You are on page 1of 7

01.06.

2020 ისტორიის დისტანციური სწავლება მე-11 კლასში

N9 დავალების თემა: შუა საუკუნეებში ჩამოყალიბებული განხვავება დასავლეთ და


აღმოსავლეთს შორის;

საგნის მასწავლებელი: ნატო ონიანი;

დავალება: ყურადღებით გაეცანით ტექსტს და დაამუშავეთ შემდეგი საკითხები:

 განმარტეთ ხაზგასმული სიტყვები და ფრაზები;


 კათოლიკურ და მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის არსებულ რომელ
მნიშვნელოვან განსხვავებებზე მიანიშნებს ავტორი? (საკუთარი სიტყვებით
ჩამოაყალიბეთ)
 შუა საუკუნეებში ჩამოყალიბებულ ამ რელიგიურ განსხვავებებს რა შედეგი მოჰყვა
უახლოეს წარსულში?
 თქვენი აზრით, რა იგულისხმება, როდესაც ადამიანის სულსა და სამშვინველზე
ვსაუბრობთ? (მხოლოდ თქვენი აზრი მაინტერესებს)

განსხვავებები დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის

შუა საუკუნეების გაცნობისას, ჩვენ აქამდე შემოვიფარგლეთ დასავლურ-ქრისტიანული და


ისლამურ-არაბული კულტურით; ბიზანტიის საიმპერატორო კარს, თავისი ძველი,
დაკონსერვებული, თეოკრატიული სტრუქტურით ჯერ არ შევხებივართ. ეს საიმპერატორო
კარი ჩვენი ყურადღების ცენტრში მოექცევა, თუ შევეხებით განვითარების გარკვეულ
საფუძველს, რომელსაც არც თუ ისე შორეული წარსულისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა
გააჩნდა. ეს საკითხია, თუ როგორ გამოიკვეთა განსხვავება რომის-კათოლიკურ და ბერძნულ-
მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის. უფრო ზოგადად კი საკითხი ასე შეგვიძლია
დავასათაუროთ: „განსხვავებები დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის“.

აღმოსავლეთ რომი/ბიზანტია

1453 წელს კონსტანტინოპოლი დაეცა - იუსტინიანე I-ის მმართველობიდან 900 წლის შემდეგ.
ბიზანტიის იმპერიის დაცემით წერტილი დაესვა 2000 წლიან ტრადიციას, რომელსაც
უშუალო მემკვიდრე აღარ ჰყავდა. მე-15 საუკუნეში, ზოგიერთი ადამიანი, ოსმალების მიერ
ბიზანტიის დაპყრობაში ხედავდა ერთგვარ რევანშს - შურისძიებას ბერძნების მიმართ,
რომელთაც ოდესღაც ტროა დაამხეს (უძველესი ცივილიზაციის კერა აღმოსავლეთში). უნდა
აღინიშნოს, რომ დაცემამდე, ბიზანტიის ყველა იმპერატორი და ასევე მისი ყველა მოქალაქე
საკუთარ თავს „რომაელს“ უწოდებდა. ახალი წელთაღრიცხვით 800 წლამდე იმპერატორებს
ამ ტიტულს არავინ ედავებოდა და ისინი საკუთარ თავს არა მარტო საკუთარი ქვეყნის,
არამედ მთელი საქრისტიანოს მფარველ/მბრძანებლად მიიჩნევდნენ - რა თქმა უნდა,
ქრისტეს სახელით. მათი ეს სტატუსი არასოდეს დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ... ეს რწმენა
მხოლოდ ერთმა ფაქტმა შეარყია, კერძოდ, კარლოს დიდის იმპერატორად კურთხევამ რომში
( 800წ.). ეს რაც შეეხება რწმენასა და წარმოდგენებს, რეალურად კი ბიზანტიის იმპერატორს

1
კვლავ სენატი, სამხედრო არმია და ხალხი ასახელებდა. იმპერატორები აბსოლუტურ
ძალაუფლებას ფლობდნენ და ავტოკრატიის ეს მაშტაბი, რაც მათ პქონდათ, არასოდეს
ჰქონიათ დასავლეთში.

ბერძნულსა და ლათინურ ეკლესიას შორის პირველი გაუცხოება მას შემდეგ დაიწყო,


როდესაც ბერძნები სირიული და ეგვიპტური წეს-ჩვეულებების მიმართ ღია და მიმღები
აღმოჩნდნენ.

აღმოსავლეთში მონოფიზიტური რელიგიის წარმოშობამ, ბზარი ამ ორ ეკლესიას შორის,


კიდევ უფრო საგრძნობი გახადა. ეს რელიგიური დავა, ალბათ, რთული გასაგებია
თანამედროვე ადამიანისთვის, თუმცა ეს დავა იმდენად მნიშვნელოვანი იყო მე-5 საუკუნეში,
რომ მას თეოლოგთა განხეთქილება მოჰყვა. დავის საგანი იყო ქრისტეს ბუნება.
მონიფიზიტების რწმენით, როდესაც ქრისტე დედამიწაზე ცხოვრობდა, მისი ბუნება არ იყო
გაყოფილი; რომ იგი სრულყოფილი ღვთიური არსება იყო და არა დუალური ბუნების
(ღვთიური და ადამიანური ერთდროულად), როგორც ამას ადრეულ ქრისტიანულ ეკლესიაში
ასწავლიდნენ. ნელ-ნელა ჩამოყალიბდა სამი მონოფიზიტური ეკლესია, რომლიც დროთა
განმავლობაში გაემიჯნა როგორც რომის კათოლიკურ, ასევე ბერძნულ-ორთოდოქსულ
ეკლესიას:

 ეგვიპტისა და ეთიოპიის კოპტური ეკლესია;


 სირიულ-იაკობიტური ეკლესია;
 სომხური ეკლესია;

ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებში მონოფიზიტური ეკლესია ეროვნულ სიმბოლოს იქცა. ამ


საეკლესიო დავებში მონოფიზიტებსა და დიოფიზიტებს შორის თავად იმპერატორიც
მონაწილეობდა, რადგან თავიდანვე იყო მცდელობა, რომ ეკლესიის ეს დაყოფა არ
ასახულიყო ქვეყნის ერთიანობაზე, რომელიც თავდაპირველად სასანურ სპარსეთს,
მოგვიანებით კი არაბებს ებრძოდა.

როდესაც აღმოსავლეთში დიდი საპატრიარქო ქალაქები იერუსალიმი, ანტიოქია და


ალექსანდრია არაბების ხელში აღმოჩნდა, ეკლესიებს შორის განსხვავება, უფრო ღრმა და
ნიშანდობლივი გახდა.

ბიზანტია და აზია

ბიზანტიის იმპერია არა მხოლოდ ქრისტიანებით დასახლებული ტერიტორიებს მოიცავდა;


მის განვითარებაში თავისი წვლილი შეჰქონდა აზიელ და წარმართ მოსახლეობასაც. მაგ.:

- ჩინელ ვაჭრებს, რომლებიც აბრეშუმის გზით ჩადიოდნენ ბიზანტიაში;


- ელინებს, თავიანთი კულტურული მემკვიდრეობით, რომელთა გამყარებული
შეხედულება წილად ხვდათ ბიზანტიელებსაც, კერძოდ: ყველა, ვინც არ იყო ბერძენი,
ბარბაროსად მიიჩნეოდა;

2
აზიის გავლენა კიდევ უფრო
გაიზარდა მე-5, მე-6
საუკუნეებში, როდესაც
ბიზანტია თავის
ტერიტორიებს კარგავს,
ხოლო მე-7 საუკუნეში
არაბები იპყრობენ მცირე
აზიას, ჩრდ კავკასიას და
ტავრისს, ისინი აყალიბებენ
კულტურას, რომელიც
აზიურ/ისლამური
კულტურისათვის სულ
უფრო და უფრო გამჭოლი
ხდება. არაბთა დაპყრობით
ომებამდე, 600 წლისთვის, ბიზანტიის შემადგენლობაში შედიოდა შემდეგი ტერიტორიები:
ჩრდ. აფრიკის სანაპირო, ეგვიპტე, ლევანტის ქვეყნები, მცირე აზია, შავი ზღვის სანაპირო
ტრაპიზონიდან მოყოლებული ყირიმის ჩათვლით, ქალაქ ბიზანტიის სანაპირო მდ. დუნაის
შესართავამდე, ამას ერთვოდა ის ტერიტორიებიც, რომელიც უშუალოდ არ ემეზობლებოდა
მას: თესალია, მაკედონია და ადრიატიკის ზღვის სანაპიროები, შუა იტალიის ტერიტორიის
ვიწრო ზოლო და იტალიური ჩექმის ქუსლი; ასევე კუნძულები: სიცილია, კორსიკა,
სარდინია. ამ ტერიტორიების დაცვა, გაძლიერებული შემოსევების ფონზე, ნებისმიერი
სამხედრო ძალისთვის, ალბათ, კოშმარი იყო. თანაც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბიზანტია
მუდმივად იგერიებდა შემოსევებს სპარსებისგან, მოგვიანებით კი ავარების, არაბების,
ბულგარელების და სლავების მხრიდან.

სალავები

დასავლეთისა და აღმოსავლეთის განსხვავებულობის საბოლოო ჩამოყალიბებაში,


ისტორიულად, გადამწყვეტი როლი მაინც რუსმა ხალხმა შეასრულა. საუბარია სლავურ
ტომებზე, რომლებიც მე-5/6 საუკუნეებში მთავარ სანაოსნო მდინარეებზე დასახლდნენ. ამ
მდინარეებით ისინი აღმოსავლეთ ზღვასა (ბალტიის ზღვა) და შავ ზღვას უკავშირდებოდნენ.
მე-9 საუკუნეში ნორმანი ვაჭრები, ვარიაგები, რომელთაც ასევე რუსს/როსსაც უწოდებდნენ,
მოიპოვებენ ძალაუფლებას ამ სანაოსნო გზებზე და აღმოსავლეთ სლავებს ნელ-ნელა ერთ
სახელმწიფოდ გააერთიანებენ. ამ რუსული სამეფოს დედაქალაქი კიევი იყო.

ქრისტიანობის მიღებამ რუსულ კულტურას გადამწყვეტი ნიშანი/დამღა დაასვა.


გადამწყვეტია თავად ის ფაქტიც, რომ 988 წელს დიდმთავარი ვლადიმირი ბიზანტიის
ეკლესიის წევრი ხდება და რუსები სლავურს ლიტურგიისა და ლიტერატურის ენად ხდიან.
ამ ენის განვითარება/ჩამოყალიბებაში, 863 წელს, გადამწყვეტი როლი შეასრულა
კონსტანტინმა, თესალონიკელმა ფილოსოფოსმა. მან სლავური, როგორც საურთიერთო ენა,
ბავშვობაში შეისწავლა; მოგვიანებით კი შექმნა სლავური ანბანი - „გლაგოლიცა“, პირველი

3
სლავური დამწერლობა. მოგვიანებით კონსტანტინე ბერობის აღთქმას დებს და კირილის
სახელით ინათლება. იგი თავიდანვე გამსჭვალული იყო აზრით, რომ ყოველ ადამიანს
ქრისტეს საიდუმლო მშობლიურ ენაზე უნდა მიეღო, რაც მას ქრისტეს მოძღვრების
დამოუკიდებლად წვდომის უნარს გამოუმუშავებდა. მისი ეს შეხედულება
ეწინააღმდეგებოდა „სამი ენის მოძღვრებას“, რომლითაც ებრაულს, ბერძნულს და ლათინურს
ენიჭებოდა საკრალური მნიშვნელობა: სახარების ტექსტები მხოლოდ ამ ენებზე იყო
დაწერილი, ხოლო ქრისტიანული წირვა-ლოცვა მხოლოდ ლათინურად და ბერძნულად
სრულდებოდა: „ვაი თქვენ მწიგნობრებო, რომ შემეცნების შესაძლებლობის გასაღები
დაიტაცეთ. ვერც თავად შეაღწიეთ შემეცნების ამ კარიბჭეში და სხვასაც, ვისაც ამის სურვილი
ჰქონდა, ხელი შეუშალეთ. (...) ნუთუ ღმერთისაგან არ მოდის სჯულის კანონები და ნუთუ
იგი ყველასთვის არაა? მზე ხომ ერთნაირად ანათებს ყოველი ადამიანისთვის, განა ჰაერით
ყველა არ ვსაზრდოობთ? როგორ არ გწვავთ სირცხვილი, რომ მხოლო სამ ენაზე
აღასრულებთ წირვა-ლოცვას, მაშინ როდესაც ყველა სხვა ენაზე მოსაუბრე ხალხი ბრმა და
ყრუ რჩება ღვთის სიტყვის მიმართ? ამიხსენით: ის რომ მათ ამის უფლება არ აქვთ, ამას
ღმერთის უძლურებად მიიჩნევთ, თუ თვლით რომ ღმერთს არ სურს სხვა ხალხთან
თანაზიარი გახდეს, რომ იგი არაა მოწყალე? მრავალ ხალხს ვიცნობთ, რომელთაც
დამწერლობა გააჩნიათ და ყოველ მათგანს ღვთის პატივის მიგება მშობლიურ ენაზე
ურჩევნია. ესენი არიან სომხები, აფხაზები, იბერები, გოთები, ავარები, ხაზარები, არაბები,
ეგვიპტელები, სირიელები და ა.შ.“

კონსტანტინ-კირილე და მისი ძმა მეთოდე პატრიარქმა ფოტიოსმა მისიონერებად გაგზავნა,


და ალბათ არ უნდა იყოს გასაკვირი, რომ ისინი, თავიანთი მსოფლმხედველობით, საკმაოდ
წარმატებულები იყვნენ და სამართლიანად ითვლებიან „სლავების მოციქულებად და
ქრისტიანული მოძღვრების ოსტატებად“; მათი გარდაცვალების შემდეგ გლაგოლური
დამწერლობა მარტივ კირილიცად გადაკეთა და ფართოდ გავრცელდა.

რუსულ სამეფოსა და ბიზანტიას შორის კავშირი იმ პერიოდში დამყარდა, როდესაც


განსხვავება რომის-კათოლიკურ და ორთოდოქსულ ეკლესიებს შორის სულ უფრო და უფრო
ღრმავდებოდა. ეკლესიათა შორის ამ გამიჯვნის საკითხს თავდაპირველად პაპი ნიკოლოს I
(858-867წწ) წამოწევს, რომელმაც პრეტენზია განაცხადა რომის პაპის პრიმატის თაობაზე; ეს
საკითხი დროთა განმავლობაში იმდენად გამწვავდა, რომ 1054 წელს ოფიციალურად იქნა
აღიარებული ამ ორი ეკლესიის დამოუკიდებელი ქრისტიანული მიმართულება.

ამ პაპის პოლიტიკას თვალს თუ შევავლებთ, აღმოვაჩენთ ორ ტენდენციას: ერთი მხრივ, მას


აქვს სურვილი ფრანკთა სამეფოს ეკლესიური თვითმყოფადობა/დამოუკიდებლობა
გამოკვეთოს, ხოლო მეორე მხრივ, იმით ემიჯნება ბიზანტიურ-აღმოსავლურ ეკლესიას, რომ
კონსტანტინოპოლის პატრიარქს ფოტიოსს, რომელიც უნივერსალურ განათლებას ფლობდა,
ბრძოლას უცხადებს. ეს დაპირისპირება კულმინაციას აღწევს კონსტანტინოპოლის
საეკლესიო კრებაზე, 869 წელს: ფოტიოსს ბრალს სდებენ, რომ იგი ავრცელებს მოძღვრებას,
თითქოსდა ადამიანი ფლობს „ორ სამშვინველს“; მას და მის მიმდევრებს ერეტიკოსებად
შერაცხავენ. თუ რამდენად არატოლერანტული იყო დამოკიდებულება მოწინააღმდეგის
მიმართ, ამ კრებაზე მიღებული მე-11 საეკლესიო კანონი ნათელყოფს: „მაშინ, როცა ძველი და

4
ახალი აღთქმა გვასწავლის, რომ ადამიანს აქვს ერთი სამშვინველი, რომელიც არის
მოაზროვნე და გონიერი; მაშინ, როცა ღვთიურ მოძღვრებას დაუფლებულ ჩვენს მამებსა და
ეკლესიის სწავლულებს ამ თვალსაზრისისა მტკიცედ სწამდათ, ჩვენ გვერდით არიან
ერთეულები, რომელთაც ბოროტ შეგრძნებებს გაუღეს კარი, ცოდვით ისე დაეცნენ, რომ
უსირცხვილოდ აცხადებენ, თითქოს მათ ორი სამშვინველი ჰქონდეთ; ისინი ცდილობენ,
თავიანთი განათლებულობით და უგუნური, სულელური მცდელობებით, საკუთარი
ერეტიკოსობა განამტკიცონ. ამიტომ, ჩვენი წმინდა და საყოველთაო სინოდი ჩქარობს, რომ ეს
არაფრის მომცემი შეხედულება, რომელიც შეიძლება გაღვივდეს, ვით ბოროტების მომტანი
სარეველა, ახლავე ამოძირკვოს; რადგან ამ კრებას ხელში უჭირავს ჭეშმარიტების წერაქვი,
მთელი ეს ქერქი მარადიულ ცეცხლს უნდა მისცეს; რამეთუ ამ კრებას ქრისტეს ზღურბლის
სიწმინდის დაცვა სურს, წყევლის ამ უღმერთობის ყველა წამომწყებსა და წარმომადგენელს
და ყველა მათ მომხრესა და მიმდევარს, წყევლის ხმამაღლა. ეს სინოდი განსაზღვრავს და
აცხადებს, რომ ამიერიდან ამ უღვთო პრინციპების ტექსტს არავინ უნდა ფლობდეს და
ინახავდეს. ვინც ამ წმინდა და დიდებული სინოდის წინააღმდეგ იმოქმედებს, იგი
დაწყევლილია, იგი განიკვეთება რწმენიდან და ქრისტეს საკულტო რიტუალიდან.“

საეკლესიო კრების ამ გადაწყვეტილებამ შეუქცევადი პროცესი დაძრა. თუ აქამდე მთელი


ქრისტიანული სამყარო, მოყოლებული პავლე მოციქულიდან, სრულიად ცხადად ამოდიოდა
„სამების“ (Trichotomie) შეხედულებიდან, რის თანახმადაც ადამიანი შედგებოდა სხეულის,
სამშვინველის და სულისაგან და რომელ თვალსაზრისსაც ფოტიოსიც იზიარებდა, ეს
საეკლესიო კრება ცვლის მას. ამ საეკლესიო კრების შემდეგ ეკლესიური მოძღვრება უკვე აღარ
საუბრობდა სულზე, არამედ ადამიანის მხოლოდ ორ წევრზე - სხეულსა და სამშვინველზე;
სწორედ ამას დაუკავშირდა შემდეგი თვალსაზრისიც, რომ ადამიანის გონებას, მართალია,
შეუძლია მიწიერ ურთიერთკავშირთა განჭვრეტა, მაგრამ მას არ ძალუძს სულიერი სამყაროს
წვდომა, რომ სულიერ საკითხებთან მიმართებაში ადამიანი ეკლესიის ცნობებს უნდა
დაეყრდნოს და მისი დოგმატიკით იხელმძღვანელოს.

ამ მოვლენათა საბოლოო შედეგს თუ გადავხედავთ, ცხადი გახდება, თუ საით მიჰყავს


ევროპული კულტურა ისეთი პიროვნების მცდელობებს, როგორიც იყო პაპი ნიკოლოზ I. რაც
შეეხება აღმოსავლეთს, ბიზანტიურ ეკლესიაში ჩამოყალიბდა ქრისტიანული მიმართულება,
რომელზეც მკაფიოდ იყო აღბეჭდილი საკულტო გამოცდილება: ხანგრძლივი, აღმოსავლეთ
ეკლესიის საზეიმო ლიტურგია განსაზღვრული გრძნობადი შთაბეჭდილებების მუდმივი
განმეორებით - სანთლების შუქი, სპეციფიკური რიტმის მქონე საგალობლები, საკმეველის
სურნელი... ყოველივე ამას სამშვინველი გადაჰყავს სულიერი სამყაროს სურათ-ხატებში,
რომელის განცდა მთვლემარედ ხდება. ნიკოლოზს ამგვარი, სულიერისკენ მიმართული,
თუმცაღა დაბინდული ცნობიერება საფრთხედ მიაჩნდა დასავლეთ და შუა ევროპის
შემდგომი განვითარებისთვის, გამომდინარე აქედან ხდება აღმოსავლეთთან დისტანცირება.
ნიკოლოზი მეორე საფრთხეს დასავლეთის ქრისტიანულ-ეზოთერულ ნაკადში ხედავდა,
რომელიც ძირითადად ირლანდიიდან მოდიოდა; ზეგრძნობადი ხილვის ძიება, „ღვთიური
სამყაროს დაბნელების“ და თანაც ადამიანის ინტელექტის მზარდი განვითარების
პერიოდში, მას მიზანშეწონილად არ მიაჩნდა. გამომდინარე აქედან, იგი თავის პოლიტიკას
მიმართავს ე.წ. მესამე ნაბიჯისკენ: ნიკოლოზმა დასავლეთ და შუა ევროპის მოსახლეობა

5
რომის კათოლიკურ ქრისტიანობის წიაღში გააერთიანა, რაც იმას ნიშნავდა, რომ სულიერი
შინაარსები დოგმატურ ფორმებში ჩამოყალიბდა და აბსტრაქტულ ინტელექტს საზრდო
შეექმნა.

თუ რამდენად ძლიერი ზემოქმედება მოახდინა ყოველივე ამან, შემდეგი ისტორიული


პროცესები ნათლყოფს: დასავლეთ და შუა ევროპული კულტურა სულ უფრო და უფრო
ემიჯნება მთვლემარედ აღქმულ სულიერებას, მთელი შემეცნებითი ძალები მიიმართება
მიწიერ ურთიერთდამოკიდებულებათა წვდომისაკენ. ამ იზოლირებას თავისი პოზიტიური
ასპექტიც ჰქონდა: შუა ევროპა კარს უღებს შესაძლებლობას, მარტოობაში დარჩენილი
ადამიანის პიროვნული ძალები განსაკუთრებულად ჩამოყალიბებულიყო.

ამ ინდივიდუალური დამოუკიდებლობიდან გამომდინარე პირველმა ნაბიჯებმა თავი იჩინა


შემდგომ საუკუნეებში, ეკლესიისა და სახელმწიფოს შორის დაპირისპირებაში, როდესაც
სასულიერო და საერო ძალაუფლება ერთმანეთს დაუპირისპირდა, რაც ინვესტიტურის
სახელითაა შესული ისტორიაში (გაიხსენეთ დაპირისპირება პაპსა და იმპერატორს შორის:
გრიგოლ VII და ჰაინრიხ IV).

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის გამიჯვნა და რუსეთის


დამოუკიდებელი განვითარება მოხდა მონღოლთა შემოსევამდე; იმის გამო, რომ რუსმა
ხალხმა ორთოდოქსული ქრისტიანობა მიიღო, განივითარა ღვთისმოსაობის იმგვარი
ფორმა და მიმართება, რომ ამ ხალხს არასოდეს უცდია, წამოეწყო ინვესტიტურის დავა და
ჯვაროსნული ლაშქრობა და არც მცდელობა ჰქონია არაბულ კულტურასთან დაახლოებისა.
მონღოლთა ბატონობიდან თანდათანობითი გამოთავისუფლების შემდეგ, მე-14 საუკუნის
ბოლოს, ორთოდოქსული ქრისტიანობის განსაკუთრებული გავლენა კვლავ შენარჩუნებულ
იქნა: მოსკოვის სამთავრო საკუთარ თავს, ბიზანტიის დაცემის შემდეგ, აღმოსავლეთ რომის
საიმპერატორო კარის კანონიერ მემკვიდრედ - „მესამე რომად“ მიიჩნევს.

შუა საუკუნეებში ჩამოყალიბებული ეს განსხვავება, ასევე აისახა, მე-20 საუკუნის ბოლოს


ბალკანეთზე წარმოქმნილ სისხლიან კონფლიქტზეც. სწორედ განსხვავებული რელიგიური
მრწამსი მიიღეს ბალკანეთზე მცხოვრებმა ხალხებმა: სერბეთმა ბოლომდე ორთოდოქსული
რელიგია შეინარჩუნა, სამხრეთ სლავური ხორვატია და სლოვენია კი ფრანკთა რომაულ
გავლენაში მოექცნენ; ისლამის გავრცელება ბალკანეთზე მოგვიანებით მოხდა - ბიზანტიის
დაცემის შემდეგ.

შენიშვნა: ტექსტზე მუშაობისას გამოყენებულია შემდეგი ლიტერატურა:

Albert Schmelzer “Das aktuelle Mitelalter”

John M.Roberts “Knaurs Illustrierte Weltgeschichte”

მე-11 კლასის სახელმძღვანელო ისტორიაში

6
7

You might also like