You are on page 1of 4

მედიცინა ძველ ინდოეთში

ინდოეთის ისტორიაში უძველესი დამწერლობა ჰარაპული ცივილიზაციის (ჩვ. წ. აღრიცხვამდე


III ათასწლეული) დროს წარმოიქმნა. ჰარაპული ტექსტები შეიცავენ 400-ამდე განსხვავებულ ნიშანს,
წერილობითი ძეგლების გარდა ისინი შესრულებულია კერამიკის, სპილენძის, ბრინჯაოს, სპილოს
ძვლის ნაკეთობებზე, რაც ამ ეპოქაში განათლების ფართო გავრცელებაზე მეტყველებს.

ჰარაპის კულტურა მნიშვნელოვნად აღემატებოდა ეგვიპტისა და მესოპოტამიის უძველეს


კულტურას. შემდგომი პერიოდის წერილობითი ძეგლები შეიცავენ ვედურ რელიგიურ
თხზულებებს, ეპიკურ პოემებს, ასტრონომიულ და სამედიცინო ტრაქტატებს. ცნობილი ოთხი
სახის ვედადან მედიცინისათვის საინტერესოა უკანასკნელი "ათხარვავედა", რომელიც მოიცავს
ავადმყოფობის საწინააღმდეგო შელოცვებს. ძველ ინდოეთში ცხოვრების ნორმების შესახებ
წარმოდგენას გვაწვდიან "მანუსკრიპტები" ("მანუს დარიგებები", ანუ, როგორც მას ხშირად
უწოდებენ, "მანუს კანონები", შექმნილია ჩვ . წ. აღრიცხვამდე II საუკუნესა და ჩვ. წ. აღრიცხვით II
საუკუნეს შორის) შეიცავენ ჰიგიენური ხასიათის დარიგებებს.

ძველ ინდოეთში მკურნალობის მეთოდების შესახებ ყველაზე სრულ წარმოდგენას იძლევა ჩვ.წ.
აღრიცხვამდე II საუკუნეში შექმნილი ორი სამედიცინო ტრაქტატი, რომლებიც იმ დროისათვის
სახელგანთქმულ ექიმებს ჩარაკასა და სუშრუტას ეკუთვნის. უფრო ადრინდელი "ჩარაკა-სამხიტა"
ეძღვნება შინაგანი ორგანოების დაავადებებს და შეიცავს ცნობებს 600-ზე მეტი მცენარეული,
ცხოველური და მინერალური წარმოშობის წამლების შესახებ. დიდი ყურადღება აქვს დათმობილი
ოპერატიულ მკურნალობას. მისი ავტორი აღწერს 300-ზე მეტ ოპერაციას, 120-ზე მეტ ქირურგიულ
ინსტრუმენტს.

მდ. ინდის დაბლობის უძველესმა ცივილიზაციამ ორი ათასი წლით ადრე შესძლო შეექმნა
რომის ცნობილ წყალსადენზე უფრო სრულყოფილი წყალმომარაგებისა და კანალიზაციის
სისიტემა. გაოცებას იწვევს არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ქალაქების
არქიტექტურა, სანიტარულ-ტექნიკური უზრუნველყოფა (ჭები, აბანოები, აუზები, კანალიზაციის
სისტემა). ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისისათვის ძველ ინდოეთში ჩამოყალიბდა ჰიპოკრატესა
და ჰალენის სისტემის მსგავსი სამედიცინო ცოდნის მაღალგანვითარებული სისტემა, რომელიც
ზოგიერთი მიმართებით კიდევაც უსწრებდა წინ მათ მოძღვრებას. IV საუკუნეში შექმნილ
სამედიცინო ტრაქტატში აღწერილია ანთების სამი სტადია, მათთვის დამახასიათებელი ნიშნებით:
პირველ პერიოდში - უმნიშვნელო ტკივილები; მეორეში - გამჭოლი ტკივილები, შეშუპება,
შებოჭილობა, ადგილობრივი ცხელება, სიწითლე და ფუნქციის დარღვევა; მესამეში - შეშუპების
დაცხრომა და ჩირქის წარმოშობა. მკურნალობისათვის მითითებული იყო ადგილობრივი წამლები
და ქირურგიული ჩარევა. ძველ ინოეთში ყველაზე სრუყოფილი წარმოდგენა ჰქონდათ ადამიანის
აგებულების შესახებ, რადგან რელიგია არ კრძალავდა მიცვალებულების გაკვეთას. ამავე
ტრაქტატის მიხედვით დიაგნოსტიკა ემყარებოდა ავადმყოფის გამოკითხვას, სხეულის
ტემპერატურის, ენისა და კანის ფერის დადგენას, გამონაყოფისა და ფილტვებში ხმაურის
შესწავლას, თუმცა არსად არ იყო ნახსენები პულსის გამოკვლევა. აღწერილია ძველი
ბერძნებისათვისაც კი მანამდე უცნობი დიაბეტი, რომელსაც შარდის გემოს გასინჯვით ადგენდნენ.
მკურნალობის ტაქტიკა განისაზღვრებოდა დაავადების განკურნებისა თუ არგანკურნების
შესაძლებლობების დადგენის შემდეგ. კეთილსაიმედო პროგნოზს ექიმი აკეთებდა დაავადების
თავისებურების, წელიწადის დროის, ავადმყოფის ასაკის, მისი ტემპერამენტის, ფიზიკური და
გონებრივი შესაძლებლობების გათვალისწინებით.

ინდოელი ექიმები ოსტატურად იყენებდნენ ადგილობრივ მცენარეულ, ცხოველურ და


მინერალური წარმოშობის წამლებს. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა
ვერცხლისწყალი. წამლების დამზადებით მხოლოდ ექიმები იყვნენ დაკავებულნი. საუკეთესო
სამკურნალო მცენარეები ჰიმალაიდან ჩამოჰქონდათ. ინდური წამლებითა და სამკურნალო
მეთოდებით სარგებლობდნენ მეზობელი ქვეყნებიც. კერძოდ, ტიბეტური მედიცინა დიდად არის
დავალებული ძველი ინდური მედიცინისაგან.

მშობიარობის წარმართვა ძველ ინდოეთში დამოუკიდებელ სფეროდ ითვლებოდა. ტრაქტატში


აღწერილია ნორმალური ფეხმძიმობიდან გადახრები, ნაყოფის სიმახინჯეები, ნაყოფის არასწორი
მდებარეობა, ემბრიოტომია, საკეისრო კვეთა (რომელსაც მიმართავდნენ დედის სიკვდილის
შემდეგ ნაყოფის გადარჩენის მიზნით), ასევე რჩევები ორსულთათვის სისუფთავისა და ცხოვრების
ჯანსაღი წესის დაცვის შესახებ.

ძველინდური ოპერატიული მკურნალობის (ქირურგია) ხელოვნება მთელს მსოფლიოში


საუკეთესოდ ითვლებოდა. ძველი ინდოელი ექიმები მას პირველ ადგილს ანიჭებდნენ
მკურნალობის მეთოდებს შორის. ინდოელი ქირურგები მისდევდნენ რა თავისი ქვეყნის წეს-
ჩვეულებებს, ოპერაციის დროს ზედმიწევნით იცავდნენ სისუფთავეს, თუმცა ჯერ არ ჰქონდათ
წარმოდგენა ასეპტიკასა და ანტისეპტიკაზე. ისინი გამოირჩეოდნენ გამბედაობით, მოქნილობით
და ინსტრუმენტების ჩინებული ფლობით. ისინი აკეთებდნენ ამპუტაციას, ლაპაროტომიას,
თიაქრის ოპერაციას, კენჭების ამოღებას, პლასტიკურ ოპერაციებს ომებში დასახიჩრებულთათვის,
ასევე სასამართლოს გადაწყვეტილებით დასჯილთათვის მოჭრილი ცხვირის, ყურის, ტუჩების
აღდგენის მიზნით. აქ აღწერილი რინოპლასტიკის მეთოდი დღესაც "ინდური მეთოდის"
სახელითაა ცნობილი მედიცინაში. ძველი ინდოელი ქირურგები ვირტუოზულად ფლობდნენ
კატარაქტის ოპერაციას. აღწერილია თვალის 76 სახის დაავადება და მათი მკურნალობის
მეთოდები.

დიდი ყურადღება ექცეოდა სილამაზეს, პირად ჰიგიენას თუ სადგომის სისუფთავეს, ასევე


საჭმლის დამზადებისა და კვების ჰიგიენას. "მანუს მითითებებში" აკრძალული იყო
საცხოვრებელის სიახლოვეს საჭმლის ნარჩენების გადაყრა, ფეხის ნაბანი წყლის გადაღვრა, რომ
არაფერი ვთქვათ ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილებაზე.

მაურის იმპერიის დროს ბუდას ტაძრებთან განთავსებული იყო საავადმყოფოები, რომლებიც


ინდოეთში ევროპასთან შედარებით 5-6 საუკუნით ადრე წარმოიშვნენ. მოგვიანებით, გუპტების
იმპერიის დროს (IV-VI ს.) სპეციალურად აშენებდნენ სახლებს ხეიბრების, ქვრივების, ობლებისა და
ავადმყოფებისათვის.

ძველი ინდოეთის მედიცინაში დაავადების პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის


მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა იოგას, რომელშიც შერწყმული იყო რელიგიურ-ფილოსოფიური
მოძღვრება, მორალურ-ეთიკური სწავლება და ვარჯიშის სისტემა. იოგას ვარჯიშებს დღემდე არ
დაუკარგავს აქტუალობა და უამრავი მიმდევარი ჰყავს ჯანმრთელებისა და ავადმყოფების სახით.
საექიმო ეთიკის წესები ძველ ინდოეთში უახლოვდებოდა ძველი ბერძენი ექიმების ფიცის
პრინციპებს: მასწავლებლებისა და კოლეგების პატივისცემა, წუნდაუდებელი გარეგნობა,
თავმდაბლობა და მოთმინება, ავადმყოფის სამსახური "საკუთარი სიცოცხლის ფასადაც კი",
უპოვართა და მეგობართა მკურნალობა გასამრჯელოს გარეშე, საექიმო საიდუმლოების დაცვა,
განსჯის უნარი და თავისი ცოდნის მუდმივად სრულყოფა.

მდიდარი წარსულის მქონე ინდურმა მედიცინამ დიდი გავლენა მოახდინა სამედიცინო ცოდნის
განვითარებაზე მთელ მსოფლიოში.

მედიცინა ძველ ჩინეთში


ჩინური დამწერლობის უძველესი წერილობითი ძეგლები განეკუთვნებიან ჩვ. წ. აღრიცხვამდე II
ათასწლეულის შუა პერიოდს, რომელთა შორის მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სამედიცინო
ხასიათის ტექსტებს. ტრადიციული მედიცინის მრავალრიცხოვან წერილობით ძეგლებს შორის
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ტრაქტატი სახელწოდებით “ხუანდი ნეი ცზინ” (“ყვითელი
წინაპრის მედიცინის კანონები”), რომელსაც ხშირად “ნეი ცზის” (“მედიცინის კანონები”)
სახელითაც მოიხსენიებენ. “ნეი ცზი” შედგება 18 წიგნისაგან. პირველი ცხრა ეძღვნება ორგანიზმის
აღნაგობასა და ფუნქციებს, დიაგნოსტიკასა და დაავადებათა მკურნალობას. ბოლო ცხრა კი – "ჩჟენ
ცზიუ" თერაპიას . ("ჩჟენ"- ნემსით ჩხვლეტა - აკუპუნქტურა, "ცზიუ" - მოწვა).

ადამიანის აღნაგობის შესახებ ცოდნა ძველ ჩინეთში მანამდე წარმოიშვა, ვიდრე


კონფუციანელობის ოფიციალურ რელიგიად აღიარება მოხდებოდა, რომელიც კრძალავდა
გვამების გაკვეთას. ჯანმრთელობის საფუძვლად ითვლებოდა "პირველადი ელემენტების"
წონასწორობა, ხოლო დაავადების მიზეზებად კი ამ წონასწორობის დარღვევა. ეს დარღვევები
გამოიხატებოდა 16 სინდრომით, რომლებიც იყოფოდა ორ ჯგუფად: მეტობის სინდრომი - "იანი"
და ნაკლებობის სინდრომი - "ინი". დიაგნოსტიკა ეფუძნებოდა ავადმყოფის კანის, თვალის,
ლორწოვანასა და ენის გამოკვლევას. დიაგნოსტიკის საფუძველს ძველ ჩინეთში წარმოადგენდა
მოძღვრება პულსის შესახებ. სისხლის წრიულ მოძრაობაზე მათი შეხედულებები ძველი ჩინეთის
ფილოსოფიური აზროვნების ერთ-ერთ უდიდეს მიღწევად ითვლება.

ტრადიციული ჩინური მედიცინის განსაკუთრებული მიმართულებაა "ჩჟენ-ცზიუ" თერაპია,


რომლის მიხედვითაც ჩხვლეტა სხეულის განსაზღვრულ ადგილებში იწვევს ზოგიერთი
დაავადების განკურნებას. ისტორიულ ქრონიკებში აღნიშნულია ამ მეთოდის წარმატებით
გამოყენების შემთხვევები ჯერ კიდევ ჩვ. წ. აღრიცხვამდე XI საუკუნეში. ნემსის თერაპიის მეთოდი
უძველესი დროიდან გამოიყენებოდა მასაჟთან და მოწვასთან ერთად. პირველი ნემსები
დამზადებული იყო ქვისაგან. ექიმმა ვან ბეიმ 1027 წელს დაამზადა ორი ბრინჯაოს ფიგურა,
რომელზედაც დატანილი იყო აკუპუნქტურისათვის აუცილებელი ყველა წერტილი თავისი შიგა
არხებით. ფიგურა ავსებული იყო წყლით და დაფარული იყო ცვილით. ამ თვალსაჩინოებას
იყენებდნენ სწავლების მიზნით. თუ მოსწავლე სწორად აკეთებდა ჩხვლეტას, ფიგურის
ზედაპირზე წყალი ჩნდებოდა.

ლიუ შენისა და მისი მეუღლის სამარხში (II საუკუნე ჩვ. წ. აღრიცხვამდე) პირველად აღმოაჩინეს
ძველი ჩინური სამკურნალო ნემსები. ოთხი მათგანი დამზადებულია ოქროსაგან, ხოლო ხუთი კი
ვერცხლისაგან. მათ შორის ყუნწიანი – ჭრილობის გასაკერად და სამკუთხა – ვენების გასახსნელად.
ამ აღმოჩენით განისაზღვრა ნემსური თერაპიის ჩინური სისტემის ასაკი – ორი ათასი წელი.

მოწვის დროს სამკურნალო ეფექტი მიიღწეოდა "სასიცოცხლო წერტილებზე" სითბური


მოქმედებით, კერძოდ, ამ წერტილებზე სამკურნალო ბალახებისაგან დამზადებული ანთებული
ღერების შეხებით.

წამლით მკურნალობამ ძველ ჩინეთში დიდ სრულყოფას მიაღწია. ჩინურ სამკურნალო


საშუალებების სამ მეოთხედს მცენარეული, ხოლო დანარჩენს კი ცხოველური და მინერალური
წარმოშობის წამლები შეადგენდა. ჩინური ხალხური მედიცინიდან დამკვიდრდა მსოფლიო
პრაქტიკაში ისეთი სამკურნალო საშუალებები, როგორიცაა ჟენშენი, ქაფური, ჩაი, ფისი, რკინა,
ვერცხლისწყალი, გოგირდი. არსებული ცნობების თანახმად, 502 წელს ჩინეთში შეიქმნა
მსოფლიოში პირველი ფარმაკოპეა შვიდ წიგნად, რომელშიც მოცემულია 730 სამკურნალო
მცენარის აღწერა. სამკურნალო მცენარეების შესახებ მოძღვრების განვითარებაში დიდი წვლილი
მიუძღვის გამოჩენილ ჩინელ ექიმსა და დიეტოლოგს სუნ სიმიაოს (581-682), რომელსაც "წამლების
მეფეს"უწოდებდნენ. მისი კაპიტალური ნაშრომი "ათასი ოქროს რჩევა" 30 წიგნად თავისი
დანართით ძვირფასი შენაძენია ფარმაკოლოგიისა და მედიცინისათვის. მის მიერაა
შემოთავაზებული ცხოველის ღვიძლის გამოყენების მეთოდი "ქათმის სიბრმავის" სამკურნალოდ.

ძველი ჩინური მედიცინის ძლიერ მხარეს დაავადების პროფილაქტიკა წარმოადგენდა.


ჩინელები ნამდვილ ექიმად მიიჩნევდნენ ექიმს, რომელიც ავადმყოფებს კი არ კურნავდა, არამედ
დაავადებისაგან იცავდა ადამიანებს.

ძველი ჩინური ფილოსოფიური მოძღვრებები: კონფუციანელობა და დაოიზმი ჩვ. წ.


აღრიცხვამდე IV საუკუნეში წარმოიშვა. აღსანიშნავია ფილოსოფოსისა და ექიმის ვან ჩუნის
მოღვაწეობა, რომელიც გამოდიოდა უკვდავების დაოისტური იდეების წინააღმდეგ. “იმ არსებებს
შორის, რომელთა ძარღვებშიც სისხლი დგას, არ არსებობენ უკვდავნი” – წერდა ის.

ძველი ჩინეთის ცნობილი ქირურგად ითვლებოდა ხუა ტო (141-208), რომელმაც სახელი გაითქვა
მოტეხილობების მკურნალობით, გულმკერდისა და მუცლის ღრუზე, თავის ქალაზე წარმოებული
ოპერაციებით. ერთ-ერთ წიგნში აღწერილია ავადმყოფის განკურნების შემთხვევა, რომელსაც ხუა
ტომ ამოაჭრა ელენთის ნაწილი გაუტკივარების გზით.

ტრადიციულ ჩინურ მედიცინას გააჩნია დამახასიათებელი თავისებურებები, რითაც ის


განსხვავდება ყველა სხვა ძველი ხალხების მედიცინისაგან. ის დიდი ხნის განმავლობაში
ვითარდებოდა სხვა კულტურებისაგან იზოლირებუილად. მაგ. ევროპაში ჩინური მედიცინის
შესახებ ცნობებმა მხოლოდ XIII საუკუნეში შეაღწია. ძველი ჩინური მედიცინის მეცნიერულ
შესწავლას დღესაც დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია თანამედროვე მედიცინისათვის.

You might also like