You are on page 1of 3

ვალერიან გაფრინდაშვილი

პოეზიისთვის თავის თავი ვინ გაიმეტა,

ერთი ფიქრის ქვეშ თავისი დღე ვინ დააღამა.

ახალი ლექსი გამიტაცებს ახალ იმედით,

ეს არ იქნება “სევდის ბაღი“ და არც “შახმანე“.

ვინ დაინახა გარმონია მსრბოლავ ღრუბლების

და ზღვის ტალღების აღსარება ვინ გაიგონა,

უნდა მოვიდეს დრო ნეტარი, დრო დაუფლების,

აღდგეს ყოველი შექსპირულ და უკვდავ სტრიქონად.

ვინც ითვლის ღამით იდუმალ ხმებს და ვისთვისაა

მთელი მდინარე გაწოლილი ქალი ტიტველი,

იქნებ პოეტი ჭეშმარიტი მხოლოდ ისაა -

თავის ოცნების გამომტანი და ამზიდველი.

იგი პოეტს ხმით იმღერებს, ვისაც არ სძინავს,

რომ მთვარე - ფარჩა მთელ ქვეყანას ავსებს ოცნებით,

ვისთვისაც ტალღა თვითეული აქმდის ბრწყინავს,

ვით ოფელია, სიცოცხის და მზის სხივოსნებით.

იქნება არის პოეზია პატარა ჩიხი,

სადაც ალვის ხე დგას ყოველთვის ცაში აჭრილი,

იქნება არის პოეზია სურამის ციხე,

ზურაბის კვნესით და გატანჯულ მისი აჩრდილი.


ვალერიან გაფრინდაშვილი

როგორც ავადმყოფ მაიმუნთა დაღლილი ჯვარი,

კრთიან ლანდები - ნირვანიდან გამოძახილი.

მევედრებიან: ან მოგვეცი თავშესაფარი,

ან სამუდამოდ დაივიწყე ჩვენი სახელი.

შენი ოცნება ულმობელი რად გვამათრახებს,

და ასე ხშირად რად გვაცეკვებს შენი ქამანჩა?

ვერ მივაშურეთ საიდუმლო ბინდიან ბაღებს,

ინფანტასავით სადაც დარდობს ობოლი ყანჩა.

როცა შენ გძინავს - დაგიკოცნით ამაყ წამწამებს.

ვინდა შენს სულში გავამეფოთ სიჩუმის თალხი,

და როცა ღამე დაგვეფრქვევა ჩვენ - განაწამებს,

ისევ აგვანთებს მარტოობის სპეტაკი ალხი.

რისთვის გვაგიჟებ შენი ცქერით, ვით ორეულებს,

მაღალ სინაზე რად გვახტუნებ, რად გვაჯამბაზებ?

ნუგეშს არ გეტყვი არასოდეს ცრემლმორეულებს,

ცბიერად ჰხაზავ ჩვენს გარშემო მისტიურ ხაზებს.

ჩვენ გვებრალები, შენ კი ერთხელ არ შეგვიბრალე,

სხივებით მაინც აფერადე ჩვენი ტყვეობა

ჩვენ უანგარო ხეტიალში დაგვახრჩობს მალე

ღამის ტორტმანი, თეთრი ჭლექი და უდღეობა.

და შენი ხელი ლურსმნიანი ჩვენ დაგვაბრმავებს;

ისე, ვით მონებს, შენ მიგვყიდი ამხანაგ მგოსანს.

შენ არ შეხედავ ჩვენს დაკაწრულს, ჩვენს გაშლილ მკლავებს,

და გვათამაშებ ოცნებაში, ვით კრიალოსანს.


ფატა მორგანა - ვალერიან გაფრინდაშვილი

დიდხანს ვიყავი ბოგემა სარკის

მე – საიქიოს მთვარით ნაბური.

და მომენატრა ცის უფრო კარგის

მზე ოქროსფერი და უდაბური.

მაგრამ დილის და შუადღის ალებსF

ღონემიხდილი მე ძლივს ავიტან.

ელეაზარი – სული კანკალებს,

დაბრუნებუილ ცივ საფლავიდან.

მე მზის წყურვილი ვერ მოვიკალი

და მენატრება ახალი კანნა.

ჩნდება უეცრად, როგორც გრიგალი,

უცხო დაისის ფატა-მორგანა.

ათრთოლებული დაისი არის

ელიზიუმი ნაცნობ ლანდების,

და აქვითინდა სიმები ქნარის,

და ჰქრიან ქარნი სარაბანდების.

გადავარდები როგორც ჯამბაზი

დაისში თავით – ღვთისგან ქებული,

და ვით პეპელა იწვის ლამფაზე,

მე დავიწვები გაბრწყინებული.

You might also like