენებლად. იპოვეს ორი ადგილი და ორივეგან ააშენეს
სენაკები და მონასტრები.  ერთს, თეოდორეს ვანს, უწოდეს  ნეძვი, ხოლო
ქრისტეფორეს მონასტერს --კვირიკე. ორივე თავის აშენებულ მონასტერში
დარჩა. 

 რაც შეეხება მამა გრიგოლს, იგი  შატბერდსა და ხანძთაში


მოღვაწეობდა. გრიგოლი წარმართავდა ყველა დღესასწაულს, რადგან რასაც
ერთხელ სწავლობდა, არ ავიწყდებოდა. გრიგოლს ჰქონდა სასიამოვნო,
ტკბილი ხმა და გასაკვირველი მეხსიერება. 

 ხანძთაში არის მისი ხელით დაწერილი საწელიწდო იადგარი (წირვა-


ლოცვის დროს გამოსაყენებელი კრებული), რომელშიც თავმოყრილია
ყველა დღესასწაულის საგალობლები და აგრეთვე წმინდანთა ხსენების
დღეს შესასრულებელი გალობები. გრიგოლმა ზეპირად იცოდა ახალი და
ძველი აღთქმის წიგნები. ზეპირად იხსენებდა ადგილებს არა მარტო
კანონიკური (დაბეჭდული), არამედ არაკანონიკური (დაუბეჭვდელი)
წიგნებიდანაც. ამგვარი რამ აღემატება ადამიანურ შესაძლებლობებს, თუმცა
21

თუ ღმერთი აძლევს ძალას ადამიანს, მაშინ ყველაფერი შესაძლებელია,


ისიც კი, რაც ჩვენ მიუღწევლად და შეუძლებლად მიგვაჩნია.

როდესაც გრიგოლმა სახელი გაითქვა, მისი დიდებულების ამბავი


გრიგოლის დედის ყურამდეც მივიდა. იგი გლოვობდა შვილთან
განშორების გამო.სასიხარულო ამბავმა გააძლიერა დედა. ქალმა ძალა
მოიკრიბა და ვაჟის სანახავად ტაო-კლარჯეთში გაემართა. მას ახლდნენ
მსახურები. გრიგოლის მშობელი ჩავიდა დედა ფებრინიასთან, მერეს
მონასტერში.

მონაზონმა სიხარულით მიიღო ისინი და ეს ამბავი სასწრაფოდ წერილით


აცნობა გრიგოლს. უბიწო ძე (გრიგოლი) მივიდა დედასთან, თაყვანი სცა
მას და ქრისტეს სახელით დალოცა. დედა სიხარულით მიეგება შვილს და
უთხრა:

- შვილო, ჩემო ტკბილო, გნახე, ვისი ნახვაც მსურდა, რადგან შენი ნახვით
დამიამდა ყველა ადრინდელი სატკივარი.

ხანგრძლივი და მრავალფეროვანი იყო მათი საუბარი., ხოლო ნეტარმა


მამა გრიგოლმა თქვა:

- მაპატიე, დედაჩემო, რადგან ჩემი ნებით არ დაგშორებივარ, არამედ ასე


ენება უფალს. შენ ამ წუთიერ ცხოვრებაში დღემდე არაფერი გაკლდა
მატერიალურად თუ სულიერად. ახლა მე მმართებს შენზე ზრუნვა უფლის
ნებისამებრ. ღმერთი შვილებს მოუწოდებს, პატივი სცენ მშობლებს.
სიბრძნის წიგნში წერია (იგულისხმება არაკანონიკური წიგნი): “შვილო,
22

იზრუნე შენს მშობლებზე ისე, როგორც იზრუნეს მათ შენზე, რადგან მათ
გარეშე არც შენ იქნებოდი“.

მოგვიანებით გრიგოლის სანატრელი მშობელი გარდაიცვალა მერეს


მონასტერში. გრიგოლმა მას სათანადოდ მიაგო პატივი, აუგო წესი და
გააცილა უფალთან, რომლის სიახლოვეც დედამისს ასე სწყუროდა. 

 XVII.
 გავიხსენოთ არსენი და ეფრემი, გრიგოლის მოწაფეები და აღზრდილები.
როგორც გვახსოვს, არსენი 6 წლის იყო, როცა ის ქრისტეფორემ და
თევდორემ დაიმოწაფეს სამცხეში, ხოლო ეფრემი დაიმოწაფა გრიგოლმა.
დიდი ეფრემი აწყურის საყდრის ეპისკოპოსი გახდა, არსენი კი ქართლის
კათოლიკოსი. კათოლიკოსის ტახტი იდგა ქრისტეს კვართის
სამკვიდრებელში, ანუ სვეტიცხოველში. და იყო მათ შორის სიყვარული
ერთად აღზრდის გამო.
 ქართლის ეპისკოპოსები გამწყრალნი იყვნენ არსენის მამა მირიანზე,
რადგან მან მათთან შეუთანხმებლად დაადგინა კათოლიკოსად თავისი ძე.
არსენის კათოლიკოსობა ყველა ეპისკოპოსთან არ იყო შეთანხმებული,
როგორც ამას საეკლესიო კანონი მოითხოვდა.
 გუარამ მამფალი, აშოტის ძე,  ნაწყენი იყო მირიანზე ამის გამო და ბრძანა
ეპისკოპოსებისა და მეუდაბნოე მამების შეკრება ჯავახეთში, რათა
ჩატარებულიყო საეკლესიო კრება და ყველას ერთად გადაეწყვიტა,
23

იმსახურებდა თუ არა მირეანის ვაჟი, არსენი, კათოლიკოსობის პატივსა


და ,,კათოლიკე ‘’(საყოველთაო ) ეკლესიის მეთაურობას.
 ყველანი ჯავახეთში შეიკრიბნენ. კრებას ესწრებოდნენ წესის
წინამძღვარნიც (თეოლოგები). ისინი ცალკე თათბირობდნენ შექმნილი
ვითარების გამო, მაგრამ საკითხის გადაწყვეტა მაინც ვერ შეძლეს.
მაშინ ერუშეთის ეპისკოპოსმა თქვა:
 - როცა უდაბნოს ვარსკვლავი (გრიგოლი) მოვა, მაშინ მოგვარდება საქმეო.
 ამ დროს გამოჩნდა კარაულზე ამხედრებული გრიგოლი და მამებს
მოეჩვენათ, თითქოს გრიგოლის ტანსაცმელი სამეფო მანტიასავით, ხოლო
ბერის ქუდი (კუნკული) პატიოსანი თვლებით მოოჭვილი გვირგვინივით
ბრწყინავდა. ყველამ იხილა გრიგოლის ღვთაებრივი დიდებულება.
 გრიგოლმა ჩუმად უთხრა ეფრემს:
 - შვილო, ეპისკოპოსობას გაფიცებ, ნუ გადაეღობები შენს ძმა არსენს.
(ეფრემი არსენის მოწინააღმდეგეების დასში იყო).
ეფრემმა მიუგო:
 - ეპისკოპოსებს ვერ შევეწინააღმდეგები, რადგან ისინი სიმართლისა და
საეკლესიო წესის აღსრულებისთვის იბრძვიან.. არსენს არ ვაღიარებ ჩემს
მოძღვრად და მწყემსად და მეც არ ვარ მისი ქვეშევრდომი და ცხოვარი.
 მაშინ გრიგოლმა წყრომით უთხრა:
 - თუ ამას იზამ, ეფრემ, მე უარმყოფ ამით. შენი მოძღვარი აღარ ვიქნები.
 ეფრემი ატირდა და თქვა:
 - შენი სიტყვები მახვილზე უფრო მჭრელია. დაე აღსრულდეს შენი ნება...
გრიგოლმა სულიერ შვილს მიუგო:
24

- ეფრემ, სანატრელო. შეისმენს უფალი, რასაც წრფელი გონებითა და


უმანკო გულით სთხოვ. შენ ხომ ხვდები, რომ არსენის კათოლიკოსობა
ღვთის ნებაა, უბრალოდ მამამისის აჩქარებამ საყვედრებელი გახადა ის, რაც
მას ღვთის ნებით ისედაც ეკუთვნოდა. ყველა, ვინც არსენს
შეეწინააღმდეგება, უარს იტყვის ღვთის ნების აღსრულებაზე. 

 ამის შემდეგ გუარამმა ბრძანა ყველას შეკრება და თქვა:


 - წმინდა მამებო, თქვენ იცით, რომ სასულიერო კანონმდებლობის
მიხედვით, არ შეიძლება ეპისკოპოსის და კათოლიკოსის ძალით
აღსაყდრება. 
 გუარამმა კიდევ ბევრი აუგი თქვა, ლანძღავდა არსენს და ელოდა პასუხს
გრიგოლისა და ეფრემისგან, რომლებსაც ყველა მისჩერებოდა. 
 ისინი ერთხანს დუმდნენ.
 ეპისკოპოსებმა თქვეს:
 - ეფრემ, თქვი, რაც საჭიროა.
 - ვერ გავბედავ ლაპარაკს, სადაც მამა გრიგოლია,-განაცხადა ეფრემმა.
გუარამმა მაშინ გრიგოლს უთხრა:
 - მამაო, ყველა შენს ჭეშმარიტ სიტყვას ელის, შენ ყველაზე განსწავლული
და სათნო ხარ ჩვენ შორის.
გრიგოლმა განაცხადა:
 - ქრისტეს ჭეშმარიტმა სამწყსომ ისმინეთ ჩემი, გლახაკი მოხუცებულის,
სიტყვები: არსენი ღვთის ნებით არის კათოლიკოსი და ყველა მის
მლანძღველს მონანიება მართებს,თორემ შერცხვენილნი იქნებიან
ამქვეყნადაც და სამარადისო სასუფეველშიც. 
25

                             
მაშინ შეძრწუნდა ხელმწიფე , რადგან ის თავმდაბალი და ღვთისმოშიში
იყო. თავმდაბლობამ სძლია, ჩაუვარდა გრიგოლს მუხლებში და პატიება
სთხოვა.
მაშინ ახარეს არსენს ახალი ამბავი, რადგან ის არ იყო კრებაზე.
 - შენმა მოძღვარმა გრიგოლმა დაამტკიცა შენი კათოლიკოსობა.
 არსენი სიხარულით სწირავდა მადლობას ღმერთს.
 ეფრემ ეპისკოპისმა, გრიგოლის მოწოდებით, პირველმა განაახლა ძმური
სიყვარული და პირველი ეახლა არსენს. ასე მოკლე ხანში დაწყნარდა ეს
ძნელად დასაშოშმინებელი შფოთი ხანძთელმა. გრიგოლმა სწრაფად და
ბრძნულად გადაწყვიტა ,,შფოთი გრძლად მოსაცილებელი“.
 ეფრემი და არსენი ერთად წავიდნენ გრიგოლის სანახავად.
 XVIII.
 არსენი ოცდაშვიდი წელი კათოლიკოსობდა. ეფრემიც ბევრი სიკეთის
მომტანი გაუხდა ქვეყანას. იმ დროს აღმოსავლეთის ქრისტიანული
ქვეყნების ეკლესიებს მირონი იერუსალიმიდან ჩამოჰქონდათ და
იერუსალიმის პატრიარქს ემორჩილებოდნენ. ეფრემმა კი ქართლში განაწესა
მირონის კურთხევა იერუსალიმის პატრიარქის ნებართვით და ამით
ქართულმა ეკლესიამ გადადგა ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ. გარდა
ამისა, მისი მოღვაწეობის დროს წირვა-ლოცვა ქართულ ენაზე
მიმდინარეობდა. ამან კი ხელი შეუწყო საქართველოს
გაერთიანებას,რადგანაც ქართველები ფიქრობდნენ, რომ საქართველო იყო
ყველგან , სადაც ქართულ ენაზე აღევლინებოდა ღვთისმსახურება, სადაც
ადამიანები ერთნაირად, ერთი ენით ადიდებდნენ ერთ ღმერთს
26

(,,ქართლად ფრიადი ქუეყანაი აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა


ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების“).
 ეფრემი ორმოცი წელი იყო აწყურის ეპისკოპოსი.

XIX.

 აშოტ კურაპალატმა მრავალი ქვეყანა დაიპყრო. მან განაახლა მურვან-ყრუს


მიერ დანგრეული არტანუჯის ციხე და იქ კანონიერ ცოლთან ერთად
ცხოვრობდა. მაგრამ აცდუნა ეშმაკმა კურაპალატი და მოაყვანინა ვიღაც
ქალი, სიძვის დიაცი, რომელთანაც აშოტი მრუშობდა თავისი
მეუღლისთვის აშენებულ ციხეში. გრიგოლ ხანძთელი ძალიან შეწუხდა,
როცა ეს ამბავი გაიგო და მეფე პირისპირ ამხილა ,,სულის გამხრწნელი
ცოდვის გამო“. აშოტმა აღუთქვა მას, რომ მოინანიებდა და ქალს
დაშორდებოდა, მაგრამ ვერ შეასრულა თავისი ნათქვამი, რადგანაც
გულისთქმას იყო დამონებული.

 როდესაც აშოტი არტანუჯიდან შორს იყო წასული, გრიგოლმა დრო


იხელთა და არტანუჯში წავიდა.  საღამოს იგი ორ მოწაფესთან ერთად ციხეს
მიადგა და სიძვის დიაცს კაცი გაუგზავნა საჭმლის სათხოვნელად (სიძვის
დიაცი მეჭურჭლის ფუნქციას ასრულებდა სასახლეში). ქალს ძალიან
გაუხარდა და მრავალი სანოვაგე გაუგზავნა გრიგოლს და მის მოწაფეებს.
როდესაც გათენდა, გრიგოლმა ისევ გააგზავნა მოციქული ქალთან და იგი
თავისთან იხმო. ბედნიერი ქალი მყის გაეშურა ბერის სანახავად, რადგან
ეგონა, გრიგოლის დალოცვის ღირსი გახდებოდა. მან თან ორი მსახურიც
გაიყოლა. მაგრამ გრიგოლმა არ გადაწერა პირჯვარი, ახლოს მისვლის
უფლებაც კი არ მისცადა, უფრო მეტიც, გრიგოლმა თავის მოწაფეებსა და
27

მსახურ ქალებსაც უბრძანა, სიძვის დიაცს მოშორებოდნენ და მარტო


დაეტოვებინათ. მოწაფეებიც და  მსახურებიც განზე გადგნენ გრიგოლის
მინიშნებით. მაშინ გრიგოლმა მკაცრად მიმართა სიძვის დიაცს:

 - ჰოი, შე საწყალო! ცოლ-ქმარს შორის ჩამდგარხარ და ჩადიხარ საუკუნოდ


წარსაწყმედელ ცოდვას. შენ ეშმაკს დაემონე და ღუპავ დიდ ხელმწიფესაც.

 ქალმა ტირილით უთხრა:

 - წმინდანო, მე არ შემიძლია თავისუფლად მოქმედება, რადგანაც


კურაპალატს ძალიან ვუყვარვარ.

გრიგოლმა უპასუხა:

 - შვილო, მომისმინე,დაემორჩილე ჩემს ბრძანებას და მე გიშუამდგომლებ


ქრისტესთან, რათა მან თვითონ შეგინდოს ცოდვები.

ბერის სიტყვებმა ქალი კიდევ უფრო შეაშინა და მან გრიგოლს უთხრა:

 - წმინდაო მამაო, თქვენს ხელში ვარ! ჩემი სულის საცხონებლად იზრუნეთ.

 მაშინ გადაწერა ხანძთელმა ქალს ჯვარი, აკურთხა, დალოცა, მისცა თავისი


ფეხსაცმლის ზონარი,  რომელიც ქალმა წელზე შემოირტყა და გრიგოლმა ის
წაიყვანა მერეში, ფებრონიასთან.

 არტანუჯში დაბრუნებულმა აშოტმა, უპირველეს ყოვლისა, დიაცი


მოიკითხა. როცა კურაპალატმა შეიტყო, რომ გრიგოლს ქალი მერეში
წაეყვანა, დაკარგა ,,თავმოთნეობა (თავმოყვარეობა) და ქალის
დასაბრუნებლად თავად გაეშურა მონასტერში. აშოტის ქცევა გასაკვირი არ
იყო, რადგანაც იგი ადამიანური გრძნობით კი არ ეტრფოდა ქალს, არამედ
ეშმაკის მახეში იყო გაბმული.
28

როცა ფებრონიამ კურაპალატი დაინახა, ქალი გადამალა. აშოტმა


მონაზონს მიმართა:

 - იცი, დედაო, რატომ მოვედი აქ?

 - მხოლოდ უფალმა თუ იცის ,-- უპასუხა ფებრონიამ. 

 - ჩვენი სახლის მეჭურჭლე ქალი გრიგოლს წამოუყვანია. ჩვენი ყოველი


მონაგებ იმის ხელში იყო, ამის გამო კი დიდძალი განძი დაგვაკლდა. ბრძანე,
რომ ერთხელ დაბრუნდეს ციხეში, ყველაფერი მოაგვაროს და თუ თავად
ექნება სურვილი, ისევ უკან დაბრუნდეს.

  დედა ფებრონიამ აშოტს მკაცრად უთხრა : საკუთარი ცოდვების


გასამართლებლად ტყუილს კადრულობ და ამით შენს ცოდვას უფრო
ამძიმებ, რადგანაც დავით წინასწარმეტყველის თქმისა არ იყოს, კაცი,
რომელიც ცოდვების გამართლებას ცდილობს , უფრო დიდ ცოდვაში
ვარდება.

 ეს რომ გაიგო აშოტმა, შერცხვა და დადუმდა. მყოვარჟამ (დიდხანს) ხმა


ვეღარ ამოიღო დარცხვენილმა მეფემ , მერე კი დამწუხრებულმა თქვა: ნეტავ
იმ კაცს, ვინც ცოცხალი აღარ არის (სიკვდილიინატრა).  აშოტი სწრაფად
წამოდგა და წავიდა.

მას, ხორციელად ძლიერ ხელმწიფეს, სულით ძლიერმა ადამიანებმა


სძლიეს.
29

XX

როგორც იფქლს (ხორბალი) შორის გამოერევა ხოლმე ღვარძლი


(სარეველა), ისე გამოჩნდა წმინდა ბერებს შორის ერთი ცქირი,
მზაკვრობითა და ბოროტებით აღსავსე ადამიანი. ცქირი დიაკვანი იყო და
იზრდებოდა თბილისში. მისი აღმზრდელი იყო თბილისის ამირა საჰაკ
ისმაელის ძე. ცქირი ხშირად დადიოდა ტაო-კლარჯეთში, რადგანაც
მოციქულობდა აშოტ კურაპალატსა და ამირას შორის. როდესაც
გარდაიცვალა ანჩის ეპისკოპოსი, ცქირმა აშოტ კურაპალატს ანჩის საყდარი
მოსთხოვა, თუმცა მეფემ მას უარი უთხრა. მაშინ ცქირმა ძალადობით
დაიპყრო ანჩი და დაეპატრონა საყდარს.

ცქირი არაერთგზის ამხილეს წმინდა ბერებმა უწესობის გამო. მას


განსაკუთრებით ეწინააღმდეგებოდა გრიგოლ ხანძთელი.

ცქირმა დაიბარა ერთი ანჩელი ერისკაცი, რომელიც იყო ძალიან გლახაკი,


ლირბი (უნამუსო) და კარგად მოისარი (მსროლელი) და გაუშვა ის
გრიგოლის მოსაკლავად. თან აღუთქვა, რომ დავალების შესრულების
სანაცვლოდ კაცი მიიღებდა სამ გრივ ფეტვსა და ხუთ თხას. ანჩელი კაცი
გრიგოლს ხანძთის ტყეში მზირადჩაუსაფრდა, თან ხელთ
ჰქონდა ,,გარდაცუმული“ (სასროლად მომართული) მშვილდი. მალე
გამოჩნდა გრიგოლ ხანძთელი, რომელიც მარტო მოდიოდა და ეფრემ
ასურელის ლოცვებს კითხულობდა. ანჩელმა ერისკაცმა დაინახა, რომ
გრიგოლის თავზე აღმართული იყო ბრწყინვალე ჯვარი, რომელიც ბერს
იცავდა, თავად გრიგოლი კი ღვთაებრივი შარავანდედით იყო
დამშვენებული. ამ სანახაობამ ანჩელი კაცი შეაშინა. იგი მიწაზე უსულოდ
30

დაეცა და მკლავზე ძარღვები დაეშალა (ხელი გაუშეშდა). გრიგოლმა


მკვლელს მიმართა:

- უბედურო, აღასრულე ის ბრძანება, რომლის შესასრულებლადაც ხარ აქ


მოსული. შენ ქრისტეს უარმყოფელი ხარ, რადგანაც გსურს,რომ,,უნდო“
(უმნიშვნელო) სასყიდლის გამო უდანაშაულო ადამიანის სისხლი
დაღვარო. განა სამი გრივი ფეტვი და ხუთი თხა არ არის შენი გასამრჯელო ?

ანჩელმა გრიგოლს ტირილით სთხოვა:

- შემიწყალე და მაპატიე ცოდვა. დაემსგავსე ქრისტეს, რომელმაც საკუთარ


მკვლელებს შეუნდო.

გრიგოლმა წყალობა გამოიჩინა და კაცს ჯვარი გადასწერა. ანჩელი ერისკაცი


განიკურნა და სიხარულით გაემართა შინ.

ცქირმა შეიტყო მომხდარის შესახებ და კიდევ უფრო აღბორგდა


(განრისხდა). მან ანჩის მოსახლეობა გაუშვა ხანძთაში და ხანძთის
მონასტრის დარღვევა უბრძანა. გრიგოლმა ცქირის გამოგზავნილებს
მიმართა:

- მოგვეცით დრო მე და ჩემს ძმებს, რათა უკანასკნელად ვილოცოთ


ეკლესიაში.

გრიგოლს თხოვნა შეუსრულეს. ლოცვის დროს ბერებს ანგელოზმა აუწყა,


რომ საღმრთო შურისგება ეწია ბოროტ ცქირს და იგი მოკვდა. ხოლო
ანჩელებთან მოვიდა ერთი კაცი, რომელმაც მათ უთხრა: ნუღარ იკადრებთ
31

დიდებული ხანძთის დანგრევას, რადგანაც ადამიანი, რომელსაც ეს სურდა,


ცოცხალი აღარაა.

ანჩელებმა ძალიან გაიხარეს.

XXI

 მამა გრიგოლი მეტისმეტად დაბერდა. ას ორი წლის იყო, მაგრამ


გარეგნულად დიდად არ შეცვლილა, თვალისჩინიც კი არ დაჰკლებია. ისევ
ჯანღონიანი იყო და სიკვდილამდე არ დასუსტებულა. შრომა ძალიან
უყვარდა, მარხვის და ლოცვის გარდა, ფიზიკურადაც მუშაობდა. დღე და
ღამე შრომობდა და ამასთანავე იყო მხიარული მესტუმრე (მასპინძელი) და
გლახაკთა დამხმარე.

 დღეების დიდ ნაწილს გრიგოლი შატბერდსა და ხანძთაში ატარებდა.


მონასტრებში მან მამასახლისები დაადგინა, რომლებიც განაგებდნენ
სამონასტრო ცხოვრებას , თუმცა ,,გარდამრე“ (მნიშვნელოვან) საქმეებს
გრიგოლთან ერთად წყვეტდნენ, რადგან იცოდნენ, რომ ხანძთელი ბერი
ღვთაებრივი გონიერებით იყო დაჯილდოებული.

 გრიგოლი მოხუცებულობის დღეებს უმეტესად შატბერდში ატარებდა. ამის


გამო წუხდნენ ხანძთელი ბერები, რადგანაც მათ ხილვა ჰქონდათ, რომ
გრიგოლის ამქვეყნიური ცხოვრების დასასრული ახლოვდებოდა. ეს კი იმას
ნიშნავდა, რომ გრიგოლს ,,ოხჭანი“ ( დასასრული, სიკვდილი) შატბერდში
მოუწევდა და იქვე დაიკრძალებოდა.
32

 ხანძთელი ბერები შატბერდში წავიდნენ გრიგოლის სანახავად და მის


ხანძთაში წამოსაყვანად. შატბერდელებს ძალიან გაუხარდათ ხანძთელი
ძმების სტუმრობა , თუმცა, როცა მათი მისვლის მიზეზი გაიგეს, სიხარული
მწუხარებად გადაექცათ. გრიგოლმა შეამჩნია ეს და თავის მოწაფეებს
მიმართა:

  - შვილნო, ღმერთის ნებით ვართ დღეს შეკრებილნი, რათა მომავალში ამ


ორ მონასტერში მოღვაწე ბერებს ანდერძად დავუტოვოთ , უყვარდეთ
ერთმანეთი. მე კი მაცხოვრის სიტყვებით მოგმართავთ და გეტყვით:
ერთმანეთი თუ გეყვარებათ, ამით შეიტყობს ყველა, რომ ჩემი მოწაფეები
ხართ.

ცრემლმორეული ბერები გარს შემოეხვივნენ გრიგოლს. იგი დადგა


ამაღლებულ ადგილზე და ღმერთს მადლობა შესწირა:

 - უფალო, შენ იყავი ჩემი წინამძღოლი, როცა მე სამ მოყვასთან ერთად ამ


მხარეში ჩამოვედი. ისინი მთელი ცხოვრება ღირსეულად გემსახურებოდნენ
, უსისხლო მსხვერპლს გწირავდნენ და მრავალი სულის ,,ნავთსაყუდელად“
( მხსნელად) იქცნენ. მე კი შენგან ბოძებული ,, სიბრძნის ტალანტი“
გავამრავლე . 

 შემდეგ შატბერდს ჯვარი გადასახა და თქვა:

 - აღორძინდი, შატბერდო, შეიმკე მადლით, გაძლიერდი ღვთის შეწევნით.


ვეღარ მიხილავ ხორციელად, მაგრამ ჩემი სული მარად შენი შემწე იქნება.

 წმინდა გრიგოლმა გადაკოცნა შატბერდელი ძმები, თვითონ კი წაჰყვა


ხანძთელ ძმებს. როცა ხანძთაში მივიდა, გაიხარა ყველამ. სიხარულით
33

შეხვდნენ ახლომდებარე უდაბნოების (მონასტრების) მკვიდრნი. ბერები


ყოველი მხრიდან მოდიოდნენ მის სანახავად და სიხარულით აღვსილებს
მისი ლოცვა-კურთხევა მიჰქონდათ თან. მამა გრიგოლს გულმა უგრძნო
სიკვდილის მოახლოება. მან უდაბნოს ყველა სავანეში კერეონები გააგზავნა
და შეუთვალა დრო, როცა უნდა აენთოთ.  

სიკვდილის დღეს ბერებმა მიმართეს გრიგოლს:

 - წმინდაო ღმრთისაო, შენ გელის სამოთხის ბედნიერება, რადგანაც მთელი


ცხოვრება გშიოდა და გწყუროდა სიმართლე , მფარველობდი გლახაკებს.
მშვიდად იყავი, რადგანაც შენ ,,ღვაწლი კეთილი მოიღვაწე და სრბა
აღასრულე“ (ანუ: ღვთისგან დაკისრებული მოვალეობა აღასრულე).

მაშინ გრიგოლ ხანძთელმა ძმებსსთხოვა:

 - შვილებო, ის მცნებები, რომლებსაც თქვენი სულის საცხონებლად


გაძლევდით, არ დაივიწყოთ და შეეწიეთ ჩემს სულს ლოცვით.  ჩემი ძმების
გვერდით დამმარხეთ, რადგან არაფრით ვარ მათზე უკეთესი. ჩემი ხორცი
მიწად იქცევა, ხოლო სულს უფალი შეიწყნარებს. 

 ასე შეავედრა უფალს თავისი სული და შეუერთდა ანგელოზებს.

 ის ას ორი წლისა გარდაიცვალა, ქორონიკონის ოთხმოცდამეერთე წელს


(861 წელს). მისი ცხოვრება გარდაცვალებიდან ოთხმოცდაათი წლის შემდეგ
დაიწერა ხანძთაში. წიგნზე მუშაობისას ავტორს განსაკუთრებული
დახმარება გაუწიეს ხანძთის წინამძღვარმა იოვანემ და მისმა ძმამ.
გრიგოლის ცხოვრება აღწერა გიორგი მერჩულემ.
34

You might also like