You are on page 1of 6

ესთეტიკა

სტუდენტი: ნინი გოქაძე (არქიტექტურა, III კურსი)


ლექტორი: სესილი ძებნიაური

ჩემი ესთეტიკური განცდები , შეფასებები და მოსაზრებები


დღევანდელი ხელოვნების (Contemporary art) შესახებ.

ამ ერთ დიდ ტრაგიკულ, დრამატულ ველზე, თუკი ვინმეს რამე


უგრძვნია, თუკი ვინმე ოდნავ მაინც დაახლოებულა ადამიანურ სინაზეს, თუკი
კაცობრიობას რამე გამოცდილება შეუგროვებია, ემოციური, გრძნობადი
გამოცდილება, ყველაფერი ერთად ხელოვნებაშია ჩანთხეული. და ეს წამიერი,
მარადჟამულადქცეული, სიკვდილთან იბრძვის, რომ ალტამირას
გამოქვაბულებიდანაც მოგვიყვეს ჩვენი ადამიანთა მოდგმის ისტორია. Der Zeit
Ihre Kunst (ეპოქა თავისი ხელოვნებით). ანუ ხელოვნება, ასახავს ეპოქას, ასახავს
იმ ეპოქის ადამიანს, აგვსახავს ჩვენ, შენც, მეც... და ამ დაუსრულებელ
ცირკულაციაში შენც ისევე მნიშვნელოვანი ხარ, როგორც შემოქმედი,
რომელმაც ცისკენ აიზიდა მხრები და უბრალოდ პირველი გადაეშვა დიდი
დაძინების ქარაფიდან, რომელიც, უეჭველია, ჩაგვითრევს ყველას და
მოგვწვდება , ოღონდ ყველას სხვადასხვანაირად, მაგრამ ამ თამაშში ყველანი
ერთად ვართ, დიდ გაშლილ იისფერ ველზე.

და თუ ხელოვნება ასახავს ეპოქას, გამოდის, რომ დღევანდელი,


თანამედროვე ხელოვნება აგვსხავს ჩვენ, ჩვენი საზოგადოების დრამას.
რაღაცები მარტივდება დროსთან ერთად, რაღაცები სახეს იცვლის, სრულიად
იცვლება ან იკარგება. მაგრამ ყველაფერი გამომდინარეობს იმ დროის, იმ
ეპოქის ადამიანის ინტერესებიდან, სურვილებიდან და გამოცდილებებიდან. ამ
გადაღლილ, ქაოტურ, ხმაურიან, დაბინძურებულ,ამერიკის სუნით გაჟღენთილ
ყოფაში, ჩნდება ბასკია, რომელიც ცდილობდა დაეხატა ურბანული პეიზაჟი,
ჩნდება უორჰოლი თავისი ფილოსოფიით, რომლის მიხედვითაც მომავალში
ყველა მოიპოვებს თავისი დიდების 15 წუთს, ანუ ჩვენ ერთ დღეს თუნდაც სულ 15
წუთით ყველანი გავხდებით შემოქმედები, პატარა ცხოვრების დიდი
ხუროთმოძღვრები.

მე რომ მკითხოთ რა არისო ყველაზე დიდი ხელოვნება,


დაუფიქრებლად დავეთანხმები მას, ვისაც ბოლოს მაინც აჯობა ნაზარეველმა
და ვიტყვი, რომ მუსიკაა ყველაზე დიდი ხელოვნება, ჩვენ კი ყველას გვაქვს
ჩვენი უნიკალური მელოდია, უბრალოდ არ ვუწყით ხოლმე. და თუ ვისაუბრებთ
მუსიკაზე, რომელიც მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან იქმნებოდა და იქმნება,
მე გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ ცხოვრებაში არასდროს არაფერი არ
მიგრძვნია ისეთი, არასდროს არ ვყოფილვარ ისეთი ამაყი და მხდალი,
როგორც მაშინ, როცა პირველად, ერთ დროს, ძალიან დიდი ხნის წინ, ერთ
პატარა გოგოს მამამ მოასმენინა ,,Pink Floyd” და ასე დაიწყო ყველაფერი... Let’s
Rock. მე მიყვარს როკი, მიყვარს ბიჭები, რომლებიც უსმენენ როკს, მიყვარს
გოგონები, რომლებსაც უყვართ ბობ დილანი, რომელთაც სწამთ, ბოუის
წითელი ჩექმების. მე underground-ში სახეაწითლებული, ,,Depeche Mode’’-ზე
აცეკვებული, ოფლდადენილი გოგო-ბიჭებიც მიყვარს, ვინც ამ მუსიკაში
პოულობს საკუთარ პერსონალურ იესოს. მე ძალიან ბევრი ბგერა მიყვარს, რაც
მეოცე საუკუნის ბოლოს და ოცდამეერთე საუკუნეში შექმნილა. მე მჯერა,
თეთრებშიგამოწყობილი ჯონ ლენონის, რომელიც ამბობს, რომ ,,War is over”.
მჯერა, ყველა იმ ხელოვნების, რომელიც აჯანყებას შეუქმნია, რადგან
ნამდვილი ხელოვანი ყოველთვის ქმნის რაღაც არატენდენციურს, რაღაც
ახალს, რაღაც აჯანყებულს, წითელ ფურცელზე ხატავს წითლად და გულის
სიღრმეში ყოველთვის სწყურია სიმშვიდე დილით.

მე მიყვარს თანამედროვე კადრები, მოძრაოებები, ფერებში


განსხეულებული. მიყვარს მუსიკის ფონზე აცეკვებული უმა თურმანი, შავ
თმაში, მიყვარს, როგორც აერთიანებს თანამედროვე კინო, ფერს, მუსიკას,
ფორმას, სიუჟეტს, მომწონს რასაც ყვება, როგორც ყვება. მომწონს,
ალმადოვარის პარადოქსული პერსონაჟები, მიყვარს როგორ თამაშობენ მასში
საოცრად უშნო და საინტერესო გარეგნობის ადამიანები. როგორ გვაჩვენებენ
რეჟისორები, ეს ყველაზე დიდი დიქტატორ- დირიჟორები თანამედროვე
ადამიანურ დრამას. მიყვარს, როგორც მაჩვენებს თანამედროვე კინო ერთი
შეხედვით ჩვენთვის თითქოს უბრალო, მაგრამ ჩვენს გვერდით მომხდარ
ამბებს. საოცრად აღმაფრთოვანებს ფერმკრთალი ტილდა სვინტონი, როგორ
ეწაფება ჯარმუშის ფილმში სისხლს, რომ გააგრძელოს ცხოვრება, მაშასადამე
სიყვარული. მომწონს რაც ხდება ბერლინის ცაზე ვენდრესთან, მიყვარს ,,პარიზ
ტეხასის’’ დრამა და სიყვარულის ასე დანახვა.

რა გველაპარაკება პირდაპირ ისტორიაზე? ეპოქაზე? თუ არა


არქიტექტურა, მატერიად ხორცშესხმული ხელოვნება, ადამიანთა
თავშესაფარი, ახლა უფრო მეტად კომფორტის ზონა. სახე ჩვენი, ხალხის,
ქალაქების, ქვეყნების. იქ სადაც ორგანულად უნდა ერწყმოდეს ერთმანეთს
გარემო, ფორმა, ფუნქცია, ადამიანი. პოსტ სოვიეტური არქიტექტურა, რომლის
კვალი ჩვენ ქვეყანაშიც საკმაოდ შემორჩენილა, ნაწილია ჩვენი ისტორიის.
ისტორიას კი პატივისცემა სჭირდება. მე შეიძლება უბრალოდ
რომანტიზებულად ვუყურებდე ამ საკმაოდ ბრუტალურ ბეტონის ჯუნგლებს,
მაგრამ მომწონს ,მიზიდავს, თითქოს მისტიკურ ელფერს დაატარებს მეოცე
საუკუნის სოვიეტური არქიტექტურა, რომელიც რადიკალურად განსხვავდება
ოცდამეერთე საუკუნის არქიტექტურისგან, რომელშიც ხშირად მოიხელთებენ
ჰარმონიული კონსტრუქციების აგებას. 21-ე საუკუნე საკმაოდ მდიდარია
ნიჭიერი არქიტექტორებით, რომლებიც ოსტატურად ახერხებენ ისტორიასთან
ერთად ათამაშონ ფორმები. ფრენკ გერის იდეალური ფერები და ფორმები,
ნუთუ შეიძლება ადამიანი მის შემოქმედებას უყურებდეს და არ აღფრთოვანდეს
ამ შეშლილი არქიტექტორის თამაშით, რომელიც ჩვეულებრივი ფანტასტიკის
ჟანრია. ტადაო ანდო თავისი მინიმალიზმით, როგორ შეიძლება არ გაოცებდეს
ადამიანს...

როგორ შეიძლება არ გაფიქრებდეს, საოცარ ნეტარებას არ


განიჭებდეს, როცა კითხულობ და ხვდები, რომ მწერალთან ერთად მონაწილე
ხარ წიგნის წერის, შენც ისევე დააბიჯებ მურაკამის პლიაჟზე, როგორც კაფკა. რა
ბედნიერებაა, როცა შეგიძლია ამორჩიო, ამოხსნა, თუ სად მიდიან ნიუ იორკის
ცენტრალ პარკის ტბაზე მცხოვრები იხვები ზამთარში, როცა ტბა იყინება.
ჩვენშიც დადის, არსებობს ის, ვინც ამ გამარტივებულ ყოფაში
ქმნის ღირებულს, მართლა, წმინდად, კენტად და წყვილად ღირებულს. მე
ბედნიერი ვარ, რომ ცხოვრებაში პირველს მომიწია რაღაცების ნახვა, იმ
სივრცეში სადაც ყოველდღე მიწევს ყოფა,ჩემი მეგობრების სივრცეში. დიახ,
არსებობენ ირგვლივ ადამიანები, ვინც იქნებ გუშინ გვერდიც კი ჩაგიარეს,
ვინებიც ქმნიან ღირებულს, ამავდროულად თანამედროვეს, ვინც არათუ
ტენდენციურები, არამედ დიდი ნოვატორები არიან. მაგრამ სახელოვნებო
სივრცე, განსაკუთრებით ჩვენს ქვეყანაში, დღეს მაინც ასე თუ ისე მკვდარია.
დიდ გამოფხიზლებას ელოდება, რომელიც, ვინ იცის, როდის დადგება. ვინ
იცის, როდის დაიბადება ვინმე ირაკლი ჩარკვიანის მსგავსი, რომელიც იტყვის,
რომ გაჩნდა ეპოქის წარმოსაშობად. ვინ იცის, როდის ივლიან ისევ დიდი
გენიოსები რუსთაველის გამზირზე, რადგან რაღაცები უკვე დასრულდა. დიდი
ეპოქა, რომელსაც ფერწერის ეპოქა ერქვა, ჩემთვის დასრულდა, ამოიწურა.
რაღა უნდა მოხდეს მეტი, იყო დავინჩი, იყო პიკასო, ბანანი მივაკარით
კედელზე, პოლოკმა გაგვწუწა, რაღა უნდა მოხდეს? ჩემი აზრით ფერწერა
ამოიწურა და ყოველი მცდელობა, გაკეთდეს რამე მასში იქნება ამაო, რადგან
ის უბრალოდ აღარ არსებობს, სრულიად ფუნქციადაკარგულია თანამედროვე
მხატვრობა. დიახ, დღესაც იქმნება ღირებული მუსიკა, კინოც, იქმნება
ლიტერატურა, მაგრამ არა მხატვრობა. მისი მომავალი ბუნდოვანი და ძალიან
გაურკვეველია.

დიახ, მეც ამ თამაშში ვარ ჩათრეული, როგორც ყველა, მაგრამ


იშვიათად მაქვს შემფასებლის როლი მორგებული, რადგან დღევანდელი,
თანამედროვე ხელოვნება, არ მოითხოვს შეფასებას, ის გვაიძულებს ფიქრს და
გვჩუქნის შეგრძნებებს. და რა არის ხელოვნება, თუ არა მეტაფორა, და
არავითარ შემთხვევაში სიმბოლო, რადგან სიმბოლო თავისივე არსით
დასაზღვრულია. თანამედროვე ხელოვნება კი ,სამართლიანად, ყველაზე
მეტაფორულია. თქვენ აქ შეხვდებით, მარტივ ფორმებს, სიტყვებს, ფერებს
დიდი შინაარსებით. არჩევანი თქვენზეა, აქ თქვენ წერთ, წერტილსაც თქვენ
სვამთ, მაგრამ ვერასდროს ვერ გახდებით ამ საქმეში მმართველები, რადგან
მაინც არსებობს რაღაც მიმართულება, გზა, რომელიც მოგეცათ, თქვენ
უბრალოდ ამ გზას ისე ასრულებთ, როგორც თქვენ გინდათ. აქ თქვენს
დაბადებას სხვა წყვეტს, გარდაცვალებას კი თვითონ ირჩევთ. თქვენ ბეტონის
სახლებიდან იშვით და ეზიარეთ რაღაც მისტერიულს, ეცადეთ, რომ
ხელოვნებაში გაგრძელდეთ, ზეთის ხილის პლანტაციებში ითარეშეთ, რადგან
აზრი მხოლოდ ერთს აქვს და დიახ, თანამედროვე ხელოვნებაც ვერ იქნება
გამონაკლისი, აქაც ვნების სიმძაფრე შენებაშია და არა აშენებულით ტკბობაში,
სადაც ხელოვანი და მნახველი ერთად აშენებს. რა მომხიბვლელი
თანამშრომლობაა არა?

You might also like