You are on page 1of 11

საქმე №2/10224-15

გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით

15.01.2016 წ. ქ.
თბილისი

შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მადი ჩანტლაძე
სხდომის მდივანი ვერა გობეჯიშვილი

მოსარჩელე შპს „ვიქტორია 98“


წარმომადგენელი ირაკლი ალხაზაშვილი

მოპასუხე სს „ალდაგი“
დავის საგანი სადაზღვევო შემთხვევის დადგომით გამოწვეული ზიანის
ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1. 1.1. მოპასუხისათვის - სს „ალდაგი“-სათვის სადაზღვევო შემთხვევის


დადგომით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების დაკისრება 221 189.31 ლარის
ოდენობით.

მოსარჩელე სარჩელში უთითებს, რომ მოსარჩელის საქმიანობის სფეროს


წარმოადგენს ძვირადღირებული ბრენდის ”ჰუგო ბოსი”-ს მიერ წარმოებული
საქონლის რეალიზაცია ქ.თბილისში, მისამართზე რუსთაველის გამზ. N 37. 2014
წლის 02 აპრილს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო ქონების დაზღვევის
ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გაიცა პოლისი Nფრ/ც-001245/14.
აღნიშნული ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა ერთი წლით. 2014
წლის 02 აპრილს ხელშეკრულების/პოლისის ფარგლებში მოსარჩელემ დააზღვია
გარკვეული რისკებისაგან ქონებრივი ინტერესი, კერძოდ, შენობა, ვიტრინები და
მარაგები განაცხადის მიხედვით. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა,
სადაზღვევო პრემიის გადახდის საფუძველზე, სადაზღვევო რისკების დადგომის
შემთხვევაში, ამ შემთხვევით გამოწვეული ზარალის ანაზღაურება. დაზღვეული
ქონება და მარაგები მდებარეობდა მისამართზე ქ.თბილისი, რუსთაველის გამზ.
N37, მაღაზია ”ჰუგო ბოსი.” 2015 წლის 13 იანვარს 03 საათზე ქ.თბილისში,
რუსთაველის გამზ. N37-ში გაჩნდა ხანძარი (შენობის სახურავზე) და გაჩენილი
ხანძრის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა შპს ”ვიქტორია 98”-ის
მფლობელობაში არსებული მაღაზია ”ჰუგო ბოსი.” მომხდარის თაობაზე
მოსარჩელემ შეატყობინა სს ”ალდაგის” წარმომადგენლებს და მათი
მონაწილეობით მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რა დროსაც
გამოვლინდა მნიშვნელოვანი ზიანი, კერძოდ, სასაქონლო მარაგების დიდი ნაწილი
დასველდა, გაჭუჭყიანდა და აუვიდა ნამწვის სუნი, რის შედეგადაც დაკარგა
რეალიზაციისათვის ვარგისი სასაქონლო სახე. დაზიანდა ასევე რემონტი/კედლები,
ჭერი, კონდეცირება-ვინტილაცია და განათება. ვინაიდან, მოსარჩელის
საქმიანობისათვის მნიშვნელოვანი იყო ხანძრის შედეგების აღმოფხვრა,
მოსარჩელემ თავისი ხარჯებით მოახდინა შენობის შიდა და გარე პერიმეტრების
რემონტი. 2015 წლის 20 თებერვალს მოსარჩელემ მიმართა მოპასუხეს და
მოითხოვა მიყენებული ზარალის ანაზღაურება, როგორც სადაზღვევო შემთხვევის
დადგომით გამოწვეული ზარალისა, რომლის ოდენობაც ჯამურად განისაზღვრა
226 913,88 ლარით, საიდანაც ზიანი სასაქონლო-მატერიალური ზარალის ნაწილში
დღგ-ს ჩათვლით განისაზღვრა 195 973,98 ლარით, ხოლო ჩატარებული რემონტის
ხარჯები- 29 729,40 ლარით. მოსარჩელემ მოპასუხეს ასევე წარუდგინა
შესრულებული სამუშაოების აქტი, რომლითაც მისი განმარტებით დასტურდებოდა
გაწეული სამუშაო სარემონტო სამუშაოების ოდენობა და სახეობები და სასაქონლო
მატერიალური ზარალის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. 2015 წლის 20
აპრილის აუდიტორული დასკვნის მიხედვით განსაზღვრული თანხიდან 225 703,38
ლარიდან მოსარჩელემ ფრანშიზის 2% - ის= 4 514,06 ლარის გამოკლებით
საბოლოოდ მოითხოვა 221 189,31 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, 2015 წლის 06 აპრილის წერილით N2-1578 მან უარი
განაცხადა მიყენებული ზარალის ანაზღაურებაზე. მოპასუხის წერილობითი
შესაგებლის მიხედვით, მხარეთა შორის დადებული დაზღვევის ხელშეკრულება
წარმოადგენს კონკრეტული რისკებისაგან დაზღვევის ხელშეკრულებას, როგორც
ეს მითითებულია მხარეთა შორის 2014 წლის 02 აპრილს დადებული ქონების
დაზღვევის შესახებ გენერალური ხელშეკრულების 1.1. პუნქტში, რომლის
მიხედვითაც, მზღვეველი, მიღებული სადაზღვევო პრემიის სანაცვლოდ,
ვალდებულებას იღებს დააზღვიოს ქონება მხოლოდ ამავე პუნქტში მითითებული
რისკებისაგან. ერთ-ერთი ასეთ რისკს წარმოადგენს ხანძარი. ხელშეკრულების
თანახმად, ხანძარი განმარტებულია როგორც „ღია ცეცხლი, რომელიც მოჰყვება
წვას და რომელიც ვრცელდება მას შემდეგ რაც გაჩნდა ცეცხლისათვის
განკუთვნილი ადგილიდან განსხვავებულ ადგილას და თვითნებურად გასცდა
ამგვარ ადგილს“. შესაბამისად, ხელშეკრულებით ზუსტად განსაზღვრულია ის
რისკი, რომელმაც უნდა დააზიანოს დაზღვეული ქონება და რომელმაც უნდა
წარმოშვას მზღვეველის ვალდებულება გასცეს სადაზღვევო ანაზღაურება. ის
ფაქტი, რომ მოსარჩელის ქონება დაზიანებულია წყლის ზემოქმედების შედეგად,
სადავო არ არის. მოსარჩელის წერილიც არ შეიცავს მითითებას ხანძრით
დაზიანებული ქონების შესახებ, კერძოდ, იგი მიუთითებს, რომ სასაქონლო
მარაგები დასველდა და გაჭუჭყიანდა. მოპასუხის მითითებით, პოლისი ზუსტად
შეიცავდა დასაზღვევი რისკის განსაზღვრებას.
მოპასუხე მხარის მტკიცებით, ადგილი არ აქვს დაზღვევის ხელშეკრულებით
გათვალისწინებული რისკის შედეგად დაზღვეული ქონების დაზიანებას, ვინაიდან
ქონება დაზიანდა წყლის ზემოქმედებით, ხოლო დაზღვევის ხელშეკრულებით
წყლის ზემოქმედებით დაზიანების მხოლოდ კონკრეტული შემთხვევები, კერძოდ
წყალდიდობა და წყალგაყვანილობის სისტემების მწყობრიდან უეცარი და
მოულოდნელი გამოსვლა წარმოადგენს დაზღვევის ხელშეკრულების საგანს.
გამომდინარე აქედან, მზღვეველი არ არის პასუხისმგებელი იმ ზარალზე, რომელიც
გამოწვეულია სადაზღვევო პოლისში აღნიშნულის გარდა სხვა რისკებით.
მოპასუხის მტკიცებით, დაზღვევის ხელშეკრულება ითვალისწინებდა დაზღვევას
მხოლოდ სადაზღვევო პოლისში მითითებული რისკებისაგან. დამზღვევის
სურვილის შემთხვევაში, კომპანიას აქვს შესაძლებლობა დააზღვიოს ქონება არა
კონკრეტული, არამედ ყველა რისკისაგან. ასეთ შემთხვევაში, დაფარვა გაცილებით
უფრო ფართოა და სადაზღვევო პრემიაც გაცილებით მაღალია რისკის
შეფასებიდან გამომდინარე. შესაბამისად, მოპასუხე მხარე უთითებს, რომ
მოსარჩელის ქონება არ დაზიანებულა ისეთი რისკით, რომელიც დაფარული იყო
დაზღვევის ხელშეკრულებით. მოპასუხის მტკიცებით, მხარეთა შორის დადებული
დაზღვევის ხელშეკრულება არ ითვალისწინებს წყლით დაზიანების ისეთ
შემთხვევას, რომელსაც ჰქონდა ადგილი 2015 წლის 13 იანვარს, ხოლო
მოსარჩელის კუთვნილი მარაგები და ქონება არ დაზიანებულა ხანძრით (ღია
ცეცხლით) და გამომდინარე აქედან, სადაზღვევო შემთხვევას ადგილი არ ჰქონია
და არ დამდგარა მზღვეველის ვალდებულება სადაზღვევო ანაზღაურების
გადაცემასთან დაკავშირებით.

1. 2. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 2014 წლის 02 აპრილს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო ქონების


დაზღვევის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გაიცა პოლისი Nფრ/ც-
001245/14.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:


• - 2014 წლის 02 აპრილის დაზღვევის ხელშეკრულება, (ს.ფ. 19-29).
• - პოლისი Nფრ/ც-001245/14.(ს.ფ. 13).

3.1.2. პოლისის Nფრ/ც-001245/14 თანახმად, სადაზღვევო თანხად განსაზღვრულია


- 1 120 469.00 აშშ დოლარი, სადაზღვევო პრემიად - 2, 689.12 აშშ დოლარის
ექვივალენტი ლარში გადახდის დღისათვის არსებული კურსის მიხედვით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:


• - პოლისი Nფრ/ც-001245/14.(ს.ფ. 13).
3.1.3. 2015 წლის 13 იანვარს 03 საათზე ქ.თბილისში, რუსთაველის გამზ. N37,
გაჩნდა ხანძარი და გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზიანდა შპს ”ვიქტორია 98”-ის
მფლობელობაში არსებული მაღაზია „ჰუგო ბოსი.”

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:


• - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ძველი თბილისის
სამმართველოს სახანძრო-სამაშველო სამსახურის 2015 წლის 23 იანვრის
ცნობა და თანდართული აქტი ხანძრის შესახებ. (ს.ფ. 14-18).

3.1.4. 2015 წლის 13 იანვარს 03 საათზე ქ.თბილისში, რუსთაველის გამზ. N37-ში


მდებარე ოთხ სართულიანი სახლის ოთხივე სართულის ხანძრის გაჩენის ფაქტზე
აღძრულია სისხლის სამართლის საქმე N006130115001. დანაშაული
გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის
მეორე ნაწილით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:


• - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი
სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს VII განყოფილებაის მიერ
2015 წლის 17 იანვარს გაცემული ცნობა N110886. (ს.ფ. 14)

3.1.5. შპს ”ვიქტორია 98”-მა 2015 წლის 20 თებერვალს მოპასუხეს მიმართა


პრეტენზიის წერილით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:


• - შპს ”ვიქტორია 98”-ს პრეტენზიის წერილი (ს.ფ. 50)

3.1.6. სს „ალდაგი“-ს მიერ 2015 წლის 13 იანვარს შედგენილ იქნა მობილური


ჯგუფის დათვალიერების ანგარიში. შედგენილ იქნა სამუშაოთა მოცულობის უწყისი,
ზარალის აღწერის აქტი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:


• - მობილური ჯგუფის დათვალიერების ანგარიში. (ს.ფ. 126-129).
• - სამუშაოთა მოცულობის უწყისი, ზარალის აღწერის აქტი. (ს.ფ. 132-135)

3.1.7. შპს ”ვიქტორია 98”-ის მიერ გაღებულ იქნა ხარჯები დაზიანებული შენობის
პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მიზნით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:


• - 2015 წლის 16 თებერვლის შესრულებული სამუშაოს აქტი N1. (ს.ფ. 45-
47)
3.1.8. ს.ს. ,,სადაზღვეო კომპანია ალდაგი ბი-სი-აიმ” უარი განაცხადა სადაზღვევო
შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურებაზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:


• - სს „ალდაგი“-ს 2015 წლის 06 აპრილის წერილი. (ს.ფ. 48, 49).

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების


თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე.
მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით,
დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ
წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ
განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს
ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად,
სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო
მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ
რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი
მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების
თანახმად, კი, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ
დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი
რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ
განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის
მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

მხარეთა შორის დადებული. 2014 წლის 02 აპრილს ხელშეკრულების 3.1. პუნქტის


შესაბამისად (ს.ფ. 21) – „სადაზღვევო შემთხვევას წარმოადგენს მხოლოდ
შესაბამისი სადაზღვევო პოლისით გათვალისწინებული რისკების ხდომილებით
გამოწვეული დაზღვეული ქონების დაზიანება-განადგურება“, დაზღვევის
ხელშეკრულების ამ დათქმის საფუძველზე სასამართლომ შეაფასა პოლისში N
ფრ/ც-001245/14 (ს.ფ. N13) ჩამოთვლილი სადაზღვევო რისკები, ჩამონათვალის
პირველივე სადაზღვევო რისკს წარმოადგენს ხანძარი. რადგან ხანძარი
წარმოადგენს სადაზღვევო რისკს, 2014 წლის 02 აპრილს ხელშეკრულების 3.1.
პუნქტის შესაბამისად ხანძრის ხდომილებით გამოწვეული დაზღვეული ქონების
დაზიანება განადგურებით, კერძოდ დაზღვეული ქონების “ჰუგო ბოსის“ ქალისა და
მამაკაცის ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს ხანძრის შედეგად აუვიდა ნამწვის სუნი, (იხ.
აუდიტორული დასკვნა, ს.ფ. 31) ნამწვის სუნი რისკის ხდომილების უშუალო
შედეგია, რის შემდეგაც სარეალიზაციო საქონელმა დაკარგა რეალიზაციისათვის
ვარგისი სასაქონლო სახე. აღნიშნული საქონლის იმ ღირებულებით რეალიზაცია
შეუძლებელია, ვინაიდან ის მომხმარებელი, ვინც ამ ბრენდს ყიდულობს, ნამწვის
სუნით ამ ძვირადღირებული ბრენდის საქონელს არ იყიდის. აღნიშნულს ასევე
ადასტურებს საქართველოში „ჰუგო ბოსი“-ს ფრანშიზული მაღაზიის მისამართზე
გაგზავნილი „ჰუგო ბოსი“-ს საერთაშორისო სათავო ოფისის 2015 წლის 26 მაისის
წერილი, (ს.ფ.178-179) რომელშიც საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი
იმისათვის, რომ არ შეილახოს „ჰუგო ბოსი“ს საერთაშორისო რეპუტაცია „ჰუგო
ბოსი“-ს ფრანშიზულ მაღაზიას საქართველოში სთხოვს დაიცვას საერთაშორისო
სტანდარტები და ბრენდის მოთხოვნები, კერძოდ, ის მოითხოვს „დაზიანებული
პროდუქცია, ხანძრისაგან დარჩენილი ლაქები და სუნი მოცილებულ იქნას
მაღაზიიდან“. დაზიანებული მარაგების გარდა, პოლისის მიხედვით დაზღვევის
საგანი არის შენობა, შიგთავსი და ვიტრინები. პოლისის და განაცხადის მიხედვით.
სადაზღვევო თანხა განსაზღვრულია 1 120 469 აშშ. დოლარით. აქედან განაცხადის
მიხედვით მარაგები: - მამაკაცის, ქალის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, აქსესუარები
შეფასებულია 600 000 აშშ. დოლარად, ხოლო შიგთავსი 240 243 აშშ. დოლარად.
თუმცა ხელშეკრულების 2.9. პუნქტის მიხედვით ხელშეკრულებით
გათვალისწინებული დაზღვევის საგანი არ შეიძლება იყოს, ანუ დაზღვევას არ
ექვემდებარება და დაზღვევით არ იფარება ამავე პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული ისეთი საქონელი, რომელიც მარაგის სახით არის
დასაწყობებული მათი შეძენიდან 1 (ერთ) წელზე მეტი ვადით, თუ საწინააღმდეგო
საგანგებოდ არ არის დათქმული შესაბამის სადაზღვევო პოლისში. საწინააღმდეგო
დათქმული არ არის.

სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი 2015 წლის 20 აპრილის აუდიტორული


დასკვნის შესაფასებისას დაადგინა, რომ ხანძრის შედეგად დაზიანებული 411
დასახელების, 1549 ერთეული ქალისა და მამაკაცის ტანსაცმლის ღირებულება,
შეძენის ფასით (თვითღირებულებით) შეადგენს 195 973,98 ლარს, სასამართლომ
აღნიშნული ზიანის ოდენობის განსაზღვრისას გაითვალისწინა ხელშეკრულების 2.9.
პუნქტის დათქმა, კერძოდ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული დაზღვევის
საგანი არ შეიძლება იყოს, ანუ დაზღვევას არ ექვემდებარება და დაზღვევით არ
იფარება ამავე პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ისეთი საქონელი,
რომელიც მარაგის სახით არის დასაწყობებული მათი შეძენიდან 1 (ერთ) წელზე
მეტი ვადით, აუდიტორულ დასკვნაზე დართული საქონლის დასახელების
ჩამონათვალის მიხედვით სასამართლომ დაადგინა, რომ 2013 წლის 13
აპრილამდე შეძენილი 18 084,21 ლარის (დღგ-ს ჩათვლით) ღირებულების
საქონელი დაზღვევას არ ექვემდებარება (იხ. ს.ფ. 43-44. ჩამონათვალის 374
ნუმერაციიდან 411-ე ნუმერაციის ჩათვლით). აღნიშნულიდან გამომდინარე,
სასამართლომ დაადგინა, რომ სასაქონლო-მატერიალური ზიანის ნაწილში (დღგ-ს
ჩათვლით) ფრანშიზის გამოკლებით თანხა შეადგენს 191 464,91 - 18 083,99
=173 380,70 ლარს.

სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი 2015 წლის 20 აპრილის აუდიტორული


დასკვნის შესაფასებისას ასევე დაადგინა, რომ ქ. თბილისში, რუსთაველის გამზირ
N37 ში, 2015 წლის 13 იანვარს გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის შედეგად დაზიანებული
შენობის ფართის სარემონტო სამუშაოების ღირებულებამ, წარმოდგენილი ფორმა
N2-ის მიხედვით შეადგინა 29 724. 40 ლარი. (ს.ფ. 45-47).

სამოტივაციო ნაწილი

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს


მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. მოპასუხეს - სს
„ალდაგს” მოსარჩელე შპს „ვიქტორია 98“-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს
მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 203 105.32 ლარის
გადახდა.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა


საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-მუხლი.

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქმის გადაწყვეტისას სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის


799-ე მუხლით. ამ მუხლის მიხედვით, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი
მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით
მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი
სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო
თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დამზღვევი ვალდებულია
გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია).

დადგენილია, სადავოდ არ გამხდარა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ


დამზღვევი პოლისით განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად კეთილსინდისიერად
იხდიდა სადაზღვევი პრემიას.

სასამართლოს განმარტებით, ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, ძირითად


კრიტერიუმს სადაზღვევო შემთხვევის შეფასებისათვის, ანუ იმისათვის, რომ
სადაზღვევო რისკი განხორციელებულად და შესაბამისად, სადაზღვევო შემთხვევა
დამდგარად ჩაითვალოს, უნდა დადგინდეს, სადაზღვევო შემთხვევა შეიცავს თუ არა
ხელშეკრულებით შეთანხმებულ გამონაკლის შემთხვევებს, რამდენადაც ამგვარი
შემთხვევა გამორიცხავს სადაზღვევო შემთხვევის კვალიფიკაციის სამართლებრივ
საფუძველს. მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.2. პუნქტი
შეიცავს ხელშეკრულებით შეთანხმებულ გამონაკლის შემთხვევებს, როცა
მზღვეველი არ არის პასუხისმგებელი სადაზღვევო რისკის - ამ შემთხვევაში ხანძრის
შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურებაზე. ამ ჩამონათვალში რაც ხანძრის
შემთხვევაში შეიძლება გაითვალისწინოს სასამართლომ, არის დასახელებული
პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა, როცა
ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა (თუ ასეთის არსებობა მითითებულია განაცხად-
ანკეტაში) გაუმართავ მდგომარეობაში იყო და „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
შემთხვევა, როცა დაცვის (სიგნალიზაციის) სისტემა (თუ ასეთის არსებობა
მითითებულია განაცხად-ანკეტაში) გაუმართავ მდგომარეობაში იყო. მოპასუხე
მხარეს აღნიშულის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. თუმცა
განაცხადში ცეცხლჩამქრობების და სიგნალიზაციის არსებობის შესახებ
მითითებულია. (ს.ფ. 191-192)

სახელშეკრულებო ვალდებულებების დარღვევის დროს ზიანის ანაზღაურება,


როგორც წესი, შემოიფარგლება მხოლოდ ხელშეკრულების მხარისთვის
წარმოშობილი ზიანით, ყველა ვალდებულებითი ურთიერთობის ამოსავალი
წერტილია კრედიტორის უფლება, მოითხოვოს ქმედების განხორციელება,
რომელსაც შეესაბამება მოვალის ვალდებულება - განახორციელოს ქმედება.

სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს მოპასუხე მხარის მტკიცებას იმასთან


დაკავშირებით, რომ - „ადგილი არ აქვს დაზღვევის ხელშეკრულებით
გათვალისწინებული რისკის შედეგად დაზღვეული ქონების დაზიანებას, ვინაიდან
ქონება დაზიანდა წყლის ზემოქმედებით, ხოლო დაზღვევის ხელშეკრულებით
წყლის ზემოქმედებით დაზიანების მხოლოდ კონკრეტული შემთხვევები, კერძოდ
წყალდიდობა და წყალგაყვანილობის სისტემების მწყობრიდან უეცარი და
მოულოდნელი გამოსვლა წარმოადგენს დაზღვევის ხელშეკრულების საგანს.
გამომდინარე აქედან, მზღვეველი არ არის პასუხისმგებელი იმ ზარალზე, რომელიც
გამოწვეულია სადაზღვევო პოლისში აღნიშნულის გარდა სხვა რისკებით“.

სასამართლო სადაზღვევო ხდომილებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი


კავშირის არსებობის დადგენისას სარგებლობს „რომ არა“ ტესტით. conditio sine
qua non -ძირითადი, შეუცვლელი პირობა, მოქმედება, შემადგენელი ნაწილი
რომლის გარეშეც რაღაც არ მოხდებოდა. სასამართლო თვლის, რომ დამდგარი
ზიანი, ნაწილობრივ, მართლაც გამოიწვია წყლის ჩამოშვებამ, თუმცა, თუკი
მოვლენათა ერთობლიობიდან ამოვიღებთ ხანძარს, აღმოჩნდება, რომ
მეხანძრეთა მოქმედებასაც, კერძოდ მათ მიერ წყლის ჩამოშვებას ადგილი არ
ექნებოდა რომ არა ხანძარი, რაც ხელშეკრულების მიხედვით არის დაზღვეული
რისკი, შესაბამისად ხანძარი, როგორც ფიზიკური მოვლენა და როგორც
(ხელშეკრულებით განსაზღვრული) ხდომილება არის უმთავრესი და შეუცვლელი
მიზეზი დამდგარი ზიანისა. ამ ლოგიკას სასამართლოს უმყარებს ხელშეკრულების
3.1. პუნქტი - „სადაზღვევო შემთხვევას წარმოადგენს მხოლოდ შესაბამისი
სადაზღვევო პოლისით გათვალისწინებული რისკების ხდომილებით გამოწვეული
დაზღვეული ქონების დაზიანება-განადგურება“. რომ არა ხანძარი, მეხანძრეთა მიერ
წყლის გაშვებას ადგილი არ ექნებოდა და არ დადგებოდა ზიანი, აქედან
გამომდინარე, არსებობს მიზეზობრივი კავშირი ხანძარსა და ქონების დაზიანებას
შორის.

მოპასუხის განმარტების შემთხვევაშიც კი დაზღვევის ხელშეკრულების მიზანი,


ზოგადად, არის დაზღვეულის ისეთ მდგომარეობაში ჩაყენება, როგორშიც ის
იქნებოდა, სახეზე რომ არ ყოფილიყო სადაზღვევო შემთხვევა. მოპასუხე მიიჩნევს,
რომ მხოლოდ ხანძრის, როგორც ფიზიკური მოვლენის შემთხვევაა სპეციფიკურად
შეთანხმებული ხელშეკრულების მხარეთა შორის და თვლის, რომ ხანძრის
თანმხლები მოვლენა, როგორიც არის ამ შემთხვევაში ხანძრის ჩაქრობა,
ხელშეკრულებით მხარეებს არ გაუთვალისწინებიათ, თუმცა სასამართლოს
შეფასებით ხელშეკრულების 3.1. პუნქტი სწორედ ხდომილებით გამოწვეულ
შედეგზე საუბრობს, რაც თავის შუალედში, ცივილიზებული საზოგადოების
პირობებში, აუცილებლად გულისხმობს ხანძრის ჩაქრობის ღონისძიებებს.
საწინააღმდეგო ლოგიკით, მოსარჩელე, იმ მიზნით, რომ მოპასუხისგან
ანაზღაურება მიეღო უნდა დალოდებოდა იმას, რომ ცეცხლს დაეზიანებინა
დაზღვეული ქონება, არ გამოეძახა სახანძრო ან ხელი შეეშალა სხვისთვის მის
გამოძახებაში. ის, რომ მოპასუხე ჩაქრობის ღონისძიებებს ხდომილებაში ამას არ
გულისხმობდა, მაშინ როდესაც მეორე მხარეს სთავაზობდა ხანძრის დეფინიციას
ხელშეკრულებაში ძნელად წარმოსადგენი იქნებოდა ნებისმიერი გონიერი
ადამიანისათვის, რომელიც აწარმოებდა მოლაპარაკებას სადაზღვევო
ხელშეკრულების ზემოაღნიშნული მიზნით დადებაზე.

ხელშეკრულება არის ორმხრივი გარიგება, სადაც ნების გამოვლენის განმარტება


დაუშვებელია მხოლოდ შინაგანი, ნამდვილი ნების საფუძველზე, რომელსაც
განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლი და მისი
გარეგნულად გამოხატული შინაარსი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე
შემოთავაზებული ნაგულისხმევი სურვილი. ნების გამოვლენის უპირატესობაზე
ხელშეკრულების შემთხვევაში არაორაზროვნად არის მითითებული, რომელსაც
განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 337-ე მუხლი.

სასამართლოს აზრით, ხელშეკრულებაში მოცემული ხანძრის დეფინიცია,


ხელშეკრულების 3.1. პუნქტთან ერთობლიობაში და იმის გათვალისწინებით, რომ
მხარეთა შორის არსებობდა ხანგრძლივ ნდობაზე დამყარებული შემდგარი
ურთიერთობა (იხ. ს.ფ. 136-152) მეტყველებს იმაზე, რომ მოსარჩელეს არ შეეძლო
სცოდნოდა, ევარაუდა მოპასუხის დაფარული სურვილის თაობაზე, რომ ხანძრის
თანმხლები მოვლენებით გათვალისწინებული ზიანი არ ანაზღაურდებოდა, თუკი
ამაზე სპეციფიკურად მხარეები არ შეთანხმდებოდნენ. მოპასუხემ თავის ახსნა
განმარტებაში განაცხადა, რომ აღნიშნულის შესახებ მას მოსარჩელესთან ჰქონდა
მოლაპარაკება, თუმცა რატომ არ ასახა თავისი ეს სურვილი ცხადად
ხელშეკრულების ტექსტში სასამართლოსთვის გაუგებარია. კერძოდ, თუ - მოპასუხე
გამორიცხავდა ცეცხლის ჩაქრობას, როგორც სადაზღვევო ხდომილებას და
მხოლოდ წვის შედეგების მნიშვნელობაზე აკეთებდა აქცენტს, მაშინ ამის თაობაზე
მითითება შესაძლო იყო გაეკეთებინა ხელშეკრულების თუნდაც 3.2. პუნქტში,
რომელშიც იმ გამონაკლისების ჩამონათვალია მოცემული როცა მოპასუხე არ არის
პასუხისმგებელი ზიანის ანაზღაურებაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე ვერ ადასტურებს იმ ფაქტობრივ


გარემოებას, რომ მოსარჩელესთან აღნიშნულ სპეციფიკურ გამონაკლისზე
შეთანხმებას მიაღწია, რასაც მას კანონმდებლობა სრულადაც არ უკრძალავდა.
მოწმეთა ჩვენებებით კი ეს ვერ დადასტურდებოდა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში,
ვინაიდან მხარეებმა წერილობითი ხელშეკრულებით სრულყოფილად განსაზღვრეს
დაზღვევის პირობები და საქმის მასალებიდან არ იკვეთება რაიმე გარემოება,
რომელიც ხელშეკრულებაში ნათლად ჩამოყალიბებული დებულებების
სხვაგვარად, არაორდინალური მნიშვნელობით განმარტების აუცილებლობაზე
მიუთითებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ 2015 წლის 21
ოქტომბრის საოქმო განჩინებით არ დააკმაყოფილა მოპასუხე მხარის
შუამდგომლობა მოწმის სახით ალეკო ბისეიშვილის დაკითხვის შესახებ (იხ.
სხდომის ოქმი, ს.ფ. 205-233)

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ასევე ვერ გაითვალისწინებს


მოპასუხე მხარის მტკიცებას იმასთან დაკავშირებით, რომ თუკი მას მოუწევდა
ხანძრის თანმხლები მოვლენებით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურება,
სადაზღვევო პრემიად ის განსაზღვრავდა მეტ თანხას, ვიდრე იყო მხარეთა შორის
შეთანხმებული სადაზღვევო პოლისით.

6.3. სასამართლო ზიანის ოდენობის განსაზღვრისას დაეყრდნო მოსარჩელე


მხარის მიერ წარმოდგენილ წერილობით დოკუმენტს - შპს „ბიურო აუდიტი“-ს 2015
წლის 20 აპრილის აუდიტორულ დასკვნას (ს.ფ.30-47) და მიიჩნია, რომ ხანძრის
შედეგად მიყენებული ზიანის (მარაგების დაზიანებისათვის) ანაზღაურების მიზნით
ფრანშიზის თანხის გამოკლებით და ხელშეკრულების 2.9. პუნქტის
გათვალისწინებით მოპასუხეს უნდა დაეკისროს 173 380,70 ლარის გადახდა (დღგ-ს
ჩათვლით). ხოლო ხანძრის ჩაქრობის შედეგად დაზიანებული შენობის
აღდგენისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების მიზნით მოპასუხეს უნდა
დაეკისროს 29 724. 40 ლარის გადახდა.

სასამართლომ ორივე მხარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შეფასების


შედეგად სარწმუნოდ მიიჩნია მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი
შესრულებული სამუშაოს აქტი N1, (იხ. ს.ფ. 45-47) ვინაიდან, აქტ N1-ში ასახული
ფასებით ფაქტიურად განხორციელდა ის სარემონტო სამუშაოები, რაც
აუცილებელი იყო „ჰუგო ბოსი“-ს ფრანჩიზული მაღაზიის ფუნქციონირებისათვის.

7. საპროცესო ხარჯები

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი


ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის
სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს,
თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო
ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ
მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის
პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა
დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის
პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

შესაბამისად, ვინაიდან მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი ჰქონდა


5000 ლარი (ს.ფ. 110) და სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა (არ
დაკმაყოფილდა 18 083,99 ლარის ნაწილში) სასამართლო თვლის, რომ სს
„ალდაგს“-ს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების
მიზნით მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 4 457.49 ლარის გადახდა,
ხოლო დარჩენილი თანხა 542.51 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის
ანგარიშზე.

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები


სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო
კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. მოსარჩელე შპს ,,ვიქტორია 98“-ის სარჩელი მოპასუხე სს ,,ალდაგის“ მიმართ


დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

1. 1.1. მოპასუხე სს ,,ალდაგს“ მოსარჩელე შპს ,,ვიქტორია 98“-ის


სასარგებლოდ დაეკისროს 203 105.32 ლარის გადახდა.
2. მოპასუხე სს ,,ალდაგს“ მოსარჩელე შპს ,,ვიქტორია 98“-ის სასარგებლოდ
დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით
4457.49 ლარის გადახდა.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო


სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში,
სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით
თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება


გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების
გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის
გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს
თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი.
წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების
გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

5. სსსკ-ის 46-ემუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში


მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი,
გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო
ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

მოსამართლე მადი ჩანტლაძე

You might also like