You are on page 1of 25

პროექტი

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

„სტანდარტიზაციის კონცეფცია“

2023
წინასიტყვაობა

სტანდარტიზაცია წარმოადგენს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთ ახალ


ინიციატივას და გულისხმობს თავდაცვის ძალების თავსებადობის უზრუნველყოფას
ნატოს სტანდარტებთან.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტად განისაზღვრა


ნატოს წევრ და მოკავშირე ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობა ნატოს სტანდარტების
შესაბამისად, რაც გულისხმობს პირადი შემადგენლობის წვრთნასა და გადამზადებას
ალიანსის მოთხოვნათა შესაბამისად. ზემოაღნიშნული უზრუნველყოფს საქართველოს
თავდაცვის ძალების საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებასა და ამაღლებას.
სარჩევი

შესავალი.................................................................................................................................................2
1. ტერმინათა განმარტებები...............................................................................................................2
2. რეგულირების სფერო......................................................................................................................3
3. მიზანი.................................................................................................................................................4
4. პრინციპები.........................................................................................................................................5
5. ნატოს სტანდარტიზაციის დოკუმენტები....................................................................................7
6. სტანდარტიზაციის დონეები..........................................................................................................7
7. ძირითადი მიმართულებები და ამოცანები.................................................................................8
8. განხორციელება, მონიტორინგი და შეფასება..............................................................................9
შესავალი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის (შემდგომში სამინისტროს სისტემა)


სტანდარტიზაციის კონცეფცია, მიზნად ისახავს სამინისტროში სტანდარტიზაციის
მართვის სისტემის დანერგვის უზრუნველყოფას, სამინისტროს სისტემაში დანერგილი
სტანდარტების ნატოსა და ევროკავშირის სტანდარტებთან თავსებადობის მიღწევას,
ნატოში ინტეგრაციის ხელშეწყობას და ეფუძნება საქართველოს კანონმდებლობით
აღიარებულ, ასევე „თავდაცვის სამინისტროს ხედვა 2030-ით,“ „თავდაცვის სტრატეგიული
მიმოხილვა 2021-2025-ით,“ ნატოს სტანდარტიზაციის დოკუმენტებით, ნატო-
საქართველოს არსებითი პაკეტითა (SNGP) და საერთაშორისო აქტებით დეკლარირებულ
ძირითად პრინციპებს.

ნატოს სტანდარტიზაციის პროცესის უზრუნველყოფა, ნატოს


სტანდარტიზაციის პრინციპების დანერგვა და ნატოში ინტეგრაცია სამინისტროს
უმნიშვნელოვანეს მიზანს წარმოადგენს. ამდენად, სამინისტროს პრიორიტეტია
სამინისტროს სისტემაში ნატოსთან თავსებადი სტანდარტიზაციის მართვის სისტემის
დანერგვა, ნატოსთან თავსებადი სტანდარტიზაციისათვის აუცილებელი
ღონისძიებების დაგეგმვა და პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავება. ზემოაღნიშნული
აქტივობები უნდა დაიგეგმოს და განხორციელდეს სამინისტროს თავდაცვის
მდგრადობის უზრუნველყოფის დეპარტამენტის მიერ.

სტანდარტიზაციის კონცეპტუალური ჩარჩოს ჩამოყალიბება ხელს შეუწყობს


დეპარტამენტს გააცნოს თავდაცვის სამინისტროს სისტემას სტანდარტიზაციის არსი.
გარდა ამისა, კონცეფცია იქნება ერთ-ერთი ძირითადი ბაზისი, რომლის საფუძველზეც
დეპარტამენტი შეიმუშავებს პოლიტიკის ძირითად დოკუმენტებს, რაც, თავის მხრივ,
დაეხმარება თავდაცვის სამინისტროს სისტემას, როგორც საქართველოს თავდაცვის
ძალების საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებასა და ამაღლებაში, ისე სამინისტროს
სისტემაში გადაწყვეტილების მიღების პროცესის ეფექტიანობაში, სამუშაოს
შესრულების ხარისხის გაუმჯობესებაში, ბიუროკრატიის შემცირებასა და შიდა
კონტროლის სისტემის გაძლიერებაში.

გარდა ზემოაღნიშნულისა, სტანდარტიზაციის მართვის სისტემის დანერგვა და


შესაბამისი პოლიტიკის დოკუმენტების არსებობა/შემუშავება, დაეხმარება სამინისტროს
სისტემას პრიორიტეტული სტანდარტების იდენტიფიცირებაში, მათი დანერგვის
სამოქმედო გეგმის შემუშავებაში, სტანდარტების განახლების პროცესის ხელშეწყობაში
და იმ მინიმალურ მოთხოვნათა პაკეტის განსაზღვრაში, რაც კრიტიკულად
აუცილებელია ნატოსთან თავსებადობის მისაღწევად.

სტანდარტიზაციის სახელმძღვანელო დოკუმენტი 1


1. ტერმინთა განმარტებები

ა) სტანდარტიზაცია - კონცეფციების, დოქტრინების და პროცედურების შემუშავება და


დანერგვა, რათა მიღწეულ და მხადრაჭერილ იქნეს შესაბამისობის,
ურთიერთჩანაცვლებისა და ერთობლიობის მოთხოვნილი დონე, რაც აუცილებელია
ოპერატიული, პროცედურული, მატერიალური და ადმინისტრაციული
თავსებადობისა და მულტინაციონალური თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად.

ბ) თავსებადობა - შესაძლებლობა, თანმიმდევრული, ქმედითი და ეფექტიანი


მოქმედებებით, მიღწეულ იქნეს ტაქტიკური, ოპერატიული და სტრატეგიული
მიზნები.

გ) STANAG – (სტანდარტიზაციის შეთანხმება - სტანაგი) - ნატო-ს სტანდარტიზაციის


დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს ალიანსის წევრი ქვეყნების შეთანხმებას,
გარკვეული სტანდარტ(ებ)ის სრულად ან ნაწილობრივ განხორციელებაზე, დათქმით
ან დათქმის გარეშე, თავსებადობის მოთხოვნათა მიღწევის მიზნით.

დ) STANREC (სტანდარტიზაციის რეკომენდაცია - სტანრეკი) - ნატო-ს


სტანდარტიზაციის დოკუმენტი, რომელიც გამოიყენება მხოლოდ სტანდარტიზაციის
მატერიალურ სფეროში და მოიცავს არა მხოლოდ ნატოს სტანდარტებს. აღნიშნული
დოკუმენტი რელევანტურია ალიანსის კონკრეტული საქმიანობისთვის და არ არის
კავშირში ურთიერთთავსებადობასთან.

ე) კატალოგი - დოკუმენტი, რომელიც გამოიყენება სტანდარტიზაციის პროცესში


სტანდარტების შემუშავების, გამოყენებისა და იმპლემენტაციისათვის.

ვ) ნატო-ს სტანდარტიზაციის ოფისი (NSO) - დამოუკიდებელი ოფისი, რომელიც


ახორციელებს ნატოს სტანდარტიზაციის აქტივობათა ინიცირებას, კოორდინაციას,
მხარდაჭერასა და ადმინისტრირებას, ახდენს ნატოს სტანდარტიზაციის
დოკუმენტების გამოქვეყნებასა და მათთან დაკავშირებული მონაცემთა ბაზის
მართვას.

სტანდარტიზაციის სახელმძღვანელო დოკუმენტი 2


2. რეგულირების სფერო

სტანდარტიზაციის კონცეფცია ადგენს სამინისტროს სისტემის ოპერატიულ,


მატერიალურ, ტაქტიკურ და ადმინისტრაციულ თავსებადობას ნატოსა და ევროკავშირის
სტანდარტებთან; ითვალისწინებს საქართველოს მიერ ნაკისრ ეროვნულ და
საერთაშორისო, მათ შორის, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით განსაზღვრულ
ვალდებულებებს და ვრცელდება სამინისტროს სისტემაზე.

კონცეფცია ხელს უწყობს სამინისტროს სისტემას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში


განახორციელოს შესაბამისი საქმიანობა ნატოსთან თავსებადობის მისაღწევად
სტანდარტიზაციის მიმართულებით. კონცეფცია ეფუძნება „თავდაცვის სამინისტროს
ხედვა 2030-ს,“ „თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2021-2025-ს,“ ნატოს
სტანდარტიზაციის ძირითად დოკუმენტებსა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით
განსაზღვრული ინიციატივების ამოცანებს.

სტანდარტიზაციის სახელმძღვანელო დოკუმენტი 3


3. მიზანი

სტანდარტიზაციის კონცეფციის მიზანია, სამინისტროს სისტემაში თავსებადობის მიღწევა


სტანდარტიზაციის მიმართულებით, რაც გულისხმობს სათანადო კონცეპტუალური
ჩარჩოს ჩამოყალიბებას, პრინციპების შემუშავებას, მათ დანერგვას, ძირითადი
მიმართულებებისა და პრიორიტეტების განსაზღვრასა და განხორციელებას ნატოს
სტანდარტიზაციის კუთხით.

სამინისტროში სტანდარტიზაციის სისტემის დანერგვის მიზანია ნატოსთან


თავსებადობის მიღწევა; პროდუქტის, პროცესის ან/და მომსახურების შესაბამისობის
განსაზღვრა; ურთიერთმონაცვლეობისა და საერთო ინტერესების, მიზნებისა და
მახასიათებლების უზრუნველყოფა.

სტანდარტიზაციის სახელმძღვანელო დოკუმენტი 4


4. პრინციპები

ნატოს სტანდარტიზაციის პრინციპები ვრცელდება, როგორც სამინისტროს სისტემის


მართვის პროცესებზე, ისე პერსონალის კომპეტენციაზე, შესაძლებლობების
განვითარებაზე, კვლევებსა და კომუნიკაციაზე.

სამინისტროს სისტემაში, ნატოსთან თავსებადი სტანდარტიზაციის სისტემა ეფუძნება


შემდეგ პრინციპებს:

ა) სტანდარტიზაციის დროულობა - სტანდარტიზაციის პროცესში ჩართული მხარები


უნდა უზრუნველყოფდნენ დროის ეფექტიანად გამოყენებას ნატოს სტანდარტიზაციის
დოკუმენტების შედგენის, გამოყენებისა და მხარდაჭერისას;

ბ) გამჭვირვალობა:

ბ.ა)სტანდარტიზაციის დოკუმენტის შედგენის გამჭვირვალობა - ნატოს


სტანდარტიზაციის დოკუმენტის (როგორიცაა: სტანაგი, სტანრეკი, სხვადასხვა
სტანდარტი, სტანდარტთან დაკავშირებული კატალოგი, სახელმძღვანელო და სხვა)
შექმნისა და მართვის პროცესის გამჭვირვალობა გულისხმობს, დოკუმენტის შექმნის
და მათი მართვის პროცესში დაინტერესებული მხარეებისა და სტანდარტიზაციის
თემატური ექსპერტების თანაბარი მონაწილეობის შესაძლებლობას, როგორც ალიანსის
შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. ასევე, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა
ფუნდამენტური პრინციპების ხელშეუხებლობას, როგორიცაა ხმის უფლებით
სარგებლობა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა.

ბ.ბ) ინფორმაციის გამჭვირვალობა - ნატოს არაკლასიფიცირებული (არასაიდუმლო)


სტანდარტიზაციის დოკუმენტების/შეთანხმებების ხელმისაწვდომობის პროცესში,
სამინისტრო მოქმედებს ღიად, უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის მოპოვების
შესაძლებლობას დაინტერესებული მხარისათვის, კანონმდებლობით დადგენილი
წესით, ახდენს დაგეგმილ და განხორციელებულ აქტივობათა შესახებ ანგარიშგებას
ინსტიტუციურ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე. ნატოს კლასიფიცირებული
სტანდარტიზაციის დოკუმენტების/შეთანხმებების ხელმისაწვდომობა დაშვებულია
მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ინფორმაციის მიმღები პირი/ორგანიზაცია
აღჭურვილია შესაბამისი უფლებამოსილებით და აქვს საიდუმლო ინფორმაციაზე
წვდომა/დაშვება.

გ) ნებაყოფლობითობა - ნატოს სტანდარტიზაციის დოკუმენტთან მიერთება, მისი


გამოყენება და სტანდარტიზაციის პროცესში მონაწილეობა ემყარება მხარის
ნებაყოფლობითობის პრინციპს, რაც გულისხმობს ალიანსის წევრი ან/და პარტნიორი
ქვეყნის უფლებას, თავსებადობის მიღწევის მიზნით, განახორციელოს ისეთი ქმედება,
რომელიც გულისხმობს სტანდარტის სრულად ან ნაწილობრივ აღიარებას, დათქმით
ან დათქმის გარეშე მიღებას ან მის არგუმენტირებულ უარყოფას.

სტანდარტიზაციის სახელმძღვანელო დოკუმენტი 5


დ) სამოქალაქო სტანდარტების გამოყენების შესაძლებლობა - შესაძლებელია,
გამოყენებულ იქნეს სამოქალაქო სტანდარტ(ებ)ი, თუ ასეთი შეესაბამება ნატოს
მიზნებს და არ არსებობს არასასურველი ურთიერთქმედება სტანდარტების
გამოყენების პროცესში. ასეთი სტანდარტების გამოყენების შემთხვევაში
აუცილებელია, დაცულ იქნას, საავტორო და ინტელექტუალური საკუთრების
უფლებები.

ე) თანმიმდევრულობა და შეთანხმებულობა - ნატოს სტანდარტიზაციის მართვა


გულისხმობს სტანდარტების დანერგვას თანმიმდევრულად, სახელმწიფო
ინტერესებიდან გამომდინარე და მისი მართვის პროცესთან დაკავშირებულ
შეთანხმებულ და ეტაპობრივ მოქმედებას, რაც გულისხმობს ნატოს სტანდარტიზაციის
ოფისთან და დაინტერესებულ მხარეებთან მჭიდრო თანამშრომლობას.
თანმიმდევრულობა და შეთანხმებულობა, ეროვნული ინტერესების პერსპექტივიდან
გამომდინარე, გულისხმობს ნატოს სტანდარტების განხილვას ეროვნული
ინტერესების ჭრილში, ადაპტაციისათვის მოსამზადებელი პროცედურების გავლას,
სტანდარტის ადაპტაციას, გაცხადებას, მისი აღსრულების მონიტორინგს და
სტანდარტიზაციის შეთანხმებების გადახედვა-განახლების პროცესის
ზედამხედველობას. პროცესის თანმიმდევრულობა ასევე მოიცავს პროცედურული
ნაწილის განხორციელებას, რაც გულისხმობს სტანდარტიზაციის შეთანხმებასთან
სრულად და უპირობო მიერთებას, ნაწილობრივ აღიარებას და/ან მიერთებას
დათქმით, განხილვას და არგუმენტირებულ უარყოფას.

ვ) ტერმინოლოგიის ცოდნის ვალდებულება - ნატოს ტერმინოლოგიის გამოყენება


გულისხმობს, საყოველთაოდ შეთანხმებული, ზუსტად განსაზღვრული, მკაფიო,
კონკრეტული, თანმიმდევრული, გენდერულად ნეიტრალური და ორენოვანი
(ინგლისური/ფრანგული) ტერმინების გამოყენებას. ტერმინოლოგიის განახლება და
შესწორებების განხორციელება უნდა ხდებოდეს ნატოს დირექტივების შესაბამისად.
ნატოს სტანდარტიზაციის დოკუმენტებში გამოყენებულ უნდა იქნას ნატოსთან
შეთანხმებული ტერმინოლოგია.

ზ) განხორციელების ვალდებულება - ნატოს სტანდარტიზაციის შეთანხმებების


განხორციელება უნდა ხდებოდეს სტანდარტიზაციის შეთანხმებებთან მიერთებით,
ალიანსის მიზნებისა და საჭიროებების შესაბამისად. მოკავშირე/პარტნიორმა
სახელმწიფოებმა, იმპლემენტაციის თაობაზე, ინფორმაცია უნდა მიაწოდონ ნატოს.
ასევე, მნიშვნელოვანია მონიტორინგის განხორციელება უფლებამოსილი პირების
მიერ/ჩართულობით, რათა საჭიროების შემთხვევაში, დაეხმარონ
მოკავშირე/პარტნიორ ქვეყნებს მიიღონ და განახორციელონ ისეთი აუცილებელი
სტანდარტები, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ნატოს თავდაცვის
პრიორიტეტების დაგეგმვისას/განხორციელებისას.

თ) ანგარიშვალდებულება - ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით განსაზღვრული


ინიციატივის შესაბამისად, სამინისტრო, სტანდარტიზაციის კუთხით
განხორციელებულ აქტივობათა შესახებ, ანგარიშვალდებულია ინსტიტუციურ

სტანდარტიზაციის სახელმძღვანელო დოკუმენტი 6


დონეზე.

5. ნატოს სტანდარტიზაციის დოკუმენტები

ნატოს სტანდარტიზაციის ძირითად დოკუმენტებს წარმოადგენს ნატოს


სტანდარტიზაციის დოკუმენტების შესახებ დირექტივა AAP-03, მოკავშირეთა ერთიანი
დოქტრინა AAP-47, სტანდარტიზაციის შეთანხმებები (STANAGs), სტანდარტიზაციის
რეკომენდაციები (STANRECs), ნატოს სტანდარტები, არამხოლოდ ნატოს (Non-NATO
Standards) სტანდარტები, სამოქალაქო სტანდარტები, თავდაცვის სტანდარტები, ნატოს
მოკავშირეთა პუბლიკაციები, ნატოს ტერმინოლოგიის სახელმძღვანელო, კატალოგები და
სხვა, რაც აუცილებელია სტანდარტიზაციის პროცესში სტანდარტების შემუშავების,
გამოყენებისა და იმპლემენტაციისათვის.

6. სტანდარტიზაციის დონეები

ნატოს სტანდარტიზაციას, თავსებადობის უზრუნველსაყოფად,


გააჩნია შემდეგი დონეები:

1. შესაბამისობა (compatibility) – პროდუქტების, პროცესების ან მომსახურებების


შესაბამისობა, კონკრეტულ პირობებში მათი ერთად გამოყენება და არასასურველი
ურთიერთქმედების გარეშე შესაბამის მოთხოვნათა/საჭიროებათა უზრუნველყოფა.

2. ურთიერთმონაცვლეობა (interchangeability) – ერთი პროდუქტის, პროცესის ან


მომსახურების ჩანაცვლების შესაძლებლობა, იმავე მოთხოვნათა შესრულების
მიზნით.

3. საერთოობა (commonality) - მდგომარეობა, როცა გამოყენებულია ერთი და იგივე


დოქტრინა, პროცედურები ან მოწყობილობები.

სტანდარტიზაციის სახელმძღვანელო დოკუმენტი 7


7. ძირითადი მიმართულებები და ამოცანები

1. სამინისტროს სისტემაში, სტანდარტიზაციის ძირითად


მიმართულებებს წარმოადგენს:

ა) ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებათან ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში


თანამშრომლობა;

ბ) სწავლება, განვითარება და კვალიფიციური კადრების გადამზადება წვრთნებისა და


განათლების გზით;

გ) ნატოს ტრენინგებსა და სასწავლო/საორიენტაციო პროგრამებში მონაწილეობა;

დ) ნატოს სტანდარტიზაციის ოფისთან თანამშრომლობა;

ე) ნატოს წევრ ქვეყნებთან თავსებადობის უზრუნველყოფა.

2. სტანდარტიზაციის ძირითადი ამოცანებია:

ა) სტანდარტიზაციის მართვის სისტემის დანერგვა - სამინისტროს ერთ-ერთ


მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის
ხელშემწყობი სტანდარტიზაციის მართვის სისტემის დანერგვა, რაც გულისხმობს
სტანდარტებისა და მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის დაუბრკოლებლად
მიმოცვლას ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციისა და
ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებთან, მონაცემთა გაცვლის ყველა მოთხოვნის
დაცვით;

ბ) თავსებადობის მიღწევა - ნატოში ინტეგრირების მიზნით, სამინისტროს ერთ-ერთი


უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია ნატოს წევრ ქვეყნებთან ოპერატიული,
მატერიალური, ტაქტიკური და ადმინისტრაციული კუთხით თავსებადობა;

გ) ცნობიერების ამაღლება - სამინისტროს სისტემის პერსონალისათვის


რეგულარულად ჩატარდეს ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები, მათ შორის,
საინფორმაციო შეხვედრები, პრეზენტაციები, ტრენინგები, ლექციები, რომელიც
დაკავშირებულია სტანდარტიზაციის საკითხებთან, სტანდარტიზაციის
მნიშვნელობასთან, სამინისტროს სისტემის შესაბამისი პოლიტიკისა და მექანიზმების
შესახებ ინფორმაციასთან;

სტანდარტიზაციის სახელმძღვანელო დოკუმენტი 8


დ) ნატოს მისიებში მონაწილეობა - ნატოს-საქართველოს თანამშრომლობისა და
ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, მნიშვნელოვანია საქართველოს
თავდაცვის ძალების ჩართულობა და მონაწილეობა ნატოს მისიებში;

ე) სამართლებრივი ჰარმონიზაცია - ნატოსა და ევროკავშირის სტანდარტებთან


თავსებადობის მიზნით, მნიშვნელოვანია, შესაბამისი ინიციატივის განხორციელება
და სტანდარტიზაციისათვის ხელსაყრელი პოლიტიკის დოკუმენტის შექმნა,
რომელიც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს უწყებათშორის ჩართულობას
სტანდარტიზაციის განხორციელების პროცესში.

8. განხორციელება, მონიტორინგი და შეფასება

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის მდგრადობის უზრუნველყოფის


დეპარტამენტი უზრუნველყოფს აღნიშნული კონცეფციის, საერთაშორისო
ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, „თავდაცვის სამინისტროს ხედვა 2030-ის,“
თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2021-2025-ის,“ ნატოს სტანდარტიზაციის
ძირითადი დოკუმენტებისა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის კომპეტენციას
მიკუთვნებული ვალდებულებების სრულად განხორციელებას.

სტანდარტიზაციის კონცეფციით განსაზღვრული საკითხების აღსრულების,


მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების სტანდარტებისა და სპეციფიკაციების
შემუშავების პროცესს წარმართავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის
მდგრადობის უზრუნველყოფის დეპარტამენტი, რომელიც, ასევე, ზედამხედველობას
უწევს კონცეფციით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგს
და სამინისტროს სისტემაში, სტანდარტიზაციის შესახებ ინფორმაციის მოპოვების,
მასზე წვდომის, გაცემის ან სტანდარტიზაციის საკითხებთან დაკავშირებული
სხვადასხვა მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, ახდენს რეაგირებას დეპარტამენტის
დებულების შესაბამისად.

სტანდარტიზაციის კონცეფციის ამოცანების შესრულება მხარდაჭერილი იქნება


სამინისტროს სისტემაში სტანდარტიზაციის მართვის განხორციელების სამოქმედო
გეგმით, რომელსაც შეიმუშავებს და საჭიროებისამებრ განაახლებს სამინისტროს
თავდაცვის მდგრადობის უზრუნველყოფის დეპარტამენტი.

აღნიშნული კონცეფციის განხორციელებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით,


სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ნატოს წევრ ქვეყნებთან, საერთაშორისო და
ადგილობრივ ორგანიზაციებთან/უწყებებთან.

ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით განსაზღვრული ინიციატივის შესაბამისად,


სამინისტრო სტანდარტიზაციის კუთხით შესრულებულ აქტივობათა შეფასებას
ახორციელებს ინსტიტუციურ და საერთაშორისო დონეზე.

სტანდარტიზაციის სახელმძღვანელო დოკუმენტი 9


სტანდარტიზაციის სახელმძღვანელო

2023

სტანდარტიზაციის სახელმძღვანელო დოკუმენტი 10


წინასიტყვაობა

ნატო-ს წარმატების ფუნქციონირების ქვაკუთხედს წარმოადგენს ალიანსის წევრი და


მოკავშირე ქვეყნების მიერ ერთად ეფექტურად და ეფექტიანად მუშაობის უნარი.
მრავალეროვნული ოპერაციების განსახორციელებლად, აუცილებელია, ნატო-ს წევრმა და
მოკავშირე ქვეყნებმა გაიზიარონ სტანდარტების საერთო ჯგუფი/ნაკრები - წესები და/ან
სახელმძღვანელო მითითებები, რომლებიც უზრუნველყოფენ ურთიერთგაგებასა და
პრაქტიკულ ფუნქციონირებას. ასეთი სტანდარტები და სახელმძღვანელოები მოიცავენ
ყველა მნიშვნელოვან კომპონენტს, დაწყებული საბრძოლო მასალის ზომიდან,
დამთავრებული სიტყვებით, ანუ ტერმინოლოგიით, რომლებსაც ჯარები იყენებენ
ერთმანეთთან კომუნიკაციის დასამყარებლად. სტანდარტიზაცია ეხმარება ნატო-ს წევრი
ქვეყნებისა და პარტნიორების თავდაცვის ძალებს მიაღწიონ ფუნქციურ თავსებადობას,
რათა მოხდეს რესურსების მაქსიმალურად ეფექტიანი გამოყენება და მიღწეულ იქნეს
ალიანსის ოპერატიული ეფექტურობა.

სტანდარტიზაციის სახელმძღვანელო დოკუმენტი 11


სარჩევი

შესავალი...............................................................................................................................................13
1. რეგულირების სფერო და ამოცანები..........................................................................................14
2. ნატო-ს სტანდარტიზაციის პროცესი..........................................................................................15
2.1 სტანდარტიზაციის სფეროები ..............................................................................................15

2.2 ელექტრონული ანგარიშის სისტემა (E-Reporting System)………………………………16

2.3 უწყებათშორისი თანამშრომლობა........................................................................................17

2.4 ხელშემშლელი ფაქტორები ...................................................................................................18

3. პრობლემის გადაჭრის გზები და რეკომენდაციები.................................................................19


4. დასკვნა..............................................................................................................................................22

სტანდარტიზაციის სახელმძღვანელო დოკუმენტი 12


შესავალი

ნატო-ს სტანდარტიზაცია, როგორც მუდმივი პროცესი, გულისხმობს პროცედურების,


დიზაინის, კონცეფციის, დოქტრინებისა და ტერმინოლოგიის შემუშავებას, მათ
გამოქვეყნებასა და აღსრულებას იმ საჭიროებათა გათვალისწინებით, რაც აუცილებელია
მოკავშირეთა მოთხოვნების ფუნქციური თავსებადობისა და მულტინაციონალური
თანამშრომლობისათვის.

ფუნქციური თავსებადობა არის შესაძლებლობა, მოკავშირეთა თანმიმდევრული, ქმედითი


და ეფექტიანი მოქმედებებით მიაღწიო ტაქტიკურ, ოპერატიულ და სტრატეგიულ
მიზნებს. ნატო-ს სტანდარტიზაცია ხელს უწყობს ალიანსის წევრ და მოკავშირე ქვეყნებს,
ფუნქციური თავსებადობის გაძლიერებით უფრო მყარი და ეფექტიანი გახადონ ალიანსის
თავდაცვისუნარიანობა.

ფუნქციური თავსებადობის არსიდან გამომდინარე, სტანდარტიზაცია არის არა


თვითმიზანი, არამედ ხელშემწყობი ინსტრუმენტი და შესაძლებლობათა მნიშვნელოვანი
მულტიპლიკატორი.

სტანდარტიზაციის პროცესის განსახორციელებლად, ნატო-ში შეიქმნა ნატოს


სტანდარტიზაციის ოფისი (NSO), რომელიც თავისი სტრუქტურით, ფუნქციებით,
შემუშავებული დოკუმენტებით, დირექტივებითა და სისტემებით მოიცავს
სტანდარტიზაციის მართვის სისტემის განხორციელებისთვის საჭირო მიმართულებებს
და ეხმარება როგორც ალიანსის წევრ, ისე მოკავშირე ქვეყნებს სწორი პროცედურული და
მართვის სისტემის ხელშემწყობი პოლიტიკის განხორციელებით მიაღწიონ ფუნქციურ
თავსებადობას.

სტანდარტიზაციის სახელმძღვანელო დოკუმენტი 13


1. რეგულირების სფერო და ამოცანები

სტანდარტიზაციის მართვის სისტემა ადგენს სამინისტროს სისტემის ოპერატიულ,


მატერიალურ და ადმინისტრაციულ თავსებადობას ნატოსა და ევროკავშირის
სტანდარტებთან; ითვალისწინებს საქართველოს მიერ ნაკისრ ეროვნულ და
საერთაშორისო, მათ შორის, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით განსაზღვრულ
ვალდებულებებს და ვრცელდება სამინისტროს სისტემაზე.

სტანდარტიზაციის პროცესის განხორციელება ხელს უწყობს სამინისტროს სისტემას,


შესაბამისი აქტივობების დაგეგმვითა და მათი აღსრულებით მიიღწეს ნატოსთან
თავსებადობა, რაც ეფუძნება „თავდაცვის სამინისტროს ხედვა 2030-ს,“ „თავდაცვის
სტრატეგიული მიმოხილვა 2021-2025-ს,“ ნატოს სტანდარტიზაციის ძირითად
დოკუმენტებსა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით განსაზღვრული
ინიციატივების ამოცანებს.

სამინისტროს სისტემაში ამოცანათა განხორციელების მიზნით

1. აუცილებელია დაინერგოს ნატოსთან თავსებადი სტანდარტიზაციის მართვის


სისტემა, რათა უზრუნველყოფილ იქნეს შესაბამისი პროცესების მართვა და მათი
შემდგომი მონიტორინგი.

2. მნიშვნელოვანია, მოხდეს სტანდარტიზაციის მართვის სისტემის განვითარების


პოლიტიკის შემუშავება და განხორციელდეს მისი აღსრულების ზედამხედველობა.

3. სტანდარტიზაციის მართვის სისტემის გამართულად ფუნქციონირებისა და


შემდგომი განვითარების უზრუნველყოფის მიზნით, საჭიროა დაიგეგმოს
შესაბამისი საკონსულტაციო და სასწავლო ღონისძიებები, რაც გააღრმავებს
ეროვნულ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობასა და
უწყებათშორის კავშირებს.

4. კრიტიკულად მნიშვნელოვანია სტანდარტიზაციასა და თავსებადობასთან


დაკავშირებული გამოწვევების იდენტიფიცირება და მათი დაძლევის მიზნით
კონკრეტული ძალისხმევების შემუშავება/შემუშავების კოორდინაცია.

სტანდარტიზაციის სახელმძღვანელო დოკუმენტი 14


2. ნატო-ს სტანდარტიზაციის პროცესი

ნატო-ს სტანდარტიზაციის პროცესის განხორციელებისთვის, პირველ ეტაპზე,


მნიშვნელოვანია, მოხდეს მოთხოვნის იდენტიფიცირება, რასაც მოყვება მოთხოვნის
დადასრუტერება და შესაბამის დავალებათა შემუშავება. დავალებათა შემუშავების
შემდგომ, ხდება სტანდარტიზაციის დოკუმენტის რატიფიცირება/დამტკიცება და
გამოქვეყნება. ბოლო ეტაპია სტანდარტების გამოყენება/განხორციელება და
საჭიროებისამებრ, მათი გადახედვა.

ფაზა 1 ფაზა 2 ფაზა 3 ფაზა 4/5 ფაზა 6 ფაზა 7

მოთხოვნების მოთხოვნების სტანდარტ. რატიფიკაცია/ სტანდარტების გადახედვა


იდენტიფიცირება დადასტურება დოკუმენტების დამტკიცება და განხორციელება/
და შემუშავება გამოქვეყნება გამოყენება
დავალებების
შემუშავება

2.1 სტანდარტიზაციის სფეროები

ნატო-ს სტანდარტიზაციის მართვის სისტემას გააჩნია სტანდარტიზაციის შემდეგი


სფეროები:

ოპერატიული - ოპერატიული სფერო მოიცავს ნატო-ს სტანდარტიზაციის დოკუმენტებს,


რომლებიც განსაზღვრავენ კონცეპტუალურ, ორგანიზაციულ ან მეთოდოლოგიურ
მოთხოვნებს, რაც საშუალებას იძლევა მასალები, დანადგარები, მოწყობილობები,
ორგანიზაციები ან სამხედრო ძალები იყვნენ ურთიერთთავსებადნი ფუნქციებისა და
მისიების განხორციელების დროს.

მატერიალური - მატერიალური სფერო მოიცავს ნატოს სტანდარტიზაციის ისეთ


დოკუმენტებს, რომლებიც განსაზღვრავენ მასალების საერთო ტექნიკურ მოთხოვნებს
მათი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში. მატერიალური სფერო შესაძლოა მოიცავდეს
სისტემებს, მათ შორის ბრძანებისა და კონტროლის (C3) სისტემებს, იარაღის სისტემებს,
ქვესისტემებს, ინტერფეისებს, შემადგენელ კომპონენტებს, სათადარიგო ნაწილებს, სახარჯ
მასალებს, საბრძოლო მასალებს, საწვავს და სხვ.

ადმინისტრაციული - ადმინისტრაციული სფერო მოიცავს ნატო-ს სტანდარტიზაციის


ისეთ დოკუმენტებს, რომლებიც ხელს უწყობენ ალიანსის ადმინისტრაციას სხვადასხვა

სტანდარტიზაციის სახელმძღვანელო დოკუმენტი 15


საკითხებში, როგორიცაა, ტერმინოლოგია, ფინანსები, ადამიანური რესურსები, სამხედრო
წოდებები და სხვ.

ოპერატიული
დოქტრინა
ტაქტიკა/ტაქტიკები, ტექნიკები და პროცედურები

მატერიალური
საბრძოლო სისტემები და ქვესისტემები
C3 სისტემები
ინტერფეისები
კომპონენტები, სათადარიგო ნაწილები და სახარჯო მასალები

ადმინისტრაციული
ტერმინოლოგია
ადამიანური რესურსები
სამხედრო წოდებები

2.2 ელექტრონული ანგარიშის სისტემა (E-Reporting System)

სტანდარტიზაციის პროცესის სწორად განხორციელების ერთ-ერთ მნიშვნელოვან


კომპონენტს წარმოადგენს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის შესაბამისი
უკუკავშირის არსებობა სტანდარტიზაციის მიმართულებით. ზემოხსენებული უნდა
მოიცავდეს შესრულებულ დავალებათა, განხორციელებულ აქტივობათა, დანერგილ
და გამოყენებულ სტანდარტთა, გამოწვევათა, საჭიროებათა და დაბრკოლებათა
შესახებ ინფორმაციას, რაც საშუალებას მისცემს სამინისტროს მდგრადობის
უზრუნველყოფის დეპარტამენტს, წარმოდგენილ ინფორმაციაზე დაყრდნობით,
კომპეტენციის ფარგლებში, მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.

გარდა ზემოაღნიშნულისა, ანგარიშის სისტემა, საშუალებას მისცემს დეპარტამენტს,


შესაბამისი ქვედანაყოფებიდან მიიღოს სტანდარტის/სტანაგის აღსრულებასთან
დაკავშირებით ანგარიში, მოახდინოს მისი ანალიზი და სტანაგ(ებ)ის იმპლემენტაციის
სტატუსთან დაკავშირებული ინფორმაცია მიაწოდოს როგორც თავდაცვის
სამინისტროს, ასევე ნატოს სტანდარტიზაციის ოფისს ელექტრონული ანგარიშის
სისტემით. სტანდარტების გამოყენებისა და მათი დანერგვის სტატუსის შესახებ
ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ხელს შეუწყობს სტანდარტების მონაცემთა ბაზის
დახვეწას, სისტემატიზაციას, ცვლილებების ასახვასა და პროგრამაში სწორი

სტანდარტიზაციის სახელმძღვანელო დოკუმენტი 16


მონაცემების აკუმულირებას. მიზანშეწონილია, ქვედანაყოფების მიერ ელექტრონული
ანგარიშების მოწოდება ყოველკვარტალურად.

2.3 უწყებათშორისი თანამშრომლობა


სტანდარტიზაციის განხორციელების პროცესში მნიშვნელოვან როლს თამაშობს
უწყებათშორისი თანამშომლობის არსებობა, როგორც შიდაუწყებრივ, ისე გარე
უწყებათშორის და საერთაშორისო ფორმატში.

უწყებათშორისი თანამშრომლობა, როგორც პასუხისმგებლობის გაზიარების ფორმა


ხელს შეუწყობს სტანდარტიზაციის მიმართულებას მოახდინოს გამოწვევათა
იდენტიფიცირება, საჭირო აქტივობათა დაგეგმვა და პრიორიტეტულ მიმართულებათა
განსაზღვრა. უწყებათაშორისი თანამშრომლობის ეფექტურობა მნიშვნელოვნადაა
დამოკიდებული ინფორმაციის გაცვლასა და ურთიერთგაგებაზე, როგორც ცალკეული
სპეციალისტების, ისე უწყებების დონეზე. სპეციალისტებმა და სხვადასხვა
სამსახურებმა ერთობლივად უნდა დაგეგმონ და მოახდინონ სტანდარტიზაციის
მიმართულების ღონისძიებების კოორდინირება, რომელიც სარგებლისმომტანი იქნება
როგორც სამინისტროს სისტემისთვის, ისე საქართველოს თავდაცვის ძალების
საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებისა და ამაღლებისთვის.

უწყებათშორისი თანამშრომლობა და ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია,


როცა საქმე ეხება საფრთხეების იდენტიფიცირებას, სამხედრო ინდუსტრიასთან
დაკავშირებულ საკითხებს, თავდაცვის სტრატეგიულ დაგეგმვასა და სამხედრო-
სამოქალაქო ურთიერთობების კოორდინაციას. უწყებათშორისი თანამშრომლობის
ფორმატმა, პარტნიორი ქვეყნის მხარდაჭერის ნაწილში, შესაძლოა მოიცვას როგორც
სამართალდამცავი, ჯანდაცვის, სოციალური და საგანმანათლებლო სტრუქტურების
თანამშრომლობა, ისე შემოსავლების სამსახურის (მაგ:საბაჟო დეპარტამენტი) და სხვა
სახელმწიფო თუ არასამთავრობო/საერთაშორისო უწყებები.

უმნიშვნელოვანესია შესაბამისი ქვედანაყოფების, უწყებებისა თუ ორგანიზაციების


წარმომადგენლები მზად იყვნენ თანამშრომლობისათვის და გაუზიარონ ერთმანეთს
ინფორმაცია, რათა შესაბამისი ღონისძიება დროულად გატარდეს. ამის შემდეგ,
მნიშვნელოვანია, განხილულ იქნეს შესრულებული სამუშაოების შედეგები და მოხდეს
უკუკავშირისა და ანგარიშის მიწოდება ჩართული მხარეებისათვის სამომავლო
თანამშრომლობის გეგმის განსასაზღვრად.

შიდაუწყებრივი, უწყებათშორისი და საერთაშორისო თანამშრომლობის


თვალსაზრისით, სტანდარტიზაციის მიმართულების განვითარების ერთ-ერთ
მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატის
გაძლიერება ნატო-ს წევრ ქვეყნებთან, რაც საშუალებას მისცემს თავდაცვის
სამინისტროს სისტემას ადაპტირდეს ნატო-ს წევრი ქვეყნების გამოცდილებასთან,
გაიზიაროს მათი საუკეთესო პრაქტიკა და მოახდინოს შესაბამისი აქტივობების ასახვა
ორმხრივი თანამშრომლობის გეგმებში.

სტანდარტიზაციის სახელმძღვანელო დოკუმენტი 17


2.4 ხელშემშლელი ფაქტორები
დღეისათვის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სტანდარტიზაციის
ინიციატივის განხორციელების მთავარი პრობლემაა ხელმძღვანელი ქვეყნის
იდენტიფიცირების დაგვიანება, რაც აფერხებს სამინისტროს სისტემაში
სტანდარტიზაციის მართვის სისტემის დანერგვას და სტანდარტიზაციის მინიმალურ
მოთხოვნათა პაკეტის შემუშავებას. ხელმძღვანელი ქვეყნის დახმარებით
გაადვილდება მოკლევადიანი და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმების და სტრატეგიის
დოკუმენტის შემუშავება, ასევე სტანაგების დანერგვის, მათთან მიერთების,
განახლებისა და გადახედვის პროცესის ხელშეწყობა.

სტანდარტიზაციის გამოწვევები:

1. ადამიანური რესურსების ნაკლებობა;


2. ფინანსური რესურსების ნაკლებობა;
3. სტანდარტიზაციის მიმართულებით გადამზადებული კადრების
ნაკლებობა/არარსებობა;
4. ანგარიშგების სისტემის არარსებობა (Reporting/E-reporting systems);
5. უწყებათშორისი თანამშრომლობის ნაკლებობა/არარსებობა;

შენიშვნა 1: ფინანსური რესურსების კუთხით არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით,


მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის ფაქტი, რომ სტანდარტის განხორციელება, ძირთადად,
დაკავშირებულია ფინანსურ რესურსებთან და სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია
ზოგიერთი სტანაგის აღსრულების პროცესში შემუშავებულ იქნას გრძელვადიანი
სამოქმედო გეგმა, რომელიც უნდა მოიცავდეს ფინანსურ გრაფიკს.

შენიშვნა 2: ანგარიშგების სისტემის არარსებობა (Reporting/E-reporting systems).


ანგარიშგების სისტემის დანერგვა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც მისი
დახმარებით, თავდაცვის მდგრადობის უზრუნველყოფის დეპარტამენტს ექნება
შესაძლებლობა შესაბამისი ქვედანაყოფებიდან მიიღოს სტანდარტის/სტანაგის
აღსრულებასთან დაკავშირებით ინფორმაცია/ანგარიში, მოახდინოს მისი ანალიზი და
სტანაგ(ებ)ის იმპლემენტაციის სტატუსთან დაკავშირებული ინფორმაცია მიაწოდოს
როგორც თავდაცვის სამინისტროს, ასევე ნატოს სტანდარტიზაციის ოფისს
ელექტრონული ანგარიშის სისტემით (NSO E-reporting system).

შენიშვნა 3: უწყებათშორისი თანამშრომლობის ნაკლებობა/არარსებობა (ინიციატივის


სიახლიდან გამომდინარე). უწყებათშორისი თანამშრომლობა ხელს შეუწყობდა
სტანდარტიზაციის მნიშვნელობასთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებას.
უწყებათშორის თანამშრომლობას ართულებს ისიც, რომ სახელმწიფო უწყებებში არ
არსებობს სტანდარტიზაციის საკითხებზე მომუშავე ერთეულები (განყოფილება,
სამმართველო ან დეპარტამენტი)1.
1
სტანდარტების კუთხით მომუშავე ერთადერთ ორგანოს წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ - საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის
ეროვნული სააგენტო, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო სტანდარტების შესყიდვას, ხოლო მათი
დანერგვა ხორციელდება სხვადასხვა უწყებების მიერ, საჭიროებისამებრ, ევროკავშირის/საერთაშორისო
სტანდარტებთან ჰარმონიზაციის უზრუნველსაყოფად.

სტანდარტიზაციის სახელმძღვანელო დოკუმენტი 18


სტანდარტიზაციის ინიციატივის განხორციელების რისკებს წარმოადგენს:

1. სტანდარტიზაციაზე მომუშავე კადრების გადამზადების დროში გაჭიანურება;


2. სტანდარტების დანერგვით გამოწვეული ფასების ცვლა/გაზრდა, ბიუჯეტის
ცვლილება;
3. სტანდარტების განხორციელების პროცესის გაჭიანურება ფასების მოსალოდნელი
ცვლილების/ზრდის გამო;
4. სტანდარტების დანერგვის პროცესში ადგილობრივი ბაზრის შეუსაბამობა
(ბაზრის არასაკმარისი რესურსი);

3. პრობლემის გადაჭრის გზები და რეკომენდაციები

იმისათვის, რომ სტანდარტიზაციის მართვის სისტემამ შეძლოს გამართულად


ფუნქციონირება, აუცილებელია ისეთი ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, როგორიცაა
ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერება, როგორც შიდაუწყებრივი, ისე
უწყებათშორისი და საერთაშორისო ფორმატით.

მნიშვნელოვანია, რომ თავდაცვის მდგრადობის უზრუნველყოფის დეპარტამენტს


მჭიდრო კომუნიკაცია ჰქონდეს საქართველოს თავდაცვის ძალების სტრუქტურულ
ქვედანაყოფებთან, რათა ხელი შეუწყოს როგორც მათი საჭიროებების
იდენტიფიცირებას, ისე საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებასა და შენარჩუნებას.

მნიშვნელოვანია, თავდაცვის მდგრადობის უზრუნველყოფის დეპარტამენტმა,


სტანდარტიზაციის მართვის სისტემის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, შეაფასოს
სამინისტროს სისტემაში არსებული მდგომარეობა და მოახდინოს გამოწვევათა და
საჭიროებათა იდენტიფიცირება. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად დეპარტამენტის
მიერ შეიქმნა თვითშეფასების დოკუმენტი, რომლის შევსებისა და დამუშავების
შემდგომ, შესაძლებელი გახდება გამოწვევათა დაძლევის პრაქტიკული ღონისძიებების
განსაზღვრა.

აუცილებელია, სამინისტროს სისტემაში არსებობდეს სტანდარტების გამოყენების


მონაცემთა ბაზა, რომლის საშუალებითაც გაადვილდება იმ სტანაგებზე წვდომის,
გადახედვა-განახლებისა და მონიტორინგის შესაძლებლობა, რომლებიც დანერგილია
თავდაცვის სამინისტროს სისტემაში და კრიტიკულად მნიშვნელოვანია თავდაცვის
ძალების ნატოსთან ფუნქციური თავსებადობისთვის.

მონაცემთა ბაზის უწყვეტი განახლება, თავის მხრივ, საშუალებას მისცემს თავდაცვის


მდგრადობის უზრუნველყოფის დეპარტამენტს, ჰქონდეს უწყვეტი ანგარიშგების
სისტემა (Reporting System), რომლის დახმარებითაც დეპარტამენტი ქვედანაყოფებიდან
მიიღებს ინფორმაციას სტანაგების გამოყენებასა და მათ აღსრულებასთან

სტანდარტიზაციის სახელმძღვანელო დოკუმენტი 19


დაკავშირებით, ხოლო შემდგომ შეჯამებულ ანგარიშს განათავსებს ნატოს
სტანდარტიზაციის ოფისის ელექტრონული ანგარიშგების სისტემაში.

მნიშვნელოვანია, მოხდეს იმ სტანდატრების/სტანაგების იდენტიფიცირება, რომელთა


დანერგვაც საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის წარმოადგენს ალიანსის წევრ
ქვეყნებთან კოორდინირებულად მუშაობის აუცილებელ წინაპირობას. აღნიშნულის
გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, შეიქმნას იმ სტანდარტების/სტანაგების
დანერგვის სამოქმედო გეგმა, რომლებიც იქნება შედეგის მომტანი გადასროლის,
მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის, საერთაშორისო მრავალეროვნული სწავლებებისა
და მისიების საკითხებში.

გარდა ზემოაღნიშნულისა, რეკომენდებულია მოხდეს თავდაცვის სამინისტროს


სისტემაში მომუშავე კადრების გადამზადება და ნატოს სტანდარტიზაციის ოფისთან
მჭიდრო თანამშრომლობით, უზრუნველყოფილ იქნას მათი მონაწილეობა ოფისის
მიერ ორგანიზებულ სწავლებებში. თავდაცვის მდგრადობის უზრუნველყოფის
დეპარტამენტის თანამშრომელთა სწავლება უნდა მოიცავდეს გადამზადებული
კადრების მიერ ინფორმაციის გავრცელებას თავდაცვის სამინისტროს სისტემაში
მომუშავე იმ თანამშრომლებისათვის, რომელთაც შესაძლოა უშუალო შეხება ჰქონდეთ
სტანდარტების გამოყენებასთან. აღნიშნული სწავლება, მიზანშეწონილია,
განხორციელდეს ე.წ. ToT, ანუ ტრენერთა ტრენინგის (Training of Trainers) პრინციპით,
რაც მნიშვნელოვანი იქნება ინფორმაციის ქვედა რგოლებამდე დაყვანის ეფექტიანი
პრაქტიკის დასანერგად.

იმის გამო, რომ ხელმძღვანელი ქვეყნის არარსებობამ გამოიწვია სტანდარტიზაციის


მინიმალურ მოთხოვნათა პაკეტის არქონა, პრობლემის დასაძლევად ძალისხმევა
მიმართული უნდა იქნას ალიანსის წევრი ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის
გაზიარებისკენ. აღნიშნული მიზნის მიღწევა შესაძლებელია როგორც ვიდეო-ტელე
კონფერენციებიდან (VTC ფორმატის შეხვედრები) მიღებული ცოდნის საფუძველზე,
ისე მობილური ტრენინგ ჯგუფების მიერ (MTT) დაგეგმილი აქტივობების ფარგლებში,
სადაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფების
წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ საერთო ფორმატში მიიღონ შესაბამისი
ინფორმაცია სხვა ქვეყნების საქმიანობასთან დაკავშირებით სტანდარტიზაციისა და
თავსებადობის საკითხებზე.

ზემოაღნიშნული რეკომენდაციების განხორციელებით, აქტივობათა შეჯამების


შემდგომ, შესაძლებელი იქნება მოკლე, საშუალოვადიანი და გრძელვადიანი
სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავება, რომელიც მოგვცემს საშუალებას,
განვსაზღვროთ, თუ როგორ და რა ვადებში იქნება შესაძლებელი კონკრეტული
ღონისძიებების დაგეგმვა და აღსრულება.

მნიშვნელოვანია, რომ სტანდარტიზაციის მართვის სისტემის დასანერგად და


განსახორციელებლად გადადგმული ნაბიჯები მოიცავდეს, როგორც შიდაუწყებრივ,
საერთაშორისო და უწყებათშორის ფორმატებს, რომლის ფარგლებშიც გაძლიერდება
მუშაობა, როგორც თავდაცვის სამინისტროს სსიპ-ებთან, ისე სხვა სახელმწიფო
დაწესებულებებთან, როგორიცაა, მაგალითად, საქართველოს სტანდარტებისა და
მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო,
მისი შესაბამისი დანაყოფები, შემოსავლების სამსახური და სხვა.

სტანდარტიზაციის სახელმძღვანელო დოკუმენტი 20


4. დასკვნა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის სტანდარტიზაცია, როგორც პროცესი და


მართვის სისტემა, ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. სტანდარტიზაცია
ხელს შეუწყობს სამინისტროს სისტემას, გაუმჯობესდეს და უფრო ეფექტიანი გახდეს
სამუშაოს შესრულების ხარისხი, შემცირდეს ბიუროკრატია და გაძლიერდეს შიდა
კონტროლის სისტემა. მნიშვნელოვანია, რომ ზემოაღნიშნული პოცესი, ასევე,
ხელშემწყობი ინსტრუმენტი იქნება ინსტიტუციური მეხსიერების სისტემის შექმნისათვის,
ჩამოყალიბდება შეფასების პროცესი და საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილე

სტანდარტიზაციის სახელმძღვანელო დოკუმენტი 21


ქვედანაყოფებს ექნებათ შესაძლებლობა, გახდნენ ნატოსთან თავსებადი, როგორც მაღალი
ხარისხის აღჭურვილობის, ისე საერთაშორისო სწავლებებისა და გადამზადების კუთხით.

სტანდარტიზაციის მართვის სისტემის დანერგვა საშუალებას მისცემს სამინისტროს


სისტემას (საქართველოს თავდაცვის ძალებსა და შესაბამის ქვედანაყოფებს), მოახდინონ
სტანდარტიზაციას მიკუთვნებულ საკითხთა იდენტიფიცირება, გააანალიზონ რომელ
ქვედანაყოფებში არსებობს პრობლემა სტანდარტების დანერგვის პროცესში და რა
გამოწვევების/საჭიროებების წინაშე დგას სამინისტრო სტანდარტიზაციის კუთხით.
ქვედანაყოფების მიერ სდანდარტიზაციის მნიშვნელობის გაცნობიერების შემდგომ,
ადვილი იქნება იმ მოთხოვნათა განსაზღვრა, რომელიც აუცილებელია ალიანსის წევრ
ქვეყნებთან ფუნქციური თავსებადობის მისაღწევად. აღნიშნული მოთხოვნების
აღსრულება, შესაძლოა, ჩამოყალიბდეს მოკლე, საშუალოვადიანი და გრძელვადიანი
სამოქმედო გეგმის სახით, აქტივობების იმპლემენტაციისათვის სავარაუდო დროის
მითითებით. გარდა ამისა, სტანდარტიზაციის მართვის სისტემის დანერგვა და შესაბამისი
პროგრამული უზრუნველყოფა საშუალებას მისცემს დეპარტამენტს, მოახდინოს
სტანდარტების მონაცემთა ბაზის დახვეწა, სისტემატიზაცია, ცვლილებების ასახვა და
პროგრამაში სწორი მონაცემების აკუმულირება.

სტანდარტიზაციის კონცეფციითა და სახელმძღვანელო დოკუმენტით განსაზღვრულ


ამოცანათა წარმატებით შესრულება და გამოწვევათა დაძლევა, საერთაშორისო
მხარდაჭერა, უწყებათშორისი ჩართულობა და სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან
კოორდინირებულად მუშაობა ხელს შეუწყობს საქართველოს თავდაცვის ძალების
საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებას, ამაღლებასა და მათ ფუნქციურ თავსებადობას
ნატოს სტანდარტებთან/მოთხოვნებთან.

სტანდარტიზაციის სახელმძღვანელო დოკუმენტი 22

You might also like