You are on page 1of 30

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

მარიკა ბოლქვაძე

სიტყვათა რიგის საკითხები თანამედროვე ქართული პრესის ენაში

ნაშრომი წარმოდგენილია ქართული ფილოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად

მეცნიერ - ხელმძღვანელი:

ასოცირებული პროფესორი მაია ბარამიძე

ბათუმი 2019

განაცხადი

1
როგორც წარმოდგენილი ნაშრომის ავტორი ვაცხადებ , რომ ნაშრომი წარმოადგენს ჩემს
ორიგინალურ ნამუშევარს და არ შეიცავს სხვა ავტორების მიერ აქამდე გამოქვეყნებულ,
გამოსაქვეყნებლად მიღებულ ან დასაცავად წარდგენილს მასალებს, რომლებიც
ნაშრომში არ არის მოხსენიებული ან ციტირებული სათანადო წესების შესაბამისად.

მ. ბოლქვაძე

მარიკა ბოლქვაძე 2019

ანოტაცია

2
მეტად მნიშვნელოვანია მედიის როლი დღევანდელ ცხოვრებაში, იგი
ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალებაა.
მედიაში ხშირად ვაწყდებით სხვადასხვა ტიპის შეცდომას, იქნება ეს მორფოლოგიური,
სინტაქსური, სტილისტიკური თუ პუნქტუაციური. ნაშრომში განხილულია სიტყვათა
რიგის საკითხები თანამედროვე ქართული პრესის ენაში, სიტყვათა რიგის როლი
სინტაქსური და სტილისტიკური თვალსაზრისით, ნაჩვენებია როგორ ცვლის ერთი
სიტყვის გადანაცვლება წინადადების შინაარსს. ჩვენ მიერ მოყვანილი მაგალითები
ნათელი დასტურია იმისა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია, რიგ შემთხვევებში, სიტყვათა
რიგის დაცვა, რომ წინადადების შინაარსი არ შეიცვალოს ან გაუგებარი არ გახდეს.
ცნობილია, რომ სიტყვათა განლაგება ქართულში შედარებით თავისუფალია. ეს კი,
თავის მხრივ, წინადადებაში სიტყვებისათვის ადგილის შეცვლის შესაძლებლობას
იძლებვა, რაც აზრის სხვადასხვა ნიუანსის გადმოცემის საშუალებას გვაძლევს.
მიუხედავად ამისა, სიტყვათა განლაგება ქართულ წინადადებაში აბსოლუტურად
თავისუფალი მაინც არ არის და ზოგ შემთხვევაში სიტყვისათვის ადგილის შეცვლა
შინაარსის უზუსტობას იწვევს.

Annotation

3
.

შინაარსი
4
შესავალი ---------------------------------------------------------------------------- 6
თავი I. სიტყვათა რიგის საკითხები სამეცნიერო ლიტერატურაში ----- 11
§1. ზოგადი ცნობები სიტყვათა რიგის შესახებ -------------------------------- 11
§2. მსაზღვრელ-საზღვრულის ადგილი წინადადებაში ---------------------- 14
§3. სხვადასხვა შეცდომა ერთ წინადადებაში ------------------------ 18
თავი II. სიტყვათა რიგის საკითხი რთულ ქვეწყობილ წინადადებაში ----- 19
§1. ზოგადი ცნობები რთულ ქვეწყობილ წინადადებაზე ---------------- 19
§2. მაქვემდებარებელი კავშირის ადგილი რთულ ქვეწყობილ
წინადადებაში ----------------------------------------------------------- 21
§3. სხვადასხვა შეცდომა ერთ წინადადებაში--------------------------- 29
დასკვნა ------------------------------------------------------------------------ 31
გამოყენებული ლიტერატურა ----------------------------------- 32

შესავალი
მედია ინფორმაციის მიღებისა თუ გავრცელებისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
საშუალებაა, შესაბამისად მნიშვნელოვანია მედია-საშუალებების ენა იყოს გამართული
და სრულად შეესაბამებოდეს სალიტერატურო ენის ნორმებს. ბოლო წლებში

5
საქართველოში უამრავი დასახელების ჟურნალ-გაზეთი გამოდის. იბეჭდება
მრავალფეროვანი მასალა, მაგრამ ხშირად დაბეჭდილ მასალაში ძნელია წინადადების
შინაარსის გაგება, ავტორის მიერ ნაგულისხმები აზრის ამოცნობა, ეს ყველაფერი კი
გამოწვეულია ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დარღვევით. მიუხედავად
იმისა, რომ ბოლო წლებში შეიქმნა არაერთი ორგანიზაცია, ცენტრი თუ დაწესებულება,
რომელიც ამკვიდრებს და ადგენს ქართული ენის ნორმებს, ახორცილებს სახელმწიფო
ენის განვითარებისა და ფუნქციონირებისათვის საჭირო ღონისძიებებს და
აკონტროლებს ჟურნალ-გაზეთების, წიგნების გამოცემას, მედია საშუალებებში მაინც
გვხვდება სხვადასხვა ტიპის შეცდომა.
წლების განმავლობაში არაერთი მეცნიერი თუ მკვლევარი შეხებია მედია-
საშუალებების მეტყველების თავისებურებას, შექმნილა უამრავი ნაშრომი. არაერთი
ცნობილი ადამიანი, მეცნიერების სხვადასხვა დარგის მუშაკები გამოთქვამენ
კრიტიკულ შენიშვნებს ქართული სალიტერატურო ენის დღევანდელ მდგომარეობაზე,
რომლებსაც იმოწმებს ქ-ნ მერი ცინცაძის წიგნში ,,ქართულად ხსნილად უბნობდი!’’
საილუსტრაციოდ მოვიყვანთ რამდენიმე მათგანს.
რევაზ შეროზია:
,,სამწუხაროდ, პრესა, ტელევიზია სახელმწიფო სალიტერატურო ენის თვალსაზრისით
უკონტროლო გახდა, აღარავის ახსოვს, რომ არსებობს სალიტერატურო ენის ნორმები’’.
სპარტაკ ქობულია:
,,დაკნინებულია ჩვენი ენა... როგორი უცხო სიტყვებით გაჯერებული, მჭლე ქართულით
მეტყველებენ ჩვენი ჟურნალისტები, რა აჯაფსანდალია ყვითელი პრესა’’.
ივანე ამირხანაშვილი:
,,მასმედიამ ქართული ენა უბედურების ზონად აქცია’’.
იოსებ ჭუმბურიძე:
,,ქართული მასმედიის ენა უმძიმეს შთაბეჭდილებას ტოვებს...ალბათ, აუცილებელია,
შეიქმნას სპეციალური საბჭო, რომელიც მასმედიაში მორალურ-ეთიკური ნორმების
დაცვას უზრუნველყოფს’’.
ზურაბ ჭუმბერიძე:

6
,,უსმენ ჩვენს ტელეწამყვანებს და იშვიათი გამონაკლისის გარდა, ვერ გაიგებ, აქაური
ქართველი გელაპარაკება, თუ უცხოელი, რომელსაც ახლახან უსწავლია ქართული. სად
სვამენ მახვილს, სად აკეთებენ პაუზას, რა სიტყვებსა და ტერმინებს იყენებენ, ეშმაკი ვერ
გაიგებს. ქართული ენა ხომ არ იციან და არ იციან’’.
ლევან ღვინჯილია:
,,მასმედიის ენობრივ-სტილურ პრობლემებს ბოლო ხანს მორალურ-ეთიკური ასპექტიც
დაემატა, გაზეთების ფურცლები და ტელეეკრანი წალეკა ბილწსიტყვაობამ, თითქოს
აღარ არსებობს სიბილწე, ტელეეკრანიდან რომ არ გვესმოდეს ან ჟურნალ-გაზეთებში
აღარ ვკითხულობდეთ’’.
2001 წელის სექტემბერში საქართველოს ტელემაუწყებლობის წიაღში
შეიქმნა ,,ქართული ენის ნორმებისა და მეტყველების კულტურის დაცვის ცენტრი’’
(ხელმძღვანელი - ვიტალი მიქიაშვილი, ენის ნორმების დაცვის კოორდინატორი -
მიხეილ კოპალეიშვილი). ცენტრის მიზანი იყო: ,,მშობლიურ ენაზე გამართული
მეტყველება არხის ჟურნალისტებმა და დიქტორებმაც ისწავლონ ‘’ (გაზეთი ,, ახალი
ეპოქა’’). 2008 წლის 14 აპრილს ენის კონსტიტუციური სიწმინდეების დასაცავად
დაფუძნდა ,,სახელმწიფო ენის კონსტიტუციური დაცვის საზოგადოება’’. 2016 წელს
შეიქმნა ,,სახელმწიფო ენის დეპარტამენტი’’, საჯარო სამართლის იურიდიული პირი,
რომელიც ზრუნავს ქართული ენის ნორმების დადგენასა და დამკვიდრებაზე.
მიუხედავა იმისა, რომ ზემოთ ნახსენებმა დაწესებულებებმა დადებითი შედეგი
მოახდინეს მედია-საშუალებების ენაზე, მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ წლებში
ქართული ჟურნალ-გაზეთების ენა თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის
ნორმათა დაცვის თვალსაზრისით საგრძნობლად გაუმჯობესდა, ჯერ კიდევ არ გვაქვს
ამ მხრივ სასურველი მდგომარეობა. ბეჭდურ მედიაში მაინც გვხვდება გრამატიკული
დარღვევები, რომლებიც ბუნდოვანს ხდის წინადადებას და მკითხველისაგან უფრო მეტ
ყურადღებას მოითხოვს, წინადადების შინაარსი სწორად გასაგებად.
მართალია, მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესება, რაც უპირატესად იმაში
გამოიხატება, რომ ამჟამად ჩვენს ჟურნალ-გაზეთებში უკეთესადაა დაცული
ორთოგრაფიული წესები, მეტი ყურადღება ექცევა პუნქტუაციის წესების დაცვასაც,

7
დამაკმაყოფილებელია მორფოლოგიური და სინტაქსური ნორმების დაცვაც
(გიგინეიშვილი, 2004:102). აღსანიშნავია ისიც, რომ წლების განმავლობაში იწერებოდა
უამრავი სტატია, რომელიც ეძღვნებოდა ჟურნალ-გაზეთებში არსებულ შეცდომებს და
ამ პრობლემის მოგვარების გზებს. ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ ზოგიერთი გაზეთის
ზოგიერთ მუშაკს, რომელსაც ამ გაზეთის ენისა თუ სტილის მეთვალყურეობა და
გასწორება ევალება, თავისებური შეხედულებები აქვს თანამედროვე ქართული
სალიტერატურო ენის ნორმებზე და ამ შეხედულებებს პრაქტიკულადაც ატარებს
გაზეთის ფურცლებზე (გიგინეიშვილი, 2004:102).
კვლევის მიზნები. რამდენადაც ჩვენი განხილვის ობიექტი პრესის ენაა,
უპირველესად უნდა აღინიშნოს ერთი არსებითი მომენტი: პრესის ენა დიდ
ზეგავლენას ახდეს ზეპირ მეტყველებაზე და პირიქით, ზეპირი მეტყველებაც ახდენს
გარკვეულ ზეგავლენას პრესის ენაზე. ერთი მხრივ, თუ ადრე პრესის ენისათვის
დამახასიათებელი იყო დაშტამპული სიტყვა-გამოთქმები, შინაგანი თუ ფაქტობრივი
ცენზორის მკაცრ ჩარჩოებში მომწყვდეული აზროვნების შესაბამისი ლექსიკა და
ფრაზეოლოგია, ამჟამად რადიკალურად განსხვავებულ სურათი გვაქვს. დღეს ჟურნალ-
გაზეთებში ვაწყდებით ქუჩის ლექსიკას, სასაუბრო-ფამილარულ სიტყვა-გამოთქმებსა
თუ ბარბარიზმებს. მეორე მხრივ, ჟურნალ-გაზეთებში დაშვებული მორფოლოგიური,
სინტაქსური, პუნქტუაციური თუ სტილისტიკური შეცდომები პირდაპირ აისახება
საზოგადოების ზეპირ მეტყველებაზე და მკითხველი იმეორებს იმ შედომებს, რასაც
კითხულობს გაზეთში. ჩვენი კვლევის მიზანი სწორედ ის გახლავთ, რომ ამოვიწეროთ
და დავაჯგუფოთ შეცდომები, რომლებიც ჟურნალ-გაზეთებში გვხვდება, რათა
სამომავლოდ შევეცადოთ და თავიდან ავირიდოთ მსგავსი ხარვეზები.
კვლევის ძირითადი მიზანია აღინუსხოს ბეჭდურ მედიაში არსებული ყველა ის
შეცდომა, რომელიც გამოწვეულია წინადადებაში სიტყვათა რიგის დარღვევით.
რადგანაც ჩვენი კვლევის საგანია სიტყვათა რიგის საკითხები, ამოვწერეთ და
დავაჯგუფეთ ის წინადადებები, რომლებშიც სიტყვათა რიგი დარღვეულია. უფრო
ზუსტად კი - გავნიხილავთ სიტყვათა რიგის დარღვევის შემდეგ შემთხვევებს:
წინადადებებს, რომლებშიც განსაზღვრება დაშორებულია საზღვრული წევრისაგან და

8
ასევე რთულ ქვეწყობილ წინადადებებს, რომლებშიც მაქვემდებარებელი კავშირი
არასწორ პოზიციაზე გვევლინება.
კვლევის საგანი. ჟურნალ-გაზეთები, ტელევიზია, სოციალური მედია
თანამედროვე ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, მათი ძირითადი დანიშნულებაა,
მიაწოდოს ინფორმაცია მოსახლეობას მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ.
ხშირად მასმედიის მიერ მოწოდებული ინფორმაცია გაჟღენთილია სხვადასხვა ტიპის
შეცდომით. ტელევიზორიდან თუ რადიოდან არც თუ იშვიათად ისმის არასწორი
ქართული, მოგვეძალა ქართული ენისათვის არაბუნებრივი, უჩვეულო კონსტრუქციები.
ბევრი ქართველის სმენას თითქოს აღარ ეუცხოება ისინი, რადგან ყოველდღე ესმის,
კითხულობს და ნელ-ნელა ეჩვევა კიდეც (ცინცაძე,2013:8).
ჩვენი ნაშრომისთვის ემპირიული მასალის მოსაძიებლად შევარჩიეთ ორი
ადგილობრივი გაზეთი ,,ბათუმელები’’ და ,,აჭარა’’ - 2014-2015 წლების ნომრები,
რომლებშიც მოვიძიეთ ჩვენთვის საინტერესო მასალა. მაგალითების მეშვეობით
დავრწმუნდებით, რომ მიუხედავად იმისა, ქართულში სიტყვათა რიგი შედარებით
თავისუფალია, არის შემთხვევები, როცა მიღებული რიგის დაცვა აუცილებელია.
კვლევის შედეგის პრაქტიკული მნიშვნელობა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მედია
მნიშვნელოვან როლს თამაშობს თანამედროვე ცხოვრებაში, მედია ინფორმაციის
მიღებისა და გავრცელების საშუალებაა, რიგ შემთხვევაში მას შეიძლება ჰქონდეს
საგანმანათლებლო ფუნქციაც. საკმაოდ დიდია მედიის როლი საზოგადოების
განვითარებაზეც, არასწორად მიწოდებული ინფორმაცია კი იწვევს საზოგადოების
არასწორ ფორმირებას. ხშირად გაზეთში არსებული ინფორმაცია გრამატიკულად
იმდენად გაუმართავია, რომ ძნელია აზრის გაგება. მკითხველი ვერ ხვდება იმ
შეცდომებს, რასაც ჟურნალ-გაზეთები უშვებენ და საზოგადოებაში არასწორი სიტყვები,
ბარბარიზმები, ჟარგონები, არასწორად შეკუმშული თუ შეკვეცილი სიტყვები,
სინტაქსურად გაუმართავი წინადადებები ვრცელდება. მეტი ყურადღების გამოჩენაა
საჭირო ერთი მხრივ, ჟურნალ-გაზეთების გამომცემლებისაგან, რათა მაქსიმალურად
შემცირდეს შეცდომები და მეორე მხრივ, მკითხველებისაგან, რათა გაიაზრონ ბეჭდურ
მედიაში არსებული შეცდომები და ხელი შეუშალონ მათ გავრცელებას. შესაბამისად

9
საჭირო და აუცილებელია მეტი ყურადღება მიექცეს მედია-საშუალებების ზეპირსა თუ
წერით მეტყველებას, მედიის ენა იყოს გამართული და მოდიოდეს შესაბამისობაში
ქართული სალიტერატურო ენის ნორმებთან. ამისათვის კი საჭიროა შეცდომათა
ამოწერა, დაჯგუფება და გაანალიზება. ვფიქრობ, ამაში გარკვეულ წვლილს შეიტანს ეს
ნაშრომიც. ჩვენ მიერ მოძიებული და დამუშავებული მაგალითები გარკვეულ
დახმარებას გაუწევს ამ თემით დაინტერესებულ პირებს.

თავი I. სიტყვათა რიგის საკითხები სამეცნიერო


ლიტერატურაში
§1. ზოგადი ცნობები სიტყვათა რიგის შესახებ
ქართული ენის სინტაქსის სახელმძღვანელოებში მეცნიერები საგანგებოდ
განიხილავენ სიტყვათა რიგის საკითხებს. როგორც ლ. კვაჭაძე წერს, სიტყვათა
განლაგება (რიგი) სინტაქსური კავშირისა თუ მიმართების გამოხატვის ერთ-ერთი

10
ძირითადი ენობრივი საშუალებაა, რის მიხედვითაც ენები ორ ჯგუფად იყოფიან: ენები,
რომლებშიც სიტყვათა განლაგება თავისუფალია და ენები, რომლებსაც სიტყვათა მყარი
განლაგება ახასიათებთ. მაგრამ ეს დაყოფა მაინც პირობითია, რადგან არ არსებობს ენა,
რომელშიც სიტყვათა განლაგება აბსოლუტურად თავისუფალია, ანდა მყარი. ენების
ამგვარ დაჯგუფებას იწვევს ენის მორფოლოგიური ტიპი: უაფიქსო ენებში სიტყვათა
ურთიერთობას ძირითადად სიტყვათა ადგილმდებარეობა განსაზღვრავს. აფიქსიან
ენებში კი სიტვათა ურთიერთობისათვის მთავარია გრამატიკული ფორმა (კვაჭაძე,
2010:248).
ქართული ენა მდიდარია სიტყვათა მიმოსახრელი აფიქსებით, შესაბამისად
ქართული იმ ენათა ჯგუფს განეკუთვნება, რომლებშიც სიტყვათა განლაგება შედარებით
თავისუფალია. მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნეთ, არ არსებობს ენა, რომელიც სიტყვათა
განლაგების მიხედვით აბსოლუტურად თავისუფალი ან მყარია, შესაბამისად, რიგ
შემთხვევებში, ქართულ ენაში სიტყვის პოზიციის ცვლილება იწვევს წინადადების
შინაარსის ცვლილებას ან გაუგებარს ხდის მას. ზოგადად, წინადადების წევრების
გადასმა-გადმოსმას სხვადასხვა შედეგი მოსდევს:
1) სიტყვათა გადანაცვლებით წინადადების შინაარსი არ იცვლება. მაგ.; ქორმა
წიწილა წაიღო, წიწილა ქორმა წაიღო, ქორმა წაიღო წიწილა (კვაჭაძე, 2010:12).
2) წინადადების წევრების გადანაცვლების დროს რომელიმე სიტყვამ შეიძლება
სინტაქსური კავშირი გაწყვიტოს ერთ სიტყვასთან და სხვას დაუკავშირდეს, რის
გამოც იცვლება წინადადების შინაარსი. მაგ.; ,,პატარა გოგომ ჩაფით წყალი
მოარბენინა’’, ,,გოგომ პატარა ჩაფით წყალი მოარბენინა“ (კვაჭაძე, 2010: 12).
3) წინადადების წევრების გადანაცვლების დროს შეიძლება სულ დაირღვეს
სინტაქსური კავშირი და ხელთ შეგვრჩეს მხოლოდ სიტყვები, რომლებიც
წინადადებას ვერ ქმნიან და, ცხადია, აზრსაც ვერ გადმოგვცემენ. მაგ.: ,,მკრთალი
ნათელი სავსე მთვარისა მშობელს ქვეყანას ზედ მოჰფენოდა’’. ამ წინადადებაში
შემავალ სიტყვებს ადგილი რომ შევუცვალოთ, წინადადება აზრს ვეღარ
გადმოგვცემს: მოჰფენოდა მთვარისა ზედ სავსე მშობელს ნათელი ქვეყანას
მკრთალი (კვაჭაძე, 2010: 13).

11
ძველ ქართულში საინტერესო ვითარება გვქონდა სიტყვათა რიგის
თვალსაზრისით. ზოგ შემთხვევაში სიტყვის სინტაქსურ ფუნქციას განსაზღვრავდა მისი
ადგილი წინადადებაში. ასეთი შემთხვევა გვქონდა მაშინ, როცა გარდამავალი ზმნის
მეორე სერიის ფორმებთან შეწყობილი ქვემდებარე და პირდაპირი დამატება
გადმოიცემოდა ანთროპონიმით. როგორც ვიცით, ძველ ქართულში ადამიანის
საკუთარი სახელები სახელობითსა და მოთხრობითში ფუძის სახით იყვნენ
წარმოდგენილი, რის გამოც სიტყვათა სინტაქსური ფუნქცია განისაზღვრებოდა სიტყვის
ადგილით. მაგ.: ,, კაენ მოკლა აბელ’’ ნიშნავდა: კაენმა მოკლა აბელი. ადგილების შეცვლა
იწვევდა მათი სინტაქსური ფუნქციის ცვლილებას. წინადადებაში პირველი სახელი
ყოველთვის იყო ქვემდებარე, მეორე კი - პირდაპირი დამატება. მაგ.: ,,ავთნდილ ნახა
ტარიელ’’ - ძველი ქართულის მიხედვით ნიშნავდა - ავთანდილმა ნახა ტარიელი, ხოლო
ტარიელ ნახა ავთანდილ - ტარიელმა ნახა ავთანდილი. ახალ ქართულში ადამიანის
საკუთარ სახელებს ეს ორი ბრუნვა გარჩეული აქვთ ერთმანეთისაგან, ასე რომ ამ
სიტყვათა სინტაქსურ ფუნქციას ახლა უკვე სიტყვის ფორმა განსაზღვრავს
(კვაჭაძე,2010:12).
მართალია, ვთქვით, რომ სიტყვათა რიგი ქართულში შედარებით თავისუფალია
და სიტყვების გადასმა-გადმოსმით წინადადების რამდენიმე ვარიანტი შეიძლება
მივიღოთ, მაგრამ უნდა აღინიშნოს ისიც, რომ წინადადებში წარმოდგენილი სიტყვათა
განლაგების ყველა შესაძლო ვარიანტი ერთნაირი ღირებულების არ არის. ზოგი,
ბუნებრივია, საყოველთაოდ ხმარებული, ზოგიც - ხელოვნური, ნაძალადევი ან კიდევ
სრულიად მიუღებელი (კვაჭაძე, 2010:249) გვაქვს ისეთი შემთხვევები, როდესაც
სიტყვათა წყობა მყარია, მაგალითად, განსაზღვრება ახალ ქართულში ჩვეულებრივ
საზღვრული წევრის წინ დგას, აგრეთვე რთულ ქვეწყობილ წინადადებაში
მაქვემდებარებელი კავშირები და მიმართებითი სიტყვები უნდა მოსდევდნენ იმ
სიტყვებს, რომელებსაც ისინი ხსნიან (ისინი შეიძლება გათიშულნი იყვნენ ზმნით).
ქვემოთ გაზეთებიდან მოპოვებული მასალის მიხედვით გავნიხილავთ სიტყვათა რიგის
დარღვევის შემთხვევებს. კერძოდ: წინადადებებს, რომლებშიც განსაზღვრება

12
დაშორებულია საზღვრული წევრისაგან და ასევე რთულ ქვეწყობილ წინადადებებს,
რომლებშიც მაქვემდებარებელი კავშირი არასწორ პოზიციაზე გვევლინება.
§2. მსაზღვრელ-საზღვრულის ადგილი წინადადებაში
განსაზღვრება, როგორც წესი, უსწრებს საზღვრულ წევრს (ლამაზი ბავშვი) ან
მოსდევს მას (ბავშვი ლამაზი). თანამედროვე ქართულში გავრცელებულია
პრეპოზიციული წყობა, პოსტპოზიციური კი იშვიათად, მაგრამ მაინც გვხვდება.
მსაზღვრელ-საზღვრულის წყობის მთავარი წესი ისაა, რომ განსაზღვრებამ არ
დაკარგოს სინტაქსური კავშირი საზღვრულ წევრთან და სხვა სიტყვას არ
დაუკავშირდეს. ჟურნალ-გაზეთებში ხშირად ვხვდებით ისეთ შეცდომებს, როცა
მსაზღვრელი არასწორად უკავშირდება სხვა სიტყვას, რითაც წინადადების შინაარსი
ბუნდოვანი ხდება.
ჩვენ მიერ შესწავლილ გაზეთებში ამგვარი დარღვევების არაერთი შემთხვევა
დასტუდება. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:
,,მალე, 12 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით, ბათუმელები კვლავ ისიამოვნებენ
სხვადასხვა ხელოვნების სფეროთი გაჯერებული არაჩვეულებრივი საღამოებით’’ –
მალე, 12 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით, ბათუმელები კვლავ ისიამოვნებენ
ხელოვნების სხვადასხვა სფეროთი გაჯერებული არაჩვეულებრივი საღამოებით.
,,3 ნოემბერს ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდულ ცენტრში აჭარის ღია პირველობა
ჩატარდა ფუტნეტში. მასში 10 გუნდი და სულ სხვადასხვა სპორტის სახეობიდან 50-მდე
მოთამაშე მონაწილეობდა’’ – 3 ნოემბერს ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდულ ცენტრში
აჭარის ღია პირველობა ჩატარდა ფუტნეტში. მასში 10 გუნდი და სულ სპორტის
სხვადასხვა სახეობიდან 50-მდე მოთამაშე მონაწილეობდა.
,,აღნიშნული გუნდი მანამდეც მონაწილეობდა სპორტის სხვადასხვა შეჯიბრებაში,
რომელსაც სომხური დიასპორა ატარებდა’’. წინადადებას სწორი შინაარსი, რომ ჰქონდეს
სიტყვათა განლაგება შემდეგნაირი უნდა იყოს: აღნიშნული გუნდი მანამდეც
მონაწილეობდა სპორტის სხვადასხვა სახეობის შეჯიბრებაში, რომელსაც სომხური
დიასპორა ატარებდა. მსაზღვრელი სიტყვა (სხვადასხვა) არასწორად არის
დაკავშირებული - გუნდი სხვადასხვა შეჯიბრში კი არა სხვადასხვა სპორტულ

13
შეჯიბრში მონაწილეობს. შეიძლება წინადადება სხვაგვარადაც გადაკეთდეს:
აღნიშნული გუნდი მანამდეც მონაწილეობდა სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებაში,
რომელსაც სომხური დიასპორა ატარებდა.
ზემოთ მოყვანილ მაგალითებში მსგავსი ტიპის შეცდომებია დაშვებული.
ატრიბუტული მსაზღვრელი, რომელიც ნაცვალსახელითაა გადმოცემული
დაშორებულია თავის საზღვრულს, რის გამოც აზრი არ არის ნათელი.
,,ასეთი უხვი ნალექისაგან არავინ არის დაზღვეული ევროპაშიც მთელი ქალაქები
იტბორება’’ – ასეთი უხვი ნალექისაგან არავინ არის დაზღვეული, მთელ ევროპაშიც
ქალაქები იტბორება. ამ მაგალითში დარღვეულია მსაზღვრელ-საზღვრულის წყობის
მთავარი წესი, განსაზღვრებას გაწყვეტილი აქვს სინტაქსური კავშირი საზღვრულ
წევრთან და სხვა სიტყვას უკავშირდება, რის გამოც წინადადება გაუგებარი ხდება.
,,ბოლო ათი დღის მანძილზე ბათუმში და მთელს აჭარის ტერიტორიაზე მეორედ
მოვიდა უხვი ნალექი’’ – ბოლო ათი დღის მანძილზე ბათუმში და აჭარის მთელ
ტერიტორიაზე მეორედ მოვიდა უხვი ნალექი.
,,2050 წლისათვის, მთელი აჭარის ტერიტორიაზე, 1961-1990 წლებთან შედარებით
წლიური ტემპერატურა საშუალოდ 1,50 C-ით გაიზრდება’’ – 2050 წლისათვის, აჭარის
მთელ ტერიტორიაზე, 1961-1990 წლებთან შედარებით წლიური ტემპერატურა
საშუალოდ 1,50 C-ით გაიზრდება. ატრიბუტული მსაზღვრელი აქაც დაშორებულია
საზღვრულს რის გამოც წინადადება გაუმართავია.
,,2008 წლისათვის ინდოეთში მილიარდერებზე მთელი მოსახლეობის ქონების
26% მოდიოდა იმ დროს, როდესაც 2003-ში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 18%-ს
შეადგენდა’’ – 2008 წლისათვის ინდოეთში მილიარდერებზე მოსახლეობის მთელი
ქონების 26% მოდიოდა იმ დროს, როდესაც 2003-ში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 18%-ს
შეადგენდა. მსაზღვრელი კვლავ სხვა სიტყვას განსაზღვრავს მთელი მოსახლეობის
ქონებას კი არა მოსახლეობის მთელი ქონება. წინადადება შინაარსობრივად გამართული
რომ იყოს შემდეგნაირად უნდა შეიცვალოს: 2008 წლისათვის ინდოეთში
მილიარდერებზე მოსახლეობის მთელი ქონების 26% მოდიოდა იმ დროს, როდესაც
2003-ში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 18%-ს შეადგენდა.

14
,,იანვრის მზიანი ბოლო კვირა ჩემთვის უცნაური სიტყვით დასრულდა’’ – მზიანი
იანვრის ბოლო კვირა ჩემთვის უცნაური სიტყვით დასრულდა. სიტყვათა განლაგება
ორივე შემთხვევაში სწორია. ასეთ შემთხვევაში გასათვალისწინებელია კონტექსტი.
კონტექსტის მიხედვით კი სწორედ იანვარია მზიანი და ბოლო კვირა.
,,ძირითადად არის ის სარეკლამო მარკეტინგული ღონისძიებები, რომლებიც ჩვენ
ჩავატარეთ სამიზნე ცხრა ბაზარზე, ახლა ვიწყებთ შიდა ბაზარზე, ანუ
საქართველოსთვის’’ – ძირითადად არის ის სარეკლამო მარკეტინგული ღონისძიებები,
რომლებიც ჩვენ ჩავატარეთ ცხრა სამიზნე ბაზარზე, ახლა ვიწყებთ შიდა ბაზარზე, ანუ
საქართველოსთვის.
,,თერმარსენალი აცხადებს ვაკანსიას რიგითი საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე
ბათუმში’’ – სიტყვათა განლაგება კვლავ არასწორია - ვაკანსია რიგითი საწყობის
თანამშრომლის პოზიციაზე კი არა - საწყობის რიგითი თანამშრომლის პოზიციაზეა
გამოცხადებული.
,,ამის ნაცვლად წავიკითხეთ პატარა ზღაპარი დინოზავრზე, რომელსაც ძილის წინ
კბილების გახეხვა ავიწყდებოდა და ამის გამო კბილი დაკარგა’’ – სიტყვათა ამგვარი
განლაგებით გამოდის რომ საუბარია პატარა ზღაპარზე, კონტექსტით კი ჩანს, რომ
საუბარია არა პატარა ზღაპარზე, არამედ პატარა დინოზავრზე, რომელსაც კბილების
გახეხვა ავიწყდებოდა. შესაბამისად წინადადების შინაარსი სწორი რომ იყოს, სიტყვათა
რიგი ასე უნდა გასწორდეს: ამის ნაცვლად წავიკითხეთ ზღაპარი პატარა დინოზავრზე,
რომელსაც ძილის წინ კბილების გახეხვა ავიწყდებოდა და ამის გამო კბილი დაკარგა.
,,ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის გაიმართება მორიგი მოლაპარაკების რაუნდი
უკრაინის ოპოზიციასა და პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს შორის’’ –ჯერჯერობით
უცნობია თუ როდის გაიმართება მოლაპარაკების მორიგი რაუნდი უკრაინის
ოპოზიციასა და პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს შორის.
,,დღემდე მაცვიფრებს მისი მოწოდება, ნიჭი, უნარი, სიყვარული და ენერგია,
რომელმაც საბჭოთა ნაცრისფერი სკოლის სასწავლო დღეები მხიარულ მათემატიკურ
ფეიერვერკად აქცია’’ – წინადადების შინაარსი ბუნდოვანია, რადგანაც მსაზღვრელი
არასწორად არის დაკავშირებული სხვა სიტყვასთან. სკოლა კი არ იყო ნაცრისფერი,

15
არამედ სკოლის სასწავლო დღეები იყო ნაცრისფერი, ე.ი. წინადადება ასე უნდა
გასწორდეს: დღემდე მაცვიფრებს მისი მოწოდება, ნიჭი, უნარი, სიყვარული და ენერგია,
რომელმაც საბჭთა სკოლის ნაცრისფერი სასწავლო დღეები მხიარულ მათემატიკურ
ფეიერვერკად აქცია.
მაშასადამე, როგორც მაგალითებიდან ჩანს, მსაზღვრელის ადგილის შეცვლის ან
საზღვრულთან დაშორების გამო იცვლება წინადადების აზრი, ზოგჯერ წინადადება
გაუგებარიც კი ხდება. მსაზღვრელ-საზღვრულის რიგის დარღვევა საკმაოდ ხშირია
ქართული პრესის ენაში.
§3. სხვადასხვა შეცდომა ერთ წინადადებაში
ჩვენ მიერ შესწავლილ გაზეთებში ვიპოვეთ ზოგიერთი წინადადება, რომლებშიც
ერთდროულად რამდენიმე ტიპის შეცდომაა დაშვებული. გარდა იმისა, რომ არასწორია
სიტყვათა რიგი, ვხვდებით სხვა სახის შეცდომებსაც.
,,ბავშვების ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ერთდღიანი პროგრამის სხვადასხვა
ფარგლებში შემეცნებითი და გასართობი ხასიათის ღონისძიება ჩატარდა’’ –
წინადადებაში ორი შეცდომა გვაქვს და ორივე სიტყვათა განლაგებაშია დაშვებული.
წინადადებაში მსაზღვრელ-საზღვრულთა ორი წყვილი გვაქვს, მაგრამ ორივე მათგანში
მსაზღვრელი სინტაქსურ კავშირს არასწორად ამყარებს, რითაც წინადადების შინაარსი
ბუნდოვანი ხდება. მსაზღვრელ-საზღვრულის პირველ წყვილში, ჯერ წერია
მსაზღვრული სიტყვა (ფსიქოლოგიური), შემდეგ საზღვრულის საზღვრული სიტყვა
(რეაბილიტაციის) და ბოლოს მსაზღვრელი სიტყვა (ერთდღიანი). მსაზღვრელ-
საზღვრულთა მეორე წყვილში კი გვაქვს პოსტპოზიციური წყობა, რაც ქართული
ენისათვის უჩვეულო არ არის, მაგრამ მსაზღვრელ სიტყვას სინტაქსური კავშირი
გაწყვეტილი აქვს საზღვრულ სიტყვასთან და სხვა სიტყვის მსაზღვრელად გვევლინება.
წინადადება გრამატიკულად გამართული რომ იყოს, სიტყვები შემდეგნაირად უნდა
განვალაგოთ: ბავშვების ერთდღიანი ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის სხვადასხვა
პროგრამის ფარგლებში შემეცნებითი და გასართობი ხასიათის ღონისძიება ჩატარდა.
,,როგორც ბათუმის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელმა ჯონი საბაშვილმა
გვითხრა, 2 იანვარს დღისით მთლიანად მოედანი პატარებს დაეთმობა’’ – პირველი

16
შეცდომა დაშვებულია სიტყვათა განლაგებაში, მეორე კი - სიტყვის არამართებული
კონტექსტით გამოყენებაა. წინადადება შემდეგნაირად უნდა გასწორდეს: როგორც
ბათუმის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელმა ჯონი საბაშვილმა გვითხრა, 2 იანვარს,
დღისით მოედანი მთლიანად პატარებს დაეთმობათ. // როგორც ბათუმის კულტურის
ცენტრის ხელმძღვანელმა ჯონი საბაშვილმა გვითხრა, 2 იანვარს დღისით მთელი
მოედანი პატარებს დაეთმობა.

თავი II. სიტყვათა რიგის საკითხი რთულ ქვეწყობილ


წინადადებაში

§1. ზოგადი ცნობები რთული ქვეწყობილი წინადადების შესახებ


რთული ქვეწყობილი წინადადება, როგორც ვიცით, მთავრისა და დამოკიდებული
წინადადებისაგან შედგება. მთავარი გაბატონებული, წამყვანი წინადადებაა,

17
დამოკიდებული კი - დაქვემდებარებული. მთავარი და დამოკიდებული
წინადადებების დაქვემდებარება სხვადასხვა სინტაქსური საშუალებით ხორციელდება.
დაქვემდებარების ძირითადი საშუალება საგანგებო სიტყვებია: მაქვემდებარებელი
კავშირები და მიმართებითი სიტყვები. რთულ ქვეწყობილ წინადადებაში
მაქვემდებარებელი კავშირები, უნდა მოსდევდეს მთავარი წინადადების ასახსნელ
სახელს, რომელსაც დამოკიდებული წინადადება განსაზღვრავს. განსაზღვრებით
დამოკიდებული წინადადება განსაზღვრავს მთავარ წინადადებაში არსებითი სახელით
გადმოცემულ წევრს ან მთავარ წინადადებაში ნაცვალსახელით გადმოცემულ წევრს.
ლეო კვაჭაძე ,,თანამედროვე ქართული ენის სინტაქსში’’ აღნიშნავს, რომ
განსაზღვრებითი დამოკიდებული წინადადება უფრო ხშირად მოსდევს მთავარს ან
მთავარშია. მნიშვნელობა აქვს საკავშირებელ სიტყვას. მაგალითად, დამოკიდებული
წინადადება, რომელიც მთავარს უერთდება ,,რომელიც’’ მიმართებითი ნაცვალსახელით
ან მიმართებითი ზმნიზედით, ჩვეულებრივ მთავარშია ან მოსდევს მას. მაგ.: ,,ამ
მშვენიერ მიდამოს ზევიდამ დასცქერის ის სახლი, რომელშიაც აკაკი დაიბადა;
მონადირემ, რომელიც ირმებს მისდევდა, გაბრიყვებულს მგელს თვალი შეასწრო
(კვაჭაძე, 2010:144).
მიმართებითი ნაცვალსახელი, რომელიც სინტაქსურად მთავარი წინადადების ორ
წევრს უწევს ანგარიშს, რიცხვში ეს ნაცვალსახელი მთავარი წინადადების იმ წევრს
ეწყობა, რომელსაც მიემართება, ხოლო ბრუნვაში - დამოკიდებული წინადადების იმ
წევრს, რომელთანაც ის სინტაქსურ კავშირშია. მაგალითად ,,ცა მოიცვა ღრუბლებმა,
რომლებსაც ქარი აქანებდა...’’. ,,რომლებსაც’’ მიც. ბრუნვაში დგას, რადგანაც ის
პირდაპირ დამატებად არის შეწყობილი გარდამავალი ზმნის I სერიის ფორმასთან,
ხოლო რიცხვში ის მთავარი წინადადების ქვემდებარეს ეთანხმება (კვაჭაძე, 2010:400).
§2.მაქვემდებარებელი კავშირის ადგილი რთულ ქვეწყობილ
წინადადებაში
მაქვემდებარებელი კავშირის ადგილი წინადადებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
კომპონენტია, რომელიც რამდენიმე ფაქტორთან არის დაკავშირეული. კერძოდ:
მაქვემდებარებელი კავშირი უნდა მოსდევდეს ასახსელ სიტყვას, აგრეთვე რიცხვში

18
უნდა იყოს შეთანხმებული მასთან და ბრუნვაში უნდა ეწყობოდეს დამოკიდებული
წინადადების იმ წევრს, რომელთანაც ის სინტაქსურ კავშირშია. ჟურნალ-გაზეთებში
ხშირად ვხვდებით მაგალითებს, რომლებშიც მაქვემდებარებელ კავშირს გაწყვეტილი
აქვს სინტაქსური კავშირი იმ სიტყვასთან, რომელსაც ის უნდა ხსნიდეს და სხვა
სიტყვასთანაა დაკავშირებული, რაც წინადადების შინაარს ბუნდოვანს ხდის.
გაზეთებში ვხვდებით შემდები ტიპის შეცდომებს:
,,ახალ სცენაზე შემოქმედებითმა კოლექტივმა, რომელიც ძველი შენობის
კაპიტალური რემონტის გამო სულ რამდენიმე თვეა ამოქმედდა, მაყურებელს უკვე
მეხუთე სპექტაკლი შესთავაზა’’ – შემოქმედებითმა კოლექტივმა ახალ სცენაზე,
რომელიც ძველი შენობის კაპიტალური რემონტის გამო სულ რამდენიმე თვეა
ამოქმედდა, მაყურებელს უკვე მეხუთე სპექტაკლი შესთავაზა.
,,აღსანიშნავია, რომ ის უკრავს 1718 წლის ჩელოზე კარლო ჯუზეპეს ტესტორეს,
რომელიც ფინეთის კულტურული ფონდის საკუთრებაა’’ – სიტყვათა ამგვარი
განლაგების მიხედვით ფინეთის კულტურული ფონდის საკუთრება 1718 წლის
ანტიკვარული ჩელო კი არა კარლ ჯუზეპეს მიერ ამ ჩელოზე შესრულებული
კომპოზიციაა, რაც რა თქმა უნდა, არასწორია.
,,წინა წლებში ვერ მოახერხა თამაში და საქართველოს ნაკრებთან ერთად წელს
ითამაშებს საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკა (ნიკოლოზ) ბასილაშვილი, ეს ძალიან
დიდი სტიმულია გუნდისთვის - უთხრა გამგზავრებამდე გიორგი ცივაძემ
,,ბათუმელებს’’, რომელიც წელს მე-6 მონაწილეობს ,,დევისის’’ თასზე’’ – კონტექსტით
ისე გამოდის, თითქოს გაზეთი ,,ბათუმელები’’ მონაწილეობს დევისის თასზე, რაც,
ბუნებრივია, არასწორია. უნდა იყოს: გამგზავრებამდე გიორგი ცივაძემ ,,ბათუმელებს’’
უთხრა, რომ წელს მეექვსედ მონაწილეობს ,,დევისის’’ თასზე საქართველოს პირველი
ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელმაც წინა წლებში ვერ მოახერხა თამაში და
საქართველოს ნაკრებთან ერთად წელს ითამაშებს, რაც გუნდისათვის დიდი სტიმულია.
როგორც ვხედავთ ამ მაგალითის გასწორება საკმაოდ ძნელი აღმოჩნდა. იმისათვის რომ
წინადადება შინაარსობრივად და სინტაქსურად გამართული იყოს, საჭირო გახდა
მთელი კონსტრუქციის შეცვლა.

19
,,1966 წელს საბჭოთა კავშირს საქველომოქმედო კონცერტში მონაწილეობის
მისაღებად ეწვია ,,The Beatles’’, რომელიც ტაშკენტში მომხდარი მიწისძვრით
დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად იმართებოდა’’ – ანალოგიურ
პრობლემას ვაწყდებით ამ წინადადებაშიც. სიტყვათა ამგვარი განლაგებით წინადადება
იმდენად გაუმართავია, რომ საჭიროა მთელი კონსტრუქციის შეცვლა ან საჭიროა
გვქონდეს ორი წინადადება. ასე მაგალითად: 1966 წელს საბჭოთა კავშირს ეწვია ,,The
Beatles’’, რომელსაც მონაწილეობა უნდა მიეღო საქველმოქმედო კონცერტში, რომელიც
ტაშკენტში მომხდარი მიწისძვრით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად
იმართებოდა. ან: 1966 წელს საბჭოთა კავშირს ეწვია ,,The Beatles’’ საქველმოქმედო
კონცერტში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც ტაშკენტში მომხდარი მიწისძვრით
დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად იმართებოდა.
,,ყოველთვიურ სტიპენდიას მიიღებენ სტაჟიორები, რომელიც დაფარავს ბინის
ქირას, კვების, ტრანსპორტირების და სხვა ხარჯებს. ხარჯების ზუსტი ოდენობა
დგინდება’’ – კვლავ დარღვეულია სიტყვათა განლაგება, რაზეც ორი რამ მეტყველებს.
პირველი, წინადადების შინაარსი, რომელიც ბუნდოვანი და არასწორია და მეორე,
მაქვემდებარებელი კავშირი რომ ხსნიდეს სიტყვა ,,სტაჟიორებს’’, მაშინ მრავლობით
რიცხვში უნდა გვქონდეს, რადგან მაქვემდებარებელი კავშირი რიცხვში ეთანხმება იმ
სიტყვას, რომელსაც ის ხსნის. წინადადება სწორი რომ იყოს, სიტყვები შემდეგი
თანმიმდევრობით უნდა ეწეროს: სტაჟიორები მიიღებენ ყოველთვიურ სტიპენდიას,
რომელიც დაფარავს ბინის ქირას, კვების, ტრანსპორტირების და სხვა ხარჯებს.
ხარჯების ზუსტი ოდენობა დგინდება.
,,ცნობილია რომ ვიკინგები მცოდნე ნავიგატორები იყვნენ და კომპასის გარეშე
შორს ჩრდილოეთ ატლანტიკაშიც მიდიოდნენ, რომელიც ევროპელთათვის მე-13
საუკუნემდე უცნობი იყო’’ – ,,ცნობილია რომ ვიკინგები მცოდნე ნავიგატორები იყვნენ
და შორს ჩრდილოეთ ატლანტიკაშიც მიდიოდნენ კომპასის გარეშე, რომელიც
ევროპელთათვის მე-13 საუკუნემდე უცნობი იყო.
,,ექსპერიმენტული მუსიკის ფესტივალს ,,Soundsprings’’ პირველად უმასპინძლა
ბათუმმა, რომელიც რამდენიმე დღეს გაგრძელდება’’ – სიტყვათა ამგვარი განლაგება

20
ძალიან ბუნდოვანი შინაარსის მქონე წინადადებას ქმნის. ისე გამოდის თითქოს ბათუმი
გაგრძელდება რამდენიმე დღეს, რაც აბსურდულია, რამდენიმე დღეს
ფესტივალი ,,Soundsprings’’ გაგრძელდება, შესაბამისად წინადადება ასე უნდა
გადაკეთდეს: ბათუმმა პირველად უმასპინძლა ექსპერიმენტული მუსიკის ფესტივალს
,,Soundsprings’’, რომელიც რამდენიმე დღეს გაგრძელდება.
,,თავის დროზე საერთო საცხოვრებელიც ჰქონდა საზღვაო აკადემიას, რომელიც,
ჩვენი ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტრომ, გაურკვეველი მიზეზის გამო,
მიისაკუთრა’’ – თავის დროზე საზღვაო აკადემიას ჰქონდა საერთო საცხოვრებელიც,
რომელიც, ჩვენი ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტრომ, გაურკვეველი მიზეზის გამო,
მიისაკუთრა.
,,მერაბ გოგუაძის სახელს უკავშირდება აჭარაში, კერძოდ ბათუმში, აიკიდოს
სკოლის ჩამოყალიბება, რომელიც აჭარის აიკიდო ტაკემუსუ აიკის ფედერაციის
პრეზიდენტი და მე-3 დანის მფლობელია’’ – სიტყვათა ამგვარი წყობით გამოდის, რომ
აიკიდოს სკოლაა აჭარის აიკიდო ტაკემუსუ აიკის ფედერაციის პრეზიდენტი და მე-3
დანის მფლობელი, რაც შეუძლებელია. სიტყვათა განლაგება შემდეგნაირი უნდა იყოს:
აჭარაში, კერძოდ ბათუმში, აიკიდოს სკოლის ჩამოყალიბება უკავშირდება მერაბ
გოგუაძის სახელს, რომელიც აჭარის აიკიდო ტაკემუსუ აიკის ფედერაციის
პრეზიდენტი და მე-3 დანის მფლობელია.
,,აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიაზე დეპუტატი ანზორ თხილაიშვილი
13 ხმით აირჩიეს. მისი კანდიდატურა ახლად შექმნილმა ფრაქციამ ,,ქართული ოცნება
თავისუფლებამ’’ დაასახელა, რომელიც რიგგარეშე სესიის დაწყებამდე გამართულ
ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა’’ – რიგგარეშე სესიის დაწყებამდე გამართულ
ბიუროს სხდომაზე ფრაქცია ,,ქართული ოცნება თავისუფლება’’ კი არა ანზორ
თხილაიშვილის კანდიდატურა დარეგისტრირდა.
,,ქართველი დევნილების ისტორიის ამსახველი სურათები გაეროს შტაბბინაში
გამოიფინება. ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა ნახოს ეს ექსპოზიცია,
რომელიც გენერალური ანსამბლეის შენობაში მოხვდება’’ – ქართველი დევნილების
ისტორიის ამსახველი სურათები გაეროს შტაბბინაში გამოიფინება. ექსპოზიციის ნახვის

21
შესაძლებლობა ექნება ნებისმიერ მსურველს, რომელიც გენერალური ანსამბლეის
შენობაში მოხვდება.
,,მთის ეროვნული საბჭოს შექმნას გულისხმობს კანონპროექტი, რომელიც
ექსპერტებით, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლობით
დაკონპლექტდება’’ – კანონპროექტი გულისხმობს მთის ეროვნული საბჭოს შექმნას,
რომელიც ექსპერტებით, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს
წარმომადგენლობითი დაკონპლექტდება.
,,გასულ წლის, შემოდგომაზე ხელშეკრულება გაფორმდა აჭარის განათლების
კულტურისა და სპორტის სამინისტროს და თბილისის სამხატვრო აკადემიას შორის,
რომელიც მიზნად ისახავდა თვითნასწავლი მხატვრის ხასან ჰელიმიშის 30 ნამუშევრის
რესტავრაცია-კონსერვაციას’’ – განსაზღვრებითი დამოკიდებული წინადადება ხსნის
არსებითი სახელით გადმოცემლ წევრს კერძოდ, ხელშეკრულებას, რომელიც აჭარის
განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს და თბილისის სამხატვრო
აკადემიას შორის გაფორმდა და რომელიც მიზნად ისახავდა თვითნასწავლი მხატვრის
ხასან ჰელიმიშის 30 ნამუშევრის რესტავრაცია-კონსერვაციას.
,,ბიზნესმენთა შეხვედრა გაიმართა პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, რომელიც
მხარეთა განმარტებით, ქართულ და ყაზახურ კომპანიებს შორის ურთიერთობების
დამყარებასა და სამომავლო თანამშრომლობას შეუწყობს ხელს’’ – პრეზენტაციის
დასრულების შემდეგ გაიმართა ბიზნესმენთა შეხვედრა, რომელიც მხარეთა
განმარტებით, ქართულ და ყაზახურ კომპანიებს შორის ურთიერთობების დამყარებასა
და სამომავლო თანამშრომლობას შეუწყობს ხელს.
,,2014 წლის სექტემბერში საქართველოს მთავრობის ინიციატივით ახალი
კომპონენტი დაემატა პროგრამას ,,აწარმოე საქართველოში’’, რომელიც საქართველოს
რეგიონებში მიკრო და მცირე მეწარმეობის განვითარებას გულისხმობს’’ – 2014 წლის
სექტემბერში საქართველოს მთავრობის ინიციატივით პროგრამას ,,აწარმოე
საქართველოში’’ დაემატა ახალი კომპონენტი, რომელიც საქართველოს რეგიონებში
მიკრო და მცირე მეწარმეობის განვითარებას გულისხმობს.

22
,,სასწავლო სახელმძღვანელოებში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს პედაგოგი,
რომელიც კიდევ უფრო მეტ გაუცხოებას იწვევს ამ საგნის’’ – კონტექსტით ისე გამოდის
თითქოს პედაგოგი იწვევს საგნის უფრო მეტად გაუცხოებას, სინამდვილეში კი საგანს
აუცხოებს ის ხარვეზები, რომლებზეც პედაგოგი საუბრობს.
,,რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე უკვე დახვდებათ იქ მისულ სტუმრებს,
რომელიც განსაკუთრებით იმ ადამიანებს დაანტერესებს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია
მყუდრო, კომფორტული სახლი და მეგობრებთან ან ოჯახთან ერთად სასიამოვნო
გარემოში გეგმავს ახალი წლის გატარებას’’ – იქ მისულ სტუმრებს უკვე დახვდებათ
რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც დააინტერესებს განსაკუთრებით იმ
ადამიანებს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია მყუდრო, კომფორტული სახლი და
მეგობრებთან ან ოჯახთან ერთად სასიამოვნო გარემოში გეგმავს ახალი წლის
გატარებას.
,,მნიშვნელოვან მუსიკალურ ფესტივალს უმასპინძლა ბათუმმა მეშვიდედ,
რომლის დამაარსებელი და უცვლელი ხელმძღვანელი მსოფლიოში სახელგანთქმული
მევიოლინე ლიანა ისაკაძე გახლავთ’’ – სიტყვათა ამგვარი წყობის თანახმად ბათუმის
დამაარსებელი ლიანა ისაკაძეა. ამ მაგალითით კარგად ჩანს თუ რამდენად აბსურდული
შინაარსი შეიძელება მივიღოთ სიტყვათა არასწორი განლაგებით. ლიანა ისაკაძე
დამაარსებელია მნიშვნელოვანი მუსიკალური ფესტივალისა, რომელსაც ბათუმმა
უმასპინძლა. წინადადებაში სიტყვათა რიგი შემდეგნაირი უნდა იყოს: ბათუმმა
უმასპინძლა მნიშვნელოვან მუსიკალურ ფესტივალს, რომლის დამაარსებელი და
უცვლელი ხელმძღვანელი მსოფლიოში სახელგანთქმული მევიოლინე ლიანა ისაკაძე
გახლავთ.
,,18 მაისს, ჩაქვში საზეიმოდ გაიხსნა ევროპის ქალთა ინდივიდუალური რიგით
მე-16 ჩემპიონატი სასტუმრო ,,ოაზისში’’, რომლის საპრიზო ფონდი 60000 ევროა’’ – 18
მაისს, ჩაქვში სასტუმრო ,,ოაზისში’’ საზეიმოდ გაიხსნა ქალთა ინდივიდუალური
რიგით მე-16 ევროპის ჩემპიონატი, რომლის საპრიზო ფონდი 60000 ევროა.
,,საღამო ანსამბლმა ,,ლათინური რიტმები’’ ჟურნალისტებთან ერთად გაალამაზა,
რომლის ხელმძღვანელი ირაკლი სურმანიძე გახლავთ’’ – საღამო ჟურნალისტებთან

23
ერთად გაალამაზა ანსამბლმა ,,ლათინური რიტმები’’, რომლის ხელმძღვანელი ირაკლი
სურმანიძე გახლავთ.
,,2014 წელს სოლიდარობის ფონდი დაარსდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის
ინიციატივით, რომლის მიზანი მცირე ქველმოქმედების მეშვეობით სოციალური
პრობლემების ეტაპობრვი გადაჭრაა’’ – 2014 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის
ინიციატივით დაარსდა სოლიდარობის ფონდი, რომლის მიზანი მცირე
ქველმოქმედების მეშვეობით სოციალური პრობლემების ეტაპობრვი გადაჭრაა.
,,მოქალაქეები ფონდ ,,Wehelp’’ ეხმარებიან ,,წყლის გადასხმის აქციით’’, რომლის
მთავარი მისიაა სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე ბენეფიციარები
საზოგადოებას ფართო მასებთან ონლაინსივრცის მეშვეობით დააკავშიროს’’ –
წინადადების შინაარსი კვლავ არასწორია. ,,წყლის გადასხმის აქციის’’ მთავარი მისია კი
არა - ფონდ ,,Wehelp’’ მისიაა სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე
ბენეფიციარები საზოგადოებას ფართო მასებთან ონლაინსივრცის მეშვეობით
დაკავშირება, შესაბამისად სიტყვათა რიგი შემდეგნაირი უნდა იყოს:
მოქალაქეები ,,წყლის გადასხმის აქციით’’ ეხმარებიან ფონდ ,,Wehelp’’-ს, რომლის
მთავარი მისიაა სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე ბენეფიციარები
საზოგადოებას ფართო მასებთან ონლაინსივრცის მეშვეობით დააკავშიროს’’
,,პირველი სხდომა გამართა საქართველოს მთავრობის განახლებულმა
შემადგენლობამ, რომელსაც პრემიერ-მინისტრის რანგში ასევე პირველად
ხელმძღვანელობდა გიორგი კვირიკაშვილი’’ – საქართველოს მთავრობის
განახლებულმა შემადგენლობამ გამართა პირველი სხდომა, რომელსაც პრემიერ-
მინისტრის რანგში, ასევე პირველად, ხელმძღვანელობდა გიორგი კვირიკაშვილი.
,,საქართველოს პირველობისათვის ემზადება აჭარის ნაკრები, რომელსაც
თბილისი აპრილში უმასპინძლებს’’ – აჭარის ნაკრები ემზადება საქართველოს
პირველობისათვის, რომლესაც თბილისი აპრილში უმასპინძლებს.
,,შემთხვევის ადგილზე მისვლისას ეროსი კიწმარიშვილის გვამი საკუთარ
მანქანაში აღმოჩნდა, რომელსაც თავის არეში აღენიშნებოდა სავარაუდოდ
ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა’’ – შემთხვევის ადგილზე მისვლისას

24
საკუთარ მანქანაში აღმოჩნდა კიწმარიშვილის გვამი, რომელსაც თავის არეში
აღენიშნებოდა, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა.
,,საგუნდო მუსიკის ფესტივალს მასპინძლობდა თბილისი რამდენიმე დღით (22
აპრილიდან 2 მაისის ჩათვლით), რომელშიც საქართველოს ყველა წამყვანი აკადემიური
საგუნდო კოლექტივი მონაწილეობდა’’ – თბილისი რამდენიმე დღით (22 აპრილიდან 2
მაისის ჩათვლით) მასპინძლობდა საგუნდო მუსკის ფესტივალს, რომელშიც
საქართველოს ყველა წამყვანი აკადემიური საგუნდო კოლექტივი მონაწილეობდა.
,,ოთარ ცანავას სახელობის საერთაშორისო ტურნირს თავისუფალ ჭიდაობაში
ჭაბუკთა შორის ორი დღით მასპინძლობდა ბათუმის სასპორტო სკოლა, რომელშიც
წელს სომხეთის (3 გუნდი), საბერძნეთის, საქართველოს რამდენიმე რეგიონის, მათ
შორის აჭარის 200-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა’’ . – განსაზღვრებით
დამოკიდებული წინადადება ხსნის არსებითი სახელით გადმოცემულ წევრს, ტურნირს.
შესაბამისად მაქვემდებარებელი კავშირიც უნდა მიემართებოდეს იმავე სიტყვას
(ტურნირს). აქედან გამომდინარე წინადადებას შემდეგნაირი წყობა უნდა ჰქონდეს:
ბათუმის სასპორტო სკოლა ორი დღით მასპინძლობდა ოთარ ცანავას სახელობის
საერთაშორისო ტურნირს თავისუფალ ჭიდაობაში ჭაბუკთა შორის, რომელშიც წელს
სომხეთის (3 გუნდი), საბერძნეთის, საქართველოს რამდენიმე რეგიონის, მათ შორის
აჭარის 200-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.
,,ვაღიარებთ, რომ ამ პერიოდში იყო გარკვეული პრობლემები, გადაცდომებიც,
მაგრამ ენერგეტიკის მინისტრი არ უნდა აკეთებდეს ასეთ განცხადებას, რომელმაც
ქალაქი შუქისა და გაზის გარეშე დატოვა,- განაცხადა ჯუმბერ კახიძემ’’ – ვაღიარებთ,
რომ ამ პერიოდში იყო გარკვეული პრობლემები, გადაცდომებიც, მაგრამ ასეთ
განცხადებას არ უნდა აკეთებდეს ენერგეტიკის მინისტრი, რომელმაც ქალაქი შუქისა
და გაზის გარეშე დატოვა,- განაცხადა ჯუმბერ კახიძემ.
,,სასამართლო პროცესზე ვიდეოკასეტა მიიტანა შემოსავლების სამსახურის
თანამშრომელმა, რომელზეც ჩაწერილი იყო, თუ როგორ ვაჭრობენ რესტორანში
უცხოური ვალუტით’’ – სასამართლო პროცესზე შემოსავლების სამსახურის

25
თანამშრომელმა მიიტანა ვიდეოკასეტა, რომელზეც ჩაწერილი იყო, თუ როგორ
ვაჭრობენ რესტორანში უცხოური ვალუტით.
ზემოთ მოყვანილი მაგალითებით კარგად ჩანს, რომ რთულ ქვეწყობილ
წინადადებაში, რომლის დამოკიდებულიც განსაზღვრებითია, აუცილებელია მთავარი
წინადადების ასახსნელი წევრი იყოს წინადადებათა საზღვარზე, ე.ი. მაქვემდებარებელი
კავშირი უშუალოდ უნდა იყოს დაკავშირებული მთავარი წინადადების იმ წევრთან,
რომელსაც დამოკიდებული წინადადება ხსნის.
§3. სხვადასხვა შეცდომა ერთ წინადადებაში
ჩვენ მიერ შესწავლილ გაზეთებში ვიპოვეთ ზოგიერთი წინადადება, რომლებშიც
ერთდროულად რამდენიმე ტიპის შეცდომაა დაშვებული. გარდა იმისა, რომ არასწორია
სიტყვათა რიგი, ვხვდებით სხვა სახის შეცდომებსაც.
,,ბათუმელებს’’ მკითხველმა 10 ივლისს ახალი ბათუმის ბულვარში, გონიო-
კვარიათის მონაკვეთში გადაღებული ფოტოები მიაწოდა, სადაც ჩანს თუ როგორ დადის
პირუტყვი ბულვარის სასეირნო ბილიკზე’’ – პირველი შეცდომა გახლავთ სიტყვათა
არასწორი განლაგება: მსაზღვრელ სიტყვას (ახალი) სინტაქსური კავშირი აქვს
დამყარებული სხვა სიტყვასთან, არასწორია ახალი ბათუმის ბულვარი, უნდა იყოს
ბათუმის ახალი ბულვარი. მეორე შეცდომა კი გახლავთ ის, რომ დამოკიდებულ
წინადადებაში საკავშირებელი სიტყვა არასწორადაა შერჩეული. ამ წინადადებაში
კავშირად მიმართებითი ზმნიზედის (სადაც) ნაცვლად გვჭირდება მიმართებითი
ნაცვალსახელი ,,რომელებშიც’’. მაშასადამე წინადადება ასე უნდა გასწორდეს:
მკითხველმა ,,ბათუმელებს’’ 10 ივლისს მიაწოდა ბათუმის ახალ ბულვარში, გონიო-
კვარიათის მონაკვეთში გადაღებული ფოტოები, რომლებშიც ჩანს, თუ როგორ დადის
პირუტყვი ბულვარის სასეირნო ტერიტორიაზე.
,,მამაკაცებში ბრწყინვალე ფინალი შედგა, სადაც ერთმანეთს რუსეთის
მობილიარდეები ვლადისლავ ოსმინინი და ნიკიტა ლივადა დაუპირისპირდნენ’’ – საქმე
გვაქვს კვლავ სიტყვათა არასწორ განლაგებასა და სიტყვის არასწორ ფორმასთან.
პირველი შეცდომა სტილისტიკურია. მამაკაცებში ბრწყინვალე ფინალი კი არ შედგა -
მამაკაცთა შორის შედგა ბრწყინვალე ფინალი. მეორე შეცდომა სინტაქსურია. უნდა

26
გვქონდეს შემდეგნაირი წინადადება: მამაკაცთა შორის შედგა ბრწყინვალე ფინალი,
რომელშიც ერთმანეთს რუსეთის მობილიარდეები ვლადისლავ ოსმინინი და ნიკიტა
ლივადა დაუპირისპირდნენ.
,,გასული თვის დასაწყისში უსაფრთხოების 50-ე კონფერენცია გაიმართა
მიუნხენში, სადაც მსოფლიოს წამყვანი ლიდერები შეიკრიბნენ’’ – პირველი შეცდომა
გახლავთ სიტყათა არასწორი განლაგება. მეორე შეცდომა კი გახლავთ, ის რომ მთავრ
წინადადებას დამოკიდებული წინადადება არასწორი კავშირით უერთდება. ამ
წინადადებაში კავშირად მიმართებითი ზმნიზედის (სადაც) ნაცვლად გვჭირდება
მიმართებითი ნაცვალსახელი ,,რომელზეც’’. საბოლოოდ კი წინადადებას შემდეგი სახე
უნდა ჰქონდეს: გასული თვის დასაწყისში მიუნხენში გაიმართა უსაფრთხოების 50-ე
კონფერენცია, რომელზეც მსოფლიოს წამყვანი ლიდერები შეიკრიბნენ.
,,თხელი, ზოლიანი მაისურით ახალგაზრდა გოგონა დგას ,,ელდორადოს’’ წინ,
რომელიც ტურისტებს ზღვაში გასასეირნებლად მეგაფონით ეპატიჟება’’ _
მაქვემდებარებელი კავშირის არასწორი პოზიციის გამო წინადადების შინაარსი ისე
გამოდის, თითქოს ,,ელდორადო’’ ეპატიჟება ტურისტებს ზღვაში გასასეირნებლად,
რეალურად კი გოგონა ეპატიჟება ტურისტებს. შესაბამისად სიტყვათა სწორი წყობა
ასეთი უნდა იყო: ,,ელდორადოს’’ წინ დგას თხელი, ზოლიანი მაისურით გოგონა,
რომელიც ტურისტებს ზღვაში გასასეირნებლად მეგაფონით ეპატიჟება. ამ
წინადადებაში კიდევ ერთი შეცდომაა. ახალგაზრდა გოგონა პლეონაზმის მაგალითია,
გოგონა ისედაც მოიაზრებს ახალგაზრდას, შესაბამისად, მას მსაზღვრელად ეს სიტყვა არ
სჭირდება.

დასკვნა
ჟურნალ-გაზეთები და ზოგადად მედია საშუალებები მნიშვნელოვან როლს
თამაშობს ადამიანის ცხოვრებაში. შესაბამისად, ჟურნალ-გაზეთების ენის კვლევა
საინტერესო აღმოჩნდა. მასალაზე დაკვირვებისას გამოიკვეთა, რომ სიტყვათა წყობაში
დაშვებული შეცდომები არც ისე იშვიათი პრობლემაა პრესის ენაში. გაზეთებში ხშირად

27
ვხვდებით წინადადებებს, რომელთა შინაარსიც ბუნდოვანი და ძნელად გასაგებია. რაც
ხშრად გამოწვეულია სიტყვათა არასწორი რიგით.
საინტერესო აღმოჩნდა წინადადებათა სინტაქსური ანალიზი, რომელმაც
არაერთგვარი სურათი მოგვცა. ჩვენ განვიხილეთ სიტყვათა არასწორის განლაგების ორი
შემთხვევა. პირველი, როცა მსაზღვრელ-საზღვრულის წყობაა არეული და მეორე, როცა
მაქვემდებარებელი კავშირი არასწორ პოზიციაზე გვხვდება.
მსაზღვრელ-საზღვრულის წყობაში დაშვებული შეცდომების ანალიზმა
შემდეგნაირი გარემოებები გამოკვეთა: სიტყვათა განლაგებაში დაშვებული შეცდომა
ადვილი გამოსასწორებელია, საჭიროა მხოლოდ მეზობელი სიტყვებისათვის ადგილის
შეცვლა. ხანდახან გვხვდება ისეთი მაგალითები, რომლებშიც სიტყვათა განლაგება
ერთი შეხედვით თითქოს სწორია, მაგრამ კონტექსტს თუ გავითვალისწინებთ ვნახავთ,
რომ სიტყვათა ამგვარი განლაგება არასწორია, ამ შემთხვევაში საჭიროა სიტყვათა
განლაგება შესაბამისობაში მოდიოდეს წინადადების კონტექსტთან.
სიტყვათა რიგის დარღვევის მეორე შემთხვევაა მაქვემდებარებელი კავშირის
არასწორ პოზიციაზე გამოყენება. როგორც ვიცით, რთულ ქვეწყობილ წინადადებაში,
რომლის დამოკიდებულიც განსაზღვრებითია, აუცილებელია მთავარი წინადადების
ასახსნელ წევრს მოსდევდეს მაქვემდებარებელი კავშირი. ხშირად გვხვდება
შემთხვევები, როდესაც ეს წესი დარღვეულია და მთავარი წინადადების ასახსნელი
წევრი დაშორებულია მაქვემდებარებელ კავშირს. ამგვარ შეცდომები, პირობითად, ორ
ჯგუფად დავყავით. პირველი, რომელშიც შეცდომა შედარებით იოლი გასასწორებელია,
საჭიროა მხოლოდ რამდენიმე სიტყვას შევუცვალოთ ადგილი. და მეორე ჯგუფი,
რომელშიც საქმე უფრო ძნელად გვაქვს და შეცდომის გასასწორებლად არ არის
საკმარისი მხოლოდ სიტყვათა გადანაცვლება - საჭიროა წინადადების სტრუქტურის
მთლიანად შეცვლა.
როგორც ვხედავთ, სიტყვათა რიგი მეტად მნიშვნელოვანი და კომპლექსური
საკითხია, რომლის შესწავლა და შედეგების პრაქტიკაში გამოყენება აუცილებელია.
სამწუხარო ფაქტი, რომელიც ნაშრომის კვლევისას აღმოვაჩინე გახლავთ ის, რომ
მიუხედავად უამრავი სტატიისა, რომელიც დაწერილა ამ თემის ირგვლივ, დღეს

28
ჟურნალ-გაზეთებში მაინც ვხვდებით ამ და სხვა ტიპის შეცდომებს. ვიმედოვნებთ,
ჩვენი ნაშრომი გარკვეულ დახმარებას გაუწევს პრესის მუშაკებს და სიტყვათა რიგის
საკითხების შესწავლით დაინტერესებულ პირებს.

გამოყენებული ლიტერატურა

1. ეს რა არის??? ის ავტორი და სტატია მიუთითე, რომელიც ამ კრებულიდან


დაამუშავე!!!! აფრიდონიძე შუქია, თამარ ზურაბიშვილი, ანა კალანდაძე,
ვიოლა კალანდაძე, გუჩა კვარაცხელია, ალექსანდრე კობახიძე, ლია ლეჟავა,
ქეთევან ლომთათიძე, მანანა ტაბიძე, ,,ქართული სიტყვის კულტურის
საკითხები’’, გამომცემლობა ,,უნივერსალი’’, თბილისი, 2004.

29
2. კვაჭაძე ლეო, ,,თანამედროვე ქართული ენის სინტქასი’’,
გამომცემლობა ,,ცოტნე’’, თბილისი. 2010 ;
3. ფეიქრიშვილი ჟუჟუნა, ,,ქართული ენა’’, გამომცემლობა ,,უნივერსალი’’,
თბილისი. 2016;
4. ცინცაძე მერი, ,,ქართულად ხსნილად უბნობდი!’’, გამომცემლობა ,,ჰოროსი
XXI’’, ბათუმი. 2013;

30

You might also like