You are on page 1of 7

თავი დავაღწიოთ მატრიცას!

ღამის სამი საათია და ირგვლივ სამარისებულ სიჩუმეს


დაუსადგურებია. ჩამიჩუმიც არ ისმის. დაჟინებით თუ
მიაყურადებ, სიჩუმის ჟღერადობას შეიგრძნობ. ხანდახან
სიჩუმეც ხმაურობს ხოლმე. განსაკუთრებით მაშინ, თუ შინაგან
სიცარიელეს გრძნობ და მიტოვებული სახლივით
უკაცრიელობის განცდა გეუფლება სულში. ამ დროს სიჩუმეს
შიშის თვალებიც აქვს. მიტოვებული სახლის ფანჯრის
მინებივით ბნელი და ჩაცვენილი.
ღამე ბევრ რამეზე ჩააფიქრებს ადამიანს. ღამე დიდი
ფანტაზიორია. ათას მოგონებას აგიშლის და მერე ყალბი
მეგობარივით შუა გზაზე მუხანათურად მიგატოვებს. შენს
პრობლემებთან გასამკლავებლად მარტოს მოგიწევს ბრძოლა.
შეგიტყუებს ფიქრების ლაბირინთში და თუ მაგარი ხარ თავად
დააღწიო უნდა თავი ან უიმედოდ დაიკარგო.
საფიქრალს და სადარდებელს კი რა გამოულევს გონიერ და
მოაზროვნე ადამიანს. ,,ყოფნა არ ყოფნა“ თუ ,,ყოფნა ყოფნა“
მართლაც საკითხავია. ან ჩვენ ვინ გვეკითხება ყოფნას თუ არ
ყოფნას. ყოველივე ჩვენთან შეუთანხმებლად გადაწყდა ზეცაში
თუ მიწაზე ან ორივეგან. ახლა მხოლოდ ისაა საკითხავი ეს ყოფნა
დასრულდება თუ გაგრძელდება ჩვენი გადაწყვეტილებით და
რამდენად ნაყოფიერად. იქნებ , მაშინ როცა ერთხელ , შენს
მაგივრად შენი ყოფნა გადაწყვიტეს ,ამით სამუდამო მოგისაჯეს
და არ ყოფნა სრულიად გამოირიცხება. ის რაც ოდესმე
არსებობდა, უკვალოდ ხომ არასოდეს ქრება, მოგონებებში მაინც.
ზოგჯერ ისეც ხდება ყოფნას არ ყოფნისგან რომ ვერ განარჩევ ან
პირიქით არ ყოფნას ყოფნისგან. რთულია ადამიანის ყოფა.
განსაკუთრებით იმის , ვინც მსგავს საკითხებზე ფიქრობს.
ბედნიერია იქნებ ის, ვისაც მარტივი , ადამიანური სიხარულები
აბედნიერებს. მაგრამ ვაი მას, ვინც ვერ შეჰგუებია ადამიანად
ყოფნის პრიმიტიულობას. ასეთი სული მუდმივად იტანჯება.
რაღაც შეუცნობელს მიელტვის. რაღაც ამოუცნობისაკენ
მიისწრაფის. ადამიანური არაფერი აბედნიერებს და უხილავი
სევდა მისი მუდმივი თანამგზავრია. ადამიანები უყვარს და
უფრო მეტად ებრალება გალიაში გამომწყვდეული
ცხოველებივით. მათი განცდები და ფიქრები გასაგებია მისთვის ,
მაგრამ მათნაირად არ გრძნობს და არ ფიქრობს. არც ადამიანებს
ესმით მისი, თუმცა შეიძლება ამას ვერც აღიქვამდნენ.
მარტოსულად იგრძნობდა თავს , რომ არა ის ადამიანები,
რომელთა უმეტესობაც მასზე გაცილებით ადრე ცხოვრობდა.
დღეს შეუძლია მათი ნაფიქრის გაცნობა წიგნების მეშვეობით. ეს
ცოტათი შვებას გვრის. მართლაც სიმშვიდის მომნიჭებელია შენი
სულის მოზიარეს რომ გაესაუბრები, თუნდაც ფანტაზიაში. ამ
დროს თავს მარტო არ გრძნობ. იცი , ვიღაც კიდევ ფიქრობს
შენსავით. ეს შეგრძნება სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ
ადამიანისთვის აუცილებელია, რადგან ადამიანი სოციალური
არსებაა და მარტოობისთვის არ არის შექმნილი. მარტოობა ,
ფაქტიურად ილუზიაა და სინამდვილეს არც შეესაბამება. ის
ისევე არ არსებობს, როგორც, მაგალითად სიკვდილი, თუმცა ამ
უკანასკნელის არ არსებობის არგუმენტირებულად დამტკიცება
გაცილებით რთულია და სახიფათოც. რთული
იმდენად,რამდენადაც არგუმენტები შესაძლოა ადამიანის
აღთქმით რეალობას დაშორებული აღმოჩნდეს. სახიფათო
იმდენად, რამდენადაც ზემოთხსენებულ სოციალურ არსებას
დიდად შეაშფოთებს მისი თანაარსებები შიზოფრენიკად ან
პარანოიკად თუ შერაცხავენ. ამიტომ სჯობს თავი ისევ მიამიტად
მოიკატუნოს და მშვიდად მიჰყვეს ცხოვრების დინებას.
ადამიანი შემწყნარებელი უნდა იყოს, გამგები და მიმღები
თავისი მოყვასის სისუსტეებისა,მაგრამ ეს მისთვის დიდ
სიძნელეს წარმოადგენს. ეს არის არსებობის მთელი ტრაგედია.
ადამიანი ცხოველის სისუსტეების მიმართ უფრო
შემწყნარებლურია და ამაში ვლინდება ღვთისაგან მისთვის
ბოძებული გამორჩეული დანიშნულება და ადგილი იზრუნოს
დედამიწაზე მობინადრე ცოცხალ არსებებზე .( „ და შექმნა
ღმერთმან კაცი სახედ თჳსად და ხატად ღმრთისა შექმნა იგი,
მამაკაცად და დედაკაცად ქმნა იგინი. და აკურთხნა იგინი
ღმერთმან მეტყუელმან: აღორძნდით და განმრავლდით. და
აღავსეთ ქუეყანაჲ და ეუფლენით მას. და მთავრობდით თევზთა
ზღჳსათა, და მფრინველთა ცისათა, და ყოველთა პირუტყუთა, და
ყოველსა ქვეყანასა და ყოველთა ქუეწარმავალთა, მავალთა
ქვეყანასა ზედა. ‘’ - ბიბლია ,დაბადება ) ადამიანი ისეთივე
მოთმინებითა და შემწყნარებლური თვალით უმზერს
ცხოველებს, როგორც ღმერთი უმზერს ადამიანებს. ადამიანს
შეუძლია სტატუსით მასზე დაბლა მდგომს(ცხოველებს) აპატიოს
ყველაფერი, სტატუსით მასზე მაღლა მდგომს (ღმერთს)
სასოებით უმზიროს, მაგრამ მის მოძმეს, მის მოყვასს არაფერს
დაუთმობს,არაფერს მიუტევებს,რადგან მასთან დიდ რბოლასა
და შეჯიბრშია ჩართული ყოველდღიური არსებობისათვის ან
იქნებ, ვიღაც , სტატუსით მასზე მაღლა მდგომის
კეთილგანწყობის მოპოვებისათვის.
აი,ასეთ დოღში გადის ჩვენი ცხოვრების ძვირფასი დღეები.
საზოგადოებაში ჯუნგლების კანონი მოქმედებს, მაგრამ ამაზე
საუბარი არ არის მიღებული. ყველაფერი რომანტიულობის
საბურველით იბურება. ბავშვობაში ზღაპრებით მიაძინებენ ჩვენს
ცნობიერებას, დიდობაში კი სიყვარულში შეფუთული
თავაზიანობით. არადა დროა გავიღვიძოთ. არ არის ძილის დრო.
ცუდია გაუღვიძებლად მარადიულ ძილში გადაბრძანება.
რეალისტურად აზროვნება არც თუ ისე საშინელია , როგორც
გვიხატავენ, თანაც აბსოლუტურად უსაფრთხოა
გამოყენებისათვის.
ახლა იმ ნაბიჯებს გაგანდობთ მე რომ გადავდგი და ყოველ
ჯერზე ახლიდან მიწევს გადავდგა.
ნაბიჯი პირველი: უარყავი ყველაფერი , რისიც აქამდე ურყევად
გჯეროდა! ( ნუ შეშინდები! ჭეშმარიტად ფასეული ისევ აგავსებს
მისდამი რწმენითა და ნდობით. მხოლოდ ის გაქრება , რაც ყალბი
და გარედან თავს მოხვეულია)
ნაბიჯი მეორე: დასვი კითხვები ყველა ფრთიან გამონათქვამზე!
არაფერი მიიღო დაეჭვებისა და არგუმენტირებული
მტკიცებულებების გარეშე! არც ეს დებულება!
ნაბიჯი მესამე: გაიცანი საკუთარი თავი! იქნებ და კარგი ვინმეა!
ნაბიჯი მეოთხე: შეიყვარე თავისუფალი დროის საკუთარ თავთან
გატარება! უამრავი საინტერესო საქმიანობაა , რითიც შეგიძლია
დაკავდე: იფიქრე, დახატე, წერე, იკითხე საინტერესო წიგნები,
უყურე საინტერესო ფილმებს, მოუსმინე შენთვის სასურველ
მუსიკას .(თავადაც შეგიძლია განავრცო ეს ჩამონათვალი.)
გაიზარდე და განვითარდი გონებრივად და სულიერად.
წინააღმდეგ შემთხვევაში მეგობრის თუ საყვარელი ადამიანის
არჩევისას ნაჩქარევ ნაბიჯებს გადადგამ, რადგან ადამიანთან
იმიტომ კი არ იქნები, რომ იგი საინტერესო და სასურველი
პიროვნებაა შენთვის , არამედ ამ კავშირის ქვეცნობიერი
მამოძრავებელი მიზანი მარტოობის დაუძლეველი შიშისაგან
თავის დაღწევა იქნება. მარტოობის შიში ხომ ერთ-ერთი
უძლიერესი ინსტიქტია ადამიანში. შეიძლება თამამად
ვივარაუდოდ რომ მარტოობის შიში უფრო ძლიერია,ვიდრე
თავად სიკვდილის შიში.ბედნიერება არის როცა ორი ადამიანი
თავ-თავისი გზით მიდის,მაგრამ ერთი მიმართულებით და ამ
მოგზაურობისას ერთმანეთს დაემგზავრებიან და გზას
გაულამაზებენ.
ნაბიჯი მეხუთე: გააკეთე ყველაფერი იმიტომ რომ მოგწონს და
გაბედნიერებს ! ჩვენი ცხოვრება წარმავალია. იმქვეყნად
ვერაფერს წავიღებთ. მხოლოდ იმის გამო , რომ რაღაც მოდური
ან პრესტიჟულია, თუ ამ რაღაცის ფლობა ან კეთება არ განიჭებთ
სიხარულს და ბედნიერებას მე ვფიქრობ უაზრობაა. იმ
მიზნებისკენ რომლისკენაც მივისწრაფით გზაც საინტერესო ,
სიხარულითა და აღმაფრენით სავსე უნდა იყოს! დაე, ვიყოთ
ბედნიერები და მშვიდები მიზნისაკენ მიმავალ გზაზე
სიარულისას.
ნაბიჯი მეექვსე: ენდე საკუთარ სიზარმაცეს! ალბათ გაგაოცა ამ
დებულებამ. მე კი მჯერა თუ რაღაც გეზარება, ესე იგი ის საქმე
შენი არ არის, არც ის მიზანია შენი და ამიტომაც
აღმოცენებისთანავე განელდა სურვილი და მონდომება. რაც
ნამდვილად შენი ოცნება და საკეთებელია იმის
განსახორციელებლად ძალები და ენთუზიაზმი ნამდვილად
ულევი გექნება. გამოგონილი ან საზოგადოების მიერ
შთაგონებული მიზნისაკენ დაჟინებით სვლით , კი მხოლოდ იმას
მიაღწევ რომ ახირებას შეისრულებ , ბედნიერება და სულიერი
სიხარული კი გვერდით ჩაგივლის.
ნაბიჯი მეშვიდე: აღიდგინე და შეინარჩუნე სიმშვიდე შენს
სულში! ესაა ყველაზე მთავარი მონაპოვარი! მიუგდე ყური შენს
შინაგან ხმას და ჩამოიშორე ყველა და ყველაფერი რაც გაზიანებს
და განგრევს! (მიუხედავად უამრავი ცრურწმენისა, შიშისა და
საზოგადოებრივი ზეწოლისა) გადაქექე შენი ქვეცნობიერი
შეძლებისდაგვარად და მოიძიე რა განიჭებს უშფოთველ
სიმშვიდეს!
ნაბიჯი მერვე: შენ შეგიძლია უბრალოდ იცხოვრო! გაგიკვირდა?
და მიზნები, გეგმები, მიღწევები?! ნამდვილად შენია ის მიზანი ,
რომლისკენაც მიისწრაფი და არის კი ის ჭეშმარიტად
ღირებული? ღირს კი შენი მიღწევები სულიერი სიმშვიდისა და
მოსვენების დაკარგვად? არის კი შენს მიერ შემუშავებული
გეგმები მიზნის მიღწევის ჭეშმარიტი საშუალება? ზოგჯერ ეს
ყველაფერი ანკესზე წამოგებულ სატყუარას გავს, ყალბსა და
სახიფათო იმედს, სულმოკლე თევზების დასაჭერად. ოკეანე,
ისევე როგორც ცხოვრება ხომ უთვალავ არჩევანს გპირდება,
მთავარია გეყოს ნებისყოფა და ისიამოვნო ცურვით.
ნაბიჯი მეცხრე: გაიმეორე ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ნაბიჯი
თავიდან!
და ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ გაუყევი ცხოვრების გზას. ისიამოვნე
სეირნობით. მაქსიმალურად გამოიგონე პატარ-პატარა
სიხარულები , რაც გაგახალისებს და ენერგიით აგავსებს. ნუ
დაელოდები თავბრუდამხვევ წარმატებას, დიდ გამართლებას,
ჯეკპოტსა თუ ფორტუნის გაღიმებას. გაიღიმე თავად! „ამაოება
ამაოთა, - თქუა ეკლესიასტე, - ამაოება ამაოთა, ყოველივე ამაო“
და რადგან ყოველივე ამაოა, ამაოდ ღიმილი ვამჯობინოთ ამაოდ
სევდას. ადამიანთა სევდა ხომ ისედაც ნათელია, რომ
უკიდეგანოა. ყველა დაატარებს ამ სევდას სადღაც ღრმად,
სულის მიუდგომელ კუნჭულში. ისე მალავს , თვითონაც რომ
ვერ იპოვოს და ისე გარბის მისგან, რომ ვერასოდეს წამოეწიოს.
(სიბერემდე მაინც.)

You might also like