You are on page 1of 14

Semiotics

14 მაისი 2020
ცირა
ბარბაქაძე

კონსტანტინე ბრეგაძე – ჰანა არენდტის


ტოტალიტარიზმის თეორია

i
1 Vote

კონსტანტინე ბრეგაძე

თსუ-ს ასოც. პროფესორი, გერმ. ფილოლ. კათედრა

(ძირითადი ასპექტები) [i] (h ps://semioticsjournal.wordpress.com/wp-admin/post-new.php?block-


editor=1&frame-nonce=6a1c880a2a&origin=h ps%3A%2F%2Fwordpress.com&environment-
id=production&support_user&_support_token#_edn1)
სტატიაში ძირითად ხაზებში გადმოვცემთ ებრაული წარმოშობის გერმანელი პოლიტიკის
თეორეტიკოსის (როგორც ის თავის თავს უწოდებს ერთ-ერთ ტელე-ინტერვიუში), ჰანა არენდტის
(Hannah Arendt) (1906-1975) ტოტალიტარიზმის თეორიას, რომელიც მან ჩამოაყალიბა
ფუნდამენტურ ნაშრომში “ტოტალიტარიზმის საწყისები” (ინგლ. “The Origins of Totalitarianism”,
1951; ნაშრომის პირველი გერმანული გამოცემა კი გამოქვეყნდა ამ სათაურით: “ტოტალური
ძალაუფლების ელემენტები და საწყისები”/“Elemente und Ursprünge totaler Herrschaft”, 1955).
რატომ შევაჩერეთ ჩვენი ყურადღება მაინც და მაინც ამ ნაშრომზე? მიგვაჩნია, რომ სწორედ
ბოლშევიზმისა და მისი “შვილობილის”, ნაციზმის არენდტისეულ ანალიზშია ზუსტად და
დეტალურად განჭვრეტილი და ჩამოყალიბებული ტოტალიტარიზმის არსი. ჰ. არენდტის წიგნში
აქცენტი ბოლშევიკურ-სტალინისტურ საბჭოთა კავშირსა და ნაცისტურ-ჰიტლერულ გერმანიაზე
შემთხვევითი არაა, ვინაიდან სწორედ ეს სისტემები და რეჟიმები მიიჩნია მან კლასიკური
ტოტალიტარიზმის გამოვლინებად. [ii]

ჰ. არენდტის მიხედვით, ტოტალიტარიზმი, ერთი მხრივ, ეს არის ტოტალური მპყრობელობის,


ტოტალური დამორჩილების ისეთი სისტემა, რომელიც ანეიტრალებს და უფუნქციოს ხდის
პოლიტიკურ სიბრტყეს, პოლიტიკურობას (“das Politische”) და სამყაროს, ყოფას, საზოგადოებას,
ადამიანს სრულ უსაზრისობაში გადააგდებს და გადაჩეხავს; მეორე მხრივ, ტოტალიტარიზმი ეს არ
არის მართვის, მმართველობის რაღაც ახალი ფორმა, არამედ იგი ისეთი ვითარებაა, ისეთი რეჟიმია,
რომელიც ადამიანს აიძულებს შეეგუოს ისეთ რეალობას, სადაც გაბატონებულია სამყაროს (გერმ. Die
Welt) სისტემური და სისტემატიური ნგრევა (Arendt-Handbuch… 2011: 319).
ტოტალიტარიზმის ამ განმარტებაში კარგად ჩანს, რომ არენდტი პრობლემას ფენომენოლოგიურ,
ეგზისტენციალურ და ონტოლოგიურ ჭრილში განიხილავს და არა მხოლოდ პოლიტიკურ თუ
სოციოლოგიურ ჭრილში და სწორედ აქ იკვეთება მისი თეორიის სპეციფიკა, რომლის ფარგლებშიც
ტოტალიტარიზმი განხილულია არა მხოლოდ როგორც ადამიანთა აბსოლუტური კონტროლისა და
დამორჩილების პოლიტიკური სისტემა და რეჟიმი, არა მხოლოდ როგორც ადამიანთა მასობრივი
განადგურების სისტემა და რეჟიმი, არამედ განხილულია როგორც ყოფიერებისა და ადამიანის
ეგზისტენციის უმთავრესი ფუნდამეტის _ სიცოცხლის _ განადგურების სისტემა და რეჟიმი.

სიცოცხლე არენდტთან ეთიკური კატეგორიაა და სიცოცხლის ცნება სწორედ ისეა გაგებული, რა


გაგებითაც მას ფრიდრიხ ნიცშე და გერმანელი ექსპრესიონისტები განმარტავდნენ, რომელთა
მიხედვითაც, სიცოცხლე ეს არის ძირეულ ონტოლოგიურ პირველსაწყისებთან ადამიანის უწყვეტი
ცხოველმყოფელი კავშირი, სიცოცხლე ეს არის ამ კავშირით ტკბობა და ლხენა (შდრ.: ნიცშესეული
გამოთქმა – “კოსმიური შეგრძნებები”/“kosmisch empfinden”) (Nie sche-Handbuch… 2011: 269).
სწორედ ეს კავშირი ბადებს ადამიანში უნივერსალური სიყვარულის იმპულსს. [iii]

შესაბამისად, ტოტალიტარულ სისტემაში მოქცეული სიცოცხლეს მოლებული ადამიანი იმთავითვე


აღმოჩნდება იმ ეგზისტენციალურ ვაკუუმში, რასაც მ. ჰაიდეგერი სამყაროში ადამიანის
გამოტყორცნილობას, გამოგდებულობას, გადაგდებულობას უწოდებს (გერმ. “Geworfenheit”)
(Heidegger 2001: 251). როდესაც არის სრული მიგდებულობის, მიუსაფრობისა და მიტოვებულობის
ეგზისტენციალური ვითარება, სრული უსიხარულობისა და უსიყვარულობის ვითარება, სრული
უპერსპექტივობის ვითარება. ამ ვითარებაში კი გაუქმებულია ყოველგვარი მეტაფიზიკური ნუგეში.
ამიტომ, ტოტალიტარიზმის პირობებში კიდევ უფრო რადიკალიზებულია ადამიანის
ეგზისტენციალური პრობლემატიკა და ამ პირობებში პირდაპირ ინგრევა ეგზისტენციის
პერსპექტივები და ადამიანის არსებობას საზრისი იმთავითვე ეკარგება, რასაც ვერ შველის
ტოტალიტარიზმის იდეოლოგიის მიერ ადამიანებზე პროპაგანდითა თუ ტერორით თავსმოხვეული
ახალი ესქატოლოგიური სწავლებანი, მაგ., იგივე, საბჭოთა იმპერიაში ნაქადაგები “კომუნისტური
ესქატოლოგია” (“სოციალიზმის გზით კომუნიზმისაკენ”), როგორც ახალი “მეტაფიზიკური ნუგეში”.

ჰ. არენდტის თანახმად, ტოტალიტარიზმი არც ავტორიტარული რეჟიმია და არც დიქტატურაა.


ავტორიტარი/დიქტატორი ეყრდნობა ნდობას, იერარქიულ წყობას /წესრიგს და პასუხისმგებლობის
ერთობლივ გადანაწილებას. ტოტალიტარიზმი კი ანადგურებს ყოველგვარ ნდობას, აღმოფხვრის
ყოველგვარ განსხვავებას და ერთსახოვან, მონოლითურ და ჰომოგენიზებულ მასსას თავს ახვევს
ტერორის ერთსა და იმავე წესს, მაშინ როდესაც დიქტატურის პირობებში პრივატული
თავისუფლებების რაღაც გარკვეული სივრცეები რჩება: მაგ., სუბიექტის, თუნდაც, ცნობიერებაში
შესაძლებელია სპონტანურად გაკრთეს “მწვალებლური” ფიქრები, ტოტალიტარიზმი კი ადამიანის
ცნობიერებაში სპონტანურობის ამ მცირეოდენ ნაპერწკალსაც კი წამისყოფით ახშობს (Arendt-
Handbuch… 2011: 319). [iv]

ტოტალიტარულ ქვეყნებში (ნაცისტური გერმანია, სტალინურ-ბოლშევიკური საბჭოთა კავშირი)


სახელმწიფო, სახელმწიფო ინსტიტუციები ფასადია, რომლის მიღმაც მიმალულია ძალაუფლების
ნამდვილი ცენტრი, რომლის მიღმაც შებურვილია ნამდვილი ძალაუფლება _ მაგ., საიდუმლო
პოლიცია, უშიშროების სამსახური ან კონკრეტული ელიტა (მაგ., პარტიული ელიტა) (Arendt 1991:
869).

მართალია ტოტალიტარული ძალაუფლება არანაირ კანონს არც ცნობს, მართალია ის “კანონს მიღმაა”
(“გესეტზლოს”), ვინაიდან იგი ყველანაირ სამართალს, კანონსა და კანონიერებას იმთავითვე აუქმებს
და უკუაგდებს, მაგრამ ის მაინც არ არის “თვითნებური” (“willkürlich”), ანუ ტოტალიტარული
რეჟიმი/სისტემა იმთავითვე ცდილობს ლეგიტიმაციის მოპოვებას და “(თვით)კანონიზებას”: კერძოდ,
კონსტიტუციური ძირითადი კანონისა და სამოქალაქო კანონმდებლობის ნაცვლად ან მათზე
აღმატებულად ტოტალიტარიზმი აფუძნებს გაბატონებული მმართველი პარტიის მიერ პარტიულ
კვლევით ინსტიტუტებსა (მაგ., მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტი) და სხვადასხვა პარტიულ
ინსტიტუციებში (მაგ., პარტიული სკოლები) შემუშავებულ “ისტორიის კანონს” ან “ბუნების კანონს”
(“Gese der Geschichte”, “Recht der Natur”), ანუ ტოტალიტარული რეჟიმი აპელირებს ერთგვარ
“მეტაფიზიკურ” ინსტანციაზე, “მეტაფიზიკურ ჭეშამრიტებაზე”, რომელიც მას ლეგიტიმაციისათვის
სჭირდება (Arendt 1991: 947). ამ შემთხვევაში, მსგავსი “მეტაფიზიკური” ინსტანცია, თუ
“მეტაფიზიკური ჭეშმარიტება”, როგორც ტოტალიტარიზმის ლეგიტიმაციის წყარო, იმავე
სტალინური ტოტალიტარიზმისათვის არის ახალი “კომუნისტური ესქატოლოგია”, სადაც
გაცხადებულია, რომ ჯერ საბჭოთა კავშირში და მერე მთელს მსოფლიოში კომუნიზმის საყოველთაო
ოიკუმენური დამყარება ისტორიის მსვლელობის ერთადერთი ჭეშმარიტი მიზანია. ეს კი ნიშნავს
იმას, რომ მხოლოდ სტალინისეულ ტოტალიტარულ რეჟიმს აქვს ლეგიტიმაცია აღასრულოს ეს
მიზანი, რაც არის კიდეც ერთადერთი ისტორიული კანონიერება, ან ბუნების საყოველთაო კანონი.

რომ “დაკანონდეს” და აღსრულდეს ეს ბუნების საყოველთაო კანონი თუ ისტორიის კანონიერება,


ტოტალიტარიზმი ეყრდნობა ერთადერთ მექანიზმს – ტერორს, რასაც იგი თავისთავშივე
გამოიმუშავებს, როგორც მკვლელობის, მოკვდინების კანონიერ ქმედებას (“Gese des Tötens”)
(Arendt 1991: 953). და რაც იმავე “მეტაფიზიკური” ინსტანციის მიერაა ლეგიტიმირებული: “თუკი
ჩვენ კანონის უზენაესობის თავისთავადობას კონსტიტუციით ლეგიტიმირებულ ხელისუფლებაში
განვჭვრეტთ, მაშინ ტერორი (ხაზი ჩემია _ კ. ბ.) ტოტალიტარული ძალაუფლებისა და
ტოტალიტარული მმართველობის თავისთავად არსად უნდა განვიხილოთ” (აქ და ყველგან ჰანა
არენდტის ნაშრომის გერმანული გამოცემიდან ციტატების თარგმანი ჩემია – კ. ბ.) (Arendt 1991:
954).

ამგვარად, ტოტალიტარიზმის ლოგიკა ტერორის, როგორც “მოკვლის კანონის”, ლოგიკაა,


ტოტალური განადგურების ლოგიკაა: მას შემდეგ, რაც ტოტალური სახელმწიფო ტერორი
ანადგურებს ოპონენტებსა და პოტენციურ “დანაშაულში” შემჩნეულ სუბიექტებს, რომლებიც არ
იზიარებდნენ ან სხვაგვარად განიხილავდნენ ახალ “მეტაფიზიკურ ჭეშმარიტებას”, მაგ.,
“კომუნისტურ ესქატოლგიას”, ბოლოს ტერორი ლოგიკურად მათ მიუბრუნდება, ვინც მანამდე
ახორციელებდნენ ტერორს, და რომელთაც იგივე მთავარი ბრალდება წაეყენებათ _ მაგ.,
“კომუნისტური ესქატოლოგიური ჟამისადმი” ეჭვი და მცირედმორწმუნეობა (სხვა ნაკლებად მწვავე
ბრალდებები თუ “სასიკვდინე ცოდვებია” კაპიტალიზმის ჯაშუშად ყოფნა, მტრული ქვეყნების
სასარგებლოდ მავნებლობა-დივერსანტობა და სხვ.). ეს ახალი “ესქატოლოგია” ისეთი წნეხია საბჭოთა
ტოტალიტარული სახელმწიფოს უბრალო მოქალაქისა თუ პარტიული ფუნქციონერისათვის,
“დანაშაულში” შემჩნეული საბჭოთა იმპერიის მოქალაქე ამ ესქატოლოგიის ჭეშმარიტების ნებისგან
(ფუკო) იმთავითვე ისეა დეტერმინებული, რომ იგი აპრიორულად ვარდება თვითბრალეულობის
(გერმ. “schlechtes Gewissen”) (ნიცშე) განცდაში, თავს იდანაშაულებს, სინდისი ქენჯნის და მასზე
აღსრულებული სამსჯავრო a priori სამართლიანი ჰგონია, ვინაიდან დისპოზიცია მკვეთრად
იერარქიულია: ახალი “კომუნისტური ესქატოლოგია” ურყევი და მარადიული ჭეშმარიტებაა,
რომელთან მიმართებითაც საბჭოთა იმპერიის მოქალაქეს, მისი არასრულყოფილებისა და
არასრულფასოვნების გამო, მუდმივად ემუქრება ცთუნებისა და ჭეშმარიტებისაგან აცდენის საფრთხე.
[v]

ტოტალიტარიზმი, ნაცვლად იმისა, რომ ქმნიდეს რაციონალურ, პრაგმატულ, კეთილგონიერ


პოლიტიკურ სივრცეს, რომლის ფარგლებშიც განვითარდებოდა პოლიტიკური აქტივობა და ამ
აქტივობასთან ერთად – თავად სამყარო, ტოტალიტარიზმი ყოველგვარ პოლიტიკას
ძალადაკარგიულად აცხადებს და აუქმებს. ამ მიზნის მისაღწევად კი ტოტალიტარული რეჟიმი
აამოქმედებს (თუ თავისით ამოქმედდება) თავისებურ მუდმივ პროცესს, თავისებურ სტიქიურ,
ირაციონალურ, არაპროგნოზირებად მდინარებას, “მოძრაობას” (“Bewegung”), რაც, პრინციპში,
თავად ტოტალიტარიზმის არსობრივი მახასიათებელია, ვინაიდან ამ რეჟიმის ფარგლებში ყველაფერი
სტიქიურად დენადია და სწორედ ამ დენადობის საფუძველზე ახერხებს ტოტალიტარიზმი
წონასწორობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას _ “რომელიც თავის თავს სწორედ იმით
ინარჩუნებს, რომ ის მუდმივად მოძრაობს და თავის გარშემო ყველაფერს ამ მოძრაობაში
გადატყორცნის” (“und alles um sich herum in Bewegung verse en”) (Arendt 1991: 495). შედეგად კი,
ამ “მოძრაობაში” ჩათრეული თითოეული მოქალაქე, ყოველი ცალკეული ადამიანი საყოველთაო და
მასშტაბური ტერორისა და მორჩილების პროცესში აღმოჩნდება. ამ უპირობო მორჩილებამ, ტერორმა
და შიშმა კი მთლიანად უნდა მოიცვას თითოეული მათგანი (Arendt 1991: 702).

ამ პროცესში კი საშუალება გადაიქცევა მიზნად, ანუ ტოტალიტარული რეჟიმის მიერ


“ამოძრავებული” და უსასრულო პროცესად გადაზრდილი სახელმწიფო ტერორი და რეპრესიები
კულმინაციური მომენტის მიღწევისას საშუალება კი აღარაა, არამედ უკვე მიზანია, თვითმიზანია,
რომელიც სხვა არაფერზე არაა მიმართული თუ არ ტოტალურ განადგურებასა და ნგრევაზე. ამას კი
იქითკენ მივყავართ, რომ ბოლშევიკების მიერ გამოცხადებული ე. წ. ახალი ადამიანის გამოყვანა
სისტემურად, სისტემატიურად და ტოტალურად აღმოფხვრის და ამოძირკვავს თავად ამ ახალი
ადამიანის გამოყვანის შესაძლებლობას (Arendt-Handbuch… 2011: 319).

ტოტალიტარიზმის მსგავსი უაზრო არსი ბოლოს კომპენსირდება რაღაც ზემოდგომ მდებარე და


აღზევებული “იდეოლოგიური ზესაზრისით” (“Suprasinn der Ideologien”) (Arendt 1991: 939).
შესაბამისად, ტოტალური ტერორითა და რეპრესიებით გამოწვეული დისბალანსი და აბსურდის
ტოტალური განცდა უნდა კომპენსირდეს და გადაიფაროს რაღაც ფიქციით, რაღაც გამონაგონით. ამ
შემთხვევაში, ეს ფიქციაა სამყაროს კოჰერენტულობის განცდა, რაც ტოტალიტარული სახელმწიფოს
თითოეულ მოქალაქეში უნდა გამოიწვიოს რაღაც კონკრეტულმა იდეოლოგიურმა მოძღვრებამ, მაგ.
ახალმა “კომუნისტურმა ესქატოლოგიამ”. ამავდროულად, ეს იდეოლოგია ადამიანებს უქმნის სხვა
განცდასაც, კერძოდ, “გადაჭარბების” განცდას (“Überflüssigkeit”) (Arendt 1991: 938), რომელიც
ასევე ტოტალურად და შიზოფრენიულად ბატონობს ადამიანების ცნობიერებაზე: კერძოდ, ისინი ამ
შიზოფრენიისა და შეშლილობის მდგომარეობაში “აცნობიერებენ”, რომ ზედმეტნი და, ამგვარად,
უსარგებლონი არიან (Arendt-Handbuch… 2011: 319). შესაბამისად, ვიღებთ თავისებური
სეკულარული საკრალურობის ვითარებას, როდესაც ამ ახალი ესქატოლოგიის დოგმატიკა და ახალ
საკრალურ მამად გამოცხადებული ბელადის ხატის მსახურება, ტრადიციული რელიგიების
ანალოგიით, ხორციელ თუ უხორცო შესაწირავსა და მსხვერპლს, მსხვერპლშეწირვას მოითხოვს.

ტოტალიტარიზმის ცენტრალური ინსტიტუციებია ბანაკები (გერმ. Lager), სადაც პიროვნების


სულიერი ნგრევისა და სამყაროსაგან ადამიანის მოწყვეტის საფუძველზე ხორციელდება “თავად
ადამიანური ბუნების ტრანსფორმაცია” (“Transformation der menschlichen Natur selbst”) (Arendt
1991: 940). შესაბამისად, “გულაგებსა” და “ლაგერებში” პიროვნების იურიდიული, მორალური და
ფსიქოლოგიური განადგურება ინდივიდებს ერთხელ და სამუდამოდ გამოაძევებს და გამორიყავს
პოლიტიკურად ინსტიტუციონალიზებული სივრციდან/”სამყაროდან”, სამუდამოდ გამორიყავს
ინდივიდს სხვასთან “ეთიკური ერთყოფიდან” (“ethische Gemeinschaft”), და ბოლოს _ თავად
ერთობიდან (“aus der Gemeinschaft”) (Arendt-Handbuch… 2011: 319). სწორედ ამ ვითარებაში
წარმოიქმნება მოწყვეტილობა, მიტოვებულობა, “როდესაც სწორედ ამ პერსონალური მიზეზების
გამო ადამიანი გამოირიყება ამ სამყაროდან” (“wenn aus gleich welchen personalen Gründen ein
Mensch aus dieser Welt hinausgestossen wird”) (Arendt 1991: 977). ეს მიტოვებულობა,
გარიყულობა, გამორიყვა ადამიანის ურადიკალურესი და უსასოწარკვეთილესი ეგზისტენციალური
გამოცდილებაა. მარტოობისა და იზოლაციისაგან განსხვავებით, ტოტალური გამოძევება/გამორიყვა/
მიტოვებულობა /მიგდებულობა იმდაგვარი გამოცდილებაა, როდესაც ადამიანი მთლიანად წყდება
თავად გამოცდილებით სამყაროს, როდესაც მას მთლიანად ჩამოერთმევა ობიექტური
გამოცდილებითი სამყარო და სუბიექტურ გამოცდილებათა შესაძლებლობა. გამოცდილებითი
სამყაროსა და გამოცდილებათა შესაძლებლობებისაგან ადამიანის მოწყვეტა, ეს მისი სიცოცხლისაგან
მოწყვეტაა (იხ. ზემოთ), როდესაც ადამიანს საბოლოოდ ეცლება არსებითი ეგზისტენციალური
საყრდენი და ამგვარად, იგი სამუდამოდ კარგავს საკუთარი არსებობის საზრისს, რისი ხელახლა
მოპოვება აღარასოდეს მოხდება.

ამიტომ, ჰ. არენდტის თანახმად, ტოტალიტარულ სისტემაში მოქცეული ადამიანის ეს პოლიტიკური


და ეგზისტენციალური ვითარება არის “რადიკალური ბოროტება” (“das radikale Böse”) (Arendt
1991: 916). რომელიც ამოიზრდება არა ნიჰილისტური ლოგიკიდან, რომლის მიხედვითაც,
“ყველაფერი ნებადართულია” (“Alles ist erlaubt”), არამედ აკოსმიური, ე. ი. სიცოცხლეგამოცლილი
“იმორალისტური” კონდიციიდან _ “ყველაფერი შესაძლებელია” (“Alles ist möglich”): “როდესაც
შეუძლებელი შესაძლებელი გახდა, გამოირკვა, რომ იგი დაუსჯელი, დაუნდობელი. შეუბრალებელი
რადიკალური ბოროტების იდენტურია” (Arendt 1991: 941). ამგვარად, ბოროტების რადიკალიზმი
ეყრდნობა სამყაროსეული გამოცდილების სრულ უარყოფას, რაც, თავის მხრივ, არის შესაძლებლის
უმაღლესი გამოვლინება. ამ უფესვო, უსაძირკვლო ბოროტების არსი, რომელიც სინამდვილეში არც
ღრმაა და ბანალურია, სწორედ სამყაროს უარმყოფელობაში, სიცოცხლის უარყოფაში უნდა
განვჭვირტოთ. ეს უარმყოფელობა ტოტალური და ტოტალიტარული ტერორის ერთადერთი
მახასიათებელია, რაც ერთდროულად ტოტალიტარიზმის მიზანიცაა და საშუალებაც. ამით კი
საზრისისეული საზღვრები უსაზრისობის უსაზღვროებაში გადადის (Arendt-Handbuch… 2011:
320), რაც გულისხმობს იმას, რომ ადამიანი წყდება რეალურ ეგზისტენციას, ანუ ობიექტურ და
სუბიექტურ გამოცდილებათა სივრცეს, წყდება სიცოცხლეს და “ზომბირებული” სამუდამოდ
არსებობს იდეოლოგიური კონსტრუქტის ტყვეობაში, მაგ., ახალი “კომუნისტური ესქატოლოგიის”
იდეის ტყვეობაში, ან პოლიტიკური ბელადისადმი თვითმსხვერპლშეწირვის რეჟიმში.

მართებული და მისაღებია ჰ. არენდტის მოსაზრება, რომ ტოტალიტარიზმის ძირითადი დასაყრდენი,


საბოლოოდ, არც ტოტალური რეპრესიები და ტერორია, არც საკონცენტრაციო ბანაკები და “გულაგ”-
ები, და არც ინსტიტუციებისა (მაგ., პარტია, სახელმწიფოს მიერ კონტროლირებული მასმედია) და
სახელმწიფო აპარატის მიერ ინიცირებული მასობრივი პოლიტიკური პროპაგანდა, არამედ
ტოტალიტარიზმი, პირველყოვლისა, ეყრდნობა მასსას (die Msse), “მასსობრივ მოძრაობას”
(“Massenbewegung”):

“ტოტალური ძალაუფლება (“totale Herrschaft”) შეუძლებელია ჩამოყალიბდეს მასსობრივი


მოძრაობისა და მის მიერ ტერორიზებული მასსის მხარდაჭერის გარეშე. […] მასსაზე მინდობის
გარეშე ვერც ჰიტლერი და ვერც სტალინი ბელადებად ვერ გადაიქცეოდნენ და ბელადებად ვერ
დარჩებოდნენ, ვინაიდან მათ სწორედ მასსაზე დაყრდნობით დაძლიეს შიდა და გარეშე კრიზისი,
სწორედ მასსების მხარდაჭერით გამოვიდნენ ისინი შიდაპარტიული ბრძოლებიდან გამარჯვებულნი,
რაც (ე. ი. მასსებზე დაყრდნობა, მასსების მხრივ მხარდაჭერა – კ. ბ.) ამ ბელადების მიერ სრული
ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდგომაც გრძელდებოდა. ვერც მოსკოვის პროცესები და ვერც
რიომის ფრაქციის ლიკვიდაცია ვერ განხორციელდებოდა, სტალინისა და ჰიტლერის უკან მასსები
რომ არ მდგარიყვნენ. […] ტოტალიტარული მოძრაობანიც (“totalitäre Bewegungen”) სწორედ იქაა
შესაძლებელი, სადაც მასსები არსებობენ” (Arendt 1991: 496, 502.

შემთხვევითი არცაა, რომ ჰ. არენდტი თავის ნაშრომში დიდი ადგილს უთმობს სწორედ მასსის
ფენომენის ანალიზს. მაინც რა ფუნდამენტური ფუნქცია აკისრია მასსას ტოტალიტარიზმის
გამყარებასა და წარმატებაში? თავდაპირველად გავეცნოთ მასსის წარმოქმნის პირობების
თავისებურებებსა და თავად მასსის არსს.

ჰ. არენდტის მიხედვით, მასსა სწორედ იქ იბადება, იქ ყალიბდება, როდესაც საქმე გვაქვს ისეთ
უზარმაზარ და მრავალრიცხოვან ჯგუფებთან, რომლებიც, ერთი მხრივ, იმთავითვე მოწოდებულნი
არიან საჯარო ვითარებებსა და პროცესებში ჩასართავად, მაგრამ, მეორე მხრივ, ემიჯნებიან
ყოველგვარ ორგანიზაციულ სტრუქტურირებას, ე. ი. ისეთ ორგანიზაციად ჩამოყალიბებას, რომელსაც
კონკრეტული საერთო ინტერესები და მიზნები ექნებოდა და ეს ინტერესები მიმართული იქნებოდა
იმისაკენ, რომ ამ სტრუქტურირებულ ორგანიზაციას ეს სამყარო კონკრეტული მიზანდასახულობის
მიხედვით თანმიმდევრულად ემართა. ასეთი სტრუქტურირებული ორგანიზაცია კი შეიძლება იყოს,
მაგ., პარტიები, ადგილობრივი თვითმმართველობა, პროფკავშირები, პროფესიული ასოციაციები და
ა. შ. მაგრამ ეს სწორედ იმ ტიპის სტრუქტურირებული გაერთიანებანია, რომელშიც თავის თავს მასსა
არ მოაქცევს (Arendt 1991: 496, 502). მასსის ეს “ქცევა” კი იმითაა განპირობებული, რომ მისი ბუნება
“ვერ იტანს” რაიმე ჩარჩოებში მოქცევას, რადგან მისი ბუნება ერთი მთავრი თვისებითაა
დეტერმინებული, კერძოდ, ეს ბუნება დენადი თვისებისაა, ე. ი. მასსა მუდამ სტიქიურ მოძრაობაში
უნდა იყოს ჩათრეული.

პარადოქსია, მაგრამ, ამავდროულად, მასსის სხვა თვისებაა მისი ინერტულობა, რაც გულისხმობს
იმას, რომ იგი ცოცხალ პოლიტიკურ მდინარებაში არასოდეს იღებს მონაწილეობას,
ინდიფერენტულია ნებისმიერი ფორმის პოლიტიკური პროცესის მიმართ, მაგ., მასსა არ დადის
არჩევნებზე, მასსის წარმომადგენელი არ წევრიანდება ამა თუ იმ პარტიაში, არ უთანაგრძნობს ამა თუ
იმ პარტიას და ა. შ. პოტენციურად მასსა ყველა ქვეყანაში არსებობს და თანაც ყველა დროში და,
როგორც წესი, მოსახლეობის უმრავლესობას სწორედ მასსა შეადგენს, თვით ცივილიზებულ
ქვეყნებშიც კი. აქ საინტერესო ისაა, რომ ამ დაწინაურებულ ქვეყნებში მშვიდობიანობის დროს მასსა,
უბრალოდ, არ ჩანს და სრულიად ნეიტრალურია, ანუ ყოვლად გულგრილია პოლიტიკური პროცესის
მიმართ (Arendt 1991: 502).

ევროპაში ტოტალიტარული მოძრაობების აღმოცენებასა და აღზევებას ერთი დამახასიათებელი


გარემოება ახლდა თან: როგორც ფაშისტურ-ნაცისტური, ისე კომუნისტური ტოტალიტარული
მოძრაობანი მხარდამჭერებს სწორედ პოლიტიკის მიმართ ინდიფერენტული და პოლიტიკური
პროცესის მიღმა მდგომი მასსის წიაღიდან შემოიკრებდნენ, რომელთაც სხვა პარტიები (მაგ.,
გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია) მათი “აპათიური” თუ “გონებაჩამორჩენილი” (“zu
dumm oder zu aphatisch”) თვისებების გამო გვერდზე არ იკარებდნენ (Arendt 1991: 502).
სამაგიეროდ, თავის დროზე ამ დაწინაურებულ პარტიათაგან (მაგ., იგივე, გერმანიის სოციალ-
დემოკრატიული პარტია 20-იანი წლების პირველ ნახევარში) მოძულებული მოსახლეობის ეს
კატეგორია კარგი ნადავლი იყო ტოტალიტარული მოძრაობებისათვის, რომლის (ე. ი.
პოლიტიკისადმი გულგრილი მოსახლეობის დიდი მასსის) ტვინის გამორეცხვასა და მიმხრობას ეს
აგრესიული და რადიკალური ანტისახელისუფლო მოძრაობები დემაგოგიითა და პოპულიზმით
ადვილად ახერხებდნენ (Arendt 1991: 507).

ამგვარად, მივიღეთ ვითარება, როდესაც ტოტალიტარულ მოძრაობათა შემადგენლობა ძირითადად,


მოსახლეობის სწორედ იმ ნაწილისაგან შედგებოდა, რომელიც მოცემულ მომენტამდე, ანუ
ტოტალიტარულ მოძრაობაში “რეკრუტირებამდე” (Arendt 1991: 502). საერთოდ არ იღებდა
არანაირ პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობას. ამიტომაც, ეს გარემოება ნაცისტებსა და
კომუნისტებს ბევრად უადვილებდა მასსებში მყისიერად გაევრცელებინათ თავიანთი დემაგოგიური
და პოპულისტური მესიჯები და მათ მასსის წარმომადგენელთა დარწმუნებისათვის სულაც არ
სჭირდებოდათ ზედმეტი ძალისხმევის გაღება, ვინაიდან არგუმენტირება და დარწმუნება მაშინაა
საჭირო, როცა მეორე მხარეს განსხვავებული აზრი აქვს, ხოლო მასსის წამომადგენლებს არანაირი
განსხვავებული აზრი არ გააჩნდათ, მეტიც, არანაირი პოლიტიკური აზრი და პოზიცია არ გააჩნდათ
(Arendt 1991: 503).

საინტერესოა, მასსობრივი ტოტალიტარული მოძრაობების წარმომადგენელთა, გნებავთ, მასსის


წევრთა, თუ თავად მასსის ქცევის თავისებურებანი: მაგ., ქვეყანაში მშვიდობიანი, სრულიად
უწყინარი ვითარების დროს მასსის წევრები, თითქოს არსაიდან, სრულიად მოულოდნელად
გამოჩნდებიან ხოლმე ქუჩებში და სამოქალაქო ომის მეთოდების გამოყენებით უსწორდებიან
პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს _ ან ძალადობენ და ატერორებენ მათ, ან პირდაპირ კლავენ. მასსის
ფსიქოლოგიაში მუშაობს ერთადერთი რწმენა, რომ სოციალური, ეთნიკური თუ ფსიქოლოგიური
თვალსაზრისით მის წევრებს არანაირი საერთო არ გააჩნიათ (და არც არასოდეს ექნებათ რაიმე
საერთო) სხვა მოქალაქეებთან და რომ ეს სხვადასხვაობა მუდმივად შეუცვლელი სიდიდეა, რომელიც
აღმოიფხვრება სწორედ “იმ” განსხვავებულთა, ანუ მასსის არაწევრთა სრული განადგურებით
(Arendt 1991: 503).

ამ ტოტალიტარულ მასსობრივ მოძრაობათა მასშტაბურმა წარმატებამ, ჰ. არენდტის თანახმად, ბოლო


მოუღო ორ ილუზიას, რომელთაც გამოდევნებულნი იყვნენ ევროპელი დემოკრატები და ევროპული
მრავალპარტიული სისტემის მომხრეები. პირველი ილუზია გახლდათ ის, თითქოს ქვეყნის მთელი
მოსახლეობა თავისი მენტალობით ბიურგერი ყოფილიყოს, ანუ, სწორედ იმ ტიპის მოქალაქე
ყოფილიყოს, რომელიც დიდ ინტერესს იჩენს ოფიციალური საზოგადოებრივი საქმეებისადმი და
აქტიურადაა ჩართული სამოქალაქო ცხოვრებაში; რომ თითქოს აუცილებელი არაა თითოეული
მოსახლე ამა თუ იმ პარტიის წევრი იყოს, რადგან ის რომელიმე პარტიას აუცილებლად
თანაუგრძნობს და თავისი რჩეული პარტიის მიერ დელეგირებული ჰგონია თავი მაშინაც კი,
არჩევნებზე სულაც რომ არ დადიოდეს. მეორე ილუზია კი, რომელიც ასევე მალევე გაქარწყლდა
ტოტალიტარული მოძრაობების მიერ, მომდინარეობდა დემოკრატთა იმ მცდარი
დამოკიდებულებიდან, თითქოს ამ ნეიტრალურ და ინდიფერენტულ მასსას არანაირი პოლიტიკური
წონა არ გააჩნდა, თითქოს ის მართლაც ნეიტრალური იყო და მუდმივად პოლიტიკური ცხოვრების
უკანა პლანზე დარჩებოდა (Arendt 1991: 504).

ამიტომ, ტოტალიტარიზმი მუდმივად ისწრაფვის იმისაკენ, რომ საზოგადოების კლასებად დაყოფა,


ანუ საზოგადოების პოლიტიკური მრავალფეროვნება და განსხვავებულობა _ რაც, თავის მხრივ,
მრავალპარტიულობისა და პლურალიზმის წინაპირობაა _ იმთავითვე გააუქმოს და “კლასობრივი
საზოგადოების” ნაცვლად (“Klassengesellschaft”) მასსის, მასსობრივ მოძრაობათა ბაზაზე შექმნას
“მასსობრივი საზოგადოება” (“Massengesellschaft”), ანუ “საზოგადოება” ორგანიზაციული
სტრუქტურირების გარეშე, რომლის ფარგლებშიც არანაირი პოლიტიკურ ინტერსთა ჯგუფები,
არანაირი სოციალური კლასები, არანაირი მრავალპარტიული სისტემები არ არსებობენ:

“კლასობრივი საზოგადოების, რომელიც სახელმწიფოში სოციალურ და პოლიტიკურ


სტრუქტურირებას ქმნის, დამხობა გერმანიის უახლეს ისტორიაში იყო ყველაზე დრამატული
მომენტი, რასაც ქვეყანაში მოჰყვა ნაცისტური მოძრაობის აღზევება. რუსეთის უზარმაზარ
მოსახლეობაში საზოგადოებრივი სტრუქტურირების დეფიციტმა ასევე ხელსაყრელი პირობები
შეუქმნა ბოლშევიკებს კერენსკის მთავრობის დასამხობად. მასობრივი საზოგადოებისა და
ტოტალიტარული მოძრაობების პირობებში დემოკრატიული ინსტიტუციები და დემოკრატიული
თავისუფლებანი ყოველგვარ აზრს კარგავენ, ისინი ვერ ფუნქციონირებენ, ვინაიდან მოსახლეობის
ნეიტრალური უმრავლესობა მასში არასოდესაა წარმოდგენილი. ამიტომაც, ეს ინსტიტუციები და
თავისუფლებანი შესაძლოა სახიფათოც კი აღმოჩნდეს, როდესაც მოსახლეობის ეს
არადელეგირებული ნაწილი, რომელიც რეალური უმრავლესობაა, უარს ამბობს მართავდეს არჩეული
პოლიტიკური უმრავლესობა. ამიტომ, ხშირად ისეც ხდება, რომ ტოტალიტარული მოძრაობანი
ეფექტურად იყენებენ დემოკრატიულ თავისუფლებებს, რათა მერე თავად ეს დემოკრატიული წყობა
დაამხონ” (Arendt 1991: 504, 505).

ამგვარად, კლასობრივი საზოგადოების, კლასობრივი სისტემის დამხობა პირდაპირ პროპორციულია


მასსობრივი საზოგადოების წარმოქმნისა, რომელიც უკვე “ეპოქის სულის” (“ძეიტტგეისტ”) მიერაა
მობილიზებული მასსობრივი პოპულისტური პაროლებისა და მომავალი “ესქატოლოგიური ჟამის”
გარშემო და აღარაა ორგანიზებული რომელიმე პრაგმატული პოლიტიკური ძალისაგან კონკრეტული
პოლიტიკური სიტუაციისა და კონკრეტული პოლიტიკური ამოცანებისათვის (Arendt 1991: 507).

დ ა ს კ ვ ნ ა: ამგვარად, ჰანა არენდტის ესენციალისტურ-ფენომენოლოგიური ანალიზის მიხედვით,


ტოტალიტარული მოძრაობების, შემდგომ კი ტოტალიტარიზმის ფარგლებში ყალიბდება
დეკლასირებული მასსა, ე. წ. “უკლასო საზოგადოება”, რომელზე დაყრდნობითაც შესაძლებელი
ხდება ტოტალიტარული რეჟიმის/სისტემის ხანგრძლივი სიცოცხლისუნარიანობა. რეჟიმის/სისტემის
სტაბილურობის შენარჩუნება კი, თავის მხრივ, ეყრდნობა ისეთ “ტექნიკებს”, როგორიცაა, ერთი
მხრივ, მასშტაბური პოლიტიკური პროპაგანდა, მეორე მხრივ, ტერორი _ პოლიტიკურად
არასასურველი “ელემენტების” მასშტაბური რეპრესიები, პოლიტიკურ მოწინააღმდეგეთა “გულაგ”-
ებსა და საკონცენტრაციო ბანაკებში სამუდამო გადასახლება-გამომწყვდევა. ეს კი ეგზისტენციალური
და ეთიკური თვალსაზრისით “რადიკალური ბოროტებაა” (“დას რადიკალე Böსე”), ვინაიდან
“გულაგ”-ებსა და საკონცენტრაციო ბანაკებში გამოცდილებითი სამყაროსაგან და გამოცდილებათა
შესაძლებლობისაგან მოწყვეტილი ადამიანი დარჩენილი ეგზისტენციის მანძილზე (იმ შემთხვევაში,
თუკი ის გადაურჩა “გულაგ”-ებს) ვეღარასოდეს დაიბრუნებს სიცოცხლეს.

ბიბლიოგრაფია:

Arendt 1991: Arendt H. Elemente und Ursprünge totaler Herrschaft, 2. Aufl., München

/Zürich: Piper.

Arendt-Handbuch… 2011: Begriffe: Totalitarismus (S. 319-320); in: Arendt-Handbuch. Leben

– Werk – Wikung, hrsg. von Wolfgang Heuer, Stu gart/Weimar: Me ler.

Heidegger 2001: Heidegger M. Sein und Zeit, 18. Aufl., Tübingen: Nymeier.

Nie sche 2000: Nie sche F. Die Geburt der Tragödie aus dem Geiste der Musik, Bd. I;

Fr. Nie sche, Sämtliche Werke, Kritische Studienausgabe in 15 Bänden (KSA), hrsg. von G. Colli und
M. Montinari, 7. Aufl., Berlin/New York.

Nie sche-Handbuch… 2011: III. Begriffe, Theorien, Metaphern: Leben (S. 269-270); in:

Nie sche-Handbuch. Leben – Werk – Wikung, hrsg. von Henning O mann, Stu gart/Weimar: Me ler.

Konstantine Bregadze (PhD)

(Department of German Philologie,

Tbilisi State University)

Hannah Arendt’s Totalitarianism Theory

(Major Aspects)

The present articles deals with the totalitarianism theory of Hannah Arendt (1906-1975), German
political theorists of Hebrew origin (as she calls herself in one of her TV interviews), which was
formulated in her fundamental work “The Origins of Totalitarianism (1951). The first edition was
printed under the title” Elements and Origins of Totalitarian Powers” (“Elemente und Ursprünge totaler
Herrschaft”, 1955). The question is why we have pondered on namely this work.

We consider that it is namely in Arendt’s analysis of Bolshevism and its “foster son” Nazism the
essence of totalitarianism is accurately and detailed deciphered and formulated generally and its
thorough picture given. Besides, in the H. Arendt’s book the emphasis is not made accidentally on
Bolshevik Soviet Union and Nazis Hitler Germany, but because namely these systems and regimes were
considered by her the classical phenomena of totalitarianism.
According to H. Arendt, totalitarianism is a system of total holding, total suppression, which
neutralizes and makes functionless the political space, political notion (“das Politische”) and the world,
life, society, and throws a man into the state which is absolutely void of essence. Totalitarianism is not a
new form of control or management, but it makes a man to conform to the world, to the reality, where
systemic and systematic destruction of the world is reigning (Arendt-Handbuch… 2011: 319).

Therefore, a man, who appears in the totalitarian system, from the very beginning, is the existential
vacuum, which is called by M. Heidegger “thrown, expulsed from the world” (German: Geworfenheit),
when there is absolute existential situation of abandoning, when there is no joy, love, or any perspective.
In such situation all metaphysical hopes are nullifi ed. Therefore, in the situation of totalitarianism the
human existential problematic becomes still more radicalized and at these conditions existence
perspectives are ruined and essence of human existence is lost from the very beginning; new
eschatological theories rooted among people by propaganda or terror by ideology of totalitarianism
can’t be subdued and overcome. e.g. “communisteschatology” that was advocated in the soviet empire
(“by the road of socialism to the communism), as the new “metaphysical consolation”.

According to H. Arendt the totalitarianism is neither the authoritative regime nor the dictatorship.
The authority /dictator relies on trust, hierarchical order and joint distribution of responsibility, while
totalitarianism destructs all kinds of trust, extirpates all kinds of difference and homogeneity and thrusts
its opinion on monolith and homogenized mass as one and the same order of terror, while at the terms
of dictatorship some defi nite spaces are left for private freedom, for example, in the subject, somewhere
in his cognition spontaneously, even heretic thoughts appear, when totalitarianism momentarily
suppresses in a man even this small spark of spontaneity (Arendt-Handbuch… 2011: 319).

This is why, according to H. Arendt, this political and existential state of a man entrapped in
totalitarian system is “radical evil” (“das radikare Böse”) (Arendt 1991: 916), which takes origin not from
the nihilistic logic according to which “everything is allowed” (“Alles ist erlaubt”), but from a-cosmic,
that is lifeless “immoralistic” condition (“Alles ist möglich), when impossible became possible, it turned
out that it is identical to unpunished, merciless, radical evil” (Arendt 1991: 941). Thus, radicalism of evil
is based on absolute negation of the world experience, which in its turn, is supreme exposure of an
“allowable/possible”. This rootless, groundless essence of evil, which in reality is neither deep nor banal,
should be discerned namely in the negation of the world/universe, in the rejection of the life. This
negation is one of the characteristics of total and totalitarian terror, which simultaneously is the goal and
means of totalitarianism and by it, limits of essence pass to the infi nity of essenclessness (Arendt-
Handbuch… 2011: 320).

Opinion of H. Arendt which states that that the basic support of totalitarianism, fi nally is neither total
repressions nor terror and concentration camps and “Gulags” – is justifi ed and acceptable; not the mass
political propaganda initiated by institutions (e.g. party, mass media controlled by the state apparatus)
but the totalitarianism, which fi rst of all is based on masses (die Masse) , mass movement
(“Massenbewegung”).

According to H Arendt, the mass is generated, is formed namely when we deal with such tremendous
and multiple groups, which, on the one hand, from the very beginning are disposed to be engaged in
public situations and processes, but on the other hand refuse to acknowledge all organizational
structuring, that is to create organization, which would have common interests and purposes and those
interests would pursue to manage this world by this structured organization, in consecutive order
according to concrete goals. Such structured organization can be parties, local self-governments, trade
unions, professional associations and other.
But these are namely structured associations of the type, in which the mass will not enter (Arendt
1991: 496, 502). This “behavior” of the mass is conditioned by the fact that its nature “can’t help”
entrapping in the frames , because its nature is determined by one major property, namely this nature is
of fl owing property, that is the mass should permanently be engaged in spontaneous movement.

It is a paradox, but the other characteristic of the mass simultaneously is its inertia, which means that
it never participates in the live political flow/process, is indifferent to any form political process, e.g. the
mass doesn’t go to elections, representatives of the mass never enroll in any party et al. Potentially the
mass exists in all countries and always and as a rule majority of the population forms the mass, even in
the civilized countries. It is interesting that in the advanced states, in peaceful periods the mass simply is
not seen and is absolutely neutral, that is, is absolutely cool to political process (Arendt 1991: 502).

Thus, according to Hannah Arendt’s essentialist-phenomenal analysis, declassifi ed mass, the so-
called “class-free society” is formed within the frames of totalitarian movements, totalitarianism, on the
base of which further vitality of totalitarian regime becomes possible. Preservation of stability of the
regime/system, in its turn is based on “techniques” such as, on the one hand, the wide scale political
propaganda and on the other hand wide scale repressions of politically undesirable “elements”,
sending-imprisoning of political oppositionist in “Gulags” and concentration camps. This, according to
the existential and ethical point of view is a “radical evil” because a man deprived of the world
experiences and possibilities of experience in “Gulags” and concentration camps will never regain life
(even if he stays alive after “Gulags” during his remaining existence.

[i] მომავალში ჰანა არენდტის ტოტალიტარიზმის თეორია უფრო დეტალური განხილვისა და


ანალიზის საგნად გვინდა ვაქციოთ და მას უფრო ვრცელ გამოკვლევას მივუძღვნით (კ.ბ.).

[ii] შდრ.: “ნაცისტები, რომელთაც დიდი ძალისხმევა გაიღეს იმისათვის, რომ წარმოეჩინათ
პრინციპული სხვაობა თავიანთ ტოტალიტარულ ძალაუფლებასა და წინამორბედ სხვადასხვა
ფაშისტურ დაჯგუფებებს შორის, არასოდეს ერიდებოდნენ, საჯაროდ გამოეხატათ თავიანთი
მძულვარება ფაშისტი მოკავშირეებისადმი და სიმპატიები და აღფრთოვანება ბოლშევიკი
მოწინააღმდეგეებისადმი. ჰიტლერს >>უპირობო პატივისცემა<< (>>Ubedingtes Respekt<<) მხოლოდ
>>გენიალური სტალინისადმი<< ჰქონდა (როგორც მას თავად ჰიტლერი უწოდებდა პრივატულ
საუბრებში). მრავალი ხელშესახები მონაცემი არსებობს იმისა, რომ სტალინისადმი ჰიტლერის ეს
ზეაწეული გრძნობები, რაც ჰიტლერში სწორედ ამ ორი სისტემის მსგავსების გაცნობიერებით იყო
გამოწვეული, თავად სტალინის მხრივ უპასუხოდ არ დარჩენილა. გიობელსი, რომელიც თავის
ადრეულ ნაშრომში “ფაშიზმი და მისი პრაქტიკული შედეგები” (“Der Faschismus und seine
praktischen Ergebnisse”, 1935)პრინციპულად არ ანსხვავებდა ფაშიზმსა და ნაციონალ–სოციალიზმს,
შემდგომ, თავის დღიურებში მუდმივად ხაზს უსვამდა, რომ ფაშიზმი მუდამ ზედაპირზე რჩებოდა,
რომ მუსოლინი ჰიტლერსა და სტალინივით არ იყო “რევოლუციონერი”, რომ მუსოლინის არ გააჩნდა
“მსოფლიო რევოლუციონერის” (“Weltrevolutionär”) უნარები, ვინაიდან ის მჭიდროდ იყო
დაკავშირებული მხოლოდ თავის იტალიელ ხალხთან. აღსანიშნავია, რომ ნაცისტებმა თავიანთი
სიმპატიები კომუნისტების მიმართ ჯერ კიდევ ძალაუფლების ხელში ჩაგდებამდე გამოხატეს ღიად.
გოტფრიდ ნეესე თავის წიგნში “პარტია და სახელმწიფო” (“Partei und Staat”, 1936) გადმოსცემს
გერმანიის ნაციონალ–სოციალისტური მუშათა პარტიის (NSDAP) ოფიციალურ პოზიციას ამ
გადამწყვეტ მომენტში. იგი წერს: >>ჩვენი ერთიანი წინააღმდეგობის ფრონტი მიმართული იყო
გერმანიის მთელს პარტიულ სისტემაზე, გერმანიის ნაციონალური სახალხო პარტიით დაწყებული
და სოციალ–დემოკრატიული პარტიით (SPD) დამთავრებული. ჩვენთვის მტრული გერმანიის
კომუნისტური პარტია (KPD) კი ამ სისტემის მიღმა იდგა<<. ომის შემდგომ აღმოცენებული
ლეგენდების საპირისპიროდ უნდა ითქვას, რომ ჰიტლერს ოდნავი განზრახვაც კი არ ჰქონია, რომ
ევროპა ბოლშევიზმისაგან დაეცვა, არამედ პირიქით, იგი მზად იყო “წითლებთან” ალიანსში შესულს
დასავლეთი გაენადგურებინა. და ეს პოზიცია ჰიტლერისათვის ძალაში იყო თვით საბჭოთა
რუსეთთან შუაგულ ომის დროს. […] აღსანიშნავია ისიც, რომ 30-იან წლებში სწორედ ჰიტლერის
მიბაძვით დაირქვა სტალინმა “ბელადი” _ “ვოჟძ” _ და მას მერე სტალინი მუდამ აკეთებდა აქცენტს
ჰიტლერის მიერ შემოღებულ ამ სახელწოდებაზე” (აქ და ყველგან ჰანა არენდტის ნაშრომის
გერმანული გამოცემიდან ციტატების თარგმანი ჩემია _ კ. ბ.) (Arendt 1991: 500, 503). აქვე შევნიშნავთ,
რომ ჰიტლერის სიმპატიები სტალინისა და საბჭოთა სისტემის მიმართ მხოლოდ პირადი სიმპატია-
ანტიპატიის საქმე არ იყო, არამედ იდეოლოგიის საკითხიც _ ჰიტლერი სწორედ იდეოლოგიური
თვალსაზრისით ხედავდა ბევრ საერთოს სტალინთან და ბოლშევიზმთან: კერძოდ, 1. როგორც მისი
ნაციონალ-სოციალისტური, ისე საბჭოთა-ბოლშევიკური კომუნისტური პარტია ორივე მუშათა,
პროლეტართა პარტიები იყო; 2. სახელმწიფო მოწყობის საკითხში ორივე პარტია და სისტემა
სოციალიზმის ნიადაგზე იდგა და 3. ამ პერსპექტივებიდან როგორც ჰიტლერი, ისე სტალინი მზად
იყვნენ ერთხელ და სამუდამოდ ბოლო მოეღოთ ბურჟუაზიული, “გადაგვარებული” (გერმ. “entartet”)
და “გახრწნილი” დასავლეთისათვის.

[iii] შდრ.: “დიონისური მაგიის წყალობით ხელახალი კავშირი იკვრება არა მარტო ადამიანებს შორის,
არამედ გაუცხოებული, დათრგუნული და მტრადმიჩნეული ბუნებაც ხელახალა ზეიმობს თავის
დაკარგულ ძესთან, ადამიანთან ერთად. […] და აი, მივეახლებით დიონისურობას (“das Dionysische”)
(აქ ნიცშეს მხედველობაში აქვს ბეთჰოვენის მე-9 სიმფონია _ კ. ბ.),სწორედ ახლა და ასე გადაიქცევა
მონა თავისუფალ კაცად, სწორედ ახლა და ასე მოეღება ბოლო ყოველ გამაქვავებელ დისტანციას, რაც
ადამიანებს შორის დაამყარა “თავხედმა ჟამმა” (“freche Mode”) […] აი, ასე გადაეჩვევა ადამიანი
სიარულსა (“das Gehen”) და საუბარს (“das Sprechen”) და ცეკვით შეუყვება გზას ზეციური
სფეროებისაკენ. ადამიანი კი აღარაა ხელოვანი, არამედ თავადაა ხელოვნების ქმნილება: მთელი
ბუნების შემოქმედი ძალა თრობის ექსტაზისას ცხადდება ადამიანის არსში, რაც განაზრახებს მას
პირველ–ერთთან (“Uრ-Eine”) უმაღლესი ნეტარებისათვის. […] როდესაც ასე უმოწყალოდ
დაკოდილი ადამიანის სულში (აქ ნიცშე გულისხმობს დესაკრალიზებული მოდერნის ეპოქისაგან
დისოცირებელ, დეზორიენტირებულ, გაუცხოებულ ადამიანს _ კ. ბ.)ჩვენი გერმანელი მაისტერის
(ვაგნერის _ კ. ბ.)მუსიკა გაიჟღერებს, ჭეშმარიტად, რა გაიჟღერებს მაშინ მის სულში? სწორედ რომ
ჭეშმარიტი განცდა (“die richtige Empfindung”), რომელიც არღვევს ყოველგვარ კონვენციას, არღვევს
ადამიანებს შორის ხელოვნურად წარმოქმნილ გაუცხოებასა და გაუგებრობას: ეს მუსიკა დაბრუნებაა
ბუნებასთან, რომელიც ამავდროულად თავად ბუნებას განწმენდს, გარდასახავს და განაახლებს.
სწორედ სიყვარულით შემოსილი ადამიანის სულში იბადება წყურვილი ამ უკუქცევისაკენ, სწორედ
მის (ვაგნერის _ კ. ბ.)ხელოვნებაში ჟღერს ტრფობად ქცეული ბუნება“ (თარგმანი ჩემია _ კ. ბ.)
(Nie sche 2000: 28-29).

[iv] აღსანიშნავია, რომ მუსოლინის ფაშისტური წყობა არენდტის მიხედვით, უფრო დიქტატურაა,
ვიდრე ტოტალიტარული რეჟიმი, ვინაიდან იტალიაში სახელმწიფო/სახელმწიფოებრიობა და
პოლიტიკურობა ბოლომდე მაინც არ იყო ლიკვიდირებული და განეიტრალებული: კერძოდ,
სახელმწიფო აპარატი თუ სახელისუფლებო შტოები (მაგ., სასამართლო ხელისუფლება) ბოლომდე არ
იყო ანგარიშვალდებული გაბატონებული მმართველი პარტიის წინაშე და იგი კონკრეტულ
სახელმწიფოებრივ ამოცანებსა და საკითხებს მმართველ პარტიასთან შეთანხმების გარეშე აგვარებდა.
გარდა ამისა, ფაშისტური იტალია ფორმალურად კონსტიტუციურ-მონარქისტული სახელმწიფო იყო,
ქვეყნის ფორმალური მმართველი კი მეფე ვიქტორ-ემანუელი (1869-1947), და არა ბელადი (“დუჩე”) _
ბენიტო მუსოლინი. ამიტომ, იტალიაში მხოლოდ ერთი გაბატონებული პოლიტიკური ელიტა არ
არსებობდა, არამედ აქ პოლიტიკურ სივრცეში ორი მტრული ელიტარული დაჯგუფება იყო –
მუსოლინის ფაშისტური პარტიის ნომენკლატურა და იტალიის ძველი არისტოკრატიული ელიტა. ეს
კი ნიშნავდა იმას, რომ იმავე ნაცისტური გერმანიისაგან, სტალინისტურ-ბოლშევიკური საბჭოთა
კავშირისაგან და შემდგომ მაოისტურ-კომუნისტური ჩინეთისაგან განსხვავებით, ფაშისტურ
იტალიაში მასსა, მასსობრივი მოძრაობანი (გერმ. “Massenbewegungen”) და მასსობრივი
საზოგადოება (გერმ. “Massengesellschaft”) ვერ ჩამოყალიბდა, არამედ აქ საზოგადოების კლასებად
დაყოფა მაინც შენარჩუნდა და ფაშისტური იტალიის საზოგადოება მაინც კლასობრივი საზოგადოება
(გერმ. “Klassengesellschaft”) იყო. და რაც ასევე საინტერესო და აღსანიშნავია _ მუსოლინის
იტალიაში არ არსებობდა “გულაგ”-ებისა და საკონცენტრაციო ბანაკების პრაქტიკა: “ის რომ
იტალიაში ფაშისტურ დიქტატურას არანაირი ტოტალიტარული ნიშან–თვისება არ გააჩნდა, ამაზე
მეტყველებს ის ფაქტიც, რომ აქ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულთა მნიშვნელოვნად მცირე
რაოდენობა იყო და პოლიტიკურ მოწინააღმდეგეთ ბევრად უფრო მსუბუქი ბრალდებები
წაეყენებოდათ. 1926-1932 წლებში, როდესაც ქვეყანაში ფაშისტური მმართველობა განსაკუთრებით
აგრესიული იყო, განსაკუთრებული ინსტანციის სასამართლოებმა პოლიტიკური ნიშნით
ბრალდებულთათვის მხოლოდ 7 სასიკვდილო განაჩენი გამოტანეს და 257-ს მიუსაჯეს პატიმრობა 10
და 10 წელზე მეტი ხნის ვადით, ხოლო 1360 განეჩენი 10 წელზე ნაკლებ პატიმრობის ვადას
ითვალისწინებდა. ამასთან აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში 12000 პოლიტიკური ნიშნით
დაპატიმრებული გაათავისუფლეს, რაც სრულიად წარმოუდგენელია, რომ მსგავსი რამ ნაცისტურ
გერმანიასა ან საბჭოთა რუსეთში მომხდარიყო” (Arendt 1991: 500).

[v] შდრ.: “ის, რამაც ცივილიზებული სამყარო მოსკოვის პროცესების (“Moskauer Prozesse”)
მსვლელობისას გააოგნა და გააოცა (იგულისხმება 1937-1938 წლების სასამართლო პროცესები – კ.
ბ.),იყო სწორედ ის, რომ თავად მსხვერპლნი ბრალმდებელთა მონდომებულ და ნებაყოფლობით
დამხმარეებად გამოდიოდნენ და თავიანთ “აღიარებებში” თვით ბრალმდებელთა ფანტაზიასა და
გამომგონებლობას გადააჭარბეს. მათში გამოჭედილმა პარტიულმა დისციპლინამ, _ რომელსაც ეს
მსხვერპლნი უპირობოდ ემორჩილებოდნენ ჯერ კიდევ იმ დღიდან, რაც მათ ამ მოძრაობაში
(“Bewegung”) შეაბიჯეს, და რომელმაც შემდგომ მთელი მათი ცხოვრება მოიცვა, _ ყოველგვარ
გამოცდას გაუძლო და ისე აღმოჩნდა, რომ ბრალდებულებში თვითგადარჩენის ინსტინქტზე უფრო
ძლიერი პარტიული დისციპლინის შეგნება გამოდგა. არგუმენტი, რასაც მსხვერპლნი ეყრდნობოდნენ
და ქედს უხრიდნენ, ასე ჟღერდა: >>თუკი შენ, როგორც შენ ამას ამტკიცებ, მართლა საბჭოთა
მთავრობის მხარეს ხარ, მაშინ შენ ეს შეგიძლია წამისყოფით დაადასტურო იმით, რომ სწორედ იმ
ბრალდებებს აღიარებ, რომელთა აღიარებასაც მთავრობა შენგან მოითხოვს და რომელთა აღიარებაც
მას ამ მომენტისათვის სჭირდება<<. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს ბრალდებული ყოფილი
პარტიული ფუნქციონერები საბრალდებო სკამზეც პარტიის ფუნქციონერებად აღიქვამდნენ თავიანთ
თავს და თავიანთი ჭკუით ამ ვითარებაშიც პარტიის ფუნქციონერებადვე რჩებოდნენ: ისინი
ფიქრობდნენ, რომ უწინდელი ფიზიკური და მორალური შემართებით თავიანთი სასიკვდილო
განაჩენისათვის დამატებითი სამხილის შეგროვებითა და სასამართლოსთვის მათი წარდგენითაც კი
ისევე ერთგულად ემსახურებიან პარტიას და ეფექტურად ასრულებენ თავიანთ ფუნქციებს, როგორც
ამას აქამდე აღასრულებდნენ. ეს ბრალდებულები სწორედ რომ იმ მოთხოვნის მიხედვით
მოქმედებდნენ, რომელიც ტროცკიმ _ რა სასაცილოდაც არ უნდა მოგვეჩვენოს, შემდგომ ერთ–ერთ იმ
მცირედთაგანი, ვინც თავად არ აღასრულა ეს პარტიული მოთხოვნა, _ ასე ჩამოაყალიბა: >>მხოლოდ
პარტიის წაყლობით და პარტიასთან ერთად შეიძლება ვიყოთ მართლები. ისტორია სხვა გზას არ
გვიტოვებს. ამიტომ, ახლა უფრო მეტი ისტორიული დაბეჯითებით ვამბობთ, რომ ჩემი პარტია ჩემს
პარტიად რჩება (ანუ, მარად ჭეშმარიტების ნების გამომხატველ ინსტანციად, მარად ჭეშმარიტების
მპყრობელ ინსტიტუციად რჩება – კ. ბ.),მიუხედავად იმისა ამა თუ იმ ცალკეულ კონკრეტულ
შემთხვევაში პარტია სამართლიანობას სჩადიოდა თუ უსამართლობას<<” (Arendt 1991: 497-498).

 სემიოტიკა და სხვა...

კონსტანტინე ბრეგაძე ტოტალიტარიზმი ჰანა არდენტი


ავტორი: ცირა ბარბაქაძე

Poetry, Professor View all posts by ცირა ბარბაქაძე

2 comments

1. წეროძე გიორგი ამბობს:


15 მაისი 2020, 8:56 AM
რა დამთხვევაა. სხვა ენაზე წავიკითხე და აგერ უცებ ქართულად. მადლობა.

პასუხი
ცირა ბარბაქაძე ამბობს:
22 სექ 2020, 5:41 PM

პასუხი

Blog at WordPress.com.

You might also like