You are on page 1of 5

N1 ეპიზოდი: სალამურას და ბაიას შეხვედრა

მთხრობელი 1: იყო და არა იყო რა. იყო ერთი ქვეყანა - ქონდარეთი, სადაც
გათამამებულ უფლისწულს ციცინათელების ქვეყნის პრინცესასთან თამაში უნდოდა.
ციცინათელების ქვეყნის შესახებ მხოლოდ სალამურამ იცოდა. ის კი ქონდარეთის
აღმოსავლეთით, მეცხრე მთაზე მწყემსავდა თავის ჭიამაიებს. ერთ დღესაც რამდენიმე
ჭიამაია დაეკარგა, მათ საძებნელად წასული კი ტყეში ბაიას გადაეყარა:
ბაია: - ვინა ხარ?
სალამურა: - მე სალამურა ვარ, ჭიამაიების მწყემსი.
ბაია: - ამ ღამეში აქ რამ მოგიყვანა?
სალამურა: - ჭიამაიები დავკარგე და მათ ძებნაში შემომაღამდა.
ბაია: - იცი, მე მათი მოძებნა შემიძლია!
სალამურა: - მართლა? თუ მაპოვნინებ, მადლობელი ვიქნები, მაგრამ ჯერ ის
მითხარი, ვინ ხარ, რა გქვია?
ბაია: - მეც მწყემსი ვარ, ოღონდ ციცინათელების მწყემსი. ბაია მქვია.
სალამურა: - რა კარგი სახელია! მე მინახავს ლამაზი, ყვითელი ყვავილი, იმასაც ბაიას
ეძახიან. მგონი შენი კაბა მისი ფურცლებისგანაა შეკერილი, ასეა?
მთხრობელი 1: - ბაიამ გაიღიმა, მაგრამ არაფერი უპასუხა.
სალამურა: - როგორ მაპოვნინებ ჭიამაიებს?
ბაია: - ციცინათელებს გავგზავნი, აუცილებლად იპოვიან. ციცინათელები ხომ ღამით
გზააბნეულ მგზავრებს პოულობენ და გზას უნათებენ!
მთხრობელი 2: ბაიამ ციცინათელები ქვეყნის ოთხივე მხარეს გააგზავნა. მათ
მოლოდინში ბაიამ და სალამურამ ერთმანეთი უკეთ გაიცნეს. სალამურას ძალიან
მოეწონა ღამე, რომელიც აქამდე არ ენახა. აღმოჩნდა, რომ ბაია ნამდვილი
მზეთუნახავი იყო. ჰოდა, სალამურამ შესთავაზა, ხვალ რიგრიგობით მივხედოთ შენს
ციცინათელებს და მზის ამოსვლას ერთად შევხვდეთო. რა იცოდა სალამურამ, რომ
სანამ ბაიას მზის ამოსვლას აჩვენებდა, იქამდე ბევრი დაბრკოლების გადალახვა
მოუწევდა.
N2 ეპიზოდი: ასკინკილა და თვალხუჭობანა
მთხრობელი 3: მეორე საღამოს ტყესთან მისულ სალამურას ციცინათელებმა საშინელი ამბავი
დაახვედრეს - ბაია მოიტაცესო! სალამურამ მეგობრის საძებნელად წასვლა გადაწყვიტა, თან
რამდენიმე ჭიამაია და ციცინათელაც წაიყვანა... ამ დროს კი ბაია სასახლის დიდ დარბაზში
იდგა და ქონდარუხის შემოსვლას ელოდა. როგორც იქნა უფლისწული გააღვიძეს, ასადილეს,
გამოაწყვეს და ბაიასთან სათამაშოდ წაიყვანეს. ხელმწიფემ შვილს ჰკითხა:
ხელმწიფე: - აბა, შვილო, მითხარი, ვინ არის ეს გოგონა?
მთხრობელი 4: - ქონდარუხი ბაიას მიუახლოვდა, კარგად დააკვირდა და უცებ გახარებულმა
წამოიძახა:
ქონდარუხი: - ეს ხომ ციცინათელების ქვეყნის მზეთუნახავია!
ვეზირი: - აკი მოგახსენეთ, ხელმწიფევ!
მთხრობელი 4: - ქონდარუხი ბაიას მიუბრუნდა და ჰკითხა:
ქონდარუხი: - რა უყავი ციცინათელები?
ბაია: - ნახევარი თქვენმა შიკრიკებმა გაწყვიტეს, დანარჩენებმა ტყეს შეაფარეს თავი...
ქონდარუხი: - გინდა, ასკინკილა ვითამაშოთ?
ბაია: - არ მინდა.
ხელმწიფე: - რას ქვია, არ გინდა! უფლისწულისთვის უარის თქმა როგორ შეიძლება!
მთხრობელი 4: - ბაია შიშისაგან აცახცახდა და გაუბედავად ამოილუღლუღა:
ბაია: - არ ვიცი, რა არის ასკინკილა.
ვეზირი: - მე გასწავლი. მარცხენა ფეხი ასწიე და მუხლში მოხარე. ახლა უფლისწული
გაიქცევა, შენ კი ცალი ფეხით უნდა დაედევნო და დაიჭირო.
ბაია: - ეს თუ ორი ფეხით ირბენს, მე ცალი ფეხით როგორ დავიჭერ?
მთხრობელი 4: დარბაზში ქონდრისკაცების უკმაყოფილო შეძახილები გაისმა. ვეზირმა
უბრძანა, გაეკიდეო და ბაიასაც სხვა რა გზა ჰქონდა, ხტუნვა-ხტუნვით დაედევნა ქონდარუხს,
მაგრამ მალევე გამოელია ძალა და წაიქცა.
ქონდარუხი: - ოლოლოო, მოვიგე, შენ ვერ დამიჭირე! ახლა თვალხუჭობანა ვითამაშოთ!
ბაია: - მეტი აღარ შემიძლია!
ქონდარუხი: - ვაა, მე მინდა!
მთხრობელი 5: მსახურებმა ბაია წამოაყენეს, თვალები აუხვიეს და უფლისწულის დაჭერა
უბრძანეს. გოგონა ცდილობდა უფლისწულის ხმას მიჰყოლოდა, ხელის ცეცებით დადიოდა
დარბაზში და ქონდარუხს ეძებდა, მაგრამ უფლისწულის ნაცვლად ქონდართუხუცესის
საამაყო ცხვირს ჩაავლო ხელი. პირველი ვეზირი საშინლად გაბრაზდა და როცა ქონდარუხმა
დარბაზი დატოვა, ბაია თავის საიდუმლო საკანში გადამალა.
N3 ეპიზოდი: თოკით მოსიარულეთა ქალაქი

მთხრობელი 6: - ბევრი იარა, თუ ცოტა იარა, სალამურა ერთ გრძელ გალავანს მიადგა.
კარი ვერსად იპოვა, მაგრამ ქალაქში კეთილი ფოსტალიონის - სირბილას
დახმარებით შეაღწია:
სირბილა: - რომელი ხარ მანდ?
სალამურა: - სალამურა ვარ, მეგობარს ვეძებ, იქნებ დამეხმარო!
სირბილა: - მოიცა, თოკს ჩამოგიგდებ და ამოცოცდი. აქ სხვანაირად ვერ ამოხვალ!
მთხრობელი 7: ამ ქალაქში მხოლოდ თოკებზე დადიოდნენ, ამიტომაც ერქვა თოკზე
მოსიარულეთა ქალაქი. სირბილამ სალამურა სახლში დაპატიჟა, მაგრამ გზაში
ერთმანეთი დაკარგეს. სამაგიეროდ, მოხუცმა ჯამბაზმა, ალე-ჰოპმა იპოვა ნიჭიერი
ბიჭუნა და მისი დახმარებით გამდიდრება გადაწყვიტა. ასე ისწავლა ტყვეობაში
მოხვედრილმა მწყემსმა თოკზე სიარული და ოთხმაგი სალტო. ერთხელ სირბილამ
ალე-ჰოპსაც მოუტანა წერილი და კარზე დააკაკუნა:
სალამურა: - ვინ არის?
სირბილა: - ფოსტალიონი ვარ, წერილი მოვიტანე.
სალამურა: - ბატონი ალე-ჰოპი შინ არ გახლავთ.
სირბილა: - თქვენ ვინ ბრძანდებით?
სალამურა: - მე სალამურა ვარ.
სირბილა: - როგორ ხარ, ბიჭო, შენს ძებნას გადავყევი! ვერ მიცანი? სირბილა ვარ!
სალამურა: - მიშველე, სირბილა, დამიხსენი აქედან!
სირბილა: - კარი გამიღე, სალამურა!
სალამურა: - ვერ გაგიღებ, გარედან არის დაკეტილი!
სირბილა: - აბა რა ვქნა, როგორ გამოგიშვა?
მთხრობელი 6: - სირბილა ჩაფიქრდა, მერე სახე გაუნათდა და სალამურა დაამშვიდა.
სირბილა: - თუ ოთხმაგ სალტოს აკეთებ, გაქცევაც არ გაგიჭირდება. დღეს
წარმოდგენაზე მოვალ და იქიდან გაგაპარებ. ალე-ჰოპი კოჭლია, ვერ დაგვეწევა!
სალამურა: - კარგი, ვცადოთ, იმედია გამოგვივა!
სირბილა: - საღამომდე, სალამურა!
მთხრობელი 6: რა იცოდა სალამურამ, რომ სანამ ტყვეობიდან საბოლოოდ დაიხსნიდა
თავს, მოკრივეთა ქალაქის მონახულება და კრივის შესწავლა მოუწევდა...
N4 ეპიზოდი: სალამურას და ქარბორბალას შერკინება
მთხრობელი 8: - ბევრი იარა, თუ ცოტა იარა, სალამურამ ქონდარეთამდე მიაღწია. იგი
სასახლეში მაშინ მივიდა, როცა ქონდართუხუცესის პირადი მცველი აჯანყებულ
ქონდარელებს დაერია. აი სად გამოადგა სალამურას კრივის გაკვეთილები...
შურდულივით შევარდა ეზოში და ქარბორბალას დაუძახა:
სალამურა: - ეი, საზამთროვ, ერთი მეც მეჩხუბე, ვნახოთ, რა ბიჭი ხარ!
ქარბორბალა: - მე ვარ საზამთრო? იცი რას გიზამ? გაგსრეს, შე ჭიაყელავ, შენა!
მთხრობელი 8: - ქარბორბალას სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა, სალამურამ
მთელი ძალით რომ ამოარტყა მუშტი ღიპში.
ვეზირი: - ეგ დაიჭირე, ეგ, ქონდარელები ვერსად გაგვექცევიან!
ქარბორბალა: - ვაიი! მეტკინა!
სალამურა: - „ვაი“ არ გიშველის, თუ შეგიძლია მეჩხუბე!
მთხრობელი 9: - სალამურამ რამდენჯერმე აიცდინა ქარბორბალას მუშტი, შემდეგ კი
შეტევაზე გადავიდა. მალე პირადი მცველი ხელების ქნევით ისე დაიღალა, გაჩერდა,
სალამურამ ერთი მუშტიც ამოარტყა და ქარბორბალამ თავისი პატრონის წინ
მოადინა ზღართანი.
ვეზირი: - დაიჭირეთ ეგ საზიზღარი! თუ გაგექცევათ, ციხეში ჩაგსვამთ!
მთხრობელი 9: ღრიალებდა ქონდართუხუცესი, მაგრამ სალამურას აბა ვინ
დაეწეოდა?! მოგვიანებით სალამურამ ქარბორბალა კიდევ ერთხელ დაამარცხა,
აჯანყებულ ქონდრისკაცებს დაუმეგობრდა და მათი დახმარებით ბაია და სხვა
ტყვეებიც გაათავისუფლა. აბა თუ მიხვდებით, რა აჩვენა სალამურამ ბაიას პირველივე
დილას?

დასასრული

You might also like