You are on page 1of 8

უზენაესი

თარგმნა თამარ სუბელიანმა

(ვუდი ალენი, „ჩემი აპოლოგია“, გამომცემლობა „ინტელექტი“, 2015)

ოფისში ვიყავი, ჩემს ოცდათვრამეტკალიბრიანს ვწმენდდი იმაზე ჩაფიქრებული , ამჯერად


რა საქმე მელოდა წინ. კერძო დეტექტივობით ძალიანაც კმაყოფილი ვარ , იმისდა
მიუხედავად, რომ ზოგჯერ ღრძილებს დომკრატით მიჩეჩქვავენ , მაგრამ მწვანე
კუპიურების სურნელად მაინც ღირს ეს. მანდილოსნებზე აღარაფერს ვიტყვი , ჰაერივით
რომ არიან ჩემთვის. მაგიტომ იყო, ოფისის კარი ქერა, გრძელთმიანმა გოგონამ – ჰიზერ
ბატკისმა – რომ შემოაღო და მითხრა, შიშველი ვპოზიორობ ფოტოგრაფებთან, ახლა კი
თქვენი დახმარება მჭირდებაო, სანერწყვე ჯირკვალმა სამჯერ სწრაფად დაიწყო
მოქმედება. მოკლე ქვედაბოლო და მოტმასნილი სვიტერი ეცვა, სხეულის ფორმები კი
პარაბოლებს მიუგავდა, რაც იაკსაც კი გულის შეტევას დამართებდა .

– რით შემიძლია დაგეხმარო, საყვარელო?

– ვიღაც მინდა იპოვო.

– დაკარგულია? პოლიციას უკვე მიმართე?

– არა, მისტერ ლუპოვიც.

– შეგიძლია კაიზერი დამიძახო, საყვარელო, აბა, ვის ეძებთ?

– ღმერთს.

– ღმერთსო, ამბობ?

– კი. ღმერთს, შემოქმედს, ყოველთა არსთა მაარსებელს. მინდა ის იპოვო.

გიჟები აქამდეც მოსულან ჩემთან, მაგრამ როცა გოგონა ასეთ ტანზე დგას, იმას უნდა
მოუსმინო.

– რატომ?

– ეგ ჩემი საქმეა, კაიზერ.

– მაპატიე პატარავ მე ის არ ვარ, ვინც შენ დაგეხმარება.

– რატომ?

– ყველაფერი უნდა ვიცოდე, –წამოვდექი.

– კარგი. კარგი. – ქვედა ტუჩი მოიკვნიტა. ჩემს დასანახად მაღალყელიანი წინდა


შეისწორა, მაგრამ ამ ანკესზე ვერ წამომაგებდა.

– მოკლედ მომიყევი, პატარავ.

– სიმართლე გითხრა, სულაც არ ვმუშაობ მოდელად.

– ნუთუ?
– არა. სინამდვილეში არც ჰიზერ ბატკისი მქვია. კლერ როსენსვაიგი ვარ, ვასარის
კოლეჯის სტუდენტი. ფილოსოფიის მაგისტრი. დასავლური აზროვნების ისტორიას და
ასეთ რამეებს ვსწავლობ. იანვარში საბოლოო ნაშრომი უნდა ჩავაბარო. დასავლურ
რელიგიებზე ვწერ. ხომ ვიცი, ყველა სხვა სტუდენტი იყალთაბანდებს და ზერელედ
მიუდგება ამ საქმეს. მე კი მართლა მინდა ვიცოდე. პროფესორმა გრებანიემ თქვა , თუ
ვინმე ჭეშმარიტებას შეიტყობს, ის მომდევნო კურსზე ავტომატურად გადავაო . მამაჩემი კი
შემპირდა, თუ სულ მაღალი ქულები გამოგყვება, „მერსედესს“ გიყიდიო.

ჯერ „ლაკის“ კოლოფი გავხსენი, მერე კევის და ორივე პირში ჩავიდე. ამ ამბავს
საინტერესო პირი უჩანდა. გაფუჭებული სტუდენტი გოგო. IQ-ც მაღალი ჰქონდა და ამის
სხეულსაც სიამოვნებით გავეცნობოდი უკეთ.

– როგორ გამოიყურება ღმერთი?

– არასდროს მინახავს.

–აბა, რა იცი, რომ არსებობს?

– შენ სწორედ ამისთვისა ხარ.

– დიდებულია, ჰმ, დიდებული. არც ის იცი, როგორ გამოიყურება და არც ის, საიდან
დავიწყო მისი ძებნა?

– არა, არაფერი ვიცი, თუმცა მგონია, რომ ყველგანაა. ჰაერშიც, ყვავილებშიც , შენშიც ,
ჩემშიც, აი, ამ სკამშიც.

– აჰა.

პანთეისტი ყოფილა. მოვკიდებ ამ საქმეს ხელს-მეთქი, ვუთხარი – დღეში ას დოლარად,


სხვა ხარჯებისა და ჭამის ხარჯებიც მასზე იყო. გამიღიმა და შევთანხმდით . ლიფტით
ერთად ჩამოვედით. გარეთ ბნელდებოდა: ღმერთი ან არსებობდა, ან არა , მაგრამ ამ
ქალაქში ნაღდად ბევრი ვინმე იყო ისეთი, ამის გარკვევაში რომ ხელს შემიშლიდა .

პირველი ჩემი წყარო რაბი იცხაკ ვაისმანი იყო, ადგილობრივი სასულიერო პირი . ჩემგან
დავალებული იყო – ერთხელ გავერკვიე, ვინ გაქონა მისი ქუდი ღორის ცხიმით.
დაველაპარაკე თუ არა, მაშინვე მივხვდი, რაღაც რიგზე ვერ იყო, შეშინებული ჩანდა .
ძალიან შეშინებული.

– რა თქმა უნდა, ჩვენ-რომ-ვიცით-ის არსებობს, მაგრამ მისი სახელის გამჟღავნების


უფლებაც არ მაქვს. ეგ რომ გავბედო, მაშინვე მომკლავს, თუმცა ნამდვილად ვერ გამიგია ,
ვინმეს ასე რატომ უნდა აფრთხობდეს თავისი სახელის გაგონება.

– გინახავს ოდესმე?

– მე? მასხრობ, არა? იმაშიც გამიმართლა, ჩემი შვილიშვილები რომ ვნახე.

– აბა, რა იცი, რომ მართლა არსებობს?

– საიდან ვიცი? რასაა, რომ მეკითხები? ასეთ კოსტიუმს თოთხმეტ დოლარად როგორ
ვიშოვიდი, იქ, მაღლა რომ არ იყოს ვინმე? მოკიდე ხელი, აბა, გაბარდინს, ამაში ეჭვი
როგორ გეპარება?
– სხვა ვერაფრით დამიმტკიცებ?

– შენ, აბა, ძველი აღთქმა რა გგონია? რას ფიქრობ, მოსემ ებრაელები ეგვიპტიდან როგორ
გამოიყვანა? ღიმილითა და სტრიპტიზის ცეკვით? მერწმუნე, წითელ ზღვას ორად
რომელიმე სუპერმარკეტში შეძენილი იაფფასიანი ნივთით ვერ გააპობ . დიდი ძალა
სჭირდება მაგას.

– ძლიერი ვინმეა, არა?

– კი, ღონიერი ვინმეა. მაგრამ მთელი მისი მიღწევების მიუხედავად , მაინც არ


გაკეთილშობილდა.

– ამდენი რამ საიდან იცი?

– ჩვენ რჩეული ერი ვართ. როგორ ზრუნავს თავის შვილებზე, იცი? თუ საშუალება
მომეცემა, ამაზეც დაველაპარაკებოდი ერთ დღეს.

– მაგაში რამდენი გადაუხადეთ? თქვენ რომ აერჩიეთ.

– მაგას ნუ მკითხავ.

აი, თურმე როგორ ყოფილა საქმე: ებრაელებს კავშირები აქვთ ღმერთთან. ფულის
სანაცვლოდ მათზე ზრუნავს და, იმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რაბი ვაისმანი როგორც
ლაპარაკობდა, ცოტას არ იღებდა მათგან. ტაქსიში ჩავჯექი და მეათე ავენიუზე დენის
საბილიარდოსთან ჩამოვედი. მენეჯერი ერთი გამხდარი ტიპი იყო, რომელიც დიდად არ
მეხატებოდა გულზე.

– ჩიკაგო ფილი აქ არის?

– ვინ კითხულობს?

საყელოში წავეტანე.

– რასაა, რომ მიბედავ, ბიჭო?

– უკანაა, – მაშინვე ტონი შეცვალა.

ჩიკაგო ფილი ყალბი ფულის მჭრელი, ბანკის მძარცველი, ღონიერმკლავებიანი კაცი და


პირწავარდნილი ათეისტი იყო.

– მაგ ტიპს არასდროს უარსებია, კაიზერ. ფარსია ეგ. ვიღაც თაღლითობს. არავითარი
უზენაესი არ არსებობს. მთელი სინდიკატი ჰყავთ. ძირითადად სიცილიელები .
საერთაშორისო დაჯგუფებაა. მაგრამ სათავეში არავინ უდგათ. თუ რომის პაპს არ
ჩავთვლით.

– პაპს მინდა შევხვდე.

– მაგის მოგვარება შეიძლება, – თვალი ჩამიკრა.

– სახელი კლერ როსენსვაიგი რამეს გეუბნება?

– არა.
ჰიზერ ბატკისი?

– მოიცა. ჰო, რა თქმა უნდა. ეგ ის დიდძუძუებიანი გოგო არაა, რედ-კლიფელი?

– რედკლიფელიო? ვასარი რომ მითხრა?

– მოუტყუებიხარ. რედკლიფში ასწავლის. ერთ ფილოსოფოსთან ჰქონდა ურთიერთობა


ცოტა ხანს.

– პანთეისტთან?

– არა. ემპირიცისტთან, როგორც მახსოვს. ცუდი ტიპი იყო. ჰეგელსაც უარყოფდა და


ყოველგვარ დიალექტურ მეთოდოლოგიებსაც.

– ერთი იმათგანი ყოფილა.

– ჰო, ჯაზტრიოს დრამერი იყო. მერე ლოგიკურ პოზიტივიზმში ამოყო თავი. ეგ რომ არ
გამოუვიდა, პრაგმატივიზმი სცადა. ბოლოს ყური მოვკარი, რომ ფული მოუპარავს ,
კოლუმბიის უნივერსიტეტში შოპენჰაუერის კურსის გასავლელად. ვიღაც ბიჭებს უნდოდათ
ეპოვათ – მაგის სახელმძღვანელოებს მაინც დაიტაცებდნენ და გაყიდდნენ .

– გმადლობ ფილ.

– დამიჯერე, კაიზერ. არავინ არსებობს. არავინ და არაფერი. სულ არაფერი. შენი აზრით ,
მე რომ რაღაცის არსებობა მეგრძნო, ან ამ ყალბი ჩეკების განაღდებას მოვახერხებდი , ან
კიდევ გარშემომყოფების ასე მართვას? არაფერია უსასრულო. სამყაროში ყველაფერი
უაზრობაა.

– მეხუთე ვინ მოიგო გუშინ?

– „სანტა ბეიბიმ“.

ო’როურკისთან ლუდი დავლიე და ვცადე ყველაფერი შემეჯამებინა, მაგრამ სრული


უაზრობა გამოდიოდა. აღმოჩნდა, რომ სოკრატეს თავი მოუკლავს (ან შესაძლოა ჭორები
იყო), ქრისტე მოუკლავთ. ნიცშე გაგიჟებულა. თუ ვინმე მართლა არსებობდა, ის
ყველანაირად ცდილობდა, ამის შესახებ არავის შეეტყო და კლერ როსენსვაიგი რატომღა
ტყუოდა ვასარის შესახებ? ნეტა, დეკარტი ცდებოდა? სამყარო დუალისტურია თუ არა ? და
კანტს თავში რამე ჩაარტყეს, ღვთის არსებობა რომ დაამტკიცა მორალურ პრინციპებზე
დაყრდნობით?

იმ ღამით კლერთან ვისადილე, ანგარიშის მოტანიდან ათი წუთის შემდეგ საწოლში


აღმოვჩნდით და, ძმაო, მიხვდები, იქ რაც მოხდა. ისეთი ილეთები ჩაატარა , რომ ტია
იუანას ოლიმპიადაზე პირველადგილოსანი გახდებოდა. მერე ჩემ გვერდით დაწვა ,
გრძელი ქერა თმა გადაყარა ბალიშზე. ჩვენი შიშველი სხეულები ისევ ერთმანეთში იყო
გადახლართული. ვეწეოდი და ჭერს ვუყურებდი.

– კლერ, იქნებ კირკეგორი მართალი იყო?

– რას გულისხმობ?

– იქნებ ვერასდროს ვერ გავიგებთ სიმართლეს. იქნებ უნდა ვირწმუნოთ...


– სრული აბსურდია.

– ასეთი რაციონალური ნუ ხარ.

– არავინაა რაციონალური, კაიზერ, – გოგონამ სიგარეტს მოუკიდა, – ოღონდ


ონტოლოგიურად ნუ იქცევი. ახლა ნუ იზამ ამას. ვერ ავიტანდი, ჩემთან რომ
ონტოლოგიური ყოფილიყავი.

გაბრაზებული ჩანდა: დავიხარე და ვაკოცე, ტელეფონმა დარეკა. გოგონამ უპასუხა .

– შენთან არიან.

ტელეფონის ხაზზე სერჟანტი როდი იყო მკვლელობის განყოფილებიდან.

– ისევ ღმერთს დაეძებ?

– ჰო.

– ყოვლისშემძლეს? უზენაესს? სამყაროს შემოქმედს? ყოველთა არსთა მაარსებელს?

– ჰო.

– მაგ აღწერილობისა ვიღაც გამოჩნდა მორგში. ჯობს მოხვიდე და ნახო.

როგორც ჩანდა, მართლა ის იყო, პროფესიონალის გაკეთებული უნდა ყოფილიყო.

– აქ რომ მოვიყვანეთ, მკვდარი იყო.

– სად იპოვეთ?

– დელანსის ქუჩის ერთ სათავსოში.

– რას ფიქრობ ამაზე?

– ეგზისტენციალისტის ხელი ურევია. დარწმუნებული ვართ.

– საიდან ასკვნით?

– რაღაც სისტემას არ ექვემდებარება. იმპულსურად გაკეთებულს ჰგავს.

– ეჭვიანობის ნიადაგზე მკვლელობაა?

– დიახ. რაც იმაზე მეტყველებს, რომ ეჭვმიტანილი შენა ხარ, კაიზერ.

– მე რატომ?

– ყველამ იცის აქ, იასპერსისადმი რა დამოკიდებულებაც გაქვს.

– ეგ იმას არ ნიშნავს, რომ მკვლელი ვარ.

– რა თქმა უნდა. სამაგიეროდ იმას ნიშნავს, რომ ეჭვმიტანილი ხარ.

ქუჩაში რომ გამოვედი ღრმად ამოვისუნთქე და ვცადე გონება გამესუფთავებინა .


ნიუარკში ტაქსით მივედი, ერთი უბანი ფეხით გავიარე ჯორდინოს იტალიურ
რესტორნამდე. იქ,შავ მაგიდასთან მისი უწმინდესობა , რომის პაპი იყო. ორ ისეთ ტიპთან
ერთად იჯდა, მათზე ძებნა რომ ჰქონდა პოლიციას გამოცხადებული.

– ჩამოჯექი, – თავის ფეტუჩინის თვალი მოსწყვიტა და ამომხედა. ხელი გამომიწოდა. ისე


გავუღიმე, ყველა კბილი გამომიჩნდა, მაგრამ ხელზე არ ვემთხვიე. ამით შეშფოთდა , მე კი
მაგრად გამისწორდა. ერთი ქულა იყო ჩემს სასარგებლოდ.

– ფეტუჩინოზე ხომ არ დამეწვევი?

– არა, გმადლობთ, თქვნო უწმინდესობავ, თქვენ კი განაგრძეთ.

– არაფერს მიირთმევ? არც სალათას?

– უკვე ვისადილე.

– ნება შენია, მაგრამ მაინც გეტყვი, აქ ისეთი ლურჯი ყველი აქვთ, რომ თითებს ჩაიკვნეტ !
ვატიკანში რომ არის, ისე კი არაა, რიგიანად რომ ვერ დანაყრდები .

– საქმეზე გადავალ, მღვდელმთავარო. ღმერთს დავეძებ.

– იმასთან მოხვედი, ვისთანაც საჭიროა.

– მაშინ ისიც მითხარი, არსებობს? – ამ შეკითხვამ ძალიან გაამხიარულა და გაეცინა .

– ერთი ამ ვაჟბატონს დამიხედეთ. იმით დაინტერესებულა, ღმერთი თუ არსებობს. – პაპის


გვერდით მჯდომმა მთასავით კაცმა დამცინა.

სკამი მივიწიე, რომ მყუდროდ ჩამოვმჯდარიყავი, მას კი ფეხის თითზე დავადგი სკამის
ფეხი.

– მაპატიე, – ეს კი ვუთხარი, მაგრამ მაინც ცოფებს ყრიდა.

– არსებობს, ლუპოვიც, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ ჩემ გარდა, ვერავინ


ელაპარაკება. ჩემი მეშვეობით მეტყველებს.

– და შენ რით დაიმსახურე ეგ, მეგობარო?

– მე ხომ სულ წითლებს ვიცვამ.

– ამაზე ამბობ?

–არ გინდა ახლა რა. ყოველ დილით ვდგები, ამ წითელი ტანსაცმლით ვიმოსები და
უეცრად ყველაზე დიდი კაცი ვხდები. აი, ამ ტანსაცმელშია საქმე . მოდი, სიმართლეს
თვალი გავუსწოროთ რა. მე რომ სპორტულად ვიცვამდე, ყურსაც არავინ მათხოვებდა.

– ესეც ტყუილი ყოფილა და არ არსებულა ღმერთი.

– არ ვიცი, მაგრამ მაგას რა მნიშვნელობა აქვს. კარგად კი მიხდიან.

– ერთხელაც რომ არ მოგიტანონ სამრეცხაოდან ეს შენი ტანსაცმელი დროულად და


ჩვეულებრივ მოკვდავებს რომ დაემსგავსო?

– სწრაფ სერვისს ვიყენებ, იმ დღესვე მოაქვთ. რამდენიმე ცენტის დამატება კი ღირს ამად .
– კლერ როსენსვაიგის შესახებ თუ გსმენია რამე?

– როგორ არა. ბრის მაურის მეცნიერების განყოფილებაში მუშაობს.

– მეცნიერებისო, არა? გმადლობ.

– რისთვის?

– პასუხის გაცემისთვის, უწმინდესო.

ტაქსი დავიჭირე და ჯორჯ ვაშინგტონის ხიდზე გადავედით. გზად ჩემს ოფისთან


შევჩერდით და იქ სწრაფად გადავამოწმე რაღაც. როცა კლერის განყოფილებაში მივედი ,
უკვე რაღაცები გარკვეული მქონდა.

იქ გამჭვირვალე პენუარში დამიხვდა და მივხვდი , რაღაც აწუხებდა.

– მკვდარია ღმერთი. აქაა პოლიცია. გეძებენ. ეგზისტენციალისტმა ჩაიდინა დანაშაულიო ,


აცხადებენ.

– არა, საყვარელო, შენა ხარ მკვლელი.

– რაო? ახლა ხუმრობის დრო არ არის, კაიზერ.

– შენა ხარ, შენა ხარ მკვლელი!

– რასაა რომ ამბობ?

– შენ, პატარავ. ეს შენ ჩაიდინე და არა ჰიზერ ბატკისმა ან კლერ როსენსვაიგმა , შენ,
პროფესორმა ელენ შეფარდმა.

– ჩემი სახელი საიდან გაიგე?

– ბრინ მაურის ფიზიკის პროფესორი. ყველაზე ახალგაზრდა, ვინც კი დეპარტამენტის


სათავეში ყოფილა. შუა ზამთარში ერთი ჯაზის მუსიკოსი შეგიყვარდა, რომელიც
ფილოსოფიაშია გადავარდნილი. ცოლიანია, მაგრამ ეგ შენ ვერ დაგაბრკოლებს.
რამდენიმე ღამის გატარების შემდეგ, სიყვარულიაო, გაიფიქრე , მაგრამ ყველაფერი ისე
ვერ აეწყო, როგორც შენ გინდოდა, რადგან თქვენ შორის ღმერთი ჩადგა . იცი რა , პატარავ ,
მას კი სწამდა ღვთისა, ან ძალიან კი უნდოდა ასე ყოფილიყო, მაგრამ შენ, ამ შენი ტვინით ,
აბსოლუტურად უნდა ყოფილიყავი ამაში დარწმუნებული.

– ცდები, კაიზერ, ვფიცავ.

– თავი მომაჩვენე, რომ ფილოსოფიას სწავლობდი, რადგან ეს რაღაც უპირატესობას


გაძლევდა. სოკრატე ადვილად მოიშორე თავიდან, მაგრამ დეკარტი ჩაერთო საქმეში .
დეკარტის თავიდან მოსაშორებლად სპინოზა გამოიყენე, და როცა არც კანტთან
გამოგივიდა რაღაც, ისიც ჩამოიშორე.

– არც კი იცი, რაზე ლაპარაკობ.

– ლაიბნიცი კოტლეტად აქციე, მაგრამ არც ეს იკმარე, კარგად იცოდი, ერთი კაციც თუ
დაუჯერებდა პასკალს, წასული იყო შენი საქმე ხელიდან, ამიტომ ისიც უნდა მოგესპო , აი ,
აქ კი შეცდომა დაუშვი, რადგან მეტისმეტად ენდე მარტინ ბუბერს. ნაზი ვინმე კი აღმოჩნდა .
თვითონ სჯეროდა ღმერთისა, ამიტომ იძულებული გახდი ღმერთი თვითონ
მოგეშორებინა.

– კაიზერ, გიჟი ხარ!

– არა, პატარავ, პანთეისტად მომაჩვენე თავი, რაც საშუალებას გაძლევდა მისთვის ხელი
მიგეწვდინა, – თუ, რა თქმა უნდა, არსებობდა. და არსებობდა კიდეც. შენთან ერთად
შელბის ფართიზე წამოვიდა და ჯეისონმა რომ მიიხედა, მაშინ მოკალი .

– შელბი და ჯეისონი ვიღა არიან?

– რა მნიშვნელობა აქვს? ახლა ისედაც ქაოსია სამყაროში.

– კაიზერ, ხომ არ გამცემ? – უეცრად აცახცახდა.

– რისი იმედი გქონდა, პატარავ? უზენაესი გაასაღეს და ვიღაცამ პასუხი არ უნდა აგოს?

– კაიზერ, შეგვიძლია ერთად გავიქცეთ. შეგვიძლია ფილოსფია სულ დავივიწყოთ. სადმე


დავსახლდეთ და თუნდაც სემანტიკაში გადავეშვათ.

– არა, საყვარელო, ასე არ გამოვა.

ჯერ თვალები აუწყლიანდა, მერე კი პენუარის ბრეტელები გადმოიყარა მხრებიდან და


უეცრად შიშველი ვენერას თვალწინ აღმოვჩნდი, რომლის მთელი სხეული მეუბნებოდა ,
მოდი, შენი ვარო. ვენერამ მარჯვენა ხელით თმა ამიწეწა, მარცხენათი კი თავისი
ორმოცდახუთკალიბრიანი მომაბჯინა ზურგზე. მაგრამ ვიდრე სასხლეტს თითს
გამოჰკრავდა, იქამდე ჩემი ოცდათვრამეტკალიბრიანიდან ვესროლე, ხელიდან იარაღი
გაუვარდა და ისე გამომხედა, თითქოს არ სჯეროდა, რაც ჩავიდინე.

– ეს როგორ გამიკეთე, კაიზერ?

სწრაფად კვდებოდა, მაგრამ მაინც მოვასწარი ბოლო სიტყვების თქმა .

– სამყაროს მანიფესტაცია, როგორც კომპლექსური იდეა, სხვა არაფერია, თუ არა ყოფის


შიდა ან გარეთა წინააღმდეგობრიობა, რაც თავისთავად იმას გულისხმობს, რომ
არსებობა არის კონცეპტუალური არარაობა ან არარაობა ურთიერთდამოკიდებული
ნებისმიერ აბსტრაქტულ ფორმასთან, ან კიდევ არსებობასთან , ან კიდევ არსებობა
უსასრულობაში და არა ფიზიკურ კანონებს დაქვემდებარებული , ან მოძრაობას , ან კიდევ
იმ იდეებს, რომელიც დაკავშირებულია არარსებულთან, ან კიდევ ობიექტური არსებობის
ნაკლებობასთან, ან კიდევ სუბიექტურ განსხვავებასთან.

რა თქმა უნდა, არც ისე მარტივი კონცეფციაა, მაგრამ ვიდრე მოკვდებოდა , ვგონებ , რომ
გაიგო.

You might also like