You are on page 1of 12

სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები)

www.library.court.ge

თბილისის სააპელაციო სასამართლო


განჩინება
საქართველოს სახელით

საქმე №2ბ/6800-13 7 ოქტომბერი, 2014 წელი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე, მომხსენებელი – ქეთევან მესხიშვილი


მოსამართლეები – ნათია გუჯაბიძე, ნატალია ნაზღაიძე

სხდომის მდივანი – თამარ ჭალიძე

აპელანტი – ნ. ჭ.

წარმომადგენელი – თ. ჩ.

მოწინააღმდეგე მხარეები – დ. უ., ჯ. ე., დ. კ.

წარმომადგენელი – ლ. თ.

დავის საგანი – თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა


კოლეგიის 2013 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი


გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

ნ. ჭ.-ს სასარჩელო მოთხოვნა: მოპასუხეებს - დ. უ.-ს, ჯ. ე.-სა და დ. კ.-ს მოსარჩელის, ნ. ჭ.-ს


სასარგებლოდ დაეკისროთ 30 000 აშშ დოლარის ექვივალენტის - 50 000 ლარის გადახდა.
ასევე მიყენებული მატერიალური ზიანის - 50 000 ლარის ანაზღაურება.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

ნ. ჭ.-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით


დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები)
www.library.court.ge

2.1. 2008 წლის ივნის-ივლისში დ. უ.-მ ნ. ჭ.-ს მაღაზიიდან წაიღო 27000 აშშ დოლარი
ღირებულების საქონელი, რომელიც უნდა დაებრუნებინა სამ თვეში. მყიდველს ნასყიდობის
თანხა არ გადაუხდია.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:


- წარმოდგენილი საქონლის სია (ს.ფ. 15-17);
- ფარული აუდიო ჩანაწერი.

მოსარჩელემ საქმეზე მტკიცებულებად ფარული აუდიოჩანაწერი წარადგინა, რომელიც


ასახავს მოსარჩელესა და მოპასუხე დ. უ.-ს შორის გამართულ საუბარს. სასამართლო
სხდომაზე გამოქვეყნდა აუდიოჩანაწერი. მისი ტექსტი დეტალურად დადგენილი და
დაფიქსირებულია წერილობითი სახით მოსარჩელს მიერ. მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია
არც ამ ჩანაწერის ნამდვილობა და არც ჩაწერილ პიროვნებათა იდენტურობა. სასამართლოს
განმარტებით აუდიოჩანაწერი შეიძლება განიმარტოს, როგორც საქმესთან დაკავშირებული
გარემოებების დამტკიცების საშუალება ხმის ან სხვა ხმოვანი სიგნალის სპეციალურ
ტექნიკურ საშუალებაზე ფიქსაციის მეშვეობით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
აუდიოჩანაწერს არ განიხილავს მტკიცებულების დამოუკიდებელ სახედ. მას მოიცავს
ნივთიერი მტკიცებულებების ცნება და განიხილება როგორც ნივთიერი მტკიცებულებების
ერთ-ერთი სახე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის
თანახმად, ნივთიერი მტკიცებულებებია ის ნივთები, რომლებიც თავისი ხარისხით,
თვისებით ან თავისი არსებობით წარმოადგენენ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე
გარემოებების დადგენის საშუალებას. მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი
აუდიოჩანაწერის ნამდვილობაც სადავო არ არის რაც, პასუხობს სამოქალაქო საპროცესო
კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს. ამდენად, საქმეში
არსებული აუდიოჩანაწერი სასამართლომ მიიჩნია დასაშვებ მტკიცებულებად, რომელიც
შეფასდა საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში და არა სამოქალაქო
საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლით გათვალისწინებულ აღიარებად. საქმეში არსებული
სხვა მტკიცებულებებისა და აუდიოჩანაწერის შინაარსთან ერთობლიობაში გაანალიზების
საფუძველზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია დ. უ.-ს მხრიდან მოსარჩელისათვის
ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების არსებობა და მისი
შეუსრულებლობა.

სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია, რომ მან ნასყიდობის ხელშეკრულება დადო


ასევე ჯ. ე.-სთანაც, რომელიც წარმოადგენს ასევე სოლიდარულ მოვალეს. აღნიშნულთან
დაკავშირებით სასამართლომ განმარტა შემდეგი:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად,


სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ
თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები,
უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ
მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის
მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა
დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. მტკიცებულებათა
წარმოდგენის მოვალეობას მტკიცების საგანში შემავალი ფაქტის დასადგენად,
კანონმდებელი აკისრებს იმ მხარეს, რომლისთვისაც ეს უფრო ადვილი და მოსახერხებელია.
მოსარჩელე მოვალეა დაამტკიცოს ფაქტები, რომელთა საფუძველზე შეიძლება გაკეთდეს

-2-
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები)
www.library.court.ge

დასკვნა გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტების არსებობის ვარაუდის


შესახებ, ხოლო იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლებიც ასეთ ვარაუდს გააქარწყლებენ -
დაკისრებული აქვს მოპასუხეს. ფაქტების დამტკიცებას იწყებს მოსარჩელე, რომელმაც უნდა
დაამტკიცოს მის მიერ მოპასუხისადმი წაყენებული მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი.
მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსარჩელე დაამტკიცებს ამ ფაქტებს, მტკიცების
ტვირთი გადადის მოპასუხეზე. ფაქტები, რომლებიც ივარაუდება მოსარჩელის
სასარგებლოდ, უნდა დაამტკიცოს მოპასუხემ, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელე
თავისუფალია ამ ფაქტების დამტკიცებისაგან. მხარეებს შორის, მტკიცების ტვირთი
განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ
ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა
მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და
შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-
განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და
ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა
დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა
სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს
სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ვერ მიუთითებს და
არც წარმოადგენს ჯ. ე.-ს ვალდებულების დამადასტურებელ რაიმე მტკიცებულებას.

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

2.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის


ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება
ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა
გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 505-ე მუხლის მიხედვით, განვადებით ნასყიდობისას


გამყიდველი ვალდებულია გადასცეს ნივთი მყიდველს ფასის გადახდამდე. ნივთის ფასის
გადახდა მყიდველის მიერ ხდება ნაწილ-ნაწილ დროის განსაზღვრულ შუალედებში.

ამავე კოდექსის 506-ე მუხლის შესაბამისად, განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება უნდა


დაიდოს წერილობით და ხელშეკრულებაში უნდა აღინიშნოს ა) ნაღდი გადახდის ოდენობა;
ბ) ნაწილ-ნაწილ გადასახადი თანხის ოდენობა და გადახდის დრო; გ) წლიური პროცენტის
ოდენობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 507-ე მუხლის თანახმად, თუ
ხელშეკრულება დადებულია 506-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, მაშინ ხელშეკრულება
დადებულად ჩაითვლება ნივთის გადაცემის მომენტიდან.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად,


ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება.

2.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მიხედვით, სხვა პირისაგან რაიმე
მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე
ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებულია
სახელშეკრულებო მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა 3 წელი. სამოქალაქო კოდექსის 130-ე
მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან.

-3-
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები)
www.library.court.ge

მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო
უფლების დარღვევის შესახებ.

ამავე კოდექსის 137-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდება, თუ


ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით,
გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას. სამოქალაქო კოდექსის
138-140-ე მუხლები ითვალისწინებს ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძვლებსა
და ვადებს. ამ მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი
პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა
შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო
ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ,
ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. ხანდაზმულობის ვადის დენის
შეწყვეტა სარჩელის შეტანის საფუძველზე გრძელდება მანამ, სანამ სასამართლოს მიერ
გამოტანილი გადაწყვეტილება არ შევა კანონიერ ძალაში, ან პროცესი სხვაგვარად არ
დასრულდება. სარჩელის შეტანა ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას არ გამოიწვევს,
თუ მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული
გადაწყვეტილებით სარჩელი განუხილველად იქნება დატოვებული. თუ უფლებამოსილი
პირი ექვსი თვის ვადაში შეიტანს ახალ სარჩელს, მაშინ ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილად
ითვლება პირველი სარჩელის შეტანის დროიდან.

სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ ხელშეკრულების


ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის
არსებობა (ვალის არსებობის აღიარება) აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა
ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის,
რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას.

მოსარჩელე ნ. ჭ.-სა და მოპასუხე დ. უ.-ს შორის დაიდო განვადებით ნასყიდობის


ხელშეკრულება, მათ შორის არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა. სასამართლომ
განმარტა, რომ მოსარჩელეს, ამ ურთიერთობის საფუძველზე უფლება აქვს მოითხოვოს
ვალდებულების შესრულება (სსკ-ის 316), მაგრამ მოსარჩელის მოთხოვნა არის ხანდაზმული,
რადგან ამგვარი ურთიერთობის მიმართ მოქმედებს სსკ-ის 129-ე მუხლით
გათვალისწინებული სახელშეკრულებო ხანდაზმულობის ვადა 3 წელი. ხანდაზმულობის
ვადის ათვლის მომენტად სსკ-ის 130-ე მუხლის თანახმად, მიიჩნევა მოთხოვნის წარმოშობის
დრო. როგორც მოსარჩელემ აღნიშნა ნასყიდობა დაიდო 2008 წლის ივლისში და
ვალდებულების შესრულების ვადად განსაზღვრული იყო ოქტომბერი, აქედან გამომდინარე
მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება 2008 წელს ოქტომბრის ბოლოს წარმოეშვა.

სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია ვალის აღიარებასთან დაკავშირებით.


მართალია, მან წარადგინა ფარულად გაკეთებული აუდიო ჩანაწერი და ჩანაწერის
ავთენტურობა მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია, მაგრამ მოპასუხე აუდიო ჩანაწერში ძალიან
ზოგადად განმარტავდა, რომ მან თანხა შეიძლება დააბრუნოს ზაფხულის ბოლომდე და არ
აკონკრეტებდა რომელ ზაფხულს. სასამართლომ განმარტა, რომ აუდიოჩანაწერი
გამოხატავდა მხოლოდ ფაქტის აღიარებას და არა ვალდებულების შესრულების აღიარებას.
ამასთან დაკავშირებით სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო კოდექსის როგორც 137-ე
მუხლით, ისე 144-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგი
უკავშირდება მოვალის მიერ ვალდებულების აღიარებას, სადაც მოვალე გამოხატავს ნებას,
იძლევა დაპირებას ვალდებულების შესრულების თაობაზე და არა ფაქტის აღიარებას, სადაც

-4-
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები)
www.library.court.ge

მოვალე ახდენს მარტოოდენ ვალდებულების ფაქტის კონსტატაციას. ამავდროულად


საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის თანახმად, ვალის აღიარება უნდა
მოხდეს აუცილებლად წერილობითი ფორმით. რაც არ გვაქვს მოცემულ შემთხვევაში.
შესაბამისად, ვინაიდან სახეზე არ იყო ხანდაზმულობის დენის შეჩერების წინაპირობები და
აუდიოჩანაწერი არ იქნა მიჩნეული ვალის აღიარებად, სასამართლომ მიაჩნია რომ მოთხოვნა
იყო ხანდაზმული და შესაბამისად არ არსებობდა მოსარჩელე ნ. ჭ.-ს სარჩელის
დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

ფაქტობრივი საფუძვლები

3.1. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ ჯ. ე. და დ. კ., დ. უ.-სთან ერთად არ


წარმოადგენდნენ სოლიდარულ მოვალეებს.

სამართლებრივი საფუძვლები

3.2. მართალია, სასამართლომ დაადგინა ვალდებულების არსებობა, თუმცა მიიჩნია, რომ


მოთხოვნა იყო ხანდაზმული. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია ვალის
აღიარებასთან დაკავშირებით, იმ მიზეზით, რომ აუდიოჩანაწერში ზუსტად არ იკვეთებოდა
მოპასუხის დაპირება ვალდებულების შესრულების კონკრეტულ ვადასთან დაკავშირებით.
აღნიშნული შეფასება არ არის სწორი, ვინაიდან ჩანაწერის გაშიფრულ წერილობით
ვარიანტში ნათლად ჩანს, რომ დ. უ. აღიარებს ვალდებულების არსებობას, კერძოდ,
განმარტავს, რომ ვალის გადახდას დაიწყებს თებერვლის ბოლოდან და დაასრულებს
ზაფხულში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლი არ მოითხოვს ვალის
არსებობის აღიარებას წერილობითი ფორმით. სწორედ ამიტომ შესაძლებელია, რომ
აღნიშნული მუხლი გავრცელდეს განსახილველ შემთხვევაზე და ჩანაწერი გახდეს
ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის საფუძველი.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის


თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის
ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე
ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო
ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი


დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო
სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს
ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების
შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს


გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების

-5-
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები)
www.library.court.ge

ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას


გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე


შემდეგ გარემოებებს:

4.1. საქმის მასალებით არ დასტურდება ნ. ჭ.-ს წინაშე დ. უ.-ს, ჯ. ე.-სა და დ. კ.-ს


დავალიანების ფაქტის არსებობა 30 000 აშშ დოლარის ოდენობით.

პალატა იზიარებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში განვითარებულ მსჯელობას მასზედ,


რომ ნ. ჭ.-სა და დ. უ.-ს შორის არსებობდა გარკვეული სამოქალაქო სამართლებრივი
ურთიერთობა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი
ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა
არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე მუხლის მე-
2 ნაწილის მიხედვით, არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები,
რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა
რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. სასამართლო კონკრეტული ურთიერთობის
სამართლებრივი კვალიფიკაციისათვის ეყრდნობა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს.
პალატა განმარტავს, რომ მოცემულ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ
დასტურდება მოსარჩელესა და მოპასუხეებს შორის კონკრეტული ვალდებულებით-
სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა. მოსარჩელე ნ. ჭ.-ს განმარტებით, „2008 წლის
ივნის-ივლისში დ. უ.-მ, ჯ. ე.-მ და დ. კ.-მ ჩემი მაღაზიიდან წაიღეს 13 500 აშშ დოლარის
ღირებულების საქონელი, რისი ნაწილიც - 8 000 აშშ დოლარი დაფარეს. 2008 წლის
აგვისტოში ზემოხსენებულმა პირებმა კვლავ წაიღეს ჩემგან ნისიად 21 500 აშშ დოლარის
ღირებულების საქონელი“. მოსარჩელე აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების
დასადასტურებლად უთითებს ხელმოუწერელ საქონლის სიაზე (ტ 1, ს.ფ. 15-17), რომელიც
მისი შინაარსის გათვალისწინებით, კონკრეტული გარემოების დამადასტურებელ
მტკიცებულებად ვერ შეფასდება. ამ მიმართებით მნიშვნელოვანია, ყურადღება გამახვილდეს
მოპასუხე მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, კერძოდ, სსიპ შემოსავლების
სამსახურიდან გამოთხოვილ საბაჟო დეკლარაციებზე, რომლითაც დასტურდება, რომ დ. უ.
საქონელს იძენს სხვა მესამე პირებისაგან და არა ნ. ჭ.-სგან (ტ 1, ს.ფ. 122-250). ამდენად,
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მოსარჩელის მიერ სარჩელში
მითითებული ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ მოპასუხეებმა დ. უ.-მ, ჯ. ე.-მ და დ. კ.-მ
ნ. ჭ.-სგან 30 000 აშშ დოლარის საქონელი განვადებით წამოიღეს. ერთადერთი
მტკიცებულება, რომელსაც მოსარჩელე მოპასუხეთა მხრიდან დავალიანების არსებობას
ადასტურებს, ფარული სატელეფონო ჩანაწერია. აღნიშნული მტკიცებულების
ერთადერთობაზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში თავად აპელანტმა მიუთითა (იხ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 9 სექტემბრის სხდომის ოქმი).
ნიშანდობლივია, რომ აპელანტმა სააპელაციო სასამართლოში განაცხადა, რომ ძირითადი
მტკიცებულება, რომლებსაც ისინი მოთხოვნას აფუძნებდნენ, ფარული სატელეფონო
ჩანაწერი იყო, რომლის ავთენტურობა მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. სადავო არ
გამხდარა ასევე სატელეფონო საუბარში მონაწილე პირების იდენტიფიკაცია. მიუხედავად
ამისა, პალატა მიიჩნევს, რომ მითითებული მტკიცებულება, საპროცესო-სამართლებრივი
თვალსაზრისით, არ წარმოადგენს „ვარგის“ მტკიცებულებას შემდეგ გარემოებათა გამო:

-6-
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები)
www.library.court.ge

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად,


კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს იურიდიული ძალა არა აქვთ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ აკონკრეტებს, თუ რა სახით მოპოვებული
მტკიცებულება ჩაითვლება კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებად, შესაბამისად,
ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს მტკიცებულების მოპოვება ხომ არ
ეწინააღმდეგება რაიმე კანონს.

საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ყოველი


ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი საქმიანობის ადგილი, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა,
საუბარი სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით, აგრეთვე ტექნიკური
საშუალებებით მიღებული შეტყობინებანი ხელშეუხებელია. აღნიშნული უფლებების
შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით
გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას.

საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით დაცულია სამართლებრივი სიკეთე -


კომუნიკაციის თავისუფლება, რაც გულისხმობს კომუნიკაციის დაცვას გარეშე პირთა
არასასურველი მონაწილეობისაგან. კომუნიკაციის თავისუფლება ინდივიდს აძლევს
შესაძლებლობას, თავად განსაზღვროს კომუნიკაციის შინაარსი და პარტნიორი, რაც
უზრუნველყოფს ადამიანის იმგვარ თავისუფალ თვითგამოსახვას, რომელიც თავისუფალია
გარეშე წამკითხველისა და მარეგისტრირებელი სუბიექტის ჩარევით განპირობებული
თავშეკავებისაგან1.

აზრის თავისუფლების ძირითადი უფლებით დაცულია არამხოლოდ აზრის გამოხატვა,


არამედ მისი ადრესატამდე მისვლაც. შესაბამისად, აზრის თავისუფლება დაცული უნდა
იყოს მესამე პირთა მხრიდან მათი შინაარსის გაცნობისაგან. ადამიანის უფლებები ირღვევა,
როდესაც ინდივიდი ცხოვრობს იმის შეგრძნებით, რომ მისი ნებისმიერი სიტყვა, რაიმე,
თუნდაც, გაუაზრებელი და სპონტანური აზრის გამოხატვა, განვითარების პროცესში
არსებული დიალოგისას გამოთქმული წინასწარი პოზიცია, ან რაიმე ფორმულირება,
რომლის ნამდვილი შინაარსის გაგება მხოლოდ კონკრეტული სიტუაციის ცოდნის
შემთხვევაშია შესაძლებელი, სხვა გარემოებებში და სხვა კონტექსტი შეიძლება იქნეს
გამოყენებული. ინდივიდმა კერძო საუბრები უნდა აწარმოოს იმის ეჭვისა და შიშის გარეშე,
რომ საიდუმლო ჩანაწერს ვინმე მისი ნებართვის გარეშე და ნების საწინააღმდეგოდ
გამოიყენებს2.

კომუნიკაციის ხელშეუხებლობის ძირითადი უფლებით დაცულია კომუნიკაციის მონაწილე


ყველა პარტნიორი, როგორ გარე, ასევე შიდა ჩარევისაგან, რაც იმას ნიშნავს, რომ
კომუნიკაციის ხელშეუხებლობის ძირითადი უფლებით დაცულია არა მხოლოდ მესამე
პირთა მეშვეობით განხორციელებული ჩარევა, არამედ, კომუნიკაციის ერთ-ერთი
მონაწილის მხრიდან პირადი კომუნიკაციის განსაჯაროვება, დანარჩენ მონაწილეთა
თანხმობის გარეშე.

1 H.Krüger, M.Pagenkopf, Art.10, in: M. Sachs (Hrsg.), Grundgesetz: Kommentar, München 2003, Rn.13 უშუალო წყარო:
ი.კობახიძე, საქართველოს კონსტიტუციის კომენტარი, მეორე თავი, საქართველოს მოქალაქეობა. ადამიანის
ძირითადი უფლებამი და თავისუფლებანი, თბილისი, 2013, გვ.181
2 იხ. გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება: BVerfGE 34, 238 (246 f); უშუალო წყარო:

ი.კობახიძე, საქართველოს კონსტიტუციის კომენტარი, მეორე თავი, საქართველოს მოქალაქეობა. ადამიანის


ძირითადი უფლებამი და თავისუფლებანი, თბილისი, 2013, გვ.181

-7-
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები)
www.library.court.ge

განსახილველ შემთხვევაში, საქმე ეხება ფარულ სატელეფონო ჩანაწერს. ვინაიდან


სატელეფონო საუბარი, მეორე მხარის ნებართვის გარეშე, ფარულად არის ჩაწერილი, ამიტომ
იგი კანონდარღვევითაა მოპოვებული, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული ჩანაწერი
დაუშვებელ მტკიცებულებად უნდა იქნეს მიჩნეული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო
კოდექსის 103-ე მუხლის კონტექსტში. მითითებული დასკვნის საფუძველს კი წარმოადგენს
ის გარემოება, რომ პირადი საუბრის ფარული ჩაწერა, ხოლო შემდეგ სასამართლოში
მტკიცებულების სახით წარდგენა, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-20
მუხლით გარანტირებულ პირადი ცხოვრებისა და პირადი კომუნიკაციის ხელშეუვალობას,
ასევე კონსტიტუციის მე-16 მუხლს, რომელიც პიროვნების თავისუფალი განვითარების
უფლებას ეხება.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის N1165 რეზოლუციაში „Right to Privacy“ (1998)


განმარტებულია, რომ „ევროპული კონვენციის მე-8 მუხლმა უნდა დაიცვას ინდივიდის
პირადი ცხოვრება არამარტო საჯარო ხელისუფლების, არამედ კერძო პირების მხრიდანაც“.
თუმცა, იმისდა მიხედვით, თუ პირადი ცხოვრების რომელ სფეროს შეეხება საქმე,
დაცულობის ხარისხი განსხვავებულია. განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ არის
ინტიმური სფერო, რომელიც აბსოლუტური დაცვით სარგებლობს. მოცემულ შემთხვევაში
საქმე ეხება კერძო საუბარს, რომელიც კერძო სფეროს განეკუთვნება და რომელიც, არ
სარგებლობს აბსოლუტური პრივილეგიით, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი შეზღუდვა
დასაშვებია, ანუ მასში ჩარევა შესაძლებელია საამისო დაცვის ღირსი ინტერესისა და
კანონიერი მიზნის არსებობის პირობებში. შესაბამისად, კერძო სფეროში ჩარევის დროს,
ჩარევის მართლზომიერების დადგენის მიზნით, უნდა შეფასდეს, არსებობს თუ არა ისეთი
დაცვის ღირსი ინტერესი, რომელიც პირადი ცხოვრებისა და პირადი კომუნიკაციის
ხელშეუხებლობის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებაზე უფრო მაღლა დგას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო სამართალურთიერთობის


ფარგლებში სამოქალაქოსამართლებრივი გარიგების დადასტურების მიზნით
მტკიცებულების შესაქმნელად პირად სფეროში ჩარევა და ამით პირადი ცხოვრებისა და
პირადი კომუნიკაციის უფლების შეზღუდვა გამართლებული არ არის. ამგვარი დასკვნა,
პირველ რიგში, გამომდინარეობს სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპიდან,
რომელიც, თავის მხრივ, სამოქალაქო უფლება-მოვალეობების მიმართ გარკვეულ
პასუხისმგებლობას გულისხმობს. სამოქალაქო უფლება-მოვალეობათა მატარებელი
სუბიექტები თავისუფალნი არიან სამოქალაქო ურთიერთობებში, შესაბამისად, ისინი
ვალდებულნი არიან, გამოიჩინონ შესაბამისი სამოქალაქო სამართლებრივი წინდახედულობა
და მტკიცებულება პირთა თანასწორობაზე დამყარებული ურთიერთობის ფარგლებში
მოიპოვონ. მხოლოდ იმიტომ, რომ მხარე სათანადოდ არ უზრუნველყოფს
სამართალურთიერთობას მტკიცებულებებით, აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ მას
შემდგომ აღნიშნული მტკიცებულების შექნის შესაძლებლობა მეორე მხარის პირად
ცხოვრებაში ჩარევის გზით აქვს. ამგვარი სახით მოპოვებულ მტკიცებულებათა
ლეგიტიმაციის პირობებში მივიღებთ არა სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე დამყარებულ
საზოგადოებას, არამედ კონსტიტუციურ ღირებულებათა დაუშვებელ ხელყოფას, რა
დროსაც, განსაკუთრებით, პირადი ცხოვრებისა და პირადი კომუნიკაციის ხელშეუვალობის
უფლება იქნება შეზღუდული, რაც დაუშვებელია. ამგვარი შეზღუდვა (ჩარევა)
გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც პირი თვითდახმარების ან

-8-
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები)
www.library.court.ge

„თვითდახმარებასთან მიახლოვებულ“ ფარგლებში მოქმედებს3. მაგალითისათვის, თუ


ფარული ჩანაწერი ერთადერთი გზაა საკუთარი უფლების დასაცავად, იმის გამო, რომ
სხვაგვარად საკუთარ უფლებას ვერ დაიცავ ან არსებობს რეალური საშიშროება ყველა სხვა
მტკიცებულების განადგურების, ასეთ ვითარებაში ფარული ჩანაწერის გზით
მტკიცებულების შექმნა დასაშვებია. ამდენად, თუ პირზე ხორციელდება ზეწოლა, მუქარა
შანტაჟი, საკუთარი უფლებების დაუშვებელი ხელყოფის თავიდან ასაცილებლად,
კონსტიტუციურ ღირებულებათა მრავალმხრივი აწონ-დაწონვის შედეგად, შეიძლება
გამართლებულად ჩაითვალოს სხვის პირად სფეროში ჩარევა, თუმცა, აღნიშნული
დაუშვებელია მაშინ, როდესაც სხვის პირად სფეროში ჩარევა თვითდახმარებას კი არ
ემსახურება, არამედ მეორე მხარისათვის სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის
დაკისრებას. პირად სფეროში ჩარევა კი საჭირო გახდა მხოლოდ იმიტომ, რომ უფლება-
მოვალეობათა კრედიტორმა თავის დროზე არ იზრუნა შესაბამისი მტკიცებულების
(ხელშეკრულების, ხელწერილის, და ა. შ.) შექმნაზე4. ასეთ ვითარებაში, როდესაც
გაუმართლებელია ჩარევა პირად სფეროში, ამგვარი გზით მოპოვებული მტკიცებულება,
დაუშვებელი მტკიცებულებაა. მისი დაშვება შესაძლებელია მხოლოდ მეორე მხარის
თანხმობით, ამასთან, თანხმობა უნდა ეხებოდეს არა მტკიცებულების ფორმალურ
დასაშვებობას, არამედ იმას, რომ მტკიცებულების შინაარსი სასამართლომ გადაწყვეტილებას
დაუდოს საფუძვლად. ამგვარი თანხმობის არარსებობის პირობებში, დაუშვებელია ფარულ
ჩანაწერს გადაწყვეტილება დაეფუძნოს, მაშინაც კი, თუ ფარული ჩანაწერიდან უტყუარად
დასტურდება ის გარემოება, რომლის დადასტურების მიზანსაც ფარული ჩაწერა (კერძო
სფეროში ჩარევა) ემსახურებოდა5.

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი, საპროცესო-სამართლებრივი


თვალსაზრისით, ე.წ. „ვარგისი“ მტკიცებულებებით არ დასტურდება ნ. ჭ.-ს წინაშე დ. უ.-ს, ჯ.
ე.-სა და დ. კ.-ს დავალიანების ფაქტის არსებობა 30 000 აშშ დოლარის ოდენობით.

4.2. იმ შემთხვევაში, თუ ფარულ სატელეფონო ჩანაწერს დასაშვებ მტკიცებულებად


მივიჩნევთ, ნ. ჭ.-ს სარჩელი დ. უ.-ს, ჯ. ე.-სა და დ. კ.-ს მიმართ მაინც არ უნდა
დაკმაყოფილდეს ხანდაზმულობის საფუძვლით.

პალატა განმარტავს, რომ ხანდაზმულობა, როგორც ფაქტის კატეგორია, მხოლოდ იმ


შემთხვევაში შეიძლება დაედოს საფუძვლად სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას, თუ
აღნიშნულის თაობაზე მოწინააღმდეგე მხარე აპელირებს. საქმის მასალებით დასტურდება,
რომ მოწინააღმდეგე მხარეები ნ. ჭ.-ს მოთხოვნას ხანდაზმულად მიიჩნევენ (იხ. თბილისის
საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 29 ოქტომბრის სხდომის ოქმი, ტ.1, ს.ფ. 317-329, 356-363).
ასეთ ვითარებაში სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე
მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხს ამოწმებს.

პალატა მოთხოვნის ხანდაზმულად მიჩნევის მიზნებისათვის ყურადღებას ამახვილებს


თავად მოსარჩელის ახსნა-განმარტებაზე მასზედ, რომ „2008 წლის ივნის-ივლისის თვეში დ.
უ.-ს, ჯ. კ.-ს და დ. კ.-ს გამოვატანე 13 500 აშშ დოლარის ღირებულების საქონელი ნისიად,
რასაც ისინი მოლაპარაკების შესაბამისად, 2-3 თვეში გადაიხდიდნენ. 2008 წლის აგვისტოში
ჯ. ე.-მ მოიტანა თანხის ნაწილი 8 000 აშშ დოლარი და კვლავ მივეცი 21 500 აშშ დოლარის
ღირებულების საქონელი, ასევე ნისიად, 2-3 თვეში დაფარვის პირობით“. შესაბამისად,

3 BGH NJW 1988,1016


4 BGH NJW 1982, 277; NJW 1988, 1016
5 OLG Stuttgart, 18.11.2009

-9-
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები)
www.library.court.ge

თავად მოსარჩელის განმარტებით, ნ. ჭ.-ს მოპასუხეების მიმართ მოთხოვნის უფლება 2008


წლის ნოემბრის თვეში წარმოეშვა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლი პირველი ნაწილის შესაბამისად, სხვა


პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის
უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველის ნაწილის მიხედვით,


სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს.

ამდენად, ნ. ჭ.-ს მოთხოვნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე და 129-ე მუხლების


შესაბამისად, 2011 წლის ნოემბრიდან ხანდაზმულია. საქმეში წარმოდგენილი სარჩელი კი
2013 წლის 30 აპრილსაა აღძრული, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნა, ხანდაზმულობის
საფუძვლითაც, უსაფუძვლოა.

ნ. ჭ.-ს მოთხოვნის ხანდაზმულად მიჩნევის მიზნებისათვის მნიშვნელოვანია ფარული


ჩანაწერის განხილვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის კონტექსტში6.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადის


დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის
გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას.
აღნიშნული ნორმის როგორც სიტყვა-სიტყვითი, ასევე ლოგიკური და შინაარსობრივი ახსნა-
განმარტების შედეგად დგინდება, რომ კანონმდებელი ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას
უკავშირებს ვალდებული პირის გაცნობიერებულ ქმედებას ვალდებულების აღიარების
თაობაზე, რაც გამოიხატება, მისი მხრიდან კრედიტორის წინაშე განხორციელებული
აქტიური ქმედებიდან, როგორიცაა მაგალითად, ავანსის, პროცენტის გადახდა,
კრედიტორისათვის გარანტიის მიცემა. მუხლი ხანდაზმულობის ვადის შემწყვეტ ქმედებათა
ამომწურავ ჩამონათვალს არ იძლევა, რაც იმას ნიშნავს, რომ დასაშვებია სხვა ქმედებამაც
განაპირობოს ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტა, მაგალითისათვის, ასეთი შეიძლება იყოს
მოვალის მიმართვა კრედიტორისათვის შესრულების გადავადების თხოვნით (უგზავნის
წერილს და პირდება ვალდებულების შესრულებას), ან მოთხოვნის ნაწილის შესრულება და
სხვ.7 ამ მიმართებით მნიშვნელოვანია, რომ მოვალის ქმედებიდან, რომელიც კრედიტორის
მიმართ არსებული დავალიანების შესრულებას ეხება, ნათლად და არაორაზროვნად უნდა
დგინდებოდეს მოვალის მხრიდან ვალდებულების აღიარება და მოვალის მზაობა,
აღნიშნული ვალდებულების შესრულების თაობაზე. მაგალითისათვის, მოვალის წერილი
კრედიტორის მიმართ მასზედ, რომ მას ნამდვილად ჰქონდა დავალიანება კრედიტორის
მიმართ, თუმცა, არ აპირებს შესრულებას ხანდაზმულობის საფუძვლით, არ შეიძლება
განხილულ იქნეს ისეთ ქმედებად, რომელიც ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას იწვევს. რაც
შეეხება ფარულ ჩანაწერს, სადაც მოვალე ვალდებულების არსებობის ფაქტს ადასტურებს,
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის კონტექსტში, ვალის აღიარებას არ
წარმოადგენს, პირველ რიგში, სავალდებულო წერილობითი ფორმის არარსებობის გამო,
ხოლო რაც შეეხება მის კვალიფიკაციას „სხვაგვარ აღიარებად“ საქართველოს სამოქალაქო

6 აღნიშნული მსჯელობა მნიშვნელოვანია იმ შემთხვევაში, თუ ფარული ჩანაწერი საპროცესო-სამართლებრივი


თვალსაზრისით იმგვარ მტკიცებულებად იქნება მიჩნეული, რომლითაც შესაძლებელია სამოქალაქო
სამართლებრივი ურთიერთობის დადასტურება და მასზე დაყრდნობით მოთხოვნის საფუძვლიანობის
დასაბუთება.
7 ზ. ახვლედიანი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, ტომი 1. გვ. 330-331

- 10 -
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები)
www.library.court.ge

კოდექსის 137-ე მუხლის შესაბამისად, იგი არც ასეთად არ უნდა დაკვალიფიცირდეს,


ვინაიდან ფარული ჩანაწერი მოვალის მხრიდან კრედიტორის მიმართ გამოხატულ ისეთ
ნებას არ ასახავს, რომელიც თავად მოვალის თვალსაზრისით, სამართლებრივი შედეგების
წარმომშობია. ნიშანდობლივია, რომ აზრთა ყოველი ურთიერთგაცვლა არ შეიძლება
მიჩნეულ იქნეს სამართლებრივი შედეგების წარმომშობ ნების გამოვლენად. აზრის
გამოხატვა სუბიექტის სამართლებრივ ნებად მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება
დაკვალიფიცირდეს, თუ აზრის გამომხატველი მის სამართლებრივ შედეგებს აცნობიერებს
და აღიარებითა, თუ კონკლუდენტური მოქმედებით, მისი შესრულების მზაობას
გამოხატავს. ამიტომაცაა, რომ ვალის აღიარება მხოლოდ წერილობითი ფორმის არსებობის
პირობებში შეიძლება მიჩნეულ იქნეს ნამდვილად, ხოლო სამოქალაქო კოდექსის 137-ე
მუხლი კი მოვალის მხრიდან კრედიტორის მიმართ განხორციელებულ კონკლუდენტურ
მოქმედებებს მიიჩნევს ხანდაზმულობის შეწყვეტის საფუძვლად. საქართველოს სამოქალაქო
კოდექსის 137-ე მუხლის განმარტების გზით სხვაგვარი სამართლებრივი შედეგის დაშვების
შემთხვევაში, ნებისმიერ პირად კომუნიკაციაში გამოთქმული მოსაზრება სამართლებრივ
შედეგებს წარმოშობს, რაც სამართლებრივი ნების არსს ეწინააღმდეგება.

აბსოლუტურად სხვაგვარად უნდა შეფასდეს სატელეფონო საუბარი, რომლის ჩაწერა ორივე


მხარის თანხმობით ხორციელდება და სადაც მოვალე კრედიტორის წინაშე ვალდებულების
არსებობის ფაქტს ადასტურებს. ამგვარი აღიარების დროს მოვალეს გაცნობიერებული აქვს
გამოხატული ნების სამართლებრივი შედეგები, შესაბამისად, აღნიშნული შეიძლება
მიჩნეულ იქნეს ისეთ „სხვაგვარ“ აღიარებად, რომელიც ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას
იწვევს. მოცემულ შემთხვევაში, სატელეფონო ჩანაწერის განხორციელება, მეორე მხარის
შესაბამისი ინფორმირების გარეშე, მისგან ფარულად მოხდა. შესაბამისად, იგი არც
ხანდაზმულობის შეწყვეტის საფუძვლად არ უნდა იქნეს განხილული.

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლით


გათვალისწინებული „სხვაგვარი აღიარება“ მხოლოდ ამავე კოდექსის 341-ე მუხლით
გათვალისწინებულ აღიარებას არ გულისხმობს. დასაშვებია აღიარება გამოხატულ იქნეს
კონკლუდენტური მოქმედებითაც ან ნებისმიერი „სხვაგვარი აღიარების“ გზით. თუმცა,
იმისათვის, რომ აღიარება სამართლებრივი შედეგების წარმომშობ ქმედებად იქნეს
მიჩნეული (საუბარია ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტაზე), აუცილებელია, რომ ნების
გამომხატველი გამოხატული ნების სამართლებრივ შედეგებს აცნობიერებდეს. ამიტომაცაა,
რომ ამ თვალსაზრისით, ფარულ სატელეფონო ჩანაწერში ასახული მოვალის მითითება
მასზედ, რომ მას დავალიანება გააჩნია, არ წარმოადგენს ისეთ „სხვაგვარ აღირებას“,
რომელიც ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას იწვევს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ფარული ჩანაწერი,


განსახილველ შემთხვევაში, დაუშვებელი მტკიცებულებაა, რადგან საქმე არ გვაქვს ნ. ჭ.-ს
მხრიდან ისეთი გარემოების დადასტურებაზე, რომლის დადასტურება სხვა გზით
შეუძლებელი იყო. შეუძლებლობა კი განპირობებული იყო „აუცილებელი თვითდახმარების“
მდგომარეობით ან „აუცილებელი თვითდახმარების მდგომარეობასთან“ მიახლოვებული
მდგომარეობით. აღნიშნული მტკიცებულების გარეშე კი ნ. ჭ.-ს წინაშე დ. უ.-ს, ჯ. ე.-სა და დ.
კ.-ს დავალიანების ფაქტის არსებობა არ დასტურდება. იმ შემთხვევაში, თუ მითითებული
მტკიცებულება საპროცესოსამართლებრივი თვალსაზრისით „ვარგის“ მტკიცებულებად
მიიჩნევა, მოთხოვნა ხანდაზმულია, ვინაიდან ფარულ ჩანაწერში გამოხატული მოსაზრება არ
შეიძლება დაკვალიფიცირდეს ვალის „იმგვარ აღიარებად“ ან მოვალის „იმგვარ ქმედებად“,

- 11 -
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები)
www.library.court.ge

რომელიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის შესაბამისად,


ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას იწვევს.

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან


სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ
შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების
პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება
გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა დარჩეს.

6. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით,


აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ


დაადგინა

1. ნ. ჭ.-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის


2013 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება;

3. აპელანტის მიერ გადახდილი ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი


სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით
დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო
სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან


მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების
სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა,
გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი.
წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან
30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

თავმჯდომარე ქეთევან მესხიშვილი

მოსამართლეები ნათია გუჯაბიძე

ნატალია ნაზღაიძე

- 12 -

You might also like