You are on page 1of 1

„სახალხო დემოკრატებმა“ დიდუბელებს მაჟორიტარობის კანდიოდატად ზაზა კოლელიშვილი წარუდგინეს

თბილისის საკრებულოს არჩევნებში "სახალხო დემოკრატების" დიდუბის მაჟორიტარი კანდიდატი მსახიობი ზაზა კოლელიშვილი იქნება. დეპუტატობის კანდიდატი პარტიის ლიდერმა და თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა ივანიშვილმა დღეს, დიღმის მასივში წარადგინა. "ეს არის ადამიანი, რომელსაც ცნობადობა არ აკლია და ყველასთვის საყვარელი პიროვნებაა, როგორც მსახიობი. თუმცა, მან გადაწყვიტა პოლიტიკაში მოსვლა და მოვუწოდებ დიდუბელებს, მხარი დაუჭირონ მის კანდიდატურას", - განაცხადა ივანიშვილმა. მისივე თქმით, ზაზა კოლელიშვილი ის ადამიანია, რომელიც დიდუბელების გულისტკივილს თავიდან ბოლომდე მიიტანს ქალაქის საკრებულოში. არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ზაზა კოლელიშვილისთვის პრიორიტეტული სოციალური პრობლემები იქნება. როგორც დეპუტატობის კანდიდატმა ჟურნალისტებს განუცხადა, კარგად იცნობს ამ უბნის პრობლემებს და იცის, ვის როგორ სჭირდება დახმარება. "ამ უბანში, ბაგა-ბაღის შენობებში დევნილებიც ცხოვრობენ, რომელთაც უამრავი პრობლემა აქვთ. აქტუალურია დასაქმების პრობლემაც. ყურადღება უნდა მიექცეს კეთილმოწყობისა და დასუფთავების საკითხებს, კერძოდ, სადარბაზოების დასუფთავებას და სკვერების შენარჩუნებას და გაშენებას", - აღნიშნა მან. ზაზა კოლელიშვილი "სახალხო დემოკრატების" საკრებულოს დეპუტატობის მეოთხე კანდიდატია. მანამდე უკვე წარდგენილი იყო სამი კანდიდატი – ვაკის რაიონში დავით მჭედლიძე, ვაშლიჯვარი-დიდ დიღომში – მაკა ჭაჭიაშვილი და საბურთალოზე - ეზეკი ინწკირველი.

You might also like