You are on page 1of 46

ლექსები

მურმან ლებანიძე

ანდერძი

ფანჯარაში - ქედია, ვსტყუი! - ქედზე მეტია -


საქართველოს ხედია!..

რაც მე მიკეთებია მისთვის ზღვაში წვეთია.


მე მივდივარ, შენ რჩები -
შენი მოიმედეა.

(***„არ გამაჩნია არაფერი!“ - ეს თქვა მეჯღანემ)

„არ გამაჩნია არაფერი!“ - ეს თქვა მეჯღანემ.


„ვარ ყარიბი და უპოვარი!“ - თქვა ჩალვადარმა,
„აწ მეც თქვენსავით! -
თქვა ვაჭარმა, - რაიღა დამრჩა?
მთელმა ცხოვრებამ ჩაიარა ამაოებით,
მეკობრეთ მცარცვეს,
წავალ ქამრით მოვიშთო თავი“...

„ამომავალ მზეს რომ ვუყურებთ, ცოტაა განა?!“


თქვა მათხოვარმა, გაისწორა ბეჭებზე ფლასი,
ამოიჩარა იღლიაში მურდალი ჯვალო
და გასწია მზის საყურებლად...

(***არ მიყვარს კაცი (ვარ ლაჩრის ძვირში))

არ მიყვარს კაცი (ვარ ლაჩრის ძვირში)


ვის თავის თავი გმირად გამოყავს,
მტერს შეუკურთხებს, შედრკება ჭირში
და ფურთხს თავისას თვითვე ალოკავს...

მე რომ ძვირში ვარ ლაჩრის და მხუთრის,


ეგ-თავისთავად, მაგრამ სხვაც ღუპავს,
ბრალი მისი რომ ალოკვა ფურთხის,
ვინც დაავალა მასაც არ უყვარს.

(***აფხაზეთზე ამ კაცს თვალი უჭირავს)

აფხაზეთზე ამ კაცს თვალი უჭირავს -


ეს კაცია, ალბათ, თურქის თემის...
და მე ვყვირი: -
ჩემს სისხლს დალევს უწინამც!
და მე ვმღერი:
- აფხაზეთი ჩემი!
როსმე „არგო“ (სხვა ხომალდი გუშინაც!)
მოაპობდა ზვირთებს ნიჩბის ცემით...
და მე ვყვირი: - მკვდარსა მნახვენ უწინამც!
და მე ვმღერი:
- აფხაზეთი ჩემი!
ზღვაო პონტის! რიფებს მალავ უჩინარს -
არაერთის ზედ მიემსხვრა გემი...
და მე ვყვირი: - ოხ, უწინამც! უწინამც!
და მე ვმღერი:
- აფხაზეთი ჩემი!

ბალადა

უთორ-უაბჯროდ, უდროშოდ,
უყმოდ და უხმლოდ მამაცობს, -
თელავის ციხის ყუდროში
ერეკლე ჭადრაკს თამაშობს...
ივრის იქეთ და აქეთი
სამეფო თოვლში ჩაფლულა,
თოვლში თეთრდება კახეთი,
თოვს დაღესტნისკენ ზღაპრულად...
მეფე ქიშს ეტყვის სოლომონს,
სოლომან - მარჯვედ დახვდება,
სიცილით ჰკადრებს: „ბატონო,
ქიშისგან მეფე არ კვდება!“
ერეკლე ნათქვამს უხვდება,
ულვაშში ჟღალი უხდება:
„არ კვდება, მაგრამ, ვიცი მე,
ქიშისგან მეფეც სწუხდება,
ამდენი ვაი-ვიშისგან,
ლეკის და სპარსის ჯიშისგან,
შავღონდი, ჩემო მსაჯულო,
ყოველის მხრიდამ ქიშისგან!“
თოვს ამ ოცდახუთ დეკემბერს,
თონეში შოთებს აკრავენ,
ძირს თოვლი სისხლით შეღებეს -
სამზადის კართან ტახს კლავენ.
სოლომონ ჰყვება: „მეფეო,
რაც ლეკს კისერი სხეპეო,
რამ შაგაღონა, - სახელი
შენი მთელ ევროპს ვყეფეო...
რაც ჯარი შეჰქმენ მორიგე,
ვეღარ გვაკადრეს აკლება,
ლეკი ხომ მივრეკ-მოვრეკეთ,
სპარსიც გვიბედავს ნაკლებად“...
ეს თქვა და ციხის ჭიშკართან
უცბად ჩოჩქოლი შეიქმნა,
„შესდექო!“ - მეციხოვნეთა
გუნდი ერთ მუშტად შეიკრა,
ლეკი ხო ხსენებაზეა!
ეს ვინ მოვარდა, ვინ არი?
თელავის ციხის კარზეა
კაცი ცხენდაცხენ მყვირალი.
ბეჭში ნახმლევი შენიშნეს:
- ვინ ხარ? - შილდელი გლეხია,
საბუეს, შილდა-ენისელს
ლეკს გლეხი წაულეკია...
მეფე ჯაჭვს იცვამს საჩქაროდ,
სოლომონს - ტყავქვეშ აცვია,
შენც თავს დაგირქმევს, ჩაჩქანო,
ვერ თქვან, რომ წიგნის კაცია...
ოციოდ მხედრით გზას მოჭრის,
ცხენს მეფე გრემში გამოცვლის,
დაბადებიდან სამოცის
მორიგე ლაშქარს წამოშლის:
- შილდისკენ! ენისელისკენ! -
გააფთრებული გამოსცრის...
...
ივრის იქეთ და აქეთი
სამეფო თოვლში ჩაფლულა,
თოვლში თეთრდება კახეთი,
თოვს დაღესტნისკენ ზღაპრულად.
ჩვენ - თვლით ფარი და ჩაჩქანი!
მტერი - ყოვლის მხრით მრავალი!
ღმერთო, დალოცე ლაშქარი
ერაკლეს დროშით მავალი!
კურთხეულ იყავ, შიშველო
ხმალო, შენ უნდა მიშველო,
უბრალო, რიგით სპასავით,
მეფევ, ხმალდახმალ მიმსვლელო!
ბრძანად მოუბარნი ენანი,
თითზე კბენანი რაღა დროს?!.
წყეულიმც იყოს, - შევძახებ, -
შენს სულს, შენს ხმალს და შენს სახელს
ვინც საყვედური აკადროს!

ბევრს არ დაგპირდები!

ლხინში - ავხირდები,
ჩრდილში გაგიდგები,
ჩემთვის ვაჩხაკუნებ
ფანდურს, სანატრელი;
ჭირში - დაგიტკბები,
ბევრს არ დაგპირდები:
ფეხზე დაგიდგები,
ჩემო საქართველო!

(***ბოღჩებით და ყავარჯნებით)

ბოღჩებით და ყავარჯნებით
გრძელი სოფლის კართან ვდგავართ;
მოკლე სოფელს არ დავრჩებით,
ყველა გრძელ სოფელში წავალთ!

კეისარიც, სპასალარიც,
თვითონ რომის პაპიც თავად
(სხვა სოფელი არსად არი!) -
ყველა გრძელ სოფელში წავალთ!
ამ ტალახებს გავშორდებით,
ამ ორღობეს ლაფში ვყავართ...
მადლობა ღმერთს, გავსწორდებით,
ყველა - გრძელ სოფელში წავალთ!

(***გაზაფხული შემოსულა, ლენ)

გაზაფხული შემოსულა, ლენ,


ბუდეები გაუწყვიათ ჩიტებს...
მე გიყიდი წითელ-ყვითელ ჩითებს,
თეთრი ტილო მომიქარგე შენ!
გაზაფხული შემოსულა, ლენ!
მოგანატრე სათიბი და ტყე,
სუნი ქუსლით გასრესილი ანწლის,
შორს გუმბათი ბეთანიის ტაძრის
და ცისფერი, უბორკილო დღე...
მოგანატრე სათიბი და ტყე!
აწი აღარ გაგაჩერებ შინ,
აწი ოჯახს ვერ დაარქმევ „დილეგს“,
მკვირცხლი ბიჭი შეუყენე ბილიკს -
მწევარივით გამიხტუნე წინ,
აწი აღარ გაგაჩერებ შინ!
გაზაფხული შემოსულა, ლენ,
რია-რია გაუმართავთ ჩიტებს...
მე გიყიდი ყვავილიან ჩითებს,
თეთრი ტილო მომიქარგე შენ!
გაზაფხული შემოსულა, ლენ!

(***გზას მოსდევს პოეტი კლდოვანი ფერდობით)

გზას მოსდევს პოეტი კლდოვანი ფერდობით,


მოსტოპავს ბილიკებს ეკლიან ჯაგებით -
არის ბედნიერი ის ხალხთან ერთობით,
კაცისგან, ბალღისაგან,
ხალხისგან გაგებით!

დროთ უფსკრულებს გადავყურებ


სამშვიდობოს მდგომარი-
ვხედავ: მოკლე გაზაფხულებს
სცვლიან-შემოდგომანი...

სიკვდილის გზა ცისფერია


ჰკვდები ხმალმოღერებით-
იმპერიებს იგერიებ
სისხლის წამოხველებით

ფეხზე დგახარ, გცემს ზურგ-ქარი...


მაშ, წინ! წინ და ზემოთ!
დათვი მჭლე და შენ მსუქანი
დათვი მჭლე და შენ მსუქანი.
საქართველოვ ჩემო!!!

(***გოგონა კითხულობდა)

გოგონა კითხულობდა
ლექსს, ძვირფასს, მღელვარებით
და სულის ფორიაქს ამაოდ მალავდა...
უფსკრულში დაეშვა მუქლურჯი მწვერვალებით, -
ანაზდად დარბაზში პოეტი დალანდა...

გაწითლდა, გათეთრდა, გალურჯდა, გაყვითლდა, -


ანდაზად თვალი ჰკიდა საყვარლად ჭაღარას...
პოეტი დაჯდა და პოეტი გაფითრდა -
გისმენო, შვილო შემო, და თავი დახარა...

გოგონა კითხულობდა
ლექსს, ძვირფასს, მღელვარებით
და სულის ფორიაქს ის აღარ მალავდა,
უფსკრულებს დაეშვა მუქლურჯი მწვერვალებით
და თავის განწირვით მის დამწერს ზარავდა...

სული, მომწყვდეული იმ ხორცის დილეგში,


თრთოდა და იწვოდა, სისხლი გამშრალიყო;
იცოდა გოგონამ- რაც იყო იმ ლექსში
და ისიც იცოდა - ლექსში რაც არ იყო...

ის იყო ნატიფი, ის იყო კაფანდრა,


ის – სისხლით ცისფერი და ჯიშით რჩეული,
იყო - რა დიდი და იყო - რა პატარა!
და იყო პოეტი ბალღისგან ძლეული...

გურამ რჩეულიშვილის ხსოვნას

გურამ! ახალციხესთან ტბა ყოფილა -


მე რა ვიცოდი!
გურამ! ტბასთან სათიბი ზღვად ყოფილა,
მე რა ვიცოდი!
იქ სლავურ სოფელს რა უნდოდა,
მე რა ვიცოდა!
და სანადიროდ, საკალმახოდ, ცხენთა სახედნად
რომ მპატიჟობდი,
ვეღარასოდეს თუ ვერ გნახავდი,
მე რა ვიცოდი!

„ნელი ტანგოა“ ეს ქვეყანა,გურამ!


ხომ არ იცეკვებო, - ათასჯერ მორიდებით მკითხეს!...
აბასთუმანში, ჭიქა არაყზე,
„გურამი დამხრჩვალაო“, -
სხვათაშორის ბიჭებმა მითხრეს...

აწ გვაგონდები
ჩუმი სევდით და ჩუმი წყენით,
ვინც კაცურ მჯიღით გრანიტებს ფშვნიდი
გურამ
შენს წიგნზე დავხატეთ ცხენი -
შენს კისერს უგავს
კისერი - მშვილდი!

(***დაგრძელდა შემოდგომა, ზამთარი იგვიანებს)

დაგრძელდა შემოდგომა, ზამთარი იგვიანებს,


საჩუქრად
ოქროსფერმა
დღეებმა
იკრიალეს...

არის ილუზია: ისეთი საღამოა, -


ზამთარი
საერთოდ,
საერთოდ
აღარ მოვა...

ღმერთო, მაპატიე, - ჭმუნვა განმიქარდა:


რაღაც
მიხარია,
რაღაც -
გამიხარდა.

(***დიაცი ჯინსით)

(იუმორესკა)

დიაცი ჯინსით!
გამოკრული არტახში ტანი!
თვალი გამექცა...
ახალგაზრდას ვარიგებ პოეტს:
- გახსოვდეს ქალი,
ამ ცხოვრების „ანი“ და „ბანი“! -
ის იღიმება:
- ჩვენ ბოდიში, ეტყობა, „ჰოეც“!

(***დიდებულად წვიმს, დიდებულად - თოვს)

დიდებულად წვიმს, დიდებულად - თოვს,


დიდებულად ქრის ქარი ქარაშოტი...
არ დაგცდეს საყვედური წვიმაზე, ქარზე -
არ თქვა წუთისოფლის
აუგი არასოდეს!

საზიზღრად იწვიმებს, საზიზღრად ითოვებს,


საზიზღრად იქროლებს ქარი ქარაშოტი,
ჩვენ რომ დავიღლებით, ჩვენ რომ არ ვიქნებით
და სხვა რომ იქნება -
მკერდზე ყაყაჩოთი!
(***დილის ბინდში ვერის ხიდზე მოვხვდით)

დილის ბინდში ვერის ხიდზე მოვხვდით...


თოვდა, თოვდა... რა კარგია თოვა...
გადამიდგა და ბოდიშის მოხდით
გამაჩერა, სიგარეტი მთხოვა...

მივაწოდე, - გაიხარა კაცმა,


მოვუკიდეთ, - მთვრალი ვარო, მითხრა,
გავაბოლეთ, - გულის ფსკერზე დათბა,
სთქვა მადლობა, რა დროაო, მკითხა...

მე ვუთხარი, - ხუთი იყო დილის,


ხიდზე დავრჩი, ის გავიდა გაღმა.
„ეჰეჰეი!“ - შეუძახა თბილისს
და ღიღინით ვერის შეღმართს აჰყვა...

თოვდა, თოვდა, სიგარეტი გვქონდა,


თოვდა, თოვდა, რა კარგია თოვა...
რა კარგია - რა ბევრი და ცოტა:
თოვლში კაცმა სიგარეტი მთხოვა!

(***ვერაფერი გამიგია)

ვერაფერი გამიგია,
ცხოვრებაში რა ხდება;
ყველაფერი წამიგია -
მეგობრები მაკლდება.

ბრაუნინგით არ მომკვდარან,
ვინც დღეს ჩემთვის მკვდარია,
არც ფანჯრიდან გადმომხტარან -
მშვენიერად არიან.

უფრო ხშირად ახლა შინ ვარ,


წვიმას ვნატრობ შხაპუნას:
შევსვათ! ყველა თავის წვრილმან
საზრუნავში ჩაფლულა!

ყველა თავის ნავში სხდება,


ყველამ სადღაც გაცურა,
ყველა კვდება, გული მწყდება -
წასულან და წასულან!

და დღეები გადის ზანტად,


ღამეები გროვდება,
ვიღაც უსაშველო ლანდად
მწუხრში მიახლოვდება...

მინდა მთაზე ავირბინო,


ზღვის მიქცევა ვიხილო,
თავში ხელი წავიშინო -
რაც მომხვდება, ვიყვირო.

(***ვინც გინდა იყოს)

ვინც გინდა იყოს,


კიდევაც რომ რუსეთი სძულდეს,
ვერ გეტყვი რად და
დამარცხება რუსეთის სურდეს.

იყოს, ვთქვათ, თურქი,


გერმანელი, ჩინელი, ფრანგი -
ჩამოთვლა მათი
არ არისო, შენ ამბობ, კარგი -

ჰო, კი, ბატონო!


ჩახედული საქმეში თუა,
აზროვნებს თუკი,
თუ აქვს გული და თუ აქვს ჭკუა,

არ შეიძლება,
არ იქნება, პატივი არ სცეს
დღეს მეცხრამეტე
საუკუნის რუსეთის კაცებს!..

კი, შესაძლოა, -
ძლიერება რუსეთის გშურდეს,
მაგრამ რა პირით,
რა ნამუსით პუშკინი გძულდეს?!
კი, გძულდეს ერი -
ზოგი თხისკენ და მგლისკენ ზოგი -
თქვი, არ გიყვარდეს
რა მიზეზით, სიტყვაზე, ბლოკი?!

ან დოსტიევსკი, -
ძე-კაცისას რომელიც ხედავს
სულის უფსკრულებს,
და კაცთათვის კურცხალი სწვეთავს?!

მეხრამეტედან
მეოცეში გამოსცემს ექოს
მათრახი ვისიც -
რა მინდაო, რას ეტყვი ჩეხოვს?!

და ლომისთავა
მაგ ტოლსტოის რას ეტყვი ბოლოს,
რომლის უმაღლეს,
სადღაც იქვე, უფალი ცხოვრობს?!

მაინც, რა იყო
საუკუნე უცებ ცხრამეტი -
გამოუყვანა
რანაირი რუსეთს ამინდი,

რომ იშვნენ კაცნი


მის წიაღში დიდთაგან დიდნი.
საკაცობრიოდ
ქმნილებანი დააწყვეს მკვიდრნი!

იმ მეცხრამეტემ -
და მეოცეც სთთვალავშია -
ტყაპუჭიანი
ეს რუსეთი ხალხად აქცია...

მე უცხო ეტლში
ვერ იტყვი, რომ ოდესმე ვმჯდარვარ.
არამც და არამც
შენც იცი, რომ მედროვე არ ვარ.

და მეტიც - ის ვარ,
ვინც შენსავით ცის გახსნას ელის.
მწამს ჩემი ჯიშის,
ჩემი სისხლის და ჩემი გენის.

და მაინც გეტყვი:
რწმენა ჩვენი - დია კარგია.
ბრმა სიძულვილი -
ვერაფერი იარაღია!

ვოი!

- ვოი!
რა უფერულია სიკვდილი ლოგინში!
ვიო, რა საშინელია სიკვდილი ლოგინში!
ისიც ლოგინში მომკვდარა, ოღონდ -
ყინულის ლოგინში!..

ვოი, კალა-უშგული შეკრებილა -


ყანას და სათიბს მომცდარა.
მთელი სვანეთი შეკრებილა,
მთლად საქართველო შეკრებილა,
შხარასთან ღრუბელივით მომდგარა...
ვიო, შხარა სისხლით შეღებილა -
კოხტა თიკანაძე მომკვდარა...

ბექნუ ხეგიანს
და ბექნუს ლომებს
გურამის ნეშტი
უპყრიათ ხელში,
ბექნუ ხერგიანს
და ბექნუს ლომებს
მშრალი ბურთები
გასჩრიათ ყელში.

გურამ თიკანაძეს შხარა აუღია,


რაც მოხდა, დაშვებისას მიმხვდარა:
საკუთარ ხელით პალო დაუგია,
საკუთარ პალოზე მომწყდარა...

ცოცხლისგან საყვედური აუგია -


თოკი ერთადერთი ჩაუბია -
თავი სიმამაცით წაუგია,
ვოი-ვო, სიმამაცით მომკვდარა!..

ბექნუ ხეგიანს
და ბექნუს ლომებს
გურამის ნეშტი
უპყრიათ ხელში,
ბექნუ ხერგიანს
და ბექნუს ლომებს
მშრალი ბურთები
გასჩრიათ ყელში...

„ხოჩა საკაცე გამითალეთ,


დავაწყო ხორცი და ძვალი,
სიკვდილი სიცოცხლედ ჩამითვალეთ,
აღმართში კვნესით ამიტანეთ,
ვაკეზე, მითხარით ზარი!..“

უშგულში გამოვარდა ივდითი ნიჟარაძე,


შეჰკივლა, გაიკაწრა ლოყა;
ფოსტლების ფლატუნით უხნესი დიაცი
საკაცეს ფეხდაფეხ მოჰყვა:
„თეთნულდმა რა მოგცა? უშბაზე რა გქონდა?
შხარაზე რა გინდოდა, გმირო?!
ვო, გურამ, რამხელა ბეჭები დაგქონდა -
რამ დაგაპატარავა, შვილო?!“
ასი ცხენოსნით
უშგული გახლავს
და ბეჭზე მიდევს
შენი საკაცე...
შენ დაგეუფლა
ძილი და დაღლა,
შენ დასახარჯი
უკვე დახარჯე...
შენ გაიელვე
ღრუბლებზე მაღლა,
შენ საქართველოს
ღამე გახაზე...
ასი ცხენოსნით
უშგული გახლავს
და მიტივტივებს
შენი საკაცე...

ვოი, რა უფერულია სიკვდილი ლოგინში!


ვიო, რა საშინელია სიკვდილი ლოგინში!
ისიც ლოგინში მომკვდარა, ოღონდ -
ყინულის ლოგინში!..

გურამ თიკანაძეს შხარა აუღია,


რაც მოხდა, დაშვებისას მიმხდარა:
თავი სიმამაცით წაუგია,
ვოი-ვო, გურამი მომკვდარა...
ცოცხლისგან საყვედური აუგია,
ჩაუქი მკვდარიც ჩაუქია -
ვარსკვლავი
ვარსკვლავებს მომწყდარა.

(***ვშლი ვფურცლავ ედგარს კიპლინგს ბაირონს)

ვშლი ვფურცლავ ედგარს კიპლინგს ბაირონს


(აქ პოეზია ნაირნარობს!)
მიუსეს ხაიამს ჰაფიზსა
(აქ პოეზია აბრეშუმს გვაფენს)
ახლებს პოლ ვალერას, ელიოტს, ლორკას
(აქ პოეზია სხვა ცეცხლით ბორგავს)
რამდენი ოქრო რამდენი ვერცხლი
გულის რამდენი ნამდვილი რეჩხი
ბლოკს საფოს მისტრალს მარინას ბელალს
ბოლოს რიგ რიგად გადავდებ ყველას.

თამუნია ქავთარაძეს

პირმოღუშული სახითა
აქ მრავალს ჩაუვლია...
შენ ამ ქალაქში რა გინდა,
პატარა თამუნია?!

ქალაქი - დიდი იმედის!


ქალაქი - ტყუპი მექის!
დადიან ბრძნული ხველებით
ვეტერანები ჭლექის...

მთაში ირემი აყვირდა


ტირილი გაურია...
შენ ამ ქალაქში რა გინდა,
პატარა თამუნია?!

სად უცხო ჭალაკი არი


და სად ვიწროში ბღავის
არაგვი - არაგვიანი,
იქ უნდა კრეფდე ყვავილს!...

პირმოღუშული სახითა
აქ მრავალს ჩაუვლია...
შენ ამ ქალაქში რა გინდა,
პატარა თამუნია?!

ანანურზეით სოფელი...
წელში გაჩრილი წალდით
ტყეს წავა მამა მშობელი -
მუშტისტოლაა დარდით...

მთაში ირემი აყვირდა


ტირილი გაურია...
შენ ამ ქალაქში რა გინდა,
პატარა თამუნია?!

(***კაცი სხვის რითმებს წვრთნის)

კაცი სხვის რითმებს წვრთნის, -


სახავს უწყინარ ლაღობად,
გალაკტიონი თვლის
ჯიბეში ხელის ჩაყოფად.

წერს: „რა ხდებაო ეს?!“


წუხს: „ჯოგის ხელში ცვდება -
სადაც ჩავხედე ლექსს,
სულ ჩემი რითმა მხვდება!“

წერს: „რითმაც უთაქია,


რიტმებსაც ჩემსას ავლენს, -
იცოცხლე, უთარგმნია
ბლოკი მშვენივრად პავლეს!“

„მართალი გახლავს ზოგი,


ვინც ქართულ თარგმანს აქებს,
კი, ნაღდად იგებს ბლოკი,
ოღონდ - პავლია აგებს!“

„ქურდობს დღისით და მზისით,


ძარცვაში ტოლი არ ჰყავს,
ქარგავს რითმებით სხვისით,
სხვისი რიტმებით ჩარხავს...“

და იქვე დასძენს: „სხვაა,


და არც არავის არ ჰგავს,
გალაკტიონი - ზღვაა,
ამით არაფერს კარგავს...“

კაცი სხვის რითმებს წვრთნის, -


სახავს უწყინარ ლაღობად, -
გალაკტიონი თვლის
ჯიბეში ხელის ჩაყოფად.

(***კაცური კაცის ცხოვრება)

კაცური კაცის ცხოვრება, -


გზა, წიგნი სისხლით ნაფერი, -
ხელახლა აიწონება,
ხელახლა - სუყველაფერი!

მედროვის ყალბი დიდება, -


მკვახედ და მკუხედ ნამღერი, -
ხელახლა გაიჩითება, -
ხელახლა სუყველაფერი!

გაზაფხულს წყალი დიდდება -


იქნება მწუთხე ნაპირი!
იქნება ჯვარცმა, კირთება -
ხელახლა წაიკითხება,
ხელახლა -
სუყველაფერი!

ლეგენდად დარჩეს!

გალაქტიონი ტიციანთან ყოფილა უბრად,


ტიციანს თავის პოეტებში ჰქონია სუფრა,

და იჯდა თურმე ჩვენი დენდი საერთო ჯამთან -


უხორცო იყო, ცოტას სვამდა და ცოტას ჭამდა,
გალაქტიონი შემოსულა დუქანში ამ დროს,
მარტო დამჯდარა, მარტოსული, და უსვამს მარტოს;
არ მიუხმია ის ტიციანს, არა და არა,
და ასე უბრად, უხერხულად კარგა ხანს მსხდარან.
უცებ… (მახლობლად პურს ნაჭამა რეგვნების ჯგუფი)
გალაქტიონთან ერთ-ერთ რეგვენს მოსვლია ჩხუბი:
პოეტი მეფე ვერც მიმხვდარა რატომ და რისთვის, -
უკადრებია რეგვენს სიტყვა რეგვნული მისთვის…
აჰფეთქებია აქ ტიციანს უეცრად დენთი,
წამოვარდნილა ჩვენი ლორდი და ჩვენი დენდი,
დაუდგამს ჭიქა, შეუხსნია კისერზე ბანტი
და უხეთქია რეგვნულ შუბლში რეგვნისთვის კვარტი.
და დარევიან პოეტები ერთპირად რეგვნებს
და ჭახაჭუხი შესდგომიათ ბოთლებს და ნეკნებს;
და როცა ჩვენი ლომკაცები ბრძოლით დამძღარან,
დაუფრენიათ თხებივით და ომი დამცხრალა,
– ტიტე, ძამიკო! – შეშლილივით აყვირებულა გალაქტიონი
და ორთავე ატირებულა ორპირის ფშანზე
გაზრდილ ბიჭებს უეცრად გული ამოსჯდომიათ,
ხვევნა-კოცნა შექმნილა ძმური;
გადმოსცვენია შვების ცრემლი ტიციანს მისით,
რაც ექნებოდათ სამდურავი იციან, ვიცით!
დიდი ბავშვები! ამდგარან და და დამსხდარან ერთად
და პოეზია უთქვამთ პირველ საერთო ღმერთად.
პაოლოს გარდა ამ საქმეში ყოფილა გოგლა,
ყოფილა სმა და გადარევა ყოფილა ოხრად.
ეს ყველაფერი მე მიამბო „არაგვში“ გალამ
და, თუ ვუმატებ, ანუ ვაკლებ, ან რამეს ვმალავ,
არამი იყოს ის წარწერა: „სულით და გულით!“
იქ, იმ სარდაფში მიღებული ღვინო და პური!
გული გულს იცნობს, ღონე ღონეს, მარჯვენი მარჯვენს…
ლეგენდად დარჩეს, მეგობრებო, ლეგენდად დარჩეს!

(***“ლექსის მწერალი ხშირდება)

„ლექსის მწერალი ხშირდება,


სამწუხაროა რაიც!
რამდენი რამე სჭირდება
პოეტს, ჩვენს დროში მაინც!“ -
ეს კონსტანტინემ, იძრო რა
შაბათს, მწერლების ბაღში,
მგოსნებისაკენ ისროლა
განხეთქილების ვაშლი.
დიდოსტატები სწყალობდნენ
ბაღს, და აქ ისხდნენ ხშირად,
სუროში შაშვი გალობდა,
რაღა თქმა უნდა, ფრთხილად.
სთქვა ბესო ჟღენტმაც: „მრავლდება
დღეს ლექსის მოწადინე,
ცამდის მართალი ბრძანდება
ბატონი კონსტანტინე“.
ცოდვილი ვაშლი გაგორდა
და, უკვე წასწვდნენ რადგან,
მათ დემნა მიუახლოვდა,
ასე, ორ მეტრში დადგა.
ირაკლიმ ხელი ჩაჰკიდა
ბაღის ბოლოში სიმონს,
გოგლა ხიდს მოდგა გაღმიდან,
შემოუერთდა იმ ორს.
მესმე რანგიც მოხროვდა,
მეორე რანგის გარდა,
და დიალოგზე მოგროვდა
გამსახურდიას სკამთან.
„ლექსის მწერალი ხშირდება,
ლექსი კი არ ჩანს მაინც!
რამდენი რამე სჭირდება
ნამდვილ პოეტს და რაინდს!“ -
საკითხი განსახილველად
და ვაშლი ცხვირწინ ედოთ,
და სთქვა ირაკლიმ პირველმა,
ეს გახლდათ მისი კრედო:
„პოეტი წლობით ღვინდება,
მართლა პოეტი თუა!
პოეტს იღბალი სჭირდება
და, რა თქმა უნდა, ჭკუა!
სიმხნე და გამჭრიახობა,
ფხიზლად განჭვრეტა დროთა!
სიბრძნე და პატრიარქობა -
ამას გვასწავლის შოთაც!“ -
არ დაეთანხმა ირაკლის
და იუარა გოგლამ:
„სად სიყრმე ყირაყირა ჰქრის,
იქ სიბრძნემ ლექსი მოკლა!
პოეტს ჯერ სიმხნე სჭირდება,
მყვირალობა და ბუკი!
ლექსს ვინ მისცაო დიდება
გარეშე სიჭაბუკის!“
სიმონმა გოგლას ღიმილი
ჰკადრა და მოჰყვა სწრაფად:
„პოეტს სჭირდება ტკივილი,
პოეტს სჭირდება ჯაფა,
სჭირდება ვრცელი გზაშარა,
ბევრი წვა, ბევრი ფიქრი,
ინტელექტი და განსწავლა,
მწიგნობრობა და წიგნი!“
სუროში შაშვმა დასტვინა,
მზე შუბისტარზე იდგა,
ვრცლად აღარავინ არ ცდილა,
მოკლედ მრავალი ითქვა.
თან კვერს უკრავდნენ ირაკლის,
თან თაკილობდნენ თმობას -
მუხრანმა: „გრძნობა სიახლის!“
გრიგოლმა: „ფორმის გრძნობა!“
ალიომ: „მხოლოდ იდეა!“
(კოლაუ იდგა განზე...)
კარლომ თქვა: „საქმე ჰკიდია
წერასთან ერთად ფხაზე!“
სთქვა მარგიანმა: „მარილი
მთავარიაო სვანში!“
სთქვა ნონეშვილმა: „ყვარელი
და სტუდენტობის ტაში!“
თავისთვის იჯდა ჩრდილში,
არას იტყოდა ანა...
- ნიჭი, ძამიკო, ნიჭი! -
გალაკტიონმა ბრძანა.

მახსოვს!

სოსო იორამაშვილის ხსოვნას

ეს ერთი სიტყვა უნდა ავიხირო -


მახსოვს!
შენი დათვისისხლა შავი ღვინო -
მახსოვს!
შენგან მოძღვნილი არყის ბოცო -
მახსოვს!
შენგან მოწვდილი ტახის ხორცი -
მახსოვს!
იორ-მუღანლოში სადილობა -
მახსოვს!
შენ რომ შემაყვარე ნადირობა -
მახსოვს!
შენ რომ ლელიანის კატა მაპოვნინე -
მახსოვს!
შენ არ ესროლე და მე რომ მასროლინე -
მახსოვს!
მე რომ პირველი ხოხბით გავიხარე -
მახსოვს!
შენ რომ დაიხარე და აიყვანე -
მახსოვს!
ივრის ჭალები აქოჩრილი -
მახსოვს!
ეგ მხრები ბრეზენტით გაკოჭილი -
მახსოვს!
მზისგან დამწვარი გორმახები -
მახსოვს!
შენი თათარი ყონაღები -
მახსოვს!
ბოლო ხანებში გვეღლებოდი -
მახსოვს!
მახსოვს, ხელიდან გვეცლებოდი -
მახსოვს!
„მეც ვბერდები და ძაღლიც ბერდებაო“, -
მახსოვს!
„ჰაუ, რანაირად თენდებაო!“ -
მახსოვს!
ლექსებს მიკითხავდი კოცონთან -
მახსოვს!
ეს ოთხი სტრიქონი მოგწონდა -
მახსოვს!

„გახედე: კახეთი! დამსკდარა ატამი,


რა მალე მოვიდა აგვისტოს პირველი.
გარეულ ჭალებში ტრიალებს ქათამი,
ჭაობში იხვია მოწყენით მზირველი“...

(***მელიქიშვილის გამზირი)

მელიქიშვილის გამზირი,
ია, ვარდი და ბზა...
უშენოდ ვეღარ გავძელი,
ჩემი ბალღობის გზავ.

გზად სტუდენტობა იჩქარის,


მძებნელი მზის და გზის.
სად არის ახლა ის ქალი?!
ალბათ, აკვანთან ზის.

იქნებ რუსთავი არჩია,


იქნებ სამგორშიც ქრის,
იქნება ისევ ბავშვია,
თვალებიც შერჩა შვლის.

და ელანდება დამწველი
კვლავ სტუდენტობის გზა -
მელიქიშვილის გამზირი,
ია, ვარდი და ბზა.

(***მეტეხის კლდეში სწერია)

მეტეხის კლდეში სწერია


ოთხი სტრიქონი ბრწყინვალე:
- რა უფრო მშვენიერია:
დიაცი - უბემჩინარე,
თმადათოვლილი მოხუცი,
ჩვილი - აკვნიდან მცინარე,
ვაჟკაცი - ომში გასული,
მამულისათვის მძვინვარე,
თუ უკვე შუბლგაჩეხილი -
გაუღვიძებლად მძინარე?!

მეშინია!

ეს სოფლები:
ეს ლიქოკი, ეს არხოტი,
ცარიელა
ეს პარტახი საიგავო,
მეშინია,
ეს სამოთხე, ეს წალკოტი
სხვა არავინ
მოვიდეს და დაიკავოს!

შქმერს სათიბზე
არ დავობენ მეზობლები,
ძაღლი არ ჰყეფს,
ძაღლი არ ჰყეფს ბარისახოს!
ვაითუ ვინმეს
მოეწონოს ეს სოფლები,
ვაითუ ვინმე
მოვიდეს და დაესახლოს!

ეს სხიერი,
ეს ლიქოკი, ეს არხოტი
არ ჩააქრო,
არ ჩააქრო! - გაფიცებდი.
არ წააგო,
არ წააგო ეს წალკოტი! -
დამიხსომე,
ასი წლის წინ გეძახოდი,
დამიხსომე,
განჯღრევდი და გაღვიძებდი!
(***მიყვარს ქართულად, მძულს ქართულად)

მიყვარს ქართულად, მძულს ქართულად


ვმღერი ქართულად
მადლობა ღმერთს ნება დართულად.

შანსი მქონია არ მომირთხამს


ფეხი თათრულად,
ვზივარ და ფეხი ფეხზე მიძევს, ეგეც ქართულად.

და კი ბატონო თარგმნეთ რუსულად


თარგმნეთ სპარსულად
მაგრამ მე მიყვარს, მე მძულს
მე მწამს, მე ვწერ ქართულად

მე ყოვლად ქართველს
ყოველივე მიყვარს ქართული
ამიტომაც ვარ ქართველებთან წელგამართული.

მკითხე და გეტყვი!

მკითხე და გეტყვი: რისი თამარი! –


ქართლის ცხოვრების რა ვიცი მეტი!
დავითი იყო ჩვენთვის მთავარი!
დავითი იყო... პირველი სვეტი!

მკითხე და გეტყვი, რის ვაჟა, მენდე,


ერის მეობით და თვისი „მეთი’’,
არც თვითონ შოთა! - დავითის შემდეგ
ილია იყო... მეორე სვეტი!

გაზნექილია
ქარში ალვის ხე,
აწეწილია სამშობლოს ხედი...
ღმერთო, გვაღირსე,
ღმერთო, გვაღირსე,
ღმერთო, გვაღირსე,
მესამე სვეტი!
(***მოცოცავს, მოცოცავს მთებზე გაზაფხული)

მოცოცავს, მოცოცავს მთებზე გაზაფხული,


ვაი, მომამტვერა ყვავილის მტვერი...
ჩემი მოსისხლე და სამტროდ გაწაფული,
ჩემი მეგობარი და ჩემი მტერი.

აბასთუმანში ახლა ზამთარია,


თბილისშიც ჯერ შტოზე კვირტი მაქვს დათვლილი,
აპრილი - ნორჩი მხატვარია,
ფანქრები ცუდადა აქვს წათლილი.

მაინც იხატება ქვეყნის კონტურები,


მწვანე აბლაბუდა იბლანდება...
აგერა, ტყემლები თეთრად მორთულები -
ქვეყანა ახლად იბადება...

ღამით ბუტბუტებენ ბნელში ვიღაცები,


„ჩუ-ჩუო!“ - ერთმანეთს აჩუმებენ;
მთელ ღამეს უძილობით ვიქანცები,
ეგ თურმე - კვირტები ფაჩუნობენ...

დილით კი სარკმელში ოქროს ნაწნავია -


სენაკს მოაშურეს ნაცნობს,
გაზაფხული - ჩემი წაწალია,
ვაიმე, რარიგად წაწლობს!

მოცოცავს, მოცოცავს მთებზე გაზაფხული,


ვაი, მომამტვერა ყვავილის მტვერი...
ჩემი წაწალი და მოსისხლე გაწაფული,
ჩემი მეგობარი და ჩემი მტერი!

(***“მშვიდობით, ცოლო! მშვიდობით, შვილო!)

„მშვიდობით, ცოლო! მშვიდობით, შვილო!


მშვიდობით, სახლო! მშვიდობით, კარო!
მშვიდობით, ლხინო! მშვიდობით, ღვინო!
მშვიდობით, პურო! მშვიდობით, წყალო..!“
ამას ამბობდა, ვინც მოკვდა დღემდე, -
ტახტზე წახდა თუ ომში კვდებოდა, -
ამას იტყოდა, ვინც ვერ თქვა, მენდე,
როგორც „ანს“ და „ბანს“ , რომ შესძლებოდა.
თებერვალია და წყალი - ხეში!..
მაგრამ მოხდება, რაც სხვისთვის მოხდა,
და ცელით ხელში, უსიერ ტყეში
გაჩნდება იგი პოეტის ქოხთან...
„მშვიდობით, ცოლო! მშვიდობით, შვილო!
მშვიდობით, ლხინო! მშვიდობით, ღვინო!
მშვიდობით, პურო! მშვიდობით, წყალო!
მაგრამ სდექ, ძველო ჭალის წისქვილო!
სდექ-მეთქი, სანამ არ არის გვიან!
ვაი, სირცხვილო! ვაი, სირცხვილო!
რაც გინდა თქვი და, პოეტი ჰქვია!
რას დაუმატებს ათასჯერ ნათქვამს?!
რას, რას გვიბარებს, ან ვისთვის კვდება?!
რას დაუმატებს სიცოცხლეს - რადგან
პოეტის ბედი სიკვდილით წყდება!..
და წამოიწევს პოეტი მაშინ
დ ყურს ცქვეტს მაშინ ღვია და დეკა
და შეჩერდება მზე წუთით ცაში
და მაღლა ცაში ატყდება რეკა...
„მშვიდობით, ნისლო! მშვიდობით, ჯანღო!
მშვიდობით, ძმებო! მშვიდობით, მტრებო!
მშვიდობით, ჩემო მამაცო ხალხო!
მშვიდობით, ჩემო ქორბუდა მთებო!
მისახვედრებო, სულ მარტივებო -
თქვენც, თქვენც მშვიდობით, ჩემო საწყლებო.
თქვენ, აწ და მარად ტურფა ქვრივებო -
დაქვრივებულო ჩემო ზრახვებო.

ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო

ჩემო თვალნათელო, ჩემო სანატრელო,


ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო.
ყოფილა დავით-მეფე-აღმაშენებელი,
ყოფილან ოპიზრები-გასაშტერებელი;
ყოფილა მოდრეკილი, ყოფილა ცურტაველი,
რასაც მოჰყოლია შოთა რუსთაველი...
ჩემო მიმინო და ჩემო ფრთანათელო,
ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო.
ყოფილა ნიკოფსით-დარუბანდამდე
გაჭენებული და გამოჭენებული;
რტოებგაშლილი და გამოჩინებული,
ყოფილა ორ-ზღვას-შუა აღმოცენებული.
ფიე, საქართველოს ჰყოლია ვასლები!
თამარს უკრეფია სულ ოქროს ვაშლები!
ტევრი გვიწალდია, ისე გვიზარდია,
რომ გავმზადებულვართ ახალ ბიზანტიად.
მაგრამ უცაბედად მატლი არეულა,
ბორბალი უკუღმა დატრიალებულა.
ჩვენთვის მონღოლია პირველი სასჯელი.
მონღოლს მოჰყოლია თურქი და სპარსელი.
ტურფა საქართველო ყორნებს წაუღიათ,
სპარსეთს და ოსმალეთს შუაზე გაუყვიათ.
ჩაშლილა თვალი და ჯაჭვი ჩარღვეულა,
იყალთო დაკეცილა, გელათი დანგრეულა.
ოთხ მეფეს სულ სისხლის ცრემლები უცრემლია,
ოთხივეს საბრალო ლექსები უწერია,
-რა დროს ლექსიაო, მოუკვდა პატრონი!-
ხმლით შემოვარდნილა ერეკლე-ბატონი...
ამას მოჰყოლია: „ვაჰ, დრონი! ვაჰ, დრონი!“
ჩემო თვალნათელო, ჩემო ფრთანათელო,
ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო!

ოთარ ჭელიძეს

გაზაფხულზე ყაყაჩო - ყვავილია,


თიბათვეში, გასთიბავენ და - თივა.
ყვავილობა, იცოდე, ჩავლილია -
ოთარ, გული მტკივა.
გული მტკივა, მომაშველე რამე,
შემახსენე საზიარო სიყრმე,
მომატყუე, რომ შორსაა ღამე,
ხალისიან საღებავებს მიხმე.
შენც გჭირდება, ძმაო, ჩემი ხელი,
მეც მჭირდება, მომიფინო წყლული.
ისევ შენ და ისევ შენი ცხელი,
მტკივანი და უღალატო გული!
მე ვიგონებ ფიროსმანის ქუჩას,
პირველ ლექსს და ცაში პირველ ფრენას
მზეგარეულ დღეებს ერთიმუჭას
და ცალთვალა შენს პაწია სენაკს.
გავლილია წუთისოფლის ბინდი,
ავლილია მოქანავე კიბე -

გიხაროდეს, ოქროს ზვირთში ცხონდი,


აღმართ-აღმართ მწიფე ლექსი ჰკრიფე!
დაღმართ-დაღმართ ვეშურებით ახლა,
ძირს მოვყვებით მზის ჩასვლისას ქუჩებს,
და ერთ-ერთი, ვიცი, ასწევს მაღლა
ყვავილებით დამძიმებულ ჭურჭელს.
ჯერ კი მაინც მზე დაგვღუის ციდან,
დაბადებით პირდაპირს და ჯიუტს
თავდაღმართშიც გაგაგონო მინდა:

„ტია-ტია, ტიუ-ტიუ-ტიუ“ .
დაგეკარგო უნდა ორი კვირით,
მოგიტანო მოძებნილი ხმები,
მომაგებო საკოცნელი პირი,
მოგიშვირო ჭლექიანი ყბები...
შეცდომაზე გვისწავლია, ოთარ,
უშეცდომოდ არ გვივლია გზები,
კი გვწყენია ერთმანეთის ცოტა -
გავწმენდილვართ ძმები...

გაზაფხულზე ყაყაჩო - ყვავილია,


თიბათვეში, გასთიბავენ - თივა.
ყვავილობა, იცოდე, ჩავლილია -
ოთარ, გული მტკივა.

(***ორმოცდაათის მერე)

ორმოცდაათის მერე
ვატყობ, ადვილად ვთვრები.
ვწუხვარ, გულს ვეღარ მტკენენ
ჩემი პატარა მტრები.

ხომ ისევ იმას წერენ,


ვლიან იმავე გზებით -
ორმოცდაათის მერე
შემწყნარებელი ვხდები.

დრო ჰქრის როგორღაც სწაფად,


ვატყობ, დამოკლდნენ წლები...
ეს სიბერეა, ალბათ!
ვხვდები, ძამიკო, ვხვდები!

(***ორღობის თოვლში კაცები დგანან)

ორღობის თოვლში კაცები დგანან -


ჰკვნესენ, კასპისას კლდეს გასცქერიან,
„ვეფხისტყაოსნის“ სამებას ჰგვანან -
თოვს და სამშობლოს ზამთარს შვენიან...

არც ნამეტნავად მთვრალები ჩანან,


არც მთლად ფხიზლებში სწერიან...
„საქართველოო, ლამაზო“... -
ჩემი დაიას ლექსსა მღერიან.

პროფესორ გიორგი ნაცვლიშვილს და მის მოწაფეებს

გილიოტინით
ორთავ ხელი, მაჯაში წაჭრილი,
ბასტურმასავით
ჩაწყობილი ემალის ქვაბში,
შემოაქვთ ცალკე,
მოაგორეს ცალკე ყმაწვილი -
ცხრამეტი წლისა,
უწვერული,
სრულიად ბავშვი.
საჭირო არის
წაკერება მაჯაზე მტევნის,
გადარჩენა როგორმე ბალღის,
მაშასადამე
გამოჩხრეკა ყოველი ნერვის,
ზუსტად მორგება
შესატყვისი
ყოველი ძარღვის.
და ჰა, ქართველი
დასტაქრების გამოდის გუნდი,
გადასაჭრელად
უბედური ყმაწვილის ბედის -
ხუთი მამაცი,
ხუთი გმირი, ვაჟკაცი ხუთი
ხელებს იბანს და
ნირშეცვლილი
ყმაწვილთან შედის...
არის თუ არა
ეს, საერთოდ, მასალა ლექსის?!
ვფიქრობ ჩემთვის და
აბუზული ტალანში ვდგავარ;
ხმა გამოისმის
პალატიდან გმინვის და კვნესის,
მეც გასაჭრელი
ამ ხალხს, ვიცი
ხვალ თუ ზეგ ვყავარ.
წუთი წუთს მისდევს,
ხუთნი ბეწვის გადიან ხიდზე
და თორმეტ საათს
დასტაქრების ომი გრძელდება,
ოპერაცია,
დაწყებული საღამოს შვიდზე,
დამთავრებულა --
დილის შვიდზე კიდეც თენდება...
სისრულეშია
მოყვანილი მაჯებზე მტევნის
წაკერება და
შებრუნება ბედ-იღბლის ჩარხის,
დიდი სიფრტხილით
გამოჩხრეკა ყოველი ნერვის,
ზუსტად მორგება
შესატყვისი
ყოველი ძარღვის.
ხოლო დასტაქრებს, -
თუ გარდახდა საბრალო ყმაწვილს,
არანაკლები
მათ გადახდათ საკუთარ წილად, -
ვხედავ: დამსხდარან
და, შემდგომად უმძიმეს ღვაწლის,
ქანცგაწყვეტილთ და
ტანგაუხდელთ სკამებზე სძინავთ...
სძინავთ ვალმოხდილთ,
სძინავთ მაშვრალთ, თენდება გარეთ, -
ჩემი სალამი
და მადლობაც მათ ჩემდა წილად -
ვარ, ვცოცხლობ, დავალ
გარდუხდელი მათდამი ვალით, -
კი, არაერთხელ
მეც ვგდებულვარ
სიკვდილის პირად...
კურთხეულ იყოს,
განწირულის ვინც ცოცხლობს შველით,
თავს დასდგომია
ვინც ჭირშიმყოფს ბნელში სანათით!
იდიდოს ღვაწლი,
გაწეული დასტაქრის ხელით,
დასტაქრის დანით
და დასტაქრის
თეთრი ხალათით!

რაჭა

1
ფრთადაწყობილი, ფრთაჭრელი
სორს ქვემოთ ქვემო რაჭაა;
მე თვითონ ზემორაჭველი
გეტყვი: - ისაა, რაცაა!
ვაზი ვაზს გადაჰკონია,
იქ - სხვავაა და კრიხია,
იქ, წესთან, ბარაკონია,
იქ - კვიტაშვილის ციხეა/
იქ - პური ცხვია თონეზე;
იქ - ხვანჭკარაა პაწია,
ვინც ჩვენ მსოფლიო დონეზე
სალაპარაკოდ გვაქცია.
იქ - ნიკორწმინდა მღერის ცად,
სხვა კოშკი - სხვა ნაპირზეა...
იქ - ქვემო რაჭის ერისთვად
ავთანდილ შარაბიძეა.
2
რიონს აღმა მივუყვები,
ჩემსას ვზვერავ ზემო რაჭას;
რა ხეობა-ჭიუხები!
რა სამოთხე! ხალხი არ ჩანს!
- მოიწყინე, მურმან, რაზე?
გვიქადიან აღმავლობას!
ხვალ-ზეგ ვერ და, ზეგის- მაზეგ
შენც ხომ ამბობ ხალხმრავლობას?!
- კი ბატონო, მყობადს ველი!
დე, მტრის თვალი შურით ენთოს!
კი, ბატონო! შენი მტერი,
ჩვენი მტერი უიმედოდ!
ვინ ისურვებს დაქცევას და
ზვარს ვინ აქცევს საბალახედ?!
ქვას ვინ ესვრის ამ სევას და
ქვას ვინ ესვრის ამ ფარახეთს?!
მარჯვნივ მრავალძალი მოფრენს,
პირტიტველას ვმოძღვრავ შოფერს:
- არ გაბრიყვდე! სულ ძუნძულით
მოაშურებს ხალხი სოფელს!
ხალხის ნიჭი, სანატრელო,
ხალხის ჯიში მაიმედებს,
ვინ, რომელი საქართველო
ჩვენს ხეობებს გაიმეტებს?!
შეხე, საკალმახე დელტას!
აქ ხეორი რიონს ერთვის.
იქ რომ კაცი ყამირს ბელტავს,
სამოსახლო მოჩანს ჩემთვის!
როგორც ქოჩაკიძეს უთქვამს,
(ტკბილ ლექსში აქვს გამოთქმული).
მანდ თუ ფაცხა არ განახო
მთა-კორტოხზე წამოდგმული,
მაშინ-ლებანიძე მოკვდეს!
მაშინ მისი ხელი გახმეს!
შეხე, რა მდინარე მოხტის!
შეხე, რა ხეობას ახმევს!..
ჯერ კი აღმა მივუყვები,
ჩემსას ვზვერავ ზემო რაჭას:
რა ხეობა-ჭიუხები!
რა სამოთხე! ხალხი არ ჩანს!
3
უყურძნო მთის რაჭა მესამე რაჭაა,
ენკენისთვეა და ჩამოთოვს საცაა,
აქეთ - უწერაა, იქ კიდევ - შოვია.
შოდაზე კიდევაც ჩამოუთოვია.
მამაღმერთს სილამაზე პირქუშად ჰყვარებია:
ლამაზი ხარო და - მთის რაჭა... ღარიბია.
ქერზე და კარტოფილზე გადივლის იოლად
გლოლა და საგლოვლო, ღები და ჭიორა
მაგრამ აქ სიცისფრეა, სხვა მზეა, სხვა ცაა -
მესამე რაჭაა, მესამე რაჭაა.
ჭრილობა გაუგრილეს რკინით დაშანთული
აქ პოეტს - ფარაონს გაუწყვეს ფანჩატური.
აქ „ნიკორწმინდისას“ პეონებს კიბავდა
გალაკტიონი და აბრეშუმს თიბავდა...
კი! ჩემი სამშობლო - ულამაზესია!
კი! ჩემი მდინარე - ურა ფაზისია!
კი! ჩემი სატკივარი - ჩემი ხეობაა!
კი! ქვეყნის დღეობა - ჩემი დღეობაა!
კი! სარწმუნოება ჩემი - მხნეობაა!

რეჩიტატივი

სალდათი დაჯდა, კვლავ კათხას დასწვდა,


„ბის!“ - იგრიალა პასუხად ქორომ.
შეირხა ჭერი, შეირყა ჭერი -
და წყვილი ვირთხა ჩაყლაპა სორომ.
„ბის!“ ერთიც კიდევ!“ - ატყდა გნიასი,
მაგრამ ხალხის წინ წარსდა დიაცი
და ღრიანცელი
ჩაახშო სოლომ.

(***რვაფეხა მზაკვრებია თვალები ჩემი)

რვაფეხა მზაკვრებია თვალები ჩემი:


წებოვან საცეცების მიცეცებ-მოცეცებით,
გელაციცებიან - ალერსით, კდემით,
უტიფარ სურვილით და
მოგონილ მოწიწებით.

რუდაქი იტყვის

პოეტზე იტყვის;-
ჯამი იტყვის, ფეჰლევი იტყვის,
რუდაქი იტყვის,
სიტყვასიტყვით ამასვე თითქმის;
შორიდან სალმით
შენს ხელმწიფეს დასდევი ფასი -
კაცია ისიც -
მაგრამ მაინც ქვეითად გასწი.

არ შეგეშალოს,
არ გაბრიყვდე, არ იყო ბავშვი, -
არამც და არამც
არ ჩაუჯდე ხელმწიფეს ნავში!

ვთქვათ, გაწყრა ღმერთი,


ქარაშოტმა დაბერა ავმა.
მიემსხვრა მეჩეჩს,
ანუ ზღვაში დაყვინთა ნავმა,
იტყვიან ერთნი:
„აეკიდა ხელმწიფეს გზაში,
ვერ უვაზირა -
ვაზირობა იცოდა ნავსი!“
იტყვიან სხვანი:
„უყვარდაო ლიქნი და ტაში!“
შენ დაგბრალდება -
ჩავარდები დუნიის ყბაში...

არ შეგეშალოს,
არ გაბრიყვდე, არ იყო ბავშვი -
არამც და არამც
არ ჩაუჯდე ხელმწიფეს ნავში!

ხოლო თუ დაცხრა,
ვინც დღეებში ქარიშხლებს ურევს,
ნავმა მშვიდობით
მიაღწია დიდების ყურეს,
დიდებას დიადს,
არ გაბრიყვდე, ხელმწიფე ჰპოვებს,
ხელმწიფის ჩრდილში
მოგიხდება დადგომა პოეტს...
კვარცხლბეკზე მდგარიც
და ქარიშხლით წყალწაღებულიც -
ასეც და ისეც
ხალხის თვალში ხარ წაგებული!
მაშ გასწი ფეხით!
პურს გიწვდიან ჩანგში და თარში!
სვი ხალხის ღვინო -
ხალხის შვილი ხალხადვე დარჩი!..

არ შეგეშალოს,
არ გაბრიყვდე, არ იყო ბავშვი -
არამც და არამც
არ ჩაუჯდე ხელმწიფეს ნავში!

სამშობლო

ჯიხვი-ქარაფზე ხტის,
ბუზს არ აიფრენთ, ქედებო!
კავკასით პონტის პირს
ძირს ჩაკიდულხართ, ხედებო!
მე რომ სიკვდილი მჭირს,
ხომ შენგნით, ჩემო ედემო?!
ამბავს წაუღებთ ვის,
თქვენ, ფრინველებო ღვთის-
წითელ-ფეხება მტრედებო?!
ლხინში-ავხირდები, ჩრდილში დაგიდგები
ჩემთვის ვაჩხაკუნებ ფანდურს, სანატრელო;
ჭირში დაგიტკბები, ბევრს არ დაგპირდები:
ფეხზე დაგიდგები ჩემო საქართველო!

სარეველა

ელეგანტურად,
ხელმწიფურად ერთის ხნით ყვავის,
ირგვლივ სინათლეს,
სიხალისეს, სიხარულს ნერგავს, -
შეხე მკაცრს, ძვირფას
შეხამებას წითლის და შავის,
ცოდვა არ არის,
სარეველა ყაყაჩოს ერქვას?!

კაცს - კი, ბატონო!


კაცს შეცდომით ხსენებულს კაცად!
კაცს შენისთანას - ჯიშით, ჯურით
ყიამყრალს შენგვარს!
ჩამოთესლებულს
ამ ჩვენს სახლში ანწლად და ღვარძლად,
წისქვილი ვისიც
ბოროტების მარცვლეულს ღერღავს!

შენი სახელის
ხსენებაზე ყორანი ჩხავის, -
რიყეში ვარ და
გულმოსული დავწვდები ჭრელ ქვას...
შეხე, რაგვარად,
რა ღირსებით, რა ეშხით ყვავის -
ცოდვაა სწორედ -
სარეველა ყაყაჩოს ერქვას!

საღამო

მდინარეში მტირალი საღამო იცქირება,


მზე ჩადის და მდინარის სარკეში იძირება.

მთები, ზღვები, ღრეები, წუთისოფლის თანახმად


გახარჯულ დღეები - ყველაფერი თავდაღმა.

გკოცნი მშობელს შობილი,


მზე წყალში გახლართულა,
აგე, კლდიდან სოფელი აარგვში ჩახატულა.

მქონდა სალაპარაკო, ვერ კი გითხარ რიდობით;


გამარჯობა, არაგვო, და კიდევაც მშვიდობით!

ჩემი ზვრები გადახმა, სხვისმა ძეძვმაც იხარა,


საქართველოვ, კოხტა ბიჭო, მე ვარ შენი წიქარა!

მზე ჩადის და მდინარის სარკეში იძირება.


მდინარეში მტირალი საღამო იცქირება.

(***უპირველესად ვაღმერთებ ქართველს)

უპირველესად ვაღმერთებ ქართველს,


მას მერე - ვისიც რამდენად მმართებს:
ქურთსა და სომეხს, რუსსა და თათარს -
ამის უფლებას მე ვინ წამართმევს!
სად ყოვლიარი გადატრუსულა
და რუხი ჩაგრავს მხიარულ ფერებს,
- გრუზინ?
- თათარი მკითხავს რუსულად
და მიმასწავლის საკურდღლე სერებს.
წყვილ ვაზნას მივცემ ჩემს ახალ ყონაღს -
„ფეშქეშ“: - და თვალებს მიშტერებს ნდობით.
დატოვებს ცხვარს და გადვივლით გორმახს,
ავახმაურებ სამშობლოს თოფით...
მინდა, ეს ლელი ლერწმად გავთალო,
სალამურსავით ჩავბერო ყელში...
„ხოშ გელდი!“ ძმა ხარ, ჩემო თათარო!
ერთ ბედქვეშა ვართ აზიის ტყეში!

(***უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი)

უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი


არა დაღვრილის, - დასაღვრელის, ალბათ, მაცნეა,
არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი
არ გამაჩნია!

მე დავინახე სვეტიცხოვლის თორმეტი სვეტი,


თოთხმეტი ციხე ზეგნებიდან ლაჟვარდს გასჩრია,
არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი
არ გამაჩნია!

მშვენიერია ორ-ზღვას-შუა კავკასის ხედი


და კითხვა: „ვინ ვის“ ბებერ გულში ლახვრად მაჩნია,
არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი,
არავითარი სხვა გზა, სხვა ხსნა
არ გამაჩნია!

ფშაური

მთის ჩიტი მთას შააკვდაო, -


თოვლი თოვს, არ ჩანს საფრენი...
მთას ჰკითხეს: „რა შაგაკლდაო?“
მთამ: „დიდი არცარაფერი!“
„ვა, ბეჩა, მაგას სტყუვდები!
არ გაცოცხლდების ბედკრული,
მაგრამ შენც გამაჰყრუვდები,
გამაგელევის ერთგული!“

(***ყვავილების მდინარეს კუბო ცისკენ მიჰქონდა)

(ციკლიდან „გალაკტიონი“)

ყვავილების მდინარეს კუბო ცისკენ მიჰქონდა:


იწვა გალაკტიონი და თავისას ფიქრობდა.
აღმართ-აღმართ მდინარე მთაწმინდისკენ დიოდა:
იწვა გალაკტიონი - მოხუცს ბეჭი სტკიოდა.
ალბათ, შუბლიც სტკიოდა - მაინც, მეფურ იერით,
იწვა მკერდბუმბერაზი, ხნიერი და ძლიერი.
რაღაც პათეტიკური მას სიკვდილშიც დაჰკრავდა:
იწვა, როგორც ყოველთვის, ახლაც არვის არ ჰგავდა.
ეს სიკვდილი, ეს დაფნა, ეს მზე ოქროცურვილი -
იყო ეს ყველაფერი მხოლოდ მისი სურვილით.
დირიჟორი თვით იყო! რაც მოხდა და გათავდა
და რაც ახლა ხდებოდა, - მისი ჟინი მართავდა...
ყვავილების მდინარეს რკინის კუბო მიჰქონდა,
იწვა გალაკტიონი, სივრცეებზე ფიქრობდა.
უცბად შავმოვლებული შეჩოჩქოლდნენ დროშები,
უცბად, მამადავითის ბჭესთან შედგნენ მგოსნები:
კონსტანტინე-ბატონთან ლეონიძეც იქ იდგა.
„რა ჰქნა?“ - უმისამართოდ ჩიქოვანმა იკითხა.
„რა ჰქნა?“ - ახლა ირაკლიმ თქვა და თავი დახარა, -
იმ დღეს ავად მენიშნა ეს ამდენი ჭაღარა...
სდუმდნენ დიდოსტატები, იდგნენ მხრების კანკალით,
დასწყებოდა მთაწმინდას საუკუნის სამკალი.
წინ გვიძღოდა სიკვდილით სივრცეების მხილველი,
მიდიოდა ამაყი და სიკვდილშიც პირველი.
იყო ცხრაას ორმოცდაცხრამეტი წლის ტალახი,
იყო ფრთხილად გაჭრილი წმინდა ძვალთშესალაგი.
ალაგ სამხარ მიწაში იყო მარტის ამინდით
ტალახში აზელილი უძველესი კრამიტი.
რაღაც პათეტიკური მას სიკვდილშიც დაჰკრავდა,
იწვა, როგორც ყოველთვის, ახლაც არვის არ ჰგავდა.
ერთი-ორი სხვაც ჰყავდა,
ვინც მშობლისთვის იბრძოდა,
მაგრამ ვისაც მარხავდა, საქართველომ იცოდა!

შეგონებანი

ლამაზი არ არის:
ასი წლის მოხუცი კუნტრუშით გარბოდეს!
ოცი წლის ლიფსიტა ბრძნულად დადიოდეს!
ტყეების პატრონი ნაფოტებს ხარბობდეს!
უნიფხვოს სუნამოს
სურნელიასდიოდეს!

ლამაზი არ არის:
მეკობრე მინისტრის ლოჟაში ჯდებოდეს,
გაძარცვულ კლიენტებს ღიმილით უკვდებოდეს!
ყასაბი - დნებოდეს, დღითიდღე ხმებოდეს!
ღმერთო, დაგვიფარე და,
პოეტი სუქდებოდეს!

ლამაზი არ არის:
დონ ჟუანი საყდრისთვის სცდებოდეს!
ეპისკოპოსი ბარდელში დადიოდეს!
ბარემ ესეც ითქვას, ესეთიც ხდებოდეს, -
სამშობლო ხელთ ეპყრას
ბერიკაცს ათიოდეს!

(***შემოდგომის იდილია)
შემოდგომის იდილია!
სად ერწო და ღულელია,
ყველაფერი ყვითელია,
ყველაფერი კეთილი...
მარტო ბრიყვი კუნელია,
ეს ბრიყვი და სულელია,
ეს პატარა სულელია
წითლად თვალდაჭყეტილი.

(***შენ მეკითხები: რას ვაპირებ აწი და აწი!)

შენ მეკითხები: რას ვაპირებ აწი და აწი!


რას შეიძლება
აპირებდეს
ჩემი ხნის
კაცი?!

ვაპირებ იმას, რაშიც შაურს არავინ გიხდის:


კოხტად,
ლამაზად
დაბერებას,
ლამაზად -
სიკვდილს!

შენ რა, საერთოდ მეკითხები, გავიგო ასე,


თუ ყოველდღიურს?!
რას ვაპირებ,
დავუშვათ,
ხვალ-ზეგ?!

თუ აგრეა და, ჩაკარებას ველი დეკემბრის,


თოვლი მიყვარს და
ჩამოთოვოს
მთები ეგების...

ველი ფანჯრების
ამოგმანვას... თოვლით და ჭირხლით, -
განვაგრძო
ჩემი მოწყენილი
„ოთახის ციკლი!“
(***შენ ჩამოხვედი, ეტყობა, მზიდან)

შენ ჩამოხვედი, ეტყობა, მზიდან,


რომ წამსვე ცეცხლის დამწვდნენ ღვარები;
გაქრნენ ქალები - პროსპექტზე დარჩი,
დაგინახე და... გტაცე თვალები...

შეჩერდი, მოასწარ!

გვიმრები, ძეწნები, ძეძვები ჩახლართული,


გზა უხვევს, ანაზდად შეხედე - საოცრება:
პატარა ხეობაში პატარა ნაკადული
პატრა წისქვილის
ლაჯებში გამოძვრება.

შეჩერდი! აქ ჩვენი ბავშვობის ბუდეა!


დგას ჯუჯა წისქვილი, როგორც ჩაფიქრება!
არ ვიცი, არ ვიცი, კარგი თუ ცუდია,
დრო რომ დადგება და ეგ რომ არ იქნება!

შეხედე საბრალოს, სალპობად ჰყუდია!


არ ბრუნავს დოლაბი, სიმინდი არ იფქვება!
ვერ გეტყვი, ვერ გეტყვი, კარგი თუ ცუდია, -
ჩვენ რომ ვიქნებით და
ეგ რომ არ იქნება!

მაგის ძველ დიდებას ჭალას ჩაუვლია,


საცაა ჩაიჩოქებს, თავხელში წამოწვება...
შეჩერდი, მოასწარ, - დანაშაულია
მაგისი ყურების
არმოსწრება!

(***ჩემს გალაკტიონს მე ვკითხე ერთხელ)

ჩემს გალაკტიონს მე ვკითხე ერთხელ


(ის მთვრალი იყო, როგორც ყოველთვის):
- ბატონო გალაკტიონ, თქვენ პირველი ხართ,
დაგვისახელეთ
მეორე პოეტი...
უცებ ჭინკებით გაევსო თვალი -
თვისი სიმაღლით ის იყო მთვრალი,
- საქართველოში??? - ჩაიქირქილა
და ლომურ წვერზე
მოისვა ბრჭყალი...

ციცო

წყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო,


მწყურვალს დაგტოვებსო, ჩაჰყვები ვინცო,
ცოლ-შვილს გაგყრის და აგარევინებსო -
შენზე თუ უთქვამთ, პატარა ციცოვ!

მე იმ ასაკში არ ვარ ახლა და


არც იმ ჭკუაზე - ცოლ-შვილს გავეყარო!
მაგრამ შემომიჩნდა სურვილის მახრა და
პატარა ციცოვ, უნდა დამეხმარო!

ხოლო ციცუნია ტოლებში დაქრის


და შენი მახრა ფეხზე ჰკიდია,
თუმცა სავსე მკერდი მიუგავს სახნისს
და ეს შეახსენებს, რომ უკვე დიდია!

ისე ჩამოგივლის მიწაგასახეთქი,


ვითომც ქვეყანაზე მარტო ის ერთია.
როგორც ხეჭეჭური, ქვაზე დასათხლეში -
ციცო ისეთია!

წყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო,


მწყურვალს დაგტოვებსო, დაჰყვები ვინცო,
ცოლ-შვილს გაგყრის და აგარევინებსო -
შენზე თუ უთქვამთ, პატარა ციცოვ!

ცხენები

იანვარია-მე ვწევარ თხრილში-


რიცხვი პირველი ორმოცდასამის...
თუ გამახსენდა დაწერის ღირსი,
მეც მოვიგონებ ომისას რამეს.
ეს დივიზია ჩემი ბედია,
გადამტანია ბრძოლების დიდის,
სამას ოთხმოცდამეთოთხმეტეა,
მარუხის მხრიდან კრასნოდარს მიდის.
ვწევარ თხრილში და ვისვენებ ცოტას,
წვიმანარევი თოვლი მასველებს?
ათ წუთს ისვენებს სამივე როტა-
ოცს და ოცდაათს ვინ დაგასვენებს!
მაგრამ თითებს თუმც ბეჭში მკიდებს,
კიდეც მკიდია ბეჭებზე ტვირთი
და ეშმაკურად ბექობზე მიდევს.
სდუმს ურაგანი კავკასის კარში,
მარუხ-ნახართან აღარ ჰყეფს რიხით;
როგორც ცხვრის ფარას, მილალავს მარსი
სახორცეს თვისას ახლა მთებს იქით,
ეს დივიზია ჩემი ბედია,
გადამტანია ბრძოლების დიდის,
სამას ოთხმოცდამეთოთხმეტეა,
მარუხის მხრიდან კრასნოდარს მიდის;
პოლკი - ალპური, ქლუროხ-მარუხის
რვაასმეათე პოლკი ცნობილი -
ამ ჯართის გრგვინვის, ამ რაკა-რუკის
და ამ მარშების ქარში წრთობილი.
ატენილია სამხრეთის ტრაქტი
ასი ათასი ქვემეხის ლულით,
ათასი ბოღმით, ათასი წყლულით,
ათასნაირი ჯარების ზვირთით,
რისხვით, წარბშეკვრით და გულგრილობით,
ამ პირტიტველა ბიჭებით, ჭყინტით,
ილაჯგაწყვეტით და უძილობით.
ვარ დატვირთული დროგის ცხენივით,
ტვირთში შებბმული წეკოს ვაბოლებ,
ათი წუთი მაქვს მე დასვენებიოს,
ლაშქრის დინებას (თოვს!) თვალს ვაყოლებ.
და, უცბად, როგორც ვერცხლის გალია,
უცხო გალია, უცხო ფრთოსნებით,
„სტუდაბეკერი“ ჩემს წინ მდგარია,
კრიჭაშეკრული ვარ საოცრებით:
არა ჭენებით გალაფულები -
ნაპატიები და ნასვენები
ძარაზე დგანან არაბულები,
მართლა ფრთიანი დგანან ცხენები -
მოჩითულები ლურჯი ხალებით,
ლურჯი ფორეჯის იაგუნდებით,
დაგეზებული ურჩი თვალებით
როგორც პინგ-პონგის ხტიან ბურთები...
ხართ ისეთები, ხელში ყვავილით
რომ გადმოდგება ქალი აივნით -
ოჰ, ბედნიერო სარდლის ცხენებო,
ათას კილომეტრს თქვენ არ გაივლით!
სიკვდილს მეც შევძლებ - ეს ტრაქტი მიმძიმს,
კი, მე თუ მივალ, თქვენც მიხვალთ ომში,
მაგრამ თქვენ სხვა ხართ, - პატივით, ციმციმ,
ტრანსპორტით შეხვალთ
ხვალ სისხლის ტბორში!
და - ღმერთო ჩემო - გიჟივით ვნატრობ, -
შენ არ გამიგო, ეს სიტყვა წყენად,
მე ვარ ჯაგლაგი, ორი დღით მარტო,
გთხოვ, გამაცხენო გენერლის ცხენად!..
თოვს. ცნებაო საწყალი კაცის,
ხარ უმწარესი და უტკბილესი.
ანაზდად მესმის ღრჭიალი საჭის -
თოვლში გენერლის დგება „ვილისი“ .
ადიუტანტი უმალ ჩამოხტა -
ძარაზე შემდგარს გარს უვლის ცხენებს -
რად შევჩერითო, ჰკითხავს, რა მოხდა?!
გზა მოგვეცითო, მიმართავს ჩვენებს.
ეგ არაფერი! თრაქტზე პიკია -
გზა ჩაუხერგავს ტანკების ჯახანს.
მაგრამ წუთიც და, ისევ მიჰქრიან,
ისევ მიჰყვება აღალი აღალს.
„სტუდაბეკერიც“ აიძრა ნელა,
ციმციმ ცად მიდის ჩემი გალია;
მე ვწევარ თხრილში, ამფხიკავ ძნელად -
ცალკე ხორცი ძევს, ცალკე ძვალია...
არც მე ვარ მდიდარი მე ძვლით და ხორცით,
სულიღა ბჟუტავს და ვიკრებ ძალებს;
უეცრად მესმის; - თამბაქოს მორჩით!
-ჩადექით მწყობრში!-კომბატი ბრძანებს.
- მარშ -გატენილა სამხრეთის ტრაქტი
ასი ათასი ქვემეხის ლულით,
ათასი რკინით, ათასი წყლულით,
ათასნაირი ჯარების ზვირთით,
წყვდიადის სიღრმით და უძილობით...
და ამოდენა კოშმარის თავზე,
რომელიც წუხს და დუღს გახელებით,
ვერცხლის გალია ჰკიდია ცაზე
და ცად მიგვიძღვის ლურჯა ცხენებით.
-მარშ! - წარბშეკრული კომბატი ყვირის, -
მეათე დღეა, მარშით გვატარებს.
ულებზე ელავს ცივი მზის დილის,
გააქვთ ჩხრიალი ქვაბებს, მათარებს.
- წინ, ჩემო მურმან! მოეშვი ფიქრებს,
რომელსაც შავი გრიგალი გიქრობს;
სამშობლო შენი ძალ-ღონეს იკრებს
- ხომ გითხრეს, შენზე სამშობლო ფიქრობს!
შენ გაგინათებს ომი გონებას,
მე შენ ჯერ არ გთვლი წყალწაღებულად,
წინ, ჩემო მურმან, იწყებ ცხოვრებას
ბაჩა-ცხენივით თავჩაღებულად.
სდუმს ურაგანი კავკასის კარში,
მარუხ-ქლუროხთან აღარ ჰყეფს რიხით,
როგორც ცხვრის ფარას, მილალავს მარსი
სამწყსოს თავისას ახლა მთებს იქით...
სხვას თუ არა და, ამას გპირდები -
მხნე სიარულით გზა დამოკლდების.
წინ, ჩემო მურმან, გაასპიტებით!
წინ, ჩემო მურმან, ძალთა მოკრებით!
იქ ყუბანია და ცეცხლის ფარდა,
ცა - გაპობილი კომეტის კუდით...
წინ, ჩემო მურმან, ოცი წლის ხარ და,
წინ, ჩემო მურმან, ფოლადის ქუდით!

(***ძველი ქართული ანდაზა)

ძველი ქართული ანდაზა


იტყვის: „სოფელი დიდია!“
რამ გაადიდა, ანდა სად?
სოფელს ბოქლომი ჰკიდია!]

რაჭა-ლეჩხუმი მშობელი
გაცლილა, გათხელებულა,
ტყეს გადუვლია სოფელი,
სოფელი - გატყევებულა.

ვზივარ ჭვარტლიან ბუხართან,


ცრის ნოემბერი მტირალა.
გამახსენდება წვიმაში
ბაბუაჩემი ფირანა.

სიტყვა იცოდა ჯიბრით,


იტყოდა მხოლოდ მთავარზე:
„აქიდანა და ჭიბრევს
თხა გევიდოდა ყავარზე!..“

სარკმელში - მთათა გრეხილი,


ყავარზე წვიმა არ ცხრება,
შებერებულა ხეხილი,
მოლურჯო პური არ ცხვება,

კახაბლებს აღარ ამყნობენ,


აღარ თესენ და არ ხნავენ,
ქორწილზე არას ამბობენ,
მარხვით
ჯერ კიდევ მარხავენ...

მე უნდა გავხდე გოროზი,


არ წავიქცე და არ წავხდე -
ლებანიქედის ბოლოში
გიჟივით მარტო დავსახლდე!

(***წავედი - თორმეტს)

წავედი - თორმეტს
(იანვარი მოაფენს თოვლებს...),
იყო - დეკემბერი,
ჩამოვედი - იანვრის თორმეტს.
არის ბიჭვინთა!
კოკტებელი - თავის ყირიმში!
სად, სად, თუ ძმა ხარ! -
სხვაგან არსად არის თბილისი!
ათბობენ - ცუდად!
ლენა ჰქარგავს! ფიქრია ჰკერავს!
ვარ გასუსული -
ჯოგს მდედრისას ვიგონებ ქერას...
არაფერი სჯობს,
თუ კაცი ხარ, საკუთარ კერას!
საკუთარ - ბუნაგს!
საკუთარ - ცოლს!
საკუთარ - ენას!

ხმა სამარიდან

(შთამომავლობას)

ხალხით ავსებულ
ნაპარტახალ სოფლებს სალამი!
ეს მე ვიყავი
სული მედგა ვიდრემდის პირში,
რომ ვჩურჩულებდი:
„ოჰ, უფალო, მომეც ძალა მე,
გადაშენების
ვზიდო ბოღმა, ეჭვი და შიში!“
ცრემლს რომ ვმალავდი,
ჭირშიმყოფელს არ გთვლიდი მკვიდრებში,
მშობლის სახელი
მაბოდებდა ჩემ ამაყ მთებში
განახლებული
როსმე მძლავრი ქართული ჯიში.

You might also like