You are on page 1of 13

 

                                                                           11 ივნისი, 2021


წელი,
საქმე №ას-1204-2020                                        თბილისი
                                  
                                                                                
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
                        შემადგენლობა/მოსამართლეები:
 
                  ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
                  ლევან მიქაბერიძე
                  მირანდა ერემაძე
 
 
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
 
კასატორი (მოსარჩელე) - შპს „ა–სი“
 
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - შპს „ნ.ფ.ი.ჯ–ა“
 
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო
სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 3
ივლისის განჩინება
 
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად
დაკმაყოფილება
 
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
 
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი   ნ ა წ ი ლ ი :
 
1. 2016 წლის 18 თებერვალს, შპს „ა–სსა“ (შემდეგში: მოსარჩელე,
საწარმო, შემკვეთი, კასატორი) და შპს „ნ.ფ.ი.ჯ–ას“ (შემდეგში:
მოპასუხე, ექსპედიტორი, მოწინააღმდეგე მხარე) შორის დაიდო
სატრანსპორტო ექსპედიციის  ხელშეკრულება, რომლითაც
მოპასუხემ (ექსპედიტორი) იკისრა მოსარჩელისათვის
(შემკვეთო) სატრანსპორტო ექსპედიციის გაწევის
ვალდებულება და მასთან დაკავშირებული მომსახურეობა.
 
2. 2016 წლის 13 აგვისტოს ააიპ „ბათუმის განათლების,
განვითარებისა და დასაქმების ცენტრის“ წარმომადგენელმა ხ.ქ–
ძემ, ასევე, ფიზიკურმა პირებმა დ.მ–ძემ, ნ.ბ-გ–ძემ, რ.ბ–ძემ და
ნ.ა–მა (შემდეგში - მომხმარებლები) საწარმოს ბათუმის
ფილიალში დატოვეს კუთვნილი ტელეფონები, რომლებიც
უნდა გაგზავნილიყო თბილისში მდებარე სერვისცენტრში,
შეკეთების მიზნით. მათვე თანხმობა განაცხადეს იმის თაობაზე,
რომ მოწყობილობების თბილისში გადაზიდვა  მოპასუხეს
შეესრულებინა.
 
3. მოსარჩელე საწარმომ, მომხმარებლებს, მათი მოთხოვნის
საფუძველზე ანაზღაურა ზიანი - ჯამურად 4 483.18 ლარი.
 
4. მოსარჩელემ განცხადებით მიმართა მოპასუხეს
მომხმარებლებისათვის გადახდილი თანხების ანაზღაურების
მოთხოვნით, თუმცა მოპასუხეს მოთხოვნილი თანხა არ
გადაუხდია.
 
5. შემკვეთმა (მოსარჩელე) ზემოხსენებული თანხის
ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი
აღძრა ექსპედიტორის (მოპასუხე) წინააღმდეგ.
 
5.1. სარჩელის თანახმად, მოპასუხის ავტომობილი, რომელსაც
საწარმოს ბათუმის ფილიალიდან თბილისის სერვისცენტრში
მომხმარებელთა მობილური ტელეფონები გადაჰქონდა,
ავარიაში მოჰყვა. ავარიის დროს აღნიშნული ტელეფონები
დასველდა და დაზიანდა. დაზიანებებიდან გამომდინარე,
მობილური ტელეფონების ავარიამდე არსებულ
მდგომარეობაში დაბრუნება შეუძლებელი იყო. მომხმარებლებს
ამის თაობაზე ეცნობათ, რის გამოც მათ ზიანის ანაზღაურება
მოითხოვეს. 2016 წლის სექტემბრის თვეში მოსარჩელესა და
მომხმარებლებს შორის „ზარალის დარეგულირების აქტები“
შედგა, რომლის საფუძველზეც საწარმომ თითოეულ
მომხმარებელს ზიანი აუნაზღაურა. დაზიანებული
მოწყობილობების ღირებულება მთლიანობაში 4 483.18 ლარია.
საწარმომ ექსპედიტორს ამ თანხის ანაზღაურების მოთხოვნით
მიმართა, მაგრამ მოპასუხემ მის ანაზღაურებაზე უარი
განაცხადა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ
მიიჩნია, რომ მითითებული ზიანი მოპასუხეს მისთვის უნდა
აენაზღაურებინა.
 
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 ოქტომბრის
გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
 
7. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება
სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული
გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით,
სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით.
 
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 3 ივლისის
განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ
დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება
უცვლელად დარჩა.
 
8.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო
წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტებში მითითებული
ფაქტობრივი გარემოებები. სასამართლოს შეფასებით, მოცემულ
შემთხვევაში, არ დგინდებოდა, რომ მოსარჩელეს ზიანი
მოპასუხის ბრალით მიადგა - არ არსებობდა მიზეზ-
შედეგობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
 
8.2. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მტკიცებულება,
რითაც მოსარჩელე მისი პოზიციის (ავარიაში მოჰყვა
ავტომობილი, რომელსაც საწარმოს ბათუმის ფილიალიდან
მობილური ტელეფონები თბილისის სერვისცენტრში
გადაჰქონდა, რა დროსაც მომხმარებლების ტექნიკა დასველდა,
დაზიანდა და მათი შეკეთება ვეღარ მოხერხდა) გამყარებას
ცდილობდა, იყო მოსარჩელე საწარმოს სერვისცენტრის
ტექნიკური შემოწმების/დიაგნოსტიკის შესახებ 2016 წლის 1
სექტემბრის დასკვნა. ამდენად, სახელწოდებიდანაც ჩანდა, რომ
მოსარჩელე აპელირებდა თავად მის მიერ შექმნილ
დოკუმენტზე, რაც საფუძვლიან ეჭვს ბადებდა მისი სისწორის
ან/და მიკერძოებულობის შესახებ. შესაბამისად, სადავო
ფაქტობრივი გარემოების დადგენის კუთხით, დასახელებული
დასკვნა რელევანტურ მტკიცებულებად ვერ მიიჩნეოდა.
 
სააპელაციო სასამართლოს განსჯით, მოცემული საკითხის
შეფასებისას კიდევ ერთი გარემოება იყო საგულისხმო: საქმეზე
დადგინდა, რომ მოპასუხეს უკვე დაზიანებული ტელეფონები
გადაჰქონდა, ამაზე სარჩელში თავად მოსარჩელეც
მიუთითებდა. საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებით არ
დგინდებოდა, თუ რა სახის იყო ეს დაზიანება, როდესაც
ტექნიკა ექსპედიტორს გადაეცა. ვინაიდან, გაურკვეველი იყო,
გადაზიდვის დაწყებისას მობილური ტელეფონების
მდგომარეობა, ამიტომ ვერ დადგინდებოდა, რა სახის ზიანი
დადგა ექსპედიციის დასრულებამდე, რადგან არსებობდა
მხოლოდ ტექნიკის საბოლოო მდგომარეობის შესახებ
ინფორმაცია.
 
8.3. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო
სასამართლომ დაასკვნა, რომ საქმეზე წარდგენილი
მტკიცებულებებით არ დგინდებოდა მოპასუხის მიერ ზიანის
მიყენების ფაქტი. სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას
კი, მხოლოდ ის გარემოება არ ქმნიდა, რომ მოსარჩელემ თავის
მომხმარებლებს კუთვნილი ტექნიკის ღირებულება გადაუხადა
და, რომ მათი შეკეთება ვერ მოხერხდა.
 
8.4. სააპელაციო სასამართლომ უპასუხა მოწინააღმდეგე მხარის
არგუმენტს მოსარჩელის მხრიდან პრეტენზიის წარდგენის
ვადის თაობაზეც (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის,
შემდეგში - სსკ) და განმარტა შემდეგი:
 
მართალია, საქმეზე წარდგენილია 2016 წლის 28 აგვისტოთი
დათარიღებული მოსარჩელის წერილობითი მიმართვა
მოპასუხისადმი მიყენებული ზიანის ანაზღაურების
მოთხოვნის თაობაზე, თუმცა „საქართველოს ფოსტის“
რეესტრის თანახმად, წერილი 2016 წლის 10 სექტემბერსაა
გაგზავნილი, ე.ი. შემთხვევიდან (17.08.2016წ.) 24 დღის გასვლის
შემდეგ. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს კანონით
განსაზღვრული პრეტენზიის წარდგენის ვადა არ დაუცავს.
ამასთან, ნორმის დისპოზიცია და საქმეზე დადგენილი
გარემოება იმის შესახებ, რომ მიმღებმა ნივთი  იმგვარად მიიღო,
რომ მას დადგენილი წესითა და დადგენილ ვადაში არ
განუცხადებია პრეტენზია, სწორედ მას აკისრებდა ნივთის
ვარგის მდგომარეობაში მიღების კანონისმიერი პრეზუმფციის
გაქარწყლების ტვირთს, რაც სათანადოდ ვერ გაწია. 
 
9. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით
გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების
გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად
დაკმაყოფილება მოითხოვა.
 
საკასაციო საჩივარი შემდეგნაირადაა დასაბუთებული:
 
9.1. 2016 წლის 17 აგვისტოს ავარიაში მოჰყვა მოსარჩელის
ავტომობილი, რომელსაც საწარმოს ბათუმის ფილიალიდან
თბილისის ფილიალში გადაჰქონდა მომხმარებლების
მობილური ტელეფონები. ავარიის დროს მომხმარებლების
ტექნიკა დაზიანდა და შეუძლებელი აღმოჩნდა მათი იმ
მდგომარეობაში დაბრუნება, რაც ავარიამდე არსებობდა.
აღნიშნული   დაზიანებების   თაობაზე  დეტალურადაა
ასახული საწარმოს სერვისცენტრის ტექნიკური
შემოწმების/დიაგნოსტიკის შესახებ დასკვნაში, სადაც
აღწერილია  ავტოსაგზაო  შემთხვევის  შედეგად  მობილური
ტელეფონების მიერ მიღებული დაზიანებები. აღნიშნულის
საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეზე წარმოდგენილი არ
არის, ამიტომ სასამართლომ ხსენებული დასკვნა უნდა
გაიზიაროს. ამდენად, მობილური ტელეფონები დაზიანდა
ტრანსპორტორების პროცესში, რაც მოპასუხის
პასუხისმგებლობის სფეროა.
 
9.2. მოწინააღმდეგე მხარემ მთავარ სხდომაზე დაადასტურა,
მოსარჩელის დავალებით მობილური ტელეფონების
გადაზიდვისა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ფაქტები,
რის გამოც ეს ფაქტობრივი გარემოება სადავო არაა.
 
9.3. მოპასუხე სადავოდ ხდის პრეტენზიის წარდგენის ვადას,
რაც სააპელაციო სასამართლომაც გაიზიარა და, რაც არასწორია.
კასატორმა შესაბამისი პრეტენზია კანონით დადგენილ ვადაში
წარადგინა, მან მოპასუხეს (ექსპედიტორი) დაუყოვნებლივ
აცნობა მომხდარი დაზიანებების თაობაზე. მიუხედავად ამისა,
მოპასუხემ აღნიშნული საკითხი მხოლოდ სააპელაციო
სამართალწარმოების ეტაპზე გახადა სადავოდ, რაც
დაუშვებელია. 
 
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა
პალატის 2020 წლის 18 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე
მუხლის მიხედვით, მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ
იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
 
 
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო     ნ ა წ ი ლ ი :
 
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-
ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
 
11. სსსკ-ის 391-
ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქ
ონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ
კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვე
ტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვ
ანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართ
ლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე ს
ავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზ
ენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვ
ავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მ
სგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამა
რთლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/
და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევი
თ, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედე
გზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება 
მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირ
ითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფ
ლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრე
ბელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტი
ლების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორ
მები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივ
არი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
 
12.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაცი
ო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალი
სწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
 
13. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო
სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი
გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის,
თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული
პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია
გულისხმობს  მითითებას  იმ  პროცესუალურ  დარღვევებზე,
რომლებიც   დაშვებული   იყო   სააპელაციო   სასამართლოს  მიე

საქმის  განხილვის  დროს  და  რამაც  განაპირობა  ფაქტობრივი
გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა,
მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება
ან/და განმარტება. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი
ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული
პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ ისინი სავალდებულოა
საკასაციო სასამართლოსათვის.
 
14. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს განხილვის
საგანია, თუ რამდენად კანონიერად არ დაკმაყოფილდა
შემკვეთის (მოსარჩელე) მოთხოვნა - ექსპედიტორის (მოპასუხე)
მიერ ტვირთის გადაზიდვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე
ზიანის ანაზღაურების თაობაზე. მოსარჩელის აღნიშნული
მოთხოვნის საფუძველი უნდა ვეძიოთ სსკ-ის 730-
ე (ექსპედიციის ხელშეკრულებით ექსპედიტორი კისრულობს თავისი სახელითა
და შემკვეთის ხარჯზე განახორციელოს ტვირთის გადაზიდვასთან
დაკავშირებული მოქმედებანი. შემკვეთი მოვალეა გადაიხადოს შეთანხმებული
პროვიზია), 738-ე (თუ შეუძლებელია ტვირთის მდგომარეობის შემოწმება
მხარეების თანდასწრებით, მაშინ, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, ტვირთის
მიღება ჩაითვლება იმის დასტურად, რომ ტვირთი მიღებულ იქნა დანაკლისისა და
დაზიანების გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა,თუ მიმღები ტვირთის ჩამბარებელ
პირს მიუთითებს ზიანის ზოგად ხასიათზე. თუ საქმე ეხება აშკარა დანაკლისს ან
დაზიანებას, ამის შესახებ უნდა მიეთითოს ტვირთის მიღებისთანავე, ხოლო თუკი
საქმე არ ეხება ასეთ დანაკლისს ან დაზიანებას, - ტვირთის მიღების დღიდან არა
უგვიანეს სამი დღისა), 740-ე (ექსპედიტორი ექსპედიცის ხელშეკრულებიდან
გამომდინარე მოვალეობებისათვის, ჩვეულებრივ, მაშინ აგებს პასუხს, თუ მას ან
მის დამხმარეს მიუძღვის რაიმე ბრალი) და 686.1 (გადამზიდველი პასუხს აგებს
ტვირთის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვისა და დაზიანებისათვის, თუ
ტვირთი დაზიანდა ან დაიკარგა მისი მიღებიდან ჩაბარებამდე დროის შუალედში,
ასევე - მიტანის ვადის გადაცილებისათვის) მუხლებში.
 
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი წარმატებული
იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუკი მოსარჩელე დაამტკიცებდა,
რომ მოპასუხემ (ექსპედიტორი)
სატრანსპორტო ექსპედიციის ხელშეკრულებით ნაკისრი
ვალდებულება სათანადოდ არ შეასრულა და, ამის გამო,
მოსარჩელეს სწორედ იმ ოდენობის ზიანი მიადგა, რის
ანაზღაურებასაც იგი სარჩელით მოპასუხისაგან მოითხოვს.
 
15. ზიანის ანაზღაურებაზე მოსარჩელის (შემკვეთი) მოთხოვნა
დაფუძნებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებაზე: 2016 წლის 17
აგვისტოს, ავარიაში მოჰყვა მოპასუხის ავტომობილი, რომელსაც
მოსარჩელე საწარმოს ბათუმის ფილიალიდან თბილისის ფილიალში
გადაჰქონდა მობილური ტელეფონები; მოპასუხეს უკვე დაზიანებული
მობილური ტელეფონები გადაჰქონდა, რადგან მომხმარებლებმა
მოსარჩელეს ისინი ბათუმის სერვისცენტრში შესაკეთებლად გადასცეს,
საიდანაც ამავე მიზნით თბილისის სერვისცენტრში გადაიგზავნა; ავარიის
დროს მომხმარებლების ტექნიკა დასველდა, დაზიანდა და დაზიანების
ხარისხიდან გამომდინარე მათი შეკეთება ვეღარ მოხერხდა, რის გამოც
მოსარჩელე იძულებული გახდა, მესაკუთრეთათვის ხსენებული ტექნიკის
ღირებულება აენაზღაურებინა. მოსარჩელის მოსაზრებით, ვინაიდან,
სატრანსპორტო  ექსპედიციის  ხელშეკრულების საგანი (მობილური
ტელეფონები) მოპასუხის ბრალით დაზიანდა, ამ უკანასკნელმა
მოსარჩელეს მესაკუთრეთათვის გადახდილი თანხა უნდა აუნაზღაუროს.
 
საკასაციო პალატის განსჯით, მოცემული დავის სწორად
გადასაწყვეტად ამოსავალია დადგინდეს - რა მდგომარეობაში
იყო მომხმარებელთა მობილური ტელეფონები
სატრანსპორტო ექსპედიციის ხელშეკრულების დადებისას,
კერძოდ, რა მდგომარეობაში გადაეცა ისინი თავდაპირველად
ექსპედიტორს (მოპასუხე).
 
სხვაგვარად, შეუძლებელია გავარკვიოდ, თუ რა ზიანი დადგა
სატრანსპორტო ექსპედიციის დასრულების დრომდე, რადგან
შეუძლებელია განისაზღვროს, დაზიანებული ტექნიკის
თავდაპირველი მდგომარეობა. ასევე მნიშვნელოვანია
დადგინდეს ნივთის თავდაპირველი დაზიანება ხომ არ
წარმოადგენს შეკეთების შეუძლებლობის მოტივს.
 
ასევე მნიშვნელოვანია დადგინდეს ნივთის თბილისის
სერვისცენტრში შეკეთების შეუძლებლობა ხომ არ არის
განპირობებული მათი თავდაპირველი დაზიანებით. აქედან
გამომდინარე, ტექნიკის საბოლოო მდგომარეობის შესახებ
ინფორმაცია, დამდგარი ზიანის ზუსტი მოცულობისა და
ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის განსაზღვრის
უტყუარ შესაძლებლობას გამორიცხავს.
 
16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო
სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის
პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად,
სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის
საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა
და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები,
უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული
მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები
თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს
საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი
მტკიცებულებებით  დადასტურდება ეს ფაქტები. ამავე
კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების
მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს
გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა
და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით
მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა
ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი
თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში
მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების
წარდგენის გზით დაადასტურონ თავიანთი პოზიციის
გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა.
კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც
ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების
სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო
განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე
მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად
უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი
მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ
დასახელებულ ფაქტებს. სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს
სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული
გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ,
სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს
წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს
მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა
ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ
განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის
მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის
შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს
სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს
გადაწყვეტილებაში. ამდენად, სადავო გარემოებების
დადგენისას, სასამართლო იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ
მხარეთა განმარტებებზე, წერილობითი დოკუმენტებსა და სხვა
მტკიცებულებებზე ერთობლივად, რომლის
ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ
არა ამა თუ იმ ფაქტი არსებობა (შდრ. იხ.: სუსგ 6.06.2017წ. საქმე №ას-
584-543-2017).
 
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ საქმეზე
წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება დავის
გადაწყვეტისათვის არსებითად მნიშვნელოვანი შემდეგი
გარემოება - რა მდგომარეობაში იყო მომხმარებელთა
მობილური ტელეფონები
სატრანსპორტო ექსპედიციის ხელშეკრულების
დადებისას. კერძოდ, რა მდგომარეობაში გადაეცა ისინი
ექსპედიტორს (მოპასუხე) და ნივთების თავდაპირველი
დაზიანება ხომ არ წარმოადგენს მათი შეკეთების
შეუძლებლობის მოტივს.
 
მოსარჩელემ თავისი მოთხოვნის დასასაბუთებლად საქმეზე
წარმოადგინა საწარმოს სერვისცენტრის ტექნიკური
შემოწმების/დიაგნოსტიკის შესახებ 2016 წლის 1 სექტემბრის
დასკვნა, რომელიც ობიექტური ინფორმაციის შემცველ
მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა, რამდენადაც ის თავად
მოსარჩელის მიერაა შედგენილი და, აქედან გამომდინარე,
ხარისხობრივად მხარის ახსნა-განმარტების იდენტური
დოკუმენტია. საგულისხმოა, რომ დასახელებულ დასკვნაში არც
არის მითითებული იმ დაზიანებებზე, რაც მობილურ
ტელეფონებს ავარიამდე გააჩნდა, ე.ი. აღნიშნული
მტკიცებულებითაც არ ირკვევა ტექნიკის მოპასუხისათვის
(ექსპედიტორი) გადაცემამდე არსებული მდგომარეობა.
 
მცდარია კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ, ვინაიდან,
ზემოხსენებული დასკვნის საწინააღმდეგო მტკიცებულება
საქმეზე წარმოდგენილი არ ყოფილა, ამიტომ სასამართლომ ეს
დასკვნა უნდა გაიზიაროს. ამ შემთხვევაში, არსებითი ის კი
არაა, არსებობს თუ არა საქმეში შესაბამისი დასკვნის
საწინააღმდეგო მტკიცებულება, არამედ გადამწყვეტი შემდეგი
საკითხია: ადასტურებს თუ არა ზემომითითებული
მტკიცებულება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებას
და, სარწმუნოა თუ არა იგი სასამართლოსათვის. როგორც
ზემოთ აღინიშნა, მოსარჩელის მიერ საქმეზე
წარმოდგენილი საწარმოს სერვისცენტრის ტექნიკური
შემოწმების/დიაგნოსტიკის შესახებ 2016 წლის 1 სექტემბრის
დასკვნა ვერც ერთ ამ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს,
შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს იგი სწორად არ
გაიზიარა.    
 
17. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას ვერ გამოიწვევს
კასატორის მიერ ვერც იმ გარემოებაზე მითითება,
რომ მოწინააღმდეგე მხარემ სასამართლოს მთავარ სხდომაზე
დაადასტურა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ფაქტი.
საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ დასძენს, რომ მოცემულ
შემთხვევაში, უმთავრესი იმის დადგენაა, თუ  რა
მდგომარეობაში იყო მომხმარებელთა მობილური ტელეფონები
სატრანსპორტო  ექსპედიციის  ხელშეკრულების დადებისას, ე.ი.
რა მდგომარეობაში გადაეცა ისინი ექსპედიტორს
(მოპასუხე).  შესაბამისად, მხოლოდ მოპასუხის ავტომობილის
(რომელშიც მომხმარებელთა მობილური ტელეფონები იყო
მოთავსებული) ავარიის ფაქტის დადგენით შეუძლებელია
გაირკვეს, თუ რა მასშტაბით დაზიანდა მომხმარებელთა
მობილური ტელეფონები ან დაზიანდა თუ არა ისინი
საერთოდ, რადგან სარჩელში მოსარჩელემ თავადვე მიუთითა,
რომ მოპასუხეს (ექსპედიტორი) საწარმოს თბილისის
სერვისცენტრში ტრანსპორტირებისათვის თავიდანვე
დაზიანებული ტექნიკა ჩააბარა.
 
ამდენად, მოპასუხის ავტომობილის (რომელშიც
მომხმარებელთა მობილური ტელეფონები იყო) ავარიის ფაქტის
დადგენის პირობებშიც, არ გამოირიცხება მოსარჩელის მიერ იმ
გარემოების დამტკიცების მოვალეობა, რომ მის მიერ სარჩელით
მოთხოვნილი ზიანი სატრანსპორტო ექსპედიციის პერიოდში
წარმოიშვა. ამ გარემოების შეფასება კი, შეუძლებელია იმ
ფაქტის დადგენის გარეშე, თუ რა მდგომარეობაში იმყოფებოდა
ტექნიკა სატრანსპორტო ექსპედიციის ხელშეკრულების
დადების მომენტისთვის.
 
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, რადგან საქმეზე
წარმოდგენილი მტკიცებულებებით შეუძლებელია
გამოირკვეს  დაზიანებული ტექნიკის თავდაპირველი
მდგომარეობა, მათი დაზიანების ხარისხი, ხასიათი და ამავე
დაზიანებების მიუხედავად ნივთების აღდგენის
შესაძლებლობა, მოცემული სარჩელის დაკმაყოფილებაზე
უარის თქმა მართებულია.   
 
18. რაც შეეხება მოსარჩელის მხრიდან შესაბამისი პრეტენზიის
წარდგენის ვადის დაცულობის საკითხს (სსკ-ის 686.1 მუხლი),
პალატას მიაჩნია, რომ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის აშკარა
უსაფუძვლობის გამო მითითებული პრეტენზიის შეფასების
საჭიროება აღარ არსებობს. 
 
19. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით,
რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ
კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს
მანამდე არსებული პრაქტიკისაგან  (შდრ. სუსგ:  №ას-1172-1092-
2017, 26.01.2018).
 
20. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის
მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო
საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა
მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
 
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო
სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, რადგანაც
კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების
დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით,
არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის
კანონისმიერი საფუძველი.
 
22. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი
დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ
გადახდილი სახელმწიფო ბაჟის
70%. შესაბამისად,  კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო
საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 105 ლარი.
 
 
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო   ნ ა წ ი ლ ი :
 
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-
ე,    285-ე  მუხლებით და
  
 
დ  ა  ა  დ  გ  ი  ნ  ა :
 
1. შპს „ა–სის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი,
დარჩეს განუხილველად;
 
2. შპს „ა–სს“ (ს/კ ......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის
მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის
(საგადასახადო დავალება - # 1604925005, გადახდის თარიღი -
9.11.2020) 70% - 105 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი,
„სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების
ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
 
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
 
 
 
 მოსამართლეები :                                              ვლადიმერ კაკაბაძე
 
 
 
                                                                         ლევან მიქაბერიძე
                                                     
 
 
                                                                           მირანდა ერემაძე

You might also like