You are on page 1of 16

თამარ შარაბიძე

გიორგი ერისთავი

(ცხოვრება და მოღვაწეობა)

მე-19 საუკუნის 50-იან წლებში საქართველოს ლიტერატურულ-


საზოგადოებრივ ცხოვრებაში ორი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა, ორი ეროვნული
ორგანიზაცია დაარსდა _ ქართული თეატრი და ჟურნალი „ცისკარი“. ორივე
ორგანიზაციის დაარსება უკავშირდება კავკასიის მეფისნაცვლის თანამდებობაზე
გრაფ ვორონცოვის მოღვაწეობის პერიოდს და ორივე ორგანიზაციას სათავეში
გიორგი ერისთავი ჩაუდგა.

გიორგი ერისთავი დაიბადა 1813 წელს სოფელ ოძისში (ახლანდელი დუშეთის


მუნიციპალიტეტი). მისი მამა _ დავით როსტომის ძე ერისთავი _ ქსნის ერისთავთა
უფროსი მემკვიდრე იყო; მსახურობდა სახაზინო ექსპედიციაში (მეფის კანცელარიის
საფინანსო სამსახურში) მრჩევლად. მწერლის დედა _ მარიამი, ერეკლე მეორის
მდივნის, ივანე ქობულაშვილის ასული გახლდათ, ქართული მწერლობის კარგი
მცოდნე, განათლებული.

1821 წელს გიორგი შეიყვანეს თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში,


სადაც ოთხი წელი სწავლობდა; 1825 წელს კი მამის ბიძის, მიტროპოლიტ ვარლაამის,
მიწვევით თავის ნათესავ ესტატესთან ერთად გადაიყვანეს მოსკოვში, სადაც სწავლა
განაგრძო კერძო პანსიონში. მოსკოვის ჰავას ესტატემ ვერ გაუძლო, ამიტომ ვარლაამმა
ბავშვები უკან დააბრუნა საქართველოში.

1827 წელს გიორგი სამსახურს იწყებს სამხედრო გუბერნატორთან, შემდეგ კი


კავკასიის მთავარმართებელ ბარონ როზენთან. პარალელურად ის ეწევა
თვითგანათლებას.

მოგონებების თანახმად, გიორგი ერთობ პრინციპული და უშიშარი ადამიანი


ყოფილა. „1828 წელს, როდესაც რუსეთის გამოჩენილმა მწერალმა გრიბოედოვმა
ჯვარი დაიწერა ქალაქში, მაშინდელმა მთავარმართებელმა პასკევიჩმა, რომელიც
გრიბოედოვის ნათესავი იყო, ქორწილი თავის სასახლეში გადაიხადა და ამ
ქორწილზე მიიწვია საქართველოს ბევრი თავად-აზნაური და სხვათა შორის
ახალგაზრდა გიორგიც. დანიშნულ დროზე გიორგი ქართული ტანისამოსით
მორთული მივიდა სასახლეში და შეუდგა კიბეს, მაგრამ წარმოიდგინეთ მისი
გაკვირვება... კიბეზე ასვლის დროს კალთაში სწვდა მას პოლიციის ერთი მოხელე და
დარბაზში შესვლის ნება არ მისცა ქართული ტანისამოსით. გიორგიმ ითაკილა
ამგვარი შეურაცხყოფა და შინ დაბრუნდა. თავმოყვარეობამ ნება არ მისცა მას სხვა
ტანისამოსი ჩაეცვა და ისე დასწრებოდა ქორწილს“ (მეუნარგია ი. 1954 : 245).

სწორედ ეროვნული ღირსების აბუად აგდების გამო, რაც ხშირი იყო მე-19
საუკუნის პირველ ნახევარში და შემდგომაც, ჩაება გიორგი ერისთავი 1832 წლის
შეთქმულებაში და საკმაოდ გაბედულადაც. კახეთში ნათესავის გარდაცვალებაზედ
ჩასული, შემთხვევით შეხვდა ფილადელფოს კიკნაძეს. ბატონიშვილი ოქროპირის
უახლოეს ადამიანს, ბერ ფილადელფოსს, არ გასჭირვებია გიორგი ერისთავის
პატრიოტული ბუნებისა და სულისკვთების დანახვა. ისინი მაშინვე დამეგობრდნენ.
ფილადელფოსმა სწორედ იმ დროს დაწერა შეთქმულთა წესდება, ფარული
მეგორობის ფიცი, და გიორგი ერისთავს ქალაქში გამოატანა. გიორგი ერისთავის
ფილადელფოს კიკნაძისადმი მიწერილი წერილებიდან ჩანს, რომ ახალგაზრდა
მწერალი აღფრთოვანებულია ბერის პიროვნებით და აღარც კი იცის, როგორ
გამოხატოს თავისი მოწონება. მოვიყვანთ ნაწყვეტს წერილიდან, რომელიც გარკვეულ
შთაბეჭდილებას შეგვიქმნის როგორც მწერლის შთაბეჭდილებებზე, ასევე მისი წერის
სტილზეც1: „მამაო ფილადელფოს! განმშორდით, ამაონო დაქენჯვნანო გულისანო,
დამიტევეთ მცირედსა დროსა, მნებს წერაი უსტარისა! გარნა ვისთან მსურს მე იგი?
ნუ უკვე მსუბუქ განმსჯელობაო გონებისა ჩემისაო, ძალგიძსთ სუსტისა კალმითა
გამოხატო აზრი გულისა ჩემისა? რაოდენ ბედნიერ ხართ, ტრიქონნო ჩემისა
წერილისანო. უწყითა, ვინ წარგიკითხავს თქვენ? ახ, უკუეთუ ძალგედვათ მოთხოვნაი
მისგან პასუხისა! გარნა არა, თქვენ არა ღირს ხართ პასუხსა, რასა ვიტყვი მე! რასა
ზედან ვიჭვნელობ. აჰა, ესე არსა წერილი მისი? ნამდვილ მისი არს!“ (ერისთავი გ.
1966 : 407). ფილადელფოს კიკნაძისადმი გაგზავნილ სხვა წერილებში კიდევ უფრო
კარგად ჩანს, რომ ახალგაზრდა პოეტი მთელი შეგებით თანაუგრძნობდა
შეთქმულებას, შეთქმულების ორგანიზებაში ბერს განსაკუთრებულ როლს ანიჭებდა
და სთხოვდა საქართველოში ჩამოსვლას; თუცა გიორგი ერისთავი შეთქმულების
გაცემამდე მიხვდა, რომ ამგვარი ბრძოლა შეცდომა იყო, მაინც არაფერი
გამოუვიდოდათ, საქართველოს გადარჩენის სხვა გზა უნდა მოეძებნათ. დაკავების
დროს მან ყველაფერი აღიარა.

1832 წელს გიორგი ერისთავი დააპატიმრეს შეთქმულებაში აქტიური


მონაწილეობისთვის და გაგზავნეს პოლონეთში, ერთ-ერთ ფეხოსანთა პოლკში.

1
უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოებაც, რომ გიორგი ერისთავი წერილს სწერს სასულიერო პირს,
ამიტომაც იყენებს მაღალ სტილს.
გადასახლების წლები მან ნაყოფიერად გამოიყენა, შეისწავლა პოლონური ენა და
თარგმნა ადამ მიცკევიჩის შემოქმედება ქართულად.

1842 წელს გიორგი ერისთავი პოლონეთიდან დაბრუნდა საქართველოში.


ერთხანს მსახურობდა გორში, შემდგომ სამსახურს თავი დაანება და გადავიდა
სოფელ ხიდისთავში საცხოვრებლად. ამავე დროს დაქორწინდა გორელი ვაჭრის
იაგორ ალიხანოვის ქალიშვილზე; ჩაება აქტიურ სამწერლობო საქმიანობაში და
იშვიათად ჩამოდიოდა თბილისში.

გიორგი ერისთავის პირველი გამოქვეყნებული ნაწარმოებია „ოსური


მოთხრობა“ ანუ „ზარე და ყანიმათ“, რომელიც დაიბეჭდა სოლომონ დოდაშვილის
„სალიტერატურონი ნაწილნი ტფილისის უწყებათანიში“, ხელმეორედ კი ჟურნალ
„ცისკარში“ 1853 წელს. ერისთავის პოეზია რომანტიკულია, ეფუძნება ეროვნულ-
პატრიოტულსა და სატრფიალო მოტივებს. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მის
პოეზიაში ჩნდება სატირულ-იუმორისტული ნაკადიც („დედა და ქალი“, „ფიქრი
ყმაწვილი ქალისა“, „ერთი კაცი წვა სნეული“). ერისთავის პირველი კომედიაა
დრამატული პოემა „შეშლილი“ (1839), რომელიც ეხება პოეტის დანიშნულებას, მის
ბედს თანამედროვე საზოგადოებაში, მაღალი წრის დაკნინებას და განათლებული
ახალგაზრდების უნაყოფო, არაპრაქტიკულ ცხოვრებას.

ქართული თეატრის დაარსება

სამოღვაწეო ასპარეზზე გიორგი ერისთავი ხელახლა 1850 წლიდან გამოდის.


სწორედ ამ წლის 2 იანვარს თბილისის გიმნაზიის შენობაში დაიდგა მისი კომედია
„გაყრა“, ამავე წლის გაზაფხულზე კი დასადგმელად მომზადდა მწერლის მეორე
კომედია „ დავა“ ანუ „ტოჩკა, ზაპეტაია“. სწორედ ამ დროს გიორგი ერისთავმა გრაფ
ვორონცოვის დახმარებით ოფიციალურად დააარსა ქართული თეატრი, რომელსაც
თავად 4 წელი ხელმძღვანელობდა (ქართული თეატრს არ ჰქონდა ცალკე შენობა და
სპექტაკლები იდგმებოდა პასკევიჩის (დღევანდელი თავისუფლების) მოედანზე
სპეციალურად აგებულ თეატრ-ქარვასლაში რუსულ თეატრსა და იტალიურ
ოპერასთან ერთად).

ქართული თეატრისა და ჟურნალის დაარსების იდეა, ცხადია, გაცილებით უფრო


ადრე გაჩნდა, ვიდრე რეალურად შეიქმნებოდა ეს საზოგადოებრივი ორგანიზაციები.
ორივე იდეა ჯერ კიდევ ნიკოლოზ ბარათაშვილის დროინდელ ლიტერატურულ
წრეში დაიბადა, რომლის წევრები იყვნენ გიორგი ერისთავიცა და დიმიტრი
ყიფიანიც. მეფისნაცვლის თანამდებობაზე გრაფ მიხეილ ვორონცოვის დანიშვნამ
განაპირობა ის ფაქტი, რომ დიმიტრი ყიფიანი კანცელარიის მმართველი და მისი
მარჯვენა ხელი შეიქმნა. სწორედ მან ურჩია მეფისნაცვალს, რომელიც
საგანმანათლებლო პოლიტიკას ეწეოდა, დახმარებოდა ქართველებს. ვორონცოვის
ღვაწლზე ქართველების საკეთილდღეოდ ორგვარი შეხედულება არსებობდა და
არსებობს დღესაც. ალ. ორბელიანის შეხედულებით, ეს დახმარება მეფისნაცვლის
რუსიფიკატორული პოლიტიკის მიზნებში შედიოდა; შამილის გაძლიერების ფონზე
ქართველთა ყურადღება უნდა მოდუნებულიყო სხვადასხვა „თავშესაქცევი ამბით“, ეს
იყო ვორონცოვის მისია: „მაშინ ისეთი დრო იყო საქართველოში, რომ თუ ვორონცოვი
არ მოსულიყო და ისე მდაბლად არ მოქცეულიყო, ყველასთან ესეები არ ექნა,
საქართველოს დაჰკარგავდა რუსეთი, ისე განძლიერდებოდა მთებში შამილი“ (ალ.
ორბელიანი 1999 : 56). განსხვავებულ აზრს გამოთქვამს მიხეილ თუმანიშვილი
ჟურნალ „კავკაზში“: „თავადი მეფის ნაცვალი დარწმუნდა, რომ ქართული თეატრის
დაარსებას საუკუნო მნიშვნელობა ექნებოდა ხალხისთვის, რომ ეს თეატრი, რუსულ
თეატრთან ერთად, გააადვილებდა იმ ზნეობითი სარგებლობის მიღწევას, რომელიც
აქვს საგნად ყოველს თეატრს. იმისი აზრით, თუ რუსული წარმოდგენები საჭირო იყო
საზოგადოების ერთი ნაწილისათვის, ქართულ ენაზე გამართული წარმოდგენები
იმათზე უფრო საჭირო ოყო, რომ საზოგადოების უმეტესობა განთავისუფლებულიყო
იმ ამაოთმორწმუნეობისაგან, რომელშიც ხალხი განისვენებდა. ამის გამო
ვორონცოვმა განიზრახა დაეწესებინა თბილისში ქართული თეატრი“ („კავკაზი“ 1852,
#10-11).

ქართველი კრიტიკოსები ხშირად უარყოფითად აფასებენ ვორონცოვის


მზრუნველობას არისტოკრატიისადმი და მეფისნაცვალს მის დაღუპვაშიც სდებენ
ბრალს, რადგან ფუფუნებამ და ევროპულმა მეჯლისებმა თავადები გააკოტრა და
უმამულოდ დატოვა, თუმცა ემადლიერებიან ვორონცოვს იმ „ნებართვების“ გამო,
რომლებიც მან მოიპოვა ქართული საზოგადოებისთვის ქართული თეატრის
დასაარსებლად და ჟურნალ „ცისკრის“ გამოსაცემად. ისინი აღნიშნავენ, რომ
ინიციატივა ორივე შემთხვევაში ქართველებისგან მოდიოდა. დავით
გამეზარდაშვილი წერს: „ქართველმა მოღვაწეებმა, რომლებსაც კარგად ესმოდათ
ვორონცოვის ლოიალური დამოკიდებულების მიზანი, გადაწყიტეს ესარგებლათ
ამით და ეთხოვათ მეფისნაცლისთვის დახმარება ქართული თეატრის დაარსებაში. ამ
საქმეზე ვორონცოვთან მოლაპარაკება დაავალეს მანანა ორბელიანს, რომლის
სალონის ხშირი სტუმარიც იყო ვორონცოვი; შეარჩიეს თეატრის ხელმძღვანელის
კანდიდატურაც _ გ. ერისთავი, რომლის პიესების შესახებაც მანანას დაწვრილებით
უნდა ეამბნა ვორონცოვისთვის. მოლაპარაკება წარმატებით დამთავრდა.
ვორონცოვმა სიამოვნებით მოისმინა თხოვნა და გ. ერისთავი თავისთან დაიბარა. მან
დაავალა გიორგი ერისთავს წარმოსადგენად მოემზადებინა კომედია „გაყრა“ და
საჭირო დახმარებაც აღმოუჩინა“ (გამეზარდაშვილი დ. 1972 : 26). უფრო ადრინდელი
წყაროების მიხედვით, რომლებიც იონა მეუნარგიას მიერაა შეგროვებული,
მეფისნაცვალი „ხშირად მოიწვევდა თავისთან იმ საზოგადოების წევრებს და
თვითონაც დადიოდა ქართულ ოჯახებში. ამ ხშირ მისვლა-მოსვლის დროს
ცნობისმოყვარე ვორონცოვი ჰკრებდა სხვადასხვა ამბებს შესახებ ქართველების
მდგომარეობისა და სხვათა შორის ქართულ მწერლობაზე. აქ შეიტყო მან პირველად,
რომ ქართულ ენაზეც ყოფილა დაწერილი კომედია, რომელიც ხელნაწერად იყო
გავრცელებული თბილისსა და ქართლ-კახეთში და აქ განაცხადა იმან პირველად
სურვილი ქართული თეატრის ნახვისა“ (მეუნარგია ი., 1954 : 257). ამას მოჰყოლია
გიორგი ერისთავის ვორონცოვთან წარდგინება; იგი სასწრაფოდ ჩამოუყვანიათ
სოფელ ხიდისთავიდან, სადაც ამ დროს მსახურობდა. ვორონცოვი „დიდი ალერსით“
შეხვედრია მწერალს და უთხოვია მისთვის, დაედგა კომედია თბილისის გიმნაზიის
სცენაზე, რომელიც ვორონცოვმა სპეციალურად გამართა თავისი
ადიუტანტებისათვის შინაური სპექტაკლების დასადგმელად. „გაყრა“
მთავარმართებლისათვის სპეციალურად დიმიტრი ყიფიანს უთარგმნია რუსულად.
ვორონცოვი თავად ესწრებოდა რეპეტიციებს, რათა დარწმუნებულიყო ქართველთა
შესაძლებლობებში. მხოლოდ ამის შემდეგ მოსთხოვა რუსეთის უმაღლეს
ხელისუფლებას ქართული თეატრის დაარსებისათვის ნებართვა და გამოყო
ქართული სცენისათვის წლიურად 400 თუმანი. ამასთანავე მუდმივად ასაუქრებდა
მსახიობებს და სავარაუდოდ, სამგზავრო თანხაც კი _ „დროშკის ფული“ (100 თუმანი)
_ გამოუყო თავისი ჯიბიდან (მეუნარგია ი. 1954 : 261).

როგორც დავინახეთ, ვორონცოვის ღვაწლი ქართული თეატრის დაარსებაში


უდიდესია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, თეატრის რეალური დამაარსებელი მაინც
გიორგი ერისთავია. ამას თავად ვორონცოვიც აღიარებს იმპერატორისადმი მიწერილ
აქტებში. ის აღნიშნავს, რომ გიორგი ერისთავი ის მოღვაწეა, „ვისაც ჩვენ უნდა
ვუმადლოდეთ ქართული თეატრის არსებობას და რომლის კომედიებმაც
სამართლიანად მოუპოვა მას ქართველთა მოლიერის სახელი“ (აქტები 1885 : 882).
რუსი მეფისნავცლის მიერ ქართველი მოღვაწის ამგვარი შეფასება უთუოდ
საყურადღებოა, მეტყველებს გიორგი ერისთავის ჭეშმარიტ კომედიოგრაფიულ ნიჭზე
და მწერლის უზომოდ დიდ დამსახურებაზე თეატრის შექმნის საქმეში. გრაფმა
ვორონცოვმა ხელი შეუწყო გიორგი ერისთავის სახელის პოპულარიზაციასაც. მან
მწერალი თბილისში 1850 წელს ჩამოსულ მომავალი ტახტის მემკვიდრეს _
ალექსანდრე ნიკოლოზის ძესაც _ წარუდგინა. „ცარევიჩმა“ ხელი ჩამოართვა გიორგი
ერისთავს და უთხრა: „ძლიერ მიხარის, რომ ქართველებსაც ჰყოლიათ თავიანთი
მოლიერიო“ (მეუნარგია ი. 1954 : 270).

გიორგი ერისთავი თავდადებული აღმოჩნდა საზოგადოებრივი საქმისთვის,


ძალ-ღონეს არ იშურებდა ქართული დასის შესაქმნელად, სოფელ-სოფელ დადიოდა
და მსახიობებს აგროვებდა. მსახიობობა ყველას არ შეეძლო, თანაც XIX საუკუნეში ეს
პროფესია მიუღებელი იყო, განსაკუთრებით ქალებისათვის. გიორგი ერისთავს
უხდებოდა ოჯახების დარწმუნება, რომ მათი შვილები სათაკილო საქმეს კი არ
ჰკიდებდნენ ხელს, არამედ პატრიოტულს, ქვეყნის განვითარებისათვის ესოდენ
საჭიროს. თანაც გიორგი ერისთავი მათ სთავაზობდა კარგ ხელფასს, რომელზედაც
ვერც კი იოცნებებდა დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენელი. ივ. კერესელიძის
ცნობით, „ზოგიერთი აქტიორები და აქტრისები გიორგი ერისთავმა თავის სახლში
დააყენა; ეშინოდა გული არავის შეეცვალა და თეატრიდან ხელი არ აეღებინებინა“
(მეუნარგია ი. 1954 : 256).

თეატრის ხელმძღვანელი ზრუნავდა მსახიობთა მორალურ სახეზეც. როდესაც


გაიგო, რომ მსახიობი დვანაძე (შემდგომში დრამატურგი) ერთ-ერთ თანამშრომელ
ქალს სასიყვარულო წერილებს წერდა, მანამ არ მოისვენა, სანამ ეს ქალი ცოლად არ
მოაყვანინა. ხელმძღვანელობა მოითხოვდა ზრუნვას და ერთგულებას იმ ადამიანთა
მიმართ, რომლებმაც მას ნდობა გამოუცხადეს, ამიტომაც გიორგი ერისთავმა
ლოიალურობასთან ერთად პრინციპულობა და სიმკაცრეც გამოამჟღავნა. მან
იმდენად დააფასა მთავრობისაგან მიღებული ნდობა, რომ მისი თეატრის
რეპერტუარს (ასევე ჟურნალ „ცისკარსაც“) ცენზორი აღარ სჭირდებოდა.
აღსანიშნავია, რომ ის თავადაც გვევლინება ცენზორად ცოტა ხნით; თუმცა ეს
თანამდებობა მისთვის სახარბიელო არ ყოფილა და მალე „დაუძვრენია“ კიდეც თავი.

გიორგი ერისთავის, როგორც მწერლის, დამსახურება ქართული ლიტერატურის


ისტორიაში არის ის ფაქტი, რომ მან შეულამაზებლად ასახა თანადროულობა:
გვიჩვენა სავაჭრო კაპიტალის განვითარებით გამოწვეული ფეოდალური მეურნეობის
რღვევა, დაცემის გზაზე მდგარი თავადაზნაურობის უხერხემლობა, გონებრივი
სიმწირე და ზნეობრივი გადაგვარება. კომედიებში ძველი თაობის წარმომადგენლები
ებღაუჭებიან წარსულ დიდებას (ამირინდო და ონოფრე „დავიდან“ (1840);
ანდუყაფარ და პავლე დიდებულიძეები „გაყრიდან“ (1849)), რუსეთში
სწავლამიღებული ახალი თაობა კი სრულიად მოუმზადებელია პრაქტიკული
საქმიანობისათვის, მხოლოდ ოცნებობს და ადვილათ თმობს საკუთარ პრინციპებს
(ბეგლარი და მიხეილი „დავიდან“, ივანე დიდებულიძე „გაყრიდან“); მაღალი
წოდების ქართველი ქალები, ისტორიულად კეთილშობილებითა და პატიოსნებით
ცნობილნი, მეშჩანური საზოგადოების საყრდენად ქცეულან (ანახანუმი და მისი
რძლები „შეშლილიდან“ (1839)). ბატონყმური წყობილების მანკიერებებთან ერთად
გიორგი ერისთავმა ასახა საქართველოში სავაჭრო კაპიტალის განვითარება და ამ
წრის წარმომადგენელთა ცხოვრების ასპარეზზე გამოსვლა. მწერალმა არც მათ
მანკიერ მხარეებზე დახუჭა თვალი და დაგვიხატა ვაჭართათვის დამახასიათებელი
ნიშან-თვისებები: სიძუნწე, მომხვეჭელობა და მექრთამეობა (მიკირტუმ ტრდატოვი
„გაყრიდან“, კარაპეტა დაბაღოვი „ძუნწიდან“ (1850)); ერისთავმა წარმოაჩინა მეფის
რუსეთის ბიუროკრატიული აპარატის მოხელეთა კორუმპირებულობაცა და, აქედან
გამომდინარე, მათვის ნიშანდობლივი მანკიერი თვისებები: ანგარება და
ფარისევლობა (სარქის კუმუხტოვი „დავიდან“ და რამაზი „გაყრიდან“).
მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ გიორგი ერისთავი თავისი დრამატული შემოქმედებით
პირველი მწერალია, რომელმაც ლიტერატურულ ნაწარმოებში ქალაქური
მეტყველება _ სომხურ, რუსულ, პოლონურნარევი ქართული _ შემოიტანა, რის გამოც
ზოგიერთი კრიტიკოსის გაკიცხვაც კი დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ სახალხო
მეტყველებას ანუ „მდაბიურ“ ენას მწერალი მხოლოდ დრამატურგიაში იყენებს, რაც
არ ეწინააღმდეგება ანტონ კათალიკოსის „სამის ტილის“ თეორიას (დრამატულ და
იგავ-არაკულ ჟანრში სასაუბრო მეტყველების გამოყენებას); გიორგი ერისთავის
პოეზია და პროზა (მათ შორის _ პოეტური და პროზაული თარგმანებიც)
იმდროინდელი სალიტერატურო ქართულის („მაღალი სტილის“) ნორმებითაა
შესრულებული. თავის დროზე მართლაც მძიმე მოსასმენი იქნებოდა ამგვარი
დამახინჯებული ქართულით მეტყველება, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს მწერლის
სატირული დამოკიდებულებაც როგორც პერსონაჟთა მოქმედებისადმი, ასევე მათი
მეტყველებისადმი. დღეს გიორგი ერისთავისა და მისი თანამედროვე
დრამატურგების ენამ სრულად შემოგვინახა როგორც მე-19 საუკუნის შუა წლების
ქალაქური მეტყველების, ასევე სოციალური სინამდვილის, მთელი სიმახინჯე:
არაეროვნული სავაჭრო კაპიტალის წარმომადგენელთა მისწრაფება მაღალი
წრისადმი და მათი გაუნათლებელი და გარეგნულად მახინჯი (კოჭლი, ბრუციანი,
ყრუ, ცალთვალა და თეძოამოვარდნილი) ქალების გათხოვება „კოტრ“ (გაკოტრებულ)
ანუ უფულო, მაგრამ მშვენიერი გარეგნობისა და უცხოეთში მეტ-ნაკლებად
განათლებამიღებულ ქართული არისტოკრატიის წარმომადგენლებზე მზითევის
გამო; ხოლო ქართველი ქალების ანგარებით გათხოვება ძირითადად რუს
ჩინოვნიკებზე; მეშჩანური საზოგადოების გადაგვარებული აზროვნება და ქმედება.

ჟურნალი „ცისკარი“
1851 წელს დაარსდა ქართული ჟურნალი „ცისკარი“. ამ საქმესაც მეფისნაცვალმა
ვორონცოვმა გიორგი ერისთავი ჩაუყენა სათავეში, როგორც გამოცდილი და ნიჭიერი
ადამიანი. გიორგი ერისთავი ორი წელი ხელმძღვანელობდა „ცისკარს“ და 24 ნომერი
გამოსცა. ის არა მარტო რედაქტორი იყო ჟურნალისა, არამედ მთავარი
თანამშრომელიც; ჟურნალის სხვადასხვა რუბრიკაში ათავსებდა ძირითადად თავის
მიერ შეკრებილ თუ ნათარგმნ მასალას, წერდა როგორც ლიტერატურულ
საკითხებზე, ასევე სახლის მოვლასა და კულინარიაზეც.

ჟურნალის გამოცემა შემდეგნაირად მოხდა: იდეა, რა თქმა უნდა, ქართულ


საზოგადოებაში მომწიფდა მას შემდეგ, რაც დაიხურა ქართულ ენაზე გამოცემული
პირველი ჟურნალი _ „სალიტერატურონი ნაწილნი ტფილისის უწყებათანი“.
რუსულ-ევროპული ცხოვრების წესზე გადასული საზოგადოების წაჩინებული
ნაწილისათვის აუცილებლობად აღიქმება საზოგადოებრივ-კულტურული
ცხოვრების განვითარება, რომელშიც აუცილებლად მოიაზრებოდა ქართული პრესის
არსებობა. იყო კიდეც ქართველების მხრიდან მისი შექმნის სხვადასხვა მცდელობა,
რომლებიც უშედეგოდ დასრულდა. არ ვიქნებით სწორი, თუ ჟურნალ „ცისკრის“
წარმოშობას არ დავუკავშირებთ იმ ლიტერატურულ წრეს, რომლის
წარმომადგენლები იყვნენ ცნობილი საზოგადო მოღვაწეები, რომელთა შორის
გიორგი ერისთავიც მოჩანს. ამიტომაც ვერ ვუარყოფთ აზრს, რომ „ცისკარი“ ამ წრის
მუშაობის, მცდელობის ნაყოფიცაა, მაგრამ ვერც იმ ფაქტს გავექცევით, რომ გრაფი
ვორონცოვის მიერ გატარებული სახელმწიფოებრივი პოლიტიკის გარეშე „ცისკარი“
იმ დროს დღის სინათლეს იხილავდა, მისი გამოსვლა კარგა ხნით გადაიდებოდა.
ლუკა ისარლიშვილის (ცნობილი ცენზორის) მოგონების თანახმად ჟურნალის
დაარსება მარტივად და უცბად მოხდა: „... მანანა ორბელიანის სალონში იყო, რაც
ცისკრის გამოცემას და თეატრს მიეცა დასაწყისი. აქ იკრიბებოდნენ და
კითხულობდნენ ლექსებს: ტატო (ნიკოლოზ ბარათაშვილს ასე ეძახდნენ), გიორგი
ერისთავი, ბირთველიჩი2, მაღალაშვილი, ხანდახან ყიფიანი და სხვა. ერთ საღამოს
სთქვეს _ მოდი ერთი ჟურნალი გამოვცეთო და ის იყო... ვარონცოვი მანანასთან
ხშირად დადიოდა. აქ შეიტყო ამ განზრახვის შესახებ და გიორგი ერისთავზეც.
მოიწონა, შემწეობა მისცა ჟურნალის გამოცემისა და თეატრისათვის“ (ლიტერატურის
მატიანე 1940 : 387). ამ ინფორმაციაზე საინტერესო კომენტარს აკეთებს მკვლევარი
თამაზ ჯოლოგუა: „უნდა ითქვას, რომ „ცისკრის“ გამოცემასთან დაკავშირებული
მოვლენები ლუკა ისარლიშვილის მოგონებაში ერთობ გაიოლებულადაა
წარმოდგენილი („ერთ საღამოს თქვეს ...“). სხვა მხრივ, ჩვენ საფუძველი არა გვაქვს
ეჭვი შევიტანოთ მემუარისტის მონათხრობში და, ისედაც, სხვა დოკუმენტური
2
ბირთველიჩი _ ზედმეტსახელი მიხეილ თუმანიშვილისა.
მასალა საკითხის გარშემო არც მოგვეპოვება“ (ჯოლოგუა თ. 2011 : 111); მაგრამ
არსებობს ზეპირგადმოცემაზე დაფუძნებული სხვა მასალაც, რომელშიაც პირდაპირაა
ნათქვამი, რომ ჟურნალის რეალური დაარსების ინიციატორები იყვნენ ვორონცოვი
და დიმიტრი ყიფიანი. აკაკი წერეთელი წერს: „ [ვორონცოვმა და დიმიტრი ყიფიანმა]
დაიბარეს გ. ერისთავი. მთავარმართებელმა გასცა ბრძანება... უნდა გამოიცეს
ჟურნალი და შენ იკისრო მისი რედაქტორობაო“ (წერეთელი ა. 1961 : 458). ნიკოლოზ
ყიფიანის მოგონებებშიც იგივე დასტურდება: „რედაქტორობა „ცისკრისა“
ვორონცოვმა დიმიტრი ყიფიანის რჩევით მიანდო გიორგი ერისთავს (გლუხარიჩს)“
(ყიფიანი ნ. 1894 : 10). ცხადია, იდეაცა და მცდელობაც უშედეგოდ დასრულდებოდა,
რომ არ ყოფილიყო მეფისნაცვლის სურვილი ქართულენოვანი ჟურნალის შექმნისა
და მისი ყოველმხრივი დახმარებისა. საქმისწარმოება ჟურნალ „ცისკრის“
გამოცემასთან დაკავშირებით შემდეგნაირად წარიმართა: 1851 წლის თებერვალში
გიორგი ერისთავმა ოფიციალურად სთხოვა მეფისნაცვალს ჟურნალ „ცისკრის“
გამოცემაზე ნებართვა. ვორონცოვმა იმავე თვეს მიმართა რუსეთის სამხედრო
მინისტრს, „კავკასიის კომიტეტის“ თავმჯდომარეს, ა. ჩერნიშოვს. მიმართვაში
დაწვრილებითაა განხილული გამოცემასთან დაკავშირებული ცალკეული
დეტალები: ჟურნალი ქართულენოვანი უნდა ყოფილიყო, ლიტერატურული
მიმართულების. მასში უნდა დაბეჭდილიყო ქართული, რუსული და უცხოური
ლიტერატურული თხზულებები; რედაქტორ-გამომცემლობა უნდა ეკისრა ნიჭიერ
დრამატურგს, გიორგი ერისთავს, რომელიც უკვე ხელმძღვანელობდა ქართულ
თეატრს (ვფიქრობთ, ამ ფაქტის აღნიშვნით კიდევ უფრო იზრდებოდა ნდობა
მომავალი გამოცემისადმი); ჟურნალის სახელწოდება უნდა ყოფილიყო „ცისკარი“;
იგი უნდა დაარსებულიყო წმ. ნინოს ქალთა სასწავლებლის სასარგებლოდ.

ბუნებრივად ჩნდება კითხვები: როგორ შეძლებდა გიორგი ერისთავი


ერთდროულად ორი ორგანიზაციის მართვას, რადგან თითოეული მათგანი საკმაოდ
დიდ ენერგიასა და დროს მოითხოვდა? რატომ აირჩიეს მაინც და მაინც ის? რატომ არ
მოიძებნა მისი შემცვლელი? სავარაუდოდ ის თეატრის ხელმძღვანელად აირჩიეს,
როგორც ნიჭიერი დრამატურგი, ხოლო _ ჟურნალის ხელმძღვანელად, როგორც უკვე
გამოცდილი სახელმწიფო მოხელე, რომელსაც მონანიებული ჰქონდა 1832 წლის
შეთქმულებაში მონაწილეობა, აზრი შეეცვალა და თავისი ქვეყნის განვითარებას
იმპერიის ფარგლებში ხედავდა, რადგან იმპერია ხელს უწყობდა ქართული
საზოგადოების განათლებას. გიორგი ერისთავი უკვე გამოცდილი იყო როგორც
თეატრის ხელმძღვანელი და არც ჟურნალის ხელმძღვანელობის პროცესში
დაუშვებდა შეცდომებს, ანუ ჟურნალი არ იქნებოდა ეროვნული იდეების მედროშე,
ის ზოგადად შეუწყობდა ხელს განათლებასა და საზოგადოების გაევროპეიზებას, რაც
ძირითადად რუსული კულტურის დამკვიდრებასა და ეროვნულ ტრადიციებთან მის
შერწყმაში გამოიხატებოდა.

1851 წლის 1 მარტს ვორონცოვმა მიიღო ჩერნიშოვის დადებითი პასუხი.


რუსეთის უმაღლესი მთავრობის რეაგირება ქართველთა თხოვნის დაკმაყოფილებაზე
საკმაოდ სწრაფად მოხდა. ეს ან ვორონცოვის ავტორიტეტს უნდა მიეწეროს, ან
გამოდის, რომ მიზანმიმართულად დაიგეგმა და განხორციელდა თეატრისა და
ჟურნალის დაარსებაც, რადგანაც რუსიფიკატორული პოლიტიკა მოითხოვდა
ქართული საზოგადოების სამოქალაქო ცხოვრებაზე გადაყვანას. თუმცა არ
გამოვრიცხავთ, რომ ვორონცოვს პირადი სიმპათია და სიყვარულიც ჰქონდა
ქართველი ხალხისადმი. გამოცდილ პოლიტიკურ მოღვაწეს შეუძლებელია არ
სცოდნოდა მარტივი ჭეშმარიტება, რომ სამხედრო რეჟიმიდან სამოქალაქოზე
გადასვლა იწვევს ქვეყნის კულტურული დონის ამაღლებას და, აქედან გამომდინარე,
ეროვნული ინტერესების გაჩენასაც. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია, მას არ
ეფიქრა შედეგზეც.

ჩერნიშოვის ოფიციალური შეტყობინებით, იმპერატორი ნებას რთავდა გიორგი


ერისთავს, გამოეცა ლიტერატურული ჟურნალი იმ პირობით, რომ მასში არ
დაიბეჭდებოდა პოლიტიკური ხასიათის სტატიები და ცნობები. ნებართვის
მიღებისთანავე გ. ერისთავმა „კავკაზსა“ და „ზაკავკაზსკი ვესტნიკშიც“ რუსულ და
ქართულ ენებზე გამოაქვეყნა განცხადება, რომ ჟურნალის ფასი წელიწადში 5 მანეთი
იქნებოდა, გაგზავნით _ 6 მანეთი. ჟურნალის რედაქტორი მოუხმობდა როგორც
ხელისმომწერებს (ჟურნალის გამომწერებს), ასევე სტატიის დაბეჭდვის მსურველებს.
ამ განცხადებას დიდი ენთუზიაზმი არ მოჰყოლია, რადგან ქართულენოვანი
ჟურნალის გამოცემის აუცილებლობას საზოგადოების მხოლოდ მცირე ნაწილი
აღიქვამდა. ამას მოწმობს ხელისმომწერთა რაოდენობაც, რომელიც მერყეობდა 150-
დან 300-მდე მაშინ, როცა უკვე ჟურნალი რეალურად გამოდიოდა. მანამდე კი ეს
რიცხვი ბევრად ნაკლები იქნებოდა. სწორედ ამიტომ 1851 წელს „ცისკრის“ გამოცემა
ვერ მოხერხდა. გ. ერისთავს არ ჰქონდა არც გამოსაცემი თანხა და არც სტამბა,
რომელიც უზრუნველყოფდა ჟურნალის პერიოდულობასა და ხარისხს. ყველა
პრობლემა გადაწყვიტა და მოხსნა მეფისნაცვალმა: მან გიორგი ერისთავს გადასცა
კანცელარიის ძველი სტამბა, ჟურნალის 100 ნომერი კი თავად გამოიწერა წმ. ნინოს
სასწავლებლისათვის. ამგვარი დახმარებით მეფისნაცვალმა რედაქტორ-გამომცემელს
შეაძლებინა საქმის დაწყება.

გიორგი ერისთავი ძალზედ ენერგიული ადამიანი აღმოჩნდა _ ის


ერთდროულად უძღვებოდა ქართული საზოგადოებრივი ცხოვრების წარმმართველ
ორ უმთავრეს ბირთვს _ ქართულ თეატრსა და ქართულ ჟურნალს. „ცისკრის“
ნომრების მხოლოდ ერთი გადახედვითაც ნათელი ხდება, რომ ძირითადად
რედაქტორი მუშაობს: თავად წერს, თარგმნის, კრებს საინფორმაციო მასალებს.
თითქმის ყველა ნომერში იბეჭდება გიორგი ერისთავის მხატვრული შემოქმედება ან
თარგმანები; „სხუა და სხუა ანბავის“ რუბრიკაც მთლიანად გიორგი ერისთავის მიერ
იწერება (სულ ერთია, ვორონცოვის საქმიანობა იქნება მასში აღწერილი, ღვინის
ევროპულად დაყენება თუ მურაბისა და ბატის მომზადება).

გიორგი ერისთავის ლექსებიდან „ცისკარში“ დაიბეჭდა: „მოგონება“,


„მტკურისადმი“, „გულს“, „თოული“, „კნეინა სოფიო ერისთავისადმი“, „მითხარ,
ტურფავ...“, „გაქსუებული“, „ე.წ.“, „თავ. სვ. მაჩაბელს“ („გახსოვს, როს, ძმაო“), „სატირა:
დედა და ქალი“, „თ.ს. მაჩაბელს“ („ბედმან მე კუალად...“), „კნიაჟნა დარია
ბეგთაბეგოვისას ლეკურის თამაშობაში“, „თ. ნიკოლოზ მელიტონის ძის ბარათოვის
გარდაცვალებაზედ“, პოემა „ზარე და ყანიმათ“, გადმოკეთებული ტრაგედია
„ყვარყვარე ათაბაგი“; ლირიკული თარგმანებიდან: ფრანჩესკო პეტრარკას
„კურთხევა“, ვიქტორ ჰიუგოს „ერთი მინუტის სიჭაბუკე“ და „გაზაფხული“, ადამ
მიცკევიჩის „ბაღჩი სარაია“, „პატოვკას საფლავი“, „გარემისა საფლავნი“, „პილიგრიმი“,
„სიმღერა მაზურკის ხმაზე“, ფრიდრიხ შილერის „განყოფა სოფლისა“; პროზაული
თარგმანებიდან: ალექსანდრე ბესტუჟევ-მარლინსკის „მოლა ნური“, „ამალათ-ბეგი“,
რაფაელ ზოტოვის „კალიოსტრო ღერცოღ რიშელიოსთან“. როგორც ვხედავთ,
საკმაოდ დიდი მასალის გამოცემა მოასწრო რედაქტორმა „ცისკრის“ სულ 24 ნომერში.

გიორგი ერისთავის ორიგინალური ლექსებიდან ჩანს, რომ პოეტი თემატიკით,


გამოსახვის მხატვრული საშუალებებით, ლექსიკითა და სტილით რომანტიკოსია,
თუმცა ნაკლებ ნიჭიერი, ვიდრე სამი კლასიკოსად მიჩნეული რომანტიკოსი _ ალ.
ჭავჭავაძე, გრ. ორბელიანი და ნ. ბარათაშვილი. გიორგი ერისთავი თავის ლირიკაში
ეხება ზოგადსაკაცობრიო თემებს, მაგრამ მისი დარდი „მსოფლიო სევდის“
შემადგენელი ნაწილი ვერ ხდება და პიროვნულ განცდად რჩება; მკითხველს არ
უჩნდება თუნდაც რამდენიმე სტრიქონის დამახსოვრების სურვილი, რაც პოეზიის
შეფასების საუკეთესო კრიტერიუმია. მისი ლექსები ზოგჯერ გაურითმავია, ზოგჯერ
რითმის გამო მახინჯდება სიტყვა, გვხვდება რუსიციზმებიც, თუმცა ზოგიერთ
ლექსში ეს ხარვეზები მეტნაკლებად გამოსწორებულია. ასეთებია შემდეგი
ნაწარმოებები: „პილიგრიმი“ (მიცკევიჩიდან თარგმნილი), „კნიაჟნა დარია
ბეგთაბეგოვისას (ლეკურის თამაშობაზედ)“, „თ. ნიკოლოზ მელიტონის ძის
ბარათოვის გარდაცვალებაზედ“.
აღსანიშნავია, რომ გიორგი ერისთავს აქვს რამდენიმე სატირული ლექსიც,
დრამატურგიის გავლენით შექმნილი, დიალოგის ფორმით დაწერილი, რომლებშიც
პოეტი სატირიკოს-რეალისტად წარმოჩნდება. დიალოგის ფორმას განაპირობებს
მეშჩანური საზოგადოების ობიექტურად ასახვის სურვილიც.

გიორგი ერისთავის „ცისკრის“ და ასევე ზოგადად მწერლის შემოქმედების


საუკეთესო ორიგინალურ მხატვრულ ნაწარმოებად მიგვაჩნია ყრმობისდროინდელი
პოემა „ზარე და ყანიმათ“ („ოსური მოთხრობა“), რომელიც შეთქმულთა მისწრაფებებს
გამოხატავდა და რომლის ერთი ნაწილი სოლომონ დოდაშვილმა დაბეჭდა
„სალიტერატურო ნაწილნში“. მიუხედავად ცალკეული სენტიმენტალური
ტენდენციისა (ზარეს მიზანმიმართული შეხვედრა ყანიმათთან, ყანიმათის მიერ
ზარესადმი სიყვარულის ახსნა), პოემა რომანტიკული ხასიათისაა. მასში აღძრული
პატრიოტული გრძნობა აღაფრთოვანებს მკითხველს, მიუხედავად იმისა, რომ პოემაც
ენობრივად დასახვეწია; ემჩნევა, რომ ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი მწერლის
შემოქმედების ნაყოფია. „ოსურ მოთხრობაში“ აშკარად ჩანს ის განწყობილება,
რომელიც „ფარული საზოგადოების“ წევრებს ჰქონდათ. პოემა ორი ნაწილისაგან
შედგება. პირველ ნაწილში გადმოცემულია მე-17 საუკუნეში ქართლ-კახეთის
ბრძოლა შაჰ-აბასის წინააღმდეგ; ბიძინა ჩოლოყაშვილის, ელიზბარ და შალვა
ერისთავების გმირობა. პირველივე ნაწილში მოთხრობილია, რომ სპარსეთში
გამგზავრებული გმირებისათვის ლუარსაბ მეფეს თან გაუყოლებია მხლებლები:
თავისი მოურავის, როინის ძმა და ვინმე ჩარაშვილი. მათ შეშინებიათ და გზიდან
დაბრუნებულან. მოურავ როინს სიკვდილით დაუსჯია ორივე, როგორც მხდალი და
მოღალატე ადამიანები. ამის შემდეგ მათ გვარებს შორის მტრობა ჩამოვარდნილა.
პოემის მეორე ნაწილში მოთხრობილია, თუ როგორ გადაწყვეტს როინის გვარის
უკანასკნელი გამგრძელებელი, ყანიმათი, მოკლას ბერი ჩარაშვილი, ამ გვარის
უკანასკნელი მამაკაცი. ყანიმათს გზაზე დაუხვდება ბერის ასული ზარე. მათ
ერთმანეთი შეუყვარდებათ და ჩუმად ხვდებიან. ერთ-ერთი შეხვედრის დროს
ყანიმათს კლავს ბერი ჩარაშვილი, ზარე კი ჭკუიდან იშლება. პოემაში ზარესა და
ყანიმათის ტრაგიკული სიყვარული ის ფონია, რომლის მიღმაც მთავარი თემა იშლება
_ ავტორი გვეუბნება, რომ თავდადებული და წესიერი ადამიანები, გმირთა
მემკვიდრენი, ჩვენს დროშიც არიან; ისტორია კი მუდამ კავშირშია
თანადროულობასთან.

გიორგი ერისთავის მიერ პოეტური თარგმანების არჩევანი მის დახვეწილ


გემოვნებაზე მეტყველებს, რასაც ვერ ვიტყვით უშუალოდ თარგმანების მიმართ.
შედარებით დახვეწილადაა გადმოტანილი შილერის „განყოფა სოფლისა“ და
მიცკევიჩის „სიმღერა მაზურკის ხმაზე“. ისინი რეალისტური პოეზიის
პრინციპებითაა შესრულებული, ამიტომ გასაგებია და ადვილად აღსაქმელი, გიორგი
ერისთავის დანაჩენი ლექსები კი თარგმნილია არქაული, ხელოვნური ენით, ამიტომ
მოკლებულია ყოველგვარ პოეტურ ღირსებას; მათში არ არის არც განცდა და არც
შინაგანი მღელვარება, თითქოს ნაძალადევად, მხოლოდ აუცილებობის გამო იყოს
თარგმნილი. რაც შეეხება პროზაულ თარგმანებს, ისინი კიდევ უფრო გაუმართავია
იმდენად, რომ ზოგიერთი ადგილის გაგება ჭირს; ამას ემატება უკიდურესად
არქაული ენა და წერის მძიმე სტილი; სპეციალისტების მიერ შემჩნეულია, რომ
ზოგიერთ ადგილს გიორგი ერისთავი არასწორად თარგმნის დედნიდან, ამავე დროს
ამოკლებს ტექსტს ან ტოვებს საკმაოდ დიდ მონაკვეთებს, ასევე არ თარგმნის
მეტაფორულ გამოთქმებს და არც ცვლის მათ ქართული შესატყვისებით. მისი
პროზაული თარგმანები სავსეა რუსიციზმებით და გრამატიკული შეცდომებით
(კალანდაძე ა. 1977 : 345-347).

გვინდა ცალკე გამოვყოთ 1853 წლის „ცისკრის“ მეორე ნომერში დაბეჭდილი


„სხვადასხვა ანდაზანი ხმარებულნი ხალხთაგან“. გიორგი ერისთავმა გემოვნებით
შეარჩია და შეკრიბა ხალხის ყოფა-ცხოვრების ამსახველი ასორმოცდაათამდე ანდაზა,
რომლებიც მძიმე სტილით დაწერილი ნაწარმოებების ფონზე ჟურნალში ყველაზე
სასიამოვნო წასაკითხი აღმოჩნდა. ანდაზის სპეციფიკიდან გამომდინარე,
წარმოდგენილი მასალის ენა მარტივი და გასაგებია. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს იყო
ანდაზების გამოქვეყნების პირველი შემთხვევა ქართულ პრესაში.

„ცისკარში“ წარმოდგენილი გ. ერისთავის შემოქმედებიდან ჩანს, რომ რედაქტორს,


როგორც შემოქმედს, არა აქვს ერთიანი ენობრივი და ლიტერატურულ-
მსოფლმხედველობრივი პოზიცია და, რა გასაკვირია, რომ ეს პოზიცია არ გააჩნდეს
მთელ ჟურნალსაც. რედაქტორის ნაკლი სხვა მხრივაც წარმოჩნდება: ქართველ
კლასიკოსთა ჭეშმარიტად ღირებული ნაწარმოებები ძალიან მცირე რაოდენობითაა
ჟურნალში წარმოდგენილი, სამაგიეროდ უხვად იბეჭდება მდარე ხარისხის უნიჭო
ავტორთა შემოქმედება; უპრინციპოდაა შერჩეული თარგმანებიც, რაც ჟურნალის
ეკლექტიკურ ხასიათს განაპირობებს. ჟურნალის ოთხ განყოფილებაში მასალათა
გადანაწილების პრინციპი დარღვეულია. ზოგიერთ ნომერში მხოლოდ პოეზიაა
წარმოდგენილი (1853 წლის #1), ზოგში კი მხოლოდ პროზა (1853 წლის #5, #6). ეს
უკანასკნელი ნომერი მხოლოდ თარგმანებისგან შედგება და სხვა განყოფილებები
მასში საერთოდ გამოტოვებულია. ჟურნალს აკლია შესაფერისი გაფორმება, უხვადაა
დაშვებული კორექტურული შეცდომები. არც ტექსტიდან და არც სარჩევიდან არა
ჩანს, ზოგიერთი ნაწარმოები რომელი ავტორისაა ან ვინ არის მისი მთარგმნელი.
უფრო ხშირად არ არის დასახელებული თარგმნილი თხზულების ავტორი, რის
გამოც მკითხველმა ავტორად შეიძლება მთარგმნელი მიიჩნიოს. გ. ერისთავის
„ცისკარში“ არ გვხვდება არც ერთი კრიტიკული სტატია. ამგვარი სახის
ნაკლოვნებები ჟურნალის ხელში აღებისთანავე თვალში საცემია.

ჟურნალის პირველობის გამო მის ბევრ ნაკლს ობიექტური გამართლება


მოეძებნება. ნაკლს წონის მისი მნიშვნელობა ქართული საზოგადოებრიობისავის:
„ცისკარმა“ საფუძველი ჩაუყარა ქართულ პუბლიცისტიკას; მასში პირველად
გამოქვეყნდა თეიმურაზ I-ის, თეიმურაზ II-ის, ვახტანგ VI-ის, სულხან-საბა
ორბელიანის, დავით გურამიშვილის, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიგოლ
ორბელიანისა და ნიკოლოზ ბარათაშვილის თხზულებანი, რომლებიც, შესაძლოა,
პუბლიკაციამ დაკარგვასაც გადააარჩინა. „ცისკარმა“ გააცნო ქართულ საზოგადოებას
ევროპული ლიტერატურის ცალკეული ნიმუშები და გარკვეული წარმოდგენა
შეუქმნა მსოფლიო ლიტერატურულ პროცესებზე. ამიტომაცაა, რომ ლიტერატურის
კრიტიკოსები, რომლებიც პირდაპირ წერენ „ცისკრის“ როგორც დადებით მხარეებზე,
ასევე მის ნაკლოვანებებზე, ერთხმად აღიარებენ გიორგი ერისთავის უდიდეს
დამსახურებას ქართული ლიტერატურისა და ზოგადად, ქართული კულტურის
განვითარების საქმეში.

1854 წელს, ვორონცოვის გადადგომის შემდგომ, გიორგი ერისთავმა ვეღარ შეძლო


თეატრისა და ჟურნალის ხელმძღვანელობა. ამ ყოველივეს დაერთო ოჯახური
უბედურებაც. ზუსტად 1854 წელს გიორგი ერისთავს ცოლი გარდაეცვალა. ის
იძულებული გახდა სოფელში დაბრუნებულიყო და შვილი აღეზარდა. 1862 წელს
მწერალი ევროპაში გაემგზავრა; მან თავისი მოგზაურობა აღწერა დღიურების სახით
და უწოდა „ჩემი მოგზაურობა ევროპაში 1862 წელსა, 13 ივნისიდგან“. გიორგი
ერისთავი გარდაიცვალა 1864 წელს. დასაფლავებულია სოფელ იკორთაში,
საგვარეულო სასაფლაოზე.

გიორგი ერისთავის სამწერლობო მოღვაწეობა მრავალფეროვანია. ის იყო


მწერალიც, პოეტიც, დრამატურგიცა და მთარგმნელიც. მისი კომედიები პირველი
რეალისტური ნაწარმოებებია ქართულ სინამდვილეში. ერისთავის პიესების
სოციალურ-პოლიტიკური სატირის სიმახვილემ ახალი ეტაპი შექმნა ქართულ
ლიტერატურაში, რომელიც გიორგი ერისთავის სკოლის სახელთანაა
დაკავშირებული. ამ სკოლაში შედიან ცნობილი დრამატურგები: ზ. ანტონოვი, გ.
დვანაძე, გ. ჯაფარიძე და სხვები.
ილია ჭავჭავაძემ ამგვარად შეაფასა გიორგი ერისთავის სამწერლობო
მოღვაწეობა თავის პუბლიცისტურ წერილში „წერილები ქართულ
ლიტერატურაზედ“: „გ. ერისთავი, როგორც პოეტი, იმითაა შესანიშნავი, რომ ჩვენს
პოეზიას ჩაუმატა ის პირწვეტიანი ეკალი, რომელსაც „სატირას“ ეძახიან და რომელიც
ზოგჯერ გამოსაკეთებლად აწყლულებს ხოლმე იმას, ვისაც კი დაეძგერება და სხვას კი
ყოველთვის აფრთხილებს“ (ჭავჭავაძე ი. 1991 : 521). გიორგი ერისთავის „პირწვეტიანი
ეკალი“ უპირველესად მის დრამატურგიაშია ამოქმედებული და საზოგადოების
სხვადასხვა ფენისადმი „დაძგერებული“, რადგან მწერლის მიერ დახატული სცენები
საქართველოსთვის ტიპურია და ამავე დროს ეთნო-კლასობრივი სპეციფიკის
ამსახველი.

გამოყენებული ლიტერატურა:

აქტები 1885 : Акты. собранные Кавказской археографической комиссиею, Отчесть


княза М. С. Воронцова за 1849-1851 годы (ст. 111). Тф.: 1885;

გამეზარდაშვილი დ., შესავალი წერილი წიგნისა ახალი ქართული ლიტერატურის


ისტორია, თსუ, 1972.

ერისთავი გ., თხზულებანი, გამომცემლობა „ლიტერატურა და ხელოვნება“, თბ., 1966.

მიხეილ თუმანიშვილი („კავკაზი“ 1852, #10-11).

კალანდაძე ა., ქართული ჟურნალისტიკის ისტორია (1819-1853), I, გამომცემლობა


„განათლება“, თბ., 1977;

ლიტერატურის მატიანე, წიგნი 1-2, საქ. სსრ სახელმწიფო ლიტერატურული


მუზეუმი, თბ., 1940;

მეუნარგია ი., „ქართველი მწერლები“, სოლომონ ცაიშვილის რედაქციით,


„სამეცნიერო-მეთოდური კაბინეტის გამომცემლობა“, თბ., 1954.

ორბელიანი ალ., „სიტყვა მამულის ტრაპესზედ“, სერიიდან: „რჩეულთა ბიბლიოთეკა“


# 32, შემდგენელი ნ. ვახანია, გამომცემლობა „ლომისი“, თბ., 1999.
ყიფიანი ნ., დიმიტრი ყიფიანის ცხოვრება, გამომცემლობა „ქართული ამხანაგობა“,
თბ., 1894.

ჭავჭავაძე ი., თხზულებათა სრული კრებული ოც ტომად, ტ. V, თბ., 1991

წერეთელი ა., სრული აკად. გამოცემა თხუთმეტ ტომად, ტ.14, თბ., 1961. ჯოლოგუა
თ., ქართული ჟურნალისტიკის ისტორია XIX საუკუნე, წ. I, გამომცემლობა „ნეკერი“,
თბ., 2011.

You might also like