You are on page 1of 5

,,ესე იტყოდა ზარადუსტრა“ და ,,სახარება“

ნიცშეს ანტიქრისტიანული ხედვები მთელს მის შემოქმედებს გასდევს, ის მთელი


ძალით უპირისპირდება ქრისტიანულ მორალს: ,,ამაოდ ვეძებდი ახალ აღთქმაში ერთ
სიმპათიურ თვისებას მაინც: მასში არაფერია ისეთი, რასაც შეიძლება თავისუფალი,
კეთილი, გულწრფელი, პატიოსანი უწოდო“,1,,ანტიქრისტე“, ,,ესე იტყოდა
ზარადუსტრაზე“ გვიან არის დაწერილი, თუმცა ამ უკანასკნელშიც საკმაოდ დიდ
კავშირს აღმოვაჩენთ ქრისტიანობასთან, ,,სახარებასთან“ მიმართებით, ცხადია ამ
კავშირებს არ ქმნის არსობრივი მსგავსებები, რადგან ორ განსხვავებულ
მსოფლმხედველობასთან (თუ ფილოსოფიურად შევხედავთ) გვაქვს საქმე. ნიცშე
ხშირად იყენებს, სახარებაში მოცემულ ენობრივ ნომინაციებს, სიმბოლოებს, ნიშნებს
და ზოგ შემთხვევაში კი პირდაპირ ალუზიებს, ეს არის მისი მეთოდი, ჩავიდეს
ქრისტიანობის საფუძვლებში და გამოკვეთოს კრიტიკული ხედვა ,,სახარებაზე“,
პარალელურად კი დააფუძნოს თავისი მსოფლმხედველობა.

,,სახარება“, ასევე როგორც ,,ესე იტყოდა ზარადუსტრა“ ოთხი წიგნისაგან შედგება,


სტრუქტურული აგებულების მსგავსების მიღმა, შინაარსობრივი გადაკვეთებიც
სახეზე გვაქვს. ორივე შემთხვევაში გარკვეულ საწყისად, ადამიანური მდგომარეობა
არის მოცემული, ადამიანი თავისი ვნებებით, კულტურული მეხსიერებით და
ცნობიერებით. ეს მდგომარეობა ორივე შემთხვევაში გარდამავალი ეტაპია, რაღაცა
უფრო მნიშვნელოვანისკენ სავალ გზაზე. ,,ესე იტყოდა ზარადუსტრაში“ მოცემული
მნიშვნელოვანი მიზანი, რომლისკენაც ადამიანის ძალისხმევა უნდა იყოს
მიმართული, არის ზეკაცად ჩამოყალიბება. ზარადუსტრა, ქრისტესგან განსხვავებით,
არ გვთავაზობს კონკრეტულ უნივერსალურ გზას, როგორ უნდა მიიღწეს საბოლოო
მიზანი. თუმცა ქრისტეს ეს თითქოს გამოკვეთილი უნივერსალიზმი, ზოგ
შემთხვევაში, აბუნდოვნებს და ინტეპრეტაციას უკეთებს რჯულის (ძველ
ათქმისეულ) წესებს, რომელზეც ის დგას, ართულებს გზას ცათა სასუფევლისკენ
(საბოლოო მიზანი).

როდესაც ქრისტე ცათა სასუფეველის მნიშვნელობას სახავს, ალეგორიების გზით, ამ


უკანასკნელის შეუძლებლობაზე საუბრობს, როგორც მიუღწევად მიზანზე, ,,ეს რომ
მოისმინეს, ძალიან გაუკვირდათ მის მოწაფეებს, და თქვეს: ,,აბა, ვიღას შეუძლია
გადარჩენა?“ გადახედა მათ იესომ და უთხრა: ,,კაცთაგან ეს შეუძლებელია, ხოლო
ღვთისაგან ყოველივე შესაძლებელი.““ 2 აღარ არის საკმარისი, მხოლოდ რჯულის

1
ნიცშე ანტიქრისტე გვ82
2
ახალი აღთქმა და ფსალმუნები გვ42 (მათე 19:25, 19:26)
კანონების შესრულება, შემოდის ერთგვარად ღვთიური ჩართულობის
აუცილებლობა, მისი იმანენტური თანადასწრებულობა ადამიანთა საქმეებთან,
გამხსნელი მათთავე რწმენის გზით. მოგვიანებით პავლე ძველ აღთქმისეულ ერთერთ
პასაჟს, სხვა მნიშვნელობით დატვირთავს და რწმენის ფუნქციას, ადამიანის
ფასეულობათა იერარქიაში, ყველაზე წინ დააწინაურებს: ,,ვინაიდან აბრაამს და მის
თესლს არა რჯულით, არამედ რწმენის სიმართლით მიეცა აღთქმა - ყოფილიყო
წუთისოფლის მემკვიდრე“. 3 რას ნიშნავს ეს მდგომარეობა ,,სახარებაში“, რომლის
მეოხებითაც შესაძლებელი ხდება ცათა სასუფევლის მოპოვება? - ,,იესომ დაუძახა
ბავშვს და ჩააყენა მათ შუა. უთხრა: ,,ჭეშმარიტად გეუბნევით თქვენ: თუ ისე არ
მოიქცევით და არ იქნებით, როგორც ბავშვები, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში.““ 4
ბავშვის სიმბოლური ხატის მნიშვნელობა, წინარე მსჯელობიდან უკვე გამოიკვეთა,
ეს არის ადამიანის მდგომარეობა, როცა შესაძლებელი ხდება ყველაფრის დავიწყება,
ახალი ფასეულობების და ცნობიერების მიღება, შესაძლოა რჯულის
უგელებელყოფის გზითაც კი, ,,ვინაიდან ქრისტეა რჯულის დასასრული, ყოველივე
მორწმუნის გასამართლებლად.“ 5

ბავშვის სიმბოლური ხატი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნიცშეს ,,ესე იტოდა


ზარადუსტშიც“, როდესაც ის სულის სამ ცვალებადობაზე გვესაუბრება: ,,როგორ
იქმნება სული აქლემად, აქლემი ლომად და ბოლოს ლომი ბავშვად.“ 6 მხოლოდ
,,ბავშვს“ ძალუძს შექმნას ახალი ფასეულობები, სილაღით და თამაშით. ამ
შემთხვევაში ის, არსობრივად განსხვავდება სახარებისეული ,,ბავშვისგან“, რომელიც
მიუხედავად იმისა, რომ ძველს ემიჯნება, მისი დავწიყების და გაქრობის ხარჯზე,
ახლი ფასეულობების მაწარმოებელი ვერ ხდება, იგი უბრალოდ იღებს ახალს, აწ უკვე
არსებულის, ქრისტეს სახით. ნიცშეს ,,ბავშვი“ კი, ძველის დავიწყების შემდეგ, ახალ
ფასეულობათა შემოქმედია, იგი ,,თავის ქვეყნიერებას შეიძენს, ქვეყნის დამკარგავი.“ 7
თუმცაღა, ნიცშესთან სული მეორეხარისხოვანია, სხეულთან (ტანთან) შედარებით,
მისი სახეცვლილება, ამ უკანასკნელის გავლენას გულისხმობს და პროგრესს
წარმოადგენს ზეკაცისკენ მიმავალ გზაზე.

ნიცშე გამორიცხავს ობიექტურ, მეტაფიზიკურ მდგენელს, რომლის მიხედვითაც


შესაძლებელია შეაფასო მოვლენები და შემდგომ იმოქმედო, მისი მოწოდება ღმერთის

3
ახალი აღთქმა და ფსალმუნები გვ334 (პავლე 4:13, წერილი რომაელთა მიმართ)
4
ახალი აღთქმა და ფსალმუნები გვ38 (მათე 18:2, 18:3)
5
ახალი აღთქმა და ფსალმუნები გვ344 (პავლე 10:4, წერილი რომაელთა მიმართ)
6
ნიცშე ესე იტყოდა ზარადუსტრა გვ25
7
ნიცშე ესე იტყოდა ზარადუსტრა გვ26
სიკვდილზეც, 8 ზუსტად ამის ილუსტრაციაა, ის ემიჯნება მთელს ფილოსოფიურ,
თეოლოგიურ, კულტურულ ტრადიციას. მისი ხედვა იმითაც არის ორიგანალური,
რომ ახალ ეპოქას სთავაზობს უნივერსალიზმის უარყოფას, სუბიექტის
სუბიექტურობის, გამართლების შემოტანის ხარჯზე, რაც ნიშნავს, რომ თითოეული
ადამიანის გასავლელი გზა მთავარ მიზნამდე, ერთმანეთისგან განსხვავებულია. არ
არსებობს ტრანსცედენტალური სივრცე, არც მისგან მოცემული მორალი, რომელსაც
ადამიანი მოერგება და ამით მოიპოვებს ხსნას. შესაბამისად სიკეთესაც, ბოროტებასაც,
სიყვარულსაც და ყველა სხვა ცნებას, მხოლოდ ადამიანის ნება აძლევს მნიშვნელობას.
,,ჭეშმარიტად, ძმაო, ადამიანთა თვით შექმნეს ყოველი თვისი სიქველე და ბოროტება.
ჭეშმარიტად, იგი არავისგან აუღიათ, არ უპოვნიათ, არ ჩამოვარდნილა იგი ვით ხმა
ზეცით.“ 9

სახარებისეული მორალი, სიკეთისა და ბოროტების აღქმა, აბსოლიტურად


განსხვავდება ზემოთ მოცემულისგან, რადგან ,,სახარებაში“ წარმოდგენილი
ღვთიური, იმპერატიული კანონები, ყველა მოვლენის და მოქმედების მსაზღვრელია
და ყველა ადამიანისთვის სავალდებულო. ,,აჰა მოვიდა მასთან ვიღაც და უთხრა:
,,მოძღვარო რა სიკეთე ვქნა, რომ საუკუნო სიცოცხლე მქონდეს?“ ,,ხოლო მან უთხრა
მას: სიკეთეზე რად მეკითხები? კეთილი მხოლოდ ერთია. ხოლო თუ სიცოცხლეში
შესვლა გინდა, დაიცავი მცნებანი““ 10 ამის შემდეგ კონკრეტული მცნებებია
მოცემული, რომელიც ადამიანმა უნდა შეასრულოს, მაგრამ იქამდე მიდის
მოძღვრება, რომ ესეც არ არის საკმარისი, ცათა სასუფეველში შესასვლელად.
სახარებისეულ მცნებებს ქვე პუნქტები მოსდევს: სიქველე მაშინ განხორციელდება
მთლიანობაში, როცა ღმერთისთვის, მისი რწმენის სახელით სრულდება და არა
რომელიმე მიწიერი მიზნისთვის (თვალთმაქცობა, სახელის მოხვეჭა და ა.შ), სწორედ
ამიტომ, მნიშვნელოვანია სიქველეს ვერ ხედავდეს ხალხი, ,,შენი მოწყალება
დაფარულში იყოს: და მამაშენი, რომელიც ხედავს დაფარულში, მოგიზღვავს შენ.“ 11

ნიცშე კი პირიქით, ცდილობს გაანთავისუფლოს სიქველის ცნება, ,,ობიექტურ


კანონებთან“ მიყენებადობისაგან და აღნიშნავს, თუ საჭიროა ადამიანმა უნდა
ახსენოს, თუ როგორია მისი სიქველე და რატოა ის მისი, რომ მხოლოდ ესე სურს და
არავითარი კავშირი არ აქვს სხვების სიქველეებთან: ,,მიწიერი სიქველეა, რომელი მე
მიყვარს: მცირეა მის შორის გონიერება და უფროსად მცირე - საზიარო გონება.“ 12 არ

8
ნიცშე ესე იტყოდა ზარადუსტრა გვ16
9
ნიცშე ესე იტყოდა ზარადუსტრა გვ48
10
ახალი აღთქმა და ფსალმუნები გვ41-42 (მათე 19:16, 19:17)
11
ახალი აღთქმა და ფსალმუნები გვ10 (მათე 6:4)
12
ნიცშე ესე იტყოდა ზარადუსტრა გვ32
არის საჭირო სიქველე იყოს უნივერსალური ყველა ადამიანისთვის, მით უმეტეს კი
სავალდებულო.

ბოლოს კი უნდა აღინიშნოს, ყველაზე საგულისხმო მომენტი, რომელიც უფსკრულს


გამოკვეთს ,,სახარებასა“ და ,,ესე იტყოდა ზარადუსტრას“ შორის. სიკვდილის პირას
მყოფ ავაზაკს ქრისტე იმქვეყნიურ ჯილდოს პირდება: ,,ჭეშმარიტად გეუბნევი შენ,
დღესვე ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში“, 13 ხოლო ანალოგიურ სიტუაციაში მყოფი
ზარადუსტრა, მომაკვდავ მასხარას, მეტაფიზიკური ნუგეშისა და შიშისგან
გაათავისუფლებს: „პატიოსნებას გეფიცები, მიუგო ზარატუსტრამ, არ არსებობს
მსგავსი, რასაც შენ ლაპარაკობ: არაა ეშმაკი და არც ჯოჯოხეთი. შენი სული უფრო
ადრე მოკვდება ვიდრე სხეული: აღარაფრის გეშინოდეს!“ 14 სახარებისეული ბოლო
მიზანი ცათა სასუფეველია, მიღმიური სამყოფელი, ხოლო ნიცშე ამ ქვეყნიურ
არსებობაში გარდაქმნაზე გვესაუბრება, ადამიანიდან ზეკაცამდე.

ირაკლი ბიტიაშვილი

13
ახალი აღთქმა და ფსალმუნები გვ41-42 (ლუკა 23:43)
14
ნიცშე ესე იტყოდა ზარადუსტრა გვ21
ბიბლიოგრაფია:

ახალი აღთქმა და ფსალმუნები მთარგმნ. ზურაბ კიკნაძე, მალხაზ სონღულაშვილი,


სტოკჰოლმი: ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი 1991წ

ნიცშე, ფრიდრიხ ესე იტყოდა ზარადუსტრა მთარგმნ. ერეკლე ტატიშვილი, თბილისი:


,,ფილოსოფიური ბიბლიოთეკა“ 1993წ

ნიცშე, ფრიდრიხ ანტიქრისტე მთარგმნ. ვახტანგ გორგიშელი, თბილისი: ,,აქტი“ 2020წ

You might also like