You are on page 1of 18

რობერტ ენსონ ჰაინლაინი

Robert Anson Heinlein, “...We Also Walk Dogs”

...ამასთან ძაღლებსაც ვასეირნებთ


(თარგმანი ა.ფეიქრიშვილი)

ანოტაცია

ფირმა „შეუზღუდავმა მომსახურებამ“ დაივალა რთული საქმე - დედამიწაზე მოეწყო კონფერენცია


სხვადასხვა პლანეტის ცნობილი მეცნიერების მონაწილეობით. ალბათ იკითხავთ, რა არის ამაში
რთულიო? აი რა: საქმე ისაა, რომ თითოეული რასისთვის საჭიროა სხვადასხვა მახასიათებლებიანი
საკუთარი საარსებო გარემოს შექმნა, ხოლო დედამიწაზე ამის გაკეთება პრაქტიკულად შეუძლებელია.
როგორ შეიძლება ამის მოხერხება?

რობერტ ენსონ ჰაინლაინი


...ამასთან ძაღლებსაც ვასეირნებთ

- გესაუბრებათ მისს კორმეტი საზოგადო სამსახურიდან, - ქალი ვიდეოეკრანს მიმართავდა, და


ზუსტად იცავდა ზღვარს თბილ, მეგობრულ სტუმართმოყვარეობასა და პროფესიულ თავაზიანობას
შორის.
ეკრანი რამდენჯერმე აციმციმდა, შემდეგ ჭარბწონიანი და ანერვიულებული, ხნიერი ქვრივის
აგზნებული სტერეოგამოსახულება გამოჩნდა.
- ო, ჩემო საყვარელო, - თქვა გამოსახულებამ, - ისეთი აღელვებული ვარ. არ ვიცი, შეძლებთ თუ
არა ჩემს დახმარებას.
- რა თქმა უნდა, შევძლებთ.
მისს კორმეტმა უნებურად მზერა დააყოვნა, უცებ შეაფასა ქალის კაბა და სამკაულები (თუ მართლაც
ნამდვილებიაო - თავისთვის გაიფიქრა გონებაში), და გადაწყვიტა, რომ ეს ერთ-ერთი იმ კლიენტთაგანი
იყო, ვისგანაც სარგებლის მიღება შეიძლება.
- მომიყევით, საქმე რაშია. მაგრამ ჯერ თქვენი სახელი მითხარით, გეთაყვა.
მან დააჭირა ღილაკს ნალის ფორმის მაგიდაზე, რომელიც მის სკამს გარსშემორტყმოდა, მასზე
აღნიშნული იყო „საკრედიტო განყოფილება“
- მაგრამ ყველაფერი ისე მოხდა, რა დროს ეს იყო, - დაჟინებით ამბობდა გამოსახულება. - პიტერმა
მაინც მოიტეხა ფეხი, - მისს კორმეტმა დაუყოვნებლივ დააჭირა ღილაკს „სამედიცინო დახმარება“. - ხომ
ვეუბნებოდი, რომ პოლოს თამაში ძალზე სახიფათოა-მეთქი. ვერ წარმოიდგენთ, როგორ განიცდის
დედა. და ეს ყველაფერი ზუსტად ახლა მოხდა, რა დროს ეს იყო...
- გსურთ, რომ მასზე ვიზრუნოთ? სად იმყოფება?
- იზრუნოთ? რა თქმა უნდა არა, რა მიუხვედრელი ხართ! საავადმყოფო „მემორიელი“ იზრუნებს
ამაზე. ვფიქრობ, საკმაო ფული გვაქვს იქ ჩადებული. უფრო წვეულებაზე ვდარდობ, რომლის
ორგანიზატორი ვიყავი. პრინჩიპესსა ისე დაღონდება...
საკრედიტო განყოფილების პასუხის ტაბლო მრისხანედ ციმციმებდა. მისს კორმეტმა გადაწყვიტა
საუბარი საჭირო კალაპოტში მოექცია:

1
- მესმის თქვენი. ჩვენ მოვახდენთ თქვენი წვეულების ორგანიზებას. ახლა, გეთაყვა, მაცნობეთ
თქვენი სახელი, მისამართი და მითხარით, სად იმყოფებით.
- ნუთუ არ იცით ჩემი სახელი?
- სავსებით დარწმუნებული არ ვარ, - დიპლომატიურად აირიდა პასუხი მისს კორმეტმა, - მაგრამ
საზოგადო სამსახური თავისი კლიენტების საიდუმლოებებს პატივს სცემს.
- ო, დიახ. რა თქმა უნდა. ძალიან დელიკატური ბრძანდებით. მე მისსის პიტერ ვან ჰოგბეინ
ჯონსონი ვარ.
მისს კორბეტი შეეცადა თავისი განცვიფრება დაეფარა. ამ კლიენტისთვის საჭირო არაა კრედიტის
განყოფილებასთან კონსულტაცია. მაგრამ იმავე წამს ტაბლომ კოდი „AAA“ გამოანათა - შეუზღუდავი
კრედიტი.
- არც კი ვიცი, რის გაკეთება შეგიძლიათ, - აგრძელებდა მისსის ჯონსონი. - მე ხომ ორ ადგილას
ერთდროულად არ შემიძლია ვიყო.
- საზოგადო სამსახურს უყვარს რთული პრობლემების გადაჭრა, - დაარწმუნა მისს კორმეტმა. -
ახლა, თუ ყველაფერს დაწვრილებით მომიყვებით...
შემდეგ ქალს ქათინაური უთხრა და ამით უბიძგა, რომ თავისი პრობლემა დალაგებულად მოეთხრო.
მისი ვაჟი, პიტერ III, ან ცხოვრებისგან ოდნავ მოცვეთილი პიტერ პენი (პიტერ პენი - პოპულარული
ინგლისური ზღაპრის გმირი, „ბიჭი, რომელსაც არასდროს მოემატება ასაკი“), ვისი სახეც გრეის
კორმეტისთვის ცნობილი იყო სტერეოგრავიურების არსებობის დროის განმავლობაში მდიდარი
უქნარებისთვის ყველანაირ სამოსთან ერთად, ისეთი დაუდევარი იყო, რომ მოახერხა დედის
ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენამდე, მისგან ნახევარი კონტინენტით დაშორების
მანძილზე, ერთი დღით ადრე მოეტეხა ფეხი. მისს კორმეტმა დაასკვნა, რომ მისის ჯონსონის შვილის
კონტროლის მეთოდი მის საწოლამდე მყისიერ მივარდნებსა და მედდების შერჩევაში მდგომარეობდა.
მაგრამ დანიშნული ვახშამი თვეების განმავლობაში მზადების შედეგი იყო. ახლა რა ქნას?
მისს კორმეტი ხვდებოდა, რომ საზოგადო სამსახურისა და მისი არცთუ მცირე შემოსავლის
კეთილდღეობა უმეტესწილად დამოკიდებული იყო იმ მდიდარი პარაზიტების სისულელეებზე,
სიზარმაცესა და გამჭრიახობის ნაკლებობაზე, როგორსაც ეს ჭკუანაკლული ქვრივი წარმოადგენდა. მანდ
დაარწმუნა მისის ჯონსონი, რომ საზოგადო სამსახური იზრუნებდა იმაზე, რომ წვეულება წარმატებით
ჩაივლიდა. მის სასტუმრო ოთახში დააყენებენ გადასატან სტერეოეკრანს, რათა დედამ მოახერხოს
სტუმრებსაც მიაქციოს ყურადღება და დროდადრო შვილსაც დახედოს. მისს კორმეტი საავადმყოფოში
ყველაზე გამოცდილ, უზადო რეპუტაციის აგენტს მოათავსებს, რომლის კავშირის შესახებ საზოგადო
სამსახურთან არავის ეცოდინება. სწორი მიდგომით ეს უსიამოვნება შეიძლება სოციალურ ტრიუმფად
გადაიქცეს და მისის ჯონსონის რეპუტაციას, როგორც მზრუნველი დიასახლისისა და ერთგული
დედისა, ერთიორად გაზრდის.
- მფრინავი ავტომობილი თქვენს სახლთან ოც წუთში იქნება, - დაამატა მან და დააჭირა ღილაკს
„ტრანსპორტი“, - რათა სარაკეტო პორტში წაგიყვანოთ. ერთ-ერთი ჩვენი ახალგაზრდა მანქანში იქნება,
რათა დამატებითი ცნობები მოგაწოდოთ პორტისკენ მიმავალ გზაზე. თქვენთვის დაჯავშნილი იქნება კ
კაიუტა, ხოლო თქვენი მოახლისთვის - ადგილი ნიუარკისკენ მიმავალ 16.45 რეისზე. ახლა შეგიძლიათ
დაისვენოთ. საზოგადო სამსახური თავის თავზე აიღებს თქვენს საქმეს.
- დიდად გმადლობთ, ჩემო ძვირფასო. ისე დამეხმარეთ. ვერც კი წარმოიდგენთ, რა
პასუხისმგებლობა აკისრია ჩემი მდგომარეობის ადამიანს.
მისს კორმეტმა რაღაც პროფესიულ-თავაზიანი ჩაიბუტბუტა, იმავე დროს ფიქრობდა, კიდევ რისი
გამოწურვა შეიძლებოდა ამ ბებერი ვირთხისგან.
- მადამ, დაღლილი მეჩვენებით. ხომ არ მოვიწვიო თქვენთან მასაჟისტი, რომელიც მგზავრობისას
შეიძლება გახლდეთ თან? ხომ ჯანმრთელად ხართ? იქნებ, ექიმი გჭირდებათ?
- როგორი მზრუნველი ბრძანდებით!

2
„ორივეს გავგზავნი“, გადაწყვიტა მისს კორმეტმა და გამოეთიშა, ცოტა ინანა, რომ სპეციალურად
დაფრახტული რაკეტა არ შესთავაზა. სპეციალური მომსახურება, რომელიც მომსახურების მთავარ
პრეისკურანტში არ იყო შეტანილი, განსაკუთრებული ანაზღაურებით ხდებოდა. განსაკუთრებული
ანაზღაურება ნიშნავდა, რომ ტრანსპორტის ნებისმიერი სახეობის გამოყენება შეიძლებოდა.
მან დააჭირა ღილაკს „შესრულება“, და ეკრანი თვალებში მზადყოფნა ანთებულმა ახალგაზრდა
მამაკაცის გამოსახულებამ შეავსო.
- ჩანაწერს გადახედე, სტივ, - თქვა ქალმა. - სპეციალური მომსახურება. სამმაგი „A“. უკვე დავიწყე
მოქმედება.
ახალგაზრდა მამაკაცს წარბები შუბლზე აუცვივდა.
- სამმაგი „A“ - სპეც.ანაზღაურება?
- ყოველმიზეზგარეშე. ამ ბებერ ძროხას უმაღლესი კლასით მოემსახურე. გაითვალისწინე, რომ
მისი ვაჟი საავადმყოფოშია. ყველა მედდა გადაამოწმე. თუ ვინმეს სექსუალურობის თუნდაც რაიმე
ნიშანი ექნება, გააძევე და მის ადგილას ვინმე გონჯი დანიშნე.
- ო’კეი, პატარა. ჩართე ჩანაწერი.
ქალმა კვლავ გამორთო ეკრანი, შეკვეთების მიღების მზადყოფნის სიგნალი მის კაბინაში მაშინვე
ავტომატურად მწვანეზე შეიცვალა, შემდეგ კი თითქმის მაშინვე წითელი გახდა, და ეკრანზე სხვა
დამკვეთი გამოჩნდა.
ახლა უკვე აღარ იქნება არანაირი სულელური ლაქლაქი. გრეის კორმეტმა ორმოციოდე წლის კარგად
ჩაცმული მამაკაცი დაინახა, არცთუ სრული ტანის, გამჭოლი ინტელიგენტური მზერით.
- საზოგადო სამსახური, - თქვა ქალმა. - გესაუბრებათ მისს კორმეტი.
- აჰ, მისს კორმეტ, მოგესალმებით, - დაიწყო მან. - თქვენი შეფის ხილვა მსურს.
- შეკვეთების მიღების განყოფილების უფროსის?
- არა, საზოგადო სამსახურის პრეზიდენტის.
- ხომ ვერ მეტყოდით, რა გნებავთ? იქნებ თავად შევძლო დახმარება.
- მომიტევეთ, მაგრამ ვერანაირ განმარტებას ვერ მოგცემთ. სასწრაფოდ მჭირდება პრეზიდენტის
ნახვა.
- საზოგადო სამსახური ბოდიშს გიხდით. მისტერ კლეირი ძალიან დაკავებულია, მასთან შეხვედრა
წინასწარი შეთანხმებისა და თქვენი საქმის არსის წარმოდგენის გარეშე არ შეიძლება.
- ახლა ჩაწერას ახორციელებთ?
- დიახ, რა თქმა უნდა.
- მაშინ გთხოვთ შეწყვიტოთ.
ქალმა ვიდეომაგნიტოფონი მაგიდაზე არსებული ღილაკით გამორთი, კლიენტის თვალწინ, შემდეგ
კი მაგიდისქვეშ სპეციალური კლავიშით შეუმჩნევლად ჩართო. დამკვეთები ხანდახან საზოგადო
სამსახურს რაიმე უკანონოს ჩადენას სთხოვენ; სამსახურის მუშაკებს საუბრის მუდმივი ჩაწერის მეტი
გამოსავალი არ აქვთ. მამაკაცმა ამასობაში პიჯაკის შიდა ჯიბიდან რაღაც ამოიღო და მისი
მიმართულებით გაიშვირა. სპეფექტის წყალობით ისე ჩანდა თითქოს ხელი პირდაპირ სახესთან
მიუტანა.
პროფესიული ჩვევამ გაოცება დააფარინა: ხელში მას ეჭირა ფირფიტა - პლანეტარული მთავრობის
ოფიციალური სიმბოლო. ფირფიტა მწვანე ფერის იყო.
- ახლავე ვუზრუნველყოფ შეხვედრას, - თქვა ქალმა.
- ძალიან კარგი. შეგიძლიათ რომ შემხვდეთ და პრეზიდენტთან შემიყვანოთ სასტუმრო ოთახიდან
ათი წუთის შემდეგ?
- შეგხვდებით, მისტერ... მისტერ... - მაგრამ მან კავშირი გაწყვიტა.
გრეის კორმეტმა მომსახურების მიღების განყოფილების უფროსის კაბინეტი გამოიძახა და მისი
შეცვლა ითხოვა. შემდეგ, ეკრანი გამორთო, ხელში მამაკაცთან საუბრის ჩანაწერის ვიდეოკასეა აიღო,

3
ყოყმანით დახედა, და, წუთიერი ფიქრის შემდეგ მაგიდაზე ღრიჭოში ჩაუშვა, სადაც ძლიერი მაგნიტური
ველის გამო ჩანაწერი თითქმის მყისიერად იშლებოდა. კაბინეტში ქალი შევიდა.
- გამარჯობა, გრეი, - თქვა მან. რა ხდება? თავს ცუდად გრძნობ?
- არა.
ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გრეისი ოთახიდან გავიდა, კორიდორში სხვა კაბინებს
ჩაუარა, სადაც არასტანდარტული შეკვეთების მიმღები აგენტები მუშაობდნენ, და დიდ დარბაზში
გავიდა, სადაც კატალოგის მიხედვით დაკვეთის მიმღები ასობით მუშაკი იჯდა. ყველა სამუშაო ადგილს
ჰქონდა პატარა ეკრანი და ჩვეულებრივი კლიენტისთვის ნებისმიერი შესაძლო მომსახურების
კატალოგთან დაკავშირებული დისპლეი. თუ მოთხოვნა, კატალოგში გათვალისწინებულს
აღემატებოდა, იმას არასტანდარტული მომსახურების მიღების კაბინაში გადაამისამართებდნენ ხოლმე,
როგორ გრეის კორმეტთან მოხდა.
მან მთავარი არქივის ოთახი გადაკვეთა, ჩაუარა მოტკაცუნე პერფორაციულ მანქანებს და ფოიეში
გავიდა. პნევმატურმა ლიფტმა პრეზიდენტის კაბინეტის სართულზე მიიყვანა. მდივანს არ შეუჩერებია.
შეკვეთების უბრალო მიმღებებს არ შეუძლიათ მილიარდიანი შემოსავლის კორპორაციის
პრეზიდენტთან ასე უბრალოდ შესვლა. მაგრამ საზოგადო სამსახური თავისი სტრუქტურით პლანეტის
არცერთ კომპანიას არ ჰგავდა. ის უფრო ოჯახურ ფირმას წააგავდა, სადაც, მიუხედავად იმისა, რომ
სპეციალური ცოდნა გათვალისწინებული იყო, მისი შეძენა და გაყიდვა ხდებოა, უფრო მეტად
გამჭრიახობას და საზრიანობას აფასებდნენ. ამ იერარქიაში პირველ ადგილზე პრეზიდენტი ჯეი კლეირი
იდგა, მის შემდეგ მისი თანაშემწე სონდერ ფრენსისი, რომელსაც მოყვებოდა ორ დუჟინამდე
არასტანდარტული შეკვეთის მიმღები, რომელთა შორის იყო გრეის კორმეტი. შემდეგ მოდიოდა
სამსახურის ასობით ათასი სხვა მუშაკი, რომლებიც მთელ პლანეტაზე იყვნენ გაბნეული, მთავარი
ბუღალტრიდან, მთავარი იურისტიდან, არქივის უფროსიდან დაწყებული და წვრილფეხა მენეჯერებით
და კატალოგის მიხედვით შეკვეთების მიმღებებით დამთავრებული. ამ პირამიდის უმდაბლეს საფეხურს
შეადგენდნენ - სტენოგრაფისტები, პრანჭიები, ვინც მზად იყო წვეულებაზე ცარიელი ადგილი შეევსო
და ის ხალხიც კი, ვინ ჯავშნოსნების გამრავლებითა და რწყილების გაწვრთნით ი ყო დაკავებული.
გრეისი მისტერ კლეირის კაბინეტში შევიდა. ეს იყო ერთადერთი ოთახი გიგანტურ ცათამბჯენში,
რომელიც სხვადასხვა ჩამწერი და საკომუნიკაციო ელექტრონიკით არ იყო გამოტენილი. არაფერი არ
იდგა მასში გარდა მაგიდისა, ორიოდეს სკამისა და სტერეოეკრანისა, რომელსაც არასდროს არასდროს
იყენებდნენ დანიშნულებისამებრ, და კრანცის სახელგანთქმულ სურათს „მოტირალ ბუდას“ ჰგავდა.
ორიგინალი სარდაფში იდო, სამას მეტრით დაბლა.
- გამარჯობა, გრეის, - თქვა მისტერ კლეირმა და ქაღალდის ფურცელი გაუწოდა. - აი, ამაზე რას
ფიქრობ? სონდერი ამბობს, მაინცდამაინც კარგად არაა დაწერილიო. - სონდერ ფრენსისმა თავისი
კატისებრი თვალებით მზერა მასზე გადაიტანა, შეფის სიტყვები არც დაადასტურა და არც უარყო.
მისს კორმეტმა წაიკითხა:

გაქვთ თუ არა შეძლება?


გაქვთ თუ არა შეძლება მიმართოთ საზოგადო სამსახურს?
გაქვთ თუ არა შეძლება არ მიმართოთ საზოგადო სამსახურს?
ჩვენს სარაკეტო საუკუნეში გაქვთ თუ არა შეძლება ძვირფასი დრო არ დაკარგოთ
საყიდლებზე სიარულში, გადასახადების გადახდაში, ბინის მოვლაში? ჩვენ დაგიტუქსავთ
ბავშვს და დავაპურებთ კატას. ჩვენ დაგიქირავებთ ბინას და შეგიძენთ ფეხსაცმელს. ჩვენ
დაგიწერთ სიდედრთან გასაგზავნ წერილს და ამოგიხსნით მათემატიკის ამოცანას.
ჩვენთვის შეუსრულებელი სამუშაო არ არსებობს. ჩვენთვის უმნიშვნელო არ არსებობს
- და ყველაფერი საოცრად იაფია!
საზოგადო სამსახური
დარეკეთ დღესვე! ახლავე!
4
P.S. ამასთან ძაღლებსაც ვასეირნებთ.“

- აბა, როგორია? - ჰკითხა კლეირმა.


- სონდერი მართალია. კბილებში გეჩრება.
- რატომ?
- ზედმიწევნით ლოგიკურია. მრავალსიტყვიანი. ვერ გითრევს.
- კეთილი. შენ როგორ ჩამოაყალიბებდ?
ქალი წუთით დაფიქრდა, შემდეგ კალამი აიღო და დაწერა: „ვინმეს მოკვლა გსურთ? (მაშინ ნუ
დარეკავთ საზოგადო სამსახურში). მაგრამ ნებისმიერი სხვა საქმისთვის აკრიფეთ ჩვენი ნომერი -
დაგეხმარებით.
P.S. ამასთან ძაღლებსაც ვასეირნებთ.“
- ჰმ... შეიძლება, შეიძლება, - თქვა ჩაფიქრებულმა მისტერ კლეირმა. - ვცდით. სონდერ, ეს გაატარეთ
ინდექსით „ბ“, ორი კვირა, ჩრდილოეთ ამერიკა, და შემატყობინეთ, ამისგან რა გამოვა.
ფრენსისმა ფურცელი საქაღალდეში სახეზე შეყინული გამომეტყველების შეუცვლელად ჩადო:
- ახლა კი, როგორც ვამბობდი...
- შეფ, - შეაწყვეტინა გრეის კორმეტმა. - შეხვედრა დაგინიშნეთ... - ქალმა საათს დახედა, - ზუსტად
ორ წუთსა და ორმოც წამში. ოფიციალური პირია.
- ბოდიში მოუხადეთ და დაითხოვეთ. დაკავებული ვარ.
- მწვანე სიმბოლო აქვს.
მან სწრაფად ახედა ქალს. თითქოს ფრენსისიც დაინტერესდა.
- ასე. ინტერვიუს კასეტა თან გაქვს?
- წავშალე.
- წაშალე? კეთილი, შენ უკეთ იცი. მომწონს შენი სიფრთხილე. შემოიყვანე.
გრეისმა მიხვედრილად დაუქნია თავი და გავიდა. კაცს მაშინ შეხვდა, როცა ის სტუმართა ოთახში
შედიოდა და ნახევარ დუჟინ კარებებში გაატარა, სადაც მარტო რომ ყოფილიყო, მათი მცველები
დოკუმენტებს მოთხოვდნენ და ვიზიტის მიზანს ჩაეკითხებოდნენ. კლეირის კაბინეტში შესულმა
მამაკაცმა ოთახი მოათვალიერა და იკითხა:
- შეიძლება პირისპირ გაგესაუბროთ, მისტერ კლეირ?
- მისტერ ფრენსის - ჩემი მარჯვენა ხელი. მისს კორმეტთან კი უკვე ისაუბრეთ.
- კეთილი.
მან კვლავ ამოიღო მწვანე ფირფიტა და უჩვენა.
- ჯერ კიდევ ადრეა ვინაობის გამჟღავნებამდე. მაგრამ თქვენს საიმედობაში დარწმუნებული ვარ.
საზოგადო სამსახურის პრეზიდენტმა მოუთმენლად წამოიწია სავარძელში.
- ხომ არ სჯობს პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ? თქვენ - პიერ ბომონი, საპლანეტაშორისო
კომიტეტის თავმჯდომარე ბრძანდებით. ალბათ, ადმინისტრაციას სურს, რომ მათთვის რამე გავაკეთოთ?
ბომონი ასეთმა შეტევამ არ შეაკრთო:
- მაშ ასე, იცით ვინ ვარ. მით უკეთესი. ახლავე გადავალ საქმეზე. მთავრობას შეიძლება თქვენი
დახმარება დაჭირდეს. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენი საუბრის შესახებ ინფორმაციის გაჟონვა არ
შეიძლება.
- საზოგადო სამსახურის კლიენტებთან ყველა ურთიერთობა სასტიკად კონფიდენციალურია...
- ეს საქმე კონფიდენციალური კი არა, საიდუმლოა. - მან ცოტა ხნით შეიცადა.
- მესმის თქვენი, - თქვა კლეირმა. - განაგრძეთ.
- ძალიან საინტერესო ორგანიზაცია გაქვთ, მისტერ კლეირ. მშვენივრად ვხვდები, რომ თქვენი
კრედოა - ნებისმიერ საქმეს მოკიდოთ ხელი. შესაბამისი ანაზღაურებით, რა თქმა უნდა.
- თუ საქმე კანონის ფარგლებშია.
5
- დიახ, რა თქმა უნდა. მაგრამ სიტყვა „კანონიერი“ განმარტებას საჭიროებს. აღფრთოვანებული
ვარ, როგორ მოახერხა თქვენმა კომპანიამ პლუტონზე მეორე ექსპედიციის უზრუნველყოფა. ზოგიერთი
თქვენი მეთოდი უბრალოდ გენიალურია.
- თუ ჩვენი ქმედებების კრიტიკა გსურთ ამ საქმესთან დაკავშირებით, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი
განყოფილების მიერ სამუშაო შესრულდა კანონის დაცვითა და ჩვეულებრივი გზებით.
ბომონმა უარყოფის ნიშნად ხელი ასწია.
- არა, არა, მისტერ კლეირ, ღვთის გულისათვის! თქვენ სწორად ვერ გამიგეთ. მე კი არ ვაკრიტიკებ,
აღფრთოვანებული ვარ. ასეთი შესაძლებლობები! რა შესანიშნავი დიპლომატი დადგებოდა თქვენგან!
- მოდით ნუ გადავუხვევთ. რა გნებავთ?
ბომონმა ტუჩები მოკუმა.
- დავუშვათ, ჩვენი მზის სისტემის თითოეული პლანეტიდან უნდა მიიღოთ წარმომადგენელი, და
გსურთ, რომ ყველამ თავი შინ იგრძნოს და სრული კომფორტით მოეწყონ. შეძლებთ ამის მოგვარებას?
- ატმოსფერული წნევა და ქიმიური შემადგენლობა, ტენიანობა, - ხმამაღლა დაიწყო ფიქრი
კლეირმა, - რადიაციული გამოსხივების სიმძლავრე, ტემპერატურა, საყოფაცხოვრებო პირობები - ეს
ყველაფერი საკმაოდ მარტივია. მაგრამ გრავიტაციას რა ვუყოთ? იუპიტერელებისთვის ცენტრიფუგის
გამოყენება შეიძლება, მაგრამ რა ვუყოთ მარსელებს ან ტიტანელებს? დედამიწის გრავიტაციული ველის
შემცირების მეთოდები არ არსებობს. არა, ან კოსმოსში მოგვიწევს მათი მიღება, ან მთვარეზე. მაგრამ ეს
უკვე ჩვენს კომპეტენციაში არაა, საზოგადო სამსახურის მომსახურება სტრატოსფეროს ფარგლებში
ისაზღვრება.
ბომონმა თავი გააქნია.
- შეხვედრა კოსმოსში არ უნდა გაიმართოს. შეგიძლიათ ეს მოთხოვნა, როგორც აბსოლუტური ისე
მიიღოთ - ყველაფერი დედამიწის ზედაპირზე უნდა მოეწყოს.
- რატომ?
- ნუთუ საზოგადო სამსახურს ჩვეულებად აქვს დაინტერესდეს, რატომ სურს დამკვეთს
მომსახურების კონკრეტული სახეობა?
- არა. ბოდიშს გიხდით
- არაფერია. მაგრამ დამატებითი ინფორმაცია გჭირდებათ გასააზრებლად, თუ როგორ უნდა
გაკეთდეს საქმე და რატომ უნდა დარჩეს საიდუმლოდ. სამი თვის შემდეგ ამ პლანეტაზე უნდა
ჩატარდეს კონფერენცია, მაგრამ მანამდე, სანამ მოწვეული არაა, იმის შესახებ, რომ ის შედგება, არავის
ეჭვიც კი არ უნდა ჰქონდეს. თუ ზოგიერთ წრეში მის დაწყებამდე რაიმე ნაბიჯს გადადგამენ,
კონფერენციას არც მოიწვევენ. მინდა, რომ თქვენ ეს კონფერენცია შემდეგნაირად წარმოიდგინოთ: მზის
სისტემის წამყვანი მეცნიერებისთვის რაღაც მრგვალი მაგიდის მსგავსად, რომელიც მნიშვნელობით
შარშან გაზაფხულზე მარსზე ჩატარებულ პლანეტარული აკადემიის სესიას წააგავს. თქვენ ყველაფერი
უნდა ქნათ დელეგატების განსათავსებლად, და ეს ისე გააკეთოთ, რომ გარკვეულ დრომდე მთელი
სამზადისი თქვენს ფირმას არ გასცდეს. რაც შეეხება დეტალებს...
- მგონი, უკვე გადაწყვიტეთ, რომ ჩვენი ფირმა ამ საქმეს ხელს მოკიდებს, - გააწყვეტინა კლეირმა. -
მაგრამ, როგორც უკვე გავარკვიეთ, ეს შეიძლება ჩვენს ფირმას პრესტიჟად დაუჯდეს. საზოგადო
სამსახურს მარცხი არ უყვარს. ზოგადად ცნობილია, რომ ადამიანებს, რომლებიც დაბალი გრავიტაციის
მქონე პლანეტაზე ცხოვრობენ, არ შეუძლიათ მაღალი გრავიტაციის პირობებში ჯანმრთელობის
სერიოზული გაუარესების გარეშე რამდენიმე საათით ყოფნა. საპლანეტათშორისო შეხვედრები
ყოველთვის ტარდებოდა და ჩატარდება დაბალი მიზიდულობის ძალის პლანეტებზე.
- დიახ, - მოთმინებით დაუდასტურა ბომონმა. - მაგრამ თქვენ მხოლოდ წარმოიდგინეთ, როგორი
დიპლომატიური ნახტომი შეიძლება მოხდეს ამის შედეგად დედამიწასა და ვენერას შორის?
- ვერ წარმომიდგენია.
- ეს არც ისე მნიშვნელოვანია. პოლიტიკური ფსიქოლოგია - თქვენი საქმე არაა. თქვენ მადლიერი
უნდა იყოთ, რომ ადმინისტრაცია ამ კონფერენციის მოწყობას თქვენი ფირმისთვის მონდობას აპირებს.
6
- კი, მაგრამ მთვარეზე რატომ არ ჩაატარებთ?
ბომონმა თავი გააქნია:
- ეგ სულ სხვა საქმეა. მართალია იქ ამის მოწყობა უფრო ადვილია, მაგრამ მთვარე-სიტი მხოლოდ
და მხოლოდ გადასატვირთავი პორტია. ის ფსიქოლოგიური ეფექტი არ აქვს.
კლეირმა უარყოფის ჟესტი გააკეთა.
- მისტერ ბომონ, ვგონებ, სავსებით ვერ აცნობიერებთ საზოგადო სამსახურის არსს, თუნდაც
არაფერი გამეგებოდეს დიპლომატიის თავისებურებებში. ჩვენ არ შეგვიძლია დაგპირდეთ ის, რაც არავის
გაუკეთებია. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ძველებური შინამოსამსახურეების თანამედროვე ექვივალენტი
ვართ. თუმცა ყველანაირი თანამედროვე საშუალებით ვართ აღჭურვილი და კორპორაციაში ვართ
გაერთიანებული, ჩვენ არ ვართ ალადინის ჯადოსნური ლამპარი. არც სამეცნიერო კვლევებს ვაწარმოებთ
და არც ლაბორატორიები გვაქვს. უბრალოდ ვცდილობთ საუკეთესო ხერხით გამოვიყენოთ
კომუნიკაციების თანამედროვე მიღწევები და მომსახურების ორგანიზა - ანუ ის გავაკეთოთ, რისი
გაკეთებაც უკვე შეიძლება.
მან ხელით ანიშნა კედელზე, სადაც ფირმის, წითელ ხეში გამოთლილი, დროით გასხივოსნებული
ემბლემა ეკიდა - საყელურდაჭიმული შოტლანდიური ტერიერი, რომელიც ბოძს ყნოსავდა.
- ემბლემა იმ სამუშაოს არსს გამოხატავს, რომელსაც ვასრულებთ. ჩვენ ვასეირნებთ ძაღლებს
მათთვის, ვინც ძალიან დაკავებულია იმისთვის, რომ ეს თავად გააკეთოს. პაპაჩემმა კოლეჯის
დამთავრება მხოლოდ იმიტომ მოახერხა, რომ ძაღლებს ასეირნებდა. მეც აქამომდე ვასეირნებ მათ. და
არასდროს ვიძლევი დაპირებებს უცნობ რაღაცეებზე და პოლიტიკით არ ვთამაშობ.
ბომონმა მოუთმენლად გადააჯვარედინა თითები.
- მაშ ასე, თქვენ ძაღლებს გასამრჯელოსთვის ასეირნებთ. დიახ, რა თქმა უნდა, სულ დამავიწყდა -
თქვენ ჩემს მწევრებსაც ასეირნებთ. ხუთპროცენტიანი კრედიტი ძალიან იაფი მგონია.
- ასეცაა. მაგრამ აიღეთ ასობით ათასი ძაღლი დღეში ორჯერ და არცთუ ცუდ შემოსავალს მიიღებთ.
- ამ „ძაღლის“ გასეირნებით მიღებული შემოსავალი გაცილებით დიდი იქნება.
- რამდენად? - იკითხა ფრენსისმა.
ეს მისი მხრიდან ყურადღების პირველი ნიშანი იყო.
ბომონმა მას შეხედა.
- ჩემო ძვირფასო სერ, ამ ასე ვთქვათ, მრგვალი მაგიდის შედეგებმა პლანეტის ფინანსური
ცხოვრება უნდა შეცვალონ. ჩვენ ხომ ყბას არ ვუკრავთ ძროხას, რომელიც ხორბალს თელავს, თუ ნებას
მომცემთ ასე გამოვხატო.
- რამდენად?
- ოცდაათპროცენტიანი დანამატი ფასზე მისაღებია თქვენთვის?
ფრენსისმა თავი გააქნია:
- ბევრს ხომ არ გვთავაზობთ?
- კეთილი, ვაჭრობა ნამდვილად არ მსურს. მოდით, თქვენ გადაწყვიტეთ, ბატონებო - მაპატიეთ,
მისს კორმეტ! - როგორ გასამრჯელოს იმსახურებს ეს სამუშაო. ვფიქრობ, რომ თქვენს პატრიოტიზმს -
პლანეტარულსა და ადამიანურს, - შემიძლია ვენდო. დარწმუნებული ვარ, რომ გონიერ და მართებულ
ფასს მეტყვით.
ფრენსისი სკამის საზურგეზე გადაწვა და არაფერი თქვა, მაგრამ სახეზე კმაყოფილი გამომეტყველება
ჰქონდა.
- ერთი წუთით, - შეეწინააღმდეგა კლეირი. - ჯერ კიდევ არ დაგთანხმებივართ სამუშაოს
შესრულებაზე.
- ფასზე უკვე მოვილაპარაკეთ, - შენიშნა ბომონმა.
კლეირმა ჯერ ფრენსისს შეხედა, შემდეგ გრეის კორმეტს, შემდეგ კი თავის ფრჩხილებს დაუწყო
თვალიერება.

7
- ოცდაოთხი საათი მომეცით იმისთვის, რომ გავიგო, შეიძლება ამის გაკეთება თუ არა, - თქვა
ბოლოს, - და გეტყვით, გავასეირნებთ თუ არა თქვენს ძაღლს.
- დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება, - უპასუხა ბომონმა, წამოდგა და ხელი გაუწოდა.

* * *

- ო’კეი, მოაზროვნეებო, - სიმწრით თქვა კლეირმა. - რა სწრაფად გარიგდით.


- ისევ კატალოგის მიხედვით შეკვეთების მიმღები ხომ არ გავხდე? - თქვა გრეისმა.
- მოდით ყველა საქმე ჯგუფს მივანდოთ, გრავიტაციის გარდა, - ურჩია ფრენსისმა. - მთელი საქმე
მაგაშია. დანარჩენი - წვრილმანია.
- უდაოა, - დაეთანხმა კლეირი, - მაგრამ ამას რამე უნდა მოვუხერხოთ. თუ ვერაფერს გავაწყობთ,
ვინ აგვინაზღაურებს დანარჩენ ძვირფასიან მზადებას? ამაზე რას ფიქრობთ? გრეის?
- რა თქმა უნდა, - თქვა ფრენსისმა, - ათამდე თვლა ხომ იცის.
გრეის კორმეტმა ცივად შეხედა მას:
- ხანდახან ვნანობ, სონს ფრენსის, ცოლად რომ გამოგყევი.
- თქვენი ოჯახური პრობლემები სადმე სხვაგან მოაგვარეთ, - გააფრთხილა კლეირმა. - მაშ ასე,
რითი დავიწყოთ?
- მოდით თავიდან გავიგოთ, ვინ იცის ყველაზე მეტი გრავიტაციის შესახებ, - შესთავაზა
ფრენსისმა.
- გრეის, ერთი დოქტორ კრატვოლს დაუკავშირდი.
- მართალია, - დაეთანხმა ქალი და პულტთან მივიდა. აი რაში მდგომარეობს ჩემი საქმიანობის
სიამე: თავად შეგიძლია არაფერი იცოდე, მთავარია იმათგან გაიგო, ვინც იცის.
დოქტორი კრატვოლი საზოგადო სამსახურის მუდმივი შტატის წევრი იყო. გამორჩეული
მოვალეობები არ ჰქონდა. კორპორაცია სასარგებლოდ თვლიდა ფული ეხადა მისთვის, უზრუნველეყო
ყველანაირი სამეცნიერო ჟურნალის გამოწერა და მისი ყველანაირ სამეცნიერო კონფერენციაზე გაგზავნა.
დოქტორ კრატვოლს მკვლევარის ნიჭი არ გააჩნდა, ბუნებით დილეტანტი იყო.
ხანდახან რაღაცას ეკითხებოდნენ. ის პასუხობდა.
- ო, გამარჯობა, ჩემო ძვირფასო! - ეკრანიდან კრატვოლის ინტელიგენტური სახე იღიმოდა. - იცით,
სწორედ ახლა წავაწყდი ერთ საინტერესო ფაქტს „Nature”-ს ბოლო ნომერში. ნათელს ჰფენს ბრაუნლეის
თეორიას, რომელიც ეხება...
- ერთი წამით, დოკ, - ჩაერია ქალი. - ცოტა მეჩქარება.
- რაშია საქმე, ჩემო ძვირფასო?
- ვინ იცის ყველაზე მეტი გრავიტაციის შესახებ?
- რა მხრივაა საჭირო? ასტროფიზიკოსი გჭირდებათ, თუ თეორეტული მექანიკის პოზიციიდან
გსურთ ამ საგანზე თვალსაზრისი? ამ მხრივ, ფარკვარსონი, ვფიქრობ, ყველაზე მეტად გამოგადგებათ.
- მინდა ვიცოდე, რამ შეიძლება შეამციროს გრავიტაცია?
- ველის თეორია, არა? ასეთ შემთხვევაში ფარკვარსონი თქვენ არ გჭირდებათ. ის შესანიშნავი
ბალისტიკოსია, თეორეტიკოსი. დოქტორ ჯულიანის ნაშრომი ველის თეორიის შესახებ ყველაზე
ფუნდამენტური და, შეიძება ყველაზე ორიგინალურია.
- სად შევძლებთ მის პოვნას?
- სამწუხაროდ, ეს შეუძლებელია. შარშან გარდაიცვალა, საწყალი. როგორი დანაკარგია!
გრეისმა ძლივს შეაწყვეტინა მონოლოგი დიდი დანაკლისის შესახებ, და ჰკითხა:
- ვინაა მისი მიმდევარი?
- მიმდევარი? მივხვდი. გსურთ იცოდეთ ამ დროისთვის ველის თეორიის მცოდნე პირველი
ადამიანის სახელი? ვიტყოდი, რომ ეს ო’ნეილია.
8
- როგორ ვიპოვოთ?
- გავარკვევ. ცოტათი ვიცნობ - მძიმე ხასიათი აქვს.
- გაარკვიეთ, გეთაყვა. მანამდე კი ვინ შეიძლება ამ სფეროში ცოტათი გაგვარკვიოს?
- ჰკითხეთ ახალგაზრდა კარსონს, რომელიც ჩვენს საინჟინრო განყოფილებაში მ უშაობს. ამგვარი
საქმეებით იყო დაკავებული, სანამ ჩვენთან დაიწყებდა მუშაობას. მცოდნე ბიჭია - ბევრი მისაუბრია
მასთან.
- ვიპოვი. გმადლობ, დოკ. პრეზიდენტს დაურეკეთ, როგორც კი ო’ნეილს აღმოაჩენთ. იჩქარეთ. -
ქალმა პულტი გათიშა.
კარსონი კრატვოლის აზრს დაეთანხმა, მაგრამ ო’ნეილის შესახებ დაეჭვდა.
- ო’ნეილი ფხუკიანი და არაკომუნიკაბელური ადამიანია. მისი თაოსნობით მიმუშავია. მაგრამ
უდაოდ ბევრი იცის ველის თეორიასა და სივრცის სტრუქტურაზე, ვიდრე ამჟამად მცხოვრებმა
ნებისმიერმა ადამიანმა.
კარსონი განდობილთა წრეში შეიყვანეს და პრობლემის არსი გააცნეს. მან აღიარა, რომ გამოსავალს
ვერ ხედავდა.
- იქნებ პრობლემა გულთან ძალიან ახლოს მიგვაქვს, - დაჟინებით ამბობდა კლეირი. - ამის შესახებ
რაღაც მოსაზრებები მაქვს. შემისწორეთ, თუ ვცდები, კარსონ.
- დაიწყეთ, შეფ.
- მაშ ასე, გრავიტაციული აჩქარება მასის მიზიდულობის შედეგია - ასეა? დედამიწის გრავიტაცია
დედამიწის მიზიდულობის შედეგია. შესაბამისად, როგორი იქნება ეფექტი, თუ საკმაოდ დიდ მასას
განვათავსებთ დედამიწის ზედაპირიდან გარკვეულ წერტილში? ეს ხომ არ იქნება ძალა, რომელიც
შეაკავებს დედამიწის მიზიდულობას?
- თეორეტულად - კი. მაგრამ ეს ჯოჯოხეთურად დიდი მასა უნდა იყოს.
- მნიშვნელობა არ აქვს.
- თქვენ კარგად ვერ გაიგეთ, შეფ. დედამიწის მიზიდულობის სრული გაქრობისთვის
განსაზღვრულ წერტილში დედამიწას იგივე მოცულობის პლანეტა უნდა მიუახლოვოთ. რა თქმა უნდა,
თუ მთიანად არ გსურთ დედამიწის მიზიდულობის განეიტრალება, და მხოლოდ მისი შემცირება
გსურთ, მაშინ ეს გარკვეულ უპირატესობას გაძლევთ - შეგიძლიათ ნაკლები მასა გამოიყენოთ, რომლის
სიმძიმის ცენტრი საკმაოდ ახლოს უნდა იყოს განთავსებული დედამიწის სიმძიმის ცენტრთან. თუმცა
ეს, არასაკმარისია. იმ დროს, როცა მიზიდულობა მანძილის კვადრატის პროპორციულად იზრდება -
ჩვენს შემთხვევაში დიამეტრის ნახევარი - შემდგომი მიზიდულობა დიამეტრის კუბის პირდაპირ
პროპორციულად მცირდება.
- ეს რას გვაძლევს?
კარსონმა ლოგარითმული სახაზავი ამოიღო და რამდენიმე წუთი გამოთვლებში ჩაეფლო, შემდეგ
მზერა აწია.
- ლამის მეშინია პასუხის გაცემა. დაგჭირდებათ გვარიანი მოცულობის ტყვიის ასტეროდი, თუ
საერთოდ რამეს გინდათ მიაღწიოთ.
- ასტეროიდები ადრე უკვე გადაუადგილებიათ.
- ჰო, მაგრამ როგორ შევაკავოთ? არა, შეფ, არც ისეთი ენერგიის წყარო გვაქვს, არც მისი მოდების
საშუალება, რომლებიც უფლებას მოგვცემდა დედამიწის გარკვეულ წერტილში დაგვეკიდა დიდი
პლანეტოიდი და იქ გაგვეჩერებინა.
- არადა ისეთი კარგი იდეა ჩანდა... - თქვა ჩაფიქრებულმა კლეირმა.
გრეის კორმეტის წარბები ოდნავ აიწივნენ. ის საუბარში ჩაერთო:
- ვფიქრობ, რომ ყფრო ეფექტური იქნება ზემძიმე პატარა მასის გამოყენება. მგონი, სადღაც
წავიკითხე, რომ ზოგიერთი ასეთი რაღაც, კუბურ დუიმზე რამდენიმე ტონას იწონის.

9
- ჯუჯა ვარსკვლავების ბირთვები, - დაეთანხმა კარსონი. - მხოლოდ ხომალდი გვჭირდება,
რომელიც რამდენიმე დღეში სინათლის წლების მანძილს გადალახავს, ვარსკვლავების შიდა
ნივთიერების მოპოვების ხერხი და სივრცე-დროის ახალი თეორია.
- კეთილი, საკმარისია, საკმარისი.
- მოიცადეთ ერთი წუთით, - თქვა ფრენსისმა. - მაგნეტიზმი ხომ ძალიან წააგავს გრავიტაციას, ასე
არაა?
- კი.
- ხომ არ შეიძლება პატარა პლანეტებიდან ეს ჯიგრები რაღაცნაირად დავამაგნიტოთ? მათ
სხეულთა ქიმიური შემადგენლობის გამოყენებით?
- შესანიშნავი იდეაა, - დაეთანხმა კარსონი, - მაგრამ მათი სხეულები - იგივე შემადგენლობის
ორგანიკაა.
- დიახ, ჩანს არაფერი გამოვა. ღორებს რომ ფრთები ჰქონოდათ, თუთიყუშები იქნებოდნენ.
კავშირის სტერეოსიგნალმა დაიწყო ციმციმი. დოქტორმა კრატვოლმა განაცხადა, რომ ო’ნეილის
პოვნა ვისკონსინის შტატში, პორტაჯში, მის საზაფხულო სახლში შეიძლებოდა. მან მას არ დაუკერა და
ამჯობინებდა არც დაერეკა, თუ რა თქმა უნდა შეფი არ მოთხოვდა დაჟინებით. კლეირმა მადლობა
გადაუხადა და სხვებს შემოუტრიალდა.
- აქ ტყუილად ვკარგავთ დროს, - განაცხადა მან. - ამდენი წლის შემდეგ, რაც ჩვენი საქმიანობით
ვართ დაკავებული, ვერაფერი კარგი ვერ ვნახეთ იმის გარდა, რომ გვეცადა გადაგვეჭრა ტექნიკური
საკითხები. ფიზიკოსი არ ვარ, და წარმოდგენა არ მაქვს იმაზე, თუ როგორ მოქმედებს გრავიტაცია. ესაა
ო’ნეილის საქმე. და კარსონის. კარსონ, გაფრინდით ვისკონსინში და ო’ნეილი ჩართეთ საქმეში.
- მე?
- თქვენ. თქვენ ხართ ამ საქმის ორგანიზატორი შესაბამისი ანაზღაურებით. გაემგზავრეთ პორტში,
იქ დაგხვდებათ რაკეტა და საკრედიტო ბარათი თქვენს სახელზე. მოემზადეთ რვა წუთის შემდეგ
გასაფრენად.
კარსონმა თვალები დააფახულა.
- აქ ჩემს სამუშაოს რა ვუყო?
- საინჟინრო განყოფილებას ვაცნობებთ, ისევე როგორც, ბუღალტერიას. იჩქარეთ.
კარსონი პასუხგაუცემლად გაემართა კარისკენ. მასთან მიახლოებისთანავე ნაბიჯები ააჩქარა.
კარსონი წასვლის შემდეგ არაფერი ჰქონდათ გასაკეთებელი, სანამ ის არ გამოჩნდებოდა, თუ იმას არ
ჩავთვლით, რომ განკარგულებები გაიცა სამი სხვა პლანეტისა და ოთხი დიდი თანამგზავრის ფიზიკური
და კულტურული გარემო პირობების განმეორების შესახებ, მათი ზედაპირზე არსებული ბუნებრივი
გრავიტაციული აჩქარების გამოკლებით.
ეს დავალება, მართალია ახალი იყო, მაგრამ სირთულეს არ წარმოადგენდა საზოგადო
სამსახურისთვის. სადღაც ხომ ყოველთვის იყვნენ ადამიანები, რომლებმაც იცოდნენ ყველა პასუხები
საჭირო კითხვებზე. საზოგადო სამსახურის გიგანტურ სამსახურს მხოლოდ მათი პოვნა, დაქირავება და
სამუშაოს მიცემა სჭირდებოდა. არასტანდარტული შეკვეთების მიმღებებს და კატალოგის მიხედვით
შეკვეთების მიმღებების უმეტეს ნაწილს შეეძლო ასეთი დავალება წრიალისა და ნერვიულობის გარეშე
შეესრულებინა.
ფრენსისმა ერთ-ერთი არასტანდარტული მიმღები გამოიძახა. არც კი შეწუხდა ვინმეს არჩევაში,
უბრალოდ პირველივე თავისუფალი გამოიძახა, ვისი ნომერიც პულტზე ანათებდა - ყველა მათგანი
მუდმივ მზადყოფნაში იყო. მან დეტალურად აუხსნა დავალება, შემდეგ კი უბრალოდ დაივიწყა მის
შესახებ. იცოდა, რომ ყველაფერი გაკეთებული იქნებოდა, თან დროულად. პერფორაციული მანქანები
ოდნავ სწრაფად ატკაცუნდებოდნენ, სტერეოეკრანები განათდებოდნენ, ხოლო ჭკვიანი ახალგაზრდები
დედამიწის ყველა კუთხიდან თავის საქმეს მიატოვებდნენ და დაიწყებდნენ სპეციალისტების ძებას,
ზოგი კი დავალების შესრულებას შეუდგებოდა.
იგი კლეირს მოუტრიალდა, რომელმაც თქვა:
10
- მინდა ვიცოდე, რა ჩაიფიქრა ბომონმა. მეცნიერთა კონფერენცია - სისულელეა!
- მეგონა, პოლიტიკით არ იყავი დაინტერესებული, ჯეი.
- არა, არა. გახვრეტილ შაურიანსაც არ მივცემ პოლიტიკურ ახალ ამბებში, საპლანეტათშორისო
ანდა სხვებში, თუ ისინი ჩემს ბიზნესს არ ეხებიან. და რომ ვიცოდე, რას გეგმავენ, შეგვეძლო ტორტიდან
ჩვენთვის უფრო დიდი ნაჭერი მოგვეჭრა.
- მაშ ასე, - ჩაურთო გრეისმა, - შეგვიძლია მოცემულობასავით მივიღოთ, რომ ყველა პლანეტიდან
მძიმეწონიანებმა შეხვედრა და გალაქტიკის სამ ნაწილად დაყოფა გადაწყვიტეს.
- ვინ აღმოჩნდება გარიყული?
- ვფიქრობ მარსი.
- ასეც ჩანს. ძვლებიდან ერთი ვენერელებს შეხვდებათ. ასეთ შემთხვევაში შეგვიძლია რამე
გამოვწუროთ პან-იუპიტერულ სავაჭრო კორპორაციას.
- ცოტა მშვიდად, მეგობარო, მშვიდად, - გააფრთხილა ფრენსისმა. - რამე ასეთს იზამ, და ვიღაც
შეიძლება დაინტერესდეს. ეს ხომ ერთი მედლის ორივე მხარეა.
- ვგონებ, მართალი ხარ. მაგრამ ყურები მაინც დაცქვეტილი გქონდეს. ხომ უნდა იყოს რამე ხერხი,
რომელიც მსუყე ნაჭრის დათრევის საშუალებას მანამდე მოგვცემს, სანამ ყველაფერი დამთავრდება.
გრეის კორმეტის ტელეფონმა დარეკა. მან ტელეფონი ჯიბიდან ამოიღო და თქვა:
- დიახ?
- თქვენთან მისს ჰოგბეინ ჯონსონს სურს საუბარი.
- თქვენ ზრუნავთ მასზე. მე პულტს ვუზივარ.
- არავისთან არ სურს საუბარი, თქვენს გარდა.
- კეთილი. შეფის ეკრანზე გამოიყვანეთ, მაგრამ პარალელურ კავშირზე დარჩით. როგორც კი
მასთან საუბარს დავამთავრებ, თქვენ მიხედავთ.
ეკრანი გამოცოცხლდა და ეკრანის შუაგულში ბრტყელი გამოსახულებით შემოფარგლული მისს
ჯონსონის ჩასუქებული სახე გამოაჩინა.
- ოჰ, მისს კორმეტ, - დაიზმუვლა მან, - საშინელი შეცდომა დაუშვეს. ამ ხომალდზე სტერეოეკრანი
არაა.
- მას ცინცინატში დააყენებენ. ოცი წუთის შემდეგ.
- დარწმუნებული ბრძანდებით?
- სავსებით.
- ო, დიდად გმადლობთ. თქვენთან საუბარი - ისეთი შვებაა. იცით, ვფიქრობ ჩემი სოციალური
მდივანი გაგხადოთ.
- გმადლობთ, - უპასუხა გრეისმა. - მაგრამ კონტრაქტით ვმუშაობ.
- მაგრამ, რა მიუხვედრელი ხართ! შეგიძლიათ მისი გაწყვეტა.
- არა, მაპატიეთ მისის ჯონსონ. კარგად ბრძანდებოდეთ. - ქალმა ეკრანი გათიშა და კვლავ
ალაპარაკდა ტელეფონში. - ბუღალტერიას უთხარით, დაე ანგარიში გაუორმაგონ. მეტი აღარ
დაველაპარაკები, - მან ტელეფონი გათიშა და პატარა მოწყობილობა კვლავ ჯიბეში შეინახა. -
სოციალური მდივანი!

***
კარსონმა სადილის შემდეგ დარეკა, როცა კლეირი უკვე შინ წავიდა. ფრენსისმა თავის კაბინეტში
მიიღო გამოძახება.
- რას მეტყვით კარგს? - ჰკითხა მან, როცა კარსონი გამოსახულება გამოჩნდა ეკრანზე.
- ძალიან ცოტას. ო’ნეილი ვნახე.
- აბა? ამას გააკეთებს?
- იგულისხმეთ, შეძლებს თუ არა ამის გაკეთებას, ასე არაა?
11
- დიახ - შეძლებს თუ არა?
- საოცარი რამ მოხდა, სიმართლე გითხრათ, არ მიფიქრია, რომ ეს თეორიულად იყო შესაძლებელი.
მაგრამ მასთან საუბრის შემდეგ დავრწმუნდი, რომ ეს ასეა. ო’ნეილს თავისი, ახალი შეხედულება აქვს
ველის თეორიის შესახებ, რომელიც არასდროს გამოუქვეყნებია. ეს ადამიანი - გენიოსია.
- ჩემთვის სულ ერთია, - თქვა ფრენსისმა, - გენიოსია თუ მონღოლი იდიოტი. შეძლებს რომ ააგოს
გრავიტაციის შემამცირებელი სისტემა?
- გარწმუნებთ, რომ შეძლებს. ამის სერიოზულად მწამს.
- შესანიშნავია. დაიქირავეთ უკვე?
- არა. საქმეც ეგაა. ამიტომაც გირეკავთ. ბედმა გამიღიმა, რომ კარგ გუნებაზე მყოფს წავაწყდი, და
იმიტომ, რომ ოდესღაც ერთად გვიმუშავია, ასევე იმიტომ, რომ არასდროს ვაბრაზებდი, სხვა
ასისტენტებისგან განსხვავებით, და ვახშმად დამპატიჟა. ჩვენ ბევრ რამეზე ვისაუბრეთ (დაჩქარება არ
შეიძლებოდა) და ჩვენი შეთავაზება გავაცანი. ის ოდნავ დაინტერესდა - თავად იდეას ვგულისხმობ,
მაგრამ არა შეთავაზებით - და ჩემთან გრავიტაციის თეორია განიხილა, უფრო სწორად, ჩემი
თანდასწრებით. მაგრამ მასზე არ იმუშავებს.
- რატომ არა? საკმაო რაოდენობით არ შესთავაზეთ ფული. ვფიქრობ, რომ თავად დავარწმუნებ.
- არა, მისტერ ფრენსის, არა. ვერ მიხვდით. ფული არ აინტერესებს. მატერიალურად სავსებით
დამოუკიდებელია, და იმაზე მეტი აქვს, ვიდრე თავისი კვლევებისთვის სჭირდება, ან რამე სხვისთვის
კიდევ. ამჟამად ტალღური მექანიკის თეორიითაა დაკავებული, და უბრალოდ სხვა საქმით მოცდენა
სურს.
- მიახვედრეთ, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი საქმე?
- დიახ, და არაც. ძირითადად, არა. ვეცადე, მაგრამ მისთვის არ არსებობს რამე იმაზე
მნიშვნელოვანი, რაც თავად სურს. ეს ინტელექტუალური სნობიზმის სახეობაა. სხვა ადამიანებს
უბრალოდ ჩარად არ აგდებს.
- კეთილი, - თქვა ფრენსისმა, - თქვენც არც თუ ცუდად გიმუშავიათ. ახლა ასე ქენით: მას შემდეგ
რაც გაგეთიშებით, დააჭირეთ „შესრულება“-ს და ჩაწერეთ ყველაფერი, რასაც გაიხსენებთ იმის შესახებ,
თუ რას გეუბნებოდათ გრავიტაციული თეორიის შესახებ. სხვა ადამიანებს ვიპოვით, მათ თქვენს
შეტყობინებას გადავცემთ და ვნახავთ, რამე ახალ იდეამდე მივალთ თუ არა. ამასობაში ჯგუფს
დავნიშნავ ო’ნელზე სამუშაოდ. რამე სუსტი წერტილი უნდა ჰქონდეს, უბრალოდ მისი პოვნაა საჭირო.
იქნებ, სადმე ქალი ჰყავს...
- ეს მას უკვე აღარ აინტერესებს.
- ... ან, იქნებ, რაიმე არაკანონიერ შემოსავალს მალავს. ვნახოთ. მინდა, რომ პორტაჯში დარჩეთ.
იმის გამო, რომ ვერ ქირაობთ, შეიძლება თქვენს დაქირავებაზე დაიყოლიოთ. თქვენ ჩვენი მილსადენი
ხართ, და მინდა რომ ღიად დარჩეთ. უნდა გავიგოთ, მას რა სურს, ან, იქნებ რისი ეშინია.
- არაფრის არ ეშინია. დარწმუნებული ვარ.
- მაშინ, რაღაც სურს. თუ ეს ფული და ქალები არაა, მაშინ რამე სხვაა. ბუნების კანონია.
- ვეჭვობ, - ნელა უპასუხა კარსონმა. - მოიცათ! მის ჰობიზე თუ მითქვამს რამე?
- არა. რა აქვს?
- ჩინური ფაიფური. განსაკუთრებით მინის დინასტიის. ვფიქრობ, მას მსოფლიოში საუკეთესო
კოლექცია აქვს. მაგრამ ვიცი, რა სურს!
- თქვით, მეგობარო, თქვით. დრამატიზება არაა საჭირო.
- ეს პატარა ჩინური ფინჯანია, დაახლოებით ოთხი დუიმი დიამეტრით და ორი დუიმი
სიმაღლით. მას ჩინური დასახელება აქვს, რომელიც ნიშნავს „თავდავიწყების ყვავილს“.
- ჰმმ, ცუდად არ ჟღერს. ფიქრობთ, ძალიან სურს მისი ხელში ჩაგდება?
- დიახ, ძლიერ. მის სამუშაო კაბინეტში ამ ფინჯნის სტერეოგრავიურა დგას, სადაც მისით ტკბება
ხოლმე. მაგრამ მასზე ნაღვლიანად საუბრობს.
- გამოარკვიეთ, ვის ეკუთვნის ფინჯანი და სად იმყოფება.
12
- ვიცი. ბრიტანულ მუზეუმშია. ამიტომაც მას მისი შეძენა არ შეუძლია.
- მართლა? - ჩაიბუტბუტა ფრენისმა. - კეთილი, დაივიწყეთ ამის შესახებ. საქმეს შეუდექით.
კლეირი ფრენსისთან ჩავიდა კაბინეტში და სამივემ ერთად დაიწყო ბჭობა შექმნილი პრობლემის
შესახებ.
- ვფიქრობ, ამ საქმეში ბომონი დაგვჭირდება, - თქვა კლეირმა, როცა საქმის არსი შეიტყო. -
იმისთვის, რომ ბრინტანული მუზეუმიდან რამე ავიღოთ, მთავრობის დახმარებაა საჭირო.
ფრენსისი შეფიქრიანებული ჩანდა.
- კეთილი, რა გაწუხებს? რა არაა ისე?
- მე ვიცი, - თქვა გრეისმა. - გახსოვთ შეთანხმება, რომლის მიხედვითაც დიდი ბრიტანეთი
შეუერთდა პლანეტარულ კონფედერაციას?
- ისტორიაში ძლიერი არასდროს ვყოფილვარ.
- საქმეც ეგაა: ვეჭვობ, რომ პლანეტარულ მთავრობას შეუძლია ბრიტანულ მუზეუმში რამეს
მოკიდოს ხელი, ბრიტანული პარლამენტის განკარგულების გარეშე.
- რატომ არა? შეთანხმება არსებობს თუ არა, მაგრამ პლანეტარული მთავრობა სუვერენულია. ეს
დადგინა ბრაზილიური ინციდენტით.
- დიახ, რა თქმა უნდა, მაგრამ ამასთან თემთა პალატას შეიძლება გაუჩნდეს კითხვები, რომლებიც
მიგვიყვანენ ერთ საკითხამდე, რომლის არიდებასაც ბომონი ნებისმიერ ფასად ცდილობს -
გამოაშკარავებამდე.
- ო’კეი. რას გვთავაზობ?
- სონსთან ერთად უნდა გავფრინდე ინგლისში და გავიგო, რამდენად მაგრად არიან ჩაჭიდებული
„თავდავიწყების ყვავილს“, ვინ აგებს პასუხს მასზე და რა სისუსტეები აქვს.
კლეირმა მზერა ფრენსისზე გადაიტანა. ის წინ იცქირებოდა.
- კეთილი, - დათანხმდა კლეირი, - ეგ თქვენი საქმეა. სპეციალური რეისით გაფრინდებით?
- არა, დრო გვაქვს ღამისას გავყვეთ ნიუ-იორკიდან. ბედნიერად.
- ხვალ დამირეკეთ.

***
როცა მომდევნო დღეს გრეისმა შეფს დაურეკა, მის შეხედვაზე კლეირმა წამოიყვირა:
- ღმერთო ჩემო, გოგონა! თმას რა უქენი?
- ეს ბიჭი ვიპოვეთ, - მკაცრად აუხსნა მან. - ქერები - მისი სისუსტეა.
- შესანიშნავი რუჯიც გაქვს.
- რა თქმა უნდა. როგორ მოგწონს?
- სისულელეა - ისეთი მომწონდი, როგორც ყოველთვის იყავი. სონსი რას ფიქრობს ამის შესახებ?
- მისთვის სულერთია - ეს ხომ საქმისთვისაა. ჰო, მართლა, თუ საქმეზე ვილაპარაკებთ, შეფ,
საპატაკო არაფერია. გვერდითი სამუშაო იქნება. ამ საფლავიდან რამე ნორმალური გზით რომ
ამოვიღოთ, მიწისძვრა დაგვჭირდება.
- გეთაყვა, შეეცადეთ კვალი არ დატოვოთ!
- მე ხომ მიცნობთ, შეფ. სადარდებელს არ გაგიჩენთ. მაგრამ ძვირი დაჯდება.
- რა თქმა უნდა
- დღეისთვის სულ ესაა. ხვალ დაგირეკავთ.

***
მომდევნო დღისთვის ქალი კვლავ შავგვრემანი იყო.
- რა ხდება? - ჰკითხა კლეირმა, - მასკარადია?
- ისეთი ქერა არ აღმოვჩნდი, რომელთა მიმართაც სისუსტე ქვს, - განუმარტა ქალმა, - მაგრამ ერთი
ვიპოვე, რომლითაც დაინტერესდა.
13
- ეგ ფანდი გამოდგება?
- ვფიქრობ, კი. სონსი ახლა ხელმოწერას აყალბებს. თუ ბედმა გაგვიღიმა, ხვალ შევხვდებით.
ისინი მომდევნო დღეს გამოჩნდნენ. ხელებში არაფერი ჰქონდათ.
- აბა? - თქვა კლეირმა. - რაო?
- კაბინეტი გადაფარე, ჯეი, - ურჩია ფრენსისმა. - მაშინ ვილაპარაკებთ.
კლეირმა საკონტროლო კლავიშს დააჭირა, კაბინეტი ინტერფერენციულმა ველმა გადაფარა, ასე რომ,
იმაზე გულდასმით იყვნენ დაფარული ვიდრე კუბოშია ხოლმე.
- ფინჯანზე რა ისმის? - მოითხოვა მან. - იშოვეთ?
- უჩვენე, გრეის.
გრეისი ზურგით შეტრიალდა, სამოსის ქვეშ რამდენიმე წამი იფათურა, შემდეგ შემოტრიალდა და
შეფის მაგიდაზე ფინჯანი ფაქიზად დადო.
ის შესანიშნავი კი არა - თავად სილამაზე იყო.
ფინჯნის წვრილ გვერდებს ორნამენტი არ ჰქონდა, ნებისმიერი სამკაული შთაბეჭდილებას მხოლოდ
გააფუჭებდა. მისი თანდასწრებით ყველა ჩუმად საუბრობდა, შიშობდა, რომ მკვეთრ ბგერას შეიძლება
ფინჯანი დაემსხვრია.
კლეირმა ფინჯნის შეხება სურდა, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრა და ხელი უკან წაიღო. ის უბრალოდ
დაიხარა მასზე და შიგ ჩაიხედა. საოცრად ძნელი იყო მზერის ფოკუსირება - ფინჯნის ფსკერის
გასარჩევად. თითქოს, მზერა სულ უფრო და უფრო ღრმად ეშვებოდა, როგორც სინათლის კონა.
კლეირმა თავი გააქნია და თვალები დაახამხამა.
- ღმერთო, - დაიჩურჩულა მან. - ღმერთო, არ ვიცოდი, რომ ასეთი ნივთები არსებობს.
მან გრეისს შეხედა, შემდეგ ფრენსისისკენ მიტრიალდა. ფრენსისს თვალებზე ცრემლი ჰქონდა, ან
შეძლება, ეს იმიტომ მოეჩვენა, რომ საკუთარი მზერა დაენისლა.
- შეხედეთ, შეფ, - თქვა ფრენსისმა, - შეხედეთ, ჩვენთვის ხომ არ დავიტოვოთ და სხვების დედაც
ვატირე?
- ჰმ-მ..., - დაიზმუვლა კლეირმა.
- არა, სიტყვაც არ თქვათ, - თქვა ფრენსისმა დაღლილად. - ვერ დავიტოვებთ, შეფ. არ უნდა
შემომეთავაზებინა, და არ უნდა მისმინოთ. მოდით ო’ნეილს დავურეკოთ.
- შეგვიძლია ერთი-ორი დღე მოვიცადოთ, სანამ რამეს მოვიმოქმედებთ, - წაიბუტბუტა კლეირმა.
მისი მზერა მუდმივად უბრუნდებოდა „თავდავიწყების ყვავილს“. გრეისმა თავი გააქნია:
- არ შეიძლება. ხვალ უფრო ძნელი იქნება. ვიცი.
ის გადაჭრით გაემართა სტერეოეკრანის პულტისკენ და ნომრის აკრეფა დაიწყო.
ო’ნეილი გაღიზიანდა იმის გამო, რომ შეაწუხეს, და ორჯერ მეტად იმის გამო, რომ მათ საგანგებო
გამოძახების სიგნალი გამოიყენეს, რათა გამორთულ აპარატთან ეხმოთ.
- რაშია საქმე?! - დაიყვირა მან, - რატომ აწუხებთ კერძო პირს, თუ მას ეკრანი აქვს გამორთული?
ილაპარაკეთ - და თუ უბრალო საქმისთვის მირეკავთ, ღმერთმა იცის, სასამართლოში გიჩივლებთ!
- გვსურს, რომ ჩვენთვის ერთი პატარა სამუშაო შეასრულოთ, დოკ, - პირდაპირ დაიწყო კლეირმა.
- რა! - ო’ნეილ, საკმაოდ გაოცებული ჩანდა იმისთვის, რომ თავისი მრისხანება ამოენთხია. -
გინდათ თქვათ, სერ, რომ ჩემი ოჯახის მყუდროება იმიტომ დაარღვიეთ, რომ გეთხოვათ მემუშავა
თქვენთვის?
- ანაზღაურებამ წესით უნდა დაგაკმაყოფილოთ.
ო’ნეილმა, თითქოს ათამდე დაითვალა, სანამ პასუხს გასცემდა.
- სერ, - თქვა მან, სიტყვების გამოკვეთილად წარმოთქმით. - არსებობენ ადამიანები, რომლებიც
ფიქრობენ, რომ ყველაფრის ანდა ყველას ყიდვას შეძლებენ. ვბედავ დაგარწმუნოთ, რომ ისინი ამ
ფიქრებით ხშირად შორს შეტოპავენ ხოლმე. მაშ ასე, გიცხადებთ, სერ, რომ მე არ ვიყიდები. იმის გამო,
რომ მგონია, თქვენ ერთ-ერთ ასეთ აწ ნახსენებ პიროვნებებს მიეკუთვნებით, ყველაფერს გავაკეთებ

14
იმისთვის, რომ ეს ინტერვიუ ძვირად დაგიჯდეთ. ამის შესახებ ჩემი ადვოკატებისგან შეიტყობთ.
მშვიდობიან ღამეს გისურვებთ!
- ერთ წამს შეიცადეთ, - დაბეჯითებით თქვა კლეირმა. - ვიცი, რომ ჩინური ფაიფურით ხართ
დაინტერესებული...
- რითი?
- უჩვენე, გრეის.
გრეისმა „თავდავიწყების ყვავილი“ ეკრანთან მიიტანა, ორივე ხელით ფრთხილად ეჭირა. ო’ნეილი
არაფერს ამბობდა. ის წინ დაიხარა და უცქერდა. თითქოს, ეკრანში გაძვრომა სურდა.
- სად აიღეთ? - თქვა ბოლოს.
- მნიშვნელობა არ აქვს.
- დამისახელეთ თქვენი ფასი და შევიძენ.
- ფინჯანი გასაყიდად არაა. მაგრამ შეგიძლიათ მიიღოთ, თუ შევთანხმდებით.
ო’ნელმა შეხედა:
- ეს მოპარული ნივთია.
- ცდებით. ასევე ვერავის იპოვით, ვინც ასეთ ბრალდებას დაუჭერდა მხარს. ახლა რაც შეეხება
სამუშაოს...
კლეირმა პრობლემის არსი აუხსნა. როცა დაამთავრა, ო’ნეილმა თავი გააქნია:
- არასერიოზულია, - თქვა მან.
- საფუძველი გვაქვს გვჯეროდეს, რომ ეს თეორეტულად შესაძლებელია.
- დიახ, რა თქმა უნდა! თეორეტულად მუდმივად სიცოცხლეც შესაძლებელია. მაგრამ ვერავინ
ვერასდროს შეძლო.
- ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ სამუშაოს შესრულება შეგიძლიათ.
- დიდად გმადლობთ. მოიცათ! - ო’ნეილმა ეკრანიდან თითი მიუშვირა კლეირს. - თქვენ
მომიგზავნეთ ეს ახალგაზრდა არამზადა კარსონი!
- ჩემი მითითებით მოქმედებდა.
- მაშინ, სერ, თქვენი მანერები არ მომწონს.
- და სამუშაოზე რას იტყვით? და ამაზე? - კლერმა ფინჯანზე მიანიშნა.
ო’ნელმა ფინჯანს დახედა და ულვაში ჩაღეჭა.
- ვთქვათ, - თქვა ბოლოს, - სერიოზულად შევეცდები, ჩემი უნარების სრული გამოყენებით, ის
გავაკეთო, რაც გსურთ - და ვერ შევძლებ.
კლეირმა თავი გააქნია:
- მხოლოდ მიღწეული შედეგისთვის ვიხდით გასამრჯელოს. ჰო, თქვენი ხელფასი, რა თმა უნდა,
მაგრამ ეს ის არაა. ეს, ასევ თქვათ, პრემიაა წარმატებულად შესრულებული სამუშაოსთვის.
ო’ნეილმა თითქოს გადაწყვიტა, რომ დათანხმებოდა, მაგრამ უეცრად მკვეთრად თქვა:
- იქნებ სტერეოგრავიურით მატყუებთ. ამ ჯანდაბა ეკრანით ვერაფერს ვიტყვი!
კლეირმა მხრები აიჩეჩა.
- მობრძანდით და თავად ნახეთ.
- დიახ. ახლავე მოვალ. დარჩით, სადაც ხართ. სად იმყოფებით? ეშმაკმა წაიღოს, სერ, რა გქვიათ?
ო’ნეილი ორ საათში მოვარდა.
- გამაცურეთ! „ყვავილი“ ინგლისშია. გავარკვიე. მე... მე თქვენ დაგსჯით, სერ, აი ამ ორი ხელით.
- აქეთ გამოიხედეთ, - უპასუხა კლეირმა. ის გვერდით გაიწია, რომ ო’ნეილს მაგიდის ზედაპირის
დანახვა შეძლებოდა.
მათ პატივი სცეს - საშუალება მისცეს დამტკბარიყო და ფინჯანი მშვიდად დაეთვალიერებინა. ის მას
დიდი ხანი ათვალიერებდა, შემდეგ შემოტრიალდა, მაგრამ არაფერი უთქვამს.
- აბა, რას იტყვით? - ჰკითხა კლეირმა.

15
- აგიგებთ მაგ ჯანდაბა შემანელებელს, - ხრინწიანად თქვა ო’ნეილმა. - გზად პრობლემის
გადაწყვეტა მოვიფიქრე.

***
ბომონი თავად გამოცხადდა კლეირის კაბინეტში კონფერენციის პირველ სესიამდე ერთი დღით
ადრე.
- გადავწყვიტე გწვეოდით, მისტერ კლეირ, - განაცხადა მან. - მინდა ჩემი პირადი მადლიერება
გაგიზიაროთ შესრულებული სამუშაოსთვის. და ეს გადმოგცეთ.
„ეს“ აღმოჩნდა შეთანხმებული თანხის ცენტრალური ბანკის ჩეკი. კლეირმა ჩეკი აიღო, დახედა, თავი
დააქნია და მაგიდაზე დადო.
- უნდა ჩავთვალოთ, - შენიშნა მან, - რომ მთავრობა კმაყოფილია შეკვეთის შესრულებით?
- რბილადაა ნათქვამი, - შენიშნა ბომონმა. - სიმართლე გითხრათ, არ მგონა, რომ ასე ბევრს
შეძლებდით. თითქოს ყველაფერი გათვალეთ, რაც კი შეიძლებოდა. კალისტოს დელეგაცია ახლა თქვენს
მიერ დამზადებულ პატარა კამერაში ღირშესანიშნაობებს ათვალიერებს. უბრალოდ აღტაცებულები
რიან. საიდუმლოდ გეტყვით ვფიქრობ, მოსალოდნელი სესიის დროს მათი ხმის იმედი უნდა
ვიქონიოთ.
- გრავიტაციული ფარები ნორმალურად მუშაობენ?
- შესანიშნავად. სათვალთვალო კაბინაში მანამდე შევედი სანამ მათ გადავცემდით. ბუმბულივით
მსუბუქი ვიყავი. უფრო მეტადაც მსუბუქი - კინაღამ კოსმოსურ დაავადებისგან თავი ცუდად ვიგრძენი. -
მან გაიღიმა. - ასევე შევედი იუპიტერელთა სათავსოშიც. იქ სავსებით სხვანაირად ვიგრძენი თავი.
- დიახ, რა თქმა უნდა, - დაეთანხმა კლეირი. - ორნახევარჯერ მეტი წონა საკმაოდ
დამთრგუნველია.
- კიდევ ერთხელ გილოცავთ რთული სამუშაოს წარმატებით დასრულებას. ჩემი წასვლის დროა. აჰ,
დიახ, სულ დამავიწყდა, კიდევ ერთი მცირე საკითხი: დოქტორ ო’ნეილს ვესაუბრე იმის თაობაზე, რომ
ადმინისტრაცია მისი ნამუშევრის შემდგომი გამოყენებითაა დაინტერესებული. საკითხის
გამარტივებისთვის სასურველი იქნებოდა, რომ აღეჭურვეთ საზოგადო სამსახურის მიერ ო’ნეილის
ეფექტის ფლობის უფლებაზე წერილობითი უარყოფით.
კლეირი ჩაფიქრებული უცქერდა „მოტირალ ბუდას“ და ცერზე ფრთჩხილს ღეჭდა:
- არა, - ნელა თქვა მან, - არა, ვშიშობ ამის გაკეთება რთული იქნება.
- რატომ არა? - ჰკითხა ბომონმა. ეს საშუალებას მოგცემთ სასამართლო დავების ხარჯები და
დროის ტყუილად ფლანგვა აიცილოთ თავიდან. მზად ვართ თქვენი დამსახურება ვაღიაროთ და
ღირსეულად შევაფასოთ ისინი.
- ჰმ-მ, ვფიქრობ, სიტუაციას ჯეროვნად ვერ აფასებთ, მისტერ ბომონ. ჩვენს თქვენთან დადებულ
კონტრაქტსა და ო’ნელთან დადებულს შორის ერთგვარი სხვაობაა. თქვენ გვთხოვეთ გარკვეულ სახის
მომსახურება და ამ ამოცანის შესრულებისთვის გარკვეული პირობები. ჩვენ ის უზრუნველვყავით -
შეთანხმებული ფასში. საქმე გაკეთებულია. მაგრამ დოქტორ ო’ნეილთან ჩვენს კონტრაქტში
იგულისხმებოდა, რომ ის ჩვენი მუშაკი იქნებოდა, და მთელი სამუშაო დღის განმავლობაში იქნებოდა
დაკავებული ამოცანის შესრულების პერიოდში. ამგვარად, მისი კვლევების შედეგები და
დაპატენტებული აღმოჩენები საზოგადო სამსახურის საკუთრებას წარმოადგენს.
- ნუთუ? - გაოცდა ბომონი. - დოქტორ ო’ნეილს სულ სხვაგვარი წარმოდგენა აქვს ამ საკითხზე.
- დოქტორი ო’ნეილი ცდება. გიდასტურებთ, მისტერ ბომონ, რომ თქვენ გვთხოვეთ
შეგვემუშავებინა, მხატვრულად რომ ვთქვათ, საალყო იარაღი, ციხე-სიმაგრის კედლის შესანგრევად. ხომ
არ გსურთ იმის თქმა, რომ ჩვენ ის პირველივე გასროლისთანავე უნდა გადავაგდოთ?
- არა, უნდა ვიფიქროთ, რომ არა. მაშ როგორ გსურთ მისი გამოყენება?

16
- გადავწყვიტეთ გრავიტაციული მოდულატორის კომერციული ექსპლოატაცია დავიწყოთ. იმედი
მაქვს, რომ კარგ შემოსავალს მივიღებთ, თუ მარსის პირობებს მოვარგებთ.
- დიახ, სავსებით გონივრულად ჟღერს. მაგრამ უნდა შევნიშნო, მისტერ კლეირ, ვშიშობ, რომ ეს
შეუძლებელი იქნება. გლობალური პოლიტიკური სტრატეგიიდან გამომდინარე, მიღწევის გამოყენება
მხოლოდ დედამიწით უნდა იყოს შემოფარგლული. ფაქტობრივად, ადმინისტრაცია იძულებული იქნება
ჩაერიოს და ამ აღმოჩენაზე სახელმწიფო მონოპოლია დააწესოს.
- იმაზე თუ გიფიქრიათ, როგორ დააწყნარებთ ო’ნეილს?
- შეცვლილი გარემოებების თვალსაზრისიდან გამომდინარე, არა. ამ მიზნით რის ორგანიზებას
აპირებთ?
- კორპორაციის, სადაც ის პრეზიდენტი იქნება და აქციების კარგი პაკეტი ექნება. ერთი ჩვენი
იმედისმომცემი ახალგაზრდა დირექტორთა საბჭოს წევრი გახდება, - კლეირმა კარსონზე გაიფიქრა. -
ვგონებ, ამ კომპანიას კარგი პერსპექტივები ექნება, - დასძინა მან, და ბომონს სახეში შეხედა.
ბომონმა გამოწვევის იგნორერება გააკეთა:
- ვვარაუდობ, რომ ეს კორპორაცია სახელმწიფო კონტრაქტებზე - თავის ერთადერთ შემკვეთზე
იმუშავებს?
- დიახ, ასეთი იდეა გვაქვს.
- მ-მ... დიახ, ცუდი იდეა არ ჩანს. მაგრამ, შეიძლება, უკეთესი იყოს თუ დოქტორ ო’ნეილს
გავესაუბრები.
- კი ბატონო.
ბომონმა ო’ნეილი ეკრანზე გამოიძახა და ჩუმად დაუწყო ლაპარაკი.
ან, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ჩუმად მხოლოდ თავად ბომონი საუბრობდა. ო’ნეილი, თითქოს
მიკროფონის მოგლეჯას აპირებდა. კლეირმა ფრენსისს და გრეისს დააძახებინა და აუხსნა, რა მოხდა.
ბომონი ეკრანიდან მოტრიალდა.
- დოქტორს თქვენთან საუბარი სურს, მისტერ კლეირ.
ო’ნეილმა მკაცრად შეხედა.
- რა სისულელეს მასმენინებთ, სერ? იმის შესახებ, რომ ო’ნეილის ეფექტი თქვენს საკუთრებას
წარმოადგენს?
- ეს თქვენი კონტრაქტით იყო გათვალისწინებული, დოკ. ნუთუ არ გახსოვთ?
- კონტრაქტი! არ წამიკითხავს ეგ ჯანდაბა კონტრაქტი, მაგრამ ერთს გეტყვით: სასამართლოში
მიგათრევთ. ბორკილებს დაგადებთ, მაგრამ ამგვარი სახით ჩემგან სულელს არ გამოგაყვანინებთ.
- ერთი წუთით, დოკ, გეთაყვა! - შეეცადა მის დაშოშმინებას კლეირი. - არ ვაპირებთ თქვენი
გამოგონების უბრალოდ ექპლოატირებას, და ჩვენ არ ვაპირებთ თქვენი ინტერესების დაკნინებას. ნება
მიბოძეთ მოგიყვეთ, რაზე ვფიქრობ...
მან მოკლედ ჩამოაყალიბა თავისი გეგმა. ო’ნეილი უსმენდა, მაგრამ საუბრის დამთავრების შემდეგ
გამომეტყველება არ შეცვლია.
- ჩემთვის სულ ერთია, - თქვა მოღუშულმა. - რამდენადაც ვიცი. სახელმწიფო აპირებს მთელი
საქმის ხელში ჩაგდებას. აი, ასეა, ბატონო ჩემო.
- კიდევ ერთი პირობა არ გამიჟღერებია, - დასძინა კლეირმა.
- თავს ნუ შეიწუხებთ.
- ვალდებული ვარ. ეს უბრალოდ ჯენტლმენური შეთანხმებაა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი.
თქვენ გაქვთ „თავდავიწყების ყვავილი“.
ო’ნეილი კვლავ დაცქვიტა ყურები:
- რას ნიშნავს „გაქვთ“? ის მე მეკუთვნის. გესმით - მეკუთვნის.
- გეკუთვნით, - გაიმეორა კლეირმა. - ამისდა მიუხედავად, იმ შემოთავაზების საპატივსაცემოდ,
რომელსაც თქვენ გაძლევთ, თქვენი დამსახურების გათვალისწინებით, ჩვენ რაღაც გვინდა სანაცვლოდ.
- რა? - იკითხა ო’ნეილმა. ფინჯნის ხსენებამ უფრო მეტად გააცოფა.
17
- ფინჯანი თქვენ გეკუთვნით, და მის მფლობელად დარჩებით. მაგრამ თქვენი სიტყვა მომეცით,
რომ მე, ან მისტერ ფრენსისი, ან მისს კორმეტი დროგამოშვებით შევძლებთ თქვენთან სტუმრობას მის
საცქერად.
ო’ნეილმა, თითქოს ყურებს არ დაუჯერა:
- გულისხმობთ, რომ უბრალოდ საცქერად გსურთ მოსვლა?
- სწორედ ასეა.
- უბრალოდ ისიამოვნოთ ცქერით?
- სავსებით მართალი ბრძანდებით.
ო’ნეილმა მას რაღაც ახლებურად, სხვანაირი პატივისცემით შეხედა.
- მაპატიეთ, მისტერ კლეირ, წეღან ვერ გაგიგეთ. რაც შეეხება კორპორაციის შესახებ სისულელეს -
როგორც გნებავთ, ისე მოიქეცით. ჩემთვის სულ ერთია. თქვენ, მისტერ ფრენსისი და მისს კორმეტი
შეგიძლიათ „ყვავილის“ საცქერად მობრძანდეთ, როცა მოგესურვებათ. სიტყვას გაძლევთ.
- დოქტორო ო’ნეილ, ყველას სახელით გმადლობთ.
ის ისე სწრაფად გამოეთიშა, რამდენადაც ამას თავაზიანობა ითვალისწინებდა. ბომონიც ახლა
სხვანაირად უცქერდა კლეირს:
- ვფიქრობ, - თქვა მან, - რომ სხვა დროს არ ღირს ჩავერიო იმაში, თუ როგორ ათანხმებთ
დეტალებში. სჯობს, წავიდე. მომავალ შეხვედრამდე, ბატონებო და მისს კორმეტ.
როცა მის უკან კარი მიიხურა, გრეისმა თქვა:
- მგონი ყველაფერი თავის ადგილზე დადგა.
- დიახ, - თქვა კლეირმა. - მისი ძაღლი გავასეირნეთ; ო’ნეილმა მიიღო, რაც სურდა. ბომონმაც,
მასზე მეტი.
- საინტერესოა, ახლა რას გააკეთებს?
- არ ვიცი, მაგრამ ვეჭვობ, რომ ისურვებდა გამხდარიყო მზის სისტემის ფედერაციის პირველი
პრეზიდენტი, თუ, რა თქმა უნდა, ოდესმე ასეთი თანამდებობა შეიქმნება. იმ კოზირებით, რომლებიც მას
ვაჩუქეთ, ამის გაკეთება შეუძლია. წარმოგიდგენიათ ო’ნეილის ეფექტის პოტენციური შესაძლებლობები?
- ბუნდოვნად, - თქვა ფრენსისმა.
- იმაზე თუ დაფიქრებულხართ, რას მისცემს ეს კოსმოსურ ნავიგაციას? ან სხვა პლანეტების
კოლონიზაციის შესაძლებლობს? მედიცინას? ყველა ამ სფეროში დიდი ფულის შოვნაა შესაძლებელი.
- და ჩვენ რა სარგებელს მივიღებთ?
- რა სარგებელს მივიღებთ? ფულს, მეგობარო. მილიონებს და მილიარდებს. ფული მაშინ ჩნდება,
როცა ხალხს იმას აძლევ, რაც მათ სურთ. - მან ფირმის ემბლემას - შოტლანდიურ ტერიერს შეხედა.
- ფული, - გაიმეორა ფრენსისმა. - დიახ, მგონი მართლაც ასეა.
- ყოველ შემთხვევაში, - დასძინა გრეისმა, - ყოველთვის შეგვიძლია წავიდეთ და „ყვავილს“
დავხედოთ.

18

You might also like