You are on page 1of 24

მაცუო ბაშო

ნიოს ტბისაკენ

თარგმნა ზაალ ჩხეიძემ

გამომცემლობა „ინტელექტი“, 2013

2
1644 წელს არც ისე შეძლებული უენოელი სამურაის ოჯახში მე-
სამე ვაჟი დაიბადა. თავად მამა და უფროსი ძმა ადგილობრივი ფე-
ოდალის კარზე მსახურობდნენ კალიგრაფებად. ბიჭი წამოიზარდა
თუ არა, მას მუნეფუსა დაარქვეს და პატარაობიდანვე აზიარეს კლა-
სიკური, დიდი ჩინური პოეზიის მშვენიერებას, ხიბლსა და აზრს. ჩი-
ნური პოეზიის სიყვარული მთელი ცხოვრება თან გაყვება ბიჭს და
დიდ როლსაც ითამაშებს მის მომავალ ცხოვრებაში.
სწორედ ამ დროს, მეჩვიდმეტე საუკუნის შუა წლებში, იაპონიის
მმართველობის სადავეებს ჩამოშორებოდა იმპერატორი – იგი
ქვეყნის ძველ დედაქალაქში კიოტოში ცხოვრობდა, გარშემორტყმუ-
ლი ხელოვანებით, პოეტებით, მუსიკოსებით, მწერლებით, ხოლო
მმართველობის სადავეები სხვებს ჩაეგდოთ ხელში. იცვლებოდა ია-
პონიის ტრადიციული სახე, ვითარდებოდა საქალაქო ცხოვრება,
მდიდრდებოდნენ ერთნი და კიდევ მეტად ღარიბდებოდნენ სხვანი.
ძალას იკრებდა ედო, დღევანდელი ტოკიო, იმჟამად ის ქცეულიყო
მთავარ პოლიტიკურ ცენტრად და ახალი ცხოვრების სიმბოლოდაც.
სხვების მსგავსად, მუნეფუსასაც ედოსაკენ მიუწევდა გული და ალ-
ბათ სწორედ ამიტომ, 1672 წელს, 28 წლის ასაკში მან ისარგებლა
შემთხვევით, დატოვა მშობლიური ჰონსიუ, მშვენიერი პეიზაჟებისა
და ძველისძველი იაპონური ტრადიციების მხარე და გაემგზავრა
ედოში. ჯერ სახელმწიფო სამსახურში ჩადგა, მაგრამ დიდხანს ვერ
გაძლო უბრალო მოხელედ და მალევე პოეზიის მასწავლებლად
დაიწყო მუშაობა.
როგორც არასდროს და არსად, არც მაშინდელ იაპონიაში არ
იყო პოეზიის მასწავლებლობა შემოსავლიანი საქმე. თუმცა დიდი
ჩინელის, დუ ფუს პოეზიითა და ბუდიზმით გატაცებული მუნეფუსა-
სათვის ეს საყურადღებო დაბრკოლებას როდი წარმოადგენდა. შეძ-
ლებული მოსწავლეები მას ნაკლებად ჰყავდა, მაგრამ ერთმა მათ-
განმა მაინც მოახერხა, სთხოვა მამას და ქალაქგარეთ, ტბის ნაპი-
რას, უენოდან ჩამოსულ ჯერ კიდევ არც ისე სახელოვან პოეტს პა-
ტარა ქოხი გადასცეს საჩუქრად. ქოხის მახლობლად მუნეფუსამ ბა-
ნანის ხეები დარგო და სწორედ ამ დროიდან მოყოლებული დარჩა
3
შთამომავლობას მისი ფსევდონიმი – იაპონურად ბაშო სწორედ ბა-
ნანს ნიშნავს, ბანანის ხეს.
ათიოდე წელი გაატარა ბაშომ თავის ქოხში, 1682 წლის დიდი
ხანძრის შემდეგ კი, რომელმაც ქალაქ ედოს დიდი ნაწილი შეიწი-
რა, მათ შორის ტბის პირას აგებული პატარა ქოხიც, პოეტმა გადაწ-
ყვიტა, რომ მეტისმეტად დიდხანს შემორჩა ერთ ადგილს, დრო იყო
დაეტოვებინა თავისი ახალი სახლი თუ ნასახლარი და სამოგზაუ-
როდ წასულიყო.
მომდევნო წლების განმავლობაში ბაშო არაერთხელ დაბრუნდა
უკან და კვლავაც არაერთხელ გაუდგა გზას. მოსწავლეებმა აღად-
გინეს მისი ქოხი, ბანანის ხეებიც ისევ დარგეს მახლობლად, მაგრამ
ბაშომ თავისი ცხოვრების უკანასკნელი ათი წელი ხეტიალში გაატა-
რა. უკვე საქვეყნო სახელი ჰქონდა მოპოვებული, სადაც არ უნდა
ჩასულიყო, ყველგან დიდი პატივით ხვდებოდნენ, ხვდებოდნენ თაყ-
ვანისმცემლები, მეგობრები, მოწაფეები. გადაუჭარბებლად შეიძლე-
ბა ითქვას, სწორედ ამ მოგზაურობის დროს დაწერილმა წიგნებმა
მოუტანეს ავტორს უკვდავი სახელი, პოეტურმა და პროზაულმა წიგ-
ნებმა. როგორც ხშირად აღნიშნავენ ხოლმე, სწორედ ბაშოს დამსა-
ხურებაა, რომ იაპონურ ლიტერატურაში კვლავაც აღორძინდა ეგ-
რეთ წოდებული „მოგზაურული პროზა“, გნებავთ, „მოგზაურული ჩა-
ნაწერები“.
ბაშო 1694 წლის შემოდგომაზე გარდაიცვალა, ოსაკაში, გარშე-
მორტყმული მეგობრებითა და მოსწავლეებით, გარდაიცვალა მშვი-
დად, ისევე მშვიდად, როგორც იცხოვრა. მისი ლექსები ჯერ კიდევ
მეჩვიდმეტე საუკუნის სამოციანი, სამოცდაათიანი წლებიდან ქვეყ-
ნდებოდა სხვადასხვა პოეტურ კრებულში, ასეთები კი მაშინდელ ია-
პონიაში ბევრი გამოდიოდა. ბაშოს ეკუთვნის ლექსების არაერთი
წიგნი, სიცოცხლეში და მისი გარდაცვალების შემდეგ გამოცემული,
მარტო მოგზაურობის უკანასკნელი ათი წლის მანძილზე მან ხუთი
წიგნი გამოსცა. შეუძლებელია სათანადოდ შეფასება იმ გავლენისა
და პატივისცემისა, რომელიც ბაშომ დაიმსახურა, ამას ცხადად მოწ-
მობს პოპულარობა, რომლითაც იგი სიცოცხლეშივე სარგებლობდა
4
და რომელიც სიკვდილის შემდეგაც გაგრძელდა, გაგრძელდა და
საუკუნეებს გაუძლო.

5
ორიოდე სიტყვა საკუთრივ პოეზიის შესახებ

ტანკა უძველესი ფორმაა იაპონური ლექსისა, ეს გახლდათ ერ-


თგვარი ხუთსტრიქონედი, რომელიც ხშირად სულაც ორი სხვადას-
ხვა პოეტის მიერ იქმნებოდა და საკუთარ თავში შეჯიბრებითობის
პრინციპსაც მოიცავდა. ხუთსტრიქონედი იყოფოდა ორ-სამ და ორ-
სტრიქონიან ნაწილებად, არსებობდა მკვეთრი ლიტერატურული
ჩარჩოები, რომელსაც ლექსი არ უნდა გასცილებოდა, სამსტრიქო-
ნედს (რომელსაც ჰოკუს უწოდებდნენ) უნდა გამოესახა პეიზაჟი,
ამასთან აუცილებლად უნდა ყოფილიყო მითითებული წელიწადის
რომელ დროს ხდებოდა მოქმედება, მოეხაზა ზოგადი კონტური ვი-
თარებისა, ხოლო დარჩენილი ორსტრიქონედის მიზანი იყო, მო-
ულოდნელი გარდატეხა შეეტანა ლექსში და ამდენად, პიკანტური,
საინტერესო სიუჟეტით მოეხიბლა მკითხველი. დროთა განმავლო-
ბაში ტანკას პირველი ნაწილი, ჰოკუ, ცალკე ფორმად დამკვიდრდა
და ძალიან დიდი პოპულარობითაც სარგებლობდა იაპონელ ავ-
ტორთა შორის. თავად ბაშოს არასდროს ტანკა არ დაუწერია, სამა-
გიეროდ, მისი შემოქმედება ძალზე მდიდარია ჰოკუებით.
ამ სალექსო ფორმას ახასიათებს მკვეთრად გამოხატული, მინი-
მალისტური, მეტიც, არ შევცდებით, თუ ვიტყვით, იმპრესიონისტული
სიუჟეტი და მსგავსად მეცხრამეტე საუკუნის ფრანგი იმპრესიონისტე-
ბისა, ბაშოს პოეზიაც აუცილებლად მოითხოვს მკითხველის თანაშე-
მოქმედებას, მიუხედავად იმისა, რომ თავად ტექსტი მხოლოდ წამი-
ერ მოძრაობას გამოხატავს, ის გულისხმობს გამეორებათა უსასრუ-
ლო ერთფეროვნებას, ამ სიტყვის საუკეთესო, სიმშვიდის მომგვრე-
ლი გაგებით. ეს მუდმივი სწრაფვაა, ცხოვრების თავბრუდამხვევი
ტემპისაგან შორს დაიჭიროს პოეტმაც და მკითხველმაც თავი,
სწრაფვა, აღდგეს კავშირი ადამიანის სულსა და სამყაროს შორის,
კავშირი, რომელიც გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიე-
რი სოციალური თუ პოლიტიკური წარმატება. ეს სწრაფვა წარმოად-
გენს კიდეც მთავარ თემას ბაშოს პოეზიისათვის და ზოგადად იმ სა-
ლექსო ფორმისთვის, რომელსაც ჰოკუ ქვია.
6
ამ წიგნის მიზანია, ქართველ მკითხველს გააცნოს მხოლოდ უმ-
ცირესი ნაწილი მეჩვიდმეტე საუკუნის გენიალური იაპონელი პოეტის
შემოქმედებისა, შესთავაზოს მას საკუთრივ ქართულისაგან სრული-
ად განსხვავებული ხედვა სამყაროსი, სრულიად სხვაგვარი მსოფ-
ლმხედველობა, როგორც სახეობრივი, ისე ენობრივი, გამომსახვე-
ლობითი თვალსაზრისით.

ზაალ ჩხეიძე

7
***
გაზაფხულიც,
ალუბლებიც ალიონზე,
მე კი თავს ვერ ვხსნი ლექსების გუდას.

***
ჰეი, ყვანჩალავ,
რა დაგრჩენია შორს აქედან, შფოთიან ქალაქს,
რად მიიჩქარი?

***
კრინტს ვძრავ და
ჭირხლი მეკიდება ბაგეზე უმალ.
ქრიან ქარები შემოდგომის.

***
აქ, შენს საფლავზე,
ქედმაღლურ ფოთლებს ლოტოსისას
ბალახის კონა ვამჯობინე ამომეტანა.

***
რუ მოაქანებს ყვითელ ფოთოლს,
ჭრიჭინობელავ,
სად გაიღვიძებ ნეტავი დილით?

8
***
ნადარბაზალი,
დაე, სხვებზე წინ წყარომ მიამბოს მისი ამბავი,
მიწის გულიდან ამომდინარემ.

***
შორს აღარ არის შემოდგომა,
ორთავე მწვანედ დაფერილა,
ზღვაცა და ველიც თავთავიანი.

პოეტი რიკა ცოლზე ფიქრობს

ვიწრო საბანი.
ზამთრის ცივი და ბნელი ღამე.
ო, მწუხარებავ.

***
მზე ჩაიწვერა,
აბლაბუდებიც
ამ ბინდბუნდში იძირებიან.

***
თოვლის კურდღელი –
როგორ ჰგავს ცოცხალს!
მოდით, ბავშვებო, ეს ულვაშებიც გავუკეთოთ!

9
***
ბებო ბრინჯს ცეხავს,
იქვე კი, ნიშნად დღეგრძელობისა,
მთელი სისავსით ყვავილობენ ქრიზანთემები.

***
უკვე დაცვივდა ყველა ფოთოლი,
გადაერთფერდა დედამიწა.
მხოლოდღა ქარი დაზუზუნებს.

***
„ეჰ, მოსვენება აღარა გვაქვს ბავშვებისაგან“ –
ასეთებს, ალბათ,
ალუბლების ფერიც არ მოსწონთ.

***
ღვინო დავლიე.
ძილი მაინც არ მეკარება.
ღამეა, ბარდნის.

განდეგილს ვსტუმრობ

ამაყად დგას და
არც კი იმჩნევს ალუბლის ყვავილს.
ეული მუხა.

10
***
ვისი სიძეა?
სიმამრისათვის ძღვენი მიაქვს.
ხარის იწყება წელიწადი.

***
მაისიც გადის და
ქვითინებენ ბეღურები.
თევზებს თვალები ცრემლით აქვთ სავსე.

***
ვის დავაბრალო, წელს შემოდგომით
ასე ძლიერ რომ შევიგრძენი წელთა სიმძიმე?
ღრუბლებს და ჩიტებს.

წერილი ჩრდილოეთში

გახსოვს, ერთად რომ ვუცქეროდით,


როგორ ბარდნიდა? ეჰ, თქვენკენ
ისევ ჩამოთოვა წლეულსაც ალბათ.

***
მშვიდი, მთვარიანი ღამე.
მესმის წაბლის გულს
როგორ ფქვავს მატლი.

11
***

მთელი სისავსით ყვავილობენ ეს ალუბლები,


შორეთის მთებს კი
განთიადი შემოსდგომია.

***
„უკვე ჩამოდგა შემოდგომა” –
მითხრა ჩურჩულით
ჩემს სასთუმალთან მოსულმა ქარმა.

***
ცქერა მახარებს:
ამაღამ თოვლად გარდიქცევა
ზამთრის ეს წვიმა.

***
გაძარცულ ტოტზე
ყვავი ზის მხოლოდ,
შემოდგომაა.

***
ფიჭვის ტოტები დაუწყვია ყველას კარებთან,
თითქოსდა ერთი ხანმოკლე ღამის სიზმარი იყოს
უკანასკნელი ცამეტი წელი.

12
***
მთის წვერზე – მთვარე.
მთის ძირას – ნისლი.
ხრჩოლავენ ველები.

ბრინჯის თესვა

ხელის გაშვება ძლივს მოვასწარი,


რომ გაზაფხულის თბილმა სიომ
დაიბუდა მწვანე ყლორტებში.

***
ზამთრის სიცივე რას დამაკლებს,
მე და მეგობარს ზიარი გვაქვს ღამის სათევი.
გულს უხარია.

***
მზე ზამთრის დილით.
ჩემს ცხენს გავაზე დაეყინა
ჩემივე ჩრდილი.

***
ცხენი ბალახს კიკნის მხიარულად.
მგზავრები დგანან,
ისვენებენ.

13
***
ტოტიდან ტოტზე მიიჩქარიან
წვეთები უხმოდ.
მაისის წვიმა.

***
სად მიიჩქარის ნეტავი მთვარე?
გარინდულ ტოტებს მოემძივნენ
წვიმის წვეთები.

***
მთვარის ამოსვლას ველოდებით,
ქლიავის ტოტი გაუდვია
ყმაწვილ ბერს მხარზე.

***
ჰე, გაიღვიძე! გამოფხიზლდი!
მო, ვიმეგობროთ,
ჩემო ფარვანავ.

***
ნამჯით დავხურეთ,
სულ ორი დღეა ახალი ტაძრის სახურავმა გაშრობა იწყო.
რა ადრიანად დაიჭირა წლეულს წვიმები.

14
***
ჰეი, წავიდეთ, მეგობრებო,
ვიხეტიალოთ პირველ თოვლში,
სანამდის ფეხზე დგომას შევიძლებთ.

***
გუგულის შორი მოძახილი,
სმენად არავინ.
სადღა შეხვდებით ჩვენს დროში პოეტს.

***
რუ მოკამკამე.
ფეხზე
კიბო გადამაცოცდა.

მეგობარს, დასავლეთის მხარეში წასულს

დასავლეთი, აღმოსავლეთი – რამ განასხვავა,


ქარბუქი ყველგან თანაბრად სუსხავს,
საცა მიწვდება.

***
წეროებს ბუდე შემოუდგამთ ხის კენწეროზე,
მას კი კალთებქვეშ ალუბალი შეჰფარებია,
ქარ-ბორიოს გამოქცეული.

15
***
ხან მე დავუკარ მოყვასთ თავი,
ხანაც ისინი ჩამომეთხოვნენ,
გზის დასასრულს კი, ვისოს მთებში, შემოდგომაა.

***
ტოტს მოწყდა წაბლი,
ვინც რომ შორეულ მთებს არ სწვევია
არასოდეს, იმას წავუღებ.

***
მხრებჩამოყრილი თვლემს ტირიფი,
მგონი ბულბული ტოტებში რომ შეჰფარებია –
სულია მისი.

***
კარს მოგვდგომია შემოდგომა,
გული გულს ელტვის
ჩვენი ქოხის სივიწროვეში.

***
მიერეკება შემოდგომის ბინდს
დაურიდებლად ტკბილი ბაასი
მეგობართ შორის.

16
***
რამსიგრძე გზაა,
სქელდება ბინდი შემოდგომის,
ირგვლივ არავინ.

***
რარიგად ბარდნის!
არადა, სადღაც ჰაკინეს მთებში
მიმოდიან ახლა მგზავრები.

***
რვა დღისა ხარ სულ,
არადა მთები და ველები გიცნობენ უკვე,
ჰე, გაზაფხულო.

გარდაცვლილი პოეტის, სენგინის ბაღში

ეს რაოდენი მოგონებით ამივსეთ სული,


ო, ალუბლებო,
ძველ წალკოტში დაყურსულებო.

***
რა წარმტაცია,
გადამსხვრეული, ქარიშხლისაგან გაქელილი
ქრიზანთემები.

17
***
რარიგად კვნესის ქარში ბანანი,
რაგვარ სიმშვიდით ეცემიან კასრში წვეთები.
ვზივარ და ვუსმენ.

***
იმსიმძიმეა ჩემი ხალათი,
ასე მგონია, უ-ს სამეფოში,
შორეულ მხარეს, ბარდნის და ბარდნის.

ახალი წელი

ჰე, რამდენ ზამთარს მოსწრებიან,


არადა გული ჭაბუკური შემორჩენიათ –
კვლავაც რომ მწვანედ უხასხასებთ ფიჭვებს ტოტები.

***
წუხელ ჭახანით დაიმსხვრა დოქი,
საღამოს წყალი დამრჩა შიგნით და ჩაყინულა.
გამომეღვიძა.

***
დიდი ბაზრობა, საახალწლო.
ნეტავი ერთხელ მაინც მქნა იქა,
ვიყიდდი ჩხირებს, სურნელოვანს.

18
***
ალუბლისფერი ღრუბლები ცაზე,
ზართა ხმა მომწვდა შორეთიდან.
საიდან ისმის – ასაკურადან თუ უენოდან.

***
ჰე, ყმაწვილებო,
წკეპლად რომ მიგაქვთ,
აქა-იქ მაინც შეატოვეთ ქლიავს ტოტები.

***
დილის მერეა ეს ტოროლა ვერ მოიპირა,
გალობს და გალობს.
გაზაფხულია.

***
წავიდეთ, ძმებო,
მაისია და მდინარეები მოდიდებულა,
იხვის ბუდეებს მოაცურებენ.

***
მზიანი დღეა!
მაშ, რაღად ჟინჟლავს?
ცაზე ობლად ჩანს ღრუბლის ნაგლეჯი.

19
პოეტი რიკას სადიდებელი

ვიფიქრე, ელვა უჭირავს-მეთქი,


როდესაც სანთელს გაუკიდე
იმ სიბნელეში.

მეგობარს

მოდი, მეწვიე,
შეეხიდე ჩემს მარტოობას.
ფოთლები უკვე შეაწყდა ტოტებს.

***
წყლის პირს ზამბახი.
აგერ მეორეც. როგორა ჰგავს?!
ვაჰ, ორეული ყოფილა მისი.

***
აყვავებულან ალუბლები,
მთვარემ კი მათმა შემხედვარემ, დაირცხვინა და
ღრუბლის ფთილა შემოიბურა.

***
დახორხოცებენ კაცნი ირგვლივ.
წყალს გაღმიდან კი, ფრიალოდან
ალუბლები იცქირებიან, ჯერაც ოტბაშეუსხმელები.

20
სანაპიროზე ბრძოლის საყურებლად შეყრილები

მთვარისას ამბობთ?
მთვარე კი არა, ბრძოლაც ვერ ვნახეთ.
წვიმდა მთელი დღე.

***
ნიოს ტბისაკენ უქნიათ პირი
ალუბლის ფურცლებს და
ოთხივ კუთხით ეჯარებიან.

***
ცრის, არ მთავრდება.
მაიმუნი კი, გათოშილი, ისე მიცქერის,
თითქოს მოსასხამს მთხოვდეს ნამჯისას.

***
ქოხი შორეთში.
ქრიზანთემები... მთვარე...
მდელოც ერთი მტკაველი.

***
მოიგონებენ მონაზვნები
სამეფო კარის გარდასულ დღეებს.
გარეთ კი თოვლი მობარდნილი.

21
***
დაფრთხიალებენ ბეღურები ფანჯრის გადაღმა.
მგონი, რომ მაგათ უბამენ მხარს და
დაშლიგინებენ სხვენში თაგვები.

ღამით მდინარე სეტაზე

თვალს ვერ ვაშორებთ ციცინათელებს,


მაგრამ მენავე დაგვითვრა და
მიაქანებენ ჩვენს ნავს ტალღები.

***
ჩემს ბებერ ქოხში
კოღოები მწარედ როდი იკბინებიან.
ასე ვმასპინძლობ კეთილ მეგობრებს.

***
დღესასწაული გარდასულ სულთა მოხსენებისა.
ძველ სასაფლაოს
კვლავაც მოსავს ახალი კვამლი.

მონასტერში

სვამს დილის ჩაის


წინამძღვარი დინჯად, ამაყად.
ბაღში ჰყვავიან ქრიზანთემები.

22
***
ნაშუაღამევს ყინვიან ველზე დაეშვა ბატი.
გრძელი სიზმარი მარტოსულის,
გზაზე დამდგარის.

***
გადაიარა შემოდგომამ. რა ვუყოთ მერე,
ხვალინდელი დღის მაინც სჯერა
მწვანე მანდარინს.

მეგობრის პორტრეტს

მობრუნდი, მოდი!
მეც ვმწუხარებ
შემოდგომის ამ სიღამეში.

***
ღამეა ბნელი, უსაშველო,
ალბათ ბუდეს თუ ვერ მიაგნო,
ჰოდა, გასძახის ღალღა ჭალებს, თავს არ იზოგავს.

***
სიო მდინარით მობერილი.
ჩაი და ღვინო
და მთვარიანი ღამის ეშხი.

23
***
ღამე. გომური.
სად მიიკარგნენ კოღოები?
ეჰ, წასულია ზაფხულის საქმე.

***
ამ ლექსს საშენოს, გამოსათხოვარს,
აგრე ვიფიქრე, გადავაწერ-მეთქი მარაოს.
ხელში ჩამეფშვნა.

***
მივალ, ვკანკალებ.
ვითომ რა უჭირს, საფრთხობელას თუ
წამოსასხამს ვენათხოვრები.

24

You might also like