You are on page 1of 1

ცნობილია, რომ რუსეთი საქართველოში გატარებული დემოგრაფიული ექსპანსიის

პოლიტიკით ყოველმხრივ ცდილობდა დემოგრაფიული ვითარების შეცვლას,


ისტორიულად ჩამოყალიბებული რაოდენობრივი დემოგრაფიული ბალანსის დარღვევას
და არც მალავდა თავის კოლონიზაციურ პოლიტიკას. ვინმე ს. კრივენკო აცხადებდა:
“კავკასია მხოლოდ მაშინ გადაიქცევა რუსეთის საკუთრებად, როცა ამ ქვეყანაში ათიოდე
რუსს კი არ დავასახლებთ, არამედ ასი ათასობით… უკეთესი იქნება, რომ ადგილობრივ
მცხოვრებთ იარაღი ავყაროთ და მათ შორის ყველგან რუსები დავასახლოთ”.1 ეს აზრი
არაერთხელ გამოითქვა რუსულ პრესაში, რასაც ყოველთვის ეხმაურებოდა გაზეთი
“ივერია.”2 რუსეთის ხელისუფალთა მიზანი იყო, შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ
სანაპიროდან გაესახლებინათ მკვიდრი მოსახლეობა და მდინარე ენგურის შესართავამდე
ყაზახ-რუსები დაესახლებინათ. მაგალითად, როგორც ა. დიაჩკოვ-ტარასოვი აღნიშნავს,
1870-იან წლებში რუსეთის შიდა გუბერნიებში დაიგზავნა მოსაწვევი განცხადებები
აფხაზეთში საცხოვრებლად მსურველთა ჩამოსასახლებლად. კერძოდ, იაროსლავის
გუბერნიიდან მოელოდნენ მებოსტნეებს.3 ამ დროს აქ დასახლებაზე უარს მხოლოდ
ქართველებს ეუბნებოდნენ. “ივერიამ” არაერთი პუბლიკაცია დაბეჭდა იმის შესახებ, რომ
ქართველი გლეხობა მიწის დიდ ნაკლებობას განიცდიდა, უაღრესად უჭირდა თავის რჩენა
და ასეთ ვითარებაში თავის ქვეყანაში თავისუფალ მიწებზე დასახლების უფლებას არ
აძლევდნენ იმ მიზეზით, რომ მთავრობას სურდა, შავი ზღვის ნაპირა ადგილები რუსი
გლეხებით დაესახლებინა და არა ქართველებით.4 “ივერია” ქართველი გლეხობის
სამართლიან მოთხოვნებს ყოველმხრივ ასაბუთებდა და მხარს უჭერდა. გაზეთი
დაუნდობლად იბრძოდა აგრეთვე ქართველი ერის ტომობრივი დანაწილების, მის მიმართ
ყოველგვარი ანტიეროვნული გამოვლინების წინააღმდეგ, ფართო საგანმანათებლო
მუშაობას ეწეოდა ეროვნული შეგნების ამაღლებისათვის.
მე-19 საუკუნეში ილია ჭავჭავაძემ მთელი რიგი პუბლიცისტური წერილები მიუძღვნა გარე
მიგრაციის, ქორწინებისგარეშე შობადობის, უკანონოდ შობილთა უფლებების დაცვის,
სქესთა მეორეული თანაფარდობისა და სხვა საკითხებს. მას განსაკუთრებით აღელვებდა
საქართველოში იმიგრაციული პროცესის დაწყება, რაც სულ უფრო ფართო მასშტაბებს
იღებდა. ამ მოვლენის მთავარ მიზეზად მას ეკონომიკური პირობების გაუარესება მიაჩნდა:
“გამრავლება ხალხისა და ვიწროობა ადგილ-მამულისა… როცა სიცოტავე ადგილ-
მამულისა ვეღარ უძღვება ხალხს, როცა ვეღარა ჰკვებავს, მაშინ სხვა რა გზაა, თუ არ აყრა
და სხვაგან ძებნა ახალის ბედისა.”5 აღნიშნული მიზეზით მამა-პაპის ადგილებიდან აყრასა
და უცხო მხარეში გადასახლებას ილია დიდ უბედურებად მიიჩნევდა, მით უმეტეს,
“იმისთანა ქვეყანაში, როგორიც ჩვენია, საცა მკვიდრი, ერთხელ ერთს ადგილას
დაბინავებული კაცი ძნელად გამოიმეტებს ხოლმე თავის მამა-პაპის ბინას და მიწა-წყალსა,
დიდის სიმძიმით და გულისტკივილით ჰშორდება იმ ადგილს, საცა დაბადებულა, საცა
უმოქმედია, ოფლი და სისხლი უღვრია მამა-პაპასა, საცა ულოცნიათ, უჭირნახულიათ,
ულხენიათ და დასასრულ საცა დამარხულან; საცა ყოველივე ეს იმისთანა ზნეობრივს
კუთვნილებას შეადგენს ადამიანისას, რომლის დაკარგვა, რომელზედაც ხელის აღება
ჩვენის გლეხკაცისა თუ კეთილშობილისათვის ხორციელ სიკვდილზედ ნაკლები აღარ
არის, იქ მამა-პაპისაგან დაშენებულის, დადებულის ბინის აშლა, აგვა, გათახსირება და
სხვაგან ძებნა ბედისა, – იქ აყრა და სხვაგან გადასვლა იმისთანა მიზეზს უნდა მიეწეროს,
რომელსაც ხალხის თვალში აღარა მოევლება – რა, აღარა ეშველება – რა.”6 ამ მიზეზს
მართლაც არაფერი ეშველა. ილია ჭავჭავაძეს მოჰყავს ფაქტები რაჭიდან ოსეთში
ათეულობით კომლის გადასახლებისა და შესაბამის ღონისძიებებსაც სახავს ამ პროცესის
შესაჩერებლად, მაგრამ ამ 125 წლის განმავლობაში, მიუხედავად სხვადასხვა მთავრობის
მიერ მიღებული დადგენილებებისა, საქმეს მაინც არაფერი ეშველა

You might also like