You are on page 1of 13

ლურსმული დამწერლობა

მარიამ ნანობაშვილი
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ასოცირებული პროფესორი

ევფრატსა და ტიგროსს შორის მდებარე ნაყოფიერ ტერიტორიაზე ჯერ კიდევ


წინარეისტორიულ ხანაში ცხოვრობდნენ შუმერები. ისინი, ეგვიპტელების მსგავსად,
მსოფლიოს უძველესი ცივილიზაციის შემოქმედნი იყვნენ. შუმერთა წარმოშობა
დღემდე გაურკვეველია. მრავალრიცხოვანი წარწერების მეშვეობით მათი ენა
ჩვენთვის ძალიან კარგადაა ცნობილი, იმაზე გაცილებით უკეთ, ვიდრე არაერთი
დღეს ცოცხალი ენა, მაგრამ ვერ ხერხდება შუმერულის მიკუთვნება რომელიმე
ენობრივი ოჯახისადმი. მას იბერიულ–კავკასიურ ენებს უკავშირებენ, ამ აზრს, სხვათა
შორის, იცავდა ჩეხი მეცნიერი კარელ კრამარჟი. გერმანელი მკვლევარი ედუარდ
შტუკე შუმერულის კვალს ხედავს პოლინეზიისა და ამერიკის ენებში, არაერთი სხვა
ენათმეცნიერი კი – ცენტრალურ აზიაში, თურქესტანში, ბორნუში (აფრიკაში) და ა. შ.
საბოლოო დასკვნა მაინც არ არის გაკეთებული და შუმერული ენა იზოლირებულად
რჩება.
შუმერებთან, ეგვიპტელების მსგავსად, დამწერლობა თავიდან ქურუმების
ხელში იყო და რიტუალური მიზნებით გამოიყენებოდა. პირველ ეტაპზე შუმერები
იყენებდნენ პიქტოგრამებს, რომლებიც მნიშვნელოვანწილად ჰგავს ძველეგვიპტურ
პიქტოგრამებს. ეგვიპტელებისაგან განსხვავებით, რომლებიც მუდმივად ქვაზე
წერდნენ (რადგანაც ქვა ძალიან ბევრი იყო ეგვიპტეში), შუმერები ძალიან ხშირად
წერდნენ თიხის ფირფიტებზე (ვინაიდან მესოპოტამიაში უხვად მოიპოვებოდა
სწორედ ეს მასალა), რომლებსაც შემდგომში გამოწვამდნენ. ამის წყალობით
აღნიშნული ფირფიტების ხანგრძლივი შენახვა ხდებოდა შესაძლებელი. ამასთანავე
საწერი მასალის თავისებურება, მისი სირბილე, განსაკუთრებულ ელფერს ანიჭებდა
თვით ნაწერს. გრაფემები ლურსმის ფორმას იღებდა.
თავდაპირველმა ფიგურულმა დამწერლობამ დროთა განმავლობაში მრავალი
ცვლილება განიცადა. შუმერებმა თანდათანობით დაიწყეს ცალკეულ ნიშანთა
მნიშვნელობის გაფართოება, მაგალითად, მზე აღნიშნავდა დღეს, ნათელს,
ბრწყინვალეს, განათებულს, სითეთრეს, თეთრს. მაგრამ მალე ეს მეთოდიც
არასაკმარისი შეიქნა და ამიტომაც შუმერები შეუდგნენ დამწერლობის
ფონეტიზაციას, მაგალითად, ცის გამომხატველი ნიშანი მოგვიანებით შეესაბამებოდა
მარცვალს –ან, ვინაიდან ცა შუმერულად არის სწორედ an. მაგრამ პრობლემა იყო ის,
რომ ერთი და იგივე ნიშანი ბევრ სხვადასხვა მარცვალს აღნიშნავდა, მეორე მხრივ,
ერთ მარცვალს ასევე ბევრი სხვადასხვა ნიშანი გადმოსცემდა.
მართალია, შუმერებს უკვე შეეძლოთ, გამოეხატათ ნაცვალსახელები,
სუფიქსები, ფლექსია და სხვა გრამატიკული ფორმები, მაგრამ დამწერლობა მათ
მეტად აღარ განუვითარებიათ, ის არ მიუყვანიათ წმინდა ფონეტიკურ სისტემამდე,
თუნდაც იმ სახით, როგორც ეს ძველმა ეგვიპტელებმა გააკეთეს.
შუმერული ლურსმული დამწერლობა აღმოცენდა შედარებით
მცირერიცხოვანი ნიშნებიდან და სტილიზებული ნახატებიდან, კიდევ უფრო
მცირერიცხოვანი პირობითი ნიშნებიდან, რომლებიც განყენებულ ცნებებს
გამოხატავდნენ და სურათებს ერთვოდნენ. უძველეს დროში უმთავრესი და უფრო
ხშირი იყო თვითონ ნახატი, მარცვლის აღმნიშვნელი ნიშნები უფრო მეორეული
სახის დამატებას წარმოადგენდა. ლურსმული დამწერლობის გამარტივება გვიანდელ
პერიოდში იმითაც მიიღწეოდა, რომ ერთი და იგივე ნიშანი გამოიყენებოდა
ჩვეულებრივი და ამოტრიალებული სახითაც, როდესაც ისინი სრულიად სხვაგვარ
მნიშვნელობას იძენდნენ. შემდგომში შეიქმნა ახალი ნიშნები რამდენიმე ანბანური
ელემენტის კომბინაციით. ერთი და იმავე ნიშნის ვარიანტებს დამოუკიდებელ
მნიშვნელობას ანიჭებდნენ.
შუმერული ლურსმული დამწერლობის განვითარება ათასწლეულთა
მანძილზე შეიძლება შვიდ ეტაპად დაიყოს:

1) დაახლოებით 3000 წ.–მდე ძვ. წ. აღ.–ით, ურ–ნინისა და მანიშთუსუს მეფობა;


2) დაახლოებით 2700 წ.–მდე ძვ. წ. აღ.–ით, ეპოქა სარგონიდან ჰუდეამდე;
3) 2350 წ.–მდე ძვ. წ. აღ.–ით, ურის დინასტიის ეპოქა;
4) 1900 წ.–მდე ძვ. წ. აღ.–ით, ხამურაბის დინასტიის ზეობა;
5) 1180 წ.–მდე ძვ. წ. აღ.–ით, კასიტების მეფობა;
6) 600 წ.–მდე ძვ. წ. აღ.–ით, ასურული პერიოდი;
7) დაახლოებით 100 წ.–მდე ძვ. წ. აღ.–ით, ბაბილონური პერიოდი, როდესაც
ლურსმული დამწერლობა პრაქტიკულად მთლიანად განდევნა არამეულმა.

ფიგურულიდან ლურსმულ დამწერლობაზე გადასვლა დაიწყო განვითარების


მეორე ეტაპზე, მაგრამ ასეთი სისტემა მთლიანობაში მხოლოდ მესამე პერიოდში
ჩამოყალიბდა. მაშინ შეიცვალა წერის მიმართულებაც: თავდაპირველად შუმერები
ზემოდან ქვემოთ წერდნენ, ნაწერი სვეტები კი მარჯვნიდან მარცხნივ იკითხებოდა;
როდესაც ჰორიზონტალურ წერაზე გადავიდნენ, მიმართულებაც შეიცვალა, ტექსტი
მარცხნიდან მარჯვნივ იკითხებოდა. მართალია, შუმერები ყველაზე ხშირად თიხის
ფირფიტებზე წერდნენ, მაგრამ ისინი სხვა საწერ მასალასაც იყენებდნენ, მრავალი
წარწერაა შემორჩენილი ქვაზე (მაგ. ბაზალტზე), ქანდაკებებზე, ვაზებზე, ბეჭდებზე
და სხვ. თიხის ფირფიტებზე მოცემული იყო იურიდიული თხზულებები და
კანონები, მოგვიანებით – ტექსტები სახელმწიფო მმართველობის, ისტორიის,
რელიგიის, ასტროლოგიის, მითოლოგიის, მეურნეობის, პოლიტიკის, ფილოსოფიის,
გრამატიკისა და სხვ. სფეროში, აგრეთვე პოეტური ნაწარმოებები და წერილები. ქვაზე
ამოტვიფრული ტექსტები კი მონუმენტურ წარწერათა დამახასიათებელ
ტრადიციულ თემატიკაზე იყო.
შუმერული დამწერლობის სისტემაში რადიკალური ცვლილებები იწყება მას
შემდეგ, რაც შუამდინარეთში თანდათანობით შედიან სემიტი ტომები. ასიმილაციის
შედეგად შუმერები, როგორც ცალკე ერი, გადაშენდნენ, იმძლავრა სემიტურმა
ელემენტმა. ესენი იყვნენ ისტორიის აქადელები. სემიტებმა კულტურის სხვა
ელემენტებთან ერთად შუმერებისაგან აითვისეს დამწერლობა, რომელიც მათ
ენასთან მიმართებაში მეტად რთულ სისტემად იქცა, ძალიან გართულდა როგორც
წერა, ასევე კითხვაც. ეს იმით აიხსნება, რომ შუმერული სისტემა აქადელებმა
პირდაპირ მიიღეს, მასში შემავალ ნიშნებს უბრალოდ მიუსადაგეს სემიტური
ეკვივალენტები. ეს კარგად ჩანს შემდეგი მაგალითიდან: მამის გამომხატველი ნიშანი
მათთან იკითხებოდა არა შუმერულად – ad, არამედ სემიტურად – abu. აქ
შენარჩუნებულ იქნა მარცვლის პირველი ნაწილის ფონეტიკური ეკვივალენტი.
ამრიგად, მამის გამომხატველი ნიშანი, არა აქვს მნიშვნელობა, მას იდეოგრაფიულად,
ე. ი. სემიტურად (abu) კითხულობდნენ, თუ მარცვალთა მიხედვით, ყოველთვის იყო
ეკვივალენტი შუმერული ad –ისა.
2
სწორედ ამით აიხსნება მრავალი შეცდომა და ის ფაქტი, რომ ასე რთულია
აქადური ტექსტების კითხვა. შეგვიძლია მოვიყვანოთ კიდევ ერთი მაგალითი: ნიშანი,
რომელიც შუმერულში აღნიშნავს მიწას, ქვეყანას, მთას, ცხენს, ყოველთვის
იკითხებოდა, როგორც kur. სემიტებმა ამ ნიშანთან ერთად ისესხეს მისი
იდეოგრაფიული მნშვნელობაც, ამიტომაც თავიანთ ენაზე ეს ნიშანი
სხვადასხვაგვარად იკითხებოდა: mātu - მიწა, šadu - მთა, sisū - ცხენი და ა.შ. მაგრამ,
ამასთანავე, ეს ნიშანი სემიტებთანაც შეესაბამებოდა მარცვალს – kur. შემდგომში ამას
დაემატა მარცვლები – mat და šad, გამომდინარე პირველადი იდეოგრამის სემიტური
მნიშვნელობიდან. როგორც ბაბილონელებმა, ასევე ასურელებმა მოგვიანებით უარი
თქვეს შუმერული დამწერლობის ბევრ ნიშანზე და ამის სანაცვლოდ თავიანთი
საკუთარის ხმარება დაიწყეს. ამიტომაც ლურსმული წარწერების კითხვისას უფრო
მეტად ვხელმძღვანელობთ შინაარსით, ვინაიდან არსაიდან არაა ცნობილი, არ
არსებობს მითითება, თუ როგორ უნდა წავიკითხოთ ესა თუ ის ნიშანი,
იდეოგრაფიულად თუ ფონეტიკურად. ეს იმას ნიშნავს, რომ ლურსმული
დამწერლობა ბოლომდე რჩებოდა იდეოგრამებისა და ფონეტიკური მარცვლოვანი
დამატებების ერთობლიობად. ეს დამატებები უმეტესწილად ფლექსიას გამოხატავდა.
მაგრამ, განსხვავებით სემიტური დამწერლობის სხვა სახეობათაგან,
განსაკუთრებით ეს ეხება ეგვიპტური იეროგლიფებისაგან განვითარებულ სისტემებს,
ბაბილონელებისა და ასურელების დამწერლობას ის უპირატესობა ჰქონდა, რომ
თანხმოვნების გვერდით ყოველთვის გადმოიცემოდა ხმოვნებიც. ჯერ კიდევ
შუმერებმა შემოიღეს წერის მარცვლოვანი სისტემა შემდეგი ფორმულებით:
თანხმოვანს + ხმოვანი (CV), ან ხმოვანს + თანხმოვანი (VC), დაბოლოს, თანხმოვანს +
ხმოვანი + თანხმოვანი (CVC). თუმცა დაჯგუფების ეს ბოლო ტიპი იშვიათად
იხმარებოდა, რადგანაც ასეთ შემთხვევაში ხმოვანი ორმაგდებოდა და ერთი
მარცვალი ორად იქცეოდა. a, e, i, u ხმოვნებისათვის არსებობდა დამოუკიდებელი
ნიშნები; მაგალითად, მარცვალი kur შეიძლებოდა გადმოცემული ყოფილიყო
აგრეთვე, როგორც ku-ur. თუ სიტყვაში გრძელი ხმოვანი იყო, ორივე მარცვალს შორის
იწერებოდა ხმოვნის დამატებითი ნიშანი, მაშასადამე ამ კონკრეტულ შემთხვევაში
დაიწერებოდა ასე: ku-u-ur.
ასეთი ტიპის სირთულეები იმით აიხსნება, რომ მოცემული სისტემა არ
ყოფილა სემიტების გამოგონება და მათ ენას არ ესადაგებოდა. შუმერული ტექსტების
წასაკითხად ბაბილონელები იყენებდნენ სხვადასხვა ტიპის სახელმძღვანელოებს,
ლექსიკონებს, ტაბულებს. მიუხედავად იმისა, რომ მესოპოტამიაში საბოლოოდ
სემიტებმა იმძლავრეს, შუმერული მაინც დიდხანს გამოიყენებოდა, როგორც
საკრალური ენა. ქურუმთა ხელში ის კარგად იყო დაცული და სწორედ ამის
წყალობით ვიცნობთ ჩვენ დღეს შუმერულს ასე ზედმიწევნით. შუმერული ენა
საბოლოოდ გადაშენდა ასურულ ეპოქაში, ძვ. წ. აღ.–ის 1000–600 წლებში.
შუმერული ენისათვის მეტად შესაფერისი იყო სილაბური სისტემა, რადგანაც
სიტყვათა უმრავლესობა შედგებოდა მაქსიმუმ ორი მარცვლისაგან. სემიტურში
მარცვალთა რაოდენობა მეტი იყო, ამიტომაც შუმერული დამწერლობა მას არ
ესადაგებოდა. მიუხედავად ამისა, ასურელ–ბაბილონელები მტკიცედ ინარჩუნებდნენ
შუმერებისაგან მიღებულ სისტემას, რამაც მათ ხელი შეუშალა, შეექმნათ თავიანთი
ფონეტიკური ანბანი, როგორც ეს დასავლელმა სემიტებმა გააკეთეს.
ასური (აშური) ჩრდილოეთ მესოპოტამიაში მდებარეობდა. იქ მკვიდრმა
სემიტმა ტომებმა მთელი მესოპოტამია დაიპყრეს. ასურული და ბაბილონური
აქადურის დიდი სალიტერატურო დიალექტებია, ისინი ცნობილია, როგორც
3
ასურული და ბაბილონური ენები (შესაბამისად, ჩრდილოეთ და სამხრეთ
მესოპოტამიაში). ასურელებმა გაამარტივეს ლურსმული დამწერლობა, სწორედ ისინი
გადავიდნენ ჰორიზონტალურად წერაზე. ნიშანთა რაოდენობა მათ 510–მდე
დაიყვანეს, რომელთაგან ძირითადად 300–მდე იხმარებოდა. გარდა ამისა, მათ
შემოიღეს დეტერმინატივები, სპეციალური განმსაზღვრელი ნიშნები.
თავდაპირველად ყოველი დეტერმინატივი აღნიშნავდა რომელსამე ზუსტ და
კონკრეტულ გაგებას, ხოლო შემდეგ უკვე მოიცავდა მონათესავე გაგებათა მთელ
კომპლექსს, რომელიც ერთსა და იმავე კატეგორიაში შედიოდა. ასეთი ნიშანი,
როდესაც ის დაწერილი იყო რომელიმე სხვა ნიშნის გვერდით, უჩვენებდა მის
მიკუთვნებას ცნობილი ლოგიკური კატეგორიისადმი. ეგვიპტელებმა, რომლებმაც
პირველებმა შემოიღეს დეტერმინატივები, უფრო დიდ წარმატებას მიაღწიეს ამ
მიმართულებით. მათი სისტემა უფრო სრულყოფილი იყო. რაც შეეხება
ბაბილონელებსა და, მოგვიანებით, ასურელებს, ისინი ასეთ ნიშნებს იყენებდნენ
მხოლოდ ღვთაებების, სპილენძის ნივთების, ქვეყნების, ადამიანების სახელებთან და
ზოგიერთ სხვა მცირერიცხოვან ლოგიკურ კატეგორიაში. სამეცნიერო გამოცემებში
ასეთი დეტერმინატივები უფრო წვრილი ასოებითაა მოცემული
ტრანსლიტერაციისას: mātu Aššur – ქვეყანა ასურეთი.
ასურელებთან შენარჩუნებული იყო იდეოგრამებიც (ისინი სამეცნიერო
გამოცემებში დიდი ასოებით იწერება), მაგალითად, BAL – შუმერულად: pal (სამეფო
ღირსების ნიშანი), ასურულად: palū (ძალაუფლება), tamū (ლაპარაკი), eberū
(მდინარის გადაცურვა), šupelu (შეცვლა), nukurtu (მტრობა), šakū (დალევა), hirū
(თხრა), pilakku (ნაჯახი) და კიდევ დაახლოებით 20 სხვა მნიშვნელობა.
ლურსმულ წარწერებში სიტყვები ერთმანეთისაგან არ იყო გამოყოფილი. თუ
სიტყვა აღარ ეტეოდა სტრიქონზე, მაშინ იქ თავისუფალ ადგილს ტოვებდნენ, ხოლო
თვით სიტყვა მომდევნო სტრიქონზე გადაჰქონდათ. შემდგომში შემოღებულ იქნა
კიდევ ერთი თავისებურება: ლურსმნისმაგვარი გრაფემები არასოდეს აღარ
ფართოვდებოდა ქვემოთ, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ზემოთ. ამასთანავე,
გაფართოებული ნაწილი ყოველთვის მარჯვნივ იყო მიქცეული. მიუხედავად იმისა,
რომ დამწერლობის ეს სისტემა მეტად არასრულყოფილი, რთული და
არაპრაქტიკული იყო, მას ძალიან ფართოდ იყენებდნენ. ძვ. წ. აღ.–ის II
ათასწლეულში სწორედ ლურსმული დამწერლობით სრულდებოდა თვით
დიპლომატიური აქტები და სახელმწიფოთა მმართველების კორესპონდენცია. ეს
განსაკუთრებით ნათლად ჩანს თელ ალ–ამარნის (ეგვიპტე) აღმოჩენებით.
არქეოლოგიური გათხრების შედეგად ჩვენთვის ხელმისაწვდომი გახდა ფირფიტების
მთელი არქივი, სადაც მოცემულია მიმოწერა ეგვიპტის ფარაონებსა და აზიის მრავალ
მმართველს შორის. ასეთივე დიდი მნიშვნელობისაა ბოღასქოის გათხრები. ეს
სოფელი მდებარეობს მდინარე ყიზილ ირმაქზე მცირე აზიაში. ამ ადგილას
წამომართული გახლდათ ხეთების სამეფოს დედაქალაქი ხათუში. მის ნაშთებში
აღმოჩნდა მეტად საინტერესო ძეგლები, ლურსმული დამწერლობით შესრულებული
დიდი არქივი. მათ შორის ისევ გვხვდება ეგვიპტური წარმოშობის წერილები,
რომლებიც ფარაონთა მიერ ეგზავნებოდა ხეთების მეფეებს.
დაახლოებით VIII საუკუნეში ძვ. წ. აღ.–ით მესოპოტამიაში სხვა სემიტური
ტომების ინტენსიური შემოსვლა იწყება სირიიდან და არაბეთიდან. სულ მალე
იმძლავრა არამეულმა ელემენტმა. არამეელები მასობრივად დასახლდნენ მთელ
შუამდინარეთში. მალე ხმარებიდან სრულიად განიდევნა ასურული, ვინაიდან
ასურეთის სახელმწიფო დაემხო. იმავდროულად ჩრდილოეთი მესოპოტამიიდან
4
განიდევნა ასევე ლურსმული დამწერლობა, რომელიც ჩაანაცვლა უკვე კარგად
განვითარებულმა არამეულმა ანბანმა. მართალია, სამხრეთ მესოპოტამიაში
ლურსმული დამწერლობა კიდევ იქნა შენარჩუნებული, რაც დაკავშირებული იყო
ბაბილონის სამეფოს დროებით აღორძინებასთან, მაგრამ საბოლოოდ იქიდანაც
აღმოიფხვრა, ვინაიდან ბაბილონი დაამარცხა სპარსეთის სარდალმა კიროსმა ძვ. წ.
აღ.–ის 539 წელს. როგორც ცნობილია, სულ მალე თვითონ სპარსელებიც
დამარცხდნენ ალექსანდრე დიდთან ბრძოლაში ძვ. წ. აღ.–ის 330 წელს. იმხანად
ბაბილონური ენა უკვე ძლიერად არამეიზებული იყო.
ბაბილონის დაცემის შემდეგ ლურსმული დამწერლობა მთლიანად გამოვიდა
ხმარებიდან. მართალია, სპარსელები კიდევ გარკვეული დროით იყენებდნენ მას,
მაგრამ, როგორც ქვემოთ გამოჩნდება, ლურსმნისმაგვარი გრაფემები მხოლოდ
გარეგნული ფორმის სახით იქნა შენარჩუნებული, მათი არსი სრულიად
განსხვავებული იყო. ასურულ–ბაბილონური ლურსმული დამწერლობით
შესრულებული უკანასკნელი ფირფიტები განეკუთვნება ძვ. წ. აღ.–ის I საუკუნეს,
მაგრამ მათში ენა ისეა დამახინჯებული, რომ ტექსტების შინაარსის გაგება ძალიან
რთულია. ბერძნული, რომაული და პართული სახელმწიფოების არსებობის მთელ
მანძილზე არ არის ცნობილი თუნდაც ერთი ძეგლიც კი, რომელიც შესრულებული
იქნებოდა ლურსმული დამწერლობით. მესოპოტამიის ახალი დამპყრობლები,
პართები, იყენებდნენ სრულიად სხვა დამწერლობას, რომელიც არამეულიდან
განვითარდა. ლურსმული დამწერლობა დავიწყებას მეცა. ის აღარავის ესმოდა.
არაბებისთვისაც სრულიად უცნობი იყო. თუ მათ ხელთ მოხვდებოდა დაფა
ლურსმული წარწერებით, ასეთ ძეგლებს ისინი ამულეტებად მიიჩნევდნენ, მათი
აზრით, ეს უნდა ყოფილიყო მისტიკური სიმბოლოები, ძველი „ქალდეველების“
ასტროლოგიური ნიშნები, მეტიც, გრაფიკული ხორცშესხმა კინეტიკური ენისა,
რომელზეც ღმერთი და ადამი საუბრობდნენ.
ჰუმანისტებსა და განმანათლებლებს ლურსმული დამწერლობა ეგონათ
ჩინური, სამარიტანული და სხვ. მაგრამ ეს მხოლოდ ვარაუდები იყო, რომელთაგან
არც ერთი არ გამართლდა. სწორ პასუხს XIX საუკუნემდე ვერავინ მიაგნო.
ლურსმული წარწერების კითხვა მაშინ გახდა შესაძლებელი, როდესაც გაშიფრეს
ბეხისთუნის წარწერა და მისი მსგავსი სხვა ძეგლები.
როგორც ზემოთ დავინახეთ, შუმერული დამწერლობა აითვისეს ასურელებმა
და ბაბილონელებმა. დამწერლობის ეს სახეობა მთელ მესოპოტამიაში გავრცელდა და
სემიტთა საკუთრება გახდა. მათ მიერ შექმნილი ძეგლები დიდი შინაარსობრივი
მრავალფეროვნებით გამოირჩევა. პრაქტიკუკად არ არსებობს თემა, რომელიც
წარმოდგენილი არ არის თიხის ფირფიტებზე. ლურსმული დამწერლობა, შუმერთა
და ასურელ–ბაბილონელთა გარდა, სხვა ხალხებშიც გავრცელდა. დღევანდელ
სპარსულ პროვინციებში, ლურისტანსა და ხუზისტანში, ცხოვრობდა ხალხი, რომლის
სამეფოსაც ბაბილონურად ელამი ეწოდებოდა. მათ ლურსმული დამწერლობა
შუმერთაგან აითვისეს დაახლოებით ძვ. წ. აღ.–ის 2600 წელს, ის საკუთარ
მოთხოვნილებებს მიუსადაგეს და სრულყვეს კიდეც. ელამი, ელამური – ეს მხოლოდ
და მხოლოდ ერთ–ერთია იმ მრავალი სახელწოდებიდან, რომელიც მიემართება ამ
ხალხსა და მის ენას; ეს მრავალფეროვნება ევროპულ გამოკვლევებშიც გვხვდება.
შუმერები ელამს ასე უწოდებდნენ: ნიმი. თვითონ ქვეყნის მკვიდრნი საკუთარ თავს
ხათამთებად მოიხსენიებდნენ. ბიბლიაში ისინი დასახელებულნი არიან, როგორც
ეილამები. მას შემდეგ, რაც გაშიფრულ იქნა ბეხისთუნის წარწერები, ელამურმა ენამ
მიიღო სახელწოდება – სკვითური, შემდეგ – მიდიური, ან სკვითომიდიური.
5
მოგვიანებით ზოგიერთი წარწერის ენა მოიხსენიება იმის მიხედვით, თუ სად
აღმოჩნდა, მაგალითად, სუზური, ან ახალი სუზური, ვინაიდან ძეგლები გათხარეს
სუზის მახლობლად; ანზანური, რადგანაც წარწერები გამოვლინდა იმ
ტერიტორიაზე, რომელსაც ადრე ანზანი ეწოდებოდა.
ელამიტებმა მეტ წარმატებას მიაღწიეს ლურსმული დამწერლობის დახვეწაში,
ვიდრე შუმერებმა და სემიტებმა. მათ დამწერლობაში განირჩევა განვითარების სამი
ეტაპი. პირველს ეწოდება არქაული ანუ ეპიქორული; ის ცნობილია მხოლოდ ცხრა
ორენოვანი წარწერიდან ელამურ და ბაბილონურ ენებზე. ეს იდეოგრაფიული
დამწერლობაა და მისი გრაფემები ნაკლებად განსხვავდება შუმერთა ფიგურული
ნიშნებისაგან. ეს ძეგლები ნაკლებადაა შესწავლილი. აღნიშნულ ძეგლთა შორის
აღმოჩნდა სახელმძღვანელო, რომელსაც ელამიტები ბაბილონური წარწერების
გასაშიფრად იყენებდნენ. ამ სახელმძღვანელომ მნიშვნელოვნად გააიოლა არქაული
დამწერლობის შესწავლა.
მეორე ეტაპია მეფე ნარამ–სინას წარწერები და უფრო გვიანდელი ძეგლები,
რომლებიც თარიღდება ძვ. წ. აღ.–ის 1500–800 წლებით. ეს დამწერლობა მკვეთრად
განსხვავდება თავისი სემიტური პროტოტიპისაგან და ფონეტიკური ხასიათისაა.
მთელი ნიშნების მხოლოდ 20 პროცენტი ემთხვევა ბაბილონურს, მათი საერთო
რიცხვი დაყვანილია 113–მდე, იდეოგრამები თითქმის მთლიანად შეცვლილია
ფონეტიკური ნიშნებით; ხელუხლებელი დარჩა მხოლოდ რამდენიმე იდეოგრამა იმ
ცნებათათვის, რომლებიც უფრო ხშირად იხმარებოდა, მაგალითად, ქალაქი, მეფე,
ადამიანი, სახლი, გემი, მთა და მისთ. ამრიგად, აქ თითქმის მთლიანადაა
აღმოფხვრილი ნიშანთა ის პოლიფონიურობა, რაც განსაკუთრებით ართულებდა
სემიტური ტექსტების კითხვას. დეტერმინატივების რიცხვმაც იკლო, თუმცა ისინი
უფრო ხშირად გამოიყენებოდა. შეიმჩნევა აშკარა ტენდენცია თვით ნიშანთა
გამარტივებისა.
ელამური დამწერლობის განვითარების ბოლო სტადიას წარმოგვიდგენენ
ახალი სუზური წარწერები, რომლებიც განეკუთვნება აქემენიანთა ირანის მიერ
ელამის დაპყრობის ხანას. ამ დამწერლობამ სპარსული ფონეტიკური დამწერლობის
ზეგავლენით განიცადა სერიოზული ცვლილებები. წარწერათა ენაში უხვადაა ასევე
სპარსულიდან ნასესხები ლექსიკა. ამის შემდგომ ელამური დამწერლობაც და ენაც
სრულიად ქრება, მას სპარსული ცვლის.
ელამიტების გარდა, ლურსმული დამწერლობა აითვისეს წინა აზიის სხვა
ხალხებმაც, რომლებმაც ის საკუთარ მოთხოვნილებებს მიუსადაგეს. საინტერესოა,
რომ ამ ხალხთა შორის მხოლოდ ერთი განეკუთვნებოდა სემიტურ ოჯახს. ეს ფაქტი
კიდევ ერთხელ განამტკიცებს იმ მოსაზრებას, რომ ლურსმული დამწერლობა
სემიტური ენებისათვის მეტად მოუქნელი და შეუსაბამო იყო. ძვ. წ. აღ.–ის
დაახლოებით 2350 წელს ლურსმული დამწერლობა აითვისეს ხეთებმა. ამ ხალხის
წარმოშობა დიდი ხნის განმავლობაში გაურკვეველი იყო. მათი ლურსმული
დამწერლობა 1915 წელს გაშიფრა ჩეხმა მეცნიერმა ბედრჟიჰ ჰროზნიმ, რომელმაც
ხეთები ინდოევროპულ ოჯახს მიაკუთვნა. ამ თამამმა განცხადებამ ზოგიერთი
მკვლევარის მხრიდან კრიტიკა დაიმსახურა და ის არ იქნა გაზიარებული ყველას
მიერ, მაგრამ ჰროზნის მოსაზრება სავსებით სწორი იყო, რაც საბოლოოდ
დადასტურდა დანიელი ჰოლგერ პედერსენის შრომებში.
ძვ. წ. აღ.–ის 2200 წლის შემდეგ ხეთებმაც შეცვალეს ლურსმული სილაბური
დამწერლობა თავიანთი საკუთარი სისტემით, რომელიც ფონეტიკურ პრინციპს
ემყარებოდა. ხეთების ლურსმული წარწერებიდან ჩვენამდე მოაღწია რამდენიმე
6
იდეოგრამამ, რომელთა შინაარსი არ არის ბოლომდე დადგენილი. ჩვენამდე ასევე
მოაღწია ხეთების დიპლომატიურმა მიმოწერამ, შუმერულ–ასურულ–ხეთურმა
სახელმძღვანელოებმა და ლექსიკონებმა, საღვთისმეტყველო თხზულებებმა და
საღვთისმსახურო წიგნებმა, გილგამეშის ეპოსის ვარიანტებმა, ტრაქტატებმა ცხენების
გახედნის შესახებ, წერილებმა. დღესდღეობით დავას არ იწვევს, რომ ხეთური
ინდოევროპულ ენათა ოჯახს განეკუთვნება, მაგრამ მან განიცადა ძლიერი და
მრავალგზისი გავლენა კავკასიური და სემიტური ენებისაგან.
სემიტური კულტურის ძლიერი გავლენა განიცადეს ასევე მითანელებმა. ეს
ხალხი დასავლეთ მესოპოტამიაში ცხოვრობდა. მათი არსებობა დადასტურებულია
ბაბილონურ ძეგლებში, სადაც მოიპოვება გლოსები მითანურ ენაზე. ერთადერთი
ძეგლი, რომელიც მითანურ ენაზე შემოგვრჩა და შესრულებულია მითანური
ლურსმული დამწერლობით, წარმოადგენს მითანელი მეფის წერილს ეგვიპტის
ფარაონისადმი და აღმოჩენილია თელ ალ–ამარნის არქივში. მითანური დამწერლობა
იმ დროისათვის უკვე ძლიერად ფონეტიზებული იყო. გარდა მრავალი თვით
მითანური საკუთარი სახელისა, რომელიც შესაბამისი მასალების უქონლობის გამო
ჯერ კიდევ ზუსტად არ არის იდენტიფიცირებული, აღნიშნულ წარწერაში გვხვდება
წმინდა არიული წარმოშობის ღვთაებათა სახელები, მაგალითად, ინდრა, ვარუნა და
სხვ. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ქვეყანაში გაბატონებული
იყო არიული წარმომავლობის არისტოკრატია. გლოსები და წერილი განეკუთვნება
ძვ. წ. აღ.–ის 2200–1400 წლებს.
უფრო მრავალრიცხოვან ძეგლებს ვხედავთ ქასიტების ენაზე. ამ ხალხს
ბაბილონურად ეწოდებოდა ქაშშუ. ეს იყო ნახევრად ველური ხალხი, რომელმაც ძვ. წ.
აღ.–ის დაახლოებით XVII საუკუნეში დაიპყრო ბაბილონის სამეფო. ქასიტები
მოვიდნენ მიდიიდან, როგორც ამ ქვეყანას მოგვიანებით ეწოდა. მდებარეობდა
თანამედროვე ქალაქი დიარბექირის შემოგარენში. მათი სახელმწიფო გადაჭიმული
იყო ელამიდან ურმიის ტბამდე. კულტურის სხვა ელემენტებთან ერთად მათ
ბაბილონელებისაგან აითვისეს ლურსმული დამწერლობა და მას საკუთარი
სახელმწიფოს დამხობამდე და გადაშენებამდე ხმარობდნენ. ძვ. წ. აღ.–ის XVI
საუკუნეში ბაბილონში გაბატონდნენ სემიტო–ქასიტი მეფეები, რომლებიც ქვეყანას
განაგებდნენ ძვ. წ. აღ.–ის 910 წლამდე. ქასიტები ბაბილონიდან განდევნეს. მათ თავი
შეაფარეს ზაგროსის მთებს (დღევანდელ ქურთისტანს), სადაც ალექსანდრე დიდის
ეპოქამდე მკვიდრობდნენ. წარწერები მათ ენაზე უმეტესწილად დაზიანებული,
ფრაგმენტული სახითაა ჩვენამდე მოსული, ფირფიტების უმრავლესობა
დამტვრეულია. ამ მასალაზე დაყრდნობით შეიძლება დავასკვნათ, რომ ქასიტების
დამწერლობაც გაცილებით უფრო მეტად იყო ფონეტიზებული, ვიდრე
ბაბილონელებისა.
მათგან, ვინც ლურსმული დამწერლობა აითვისა, აუცილებლად უნდა
ვახსენოთ ხალხი, რომელიც ძვ. წ. აღ.–ის IX-VIII საუკუნეებში ცხოვრობდა ვანის ტბის
აუზში, დღევანდელ სომხეთში. ბაბილონელები მათ ასე მოიხსენიებდნენ: ქალდუ.
ისინი საკუთარ თავს ბიაინებს უწოდებდნენ, ბერძნები – ალაროდიელებს.
ასურულად ეს ქვეყანა ცნობილია, როგორც ურარტუ. ქალდუ მათი მთავარი ღვთაება
იყო, ურარტუ კი მთის სახელი (არარატი). ამ ხალხმა ასურელი მეფის, სალმანსარ II–
ის, მმართველობის ხანაში, ძვ. წ. აღ.–ის დაახლოებით 850 წელს, მიიღო ლურსმული
დამწერლობა. მათ უარი განაცხადეს დეტერმინატივებზე და მხოლოდ და მხოლოდ
მცირერიცხოვანი იდეოგრამები აითვისეს. ე.წ. „ვანის წარწერების“ უმრავლესობა
შესრულებულია მარცვლოვანი დამწერლობით. აღმოჩენილი ტექსტები მოკლეა და
7
არც თუ მთლად ცხადი. ისინი გაშიფრულ იქნა ორენოვანი წარწერის მიხედვით,
რომელიც ქალიშინში აღმოჩნდა. ურარტუს სახელმწიფო აღმოცენდა ვანის ტბის
შემოგარენში. მისი მთავარი ქალაქი იყო თურუშფა. მან დაახლოებით 150 წელი
იარსება. ძვ. წ. აღ.–ის 640 წელს ის ასურელებმა დაიპყრეს. ამის შემდეგ ურარტუს
ხალხი მთლიანად ქრება. ზოგიერთი სომეხი მკვლევარის მცდელობა, ურარტული
წარწერების ენაში ამოეცნო სომხური ენის არქაული ფორმა, წარუმატებელია.
დამტკიცებულია, რომ ურარტული ენა, განსხვავებით სომხურისაგან,
არაინდოევროპული წარმოშობისაა და ის კავკასიურ ენებთან ამჟღავნებს სიახლოვეს.
ლურსმული დამწერლობის თავისებურ სახეობას ვხედავთ კაპადოკიურ
ფირფიტებზე, რომლებზეც მოცემულია წარწერები დამახინჯებულ ასურულ
დიალექტზე რომელიღაც სხვა, ჯერ–ჯერობით უცნობი, ენის სიტყვების მინარევით.
ეს დამწერლობა გაცილებით უფრო მარტივია როგორც ასურული, ასევე ნინევიის
ძეგლების ენასთან შედარებით და ადვილად იკითხება.
რაც შეეხება ლურსმული დამწერლობის ვარიანტს, რომელიც ქალაქ კანტასთან
აღმოჩენილ ძეგლებში დასტურდება, მის შესახებ რაიმე კონკრეტული დასკვნის
გაკეთება ჭირს. ეს ძეგლები ნაკლებადაა შესწავლილი.
ცალკე უნდა შევეხოთ ლურსმული დამწერლობის იმ სახეობას, რომელიც
სირიაში, ზღვისპირა ქალაქ ლატაკიასთან ახლოს აღმოჩნდა. აღნიშნულ
ტერიტორიაზე ძველად მდებარეობდა დიდებული ქალაქი უგარიტი. მას დღეს რას
შამრა ეწოდება. სამეფო სასახლის ნანგრევებში აღმოჩნდა მრავალრიცხოვანი
ფირფიტები ლურსმული წარწერებით, რომლებშიც სპეციალისტებმა მაშინვე
ამოიცნეს ლურსმული დამწერლობის სრულიად განსაკუთრებული მოდიფიკაცია.
ფრანგმა მცენირემა ვორილომ დაადგინა, რომ ეს დამწერლობა ფონეტიკურია,
მხოლოდ და მხოლოდ ასეთი და არა სილაბური. გრაფემათა ლურსმული
მოხაზულობა დამწერლობის გარეგანი მხარეა და მისი შინაგანი არსი სრულიად
განსხვავებულია. ფაქტობრივად ესაა ანბანი. უგარიტული ანბანი მიჩნეულია
დამწერლობის ყველაზე დახვეწილ ტიპად, რომელიც ლურსმული დამწერლობიდან
განვითარდა. ის გაცილებით უფრო სრულყოფილია, ვიდრე – სპარსული.
უგარიტული წარწერები მარცხნიდან მარჯვნივ იკითხება, როგორც ეს
დამახასიათებელია ლურსმული წარწერებისათვის. ამ ძეგლების ენა სემიტურია,
უფრო ახლოს დგას ფინიკიურის უძველეს ეტაპთან, თუმცა, ფინიკიურისაგან
განსხვავებით, არ შედის ქანაანურ ენათა განშტოებაში. უგარიტული, ამორიტულთან
ერთად, ქმნის ჩრდილო–დასავლურ სემიტურ ენათა II ათასწლეულის ქვეგანშტოებას.
უგარიტული ანბანი 28 ნიშანს შეიცავს, ზოგიერთი მათგანი ხმოვანსაც აღნიშნავს.
როგორც ჩანს, უგარიტული ანბანის ზოგიერთმა ასომ ზეგავლენა მოახდინა
ფინიკიური ანბანის ანალოგიურ ასოებზე. ჩ. ლუკოტკამ შემოგვთავაზა უგარიტული
და ფინიკიური ანბანების პირველი შედარებითი ტაბულა. მართალია, ფინიკიური
ანბანი წარმოშობით დასავლურსემიტურია და ევიპტურ დამწერლობას
უკავშირდება, უგარიტული კი ლურსმული დამწერლობიდანაა განვითარებული,
მაგრამ უგარიტულს შეეძლო გარკვეული ზეგავლენა მოეხდინა ფინიკიურ ასოთა
მოხაზულობაზე, ვინაიდან უგარიტელები და ფინიკიელები ახლოს მკვიდრობდნენ.
უგარიტული წარწერები ძირითადად პოეტური და რელიგიური ხასიათისაა,
მაგალითად, ისიდას ჰიმნი და სხვ. ამ უძველესი სემიტური ფონეტიკური ანბანის
აღმოჩენამ საბოლოოდ გამოაცალა საფუძველი მანამდე დამკვიდრებულ მოსაზრებას,
თითქოს ფონეტიკური ლურსმული დამწერლობის შექმნა ინდოევროპელების
(სპარსელების) დამსახურებაა.
8
ახლა შევჩერდეთ სპარსელებზე. მათ ძველი მსოფლიოს ერთ–ერთი
უძლიერესი სახელმწიფო შექმნეს. მათი გავლენა დამყარდა მესოპოტამისა და,
დროებით – ეგვიპტეშიც. სპარსელებმა ასურულ–ბაბილონური კულტურის მრავალი
ელემენტი აითვსეს, მათ შორის – ლურსმული დამწერლობა. მაგრამ ასურულ–
ბაბილონური სისტემა მეტად რთული იყო, ამიტომაც სპარსელებმა ის გაამარტივეს,
თანაც გაცილებით უფრო რადიკალურად, ვიდრე სხვა ხალხებმა (თუ მხედელობაში
არ მივიღებთ უგარიტელებს). დარიოს პირველს, რომელიც ზეობდა ძვ. წ. აღ.–ის 521–
485 წლებში, მიაწერენ კვაზიანბანური დამწერლობის შექმნას. შესაძლოა, უშუალოდ
მას არ შეუქმნია დამწერლობის ეს გამარტივებული სახეობა, მაგრამ აშკარაა, რომ
ყოველივე სწორედ მისი ინიციატივით მოხდა, მანვე შეუწყო ხელი აღნიშნული
სახეობის გავრცელებას. დამწერლობის ეს ტიპი გვხვდება 41 წარწერაში. ყველა
მათგანი სპარსულ ენაზეა. მოგვიანებით იგი შეიცვალა კიდევ უფრო ცხადი
სისტემით, რომელიც არამეულიდან განვითარდა. ხსენებული ორმოცდაერთივე
წარწერა დარიოს I–ისა და მის მემკვიდრეთა, ქსერქსეს, ართაქსერქსე I-ის, II–ისა და
III–ის ეპოქას განეკუთვნება.
ერთი შეხედვით ლურსმული დამწერლობის ბაბილონურ და სპარსულ
სისტემებს შორის რაიმე განსხვავება არ არის. განსხვავება მხოლოდ დეტალური
შესწავლის შედეგად მჟღავნდება. მეტიც, ეს განსხვავება საკმაოდ სერიოზული
ხასიათისაა. სპარსული სისტემა შეიცავს მხოლოდ ოთხ იდეოგრამას, ესენია: მეფე,
ქვეყანა, მიწა და აჰურამაზდუ (ღვთაების სახელი). შემდგომ მასში არის 3 ნიშანი
ხმოვანთათვის, 22 – თანხმოვანთათვის (შედგება თანხმოვნისაგან და a ხმოვნისაგან),
4 – i ხმოვნის შემცველი მარცვლებისათვის, 7 – u ხმოვნის შემცველი
მარცვლებისათვის და 1 – სიტყვათა ურთიერთგასამიჯნად. გრძელი ხმოვნები
სპარსულში ორმაგდება, შუმერულის მსგავსად.
როგორც უკვე აღინიშნა და წარმოდგენილი აღწერიდანაც ჩანს, სპარსული
დამწერლობა არ არის ისეთი სრულყოფილი, როგორც უგარიტული. ის არ არის
წმინდა ანბანური, თუმცა აშკარად წინ გადადგმული ნაბიჯია ბაბილონელთა ესოდენ
მონუმენტური დამწერლობის შემდეგ. უდავოა, რომ გამარტივების პროცესზე დიდი
ზეგავლენა მოახდინეს ელამიტებმა, რომელთა ქვეყანაშიც დასახლდნენ სპარსელები.
ზოგიერთი კომბინაციის წაკითხვა გართულებულია, ვინაიდან ისინი არამდგრადია,
მაგალითად, a-da-ma შეიძლება სხვადასხვაგვარად იქნას წაკითხული: adama, ádama,
ádam, adam, ádma, ádm, adm. ფორმათა ამ სიმრავლიდან რომელი უნდა იქნას
გამოყენებული კონკრეტულ შემთხვევებში, ცხადია მხოლოდ მისთვის, ვინც კარგად
იცის ენა და მასში შემავალ სიტყვათა ეტიმოლოგია. მხოლოდ ასეთ ადამიანს
შეუძლია სწორად კითხვა. სპარსული ლურსმული დამწერლობა ფაქტობრივად
წარმოადგენს სილაბური და ფონეტიკური ტიპების ნარევს. აქემენიდების დინასტიის
დაცემის შემდეგ ეს დამწერლობა გადაშენდა. ის შეცვალა ხალხში უფრო ფართოდ
გავრცელებულმა ახალმა დამწერლობამ, რომელიც არამეულიდან განვითარდა.
XV საუკუნემდე ლურსმული დამწერლობის შესახებ არაფერი არ იცოდნენ.
მხოლოდ გვიან გახდა ცნობილი, რომ პერსეოპოლისის ნანგრევებში აღმოჩნდა რაღაც
გაურკვეველი წარწერები. მათი პირველი ნიმუში შირაზიდან ნეაპოლში გაგზავნა
პიეტრო დელა ვალემ. მაგრამ ეს მხოლოდ ხუთი ბგერათშეხამება იყო და იმხანად
მათი გაშიფვრა შეუძლებელი შეიქნა. მხოლოდ 1788 წელს კარსტენ ნიბურმა
ადგილზე გადაიწერა მთელი რიგი ამ წარწერათაგან და სცადა მათი ამოკითხვა. მან
შეძლო მეტად მნიშვნელოვანი რამ, კერძოდ, დაადგინა, რომ ბეხისთუნის დიდი
წარწერა შესრულებულია სამ სხვადასხვა ენაზე. ეს სახელგანთქმული ძეგლი,
9
რომელიც ქალაქი ქარმანშაჰიდან 30 კილომეტრის დაშორებით აღმოჩნდა,
ლურსმული დამწერლობის გაშიფვრის აუცილებელი საშუალებაა, ისევე, როგორც
ძველი სპარსულის შესწავლის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი წყარო. მისი სიმაღლეა
თითქმის 115 მ. წარწერა შეიცავს 1000 სტრიქონს. ისინი რამდენსამე სვეტშია
გადანაწილებული. 5 სვეტი (414 სტრიქონი) უკავია სპარსულ ტექსტს, დანარჩენი 2 –
ელამურსა და ბაბილონურს.
1802 წელს გიოტინგენის უნივერსიტეტში მოღვაწე მეცნიერმა გროტეფენდმა
წამოაყენა საკუთარი მეთოდი ბეხისთუნის წარწერის გასაშიფრად. ის ამოდიოდა
იქიდან, რომ წარწერები აღმოჩნდა აქემენიანთა მეფეების სასახლის ნანგრევებში,
მაშასადამე, ამ წარწერებში აუცილებლად უნდა ყოფილიყვნენ მოხსენიებულნი ამ
დინასტიის მმართველნი. მართლაც, მან შეძლო, ამოეკითხა რამდენიმე სახელი
(დარიოსი, ართაქსერქსე და სხვ.), ამასთანავე, გაეშიფრა ორიოდე სხვა სახელიც.
მაგრამ გროტეფერდმა კარგად არ იცოდა ძველი სპარსული, ვერ ერკვეოდა მის
ფონეტიკაში, ამიტომაც შემდგომი კვლევა ვეღარ განაგრძო, თუმცა მისი მეთოდი
სწორი იყო, რაც მოგვიანებით დადასტურდა. როულინსონმა გროტეფენდისაგან
დამოუკიდებლად დაიწყო იმავე მეთოდით მუშაობა. თავდაპირველად იგი ირანის
შაჰის ჯარის ინსტრუქტორი იყო, მაგრამ მალე დაინტერესდა იმ ქვეყნის ძველი
ისტორიით, რომელშიც მუშაობა უწევდა. მან საკუთარი ხელით გადაიწერა
ბეხისთუნის მთლიანი წარწერა. ინგლისში დაბრუნებისთანავე განაგრძო მუშაობა და
შეძლო მთელი ტექსტის გაშიფვრა. 1850 წლისათვის ბეხისთუნის წარწერის
სპარსული ნაწილი მთლიანად ამოკითხული და თარგმნილი იყო.
ამის შემდეგ მეცნიერებმა დაიწყეს დანარჩენი ორი ენის გაშიფვრაც.
გროტეფენდმა სცადა მეორე ტექსტის ამოკითხვა. მისი აზრით, ტექსტი ყველა ენაზე
ერთი და იმავე შინაარსისა უნდა ყოფილიყო. მეორე ენად მას მიდიური მიაჩნდა. ამ
ენას ასე განსაზღვრავდა ოპერტიც. მხოლოდ ვაისბახმა დაამტკიცა, რომ ბეხისთუნის
წარწერის მეორე ტექსტი შესრულებულია ელამურ ენაზე. განსაკუთრებით რთული
აღმოჩნდა მესამე ნაწილი. დანიელმა მკვლევარმა მიუნსტერმა დაადგინა, რომ
ბეხისთუნის მესამეენოვანი წარწერის ზოგიერთი ნიშანი იგივე იყო, რაც ბაბილონში
აღმოჩენილ თიხის ფირფიტებზე. გარდა ამისა, მან დაასკვნა, რომ ეს არ იყო
ფონეტიკური დამწერლობა. აქ საქმე გვქონდა ისეთ სისტემასთან, სადაც მთლიანი
სიტყვები იყო გრაფემებით გადმოცემული. შვედი ლევენშტეინი იმ დასკვნამდე
მივიდა, რომ ეს სემიტური ენა იყო. ჰინქსმა 1846 წელს შეძლო ზოგიერთი
იდეოგრამისა და სილაბური ნიშნის ამოკითხვა. საბოლოო სიტყვა აქაც
როულინსონმა თქვა, მან 1851 წელს სრულად ამოიკითხა ტექსტი. შემდგომი
სამუშაოები მხოლოდ დამატებითი ხასიათისა იყო და მიზნად ისახავდა ადრე
შეგროვილი მასალების მოწესრიგებას, მიღებული შედეგების დაზუსტებას.
მეცნიერთა ერთობლივი ძალისხმევის შედეგად გაიშიფრა მრავალი
გადაშენებული ხალხის უძველესი დამწერლობა. ამ დამწერლობით შესრულებული
ძეგლების ამოკითხვამ შესაძლებლობა მოგვცა, ღრმად ჩაგვეხედა წინა აზიის ხალხთა
ისტორიასა და კულტურაში. ნათელი მოეფინა ძველი აღმოსავლეთის ხალხებთან
მიმართებაში არსებულ არაერთ სადავო საკითხს, გამოირიცხა არასწორი
მოსაზრებები და ვარაუდები. ამჟამად წინა აზიის შესახებ ჩვენს ხელთაა უმდიდრესი
ადგილობრივი აღმოსავლური წყაროები და მკვლევარნი უძველესი პერიოდის
შესწავლისას მხოლოდ ბერძნულ–რომაულ წყაროებს აღარ ეყრდნობიან.
წინამდებარე მიმოხილვის ბოლოს ცალკე შევეხებით ლურსმული
დამწერლობის ხეთურ სისტემას.
10
წინა აზიის ხალხთა ისტორიის, ენებისა და კულტურის შესწავლის საქმეში
განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი ჩეხ მეცნიერს, ბედრჟიჰ ჰროზნის,
რომელიც ზემოთ რამდენჯერმე ვახსენეთ. მან გაშიფრა ხეთური წარწერები და
გამოთქვა მოსაზრება ამ ხალხის ინდოევროპული წარმოშობის შესახებ, რაც
მომდევნო გამოკვლევებმა დაადასტურა.
მართალია, ბოღასქოის აღმოჩენებამდეც იყო ცნობილი ხეთების არსებობა,
მაგრამ მათ შესახებ პრაქტიკულად არ არსებობდა ინფორმაცია, ის ცნობები,
რომლებიც ეგვიპტურ და ბაბილონურ წყაროებში მოიპოვება, მეტად მწირია.
მხოლოდ თვითონ ხეთური სამეფო არქივის წყალობით გახდა შესაძლებელი ამ
ხალხის შესახებ მეტის გაგება.
ხეთებმა პირველი დასახლებები მცირე აზიაში დააარსეს მდინარე ყიზილ
ირმაქის (ჰალისის) ნაპირებზე დაახლოებით ძვ. წ. აღ.–ის 2000 წელს. ისინი
გამოირჩეოდნენ მებრძოლი სულით და ხშირად უხდებოდათ შეტაკება მეზობელ
ხალხებთან, მაგრამ მაინც გაცილებით უფრო მშვიდობიანნი იყვნენ, ვიდრე,
მაგალითად, ასურელები. ხეთი მეფეების ტრიუმფალურ წარწერებსა და მათ
არქივებში აღმოჩენილ სამხედრო შეტყობინებებში საერთოდ არაა ნახსენები
ჰეკატომბები (მასობრივი ხოცვა–ჟლეტა), მოკვეთილი თავები თუ ხელები,
ამოთხრილი თვალები და მისთ., რითაც სხვა მმართველთა შორის ესოდენ
იწონებდნენ თავს უპირველეს ყოვლისა ასურეთის მეფეები და ეგვიპტის ფარაონები.
ხეთების სახელმწიფო გამოირჩეოდა შიდა წესრიგით, დისციპლინით, მაღალი
ზნეობით, რაც საერთოდ არ ახასიათებდა ძველი წინა აზიის სხვა მრავალ ხალხს.
კოდექსი, რომელიც განეკუთვნება მეფე სუფილულიუმას ეპოქას (ძვ. წ. აღ.–ის XV ს.),
ძალიან მაღალი დონის იურიდიული ძეგლია. მისი კანონები გაცილებით უფრო
ჰუმანური ხასიათისაა, ვიდრე ანალოგიური სტატიები ბაბილონის მეფე ხამურაბის
კოდექსში. გაშიფრულია არაერთი ხელშეკრულება ხეთებსა და მეზობელ
სახელმწიფოებს შორის. როგორც ირკვევა, ხეთები ყოველთვის კეთილსინდისიერად
ასრულებდნენ საკუთარ თავზე აღებულ მოვალეობებს, იმავდროულად ისიც
შეეძლოთ, ხელშეკრულების დამდები მეორე მხარეც ეიძულებინათ, პირობა არ
დაერღვია.
გარდა იურიდიული დოკუმენტებისა და საერთაშორისო ხელშეკრულებებისა,
ჩვენამდე მოაღწია თიხის ფირფიტებმა, რომლებზეც მოცემულია მეფის
ცერემონიათამეისტერის განკარგულებები, მათ შორის – მეფის სამზარეულოსთან
დაკავშირებული დეტალები, სამხედრო ბრძანებები, ინსტრუქციები
მთავარსარდლებისადმი, რელიგიური წესების აღწერა, ლოცვის ტექსტები, ჰიმნები,
მითოლოგიური ტექსტები, ისტორიული და პოეტური თხზულებები, რომანები,
სატირული ლექსები და სხვ.
ამრიგად, ბ. ჰროზნის აღმოჩენას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. შემდგომმა
გამოკვლევებმა უჩვენა, რომ ეს ლურსმული წარწერები შესრულებულია არა მხოლოდ
ხეთურ ენაზე, არამედ ხუთ სხვადასხვა ენაზე. ძველი ეგვიპტური სახელწოდება
„ხათთუ“ მიემართებოდა არა იმ ერს, რომელსაც დღეს ჩვენ ხეთებს ვუწოდებთ,
არამედ სრულიად სხვა ხალხს ასევე სრულიად განსხვავებული ენით. ხალხი,
რომელსაც ხათუ ეწოდება, ლაპარაკობდა კავკასიური წარმოშობის აბორიგენთა
ენაზე, რამდენადაც ეს შეიძლება დავასკვნათ შემორჩენილი მასალიდან
(ნაწყვეტებიდან). ჩვენამდე მოაღწია მხოლოდ ლოცვებმა და შელოცვებმა. ისინი
დაკავშირებულია იმ ღვთაებებთან, რომლებიც ხეთებმა აბორიგენებისაგან მიიღეს
თავიანთი პანთეონისათვის. ხეთებს ახასიათებდათ სხვათა ღვთაებების,
11
რიტუალებისა და თვით ენის მიღებაც კი საჭიროების შემთხვევაში, რაც მეტად
იშვიათია წინა აზიის ხალხთა შორის.
ბოღასქოის არქივში მოიპოვება მასალა ლუვიურ ენაზე. ეს ხალხიც
ინდოევროპული წარმოშობისაა. ისინი ხეთების სამხრეთით ცხოვრობდნენ,
ტერიტორიაზე, რომელსაც შემდგომში კილიკია ეწოდა. ლუვიელები აქ დაახლოებით
ძვ. წ. აღ.–ის 2300 წელს გამოჩნდნენ. მართალია, ხეთები ლუვიელებს უკულტურო
ხალხად მიიჩნევდნენ, მაგრამ მათი ენა გამოიყენებოდა იმ რიტუალებში, რომლებიც
უკავშირდებოდა ხეთების მიერ მიღებულ ლუვიურ ღვთაებებს.
ჩვენ ასევე ვეცნობით ხურიტების ენას. ამ ხალხის შესახებ გარკვეული ცნობები
გვქონდა ასურული წყაროებიდან. მათი ენა ახლოს იდგა მითანელთა
მეტყველებასთან. ესეც კავკასიური წარმოშობის ენაა. ხურიტ მეფეთა რეზიდენცია
იყო ქალაქი ურფა ჩრდილოეთ მესოპოტამიაში.
აღნიშნულ ენებზე შესრულებული წარწერებიდან ირკვევა, რომ უცხოელები
ხეთებს ასე უწოდებდნენ: ნესი.
ხეთური ლურსმული წარწერების გაშიფვრას შედეგად არ მოჰყოლია ხეთების
პრობლემის საბოლოო გადაწყვეტა. ჯერ კიდევ შეუსწავლელი იყო ხეთების
იეროგლიფური დამწერლობა. მისი გაშიფვრა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ვერ
მოხერხდა. მრავალმა მეცნიერმა ცდა არ დააკლო ამ საქმეს, გამოყენებულ იქნა
უამრავი მეთოდი, მაგრამ უშედეგოდ. იოჰან ფრიდრიხმა აღნიშნა, რომ ცნობილი
დამწერლობის მქონე უცნობი ენის, ანდა ცნობილ ენაზე ჩაწერილი უცნობი
დამწერლობის გაშიფვრა აპრიორი უფრო შესაძლებელია, ვიდრე უცნობი
დამწერლობის მქონე უცნობი ენისა. სწორედ ასეთი იყო ხეთური ენა და
იეროგლიფური დამწერლობა. ასეთ შემთხვევაში პრაქტიკულად არ არსებობს
არავითარი საყრდენი, რომელზეც შეიძლება მსჯელობა ავაგოთ. მიუხედავად ამისა,
ბ. ჰროზნიმ მოახერხა ესოდენ რთული ამოცანის გადაჭრაც.
ჩრდილოეთსირიული და მცირეაზიური იეროგლიფები მკვეთრად
განსხვავდება ეგვიპტურისაგან, ამიტომ ეს უკანასკნელი საყრდენ წერტილად არ
გამოდგებოდა. გასაშიფრად ჰროზნიმ გამოიყენა ორენოვანი წარწერა, რომელიც მეფე
თარქუმუვის ბეჭედზე აღმოჩნდა. წარწერა შეიცავს ხეთურ იეროგლიფებსა და მოკლე
ლურსმულ ტექსტს, რომლის საფუძველზეც 1933 წელს ბ. ჰროზნიმ მთლიანად
გაშიფრა ხეთური ნაწილიც. ამასთანავე, მან გამოარკვია, რომ ხეთური იეროგლიფები
წარმოადგენს დამწერლობის შერეულ ტიპს, კერძოდ, იდეოგრაფიულსა და
ფონეტიკურს. იეროგლიფების საერთო რაოდენობა უფრო ნაკლებია, ვიდრე
ეგვიპტურში. ხეთურში სულ 350 ნიშანი გვაქვს. მათ შორისაა 65 ფონეტიკური
დამატება, როგორც მარცვლოვანი, ასევე ასოთა აღმნიშვნელი. ხეთური დამწერლობა
აღმოცენდა დაახლოებით ძვ. წ. აღ.–ის III ათასწლეულის მეორე ნახევარში. უძველესი
ხეთური ძეგლი, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია, არის მეფე ხუზიაშის ბეჭედი. ხეთური
დამწერლობა ისტორიაში პირველად გვთავაზობს დიაკრიტიკულ ნიშანს გრძელი
ხმოვნის აღსანიშნავად.
საინტერესოა, რომ ხეთური იეროგლიფებით შესრულებული ძეგლების ენა არ
ემთხვევა ლურსმული დამწერლობით შესრულებული წარწერების ენას. მართალია,
ისინი ახლოსაა ერთმანეთთან, მაგრამ მაინც სხვადასხვა ენაა. იეროგლიფებით ნაწერი
ძგელების ენა უფრო მეტად ჰგავს ლუვიურს. მაშასადამე, ესეც დასავლური
ინდოევროპული ენაა. ხეთური ლურსმული დამწერლობა საბოლოოდ ქრება ძვ. წ.
აღ.–ის 1200 წლის შემდეგ, როდესაც ხეთების სამეფო დაემხო ბალკანეთიდან სხვა
ინდოევროპული ტომების (ლიდიელებისა და ფრიგიელების) შემოჭრის შედეგად.
12
ხეთური იეროგლიფური ძეგლები ერთადერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ სამეფოს
დაცემის შემდეგ ხეთების გარკვეული ნაწილი ისევ ცხოვრობდა ჩრდილოეთ
სირიაში. ძვ. წ. აღ.–ის VII საუკუნის შუა ხანებიდან ისინიც გადაშენდნენ, ვინაიდან
მოხდა მათი სრული სემიტიზაცია. ხეთები გადავიდნენ არამეულ ენასა და
დამწერლობაზე, როგორც მთელი ნაყოფიერი ნახევარმთვარე (სირია–პალესტინა,
მესოპოტამია). არამეულის პოზიციები სემიტური სამყაროს ფარგლებს გარეთაც
ძალიან ძლიერი იყო მრავალი საუკუნის განმავლობაში.
თავდაპირველი სახელწოდება იმ ენისა, რომელზეც ჩაწერილია ტექსტები
ხეთური იეროგლიფებით, არ არის ცნობილი.

13

You might also like