You are on page 1of 1

ვეფხისტყაოსანი — XII საუკუნის ქართველი პოეტის, შოთა რუსთაველის ჩვენამდე მოღწეული

ერთადერთი პოემა. შედგება პროლოგის, ძირითადი ნაწილისა და ეპილოგისაგან. შინაარსის


მხრივ, ვეფხისტყაოსანი რთული ნაწარმოებია; აქ ორი პარალელური ამბავია მოთხრობილი —
არაბეთისა და ინდოეთისა, თუმცა ორივე მათგანი ერთმანეთთან სიუჟეტურად დაკავშირებულია.
პოემა მდიდარია პერსონაჟებით. დაწერილია შაირის სტილში, თექვსმეტმარცვლიანი საზომით.

დღემდე მოღწეული არაა ტექსტის პირვანდელი ვარიანტი; უძველესი ხელნაწერი, რომელიც


დღეისათვისაა ცნობილი, XVI საუკუნით თარიღდება. საუკუნეების განმავლობაში პოემის
ტექსტი იცვლებოდა, ინტერპოლატორების (ყალბისმქნელების) მიერ ხშირად ემატებოდა ახალი
სტროფები, ზოგჯერ კი მთელი თავებიც; დღეს პოემის ეს დამატებული თავები
„ვეფხისტყაოსნის გაგრძელებების“ სახელითაა ცნობილი.

დღემდე მოღწეულია ვეფხისტყაოსნის 160-ზე მეტი ხელნაწერი წიგნი. ბეჭდურად პოემა


პირველად 1712 წელს ვახტანგ VI-ის მიერ გამოიცა. ვეფხისტყაოსნის ზოგიერთი ხელნაწერი
ნუსხა გაფორმებულია მდიდრული ორნამენტებითა და მინიატიურებით. სხვადასხვა მხატვრის
მიერ შექმნილია ილუსტრაციები. პოემა გადათარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე.

შუა საუკუნეებშიც და შემდეგ დროშიც ვეფხისტყაოსანი დიდ როლს ასრულებდა ქართველი ერის,
განსაკუთრებით კი ქართული ლიტერატურის თვითმყოფადობის საკითხებში; ვეფხისტყაოსანი
ქართველთათვის ერთ-ერთ საყვარელ წიგნად რჩებოდა. მისი გავლენა კიდევ უფრო მეტად
გაიზარდა ახალი დროის ქართველ მწერლებში. დღეს ვეფხისტყაოსანი მსოფლიო ლიტერატურის
ერთ-ერთ შედევრად ითვლება.

You might also like