You are on page 1of 8

- ეს ვინ ჩანს თოფის კვამლივით?

- სისონაია დარჩია,

სავაზნესავით გრძელ-გრძელი მტევნები გადაარჩია,

შუბლს ყაბალახი უმშვენებს, ტანზე ჩაქურა აცვია,

- რისი ფირალი, ყაძახო, სოფლის პირველი კაცია.

ამონარიდი შოთა ნიშნიანიძის

ლექსიდან ,,ვაზის სიმფონია”

როდესაც ჩვენში ხალხური სიმღების ახალი ანსამბლები

ყალიბდება, განსკუთრებით კი გურულებისაგან შემდგარი, და მათ

გამოსვლას ვუყურებ, ყოველთვის პროტესტის გრძნობა მიჩნდება -

რატომ არ აცვიათ ჩაქურა და ყაბალახი? ჩემი სუბიექტური აზრით,

ჩაქურა ჩოხაზე უფრო ლამაზი სამოსია, თანაც უფრო პრაქტიკულიც.

წინათ ყოველი გურული ჩაქურაში იყო გამოწყობილი, ომშიც კი

ლამაზად გამოწკეპილ-ჩაცმულნი მიდიოდნენ. საინტერესოა, რომ

ცხრაასიანი წლების დასაწყისში, გურიის რესპუბლიკის ზეობისას

ჩამოყალიბდა წითელი რაზმი. მის მოწინავე ავანგარდს მაუზერისტები

და ბომბისტები წარმოადგენდნენ. რაზმელები ჩაცმულობითაც

გამორჩეულნი უნდა ყოფილიყვნენ, ამიტომ მათ საგანგებოდ

შეაკერინეს შავი ჩაქურები და წითელი ჟილეტები.

,,გურული ქურთუკს იცვამს, რომელიც ვაზნებითა და ვერცხლის

სირმებითაა გაწყობილი. ქურთუკის ქვემოდან ელეგის (ჟილეტის)


ნაწილი მოჩანს, რომლის ზემოდან კიდევ ზუბუნს (ასევე ჟილეტის

ნაირსახეობას) იცვამს. იგი უკიდურესობამდე ვიწრო შარვალს

ატარებს, რომელიც ვერცხლისფერი სირმებითაა გაწყობილი, ფეხზე

პაიჭები და ტყავის მოკლე ჩექმები აცვია, რომელთაც დაწნული

ლანჩები აქვს. აბრეშუმის ფართო თურქული ხელსახოცი წელზე აქვს

შემოხვეული, თავზე კი ყაბალახი ახურავს...” გურულის ეს

აღწერილობა შემოგვინახა აკადემიკოსმა ნიკოლაი დუბროვინმა

წიგნში «Исторიя войны и владычества русскихъ на Кавказе», 1871.

ბევრი გურული უმაღლეს პირებთან შეხვედრაზე ჩოხას გურულ

კოსტუმს ამჯობინებდა, ისე როგორც ექვთიმე თაყაიშვილის ძმა

ნიკოკია. გეცოდინებათ ალბათ ეს ამბავი, მაგრამ მაინც შეგახსენებთ:

1914 წლის ნოემბერში კავკასიის ფრონტის მოსანახულებლად

თბილისში ჩამოვიდა ნიკოლაი II. მას გრანდიოზული დახვედრა

მოუწყვეს ერთხელაც დავით სარაჯიშვილის ქვრივმა მისი

უდიდებულესობა ჭიქა ჩაიზე დაპატიჟა საკუთარ სახლში. მეორე

სართულზე მასპინძლებს შორის გურულ ჩაქურაში გამოწყობილი

ექვთიმე თაყაიშვილის ძმა ნიკოკიაც ერია. ის ,,დრაგუნსკი პოლკში”

იყო ნამსახური მეფის კარზეც და მას ვინ არ შეამჩნევდა დღეს აქ

ჩაქურაში გამოწკიპულს; ისედაც მაღალი კაცი კიდევ უფრო ტანადი

ჩანდა”. მან მაშინვე მიიპყრო მეფის ყურადღება, რომელმაც ჰკითხა,

თუ ვისი ფორმა ეცვა მას. ,,Это гурульское, государь, (ეს გურულია,

ხელმწიფევ) ხაზი გაუსვა თაყაიშვილმა კოსტუმის წარმომავლობას)

და მიუთითა იმერეთის თავადაზნაურების მარშალზე - То имеретинское,


тоже имею и одеваю. (ეს იმერულია, ესეც მაქვს და ვიცმევ). მეფემ

პორტსიგარით პაპიროსი მიაწოდა ნიკოკიას. მან კი უთხრა: Спасибо,

государь, я не курица! (მადლობა ხელმწიფევ, მე ქათამი არ ვარ! უნდოდა

ეთქვა, я не курю, არ ვეწევიო...) ექვთიმე თაყაიშვილი ამბობდა ძმის

შესახებ: ოცდახუთი წელი რუსებთან მსახურობდაო და რუსული ვერ

ისწავლაო!

როცა ემიგრანტი არჩილ გურიელი-ჭყონია სალვადორ დალის

სურათისთვის პოზირებდა, მან სამოსად სწორედ გურული ჩაქურა

აირჩია და მხატვარმაც მისი ცნობილი პორტრეტი შექმნა, მთებისა და

მიჯაჭვული ამირანის ფონზე, ზუსტად ისე როგორც გურიელმა-

ჭყონიამ დალის საქართველო აღუწერა.

ისტორიკოსი, ქართული ეთნოგრაფიული სკოლის

ფუძემდებელი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი

გიორგი ჩიტაია დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის ჩაცმულობის

შესახებ წერდა: ,,დასავლეთ საქართველოში ჩაცმულობის თავისებურ

კომპლექტს წარმოადგენს გურულ-აჭარულ-ლაზური კოსტუმი -

ჩაქურა, რომელიც ერთი ტიპისაა, თუმცა ჩაცმულობის მანერაში

გარკვეული თავისებურებანი შეიმჩნევა (ჩემს მეგობარ მეგრელებთან

ყოველთვის კამათი მაქვს ხოლმე - ისინი მიმტკიცებენ რომ ჩაქურა

სამეგრელოში ძალიან გავრცელებული სამოსი იყოო. მაგრამ მე ვერც

ნახატებსა და ვერც მით უმეტეს ფოტოებზე ამის დამადასტურებელი

საბუთი ვერ ვნახე. მეგრელები, რამდენადაც მე ვიცი გრძელ ჩოხებს

ატარებდნენ. ყაბალახის მოხვევის წესიც კი განსხვავებული იყო


გურულისაგან. იგივე ჩიატაია ამბობს, რომ ჩაქურა, ქართული

კოსტუმის მეტად ორიგინალური სახეობა, შემუშავდა აჭარის, გურიის

და ლაზეთის გარემოშიო და ეს კოსტუმი სამეგრელოში ნაწილობრივ

იყო გავრცელებულიო - ი. მ.). ამ კოსტუმის ელემენტებია - ჩოხა,

ახალუხი (აჭარლები ზუბუნს უწოდებენ) ჩაქურა ან შარვალი, პერანგი,

სარტყელი, წუღა, ქალამანი, წინდა, პაიჭი, ყაბალახი და სხვა. ჩოხა,

ჩაქურა, ყაბალახი, ახალუხი და პაიჭი შალისაგანაა დამზადებული,

სარტყელი აბრეშუმის, ხოლო საცვლები - სელისაა. მათ შორის

აღსანიშნავია ჩოხა და ჩაქურა. ჩოხა მოკლეა და მარტო წელამდეა,

ზურგი მას მთლიანი აქვს. ფაქტიურად ის ქართული ჩოხის ზედატანია.

წელი ფართო და გრძელი სარტყლით იყო დაფარული, შარვალი კი

(ჩაქურა) თავისებური თარგისაა და სხვაგან არ გვხვდება. მისი უბე

მეტად განიერია, ტოტები კი ვიწრო, აჭარულ ჩაქურას უბესთან

ხიშტაკები აქვს მიკერებული და ამიტომ უბის ქვედა ნაწილი

ოვალურია. იკვრის სათავეში გაყრილი ხვანჯრით ისე რომ უკან

ჩაქები დაისხას. გურული ჩაქურა კი სწორია.

ამავე კოსტუმის შემადგენელი ნაწილია ყაბალახი, ის მთელ

დასავლეთ საქართველოში იყო გავრცელებული (სვანეთის გარდა),

აღმოსავლეთ საქართველოში კი უფრო ნაკლებად”.

1862 წლის სექტემბერ-ოქტომბერში გურიაში იმოგზაურა

პრუსიის სამეფოს პრინცმა ალბრეხტ ჰოჰენცოლერნმა. საკუთარი

შთაბეჭდილებებიმან გადმოსცა წიგნში „კავკასიაში 1862“. აი, როგორ

აღწერს ის ჩაქურასა და ყაბალახში გამოწყობილ გურულებს: ,,


დიმიტრი გურიელს ახლდა მდიდრულ, ღია ფერების ტანსაცმელში

ბრწყინვალედ გამოწყობილი 100-მდე მილიციონერი (მოლაშქრე):

მოლაშქრეებს ეცვათ გურული ტანსაცმელი: ჩაქური ხავერდის

შარვლები ან გრძელი თეთრი შარვლები, მუხლებამდე ვიწრო პაიჭები,

წელს ზემოთ ელეღსა და ზუპუნას ზემოდან, ღია წითელი ფერის

მოკლე ჩოხა ანუ ჯანიო; წელზე ერტყათ ფართო, ოქროს სირმით

მდიდრულად ნაქარგი ტყავის სარტყელი, რომელშიაც გაჩრილი იყო

ყამა ან ხანჯალი და დამბაჩა. ფეხზე ეცვათ ფერადი ფეხსაცმელები.

ყველას ჰქონდა ჩახმახიანი თოფი. გურულები მოხდენილად და

მდიდრულად იყვნენ ჩაცმულნი. თვალს იტაცებდა გურულების

სილამაზე...”

,,გურულები ატარებენ მუქწითელი ფერის შალის ყაბალახებს,

რომლებიც თავზე მოხდენილად აქვთ მოხვეული. ყაბალახი კარგად

იცავს ცუდ ამინდში და კიდეც უხდებათ. ქერა ან წაბლისფერი თმა

კარგად აქვთ მოვლილი...”

ჩაქურა განუმეორებელი სამოსი ყოფილა საბრძოლო

მოქმედებების დროს. არსებობს ვინმე ვოლნიცკის სტატია (1897)

გურული ლაშქრის შესახებ, სადაც ის სხვა საინტერესო ამბებთან

ერთად აღწერს გურულ ჩაქურას, როგორც შეუდარებელ სამოსს

ქვეითისათვის, რადგან მას თავისუფლად შეეძლო ემოძრავა ყველაზე

ძნელად გასავალ ადგილებში, ეკალ-ბარდებში და მტერს

შეუმჩნევლად მიახლოვებოულიყო. ის ასევე ხაზს უსვამს, რომ სამოსი

შეკერილია თვითნაკეთი ქსოვილისაგან, რომელიც ბევრად უფრო


ელასტიურია და შესაბამისად, უფრო გამძლეა ვიდრე ფაბრიკის

ნაწარმი - რადგან ჯერ ერთი რომ ის იცავს ადამიანს ეკალ-ბარდისაგან

და ეს უკანასკნელი კი არ ხევს ნაჭერს, არამედ მხოლოდ აძრობს

ძაფებს, მაშინ როცა ფაბრიკის ნაწარმი იხევა. ბოლოს დასკვნის სახით

კი ის წერს, რომ არა მხოლოდ რუსებმა, არამედ არც მეგრელებმა და

არც აფხაზებმა არ იციან გურული კოსტუმის ტარება. რომ როცა

ჯარში ახალბედები მოდიან (არაგურულები -ი.მ.) მათ პირველ რიგში

უნდა ასწავლონ ამ სამოსის ტარება.

ახლა რაც შეეხება ყაბალახს - ამ თავსაბურავს, რომ გურულები

საუკუნეების განმავლობაში ატარებდნენ, ამის დამადასტურებელი

ფაქტია ჯუმათის ეკლესია, რომელიც დიმიტრი ბაქრაძეს აქვს

აღწერილი წიგნში: ,,არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და

აჭარაში": ,,მიქაელ მთავარანგელოზის დიდი რელიეფური ხატი.

მოჭედილობა სულ ერთიანად ოქროსია: მისი ქვემო ნაწილი სიძველის

გამო ნაფლეთებადაა ჩამოკიდებული. მთავარანგელოზს მარჯვენა

ხელში ამოწვდილი მახვილი უპყრია, მარცხენაში ქარქაში. თმა ხუჭუჭა

აქვს, ტანთ ჯაჭვი აცვია; მხრებზე ყაბალახის მაგვარი რამ აქვს

მოგდებული,”

ნ. გურგენიძის წერილში ,,თურქული ენობრივი ელემენტების

შესახებ აჭარულ და გურულ დიალექტებში” („მაცნე” 4, 1969)

ყაბალახის შესახებ ვკითხულობთ: ,,მამაკაცის თავსაბურავის სახეობა,

მასალად გამოიყენებოდა ძირითადად შინნაქსოვი შალი, თივთიკი,

შალ-აბრეშუმი//დარაია, იშვიათად მაუდი. ქართულ ყოფაში ყაბალახი


ბაშლაყის//ბაშლუღის სახელითაც იწოდება. აღნიშნულ ტერმინთაგან

ბაშლუღი თურქული სიტყვაა, სადაც „ბაშ“ თავს ნიშნავს, „ლუღი“

ფორმანტია დანიშნულების სახელთა მაწარმოებელი. ყაბალახის

სინონიმური ფორმაა „ჩაბალახი“ ნიკორწმინდის XI ს. სიგელის

მიხედვით საომარი დანიშნულების თავსაბურავია. ამ

დანიშნულებითაა მოხსენიებული არაერთ ისტორიულ წყაროში

(ჟამთააღმწერელი, ჯუანშერი და სხვ.) სულხან-საბა ორბელიანი

ჩაბალახს საომარ დანიშნულებასთან ერთად მის სხვა ფუნქციასაც

აღნიშნავს - „გინა წვიმაში ჩამოსაცმელი“. ყაბალახის თარგი

ერთგვაროვანია. ყაბალახი იხმარებოდა როგორც დამოუკიდებელი,

ისე დამატებით თავსაბურავი. ამ მიზნით მას ბოხოხის ან

განიბალდური ქუდის ზევიდან იხურავდნენ. მოხვევის წესებიც

სხვადასხვანაირი იყო: მეგრული, გურული, ჩოხური და სხვ.

ყაბალახებს ამკობდნენ ყაითნის ზონრებით, ჩაფარიშით,

ოქრომკედისა და სირმის ქარგულობით, რომელიც უფრო ხშირად

მცენარეული ორნამენტის მოტივითაა წარმოდგენილი. ამას ემატება

თავსაბურავის წვერზე გამობმული აბრეშუმის ძაფით, სირმით ან

ოქრომკედით ნაკეთები ფოჩი. ეთნოგრაფიულ ყოფაში დამოწმებულია

ქალის ყაბალახიც”.

წერილს დავასრულებ ინგლისელი იურისტის, მწერლის და

ლიბერალი პოლიტიკოსის ჯეიმს ბრაისის სიტყვებით

წიგნიდან ,,ტრანსკავკასია და არარატი” (1876): ,,სამეგრელოს

სამხრეთით... მდებარეობს გურია. მიწა, სადაც ხალხი უფრო


ენერგიული და პირდაპირია და რადგანაც ამ ხალხს ნაკლებად შეეხო

დაპყრობა და იმიგრაცია, მათ ყველაზე უკეთ შეინარჩუნეს ძველი

თვალწარმტაცი კოსტიუმები”.

You might also like