You are on page 1of 4

ახალი ეპოქის ფილოსოფიური შეხედულებები (კანტი და ჰეგელი)

ახალი დროის აზროვნების წინაშე იდგა ორი ძირითადი პრობლემა. პირველი:ემპირიული,


გარემომცველი სამყაროს შეცნობა და მეორე:ცნობიერების რაობის, მისი შესაძლებლობების კვლევა.
აზროვნების ამოცანაა არა მხოლოდ სინამდვილის შემეცნება, არამედ მისი (სინამდვილის) შესახებ
ჭეშმარიტი ცოდნის მიღება. ჭეშმარიტი ცოდნის მისაღებად კი არსებობს ორი გზა: სინამდვილეზე
უშუალო დაკვირვება და განსჯა (გააზრება).
პირველი პრობლემა, პირველი გზა გულისხმობს საკითხის დაყენებას შემდეგი
კუთხით:რომელია ის მეთოდი, რომელიც ადამიანს მისცემს შესაძლებლობას მიიღოს ზუსტი,
ჭეშმარიტი ცოდნა სამყაროს, სინამდვილის შესახებ. აქ გამოიკვეთა ორი ძირითადი მიდგომა:
ა)ემპირიზმი, რომელის ამტკიცებს, რომ მთელი მეცნიერული ცოდნა შეგრძნებებიდან
მომდინარეობს, ცდისეული, ემპირიული წარმოშობისაა, ცნობიერება „დაუწერელი დაფაა“ და
მხოლოდ სინამდვილის ზემოქმედებით იქმნება ჭეშმარიტი ცოდნა (ბერძ. ემპირეა ნიშნავს ცდას).
ემპირიზმს დასაბამი მისცა ინგლისელმა მოაზროვნემ ფრენსის ბეკონმა. ბ)რაციონალიზმი, რომლის
თანახმად ჭეშმარიტი შემეცნების წყარო არსი გონება (ლათ. რაციო ნიშნავს გონებას). ეს მოძღვრება
თვლის, რომ მეცნიერული ცოდნა რაციონალური ანუ გონებისეულია. რაციონალიზმს დასაბამი
მისცა ფრანგმა მოაზროვნემ რენე დეკარტმა.
მეორე პრობლემა, მეორე გზა გულისხმობს საკითხის დაყენებას შემდეგი კუთხით:რამდენად
ძალუძს ადამიანს გარემომცველი სამყაროს სრულად შემეცნება, რამდენად ძალუძს ადამიანის
გონებას მთლიანდ მოიცვას ემპირიული რეალობა, ანუ საკითხი დგება ადამიანის ცნობიერების
შესაძლებლობების კვლევის კუთხით. ამ პრობლემის გასიგრძეგანებას იწყებს გერმანული
კლასიკური ფილოსოფიის პირველი წარმომადგენელი იმანუელ კანტი და ერთგვარად ასრულებს
გეორგ ჰეგელი.
იმანუელ კანტი (1724 – 1804) - ძირითადი შრომებია:“წმინდა გონების კრიტიკა“,სადაც
განხილულია მისი თეორიული კონცეფცია, „პრაქტიკული გონების კრიტიკა“, სადაც გადმოცემულია
მისი ეთიკური პრობლემატიკა და „მსჯელობის უნარის კრიტიკა“, სადაც განხილულია მისი
ესთეტიკური შეხედულებები. კანტის მიხედვით, შემეცნება ხორციელდება ცნობიერების სამი
უნარით: გრძნობით, განსჯით და გონებით. თითოეულს აქვს თავისი სპეციფიკური ფუნქცია
შესასრულებელი. გრძნობის ორგანოებზე მოქმედებს რაღაც, რასაც კანტი უწოდებს „თავისთავად
საგანს“. ამ მოქმედების შედეგად ადამიანს ექმნება შთაბეჭდილებები, რომელიც ქაოტურია. სწორედ
ამ ქაოსური შთაბეჭდილებების მოწესრიგებას ახდენს გრძნობა თავისი აპრიორული (აპროირული -
ცდამდე არსებული)ფორმებით: დროთი და სივრცით. ანუ გრძნობა განალაგებს შთაბეჭდილებებს
ერთიმეორის გვერდით და ერთიმეორის შემდეგ. დროში და სივრცეში მოწესრიგებული
შთაბეჭდილებები ქმნიან მოვლენებს ანუ ფენომენებს. ამ მოვლენების ანუ ფენომენების
ერთმანეთთან დაკავშირება ხდება ცნობიერების მეორე უნარით, განსჯით. განსჯასაც გააჩნია თავისი
აპრიორული ფორმები - კატეგორიები, მათი რაოდენობა თორმეტია (მაგ: მიზეზი -შედეგი,
შესაძლებლობა-სინამდვილე, აუცილებლობა-შემთხვევითობა, ერთიანობა-სიმრავლე და ა.შ).
კატეგორიები არ ვითარდებიან და არც გადადიან ერთმანეთში. არც ცალკე აღებული შეგრძნებები და
არც ცალკე აღებული ცნებები (კატეგორიები) თავისთავდ არ იძლევიან ცოდნას. საჭიროა მათი
გაერთიანება. ამ ფუნქციას ასრულებს ცნობიერების მესამე უნარი: გონება. ამდენად, ცნობიერების
სამივე უნარის ჩართულობით ადამიანი ანხორციელებს შემეცნებას, თუმცა რაც ყველაზე
მნიშვნელოვანია, შემეცნების საგანი კი არ განსაზღვრავს ცნობიერებას, არამედ ცნობიერება
განსაზღვრავს და ქმნის თავის საგანს; მაშასადამე, შემეცნების პროცესი ჩვენს გარეთ
არსებული ობიექტების ასახვად არ უნდა გავიგოთ, არამედ იგი, კანტის მიხედვით,
შემეცნების საგნის აგების პროცესია.
ამდენად, კანტი სამყაროს ყოფს მოვლენებად (ფენომენებად) და „თავისთავად საგნებად“ ანუ
ნოუმენებად. „ნივთი თავისთავად“ არსებობს ადამიანის ცნობიერებისაგან დამოუკიდებლად და ეს
ის სამყაროა, რომლის შემეცნება ადამიანს არ ძალუძს. ადამიანი იმეცნებს სამყაროს არა ისე, როგორც
ის არის თავისთავად, არამედ ისე, როგორც ის ჩვენ გვევლინება; ადამიანის მიერ სამყარო შეიმეცნება
მხოლოდ მისი გამოვლენის ფორმებში: ადამიანი იმეცნებს ფენომენებს, თუმცა ნოუმენების შეცნობა
არ ძალუძს. და ეს იმიტომ, რომ ნოუმენების სამყარო არ შემოდის ადამიანის ცნობიერებაში, ჩვენი
შეგრძნებები, ცნებები და მსჯელობები არ გვაძლევენ თეორიულ ცოდნას „თავისთავად საგნებზე“.
გონებას არ შეუძლია შეიმეცნოს საგანთა არსი, მას მხოლოდ მოვლენათა შემეცნება შეუძლია.
ამდენად, ადამიანს აქვს ცოდნა მხოლოდ იმ სამყაროს შესახებ, რომელსაც თავად ქმნის (აგებს)
შემეცნების პროცესში, ეს მოვლენათა, ფენომენების სამყაროა; თუმცა არანაირი ცოდნა არა აქვს
„თავისთავადი საგნის“(ნოუმენების) შესახებ, რადგან ეს სამყარო არ შემოდის მის ცნობიერებაში.
ნოუმენების სამყარო ტრანსცენდენტურია, მიღმურია, პრინციპულად შეუცნობელია. როგორც არ
უნდა განვითარდეს ადამიანის ცნობიერების უნარები, ნოუმენების სამყარო ადამიანისათვის
შეუცნობადი დარჩება.
ძალზედ საინტერესოა კანტის ეთიკური კონცეფცია (შემთხვევითი არ არის, რომ მას მეორე
სოკრატესაც უწოდებენ). კანტის საფლავის ქვას ასეთი წარწერა აქვს: მე მუდამ მაოცებდა ორი რამ -
ვარსკლავებით მოჭედილი ცა და მორალური კანონი ჩემში. ამ წარწერაში, გაქტობრივად, მისი
მთელი მოძღვრებაა მოქცეული: ვარსკლავებით მოჭედილი ცა - სამყარო მთელი მისი არსით,
ადამიანური ცნობიერების შესაძლებლობები, უნარები და მეთოდები სამყაროს შემეცნების; და
მეორე: რა ქონდა მხედველობაში კანტს, როცა საკუთარ თავში მორალური კანონის არსებობაზე
მიუთიტებდა, რითაც გაკვირვებული იყო დიდად. უფრო გასაგებად რომ ითქვას: ყოველ ადამიანში
არის ზნეობრივი ქცევის საფუძველი. კანტმა ჩამოაყალიბა ზნეობრივი ქცევის კანონი -
„კატეგორიული იმპერატივი“, რომელიც გამოითქმის ასე: „მოიქეცი ისე, რომ შენს მოქმედებაში
კაცობრიობა, როგორც შენი საკუთარი, ისე სხვა პიროვნების სახით, ყოვეთვის იყოს მიზანი და
არასოდეს მხოლოდ საშუალება“. ადამიანის ქმედებას ზნეობრივი მხოლოდ მაშინ შეიძლება
ვუწოდოთ, როცა იგი იმას აკეთებს რაც უნდა გააკეთოს, ე.ი. რისი გაკეთებაც მას ევალება. ამის გამო
კანტის ეთიკას მოვალეობის ეთიკასაც უწოდებენ.
გეორგ ჰეგელი (1770 – 1831) - ძირითადი შრომებია:“სულის ფენომენოლოგია“, „ლოგიკის
მეცნიერება“, „სამართლის ფილოსოფია“ „რელიგიის ფილოსოფია“, „ისტორიის ფილოსოფია“ და ა.შ.
ჰეგელი რაციონალისტია და მისი რაციონალიზმით აღიარა აბსოლუტური გონების ბატონობა და
ყოვლისშემძლეობა. ჰეგელმა ააგო უნივერსალური სისტემა, რომელსაც „ფილოსოფიურ
მეცნიერებათა ენციკლოპედია“ უწოდა. მასში პირველი ნაწილია „ლოგიკა“ - აქ ჩამოყალიბებულია
დიალექტიკური აზროვნების კანონები და ძირითადი ფორმები; მეორე ნაწილია „ბუნების
ფილოსოფია“, რომელშიც გათვალისწინებულია ბუნების მეცნიერებათა მიღწევები და ნაჩვენებია
ბუნების განვითარების კანონზომიერება მარტივი მექანისტური მოძრაობის ფორმებიდან ორგანული
ბუნების უმაღლესი მიღწევის - ადამიანსი წარმოშობამდე.და ბოლოს სისტემის მესამე ნაწილია
„ გონის ფილოსოფია“, რომელშიც წარმოდგენილია ადამიანისა და საზოგადოების შესახებ
მეცნიერებათა მთელი სისტემა:ფსიქოლოგია და ფენომენოლოგია, სამართალი და ეთიკა, ესთეტიკა
და რელიგია, ისტორიის ფილოსოფია და ფილოსოფიის ისტორია. სწორედ მესამე ნაწილში
მოაზროვნე იძლევა საზოგადოების შესახებ თავის იდეალისტურ თეორიას, რომლის თანახმადაც
საზოგადოება და აზროვნება არის „აბსოლუტური იდეის“ „აბსოლუტურ გონად“ გარდაქმნის,
გადაქცევის პროცესი. თავიდანვე აღვნიშნავთ, რომ „აბსოლუტურ იდესა“ და „აბსოლუტურ გონს“
შორის მხოლოდ ის განსხვავებაა, რომ პირველი არ აცნობიერებს ( და არც იცის) თავს სამყაროს
საფუძველად, მაშინ როცა „აბსოლუტური გონება“ თავის თავს აცნობიერებს მთელი სამყაროს
საფუძველად. „აბსოლუტური იდეა“ თავისი თავის შემეცნებით (თვითშემეცნებით) ხდება
„აბსოლუტირი გონი“.
ჰეგელი აიგივებს ყოფიერებასა და აზროვნებას და აცხადებს, “ აზროვნების კანონები
იმავე დროს ყოფიერების კანონებიცაა”. არა მხოლოდ სამყარო, არამედ კაცობრიობის ისტორიაც
არის აზროვნების, აზრის ისტორია, გონების თვითგანვითარების ისტორია. მსოფლიო ისტორიის
მიზანია მსოფლიო სულის მიერ თავისთავის შემეცნება. მსოფლიო გონების მატარებელი სხვადასხვა
დროს სხვადასხვა ხალხია. რომელთაც შეაქვთ თავიანთი წვლილი მსოფლიო გონების
თვითშემეცნების პროცესში. კრიტერიუმი, რომლითაც ისტორიის აღმავალი განვითარების პროცესი
იზომება, მდგომარეობს თავისუფლების შეგნების ხარისხში. თავისუფლება - სულის თავისუფლებაა,
პიროვნების ინტელექტუალური თავისუფლებაა, რომელიც განვითარებადია. განვითარების ამ
პროცესში ჰეგელი განასხვავებს სამ საფეხურს: აღმოსავლეთის, ელინურ-ელინისტურს (ბერძნულ-
რომაულს) და ევროპას, კერძოდ გერმანიას. აბსოლუტური სული თავისი თავის შემეცნებას იწყებს
აღმოსავლეთიდან, მაგრამ აქ ის დიდხანს ვერ ჩერდება, რადგან აღმოსავლეთის ქვეყნებს არ ქონდათ
თავისუფლება, თავისუფლად აქ ითვლება ერთი - დესპოტი, ხოლო ყველა დანარჩენი -
არათავისუფალია. აღმოსავლეთიდან აბსოლუტური სული გადადის ბერძნულ-რომაულ სამყაროში,
სადაც თავისუფლების ხარისხი შედარებით მაღალია. სრული თავისუფლება, ჰეგელის მტკიცებით,
განხორციელდა მხოლოდ გერმანელ ხალხებში, რომლებმაც მიაღწიეს საყოველთაო, სამოქალაქო და
პოლიტიკურ თავისუფლებას. ამიტომ, გერმანელი ხალხი არის მსოფლიო - ისტორიული პროგრესის
მატარებელი ხალხი. „მსოფლიო ისტორია მიემართება აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ,
რამდენადაც ევროპა არის ნამდვილად ისტორიის დასასრული, აღმოსავლეთი კი - მისი დასაწყისი“ -
წერდა ჰეგელი. მისთვის თავისუფლება თავისი არსით არის დადებითი თავისუფლება - როგორც
ისტორიულ ურთიერთთანამშრომლობაში საკუთარი როლის რეალიზაცია. რაც შეეხება უარყოფით
თავისუფლებას, რომელიც გულისხმობს „სახელმწიფოს იძულების“ არ არსებობას, ჰეგელისათვის
უაზრობაა. სახელმწიფო არ არის რაღაც ადამიანისაგან განსხვავებული, რაღაცა გარეგანი, რომელსაც
შეუძლია აიძულოს ადამიანი. მოაზროვნის აზრით, „სახელმწიფო არის ზნეობრივი გაერთიანება,
რომლის ორგანულ ნაწილებს წარმოადგენს ადამიანური ქმნილება. სახელმწიფოს ნება - ეს
ადამიანის ნებაა. იძულებას აქ ადგილი არა აქვს“. პოლიტიკური იდეალი არის მონარქია - თავად
მონარქი იქნება ნომინალური ფიგურა, ხოლო სახელმწიფოს მმართველები იქნებიან სახელმწიფო
მოხელეები და წარმომადგენლობითი ასამბლეა.
ჰეგელი იცავს კერძო საკუთრებას როგორც საშუალებას ადამიანის მიერ საკუთარი თავის
გამოხატვის. თუმცა ისტორიაში პიროვნების როლი მის მიერ დამახინჯებულადაა გააზრებული მისი
ობიექტური იდეალიზმისდა გამო: ადამიანი სათამაშო თოჯინაა მსოფლიო გონის ხელში, რომელსაც
იგი (ანუ გონი) კარნახობს თავის ნებას და ადამიანის თავისუფლება ფაქტიურად სხვა არაფერია, თუ
არა მსოფლიო გონის ნების გამოხატულება.
ამდენად ჰეგელმა ყოფიერება გააიგივა გონებასთან, იდეასtან, რომლის წვდომა ადამიანურ
გონებას შეუძლია ლოგიკური აზროვნების მეშვეობით; ყოფიერებაში არსებობს წესრიგი,
მთლიანობა, რამეთუ მისი საფუძველი არის აბსოლუტური გონი და სწორედ ამიტომ მისი გაგება
შეიძლება ლოგიკური აზროვნების საშუალებით.

You might also like