You are on page 1of 6

კოლხური თეთრი

საქართველო ანტიკური ხამყაროს ერთ–ერთი პირველი ქვეყანაა, სადაც მოიჭრა მონეტა, როგორც
ფულადი მიმოქცევის ძირითადი საშუალება და ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალა. დიდი
ხნის მანძილზე გაურკვეველი იყო თუ როდის მოიჭრა პირველი მონეტა კოლხეთში. ადრე
ფიქრობდნენ, რომ ეს ძვ. წ. IV საუკუნეში მოხდა, ხოლო შემდეგ ეს თარიღი ძვ. წ. V საუკუნეში
გადმოიწია. თუმცა საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული არქეოლოგიური გათხრების
შედეგად აღმოჩენილი ნუმიზმატიკური მონაპოვარის კვლევის შედეგად დადგინდა, რომ უკვე
ძვ.წ. VI ს-ში კოლხეთის სამეფოს ტერიტორიაზე იჭრება ვერცხლის მონეტები, რომლებიც
სამეცნიერო ლიტერატურაში "კოლხური თეთრის" სახელითაა ცნობილი. დღეისათვის ითვლება,
რომ ეს მონეტა იჭრებოდა და აქტიურად მიმოიქცეოდა კოლხეთის სამეფოში ძვ. წ. VI-III
საუკუნეებში. საინტერესოა, რომ კოლხური თეთრი მოჭრის ტექნიკითა და შესრულების
მხატვრული დონით არაფრით ჩამოუვარდება ანტიკური სამყაროს თანადროულ ნუმიზმატიკურ
ძეგლებს.

რაც შეეხება კოლხური თეთრის მოჭრის ადგილს, მეცნიერთა ნაწილი თვლიდა, რომ ის კოლხეთის
სამეფო ხელისუფლება ჭრიდა, ხოლო ნაწილის აზრით კი ის კოლხეთის შავი ზღვის სანაპიროზე
მდებარე ბერძნულ ახალშენში ქალაქ ფაზისში იჭრებოდა. აღნიშნულის დამამტკიცებელ ერადერთ
საბუთად შეიძლება მიიჩნევა ზოგიერთი მონეტის ბერძნული ასოები. არის ვარაუდი, რომ
კოლხური თეთრი ქვეყნის სიღრმეში მდებარე სამეფო ზარაფხანაში, მაგალითად, ანტიკური
პერიოდისთვის დაწინაურებულ პოლიტიკურ ცენტრ ვანში იჭრებოდა. თუმცა შესაძლებელია
ზარაფხანა ქვეყნის დედაქალაქში მდებარეობდა, თუნდაც ქუთაისში. ბოლომდე გარკვეულია
მხოლოდ შემდეგი: ეს ფულადი ნიშნები კოლხეთისთვის იჭრებოდა და ძირითადად დასავლეთ
საქართველოს ტერიტორიაზე გამოიყენებოდა. ძველ სამყაროში საკუთარი ფულის ნომინალი
გააჩნდათ ეკონომიკურად და პოლიტიკურად ძლიერ სახელმწიფოებს, შესაბამისად, იგულისხმება,
რომ კოლხეთიც ასეთ სახელმწიფოს წარმოადგენდა.

გიორგი მელიქიშვილის აზრით: ,,კოლხური მონეტები ძირითადად გავრცელებულია ბათუმსა და


სოხუმს შორის მდებაზე ტერიტორიაზე, რომელიც შეადგენდა კოლხეთის სახელმწიფოს ძირითად
ტერიტორიას ძვ. წ. VI-IV საუკუნეებში. მოჭრილია ისინი სწორედ იმავე პერიოდში, ამასთანავე, ეს
მონეტები უფრო მეტად გავრცელებულია არა ზღვისპირა ზოლში, არამედ კოლხეთის შიდა
რაიონებში. ეს ერთ-ერთი საბუთია, იმ მოსაზრების სასარგებლოდ, რომ ამ მონეტებს კოლხეთის
სახელმწიფო ხელისუფლება სჭრიდა. ამავეს უჭერს მხარს მონეტებზე მოთავსებული
გამოსახულებების კავშირი ადგილობრივ კულტურულ-რელიგიურ წარმოდგენებთან. ქ. ხონში
ნაპოვნი განძის მონეტის ერთ-ერთი ეგზემპლარი დამზადების პროცესში მყოფი ჩანს (ერთი მხარე
გლუვი აქვს), რაც, აგრეთვე მათ ადგილობრივ დამზადებაზე მეტყველებს. კოლხური თეთრი
გავრცელებული იყო კოლხეთის სამეფოს მთელ ტერიტორიაზე და ასევე კოლხეთის სამეფოს
მიმდებარე ტერიტორიებზე. ყირიმში ნიმფეის არქაულ ტაძრის გათხრის დროს ძვ.წ. VI საუკუნის
მეორე ნახევრის ფენაში აღმოჩდა კოლხური პითოსების (დიდი ზომის ჭურჭლის) ნამსხვრევები
კოლხური ვერცხლის მონეტებთან (კოლხურ თეთრთან) ერთად. გარდა ამისა კოლხური თეთრი
აღმოჩენილია ხერსონესში; სოჭის რაიონში; ტრაპეზუნტის მიდამოებში; ქართლში – არმაზში და
სხვ.).

კოლხური თეთრის არსებობა ნათელს ხდის იმ დროინდელი კოლხეთის სამეფოს სოციალურ


ეკონომიკურ მდგომარეობას. გ. მელიქიშვილის მოსაზრებით კოლხური მონეტების გავრცელება
კოლხეთის სამეფოში და მათი აღმოჩენა სხვა ქვეყნებში, ისევე უცხოური მონეტების აღმოჩენა
დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე,ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ მონეტის ინტესიური
მიმოქცევა დამახასიათებელია კოლხური საზოგადოებისთვის, რაც მისი სოციალურ-ეკონომიკურ
განვითარების მაღალ დონეზე მიუთითებს. ეს გულისხმობს სასაქონლო წარმოებისა და ვაჭრობის
დიდი განვითარებას, პროფესიულ ვაჭართა სოციალურ ფენის არსებობას. ყოველივე ეს მოწმობს,
რომ კოლხური საზოგადოება ამ დროს სახელმწიფოს წარმოადგენდა. დასავლეთ საქართველოში
კოლხური თეთრი ნაპოვნია ათასობით, განძის სახით. ისტორიული ცნობები და არქეოლოგიური
გათხრები ადასტურებენ რომ, კოლხეთის სახელმწიფოს ქონდა საკუთარი ფულადი ერთეული,
რაც იმ პერიოდის მსოფლიოსთვის უიშვიათეს მოვლენას წარმოადგენდა.
როგორც ქართულ ისტორიოგრაფიაში აღნიშნავენ, კოლხური მონეტა ერთ–ერთი მთავარი
საბუთია ძვ. წ. VI საუკუნეში დასავლეთ საქართველოში კლასიკური ტიპის პირველი ქართული
სამეფოს არსებობის დასამტკიცებლად. დიდია კოლხური თეთრის მნიშვნელობა ძველი ქართული
ღვთაებათა პანთეონის შესასწავლად, რადგანაც მონეტებზე ხშირად გამოისახება წარმართული
ღმერთები. კოლხურ თეთრზე ძირითადად გამოსახულნი არიან ადგილობრივი რელიგიური
კულტის მატარებელი ცხოველები. მათ შორის ყველაზე ინტენსიურადაა მთვარის ღვთაების
სიმბოლო-ხარის თავი და წამოწოლილი ლომი, რომელიც კოლხეთის მთიანეთში წმინდა
ცხოველად ითვლებოდა (ისევე როგორც იბერიაში). ხარის კულტი დამახასიათებელი იყო
კოლხებისათვის.

კოლხური თეთრის რამდენიმე ტიპი და ნომინალი არსებობს. ჩვენამდე მოღწეულ ერთეულებს


შორის უდიდესია ე.წ. ტეტრადრაქმა (ანუ ოთხდრამიანი მონეტა). მისი აღწერილობა ასეთია:
შუბლი - იშვიათი ხელოვნებით შესრულებული დაღრენილი ლომის თავის გამოსახულება -
მარცხნივ. ზურგი - ჩაჭდეულ კვადრატში მოთავსებული ფრთოსანი რაშის პროტომა (წინა ნაწილი)
მარჯვნივ. წონა 13; 10,40; 12,72 გრ. მსოფლიოში სულ სამი ასეთი მონეტაა ცნობილი. დაცულია
ჰააგის, ბრიტანეთისა და საქართველოს სახელმწიფო მუზეუმებში. სამივე მონეტა უპასპორტოა
(უცნობია მათი აღმოჩენის დრო, ადგილი და ვითარება), მაგრამ, მიუხედავად ამისა, მათი
მსგავსება დანარჩენ კოლხურ მონეტებთან იმდენად აშკარაა, რომ სპეციალისტების მიერ თითქმის
ერთხმად მიჩნეულია კოლხურ ნუმიზმატიკურ ძეგლებად. თარიღდება ეს მონეტა ძვ.წ. VI ს.

შემდეგ მოდის დიდრაქმების (ორდრაქმიანი) რიგი. ყველაზე ადრეული მათ შორის ძვ.წ. VI ს-ის
უკანასკნელი მეოთხედით თარიღდება და, ძირითადად, ასეთი სახე აქვს: შუბლი - მწოლიარე
ლომის გამოსახლება - მარჯვნივ, რომელსაც დაღრენილი თავი მარცხნივ აქვს მობრუნებული.
ზურგი - ჩაჭდეულ სწორკუთხედში მოთავსებული მუხლმოდრეკილი ხარის თავიანი ადამიანის
ფიგურა მარჯვნივ. (დიდრაქმების წონა 8-11 გრამის ფარგლებში მერყეობს). სამეცნიერო
ლიტერატურაში აღწერილი მონეტა I ტიპის კოლხური დიდრაქმის სახელწოდებით აღინიშნება.
ისიც საკმაოდ იშვიათია. სამი ცალი ინახება საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში, ორი -
ერმიტაჟში, თითო-თითო ცალი ქუთაისის, ბრიტანეთის, ბერლინისა და ბოსტონის მუზეუმებში.
აქედან - ოთხი დას. საქართველოს ფარგლებშია აღმოჩენილი (ფოთს და ზუგდიდის რ-ნის სოფ.
ახალსოფელში ს. (მაკალათია, ახალი ტიპის კოლხური მონეტების აღმოჩენა, საქ. სახელმწიფო
მუზეუმის მოამბე, ტ.XIV, 1947, გვ.425-428)), რაც ქართულ ნუმიზმატიკურ ძეგლებისადმი მათი
მიკუთვნების მტკიცე საფუძველს ჰქმნის. ასევე იშვიათია II ტიპის კოლხური დიდრაქმა, რომლის
შუბლზე გამოსახულია ხაზოვან რკალში ჩასმული ადამიანის თავის პროფილი მარჯვნივ, ხოლო
ზურგზე ერთმანეთის საპირისპიროდ ადამიანის ორი ისეთივე თავი, როგორიც მონეტის შუბლზეა
გამოსახული. II ტიპის დიდრაქმაც რამდენერმეა ნაპოვნი ძველი კოლხეთის მიწა - წყალზე (ფოთი,
ახალსოფელი). მას ძვ.წ. V ს-ით ათარიღებენ.
III ტიპის კოლხურ დიდრაქმას ჩვენამდე არ მოუღწევია. იგი სხვა კოლხურ მონეტებთან ერთად
აღმოჩენილა 1910 წ. ფოთში და თავის დროზე ხელთ ჩავარდნია ჩეხ მეცნიერს, ე.პოხიტონოვს.
ამჟამად ეს მონეტა დაკარგულია. საბედნიეროდ, ე.პოხიტონოვს დარჩენია მისი ჩანახატი,
რომელიც გამოაქვეყნა კიდეც. II ტიპის დიდრაქმისაგან იგი იმით განსხვავდება, რომ ზურგზე
ადამიანია თავების ნაცვლად ერთმანეთს დაპირისპირებული ხარის თავებია გამოსახული
(კაპანაძე, ქართული ნუმიზმატიკა, 1969, გვ.28). ეს მონეტა II ტიპის დიდრაქმის სინქრონულია.
ძვ.წ. V ს-ით თარიღდება აგრეთვე ქუთაისის მუზეუმში დაცული უნიკალური მონეტა, რომელიც,
მართალია, უპასპორტოა, მაგრამ ტიპოლოგიური, სტილისტური და ფაქტურული ნიშნებით
იმდენად ახლოა სხვა კოლხურ მონეტებთან, რომ ის გამოჩენილმა საბჭოთა ნუმიზმატმა
ა.ზოგრაფმა უყოყმანოდ მიაკუთვნა კოლხურ მონეტათა რიცხვს. ამ მონეტის შუბლზე
გამოსახულია ლომის თავი პირდაპირ, ზურგზე კი, ჩაჭდეულ კვადრატში მოთავსებულია ხარის
თავი - მარჯვნივ.

გარდა მსხვილი ნომინალებისა, იჭრებოდა აგრეთვე კოლხური თეთრის მცირე ნომინალებიც,


კერძოდ, ნახევარდრაქმები ანუ ტრიობოლები. კოლხური ტრიობოლები ორი ტიპითაა ჯერ-
ჯერობით წარმოდგენილი. I ტიპის ნახევარდრაქმები ძალიან იშვიათია. მათი მსოფლიო მარაგი
ოთხი ცალით განისაზღვრება. ამასთანავე ყველა მათგანი საქართველოშია მიკვლეული
(ახალსოფელსა და ქობულეთში). მას ასეთი სახე აქვს: შუბლი - დაღრენილი ლომის თავის
მარჯვენა პროფილი. ზურგი - ჩაჭდეულ კვადრატში მოთავსებული მარჯვნივ მიმართული ძუ
ლომის პროტომა. წონა: 2,21 – 2,61 გრ.

კოლხურ მონეტებიდან ყველაზე გავრცელებულ სახეობას II ტიპის ნახევარდრაქმა წარმოადგენს.


იგი ათასობითაა აღმოჩენილი დას.საქართველოს ტერიტორიაზე. ტერმინი ”კოლხური თეთრი"
თავდაპირველად სწორედ ამ მონეტებს აღნიშნავდა. ისიც უნდა ითქვას, რომ სწორედ მათთან
ერთობლივი აღმოჩენის ფაქტებმა და მსგავსებამ დიდად შეუწყეს ხელი დანარჩენი ტიპების
გენეზისის ახსნას. ამ მონეტების საშუალო წონა 2 გრ-ია. შუბლზე გამოსახულია ხაზოვან ან
წერტილოვან რკალში ჩასმული მარჯვნივ მიმართული ადამიანის თავი, ზურგზე - ასევე მარჯვნივ
მიმართული ხარის თავი.

ამ ეტაპზე I ტიპის ნახევარდრაქმებს ძვ.წ. V, ხოლო II ტიპის ტრიობოლებს ძვ.წ. V -IV სს.
ათარიღებენ. სამწუხაროდ, კოლხური თეთრის საიდუმლოება ჯერ კიდევ არ არის მთლიანად
გახსნილი. მიუხედავად იმისა, რომ მის შესახებ საკმაოდ მრავალრიცხოვანი შრომები არსებობს, არ
შეიძლება ითქვას, კოლხურ თეთრის პრობლემასთან დაკავშირებული რომელიმე საკითხი
საბოლოოდ იყოს გადაჭრილი. ეს ეხება როგორც ამ სამონეტო ჯგუფის გენეზისს, ისე
დათარიღებასა და, განსაკუთრებით, მათზე ამოტვიფრულ, გამოსახულებათა ინტერპრეტაციას.
სრულებით გაუგებარია, მაგ. I ტიპის კოლხურ დიდრაქმის ზურგზე გამოსახული დაჩოქილი
ხარისთავიანი ფანტასტიკური არსების სემანტიკური მნიშვნელობა. ამასთან დაკავშირებით,
ძალიან საინტერესოა პროფ. ს.მაკალათიას მოსაზრება, რომ ეს ფიგურა მინოტავრის არქაულ სახეს
წარმოადგენს (7), მაგრამ ამ დებულებას დასაბუთება აკლია. ასევე არაა სათანადოდ
არგუმენტირებული II ტიპის დიდრაქმასა და ნახევარდრაქმაზე გამოსახული ადამიანის თავის
დაკავშირება ჰერასთან, დალისთან, რეა კიბელასა და მთვარის კულტთან.

აუხსნელია მცირერიცხოვან კოლხურ ტრიობოლებზე ამოტვიფრული ბერძნული ასოების (Ф.А.


МОКО) მნიშვნელობა, დასადგენია მისი ზუსტი ქრონოლოგია და ა.შ. ეს გარემოება, უპირველეს
ყოვლისა, კოლხეთში სამონეტო საქმის შესახებ პირდაპირი ცნობების უქონლობითა და ამ
მონეტების აბსოლუტური უმრავლესობის ან ეპიგრაფიული ხასიათითაა გამოწვეული. გარდა
ამისა, მეცნიერების განკარგულებაში ჯერ კიდევ არა საკმარისი მასალაა მტკიცე დასკვნების
გამოსატანად. განსაკუთრებით ეს კოლხური თეთრის მსხვილი ნომინალების შესახებ ითქმის.
ზემოთქმული განაპირობებს კოლხური თეთრის შესახებ გამოთქმულ მოსაზრებათა ჰიპოთეტურ
ხასიათს.

განსხვავებული მონეტები

კოლხურ მონეტებს შორის ყველაზე გავრცელებულია II ტიპის ნახევარდრაქმა, რომელიც დიდი


რაოდენობითაა ნაპოვნი დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, რომლის ერთ მხარეზე
ადამიანის თავია გამოსახული, მეორეზე კი – ხარის, უფრო იშვიათად ლომის. სამწუხაროა მაგრამ
კოლხურ მონეტებზე წარწერები არ გვხვდება, თუმცაღა არის გამონაკლისები - მხოლოდ
ზოგიერთზე გვხვდება ასოები MO, A, O, ან Ф. ყველაზე ხშირია MO-ასოებიანი მონეტები
(საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ასეთები ათზე მეტია), სხვა სახის წარწერიანი მონეტები
სულ თითო ეგზემპლარის სახითაა მოღწეული. ა. ბოლტუნოვა ფიქრობს, რომ ასო Ф-ში ფაზისის
სახელი შეიძლება დავინახოთ[5]. დანარჩენი ნიშნები, მ. ინაძის აზრით, შეიძლება ზღვისპირა
ქალაქების თანამდებობის პირთა ინიციალებს წარმოადგენდნენ[6]. დასავლეთ საქართველოში
კოლხური მონეტები ძირითადად გავრცელებულია სოხუმსა და ბათუმს შორის მდებარე
ტერიტორიაზე, ე. ი. სწორედ ძვ. წ. VI-IV სს. მეცნიერთა ერთი ჯგუფი თვლის რომ კოლხური
მონეტები იჭრებოთა თავად კოლხეთში. ქ. წულუკიძეში ნაპოვნ განძში მონეტის ერთ-ერთი
ეგზემპლარი დამზადების პროცესში მყოფი ჩანს (ერთი მხარე გლუვი აქვს), რაც თითქოს აგრეთვე
მათ ადგილობრივ დამზადებაზე მეტყველებს[7]. ხოლო მეორე ჯგუფი თვლის, რომ ეს მონეტები
შესაძლოა ზღვისპირა ბერძნულ ქალაქებში იყოს მოჭრილი[8]. ა. ზოგრაფს კოლხური მონეტების
ერთი ნაწილი მაინც ადგილობრივ ხელისუფალთა მიერ მოჭრილად მიაჩნდა[9]. კოლხური თეთრის
არსებობა ერთ-ერთი საბუთია იმისა, რომ ძვ. წ. VI-V საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს მიწა-
წყალზე სახელმწიფო არსებობდა.

ტეტრადრაქმა
წონა 13გ
დიდრაქმა I ტიპი
წონა 8-9გ

დიდრაქმა II ტიპი
წონა 8-9გ

დრაქმა
წონა 5.52გ
ნახევარდრაქმა I ტიპი
წონა 2.17გ

ნახევარდრაქმა II
წონა 1.2-1.6გ

ლიტერატურა

 დუნდუა გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, გვ. 597, თბ., 1980 წელი.
 მელიქიშვილი გ., საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. I, თბ., 1970, გვ. 280.
 კოლხური თეთრი, ძეგლის მეგობარი, №. 23, გვ. 11-19, თბ., 1970 წელი.
 ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ისტორიანი, №2(38), თებერვალი, 2014 წ.
 დ. კაპანაძე, ქართული ნუმიზმატიკა, თბ., 1950, გვ. 25-27.
 А.И. Болтунова, «Вестник древней истории», 1952, №4, გვ. 172
 Д . Г . Капанадзе и К . В . Голенко , К вопросу о происхождении колхидок , ВДИ , 1947, No 4, გვ .
91
 ა. ზოგრაფი Находки античных монет в Закавказье, გვ. 38.

You might also like