You are on page 1of 99

ბეჟან ჯავახია

გვიანი შუა საუკუნეები და


რენესანსის ეპოქა

მასალები სალექციო კურსისთვის

თბილისი
1
2012

რედაქტორი ნინო ჩიქოვანი

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი

რეცენზენტი მანანა ჯავახიშვილი

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი

ბეჟან ჯავახია. გვიანი შუა საუკუნეები და რენესანსის ეპოქა.


მასალები სალექციო კურსისთვის. თბილისი, „ახალი აზრი“,
2012 -

2
ISBN

შინაარსი

გვიანი შუა საუკუნეები, ადრეული ახალი პერიოდი თუ


რენესანსი?...................................................................................... 5
აღორძინების ეპოქის ადამიანი ............................................... 8
ანტიკურობის და შუა საუკუნეების
მემკვიდრეობისგავლენა რენესანსის ფორმირებაზე .......... 12
სიძველისადმი ინტერესი....................................................... 16
ეკლესიისადმი დამოკიდებულება........................................ 18
ინდივიდუალიზმი და ნაციონალური იდეები ................... 23
რენესანსის ეპოქის წყაროები ................................................. 27
რენესანსის ეპოქის ჰუმანისტური ისტორიოგრაფია .......... 29

ახალი სანაოსნო გზები და გეოგრაფიული აღმოჩენები ........ 34


დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების მიზეზები ................... 34
ამერიკის აღმოჩენა .................................................................. 37
ამერიკის დაპყრობა................................................................. 40
გეოგრაფიული აღმოჩენების შედეგები ................................ 48

სოციალური და ეკონომიკური ცვლილებები გვიან შუა


საუკუნეებში ................................................................................ 52
ტექნიკის განვითარება, წიგნის ბეჭდვა, მეცნიერება .......... 52
ცვლილებები სოციალურ სფეროში ...................................... 57
აბსოლუტური მონარქია ........................................................ 62

გერმანული ჰუმანიზმი და ლუთერანული რეფორმაცია ...... 64


გერმანია XV-XVI საუკუნეთა მიჯნაზე ................................ 64
3
ჰუმანიზმი გერმანიაში ........................................................... 68
ერაზმ როტერდამელი (1466-1536) .................................... 72
იოჰან როიხლინი (1455-1522) ............................................ 74
ულრიხ ფონ ჰუტენი ........................................................... 77
გერმანული რეფორმაცია, მარტინ ლუთერი ....................... 78
გლეხთა ომი ............................................................................. 88
პროტესტანტიზმი ................................................................... 91

საკითხავი ლიტერატურა ........................................................... 95

4
გვიანი შუა საუკუნეები, ადრეული ახალი
პერიოდი თუ რენესანსი?

მსოფლიო ისტორიის მონაკვეთს, რომელსაც ეს


სახელმძღვანელო მოიცავს, შეიძლება ეწოდოს გვიანი შუა
საუკუნებიიდან ადრეული ახალი პერიოდისაკენ, მაგრამ უფრო
ზუსტი იქნებოდა, თუ მას რენესანსის ეპოქად მოვიხსენიებთ.
პერიოდის განსაზღვრა, რომელსაც რენესანსს უწოდებენ,
დამოკიდებულია გეოგრაფიულ რეგიონზე, რადგანაც რენესანსი,
როგორც ეკონომიკური და კულტურული აღმავლობის ამსახველი
ტერმინი, ხშირად გამოიყენება სხვადსხვა ქვეყნის ისტორიის
რომელიმე პერიოდის დახასიათებისას - მაგალითად:
კაროლინგური რენესანსი, მაკედონიური რენესანსი, ქართული
რენესანსი და სხვ. როდესაც რენესანსზე, როგორც ეპოქაზე
ვსაუბრობთ, ეს, ძირითადად, დასავლეთ ევროპას ეხება. რენესანსი
იწყება ჩრდილოეთ იტალიაში გვიან მეთოთხმეტე საუკუნეში და
კულმინაციას აღწევს ინგლისში მეჩვიდმეტე საუკუნის დამდეგს.
რენესანსი, ძირითადად, მოიაზრება 1400-1600 წლებით. რენესანსს
უწოდებენ გონებრივ და არისტოკრატიულ მოძრაობას, რომელმაც
შუა საუკუნეების იდეები და ფორმები შეცვალა ახალი იდეებითა
და ფორმებით. მიუხედავად ამისა, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ,
რამდენი მკვლევარიც ჰყავს რენესანსს, თითქმის იმდენივე
სხვადასხვა სივრცეა წარმოდგენილი, რომელთა საზღვრებშიც
ისინი აღორძინებას მოიაზრებენ.
რენესანსის პერიოდიზაცია, მისი ქრონოლოგიური
ჩარჩოების დადგენა მეტად რთული პრობლემაა. ძნელია რაიმე
ხელოვნური საზღვრის აღნიშვნა, ალბათ, უკეთესი იქნებოდა, თუ
უპირატესად ავიღებდით პროგრესის ელემენტებს, რომელიც
არსებობას იწყებს უზარმაზრ სივრცეში - ბრიტანეთიდან

5
აღმოსავლეთით, რუსეთის სახელმწიფოს ჩათვლით, XIII საუკუნის
ბოლოდან, ვიდრე XVII საუკუნის დამდეგამდე. ძირითადად,
მკვლევრების აქცენტს აკეთებენ დინამიზმზე მთელ ევროპაში და
არა მხოლოდ ხელოვნების ისტორიაზე. ჟან დელუმო წიგნში
„აღორძინების ცივილიზაცია“ სწორედ ამას უსვამს ხაზს. „იან ვან
ეიკის ფერწერა და მეფე რენეს მინიატურები, თუჯის ღუმელის
გამოგონება და კარაველის გამოჩენა, ნიკოლას კუზანელის
წინასწარმეტყველური გამოცხადებები და ერაზმის
მშვიდობისმოყვარე მისწრაფებები - ყველაფერი განაპირობებს
ევროპის განვითარებას იმ დონემდე, რის შედეგებიც იყო პიერო
დელა ფრანჩესკას და ლეონარდოს პერსპექტივები“. მართალია,
მთელ ევროპაზე ვსაუბრობთ, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ
რენესანსის აკვანი იტალია გახდა. მიუხედავად ყველაფრისა,
ჭეშმარიტებაა, რომ იტალია, თავისი ჰუმანისტებით, მხატვრებით,
ინჟინრებით, მათემატიკოსებით იყო წამყვანი ქვეყანა და მთავარი
წვლილი შეიტანა უდიდეს ევროპულ აღორძინებაში.
თანამედროვე კვლევებში ხშირად რენესანსს იწყებენ XII
საუკუნის ბოლოდან, როდესაც ჩნდება ნაციონალური
ლიტერატურის პირველი ელემენტები, ასევე იწყება სახელმწიფო
ხელისუფლების მეტ-ნაკლები დესაკრალიზაცია. რენესანსიის
ეპოქის თავისებურება აისახება ზოგადად ისტორიის
პერიოდიზაციაში. ისტორიკოსების ნაწილი XV საუკუნის
დასასრულიდან ეპოქას გვიან შუა საუკუნეებს უწოდებს, ხოლო
ნაწილი მას ადრეულ ახალ პერიოდად მიიჩნევს. ამ ეპოქისათვის
დამახასიათებელია ღრმა სოციალურ-ეკონომიკური ძვრები,
პოლიტიკური და კულტურული ცვლილებები, საზოგადოების
განვითარების მნიშვნელოვანი დაჩქარება და, ამავე დროს,
მრავალმხრივი მცდელობა უკვე მოძველებული ტრადიციებისა და
ჩვეულებებისაკენ დაბრუნებისა. ამ ეპოქაში ისევ ძირითადად
რჩება ფეოდალური ურთიერთობანი, საზოგადოება განიცდის
6
გარკვეულ ცვლილებებს, ჩნდება ადრეული კაპიტალიზმის
ნიშნები, თუმცა ეს პროცესი განსხვავებული ტემპით ვითარდება
თვით დასავლეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. მიუხედავად
ძვრებისა, რომლებიც ჰუმანიზმმა და რეფორმაციამ,
სეკულარიზაციის თვალსაზრისით, ევროპის მოსახლეობის
მსოფლმხედველობასა და საზოგადოებრივ აზროვნებაში მოიტანა,
მოსახლეობის რელიგიურობა მაინც იზრდებოდა. ამ ეპოქისთვის
არ იყო უცხო დემონომანია, რელიგიური ომები, რის გამო მას
ვერაფრით გამოარჩევდა წინა პერიოდისაგან.
XV-XVI საუკუნეების მიჯნაზე დასავლეთ ევროპის ქვეყნები
თავიანთი პოლიტიკური განვითარების ახალ ფაზაში შედიან,
მათთვის დამახასიათებელია ცენტრალიზაციის ტენდენციები. XVI
საუკუნის დამდეგისათვის, ძირითადად, სრულდება ფრანგული
მიწების შემოკრება, მსგავსი პროცესები მიმდინარეობს ინგლისსა
და ესპანეთში. ადგილობრივი მსხვილი პოლიტიკური
გაერთიანებების ტენდენციები ჩანს იტალიასა და გერმანიაშიც.
დასავლეთ ევროპაში, ტერიტორიულ გაერთიანებებთან ერთად,
იწყება პოლიტიკური ცენტრალიზაცია. ფორმირებას იწყებს ახალი
ტიპის სახელმწიფო, რომელიც შუა საუკუნეების ფეოდალური
მინარქიისაგან განსხვავებულ ფუნქციებს იძენს. მეფის
ხელისუფლება ხდება უფრო ძლიერი და ახალ პირობებში
ამარცხებს ფეოდალ მაგნატებს. თანდათანობით იშვიათი ხდება
წოდებათა წარმომადგენლების შეკრებები. ეს კრებები კარგავს
პოლიტიკურ ფუნქციებს და ყალიბდება აბსოლუტური მონარქია,
რომელიც თეორიულად ემყარება პოლიტიკურ აზრს, რომლის
თანახმადაც, სამეფო ხელისუფლება არის ღვთაებრივი
წარმოშობის, იგი არის შეუზღუდავი და მისადმი დაპირისპირება
მიუღებელია. ეს ყველაფერი განპირობებული იყო სოციალური
ფენების - სასულიერო წოდებათა, თავადაზნაურთა და, ასევე,
ახალი წოდების მდგომარეობათა გაურკვევლობით, აგრეთვე
7
კათოლიკური ეკლესიის შესუსტებით, რომელმაც დაკარგა
ავტონომია საერო ხელისუფლებისაგან. რეფორმაციის გამარჯვებამ
და ნაციონალური ეკლესიების შექმნამ ევროპის რიგ ქვეყნებში
სასულიერო წოდება მონარქის ძალაუფლებაზე დამოკიდებული
გახადა, როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად.
ამავდროულად, ამავე ეპოქაში უფრო გამოკვეთილი ხდება
პარლამენტარიზმის პრინციპებიც, საბოლოოდ დამკვიდრდა
კანონების მიღების წესები.

აღორძინების ეპოქის ადამიანი

1347-1350 წლებში ევროპაში დაახლოებით 20 მილიონი


ადამიანი დაიღუპა შავი ჭირის ეპიდემიის შედეგად. დასავლეთ
ევროპამ დაკარგა თავისი მოსახლეობის ერთი მესამედი.
დაახლოებით 25 პროცენტი არისტოკრატიისა ამოწყდა,
გლეხობამაც 40 პროცენტი დაკარგა. მოუსავლიანობა, ეპიდემიები,
ომები, ძვირფასი ლითონის წარმოების შემცირება, თურქთა
თავდასხმები - ყველა ამ გამოწვევას დასავლეთ ევროპელები
მხნედ შეხვდნენ და წარმატებით გაართვეს თავი. სწორედ
გამოწვევაზე პასუხია აღორძინების ისტორია. მთავარი პასუხი
ყველა სახის სიძნელეზე, რომლებიც დასავლეთში განვითარების
პროცესში დაგროვდა, იყო შემდეგი: ეჭვქვეშ დადგა შუა
საუკუნეების რელიგიური აზროვნება. ამასთანავე, დაიწყო
დემოგრაფიული ზრდა, თვალნათელია ტექნიკური მიღწევები,
განვითარდა ზღვაოსნობა, წარმოიშვა ახალი ესთეტიკა,
გადაისინჯა და გაახალგაზრდავდა ქრისტიანობა. „გამოწვევა და
სწაფი პასუხი“ - ა. ტოინბის ეს შეფასება ყველაზე მეტად შეეფერება
აღორძინების ფენომენს, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ აღორძინების
პერიოდში ყველაფერი წარმატებული და ბრწყინვალე იყო. უნდა

8
ვაღიაროთ, რომ XV-XVI საუკუნეებში არსებობდნენ
ალქიმიკოსები, ასტროლოგები, ჯადოქრები, ნადირობდნენ
ალქაჯებზე. ითვლება, რომ ამ პერიოდისათვის დამახასიათებელი
იყო გარკვეული ტიპის ადამიანთა წინ წამოწევა, მაგალითად,
კონდოტიერთა და შურისმაძიებელთა. შურისძიების გრძნობა
დიდხანს ითვლებოდა აღორძინებისათვის დამახასიათებელ
თვისებად, მაშინ როდესაც სინამდვილეში ეს ყველაფერი წინა
პერიოდშიც ხდებოდა და მემკვიდრეობად გადმოეცა აღორძინებას.
სიძულვილი, დაუნდობელი ბრძოლა, ტორკვემადას
წარმოუდგენელი პროცესების ეპოქა, მასობრივი მკვლელობები
ამერიკაში, ავტოდაფე - ყველაფერი ეს, რაც ჩვეულებრივი რამ
გახლდათ რენესანსის ეპოქაში, აოცებს თანამედროვე მკთხველს.
გარდა ასეთი სოციალური სისასტიკისა, ამ ეპოქაში წარმატებით
იწყება შავკანიანთა დეპორტაცია ახალ სამყაროში. თვითონ
ევროპაში იზრდება დაშორება პრივილეგირებულ წოდებებსა და
ღარიბთა შორის. მდიდრები უფრო მდიდრები ხდებიან, ხოლო
ღარიბები - უფრო ღატაკები. თავბრუდამხვევი იყო ბურჟუაზიის
აღმავლობა ჟაკ კერის, მედიჩებისა და ფუგერების ხანაში.
ნუვორიშები ჩქარობდნენ შესულიყვნენ თავადაზნაურთა ფენაში,
ამდენად, მასში ახალი სისხლი გადაესხათ, რითაც ის უფრო
გაძლიერდა. მართალია, თავადაზნაურობა ხდება უფრო მორჩილი
სახელმწიფოსთან დამოკიდებულებაში, მაგრამ იგი რჩება
გაბატონებულ კლასად.
ისტორიის ეს პერიოდი წარმოდგენილია ძლიერი
ნებისყოფის და სრულიად განსხვავებული მსოფლმხედველობის
ადამიანებით. საკმარისია დავასახელოთ სავონარელა, ბორჯია,
წმინდა იგნასიო (ლოიოლა), არეცინო და სხვანი, რომ ნათელი
გახდეს აღორძინებისათვის დამახასიათებელი მრავალფეროვნება.
ამდენად, აღორძინება წარმოადგენდა დაპირისპირებათა ოკეანეს.
ახალი გამოწვევები აიძულებდა ხელისუფლებას, ანგარიში გაეწია
9
და ხელი შეეწყო მეცნიერებისათვის, რომელიც ჯერ კიდევ
ჩანასახის სტადიაში იყო. ამ ეპოქის თვალშისაცემი, მკაფიო
მახასიათებელია გრძნობათა, ვნებათა სიშიშვლე, წინა ეპოქასთან
შედარებით. აშკარა და ნათელია უკიდურესობათა
დაპირისპირება: სწრაფვა მშვენიერებისკენ და არაჯანსაღი
მიდრეკილება სასწაულებისაკენ, უბრალოებისა და ამპარტავნების
შერწყმა, სიწმინდე და ხორციელი ვნებები, მოწყალეობა და
სიძულვილი. ეს ემოციები რენესესანსის ეპოქას განსაკუთრებით
საინტერესოს ხდის. შეუძლებელი ხდება, აღორძინებაში
დავინახოთ მხოლოდ ანტიმეცნიერული სული, ან კიდევ მხოლოდ
რაციონალიზმისკენ სწრაფვა, აქ იყო ერთიც და მეორეც, ამაშია
აღორძინების განუსაზღვრელი ხასიათი, მისი სირთულე და
სიმდიდრეც.
ხშირად აღორძინების ეპოქას განიხილავენ, როგორც
დაბრუნებას ანტიკურობაში ან მის გადმოტანას
თანამედროვეობაში. სინამდვილეში ცხოველმყოფელი ინტერესი
ისტორიული წარსულისადმი, ცოდნა და რელიგია იყო მხოლოდ
სტიმული პროგრესისათვის.
ანტიკურობა რენესანსის მოღვაწეებისათვის გახდა, როგორც
პოეტური შთაგონების, ასევე მეცნიერული მიღწევების
საფუძველი. კოლუმბმა აღმოაჩინა ატლანტიკის კუნძულები
პტოლემეოსის შეცდომებზე დაყრდნობით, ლუთერმა და
კალვინმა, რომელთაც სჯეროდათ, რომ აღადგენდნენ
ადრექრისტიანულ ეკლესიას, ქრისტიანობას ახალი სახე.მისცეს.
რენესანსის ეპოქის წარჩინებულები წარმატებით ძარცვავდნენ
ათენის და რომის ტაძრებს და ამკობდნენ საფრანგეთის, ესპანეთის
ან ინგლისის დედაქალაქებს. აღორძინება, რომელიც სიამოვნებას
ჰპოვებდა ემბლემებსა და კრიპტოგრამებში, ამ იეროგლიფებში
მალავდა თავის ღრმა განსხვავებას და სწრაფვას სიახლისაკენ, რაც
დღემდე აბნევს მის მკვლევართა დიდ ნაწილს.
10
დაპირისპირებებით, რთული გზებით, მითოლოგიურ სამოთხეზე
მეოცნებე თუ მიუღწეველი უტოპიებით გართულმა რენესანსის
მოზაროვნეებმა დიდი ნახტომი გააკეთეს. არასოდეს, არც ერთ
ცივილიზაციას დაუთმია ასეთი ადგილი ფერწერისა და
მუსიკისათვის, არ აღუმართავს ასეთი ტაძრები, ასეთ დონეზე არ
წამოუწევია ლიტერატურა სახელმწიფო ენებზე, არასოდეს
კაცობრიობის ისტორიაში, ასეთ მოკლე პერიოდში, არ ყოფილა
ამდენი გამოგონება ასეთ პატარა სივრცეში. აღორძინება ასევე იყო
დიდი მიღწევები ტექნიკის განვითარებაში. ამ ეპოქის ადამიანებმა
ისწავლეს ოკეანის გადალახვა, თუჯის დამზადება,
ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება, დროის განსაზღვრა
მექანიზმის საშუალებით, წიგნის ბეჭდვა და ა. შ. მატერიალურ
მიღწევებთან ერთად იყო სულიერი წარმატებები - აღორძინების
ეპოქაში იწყება პიროვნების გათავისუფლების პროცესი, მისი
გამოყოფა შუა საუკუნეების ანონიმი ადამიანისაგან.
XV-XVI საუკუნეების რელიგიურ ანარქიზმს მოჰყვა არა
მარტო განხეთქილება, არამედ განახლებაც: ქრისტიანობა გახდა
უფრო სტრუქტურული, უფრო გამჭვირვალე
ყოველდღიურობისათვის, უფრო კომფორტლული საერო
პირთათვის და უფრო დამყოლი სხეულისა და ხილული სამყაროს
მშვენიერების მიმართ. მიუხედავად ამისა, რომ აღორძინება იყო
მიდრეკილი გრძნობიერებისადმი, ის მაინც ქრისტიანული
სამყაროსაკენ იყო მიმართული. უმეტესი მხატვრები თითქმის
ერთნაირი გულმოდგინებით გამოსახავდნენ როგორც ბიბლიურ
სცენებს, ასევე მითოლოგიურ სიუჟეტებს.
რენესანსის იდეოლოგიას წარმოადგნს ჰუმანიზმი. თუკი შუა
საუკუნეების ფილოსოფიასა და ლიტერატურაში ყოვლისშემძლე
იყო ღმერთი, ჰუმანიზმმა ადამიანის შემოქმედებითი უნარი
აღიარა. ამ ეპოქაში დაიწყო ადამიანმა სამყაროს აქტიური
შემეცნება და ათვისება, აღმოაჩინეს ამერიკა, ავსტრალია,
11
კოპერნიკის აღმოჩენამ ეჭვქვეშ დააყენა რელიგიური საკითხები.
ადამიანმა პირველად შეძლო შემოევლო დედამიწისთვის და ეჭვი
შეეტანა დედამიწის ბრტყელ ფორმაში.
ეს არის ეპოქა, რომელიც გვაოცებს თავისი ხელოვნებით,
თავისი დღესასწაულებით, თუმცა გვერდს ვერ ავუვლით
აღორძინების ეპოქის ისეთ მოვლენებს, როგორიცაა იუზუიტთა
სისასტიკე, საწამლავები, ინტრიგები პაპის წმინდა ტახტის
დაუფლებისათვის, ვენეციელი კურტიზანები, ბართოლომეს ღამე,
ჰენრი მერვეს ქორწინებები, ვალუას კარის მეჯლისები
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ურიცხვ
ტრანსფორმაციებს, რომლებიც შეუმჩნეველი რჩებიან იმ
ილუზიების უკან, რომელსაც, თავისთავად, ყველა ეპოქა
გვთავაზობს.

ანტიკურობის და შუა საუკუნეების


მემკვიდრეობისგავლენა რენესანსის ფორმირებაზე

აღორძინების ეპოქის მსოფლმხედველობის შექმნისათვის


ანტიკურობის და წარმართობის უდიდეს მნიშვნელობასთან
ერთად, არ შეიძლება არ აღვნიშნოთ ადრეული ქრისტიანული
მემკვიდრეობის მნიშვნელობა. ამ სკითხის განხილვისათვის ერთ-
ერთი მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ, როგორი იყო აღორძინების
ხანაში დამოკიდებულება წარსულის მიმართ და როგორ
აფასებდნენ ისინი შუა საუკუნეების კულტურას, ასევე, როგორი
დამოკიდებულება იყო შუა საუკუნეებში ანტიკურობის მიმართ.
დასავლეთ ევროპა, ჯერ კიდევ სქოლასტიკის კრიტიკისა და ჩიხში
მოქცევის პერიოდში, XII-XIV საუკუნეებში, ცდილობს პირდაპირი
კავშირის აღდგენას ნამდვილ ანტიკურობასთან და არა შუა
საუკუნეების მიერ „ბარბარიზირებულ“ გადამუშავებულ

12
წარსულთან. განსხვავებით შუა საუკუნეებისაგან, აღორძინების
ეპოქაში ანტიკურობისადმი ახალი დამოკიდებულება გაჩნდა. ეს
არ იყო ბრმა მიბაძვა, ან ანტიკურობის რესტავრაცია. აღორძინების
ეპოქაში ხდება, არა ანტიკურობის იმიტაცია, არამედ კლასიკური
ეპოქის აღდგენასა და აღორძინებაში იგულისხმებოდა, ამ
კულტურის განახლება და ახალი კულტურის ჩამოყალიბება.
თუ შუა საუკუნეების საზოგადოების იდეალი იყო
მონასტერი და ბერი, რომელიც მთელ თავის დროს ღმერთზე და
სულის გადარჩენაზე ფიქრში ატარებდა, ამ იდეალს
თანდათანობით ცვლის ახალი გმირი, რომელიც სიცოცხლისკენ,
აქტიური ქმედებისაკენ მიისწრაფვის და ცდილობს შეიმეცნოს,
დაიმორჩილოს გარესამყარო. მისი მიზანი არა მხოლოდ საიქიოში
სულის გადარჩენაა, არამედ ამასთანავე მისთვის მნიშვნელოვანი
ხდება რეალური კეთილდღეობა და ამქვეყნიური ბედნიერება. ამ
ახალი გმირის წარმოსაჩენად ჰუმანისტური ხელოვნება
შთაგონების წყაროს ანტიკურ სამყაროში ეძებს, რომელიც ყველაზე
მეტადაა გახსნილია დამიანისთვის.
უნდა აღინიშნოს, რომ შუა საუკუნეებში ანტიკურობა არ იყო
მივიწყებული, პირიქით, აქტიურად კითხულობდნენ და
იყენებდენენ მას, მაგრამ ხდებოდა მისი გადაკეთება დროის
შესაბამისად, ამდენად, საჭირო იყო მისი ხელახალი აღმოჩენა,
თავისი ორიგინალური სახით.
XV საუკუნის დასავლეთ ევროპისათვის ცნობილი იყო, რომ
შუა საუკუნეებში კითხულობდნენ კლასიკოსებს, მაგრამ
ბარბაროსები ყველაფერს აკეთებდნენ „ბარბაროსულად“. მათი
ლათინური - ეს არ იყო კლასიკური ლათინური, არამედ საშინელი
ჟარგონი. ქრისტიანობამ დაკარგა თავდაპირველი სიწმინდე,
ეკლესიამ დაივიწყა ძველი სასულირო და უნივერსალური მისია.
მიწიერი ძალაუფლების მოსაპოვებლად თავიანთი

13
ინტერესებისათვის არ ერიდებოდნენ ომებსა და
დაპირისპირებებს.
ლორენცო ვალა წერდა, რომ ბოეციუსიდან დაწყებული,
მთელი შუა საუკუნეების სამყარო აყალბებდა არა მხოლოდ
კლასიკოსებს, არამედ ქრისტიანობასაც. თვით თომა აკვინელმაც
დაკარგა ქრისტიანულ ღირებულებათა რადიკალური სიახლის
შეგრძნება და ამიტომ საჭიროა დავუბრუნდეთ წმ. პავლეს, ისე რომ
გვერდი ავუაროთ თომა აკვინელს. „ახლებმა“ - ასე უწოდებდნენ
XIII-XIV საუკუნის სწავლულებს ჰუმანისტები - „ბარბაროსობა“
დაატყვეს სამართალს, ფილოსოფიას, რიტორიკას, არქიტექტურას,
ხელოვნებას.
ამდენად, დადგა საკითხი, რომ საჭირო იყო, ყალბი,
ბარბაროსული ანტიკურობის ნაცვლად მიბრუნებულიყვნენ
ჭეშმარიტი ანტიკურობისაკენ, ხოლო დაბრუნება ძველში და მისი
აღმოჩენა პირდაპირ არის დაკავშირებული შუა საუკუნეების
შესწავლასთან.
შუა საუკუნეებში ანტიკურობის როლი შეცვლილი იყო.
მონაზვნები კითხულობდნენ ოვიდიუსს, მაგრამ ის იყო
მორალიზებული. ანტიკური გმირები შუა საუკუნეების რომანებსა
და მინიატურებში წარმოდგენილი იყვნენ შუა საუკუნეების
რელიგიური მორალის შესაბამისად, რაინდების სახით, ღვთაებები
- წარჩინებულ ქალბატონებად.
ე. გარენის აზრით, ადრეული ჰუმანიზმის ეპოქაში ანტიკური
სიბრძნისადმი ინტერესი და აღიარება არ ნიშნავდა მის
დაპირისპირებას ქრისტიანობასთან, პირიქით, ნათელი იყო
სწრაფვა ქრისტიანობის შესარიგებლად წარმართულ
კულტურასთან. ამდენად, ე. გარენი გვიჩვენებს, რომ ზნეობრივი
იდეალი ადრეული ჰუმანისტებისთვის იყო, არა სამონასტრო
ასკეტიზმი, განდგომა ამქვეყნიურობიდან, არამედ სისხლსავსე,
მჩქეფარე ცხოვრება ამქვეყნად. თვით განმარტოება, რომელისკენაც
14
მიდრეკილი იყო პეტრარკა, მისი აზრით, შორს იყო შუა
საუკუნებრივი მჭვრეტელობითი მოღვაწეობისაგან, რომელიც
მხოლოდ ღვთის სიყვარულისკენ იყო მიმართული; ეს იყო
განმარტოება სხვა მიზნით - ცოდნის მიღებისა და ანტიკურ
ფილოსოფიასა და პოეზიაში გადმოცემული ადამიანის ყოფის
გამოცდილების შესწავლისათვის.
ინდივიდუალიზმი, როგორც ეთიკური პრინციპი, რომელიც
უპირატესობას აძლევდა საზოგადოების წევრთა პირად
ინტერესებს, განსხვავდებოდა შუა საუკუნეებისაგან, როდესაც
ინდივიდი ემორჩილებოდა კორპორატიულ ინტერესებს, სადაც
ინდივიდუალური თვითმყოფადობა ემსახურებოდა
კორპორატიულ, წოდებათა მიზნებს. ჰუმანისტები ამტკიცებდნენ
პირადი და საზოგადოებრივის ჰარმონიული თანაარსებობის
შესაძლებლობას.

15
სიძველისადმი ინტერესი

შავი ჭირის ეპიდემიის, ომების, კლიმატური ცვლილებების


და ეკონომიკური დაცემის შუაგულში მყოფი ევროპელები
ესწრაფოდნენ როგორც გარე სამყაროს და საზოგადოების
შესწავლას, ასევე დიდ ინტერესს იჩენდნენ წარსულის მიმართ,
სწავლობდნენ ენებს და ზრუნავდნენ ლიტერატურის
განახლებაზე. სიძველისადმი ინტერესი არ იყო დაკავშირებული
მხოლოდ რომთან. რენესანსის ეპოქაში წარმოიშვა ახალი ინტერესი
ბერძნული ენის მიმართ, რასაც ხელს უწყობდა იტალიაში ჯერ
კიდევ კონსტანტინოპოლის დაცემამდე ბიზანტიელთა
გადმოსახლება.
რენესანსის კლასიკური სწავლება შეუძლებელი იქნებოდა
აღმოსავლეთიდან ბერძენ სწავლულთა გადმოსახლების გარეშე.
XIV-XV საუკუნეებში მრავალი სწავლული გადმოსახლდა
კონსტანტინოპოლიდან, განსაკუთრებით ვენეციაში. ასევე, დიდი
ტალღა ბერძნებისა გამოიქცა კონსტანტინოპოლიდან მისი
დაცემის შემდეგ. განსაკუთრებულ როლს ამ თვალსაზრისით
მიაკუთვნებენ კარდინალ ბესარიონს - ბესარიონ ნიკეელს,
რომელიც ფერარა-ფლორენციის კრებაზე მართლმადიდებლობის
დასაცავად წარსდგა, მაგრამ მოგვიანებით კათოლიკურ ეკლესიას
შეუერთდა, გადასახლდა რომში და პაპობის კანდიდატიც კი იყო.
ასევე უნდა გამოვყოთ ცნობილი ბიზანტიელი ჰუმანისტები თომას
პლითონი, მანუელ ხრიზოლორასი, გიორგი ტრაპიზუნტელი.
იტალიიდან კარდინალ ბესარიონის მიერ გაგზავნილმა
პირებმა შემოიარეს მთელი ხმელთაშუაზღვისპირეთი ძველი
ბერძნული ხელნაწერების ძებნაში. ბერძენი იოანე ლასკარისი,
რომელიც მონაწილეობდა ასეთ მოგზაურობაში მედიჩების
დაფინანსებით, ერთ-ერთი მოგზაურობიდან 200 ბერძნული
ხელნაწერით დაბრუნდა.
16
ებრაულ ენას შუა საუკუნეების ევროპაში უფრო ნაკლებ
ყურადღებას აქცევდნენ, ვიდრე ბერძნულის. ხანგრძლივი
პერიოდის მანძილზე ებრაული კულტურა იყო დახურული წიგნი,
მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანულ თეოლოგიას პირდაპირი
კავშირი ჰქონდა მოსეს რჯულთან, ასევე დასავლეთ ევროპის დიდ
ქალაქებში (ფრანკფურტი, ტოლედო, პრაღა, რომი და სხვ.) იყო
საკმაოდ ძლერი ებრაული დასახლებები. სწორედ ჰუმანიზმის
ხანაში გაჩნდა განსაკუთრებული ინტერესი ჰებრაისტიკის მიმართ.
როგორც ბერძნულის, ასევე ებრაულის მიმართ ინტერესი
გამოწვეული იყო სურვილით, პირდაპირი კავშირი
დაემყარებინათ წმინდა წერილებთან. XIII საუკუნეში ასევე
განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ აღმოჩნდა კაბალა,
იუდეველთა ეზოთერული ტრადიციის ძეგლი. პაპი ნიკოლოზ V
და პაპის სამსახურში მყოფი სწავლულ ჯონაცო მანეტი
აგროვებდნენ ებრაულ ხელნაწერებს. ვატიკანის ბიბლიოთეკა არა
მხოლოდ დასავლეთ ევროპული, არამედ ბერძნული და ებრაული
ხელნაწერებით ყველაზე მდიდარი ბიბლიოთეკა გახდა.
ჰუმანისტებს შორის საკმაოდ მალე წარმოიშვა იდეალი -
ადამიანი სამი ენით - homo trilinguis. ამის საფუძველზე ლუვენში
(1517), ოქსფორდში (1517 და 1525) პარიზში (1530) შეიქმნა
სამენოვანი კოლეგიები, რომლებიც დიდხანს სარგებლობდნენ
პოპულარულობით. მრავალენოვანი ბიბლია, გამოცემული
ალკალაში კარდინალ სისნეროსის ძალისხმევით, წარმოადგენდა
რენესანსის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ძეგლს ერუდიციის
თვალსაზრისით და პოლიგრაფიული ხარისხით, ამ გამოცემის
კონცეპცია ისევ შუა საუკუნეობრივი იყო. ძველი აღთქმის
პუბლიკაციისას მისი სხვადასხვა ვერსია მოცემული იყო
პარალელურ სვეტებში: ვულგატის (ლათინური) ტექსტი
მოთავსებული იყო ცენტრში, ებრაულსა და ბერძნულ
სეპტუაგინტას შორის. სისნეროსი დაჟინებით მოითხოვდა
17
ტექსტის ასეთ განლაგებას, რათა წარმოედგინა კათოლიკური
ეკლესიის ადგილი სინაგოგასა და მართლმადიდებელ ეკლესიებს
შორის, რაც თავისთავად განასახიერებდა ჯვარცმის ანალოგიას:
ქრისტე ორ ავაზაკს შორის. ჰუმანისტური მცდელობა უფრო
რევოლუციური იყო. ლეფევრ დ’ეტაპლი თავის Quontuplex
psalterium-სა და ერაზმი Novum Testamentum-ში ყოველგვარი
უყოყმყოყმანის გარეშე ასწორებდნენ ვულგატას, ან იგნორირებას
უწევდნენ მას.
ანტიკური ხუროთმოძღვრებისადმი ინტერსის
თვალსაზრისით, რენესანსი გაგრძელდა მხოლოდ არქეოლოგიის
წყალობით. მას არ აღუდგენია არც ტაძრები, არც ამფითეტრები,
არც ბაზილიკები. მაგრამ გათხრების შედეგად, რომლებიც
ტარდებოდა სამხრეთ იტალიაში, სიცილიაზე, ჩრდილოეთ
აფრიკაში, საბერძნეთში, მცირე აზიაში სწავლობდნენ ანტიკურ
ხელოვნებას. განსაკუთრებულ ყურადღებას მაინც ქალაქი რომი
იპყრობდა. დაარსდა მუზეუმები, სადაც განთავსდა ახლად
აღმოჩენილი ძველი ქანდაკებები - „ძუ მგელი“, დომიციანის
ბიუსტი, ჰერკულესის ქანდაკება, აღმოჩენილ იქნა აპოლონ
ბელვედერელის, ლაოკოონის, ვენერას, მძინარე არიადნას
ქანდაკებები.

ეკლესიისადმი დამოკიდებულება

რენესანსის შესწავლამ უკვე დიდი ხანია მიიღო


კომპლექსური ინტერდისციპლინური ხასიათი. ამ საკითხს
სწავლობენ მეცნიერები სხვადასხვა სფეროდან - ფილოსოფოსები,
ხელოვნებათმცოდნეები, ფილოლოგები, სამართლისმცოდნეები
და სხვ.

18
ჯერ კიდევ გვიან შუასაუკუნეებში ხდება მნიშვნელოვანი
ძვრები ევროპის ქრისტიანთა ცხოვრებაში. XIV საუკუნიდან
დასავლეთის რელიგიური ცხოვრება ხასიათდება
ღვთისმოსავობის დამკვიდრებით. თუ შუა საუკუნეებში
ქრისტიანობა კლერიკალთა რელიგია გახდა, რომლებიც გარს
ეხვივნენ და მეთაურობდნენ მათ მორჩილ ღვთისმოსავებს, ახლა
იგი ახალი ფერებით იცვლება. ამ დროიდან ის ხდება
კოლექტიური სულის ურბანიზებული ცივილიზაცია, უფრო
ავტონომიური და უფრო კონტროლირებადი, ვიდრე ეს იყო XIV
საუკუნემდე არსებული ქრისტიანული ეკლესია. მარსელი
პადუელმა, უილიამ ოკამმა, რომელთაც ხალხთა როლი და
მნიშვნელობა კარგად ესმოდათ, მასების პოზიცია დაიკავეს. მათი
მოსაზრება იყო, რომ პაპი გახლდათ მორწმუნეთა
გამაერთიანებელი და ის შეიძლებოდა ყოფილიყო იურიდიული
გამაერთიანებელი მათი საერთო კეთილდღეობისათვის. მაგრამ
ხშირი იყო ქრისტიანობის მრავალგვარი, ანარქისტული
გამოვლინებებიც ეგრეთწოდებული ფლაგელანტობა,
კოლექტიური მსვლელობები ჯვრით, სხვადასხვა პროცესები,
სახელდობრ - Corpus Domini, რომელიც იქმნებოდა სხვადასხვა
სიუჟეტებზე ქრისტეს ცხოვრებიდან. კათოლიკურ ეკლესიაში
ცვლილებების შეტანაში განსაკუთრებული აღმოჩნდა
დომინიკელებისა და ფრანცისკელების როლი.
ფრანცისკელებისა და დომინიკელთა მოღვაწეობის ერთ-
ერთი მთავარი მიზანი ის იყო, რომ სახარება გასაგები გამხდარიყო
ხალხისთვის. ადრეული რენესანსის ეპოქაში ეკლესიაში
განსაკუთრებული ადგილი დაიკავა ქადაგებამ არსებითია ისიც,
რომ XIV საუკუნიდან ხშირად ქადაგებებს სოციალური ხასიათი
ჰქონდა. ინგლისში ამან დაბადა ლოლარდების მოძრაობა და 1381
წლის აჯანყება. ქადაგება იყო ჯონ ვიკლეფის (1320-1348) და იან
ჰუსის (1369-1415) მთავარი საზრუნავი. იან ჰუსის აზრით,
19
ეკლესიის რეფორმა შესაძლებელი იყო მხოლოდ ღვთის სიტყვის
ძალით. 1408 წელს რეიმსში საეკლესიო კრებაზე ფრანგმა
ფილოსოფოსმა ჟან ჟერსონმა ქადაგება გამოაცხადა პასტორის
უპირველეს მოვალეობად. მისი თანამედროვე ბერნარდინო
სიენელი თავის მსმენელებს ურჩევდა - ქადაგების გაცდენა
უარესია, ვიდრე წირვაზე არყოფნაო. ასევე ფიქრობდნენ ლუთერი
და კალვინი. რეფორმაციამდელ ეპოქაში ეკლესიის მთავარი
სისუსტე იყო არა რომის ფინანსური მაქინაციები, ან ეკლესიის
უმაღლესი რანგის მოღვაწეთა ცხოვრების სტილი, ზოგიერთ
მონაზონთა უკეთურობა და პასტორთა უპასუხისმგებლობა,
არამედ სასულიერო პირთა დაბალი თეოლოგიური განათლების
დონე. რენესანსის ეპოქაში პროტესტანტიზმმა ქადაგება
ღვთისმსახურების მთავარ ნაწილად აქცია.
ცვლელებების ძირითადი მიზეზი მაინც მორწმუნეთა მხრივ
ქრისტიანული სწავლების მოთხოვნა იყო ამაზე მეტყველებს დიდი
რაოდენობის კატეხიზმოები, რომლებიც შედგა XVI-XVII
საუკუნეებში, როგორც კათოლიკურ, ასევე პროტესტანტულ
ქვეყნებში. ამ მხრივ რენესანსმა თავისი ვალი მოიხადა რელიგიის
წინაშე, მან სტიმული მისცა ღვთისმეტყველების განვითარებას,
რის შესახებაც უფრო მეტის გაგება შეეძლო მასებს. XVI საუკუნეში
ქრისტიანობა საპირისპირო, ტიპური ლუთერანულ ტაქტიკას
მიმართავდა: ის ქმნიდა ღვთოსმეტყველებას, რომლიდანაც უნდა
გამოსულიყო მორალი. ლუთერმა, კალვინმა, ცვინგლმა შეადგინეს
კატეხიზმო. პაპმა პიუს მეოთხემაც, თავის მხრივ, მოამზადა ახალი
კატეხიზმო - „რომის ეკლესიის კატეხიზმო“, რომელიც
წარმოადგენდა ტრიდენტის კრების მიერ მიღებულ დოქტრინათა
სინთეზს. მასზე დაყრდნობით გამოვიდა ასევე მრავალი
კატეხიზმო.
რენესანსის ეპოქაში დამკვიდრდდა ინდივიდუალური
რელიგია, თუმცა იგი მკვიდრდებოდა რეფორმაციამდე ორი
20
საუკუნის განმავლობაში. ახალ დროში განსაკუთრებული ადგილი
დაიკავა პიროვნული ცოდვების შეგრძნებამ. პირადი განცდა და
სინდისი უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ვიდრე ყველა სხვა დროს.
ამ პერიოდში დიდი ყურადღება იყო მიმართული აღსარებისადმი.
გვიანი შუა საუკუნეების ადამიანები ყოველდღიური
ლოცვებით მფარველი ანგელოზების მიმართ მოვლენილი
უბედურებების - შავი ჭირის, ომების, შიმშილის, თურქების
თავდასხმების, დიდი განხეთქილების - დაძლევას ცდილობდნენ.
ქრისტიანული სამყარო პანიკამ მოიცვა. უბედურებათა ასეთი
რაოდენობა შეიძლებოდა მიეღოთ მხოლოდ ღვთის რისხვად და,
რამდენადაც ინდივიდუალური შეგრძნება (როგორც
ცივილიზაციის მახასიათებელი) ჯერ კიდევ არ ჩანს გამოხატული
კათოლიკურ საზოგადოებაში, ამდენად ყველა მიიჩნევდა თავს
დამნაშავედ. ისინი ყველგან ხედავდნენ ბოროტებას. ქრისტიანებს
უფრო მეტად სჯეროდათ ებრაელების ბოროტების, ალქაჯების
ქმედებების და ჭების მოწამვლის. ისინი უფრო უფრთხოდნენ
ღვთის რისხვას: სიკვდილი შეიძლებოდა ყოფილიყო დიდი
ტანჯვის დასაწყისი. ნაწილი ცდილობდა დაევიწყებინა ეს
სასჯელი და განსაცდელში იგდებდნენ თავს - არ სურდათ
ეფიქრათ მომავალ სასჯელზე. „სიკდილის ცეკვა“, რომელიც XV
საუკუნეში შეიქმნა, ახსენებდა მათ გარდაუვალ შედეგს ამ
ქვეყნიური ცხოვრების ამაოებისა. სამყაროს აღსასრულისა და
საშინელი სასჯელის სცენები აისახა აღორძინების ეპოქის
მხატვართა - ვან დერ ვეიდენის, იერონიმე ბოსხის,
მიქელანჯელოსა და სხვათა ნაწარმოებებში. ასევე საშინელი
აღსასრულის შესახებ ქადაგებდნენ ვინსენტ ფერერი და
სავონარელა. შუა საუკუნეების ადამიანები ისევ იყვნენ სამყაროს
აღსასრულის წინ ანტიქრისტეს გამოცხადების მოლოდინში.
ზოგიერთი კი ამტკიცებდა, რომ ის უკვე მოსული იყო
დედამიწაზე. რელიგიური ატმოსფერო საგანგაშო იყო. სქიზმის
21
დასრულების შემდეგ ადამიანებს ისევ დარჩათ შიში ანტიქრისტეს
მოსვლისა. XV საუკუნის დასასრულს მრავალი ნაწარმოები
შეიქმნა, სადაც აღწერილი იყო ანტიქრისტეს მოსვლა. ლუთერი,
რომელმაც გაწყვიტა ურთიერთობა რომთან, ანტიქრისტედ პაპს
ასახელებდა.
როგორ უნდა მომხდარიყო ადამიანთა ხსნა ამქვეყნად, სადაც
სატანა ასე მძლავრობდა, ხოლო ადამიანი იყო სუსტი? ასეთი
ამაფორიაქებელი პრობლემის გადაწყვეტა შესაძლებელი იყო
მხოლოდ ხშირი ლოცვით, პილიგრიმაჟით, ასევე
ინდულგენციების შეძენით. ასეთი შეგრძნება საშინელების
მოლოდინისა ამ ეპოქაში აღიქმებოდა არა მარტო რელიგიაში,
არამედ ეკონომიკაშიც. ღვთის რისხვა Dies irae, რომლის
მოლოდინი ასე ძლიერი ხდება XIV საუკუნიდან, საშინელ
სამსჯავროს ახსენებდა მორწმუნეებს. მიქელანჯელომ სიქსტის
კაპელაში გამოსახა განრისხებული ქრისტე, რომელიც გმობს
ცოდვილებს და მათ ჯოჯოხეთური ტანჯვისათვის გადასცემს.
რენესანსის ეპოქაში ჩნდება ამ საშინელი სამსჯავროსაგან ხსნის
სხვა გზა. ეს იყო სწავლება რწმენით გამართლების შესახებ,
რომელიც წარმოდგენილი იყო შემდეგი სახით: ღმერთი ჩვენი
ხსნისთვის მარადიულად არის მზად. იმდენად დიდი იყო ჩვენი
პირველყოფილი ცოდვა და იმდენად დიდია ჩვენი ყოველდღიური
ცოდვები, რომ ამისთვის ყველა იმსახურებს ჯოჯოხეთს. მაგრამ
ღმერთი არ არის განმსჯელი; ის არის მამა. მან თვითონ მოგვიპოვა
ხსნა - თავისი ძის გამოგზავნით. ლუთერმა ის აღმოაჩინა პავლე
მოციქულის წერილებში. ეპისტოლეში რომაელთა მიმართ პავლე
მოციქული წერს: ვინაიდან ჩვენ ვამტკიცებთ, რომ რწმენით
მართლდება კაცი, რჯულის საქმეთა მიუხედავად(3, 28); ნეტარ
არიან, რომელთაც მიეტევათ ურჯულოებანი, და დაეფარათ
ცოდვანი; ნეტარ არს კაცი, რომელსაც უფალი არ შეურაცხავს
ცოდვას (4,7-8). ასეთი გზა ხსნისა წარმოდგენილი იყო ადრეული
22
შუა საუკუნეების თეოლოგთა შრომებშიც. წმინდა ავგუსტინე
თავის ნაწერებში პელაგიანელთა წინააღმდეგ ასევე ხაზს უსვამდა
პირველყოფილ ცოდვას და უფლის კეთილ ნებას, რომელმაც იხსნა
თავისი რჩეულები ამ ცოდვისაგან. ავგუსტინეს მოძღვრება
გავრცელებული იყო მთელი შუა საუკუნეების მანძილზე. ის იყო
პეტრე ლომბარდელის (+1160) სწავლების წყარო. ეს სწავლება ახალ
ძალას იძენს ამ ეპოქაში, როდესაც ინდივიდუალურმა
ღვთისმოსაობამ შეცვალა დასავლეთ ევროპის რელიგიური
ცხოვრება.
რენესანსის ეპოქა, ხშირად წარმოუდგენიათ, როგორც
ანტიკლერიკალური ან, ყოველ შემთხვევაში, მიაჩნიათ, რომ ამ
ეპოქაში განსაკუთრებით ძლიერი იყო საერო და სასულიერო
წოდებათა დაპირისპირება. მიუხედავად ასეთი დაპირისპირების
არსებობისა, აშკარაა, რომ რენესანსის წარმატებული ადამიანები
აშკარად კათოლიკური ეკლესიის ერთგული რჩებიან
კათოლიკური ეკლესიის ინსტიტუტისადმი რენესანსის ეპოქის
ადამიანთა ერთგულების მაგალითებად შეიძლება დავასახელოთ
შემდეგი ფაქტები: როდესაც მათი ქალაქი პროტესტანტული
გახდა, ფუგერები დარჩნენ კათოლიკებად, იტალიელი ბანკირი
ფრანჩესკო დატინი 1399 წელს, 64 წლის ასაკში გაემგზავრა წმიდა
ადგილების მოსალოცად. ფლორენციის მმართველმა კოზიმო
უფროსმა საკმაოდ დიდი თანხა გაიღო სან ლორენცოს ეკლესიის
ასაშენებლად, ასევე სან მარკოს მონასტრის დასასრულებლად და
სული წმინდის ტაძრის აღსადგენად იერუსალიმში.

ინდივიდუალიზმი და ნაციონალური იდეები

რენესანსის ეპოქამ საფუძველი დაუდო დამოუკიდებელი


აზროვნებისა და ინდივიდუალიზმის ჩამოაყალიბების

23
პრინციპებს. მართალია, შუა საუკუნეები და ქრისტიანული
თეოლოგია, თავისთავად, ადამიანის თავისუფლებისა და
ინდივიდუალიზმის განვითარებას უწყობდა ხელს, მაგრამ
ინდივიდუალიზმი, როგორც ეთიკური პრინციპი, რომელიც
უპირატესობას აძლევდა საზოგადოების წევრთა პირად
ინტერესებს, უფრო რენესანსული აზროვნების ნაყოფია.
განსხვავებით შუა საუკუნეებისაგან, როდესაც ინდივიდუალური
თვითმყოფადობა ემსახურებოდა კორპორატიულ, წოდებათა
ინტერესებს, ჰუმანისტები ამტკიცებდნენ პირადისა და
საზოგადოებრივის ჰარმონიული თანაარსებობის შესაძლებლობას.
ინდივიდუალიზმი თავდაპირველად ხალხების დონეზე
აღმოცენდა, რომლებიც თანდათანობით დიფერენცირებული და
ერთმანეთთან დაპირისპირებული ხდებოდნენ, ხანდახან
დრამატული სახითაც, სწავლობდნენ ბუნებრივი თავისებურების
გაგებას.
რენესანსის მკვლევრები აღოძინების მთავარ მახასიათებლად
პიროვნების თავისუფლებას მიიჩნევენ. თუკი შუა საუკუნეებში
ადამიანი თავის თავს ზოგადად რომელიმე ხალხის, კორპორაციის,
გვარის, სარწმუნოების, ოჯახის ან რომელიმე სხვა გაერთიანების
წარმომადგენლად მიიჩნევდა, აღორძინების ეპოქაში ყველა
უღელი უკვე დარღვეული ჩანს და ამ რღვევაში იბადება
თანამედროვე ადამიანი, რომელიც თავისუფალია თავისი
საზოგადოების, ტრადიციების წინაშე ადრე არსებული
ვალდებულებებისაგან, თუმცა კლასიკურ შუა საუკუნეებშიც
არსებობდნენ ადამიანები, რომელებიც თავიანთი ეპოქის ზოგად
ჩარჩოებში არ იყვნენ გამოკეტილნი, რის მაგალითად სრულიად
საკმარისია ფრანცისკ ასიზელისა და გერმანიის იმპერატორის
ფრიდრიხ მეორის დასახელება. ამდენად, როგორც უკვე ვთქვით,
შუა საუკუნეებსა და რენესანსს შორის არ არსებობს მკვეთრი
ზღვარი
24
აღორძინების ეპოქაში სუსტდება სოციალური საზღვრები.
კარიერის გაკეთება შეეძლო იმ ხალხსაც, რომლებიც არ
მიეკუთვნებოდნენ ძველ ელიტას. ეს ადამიანები, რომლებიც ადრე
არ მიეკუთვნებოდნენ მმართველ კლასს, იწვევდნენ
აღფრთოვანებას და საყოველთაო ყურადღებას იპყრობდნენ.
ძლიერ პიროვნებებს შეეძლოთ მიეღწიათ სრული
წარმატებებისათვის და თავიანთი ნიჭი გამოევლინათ.
კვატრაჩენტოს პერიოდში იტალიაში გამოჩნდნენ ბრწყინვალე
პიროვნებები, რომელთაც თავბრუდამხვევი კარიერა გაიკეთეს.
კონდოტიერები, რომელთა უმეტესი ნაწილი უბრალო წრიდან
იყვნენ, სახლმწიფოს მმართველებს უდიდეს შიშს გვრიდნენ.
ფრანჩესკო კარმანიოლა, რომლის წარმატებებში მნიშვნელოვანი
ადგილი უჭირავს ფილიპო მარია ვისკონტის, პიემონტელი
გლეხის შვილი იყო. კონდოტიერი გატემალა, რომლსაც ძეგლი
მიუძღვნა დონატელომ, იყო უბრალო ხაბაზის შვილი. ახალი
ადამიანები მოდიოდნენ ხელისუფლების სათავეში: კონდოტიერი
და კონდოტიერის შვილი ფრანჩესკო სფორცა მილანოში
ვისკონტების საგვარეულოს მემკვიდრე გახდა. აღორძინების
ეპოქაში იტალიელი მმართველების გარკვეული ნაწილი
უკანონოდ შობილები იყვნენ: ფრანჩესკო სფორცა, ალფონსო
არაგონელი, სიგისმონდო მალატესტა.
მაკიაველი თავის ნაშრომში „მთავარი“ ერთ-ერთ თავს
სწორედ ასეთ ადამიანებს უძღვნის, რომელთაც ძალაუფლება
იარაღით.მოიპოვეს მსგავს ადამიანების შესახებ წერდნენ
იტალიური ჰუმანიზმის წარმომადგენლები გვიჩარდინი, დანტე,
პეტრარკა. ჰუმანისტი პალმიერი მხარს უჭერდა ახალი
ადამიანების გამოჩენას საზოგადოებრივ ასპარეზზე და წერდა,
რომ ისინი, რომლებიც თავისი წინაპრების წარმატებებით
ამაყობენ, თავის თავს უარს ეუბნებიან დამსახურებასა და

25
ღირსებაზე. თუ მათ სურთ, დაიმსახურონ პატივი, თვითონ უნდა
გახდნენ მაგალითი და არა წინაპართა ღირსებით ისარგებლონ.
საქმიანი ადამიანი აღორძინების ხანაში ნიშნავს, რომ თავისი
მოღვაწეობით მიაღწიოს განსაკუთრებულ მდგომარეობას თავის
ქვეყანაში, რაც აუცილებელია მმართველი ფენისათვის, რომელიც
ასევე უნდა იყოს ლიტერატურის და ხელოვნების მფარველი. ეს არ
ეხება მხოლოდ იტალიას. დიდებისკენ და პატივისკენ სწრაფვა
რენესანსის ეპოქის ადამიანის ერთ-ერთი მიშვნელოვანი
მახასიათებელია. ინდივიდუალიზმისა და პიროვნების როლის
მნიშვნელობის წინ წამოწევას ემსახურებოდა მხატვრობაში ახალი
ჟანრების დამკვიდრება. პორტრეტმა და ასევე ლანდშაფტმა
განსაკუთრებული ადგილი დაიკავა იმ ეპოქის ხელოვანთა
შემოქმედებაში. ხელოვნებაში წმინდანთა ადგილები დაიკავეს
ანტიკური ეპოქის გმირებმა და ღვთაებებმა. ახალმა გამოგონებებმა
და ტექნიკურმა პროგრესმა ხელოვანებს საშუალება მისცა,
შეესწავლათ პერსპექტივა და სწორი პროპორციები.
დასავლეთ ევროპაში XIV საუკუნის დასაწყისიდან ნათლად
ჩანს ნაციონალური გრძნობის წინ წამოწევა. კონსტანცის
საეკლესიო კრების მონაწილეები დაჯგუფებული იყვნენ ნაციების
მიხედვით, ეკატერინე სიენელი მოითხოვდა, დაებრუნებინათ
რომის პაპი რომაელებისათვის და იტალიელებისათვის. ინგლისი
აპროტესტებდა, რომ პაპი იყო საფრანგეთის სამეფოს გავლენის
ქვეშ. მსგავსი ინიციატივები ნაკლებად იყო დამახასიათებელი შუა
საუკუნეებისათვის.
გერმანელმა ჰუმანისტმა ულრიხ ფონ ჰუტენმა თავის
ნაწარმოებში შექმნა არმინიუსის ნაციონალური სახე. არმინიუსი
გახდა ნაციონალურ გმირი და სიმბოლო რომთან გერმანული
დაპირისპირებისა.
ნაციონალური იდეები განსაკუთრებით აისახა რენესანსის
ეპოქის მოღვაწეთა დამოკიდებულებაში მშობლიური ენის მიმართ.
26
აღორძინების ეპოქამ ენასთან დაკავშირებით სამი ძირითადი
პრობლემა წამოსწია - ნაციონალური ენების ჩამოყალიბება; სხვა
ენების შესწავლა და ათვისება საერთაშორისო მასშტაბით;
ანტიკური ეპოქის ლინგვისტური მემკვიდრეობის გადასინჯვა.
პროვანსული (ოქსიტანური) კულტურა ხდება ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი ევროპული ნაციონალური ენების
ჩამოყალიბებაში, რომელიც განსაკუთრებით წარმატებული იყო
ტრუბადურების ლირიკით, რამაც დიდი გავლენა მოახდინა თავის
თანამედროვე დასავლეთ ევროპულ რაინდობაზე. მისი გავლენით
აღორძინდა ევროპაში მინეზინგერები, ესპანეთში გაიფურჩქნა
გალისიური პოეზია, იტალიაში და კატალონიაში ტრუბადურების
ხშირმა სტუმრობებმა წარჩინებულთა კარზე ხელი შეუწყო
ადგილობრივი ტრუბადურების წარმოშობას.
XIII-XIV საუკუნეებში იწყება ნაციონალური ენების
წარმოშობის პროცესი. დიდი აღმოჩენების ეპოქამ ევროპელებს
გააცნო სხვა ხალხები და ენები. იწყება ახალი ენების აღწერა.

რენესანსის ეპოქის წყაროები

გვიან შუა საუკუნეებში მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება


ისტორიული წყაროების როგორც ზრდის, ასევე მათი ხასიათის
თვალსაზრისით. თუკი შუა საუკუნეების ადრეული ეტაპისათვის
წყაროების მოძიება რთულია და უზარმაზარი ეპოქის შესაწავლად
ისინი მეტად მწირია, გვიან შუა საუკუნეებსა და რენესანსის
ეპოქაში უკვე ჩნდება სრულიად ახალი სახის წყაროები, რომლებიც
საშუალებას იძლევა, უფრო მეტად მოვფინოთ ნათელი ამ ეპოქის
ევროპის ისტორიას. მიუხედავად იმისა, რომ წინა პერიოდთან
შედარებით არჩევანი ძალიან დიდია, მაინც რთულია წყაროების
მოპოვება ისეთი სახით, რომ მივიღოთ პასუხი ყველა კითხვაზე,

27
რაც აინტერესებს ამ ეპოქის ისტორიკოსს. რასაკვირველია, ერთ-
ერთი მთავარი მიზეზი წყაროების რაოდენობის ზრდისა ის იყო,
რომ იწერებოდა მეტი, ვიდრე წინა პერიოდში; ბეჭდვის
გამოგონებამ ასევე გაზარდა წიგნების რაოდენობა და მათი
გამოცემის რიცხვი, ასევე შესაძლებლობა იმისა, რომ ამ ეპოქის
წყაროები დღემდე შემონახულიყო.
რენესანსის ეპოქის სოციალური და ეკონომიკური ისტორიის
შესწავლისათვის წყაროების ფართო ბაზა წარმოდგენილია
სახელმწიფო დაწესებულებათა მასალების სახით. ასეთი სახის
წყაროებია: სამეფო საბჭოს, კანცელარიის, ხაზინის, სასამართლო
პალატის და სხვათა მიერ გამოცემული დოკუმენტები. XVI
საუკუნის მეორე ნახევრიდან იწყება სამოქალაქო მდგომარეობის
აღნუსხვა საეკლესიო სამრევლო რეგისტრაციის წიგნებში, ხოლო
მოგვიანებით საერო ხელისუფლების აქტებში. ეს მასალა
წარმოადგენს მნიშვნელოვან წყაროს დემოგრაფიის, გენეალოგიის
და ზოგადად სოციალური ისტორიის შესაწავლად. საერთაშორისო
ურთიერთობათა და პოლიტიკური ისტორიის შესწავლისათვის
უდიდესი მნიშვნელობა აქვს ახალი ტიპის დოკუმენტებს:
დიპლომატიურ მასალებს, ოფიციალურ ანგარიშებს,
დიპლომატიურ კორესპონდენციებს.
უმეტესობა ამ პერიოდის წყაროებისა დაწერილია
ნაციონალურ ენებზე. ლათინური ენა ინარჩუნებს თავის პოზიციას
საერთაშორისო ხელშეკრულებების ტექსტებში, დიპლომატიურ
მიმოწერებში, მონარქების კორესპონდენციებში, სახელმწიფო
მოღვაწეთა, სწავლულთა და ზოგიერთ სამეცნიერო ტრაქტატებში.
რენესანსის ეპოქაში არა მხოლოდ იზრდება წყაროების
რაოდენობა, არამედ იცვლება მათი ხასიათიც. იზრდება არა
მხოლოდ სახელისუფლებო ან კორესპონდენციების ტიპების
წყაროები, არამედ ინდივიდები წერენ მეტს და უფრო მეტად
პირადულს, ვიდრე ეს იყო ადრეულ პერიოდში. პირადი
28
კორესპონდენციები მეტად სასარგებლო წყაროა, განსაკუთრებით
საზოგადოების და ეკონომიკის ისტორიისათვის, ლიტერატურის,
ხელოვნების, მუსიკის და მეცნიერების ისტორიის ბიოგრაფიული
ნაწილისათვის. ბურკჰარდის მოსაზრება რენესანსის პერიოდში
ინდივიდის აღმოჩენის შესახებ სწორედ ასეთი სახის
დოკუმენტების საფუძველზე მტკიცდება. უკვე XV საუკუნიდან
გვიან შუა საუკუნეებში ჩნდება ავტობიოგრაფიები, მემუარული
მასალები, რაც ჩვეულებრივი ხდება XVI საუკუნისათვის.

რენესანსის ეპოქის ჰუმანისტური ისტორიოგრაფია

როგორც აღვნიშნეთ, რენესანსის ეპოქაში მოხდა


მნიშვნელოვანი გარდაქმნები კულტურისა და სოციალური ყოფის
სფეროში, თუმცა ამ ცლილებებს არ ჰქონია ძველ ტრადიციებთან
რადიკალური დაპირისპირება. რენესანსის ეპოქამ შეინარჩუნა შუა
საუკუნეების საისტორიო მწელობის მემკვიდრეობითობა, თუმცა
საისტორიო მწერლობაში, ისტორიკოსთა მუშაობის მეთოდებსა და
თემატიკაში ჩნდება მნიშვნელოვანი ცვლილებები. ავტორთა
დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ რენესანსის ეპოქაში ხდება
ისტორიის, როგორც სამეცნიერო დისციპლინის ჩამოყალიბება.
რენესანსის დამდეგისათვის ისტორიას უკვე ჰქონდა წარსულის
შემეცნებისა და რეინტერპრეტაციის საკუთარი ინსტრუმენტი,
რომლის მიზანსაც წარმოადგენდა წარსულის სამართლიანი ასახვა
ისტორიულ ნაწარმობებში, თუმცა რენესანსის ეპოქაში ჯერ კიდევ
დომინირებდა შუა საუკუნეობრივი საისტორიო მწერლობის
დამახასიათებელი ნიშნები.
რენესანსის ეპოქის საისტორიო მწერლობა არ ყოფილა
ერთგავროვანი. ის თვისებები, რომელიც ახასიათებდა იტალიურ
საისტორიო მწერლობას, არ ვრცელდებოდა მთელ ევროპაზე.

29
იტალიური საისტორიო მწერლობაზე განსაკუთრებული გავლენა
მოახდინა ანტიკურმა ისტორიოგრაფიამ, რის მიბაძვას
ცდილობდნენ აღორძინების ეპოქის ისტორიკოსები. ანტიკურობის
მიბაძვა, ისტორიული პროცესების რელიგიური ახსნის უარყოფა,
კონფესიური იდენტიფიკაცია, მწერლობის სეკულარული ხასიათი,
საზოგადოების განვითარების რაციონალური ახსნა - ეს არის ის
ახალი თვისებები, რომელიც მოიტანა რენესანსულმა მწერლობამ.
ანტიკური ისტორიოგრაფიის მიბაძვა, დიდქტიკური პათოსი,
რომელიც ასე დამახასიათებელი იყო რენესანსის ეპოქის
საისტორიო მწერლობისათვის, ნათლად აისახა ადრეული
რენესანსის კორიფეების პეტრარკასა და ბოკაჩოს ნაწარმოებებში.
ფრანჩესკო პეტრარკას ნაწარმოები „გამოჩენილი კაცების შესახებ“,
რომელიც დაწერილია ლათინურ ენაზე 1337 წლის შემდეგ,
მოიცავს 21 გამოჩენილი რომაელი მოღვაწის ცხოვრების აღწერას,
დაწყებული რომულუსიდან, დასრულებული იულიუს კეისრის
ცხოვრებით. ეს ნაწარმოები დაწერილია ტიტუს ლივიუსის
ნაწარმოებზე დაყრდნობით, თუმცა პეტრარკასათვის ლივიუსის
ნაშრომი წარმოადგენს მხოლოდ წყაროს. ავტორმა ის შეცვალა
მორალურ-დიდაქტიკური ამოცანების შესაბამისად. ანტიკური
ეპოქის გმირები წარმოდგენილია როგორც იდეალური
მოღვაწეები, მისი თანამედროვე, XIV საუკუნის იტალიელი
პოლიტიკური ფიგურების საპირწონედ. ჯოვანი ბოკაჩოს
ნაწარმოებში „ღირსეული ქალების შესახებ“ შეგროვილია
ანტიკური ეპოქის ისტორიკოსთა ნაშრომებიდან შერჩეული
მორალური მაგალითები, თუმცა ისტორიული ღირებულება
ნაკლებად გააჩნიათ.
რენესანსის ეპოქის საისტორიო მწერლობა თავდაპირველად
ინფორმაციულ ხასიათს ატარებდა, გადმოცემული იყო
ადგილობრივი მმართველების მოღვაწეობა. ნაწარმოებები
ძირითადად დაწერილი იყო ანტიკური ავტორების მიბაძვით,
30
რომელთაგან გადმოღებული იყო რიტორიკული სტილი
აქტუალურ პრობლემების გადმოცემად. ასეთ ხასიათს ატარებს
ცნობილი იტალიელი ჰუმანისტის ლეონარდო ბრუნის (არეცინოს)
ნაშრომები. მისი ნაწარმოები „ფლორენციის ისტორია“ 12 ტომად
მიიჩნევა ახალი ეპოქის საისტორიო მწერლობის დასაწყისად. ეს
ეძღვნება ერთი ხალხის ისტორიას, რაც დამახასითებელია ახალი
ეპოქის ისტორიოგრაფიისათვის; ამას საფუძვლად ედო გააჩნდა
უფრო პოლიტიკური მოტივი, ვიდრე ზოგადი ინტერესი
წარსულისადმი. ანტიკური ისტორიისადმი განსაკუთრებული
ყურადღება, ანტიკური ისტორიის რიტორიკული ტრადიცია არ
იყო ერთნაირად დამახასიათებელი მთელი რენესანსული
ევროპისათვის. ახალი და განსაკუთრებული ასპექტი
რენესანსული ისტორიოგრაფიისათვის იყო შუა საუკუნეობრივი
საეკლესიო მსოფლმხედველობისაგან გათავისუფლება,
უპირველეს ყოვლისა, შუა საუკუნეობრივი კონცეფციისაგან -
ღვთაებრივი გამოცხადებისა და ადამიანის ბედის ღვთის მიერ
განსაზღვრულობის, ისტორიის როგორც ღვთის ნების
განხორციელების იდეისაგან. საისტორიო ნაწარმოებებში არ ჩანს
პირდაპირი პოლემიკა საეკლესიო კონცეფციასთან, არამედ,
უბრალოდ, იგნორირებულია ისტორიის პროვიდენციალური
ინტერპრეტაცია და ხდება ისტორიული მოვლენების
რაციონალური ახსნა. ისტორია განიხილება, როგორც ადამიანთა,
და არა ღმერთის მოღვაწეობის ასპარეზი, როგორც ეს იყო შუა
სააუკუნეებში. ამას მივყავართ სწორედაც ისტორის შემეცნების
სეკულარიზაციისაკენ.
რენესანსის ეპოქის ავტორთა შრომებში ეკლესიის ისტორიის
საკითხები, რომელსაც ცენტრალური ადგილი ეკავა შუა
საუკუნეების ისტორიკოსთა შემოქმედებაში, უკანა პლანზე
გადადის. ეკლესიის ისტორიის საკითხები და ქრისტიანობის
როლი სკეპტიკურად განიხილება და გარკვეულ შემთხვევაში
31
წარმოდგენილია, როგორც რეგრესისა და სოციალური დაცემის
ფაქტორი. მთავარი ყურადღება გადადის პოლიტიკურ საკითხებზე
- სახელმწიფოების და ცალკეული პოლიტიკური ერთეულების
წარმოშობა, განვითარება და დაცემა, წარსულისადმი ინტერესი
ხდება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი პოლიტიკური
დაპირისპირების დროს, ასევე წარსულის ისტორია
წარმოდგენილია არგუმენტებად პოლიტიკურ ტრაქტატებში.
რენესანსის ეპოქის მოაზროვნეები, პოლიტიკური მოსაზრებების
განმტკიცების მიზნით, ისტორიული წარსულიდან სახელმწიფოს
მართვის მოდელებს იყენებდნენ, როგორც მაგალითებს. ამდენად,
აქტუალური ხდებოდა პოლიტიკური ისტორია. და პოლიტიკური
თეორიები სახელმწიფოს შესახებ პლატონისა და არისტოტელეს
ნაშრომებიდან. არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო აპელაცია
ანტიკური ეპოქის კონკრეტული მაგალითებისადმი, რომლებიც
ასახავდნენ პოლტიკური ცხოვრების ღირსეულ თუ
არაკეთილშობილურ ფაქტებს. ისტორია განიხილება, როგორც
სახელმწიფოებრივ პოლიტიკური განვითარების გამოცდილება და,
ასევე, როგორც მასალა დიდაქტიკური და თეორიული
განხილვისათვის, სახელმწიფო მოწყობის საკითხებთან
დაკავშირებით. ანტიკური ისტორიისადმი მსგავსი ინტერესის
საუკეთესო გამოვლენებაა ნიკოლო მაკიაველის ნაშრომები.
ისტორიული პროცესის ზოგად გააზრება პარადოქსულია
რენესანსის ეპოქის ისტორიულ ცნობიერებაში, რაც იმაში
მდგომარეობდა, რომ ჯერ კიდევ რჩება ტრადიციული რელიგიურ-
საეკლესიო მოდელები, თუმცა ასევე არის რაციონალური სქემების
მეშვეობით მისი დაძლევის მცდელობა.
რენესანსის კულტურაში პირველად ხდება ისტორიის
დაყოფა სამ პერიოდად: ანტიკური, შუა საუკუნეების და ახალი
პერიოდი ჰუმანისტი მწერლების გაგებით, შუა საუკუნეები
განსხვავდებოდა არა მხოლოდ მათი თანამედროვე, არამედ
32
ანტიკური ეპოქისაგან. ანტიკურობა, მათი აზრით, იყო კულტურის
უმაღლესი განვითარების ეპოქა, ხოლო თანამედროვე ეპოქა
მიზნად ისახავდა მის აღდგენას. ამ პერსპექტივის თანახმად, შუა
საუკუნეები იყო დაცემის და ძველი ეპოქის მიღწევათა ნგრევის
პერიოდი.
ჰუმანიტისტური კულტურის ინტერესი ისტორიის სფეროში
უფრო ფილოლოგიურ ხასიათს ატარებდა. ჰუმანისტების მთავარ
ინტერესს წარმოადგენდა ახალი ტექსტების მოპოვება, უპირველეს
ყოვლისა, კლასიკური პერიოდიდან და მათი ინტერპრეტაცია.
ისტორიული წყაროსადმი კრიტიკული მიდგომის საუკეთესო
მაგალითია ლორენცო ვალას მიერ ე. წ. კონსტანტინეს ნაბოძვარის“
ტექსტის შესწავლა. თავის ნაშრომში „ტრაქტატი კონსტანტინეს
ნაბოძვარის სიყალბის შესახებ“ ლორენცო ვალამ დაასაბუთა, რომ
დოკუმენტი, რომლის თანახმადაც იმპერატორმა კონსტანტინემ
საერო ხელისუფლება გადასცა რომის პაპებს, ნაყალბევი იყო. ის
იყო შექმნილი არა IV საუკუნეში, როგორც ამას მიიჩნევდნენ
რომის პაპები, არამედVIII საუკუნეში. ამ წყაროს კრიტიკა,
რომელიც წარმოადგენდა ერთ-ერთ მნიშვნელოვან დოკუმენტს
პაპების თეოკრატიული ძალაუფლების განხორციელებისათვის,
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ისტორიის, როგორც
მეცნიერების ჩამოყალიბების გზაზე.
ამ პერიოდიდან უკვე აშკარა ხდება ისტორიისადმი
მიდგომის ახლებური მეთოდების დანერგვა. ასეთ ისტორიკოსთა
შორის შეიძლება ასევე დავასახელოთ ევროპის სხვადასხვა
ქვეყნების ჰუმანისტი ავტორები, როგორც იტალიაში, ასევე
გერმანიასა და საფრანგეთში. რენესანსის ეპოქის ისტორიკოსებმა
ჟან ბოდენმა, ფრანჩესკო პატრიციმ ისტორიის, როგორც
მეცნიერების ჩამოყალიბების გზაზე მნიშვნელოვანი როლი
შეასრულეს. მათ ნაშრომებში აისახა ის მნიშვნელოვანი
ცვლილებები, რომელიც ხდებოდა რენესანსულ ეპოქაში,
33
პერიოდში სოციალური ყოფის ყველა სფეროში, რამაც ბიძგი მისცა
ისტორიის ახალ შემეცნებას.

ახალი სანაოსნო გზები და გეოგრაფიული


აღმოჩენები

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების მიზეზები

ისევე როგორც ანტიკურ სამყაროში, შუა საუკუნეებში


ადამიანები ბევრს მოგზაურობდნენ და იყო ახალ აღმოჩენებიც,
მაგრამ დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ხანა მაინც ეწოდება
პერიოდს XV საუკუნის ბოლოდან XVII საუკუნის შუა ხანებამდე.
ამ პერიოდში მრავალი მნიშვნელოვანი გეოგრაფიული აღმოჩენა
მოხდა, რასაც ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა ევროპის
განვითარებისათვის. დიდ გეოგრაფიული აღმოჩენებში
იგულისხმება, ძირითადად, პირდაპირი საზღვაო გზის პოვნა
შორეულ აღმოსავლეთში და ახალი კონტინენტის აღმოჩენა.
ავტორთა ნაწილი მიიჩნევდა, რომ დიდი გაეორაფიული
აღმოჩენები გახდა ძირითადი საფუძველი ახალი კაპიტალისტური
წყობის ჩამოყალიბებისათვის, მაგრამ საფიქრებელია, რომ ამ
პროცესებმა, უბრალოდ, ხელი შეუწყვეს კაპიტალიზმის
განვითარების პროცესს. დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები
დაკავშირებული იყო კაპიტალის პირველადი დაგროვების
პროცესთან ევროპაში. ახალი სავაჭრო გზებისა და ქვეყნების
ათვისება ხელს უწყობდა ამ პროცესის განვითარებას და
საფუძველი ჩაუყარა კოლონიური სისტემისა და მსოფლიო ბაზრის
ჩამოყალიბებას.
არაბების აღმოჩენები და მათი თხზულებები გეოგრაფიის
შესახებ, ვიკინგების მიმოსვლები, ჯვაროსნული ლაშქრობები,
34
ასევე მონღოლთა დაპყრობები - ეს მოვლენები, გარკვეულწილად,
დადებით ფაქტორებად იქცა გეოგრაფიული ცოდნის
განვითარებისათვის. შუა საუკუნეების ხანაში განსაკუთრებით
ხაზგასასმელია ვიკინგების მოგზაურობები და აღმოჩენები, ასევე
აღმოსავლეთში რომის პაპების წარმომადგენელთა და მისიონერთა
მოგზაურობები (გიიომ რუბრიუკუსი, პლანო კარპინი, მარკო
პოლო). შუა საუკუნეების ამ აღმოჩენების მნიშვნელობა ნაკლები
იყო, რადგან არ იყო მოთხოვნა ახალი მიწების ათვისებაზე, ხოლო
რენესანსის ეპოქაში ახალი პირობები შეიქმნა. ეს იყო, უპირველეს
ყოვლისა, დასავლეთ ევროპაში ქალაქების ზრდა, ხელოსნობისა და
ვაჭრობის განვითარება.
შუა საუკუნეებში გეოგრაფიულ აღმოჩენებს ხელს უშლიდა
გეოგრაფიული მეცნიერების იმდროინდელი დონე. ჯერ კიდევ
ანტიკურ სამყაროში ბერძნებმა ჩამოაყალიბეს თეორია დედამიწის
სფერულობის შესახებ. ძვ. წ. აღ. III საუკუნეში პლტოლემაიოსმა
შექმნა გეოცენტრისტული სისტემა, მაგრამ შუა საუკუნეებში
გაბატონდა კოზმა ინდიკოპლევსის წარმოდგენა, რომ დედამიწა
არის ბრტყელი; ძირითადად, დავობდნენ იმაზე, მრგვალი ფორმა
ჰქონდა მას თუ ოთხკუთხა, მაგრამ, ამავე დროს, XII საუკუნიდან
აღორძინდა აზრი დედამიწის სფერულობის შესახებ (ალბერტ
მაგნუსი, როჯერ ბეკონი). ამ იდეამ ასახვა ჰპოვა 1410 წელს
დაწერილ თხზულებაში „სამყაროს გამოსახულება“, რომლის
ავტორია პიერ დ’ალიი. ეს იყო ქრისტეფორ კოლუმბის სამაგიდო
წიგნი. ძალიან დაბალი იყო კარტოგრაფიის დონე.
შუა საუკუნეებში ევროპასა და აღმოსავლეთს შორის
ხმელთაშუა ზღვის გავლით არსებული გზები ოსმალთა
დაპყრობების შედეგად მეტად სახიფათო გახდა. აღმოსავლეთის
პროდუქტები, რომლებიც ევროპაში შუა საუკუნეების მანძილზე
აბრეშუმის გზით შემოჰქონდათ ვენეციელ და გენუელ ვაჭრებს,
თანდათანობით იშვიათობა გახდა და მათზე ფასი გაიზარდა.
35
ამდენად, აღმოსავლეთისაკენ სხვა გზის მოძიების საკითხი ძალიან
მკვეთრად დადგა. უნდა მოეძებნათ სავაჭრო კავშირები
აღმოსავლეთთან შუამავლის გარეშე და ასევე უფრო უხიფათო
გზა, სადაც არ იქნებოდა ომები და კონფლიქტები.
დიდ გეოგრაფიული აღმოჩენებს, უპირველესად, ხელი
შეუწყო მიღწევებმა გვიან შუა საუკუნეებში ტექნიკასა და
მეცნიერებაში. შეიქმნა კარაველა - სწრაფმავალი ხომალდი,
რომელსაც შეეძლო მანევრირება ოკეანში იალქნების გამოყენებით,
ნებისმიერ ამინდში. ასევე მეზღვაურებმა ისწავლეს კომპასის
გამოყენება და რუკის შედგენა. გაჩნდა სხვა ხელსაწყოებიც,
ისწავლეს გეოგრაფიული გრძედებისა და განედების გაანგარიშება.
დიდ გეოგრაფიულ აღმოჩებს საფუძველი ჩაუყარეს
ესპანელმა და პორტუგალიელმა მოგზაურებმა. ესპანეთისა და
პორტუგალიის გეოგრაფიული მდებარეობა ატლანტიკის ოკეანის
სანაპიროზე მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ამ ქვეყნებში
ზღვაოსნობის განვითარებისათვის. ამას ხელს ისიც უწყობდა რომ
რეკონკისტას დასრულების შემდეგ ბევრი წარჩინებული დარჩა
საარსებო საშუალების გარეშე და ეძებდა გამოსავალს, რადგანაც
მათი შემოსავლის ძირითადი წყარო ომები იყო. მათ
სჭირდებოდათ ახალი ლაშქრობები.
პორტუგალიელ მოგზაურთაგან განსაკუთრებით
მნიშვნელოვანი იყო პორტუგალიის მეფის ვაჟის ენრიკეშის (1394-
1460) მოგზაურობები, რომელმაც დააარსა ასტრონომიული
ობსერვატორია და საზღვაოსნო სკოლა. ენრიკეში ყოველწლიურად
გზავნიდა ხომალდებს აფრიკის დასავლეთ სანაპიროს
გამოსაკვლევად. ის ისტორიაში შევიდა ენრიკეშ მეზღვაურის
სახელით. ის თვითონ არ ღებულობდა მონაწილეობას
მოგზაურობებში, მაგრამ იყო მთავარი დამფინანსებელი, ასევე
იძენდა რუკებსა და საჭირო ხელსაწყოებს შორეული
მოგზაურობებისათვის. ენრიკეშის თაოსნობით მოწყობილი
36
მოგზაურობების შედეგად აღმოაჩინეს აქამდე უცნობი კუნძულები
ატლანტიკის ოკეანეში: მადეარის, მწვანე კონცხის, აზორის.
პორტუგალიელმა მოგზაურებმა მიაღწიეს აფრიკის სანაპირომდე
და დაიწყეს ვაჭრობა შავკანიანებთან. პორტუგალიელთა მიერ
მოგზაურობისას შეძენილმა ცოდნამ სხვა ქვეყნის მეზღვაურებს
მისცა ფასდაუდებელი ინფორმაცია ზღვების დინებების,
სრუტეების, ქარის მიმართულების შესახებ. ახალი მიწების
რუკებზე დატანა გახდა მნიშვნელოვანი ბიძგი ახალი
კარტოგრაფიის განვითარებისათვის. პორტუგალიური რუკები
გამოირჩეოდა სიზუსტით და შეიცავდა ინფორმაციას
ევროპელთათვის უცნობი ქვეყნების შესახებ. პორტუგალიელი
კარტოგრაფები მუშაობდნენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში.
1488 წელს პორტუგალიელმა მოგზაურებმა ბარტოლომეო
დიაშის მეთაურობით მიაღწიეს სამხრეთ აფრიკის სანაპირომდე.
XV საუკუნის მიწურულს, 1498 წელს, პორტუგალიელმა
მოგზაურმა ვასკო და გამამ, ცნობილი არაბი ლოცმანის აჰმედ იბნ
მაჯიჯის დახმარებით, მიაღწია ინდოეთის დასავლეთ სანაპიროს.
სწორედ ამ დროიდან დაედო საფუძველი ევროპელთა
მოგზაურობას ინდოეთისკენ აფრიკის შემოვლით.

ამერიკის აღმოჩენა

ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც პორტუგალიელები


ცდილობდნენ მიეღწიათ სამხრეთ აფრიკამდე, იტალიელი
მეზღვაური ქრისტეფორ კოლუმბი გატაცებული იყო იდეით,
მიეღწია აღმოსავლეთის სანაპიროებამდე სხვა გზით. ეყრდნობოდა
რა თეორიას დედამიწის სფერული ფორმის შესახებ, ის
ამტკიცებდა რომ შესაძლებელი იყო ჩინეთსა და ინდოეთამდე
მიღწევა ევროპიდან დასავლეთისკენ ცურვით, ატლანტის გავლით.

37
თეორიულად, ეს მოსაზრება ბევრისთვის იყო მისაღები,
მაგრამ მისი განხორციელება ეჭვს იწვევდა. დიდი ხნის მანძილზე
ცდილობდა გენუელი მეზღვაური ქრისტეფორ კოლუმბი (1451-
1506), ამ პროექტის განხორციელების შესაძლებლობაში
დაეჯერებინა ინგლისის, საფრანგეთის, პორტუგალიის მეფეები,
მაგრამ მხოლოდ ესპანეთის მეფე ფერდინადი და დედოფალი
იზაბელა, შვიდწლიანი ორჭოფობის შემდეგ, დათანხმდნენ
კოლუმბს, შეედგინა ექსპედიცია, რომელიც ოკეანის გავლით
ჩავიდოდა ინდოეთში. ოკეანისგაღმა ექსპედიციის იდეას მხარი
დაუჭირა კათოლიკურმა ეკლესიამ, იდეამ მხარდაჭერა მიიღო
ასევე ევროპის ერთ-ერთი ავტორიტრტული, სალამანკის
უნივერსიტეტისაგან. ესპანეთის მეფესა და კოლუმბს შორის
დაიდო კაპიტულაცია, რომლის თანახმადაც, იგი ინიშნებოდა
ახლად აღმოჩენილი მიწების ვიცე-მეფედ, ასევე ენიჭებოდა
მეკვიდრეობით ადმირალის წოდება; იგი მიიღებდა ამ მიწებიდან
მიღებული შემოსავლის მეათედს და ვაჭრობიდან მოგების
მერვედს.
1492 წლის 3 აგვისტოს სამი ხომალდი („სანტა მარია“, „ნინია“
და „პინტა“) გავიდა ესპანეთის პორტ პალოსიდან და 1492 წლის 12
ოქტომბერს მიაღწია მიწას ატლანტიის ოკეანის გაღმა. ეს იყო
ბაგამის კუნძულები, ამერიკის სანაპიროსთან. კოლუმბმა,
დარწმუნებულმა იმაში, რომ მან მიაღწია ინდოეთს, ადგილობრივ
მაცხოვრებლებს ინდიელები უწოდა. ამის შემდეგ მან კიდევ
სამჯერ იმოგზაურა ამერიკაში (1493-1496, 1498-1500 და 1502-1504),
როდესაც აღმოჩენილ იქნა თითქმის ყველა დიდი და პატარა
ანტილიის კუნძულები, პუერტო-რიკო, იამაიკა, ტრინიდადი და
ასევე უცნობი ცენტრალური ამერიკის მნიშვნელოვანი ნაწილი.
მიუხედავად დიდი იმედებისა, მან ვერ მოიპოვა ამ კონტინენტის
განსაკუთრებული სიმდიდრე და მრავალი პრობლემა შეექმნა
ესპანეთის მმართველობასთან. ესპანეთის განხიბლულმა
38
მმართველებმა მალევე შეუწყვიტეს კოლუმბს ყველა დახმარება და
ის 1506 წელს ყველასაგან მიტოვებული გარდაიცვალა.
კოლუმბის აღმოჩენებმა დიდი შეშფოთება გამოიწვია
პორტუგალიაში. მათაც და ესპანელებმაც პაპს მიმართეს. 1494
წლის 4 სექტემბერს პაპმა ალექსანდრე VI-მ ტორდესილიასში
გამოსცა ბულა, რომლის თანახმადაც, არაევროპული მიწები გაიყო
გავლენის სფეროებად. ე.წ. „პაპის მერიდიანის“ აღმოსავლეთით
მდებარე მიწები უნდა გამოცხადებულიყო პორტუგალიის, ხოლო
დასავლეთით მდებარე მიწები - ესპანეთის გავლენის სფეროდ.
1497 წელს ინგლისელებმა იტალიელი მეზღავაურის ჯონ
(ჯოვანი) კაბოტის მეთაურობით აღმოაჩინეს ჩრდილოეთ ამერიკა.
ჯოვანი კაბოტამ დაიწყო გზის ძებნა ჩრდილო-დასავლეთით,
აღმოსავლეთის ქვეყნებისაკენ.
პირველი, ვინც კოლუმბის მიერ ახალი კონტინენტის
აღმოჩენა ყველასათვის გასაგები გახადა, იყო ფლორენციელი
მეზღვაური და ასტრონომი ამერიგო ვესპუჩი (1454-1512). მისი
ნაწარმოები, სადაც მან აღწერა ბრაზილიამდე მოგზაურობა,
იმდენად პოპულარული გახდა ევროპაში, რომ მის
საპატივცემულოდ ახალ აღმოჩენილ კონტინენტს ამერიკა უწოდეს.
მოგზაურები ამერიკის შესწავლასთან ერთად ეძებდნენ
სრუტეს, რომელიც მათ გაიყვანდა ჩინეთსა და ინდოეთში. 1513
წელს ესპანელთა ჯგუფმა ვასკო ნუნიეს დე ბალბოას მეთაურობით
გადალახეს პანამის სრუტე და გავიდნენ დიდ ოკეანეში.
პირველი მოგზაურობა დედამიწის გარშემო განახორციელა
ფერდინანდ მაგელანმა, რომელიც ესპანეთის მეფის სამსახურში
იმყოფებოდა. 1519 წელს 5 ხომალდისაგან შემდგარი ფლოტილიით
ის გავიდა ესპანეთის პორტიდან და აიღო კურსი დასავლეთისაკენ.
მეზღვაურებმა მტკიცე ნებისყოფითა და გამძლეობით 1521 წელს
ატლანტიკის და წყნარი ოკეანის გავლით მიაღწიეს კუნძულს,
რომელსაც მოგვიანებით ესპანეთის ტახტის მემკვიდრის ფილიპის
39
(მომავალი მეფე ფილიპ II) საპატივცემლოდ ფილიპინები უწოდეს.
მაგელანი აქ ადგილობრივ მოსახლეობასთან შეტაკებისას
დაიღუპა. მისი გარდაცვალების შემდეგ ექსკადრამ დ’ელკანოს
მეთაურობით მიაღწია მოლუსკების კუნძულებამდე, დაიტვირთა
სანელებლებით და 1522 წელს ესპანეთში დაბრუნდა. ამრიგად,
1519-1522 წლებში შესრულდა პირველი მოგზაურობა დედამიწის
გარშემო. მაგელანმა ხორცი შეასხა კოლუმბის იდეას, დასავლეთის
გზით მიეღწია აღმოსავლეთის ქვეყნებამდე. ეს მოგზაურობა გახდა
დედამიწის სფერულობის ნათელი დასტური.
დედამიწის მეხუთე კონტინენტის, ავსტრალიის აღმოჩენაში
განსაკუთრებული როლი შეასრულეს ჰოლანდიელებმა,
რომელთაც XVI საუკუნის ბოლოს პორტუგალიელებს წაართვეს
ფართო სამფლობელოები აზიაში. ინდოეთის ოკეანეში სავაჭრო
მოგზაურობებისას ჰოლანდიელები მიადგნენ უცნობი დიდი მიწის
ნაპირებს. 1642-1644 წლებში აბელ ტასმანის მოგზაურობების
შემდეგ ჰოლანდიელებმა დადგინეს, რომ ეს იყო ცალკე
კონტინენტი.

ამერიკის დაპყრობა

ახალმა აღმოჩენებმა გაამწვავა ურთიერთობა ესპანეთსა და


პორტუგალიას შორის, ორივე მხრის ექსპერტებს უჭირდათ
დაედგინათ მათი გავლენის ქვეშ მყოფ ქვეყნებს შორის საზღვრები.
1529 წელს იქნა მიღწეულ იქნა კიდევ ერთი შეთანხმება - ესპანეთი
უარს ამბობდა პრეტენზიაზე მოლუსკის კუნძულებზე, მაგრამ
ინარჩუნებდა ფილიპინებს.
ესპანელებმა 1500-1510 წლებში დაიმორჩილეს დიდი
ანტილიის კუნძულები, ასევე პატარა კუნძულები კარიბის ზღვაში.
დიდი ანტილიის კუნძულები გახდა ესპანელების საყრდენი

40
პუნქტი დასავლეთის ნახევარსფეროს კოლონიზაციისათვის. მათი
განსაკუთრებული ყურადღება მიმართული იყო კუბისკენ,
რომელსაც ისინი ახალი სამყაროს გასაღებს უწოდებდნენ.
ესპანელები კუნძულზე აშენებდნენ სიმაგრეებს, გაჰყავდათ გზები,
ასევე აშენებდნენ შაქრისა და ბამბის პლანტაციებს. ამ
სამუშაოებისათვის ისინი იყენებდნენ ადგილობრივ მოსახლეობას
და სასტიკ ექსპოლოატაციას უწევდნენ მას. გარდა ადგილობრივი
მოსახლეობის დაყმევებისა, ესპანელებს სამუშაო ძალად აქ
ჩამოჰყავდათ ესპანეთის ჩრდილოეთ რაიონებიდან
გადმოსახლებულ გლეხობა, რომელთაც გადასცემდნენ მიწის
ნაკვეთებს და 20 წლით ათავისუფლებდნენ გადასახადებისაგან.
ამერიკის დაპყრობის ახალი ეტაპი დაიწყო 1510 წლიდან
ევროპელი დამპყრობლებმა შეაღწიე პანამის სრუტეში და დაიწყეს
პირველი სიმაგრეების მშენებლობა მატერიკზე. დაიწყო
კონტინენტის შიდა ტერიტორიების ათვისება და კოლონიური
სისტემის ჩამოყალიბება. ისტორიოგრაფიაში ამ ეტაპს კონკისტა
(დაპყრობა) ეწოდება.
1513 წელს ვასკო ნუნიეს ბალბოამ წყნარი ოკეანის
სანაპიროზე აღმართა კასტილიის დროშა. 1519 წელს დაარსდა
პირველი ქალაქი პანამა, სადაც ხდებოდა კონკისტადორთა
რაზმების ფორმირება. ესპანელ კონკისტადორებს მალევე
მოუწიათ დაპირისპირება ძველი ამერიკული ცივილიზაციის
წარმომადგენლებთან. 1517-1518 წელს ერნანდო დე კორდობას და
ხუან გრიხალვას რაზმები, რომლებიც გადავიდნენ იუკატანის
ნახევარკუნძულზე, შეეჯახნენ უძველესი, კოლუმბამდელი
ცივილიზაციის სახელმწიფოს - მაიას. კონკისტადორებს აქ
დახვდათ კედლებით შემორაგული დიდი ქალაქები
პირამიდებითა და ქვის ტაძრებით. მდიდართა სასახლეებში და
ტაძრებში, რომლებიც შიგნიდან მოხატული იყო ფრესკებითა და
მდიდარი ორნამენტებით, ესპანელებმა აღმოაჩინეს ძალიან დიდი
41
სიმდიდრე: სამკაულები, ქანდაკებები, ოქროსგან დამზადებული
ნივთები.
ესპანელთა მოსვლის პერიოდისათვის მაიას ქვეყანა
დაყოფილი იყო ქალაქ-სახელმწიფოებად. ქალაქები
წარმოადგენდნენ პოლიტიკურ ცენტრებს, რომელთა გარშემო
ერთიანდებოდა სამიწათმოქმედო თემი. მაიას ხალხს -
კოლუმბამდელი ამერიკის ხალხთა შორის ერთადერთს - ჰქონდა
დამწერლობა. მათი იეროგლიფური დამწერლობა ძველი ეგვიპტის
და შუმერების დამწერლობას მოგვაგონებდა. მაიას ხალხებს
ჰქონდათ თავიანთი კალენდარი, შეეძლოთ მზის და მთვარის
დაბნელების წინასწარ გამოთვლა.
ინდილებისათვის, რომელთაც აქამდე არ ენახათ ცხენი,
ცხენზე ამხედრებული კაცი უდიდესი სასწაული იყო.
განსაკუთებულ შიშს იწვევდა ცეცხლსასროლი იარაღი,
რომლისთვისაც მათ შეეძლოთ დაეპირისპირებინათ მხოლოდ
მშვილდი და ისარი. როგორც შეიარაღების უპირატესობის, ასევე
მაიას სახელმწიფოს შიგნით ქალაქ-სახელმწიფოებს შორის
არსებული დაპირისპირების საფუძველზე, ესპანელებმა ადვილად
შეძლეს მაიას სახელმწიფოს დაპყრობა.
1519 წელს იუკატანას ნახევარკუნძულის ჩრდილოეთით
მდებარე აცტეკების ქვეყნის წინააღმდეგ სალაშქროდ გადავიდა
ესპანელთა ლაშქარი ერნან კორტესის მეთაურობით.
აცტეკები განსახლებული იყვნენ მექსიკის დაბლობზე. მათ
ჰქონდათ ხელოვნური სარწყავი არხების სისტემა, მოჰყავდათ
ბამბა, სიმინდი და სხვადასხვა ბოსტნეული. აცტეკებში მაღალ
დონეზე იყო განვითარებული სოფლის მეურნეობა, მიუხედავად
იმისა, რომ აცტეკები, ამერიკის კონტინენტზე მცხოვრები სხვა
ხალხების მსგავსად, არ იცნობდნენ ბორბალს და არ ჰქონდათ
ლითონისგან დამზადებული შრომის იარაღები. აცტეკების

42
სახლმწიფოს დედაქალაქი იყო ტენოჩტიტლანი (დღევანდელი
მეხიკო).
კორტესი, ახალგაზრდა ღარიბი იდალგო, რომელიც ჩავიდა
ამერიკაში სიმდიდრისა და თავგადასავლების საძიებლად,
ფიქრობდა, რომ მცირე ძალითაც ადვილად დაიპყრობდა ამ
მიწებს. მან მოხერხებულად გამოიყენა მეზობელი ტომები,
რომლებიც დაპირისპირებული იყვნენ აცტეკებთან, ასევე
ისარგებლა აცტეკების მმართველის მონტესუმას ნდობით,
რომელმაც თავისუფლად შეუშვა ესპანელები ქალაქში. კორტესმა
ვერაგულად შეიპყრო მონტესუმა და შეეცადა მისი სახელით
ემართა ქვეყანა, მაგრამ აცტეკები აჯანყდნენ და გააძევეს
დამპყრობლები. გაძევებულმა კორტესმა შეაგროვა ესპანელთა
ახალი ლაშქარი და ადგილობრივი ინდიელი მოკავშირეების 10
ათასიან ლაშქართან ერთად, შეუტია აცტეკების დედაქალაქს.
მიუხედავად აცტეკთა გმირული წინააღმდეგობისა, 1521 წელს
აიღო ქალაქი ტენოჩტიტლანი და სასტიკად გაძარცვა.
ამერიკის დაპყრობებში გამორჩეული როლი შესრულა
ფრანჩესკო პისარომ, რომელიც 1532-1535 წლებში
ხელმძღვანელობდა ინკების სახელმნწიფოს დაპყრობას.
თავგადასავლის მაძიებელი პისარო ახალ მიწაზე ჩასვლისთანავე
ეძებდა პერუს საგანძურს. პისარომ ორჯერ უშედეგოდ ილაშქრა და
მხოლოდ განსაკუთრებული ნებისყოფისა და ენერგიის წყალობით,
მესამედ ლაშქრობისას, 200 ჯარიკაცით შეაღწია ინკების ქვეყანაში,
რომლის მეთაური ატაუალპა დათანხმდა მასთან შეხვედრას.
პისაროს ჯარისკაცებმა ვერაგულად შეიპყრეს ატაუალპა და
მისთვის უზარმაზარი გამოსასყიდი მოითხოვეს. როდესაც
გამოსასყიდის დიდი ნაწილი - 6 ტონამდე ოქრო და ვერცხლი
მოაგროვეს, პისარომ მოკლა ატაუალპა და ქვეყნის დედაქალაქი
კუსკო აიღო. მალევე საბოლოოდ დაიმორჩილეს ინკებისიმპერია.
XVI საუკუნის ბოლოსათვის ესპანელებმა დაიმორჩილეს მთელი
43
ცენტრალური და სამხრეთ ამერიკა, ბრაზილიის გარდა, რომელიც
პორტუგალელებს დარჩა.
საინტერსოა, რა იყო კონკისტადორთა მცირე რაზმების მიერ
ძლიერი ქვეყნების უზარმაზარი არმიების დამარცხების მიზეზი.
კონკისტადორების წარმატებებს განაპირობებდა მრავალი
ფაქტორი. ეს იყო, უპირველეს ყოვლისა, ევროპელთა უპირატესობა
შეიარაღებასა და ტაქტიკაში, ასევე ინდიელთა წარმოდგენები
განსხვავებული გარეგნობის კონკისტადორების შესახებ,
რომელთაც ისინი ღმერთების გამოგზავნილებად მიიჩნევდნენ.
მაგრამ კონკისტადორთა წარმატების მთავარი მიზეზი გახდა
ტომობრივი დაპირისპირება და ძლაუფლებისათვის ბრძოლა
ინდიელთა შორის, რომელიც წარმატებით გამოიყენეს
დამპყრობლებმა თავიანთი მიზნებისათვის.
კონკისტის შედეგად დაპყრობილი მიწები გამოცხადდა
ესპანეთის საკუთრებად, საიდანაც კონკისტადორების შემდეგ
ამერიკაში ჩავიდნენ სახელმწიფო მოხელეები, რომლებიც
ეზიდებოდნენ მექსიკის სიმდიდრეს ესპანეთის სამეფო
კარისათვის. ამერიკის ესპანური კოლონია გადაჭიმული იყო
კალიფორნიიდან ცეცხლოვან კუნძულებამდე და დაყოფილი იყო
ორ ვიცე-სამეფოდ: ახალ ესპანეთად და პერუდ. მათ
მეთაურობდნენ ესპანეთიდან გამოგზავნილი ვიცე-მეფეები,
რომლებიც, თავისთავად, ესპანეთის სამეფო კარის რევიზორების
მეთვალყურეობის ქვეშ იყვნენ. დამპყრობლებმა ხელში ჩაიგდეს
მიწები, რომლის დამუშავებას, ძირითადად, ადგილობრივ
მოსახლეობას აიძულებდნენ. მძიმე იყო ადგილობრივი
მოსახლეობის ექსპლოატაცია. ესპანელებმა შეინარჩუნეს
ინდიელების თემის მოწყობის პრინციპები, ასევე გადასახადების
სისტემა. თემის სათავეში რჩებოდნენ ძველი უხუცესები,
რომლებიც თავისუფლდებოდნენ გადასახადებისაგან, მაგრამ მათ
უნდა უზრუნველეყოთ გადასახადების დროული შეგროვება და
44
ასევე საბადოების მომარაგება სამუშაო ძალით. ესპანეთის მეფის
სამსახურში შეყავდათ ადგილობრივი წარჩინებულები, რომლებიც
მალევე შერწყნენ ესპანელ დამპყრობლებს. მათი შთამომავლების
დიდი ნაწილი მოგვიანებით ესპანეთში გადასახლდა.
ადგილობრივი მოსახლეობა ხშირად აწყობდა აჯანყებებს
უცხოელების წინააღმდეგ. კოლონიზატორები სასტიკად
უსწორდებოდნენ აჯანყებულებს, რის შედეგადაც რამდენიმე
ათწლეულში ესპანელებმა თითქმის სრულიად ამოხოცეს
ადგილობრივი მცხოვრებლები კარიბის ზღვის კუნძულებზე.
მოგვიანებით ესპანელმა კონკისტადორებმა პლანტაციებში
სამუშაოდ ჩამოიყვანეს შავკანიანები აფრიკიდან, რომლებიც
თანდათანობით გახდნენ ამ კუნძულების უმრავლესობა.
კოლონიზაციის პირობებში სწრაფად მიმდინარეობდა ინდიელთა
ეთნიკური ჯგუფების გადაშენება, მათი ენების გამოდევნა და
ჩანაცვლება ესპანური ენით. ამას თან ახლდა ესპანელ
გადმოსახლებულთა ადგილობრივ მოსახლეობასთან შერევის
საინტერესო პროცესი - მეტისაცია. მალევე გაიზარდა მეტისების
რიცხვი. ასევე მალე ევროპელთა და შავკანიანთა ქორწინებების
შედეგად წარმოიშვა მულატთა მრაცვალრიცხოვანი დასახლებები.
დაპყრობრების შემედეგ, ევროპელთა მძაფრი პოლემიკის
საგანი გახდა ინდიელებთან დამოკიდებულების საკითხი. ნაწილი
ამართლებდა ადგილობრივებთან ევროპელი კონკისტადორების
სისასტიკეს, რადგანაც ინდიელებს მიიჩნევდნენ არა წარმართებად,
რომელთა შორისაც საჭირო იყო ქრისტიანობის ქადაგება, არამედ
საერთოდ უარყოფდნენ მათ, როგორც ადამიანების მოდგმას.
ამერიკის კოლონიზაციაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა
კათოლოკურმა ეკლესიამაც. პაპობის თვალსაზრისით, ამერიკის
აღმოჩენა და დაპყრობა განიხილებოდა, როგორც ჯვაროსნული
ლაშქრობა, რომლის მიზანსაც ადილობრივი მოსახლეობის
გაქრისტიანება წარმოადგენდა. ესპანეთის მეფეებმა მიიღეს
45
უფლება, ეხელმძღვანელათ საეკლესიო საქმეებისათვის -
დაეარსებინათ ეკლესია-მონასტრები და ეწარმოებინათ
მისიონერული მოღვაწეობა. ეკლესია მალევე გახდა მსხვილი
მესაკუთრე. კონკისტადორებს კარგად ესმოდათ ეკლესიასთან
კავშირის მნიშვნელობა ადგილობრივი ტომების დამორჩილებაში.
XVI საუკუნის დამდეგიდან ამერიკაში ჩასვლა დაიწყეს სხვადასხვა
სამონაზვნო ორდენების წარმომადგენლებმა. თავდაპირველად
აქტიურობდნენ დომინიკელები, ფრანცისკელები და
ავგუსტინელები, მოგვიანებით მათ შეუერთდნენ იეზუიტები,
რომელთაც განსაკუთრებული გავლენა მოიპოვეს ბრაზილიაში.
კათოლიკე მისიონერები, ავრცელებდნენ რა ქრისტიანობას,
ანგრევდნენ არა მარტო აბორიგენების წარმართულ რელიგურ
წარმოდგენებს, არამედ სურდათ ამოეძირკვათ მათი ტრადიციები
და კულტურა. ფრანცისკელმა ეპისკოპოსმა დიეგო დე ლანდამ
ბრძანა გაენადგურებინათ მაიას ტომის ყველა ძველი წიგნი,
კულტურის ძეგლები. თუმცა კათოლიკე მისიონერებმა თავიანთი
მუშაობის მეთოდები მალევე შეცვალეს. ქრისტიანობის
გავრცელებასთან და ესპანური კულტურის და ენის
პროპაგანდასთან ერთად, მათ დაიწყეს ძველი ადგილობრივი
რელიგიის და კულტურის ელემენტების გამოყენება. ამდენად,
მიუხედავად კონკისტის სასტიკი დამოკიდებულებისა
დაპყრობილი ინდიელებისადმი, მათი კულტურა მაინც გადარჩა,
თუმცა შეიცვალა ესპანური კულტურის გავლენის შედეგად და
თანდათანობთ ჩამოყალიბდა ახალი კულტურა ესპანური და
ინდიელების კულტურის ელემენტების საფუძველზე. კათოლიკე
მისიონერები ხშირად ძველი ინდიელების ტაძრების ადგილზე
აშენებდნენ ახალ ქრისტიანულ ტაძრებს, ძველი ინდიელების
ზოგიერთი წარმოდგენებისა და სიმბოლოების გამოყენებით.
ძველი ინდიელების ტაძრის ნანგრევებზე აშენდა გვადელუპეს
ღვთისმშობლის ტაძარი მეხიკოსთან ახლოს, რომელიც სულ მალე
46
გახდა ინდიელთა მომლოცველების წმინდა ადგილი. ეკლესია
ამტკიცებდა, რომ ამ ადგილზე მოხდა ღვთისმშობლის
სასწაულებრივი გამოცხადება. ამ მოვლენასთან დაკავშირებით
შეიქმნა მრავალი წმინდა ხატი. ამ ხატებზე მარიამი
გამოისახებოდა ინდიელის სახით.
ინდიელთა ქრისტიანიზაციის ასეთი სახის მიუხედავად,
თვით კათოლიკურ ეკლესიაში იყვნენ ადამიანები,
რომელთათვისაც მიუღებელი იყო ესპანელი კოლონისტების
სისასტიკე. კონკისტადორების მკაცრი კრიტიკით გამოვიდა
ესპანელი მოძღვარი და ისტორიკოსი ბარტოლომეო დე ლას კასი,
ის დიდხანს ცხოვრობდა მათ შორის და თვითმხილველი იყო
კონკისტადორების სისასტიკისა. ბარტოლომეო ამტკიცებდა, რომ
„კეთილშობილ ველურებს“ გააჩნდათ საჭირო ღირსება და უნარი,
მიეღოთ ქრისტიანობა და მორალურადაც ყოფილიყვნენ უფრო
მაღლა, ვიდრე ესპანელი კონკისტადორები. მან თავისი
ძალისხმევით მოახერხა, მხარდაჭერა მიეღო ესპანეთის მეფის
კარლოს V-გან. მალევე ესპანეთის მეფემ თავისი მფარველობის
ქვეშ მიიღო ამერიკის ადგილობრივი მოსახლეობა.
ესპანეთის სამეფო კარის განსაკუთრებული ინტერესის
საგანს ახალ კონტინენტზე წარმოადგენდა ახლად აღმოჩენილი
საბადოები. აღმოჩენილმა სიმდიდრემ, ესპანეთისა და
პორტუგალიის გარდა, ევროპის სხვა სახელმწიფოების
ყურადღებაც მიიპყრო. ინგლისმა და საფრანგეთმაც მოისურვეს
მიეღოთ სიმდიდრის ნაწილი ამ ტერიტორიებიდან. ისინი
თავდაპირველად ღიად არ დაპირისპირებიან პირენეის
ნახევარკუნძულის ძლიერ საზღვაო სახელმწიფოებს და მხოლოდ
ფარულად უჭერდნენ მხარს თავიანთი ქვეყნიდან წასულ
მეკობრეებს. მეკობრეებს შორის ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა
ინგლისელი ფრენსის დრეიკი. მან ისარგებლა ესპანეთსა და
პორტუგალიას შორის ურთიერთობის გამწვავებით და მოაწყო
47
რამდენიმე თავდასხმა ესპანურ პორტებზე ამერიკაში.
მოგვიანებით მან შეაღწია ესპანელთა სამფლობელოში წყნარი
ოკეანის მხრიდან, სადაც ჯერ კიდევ არ იყო შესული ესპანეთის
ფლოტი. 1577-1580 წლებში დრეიკმა გადაჭრა ატლანტიკის ოკეანე,
შევიდა წყნარ ოკეანეში და მოულოდნელად დაესხა თავს ესპანურ
პორტებს და ხომალდებს, რომლებიც დატვირთული იყვნენ
ძვირფასი ლითონებით და მდიდარი ნადავლით იგი ინდოეთის
ოკეანის გავლით დაბრუნდა ინგლისში.
თავდაპირველად მეკობრეები ინგლისიდან და საფრანგეთის
პორტებიდან მიდიოდნენ ამერიკაში საძარცვად, მაგრამ
მოგვიანებით, ესპანეთის დასუსტების შემდეგ, მათ თავიანთი
ბაზები შექმნეს ახaლ მიწაზე. მათ შორის ყველაზე დიდი იყო
ტორტუგას კუნძული, რომელიც მდებარეობდა ესპანიოლას
გვერდით, ასევე XVII საუკუნის შუა ხანებში ინგლისელების მიერ
დაპყრობილი იამაიკა.
მეკობრეების მოღვაწეობამ და ესპანეთის დასუსტებამ
ნიადაგი მოამზადა ევროპის სხვა სახლემწიფოების - ინგლისის და
საფრანგეთის გავლენის გასაძლერებლად ახალ კონტინენტზე.

გეოგრაფიული აღმოჩენების შედეგები

გეოგრაფიული აღმოჩენების უმნიშვნელოვანესი შედეგი


იმაში მდგომარეობდა, რომ მთავარმა სავაჭრო გზამ გადაინაცვლა
ხმელთაშუა ზღვიდან ოკეანეთში. ამას მოჰყვა გერმანიისა და
იტალიის თანდათანობითი ეკონომიკური დაქვეითება და იმ
ქვეყნების დაწინაურება, რომლებიც მდებარეობდნენ ატლანტის
ოკეანესა და ჩრდილოეთ და ბალტის ზღვების ნაპირებზე:
ნიდერლანდი, ინგლისი, საფრანგეთი, სკანდინავიის ქვეყნები;
დიდ აღმავლობას მიაღწიეს პირენეის ნახევარკუნძულის ქვეყნებმა

48
ესპანეთმა და პორტუგალიამ, რადგანაც დიდი ექსპედიციების
ინიციატორები სწორედ ამ ქვეყნებიდან იყვნენ გამოსული. მაგრამ
რამდენადაც ესპანეთი და პორტუგალია ეკონომიკურად
ჩამორჩენილები იყვნენ, მათ ვერ შესძლეს თავიანთი მიღწევების
სრულყოფილად გამოყენება. საბოლოოდ, კოლონიური საქონლით
ვაჭრობა გადადიოდა მოწინავე ქვეყნების ხელში. ვაჭრობის
გაცხოველებასთან ერთად წარმოიშვა ახალი სავაჭრო ორგანიზაცია
- ბირჟა. ეს არის მუდმივმოქმედი ბაზარი, სადაც წარმოებდა
სავაჭრო და ფინანსური გარიგებანი, ფულის გადაცვლა. ბირჟა
წარმოიშვა წლიური ბაზრობისაგან - იარმარკისაგან, რომელიც
მოქმედებდა წელიწადში ერთხელ. იარმარკაზე არსებობდა
გარკვეული შეზღუდვები უცხოელი ვაჭრებისათვის
ადგილობრივთა სასარგებლოდ, ბირჟაზე კი - არა.
ქრონოლოგიურად პირველი ბირჟა წარმოიშვა ფლანდრიის ქალაქ
ბრიუგეში XV საუკუნეში. აქ იკრიბებოდნენ იტალიელები,
ინგლისელები, გერმანელები, ესპანელები და პორტუგალიელები.
რადგანაც ბირჟა წარმოიშვა მდიდარი მოქალაქის ვანდერ ბერსის
სახლის წინ, ფიქრობენ, რომ თვითონ სახელწოდება „ბირჟა“
წარმოშობილია ამ გვარისაგან. მაგრამ უფრო სწორად მიიჩნევენ
მოსაზრებას, რომ სახელწოდება ბირჟა წარმოიშვა ლათინური
სიტყვიდან Bursa, რაც ტყავისგან შეკერილ ფულის ქისას ნიშნავს.
აქედან შევიდა ეს სახელწოდება სხვადასხვა ენაში.
მეორე ბირჟა, რომელმაც განსაკუთრებული ცენტრის
მნიშვნელობა შეიძინა კოლონიური საქონლით ვაჭრობაში, იყო
სამხრეთ ნიდერლანდის ქალაქ ანტვერპენში. 1531 წელს მისთვის
ქალაქის თვითმმართველობამ ააგო სპეციალური ლამაზი შენობა.
ეს იყო აღმოსავლური სანელებლებით და ამერიკიდან შემოსული
ესპანური საქონლით ვაჭრობის მთავარი ცენტრი. კოლონიური
საქონლით დატვირთული ხომალდი ჯერ მიდიოდა ლისაბონში
და კადისში (სამხრეთ ესპანეთი), აქედან - ანტვერპენში. ბირჟის
49
საქმოსნები ამარაგებდნენ ესპანეთისა და პორტუგალიის
ხომალდებს ევროპული საქონლით, რომელიც მიდიოდა
კოლონიებში. ისინი ყიდულობდნენ იქიდან გამოტანილ
საქონელს. სავაჭრო ბრუნვის დასაჩქარებლად შემოიღეს გარიგება
ნიმუშების საფუძველზე. ეს იყო სიტყვიერი გარიგება მოწმეთა
თანდასწრებით. სიტყვის გამტეხი ბირჟის კრედიტს კარგავდა და
კოტრდებოდა. ბირჟის საქმოსნებს ყველგან ჰყავდათ აგენტები.
ბირჟასთან არის დაკავშირებული სახელმწიფო სესხის
ქაღალდების გამოშვება. ესპანეთის და საფრანგეთის მეფეები,
გერმანიის იმპერატორი სესხულობდნენ ფულს ბირჟის
კაპიტალისტებისაგან, სამაგიეროდ აძლევდნენ თამასუქს -
ობლიგაციას (ვალდებულების ქაღალდი), მასში აღნიშნული იყო
მიმღების ვინაობა, ამიტომ ობლიგაციები ხშირად ქაღალდის
ფულის როლს ასრულებდა.
ანტვერპენის შემდეგ ცნობილია ლიონის ბირჟა და
ტულუზის, ჰამბურგის, რუანის, ლონდონის და ამსტერდამის
ბირჟები.
ამერიკის აღმოჩენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი იყო
მოვლენა, რომელსაც თანამედროვეებმა „ფასების რევოლუცია“
უწოდეს. მანამდე ევროპა განიცდიდა ძვირფასი ლითონების დიდ
ნაკლებობას, ამერიკაში კი იგი დიდი რაოდენობით აღმოაჩინეს.
თავდაპირველად მას მოიპოვებდნენ ადგილობრივი მოსახლეობის
ძარცვის საშუალებით ან მოტყუებით. ამ გზით შეძენილი ლითონი
მალე დაილია. სამაგიეროდ, აღმოაჩინეს საბადოები: პოტოსის
(პერუ) ვერცხლის საბადოები და სხვანი. საბადოებზე
ამუშავებდნენ იაფ მუშახელს - წითელკანიანებს, რომლებიც
მონებად ჰყავდათ. მძიმე პირობებში ისინი ცოტა ხანს
ცოცხლობდნენ. ამიტომაც დაიწყეს შავკანიანი მონების შემოყვანა
აფრიკიდან. რადგანაც შრომა იაფი იყო, ძვირფასი ლითონის,
როგორც საქონლის ფასი ძალიან შემცირდა. ძვირფასი ლითონი
50
არის ფასების საზომი, ამიტომაც ფასებმაც აიწია. ევროპაში საჭირო
გახდა დიდი რაოდენობის ძვირფასი ლითონი. ამერიკიდან
შემოჰქონდათ დიდძალი ოქრო და ვერცხლი; 1493 წელს ევროპაში
ბრუნვაში იყო ოქრო - 550 ათასი კილოგრამი, ვერცხლი - 7
მილიონი კილოგრამი; 1600 წელს ოქრო - 1 მილიონ 200 ათასი,
ვერცხლი - 24, 5 მილიონი კილოგრამი. ფასების მატებას პურზე,
საკვებზე უწოდეს ფასების რევოლუცია. ამ ეპოქის ევროპაშიც არ
ესმოდათ მისი გამომწვევი მიზეზები და ღვთის რისხვად
თვლიდნენ. პირველი, ვინც ფასების ზრდა დაუკავშირა
ამერიკიდან ძვირფასი ლითონების შემოტანის საკითხს, იყო XVI
საუკუნის ფრანგი მეცნიერი ჟან ბოდენი.
„ფასების რევოლუციას“ უარყოფითი მნიშვნელობა ჰქონდა
ფართო ფენებისათვის. პურის ფასი ძალიან გაიზარდა. რეალური
ხელფასი, შესაბამისად, მცირდებოდა. წაგებაში იყო
თავადაზნაურობა, რომელიც ცხოვრობდა ფულადი რენტით.
მოიგეს მათ, ვინც აწარმოებდა საქონელს - სოფლის მეწარმეებმა
(ფერმერებმა) და ქალაქის მეწარმეებმა. მუშახელის ფასი
შემცირდა, საქონლის ფასი გაიზარდა. მოიგეს ბირჟის
საქმოსნებმაც.
გეოგრაფიულ აღმოჩენებს დიდი ღირებულება ჰქონდა მათ
შეცვალეს მეცნიერთა წარმოდგენები დედამიწის შესახებ.
დამტკიცდა დედამიწის სფერულობა. შეიქმნა კოპერნიკის,
ჯორდანო ბრუნოს, გალილეო გალილეის და სხვათა
კოსმოგრაფიული თეორიები.

51
სოციალური და ეკონომიკური ცვლილებები
გვიან შუა საუკუნეებში

ტექნიკის განვითარება, წიგნის ბეჭდვა, მეცნიერება

რენესანსის ეპოქამ მნიშვნელოვანი ცვლილებები მოიტანა


ეკონომიკასა და საზოგადოების ცხოვრებაში. განსაკუთრებით
შესამჩნევი იყო პროგრესი ტექნიკაში. ამ დროიდან დაიწყო
ევროპამ სწაფი განვითარება, სხვა კონტინენტებთან შედარებით.
ევროპელებმა, მოგზაურობებისა და სხვა კონტაქტების შედეგად,
გადმოიღეს აღმოსავლეთის ხალხთა მიღწევები, შესძლეს მათი
განვითარება და შექმნეს შესაბამის სფეროებში მათი გამოყენების
პირობები. წარმატებებმა ენერგეტიკის სფეროში - ქარის, წყლის,
ცეცხლის ენერგიის გამოყენებამ - განსაკუთრებული წარმატებები
მოუპოვა ევროპის ეკონომიკას, განსაზღვრა მისი სწრაფი ტემპით
განვითარება, თუმცა ისტორიის ამ ეტაპზე შინაური ცხოველების
და ადამიანის ძალა მაინც რჩებოდა ენერგიის მთავარ წყაროდ.
უზარმაზარი ცვლილებები მოხდა სამხედრო ტექნიკის
განვითარებაში. ამ მხრივ მნიშვნელოვანი იყო XIV საუკუნეში
შექმნილი ქვემეხი, რომელსაც თავდაპირველად ამზადებდნენ
რკინისაგან, მოგვიანებით თუჯისაგან. ქვემეხებმა დაანგრიეს შუა
საუკუნეების ქალაქების კედლები, რის შემდეგ იძულებული
გახდნენ ეზრუნათ ახალი ტიპის გამაგრების შექმნაზე. ასევე შეიქნა
ხელის ცეცხლსასროლი იარაღი - XV საუკუნის ბოლოსათვის
არკებუზები, ხოლო მოგვიანებით - მუშკეტები.
XV-XVI საუკუნეებში სამხედრო ხელოვნებაში მომხდარი
დიდი ცვლილებები ზოგიერთ ავტორს აფიქრებინებს, რომ ომი
იყო რენესანსისის ეპოქაში მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელმაც
განაპირობა კაცობრიობის პროგრესი. თუმცა უნდა ითქვას, რომ
52
არც გეოგრაფიული აღმოჩენები, არც მეტალურგიის აღორძინება,
არც მაუდის წარმოების განსაკუთრებული განვითარება არ
ყოფილა ნაკარნახევი ომის გამო შექმნილი პირობებით, პირიქით -
პროგრესმა მეტალურგიის წარმოებაში განაპირობა გადატრიალება
სამხედრო შეიარაღებაში და სამხედრო საქმის წარმოებაში.
ამავე დროს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რენესანსის ერთ-
ერთი მნიშვნელოვანი გამოგონება იყო წიგნის ბეჭდვა, რომელმაც
განსაკუთრებული როლი შეასრულა დასავლეთის კულტურის
აღორძინებაში. XIII საუკუნიდან, როდესაც გაიზარდა მეცნიერთა
რიცხვი, ასევე გაიზარდა მოთხოვნილება საკითხავ
ლიტერატურაზე, რომელიც უნდა წაეკითხათ და კომენტარები
გაეკეთებინათ. ამიტომაც იქმნებოდა უნივერსიტეტებთან
პროფესიონალი გადამწერების სახელოსნოები. რასაკვირველია,
წიგნის ბეჭდვის გამოგონება შეუძლებელი იქნებოდა, ევროპაში
ქაღალდი რომ არ შემოსულიყო. პერგამენტი ვერ გამოდგებოდა
წიგნის დასაბეჭდად. ქაღალდი ჩინეთიდან მახლობელ
აღმოსავლეთში უკვე VII საუკუნეში გახდა ცნობილი და XII
საუკუნიდან გენუელმა და ვენეციელმა ვაჭრებმა გააცნეს ევროპას,
ხოლო XIV საუკუნიდან იწყება მისი დამზადება ევროპაში.
გერმანიაში ქაღალდის დამზადების პირველი ფაბრიკა 1391 წელს,
ნიურნბერგში გაჩნდა.
1455 წელს მაინცში დაიბეჭდა პირველი წიგნი - ბიბლია.
წიგნის ბეჭდვის გამოგონება დაკავშირებულია სამი
მნიშვნელოვანი პიროვნების სახელთან: იან გუტენბერგი (1395-
1468), იოან ფუსტი (1400-1465) და პეტერ შოეფერი (1425-1502).
ბეჭდვა მაინციდან მალე გავრცელდა გერმანიის სხვა ქალაქებში,
ასევე ევროპის სხვა ტერიტორიებზე (1458 წელს სტრასბურგში,
1465 წელს კელნში, 1482 წელს აუგსბურგში, 1470 წელს
ნიურნბერგში, 1481 წელს. ლაიპციგსა და 1482 წელს ვენაში, 1467
წელს შვეიცარიაში, 1468 წელს ბოჰემიაში. საფრანგეთსა და
53
ნიდერლანდში 1470 წელს ესპანეთში, ინგლისში, უნგრეთში, 1474-
1476 წლებში პოლონეთში). წიგნის ბეჭდვა, „ღვთაებრივი
ხელოვნება“ როგორც ხშირად მოიხსენიებდნენ მას ევროპაში,
თავისთავად გახდა მეცნიერების და განათლების განვითარების
მნიშვნელოვანი სტიმული.ბეჭდვამ ინტელექტუალური მუშაობა
გახადა უფრო მასიური, ვიდრე ერთეულ ადამიანთა აქტივობა.
ბეჭდვამ გააფართოვა ინტელექტუალთა მცდელობა, მიმართული
ინდივიდუალური პრობლემებისაკენ.
მეცნიერება უფრო სრულყოფილი და დაზუსტებული გახდა.
ბეჭდვამ, შრიფტის სტანდარტიზაციის საფუძველზე, გააადვილა
ტექსტების წაკითხვა. ასევე შესაძლებელი გახდა, ინდივიდებს
ჰქონოდათ წიგნები, რასაც ადრე მონასტრები, ტაძრები ან
კოლეგიები ფლობდნენ. სტუდენტებს, რომლებიც ძირითად დროს
აუდიტორიებში ატარებდენენ ტექსტების ჩაწერაში, რასაც მათი
მასწავლებლები კარნახობდნენ, მიეცათ საშუალება წიგნები
სახლშიც წაეკითხათ.
ასევე განსაკუთრებით ხაზგასასმელია წიგნის ბეჭდვის
მნიშვნელობა ჰუმანისტებისათვის. ამ საშუალებით ფართოდ
ვრცელდებოდა ნაწარმოებები, რომლებიც ახალ კულტურას
გამოხატავდნენ: ალმანახები, სარაინდო რომანები, წმინდანთა
ცხოვრებები და სხვ. გუტენბერგის შემდეგ 1470 წელს წიგნის
ბეჭდვა პარიზში დაიწყო გიიომ ფიშემ, რომელიც ფრანგული
ჰუმანიზმის ფუძემდებელი იყო. ასევე ცნობილია, რომ წიგნის
გამომცემლები ალდუს მანუციუსი, ფრობენი, ჰიოს ბადნენლი,
პლანტენების ოჯახი გამოჩენილი მეცნიერები იყვნენ. მათ
გაავრცელეს ანტიკური ავტორები განათლებულ მკითხველებში.
ალდუს მანუციუსის გამომცემლობამ 1494-1515 წლებში გამოსცა
ბერძენი ავტორების 27 ძირითადი ნაშრომი. ვირგილიუსის
სხვადასხვა ნაწარმოები, როგორც ლათინურ, ისე სხვა ენებზე
თარგმნილი, 1460 დან 1600 წლამდე 546-ჯერ გამოიცა.
54
წიგნის ბეჭდვის გამოგონებასთან და სამხედრო ტექნიკის
განვითარებასთან ერთად, მეტად ღირსშესანიშნავი იყო რენესანსის
ეპოქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოგონება - ჯიბის საათი.
ახალმა დრომ წინ წამოსწია დროის მნიშვნელობა. თუ შუა
საუკუნეების ადამიანი, ძირითადად, ეკლესიის ზარებით
განსაზღვრავდა დროს, ახალმა ეპოქამ, შრომისადმი განსხვავებულ
დამოკიდებულებასთან ერთად, დროის აღრიცხვის უფრო მეტი
სიზუსტე მოითხოვა. 1510 წელს პეტერ ჰენლაინმა ნიურნბერგში
გამოიგონა ჯიბის საათი, რომელის საშუალებითაც ზუსტი დროის
გაგება შეიძლებოდა ყველგან, რატუშის საათის ზარების და მზის
მდგომარეობაზე დაკვირვების გარეშე.
აღორძინების ეპოქაში ყველაზე დიდი მიღწევები აღინიშნა
გეოგრაფიაში, კარტოგრაფიაში, ასტრონომიასა და მედიცინაში.
XVI საუკუნეში მერკატორმა შექმნა ევროპისა და მსოფლიოს
პირველი რეალური რუკები, სადაც აისახა დიდი გეოგრაფიული
აღმოჩენების შედეგებიც. სრულიად ახლებური იყო
ჰელიოცენტრული სწავლება, რომელიც ნიკოლოზ კოპერნიკმა
ჩამოაყალიბა ნაშრომში „ზეციური სფეროების მოძრაობის შესახებ“.
ამ წიგნმა, რომელიც 1543 წელს დაიბეჭდა, შეცვალა ტრადიციული
წარმოდგენა დედამიწაზე, როგორც მზის სისტემის ცენტრზე.
კოპერნიკმა ხანგძლივი კვლევა-ძიების შედეგად დაამტკიცა, რომ
ჩვენი ხილული სამყაროსა და პლანეტების ცენტრი მზეა.
დედამიწაც, როგორც პლანეტა, ბრუნავს მზის გარშემო. ამ
აღმოჩენით საფუძველი ჩაეყარა ჰელიოცენტრულ სისტემას
(ბერძნ.„ჰელიოს“ ნიშნავს მზეს, ლათ. centrum „ცენტრუმ“ -
ცენტრს). კოპერნიკის მოძღვრებამ, რომელიც დაუპირისპირდა
საღვთო წერილის ტრადიციულ მოძღვრებას, მძაფრი კრიტიკა
გამოიწვია კათოლიკური ეკლესიის მხრიდან.
დიდი იყო აღორძინების ეპოქის ადამიანის გატაცება
მითოლოგიითა და ასტროლოგიით. ეს ფართოდ აისახა ამ ეპოქის
55
ადამიანთა შრომებში. იტალურ ხელოვნებაში აღორძინების
ეპოქაში შექმნილია საინტერესო ნამუშევრები ასტროლოგიურ
თემაზე, მაგალითად, გიგანტური ფრესკა პადუაში რაჯიონეს
სასახლეში, ფერარაში სკიფანოას სასახლეში. ასტროლოგია,
რომელიც აისახა აღორძინების ეპოქის ნამუშევრებში, არა მხოლოდ
ესთეტიკური მშვენიერების გამოსახვაა, არამედ მასში უფრო ღრმა
აზრი იყო ჩადებული. ჰუმანისტები, როგორც თავიანთი ეპოქის
შვილები, იზიარებდნენ ასტროლოგიურ რწმენებს, მათ მაინც არ
გააჩნდათ საკმარის ცოდნა და მეცნიერული აზროვნება. ისინი
ხშირად ასტროლოგიურ მოვლენებს ღებულობდნენ როგორც
მოსალოდნელი უბედურებისა და კატასტროფის ნიშანს. მსგავსი
დამოკიდებულება აისახა აღორძინების ეპოქის მრავალ
ტრაქტატში. ამ პერიოდში იშვიათად გხვდებოდა კოპერნიკის
მიმდევრები. ძალიან მცირე იყო ინტერესი ჰუმანისტთა
მეცნიერული სიახლეებისადმი. ეს დაპირისპირება აშკარას ხდიდა
განხეთქილებას მეცნიერებას და ჰუმანიზმს შორის. რაბლესა და
ფიჩინოს ეპოქა აშკარად ჩამორჩებოდა ანტიკური სამყაროს
მეცნიერულ მიღწევებს. ქრისტიანობა უარს ამბობდა არშექმნილ
და მარადიულ სამყაროზე, რომელიც შეცვალა დოგმით შექმნილი
სამყაროს შესახებ. კოპერნიკის იდეებთან და ტექნიკის
განვითარების სწრაფ ტემპებთან ერთად, აღორძინებამ მაინც,
ძირითადად, შეინარჩუნა არისტოტელეს თეორია სამყაროს
შექმნის შესახებ ოთხი ელემენტისაგან: მიწა, ჰაერი, წყალი და
ცეცხლი. მიუხედავად ამისა, აღორძინება გახდა მოწმე
თავისუფლების ფილოსოფიის დამკვიდრებისა და
კატალიზატორი ძლიერი ადამიანების ჩამოყალებებისათვის.
ალბათ, არ იქნებოდა გადამეტებული, თუ ვიტყოდით, რომ
აღორძინების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი იყო
ასევე ახალი შეხედულებების შექმნა სახელმწიფოს შესახებ. ეს
ყველაზე მეტად, ალბათ, იტალიურ აღორძინებას ეხება, რადგანაც
56
იტალიაში წარმოშობილი მმართველობის ფორმები - რესპუბლიკა
და ტირანია - უცხო იყო ევროპული შუა საუკუნეებისათვის.
როგორც ჩანს, იტალიაში, ბოლონიის უნივერსიტეტში არსებულმა
სამართლის სკოლამ ხელი შეუწყო იტალიაში სახელმწიფოს
შესახებ თეორიების განვითარებას. ბოლონიაში მოღვაწე
კანონმდებლები შთააგონებდნენ ფეოდალურ ევროპას
სახელწიფოს ახალ გაგებას. რომის მემკვიდრეობიდან ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი ფენომენი იყო რომის სამართალი, რომლის
შესწავლამაც ძლიერი გავლენა იქონია იტალიელ ჰუმანისტებზე.
ცნობილი მკვლევრები ჟიულ მიშლე და იაკობ ბურკჰარდტი
აღორძინებას წარმოადგენდნენ, როგორც მეცნიერების განახლებას
შუა საუკუნეების ღამის შემდეგ, თუმცა ეს აზრი დღეისათვის
ხშირად ხდება სადავო, რადგანაც თვლიან, რომ ლეონარდო იყო
მემკვიდრე შუა საუკუნეების მეცნიერებისა. ერთი მხრივ,
მეცნიერება და ტექნიკა, ხოლო მეორე მხრივ, ჰუმანიზმი
დამოუკიდებლად ვითარდებოდნენ.

ცვლილებები სოციალურ სფეროში

ტექნიკისა და ეკონომიკის განვითარებამ ასევე ცვლილებები


გამოიწვია შუა საუკუნეების პატრიარქალურ საზოგადოებაში,
სადაც გლეხი და სენიორი გაერთიანებული იყვნენ პიროვნული
ერთგულებისა და მფარველობის პრინციპებით. ასევე დაირღვა
ძველი ეკონომიკური ურთიერთობები, თუმცა ახლის შესაქმნელად
საჭირო გახდა მიწის მესაკუთრეთა და ყოფილი გლეხების
გაერთიანება წარმოების პროცესში. იქ, სადაც ეს გაჩნდა,
იგულისხმება კაპიტალისტურ ურთიერთობათა წარმოშობა.
უკვე XVI საუკუნის დამდეგისათვის ევროპის უმეტეს
ქვეყნებში ყმა გლეხებმა თავისუფლება მოიპოვეს. ისინი უკვე არ

57
იყვნენ პიროვნულად დამოკიდებული სენიორებზე და არც
სენიორი იღებდა მათი მფარველობის ვალდებულებას. სენიორებს
დარჩათ მიწა საკუთებაში, ხოლო გლეხებს უწევდათ ამ მიწების
არენდით აღება და მესაკუთრისათვის არენდის გადახდა ფულადი
სახით. თვითნებურად არენდის გადასახადის გაზრდა სენიორს არ
შეეძლო. თვითონ გლეხებს უწევდათ არენდის გადასახადისათვის
თავის მიწაზე მოყვანილი მოსავლის ნაწილის გაყიდვა ბაზარში,
რამაც წარმოშვა კონკურენცია მეწარმეთა და ვაჭართა შორის. აქ
უკვე დაიწყო ძველი ურთიერთობების დაშლა. გამდიდრებული
გლეხები მეტ მიწას იღებდნენ არენდით, ან ახალ მიწებს იძენდნენ
სენიორისაგან, ხშირად ამ მიწებზე ამუშავებდნენ
დაქირავებულებს, ბატრაკებს. მსხვილი არენდატორები ინგლისში
ფერმერებად იწოდებოდნენ.
გამდიდრებული გლეხების გვერდით ჩნდებოდნენ ღატაკები.
ხშირად სენიორები ზრდიდნენ გადასახადებს, რათა თავიანთი
მიწებიდან გაეძევებინათ გლეხები და მიწები უკეთეს პირობებში
გადაეცათ ფერმერებისათვის უფრო მაღალ ფასებში. მსგავსი
ცვლილებები ხდებოდა ქალაქშიც, სადაც ბანკირებმა და ვაჭრებმა
დააგროვეს დიდი ქონება. განსაკუთრებული მოგება მათ
კოლონიიდან შემოტანილი საქონლით ვაჭრობით ჰქონდათ.
გამდიდრებული ვაჭრები და ბანკირები გარკვეულ გავლენას
ახდენდნენ პოლიტიკაზეც, რადგანაც ხშირად ქვეყნის
მმართველები ხდებოდნენ მათი მოვალეები. ასეთები იყვნენ
ფუგერები, ბარდები, პერუცის გვარის წარმომადგენლები და
სხვები. ხშირად მეფეები ვერ აბრუნდბდნენ ვალს და იხდიდნენ
მას წოდებების, ასევე თანამდებობებისა და პრივილეგიების
გაცემით ამ გვარების წარმომადგენლებზე საქმიანმა ადამიანებმა
შექმნეს საწარმოები, რომლებიც ძალიან განსხვავდებოდა შუა
საუკუნეების ხელოსანთა საამქროებისაგან. ასეთი საწარმოები იყო
მანუფაქტურები, რომლებშიც, მსგავსად შუა საუკუნეების
58
სახელოსნოებისა, ხელით შრომა იყო გაბატონებული. თუმცა
მანუფაქტურებს ჰქონდათ სხვა უპირატესობები, უპირველესად,
მანუფაქტურები იყო მსხვილი საწარმოები, სადაც ათობით და
ასობით დაქირავებული მუშა შრომობდა. მეორე მხრივ, შუა
საუკუნეების სახელოსნოებისაგან განსხვავებით, სადაც,
ჩვეულებრივ, ყველა სამუშაო ოპერაციას ერთი ასრულებდა,
მანუფაქტურაში ეს სამუშაოები დანაწილებული იყო სპეციფიკის
მიხედვით. თითოეული რაღაც კონკრეტულ სამუშაო ოპერაციას
ასრულებდა. ცვლილებები ეკონომიკაში იწვევდა ცვლილებებს
სოციალურ ფენებში.
სოციალური დაყოფა ჯერ კიდევ იყო შემორჩენილი შუა
საუკუნეებიდან - წარჩინებულთა და სასულიერო ფენის ბატონობა,
მესამე ფენის ძველებური მდგომარეობა. თუმცა ეს სქემა
თანდათანობით იცვლებოდა „ახალი ადამიანების“ ზრდის
ხარჯზე, როგორც გამდიდრებულ უბრალო ხალხს უწოდებდნენ.
ვაჭრები, ფინანსისტები, მანუფაქტურათა მფლობელები,
რომელთაც დააგროვეს დიდძალი ქონება, უკვე პრეტენზიას
აცხადებდნენ პატივსა და დიდებაზე საზოგადოებაში.
თავადაზნაურობას ამ დროისათვის მაინცდამაინც სახარბიელო
მდგომარეობა არ ჰქონდა. ცეცხლსასროლი იარაღის გამოგონებამ
შეარყია წარჩინებულთა განსაკუთრებული მდგომარეობა
სამხედრო საქმეში, რომელიც წარმოადგენდა მათი მაღალი
მდგომარეობის საფუძველს. თავადაზნაურობა, რომელიც
განსაზღვრულ შემოსავალს იღებდა თავიანთი მიწებისათვის,
ფასების ზრდასათან ერთად ღარიბდებოდა და ვალებში აღმოჩნდა.
ნაწილი თავადზნაურობისა ცდილობდა, თვითონ მოეხდინა
მანუფაქტურების ორგანიზება თავიანთ მამულებში, დაკავდა
ვაჭრობითა და ფინანსური ოპერაციებით. საერთოდ,
თავადაზნაურობა ინარჩუნებდა თავის უპირატესობას
საზოგადოებაში. თვითონ ვაჭრები და მოხელეები იბრძოდნენ არა
59
იმისათვის, რომ მესამე წოდებას ემართა პირველი ორი, არამედ
ცდილობდნენ თვითონ მოეპოვებინათ თავადაზნაურობის
პრიველეგიები თავიანთთვის და თავიანთი ოჯახებისთვის.
ამდენად, თავადზნაურობა ძლიერდებოდა ახალი მესამე წოდების
გამდიდრების ხარჯზე და შეინარჩუნა თავისი პრიველეგირებული
მდგომარეობა საზოგადოებაში. ძველი თავადაზნაურობისაგან
განსხვავებით, თავისი ცხოვრებისეული მსოფლმხედველობით
ჩამოყალიბდა ეგერეთწოდებული „ახალი თავადაზნაურობა“. ეს
ფენა ჩამოყალიბდა არისტოკრატიის ცალკეულ წარმომადგენელთა
და საშუალო და წვრილი თავადზნაურობის ხარჯზე, თუმცა მაინც
უმრავლესობას წარმოადგენდა საშუალო და წვრილი
თავადაზნაურობა. განვითარების ამ ეტაპზე ქალაქსა და სოფელში
თანდათან იკვეთებოდა მუშა მესაკუთრეების ვიწრო ფენა.
ზოგერთი მათგანი ავსებდა თავადაზნაურთა რიგებს, ხოლო
დანარჩენები ქმნიდნენ ქალაქისა და სოფლის ახალი დროის
ბურჟუაზიას. ნაწილი თანდათანობით გაღარიბდა, არ შეეძლო
საკუთარი მეურნეობის გაძღოლა და ხდებოდა დაქირავებული
მუშა. ამდენად, აღორძინების ეპოქაში საზოგადოებამ ჯერ კიდევ
შეინარჩუნა თავისი ძველი სახე გარეგნულად, მაგრამ
სინამდვილეში, ძველ საზოგადოებრივი ფენებთან ერთად, გაჩნდა
ახალიც.
აღორძინების ეპოქაში იზრდებოდა ქალაქების რიცხვი და
მათი როლი საზოგადოების ცხოვრებაში. ქალაქი რენესანსის
ეპოქაში იქცა ინტელექტუალურ ცენტრად. ის არა მხოლოდ
ცხოვრობდა, არამედ აზროვნებდა. ეს პროცესი დაიწყო ჯერ კიდევ
XIII საუკუნიდან, როდესაც ქალაქის ცენტრი გახდა ქალაქის
რატუშის მოედანი. ვაჭრობამ თანდათანობით უფრო გაზარდა
ქალაქების მნიშვნელობა. გაჩნდა კაპიტალიზმის ჩანასახი.
XVI საუკუნიდან ევროპა დაიფარა კომუნიკაციათა ფართო
ქსელით. ვაჭრობის და კომუნიკაციათა ქსელის გაფართოებამ ხელი
60
შეუწყო როგორც საშინაო, ისე ზოგადევროპული ბაზრის
განვითარებას. განსაკუთრებით დიდი ცვლილებები მოჰყვა დიდ
გეოგრაფიულ აღმოჩენებს. ევროპული ახალშენების დაარსებამ,
სავაჭრო ფაქტორიების შექმნამ აზიაში, აფრიკასა და ამერიკაში
საფუძველი ჩაუყარა მსოფლიო ბაზარს. ამასთან ერთად,
ყალიბდებოდა კოლონიური სისტემა, რომელმაც მნიშვნელოვანი
როლი შესრულა კაპიტალიზმის ჩასახვაში.
ახალი კაპიტალისტური სისტემის ჩასახვა იყო
მნიშვნელოვანი ფაქტორი რენესანსის ეპოქის ეკონომიკური
განვითარებისათვის. ადრებურჟუაზიულ ურთიერთობათა
ელემენტები ჩაისახა იტალიაში, რაშიც განსაკუთრებული როლი
შეასრულეს იტალიის ბანკებმა. პირველი კამპანიები ჩამოყალიბდა
ტოსკანაში - ლუკაში, სიენასა და ფლორენციაში. სიენაში XIII
საუკუნეში არსებობდა ტოლომეების და ბონსინიორების ძლიერი
სავაჭრო სახლები, რომლებიც განსაკუთრებულ როლს
თამაშობდნენ შამპანის იარმარკებზე. ასევე ტოსკანის კომპანიებმა
ახალი მასშტაბები შეიძინეს პაპების ავინიონის ტყვეობის (1305-
1377) პერიოდში. ტამპლიერთა ძლიერი ფინანსური ქსელის
განადგურების შემდეგ განსაკუთრებით იზრდება იტალიელ
ბანკირთა მომსახურების მნიშვნელობა.პაპობისათვის იტალიის
ბანკები აგროვებდნენ ფულს პაპის ტახტისათვის, სუბსიდიებს
ჯვაროსნული ლაშქრობისათვის, წმინდა პეტრეს დინარებს,
იხდიდნენ პაპების ვალებს. პაპების მომსახურების მიზნით
სავაჭრო ფირმები გადაკეთდა საერთაშორისო ბანკებად.
ეკონომიკური განვითარების ტემპები სწრაფად იზრდებოდა
დასავლეთ ევროპის წამყვან სახელმწიფოებში. XVI საუკუნის
ბოლოს ინგლისი გახდა წამყვანი, ეკონომიკურად განვითარებული
ქვეყანა იმ პერიოდის ევროპისათვის, შემდეგში ნიდერლანდი.
წარმოების გარკვეულ სფეროებში დაწინაურდნენ გერმანია და
საფრანგეთი.
61
აბსოლუტური მონარქია

რენესანსის ეპოქის, როგორც ადრეული ახალი პერიოდის


დამახასიათებელი ნიშანია თანამედროვე ერების ჩამოყალიბების
პროცესი. ახალი ერების წარმოშობას საფუძვლად დაედო
ეკონომიკის ინტენსიური განვითარება, საშინაო ბაზრის შექმნა და
აბსოლუტიზმის ცენტრალიზებული პოლიტიკა. ევროპის
ქვეყნებში მიმდინარეობდა ქვეყანაში დასახლებულ სხვადასხვა
ხალხებს შორის სხვაობათა წაშლა, დიალექტების თანდათანობით
შერწყმა და ერთიანი ნაციონალური ენების ჩამოყალიბება,
თვითმყოფადი კულტურისა და ნაციონალური ერთობის
თვითშემეცნების ფორმირება. ერთი ერის დომინანტით
ყალიბდებოდა საფრანგეთის, გერმანიის, ინგლისის, იტალიის,
შვედეთის, ესპანეთის, პორტუგალიის და დანიის სახელმწიფოები.
XV-XVI საუკუნეთა მიჯნაზე დასავლეთ ევროპა თავისი
პოლიტიკური განვითარების ახალ ფაზაში გადადის. მისთვის
დამახასიათებელია ცენტრისტული ტენდენციები: საფრანგეთში
მთავრდება მიწების შემოკრება საფრანგეთის მეფეების გვირგვინის
გარშემო, ასევეთივე ტენდენციებია ინგლისსა და ესპანეთში.
მსგავსი ცვლილებები შესამჩნევია გერმანიასა და იტალიაში, სადაც
ნელი ტემპით, მაგრამ მაინც ხდება ადგილობრივი პოლიტიკური
ცენტრების ირგვლივ მიწების კონსოლიდაცია. ტერიტორიულ
გაერთიანებასთან ერთად, მიმდინარეობს პოლიტიკური
ცენტრალიზაციის პროცესი, ყალიბდება სახელმწიფო
ხელისუფლების ახალი ტიპი, რომელიც განსხვავდება შუა
საუკუნეების წოდებრივი მონარქიისაგან. სამეფო ხელისუფლება,
ამარცხებს რა ფეოდალ მაგნატთა დაპირისპირებას, იმდენად
ძლიერდება, რომ თანდათანობით საერთოდ წყვეტს სოციალურ

62
ფენათა წარმომადგენლობითი ორგანოების მოწვევას და ეს
ორგანოები კარგავენ პოლიტიკურ მნიშვნელობას. ყალიბდება
მეფის პრაქტიკულად შეუზღუდავი ხელისუფლება -
აბსოლუტური მონარქია.
მეფის პოლიტიკური ძალაუფლება თანდათანობით იზრდება
ჯერ კიდევ XIII საუკუნის დამდეგიდან. მეფე თავდაცითი
პოზიციებიდან შეტევითზე გადადის მონარქის გვირგვინის
გარშემო წვრილი პოლიტიკური ერთეულების შემოერთებასთან
ერთად, იზრდება სამეფო კარის ქონებაც.
აბსოლუტური მონარქია სრულყოფილი სახეს გვიან
პერიოდში XVII საუკუნეში აღწევს. სამეფო ხელისუფლება
თანდათანობით იმორჩილებს ყველა ინსტიტუტს და პოლიტიკურ
ერთეულებს, ყველა სახელისუფლო ორგანოს და ხდება
შეუზღუდავი. XVI საუკუნის პირველი ნახევრიდან საფრანგეთის
მეფეები არ იწვევენ გენერალურ შტატებს და პიროვნულად
იღებენ ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. ფრანსუა I-მა
დაიმორჩილა საფრანგეთის ეკლესია, პაპთან შეთანხმებით მიიღო
უფლება, თვითონ დაენიშნა ეპისკოპოსები და აბატები თავისი
ქვეყნაში.
XV-XVI საუკუნეთა მიჯნაზე სამეფო ხელისუფლების
გაძლერება და აბსოლუტური მონაქრიის ჩამოყალიბება ხდება იმ
სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე, როდესაც ძველი ფეოდალური
წოდებები განიცდიან რღვევას და შუა საუკუნეების მოქალაქეთა
წოდება იწყებს ჩამოყალიბებას. თავდააზნაურობა, რომელიც
საზოგადოებაში მიმდინარე ცვლილებების შედეგად კარგავს
თავის რეალურ შემოსავალს, სამფო ხელისუფლებაში პულობს
თავის დასაყრდენს იმისათვის, რომ შეინარჩუნოს გაბატონებული
მდგომარეობა, სტაბილურად მიიღოს შემოსავალი და დაძლიოს
სოციალური წინააღმდეგობები, უზრუნველყოს კონტროლი
გლეხობაზე. მსგავსია სასულიერო წოდების მდგომარეობა.
63
კათოლიკური ეკლესიის შესუსტებამ, რეფორმაციამ და
ნაციონალური ეკლესიების წარმოქმნამ დასავლეთ ევროპის მთელ
რიგ ქვეყნებში, საერო ხელისუფლებისაგან ავტონომიის დაკარგვამ
სასულიერო წოდება დამოკიდებული გახადა მეფის
ხელისუფლებისაგან, როგორც ეკონომიკურად, ასევე
პოლიტიკურად. ამდენად, ეს ძლიერი ფეოდალური წოდებები,
რომლებიც წარსულში ხშირად წარმოადგენდნენ სამეფო
ხელისუფლების ოპოზიციას, შექმნილ პირობებში გახდნენ სამეფო
ხელისუფლებისადმი მეტად ლოიალურნი და მორჩილნი.
მესამე წოდება - მოქალაქეები, განსაკუთრებით
მწარმოებლური ელემენტები, თავიდანვე იყვნენ დაკავშირებული
სამეფო ხელისუფლებასთან, რადგან მასში ხედავდნენ გარანტს
თავიანთი მოღვაწეობისათვის და საჭიროებდნენ მათ
პროტექციონიზმს ეკონომიკურ რეგულაციაში. მათი ინტერესები
ხშირად ემთხვეოდა ახალ ნაციონალურ სახელმწიფოთა
მეთაურების ამოცანებს, რადგან მონარქები დაინტერესებულნი
იყვნენ, ხელი შეეწყოთ ნაციონალური წარმოებისა და ვაჭრობის
განვითარებისათვის.

გერმანული ჰუმანიზმი და ლუთერანული


რეფორმაცია

გერმანია XV-XVI საუკუნეთა მიჯნაზე

XV საუკუნის გერმანია ეკონომიკურად განვითარებული,


მაგრამ პოლიტიკურად სუსტი და დაქსაქსული ქვეყანა იყო.

64
ქვეყნის სხვადსხვა ოლქებს შორის არსებული განსხვავებული
ეკონომიკური ინტერესები ხელს უშლიდა და აყოვნებდა ქვეყნის
პოლიტიკური გაერთიანების პროცესს. ჩრდილოეთ გერმანიის
ქალაქები - ჰანზის კავშირის წევრები დაინტერსებული იყვნენ
ჩრდილოეთისა და ბალტიის ზღვაზე ვაჭრობით, აღმოსავლეთის
მიწები - სლავების კოლონიზაციით, სამხრეთ-დასავლეთის
ოლქები ჩაბმული იყვნენ იტალიასთან ვაჭრობაში, აგრეთვე
საკოლონიზაციო მოძრაობაში.
გერმანული მიწები ევროპის უდიდესი პოლიტიკური
გაერთიანების - რომის საღვთო იმპერიის მთავარ საყრდენს
წარმოადგენდნენ. გერმანიის მნიშვნელოვანი როლი ამ
გაერთიანებაში გამოიხატებოდა მის ახალ ოფიციალურ
სახელწოდებაში, რომელიც მან 1486 წლიდან მიიღო - „გერმანელი
ერის რომის საღვთო იმპერია“. ამ გაერთიანების შემადგენლობაში,
გერმანიის გარდა, შედიოდნენ თანამედროვე ნიდერლანდების,
ბელგიის, ლუქსემბურგის, ჩეხეთისა და სხვა ქვეყნების
ტერიტორიები. სხვა ევროპული სახელმწიფოებისაგან
განსხვავებით, გერმანიაში პოლიტიკურ ცენტრალიზაციაზე
გაიმარჯვა სამთავრო დეცენტრალიზაციამ, რასაც მოჰყვა ქვეყნის
ტერიტორიული დაქუცმაცება. გერმანიაში პოლიტიკური
ძალაუფლება მთავრების ხელში იყო, რომლებიც მეფის
უფლებების მისაკუთრებასაც ცდილობდნენ.
გერმანიაში ეკონომიკური განვითარების ცენტრებს
წარმოადგენდნენ ქალაქები. განსაკუთრებით ვითარდებოდნენ
დასავლეთის ქალაქები: კელნი, მაინცი, ვორმსი და სტრასბურგი.
ქალაქის მოსახლეობა ჭრელი იყო, გაბატონებულ ფენას
წარმოადგენდნენ ვაჭრები, მევახშეები და გამდიდრებული
ხელოსნები - მდიდარი ბურგერები. შემდეგ მოდიოდნენ საშუალო
ბურგერები. ყველაზე დაბლა იდგნენ დღიური მუშები, ქალაქის
პლებეები, რომლებიც წინაპროლეტარულ ელემენტებს
65
წარმოადგენდნენ. საშუალო ბიურგერები დაინტერესებული
იყვნენ ფეოდალური ურთიერთობების მოსპობით, მდიდარი
ბიურგერები კი მონაწილეობდნენ საკოლონიო ვაჭრობაში და არ
იყვნენ დაინტერესებული არსებული წყობილების შეცვლით.
განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში იყო გლეხობა. ყველაზე
ძლიერი ექსპლოატაცია იყო გერმანიის სამხრეთ დასავლეთ
ოლქებში. აქ მემამულეები ჩაებნენ ქალაქებთან ვაჭრობაში და
გაზარდეს ექსპლოატაცია. გაძლიერდა ბატონყმობა, რაც ხდებოდა
გლეხთა აჯანყებებისა და ამბოხების მიზეზი. XVI საუკუნის
დამდეგისათვის გერმანიის ტერიტორიაზე არსებობდა ასევე
წვრილი რაინდების დიდი ფენა (განსაკუთრებით შვაბიასა და
ფრანკონიაში), რომელთა ნაწილიც იმპერიის ვასალებად -
რაიხსრიტერებად ითვლებოდნენ.
გერმანიაში განსაკუთრებული გავლენა მოიპოვა
კათოლიკურმა ეკლესიამ, რომელსაც, საფრანგეთის და
ინგლისისაგან განსხვავებით, ვერ ზღუდავდა ვერც იმპერატორის
ხელისუფლება და ვერც ცალკეული მთავრები. ამიტომ პაპის
შემოსავლის უდიდესი ნაწილი გერმანიიდან გადიოდა. ამას
ემატებოდა ისიც, რომ გერმანიის საუკეთესო მიწები ეკლესიას
ეკუთვნოდა, რამაც სამღვდელოება დიდ პარაზიტულ ფენად აქცია.
ამის გამო კათოლიკური სამღვდელოება საყოველთაო
სიძულვილით სარგებლობდა. გერმანიაში ყალიბდება ეროვნული
ოპოზიცია კათოლიკური ეკლესიის გავლენის წინააღმდეგ.
მთავრები დაინტერესებული იყვნენ ეკლესიის შესუსტებით.
გლეხები ეკლესიაში უდიდეს ექსპლოატატორს ხედავდნენ. დიდი
იყო ოპოზიცია ქალაქებშიც, სადაც ეკლესიას ეკუთვნოდა შენობები
და სხვ. ამან თავისებური კვალი დააჩნია გერმანიაში ჰუმანიზმის
განვითარებას, რომლის ცენტრები გახდნენ სამხრეთ-დასავლეთ
და ცენტრალური გერმანიის ქალაქები.

66
როგორც ვნახეთ, გვიან შუა საუკუნეებში თანდათანობით
ეცემა ცენტრალური ევროპის ეკონომიკა, რაც დაკავშირებული იყო
უმთავრესი სავაჭრო გზის გადატანასთან ცენტრალური
ევროპიდან (რაინი-იტალია) ატლანტის ოკეანის სანაპიროზე.
სლავური მიწა-წყლის კოლონიზაციის დიდი ცენტრები -
ბრანდენბურგი საქსონიაში, ავსტრია არაფრით იყვნენ
დაკავშირებული ცენტრალურ და დასავლეთ გერმანიასთან.
გერმანიაში არ არსებობდა ერთიანი მძლავრი სოციალური ფენა,
რომელიც დაინტერესებული იქნებოდა ქვეყნის პოლიტიკური
გაერთიანებით. გერმანიის იმპერატორი მაქსიმილიან I ჰაბსბურგი
(1493-1519) შეეცადა თავისი ხელისუფლების გაძლიერებას, ის
განუწყვეტლივ ომობდა როგორც გარე დაპყრობების მიზნით,
ისევე ქვეყნის შიგნით, გერმანელ მთავრებთან მათი
დამოუკიდებელი პოზიციების შესასუსტებლად და ქვეყნის
შემდგომი ინტეგრაციისათვის. ამ მიზნების მისაღწევად მისი ერთ-
ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა იყო საკუთარი, ჰაბსბურგების
საგვარეულო დომენის გაზრდა. ამ მხრივ მიაღწია კიდევაც
მნიშვნელოვან შედეგებს. ის ჯერ კიდევ არ იყო იმპერატორი,
როდესაც დაქორწინდა ბურგუნდიის ჰერცოგის შარლ თამამის
ასულ მარიამზე და 1477 წელს, შარლ თამამის სიკვდილის შემდეგ,
ჰაბსბურგების დომენს ბურგუნდიის საჰერცოგოს ნაწილი -
ნიდერლანდები და ფრანშიკონტე.- შეუერთა. შემდეგში თავისი
შვილების და შვილიშვილების ქორწინებების წყალობით,
მაქსიმილიანე I-მა ჰაბსბურგების დომენს შეუერთა ჩეხეთი და
ესპანეთის სამეფო ტახტი. მაქსიმილიანეს ვაჟმა ფილიპ I-მა
ცოლად შეირთო ესპანეთის ტახტის მემკვიდრე ხუანა
კასტილიელი (1496). ამდენად, მათი შვილი, მაქსიმილიანეს
უფროსი შვილიშვილი კარლ ჰაბსბურგი გახდა ესპანეთის მეფე და
ესპანეთის უმდიდრესი ამერიკული კოლონიების მფლობელი

67
(1516), ხოლო მაქსიმილიანეს სიკვდილის შემდეგ, 1519 წლიდან -
გერმანიის იმპერატორი.
მაქსიმილიან I კარგად ფლობდა სამხედრო საქმეს,
გააუმჯობესა არმიის ტექნიკური შეიარაღება, საფუძველი ჩაუყარა
ლანდსკნეხტების დაქირავებულ არმიას, განამტკიცა ცენტრალური
მმართველობა. იგი მფარველობდა მეცნიერებასა და ხელოვნებას;
ვენის უნივერსიტეტი იქცა ჰუმანიზმის ერთ-ერთ მთავარ
ცენტრად. მაქსიმილიანეს ჰქონდა დიპლომატიური
ურთიერთობები სხვადასხვა სახელმწიფოებთან, მათ შორის,
რუსეთის დიდ მთავარ ივანე III-თან და ვასილი III-თან, დადო
კავშირი რუსეთთან პოლონეთის წინააღმდეგ. მაქსიმილიან I-ის
ხელისუფლებაში ყოფნის დროს, მიუხედავად არსებული
მრავალმხრივი პრობლემებისა, გერმანიაში ჰუმანისტური იდეები
სწრაფად ვრცელდებოდა. მაქსიმილიან ჰაბსბურგი იყო თავისი
დროის ძალიან განათლებული ადამიანი, მაგრამ, მისი
ძალაუფლება სუსტი იყო და საშუალება არ ჰქონდა, მფარველობა
გაეწია ჰუმანისტებისათვის, ხოლო მთავრებიდან, რომელთა
უმრავლესობა გაუნათლებელი იყო, ცოტა ვინმე თუ
მფარველობდა ჰუმანისტებს. ამ მხრივ, გამონაკლისს
წარმოადგენდა სულ რამდენიმე გერმანელი წარჩინებული. ესენი
იყვნენ ვიურტემბერგის ჰერცოგი ებერჰარდი, რომელმაც დააარსა
ტიუბინგენის უნივერსიტეტი, საქსონიის კურფიურსტი ფრიდრიხ
ბრძენი, ბრიტენგენის უნივერსიტეტის დამფუძნებელი და დიდი
პრელატი, მაინცის არქიეპისკოპოსი ალბერტი.

ჰუმანიზმი გერმანიაში

როგორც ცნობილია, ადრეული პერიოდის მკვლევართა


დიდი ნაწილის ნაშრომებში სიტყვა ჰუმანიზმი წარმოდგენილი

68
ჰქონდათ როგორც ანტირელიგიური ფილოსოფია, რომელიც ხაზს
უსვამდა ადამიანის ღირსებას, ღმერთთან ყოველგვარი
მიმართების გარეშე. ასე, რომ, ჰუმანიზმს ჰქონდა სრულიად
სეკულარული, სავარაუდოდ, ათეისტური მნიშვნელობა. თუმცა
XVI საუკუნეში სიტყვა ჰუმანიზმს სრულიად განსხვავებული
მნიშვნელობა ჰქონდა. XIV, XV, XVI საუკუნის ჰუმანისტები იყვნენ
გამოკვეთილად რელიგიურები, რომლებიც უფრო ეკლესიის
განახლებისათვის იბრძოდნენ, ვიდრე მისი გაუქმებისათვის.
მნიშვნელოვანია, რომ ტერმინი ჰუმანიზმი თვით რენესანსის
ეპოქაში არ გამოიყენებოდა, თუმცა ჩვენ ხშირად ვხვდებით
იტალიურ სიტყვას უმანისტა. ეს ტერმინი აღნიშნავდა
უნივერსიტეტის სწავლებას studia humanitatis, ან კიდევ
ლიბერალური ხელოვნების, გრამატიკის, პოეზიის და რიტორიკის
მასწავლებელს.
ჰუმანიზმი არ არის მოძღვრება, ის უფრო ცხოვრების წესია,
ან ყოფა. ის არ გამორიცხავს არც ერთ თეორიას, რომელიც
აზროვნების ცენტრში აყენებს ადამიანს და არა აბსტრაქტულ
აზრებს. ადამიანი თავისი ყოფითა და არსებით, მისი ადგილი
სამყაროში, მისი დანიშნულება - ეს არის ჰუმანისტური
აზროვნების ძირითადი კითხვები. ჰუმანიზმი არ არის
ქრისტიანობას დაპირისპირებული მოძღვრება.
გერმანული ჰუმანიზმის განვითარებაზე მნიშვნელოვანი
გავლენა მოახდინეს იტალიელმა ჰუმანისტებმა. ერთი მხრივ,
თვითონ გერმანელი ჰუმანისტები სწავლობდნენ იტალიაში და
უკან დაბრუნებისას თან მიჰქონდათ იტალიური რენესანსის
სული. ამის ბრწყინვალე მაგალითია ქრისტოფერ შროურლი. სანამ
ახლად დაარსებულ ვიტენბერგის უნივერსიტეტში
დაბრუნდებოდა, ის სწავლობდა ბოლონიის უნივერსიტეტში.
მეორე მხრივ, იტალიელი ჰუმანისტები ხელნაწერთა
საგროვებლად სახლდებოდნენ გერმანიაში. ერთ-ერთი
69
იტალიელი, რომელიც გერმანიაში ცხოვრობდა, იყო ენეა სილვიო
პიკოლომინი (მოგვიანებით პაპი პიუს II). გერმანელი ჰუმანიტები,
ძირითადად, ინტელიგენციის წრიდან გამოდიოდნენ.
XV საუკუნის მეორე ნახევრიდან ჰუმანიზმმა გერმანიაში
ორიგინალური, იტალიური ჰუმანიზმისაგან განსხვავებული სახე
მიიღო. გერმანულ ჰუმანიზმს აშკარად გამოხატული
ანტიკათოლიკური ხასიათი ჰქონდა, წინ იყო წამოწეული
პატრიოტული მოტივები და ქვეყნის გაერთიანების იდეა. ასევე,
განსხვავდებით იტალიელი ჰუმანისტებისაგან, რომლებიც
განსაკუთრებულად ზრუნავდნენ მხატვრული ლიტერატურის
განვითარებაზე, გერმანელი ჰუმანისტები განსაკუთრებულ
ყურადღებას ძველი ენების შესწავლას უთმობდნენ. გერმანიაში
ჰუმანიზმმა აშკარად ნაციონალურ-პატრიოტული ელფერი მიიღო.
გერმანელი ჰუმანისტები დიდ ინტერესს იჩენენ გერმანელი
ხალხის წარსულის მიმართ, ასევე მნიშვნელოვანი ადგილი
დაიკავა სატირამ.
გერმანული ჰუმანიზმის განვითარებაში განსაკუთრებული
როლი შეასრულა წიგნის ბეჭდვის გამოგონებამ. XVI საუკუნის
დამდეგისათვის ქვეყანაში არსებულ წიგნის ბეჭდვის ცენტრებში,
ძირითადად, სწორედ ჰუმანისტების ნაშრომები იბეჭდებოდა და
ვრცელდებოდა მთელი ქვეყნის მასშტაბით. გერმანული
ჰუმანისტური მოძრაობა მჭიდროდ იყო დაკავშირებული
უნივერსიტეტებთან და სხვა სამეცნიერო სკოლებთან.
გერმანული ჰუმანიზმის ცენტრები არსებობდნენ სხვადასხვა
ქალაქებში. სტრასბურგში (ელზასის მთავარი ქალაქი)
მოღვაწეობდნენ ცნობილი ჰუმანისტები: ისტორიკოსი იაკობ
ვიმპფელინგი, სებასტიან ბრანტი, იაკობ ლოხერი. ნიურნბერგში
მოღვაწეოდა ვილებალდ პირკგმაიერი, აუგსბურგში - კონრად
პოიტინგერი. ამ უკანასკნელმა განათლება მიიღო იტალიაში და
დაიმსახურა იურისპრუდენციის დოქტორის წოდება. ის,
70
იმპერატორ მაქსიმილიანე I-ის დავალებით მონაწილეობდა
დიპლომატიურ მისიებში სხვადასხვა ქვეყანაში. იგი ცნობილია,
როგორც ძველი ხელნაწერების და სხვა ისტორიული მასალების
შემკრები. პოიტინგერმა გამოაქვეყნა IV საუკუნის რომაული
გზამკვლევი. მასში პირველად იხსენიება სალიელი ფრანკები. ეს
გზამკვლევი ცნობილია პოიტინგერის რუკის (Tabula Peutingeriana)
სახელით. მანვე გამოსცა იორდანეს „გოთების ისტორია“ და პავლე
დიაკონის „ლანგობარდების ისტორია“. აქვე, აუგსბურგში
მოღვაწეობდა ცნობილი მხატვარი-ილუსტრატორი ჰანს
ჰოლბაინი. ნიურნბერგში მოღვაწე ვილებალდ პიგმაიერი წერდა
სატირულ თხზულებებს. მის კალამს ეკუთვნის თხზულება
„ნიკრისის ქარების შესახებ“, ასევე ნიურნბერგში მოღვაწეობდა
ცნობილი მხატვარი ალბერტ დიურერი, რომელიც მეგობრობდა
ვილებალდ პირკგაიმერთან.
ჰუმანისტები აარსებენ თავიანთ სკოლებს. მათ შორის უნდა
დავასახელოთ დევენტრის სკოლა ნიდერლანდში, რომელიც
დააარსა გამოჩენილმა პედაგოგმა ალექსანდრე პეგმა. მან შეცვალა
აღზრდის მეთოდები. ნაცვლად სქოლასტიკური
სახელმძღვანელოებისა, შემოიღო ლათინური ენის სწავლება
რომაელ მწერალთა თხზულებებით. მის სკოლაში აღიზარდნენ
ერაზმ როტერდამელი, მუციანუს რუფუსი და სხვ. ჰუმანისტები
დიდ ყურადღებას აქცევდნენ წიგნის ბეჭდვას, ინტერსედებოდნენ
გეოგრაფიული მეცნიერებებით. ამ მხრივ აღსანიშნავია
ნიურნბერგელი მარტინ ბეჰაიმი, რომელმაც პირველმა შექმნა
გლობუსი. გერმანელი მეცნიერები დიდი გავლენით
სარგებლობდნენ მთელს მსოფლიოში. გერმანელი მარტინ ვალზეე
მიულერის წინადადებით, ბრაზილიას ეწოდა ამერიგო ვესპუჩის
სახელი. მოგვიანებით, მერკარტორის წინადადებით, ამ
სახელწოდების ქვეშ გააერთიანეს ჩრდილოეთ ამერიკაც.

71
როგორც აღვნიშნეთ, გერმანული ჰუმანისტების ცხოვრებაში
მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა უნივერსიტეტებს, თუმცა,
ძირითადად, უნივერსიტეტებში ჯერ კიდევ სქოლასტიკური
იდეები ბატონობდა. უნივერსიტეტების კათედრები შედგებოდა
დომინიკელი ბერებისა და სქოლასტიკოსებისაგან. სქოლასტიკური
მეცნიერების მთავარი ცენტრი იყო კელნის უნივერსიტეტი, აქაური
სქოლასტიკოსების მეთაურები იყვნენ იაკობ ჰოხსტრატენი და სხვა
დომინიკელი ბერები. მათვე მიემხრო ყოფილი ჰუმანისტი,
პეგიუსის სკოლის მოწაფე ორტუინ გრაციუსი. მას
სქოლასტიკოსები თავიანთ მასწავლებლად თვლიდნენ.
ჰუმანიზმის მთავარი ცენტრი იყო ერფურტის უნივერსიტეტი
საქსონიაში. აქ ლექციებს კითხულობდა ბევრი ცნობილი
ჰუმანისტი. მათ სათავეში ედგა კონრად მუციანუსი. ამავე წრიდან
გამოვიდა კროტუს რუბიანუსი. განსაკუთრებული როლი
ევროპული ჰუმანიზმის განვითარებაში შეასრულა სამმა
ოპიროვნებამ: ერაზმ როტერდამელმა, იოჰან როიხლინმა და
ულრიხ ფონ ჰუტენმა.

ერაზმ როტერდამელი (1466-1536) ცნობილია ორი


ლათინური ფსევდონიმით: დეზიდერიუსი და ერაზმუსი.
დაბადების ადგილის მიხედვით (ჰოლანდიის ქალაქი
როტერდამი), მას როტერდამელს უწოდებენ. მამამისი სასულიერო
პირი, დედამისი კი შეძლებული ექიმის ქალიშვილი იყო, მაგრამ
რადგანაც, ისინი არ იყვნენ ქორწინებაში, ერაზმი უკანონო შვილად
ითვლებოდა. მას მეურვეები ზრდიდნენ. ერაზმმა დაამთავრა
დევენტრის სკოლა. შემდეგ, მეურვეების გავლენით, ემაუსის
მონასტერში აღიკვეცა ბერად,.აქ მან შეიძინა დიდი ცოდნა და
გაითქვა სახელი, როგორც შესანიშნავმა მკვლევარმა, ფილოლოგმა,
ძველი ენების მცოდნემ. 24 წლის ერაზმი თავის კარზე მიიპატიჟა
კამბრეს არქიეპისკოპოსმა. ერაზმმა სიამოვნებით დატოვა
72
მონასტერი, რომელიც მას ისედაც არ უყვარდა, თუმცა ბოლომდე
დარჩა ბერის სამოსელში. კამბრედან ერაზმი გაემგზავრა კელნში,
შემდეგ ერთხანს ცხოვრობდა პარიზში, შემდეგ ინგლისში -
ლონდონსა და ოქსფორდში, სადაც ასწავლიდა ბერძნულ ენას.
ინგლისთან მას განსაკუთრებით აკავშირებდა მისი მეგობარი
ტომას მორი, რომელსაც მშვენივრად დაწერილი ბიოგრაფია
მიუძღვნა. 1506 წელს ერაზმი რომში.ჩადის პაპმა და
კარდინალებმა ის დიდებულად მიიღეს, მაგრამ რომის
სამღვდელოების ყოფამ არ მოახდინა კარგი შთაბეჭდილება
ერაზმზე. 1513 წლიდან ერაზმი დასახლდა ბაზელში. ის
დროდადრო დადიოდა ინგლისში და ნიდერლანდში. ერაზმი
თავის თავს არც ერთ ეროვნებას მიაკუთვნებდა. ამ მხრივ ის
კოსმოპოლიტი იყო, წერდა მხოლოდ ლათინურ ენაზე. თვითონ
ერაზმი ამბობდა, რომ მისთვის ბერძნულად და ლათინურად წერა
გაცილებით ადვილი იყო, ვიდრე გერმანულად აზრების გამოთქმა.
ერაზმი წერდა გამოკვლევებს ძველი ლათინური და ბერძნული
ენების შესახებ, გამოაქვეყნა ფილოლოგიური ხასიათის რამდენიმე
გამოკვლევა, რომელთაც თავის დროზე ძალიან მნიშვნელოვანი
როლი შეასრულეს. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს „Proverbia“ -
ოთხასამდე ანდაზა (კომენტარებით), ამოკრებილი ძველი
თხზულებებიდან. ერაზმმა გამოსცა სახარების ბერძნული ტექსტი
ლათინური თარგმანით, რომლის ენაც უახლოვდებოდა კლასიკურ
ავტორთა ენას. ამ გამოცემას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.
ერაზმმა უჩვენა განათლებულ საზოგადოებას, როგორი იყო
ჭეშმარიტი სახარება და როგორ დაშორდა ეკლესია ქრისტიანობის
პირველწყაროს. ერაზმი მოუწოდებდა გაეგოთ სახარებაში
მოტანილი ლეგენდები ალეგორიულად. ამით ის ხაზს უსვამდა იმ
გარემოებას, რომ სახარება დაწერილია ადამიანის და არა ღვთის
მიერ. ერაზმის იდეებმა დიდი ბიძგი მისცა გერმანულ
რეფორმაციას. ერაზმის კალამს ეკუთვნის სატირული თხზულებაც
73
- „სისულელის ხოტბა“, რომელიც შემთხვევით შემოგვრჩა. ერაზმმა
ინგლისში ყოფნისას თავისი აზრები გაუზიარა მეგობარს, ტომას
მორს, რომელიც აღტაცებაში მოვიდა და ჩააცივდა ერაზმს,
დაეწერა თხზულება, შემდეგ კი მის დაუკითხავად გამოაქვეყნა
იგი ნიდერლანდში. თხზულება დაიწერა 1509-1510 წლებში და
გამოიცა 1511 წელს. მის მთავარ გმირად გამოყვანილია
სისულელის ცნება, რომელიც თავის შესახებ მოუთხრობს
მკითხველს და ახასიათებს ყველას, ვინც მისი მფარველობით
ცხოვრობს და თაყვანს სცემს მას. მათ შორის არიან გრამატიკის
მასწავლებლები - სქოლასტიკოსები, აგრეთვე მონაზვნები,
გერმანელი მთავრები, პაპი და სამღვდელოება.

იოჰან როიხლინი (1455-1522) მრავალმხრივ


განათლებული მეცნიერი იყო, ის ფლობდა იურისპრუდენციას,
ისტორიას, ბუნებისმეტყველებას და მედიცინას. იოჰან როიხლინს
დაწერილი აქვს ისტორიული ქრონიკა გერმანულ ენაზე, რომელიც
წარმოადგენს პირველ ისტორიულ თხრობას გერმანელ
ჰუმანისტებს შორის. ყველა დანარჩენი მისი თხზულება
დაწერილია ლათინურ ენაზე. კლასიკური ავტორების შესწავლის
საფუძველზე, მან შეადგინა მოკლე ლექსიკონი, რომელიც მისსავე
სიცოცხლეში 25-ჯერ გამოიცა. იგი იკვლევდა ბერძნულ ენასაც,
თარგმნა ბერძნული თხზულებები. როიხლინი განსაკუთრებით
ცნობილია როგორც ძველი ებრაული ენის სპეციალისტი -
ჰებრაისტიკის ფუძემდებელი. ებრაული ენა მან გერმანიაში
მცხოვრები ებრაელი სწავლულებისაგან შეისწავლა. მისთვის უცხო
იყო ანტისემიტიზმი. მან დაწერა სახელმძღვანელო ძველი
ებრაული ენის შესასწავლად, ამავე დროს, ყურადღებით
შეისწავლა შუა საუკუნეების ებრაული მისტიკური ფილოსოფია -
კაბალა და მიუძღვნა მას ორი თხზულება. მართალია, კაბალას არ
გააჩნია მეცნიერული ღირებულება, მაგრამ როიხლინის
74
გამოკვლევამ დიდი როლი შეასრულა ძველი ებრაული ენისადმი
ინტერესის გაღვივებაში. როიხლინმა და მისმა მეგობრებმა,
პირველებმა ევროპაში, წაიკითხეს ბიბლია ორიგინალში.
როიხლინი მაინც ერთმა ამბავმა აქცია მეტად მნიშვნელოვან
პიროვნებად. ეს მოხდა 1504 წელს. 54 წლის როიხლინი
ცხოვრობდა შტუტგარდში, სადაც ეწეოდა იურიდიულ პრაქტიკას.
ერთ დღეს მასთან გამოცხადდა უცნობი პირი, რომელიც გაეცნო,
როგორც იოჰან პფეფერკორნი. მან როიხლინს უჩვენა იმპერატორ
მაქსიმილიანეს მიერ გამოცემული სიგელი, რომელშიც ნაბრძანები
იყო ებრაული წიგნების შეგროვება და განადგურება.
პფეფერკორნი როიხლინს, როგორც ებრაისტს, სთხოვდა
დახმარებას ამ საქმის განხორციელებაში. პფეფერკორნი
წარმოშობით ებრაელი იყო. რამდენიმე წლით ადრე მოინათლა
ქრისტიანად და დაიწყო ბრძოლა ებრაელების წინააღმდეგ. ის
მოითხოვდა ებრაელთა ძალით გაქრისტიანებას, რის შესანიშნავ
საშუალებად მიაჩნდა ებრაული წიგნების განადგურება. ის
დაახლოებული იყო კელნის უნივერსიტეტთან და სწორედ მისი
მეშვეობით დააწერინა მაქსიმილიანს ზემოთაღნიშნული ბრძანება.
როიხლინმა უარი უთხრა პფეფერკორნს. ამ უკანასკნელმა ვერ
შესძლო თავისი იდეების განხორციელება, ებრაელებს მომხრეები
გამოუჩდნენ, მათ შორის იყო მაინცის არქიეპისკოპოსი ალბრეხტი.
მათი გავლენით იმპერატორმა შეცვალა ბრძანება და გამოძიება
დაავალა მაინცის არქიეპისკოპოსს. შეკითხვები გაეგზავნა ოთხ
უნივერსიტეტს: მაინცის, კელნის, ჰაიდელბერგისა და ერფურტის
და კიდევ სამ პირს - კელნელ თეოლოგებს, დომინიკელ ბერს და
იოჰან როიხლინს. მათ პასუხები გააგზავნეს დახურული სახით.
კელნისა და მაინცის უნივერსიტეტებმა და ორმა კელნელმა
თეოლოგმა მხარი დაუჭირეს პფეფენკორნს, ერფურტისა და
ჰაიდელბერგის უნივერსიტეტებმა თავი შეიკავეს. ერთადეთმა
როიხლინმა გაილაშქრა ებრაული წიგნების დაწვის წინააღმდეგ.
75
ამის საპასუხოდ, 1511 წელს პფეფენკორნმა გამოაქვეყნა მკვეთრი
პამფლეტი როიხლინის წინააღმდეგ -„ხელის სარკე“. ის ბრალს
სდებდა როიხლინს უვიცობასა და მიკერძოებაში. ამის საპასუხოდ
როიხლინმა დაწერა პამფლეტი „თვალის სარკე“, რომელშიც
გამოხატა თავისი მოსაზრება ებრაული წიგნების შესახებ.
პამფლეტში წარმოდგენილი იყო სამი ძირითადი მოსაზრება:
პირველი ის, რომ ეს წიგნები შეიცავენ საყურადღებო აზრებს,
რომლებიც შეიძლება გამოიყენებულ იქნას ქრისტიანობის
განსამტკიცებლად; მეორე -ებრაული რელიგია არ არის
მწვალებლობა და ეკლესიას არ აქვს მისი განადგურების უფლება;
და მესამე - თუ ამ წიგნებში გადმოცემები არის ყალბი, მაშინ ყალბ
აზრებთან ბრძოლა შეიძლება მეცნიერების საშუალებით. ამ
პამფლეტებით დაწყო ბრძოლა ორ მიმდინარეობას შორის. ორივეს
მაშინვე გამოუჩდნენ მიმდევრები: პფეფენკორნს -
სქოლასტიკოსები, დომენიკელი ბერები, როიხლინს - ერაზმ
როტერდამელი, ულრიხ ფონ ჰუტენი და სხვა ცნობილი
ჰუმანისტები. ეს პოლემიკა ისტორიაში შევიდა „როიხლინის
დავის“ სახელით. ორივე მხარემ მიმართა იმპერატორს. 1513 წელს
იმპერატორმა გამოსცა ბრძანება პოლემიკის შეწყვეტის შესახებ.
შემდეგ მიმართეს პაპს. 1516 წელს პაპმაც იგივე ბრძანება გამოსცა.
მიუხედავად ამისა, დავა როიხლინის მომხრეებსა და
მოწინააღმდეგეებს შორის გაგრძელდა. ამ პროცესში დაიწერა
რამდენიმე საპოლემიკო თხზულება, რომელთა შორის
აღსანიშნავია ჰუმანისტთა ჯგუფის მიერ დაწერილი ბრწყინვალე
სატირა ორაზროვანი სათაურით „ბნელი, ანუ უცნობი ადამიანების
წერილები“ Epistolae virorum obscurorum. თხზულება
წარმოადგენდა წერილების კრებულს. ამ წერილებმა სასიკვდილო
ლახვარი ჩასცა სქოლასტიკოსებს. სატირის კოლექტიურ ავტორებს
შორის გამოირჩეოდნენ კროტუს რუბიანუსი და ულრიხ ფონ
ჰუტენი.
76
ულრიხ ფონ ჰუტენი დაიბადა 1488 წელს
ფრანკონიაში,.გაღატაკებული რაიხსრიტერის ოჯახში. მისი ოჯახი
დიდ გაჭირვებაში ცხოვრობდა. თავისი ნების წინააღმდეგ, ჰუტენი
მიებარა მონასტერში, თუმცა ის არ შემდგარა ბერად. ის მიებარა
მონასტერს იმისათვის, რომ შეჩვეოდა ბერულ ცხოვრებას. აქ მან
შეიძინა საკმაოდ დიდი ცოდნა. 1505 წელს ჰუტენი გაიქცა
მონასტრიდან, რომელიც თავიდანვე სძულდა. ის გადადიოდა
ერთი ქალაქიდან მეორეში, მეგობრის კროტუს რუბიანუსის
თანხლებით. ისინი სწავლობდნენ კელნში, ლაიპციგში, ვენაში და
სხვა ქალაქებში, ესწრებოდნენ ლექციებს, დისპუტებს. პირველი
თხზულება, რომელიც ჰუტენმა დაწერა ერფურტში, მან მიუძღვნა
ძველ სწავლულებს, რომელთაც უყვარდათ მხოლოდ ტიტულები
და ნამდვილ ცოდნას არაფრად აგდებდნენ. ერთხანს ჰუტენი
გაემგზავრა იტალიაში, მსახურობდა იმპერატორის ჯარში,
როგორც დაქირავებული რაინდი. გულმოდგინედ სწავლობდა
იურისპრუდენციას. მას შესთავაზეს კიდევაც დოქტორის ხარისხი,
მაგრამ უარი განაცხადა.
გერმანიაში დაბრუნებული ჰუტენი აქტიურად ჩაება
საზოგადოებრივ ცხოვრებაში და გახდა ერთ-ერთი ავტორი „ბნელი
ადამიანების წერილებისა“, ამას გარდა, გამოსცა თხზულება
„როიხლინის ტრიუმფი“, რომელშიც როიხლინი გამოიყვანა
გამარჯვებულად სქოლასტიკოსებთან ბრძოლაში. ჰუტენი წერდა
ლათინურად - სხარტად, ლამაზად. 1517 წელს მან, როგორც
პოეტმა, და მწერალმა, დაიმსახურა უმაღლესი ჯილდო - დაფნის
გვირგვინი. ჰუტენი ერთხანს მსახურობდა მაინცის
არქიეპისკოპოსის ალბერტის კარზე. აქ მას შესაძლებლობა ჰქონდა,
რამდენიმე თხზულება დაეწერა. ერთ-ერთი მათგანია თავისი
მფარველის ხოტბა. უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ
მაინცშივე ყოფნისას ჰუტენმა პირველად სტამბური წესით
77
გამოაქვეყნა ლორენცო ვალას თხზულება „კონსტანტინეს ცრუ
ნაბოძვარის შესახებ“, რომელსაც დაურთო თავის მიერ დაწერილი
შესავალი. ლიტერატურული თხზულების ფორმა, რომელსაც
ჰუტენი მიმართავს, არის დიალოგი. მის კალამს ეკუთვნის
რამდენიმე შესანიშნავი დიალოგი, რომელთაც წითელ ზოლად
გასდევს პატრიოტული იდეები. პირველ რიგში, ჰუტენი არის
თავისი ქვეყნის პატრიოტი, ის არის გერმანიის
გაერთიანებისათვის თავგამოდებული მებრძოლი. გერმანიის
გაერთიანების მტრად ჰუტენი მიიჩნევდა ორ ძალას: მთავრებსა და
პაპობას, ხოლო მისი ძლიერების დასაყრდენად - რაინდობასა და
ქალაქებს. ამ საკითხს ჰუტენმა რამდენიმე დიალოგი.მიუძღვნა.
დიალოგში „სასახლის მტერი“ ჰუტენი ამათრახებს გერმანელ
მთავრებს. პაპობის და კათოლოკური ეკლესიის წინააღმდეგ
რეფორმაციის ხანაში დაწერილია რამდენიმე პამფლეტი.
თავდაპირველად ჰუტენი ლათინურ ენაზე წერდა, შემდეგ კი
დაიწყო წერა თავის მშობლიურ გერმანულ ენაზე.
ჰუტენი პირველ ეტაპზე დიდ იმედებს ამყარებდა მარტინ
ლუთერზე, მაგრამ როდესაც დაინახა, რომ ლუთერს არ სურდა
გერმანელი ერის რევოლუციური გარდაქმნა, მან თვითონ მიიღო
მონაწილეობა რაინდების აჯანყებაში. აჯანყების დამარცხების
შემდეგ ჰუტენი გაიქცა შვეიცარიაში - ციურიხში, სადაც ის
შეიკედლა ცნობილმა რეფორმატორმა ჰულდრაიხ ცვინგლმა.
ჰუტენი გარდაიცვალა 1523 წელს შვეიცარიაში.

გერმანული რეფორმაცია, მარტინ ლუთერი

გერმანული რეფორმაციის ფუძემდებელი გახდა მარტინ


ლუთერი, რომელიც პირველი გამოვიდა საეკლესიო რეფორმის
მოთხოვნით. მარტინ ლუთერი დაიბადა 1483 წლის 10 ნოემბერს

78
საქსონიის ქალაქ აისლებენში, გლეხის ოჯახში. მოგვიანებით
მამამისი გადასახლდა მანსფელდში და მუშაობა დაიწყო
მაღაროში. მალე მას საქმეები უკეთესად წაუვიდა და შეძლებული
ბიურეგერი.გახდა. მარტინ ლუთერი თავდაპირველად სწავლობდა
მაგდებურგის, შემდეგ კი აიზენახის ლათინურ სკოლაში. სკოლის
დამთავრების შემდეგ ლუთერმა სწავლა გააგრძელა ერფურტის
უნივერსიტეტში, სადაც სწავლებისადმი დიდი ინტერსი და
გულმოდგინება გამოიჩინა. 1505 წელს ლუთერმა დაასრულა
უნივერსიტეტი თავისუფალი ხელოვნების მაგისტრის ხარისხით.
მამამისის რჩევით, იგი სწავლის გაგრძელებას აპირებდა
იურიდიულ ფაკულტეტზე, მაგრამ რამდენიმე ფაქტორმა მას
გადაწყვეტილება შეაცვლევინა. უნივერსიტეტის დამთავრების
შემდეგ, მამის ნების საწინააღმდეგოდ, ლუთერი ბერად შედგა
ერფურტის ავგუსტინელთა მონასტერში. უპირველესი, რამაც მას
ბერად შედგომა გადააწყვეტინა, ეს იყო მისი დაინტერესება
თეოლოგიით და ასევე რამდენიმე შემთხვევა, რომელმაც
განსაკუთრებით დააფიქრა ის ამქვეყნიურ ყოფაზე. ეს იყო მისი
მეგობრის ტრაგიკული სიკვდილი და ამბავი, რომელიც მას
გადახდა, როდესაც მანსფელდიდან ერფურტში ბრუნდებოდა.
ლუთერი გზაში ჭექა-ქუხილში მოყვა და ძლივს გადარჩა; როგორც
თვითონვე იგონებს მან იქვე მიიღო გადაწყვეტილება, ბერად
შემდგარიყო.
ავგუსტინთა ორდენი გამოირჩეოდა მკაცრი ასკეტიზმით. ეს
შეესაბამებოდა ლუთერის იმდროინდელ სულისკვეთებას. ის იყო
ღრმად მორწმუნე და სტანჯავდა აზრები სულის წარწყმედის
შესახებ. ამიტომაც, როგორც იმდროინდელი ასკეტები
ასწავლიდნენ, ის მკაცრად ეკიდებოდა ბერულ ცხოვრებას. ბევრს
მარხულობდა, უძილო ღამეებს ატარებდა ლოცვებში, დროდადრო
იგვემავდა სხეულს. ბოლოს, პავლე მოციქულის ეპისტოლეებისა
და ნეტარი ავგუსტინეს თხზულებათა კითხვის საფუძველზე,
79
ლუთერი მივიდა დასკვნამდე, რომ სულის ხსნა შეიძლება
მხოლოდ და მხოლოდ ჭეშმარიტი რწმენით. მოძღვრება რწმენით
დახსნის შესახებ გახდა ლუთერის მოძღვრების ერთ-ერთი
დედააზრი.
1502 წელს საქსონიის კურფიურსტმა ფრიდრიხ ბრძენმა
ვიტენბერგში დააარსა უნივერსიტეტი. ის ცდილობდა საუკეთესო
მეცნიერთა მიწვევას. ლუთერი, როგორც საუკეთესო
ღვთისმეტყველი და მჭერმეტყველი, 1509 წელს მიიწვიეს
ლექციების საკითხავად. მან მალევე მიიღო თეოლოგიის
დოქტორის წოდება. ის დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა
სტუდენტებზე. ამავე დროს, ის გახდა ვიტენბერგის ეკლესიის
მღვდელი.
ერთი წლის შემდეგ ლუთერი მიემგზავრება რომში. რომიდან
იგი პაპობაზე გულაცრუებული დაბრუნდა. ის შეძრწუნებული იყო
რომის სასულიერო პირთა მორალური მდგომარეობის გამო.
ლუთერის პირველი გამოსვლა კათოლიკური ეკლესიის
წინააღმდეგ 1517 წელს მოხდა. ამ დროს რომში აშენებდნენ წმინდა
პეტრეს ტაძარს. პაპმა ლეო X ძალიან ფართოდ დაიწყო
ინდულგენციებით ვაჭრობა სახსრების შესაგროვებლად.
ინდულგენციის მთავარი მომხმარებელი იყო გერმანია. აქ მათ
გასასაღებლად გამოიგზავნა ბერი ტეტცელი, რომელიც ამ
ვაჭრობას ცინიკურად აწარმოებდა. ის აცხადებდა, რომ პაპი
წმინდაა, როგორც წმინდა პეტრე, რადგანაც მან უფრო მეტ
ცოდვილს შეუნდო, ვიდრე წმინდა პეტრემ. ის ვაჭრობდა
ინდულგენციებით, რომლითაც შეიძლებოდა მომავალი ცოდვების
გამოსყიდვა. ამან ლუთერის აღშფოთება გამოიწვია. იმავე წლის 31
ოქტომბერს ვიტენბერგის ტაძრის კარებზე ლუთერმა გააკრა
თავისი თხზულება ინდულგენციების წინააღმდეგ - „95 თეზისი“.
თეზისებში ლუთერმა ჩამოაყალიბა თავისი მოძღვრების
ძირითადი დებულებები: სულის დახსნა შეიძლება მხოლოდ
80
ჭეშმარიტი რწმენით და საჭიროა უარყოფა ყველაფერი იმისა, რაც
ეწინააღმდეგება საღვთო წერილს, მათ შორის - ინდულგენციების
ვაჭრობისაც. პაპობა ამტკიცებდა, რომ, გარდა საღვთო წერილისა,
უმაღლესი ხელისუფლებას, ავტორიტეტს წარმოადგენდა
საეკლესიო ტრადიციაც. ლუთერი ამას უარყოფდა. ლუთერის
უნებურად, ეს თხზულება სამი კვირის მანძილზე მთელ
გერმანიაში გავრცელდა და ის პოპულარულ ფიგურად აქცია. ამან
ეკლესიის აღშფოთება გამოიწვია. მას მოსპობდნენ, რომ არ
ჰყოლოდა ისეთი ძლიერი მფარველი, როგორიც იყო ფრიდრიხ
ბრძენი, რომელსაც საკუთარი მოსაზრებები ჰქონდა.
ლუთერის აზრის გამოსამჟღავნებლად კათოლიკური
ეკლესიის მესვეურები საბაბს ეძებდნენ. 1519 წელს მოეწყო
ლაიპციგის დისპუტი. ის მოაწყო ცნობილმა ღვთისმეტყველმა
იოჰან ეკმა, რომელმაც დისპუტზე მოიწვია კარლშტატი, ლუთერის
მიმდევარი. ლუთერი გამოცხადდა დისპუტზე და მიიღო მასში
მონაწილეობა. დისპუტი ორი დღე გრძელდებოდა. დასაწყისში
ლუთერმა განაცხადა, რომ ის არის ეკლესიის და პაპის ერთგული.
მაგრამ შემდეგ მოხერხებულად დასმული კითხვებით ეკმა
გამოამჟღავნა მისი დამოუკიდებელი აზრები, რომ საჭირო იყო
ეკლესიის რეფორმა, საჭირო არ არის, ეკლესიას მეთაურობდეს
პაპი, რადგანაც მას მეთაურობს ქრისტე, რომ შეცდომა იყო იან
ჰუსის დაწვა, როგორც მწვალებლისა. ამ ნოტზე ეკმა შეწყვიტა
დისპუტი, რადგანაც მიიღო საჭირო პასუხი.
1520 წელს პაპმა გამოსცა ბულა, რომელშიც შეჩვენებული იყო
ლუთერი. ამან საზოგადოების დიდი აღშფოთება გამოიწვია. მალე
ლუთერმა ვიტენბერგის გალავნის გარეთ მოიწვია პროფესორები,
სტუდენტები და საჯაროდ დაწვა პაპის ბულა. ამის შემდეგ
შერიგებაზე უკვე ძნელი იყო საუბარი. ლუთერი წერს
თხზულებებს, რომელშიც აშკარად ავითარებს თავის აზრებს
კათოლიკური ეკლესიის გარდაქმნის საჭიროებისა და ამ პროცესში
81
საერო ხელისუფლების უფლებამოსილების შესახებ: „ეკლესიის
ბაბილონის ტყვევნა“, „მიმართვა გერმანიის ერის ქრისტიანი
თავადაზნაურობისადმი“, „ქრისტიანის თავისუფლების შესახებ“.
ლუთერის ერთ-ერთი მთავარი თეზისია „საყოველთაო
მღვდლობის შესახებ“, რომლის თანახმადაც, საღვთო წერილის
ქადაგება შეუძლია ყველა ქრისტიანს. ასე რომ, ყველა ქრისტიანს
შეუძლია გახდეს მღვდელი და ეპისკოპოსიც, რაც შესაძლებელი
იყო არჩევითობის პრინციპით. რელიგიური თემი თვითონ
ირჩევდა მღვდელს, რომლის უმთავრეს ფუნქციას საღვთო
წერილის ქადაგება და გავრცელება წარმოადგენდა. ლუთერი
აღიარებდა ყველა ქრისტიანის თანასწორობის იდეას და ღმერთის
წინაშე არც ერთი საქმიანობა თუ თანამდებობა არ იყო
გამორჩეული.
ლუთერის ძირითადი აზრები შეიძლება ჩამოყალიბდეს
რამდენიმე პუნქტით, რომელთაგანც განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია: მხოლოდ რწმენით (sola fide); მხოლოდ მადლით
(sola gratia); მხოლოდ წმინდა წერილი (sola scriptura).
ლუთერის მოძღვრების თანახმად, ადამიანს შეუძლია სულის
დახსნა მხოლოდ რწმენით (sola fide) და არა კეთილი საქმეებით. ამ
თეზისის განსამტკიცებლად ლუთერი იმოწმებდა შემდეგ
ციტატებს პავლე მოციქულის წერილებიდან: „რადგანაც მადლით
ხართ გამოხსნილნი რწმენის წყალობით, და ეს თქვენგან კი არ
არის, არამედ ნიჭია ღვთისა: არა საქმეთგან, რათა არავინ
იქადოდეს (პავლე მოციქული ეფესელთა მიმართ 2-8; 9); „ვინაიდან
ჩვენ ვამტკიცებთ, რომ რწმენით მართლდება კაცი, რჯულის
საქმეთა მიუხედავად“ (პავლე მოციქული რომაელთა მიმართ 3-28).
ლუთერის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანს შეუძლია
სიკეთის კეთება და ზნეობრივი ცხოვრება, მას არ შეუძლია სულის
ხსნა საკუთარი დამსახურებით, ზნეობრივი ცხოვრებით და
სიკეთის კეთებით. ეს შესაძლებელია მხოლოდ იესო ქრისტეს
82
გამომსყიდველი მსხვერპლისადმი რწმენით. შეუძლებელია
საკუთარი ძალისხმევით, თუნდაც ყველაზე კეთილი საქმეებით,
ღვთის მადლი დაიმსახურო; ეს მხოლოდ ღმერთზეა
დამოკიდებული. ქრისტე არის ერთადერთი შუამავალი ღმერთსა
და ადამიანებს შორის. ეს თეზისი იყო მარტინ ლუთერის და სხვა
რეფორმატორების ცენტრალური თეოლოგიური საკითხი.
მხოლოდ მადლით (sola gratia) ცხოვნდება ადამიანი და არა
საკუთარი ქმედებებით; სულის ხსნას ვიღებთ როგორც ღმერთის
მადლს, როგორც დაუმსახურებელ წყალობას და არა ისე, თითქოს
ცოდვილმა დაიმსახურა ის. ანუ სულის ხსნა არის ღმერთის მიერ
მონიჭებული დაუმსახურებელი საჩუქარი, გადმოცემული
ადამიანებისთვის იესო ქრისტეს დამსახურებით. ამდენად,
ინდულგენციები და ნებისმიერი სხვა, უფრო სულიერი პრაქტიკაც
სასუფეველს ვერ მოგვაპოვებინებს. სრულიად ზედმეტია რთული
და მდიდრული ღვთისმსახურება. ეკლესიაში არსებული 7
საიდუმლოებიდან ლუთერმა დატოვა მხოლოდ ორი: ნათლობა და
ზიარება.
მხოლოდ წმინდა წერილი (sola scriptura): უმაღლესი
ავტორიტეტი რწმენის საკითხში არის საღვთო წერილი. არ უნდა
დავემყაროთ საეკლესიო ტრადიციებს (პაპის დეკრეტალიები,
საეკლესიო კრებების დადგენილებები), თუ პაპი ეწინააღმდეგება
საღვთო წერილს, მას არ უნდა დავემორჩილოთ. ბიბლია
წარმოადგენს საეკლესიო სწავლების ერთადერთ წყაროს, ამიტომ
ის ითარგმნა ნაციონალურ ენებზე, მისი შესწავლა და პრინციპების
ცხოვრებაში გატარება ქრისტიანის მთავარი ამოცანაა.
1521 წლის გაზაფხულზე ლუთერი გერმანიის იმპერატორმა
მიიწვია ვორმსის რაიხსტაგზე. ფიქრობდნენ, რომ აქ ლუთერი
იმპერატორის კარლ V-ს და წარჩინებულთა წინაშე დაგმობდა
თავის მოსაზრებებს. ეს იყო რომის უკანასკნელი მცდელობა,
დაემორჩილებინა აჯანყებული ბერი. მაგრამ ლუთერმა არ დათმო
83
თავისი პოზიცია. სწორედ აქ განაცხადა ლუთერმა სიტყვები: „აქ
ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს“. ვორმსის ვერდიქტი,
რომელიც გამოსცა იმპერატორმა ლუთერის წინააღმდეგ, ამ
დღეიდან სდევნიდა მას და ყველა მის მომხრეს. თუმცა უნდა
აღინიშნოს, რომ იმპერატორის ეს ედიქტი, გარკვეული მიზეზების
გამო, არ სრულდებოდა გერმანიის ზოგიერთ ნაწილში.
რამდენადაც იმპერატორი ლუთერს ხელშეუხებლობას შეჰპირდა,
ლუთერი ვორმსიდან მშვიდობით გაემგზავრა, მაგრამ ის უკან
ვიტემბერგში არ დაბრუნებულა. გზაზე მისი კვალი გაქრა.
ფრიდრიხ ბრძენის განკარგულებით, იგი გაიტაცეს და უსაფრთხო
ციხე-სიმაგრაში, ვარტბურგში მოათავსეს, სადაც ლუთერი
ცხოვრობდა რაინდ გიორგის და უორკერ იუნგის სახელით. აქ
დაიწყო მან ბიბლიის თარგმნა გერმანულ ენაზე. ეს თარგმანი,
რომელიც რამდენიმე წლის შემდეგ დაასრულა, მეტად
მნიშვნელოვანი აღმოჩნდა როგორც გერმანული რეფორმაციის
შემდგომი განვითარებისათვის, ასევე მან განსაკუთრებული როლი
შეასრულა გერმანული სალიტერატურო ენის განვითარებაში.
ბიბლიის თარგმნა უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო.
ბიბლიის სრული თუ არასრული თარგმანები მანამდეც
არსებობდა, მაგრამ ისინი უბრალო ხალხისთვის გასაგები
გერმანულით არ იყო დაწერილი. ლუთერის მიერ თარგმნილმა
ბიბლიამ, რომელიც ხალხურ, ცოცხალ გერმანულ ენაზე იყო
შესრულებული, ყველას მისცა საშუალება, ზიარებოდა წმინდა
წერილის ტექსტს, რაც უბრალო მორწმუნე გერმანელისთვის
მიუწვდომელი იყო, ლათინური ენის არცოდნის გამო. სიტყვამ,
როგორც ქმედითმა სულიერმა ძალამ, თავისი ადგილი დაიბრუნა
ღვთისმსახურებაში. ღვთისმსახურება, რომელიც აქამდე
მრევლისათვის გაუგებარ ლათინურ ენაზე ტარდებოდა, ვერ
შთააგონებდა მრევლს. ლუთერმა უპირატესობა მშობლიურ ენაზე
ქადაგებას მიანიჭა. მთავარი გახდა არა ზიარების რიტუალი,
84
რომელიც უფრო მეტად გარეგნული ქმედება იყო, ვიდრე შინაგანი,
არამედ ქადაგების მოსმენა, რომელიც აღავსებს მორწმუნე
ადამიანს ღვთის სიტყვით და სულიერად აამაღლებს.
ლუთერის იდეებს უკვე ფართო გამოხმაურება მოჰყვა მთელს
გერმანიაში და მის მიერ დაწყებული რეფორმაცია განსაკუთრებით
მნიშვნელოვანი ფაქტებით აღინიშნა, მისი არყოფნის პერიოდში
ვიტენბერგში. ლუთერის მომხრე კარლშტატმა დაიწყო ზიარება
ყველა მორწმუნე ადამიანისა პურითა და ღვინით, რაც
კათოლიკური ეკლესიის წესების თანახმად, დასაშვები იყო
მხოლოდ სასულიერო პირთათვის. ეკლესიაში შეიქმნა საერთო
სალარო და შემოწირულობათა გადანაწილება უმწეოთათვის
გადავიდა ეკლესიიდან საერო პირთა - მაგისტრებისა და
უხუცესების ხელში. ასევე დაიწყეს ხატების გატანა ეკლესიიდან.
თუმცა ამ პერიოდიდანვე დაპირისპირება წარმოიშვა არა
მხოლოდ კათოლიკურ ეკლესიასა და რეფორმატორებს შორის,
არამედ თვით რეფორმატორთა წრეებშიც გაჩნდა იდეური
უთანხმოება და სხვადასხვა მიმდინარეობანი. განსაკუთებით
გამოირჩეოდნენ ანაბაპტისტები. ანაბაპტისტები მათ ეწოდათ იმის
გამო, რომ ითხოვდნენ ხელახლა ნათლობას იმ ადამიანებისა,
რომლებიც ჩვილ ასაკში მოინათლნენ და, მათი აზრით, ვერ
ჩასწვდნენ ნათლობის ჭეშმარიტებას. ანაბაპტისტები,
უმთავრესად, ხელოსნებისა და ქარგლებისაგან შედგებოდნენ და
არსებობდნენ გერმანიის სხვადსხვა ოლქში (საქსონიაში,
ფრანკონიაში, შვაბიაში ...). რადიკალური ანაბაპტისტების სექტა
არსებობდა ცვიკაუში, საიდანაც მათი ნაწილი გადასახლდა
ვიტენბერგში. ცვიკაუდან ვიტენბერგში გადმოსახლებული
სექტანტებს, რომლებიც თავიანთ თავს „ცვიკაუს მოციქულებს“
უწოდებდნენ, ახასიათებდათ უკიდურესი რადიკალიზმი. ისინი
მოითხოვდნენ სრულ თავისუფლებას რელიგიის საკითხში. ისინი
თვლიდნენ, რომ საღვთო წერილი არის ავტორიტეტი, რომელიც
85
წარმოადგენს ზეშთაგონებას. მაგრამ უფრო მაღლა აყენებდნენ
შინაგან შთაგონებას, რომელსაც იღებდა მორწმუნე ადამიანი
უშუალოდ სული წმინდისაგან. მათ სწამდათ საყოველთაო
მღვდლობა. ამრიგად, ისინი უარყოფდნენ სასულიერო წოდების
უპირატესობას, უარყოფდნენ ბავშვების ნათლობას. მონათვლა
უნდა მომხდარიყო სრული შემეცნებით, ზრდასრულ ასაკში.
ხატების თაყვანისცემას ისინი უწოდებდნენ კერპთაყვანისცემას,
მათი მოთხოვნით, ვიტენბერგის ეკლესიიდან გაიტანეს ხატები.
ვიტენბერგში მიმდინარე ამ პროცესების გამო აღშფოთებული
ლუთერი 1522 წელს დაბრუნდა ვიტენბერგში. ის თავის
ქადაგებებში მოუწოდებდა ქალაქისა და მთავართა
ხელისუფლებისადმი მორჩილებისაკენ.
ლუთერის მოწინააღმდეგეთა შორის ერთერთი
მნიშვნელოვანი ფიგურა იყო, მისი ყოფილი მიმდევარი ტომას
მიუნცერი. იგი დაიბადა 1490 წელს ჰარცის ოლქში, შტოლბერნში.
მან მიიღო საუნივერსიტეტო განათლება. იყო თეოლოგიის
დოქტორი. ჰალეში, სადაც ის მღვდლად მოღვაწეობდა, მან დაიწყო
ბრძოლა კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგ. ის რეფორმაციაში
ხედავდა სამყაროსა და ეკლესიის საყოველთაო განახლებას და ამ
პროცესს იღებდა როგორც ნიშანს ღმერთის ნების დამკვიდრებისა,
როდესაც არ იქნება არავითარი ძალაუფლება ხალხზე გარდა
უფლის ნებისა. მიუნცერი დარწმუნებული იყო, რომ განახლება
ეკლესიაში განხორციელდებოდა ღვთის ნებით, მაგრამ ხალხის
მოქმედებით, რომელიც უფალმა აირჩია თავის იარაღად.
ვიტენბერგის ეკლესიაში გამოჩდნენ ადამიანები, რომლებიც
სათავეში ჩაუდგნენ გარდაქმნების პროცესს ეკლესიაში. ერთ-ერთი
ასეთი მნიშვნელოვანი პიროვნება იყო ფილიპ მელანხტონი (1497-
1560). ის იყო ცნობილი თეოლოგი და ჰუმანისტი, რომელიც 1519
წლიდანვე დაუახლოვდა ლუთერს და მისი გარდაცვალების
შემდეგაც განსაკუთრებული როლი შეასრულა ლუთერის
86
ევანგელისტური მოძღვრების ჩამოყალიბებასა და სისტემაში
მოყვანაში. ის პროტესტანტული ეკლესიის ერთ-ერთი
დამფუძნებელთაგანი გახდა. ლუთერის არყოფნის პერიოდში
მელანხტონმა ვიტენბერგის უნივერსიტეტის სხვა პროფესორებთან
ერთად შეიმუშავა „საერთო სალაროს წესრიგი“. ამ პროექტის
თანახმად, ღვთისმსახურების ცენტრში ქადაგება იყო დაყენებული.
ეკლესიას უნდა ეარსება მრევლისაგან შემოწირულობის ხარჯზე,
რისთვისაც იქმნებოდა საერთო სალაროს წესრიგი, რომელიც
ახდენდა აკრეფილი თანხის გადანაწილებას. ერთი ნაწილი
ხმარდებოდა მოძღვართა შრომის ანაზღაურებას, მეორე ნაწილი
ქველმოქმედებას. რეფორმირებულ ეკლესიებში შემცირდა ხატების
რაოდენობა, სამაგიეროდ, გაიზარდა მუსიკის როლი, რომელშიც
სიტყვა და მელოდია შერწყმულია ერთმანეთთან.
მიუნცერმა და ცვიკაუს მოციქულებმა ვიტენბერგში
აქტიურად დაიწყეს თავიანთი რევოლუციური იდეების
განხორციელება. ისინი მოითხოვდნენ მდიდრებისათვის ქონების
ჩამორთმევას და ღარიბებისათვის დარიგებას.
ლუთერი, შეშინებული ბიურგერების მოწვევით, სასწრაფოდ
დაბრუნდა ქალაქში და შეუდგა ქადაგებას ანაბაპტისტების
წინააღმდეგ. მან საერო ხელისუფლების საკითხთან დაკავშირებით
დაწერა სპეციალური თხზულებები, სადაც ავითარებდა
მოსაზრებას საერო ხელისუფლების მიერ რეფორმაციის
განხორციელების შესახებ. მიუნცერი და მისი მომხრეები
აგრძელებდნენ თავიანთი იდეების გავრცელებას და საბოლოოდ
თავი ქალაქ მიულჰაუზენს შეაფარეს.
რეფორმაციულ მოძრაობის დასაწყისში გამძაფრდა
ურთიერთობები გერმანიის სხვადასხვა სოციალურ ფენებს შორის,
რაც აღინიშნა აჯანყებებით. 1522 წლის გაზაფხულზე აჯანყდნენ
რაინდები ფრანკონიელი რაინდის ფრანც ფონ ზიკინგენის
მეთაურობით, რომლის მეგობარიც იყო ცნობილი ჰუმანისტი
87
ულრიხ ფონ ჰუტენი. 1522 წელს ზიკინგენმა მოიწვია რაინდების
კრება ქალაქ ლანდაუში, სადაც ომი გამოუცხადა მთავრებს.
ზიკინგენს მცირე შეიარაღება ჰქონდა, ის იმედს დიდ სახალხო
აჯანყებაზე ამყარებდა. მან იერიში მიიტანა ტრირზე. ტრირის
არქიეპისკოპოსის მხარდასაჭერად სამხედრო ძალები გაგზავნეს
ჰესენის ლანდგრაფმა ფილიპმა და საქსონიის მთავარმა. ზიკინგენი
იძულებული გახდა, მოეხსნა ალყა ქალაქისათვის.
ლანდსკნეხტებმა არტილერიის საშუალებით აიღეს აჯანყებულთა
ციხესიმაგრეები და დაამარცხეს ისინი. ზიკინგენი სასიკვდილოდ
დაიჭრა, ხოლო ჰუტენმა გაქცევა მოახერხა.

გლეხთა ომი

XV საუკუნიდან გერმანიაში გლეხთა მდგოამარეობა ძალიან


მძიმე იყო. იზრდებოდა მიწაზე მიმაგრება, ბეგარა, ღალა, გლეხებს
ართმევდნენ სათემო მიწებს. ამის გამო გახშირდა გლეხთა
აჯანყებები ფარული კავშირების მეთაურობით. რადგანაც
გლეხები ერთ-ერთ დიდ მჩაგვრელად მიიჩნევდნენ ეკლესიას,
გლეხებში ვრცელდებოდა რეფორმაციული იდეები და გლეხთა
გამოსვლები აღინიშნებოდა რეფორმაციული იდეებით.
თავისი განსხვავებული ხასიათის გამო, გლეხთა ომის
მიმდინარეობა იყოფოდა სამ რაიონად: 1) სამხრეთ დასავლეთ
შვაბიის რაიონი, 2) ფარნკონიის 3) საქსონია ტიურინგიის რაიონი.
პირველად აჯანყებამ იფეთქა შვაბიაში, შტიულინგენის
სალანდგრაფოში, 1524 წლის ზაფხულში. აჯანყება დაიწყო
სტიქიურად. შემდეგ წვრილი რაზმები გაერთანდნენ სამ დიდ
რაზმად. მათ შორის უმნიშვნელოვანესი იყო 10 ათასიანი რაზმი
ჰანს მიულერის მეთაურობით, რომელმაც აიღო ქალაქი
ვალდსგუტი. თავდაპირველად შვაბიაში დიდი გავლენით
სარგებლობდნენ მიუნცერის მიმდევრები. მათ შეადგინეს

88
პირველი პროგრამა - „მუხლობრივი პროგრამა“. მასში
განვითარებული იყო რევოლუციური იდეები. ისინი
მოუწოდებდნენ გლეხებს, შეექმნათ ქრისტიანული გაერთიანება,
რომელიც აიღებდა ძალაუფლებას.
გლეხების დიდი ნაწილი არ თანაუგრძნობდა ამ გაბედულ
პროგრამას. 1525 წლის გაზაფხულზე გლეხების ზომიერმა
ნაწილმა, რომელზეც დიდი გავლენა მოახდინეს ლუთერის
მიმდევრებმა, შეადგინა თავისი პროგრამა „12 თეზისი“. ამ
პროგრამაში ჩამოყალიბებული იყო შემდეგი ძირითადი
მოთხოვნები: ამიერიდან გლეხებს თვითონ უნდა აერჩიათ
თავიანთი პასტორი, რომელიც გერმანულ ენაზე იქადაგებდა
სახარებას; გაუქმებულიყო „მცირე მეათედი“, ხოლო „დიდი
მეათედი“ უნდა შეეკრიბათ საყდრის უხუცესებს, რომელსაც
აირჩევდა ხალხი. ამ გადასახადის ნაწილი მიეცემოდა პასტორს,
მეორე ნაწილი - ღატაკებს და უპოვრებს, ხოლო მესამე ნაწილი
გადაინახებოდა უბედური პერიოდისათვის - ომი და ა.შ.; უნდა
მოსპობილიყო პირადი ყმობა; შემსუბუქებულიყო საბატონო
ბეგარა, ასევე ღალა; გაუქმებულიყო მკვდარი ხელისუფლების
გადასახადი; ტყეები და სათემო მიწები დაბრუნებოდა ხალხს;
ყოველი თეზისი დასაბუთებული იყო საღვთო წერილით. ისინი
მიუთითებდნენ, რომ უარს იტყოდნენ იმ მოთხოვნაზე, რომლის
საღვთო წერილთან წინააღმდეგობასაც დაუმტკიცებდნენ.
შვაბიაში მიმდინარე აჯანყება ატარებდა გლეხურ ხასიათს,
მათგან განსხვავებით, ფრანკონიაში აჯანყებაში მონაწილეობდნენ
ბიურგერები. ფრანკონიაში შეიქმნა ოთხი რაზმი. პირველს („შავი
რაზმი“) ხელმძღვანელობდნენ ფონ მეცინგერი და ფონ ჰაიერი
(აზნაურები), მეორე (ე. წ. ჰაილბრონის) რაზმს ხელმძღვანელობდა
გლეხი მეცლერი და აზნაური ჰიპლერი, მესამე, „ნეკარის რაზმს“ -
გლეხი რორბახი და მეოთხე, „ნათელ რაზმს“ - რაინდი გერც ფონ
ბერლიხინგენი.
89
გლეხების მეორე პროგრამა შეადგინა ჰიპლერმა და ის
ცნობილია ჰაილბრონის პროგრამის სახელწოდებით. ეს პროგრამა
გამოხატავდა ბიურგერების ინტერესებს. ისინი მოითხოვდნენ:
საეკლესიო რეფორმას, საეკლესიო მიწების სეკულარიზაციას,
ეკლესიის გამოყოფას სახელმწიფოსაგან, ერთიანი სასამართლო
სისტემის შემოღებას, ხელსაყრელი პირობების შექმნას საშინაო
ბაზრის განვითარებისათვის, ერთიანი სამონეტო სისტემის და
საზომ-საწონის შექმნას. ამ პროგრამის გატარება მოასწავებდა
ბურჟუაზიული საზოგადოების დამყარებას. მისი დიდი ნაკლი
იყო ის, რომ გლეხების ინტერესები თითქმის არ იყო
გათვალისწინებული. ამიტომაც სპეციალურად გლეხებისთვის
შეთხზეს 12 თეზისის განმარტება, რაც წარმოადგენდა
ზემოთხსენებული 12 თეზისის განმეორებას.
მესამე რეგიონის - საქსონია-ტიურინგიის აჯანყებას
მეთაურობდა ტომას მიუნცერი, რომელიც 1525 წლის ბოლოს
დასახლდა ქალაქ მიულჰაუზენში და მისი მეთაურობით შეიქმნა
აჯანყების ცენტრი, სადაც ხალხმა შესძლო გაეტარებინა
რეფორმები. მიუნცერი ცდილობდა, ქალაქი გადაექცია საერთო
აჯანყების ცენტრად.
მალევე დაიწყო აჯანყების ჩასახშობად გერმანიის ქალაქების
და მთავრების გაერთიანება. აჯანყების ჩახშობას სათავეში ჩაუდგა
შვაბიური კავშირი, რომელიც ჩამოყალიბდა 1488 წელს და მასში
შედიოდა ოცზე მეტი ქალაქი, რამდენიმე მთავარი და ეპისკოპოსი.
კავშირს ჰყავდა კარგად შეიარაღებული დაქირავებული ჯარი,
რომელიც შედგებოდა 12 ათასი ლანდსკნეხტისა და 1200
ცხენოსნისაგან. ეს ძალა, მართალია, არ იყო საკმარისი, მაგრამ
კავშირის მთავარსარდალი წარმატებით აწარმოებდა
გამთიშველურ პოლიტიკას. აჯანყება ჯერ შვაბიაში ჩააქრეს და
შემდეგ გადავიდნენ ფრანკონიაში. საქსონია-ტიურინგიის
აჯანყების ჩახშობას სათავეში ჩაუდგნენ გერმანელი მთავრები; 16
90
მაისს დაამარცხეს ფრანკენჰაუზენის ბანაკი და რამდენიმე დღეში
ჩაახშეს აჯანყება. აჯანყების მეთაური ტომას მიუნცერი
სიკვდილით დასაჯეს.
აჯანყების ჩახშობას მოჰყვა საშინელი რეპრესიები.
მთლიანად დაღუპული გლეხების რაოდენობა 130 ათასს
შეადგენდა. იმ რაიონებს, სადაც ადგილი ჰქონდა აჯანყებას,
დაადეს დიდი კონტრიბუციები.
აჯანყებას რეფორმაციული მოძრაობის ბელადები
განსხვავებულად მოეკიდნენ. სახალხო რეფორმაციის ბელადი
ტომას მიუნცერი ბოლომდე აჯანყების ერთგული დარჩა
განსხვავებული იყო მარტინ ლუთერის დამოკიდებულება. 1525
წელს მან დაწერა მკვეთრი პამფლეტი, მიმართული გლეხების
წინააღმდეგ.

პროტესტანტიზმი

გლეხთა აჯანყების ჩაქრობის შემდეგ ლუთერანული


რეფორმაცია სოციალურად შევიწროვდა და იქცა მთავრებისა და
ბიურგერების იდეოლოგიად. იქ, სადაც გატარდა ლუთერანული
რეფორმები, ყველგან დაარსდა კონსისტორიები, რომელთა
მეშვეობითაც მთავრები გახდნენ საეკლესიო საქმეთა
ხელმძღვანელები.
ლუთერანული რეფორმა ხელსაყრელი აღმოჩნდა
მთავრებისათვის და ის სწრაფად გავრცელდა საქსონიაში,
ბრანდენბურგში, პომერანიაში, ჰოლშატაინში და სხვა ოლქებში.
1525 წელს, ტევტონთა ორდენის გროსმაისტერი ალბრეხტ
ჰოჰენცოლერნი გადავიდა ლუთერანობაზე და თავი გამოაცხადა
პრუსიის მთავრად. ამგვარად, კათოლიკურმა ეკლესიამ დაკარგა
მნიშვნელოვანი დასაყრდენი. რომის ეკლესიამ დათმობა ამჯობინა.

91
მან ნება დართო კათოლიკე მთავრებს, მიეთვისებინათ საეკლესიო
მიწები.
1526 წელს შეიკრიბა რაისხსტაგი შპაიერში, რომელმაც
დაადგინა, რომ ყოველ მთავარს უფლება აქვს, მიიღოს ის
სარწმუნეობა, რომელიც სურს, მხოლოდ მისი ქვეშევრდომები
აუცილებლად უნდა იზიარებდნენ მის რწმენას. ეს პრონციპი
საბოლოოდ გაფორმდა 29 წლის შემდეგ :“ვისიც არის
ძალაუფლება, მისივეა რწმენა“ “Cuius regio, eius religio”
ამ დროს გერმანიის იმოერატორი კარლ V არ იმყოფებოდა
გერმანიაში. მას არ მოეწონა შპაიერის რაიხსტაგის
გადაწყვეტილება, ამიტომ მისი აგენტები ყოველმხრივ აქეზებდნენ
კათოლიკებს მის წინააღმდეგ. 1529 წელს შპაიერში მოწვეულმა
შემდეგმა რაიხსტაგმა აკრძალა სეკულარიზაცია. ამის წინააღმდეგ
გამოვიდა 5 მთავარი და იმპერიის 15 ქალაქი. მათ გამოაცხადეს
პროტესტი, რის გამოც მათ უწოდეს პროტესტანტები
1530 წელს კარლ V-მ ზავი დადო საფრანგეთის მეფე ფრანსუა
I-თან, ჩავიდა გერმანიაში და აუგსბურგში მოიწვია რაიხსტაგი.
ლუთერანებმა სცადეს შეთანხმების დადება იმპერატორთან და
წარუდგინეს მას საკუთარი პროგრამა. ამ პროგრამის ავტორი იყო
ფილიპ მელანხტონი, ჰუმანისტი და ლუთერის უახლოესი
თანამებრძოლი. დოკუმენტს ეწოდება აუგსბურგის რწმენის
აღიარება “Confessio Augustana”. ამ დოკუმენტით ლუთერანულმა
ეკლესიამ ჩამოყალიბებული სახე მიიღო.
ლუთერანული ეკლესიის გარეგნული სახე შემდეგნაირად
იქნა ჩამოყალიბებული: ეკლესიის მეთაური, პაპის ნაცვლად,
გახდა მთავარი. გამარტივდა საეკლესიო ღვთისმსახურება,
ეკლესიიდან ამოიღეს სანთლები, კულტის გარეგნული ნიშნები,
დატოვეს მხოლოდ ორღანი. შვიდი საიდუმლოებიდან ეკლესიაში
დარჩა მხოლოდ ორი: ნათლობა და ზიარება, გაუქმდა ცელიბატი

92
და სამონასტრო ცხოვრება, ღვთისმსახურების ენა დახდა
გერმანული.
ლუთერანების პროგრამა კარლ V-მ არ დაამტკიცა. მან
მათთან საუბარიც არ მოისურვა და დაემუქრა კიდევაც, მაგრამ
მალევე მოუწია წასვლა იტალიაში, საიდანაც ის 15 წელი არ
დაბრუნებულა.
1531 წელს შმალკალდენში პროტესტანტებმა შეადგინეს
კავშირი. ასეთი კავშირი აუცილებელი იყო, რადგანაც იზრდებოდა
სახალხო რეფორმაცია ანაბაპტისტების მეთაურობით, რომელბიც
გაყოფილნი იყვნენ ორ მიმდინარეობად: მშვიდობიან სექტებად და
მიუნცერის მიმდევრებად. ანაბაპტისტები მრავლად ცხოვრობდნენ
ჰოლანდიაშიც იან მატისის და იან ლეიდენელის მეთაურობით.
1534 წლის დამდეგს მატისი და ლეიდენელი ჩავიდნენ
მიუნსტერში, სადაც თავმოყრილი იყო გერმანელი ანაბაპტისტების
დიდი ნაწილი. 1534 წლის თებერვლის დამლევს მატისის
ხელმძღვანელობით მიუნსტერელმა პლებეებმა მოახდინეს
გადატრიალება და ძალაუფლება გადავიდა რევოლუციონერი
ანაბაპტისტების ხელში. მათ მიუნსტერი გამოაცხადეს მეორე
იერუსალიმად, სადაც, მათი აზრით, განხორციელდებოდა
ქრისტეს ათასწლიანი ბატონობა. მათ ქალაქიდან გააძევეს
მოწინააღმდეგეები, მოსპეს ხატები, მოახდინეს ქალაქის ქონების
კონფისკაცია რესპუბლიკის სასარგებლოდ, რომელსაც სათავეში
ჩაუდგა 12 მამასახლისი. გამოცხადდა, რომ ყველა მოქალაქეს
ოქრო-ვერცხლი უნდა ჩაებარებინა რესპუბლიკისათვის. მოსპეს
ფული და შემოიღეს ნატურალური გაცვლა, მოაწყვეს საერთო
სასადილოები, ქალაქის სახელოსნოები. გაუქმებულად
გამოცხადდა ყველა წოდება, მათ შორის ამქრები.
ქალაქის ეპისკოპოსი და მისი მომხრეები ცდილობდნენ,
ბოლო მოეღოთ მიუნსტერის კომუნისათვის. ბრძოლა 16 თვე
გაგრძელდა. კომუნა საბოლოოდ დაამარცხეს 1535 წლის 25 ივნისს.
93
ეს იყო რევოლუციური ანაბაპტიზმის უკანასკნელი გამოვლინება,
თუმცა ეს მოძღვრება მაინც არ მომკვდარა.
XVI საუკუნის 40-იან წლებში პროტესტანტებმა დიდ
წარმატებებს მიაღწიეს. 1547 წელს დაიწყო ომი იმპერატორსა და
შმალკალდენის კავშირს შორის - ე. წ. შმალკალდენის ომი. იგი ორი
წელი გაგრძელდა, რის შედეგადაც კავშირი დამარცხდა. 1548 წელს
გერმანიაში გაიმარჯვეს იმპერატორის მომხრეებმა და
კათოლოკებმა. იმავე წელს გამოქვეყნდა კანონი, რომლის ძალითაც
გერმანიაში ყველგან უნდა აღდგენილიყო კათოლიციზმი და
განადგურებულიყო პროტესტანტობა. თუმცა მალევე გერმანელი
მთავრები დაუპირისპირდნენ იმპერატორს, რომელსაც სურდა
კათოლიციზმის იდეის გამოყენება ცენტრალიზებული
ხელისუფლების შესანარჩუნებლად. 1555 წელს გერმანიის
იმპერატორი იძულებული გახდა, რელიგიური ზავი დაედო
მთავრებთან. ეს ზავი იმეორებდა შპაიერის რაიხსტაგის
პრინციპებს.
1556 წელს კარლ V გადადგა და კიდევ ერთხელ დასამარდა
მსოფლიო უნივერსალური მონარქიის იდეა. გერმანიის
იმპერატორის გვირგვინი გადაეცა მის ძმას ფერდინანდ I-ს,
რომელმაც მიიღო გერმანიის და ავსტრიის მიწები, ის ასევე გახდა
ჩეხეთისა და უნგრეთის მეფე, ხოლო კარლ V-ის ვაჟის ფილიპ II
ხელში გადავიდა ესპანეთი. ასე გაიყო ჰაბსბურგები ორ შტოდ.
ტახტიდან გადადგომის შემდეგ, კარლ V ბერად შედგა და
აღესრულა 1558 წელს.
რაც შეეხება მარტინ ლუთერის ცხოვრების ბოლო პერიოდს,
ის ძირითადად მოღვაწეობდა ვიტენბერგში, თუმცა მისი
ავტორიტეტი უდიდესი იყო რეფორმატორებისათვის, როგორც
გერმანიაში, ასევე მის საზღვრებს გარეთ. მარტინ ლუთერი 1525
წელს დაქორწინდა ასევე ყოფილ მონაზონზე კატარინა ფონ
ბორაზე. ლუთერი ძალიან ბევრს მუშაობდა. ის კითხულობდა
94
ლექციებს უნივერსიტეტში, წარმოსთქვამდა ქადაგებებს, წერდა
წერილებს, პამფლეტებს, რეფორმატორული ხასიათის ნაშრომებს
და მუსიკალურ ნაწარმოებებს მესისათვის. მარტინ ლუთერი
გარდაიცვალა 1546 წელს თავის მშობლიურ ქალაქ აისლებენში.
დაკრძალულია ვიტენბერგის ეკლესიაში.

საკითხავი ლიტერატურა

გეთიაშვილი ა. ადრეული რეფორმაციის წარმომადგენლები, თბ.,


2008
ერაზმ როტერდამელი. მშვიდობის ჩივილი, თარგმანი გ.
კუტალიასი, თბ., 1993
კუტალია გ. მარტინ ლუთერის თეზისები, თბ., 1998

კუტალია გ. მარტინ ლუთერის საზოგადოებრივ-პოლიტიკური


იდეები რეფორმაციის ეპოქის გერმანიაში, თბ., 2000
ნამორაძე ა. კოლუმბი და ამერიკის აღმოჩენა, თბ., 1975
ნიკოლო მაკიაველი. მთავარი, თარგმნა და კომენტარები დაურთო
ბ. ბრეგვაძემ, თბ., 1984

ტივაძე გ. შუა საუკუნეების ისტორია, ტ. II, თბ., 1970


ტომას მორი. უტოპია, თარგმნა და კომენტარები დაურთო ნ.
გომართელმა, თბ., 1983

ფრანსუა რაბლე. გარგანტუა და პანტაგრუელი, თარგმანი ე.


ბაგრატიონისა, თბ., 1973

ფრანცისკ ასიზელი. მზის საგალობელი თარგმნა ბ. ჯავახიამ. თბ.,


2000

95
შუა საუკუნეების ისტორია, სახელმძღვანელო უმაღლესი
სასწავლებლების სტუდენთათვის, თბ., 2005
შუა საუკუნეების ისტორია, ტ. II, ს. სკაზკინისა და ო. ვაინშტაინის
რედაქციით, თბ., 1949
ჯავახია ბ. XIII საუკუნის დაპირისპირებანი. ინოკენტი III-ის
ასკეტური ტრაქტატი. შუა საუკუნეების ისტორიის საკითხები, III,
თბ., 2001, გვ. 31-44
ჯეფრი ჩოსერი. კენტერბერიული მოთხრობები, თბ., 1977

Brady Th. Handbook of European History 1400-1600: Late Middle Ages,


Leiden 1994 http://books .google.com/books?id
=BFs9oYP8P8sC&printsec=frontcover&dq= late+middle+age&lr=#v=
onepage&q =late%20middle%20age&f=false
Burke Peter. The European Ranaussance. Blackwell publishers LtD 108,
Cowely Roud, Oxford, 1998
Burns J.H. , Goldie M. The Cambridge History of Political Thought,
1450-1700, Cambridge, 1991
Cantor N. F. Civilization of the Middle Ages. A Completely Revised and
Expanded Edition of Medieval History. The Life and Death of a
Civilization, New York, 1993
Coleman J. A history of political thougth: From the Middle Ages to the
Renaissance, 2002
Conrad Ch. , Kessel M. Geschichte schreiben in der Postmoderne.
Beitrag zur aktuellen Diskussion, Sttuttgart, 1994

Das Mittelalter. Die Welt der Bauern, Burger, Ritter und Monche,
Munchen, 2001
Das Mittelalter. Ein Lesebuch zur Geschichte, Minchen, 1997
96
Der Mensch der Renaissamce, Herausgegeben von E. Garin, Essen, 2004
Du Boulay F.R.H. Germany in the Later Middle Ages, London, 1983
Estep W. Renaissance and Reformation, New York, 1986
http://books.google.com /books?id=
dUENoh0ey4QC&dq=late+middle+age&lr=&source=gbs_navlinks_s
Europe in the Central Middle Ages, Harlow, 2000
Ferguson W.K. Europe in Transition, 1300-1520, Boston, 1962
Goetz H-W. Moderne Mediavistik, Stand u. Perspektiven der
Mitteelalterforschung, Darmstadt, 2001
Hale John. The Civilization of Europe in the Renaissance, Fontana
Press, London, 1993
Handbook of European History 1400-1600: Late Middle Ages,
Renaissance and Reformation, by T. Brady, J. Tracy, H. Obermann, 1995
http://books.google.com/ books?id=0HqoVsg6gycC& printsec =
frontcover&dq= history+of+middle+ages&lr=#v=onepage&q=&f=false

Hankins J. Humanism and the Origins of Modern Political Thought, 2


vols, in The Cambridge Companion to Renaissance Humanism, ed. J.
Kraye (Cambridge, 1996), pp. 118-41

Hilsch P. Mittelalter (Grundkurs Geschichte 2) , Frankfurt/Main, 1995


Jones J.A. Europe 1500-1600, Thomas Nelson and Sons, 1997
http://books.google.com/books?id=
3CVcZQj1TIcC&printsec=frontcover&dq=late+middle+age&lr=&source=
gbs_similarbooks_s&cad=1#v=onepage&q=&f=false
Jones M. The New Cambridge Medieval History, 2000
Keith Thomas. Religion and Decline of Magic, London, 1971

97
Klapisch-Zuber Cristiane. Women, Family and Ritual in Renaussance,
Chicago, 1985
Koenigsberger H.G. George L. Europe in the Sixteenth Century, Harlow,
2002
Later Medieval Europe, 1250-1520, by D. Waey and P. Denley, Harlow,
2001,
Myron P. Gilmore, The World of Humanism 1453-1517, New York and
Evanston, Harper Ro, Publisgers, 1962

Pettegree A. Europe in the Sixteenth Century, Oxford, 2002


http://books.google.com/books?id=
3RK8XOAJvKkC&printsec=frontcover&dq=late+middle+age&lr=&source
=gbs_similarbooks_s&cad=1#v=onepage&q=late%20middle%20age&f=fal
se
Pettegree A. The Reformation World, London 200
http://books.google.com/books?id=QJj2C9xleIs
C&printsec=frontcover&dq=late+middle+age&lr=&source=gbs_similarbo
oks_s&cad=1#v=onepage&q=late%20middle%20age&f=false
Renaissance Europe; Age of Recovery and Reconciliation, De Lamar
Jensen, second edition,1992
Richardson Glenn. Reconstructions in Early Modern History, The
Reigns oh Henry VIII, Francis I and Charles V, London, 2002
The Reformation, 1520-1559, ed. By G.R, Elton, New Cambridge
Modern History, Vol.II, Cambridge, 1958

The Renaissance, Basic Interpretacions, second edition, Edited and with


an introduction by Karl H. Dannenfeldt, D.C. Heath and Company,
Lexington, Massachusetts Toronto, 1974

98
Theuerkauf G. Die Interpretation historischen Quellen. Schwerpunkt:
Mittelalter, Padeborn, 1997
Бокль Т. История цивилизации в Англии В 2-х томах, С-Пб., 1866
Гарэн Э. Проблемы итальянского Возрождения, М., 1986
Гене Б. История и историческая культура средневекового Запада,
М., 2002
Гуревич А.Я. Категории средневековой культуры, М.,1984
Гуревич А.Я. Культура и общество средневековой Европы глазами
современников, М., 1989
Гуревич А.Я. Средневековый мир. Культура безмолвствующего
большинство, М.,1990
Дюби Ж. Средние века, М.. 2000
История средних веков под ред. С. П. Карпова, I, М., 2000
Ле Гофф Ж. Другое средневековье, Екатеринбург, 2002
Ле Гофф Ж. Цивилизация средневекового Запада, Екатеринбург,
2005
Флори Ж. Идеология меча, С-Пб,1999
Хейзинга Й. Осень средневековья, М., 1988

99

You might also like