You are on page 1of 7

3/13/24, 10:43 PM

№ას-1320-1246-2012 12 დეკემბერი, 2012 წელი,


ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა


შემადგენლობა

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),


ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ა.ჩ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – მესტიის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეული

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის


2012 წლის 27 აგვისტოს განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – შესრულებული სამუშაოსათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მესტიის მუნიციპალიტეტის თვითმმართველმა ერთეულმა მესტიის რაიონულ სასამართლოში ა.ჩ-


ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა მოპასუხისათვის 581 012,79 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
მოსარჩელის განმარტებით, მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველმა
ერთეულმა მესტიის რეაბილიტაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. პროგრამის ფარგლებში
კერძო პირებმა მათ კუთვნილ მიწის ნაკვეთებზე სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები
ჩაატარეს. ვინაიდან ა.ჩ-ის კუთვნილი უძრავი ქონება მესტიის ცენტრში მდებარეობდა, სადაც
ყველა შენობას ჩაუტარდა აღდგენითი სამუშაოები, აუცილებელი გახდა მოპასუხის კუთვნილ
ქონებაზეც მსგავსი სამუშაოს გაწევა. ამ მიზნით, მუნიციპალიტეტმა შპს „დ-ან“ ხელშეკრულება
გააფორმა და ბიუჯეტიდან გამოყო საჭირო თანხა. ხელშეკრულების საფუძველზე შპს „დ-იმ“ 2012
წლის 25 მარტიდან დაიწყო სამუშაოს განხორციელება. გაწეული სამუშაოს ღირებულებამ 581
012,79 ლარი შეადგინა, რაც მესტიის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან დაიფარა.
მუნიციპალიტეტის დაფინანსებული სამუშაოების შედეგად ა.ჩ-ის კუთვნილი ქონების
ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა, რის გამოც მესტიის მუნიციპალიტეტს გაწეული
სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება წარმოეშვა.
მესტიის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით მესტიის
მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის სარჩელი დაკმაყოფილდა, ა.ჩ-ს მოსარჩელის

1/7
3/13/24, 10:43 PM

სასარგებლოდ დაეკისრა 581 01,79 ლარის გადახდა. გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ


აღსასრულებლად.
აღნიშნული გადაწყვეტილება ა. ჩ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 აგვისტოს
განჩინებით ა. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა მესტიის
რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ 2012 წლის 22 მარტს მესტიის
მუნიციპალიტეტის გამგეობას და შპს „დ-ის“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ
№35 ხელშეკრულება. 2012 წლის 25 მარტს შპს „დ-იმ“, მესტიის მუნიციპალიტეტის დაკვეთით
დაიწყო ა.ჩ-ის უძრავი ქონების რეაბილიტაცია. 2012 წლის 22 მაისს მესტიის მუნიციპალიტეტმა შპს
„დ-ის“ გადაურიცხა ა.ჩ-ის კუთვნილი უძრავი ქონების რეაბილიტაციისათვის საჭირო თანხა, 581
012.79 ლარი. შპს „დ-იმ“ 2012 წლის 22 მარტის ხელშეკრულების შესაბამისად, შეასრულა დ. მ-ი, ს-
ის ქუჩის №9-ში მდებარე ორსართულიანი სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მესტიის მუნიციპალიტეტმა მესტიის
რეაბილიტაციისათვის წარმოშობილი კანონით დადგენილი ვალდებულება შეასრულა ჯეროვნად
და კეთილსინდისიერად, რაზეც მოპასუხე მხარეს რაიმე პროტესტი არ გამოუთქვამს,
აღნიშნულიდან გამომდინარე კი, შემსრულებელს წარმოეშვა ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის
კანონიერი საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ა. ჩ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა მისი გაუქმებისა და
საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო
სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი, რადგანაც მესტიის
მუნიციპალიტეტისა და ა.ჩ-ს შორის ხელშეკრულება გაფორმებული არ ყოფილა. 317-ე მუხლის
გამოყენება საჭირო არაა, როდესაც არსებობს კანონისმიერი ვალდებულება, განსახილველი დავა კი,
დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულების სამართლებრივი ურთიერთობიდან
გამომდინარეობს. სააპელაციო სასამართლოს ასევე, არ უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის
361-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას.
მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაო შპს „დ-იმ“ შეასრულა, რომლის
მიმართაც ვალდებულება მესტიის მუნიციპალიტეტს წარმოეშვა და არა ა.ჩ-ს. სააპელაციო
სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 969-ე მუხლი და მიიჩნია, რომ მესტიის
თვითმმართველი ერთეული სამუშაოს შემსრულებელია, ხოლო ა.ჩ-ი სხვა პირი - მეპატრონე.
აღნიშნული მოსაზრება თუნდაც გაზიარებულ იქნეს, მესტიის მუნიციპალიტეტს ვალდებულება
კეთილსინდისიერად არ შეუსრულებია, რადგანაც ა. ჩ-ის არ შეუტყობინებია სამუშაოს თაობაზე.
მოსარჩელის განმარტებით, „ოფიციალურად მსგავს შეტყობინებას ადგილი არ ჰქონია, რადგან
ტელევიზორიდან ყველამ იცოდა, რომ მესტიის რეაბილიტაცია ხორციელდებოდა.“ სამოქალაქო
კოდექსის 972-ე მუხლის მიხედვით, მესტიის მუნიციპალიტეტი ვალდებული იყო, შესრულებული
სამუშაოს ანგარიში წარედგინა ა.ჩ-ის, რაც ასევე არ შეუსრულებია. სამოქალაქო კოდექსის 973-ე
მუხლის მიხედვით, შემსრულებელს უფლება აქვს, იმ ხარჯის ანაზღაურება მოითხოვოს, რომელიც,
საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, აუცილებლად იქნება მიჩნეული. სააპელაციო სასამართლოს
არ დაუსაბუთებია 581 000 ლარის ბიუჯეტიდან გამოყოფა და ამ ღირებულების სამუშაოს
შესრულება აუცილებლად რის საფუძველზე მიიჩნია, გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ
არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლი და საყოველთაოდ ცნობილ
ფაქტად მიიჩნია ის გარემოება, რომ მესტიის რეაბილიტაციის პროგრამა ხორციელდებოდა და ა.ჩ-
ის ცნობილი იყო მისი საკუთრების რეაბილიტაციის თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ არ
გაითვალისწინა ის გარემოება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მხარის მოთხოვნის
მიუხედავად, მოპასუხეს შესაგებლის წარდგენისა და საქმის განხილვაში მონაწილეობისათვის
მოსამზადებლად საკმარისი დრო არ მისცა.

2/7
3/13/24, 10:43 PM

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები,


გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ ა.ჩ-ის საკასაციო
საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს:
განსახილველ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ 2012 წლის
22 მარტს მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობას და შპს „დ-ის“ შორის გაფორმდა სახელმწიფო
შესყიდვის შესახებ №35 ხელშეკრულება. 2012 წლის 25 მარტს შპს „დ-იმ“, მესტიის
მუნიციპალიტეტის დაკვეთით დაიწყო ა.ჩ-ის უძრავი ქონების რეაბილიტაცია. 2012 წლის 22 მაისს
მესტიის მუნიციპალიტეტმა შპს „დ-ის“ გადაურიცხა ა.ჩ-ის კუთვნილი უძრავი ქონების
რეაბილიტაციისათვის საჭირო თანხა, 581 012.79 ლარი. შპს „დ-იმ“ 2012 წლის 22 მარტის
ხელშეკრულების შესაბამისად, შეასრულა დ. მ-ი, ს-ის ქუჩის №9-ში მდებარე ორსართულიანი
სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო
სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა
საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული
პრეტენზია (შედავება). მხარეს ამგვარი შედავება არ წარმოუდგენია, შესაბამისად,
ზემომითითებული ფაქტობრივი გარემოებები საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას, რომ მოცემულ
შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა დავალების გარეშე სხვისი საქმის შესრულების კანონისმიერი
ურთიერთობიდან შეიძლება იყოს წარმოშობილი, ამასთან განმარტავს, რომ სააპელაციო
სასამართლომ არ გამოიყენა დავის გადაწყვეტისათვის საჭირო სამოქალაქო კოდექსის ნორმები.
სამოქალაქო კოდექსის 969-ე მუხლის მიხედვით პირი (შემსრულებელი), რომელიც დავალების ან
სხვა საფუძვლის გარეშე ასრულებს სხვა პირის (მეპატრონის) საქმეებს, ვალდებულია შეასრულოს
ისინი კეთილსინდისიერად.
მოცემულ შემთხვევაში მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობამ შპს „დ-ან“ დადო ხელშეკრულება
და განახორციელა ა. ჩ-ის კუთვნილი ქონების რეაბილიტაცია ამ უკანასკნელის მხრიდან
დავალების, ან სხვა სახელშეკრულებო თუ კანონისმიერი საფუძვლის არსებობის გარეშე, ამდენად,
დავის ფაქტობრივი გარემოებები შეესაბამება სამოქალაქო კოდექსის 969-ე მუხლის მოცემულობას.
იმავე კოდექსის 973-ე მუხლის მიხედვით შემსრულებელს უფლება აქვს მოითხოვოს გაწეული
ხარჯების ანაზღაურება, რომლებიც, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, აუცილებლად იქნა
მიჩნეული.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დავალების გარეშე სხვისი საქმეების წარმოებისას
შემსრულებელის ჩარევა მეპატრონის ქონებრივ სფეროში, მართალია, ნებაყოფლობით
ხორციელდება, მაგრამ ამგვარ ჩარევას გონივრული და ობიექტური საფუძველი უნდა გააჩნდეს,
ამასთან, აუცილებელი პირობაა, რომ კონკრეტული საქმის შესრულება თვითნებობა კი არ უნდა
იყოს, არამედ მეპატრონის ინტერესებს შეესაბამებოდეს და ამ საქმის შესრულება სწორედ
მეპატრონისათვის უნდა იყოს სასიკეთო. მეპატრონე ვალდებულია გესტორს (შემსრულებელს)
აუნაზღაუროს საქმეების შესრულებისას გაღებული ხარჯი, მაგრამ იმ დათქმით, რომ
ანაზღაურდება არა ყველა სახის ხარჯი, არამედ მხოლოდ ის, რაც აუცილებლად იქნება მიჩნეული
და ისიც იმ შემთხვევაში, თუ დაცულია სამოქალაქო კოდექსის 970-ე-974-ე მუხლის მოთხოვნები.

3/7
3/13/24, 10:43 PM

სამოქალაქო კოდექსის 971-ე მუხლის მიხედვით, შემსრულებელი ვალდებულია პირველი


შესაძლებლობისთანავე აცნობოს მეპატრონეს, რომ იკისრა საქმეთა შესრულება. შემსრულებელმა
უნდა გააგრძელოს დაწყებული საქმეები, ვიდრე მეპატრონეს არ შეეძლება იმოქმედოს თვითონ.
იმავე კოდექსის 974-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, შემსრულებელს არ შეუძლია
მოითხოვოს გაწეული ხარჯების ანაზღაურება, თუ მის მიერ საქმეთა შესრულება ეწინააღმდეგება
მეპატრონის ნებას ან არ შეესაბამება მის ინტერესებს.
აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, საქმეების შესრულება არ ხორციელდება მეპატრონის
მონაწილეობის გარეშე, კერძოდ, ქონების მესაკუთრე ინფორმირებული უნდა იყოს სამუშაოს
შესრულების თაობაზე პირველივე შესაძლებლობისთანავე და უნდა დაეთანხმოს სამუშაოს
შესრულებას, წინააღმდეგ შემთხვევაში შემსრულებელი გაღებული ხარჯის ანაზღაურების
მოთხოვნის უფლებას კარგავს. 969-ე მუხლით განსაზღვრული შემსრულებლის ვალდებულება
კეთილსინდისიერი მოქმედების შესახებ გულისხმობს არა მხოლოდ თავად საქმეების
კეთილსინდისიერად და მეპატრონის ინტერესების დაცვით შესრულებას, არამედ შეტყობინებისა
და გაწეული სამუშაოს ანგარიშის წარდგენის ვალდებულების დროულად შესრულებასაც.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ა. ჩ-ის საკუთრების
რეაბილიტაცია და ამ მიზნით ადგილობრივი ბიუჯეტიდან 581 000 ლარის გამოყოფა
აუცილებლობადაც რომ იქნეს მიჩნეული, მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობა მაინც არ არის
უფლებამოსილი გაწეული ხარჯის ანაზღაურება მოითხოვოს, ვინაიდან არ შეუსრულებია
სამოქალაქო კოდექსის 971-ე მუხლით დადგენილი ვალდებულება.
საქმის გარემოებებიდან არ დასტურდება, რომ მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ა. ჩ-ს მისი
ქონების რეაბილიტაციის შესახებ სამუშაოს შესრულების რომელიმე ეტაპზე მაინც აცნობა.
აღნიშნულ გარემოებას არც მოსარჩელე უარყოფს და განმარტავს, რომ „ოფიციალურად მსგავს
შეტყობინებას ადგილი არ ჰქონია.“
სააპელაციო სასამართლომ გამგეობის მიერ სამუშაოს შესრულება საყოველთაოდ ცნობილ ფაქტად
მიიჩნია. სასამართლოს მითითებით, მესტიის რეაბილიტაციის შესახებ სხვა რეგიონების
მოსახლეობისათვისაც კი იყო ცნობილი.
საკასაციო სასამართლო ამ მოსაზრებას არ იზიარებს და განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესო
კოდექსის 106-ე მუხლის მიხედვით მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა
წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი
მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ამგვარად მიიჩნევა ფაქტები,
რომლებსაც სასამართლო საყოველთაოდ ცნობილად მიიჩნევს.
აღნიშნული მუხლის მიზნებისათვის ფაქტის „საყოველთაოდ ცნობილობა“ სუბიექტური შეფასების
საგანი არაა. ფაქტი საყოველთაოდ ცნობილად უნდა ჩაითვალოს იმ შემთხვევაში, თუ, ობიექტური
გარემოებების შედეგად, მის შესახებ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობაა
ინფორმირებული. როგორც ცნობილია, ადამიანებს, თავიანთი ასაკის, სოციალური თუ
სამართლებრივი სტატუსის გათვალისწინებით, განსხვავებული ინტერესები გააჩნიათ და
განსხვავებულ ინფორმაციაზე მიუწვდებათ ხელი. შესაბამისად, იმისათვის, რომ კონკრეტული
ფაქტი საყოველთაოდ ცნობილად ჩაითვალოს, უნდა შეფასდეს მისი გავრცელების ფორმა, არეალი
და მნიშვნელობა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საყოველთაოდ ცნობილად ისეთი ფაქტი
შეიძლება ჩაითვალოს, რომელზეც ქვეყანაში მცხოვრებ ყველა ადამიანს ერთნაირად მიუწვდება
ხელი და თითოეულ მათგანს ერთნაირად შეიძლება მოეთხოვოს მისი ცოდნა, ასაკისა თუ
სტატუსის მიუხედავად. ამ ტიპის ფაქტად შეიძლება ჩაითვალოს, მაგალითად, ქვეყანაში
არჩევნების ჩატარება, ვინაიდან, აღნიშნულთან დაკავშირებული აქტიური წინასაარჩევნო
კამპანიის, მედიასაშუალებების მიერ მიწოდებული ინფორმაციის, აგრეთვე, სხვადასხვა პირების
თუ ორგანიზაციების მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, თუნდაც მინიმალურ
ინფორმაციას მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობა ფლობს, მათ შორის ის ფენებიც,

4/7
3/13/24, 10:43 PM

რომლებიც არჩევნებში მონაწილეობას, ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, არ


ღებულობენ.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მესტიის ცენტრის რეაბილიტაცია საყოველთაოდ ცნობილ
ფაქტად ვერ იქნება მიჩნეული. იმ ვარაუდის შემთხვევაშიც კი, რომ მოსახლეობის ნაწილმა
მედიასაშუალებებით მიიღო ინფორმაცია ტურისტების მოზიდვის მიზნით მესტიის
ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის განხორციელების შესახებ, დაინტერესებული
პირების გარდა, არავის მოეთხოვება იმის ცოდნა, თუ კონკრეტულად რა ღონისძიებებს
გულისხმობდა აღნიშნული პროგრამა. ის გარემოება, რომ ზოგადად, მესტიის რეაბილიტაცია
ხორციელდებოდა, კარგად უნდა ყოფილიყო ცნობილი მხოლოდ თავად დაბა მესტიაში მცხოვრები
პირებისათვის, მაგრამ მათაც კი არ მოეთხოვებათ იმის ცოდნა, კონკრეტულად რა სამუშაოები
უნდა შესრულებულიყო პროექტის ფარგლებში. მით უფრო ვერ ჩაითვლება საყოველთაოდ
ცნობილად ის ფაქტი, რომ მესტიის გამგეობა ა. ჩ-ის კუთვნილ სახლს არემონტებდა.
საკასაციო სასამართლო ასევე იმ გარემოებაზე მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 971-ე
მუხლის საფუძველზე, შემსრულებლის ვალდებულებაა მეპატრონეს აცნობოს, რომ აუცილებელია
კონკრეტული მოქმედების შესრულება და რომ იგი კისრულობს საქმეთა შესრულებას. იმავე
კოდექსის 972-ე მუხლის მიხედვით კი, შემსრულებელი ვალდებულია წარუდგინოს მეპატრონეს
ანგარიში შესრულების შესახებ და გადასცეს მას ყველაფერი, რაც შესრულების შედეგად მიიღო.
აღნიშნული ვალდებულება სამოქალაქო კოდექსში იმ მიზეზითაა განსაზღვრული, რომ დავალების
გარეშე სხვისი საქმეების შესრულება კომერციულ ხასიათს არ ატარებს და მისი მიზანი არაა
შემსრულებლის გამდიდრება, ან, ნარდობის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, შესრულებული
სამუშაოსათვის ანაზღაურების მიღება, არამედ კონკრეტული ქმედების განხორციელება
განპირობებულია ობიექტური და გონივრული აუცილებლობით. მეპატრონე შემსრულებელს
რეალურად გაწეულ აუცილებელ ხარჯს უნაზღაურებს, რაც ამ უკანასკნელის მიერ წარდგენილი
ანგარიშით უნდა დასტურდებოდეს. მოცემულ შემთხვევაში, საქმიდან არც ის გარემოება
დასტურდება, რომ მესტიის გამგეობამ ა. ჩ-ს გაწეული სამუშაოს ანგარიში წარუდგინა.
საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 974-ე მუხლზე და
აღნიშნავს, რომ ა. ჩ-ს თუნდაც დამოუკიდებლად შეეტყო მესტიის გამგეობის მიერ მის სახლზე
აღდგენითი სამუშაოების წარმოების შესახებ, გამგეობას გაწეული ხარჯების ანაზღაურების
მოთხოვნის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნებოდა, თუ ეს უკანაკნელი სამუშაოს
შესრულებას მოიწონებდა. ა. ჩ-ს კი, სამუშაოს შესრულებაზე თანხმობა არ გამოუთქვამს და საქმეთა
შესრულება მის ნებას ეწინააღმდეგება. აღნიშნულის საპირისპირო მტკიცებულება საქმეში
წარმოდგენილი არ არის, თავად მოპასუხის განმარტებით კი, როდესაც მან სამუშაოს
განხორციელების თაობაზე შეიტყო, „დაიწყო ჩხუბი, აყალ-მაყალი ატეხა, თუ რა ხდებოდა მისი
ნების გარეშე“ (ს.ფ. 68), ამდენად, ნათელია, რომ მოპასუხეს სამუშაოს შესრულების ნება არასოდეს
გამოუხატავს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ როგორც პირველი, ისე სააპელაციო ინსტანციის
სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლი და არ
გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 971-ე, 974-ე მუხლები, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-
ე მუხლით გათვალისწინებულ კასაციის საფუძვლებს ქმნის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო თვითონ
მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით
გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში
ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
ვინაიდან მოცემული დავის გადაწყვეტისათვის აუცილებელი ფაქტობრივი გარემოებები
დადგენილია და მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევის აუცილებლობა არ არსებობს,
საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თავად მიიღოს გადაწყვეტილება.

5/7
3/13/24, 10:43 PM

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მესტიის გამგეობას ა.ჩ-ისათვის არ უცნობებია საქმეთა


შესრულების შესახებ, ამდენად, სარჩელი გაწეული ხარჯების ანაზღაურების თაობაზე
უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ
გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება,
ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში
სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, ხოლო იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, თუ
სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ
გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე მესტიის მუნიციპალიტეტის
თვითმმართველმა ერთეულმა ა.ჩ-ს უნდა აუნაზღაუროს ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო და
საკასაციო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 11 000 ლარი.
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მესტიის რაიონული სასამართლოს 2012
წლის 19 ივლისის განჩინებით ყადაღა დაედო ა. ჩ-ის კუთვნილ უძრავ ქონებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის მიხედვით, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის,
სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის
წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს
ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე, უნდა გაუქმდეს მესტიის რაიონული სასამართლოს 2012 წლის
19 ივლისის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება და ა. ჩართოლანის
კუთვნილ უძრავ ქონებას ყადაღა მოეხსნას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე


მუხლით და

გადაწყვიტა:

1. ა.ჩ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;


2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27
აგვისტოს განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. მესტიის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. მესტიის მუნიციპალიტეტის თვითმმართველ ერთეულს დაეკისროს ა.ჩ-ის ამ უკანასკნელის მიერ
სააპელაციო და საკასაციო ინსტანციაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 11 000 ლარის
ანაზღაურება;
5. გაუქმდეს მესტიის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 19 ივლისის განჩინებით გამოყენებული
უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა მოეხსნას ა.ჩ-ის კუთვნილ უძრავ ქონებას, რომლის
რეკვიზიტებია: ზონა - მესტია 42, სექტორი - მესტია 06, კვარტალი - დაბა მესტია 05, ნაკვეთი -
ცენტრი 066, ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო-
სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი - 716 კვ.მ, ორსართულიანი შენობის განაშენიანების ფართი -
416 კვ. მ;
6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

6/7
3/13/24, 10:43 PM

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე

7/7

You might also like