You are on page 1of 1
“სახალხო დემოკრატები” და “მწვანეთა პარტია” ერთ ბლოკად გაერთიანდნენ “სახალხო დემოკრატებმა” და “მწვანეთა პარტიამ” დღეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივ არჩევნებში ბლოკის პრინციპით მონაწილეობას. დოკუმენტს “სახალხო დემოკრატების” ოფისში ხელი მოაწერეს პარტიის ლიდერმა და თბილისის მერობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ნიკა ივანიშვილმა და “მწვანეთა პარტიის” ლიდერმა გია გაჩეჩილაძემ. როგორც ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, წინასაარჩევნო პერიოდში “მწვანეთა პარტიის” და “სახალხო დემოკრატების” ურთიერთობა დაეფუძნება ბლოკის პრინციპს და ისინი საზოგადოების წინაშე წარსდგებიან სახელით – „ივანიშვილი–სახალხო დემოკრატები–მწვანეთა პარტია“, ხოლო არჩევნებზე ისინი გამოვლენ, როგორც – “ივანიშვილი–სახალხო დემოკრატები”. მისივე თქმით, ადგილობრივი არჩევნებისთვის როგორც “სახალხო დემოკრატების”, ასევე “მწვანეთა პარტიის” წარმომადგენლები მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების თვალსაზრისით, თანაბრად იქნებიან წარმოდგენილნი. ამასთან, როგორც გაჩეჩილაძემ აღნიშნა, ხელისუფლებას უნდოდა, რომ “მწვანეთა პარტია” დაეტოვებინა არჩევნების გარეშე, მაგრამ, მისი თქმით, ხელისუფლება ამას ვერ ეღირსება. გაჩეჩილაძის თქმით, დღევანდელი დღე “მწვანეთა პარტიისთვის” მნიშვნელოვანია. მან აღნიშნა, რომ ჰქონდა შემოთავაზებები სხვა პარტიებისგან, მაგრამ არჩევანი მან “სახალხო დემოკრატებზე” გააკეთა. იმიტომ, რომ ეს არის ახალი ძალა და ახალი სისხლი, რომელიც, მისი თქმით, ძალიან სჭირდება ქვეყანას. “სახალხო დემოკრატებმა” “მწვანეთა პარტიას” არჩევნებისთვის თანამშრომლობა გუშინ შესთავაზა. გუშინვე, ნიკა ივანიშვილმა გააპროტესტა ცესკო-ს გადაწყვეტილება, რომლითაც ცესკო-მ “წვანეთა პარტია” რეგისტრაციაში არ გაატარა და ამ გადაწყვეტილებას ხელისუფლების დაკვეთა უწოდა

You might also like