You are on page 1of 5

საქმე №ას-230-218-2017 28 აპრილი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა


შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)


მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ბ-ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ. გ-ე, კ. ბ-ე, რ. ჩ-ი, ე. ჩ-ი, ზ. ტ-ი, ა. ჩ-ე (მოსარჩელე)

თავდაპირველი თანამოსარჩელეები _ მ. დ-ა, მ. კ-ე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა


პალატის 2016 წლის 6 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის


იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება

აღწერილობითი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:
თ. გ-ემ, კ. ბ-ემ, რ. ჩ-მა, ე. ჩ-მა, ზ. ტ-მა, ა. ჩ-ემ, მ. დ-ამ და მ. კ-ემ (შემდგომში _
მოსარჩელეები, მოწინააღმდეგე მხარეები ან დასაქმებულები) სარჩელი აღძრეს
სასამართლოში შპს „ბ-ის“ (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი
ან დამსაქმებელი) მიმართ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო.

1
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების/განჩინების
სარეზოლუციო ნაწილი:
3.1. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 9 სექტემბრის
განჩინებით მ. დ-ასა და მ. კ-ის მოთხოვნის ნაწილში საქმის წარმოება შეწყდა.
3.2. ამავე სასამართლოს 2016 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით
მოსარჩელეების მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დამსაქმებელს თ. გ-ის
სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების _ 1 910 ლარის (ხელზე ასაღები), კ.
ბ-ის სასარგებლოდ _ 2 810 ლარის (ხელზე ასაღები), რ. ჩ-ის სასარგებლოდ _ 4 130 ლარის
(ხელზე ასაღები), ე. ჩ-ის სასარგებლოდ _ 3 470 ლარის (ხელზე ასაღები), ზ. ტ-ის
სასარგებლოდ _ 1 989.95 ლარის (ხელზე ასაღები), ხოლო ა. ჩ-ის სასარგებლოდ _ 1 090
ლარის (ხელზე ასაღები) ანაზღაურება, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა
მოპასუხემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ _ 920 ლარის დაკისრების ნაწილში გაუქმება და
ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. დაზუსტებული საკასაციო
საჩივარი.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 23
დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე
მუხლის შესაბამისად, დატოვებულ იქნა განუხილველად.
6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და კერძო საჩივრის საფუძვლები:
6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა
აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა
განსახილველად დაბრუნება.
6.2. კერძო საჩივრის თანახმად, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების
საფუძველს ის გარემოება წარმოადგენს, რომ მხარე, მართალია, გადაწყვეტილებას
ასაჩივრებდა 920 ლარის დაკისრების ნაწილში, მაგრამ ამ თანხას ემატება სახელმწიფო
ბაჟი _ 150 ლარი, შესაბამისად, დავის საგნის ღირებულება აღემატება 1 000 ლარს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის


მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების
შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ბ-ის“ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ
უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და
სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო
საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ
სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე
მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო (კერძო)
საჩივარს, თუ:

2
ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს
კანონის დარღვევა;
გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია,
მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის
დასაბუთებას.
1.2. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს
წარმოადგენს ქონებრივ დავაზე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა. ამ თვალსაზრისით
პალატა ყურადღებას გაამახვილებს საკითხის შეფასებისათვის მნიშვნელობის მქონე
რამდენიმე ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხზე:
1.2.1. მოპასუხის მიერ თავდაპირველად წარდგენილი სააპელაციო საჩივრის
მოთხოვნას წარმოადგენდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლა 600
ლარის დაკისრების ნაწილში. იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო საჩივარი არ შეიცავდა
ფაქტობრივ და სამართლებრივ დასაბუთებას (პრეტენზიებს), სააპელაციო პალატამ 2016
წლის 6 დეკემბრის განჩინებით დაადგინა ხარვეზი და სამოქალაქო საპროცესო
კოდექსის 368-ე მუხლის შესაბამისად, აპელანტს დაავალა დასაბუთებული საჩივრის,
ასევე, მოთხოვნის შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის
დამადასტურებელი ქვითრის სასამართლოში წარდგენა;
1.2.2. ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების პასუხად, დამსაქმებელმა
სასამართლოს მიმართა განცხადებით, სადაც გაზარდა მოთხოვნა და ამჯერად
მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა მოსარჩელეთა სასარგებლოდ
მისთვის 920 ლარის დაკისრების ნაწილში;
1.2.3. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დავის საგნის გამოთვლის ზოგად წესს
ადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის „ა“
ქვეპუნქტის თანახმად, ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელის ფასი
გამოიანგარიშება გადასახდელი თანხით, თავის მხრივ, აღნიშნული ნორმა ზემდგომი
წესით გადაწყვეტილების გასაჩივრებისას მოდიფიცირდება და სააპელაციო
სამართალწარმოებისას იგი განისაზღვრება იმ ოდენობით, რა ფარგლებშიც ითხოვს
აპელანტი გადაწყვეტილების შეცვლას (იხ. სსსკ-ის 365-ე მუხლი);
1.2.4. სააპელაციო საჩივრის, ისევე, როგორც სარჩელისა თუ საკასაციო საჩივრის
საგნის ღირებულების განსაზღვრისას გაითვალისწინება მოთხოვნის მატერიალურ-
სამართლებრივი ნაწილი იმგვარად, რომ სასამართლო პროცესის ხარჯებს, მათ შორის
მხარის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილ/გადასახდელ ბაჟს,
დავის საგნის ღირებულებაში ვერ გამოიანგარიშებს, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო
კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯები
(სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით
გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც
შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა. თუ ასეთი მოქმედების
შესრულება სასამართლოს ინიციატივით ხდება, მაშინ ეს თანხა ორივე მხარეს შეაქვს
თანაბარწილად. ამდენად, საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯის წინსწრებით
გადახდის აუცილებლობა სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლებით დაცულ
სფეროში ჩარევის ლეგიტიმური საფუძველია, რამეთუ შეზღუდვა საკანონმდებლო

3
დანაწესს წარმოადგენს. ამასთანავე, კანონი ითვალისწინებს პროცესის ხარჯების
განაწილების წესს იმის მიხედვით, თუ რა შედეგით დასრულდება საქმის განხილვა,
კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე-55-ე, ასევე, 249-ე (5) და 389-ე (3)
მუხლების ძალით, სასამართლო ვალდებულია, გაანაწილოს პროცესის ხარჯები იმის
მიხედვით, თუ რა რომელი მხარის სასარგებლოდ იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება.
ამდენად, განვითარებული მსჯელობის გათვალისწინებით, პალატა თვლის, რომ
მოპასუხის სააპელაციო საჩივარის საგნის ღირებულება შეადგენდა 920 ლარს და ამ
თანხაში ვერ იქნება გათვალისწინებული სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟის
ოდენობა.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო
საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის
საგნის ღირებულება აღემატება 1 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის
მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს
საჩივარი მხარეს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მითითებული ნორმით ქონებრივ
დავებთან მიმართებით, კანონმდებელმა დაადგინა, თუ რა კატეგორიის საქმის მიმართ
დაიშვება სააპელაციო საჩივრის შეტანა. აღნიშნულ კრიტერიუმს წარმოადგენს დავის
საგნის ღირებულება და დადგენილია, რომ იმ გადაწყვეტილების ან გადაწყვეტილების
იმ ნაწილის მიმართ, რომელსაც მხარე სადავოდ ხდის და მოთხოვნის ოდენობა არ
აღემატება 1 000 ლარს, სააპელაციო საჩივრის შეტანა არ დაიშვება. კანონის აღნიშნული
დანაწესი სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპიდან გამომდინარეობს და შედარებით
ნაკლები ღირებულების ქონებრივი დავის სწრაფად გადაწყვეტასა და დასრულებას
ემსახურება.
1.4. საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის
42-ე მუხლით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობა ადამიანის ერთ-ერთი
ფუნდამენტური უფლებაა და მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა ამ
უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის თვალსაჩინო მაგალითია, თუმცა, იგი უფლებით
დაცულ სფეროში ჩარევად ვერ იქნება განხილული, რადგანაც მას გააჩნია
საკანონმდებლო საფუძველი და გამართლებულია შედარებით ნაკლები ღირებულების
მქონე დავის სწრაფად დამთავრებით (იხ. ასევე სსსკ-ის 2.2. მუხლი). პალატა ადამიანის
უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის
(სამართლიანი სასამართლოს უფლება) ფარგლებში დამატებით განმარტავს, რომ
ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს პრაქტიკა განაცხადის დასაშვებობისას
ამოწმებს ზიანის (დანახარჯების) ოდენობას და მიიჩნევს, რომ მცირე ღირებულების
საქმეებზე, თუკი არ დასტურდება პირის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის
ფაქტი, განაცხადს დაუშვებლად მიიჩნევს სწორედ „ზიანის მცირე მნიშვნელობის“
(დავის ქონებრივი ცენზის დაწესება) გათვალისწინებით (იხ. ECHR: Ionescu v. Romania;
Vasilchenko v. Russia; Stefanescu v. Romania და სხვა).
1.5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ
გასაჩივრებული განჩინება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, რომლის
წინააღმდეგაც კერძო საჩივრის ავტორს არ მიუთითებია სამოქალაქო საპროცესო
კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული დასაბუთებული პრეტენზია, რაც
ამ განჩინების გაუქმებაზე უარის თქმის საფუძველია.

4
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო


კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ბ-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.


2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016
წლის 23 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური

You might also like