You are on page 1of 12

თემა IV.

განვითარების ფსიქოლოგიის მეთოდები

განვითარების ფსიქოლოგიაში გამოიყენება ასაკობრივ თავისებურებებთან


მისადაგებული ზოგადი ფსიქოლოგიის ყველა მეთოდი. ნებისმიერი მეცნიერების
მეთოდები დამოკიდებულია შესასწავლი საგნის თავისებურებებზე. განვითარების
ფსიქოლოგიის მეთოდებია ფაქტების შესწავლის ის ხერხები, რომლებიც ახასიათებენ
ადამიანის ფსიქიკურ განვითარებას.

განვითარების ფსიქოლოგია, რომელიც სწავლობს ფსიქიკური განვითარების


დინამიკას, განვითარების ფაქტებს მოიპოვებს სხვადასხვა ასაკის ბავშვთა
თავისებურებების ერთმანეთთან შედარების საფუძველზე. ამის გაკეთება კი
შესაძლებელია ორი გზით:

ა) ერთი და იმავე ბავშვის ხანგრძლივი შესწავლის საფუძველზე დადგინდეს


ასაკობრივი განვითარების თავისებურებანი და სპეციფიკა ან ბ) მოხდეს თითოეული
ასაკობრივი ჯგუფის ბავშვების დიდი რაოდენობით შესწავლა და იმის დადგენა, თუ
რით განსხვავდება ერთი ასაკობრივი ჯგუფი მეორისგან.

განვითარების ფსიქოლოგიაში გამოყენებული ყოველი მეცნიერული კვლევა


აუცილებლად გაივლის ოთხ ეტაპს (გ. კრაიგი): ა) პრობლემის დასმა. მკვლევარმა
უნდა განსაზღვროს კვლევის კონკრეტული სფერო, სახელდობრ ის, რაც მან უნდა
შეისწავლოს. განვითარების ფსიქოლოგიაში შესასწავლია ბევრი საინტერესო
მოვლენა. მაგალითად, რას და როგორ აღიქვამს ჩვილი ბავშვი, რა განსხვავებაა
მორალური განვითარების თვალსაზრისით ბიჭებსა და გოგონებს შორის, როგორია
შემეცნებითი ფსიქიკური პროცესების განვითარების დონე უმცროს და უფროს
მოზარდებთან და მრავალი სხვა, მაგრამ მკვლევარს ყოველთვის უნდა ახსოვდეს,
რომ რაც არ უნდა საინტერესო იყოს ასეთი კითხვები, ისინი მაინც ზოგად,
გლობალურ ხასიათს ატარებენ და შესწავლისთვის დიდ ეფექტს ვერ მოიტანს.
ძალიან საინტერესოა, მაგალითად საკითხი იმის შესახებ, თუ როგორ ეუფლებიან
ბავშვები მშობლიურ ენას, მაგრამ ძალიან ფართო და მასშტაბურია, ხოლო საკითხი,
თუ როგორ მიდის ბავშვი მეტაფორის, სარკაზმის ან შედარების გაგებამდე, უფრო
კონკრეტული, შესასწავლად მოსახერხებელი და ეფექტურია.

ბ) ჰიპოთეზის ჩამოყალიბება. მკვლევარმა უნდა განსაზღვროს და ერთგვარად


იწინასწარმეტყველოს ის მიზეზები, რომლებიც მისი აზრით, იწვევენ მისთვის
საინტერესო მოვლენას.

გ) ჰიპოთეზის შემოწმება. მკვლევარმა უნდა ჩაატაროს ექსპერიმენტი,


შეაგროვოს მონაცემები, გააანალიზოს ისინი სტატისტიკური კრიტერიუმების
გამოყენებით.

დ) დასკვნების ჩამოყალიბება. მკვლევარმა ექსპერიმენტული მონაცემების


საფუძველზე უნდა ჩამოაყალიბოს მეცნიერული დასკვნები იმ მიზეზების შესახებ,
რომელიც მოცემული იყო წინასწარ ჰიპოთეზაში.

განვითარების ფსიქოლოგიის ყველა მეთოდი უნდა იყოს ობიექტური,


მაქსიმალურად უნდა იყოს გამორიცხული სუბიექტივიზმი. ერთი და იგივე
თვისებებისა და ნიშნების გაზომვის განსხვავებული ფორმების გამოყენებამ
შეიძლება განსხვავებულ შედეგამდე მიგვიყვანოს. მაგალითად, იმის კვლევისას, თუ
რამდენად აგრესიულია ბავშვი რომელიმე ჯგუფში, შეიძლება მივიღოთ სრულად
განსხვავებული სამი პასუხი იმის მიხედვით, თუ რას გამოვიყენებთ კრიტერიუმად ამ
საკითხის საკვლევად: მასწავლებლის შეფასებებს, თანატოლთა აზრს თუ ბავშვზე
უშუალო დაკვირვებებს. ნ. ნიუკომბის სამართლიანი აზრით, კვლევის შედეგები
მაშინაა უფრო ობიექტური და სანდო, როცა სხვადასხვა მეთოდებით კვლევის
შედეგები კოჰერენტულია ანუ ერთმანეთს ეთანხმება და ემთხვევა.

განვითარების ფსიქოლოგიაში გამოიყენება კვლევის სხვა მეთოდებიც,


რომლებიც ერთმანეთს ავსებენ და აკონტროლებენ. ეს მეთოდები გამოიყენება
როგორც მეცნიერულ კვლევებში, ასევე სწავლების და აღზრდის პრაქტიკული
მიზნებითაც. სწავლებისა და აღზრდის პროცესში, მოსწავლეებისადმი
ინდივიდუალური მიდგომა გულისხმობს, მათი ინდივიდუალურ–ფსიქოლოგიური
თავისებურებების ღრმა ცოდნას, რაც კვლევის რომელიმე მეთოდის ან მეთოდთა
ჯგუფის გამოყენების გარეშე ვერ მიიღწევა. გამოყოფენ მეთოდთა ოთხ ჯგუფს:

1) ასაკთაშორის კვლევების მეთოდები (პროექტი). ამ მეთოდის (პროექტის)


მიხედვით, განსხვავებული ასაკის ადამიანების გამოკვლევა ტარდება ერთსა
და იმავე დროს და მხოლოდ ერთხელობრივად. განსხვავებული ასაკის
ცდისპირების ერთმანეთთან შედარებისას, მკვლევარებს შესაძლებლობა
ეძლევათ, დააფიქსირონ ასაკობრივი ცვლილებები განვითარების რომელიმე
განსაზღვრულ სფეროში. ამ მეთოდის ეფექტიანობა მდგომარეობს იმაში, რომ
მკვლევარს შესაძლებლობა აქვს განსხვავებულ ასაკებზე შეკრიბოს
მეცნიერული ინფორმაცია მოკლე დროში, ე.ი. ეს მეთოდი გულისხმობს,
სხვადასხვა ასაკის ადამიანების ერთდროული და ერთჯერად გამოკვლევას.
ლონგიტიდური კვლევები. აღნიშნული მეთოდის პარალელურად გამოიყენება
აგრეთვე ლონგიტიდური მეთოდი, რომელიც გულისხმობს ერთსა და იმავე
ცდისპირების ხანგრძლივი დროის განმავლობაში (წლობითაც) მრავალჯერად
გამოკვლევას. ლონგიტიდურ მეთოდს აქვს ორი მთავარი ღირსება. პირველი
მდგომარეობს იმაში, რომ ვინაიდან ადამიანის ქცევას აკვირდებიან რაღაც დროის
განმავლობაში, მკვლევარებს საშუალება აქვთ, განსაზღვრონ როგორც განვითარების
ზოგადი პატერნები, ისე ინდივიდუალური თავისებურებები. მეორე მხრივ,
ლონგიტიდური კვლევა მკვლევარებს აძლევს ადრულ და გვიანდელ მოვლენებსა და
ქცევებს შორის ურთიერთკავშირის დანახვის საშუალებას. მაგალითად, ფრანგმა
ფსიქოლოგმა რ. ზაზომ მრავალი წლის განმავლობაში იკვლია ერთი
კვერცხუჯრედიდან განვითარებული (მონოზიგოტური) ტყუპები სოციალური
გარემოს გავლენით მათი პიროვნული განსხვავებულობის ჩამოყალიბების მიზნით.
როგორც აღვნიშნეთ, ლონგიტიდური მეთოდი გულისხმობს ერთსა და იმავე პირების
შესწავლას მათი ცხოვრების განსხვავებულ პირობებსა და სხვადასხვა პერიოდებში.
აუცილებელია, რომ გაზომვები მეორდებოდეს დროის გარკვეულ მონაკვეთში და
შედეგები შედარებული იქნას წინა შემოწმების შედეგებთან. ასეთ შემთხვევაში,
ბავშვებზე დაკვირვება უნდა ხორციელდებოდეს ხანგრძლივი დროის განმავლობაში,
მოწიფულობამდეც კი.

ლონგიტიდური კვლევის შედეგების ვალიდობის ყველაზე გავრცელებული


საფრთხეა კულტურულ - ისტორიული ცვლილებები, ანუ „კოჰორტის ეფექტი.“
კოჰორტა ეწოდება დროის ერთსა და იმავე პერიოდში მცხოვრებ ბავშვებს, რომელთა
განვითარებაზე გავლენას ახდენს კონკრეტული კულტურული და ისტორიული
პირობები. ერთი კოჰორტის კვლევის საფუძველზე მიღებული შედეგები შესაძლოა,
გამოუსადეგარი იყოს დროის სხვა პერიოდში მცხოვრები ბავშვებისთვის. ასევე,
სოციალური განვითარების შესახებ ლონგიტიდურ კვლევას შესაძლოა,
განსხვავებული შედეგები ჰქონდეს იმის მიხედვით, თუ როდის ტარდებოდა კვლევა.

ფსიქოლოგიური მეცნიერების განვითარების დღევანდელ ეტაპზე სულ უფრო


იზრდება ისეთი კვლევების რიცხვი და საჭიროება, რომლებშიც მონაწილეობენ სხვა
მეცნიერების წარმომადგენლებიც. ეს ისეთი კომპლექსური კვლევებია, რომლებშიც
ვლინდება განსხვავებულ მოვლენებს შორის არსებული კავშირები და
დამოკიდებულებები (მაგალითად, პიროვნების ფიზიკურ, ფიზიოლოგიურ,
ფსიქოლოგიურ და სოციალურ განვითარებას შორის).

2) ემპირიული მეთოდები. ამ ჯგუფში ერთიანდებიან შემდეგი მეთოდები:


დაკვირვება და თვითდაკვირვება, ექსპერიმენტული მეთოდები,
ფსიქოდიაგნოსტიკური მეთოდები (ტესტები, ანკეტები, კითხვარები, ტყუპების
მეთოდები, სოციომეტრიული მეთოდები, ინტერვიუ, საუბარი), ქცევის პროცესებისა
და პროდუქტების ანალიზი, ბიოგრაფიული მეთოდები.

3) ექსპერიმენტული მასალის დამუშავების მეთოდები. ამ ჯგუფს მიეკუთვნება


რაოდენობრივი (სტატისტიკური) და თვისობრივი ანალიზი. (ესაა მასალის
ჯგუფებად და ვარიანტებად დაყოფა, ტიპების აღწერა).

4) ინტერპრეტაციული მეთოდები. მეთოდთა ეს ჯგუფი მოიცავს გენეტიკურ


და სტრუქტურულ მეთოდებს. გენეტიკური მეთოდის საშუალებით შესაძლებელია
დამუშავებული მასალის ინტერპრეტაცია განვითარების მახასიათებლებში და
ფსიქიკის ახალწარმონაქმნების ფაზების გამოყოფა. ინტერპრეტაციული მეთოდების
გამოყენება გულისხმობს მიღებული შედეგების ახსნას რომელიმე ფსიქოლოგიური
თეორიის საფუძველზე. ერთსა და იმავე ექსპერიმენტულ მონაცემებს შეიძლება
მიეცეს განსხვავებული ინტერპრეტაცია იმის მიხედვით, თუ რომელი
ფსიქოლოგიური სკოლის (განწყობის, ბიჰევიორიზმის, ფროიდიზმის და სხვა)
თეორიის საფუძველზე კეთდება იგი.

მასალის დამუშავების დროს გამოყოფენ რამდენიმე მომენტს: ა) პირველადი


ანალიზი ე. ი. თითოეული ცალკეული ფაზის ანალიზი; ბ) პირველადი სინთეზი. ე. ი.
კავშირის დამყარება ანალიზის მონაცემებსა და წამოყენებულ ჰიპოთეზას შორის; გ)
შედარებითი (მეორადი) ანალიზი – ე. ი. ისეთი ფაქტების გამოყოფა, რომლებიც
ხშირად გვხვდება. დ) მეორადი სინთეზი, ე. ი. ამ ფაქტების გაერთიანება, მათი
შედარება ჰიპოთეზასთან და არსებითი კანონზომიერებების დადგენა.

დაკვირვების მეთოდი. ფსიქიკაზე უშუალო დაკვირვება შეუძლებელია. იგი


ვლინდება ქცევებში, მოქმედებებში, მეტყველებაში. დაკვირვების მეთოდის არსი
მდგომარეობს იმაში, რომ დამკვირვებელი (ფსიქოლოგი) ბავშვის ფსიქიკის შესახებ
მსჯელობს მისი გარეგამოვლინებების (ჟესტი, მიმიკა, მეტყველება, საქციელი)
მიხედვით. ამის მიხედვით კი შეიძლება იმსჯელო ბავშვის ფსიქიკური
თავისებურებების, მისი აღქმის, აზროვნების, მეხსიერების, წარმოსახვის და
პიროვნული ნიშნების შესახებ. დაკვირვება ღრმა ცოდნასა და მომზადებას
მოითხოვს. ბავშვის ფსიქიკის თავისებურებების გასაგებად საჭიროა არა მარტო
ზუსტი დაკვირვების უნარი, არამედ ფსიქიკის გარეგამოვლინებების ზუსტი ახსნაც.
არაა საკმარისი შეამჩნიო ცვლილებები მოსწავლის სახის გამომეტყველებაში, არამედ
საჭიროა გაიგო, რისგანაა იგი გამოწვეული. ყოველდღიური დაკვირვებები
განსხვავდება მეცნიერული დაკვირვებებისაგან. ყოველდღიური დაკვირვებები
შემთხვევითი, არაორგანიზებული და უგეგმოა. მიუხედავად ამისა, ასეთ
დაკვირვებებსაც აქვთ გარკვეული მნიშვნელობა. დაკვირვების, როგორც
მეცნიერული მეთოდის, ძირითადი მოთხოვნებია: მიზანმიმართულობა,
სისტემურობა, გეგმიურობა, სპეციალური დღიურებში დაკვირვების შედეგების
სისტემატური აღრიცხვა.

დაკვირვების მიზანმიმართულობა ვლინდება დაკვირვების კონკრეტული


ამოცანის და მიზნის დასახვაში. (მაგალითად, პირველკლასელის ემოციურ -
ნებელობითი თვისებების შესწავლა).

დაკვირვების სისტემატურობა მდგომარეობს იმაში, რომ ბავშვის ფსიქიკის


შესწავლა არ უნდა დაიყვანებოდეს ცალკეულ მოქმედებებზე, საქციელზე,
შემთხვევით მოვლენებზე და ა. შ. ბავშვის ქცევაზე მხოლოდ სისტემური დაკვირვება
გვაძლევს საშუალებას, ვიმსჯელოთ მისი ფსიქიკის ინდივიდუალური
თავისებურებების, განვითარებისა და ცვალებადობის კანონზომიერების შესახებ.

დაკვირვების გეგმიურობა ხელს უწყობს მის ორგანიზაციას. გეგმაში აისახება


ის საკითხები, რომელთაც პირველ რიგში უნდა მიექცეს ყურადღება. გაკვეთილზე
მოსწავლის გონებრივი მუშაობის დაკვირვების სამუშაო გეგმა:

ა) სწრაფად თუ რეაგირებს მასწავლებლის კითხვებზე, სწრაფად პასუხობს თუ


დიდხანს ფიქრობს;

ბ) რომელ მასალას იმახსოვრებს უკეთესად (აბსტრაქტულს თუ თვალსაჩინოს);

გ) გააზრებულად იმახსოვრებს, თუ მექანიკურად. შეუძლია თუ არა


მაგალითების მოყვანა დამოუკიდებლად;

დ) შეუძლია თუ არა დასკვნების გაკეთება დამოუკიდებლად.

მოსწავლის ხასიათის გამოსავლენი დაკვირვების სანიმუშო გეგმა: ა) როგორ


ასრულებს მოსწავლე შრომით, სასწავლო და საზოგადოებრივ დავალებებს, სჭირდება
თუ არა შეხსენებები; ბ) როგორ ურთიერთობას ამყარებს კოლექტივთან; დ) როგორ
რეაგირებს მიღებულ ნიშნებზე; ე) რამდენად შეუძლია გრძნობების შეკავება; ვ) რა
მდგომარეობაში აქვს წიგნები, რვეულები, ტანსაცმელი.

დაკვირვების შედეგები აღინუსხება სპეციალურ დღიურებში. ჩაწერა


შეიძლება იყოს სრული და შერჩევითი. სრული, მთლიანი ჩაწერა ხდება მაშინ, როცა
შეისწავლება ბავშვის ინდივიდუალური თავისებურებები, მისი ქცევები მთელი
დღის განმავლობაში. მთლიანი დაკვირვება ერთდროულად ბავშვის ქცევის მრავალ
მხარეს მოიცავს და მიმდინარეობს საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში, რაც
წარმოადგენს გარკვეულ სიძნელეს.

საკუთარი შვილების ფსიქიკური განვითარების შესახებ დაკვირვების


შედეგებს დღიურების სახით აფიქსირებდა მრავალი ცნობილი ფსიქოლოგი. ესენი
იყვნენ ბავშვთა ფსიქოლოგიის ფუძემდებელი ვ. პრაიერი, ვ. შტერნი, კ. და ა. შ.
ბიულერები, ჟ. პიაჟე, ნ. ლადიგინა-კოტსი, ნ. მენჩინსკაია, ვ. მუხინა. ა. ავალიშვილი,
ნ. იმედაძე და მრავალი სხვა. აღნიშნულ ავტორთა დაკვირვების დღიურები
საფუძვლად დაედო საინტერესო მონოგრაფიებს და დაკვირვების მასალა და
შედეგები აისახა სპეციალურ სახელმძღვანელოებში.

დაკვირვების მეთოდს ფსიქოლოგიაში, და განსაკუთრებით ასაკობრივ


ფსიქოლოგიაში, ძალიან დიდი გამოყენება აქვს. ფაქტების პირველადი
დაგროვებისათვის, შეიძლება ითქვას, დაკვირვების მეთოდი შეუცვლელია.
მიუხედავად უდიდესი მნიშვნელობისა და ღირებულებისა, ამ მეთოდს გააჩნია
ზოგიერთი ნაკლიც, რომელიც მეცნიერული სიზუსტით მ. ყოლბაიამ ჩამოაყალიბა
ოთხ პუნქტად:

1) დაკვირვებისას ბავშვის ქცევა დამკვირვებელს ეძლევა მთლიანობაში, რის


გამოც ძალზე ძნელია არსებითისა და არაარსებითის, მეორეხარისხოვანის
ერთმანეთისაგან გარჩევა. მათი ერთმანეთისაგან იზოლირებულად შესწავლის
შესაძლებლობას, სამწუხაროდ, დაკვირვების მეთოდი არ იძლევა.

2) დამკვირვებელმა წინასწარ იცის, რომელი მოვლენის შესწავლა უნდა, მაგრამ


იმის გამო, რომ დაკვირვების დროს ბავშვის ქცევის მიმდინარეობაში არ ერევიან,
საჭირო ხდება დაცდა, სანამ დასაკვირვებელი მოვლენა არ მოხდება. ვთქვათ,
გვაინტერესებს დავაკვირდეთ ბავშვის ემოციას (ტირილს). დამკვირვებელმა უნდა
იცადოს მანამ, სანამ ბავშვი არ ატირდება. ამიტომ დამკვირვებელს ხშირად უწევს
ლოდინი.

3) რომელიმე მოვლენის შესასწავლად ხშირად ერთი ან რამდენიმე


დაკვირვებაც არაა საკმარისი, საჭირო ხდება დაკვირვების მრავალჯერ გამეორება.
იმის გამო, რომ ყოველ ახალ დაკვირვებას სჭირდება დაცვა,საქმე გვაქვს დროის დიდ
დანახარჯებთან.

4) დაკვირვების გზით მოპოვებული ფაქტები მოცემულია აღწერის გზით,


რომელშიც ერთმანეთშია გადახლართული მრავალი არსებითი და შემთხვევით
დაკავშირებულია მომენტი. ამის გარდა, ბავშვის ქცევის ბევრი მნიშვნელოვანი
კომპონენტის აღწერა ან საერთოდ შეუძლებელია, ან მაშინვე ვერ ხერხდება. ამიტომ,
დროის გასვლის შემდეგ, ასეთი მასალის ანალიზი ძნელდება.

დაკვირვების ერთი სახეა თვითდაკვირვება, რომლის დროსაც ფსიქიკის


თავისებურებების შესწავლა ხდება საკუთარ ფსიქიკურ მოვლენებზე დაკვირვებით.
თვითდაკვირვება განვითარების ფსიქოლოგიის ერთ-ერთი დამხმარე მეთოდია. მისი
გამოყენება ბავშვებში ძალზე შეზღუდულია. ასაკობრივ ფსიქოლოგიაში იგი
გამოიყენება, როგორც სხვა მეთოდების კომპონენტი ცდის პირთა სიტყვიერი
ანგარიშის ფორმით.

ექსპერიმენტული მეთოდი. ექსპერიმენტი ფსიქოლოგიის ძირითადი


მეთოდია. ასაკობრივი ფსიქოლოგია ექსპერიმენტული მეცნიერებაა. ექსპერიმენტის
უპირატესობა დაკვირვების მეთოდთან შედარებით მდგომარეობს იმაში, რომ
მკვლევარი კი არ ელოდება მისთვის საინტერესო ფსიქიკური მოვლენის აღმოცენებას,
არამედ თვითონ იწვევს მას. დაკვირვებისაგან განსხვავებით, ექსპერიმენტი იძლევა
ცდის პირის ქცევაში აქტიური ჩარევის საშუალებას. ექსპერიმენტატორი თვითონ
ქმნის ისეთ პირობებს, რომელიც იწვევს მისთვის საინტერესო ფსიქოლოგიურ
მოვლენას და შეუძლია მისი ვარირება. ექსპერიმენტის გზით მიღებული შედეგები
ყოველთვის შეიძლება შემოწმდეს სხვა ცდისპირებზე. ფსიქოლოგიაში განასხვავებენ
ექსპერიმენტის ორ სახეს: ა) ლაბორატორიული და ბ) ბუნებრივი ექსპერიმენტი.

ლაბორატორიული ექსაპერიმენტი ხშირად ტარდება სპეციალური


აპარატურის გამოყენებით. მისი თავისებურება ისაა, რომ ფსიქიკური პროცესების
შესწავლა ხდება ხელოვნურ პირობებში, ლაბორატორიაში. მაგალითად, ბავშვის
მხედველობითი აღქმის განვითარების შესასწავლად, საჭირო ხდება თვალის
მოძრაობის მარეგისტრირებელი სპეციალური ხელსაწყოების გამოყენება. ბავშვის
ემოციების შესწავლის დროს სპეციალური აპარატურის გამოყენებით ხდება
სუნთქვის, გულისცემის და ორგანიზმის სხვა პროცესების რეგისტრაცია.

ბუნებრივი ექსპერიმენტის თავისებურება ისაა, რომ ცდის პირების შესწავლა


ხდება ბუნებრივ პირობებში. ბავშვებზე ლაბორატორიული ექსპერიმენტის ჩატარებას
ახლავს ბევრი უხერხულობა და სიძნელე. მიუჩვეველ, ხელოვნურ გარემოში ყოფნა
და უცხო პირთან (ექსპერიმენტატორთან) კონტაქტი ბავშვებს აბნევს და ხელს უშლის
თავიანთი შესაძლებლობების მთლიანად გამოვლენაში. სწორედ ამ უხერხულობისა
და სიძნელის თავიდან ასაცილებლად იქნა შემოტანილი ბუნებრივი ექსპერიმენტის
იდეა (ფ. ლაზურსკი). შესაძლებელია მოგონებული იქნას ისეთი თამაში, რომელიც
ბავშვებში მკვლევარისათვის საინტერესო მოვლენას გამოიწვევს. ასეთ თამაშში
ბავშვი აქტიურად და ხალისით ერთვება და მთელ თავის შესაძლებლობას
ინტენსიურად ავლენს, როცა დამკვირვებლისათვის ხელმისაწვდომი ხდება.
ბუნებრივი ექსპერიმენტის უპირატესობა ლაბორატორიულთან შედარებით იმაში
მდგომარეობს, რომ ამ დროს ბავშვმა არ იცის, რომ მასზე ექსპერიმენტს ატარებენ და
მას აკვირდებიან. მაგალითად, მეხსიერების ლაბორატორიული შესწავლის მაგიერ
ექსპერიმენტი ტარდება გაკვეთილის ფორმით, სადაც მასალის დამახსოვრება და
აღდგენა მოსწავლეთა ჩვეულებრივ სამუშაოს წარმოადგენს.

სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან, ხშირად, ბუნებრივი ექსპერიმენტი ტარდება


საბავშვო ბაღის ჯგუფებში, თამაშის სახით. ამ დროს მკვლევარი გამოდის
აღმზრდელის როლში და ორგანიზაციას უკეთებს ბავშვთა ამა თუ იმ ქცევას.
ამასთანავე, ბავშვები ვერ ხვდებიან, რომ ის თამაშები, რომელთაც მათ სთავაზობენ ან
კითხვები, რომლებსაც მათ აძლევენ, სპეციალურადაა მოფიქრებული.

ბუნებრივი ექსპერიმენტი იყოფა დამდგენ და ჩამომყალიბებელ


ექსპერიმენტებად. პირველად ტარდება ჩვეულებრივი დამდგენი ექსპერიმენტი,
რომლის დროსაც ვლინდება შესასწავლი ფსიქიკური პროცესის განვითარების ის
დონე, რომელიც ჩამოყალიბდა ამ პერიოდისათვის. დამდგენი ექსპერიმენტი
ბუნებრივია, მაგრამ სპეციალურად ორგანიზებულ პირობებში ავლენს განსაზღვრულ
ფსიქიკურ თვისებებს და მათი განვითარების მიღწეული დონის შესახებ იძლევა
წინასწარ მასალას. მაგალითად, სპეციალურად ორგანიზებულ გაკვეთილზე
მკვლევარი ადგენს, რომ მოსწავლეები ცნების შემუშავების საწყის ეტაპზე ავიწროებენ
ან აფართოებენ მის შინაარს.
ჩამომყალიბებელი ექსპერტი გულისხმობს მოსწავლეებზე მიზანმიმართულ
მოქმედებას მათში განსაზღვრული თვისებების ფორმირების მიზნით. მაგალითად,
სპეციალურად აგებული მეცადინეობის საშუალებით, მასწავლებელი აკვირდება, თუ
რა გავლენას ახდენს სწავლების განსხვავებული ფორმები აზროვნების
თავისებურებებზე ცნების შემუშავების პროცესში.

ბოლოს ტარდება საკონტროლო ექსპერიმენტი, რომლის მიზანია იმის


დადგენა, თუ რა წინსვლა შეინიშნება ჩამომყალიბებელი ექსპერიმენტის შედეგად.
საკონტროლო ექსპერიმენტი დამდგენი ექსპერიმენტის უცვლელი სახით გამეორებაა.

სწავლების პროცესში გამოყენებულ ჩამომყალიბებელ ექსპერიმენტს


მსწავლებელ ექსპერიმენტსაც უწოდებენ. ჩამომყალიბებელი ექსპერიმენტი შეიძლება
გამოვიყენოთ აგრეთვე აღზრდის პროცესშიც (როცა მკვლევარი აყალიბებს
მოსწავლის პიროვნების ამა თუ იმ თვისებას). ასეთ შემთხვევაში მას ეწოდება
აღმზრდელი ექსპერიმენტი.

პედაგოგიური ექსპერიმენტი. პედაგოგიური ექსპერიმენტი გარეგნული


პარამეტრებით ძალიან ჰგავს ჩამომყალიბებელ ექსპერიმენტს, მაგრამ მათ შორის
არსებითი ხასიათის სხვაობაა. პედაგოგიური ექსპერიმენტის დანიშნულებაა
მოსწავლეთა სწავლებისა და აღზრდის ახალი პროგრამებისა და მეთოდების
ეფექტურობის შემოწმება და დადგენა.

პედაგოგიური ექსპერიმენტი ტარდება სასწავლო ან სააღმზრდელო მუშაობის


ჩვეულებრივ პირობებში და მისი მიზანია, სასწავლო ან სააღმზრდელო მუშაობაში
გამოყენებული კონკრეტულ მეთოდთა ან ხერხთა შედარებითი ეფექტურობის
დადგენა. პედაგოგიური ექსპერიმენტი გულისხმობს განსხვავების ინდუქციური ანუ
ერთადერთი განსხვავებული მეთოდის გამოყენებას. ერთ ჯგუფს, რომელშიც
ტარდება ექსპერიმენტი, ეწოდება ექსპერიმენტული ჯგუფი. იმ ჯგუფს კი, რომელიც
აღებულია შესადარებლად და რომელშიც ექსპერიმენტული ფაქტორი არ
გამოიყენება, ეწოდება საკონტროლო ჯგუფი. პედაგოგიური ექსპერიმენტი
გულისხმობს მეცნიერულ-კვლევითი ექსპერიმენტის ჩატარებას მნიშვნელოვანი
პედაგოგიური პრობლემის გადასაჭრელად აუცილებლად ორ პარალელურ
(ექსპერიმენტული და საკონტროლო) ჯგუფთან.

პედაგოგიური ექსპერიმენტის ჩასატარებლად საჭიროა შემდეგი პირობების


დაცვა: 1) ორი პარალელური ჯგუფის (კლასის) შერჩვეა; 2) ორივე ჯგუფის წევრთა იმ
უნარების საწყისი დონეების განსაზღვრა და გაზომვა, რომლებიც ცოდნის ამა თუ იმ
საძიებელ სფეროს მიეკუთვნება, 3) ერთ ჯგუფში ექსპერიმენტული მეთოდის შეტანა,
მეორეში – არა. 4) იმ უნარებისა მეორეჯერ შემოწმება და გაზომვა, რომელთა
შემოწმება ადრე მოხდა. 5) იმ შედეგების შედარება, რომელსაც ექსპერიმენტულმა
ჯგუფმა ექსპერიმენტული ფაქტორის გავლენის შედეგად მიაღწია საკონტროლოსთან
შედარებით. ესაა პედაგოგიური ექსპერიმენტის ჩატარების ზოგადი წესი.

პედაგოგიურმა ექსპერიმენტმა რომ მეცნიერული ღირებულება მოიპოვოს,


საჭიროა შემდეგი პირობების შესრულება: 1) ყოველგვარი სუბიექტური და პირადი
აზრის გარეშე ობიექტურად გაიზომოს როგორც ექსპერიმენტული, ისე საკონტროლო
ჯგუფის წევრთა მონაცემები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ექსპერიმენტის შედეგი არ
იქნება ,,სუფთა” და სანდო. 2) საკონტროლო და ექსპერიმენტული ჯგუფები ყველა
შესაძლებელ პარამეტრში უნდა იყოს მაქსიმალურად მსგავსი. ფსიქოლოგიური
ექსპერიმენტის დროს ასეთი ჯგუფები დგება ექსპერიმენტატორის მიერ
ხელოვნურად, ხოლო პედაგოგიური ექსპერიმენტის დროს ხელოვნურად შექმნილი
ჯგუფის ნაცვლად იღებენ მზა ორ კლასს, ვინაიდან ხელოვნური შერჩევა არღვევს
სასწავლო –სააღმზრდელო მუშაობის პროცესს.

მსგავსი კლასების შერჩევის დროს მხედველობაში უნდა იქნას მიღებული


შემდეგი: 1) მოსწავლეთა აკადემიური წარმატების საერთო დონე. 2) მოსწავლეთა
ასაკი (არის შემთხვევები, როცა ერთ კლასსში განსხვავებული ასაკის ბავშვები
სწავლობენ), 3) ბავშვის მომზადების დონე იმ საგანში, რომელშიც ტარდება
ექსპერიმენტი, 4) ჯანმრთელობის მდგომარეობა, 5) მოსწავლეთა სქესი (გოგონებისა
და ბიჭების რაოდენობაც რამენაირად უნდა გათანაბრდეს), 6) გარემო (ქალაქი,
სოფელი, სოციალური წრე და სხვა.) არ შეიძლება ექსპერიმენტული კლასი ქალაქში
იყოს და საკონტროლო – სოფელში, 7) მოსწავლეთა ინდივიდუალური
თავისებურებანი.

როგორც ვხედავთ, ჯგუფების (კლასების) გათანაბრება მეტად რთული საქმეა,


მაგრამ გაცილებით უფრო რთული და ძნელია ჯგუფებში ექსპერიმენტის ჩატარების
პირობების გათანაბრება. ექსპერიმენტის ჩატარების პირობები იყოფა ორ ჯგუფად:

1) მასწავლებელთან დაკავშირებული პირობები. აქ იგულისხმება


მასწავლებლის პროფესიული უნარი, მონდომება, ჯანმრთელობა, ასაკი, პიროვნული
თვისებები. მასწავლებლის ჯანმრთელობა გასათვალისწინებელია იმიტომ, რომ
მასზეა ძირითადად დამოკიდებული შრომისუნარიანობა, მუშაობისუნარიანობა და
შრომისმოყვარეობა. მასწავლებელთან დაკავშირებული პირობების გათანაბრება
შესაძლებელია ორი გზით: პირველი ის, რომ თითოეული ჯგუფის
(ექსპერიმენტულის და საკონტროლოს) მასწავლებელი თითოეულ კლასს ასწავლის
მთელი ექსპერიმენტის დროის ნახევარს. მაგალითად, გვყავს IIIა და IIIბ კლასები,
რომელთაგანაც ერთი ექსპერიმენტულია, მეორე კი – საკონტროლო. ერთი
მასწავლებელი სექტემბრიდან იანვრამდე ასწავლის IIIა კლასს, იანვრიდან ივნისამდე
– IIIბ-ს. მეორე მასწავლებელი კი სექტემბრიდან იანვრამდე ასწავლის IIIბ კლასს და
იანვრიდან ივნისამდე- IIIა კლასს. მასწავლებელთან დაკავშირებული ექსპერიმენტის
პირობების გათანაბრების მეორე გზა ისაა, რომ ერთი მასწავლებელი ასწავლის
ორივეს, როგორც ექსპერიმენტულს, ისევე საკონტროლო კლასს, მაგრამ ერთ კლასში
ერთი მეთოდით, ხოლო მეორეში – მეორეთი. ესეც გარკვეულ სიძნელეებთანაა
დაკავშირებული. შეიძლება მოხდეს, რომ მასწავლებელი თანაბრად ვერ ფლობდეს
სწავლების ამ ორ განსხვავებულ მეთოდს ან პირადად, სუბიექტურად რომელიმეს
ანიჭებდეს უპირატესობას.

2) სკოლასთან დაკავშირებული პირობები. აქ გასათვალისწინებელია შემდეგი:


1) სასწავლო მასალა, სახელმძღვანელოები, სკოლის მატერიალური ბაზა, სასკოლო
ბიბლიოთეკა, ტექნიკური აღჭურვილობა და სხვა. 2) კლასის, როგორც მოსწავლეთა
ორგანიზებული კოლექტივის თავისებურება, 3) კურსის გავლაზე დახარჯული
ზუსტი დრო, მასწავლებლის ან მოსწავლის ავადმყოფობა, 4) მოსწავლეთა რაოდენობა
კლასში, 5) სკოლაში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის საერთო ორგანიზაცია,
სკოლის ტრადიციები.
3) სკოლისგარეშე პირობები. მოსწავლეთა მონაწილეობა სხვადასხვა წრეებში,
სპორტულ ღონისძიებებში, მოსწავლეთა მეცადინეობისა და დასვენების პირობები
ოჯახში.

პედაგოგიური ექსპერიმენტი უნდა აკმაყოფილებდეს საერთოდ ყოველგვარი


ექსპერიმენტის ზოგად მოთხოვნებს: მას უნდა ჰქონდეს პრობლემა, ჰიპოთეზა და
გეგმა.

ვინ უნდა ჩაატაროს პედაგოგიური ექსპერიმენტი? ფსიქოლოგიაში არის


ურყევი კანონი - ,,ექსპერიმენტატორი ფსიქოლოგიაში უნდა იყოს ფსიქოლოგი”,
რომელიც ვრცელდება პედაგოგიკაზეც. პედაგოგიური ექსპერიმენტი უნდა ჩაატაროს
სპეციალისტმა პედაგოგმა, რომელიც კარგად ფლობს ზოგად, ექსპერიმენტულ,
ასაკობრივ, პედაგოგიური ფსიქოლოგიას და სტატისტიკურ მეთოდებს. რაც შეეხება
მასწავლებელს, რა თქმა უნდა მისი მონაწილეობა პედაგოგიური ექსპერიმენტში არ
არის გამორიცხული. მაგრამ, იგი დამოუკიდებელი მკვლევარის ან
ექსპერიმენტატორის როლში კი არ უნდა გამოდიოდეს, არამედ უნდა ასრულებდეს
ექსპერიმენტატორის თანამშრომლის, თანაშემწის მოვალეობას.

განვითარების ფსიქოლოგიაში ძირითადი მეთოდების (დაკვირვება და


ექსპერიმენტი) გარდა გამოიყენება აგრეთვე დამხმარე მეთოდები. ხშირად ისინი
გამოიყენება, როგორც დაკვირვების და ექსპერიმენტის დამატება, ან ბავშვის
ფსიქიკის რომელიმე კერძო მხარის შესასწავლად. ამიტომ ეწოდება მათ დამხმარე
მეთოდები. დამხმარე მეთოდები: ტესტური მეთოდი, ტყუპების მეთოდი,
სოციომეტრია, ანკეტა, საუბრის (გამოკითხვის) მეთოდი, ქცევის პროცესის და
პროდუქტების ფსიქოლოგიური ანალიზი და ბიოგრაფიული მეთოდი.

ტესტური მეთოდი. იმის მიხედვით, თუ რა შეადგენს ექსპერიმენტის ამოცანას


ფსიქიური მოვლენების რაოდენობრივი თუ თვისობრივი დახასიათება, ან
მონაცემების მოპოვება განსაზღვრული პირის (პირთა ჯგუფის) დასახასიათებლად,
ექსპერიმენტი იყოფა კვლევით და გამომცდელ ექსპერიმენტად. გამომცდელ
ექსპერიმენტს ეწოდება ტესტი (ინგლისურად თესტ - გამოცდა), რომელიც
გამოიყენაბა პიროვნების ფსიქიკური განვითარების მიღწეული დონის დასადგენად.

ტესტების მეთოდი უკანასკნელ ხანებში ფართოდ გამოიყენება ასაკობრივ და


პედაგოგიურ ფსიქოლოგიაში. ამ მეთოდის გამოყენება ჯერ კიდევ XX საუკუნის
დასაწყისისათვის დაიწყო ამერიკაში, ევროპასა და რუსეთში. (ფ. გალტონი, დ.
კეტელი, თ. სიმონი, ა. ბინე, ვ. შტერნი, გ. როსოლიმო და სხვა.).

ამ მკვლევარებს მიაჩნდათ, რომ ბავშვის გონებრივი უნარები შეიძლება


სწრაფად და ზუსტად გაიზომოს ტესტებით, რომლებიც წარმოადგენენ მოკლე
სტანდარტიზებულ დავალებათა ნაკრებს და რომლებიც გარკვეულწილად,
გრადუირებული იყო თითოეული ასაკისათვის. ბოლოს გამოითვლებოდა
,,ინტელექტუალური განვითარების კოეფიციენტი” (IQ), რომლის სიდიდის
მიხედვით განისაზღვრებოდა ბავშვის ინტელექტუალური შესაძლებლობანი. ტესტის
ამოცანაა დაადგინოს, აქვს თუ არა მოცემული ასაკის ბავშვს ესა თუ ის უნარი და თუ
აქვს, რა დონითაა იგი მოცემული. როცა ტესტებს ქმნიან, ყოველთვის ადგენენ
გარკვეული ასაკის ბავშვისთვის დამახასიათებელ გამოსარკვევი მასალის საშუალო
მაჩვენებელს, რომლის საფუძველზედაც გამოჰყავთ საშუალო მაჩვენებლები,
რომლებიც მიღებულია ამ ასაკის ნორმად. გამოსაკვლევი ბავშვის ტესტირების
შედეგებს კი ადარებენ ამ ნორმას.

ტესტების დამუშავებისას კითხვარის ამოცანებს ადგენენ სიძნელის


შედარებით მაღალ დონეზე, იმგვარად, რომ ბავშვებმა დამოუკიდებლად მათი
შესრულება მთლიანად ვერ შეძლონ. დავალებებს აძლევენ ერთი და იმავე ასაკის
დიდი რაოდენობის ბავშვებს და გამოჰყავთ საშუალო ქულა, რომელიც ითვლება
ასაკობრივ ნორმად.

ტესტური დავალებების შესრულებისა და ასაკობრივი ნორმების დადგენის


პროცესს ეწოდება ტესტების სტანდარტიზაცია, რომლის შემდეგაც ტესტში
არავითარი ცვლილებების შეტანა არ შეიძლება. ტესტების საშუალებით
გამოკვლეულმა ბავშვებმა ზუსტად ის დავალებები უნდა შეასრულონ, (და
შეასრულონ იმავე პირობებში), რომელსაც ასრულებენ ის ბავშვები, რომელთა
მონაცემების საფუძველზე იქნა დადგენილი ასაკობრივი ნორმა. სწორედ ამიტომ
ეწოდება ტესტებს სტანდარტიზებული გამოცდის მეთოდი.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ე.წ. ინტელექტის ტესტებს, რომელთა


კითხვებში მოცემული ამოცანები ბავშვებისათვის უცნობია და მათ სჭირდებათ
გარკვეული ინტელექტუალური ძალისხმევის, მიხვედრილობისა და საზრიანობის
გამოჩენა სწორი პასუხის გასაცემად. ინტელექტის ტესტების ეფექტურობა
დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მეცნიერულადაა დასაბუთებული მასში
შემავალი კითხვარის დავალებები.

კვლევის ეთიკური საკითხები. ექსპერიმენტის ჩატარების ან დაკვირვების პროცესში


არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაირღვეს ცდის პირთა უფლებები. ექსპერიმენტის
ჩატარებისას ადრეული ასაკის ბავშვებში ხელოვნური სენსორული დეპრივაციის
შექმნა არაეთიკურია ან როცა საუბრის დროს, მკვლევარი ეკითხება ბავშვს მისი
მშობლების მიერ აღზრდის მეთოდების გამოყენების შესახებ და ოჯახის წევრების
ურთიერთობის ინტიმური ასპექტების შესახებ. არაეთიკურია, როცა
ექსპერიმენტატორი ბავშვს ეუბნება, რომ ისინი მარტო არიან, ხოლო სინამდვილეში
კი - ფარდის უკან ასისტენტი დგას. ამ თვალსაზრისით, დგება მრავალი საკითხი.
მაგალითად, რამდენად ეთიკურია ექსპერიმენტის მიზნების შესაბამისად ბავშვებს
განვუვითაროთ მსუბუქი ფრუსტრაცია ან სტრესი? ეთიკურია თუ არა ბავშვებზე
დაკვირვება ან ექსპერიმენტის ჩატარება მათი მშობლების თანხმობის გარეშე? ე.ი.
ექსპერიმენტატორს აქვს დიდი პასუხისმგებლობა ექსპერიმენტის ჩატარებაზე და მან
ამ დროს უნდა დაიცვას მაღალი ეთიკური ნორმებიც.

ფსიქოლოგიური კვლევების ეთიკური საკითხების გადასაჭრელად, ამერიკაში


შექმნილია პროფესიული ორგანიზაცია, რომელსაც ეწოდება ,,ამერიკის
ფსიქოლოგიური ასოციაცია და ბავშვის განვითარების კვლევების საზოგადოება“. ამ
ორგანიზაციამ ჩამოაყალიბა ექსპერიმენტების ჩატარების დროს
გასათვალისწინებელი ზოგადი პრინციპებია.

1) არ ავნო. მკვლევარმა არ უნდა გამოიყენოს ისეთი პროცედურა, რომელიც


ბავშვს მოუტანს ფიზიკურ ან ფსიქიკურ ზიანს. მკვლევარი უნდა ცდილობდეს,
ექსპერიმენტის ჩატარების დროს შეიქმნას რაც შეიძლება ნაკლები სტრესული
სიტუაცია.
2) ინფორმაციული თანხმობა. ბავშვებზე ექსპერიმენტის დაწყებამდე,
მკვლევარმა მათ უნდა მიაწოდოს ინფორმაცია ექსპერიმენტის მიმდინარეობის ყველა
ნიუანსის და თავისებურებების შესახებ, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს
ბავშვის სურვილზე, მიიღოს ან არ მიიღოს მონაწილეობა ექსპერიმენტში. მკვლევარი,
რომელიც ცდებს ატარებს ჩვილ ბავშვებზე, უნდა ეცადოს, რომ მათ არ შეუქმნას
დისკომფორტი.
3) მშობელთა თანხმობა. აუცილებლადაა საჭირო მშობლების და
მზრუნველების ნებართვა ბავშვების ექსპერიმენტულ კვლევებში მონაწილეობის
მისაღებად. სასურველია, ეს თანხმობა იყოს წერილობითი ფორმით. მშობლები (ან
მისი შემცვლელი პირები) ინფორმირებულნი უნდა იყვნენ ექსპერიმენტის
მიმდინარეობის ყველა დეტალის შესახებ.
4) დამატებითი თანხმობა. საჭიროა აგრეთვე დამატებითი თანხმობის მიღება
მასწავლებლების მხრიდანაც. საქმის კურსში უნდა იყვნენ ჩაყენებულნი სკოლის
დირექტორები და ბაგა–ბაღის ხელმძღვანელობაც.
5) აღმძვრელი სტიმულები. ექსპერიმენტულ კვლევებში მონაწილე
ბავშვებისათვის დასაშვებია რაიმე ჯილდოს შეპირება, მაგრამ ეს ჯილდო არ უნდა
იყოს იმ დასაშვებ ნორმაზე მეტი, რომელსაც გულისხმობს ამა თუ იმ ბავშვის ჩვეული
ცხოვრების წესი.
6) დეზინფორმაცია. ბავშვის მიერ ექსპერიმენტში მონაწილეობის მისაღებად
სრული ინფორმაციის მიწოდება არის ეთიკური იდეალი, მაგრამ ზოგიერთი კვლევა
მოითხოვს, არ იქნეს გამჟღავნებული ინფორმაცია ანუ ადგილი ჰქონდეს მსუბუქ
ტყუილს. თუ ინფორმაციის ასეთი დამალვა უარყოფითად არ იმოქმედებს ცდის
პირებზე, ექსპერიმენტის ჩატარება შესაძლებელია, მაგრამ აუცილებლად უნდა
აუხსნან ცდის პირებს ასეთი ინფორმაციის დამალვის მიზეზი.
7) ანონიმურობა. საჭიროების შემთხვევაში, ექსპერიმენტატორმა უნდა დაიცვას
ინფორმაციის ანონიმურობა და არ გამოიყენოს იგი სპეციალური ნებართვის გარეშე.
8) უსაფრთხოება. თუ ექსპერიმენტის მიმდინარეობისას მკვლევარმა აღმოაჩინა
ისეთი ფაქტი, რომელიც საფრთხეს უქმნის ბავშვის კეთილდღეობას, იგი
ვალდებულია, ყოველივე ეს განსაჯოს მშობლებთან და ამ დარგის სპეციალისტებთან,
რის საფუძველზედაც ბავშვს უნდა აღმოუჩინონ სათანადო დახმარება.
9) გაუთვალისწინებელი შედეგები. თუ ექსპერიმენტის პროცედურას აღმოაჩნდა
გაუთვალისწინებელი უარყოფითი შედეგები, ამის გამოსასწორებლად დაუყონებლივ
უნდა იქნას მიღებული შესაბამისი ზომები და შემდგომში ეს პროცედურა
აუცილებლად უნდა შეიცვალოს.
10) კონფიდენციალობა. ექსპერიმენტატორმა კვლევის პროცესში
მოპოვებული ყველა ინფორმაცია უნდა შეინახოს საიდუმლოდ. ექსპერიმენტის
შედეგების შესახებ წერილობითი ან ზეპირი ანგარიშის დროს, სტუდენტებთან ან
კოლეგებთან მსჯელობისას, ცდის პირთა გვარები არ უნდა დასახელდეს.
11) მონაწილეთა ინფორმირება. ექსპერიმენტატორმა ინფორმაცია
ექსპერიმენტის შესახებ, ცდის პირებს უნდა მიაწოდოს მათთვის გასაგებ ტერმინებში.
იმ შემთხვევაში, როცა ექსპერიმენტის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის დამალვა
არ ეწინააღმდეგება მეცნიერულ და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს, უნდა
ვეცადოთ, რომ ამას არ ჰქონდეს ცდის პირებზე არავითარი ნეგატიური გავლენა.
12) შედეგების შეტყობინება. შედეგების შეტყობინების, შეფასებითი
დასკვნის ან რჩევების (რეკომენდაციების) მიცემის დროს, მკვლევარი უნდა იყოს
ძალიან ფრთხილად, რომ მან დაუფიქსირებლობის გამო რაიმე გავლენა არ
მოახდინოს ბავშვებზე და მათ მშობლებზე.
13) კვლევის შედეგების მნიშვნელობა. მკვლევარს ყოველთვის უნდა
ახსოვდეს, რომ მისი კვლევის შედეგებს აქვს სოციალური, პოლიტიკური,
მეცნიერული და ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობა.

You might also like