You are on page 1of 1

“სახალხო დემოკრატებმა” და “მწვანეთა პარტიამ” ფიცი დადეს

“სახალხო დემოკრატებმა” და “მწვანეთა პარტიამ” მეტეხის ტაძრის ეზოში, “თბილისისა და საქართველოს მიმართ კეთილსინდისიერად მსახურების ფიცი” დადეს. “მეტეხის ქარტია”, რომელიც პარტიის მიზნებისა და ამოცანების შესახებ რამდენიმე პუნქტიან დოკუმენტია, მხარდამჭერებს “სახალხო დემოკრატების” ლიდერმა და თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა ივანიშვილმა გააცნო. “ამ წმინდა ადგილას, სადაც დგას თბილისი დამაარსებლის - ვახტანგ გორგასლის მონუმენტი, სადაც ტრიალებს 100 ათასი მოწამის სული, სადაც აღმართულია მეტეხის ტაძარი, როგორც სიმბოლო ქართველების გაუტეხლობის და რწმენის ერთგულების, საიდანაც მოსჩანს ძველი და ახალი თბილისი, მისი უზარმაზარი ძმობის – ქართველების, სომხების, აზერბაიჯანელების, ქურთების, იეზიდების, აფხაზების, ოსების, ებრაელების, რუსების, უკრაინელების ტრადიციებით; საიდანაც მოსჩანს მართლმადიდებლური, გრიგორიანული, ებრაული სალოცავები, მეჩეთი; საიდანაც მოსჩანს მთაწმინდა - დიდ ქართველთა ძვალშესალაგი, ჩვენ ქართველ ერს და თბილისელებს ვთხოვთ თანხმობას, წარმოვადგენდეთ მათ სახელისუფლო ორგანოებში. ვფიცავთ, კეთილსინდისერად, პატიოსნად, გულწრფელად და თავდადებით ვემსახურებით თბილისელებს და საქართველოს”, - განაცხადა ივანიშვილმა. ქარტიაში უმთავრეს პრიორიტეტებად ტერიტორიული მთლიანობისა და დევნილთა დაბრუნების საკითხი, დასაქმების პრობლემის მოგვარება და თბილისი ბიუჯეტის გამჭვირვალობაა მიჩნეული. მოსახლეობის დასაქმების მიზნით, “სახალხო დემოკრატები” მეწარმეობის ხელშეწყობას გეგმავენ. “ჩვენი მთავარი სლოგანია, არ შევუშალოთ ხელი ბიზნესს და იგი თავად გადაწყვეტს დასაქმების პრობლემას”, - აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა. მისივე თქმით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოსახლეობის პირველადი სამედიცინო დახმარებითა და უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფა; ფასების შემცირება ნავთობსა და ფიჭური კავშირგაბმულობის ტარიფებზე. “სახალხო დემოკრატები” პირობას დებენ, რომ იბრძოლებენ საქართველოში დამოუკიდებელი სასამართლოს ჩამოყალიბებისთვის, მედიის თავისუფლებისთვის, უკანონო პატიმრების თემის დასრულებისთვის და არ დაუშვებენ ქვეყანაში პოლიციურ რეჟიმს. “ჩვენი ამოცანა იქნება ადამიანები და მათი კეთილდღეობა; ვფიცავთ, რომ მოცემული დეკლარაცია სამოქმედო პროგრამა იქნება თითოეული ჩვენგანისთვის და ძალას და ენერგიას არ დავიშურებთ მის განსახორციელებლად”, - განაცხადა ივანიშვილმა.

You might also like