You are on page 1of 8

http://www.lib.ru/INOFANT/SILVERBERG/49-31.

txt რუსულად

http://www.nemaloknig.info/read-281420/ ინგლისურად
(თარგმანი ა.ფეიქრიშვილი)

რობერტ სილვერბერგი

გზაგასაყარზე/Halfway House

დიდი ხნის შემდეგ ალფიერი მიხვდა, რომ სიცოცხლისთვის სიცოცხლის გაცემა იყო საჭირო. იმ დროს
კი მხოლოდ თავის გადარჩენაზე ფიქრობდა.
იგი იყო l'uomo dal fuoco in bocca, ადამიანი პირში ცეცხლით. კიბო ყელს უწვავდა. ხმაკოდერის
მეშვეობით ლაპარაკობდა, მაგრამ სიმსივნე ტვინში გაძვრომით ემუქრებოდა, ცოტაც და - ფრანკო ალფიერი
არსებობას შეწყვეტდა. ამიტომ, ფალცს მიმართა დასახმარებლად.
ფული ჰქონდა. ზუსტად ამან მისცა სამყაროთა დამაკავშირებელ კარში შესვლის საშუალება. ფული,
ბევრი ფული. ისინი, ვინც ფალცს მართავდა, ალტრუისტული მოსაზრებით არაფერს აკეთებდნენ. ყოველ
ჯერზე, ფალცის გასახსნელად სამი მილიონი კილოვატი იხარჯებოდა. ეს ენერგია საკმაოდ დიდ ქალაქს
ეყოფოდა. მაგრამ ალფიერი ფასს არ შეუშინებია. ფული აღარ დაჭირდებოდა, თუ ფალცის მეორე მხარეს
მყოფი არსებები სიცოცხლისკენ არ მიაბრუნებდნენ.
- ამ ფირფიტაზე დადექით, - ჩაიბურტყუნა მექანიკოსმა. - ფეხები წითელ ზოლთან დააწყვეთ. ხელი
მოკიდეთ სახელურს! აი ასე. ახლა დაიცადეთ!
ალფიერი დაემორჩილა. დიდი ხანია მბრძანებლური კილოთი არავის მიემართა, მაგრამ მექანიკოსს
უხეშობა აპატია. მექანიკოსისთვის ალფიერი მხოლოდ და მხოლოდ მატლშესეული ძვირფასი ხორცის
ნაჭერს წარმოადგენდა. ალფიერის წვრილცხვირიანი შავი ფეხსაცმლის ბზინვაზე გაუშტერდა თვალი და
ენერგეტიკული ტალღის მოსვლის მოლოდინში ხაოიან სახელურს ხელი მაგრად ჩასჭიდა.
ალფიერიმ იცოდა, რა უნდა მომხდარიყო. მილანში ოცი წლის წინ, როცა ევროპული ენერგეტიკული
რკალი იქმნებოდა, ინჟინერი იყო. ფალცის მოქმედების მექანიზმი ისევ კარგად ესმოდა, როგორც...
მაგალითად, სხვა ნებისმიერ ინჟინერს, მაგრამ არა მათემატიკოსს. ალფიერიმ საინჟინრო საქმიანობა
სამრეწველო იმპერიის დაარსების მიზნით მიატოვა, რომელიც ალპებიდან ცისფერ შუამდინარეთამდე
გადაიჭიმა. ამისდამიუხედავად მაინც ინტერესდებოდა ტექნიკის მიღწევებით და ამაყობდა, რომ
ქარხანაში მისულს შეეძლო ნებისმიერ ჩარხთან მისულიყო და ეთქვა რას აკეთებდა მუშა.
ალფიერიმ იცოდა, რომ ენერგეტიკული ტალღა წამიერად შექმნიდა განსაკუთრებულ მდგომარეობას,
რომელსაც სინგულარული ეწოდებოდა, და ბუნებრივ მდგომარეობაში მხოლოდ ვარსკვლავის
აღსასრულის მომენტში გვხვდებოდა. კოლაფსირებადი ვარსკვლავი, ყოფილი ზეახალი, თავის გარშემო
ქმნიდა გამრუდებულ სივრცეს, გვირაბს არსაით, შავ ხვრელს. შეკუმშვის დროს, ვარსკვლავი თავისი
მოცულობით შვარცშილდის სფეროს უტოლდებოდა, რისი მიღწევის შემდეგ შავი ხვრელი მას
შთანთქავდა. კრიტიკულ დიამეტრამდე მიახლოებისას დრო მომაკვდავი ვარსკვლავისთვის უფრო ნელა
მიდის, მაგრამ უსასრულობამდე ჩქარდება, როცა ვარსკვლავს დაიჭერს და შთანთქავს შავი ხვრელი. და თუ
იქ ადამიანი იმყოფება? ისიც გასხლტება შავ ხვრელში. წარმოუდგენელი სიდიდის გრავიტაციული ძალები
მას სრესს, იგი ნულოვანი მოცულობის და უსასრულო სიმკვრივის წერტილად იქცევა, შემდეგ კი უცნობ
ადგილას გაიტყორცნება.
ამ ლაბორატორიაში მომაკვდავი ვარსკვლავები არ იყო. მაგრამ აქ, შესაბამისი საფასურით ერთ-ერთი
მათგანის იმიტაცია შეიძლებოდა. ალფიერის ლირები ანაზღაურებდნენ სივრცის გამრუდებასა და
უმცირესი გვირაბის შექმნას, საკმარისს იმისთვის, რომ ის იქით გაეტყორცნათ, სადაც ერთმანეთთან
შეჯაჭვული სივრცეები იკვეთებოდნენ და განუკურნებელი დაავადებებისთვის წამალი მოიპოვებოდა.

1
ალფიერი იცდიდა; მხნე, ენერგიული მამაკაცი ორმოცდაათ წლამდე, შეთხელებული თმით, ტვიდის
კოსტიუმში, რომელიც ოთხმოცდათხუტმეტ წელს იყიდა ლონდონში, ნაცრისფერ-მწვანე ჰალსტუხითა და
თითზე პატარა საფირონიანი ბეჭდით. ტალღის მოსვლა ვერ იგრძნო, სივრცე განიხვნა... და ფრანკო
ოლფაირი პირდაფჩენილ მორევში გაქრა.

- ეს გზაგასაყარია, - თქვა ჰუმანოიდმა სახელად ვუორმა.


ალფიერიმ მიმოიხედა. გარეგნულად არაფერი შეცვლილიყო. იგი ისეთივე ფირფიტაზე იდგა და ხელი
ხაოიან სახელურზე ეჭირა. ლაბორატორიის იგივენაირი გამჭვირვალე კედლები. მაგრამ ერთი მათგანის
მიღმა უცხოპლანეტელი უცქერდა და ალფიერი მიხვდა, რომ ფალცის მეორე მხარეს იმყოფებოდა.
ჰუმანოიდის გამომეტყველება ალფიერს არაფერს ეუბნებოდა, - პირის ჭრილი დაბლა, თვალის ორი
ჭრილი მაღლა, სამკუთხედში გარდამავალი უმხრებო სხეული, თოკისებრი კიდურები. ალფიერის
უცხოპლანეტელ არსებებთან საქმე ადრეც ჰქონია, და ვუორის იერმა არ შეაშინა, თუმცა ამ ცივილიზაციის
წარმომადგენლებს არასდროს შეხვედროდა.
ალფიერის ოფლმა დაასხა. ალი ყელს უწვავდა. ტკივილი ძლიერდებოდა.
- რამდენად სწრაფად შემიძლია მივიღო დახმარება? - იკითხა მან.
- რა გჭირთ?
- ყელის კიბო. გესმით ჩემი ხმა? ეს მანქანაა. ხორხი აღარ მაქვს. სიმსივნე ცოცხლად მჭამს.
თვალის ჭრილები წამით დაიხურა. საცეცები ერთმანეთს გადაეჭდო. ეს შეიძლება სიმპათიასაც
გამოხატავდა, ზიზღსაც, და უარსაც. ვუორის გამყივანმა მკვეთრმა ხმამ სავსებით კარგი იტალიურით
უპასუხა.
- თქვენთვის ცნობილია, რომ აქ ვერაფრით დაგეხმარებით? ეს მხოლოდ გზაგასაყარია. ჩვენ ვარკვევთ
ვის რა სურს და ამის მიხედვით სხვაგან ვაგზავნით.
- ვიცი, ვიცი. ჰოდა იქ გამაგზავნეთ, სადაც კიბოს კურნავენ. ძალიან ცოტა დრო დამრჩა. ვიტანჯები
და ჯერ მზად არ ვარ სიკვდილისთვის. დედამიწაზე ბევრი საქმე მაქვს. Capisce?
- რას საქმიანობთ, ფრანკო ალფიერი?
- ნუთუ ჩემი დოსიე არ მოგსვლიათ?
- მოგვივიდა. მომიყევით თქვენ შესახებ.
ალფიერიმ მხრები აიჩეჩა. მან სახელურს ხელი გაუშვა, მწუხარებით შენიშნა, რომ ვუორმა დაჯდომა არ
შესთავა.
- სამრეწველო კომპანიას ვხელმძღვანელობ, უფრო სწორად კომპანიას, რომელიც სხვა კომპანიების
აქციების საკონტროლო პაკეტებს ფლობს. „ალფიერი ს.ა.“. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ: ვაგებთ
ელექტროსისტემებს, ვაკეთებთ სამრეწველო ნარჩენების უტილიზაციას, ვქმნით რობოტებს, გარდავქმნით
უზარმაზარი ტერიტორიებს. ჩვენს განყოფილებებში ასობით ათასი ადამიანი მუშაობს. უბრალოდ ფულის
გამკეთებელი კომპანია არ ვართ. ჩვენ ახალ სამყაროს ვაშენებთ. ჩვენ... - ალფიერი დადუმდა, მიხვდა, რომ
სარეკლამო განყოფილების თანამშრომელივით ლაპარაკობდა, თუმცა საქმე მის სიცოცხლეს ეხებოდა. -
ესაა დიდი, მნიშვნელოვანი, სარგებლობის მომტანი კომპანია. მე დავაფუძნე. თავად ვმართავ.
- და ძალიან მდიდარი ბრძანდებით. ამიტომ გსურთ, რომ თქვენი სიცოცხლე გავახანგრძლივოთ?
თქვენთვის ცნობილია, რომ ყველას სასიკვდილო განაჩენი გვაქვს გამოტანილი. ზოგისთვის ის ადრე
სრულდება, ზოგისთვის - გვიან. ფალცის ქირურგები ყველას ვერ გადაარჩენენ. ტანჯულთა სია, რომელიც
დახმარებას ითხოვს, უსასრულოა, ალფიერი. მითხარით, რატომ უნდა გადაგარჩინოთ თქვენ?

ალფიერი განრისხდა. მაგრამ არ შეიმჩნია.


- მე ვარ ადამიანი, მყავს ცოლი და შვილები. ეს არასაკმარისი მიზეზია? ისეთი მდიდარი ვარ, რომ
მკურნალობაში ნებისმიერი თანხის გადახდა შემიძლია. არ აქვს ამას მნიშვნელობა? რა თქმა უნდა, არა.
კეთილი, მოდით ასე ვთქვათ. მე - გენიოსი ვარ. როგორც ლეონარდო. როგორც მიქელანჯელო. როგორც
აინშტაინი. თქვენთვის ცნობილია ეს სახელები? შესანიშნავია. ისეთივე გენიოსი ვარ. არ ვხატავ, არ ვთხზავ
2
მუსიკას. მე ვგეგმავ. მე ორგანიზებას ვუკეთებ. მე შევქმენი ევროპის უდიდესი კორპორაცია. მე
გავაერთიანე კომპანიები, და ერთად მათ ისეთი საქმეები გააკეთეს, რაზეც ცალკე მყოფი ვერც
იოცნებებდნენ. - ალფიერი გამჭვირვალე მინის მიღმა უცხოპლანეტელის მწვანე ნიღაბს ჩაუკვირდა. -
ტექნოლოგია, რომელმაც დედამიწას საშუალება მისცა პირველად შესულიყო ფოლცში, ჩემმა კომპანიამ
შეიმუშავა. ენერგეტიკული დანადგარები - ჩემია. მე ავაგე. არ ვტრაბახობ. სიმართლეს ვამბობ.
- თქვენ ამბობთ, რომ ამ საქმით ბლომად ფული იშოვეთ.
- არა, ეშმაკმა წაიღოს! იმას ვამბობ, რომ შევქმენი მანამდე არარსებული, რაღაც გამოსადეგი,
მნიშვნელოვანი არა მხოლოდ დედამიწისთვის, არამედ სხვა სამყაროებისთვისაც, რომლებიც აქ
ერთმანეთს ხვდებიან. და ჩემი შემოქმედებითი მუხტი არ ჩამქრალა. ახალი იდეები მაქვს. კიდევ ათი წელი
მჭირდება, მე კი ათი თვეც არ დამრჩენია. შეგიძლიათ საკუთარ თავზე აიღოთ პასუხისმგებლობა და
სასიკვდილოდ გამიმეტოთ? შეგიძლიათ, რომ რაც ჩემშია ყველაფერი სანაგვეზე მოისროლოთ?
შეგიძლიათ?
მისი მექანიკური ხმის გამოძახილი შეწყდა. ალფიერი სახელურს დაეყრდნო. ვიწრო ჭრილიდან პატარა
ოქროსფერი თვალები გულგრილად ათვალიერებდნენ.
- ჩვენს გადაწყვეტილებას განგიცხადებთ, - ხანგრძლივი დუმილის შემდეგ თქვა ვუორმა.
ლაბორატორიის კედლები ჩამუქდა. ალფიერი პატარა სივრცეში ბოლთას სცემდა. მარცხის
წინათგრძრობა ანაღვლიანებდა, მაგრამ რატომღაც ამის გამო არ ბრაზობდა. მღელვარებამ გაიარა. ისინი
სასიკვდილოდ გაიმეტებენ. იტყვიან, რომ კორპორაციის შექმნით თავისი ვალი უკვე მოიხადა. ეს
ყველაფერი ძალზედ სამწუხაროა, მაგრამ მათ უფრო ახალგაზრდების საჭიროებები უნდა
გაითვალისწინონ, რომელთა ოცნებებიც ჯერ რეალობაში არ განხორციელებულა. ამასთან, ალბათ
იფიქრებენ, რომ იგი გადარჩენის ღირსი არაა იმიტომ, რომ ძალიან მდიდარია. აქლემი უფრო იოლად
გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი ახალ სიცოცხლეს შეიძენს სხვა პლანეტის ქირურგის მეშვეობით.
და მაინც არ აპირებდა დანენებას.
სასიკვდილო განაჩენის მოლოდინში ალფიერი იმაზე ფიქრობდა, თუ როგორ გაატარებდა სიცოცხლის
ბოლო თვეებს. რა თქმა უნდა, ბოლო წუთამდე იმუშავებდა. ჯერ - შპიცბერგენის თბომომარაგების
პროექტი, დიახ, ეს პირველი ამოცანაა, შემდეგ კი...
ფანჯარა კვლავ გამჭვირვალე გახდა. ვუორი დაბრუნდა.
- ალფიერი, თქვენ გაგამგზავრებთ ჰინნერანგზე, სადაც სიმსივნეს ამოგარიდებენ და დაზიანებულ
ქსოვილს აღგიდგენენ. მაგრამ ამის საფასურის გადახდა მოგიწევთ.
- ნებისმიერი თანხა! ტრილიონი ლირა!
- ფულით არა, - უპასუხა ვუორმა. - სამსახურით. დაე თქვენი გენიალურობა ჩვენ სასარგებლოდ
წაგვადგეს.
- მითხარით როგორ!
- თქვენთვის ცნობილია, რომ გზაგასაყარის თანამშრომლებს სხვადასხვა ცივილიზაციის
წარმომადგენლები წარმოადგენენ. ამჟამად დედამიწელი არ გვყავს. მალე ვაკანსია გაგვიჩნდება. მას თქვენ
შეავსებთ. გამოავლინეთ თქვენი ორგანიზატორული ნიჭი. ჩვენს შორის ხუთი წელი გაატარეთ. ამის
შემდეგ შინ დაბრუნებას შეძლებთ.
ალფიერი ჩაფიქრდა. ხუთი წლის დაკარგვა არ სურდა. ძალიან ბევრი რამ აკავშირებდა დედამიწასთან.
და გზაგასაყარზე დარჩენით, მისი კომპანიის მართვის სადავეებს ვინ აიღებდა ხელში? შეიძლება, უკან
დაბრუნებულს აღმოეჩინა, რომ უადგილოდ დარჩა.
ამ დროს ალფიერიმ თავისი მოსაზრებების აბსურდულობა შეიცნო. ვუორი მას ოცი, ოცდაათი,
ორმოცდაათი სიცოცხლის წელს პირდებოდა. საფლავის კიდესთან მდგარს, უფლება არ ჰქონდა
გამოკიდებოდა ხუთ წელს, რომელსაც კეთილისმყოფელები სთხოვდნენ. სიცოცხლის გახანგრძლივების
თხოვნით, ალფიერი სანაცვლოდ თავის უნიკალურ ადმინისტრაციულ უნარებს ჩამოვიდა. რაა გასაოცარი
იმაში, რომ გზაგასაყარზე მათი გამოყენება გადაწყვიტეს?
- თანახმა ვარ, - თავი დააქნია ალფიერიმ.
3
- ასევე მიიღებთ ფულად ჯილდოსაც, - დასძინა ვუორმა, მაგრამ ეს ამბავი ალფიერის ნაკლებად
აღელვებდა...

ფოლცში სამყაროთა უთვალავი რაოდენობა გხვდებოდა, ისევე როგორ სივრცე-დროის ნებისმიერ


წერტილში. იქ არსებული მექანიზმების წყალობით მხოლოდ ფოლცი იძლეოდა ერთი სამყაროდან
მეორეში გადასვლის საშუალებას. მყისიერი გადაადგილების გვირაბთა ქსელი სივრცის სტრუქტურას
მსჭვალავდა. ხოლო გზაგასაყარი მის ცენტრს წარმოადგენდა. ის, ვინც დისპეტჩერების დარწმუნებას
მოახერხებდა იმაში, რომ ტრანსპორტაციის უფლება ჰქონდა, მისთვის საჭირო პლანეტაზე ხვდებოდა.
უსასრულობა უსასრულობაა. გვირაბები მისაწვდომს ხდიდნენ მატერიისგან თავისუფალ სამყაროს,
სადაც ცოცხალი არსებები ყოველდღე ახალგაზრდავდებოდნენ და არ იცოდნენ რა იყო სიბერე.
და არსებობდნენ სამყაროები, რომლებიც ადამის შვილებისთვის უცნობი იყო, ჰუმანოიდებით
დასახლებული, ვისი თავებიც მხრებს შუა იყო, ხოლო პირი - მკერდზე, ერთფეხიანები და ერთხელიანები,
ისეთი პატარა პირებით, რომ საწრუპი ჩხირებით იკვებებოდნენ. კიდევ იყო სამყაროები ამებისებრი
მოაზროვნე არსებებით, პლანეტები, სადაც გარდასახვა დადასტურებული ფაქტი იყო, პლანეტები, სადაც
ოცნებები, თითქოს ჯადოსნური ჯოხის დაქნევით, რეალობად იქცეოდა. უსასრულობა უსასრულობაა.
მაგრამ პრაქტიკული მიზნებისთვის ერთი-ორი ათეული პლანეტა იყო საინტერესო, რადგან განვითარების
საერთო გზა და მიზნები აკავშირებდათ.
ერთ-ერთ მათგანზე მარჯვე ქირურგებს კიბოთი დაავადებული ყელი განკურნვა შეეძლოთ. დროთა
განმავლობაში ოპერაციის მეთოდიკას დედამიწას გადასცემდნენ რაღაც იმგვარადვე ძვირფასის
სანაცვლოდ, მაგრამ ალფიერი ვერ დაიცდიდა. მან დადგენილი საფასური გადაიხადა და გზაგასაყარის
დისპეტჩერებმა ჰინნერანგზე გაგზავნეს.
და კვლავ ვერ იგრძნო ალფიერიმ, როგორ შთანთქა შავმა ხვრელმა. ახალი შთაბეჭდილებები მოსწონდა.
უსამართლოდ მიაჩნდა, რომ ადამიანს ნულოვან მოცულობამდე და უსასრულო სიმკვრივემდე
კუმშავდნენ, მას კი არ შეეძლო საკუთარი შეგრძნებები გადმოეცა. მაგრამ ვერაფერს გააწყობდა.
ალფიერისთვის კვლავ შექმნეს მომაკვდავი ვარსკვლავი და შავი ხვრელის გვირაბმა იგი ჰინნერანგზე
ზუსტად იგივე ლაბორატორიაში გარიყა.
იქ უკვე იგრძნობოდა, რომ სხვა პლანეტაზე იმყოფებოდა. მზის მოწითალო შუქი, ოთხი მთვარე
ღამეულ ცაში, დედამიწასთან შედარებით ორჯერ ნაკლები მიზიდულობის ძალა. ეგონა, ახტომისას ცაში
მოლივლივე ოთხი ბრილიანტიდან ერთი მოგლეჯას შეძლებდა.

ჰინნერანგიელები, დაბალტანიანი მოუხეშავი არსებები მოწითალო-მოყავისფრო კანით და


ბოჭკოსებრი თითებით, რომლებიც ყველა სახსარში ორად ისე იყოფოდნენ, რომ ბოლოში მოფუთფუთე
ძაფების ბუსუსიანი გვირგვინი იქმნებოდა, ხმადაბალი ჩურჩულით საუბრობდნენ. მათი სიტყვები
ალფიერის ბასკებისას აგონებდა. თუ ჰინნერანგიელებს პაციენტთან ურთიერთობა სჭირდებოდათ, პატარა
მოწყობილობები გაუგებარ ბგერებს დანტეს ენაზე მყისიერად თარგმნიდნენ. თარჯიმანმა
მოწყობილობებმა ალფიერიზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს, ვიდრე ფალცმა, მისი ქმედების
მექანიზმი მას საკმაოდ უბრალოდ მოეჩვენა.
- თავიდან ტკივილს მოგაშორებთ, - თქვა ქირურგმა.
- ტკივილის ცენტრების ბლოკირებას აპირებთ? - ჰკითხა ალფიერიმ? - ნერვულ კვანძებს
გადამიჭრით?
მოეჩვენა, რომ ქირურგი მისმა კითხვებმა გაამხიარულეს.
- ადამიანის ნერვულ სისტემაში ტკივილის ცენტრები არ არსებობს. არის მხოლოდ რეცეპტორები,
რომლებიც სხვადასხვა ორგანოებიდან მოსულ ნერვულ იმპულსებს იღებენ და ახარისხებენ. შემდეგ კი
მიღებული სიგნალის მოდალურობის მიხედვით რეაგირებენ. „ტკივილი“ - მხოლოდ განსაზღვრებაა
იმპულსების განსაკუთრებული ჯგუფისა, რომლებიც ყოველთვის არასასიამოვნოა. ჩვენ შევცვლით
მაკონტროლებელ ორგანოს, რომელიც ამ იმპულსებს იღებს, ისე, რომ ისინი ტკივილთან აღარ იქნება
4
ასოცირებული. მთელი ინფორმაცია კვლავ გააგრძელებს ტვინში მოხვედრას. მაგრამ იმას, რასაც
იგრძნობთ, უკვე ტკივილად ვეღარ აღიქვამთ.
სხვა დროს ალფიერი სიამოვნებით ისაუბრებდა ქირურგთან ტკივილის ჰინნერანგიული თეორიის
ნიუანსებზე. ახლა კი უბრალოდ დაკმაყოფილდა იმით, რომ მათ შეეძლოთ მის ყელში დანთებული
კოცონის ჩაქრობა.
და მართლაც, ტკივილი გაქრა. ალფიერი ერთგვარი წებოვანი ქაფისებერი მასალის აკვანში იწვა, სანამ
ქირურგი შემდეგი ნაბიჯისთვის - დაზიანებული ქსოვილების მოშორების, უჯრედული ნივთიერების
შეცვლისა და სიმსივნით დაზიანებული ორგანოების აღდგენისთვის ემზადებოდა. ალფიერისთვის
ენერგიის უსადენო გადაცემა ჩვეულებრივი ამბავი იყო, მაგრამ ჰინნერანგიელთა ოპერაციები სასწაულად
ეჩვენებოდა. იმდენი რამ ამოკვეთეს, რომ მისი კისრისგან კანის პატარა ზოლიღა დარჩა. თითქოს
ქირურგიული სხივის კიდევ ერთი მოძრაობა და თავი ტანს მოშორდებოდა, მაგრამ ქირურგებმა თავისი
საქმე იცოდნენ. როცა ოპერაცია დამთავრდა, თავად შეძლო ლაპარაკი, მექანიკური ხმის გარეშე. ალფიერის
კვლავ ჰქონდა ხორხი, ხმის სიმები. და გულიც ახალ ორგანოებში ძგერდა.
კიბო? ბოლო მოუღეს?
ჰინნერანგიელებს ჯერ არ მოეთავებინათ. ისინი ალფიერის სხეულში დეფექტურ უჯრედებს ეძებდნენ.
მან დაინახა, რომ კიბოს უჯრედების მთელი კოლონია ჩაბუდებულიყო მის ფილტვებში, თირკმელებში,
სწორ ნაწლავში. მან დაინახა, როგორ ზიანდებოდნენ სასიკვდილოდ ჯანმრთელი უჯრედები და მის
სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიდნენ. ჰინნერანგიელები საქმეს ძირის ძირობამდე ჩაჰყვნენ. ალფიერის
სხეული გაწმინდეს. ბრმა ნაწლავი ამოაჭრეს და გამოუჯანსაღეს ღვიძლი, რათა სიცოცხლის ბოლომდე
შეძლებოდა მილანური თეთრის გაძლება. შემდეგ კი დასასვენებლად გაუშვეს.
იგი ჰინნერანგიულ ჰაერს სუნთქავდა და უცნობ თანავარსკვლავედებში ქურციკივით მოცეკვავე ოთხ
მთვარეს აკვირდებოდა. დღის განმავლობაში ათასჯერ მოისინჯავდა ხოლმე ყელს, ჯერ კიდევ არ
სჯეროდა. უცნობი ცხოველების ხორცს ჭამდა და საათებით იმატებდა ძალას.
როგორც იქნა, ალფიერი ლაბორატორიაში მიიწვიეს და იგივე გზით დაბრუნდა გზაგასაყარზე.

- დაუყოვნებლივ იწყებთ მუშაობას, - უთხრა ვუორმა. - ახლა ეს თქვენი კაბინეტია.


ისინი შუქის გამომცემ ვარდისფერკედლებიან ოვალურ ოთახში იმყოფებოდნენ. ერთი მათგანის უკან
ლაბორატორია იყო, სადაც მთხოვნელები ჩნდებოდნენ. ვუორმა უჩვენა, თუ როგორ მუშაობდა
გადამრთველი, რომელიც ლაბორატორიაში ნებისმიერი მხრიდან ხსნიდა ხედს.
- რაში მდგომარეობს ჩემი მოვალეობები? - ჰკითხა ალფიერიმ.
- ჯერ გზაგასაყარს გიჩვენებთ, - უპასუხა ვუორმა.
ალფიერი უკან მიჰყვა. მოეჩვენა, თითქოს სადგური წარმოადგენდა კოსმოსში მოტრიალე ბორბალს,
რომელიც მრავალი ნაკვეთურით იყო დაყოფილი. მაგრამ ილუმინატორი არსად იყო და თავისი
მოსაზრების მართებულობა ვერ შეამოწმა. სადგური დიდი არ იყო და საშუალო ზომის შენობას არ
აღემატებოდა. ძალურ დანადგარებს დიდ ადგილი ეკავა. ალფიერის გენერატორების დათვალიერება
მოუნდა, მაგრამ ვუორმა კაფეტერიისკენ წაიყვანა, უჩვენა პატარა ოთახი, სადაც ხუთი წელი მოუწევდა
ცხოვრება, ოთახი, რელიგიური ადათების აღსასრულებლად და სხვა კაბინეტები.
უცხოპლანეტელს ემჩნეოდა, რომ ჩქარობდა. კორიდორებში ხვდებოდნენ მდუმარე ფიგურები -
ორმოცდაათი ცივილიზაციის წარმომადგენლები. თითქმის ყველას შეეძლო სადგურის ჟანგბადის
ატმოსფეროთი სუნთქვა, მაგრამ ზოგიერთს ნიღბის გაკეთება უწევდა და ამის გამო უფრო იდუმალები
ჩანდნენ. ისინი ვუორს თავს უქნევდნენ და ცნობისმოყვარეობით აკვირდებოდნენ ალფიერის. „ხალხთა
წარგზავნილები, - ფიქრობდა ალფიერი, - რომლებიც ჩვეულებრივ საქმეს აკეთებენ. და მეც ახლა ერთ-
ერთი მათგანი ვარ, წვრილი ბიუროკრატი, მაგრამ ცოცხალი ვარ და მზად ვარ ჩემი მადლიერების
აღსანიშნად ბიუროკრატი გავხდე“.
ისინი ვარდისფერკედლებიან კაბინეტში დაბრუნდნენ.
- რაში მდგომარეობს ჩემი მოვალეობები? - გაიმეორა ალფიერიმ
5
- თქვენ შეხვდებით მათ, ვინც გზაგასაყარზე სხვა პლანეტაზე მოსახვედრად მოდის.
- კი, მაგრამ ეს ხომ თქვენი საქმეა?
- იყო, - უპასუხა ვუორმა. - ჩემი ვადა დამთავრდა. ჩემი ადგილი გათავისუფლდა და მას თქვენ
დაიკავებთ. როგორც კი თქვენი მოვალეობების შესრულებას დაიწყებთ, მე წავალ.
- თქვენ ამბობდით, რომ ადმინისტრაციული საქმიანობით დავკავდებოდი. ორგანიზებას
მოვახდენდი, დავგეგმავდი...
- ეს ადმინისტრაციული სამუშაოა. ყველა შემთხვევისას მოგიწევთ გაითვალისწინოთ უმცირესი
დეტალიც კი. განუსაზღვრელი შესაძლებლობები გაქვთ. ობიექტურად უნდა შეაფასოთ, ვინ გადაარჩინოთ,
ვინ კი უკან გააბრუნოთ.
ალფიერის ხელები აუკანკალდა.
- მე უნდა გადავწყვიტო? მე უნდა ვთქვა „შინ გაბრუნდი და დალპი“ ან „გზა ხსნილია“? ერთს
სიცოცხლე უნდა ვაჩუქო და მეორეს სიკვდილი მივუსაჯო? არა. ასეთი რამ არ მჭირდება. ღმერთი არ ვარ.
- არც მე, - მშრალად უპასუხა უცხოპლანეტელმა. - თქვენ ფიქრობთ, რომ მე მომწონს ასეთი სამუშაო?
მაგრამ ახლა უკვე შემიძლია ამაზე არ ვიფიქრო. ჩემი ვადა ამოიწურა. ხუთი წელი ვიყავი ღმერთი,
ალფიერი. ახლა კი თქვენი ჯერი მოვიდა.
- ნებისმიერი სხვა სამუშაო მომეცით. ნუთუ არ შეიძლება რამე სხვა დამავალოთ?
- რა თქმა უნდა, შეიძლება. მაგრამ ეს თანამდებობა უფრო შეგეფერებათ. თქვენ გამოირჩევით
გადამჭრელი ქმედებებით და გადაწყვეტილების მიღებისაც არ გეშინიათ. და კიდევ, ალფიერი, არ
დაივიწყოთ, რომ თქვენ ჩემი შემცვლელი ხართ. თუ ამ სამუშაოს არ დათანხმდებით, მომიწევს იქამდე
დარჩენა, სანამ შესაფერისი კანდიდატი არ გამოჩნდება. საკმაოდ დიდი დრო ვიყავი ღმერთი, ალფიერი.
ალფიერი დუმდა, ოქროსფერ თვალებში უცქერდა. მოეჩვენა, რომ პირველად მოახერხა მათი
გამომეტყველების მიხვედრა. ტკივილი, ატლასის ტკივილი, რომელიც მთელ სამყაროს იჭერდა. ვუორი
იტანჯებოდა. და მას, ფრანკო ალფიერის, უმძიმესი ტვირთის საკუთარ მხრებზე გადმოტანით ამ ტკივლის
შემსუბუქება შეეძლო.
- თქვენი თხოვნა დააკმაყოფილეს იმის გათვალისწინებით, რომ გზაგასაყარზე მუშაობას
დათანხმდით. ახლა იცით, რისი გაკეთება მოგიწევთ. ეს თქვენი ვალია, ალფიერი.
ალფიერი ხვდებოდა, რომ ვუორი მართალი იყო. როგორ მოიქცეოდნენ ისინი, თუ ამ თანამდებობას არ
დათანხმდებოდა? სიმსივნეს დაუბრუნებდნენ? არა. სხვა სამუშაოს გამოუძებნიდნენ. ვუორი კი
ვარდისფერ კაბინეტში დაბრუნდებოდა. ტანჯულმა უცხოპლანეტელმა სიცოცხლე აჩუქა და მას არ
შეეძლო სიკეთე ბოროტებით გადაეხადა, თუნდაც საათით გაეხანგრძლივებინა ვუორის ვადა.
- თანახმა ვარ, - უპასუხა ალფიერიმ.
ალფიერიმ ვუორის თვალებში ნამდვილად ბედნიერება დაინახა.

ვარდისფერი კაბინეტის დაკავებამდე ალფიერის საქმის შეესწავლამ მოუწია. ისწავლა და თავისი


მოვალეობების შესრულებას შეუდგა. ერთ ოთახში ცხოვრობდა, მდიდრული აპარტამენტების ნაცვლად.
საკვებს კომპიუტერი უმზადებდა და არა შეფ-მზარეული. ბევრს მუშაობდა, დასვენებით კი რამდენიმე
საათი ისვენებდა. მაგრამ ცხოვრობდა. შეეძლო გაესიგრძეგანებინა მომავალი, რომელიც ხუთი წლით
გადაიჭიმა.
ალფიერიმ დედამიწას აცნობა, რომ შეაგვიანდებოდა, მაგრამ სრულებით გამოჯანმრთელებული
დაბრუნდებოდა და თავის იმპერიას კვლავ ჩაუდგებოდა სათავეში. მან აამოქმედა „გეგმა ა“, რომელიც მისი
დიდი ხნის მანძილზე ადგილზე არყოფნის შემთხვევაში კორპორაციის მართვის განაწესს წარმოადგენდა.
მან ასეთი ვარიანტიც გაითვალისწინა. ადამიანები, რომლებსაც ენდობოდა, ამ ხნის განმავლობაში
შეცვლიდნენ. თავად ისედაც ბევრი საქმე ჰქონდა.
მთხოვნელები ერთი მეორის მიყოლებით ჩნდებოდნენ.
ყველას არ სჭირდებოდა სამედიცინო დახმარება, მაგრამ ფალცით მოგზაურობისთვის ყველას საკმაოდ
დასაბუთებული მიზეზი ჰქონდა. ალფიერი მათ თხოვნებს განიხილავდა. მას არავინ ზღუდავდა. შეეძლო
6
სასურველი პლანეტისკენ ყველა გაეგზავნა, თუ ამას საჭიროდ ჩათვლიდა, ან უკან დაებრუნებინა. მაგრამ
პირველი უპასუხისმგებლობას ნიშნავდა, მეორე კი - არაადამიანობას. ალფიერი სჯიდა. იგი საკითხს
ყოველმხრივ განიხილავდა და ზოგის თხოვნას აკმაყოფილებდა, ზოგს კი უარს ეუბნებოდა. არხების
რაოდენობა დიდი იყო, მაგრამ არა უსასრულო. ხანდახან ალფიერი თავს ტრანსპორტის
მარეგულირებლად წარმოიდგენდა ხოლმე, ხან კი - მაქსველის დემონად, მაგრამ ძირითადად იმ დღეზე
ფიქრობდა, როცა დედამიწაზე დაბრუნებას შეძლებდა.
უარს მტკივნეულად იღებდნენ. ზოგი მთხოვნელი ფიცხდებოდა და მისი მისამართით დაუნაწევრებელ
მუქარას ისროდა. სხვები - მშვიდად საუბრობდნენ მისი მხრიდან სასტიკი უსამართლობის შესახებ.
ალფიერი მიეჩვია რთული გადაწყვეტილებების მიღებას, მაგრამ ვერ გადაეჩვია საქმის გულთან ახლოს
მიტანას და დარდობდა, რომ მთხოვნელები მის უარს მიკერძოებულად თვლიდნენ. თუმცა ვიღაცას ხომ
უნდა შეესრულებინა ეს სამუშაო, და ალფიერი ვერ უარყოფდა, რომ თავის ადგილზე არ იმყოფებოდა.
რა თქმა უნდა, იგი სადგურის ერთადერთი დისპეტჩერი არ იყო. მთხოვნელთა ნაკადი სხვადასხვა
კაბინეტებისკენ მიემართებოდა. მაგრამ რთულ შემთხვევებში კოლეგებს საქმეს გადასაწყვეტად მასთან
მიჰქონდათ, და საბოლოო სიტყვაც მისი იყო. მან ყველაფრის შესახებ იცოდა. იგი ყველა მთხოვნელს
აკონტროლებდა. ამაში გამოიხატებოდა მისი ორგანიზატორული ნიჭი.

დადგა დღე, როცა მის წინ მოწითალო-მოყავისფრო კანიანი ჰუმანოიდი წარსდგა, რომლის კიდურებიც
საცეცების ჩახლართული გვირგვინით მთავრდებოდა, ჰინნერანგის ბინადარი. ერთი საზარელი წამის
განმავლობაში ალფიერიმ წარმოიდგინა, რომ მის წინ - მისი კისრის მკურნალი ქირურგი იდგა. მაგრამ
მსგავსება მხოლოდ გარეგნული აღმოჩნდა. მთხოვნელი ქირურგი არ იყო.
- ეს გზაგასაყარია, - თქვა ალფიერიმ.
- დახმარება მჭირდება. მე ვარ ტომრიკ ჰორიმანი. მიიღეთ ჩემი დოსიე?
- დიახ, - უპასუხა ალფიერიმ. - თქვენთვის ცნობილია, რომ აქ ვერაფრით დაგეხმარებით? ჩვენ
ვარკვევთ ვის რა სჭირდება და შემდეგ სხვაგან ვაგზავნით. მომიყევით თქვენს შესახებ.
საცეცები სულიერი ტანჯვით იკლაკნებოდნენ.
- მე სახლებს ვზრდი, - დაიწყო ჰინნერანგიელმა. - კაპიტალი სრულად გავხარჯე. ჩემი ფირმა კრახის
წინაშე დგას. თუ ისეთ პლანეტაზე მოვხვდები, სადაც ჩემი სახლების მიმართ ინტერესი გაჩნდება,
გადავრჩები. მელკნორზე მსურს სახლების გამოზრდა. ჩვენი გათვლებით, იქ დიდი მოთხოვნილება იქნება.
- მელკნორი ბინების ნაკლებობას არ განიცდის, - უპასუხა ალფიერიმ.
- მაგრამ იქ სიახლე უყვართ. ყიდვას მაშინვე დაიწყებენ. სხვა მხრივ ჩემს ოჯახს გაკოტრება ელის,
ძვირფასო ბატონო! ძირფესვიანად მოგვთხრიან საზოგადოებიდან. ბანკროტობისთვის სასჯელი -
სიკვდილია. ღირსების დაკარგვით, თავის მოკვლა მომიწევს. ბავშვები მყავს.
ალფიერიმ იცოდა ამის შესახებ. ისიც იცოდა, რომ ჰინნერანგიელი სიმართლეს ამბობდა. თუ
მელკორისკენ გზას ჩაუკეტავდა, მას არაფერი დარჩებოდა გარდა თვითმკვლელობისა. როგორც ალფიერი,
ტომრიკ ჰორიმანიც გზაგასაყარზე სასიკვდილო საფრთხემ მოიყვანა.
მაგრამ ალფიერის განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა. რისი შეთავაზება შეეძლო ჰინნერანგიელს? მას
სურდა, გაეყიდა სახლები პლანეტაზე, რომელსაც ისინი არ სჭირდებოდა. იგი ერთ-ერთ მრავალრიცხოვან
ფირმას ხელმძღვანელობდა და ამავე დროს ცუდი საქმოსანი აღმოჩნდა. მან თავად მოიწია უბედურება
ალფიერისგან განსხვავებით, რომელსაც სულაც არ სურდა კიბოს სიმსივნე. თანაც ტომრიკ ჰორიმანის
სიკვდილი უახლოესი ნათესავების გარდა, სხვებისთვის დიდი დანაკლისი არ იქნებოდა. თავისდა
სამწუხაროდ, ალფიერი მიხვდა, რომ მთხოვნელისთვის უარი უნდა ეთქვა.
- მალე განგიცხადებთ ჩვენს გადაწყვეტილებას, - თქვა ალფიერიმ.
მან ლაბორატორიის კედლები დაამუქა და დისპეტჩერებს მოუყარა თავი. მათ მისი ბრძნული
გადაწყვეტილება არ განუსჯიათ. გადამრთველის გადატრიალება - და მის წინ კვლავ ჰინნერანგიელი
გამოჩნდა.
7
- დიდად ვწუხვარ, მაგრამ თქვენ თხოვნაზე უარი გეთქვათ.
ალფიერი ელოდა, როგორი იქნებოდა რეაქცია. მრისხანე აფეთქება? ისტერიული მუქარა?
სასოწარკვეთილება? ცივი სიძულვილი? განერვიულება?
არა, იგი შეცდა. სახლების გამყიდველი მხოლოდ მშვიდად უცქერდა, და ალფიერიმ, რომელმაც
ჰინნერანგიელთა შორის საკმაოდ დიდი ხანი დაჰყო, რათა სწორად მიმხვდარიყო მათ გამოუთქმელ
გრძნობებს, მისკენ წამოსული ნაღველის ტალღა შეიგრძნო. ტომრიკ ჰორიმანს ის - გზაგასაყარის
დისპეტჩერი ეცოდებოდა.
- მაპატიეთ, - თქვა ჰინნერანგიელმა. - თქვენ საკუთარ თავზე გაუსაძლისი იტვირთეთ.
ალფიერი შეაძრწუნა ამ სიტყვებში გამსჭვალულმა ტკივილმა. ჰინნერანგიელი საკუთარ თავზე კი არა,
მასზე დარდობდა. ალფიერიმ კინაღამ ინანა, რომ კიბოსგან განიკურნა. ტომრიკ ჰორიმანის თანაგრძნობა
მისთვის ძალიან მძიმე აღმოჩნდა.
ტომრიკ ჰორიმანი სახელურს ჩაეჭიდა და ჰინნერანგზე დასაბრუნებლად მოემზადა. წამით მისი მზერა
დედამიწელისას შეხვდა.
- თქვენი მოვალეობაა გადაწყვიტოთ - ვინ წავიდეს წინ და ვინ - უკან. რა უშველებელი
პასუხისმგებლობაა. მითხარით, როგორ დათანხმდით ამის საკუთარ თავზე აღებაზე?
- მომისაჯეს, - უპასუხა ფრანკო ალფიერიმ. - სიცოცხლისთვის საფასურად - საკუთარი სიცოცხლე
დამინიშნეს. არასდროს განმიცდია ასეთი ტანჯვა, როცა მომაკვდავი ადამიანი ვიყავი.
ალფიერი მოიღუშა და, ღილაკზე დაჭერით, ტომრიკ ჰორიმანი მის მშობლიურ პლანეტაზე გაუშვა.

*Capisce (იტ.) - გესმით.

You might also like