You are on page 1of 15

სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები)

www.library.court.ge

თბილისის სააპელაციო სასამართლო


განჩინება
საქართველოს სახელით

საქმე №2ბ/1980-15 15 აპრილი, 2016 წელი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე – ქეთევან მესხიშვილი

სხდომის მდივანი – გიორგი მარანელი

აპელანტი – რ. გ.

წარმომადგენელი – მ. კ.

მოწინააღმდეგე მხარე – გ. ზ.

წარმომადგენელი – მ. ბ.

დავის საგანი – ადვოკატის მომსახურებისა და საქმის ხარჯებისათვის გადახდილი თანხის უკან


დაბრუნება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2015 წლის 20 მარტის


გადაწყვეტილება

1. აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი


გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

სასარჩელო მოთხოვნა:

- მოპასუხე რ. გ.-ს მოსარჩელე გ. ზ.-ს სასარგებლოდ დაეკისროს მისთვის გადახდილი 4000 (ოთხი
ათასი) ლარის გადახდა პროცენტთან ერთად, საიდანაც 3000 ლარი არის ჰონორარი, 600 ლარი
საგადასახადო საშემოსავლო 20%-ი, და 400 ლარი საქმეზე გასაწევი ხარჯები. ამასთან ერთად რ. გ.-ს
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები)
www.library.court.ge

დაეკისროს 4000 ლარის პროცენტის გადახდა 2012 წლის 09 აგვისტოდან დღემდე ე.ი. 29 თვის, თვეში
3%-ის ოდენობით, ანუ რ. გ.-ს პროცენტის სახით დაეკისროს 3480 (სამი ათას ოთხას ოთხმოცი) ლარი.
მთლიანობაში მოპასუხე რ. გ.-ს, გ. ზ.-ს სასარგებლოდ დაეკისროს 7480 ლარის გადახდა;

- მოპასუხე რ. გ.-ს გ. ზ.-ს სასარგებლოდ დაეკისროს გ. ზ.-ს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 224
ლარი, სარჩელის უზრუნველყოფისათვის გაწეული ხარჯები - 50 ლარი, საჯარო რეესტრის
ამონაწერის განახლებისათვის გადახდილი - 15.50 ლარი, სარჩელის უზრუნველყოფის განჩინების
რეგისტრაციისათვის გადახდილი - 20 ლარის გადახდა;

- რ. გ.-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს ადვოკატის მომსახურებისათვის გასაწევი ხარჯები


500 ლარის ოდენობით.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

მოსარჩელე გ. ზ.-ს სარჩელი მოპასუხე რ. გ.-ს მიმართ ადვოკატის მომსახურებისა და საქმის


ხარჯებისათვის გადახდილი თანხის უკან დაბრუნების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
- მოპასუხე რ. გ.-ს, მოსარჩელე გ. ზ.-ს სასარგებლოდ დაეკისრა 3000 (სამიათასი) ლარის
გადახდა;
- მოპასუხე რ. გ.-ს მოსარჩელე გ. ზ.-ს სასარგებლოდ დაეკისრა სასამართლო გარეშე ხარჯების
85.50 (ოთხმოცდახუთი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარის გადახდა;
- მოპასუხე რ. გ.-ს მოსარჩელე გ. ზ.-ს სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 90
(ოთხმოცდაათი) ლარის გადახდა;

არ დაკმაყოფილდა მოსარჩელე გ. ზ.-ს მოთხოვნა მოპასუხე რ. გ.-სათვის 1000 ლარისა და პროცენტის


3480 ლარის დაკისრების თაობაზე;

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

2.1. 2012 წლის 09 აგვისტოს გ. ზ.-სა და რ. გ.-ს შორის გაფორმდა სანოტარო აქტი #XXXXXXXXX -
რწმუნებულება, რომლითაც გ. ზ.-მ რ. გ.-ს ხუთი წლის ვადით მიანიჭა უფლებამოსილება: დაიცვას
მარწმუნებლის ქონებრივი და/ან არაქონებრივი ინტერესები; ამ მიზნით წარმოადგინოს იგი
საქართველოს ყველა კომპეტენტურ ორგანოში, კოოპერატიულ და საზოგადოებრივ ორგანიზაციაში,
სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანოსა და დაწესებულებაში, აღსრულების ეროვნულ ბიუროში,
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში, საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროში, შსს მომსახურების სააგენტოში, საგამოძიებო ორგანოებში, პროკურატურაში,
ნებისმიერ არქივში, სანოტარო ბიუროში, ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის
ორგანოებში, კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში,
ადმინისტრაციულ და მუნიციპალურ ორგანოებში, საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში.
რწმუნებული უფლებამოსილია მარწმუნებლის სახელით შეასრულოს საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი ნებისმიერი მოქმედება და პროცედურა, რაც საჭირო იქნება

- 2 -
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები)
www.library.court.ge

მინიჭებული უფლებამოსილების შესრულებასთან. მიიღოს რწმუნებულმა მარწმუნებლის სახელზე


ნებისმიერი სახის ცნობა, მოწმობა (მათ შორის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ID
ბარათი, პასპორტი). რწმუნებული უფლებამოსილია აღნიშნული უფლებამოსილების
განხორციელების ფარგლებში საჭიროების შემთხვევაში აწარმოოს შესაბამისი საქმე (სისხლის,
სამოქალაქო, ადმინისტრაციული) საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში. აღნიშნული
რწმუნებულების განსახორციელებლად რწმუნებული უფლებამოსილია მარწმუნებლის სახელით
შეასრულოს ყველა საჭირო მოქმედება, რაც აუცილებელი იქნება მარწმუნებლის ქონებრივი და
არაქონებრივი ინტერესების და უფლებების დასაცავად. რწმუნებულს აქვს ყველა ის
უფლებამოსილება რომელიც მხარეს მინიჭებული აქვს საქართველოს სამოქალაქო, სისხლის და
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით, კერძოდ, რწმუნებული უფლებამოსილია: ა)
მარწმუნებლის სახელით შეიტანოს სარჩელი სასამართლოში, გაეცნოს საქმის მასალებს, გააკეთოს
ამონაწერები ამ მასალებიდან, გადაიღოს ასლები, განაცხადოს აცილება, წარადგინოს
მტკიცებულებანი, მონაწილეობა მიიღოს მტკიცებულებათა გამოკვლევაში, შეკითხვები დაუსვას
მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებს, განაცხადოს სასამართლოს წინაშე შუამდგომლობები, მისცეს
სასამართლოს ზეპირი და წერილობითი ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს თავისი დასკვნები და
გამოთქვას მოსაზრებები საქმის განხილვის დროს წამოჭრილ ყველა საკითხზე, უარყოს მეორე მხარის
შუამდგომლობები, დასკვნები და მოსაზრებები, ნაწილობრივ ან მთლიანად ცნოს სარჩელი,
დაამთავროს საქმე მორიგებით; ბ) გაასაჩივროს სასამართლოს ყველა აქტი (გადაწყვეტილება,
განჩინება). შეიტანოს საჩივარი (კერძო საჩივარი) სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის
სასამართლოში, აწარმოოს საქმეები სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოში; გ)
შეცვალოს სარჩელის საფუძველი და/ან საგანი, გაადიდოს ან შეამციროს სასარჩელო მოთხოვნის
ოდენობა; დ) ისარგებლოს მხარისათვის სამოქალაქო (ადმინისტრაციული) საპროცესო კოდექსით
მინიჭებული ყველა სხვა უფლებებით. ასევე რწმუნებულს მიენიჭა დამატებითი უფლებამოსილებები,
იმ უფლებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე
მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, ე.ი. იმ უფლებებით, რაც კანონით მინიჭებული აქვს
მოსარჩელეს, მოპასუხეს, მესამე პირს და დაზარალებულს, მათ შორის უფლებით საქმე მორიგებით
დაამთავროს, ცნოს ან უარყოს მთლიანად ან ნაწილობრივ სასარჩელო მოთხოვნები, გაასაჩივროს
სასამართლოს გადაწყვეტილება, მიიღოს სააღსრულებო დოკუმენტები (ფურცელი), მონაწილეობა
მიიღოს სააღსრულებო წარმოებაში. წარადგინოს აღსასრულებლად სააღსრულებო ფურცელი,
შეაჩეროს, გამოითხოვოს სააღსრულებო ფურცელი, მიიღოს სასამართლოს მიერ დაბრუნებული
სახელმწიფო ბაჟი, ხელი მოაწეროს ყველა საჭირო დოკუმენტს, მათ შორის საგადასახადო
შეთანხმებებს, მიიღოს და ჩაიბაროს მარწმუნებლის ქონება ან ფული, ნებისმიერი მესამე პირისაგან
(მათ შორის სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოსაგან); მოითხოვოს გამოსახლება,
მარწმუნებლის საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთა და ქონების სრული
გათავისუფლება ნებისმიერი მფლობელისაგან. რწმუნებული ვალდებულია: ა) რწმუნებულებით
მინიჭებული უფლებამოსილება განახორციელოს კეთილსინდისიერად და გულისხმიერებით; ბ)
მარწმუნებელს მიაწოდოს ცნობები დავალების შესრულების მიმდინარეობის შესახებ, შესრულების
შემდეგ კი ჩააბაროს ანგარიში. მარწმუნებელი ვალდებულია გადაიხადოს დავალების
შესასრულებლად ყველა საჭირო ხარჯი. რწმუნებული უფლებამოსილია აწარმოოს მოლაპარაკება
მარწმუნებლის სახელით ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირთან. სახელმწიფო
ორგანიზაციასთან და დაწესებულებასთან. რწმუნებული ვალდებულია დავალება შეასრულოს
პირადად. იგი უფლებამოსილია დავალების შესრულებაში ჩართოს დამხმარე პირები, დაიქირავოს

- 3 -
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები)
www.library.court.ge

ადვოკატი და/ან წარმომადგენელი. რწმუნებულება შეიძლება ვადამდე შეწყდეს ერთერთი მხარის


ინიციატივით მეორე მხარისათვის წინასწარი შეტყობინებით, რისთვისაც საჭიროა ამ გარიგების
სანოტარო წესით გაუქმება. თუ რწმუნებულება/ხელშეკრულება მაშინ შეწყდა, როცა მარწმუნებელი
მოკლებული იყო შესაძლებლობას სხვაგვარად დაეცვა თავისი ინტერესები, რწმუნებული
ვალდებულია მარწმუნებელს აუნაზღაუროს ზარალი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა რწმუნებულს
ამისათვის მნიშვნელოვანი საფუძველი გააჩნდა. რწმუნებულება გაცემული იქნა
უფლებამოსილების შემდგომი გადანდობის უფლებით.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:


- 09.08.2012 რწმუნებულება - ს.ფ.-17-19.

2.2. 2012 წლის 09 აგვისტოს გ. ზ.-სა და რ. გ.-ს შორის გაფორმდა საადვოკატო მომსახურების შესახებ
ხელშეკრულება NXX შემდეგი პირობებით:

1. შეთანხმების საგანი:
1.1. მომმართველს სჭირდება სამართლებრივი დახმარება კერძოდ: სჭირდება დახმარება ბინის
თაობაზე, დაიბრუნოს, სამოქალაქო დავა;
1.2. ადვოკატი იღებს ვალდებულებას, დაეხმაროს მომმართველს, ამ შეთანხმებით განსაზღვრული
პირობებით.

2. მხარეთა უფლებები და ვალდებულებები:


2.1. მომმართველი ვალდებულია:
• თავისი მოთხოვნები შეუსაბამოს საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასა და საერთაშორისო
ნორმატიულ აქტებს;
• საადვოკატო სამსახურის გაწევისათვის, თარიღზე 9.08.2012. ადვოკატის შესაბამის საბანკო
ანგარიშზე გადაურიცხოს ჰონორარი 3000 (სამიათასი ლარი) დოლარის ან მისი ექვივალენტის
ლარებში. ასევე სახელმწიფოს საგადასახადო ვალდებულება გადახდილი ჰონორარის ---- %
რომელიც შეადგენს 20.

2.2. ადვოკატი ვალდებულია:


• შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულება შეასრულოს კეთილსინდისიერად;
• დაიცვას ზემოაღნიშნულ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტების და ინფორმაციის
კონფიდენციალურობა;
• მომმართველის მიერ ადვოკატის ჰონორარის გადაუხდელობის შემთხვევაში ადვოკატი
უფლებამოსილია არ შეუდგეს შესაბამის საქმის წარმოებას.

3. ფორს-მაჟორული გარემოებები:
3.1. შეთანხმების მონაწილე მხარეებს არ ეკისრებათ პასუხისმგებლობა წინამდებარე შეთანხმებით
განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის თუ კი აღნიშნული გამოწვეულია
მიზეზთა გამო, რომელიც აღემატება მხარეთა უშუალო კონტროლს;
3.2. შეთანხმების 3.1. მუხლით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას, მხარეთა უფლებისა
და ვალდებულებების შესრულება გადავადდება ფორს-მაჟორული გარემოებების ლიკვიდაციამდე.

- 4 -
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები)
www.library.court.ge

4. დამატებითი პირობები:
4.1. მომმართველის მიერ, წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ადვოკატისათვის
ჰონორარის გადაუხდელობის შემთხვევაში ჩერდება შეთანხმების მოქმედება;
4.2. შეთანხმებით გათვალისწინებული თანხების გადახდა დასტურდება მხოლოდ შესაბამისი
გადახდის ბანკის ქვითრით;
4.3. მომმართველის მიერ ადვოკატისათვის შეთანხმებით გათვალისწინებული გადახდილი
თანხები უკან არ ბრუნდება;
4.4. ჰონორარში გათვალისწინებულია მხოლოდ ადვოკატის მიერ გაწეული სამსახურის საზღაური.
სამივლინებო, სასამართლო, დოკუმენტაციის გამოთხოვის და სხვა აუცილებელი ხარჯებს
მომმართველი აანაზღაურებს დამატებით;
4.5. საქართველოს ადვოკატთა პროფესიული კოდექსის მოთხოვნის საფუძველზე ადვოკატს არ
აქვს უფლება კლიენტს მისცეს რაიმე სახის გარანტია საქმის შედეგთან დაკავშირებით;
4.6. შეთანხმება ძალაშია ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს მხარეთა მიერ ნაკისრი
ვალდებულებების სრულიად შესრულებამდე ან ერთ-ერთი მხარის ინიციატივით მის მოშლამდე;
4.7. წინამდებარე შეთანხმება ნებაყოფლობითია შეთანხმების მონაწილეს უფლება აქვს გააუქმოს
შეთანხმება მეორე მხარისათვის წერილობით შეტყობინებით;
4.8. ყველა საკითხი წინამდებარე შეთანხმების განსაზღვრული პირობების განხორციელებისას
გადაწყდება მომმართველის და საქმის მწარმოებელი ადვოკატის მიერ, ურთიერთშეთანხმებით;
4.9. აღნიშნულ ხელშეკრულებას გავეცანით პუნქტობრივად, რაც სრულიად აკმაყოფილებს ჩემს
მოთხოვნას რის შემდგომ ნებაყოფლობით ვდებ შეთანხმებას.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:


- საადვოკატო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება #XX- ს.ფ. 23.

2.3. 2012 წლის 09 აგვისტოს ხელშეკრულების საფუძველზე გ. ზ.-მ რ. გ.-ს პირად საბანკო ანგარიშზე
გადაურიცხა საადვოკატო სამსახურის გაწევისათვის საფასური 3000 ლარი.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:


- საადვოკატო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება NXX - ს.ფ. 23;
- სალაროს შემოსავლის ორდერი 25135XXXX, 09.08.2012. - ს.ფ. 24.

2.4. 2014 წლის 20 აგვისტოს NXXXXXXXXX სანოტარო აქტით გ. ზ.-მ გააუქმა ყველა ის
უფლებამოსილება, რაც მინიჭებული ქონდა რ. გ.-სათვის თანახმად 2012 წლის 09 აგვისტოს
რწმუნებულებისა.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:


- სანოტარო აქტი, ს.ფ. 20–22.

სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

- 5 -
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები)
www.library.court.ge

2.5. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე რ. გ.-მ არ შეასრულა მასზე დავალების
ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, განეხორციელებინა მოსარჩელე გ. ზ.-ს ქონებრივი
ინტერესების დაცვა და რწმუნებულებით მინიჭებული უფლებამოსილება არ განახორციელა
კეთილსინდისიერად და გულისხმიერებით.

2.6. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, ასევე, რომ საადვოკატო მომსახურების შესახებ NXX
ხელშეკრულების 2.1. პუნქტის მე-2 წინადადების თანახმად, მოსარჩელე გ.ზ.-ს მოპასუხისათვის
გარდა ჰონორარის 3000 ლარისა, ასევე უნდა გადაეხადა სახელმწიფო საგადასახადო ვალდებულება
გადახდილი თანხის 20%, ანუ 600 ლარი.

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის


პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე.
მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი
მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები
თუ მტკიცებულებები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, კი თითოეულმა მხარემ უნდა
დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ის ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ
გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით,
წერილობითი თუ ნივთიერ მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები,
რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ
შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, კანონმდებელმა ერთის მხრივ
განსაზღვრა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტი, ხოლო მეორეს მხრივ
დაადგინა მტკიცებულებათა დასაშვებობის კრიტერიუმები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ
რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის
არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება
ევალებოდა. მტკიცებულებათა წარმოდგენის მოვალეობას მტკიცების საგანში შემავალი ფაქტის
დასადგენად, კანონმდებელი აკისრებს იმ მხარეს, რომლისთვისაც ეს უფრო ადვილი და
მოსახერხებელია. მოსარჩელე მოვალეა დაამტკიცოს ფაქტები, რომელთა საფუძველზე შეიძლება
გაკეთდეს დასკვნა გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტების არსებობის
ვარაუდის შესახებ, ხოლო იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლებიც ასეთ ვარაუდს გააქარწყლებენ
- დაკისრებული აქვს მოპასუხეს. ფაქტების დამტკიცებას იწყებს მოსარჩელე, რომელმაც უნდა
დაამტკიცოს მის მიერ მოპასუხისადმი წაყენებული მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი. მხოლოდ
იმ შემთხვევაში, როდესაც მოსარჩელე დაამტკიცებს ამ ფაქტებს, მტკიცების ტვირთი გადადის
მოპასუხეზე. ფაქტები, რომლებიც ივარაუდება მოსარჩელის სასარგებლოდ, უნდა დაამტკიცოს
მოპასუხემ, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელე თავისუფალია ამ ფაქტების დამტკიცებისაგან. მხარეებს
შორის, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს
დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე რ. გ.-ს პოზიცია იმის თაობაზე, რომ მის
მიერ შესრულებული იქნა ნაკისრი ვალდებულება, ვინაიდან, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება,
რომლითაც დადასტურებული იქნება აღნიშნული გარემოება. სასამართლოს მოსაზრებით, მის მიერ
წარმოდგენილი 2012 წლის 22 აგვისტოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილი და
თანდართული მასალები 23 ფურცლად არ შეიძლება მიჩნეულ იქნას ვალდებულების ჯეროვნად და

- 6 -
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები)
www.library.court.ge

კეთილსინდისიერად შესრულებად, ხოლო სხვა რაიმე სახის მტკიცებულება მის მიერ წარმოდგენილი
არ ყოფილა. სასამართლომ მიუთითა, რომ მოწმე გ. ს.-ს ახსნა-განმარტება იმის თაობაზე, რომ
მოპასუხე რ. გ. ახორციელებდა მასსა და მოსარჩელე გ. ზ.-ს შორის არსებული ურთიერთობის
მორიგებით დასრულებას, ვერ გახდება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი
ვინაიდან, თავად მოწმის განმარტებიდანვე დასტურდება ის ფაქტი, რომ მხარეებს შორის მორიგება
არ შედგა.

სასამართლომ ასევე, არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია იმის თაობაზე, რომ 3000 ლარში შედიოდა
სახელმწიფო საგადასახდო ვალდებულება გადახდილი ჰონორარის 20%-ის ოდენობით, 600 ლარი.
ამასვე ადასტურებს მხარეთა შორის 2009 წლის 9 აგვისტოს ხელშეკრულება, რომლის 4.4. პუნქტის
თანახმად „ჰონორარში გათვალისწინებულია მხოლოდ ადვოკატის მიერ გაწეული სამსახურის
საზღაური“.

ასევე, სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე გ. ზ.-ს წარმომადგენლის პოზიცია იმის თაობაზე, რომ
მოსარჩელემ მოპასუხე რ. გ.-ს გადაუხადა 600 ლარი საგადასახადო საშემოსავლოს 20% და 400 ლარი
საქმეზე გასაწევი ხარჯებისათვის. აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება
მხარის მიერ სასამართლოში არ იქნა წარმოდგენილი. ხოლო რაც შეეხება, მის მიერ წარმოდგენილ
2012 წლის 7 აგვისტოს თარიღით შედგენილ ვალუტის გაცვლის ქვითარს, სასამართლომ აღნიშნა,
რომ მასში მითითებული მონაცემები არ იძლევა საფუძველს ვარაუდისა, რომ მიღებული თანხა
მხარემ გადასცა მოპასუხეს და ამით გადახდილი იქნა 600 ლარი.

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში


არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული
სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ
მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება
მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული
მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც
მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები და გააქარწყლონ სასარჩელო
მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:


- 2009 წლის 9 აგვისტოს NXX ხელშეკრულება - ს.ფ. 23;
- ვალუტის გაცვლის ქვითარი - ს.ფ. 25;
- მოწმისა და მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

2.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად,


ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების
შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

- 7 -
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები)
www.library.court.ge

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის


აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება
წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით
გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან, ხოლო 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად,
ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის შესაბამისად, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული


ვალდებულია, შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება
მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე.

სამოქალაქო კოდექსის 710-ე მუხლის შესაბამისად, მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს


რწმუნებულს გასამრჯელო მხოლოდ ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ
შემთხვევებში.

სასამართლომ განმარტა, რომ დავალების ხელშეკრულება მიეკუთვნება იმ ხელშეკრულებათა ტიპს,


რომელიც დაკავშირებულია სამუშაოს შესრულებასთან. დავალების ხელშეკრულება ის
სამართლებრივი საშუალებაა, რომლის მეშვეობითაც პირს შეუძლია მიანდოს თავის რწმუნებულს
იურიდიული მომსახურების გაწევა. დავალების ხელშეკრულება ითვალისწინებს მარწმუნებელსა და
რწმუნებულს შორის ორმხრივი უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას. დავალების
ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური ხელშეკრულებაა. მისი მხარეებია, ერთი მხრივ
მარწმუნებელი, რომელიც დავალების მიმცემია და ამ სახის ურთიერთობაში კრედიტორის როლში
გამოდის, ხოლო მეორე მხრივ რწმუნებული, რომელიც კისრულობს დავალებული მოქმედების
განხორციელებას და მონაწილეობს მოვალის მხარეზე.

სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის 2012 წლის 9 აგვისტოს დაიდო
დავალების ხელშეკრულება, რომლის დადების მომენტშივე მხარეთა მიერ ზუსტად იქნა
განსაზღვრული სამართლებრივი მომსახურების საგანი, კერძოდ, გ. ზ.-ს ესაჭიროებოდა იურიდიული
დახმარება საცხოვრებელი ბინის დასაბრუნებლად. რ.გვარლიანს დაევალა ერთი ან რამდენიმე
მოქმედების შესრულება მარწმუნებლის გ. ზ.-ს სახელითა და ხარჯზე, რომელიც მას არ
განუხორციელებია. ხელშეკრულება სასყიდლიანი იყო და ხელშეკრულებით გათვალისწინებული
იქნა გასამრჯელო - 3000 ლარის ოდენობით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ


ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლის გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს
იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ.

ამავე კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე
არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების
მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის
მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების
დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი
ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ

- 8 -
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები)
www.library.court.ge

დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ


ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი. ამავე მუხლის მე-2
ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, არ არის აუცილებელი დამატებითი ვადის დაწესება ან
გაფრთხილება, თუ აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება.

აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის
გამოყენება დასაშვებია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოცემულია შემდეგი პირობები: დადებული
ხელშეკრულება ორმხრივი უნდა იყოს, ანუ ხელშეკრულების მონაწილეები ერთდროულად
კრედიტორებსა და მოვალეებს უნდა წარმოადგენდნენ;

ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნის წარდგენის დროისათვის ხელშეკრულებით ნაკისრი


ვალდებულება მეორე მხარის მიერ არ უნდა იყოს შესრულებული;

დამრღვევი მხარის მხრიდან ადგილი უნდა ჰქონდეს ძირითადი ვალდებულების დარღვევას და ეს


დარღვევა მნიშვნელოვანი ხასიათის უნდა იყოს. ამასთან, გასული უნდა იყოს მხარისათვის
ვალდებულების შესრულებისათვის დამატებით განსაზღვრული ვადა (გარდა იმ შემთხვევისა, როცა
აშკარაა, რომ მას შედეგი არ მოჰყვება).

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ უარი განაცხადა ხელშეკრულებაზე იმ გარემოების


გათვალისწინებით, რომ მოპასუხე რ.გ.-ს მიერ არ იქნა შესრულებული ნაკისრი ვალდებულება,
კერძოდ, მის მიერ არ იქნა შესრულებული გ. ზ.-ს დავალება უძრავ ქონებასთან დაკავშირებული
პრობლემის მოგვარების თაობაზე. ამდენად, მოსარჩელეს, სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის
პირველი ნაწილის საფუძველზე წარმოეშვა მის მიერ განხორციელებული შესრულების დაბრუნების
უფლება. ასეთი უფლების არსებობა განპირობებულია რა ვალდებულებით-სამართლებრივი
ურთიერთობის განმსაზღვრელი პრინციპებით და გარანტირებულია კანონით (352-354-ე, 405-ე
მუხლები), მისი საწინააღმდეგო დათქმა (მომმართველის მიერ ადვოკატისათვის შეთანხმებით
გათვალისწინებული გადახდილი თანხები უკან არ ბრუნდება) უნდა ჩაითვალოს
კანონსაწინააღმდეგოდ და, შესაბამისად, უცილოდ ბათილ გარიგებად სამოქალაქო კოდექსის 54-ე
მუხლის საფუძველზე.

2.8. სამოქალაქო კოდექსის 715-ე მუხლის შესაბამისად, რწმუნებული მოვალეა დაუბრუნოს


მარწმუნებელს ყველაფერი, რაც მან მიიღო მინდობილი მოქმედების შესასრულებლად და არ
გამოიყენა ამისათვის, აგრეთვე ისიც, რაც მან შეიძინა მინდობილი მოქმედების შესრულებასთან
დაკავშირებით. თუ რწმუნებული თავისთვის იყენებს ფულს, რომელიც მას უნდა დაებრუნებინა
მარწმუნებლისათვის ან გამოეყენებინა მის სასარგებლოდ, რწმუნებული ვალდებულია დააბრუნოს
ფული პროცენტთან ერთად.

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის წარმომადგენლის პოზიცია, რომ


მოპასუხეს უნდა დაეკისროს დამატებით 1000 ლარი და ასევე პროცენტი 3480 ლარის ოდენობით,
ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მოსარჩელის მიერ
მოპასუხისათვის 1000 ლარის გადახდის ფაქტი. მხოლოდ სარჩელში მითითებული გარემოება და
სასამართლო სხდომაზე მხარის მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტება კი არ წარმოადგენს

- 9 -
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები)
www.library.court.ge

სასამართლოსათვის იმ სახის მტკიცებულებას, რაც შეიძლება საფუძვლად დაედოს ამ ნაწილში


სარჩელის დაკმაყოფილებას. რაც შეეხება, პროცენტის დაკისრებას, საქართველოს სამოქალაქო
კოდექსის 715-ე მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს იმ ფულის პროცენტთან ერთად დაბრუნებას,
რომელიც რწმუნებულმა თავისთვის გამოიყენა და იგი უნდა დაებრუნებინა მარწმუნებლისათვის
ან გამოეყენებინა მის სასარგებლოდ. საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც
დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ მოპასუხე რ. გ. თავისთვის იყენებდა ფულს, რომელიც მას უნდა
დაებრუნებინა მარწმუნებლისათვის ან გამოეყენებინა მის სასარგებლოდ.

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

ფაქტობრივი საფუძვლები

3.1. აპელანტის მოსაზრებით, მცდარია გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.2.1. პუნქტით


დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მოპასუხემ არ შეასრულა დავალების
ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და რომ რწმუნებულებით მინიჭებული უფლებამოსილება
კეთილსინდისიერად არ განახორციელა. ამ მიმართებით სასამართლომ არასწორი სამართლებრივი
შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ საჯარო რეესტრის 22.08.2012 წლის წერილს, რომელიც
სწორედ, ვალდებულების ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შესრულების დამადასტურებელ
მტკიცებულებას წარმოადგენს.

სასამართლომ ასევე, სათანადოდ არ შეაფასა მოწმე გ. ს.-ს ახსნა-განმარტება იმის თაობაზე, რომ
მოპასუხე მოდავე მხარეთა შორის მორიგებას აწარმოებდა, რომელიც მოპასუხისაგან
დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ შედგა. ის გარემოება, რომ მხარეებმა ერთმანეთთან მათთვის
მისაღები პირობები ვერ შეათანხმეს, მოპასუხის, როგორც მომრიგებლის მიერ ნაკისრი
ვალდებულების კეთილსინდისიერად და გულისხმიერად შეუსრულებლობის ფაქტს არ ადასტურებს,
რაც დაუსაბუთებლად არ გაიზიარა სასამართლომ.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად,


სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში
ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად,
სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე
მუხლების მოთხოვნებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია


და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ
იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის
დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს


გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით.

- 10 -
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები)
www.library.court.ge

განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული


გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ


ფაქტობრივ გარემოებებს:

4.1. მოსარჩელე გ. ზ. და მოპასუხე რ. გ. ერთმანეთთან დავალების ხელშეკრულებიდან გამომდინარე


ვალდებულებით სამართლებრივ ურთიერთობებში იმყოფებოდნენ, რომლის საფუძველზეც, რ. გ.-ს
მოსარჩელის ბინის დაბრუნებასთან დაკავშირებული სამართლებრივი დახმარება უნდა გაეწია. ამ
მიზნით, მოპასუხეს მინიჭებული ჰქონდა უფლებამოსილება, მოსარჩელის სახელით ეწარმოებინა
საქმე საქართველოს ყველა კომპეტენტურ ორგანოში, საჭიროების შემთხვევაში კი - საქართველოს
ყველა ინსტანციის სასამართლოში.

დადგენილია, რომ 2012 წლის 09 აგვისტოს გ. ზ.-სა და რ. გ.-ს შორის გაფორმდა საადვოკატო
მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის შეთანხმების საგანს ბინის დაბრუნებასთან
დაკავშირებული სამართლებრივი დახმარების გაწევა წარმოადგენდა. (ტ.1, ს.ფ. 23).

საქმეში წარმოდგენილი, გ. ზ.-სა და რ. გ.-ს შორის 2012 წლის 09 აგვისტოს გაფორმებული


#XXXXXXXXX სანოტარო აქტის - რწმუნებულების საფუძველზე დგინდება, რომ გ. ზ.-მ რ. გ.-ს ხუთი
წლის ვადით მიანიჭა უფლებამოსილება, დაიცვას მარწმუნებლის ქონებრივი და/ან არაქონებრივი
ინტერესები. ამ მიზნით, წარმოადგინოს იგი საქართველოს ყველა კომპეტენტურ ორგანოში,
კოოპერატიულ და საზოგადოებრივ ორგანიზაციაში, სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანოსა და
დაწესებულებაში; მარწმუნებლის სახელით შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი ნებისმიერი მოქმედება და პროცედურა... საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი საქმე
აწარმოოს (სისხლის, სამოქალაქო, ადმინისტრაციული) საქართველოს ყველა ინსტანციის
სასამართლოში (ტ.1, ს.ფ. 34). ამავე რწმუნებულებით რ. გ.-ს ასევე, დამატებით მიენიჭა საქართველოს
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული
უფლებამოსილებები.

4.2. 2012 წლის 09 აგვისტოს საადვოკატო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 2.1. პუნქტის
საფუძველზე, გ. ზ.-მ რ. გ.-ს პირად საბანკო ანგარიშზე გადაურიცხა საადვოკატო სამსახურის გაწევის
საფასური 3000 ლარის ოდენობით.

აღნიშნული გარემოება მხარეთა მიერ სადავოდ არ არის გამხდარი.

4.3. გ. ზ.-მ ყველა ის უფლებამოსილება, რაც რ. გ.-სათვის 2012 წლის 09 აგვისტოს რწმუნებულებით
ჰქონდა მინიჭებული, 2014 წლის 20 აგვისტოს გააუქმა.

4.4. ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მოპასუხე რ. გ.-მ შეასრულა საადვოკატო
მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება (დავალება)

- 11 -
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები)
www.library.court.ge

მოსარჩელე გ. ზ.-ს ქონებრივი ინტერესების დაცვის თაობაზე, საქმეზე წარმოდგენილი


მტკიცებულებებით არ დასტურდება.

მოსარჩელის ახსნა-განმარტების თანახმად, რ. გ.-მ არაფერი გააკეთა მოსარჩელის ქონებრივი


ინტერესების დასაცავად. მან საქმე არ წარმართა სასამართლოში.

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ რ. გ.-თან საადვოკატო მომსახურების


შესახებ ხელშეკრულებისა და შესაბამისი რწმუნებულების გაფორმება და საადვოკატო მომსახურების
ღირებულების გადახდა 2012 წლის 09 აგვისტოს მოხდა.

დადგენილია, რომ მოპასუხეს მისი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ვადაში - 2012 წლის 09


აგვისტოდან 2014 წლის 20 აგვისტომდე, მოსარჩელის ქონებრივი ინტერესების დაცვის მიზნით
სასამართლოსათვის არ მიუმართავს.

სააპელაციო პალატა მხარეთა ყურადღებას გაამახვილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით


გათვალისწინებულ მტკიცების ტვირთის გადანაწილების პრინციპზე და მნიშვნელობაზე, კერძოდ,
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ
უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და
შესაგებელს, ხოლო ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს
სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. აღნიშნული ნორმების ანალიზი ერთმნიშვნელოვნად გვაძლევს
დასკვნის საფუძველს, რომ დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტული ფაქტებზე
დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის მოვალეობაა; დავის სამართლიანი და
ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოიყენება მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო
საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს
გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის
გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის გადანაწილებას არამარტო
საპროცესო-სამართლებრივი მნიშვნელობა აქვს, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი
მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ საპროცესო მოვალეობის შეუსრულებლობას ან
არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი - არახელსაყრელი
შედეგი.

მოცემულ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება მოპასუხის მიერ
საადვოკატო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ფაქტი,
კერძოდ, მოპასუხე მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლითაც
დადასტურდებოდა, რომ რ. გ.-მ მოსარჩელის ბინის დაბრუნების მიზნის ფარგლებში, კანონით
გათვალისწინებული რელევანტური მოქმედებები განახორციელა. პალატა ეთანხმება პირველი
ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი 2012 წლის
22 აგვისტოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილი, თანდართული მასალებით და მოწმე
გ. ს.-ს ახსნა-განმარტება იმის თაობაზე, რომ მოპასუხე რ. გ. მასსა და მოსარჩელე გ. ზ.-ს შორის
არსებული ურთიერთობის მორიგებით დასრულებას ცდილობდა, ვერ გამოდგება ვალდებულების
ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შესრულების დამადასტურებელ მტკიცებულებად, ვინაიდან,
მხარეთა მორიგების შეუძლებლობის შემთხვევაში, პირის დარღვეული უფლებების სამართლებრივი

- 12 -
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები)
www.library.court.ge

გზებით დაცვა (რისთვისაც შესაბამისი ხელშეკრულება გაფორმდა) გულისხმობს, სწორედ, საქმის


სასამართლოში წარმოებას, რაც განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე რ. გ.-ს მიერ, მისი
უფლებამოსილების ვადაში - 2 წლის განმავლობაში, არ განხორციელებულა. უფრო მეტიც, მხარეთა
განმარტებით, მოწმე გ. ს., იმ სუბიექტს წარმოადგენს, რომლის მიმართაც მარწმუნებელ, გ. ზ.-ს,
მოთხოვნის უფლება ჰქონდა. გ. ზ. რ. გ.-ს, მისი, როგორც მარწმუნებლის საზიანოდ, სწორედ
აღნიშნული სუბიექტის მიმართ უმოქმედობაში სდებს ბრალს, შესაბამისად, მითითებული მოწმის
ჩვენება არარელევანტური მტკიცებულებაა მოცემულ საქმეზე. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე
დადგენილი ფაქტობრივი წინაპირობების გათვალისწინებით, გ. ზ.-ს მისი ქონებრივი ინტერესის
სასამართლო წესით დაცვის ლეგიტიმური მოლოდინი გააჩნდა და ასეთის განუხორციელებლობა
მოპასუხის მიერ საადვოკატო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების
შეუსრულებლობად უნდა იქნას დაკვალიფიცირებული. სასამართლო დამატებით ასევე განმარტავს,
რომ განსახილველ შემთხვევაში, საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულების სამართლებრივი
ბუნების გათვალისწინებით, რაღა თქმა უნდა, მოთხოვნის საფუძველი წარუმატებელ მომსახურებაში
არ მდგომარეობს, არამედ მოთხოვნის საფუძველს დავალების ფარგლებში განსახორციელებელი
მოქმედების განუხორციელებლობა, უფრო ზუსტად კი, უმოქმედობა წარმოადგენს.

4.4. სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის შესაბამისად, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული


ვალდებულია, შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება
მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე.

პალატა განმარტავს, რომ დავალების ხელშეკრულება ითვალისწინებს მარწმუნებელსა და


რწმუნებულს შორის ორმხრივი უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას. დავალების
ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური ხელშეკრულებაა. მისი მხარეებია, ერთი მხრივ
მარწმუნებელი, რომელიც დავალების მიმცემია და ამ სახის ურთიერთობაში კრედიტორის როლში
გამოდის, ხოლო მეორე მხრივ რწმუნებული, რომელიც კისრულობს დავალებული მოქმედების
განხორციელებას და მონაწილეობს მოვალის მხარეზე.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე გ. ზ. და მოპასუხე რ. გ. ერთმანეთთან


დავალების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით სამართლებრივ ურთიერთობებში
იმყოფებოდნენ, რომლის საფუძველზეც რ. გ.-ს მოსარჩელის ბინის დაბრუნებასთან დაკავშირებული
სამართლებრივი დახმარების გაწევა ევალებოდა. ამ მიზნით, მოპასუხეს მინიჭებული ჰქონდა
უფლებამოსილება, მოსარჩელის სახელით ეწარმოებინა საქმე საქართველოს ყველა კომპეტენტურ
ორგანოში, საჭიროების შემთხვევაში კი - საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში.
დადგენილია, რომ 2012 წლის 09 აგვისტოს საადვოკატო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 2.1.
პუნქტის თანახმად, გ. ზ.-მა რ. გ.-ს პირად საბანკო ანგარიშზე საადვოკატო სამსახურის გაწევის
საფასურის სახით, 3000 ლარი გადაურიცხა.

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს
ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

დადგენილია, რომ მოპასუხე რ. გ.-მ არ შეასრულა საადვოკატო მომსახურების შესახებ


ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება (დავალება) გ. ზ.-ს ქონებრივი ინტერესების დაცვის

- 13 -
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები)
www.library.court.ge

თაობაზე (ფაქტობრივი გარემოება 4.4.), რის გამოც გ. ზ.-მ რ. გ.-ს მიმართ გაცემული 2012 წლის 09
აგვისტოს რწმუნებულება გააუქმა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ


ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლის გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს
იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ.

ამავე კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე
არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების
მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის
მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების
დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის
განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა,
მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ
ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი. ამავე მუხლის მე-2
ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, არ არის აუცილებელი დამატებითი ვადის დაწესება ან
გაფრთხილება, თუ აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება.

აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის
გამოყენება დასაშვებია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოცემულია შემდეგი პირობები: დადებული
ხელშეკრულება ორმხრივი უნდა იყოს, ანუ ხელშეკრულების მონაწილეები ერთდროულად
კრედიტორებსა და მოვალეებს უნდა წარმოადგენდნენ; ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნის
წარდგენის დროისათვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მეორე მხარის მიერ არ უნდა
იყოს შესრულებული; დამრღვევი მხარის მხრიდან ადგილი უნდა ჰქონდეს ძირითადი
ვალდებულების დარღვევას და ეს დარღვევა მნიშვნელოვანი ხასიათის უნდა იყოს. ამასთან, გასული
უნდა იყოს მხარისათვის ვალდებულების შესრულებისათვის დამატებით განსაზღვრული ვადა
(გარდა იმ შემთხვევისა, როცა აშკარაა, რომ მას შედეგი არ მოჰყვება).

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელემ უარი განაცხადა ხელშეკრულებაზე იმ


გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხე რ. გ.-მ ორი წლის განმავლობაში არ შეასრულა გ. ზ.-ს
დავალება უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარების თაობაზე, კერძოდ, როგორც
მინიმუმ, სარჩელი არ აღძრა სასამართლოში. შესაბამისად, პალატის მოსაზრებით, პირველი
ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს, სამოქალაქო კოდექსის 352-ე
მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მის მიერ რ. გ.-ს მიმართ განხორციელებული შესრულების
დაბრუნების უფლება წარმოეშვა.

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული


გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით
გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების

- 14 -
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები)
www.library.court.ge

პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ


გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა დარჩეს.

6. საპროცესო ხარჯები

აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დაადგინა

1. რ. გ.-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2015 წლის 20 მარტის


გადაწყვეტილება;

3. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო


ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების
ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა
პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის


ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო
ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის
სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში
გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის
გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

თავმჯდომარე ქეთევან მესხიშვილი

- 15 -

You might also like