You are on page 1of 7

შარლ ბოდლერი “თრობა”

(თარგმანი ფრანგულიდან ზვიად გამსახურდიასი)

თრობას მიეძალე. თრობაა ყველაფერი. ეგ არის ხსნა ერთადერთი, რათა


არ შეიგრძნო ამაზრზენი ტვირთი დროისა, რომელიც დაგცემს, წელში
გაგტეხს. ჰოდა, ამადაც თრობას მიეძალე, გამოუნელებელს.

ჰო, მაგრამ რითი? ღვინით, პოეზიით, სიქველით, რითიც გენებოს,


ოღონდ იყავი მთვრალი.

და თუ ოდესმე კვლავ გამოფხიზლდები – სასახლის კიბეზე,


მდინარისპირა პატარა მდელოზე, თუ შენი ოთახის შემზარავ
სიმარტოვეში, – მაშინ ქარს, ტალღას, ვარსკვლავს, ჩიტს, საათს,
ყოველივეს, რაც დარბის, ან დაქრის, კვნესის ან მიედინება, ჰკითხე:
რომელი საათია? და მაშინ ქარი, ტალღა, ვარსკვლავი, ჩიტი, საათი
მოგიგებენ: თრობის საათია! თრობის და თავდავიწყების, რათა არ
ვეყმოთ, არ ვემონოთ დროს, არ შევიქმნათ მისი მარტვილნი; ამიტომ
მივეძალოთ დაუსრულებელს: ღვინით, პოეზიით, ან სიქველით –
წადილისამებრ.

ფრანგული პოეზია- შარლ ბოდლერი


შარლ ბოდლერი
***
ჩემი პირქუში, ბობოქარი ახალგაზრდობა-
ქარიშხლებისა და ვნებების ბნელი თარეში,
წვიმამ და ქარმა დაარბიეს ჩემი წალკოტი
და დამრჩა ბაღი ნაყოფის და ხილის გარეშე.
მეც ნისლიანი შემოდგომა მეწვია თურმე,
დავეხეტები გრძნობისა და ფიქრის ამარა,
წყალი თხრის ორმის, წყალი თხრის ორმოს,
ის უფრო ღრმაა ვიდრე სამარე.
და მე არ ვიცი, სად იპოვის მისტიურ საზრდოს
ნაზი ყვავილი სათუთი და სრულიად მარტო,
საფლავად ქცეულ დედამიწის უცხო სტუმარი.
დრო ჭამს სიცოცხლეს, ო, ტანჯვავ, ტანჯვავ,
დრო ჭამს სიცოცხლეს, საშველი არ ჩანს
და ჩვენი სისხლით იკვებება მტერი მდუმარე.

გაბზარული ზარი
რა მწარეა და მშვენიერი ზამთრის საღამოს
ცეცხლს შეჰყურებდე მოგიზგიზეს, ხარბს და ვნებიანს
და თან უსმენდე მოგონებებს-მკრთალს და საამოს,
ზარების ხმაზე ბინდ-ბუნდიდან როცა ჩნდებიან.
ო, რა კარგია, როცა ზარი ბებრულად მჭახე,
გადამალული შებინდების ლილისფერ ნისლში,
გარემოს ესვრის რელიგიურ იდუმალ ძახილს,
როგორც მოხუცი ჯარისკაცი, რომელიც ფხიზლობს.
და როცა ჩემს სულს-შეჭირვებულს-უზომოდ უნდა
აავსოს უცხო სიმღერებით ჰაერი სუფთა,
უცებ ბურუსში გაკრთებიან ბნელი თვალები,
და ყურში მწვდება იმ დაჭრილის ხმა უნუგეშო,
ველზე რომ დარჩა მკვდართა შორის სისხლის გუბეში
და კვდება მარტო, უსიტყვოდ და ნელი წვალებით.
ჩაფიქრება
ნუ შფოთავ აგრე ო, ტკივილო ჩემო, იყუჩე,
საღამოს გსურდა-ისიც დადგა, ნაზი, მიმქრალი,
წყვდიადის სული დაეუფლა ქალაქის ქუჩებს,
ზოგს მოუტანა სიმშვიდე და სხვას-საფიქრალი.
ვიდრე მოკვდავნი ადიდებენ ასეთი გზნებით
სიამოვნების-ამ უწყალო ჯალათის-მათრახს,
წადი, დაკრიფე სინანულის მწიფე მტევნები,
ჩემო ტკივილო, ჩვენ ამ ქვეყნად მარტო ვართ, ვაგლახ!
გავშორდეთ ყველას და შევხედოთ ამ წლებს გარდაცვლილთ,
ცის აივნებზე ძველ კაბებში ჩვენსკენ თავდახრილთ,
ო, მომღიმარი სინანული ამოდის ზღვიდან,
მზე- ჩამავალი-მთის გადაღმა კვდება, იცოდე,
ჩემო ძვირფასო, მოდი ხელი გამომიწოდე
და მოუსმინე ამ მშვიდ ღამეს, ჩამოსულს ციდან.

არატურ რემბოს ლექსები

განცდა
(ბაჩანა ჩაბრაძის თარგმანი)

მხოლოდ ცისფერი შეღამება შეღებავს ივნისს


და ბილიკებზე თავთავებით დავიჩხვლიტები,
მე – მეოცნებე ატირებულ ბალახში ვივლი
და შუბლს ბურუსში გამიგრილებს ქარის თითები.არც არაფერზე არ
ვიფიქრებ და ჩემს ვნებათა
სულში სიყვარულს უზენაესს დავუნთებ სანთლად
და შორს ვიქნები, ბოშასავით, შორს ბუნებასთან
კვლავ ბედნიერი ისე, როგორც საყვარელ ქალთან.

განცდა

(პაოლო იაშვილის თარგმანი)

ლურჯ საღამოთი, ზაფხულობით წავალ ფარულად,

სადაც ყანაა და ბალახით ავსილი ველი;

ფეხებთან ვიგრძნობ, რომ ბალახი მთლად დაცვარულა

და შევცურდები ქარში ზვავი და თავშიშველი.


ხმას არ გავიღებ... არ ვიფიქრებ... მაგრამ ძლიერი

ვნებით მევსება სიყვარულის უბე და კალთა;

და მივალ, როგორც დამშეული ბოჰემიელი,

და ბედნიერი ბუნაბასთან: ისე ვით ქალთან.

რუსი პოეტი სიმბოლისტები

ალექსანდრე ბლოკი

არის წუთები

(თარგმნა ბესო ხომერიკმა)

არის წუთები, როს არ გვახელებს


ჩვენი ცხოვრების ელვა და თქეში,
ვიღაცა მხრებზე დაგაწყობს ხელებს,
ვიღაც ჩაგხედავს გრძნობით თვალებში

და იმავე წამს უფსკრულს ეშვება


ყოველდღიური ჩვენი რუტინა,
და ცისარტყელად მოსული შვება,
სიჩუმით ხევზე, ხიდს სდებს უჩინარს.

მოვა მუსიკა, როგორც ნუგეში,


ქნარის ჰანგები მოიტანს იმედს,
გამოაღვიძებს სადღაც უბეში,
ჩვენი სულების დაჭიმულ სიმებს.

***
გაზაფხულის მიმწუხრია, ბინდდება,
შემეხება ტალღა ღამის სიგრილით,
გული რაღაც საოცრებას მპირდება,
ნაპირს ზვირთი გადაუვლის სირბილით.

მესმის მღერა შორეთიდან მოსული,


ისე ჩუმი, ვერც კი გამირკვევია,
თითქოს მოთქვამს იქ ვიღაც მარტოსული,
ხმას გაღმიდან სივრცე გაურღვევია.

ნუთუ ჩემი საიდუმლო ახდება,


ნუთუ შენ ხარ, შენ მეძახი შორეთში?
მიქანაობს ნავი, ტალღებს აწყდება,
თითქოს ლანდმაც გაიელვა მორევში.

გული ისევ საოცრებას დამპირდა,


ვიღაც მოდის! – გავიქცევი, დავხვდები,
შეძახილი ისევ გაღმა ნაპირთან,
გაზაფხულის მიმწუხრია, ლანდები.

კონსტანტინე ბალმონტის ლექსი

საქართველო

(თარგმნა პაოლო იაშვილმა)

ო, მაკოცე: მოდი მკოცნე, მკოცნე მალე,


შენი კოცნა ჩემთვის არის ნეტარება.
შავ თვალთ ცქერა არი ალის სიმხურვალე,
ეგ რაშის და არჩვის, ვეფხვის სულის გზნება,
და, ასულო, ხმაგრძნეული მოწკრიალე,
ყველაფერში მოჩანს ძალა და დიდება.
როცა ჰქმნიდა ის, ამ ქვეყნის მბრძანებელი,
და რომ დადგა ყველა წამზე ტურფა წამი,
მან მოღუნა კლდე ვით სუსტი, წვრილი წკნელი.
და მყინვარი ზე ასტყორცნა; ცას თამამი
ზევით თოვლი, ძირს კი ჰყვავის ყვავილნარი.
შენ გსურს ღმერთი? ამოქროლდი, ის აქ არი,
ოღონდ ქროლვით მთების არწივს დაედარე,
ხრამის ზევით სიმაღლეა მოელვარე,
ოდნავ თეთრად ილანდება იქ ტაძარი.
იქ გრძნეულობს კვლავ ყურანის სიტყვა ბრძნული
უშორესი, ატყორცნილი ცად რომ არი,
როცა ველებს დასტრიალებს თავზე რული,
სახე უჩანს აქ მზის სხივსა მოღიმარეს;
დგას მყინვარი, ძირს ნათელას - ტკბილ მძინარეს
უგავს სახე საქართველოს, წმინდა მხარეს,
ვინც ბარის ხალხს ძირს შესწირა
თავის მთების სიდიადე ამაყური,
რომ ცხოვრება მათი დიდი, უდაბნური
და კეთილი, იყოს ქვევით გადაშლილი.
და ეს მთები იყოს ხაზი განაპირა,
რომ გრეხილი თეთრი ცაში ტანს იტანდეს,
და მის ქვევით უსახური გველი ჩანდეს.
იგრძნოს ყველამ: წმინდა გველი სულ სხვა არის
და სხვა არის შავი გველი, მიმპარავი,
ნუ იქნება ძლევით სავსე ჯადოქარი,
მწველ კოცნაში ბნელ ღალატის დამფარავი.
- საქართველო! ცოცხლობს, ცოცხლობს, ცოცხალია.
მღერის თერგი და არაგვიც ამას მღერის.
მე ეს მესმის, და მეც მჯერა, მართალია.
და მაშ რისთვის, ვით ბალახი ბინძურ მტვერის,
ვისიც გულში ცოცხლობს მხოლოდ გრძნობა მტერის.
ჰბედავს კიდევ მოსვლას წმინდა ქვეყანაში,
სადაც ხალხი ცხოვრობს მზიურ ოცნებაში.
ვინც ტაძარში შედის, იმას ეს ახსოვდეს:
ფრთხილად, როცა სილამაზე შურს ითხოვდეს.
გაიგონეთ კრულვით თქმული ჩემი ლექსი:
უმაღლესსა ყურადღება უმაღლესი.
თორემ თუ დღეს სძინავს მყინვარს, ასულს ცაში,
ძლიერ ხშირად იცის ხოლმე ელვა-მეხით
თავის უკვდავ ნაპრალებზე მან თამაში.
და პირველად აქ რაინდებს წმინდა ჯვრისა
უმღერიათ, რომ უმიზნოდ მეხსა საშიშს
არ უპყრია თეთრი ქუდი მყინვარისა.

You might also like