You are on page 1of 6

აღმოსავლური (ჩრდილო–აღმოსავლური) სემიტური განშტოება

აქადური ენა

მარიამ ნანობაშვილი
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ასოცირებული პროფესორი

ჩრდილო–აღმოსავლური სემიტური შტო წარმოდგენილია ერთადერთი


აქადური ენით, რომელიც გავრცელებული იყო მესოპოტამიაში წინაქრისტიანულ
ეპოქაში. ამ ენამ შეცვალა მანამდე შუამდინრეთში მცხოვრები არასემიტი შუმერების
მეტყველება. სახელწოდება მიიღო ქალაქი აქადისაგან, რომელიც იყო დედაქალაქი
სარგონ დიდის (2350–2294 წწ. ძვ. წ. აღ.–ით) იმპერიისა.
მეოთხე ათასწლეულის დასაწყისიდან (შესაძლოა, უფრო ადრეც) სამხრეთ
მესოპოტამიაში, დაახლოებით თანამედროვე ბაღდადის სამხრეთით მდებარე
ტერიტორიაზე, ბინადრობდა გაურკვეველი წარმოშობის ხალხი, რომელიც
მეცნიერებაში ცნობილია შუმერთა სახელწოდებით. ისინი სხვადასხვა მონაცემთა,
მათ შორის – ნასესხები ლექსიკის მიხედვით, აბორიგენები არ უნდა იყვნენ. თვით
შუმერული ტრადიციით ეს ხალხი მოსულია სამხრეთ–აღმოსავლეთიდან, კერძოდ,
სპარსეთის ყურის კუნძულებიდან. მეცნიერებაში არის შეხედულება, თითქოს
შუმერები ირანიდან ანდა შუა აზიიდან მოვიდნენ. დღეს ძნელია დანამდვილებით
ითქვას რაიმე ამ პრობლემის შესახებ.
შუმერის ქვეყანაში სემიტები, როგორც ჩანს, ადრე შევიდნენ, რაზეც
მიუთითებს შუმერულში არსებული ნასესხები სემიტური ლექსიკა. სესხება ძველი
შუმერულის პერიოდში უნდა მომხდარიყო, რაც მესამე ათასწლეულის დასაწყისით
განისაზღვრება. ეს ლექსიკა მეტად სპეციფიკურია თავისი შინაარსით, რადგანაც
ველის მცხოვრებთა ატრიბუტებს ასახავს, აგრეთვე იმ საგნებსა და მოვლენებს,
რომლებიც არ იყო დამახასიათებელი შუმერთათვის, მაგალითად: nakád (შუმერ.) <
nākidum (აქად.) „უფროსი მწყემსი“, mašgana (შუმერ.) < maškānum (აქად.) „სადგომი“,
„ბანაკი“ და სხვ. როგორც ვხედავთ, ეს არის მომთაბარეობასთან დაკავშირებული
ლექსიკა, რაც ბუნებრივია სემიტებისათვის, განსხვავებით მკვიდრი შუმერებისაგან.
სემიტური ტომების შესვლას მესოპოტამიაში მშვიდობიანი ხასიათი ჰქონდა,
არ გამოუწვევია შეტაკებები და ომები, ამიტომ შუმერები და სემიტები ერთად
ბინადრობდნენ. რაც დრო გადიოდა, სემიტური ელემენტი უფრო ძლიერდებოდა და
საბოლოოდ მოხდა ამ ქვეყნის სემიტიზაცია. თუმცა შუმერული, როგორც
თეოლოგიისა და მეცნიერების ენა, ძვ. წ. აღ.–ის II საუკუნემდე იხმარებოდა.
აქადურ ენას ასურულ–ბაბილონურსაც უწოდებენ. ასურული დიალექტი
გავრცელებული იყო ჩრდილოეთ მესოპოტამიაში, ბაბილონური კი – სამხრეთში. ეს
სალიტერატურო დიალექტები გახლდათ და ამიტომაც ენებადაა ცნობილი.
აქადური წყაროების მიხედვით, ძვ. წ. აღ.–ის XXIV საუკუნის ბოლოს
მესოპოტამია გააერთიანა სარგონ დიდმა. მისი სახელის ადგილობრივი წარმოთქმაა
šarru(m) kin – „ჭეშმარიტი მეფე“. წარმოშობით იგი ქალაქი ქიშიდან იყო. სარგონმა
ააშენა სატახტო ქალაქი აქადი ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში. დედაქალაქის
მიხედვით, სახელმწიფოს ამ ნაწილს ეწოდა mat Akkadī – „ქვეყანა აქადისა“, ხოლო აქ
მცხოვრები სემიტების ენას – აქადური (*’akkadium, ’akkadū, lišān ’akkadī). ამ
სახელწოდებას აქადელები ხმარობდნენ როგორც ბაბილონური, ასევე – ასურული
ენის მიმართ.
ძველ აქადურში (ძვ. წ. აღ.–ის 2500–2000 წწ.) რაიმე დიალექტური სხვაობა არ
შეიმჩნევა.
ძვ. წ. აღ.–ის XXIII საუკუნის ბოლოს ძველი აქადური სამეფო დაამხეს მთიელმა
ტომებმა გუთიებმა (კუთიებმა). ისინი ზაგროსის მთებიდან მოვიდნენ და 100 წელზე
მეტ ხანს ბატონობდნენ აქადის სამეფოში (ძვ. წ. აღ.–ის 2250–2140 წწ.). ამას მოჰყვა
ურის III შუმერული დინასტიის აღზევება. შუმერულ ენას დაუბრუნდა
ოფიციალური სტატუსი (ძვ. წ. აღ.–ის XXI ს.). შემდეგ, ძვ. წ. აღ.–ის XX-XVIII
საუკუნეებში, აქადის ტერიტორიაზე შეიქმნა მრავალი მცირე სამეფო, სადაც
დასავლეთიდან შემოჭრილ ამორეველთა ტომის წარმომადგენლების დინასტიები
ბატონობდნენ. ამორეველები ჩრდილო–დასავლური წარმოშობის ხალხი იყო
(’Amurru ამ ტომების აქადური სახელია და დასავლეთს ნიშნავს). აღნიშნულ
შემოსევებსა და ქანაანური ტომების გაბატონებას რაიმე მნიშვნელოვანი გავლენა არ
მოუხდენია აქადურ ენაზე, მის ლექსიკაზე. პირიქით, აქადური სულ უფრო
მკვიდრდებოდა ყოველდღიურ ხმარებაში, შუმერული კი ოფიციალური ფუნქციით
იფარგლებოდა. ეს პროცესი დასრულდა ძვ. წ. აღ.–ის XVI საუკუნეში. ამ პერიოდის
აქადურმა მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. მას დაეტყო დიალექტური
დაყოფაც. აქადური წარწერები სავსებით აღარ ასახავენ უკანა რიგის თანხმოვნებს – ‛,
ġ, h, h. ერთმანეთს დაემთხვა s და t, s და ś. s ნიშნით დიაკონოვი აღნიშნავს რაღაც
სიბილანტს (სისინა ბგერას), რომლის ფონეტიკური ღირებულებაც მისთვის
გაურკვეველია.
ძვ. წ. აღ.–ის II ათასწლეულიდან აქადურში ორი ლიტერატურული დიალექტი
გამოიყო: სამხრეთის, ანუ ძველი ბაბილონური (ძვ. წ. აღ.–ის 2000–1500 წწ.) და
ჩრდილოეთის, ანუ ძველი ასურული (ძვ. წ. აღ.–ის 2000–1500 წწ.). ამავე პერიოდიდან
შეიმჩნევა მნიშვნელოვანი ცვლილებები მორფოლოგიაში, რაც, პირველ რიგში,
გამოიხატა გარე ფლექსიის (სახელთა ბრუნების) მოშლაში.
ძვ. წ. აღ.–ის II ათასწლეულის II ნახევარში ძველი ბაბილონური და ძველი
ასურული საშუალო ბაბილონურითა და საშუალო ასურულით იცვლება,
იგულისხმება ძვ. წ. აღ.–ის 1500–1000 წწ.
ძვ. წ. აღ.–ის 1000 წლიდან ქრისტიანული ერის დაწყებამდე ბაბილონური ენის
ახალი პერიოდის ბატონობის ხანაა (ახალი ბაბილონური). გამოიყოფა ქვეპერიოდი,
რომელიც ძვ. წ. აღ.–ის 600 წლიდან იწყება და გრძელდება ბაბილონური ენის
ფუნქციონირების დასასრულამდე, რაც ემთხვევა ქრისტიანული ერის დასაწყისს. მას
ხშირად გვიანბაბილონურსაც უწოდებენ. ამ პერიოდში იგი განიცდის არამეულის
ძლიერ გავლენას. როგორც ჩანს, ძვ. წ. აღ.–ის 1400 წლიდან მოყოლებული 500 წლამდე
ბაბილონურშიც და ასურულშიც შეიმჩნევა ლიტერატურულ და სალაპარაკო ენებს
შორის მნიშვნელოვანი სხვაობა. ეს პერიოდი „ახალგაზრდა ბაბილონურის“
(Jungbabylonisch) სახელწოდებითაცაა ცნობილი.
ძვ. წ. აღ.–ის 600 წლამდე ასურულსაც და ბაბილონურსაც ახასიათებდა
პარალელური განვითარება, ამ პროცესს ერთგვარი ფაზები ჰქონდა. ვითარება
შეიცვალა 616–605 წლებში, როდესაც მიდიელებმა ბაბილონელებთან კავშირში
გაანადგურეს ასურეთის სახელმწიფო. ამ მომენტიდან ასურულმა ენამ შეწყვიტა
არსებობა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ასურული ხსენებული დროისათვის
არამეულის მეტად ძლიერ გავლენას განიცდიდა.

2
ბაბილონური განაგრძობდა არსებობას, მაგრამ აქემედინური სპარსეთის მიერ
ბაბილონის დაპყრობის შემდეგ (ძვ. წ. აღ.–ის 539 წ.) იგი მხოლოდ რამდენიმე
დამოუკიდებელი პრივილეგირებული ქალაქის ოფიციალური ენა იყო (ბაბილონის,
ურუქისა და სხვ.). მაგრამ ეს გვიანბაბილონური თანაარსებობდა არამეულთან და მის
ძლიერ გავლენას განიცდიდა. უკანასკნელი წერილობითი ძეგლები, ძირითადად
იურიდიული და ასტრონომიული შინაარსისა, ძვ. წ. აღ.–ის ბოლო ხანებს
განეკუთვნება.
ძველ აქადურსა და ძველ ბაბილონურ ტექსტებში (ძვ. წ. აღ.–ის 2400–1700 წწ.)
დასტურდება სემიტური წარმოშობის ასობით საკუთარი სახელი. მათი ახსნა
შეუძლებელია აქადურის ან ამორეველთა ენის საფუძველზე. ამ სახელებმა და სხვა
ენობრივმა მოვლენებმა ვ. ფონ ზოდენი მიიყვანა დასკვნამდე, რომ ძვ. წ. აღ.–ის III
ათასწლეულის II ნახევარში შესაძლებელია, ყოფილიყო ადრინდელი სემიტური ენა,
რომელსაც იგი „ძველ ამორეულს“ უწოდებს. ვლ. ახვლედიანი იზიარებდა იმ
ვარაუდს, რომლის თანახმადაც ეს გაურკვეველი ენობრივი მასალა ებლადან
მომდინარე უნდა ყოფილიყო. ებლა იტალიელმა არქეოლოგებმა აღმოაჩინეს სირიაში.
საბოლოო დასკვნის გამოტანა შესაძლებელი გახდება სათანადო მასალის
შესწავლისას.
მეცნიერებას, რომელიც აქადურ, ასევე ძველი წინა აზიის სხვა ენებსა და
კულტურებს შეისწავლის, ასირიოლოგია ეწოდება, ვინაიდან ყველაზე დიდი
რაოდენობით ლურსმული წარწერები თავდაპირველად სწორედ ჩრდილოეთ
მესოპოტამიაში, ისტორიული ასურეთის ტერიტორიაზე აღმოჩნდა. ფიქსაციის
თვალსაზრისით, აქადური ენა ყველაზე ძველია სემიტურ ოჯახში.
აქადური წერილობითი მასალები, როგორც შემდგომი ლექციებიდანაც
გახდება ცხადი, მეტად მრავალფეროვანია. ესაა წარწერები მონუმენტურ ფიგურებსა
და ძეგლებზე, კედლებზე, ბარელიეფებზე, სტელებზე. განსაკუთრებით ბევრია
წარწერები თიხის ფირფიტებზე. შინაარსობრივადაც განსხვავებული მასალებია:
მითები, რელიგიური ჰიმნები, ისტორიული ქრონიკები, მეფეთა ლაშქრობების
აღწერა, ცნობები მშენებლობათა შესახებ, ასტრონომიული დაკვირვებანი,
სამედიცინო, მათემატიკური და სხვ. შინაარსის ტექსტები. გვხვდება ასევე
სამონასტრო არქივები, სადაც მრავალი საინტერესო დოკუმენტია – კონტრაქტები,
თამასუქები, სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებული მასალები და ა.შ.
განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ასურეთის მეფის, აშურბანიპალის (ძვ. წ.
აღ.–ის 668–626 წწ.), კოლექციას, სადაც 30 000–ზე მეტი თიხის ფირფიტაა. ამ არქივში
გაერთიანებულია ასურეთისა და ბაბილონის ბევრი მეფის ქრონიკები. ესაა ერთგვარი
ბიბლიოთეკა, რომელიც თვით მეფის ინიციატივით შეიქმნა და მის სასახლეში
მოთავსდა.
ასურეთისა და ბაბილონის ძლიერების ხანაში აქადური ენა ამ სახელმწიფოთა
ფარგლებს გარეთაც იხმარებოდა, როგორც საერთაშორისო ურთიერთობის
საშუალება. მაგალითად, ეგვიპტეში თელ ალ–ამარნში აღმოჩნდა ძვ. წ. აღ.–ის XIV
საუკუნის ფარაონთა, ამენხოტეპ III-ისა და ამენხოტეპ IV-ის, დიპლომატიური
არქივი, რომელიც მთლიანად აქადურ ენაზეა. როგორც ირკვევა, ფარაონები სწორედ
ამ ენაზე აწარმოებდნენ მიწერ–მოწერას პალესტინის ვასალურად დამოკიდებულ
ტერიტორიათა მმართველებთან. მაშასადამე, ამ შემთხვევაში კორესპონდენციის არც
ერთი მხარისათვის აქადური საერთოდ არ იყო მშობლიური ენა.
აქადურ ენაზე შექმნილი ძეგლებიდან განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ
გილგამეშის ეპოსი. ესაა ასურულ–ბაბილონური ლიტერატურული თხზულება,
3
დღეისათვის ცნობილი პირველი ეთიკურ–ფილოსოფიური ხასიათის ეპოსი
მსოფლიო მწერლობაში. საფუძვლად დაედო ძველი შუმერული თქმულებები
ურუქის I დინასტიის (ძვ. წ. აღ.–ის III ათასწლეულის დასაწყისი) მეფის, გილგამეშის,
შესახებ. მეტ–ნაკლები სისრულით შემორჩენილია ხუთიოდე თქმულება. შუმერული
ლეგენდები ძველთაგანვე ითარგმნებოდა აქადური ენის დიალექტებზე,
მუშავდებოდა მთელი ათასწლეულის მანძილზე და ძვ. წ. აღ.–ის III ათასწლეულის
დასაწყისში ერთიანი ეპოსის სახე მიიღო. ამ ძეგლის მოტივთაგან
უმნიშვნელოვანესია მეგობრობა გილგამეშსა და ველურობიდან ცივილიზებულ
ადამიანამდე ამაღლებულ ენქიდუს შორის. ეს უკანასკნელი ათვინიერებს
გილგამეშის უხეშ ბუნებას, მაღალი ზნეობისაკენ უბიძგებს მას და ბოლოს თავისი
სიკვდილით ცხოვრების აზრზე დააფიქრებს. გილგამეშის შემგომი ბედი
დაკავშირებულია სიცოცხლის ძირებისა და უკვდავების ძიებასთან, რაც მას მიიყვანს
უთანაფიშთისთან, საყოველთაო წარღვნას გადარჩენილ ერთადერთ კაცთან (ეპოსში
ჩართულია წარღვნის ვრცელი ეპიზოდი), ბოლოს კი განბრძნობილს დააბრუნებს
ურუქში.
გილგამეშის ეპოსი გავრცელებული იყო ახლო აღმოსავლეთში როგორც
აქადურ ენაზე, ისე – ხეთური და ხურიტული თარგმანებით. ეპოსის გამოძახილმა
თითქმის ახალი წელთაღრიცხვის მიჯნამდე მოაღწია. ერთ–ერთი ნაწყვეტი,
სახელდობრ, წარღვნის ეპიზოდი, 1872 წელს აღმოჩნდა ბრიტანეთის მუზეუმის
ლურსმული დამწერლობის ძეგლების კოლექციაში. ეპოსი ნათარგმნია თითქმის
ყველა ევროპულ და ზოგიერთ აღმოსავლურ ენაზე. ქართულად არსებობს რამდენიმე
თარგმანი: 1) გილგამეშიანი, ბაბილონური ეპოსი, თარგმანი მ. წერეთლისა,
კონსტანტინოპოლი, 1924; 2) გილგამეშის ეპოსი, თარგმანი აქადურიდან და
კომენტრები ზ. კიკნაძისა, თბილისი, 1963; 3) [წიგნში] თამუზის სიზმარი (ძველი
შუამდინარული პოეზია), თარგმანი ზ. კიკნაძისა, თბილისი, 1969.

ებლას ენა

როგორც ზემოთ მივუთითეთ, ჩვენი ლექციის ბოლოს სათანადოდ შევეხებით


ებლას ენას, რომელიც გარდამავალ საფეხურს წარმოადგენს ჩრდილო–აღმოსავლურ
და ჩრდილო–დასავლურ სემიტურ განშტოებას შორის. ზოგიერთ სახელმძღვანელოსა
და გამოკვლევაში შეიძლება ებლა მოცემული იყოს ჩრდილო–დასავლურ
განშტოებაში (მაგალითად, ასე აქვს ის წარმოდგენილი სებასტიან ბროკს).
ებლას ქალაქი–სახელმწიფო აღმოაჩინეს იტალიელებმა 1974–75 წლებში
სირიაში წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად. დღეს ამ ტერიტორიას
ეწოდება თელ მარდიხი (ქ. ალეპოს მახლობლად). აღნიშნულ ექსპედიციაში
იმყოფებოდა შუმერულ–აქადური ტექსტების კითხვაში გაწაფული ცნობილი
სპეციალისტი, პეტინატო, რომელმაც გამოთქვა მოსაზრება, რომ ებლა იმპერია უნდა
ყოფილიყო. ამ ვარაუდის გამოთქმას ბიძგი მისცა დოკუმენტებმა, რომლებშიც
აღნიშნულია, რომ მარის მეფე ებლას მეფეს ძღვენს უგზავნიდა. იკვეთებოდა სურათი,
თითქოს მიმდებარე ტერიტორიების ყველა ქალაქი ებლას ემორჩილებოდა. თუმცა
მოგვიანებით აღმოჩნდა დოკუმენტი, სადაც მითითებულია, რომ ებლას მეფე

4
უგზავნიდა ძღვენს მარის მეფეს. მაშასადამე, ეს მხოლოდ მეგობრული
ურთიერთობების გამოვლინება გახლდათ.
როგორც ირკვევა, ებლას სახელმწიფო მოღვაწენი მჭიდრო კავშირში იყვნენ არა
სამხრეთის ცნობილ კანცელარიებთან ურში, ურუქსა და ლაგაშში, არამედ –
ჩრდილოეთ შუმერის კანცელარიასთან ქიშში. ებლას ტექსტები მეტად
განსხვავებულია სამხრეთშუმერულისაგან, ამიტომაც მათი წაკითხვა რთულია, ხშირ
შემთხვევაში გრაფემები ორაზროვანია.
არქეოლოგიურ გათხრებს ხელმძღვანელობდა იტალიელი მეცნიერი, პაოლო
მატიე. ის არ იზიარებდა მოსაზრებას, თითქოს III ათასწლეულის უძველესი
ცივილიზაციები შეიძლებოდა არსებულიყო მხოლოდ მდინარეებთან ახლოს. ამის
დასამტკიცებლად საკმარისი არ არის ის ფაქტი, რომ ეგვიპტური და შუმერულ–
აქადური ცივილიზაციები, შესაბამისად, ნილოსის აუზთან და შუამდინარეთთან იყო
დაკავშირებული. ებლა ახლომდებარე მდინარეებიდან სულ მცირე 75
კილომეტრითაა დაშორებული. მისი ცივილიზაცია III ათასწლეულს განეკუთვნება.
ამასთანავე, დადასტურდა, რომ ამ პერიოდში, ეგვიპტისა და შუამდინარეთის გარდა,
სირიშიც ვლინდება უძველესი ცივილიზაცია. მეორე მხრივ, გაირკვა, რომ ებლა არ
წარმოადგენდა იმპერიას, რაც ბუნებრივია, ვინაიდან III ათასწლეულში იმპერიები
ჯერ არ არსებობდა, ვხედავთ მხოლოდ ქალაქ–სახელმწიფოებს.
ებლას შესახებ ცნობებს ვიღებთ თვით ამ ტერიტორიაზე აღმოჩენილი
ლურსმული წარწერებიდან. ისინი შესრულებულია თიხის ფირფიტებზე. მათი
რიცხვი 17 000–ს აღემატება. ებლას ლურსმული დამწერლობა ახლოს დგას
შუმერულ–აქადურ სისტემასთან.
ებლა IV ათასწლეულის ბოლოს უკვე დასახლებული იყო, ხოლო III
ათასწლეულში ის საგრძნობლად განვითარდა და დაწინაურდა (ძვ. წ. აღ.–ის 2750–
2200 წწ.). ებლას დოკუმენტები შეიცავს მიმოწერას მეზობელ სახელმწიფოებთან,
იკვეთება საინტერესო სავაჭრო–ეკონომიკური ურთიერთობანი. უმნიშვნელოვანესი
პუნქტები იყო ებლა და მარი. ისინი მესოპოტამიელ ვაჭრებს გზას უხსნიდნენ
ლიბანისა და იორდანიისაკენ, ასევე მცირე აზიის მიმართულებით, საიდანაც
შუამდინარეთში ვერცხლი და სპილენძი შეჰქონდათ. ცნობილი ხდება, რომ ებლად
ურთიერთობა ჰქონდა ეგვიპტესთანაც ფინიკიური პორტების დახმარებით. ებლას
მეფის სასახლეში აღმოჩნდა ეგვიპტის ფარაონთა მე–4 და მე–6 დინასტიის
წარმომადგენელთა ქანდაკებები. ებლაში აქტიყრად მოღვაწეობდნენ უცხოელი
ვაჭრებიც. ისინი შორეული აღმოსავლეთიდანაც კი ჩამოდიოდნენ, რასაც
ადასტურებს ავღანური მინანქრის არაერთი ნიმუში, რომელიც არქეოლოგიური
გატხრების შედეგად აღმოჩნდა.
ძნელია, დანაბდვილებით ითქვას რაიმე ებლას სოციალურ მდგომარეობაზე.
როგორც ჩანს, ყველაფერი მმართველი ელიტის ხელში არ უნდა ყოფილიყო. ლაგაშის
მსგავსად, ებლაშიც მიწების დიდი ნაწილი ტაძრებს ეკუთვნოდა. მისი წარმართული
პანთეონი ძალიან ახლოს დგას სხვა სემიტურ პანთეონებთან. მთავარი ღვთაება იყო
ილა. ებლას მოსახლეობა თაყვანს სცემდა აგრეთვე წვიმისა და ნაყოფიერების
ქალღმერთ ეთარს. თვითონ ებლას ლიტერატურული ძეგლები არ შემონახულა,
მაგრამ მის ტერიტორიაზე აღმოჩნდა გილგამეშის ეპოსის ნაწყვეტები.
ებლას რამდენჯერმე დაესხნენ თავს აქადელები. ირკვევა, რომ ეს სარგონ
დიდამდეც ხდებოდა. როგორც სარგონი, ასევე მისი მემკვიდრეები არაერთგზის
აღნიშნავენ, რომ დაანგრიეს ებლა. ქალაქის საბოლოო დანგრევის ზუსტი თარიღი

5
დისპუტის საგანს წარმოადგენს ისტორიკოსთა შორის. ეს მოვლენა შეიძლება
დათარიღდეს ძვ. წ. აღ.–ის 23–ე საუკუნის 40–იანი 20–იანი წლებით.
ებლა ისევ აღდგა მომდევნო საუკუნეებში. მან დაიბრუნა ეკონომიკური
მნიშვნელობა და განვიტარების ზენიტს მიათწია ზვ. წ. აღ.–ის 1850–1600 წლებში.
იმხანად ებლას მიდამოებში უკვე ამორეველნი მკვიდრობენ. მათ დაიწყეს
მესოპოტამიაში ლაშქრობა და საბოლოოდ იქ დასახლდნენ.
ებლა მეორედ ხეთებმა გაანადგურეს ძვ. წ. აღ.–ის 1650–1600 წლებში. მას
შემდეგ ის აღარ აღმდგარა. არსებობას განაგრძობდა, როგორც პატარა სოფელი,
რომელიც ახ. წ. აღ.–ის VII საუკუნის შემდეგ საერთოდ ქრება.

You might also like