You are on page 1of 104

„ჭეშმარიტება ფანტასტიკაზე უფრო გამაოგნებელია“

ლოურენს მაქსველ კრაუსი

უცხო პლანეტა

უზარმაზარი მონსტრი დაიხარა და დახორკლილი ტყავით შემოსილი თავი


ისე მიუახლოვა, რომ ბოროტად მოელვარე მის თვალებში უკვე საკუთარ
გამოსახულებას ხედავდა. ნესტოებიდან გამოსული ოხშივარი სახეს უწვავდა და
პირიდან ჩამოღვენთილი ლორწოს სიმყრალე გულს ურევდა. პრეისტორიული ხანის
ცხოველმა დიდი, წითელი ენა გადმოაგდო და დაფჩენილ პირში ხმლებივით
ჩამწკრივებული კბილები გააელვა. მოკუნტულმა და აცახცახებულმა მსხვერპლმა
თვალები დახუჭა და ის იყო, სიცოცხლის ბოლო წამების ათვლა დაიწყო, რომ
მოულოდნელად, საიდანღაც, ჩაესმა: „ნუ გეშინია, პატარავ“. თვალები გაახილა.
დინოზავრი კვლავ მის წინ იდგა, ისევ მძიმედ ქშინავდა და ოხშივარადენილი
ნესტოებით, უკვე სახეზე ეხებოდა. მშველელი არსად სჩანდა.

აღარ უფიქრია. ადგილიდან შურდულივით მოსწყდა და უკანმოუხედავად


გაიქცა. გაურკვეველი მიმართულებით, თავაწყვეტილი გარბოდა. გაუვალ
ჯუნგლებში აწვართული გიგანტური ხეების ბარიკადებივით ჩახლართულ ფესვებს
მძლეოსანივით ახტებოდა, ორმეტრიანი ბალახი სახეს და სხეულს უსერავდა, ნოტიო,
რბილ მიწაში სირბილი უჭირდა, მაგრამ ძალღონეს არ ზოგავდა. დადევნებული
ურჩხულის ნაბიჯების ბრაგუნისგან, მიწა ზანზარებდა. გახშირებული ქოშინი და
ტოტების ლაწალუწი სულ უფრო უახლოვდებოდა, ხოლო თავში ზარივით რეკდა
ვიღაც უცნობის ხმა: „ნუ გეშინია, გაჩერდი.“ რა უცნაურია. ხმა არსაიდან მოდიოდა.
თითქოს, კი არ ესმოდა, მხოლოდ მისივე წარმოსახვის ნაყოფი იყო. მაგრამ არა.
აშკარად, ვიღაც ეძახდა.

ჩიტებივით აფრთხიალებულ ვეებერთელა მწერებს, რომლებიც გზას


უღობავდნენ და თავს ესხმოდნენ, ხელების ქნევით იშორებდა. ის იყო, მოშორებით
გაშლილი მინდორი დალანდა და გაიფიქრა, რომ უღრანი ტყიდან თავის დახსნით,
მტაცებელს გაექცეოდა, როცა ხის ტოტიდან გადმოკიდებული გიგანტური გველი
წელზე შემოეხვია, ელვის სისწრაფით, მაღლა აიტაცა, კუნთები მარწუხებივით
მოუჭირა და მოხრჩობა დაუწყო.

განწირული ხმით დაიყვირა და სიკვდილის მოლოდინში, თვალები დახუჭა,


მაგრამ... უცებ, გამაყრუებელი დარტყმის ხმა გაისმა, მახრჩობელა მოეშვა და მისგან
გათავისუფლებული მსხვერპლი მიწაზე აღმოჩნდა. მოულოდნელად ჩამოწოლილ
სიჩუმეს, მხოლოდ საიდანღაც გადმოღვრილი წყლის ჩხრიალიღა არღვევდა.
გაოგნებულს, თვალების გახელის ეშინოდა, არ უნდოდა დაჯერება, რომ მთელი ეს
საშინელება ცხადში იხილა. საკუთარ თავზე გაბრაზდა. 10 წლის ასაკში, ზღაპრების
აღარ უნდა შეშინებოდა. თუმცა, ძილში ხომ კოშმარი ყველას ესიზმრება.

„მაინც, რა იყო ეს, ა?“ - ფიქრობდა აქოშინებული და თვალდახუჭული. –


„საიდან მომაფიქრდა გიგანტური ცხოველები, მწერები... თითქოს, დინოზავრების
დროში გადავსახლდი. თან, როგორ ცხადად ხდებოდა ყველაფერი. ვეებერთელა
ხეები და გაუვალი ჯუნგლები... მაგრამ ეს რაა?“ - ცალი ხელი ხშირი ბალახით
დაფარულ, ნოტიო მიწაში ჩაეფლო, მეორეთი კი, წებოვან სითხეში ამოსვრილი
ტანსაცმელი მოსინჯა. თვალი გაახილა და... თვალწინ კვლავ საზარელი სურათი
გადაეშალა. – „გველი! გველი, რომელიც გაგუდვას მიპირებდა... ისევ ხეზეა
ჩამოკიდებული, მაგრამ... თავი გაჭყლეტილი აქვს, წყლის ხმა რომ მეგონა, მისი
სიხლი ყოფილა, თქრიალით რომ მოედინება, სულ სისხლით ვარ მოსვრილი. ნუთუ,
ყველაფერი ცხადად ხდება. რა ხდება, ვინ მოკლა?“

„მე მოვკალი.“

-ვინ შენ? ეს რა იყო? ვინ ლაპარაკობს?

ზურგსუკან ნაცნობი ქშენა მოესმა. გული შეეკუმშა, მაგრამ აღარ გაქცეულა.


შიშს მოერია და აცახცახებული, ძარღვებდაჭიმული, ნელა შემობრუნდა. მონსტრი,
რომელსაც ცოტა ხნის წინ თავქუდმოგლეჯილი გაექცა, მის წინ იდგა და დიდრონი
თვალებით შეჰყურებდა.

„ნუ გეშინია“. - ჩაესმა ისევ.

მიმოიხედა. ირგვლივ, სხვა არავინ ჩანდა. შოკისმომგვრელი იყო იმის


გააზრება, რომ დინოზავრი ელაპარაკებოდა. თუმცა, ცხოველი პირმოკუმული იდგა,
აღარც მისი ალესილი კბილები ჩანდა და არც ვეებერთელა ენა.

-შეენ?? - წარმოთქვა ჩურჩულით, ჯერ კიდევ დაეჭვებულმა და


თვალებგაფართოებულმა.

„კი, მე გელაპარაკები“. - თვალმოუშორებლად უპასუხა მონსტრმა.

-მაგრამ როგორ???

„არ ვიცი, შენთვის რამდენად გასაგები იქნება ეს ყველაფერი. ჩვენ ტელეპათიის


მეშვეობით ვამყარებთ კომუნიკაციას, ხმოვანი შეტყობინებების გაგზავნის გარეშე.“

-ვინ თქვენ? ტელეპათია კი გამიგია. მაგრამ ზუსტად არ ვიცი...


„ტვინის უჯრედებში მიმდინარე პროცესები გარკვეულ ქიმიურ რეაქციებთანაა
დაკავშირებული. ჩიპის მეშვეობით, რომელიც ჩემს თავშია ჩამონტაჟებული,
ტვინიდან მომდინარე იმპულსები თანამოსაუბრის გონებას გადაეცემა და იგივე
აპარატის მეშვეობით, უკუკავშირიც ხორციელდება. ამგვარად, ჩვენი აზრების
გაცვლა-გამოცვლა მიმდინარეობს. ამჯერად, მხოლოდ მე და შენ გვესმის ერთმანეთის
აზრები. თუ მოვისურვებ, შემიძლია, სხვებიც ჩავრთო საუბარში. შეგიძლია, საერთოდ
არ დაილაპარაკო, ისედაც გავიგებ, რას ფიქრობ.“

-რააა?

ჩაიმუხლა. თავზე ხელები შემოიჭდო და ქაოტურად აშლილი ფიქრების დალაგებას


შეეცადა.

„სიზმარში ვარ.“ - გაიფიქრა თუ არა, მყისვე, საპასუხო აზრი შეეგება.

„არა, ნიკა. ცხადში ხდება ყველაფერი.“

-ჩემი სახელიც იცი???

„რა თქმა უნდა.“

ნიკა კვლავ გაიმართა და მისკენ თავდახრილ დინოზავრს უფრო დაკვირვებით


შეხედა.

-ამიხსენი, რა ხდება. სად ვიმყოფები, როგორ აღმოვჩნდი ამ ჯუნგლებში ან


საიდან გაჩნდი შენ, ასეთი ცხოველები და მცენარეები? ან საიდან იცი, ვინ ვარ?

„შენ ახლა ჩვენი სამყაროს სტუმარი ხარ. ტელეპორტაციის მეშვეობით,


დროებით, ჩვენთან გადმოგიყვანე.“ - დინოზავრი უფრო დაიხარა, მუცლით, მიწას
განერთხა და უზარმაზარი თავი ხშირ ჯაგნარში ჩაფლო. ნიკას უკვე ყოველგვარი
შიში მოეხსნა. გიგანტური ხვლიკის ხორკლიან კისერს ხელით ეხებოდა და შეგუებას
ცდილობდა.

-რა სამყარო, რას მეუბნები, ვერაფერი გავიგე. და საერთოდ, რას გულისხმობ


სიტყვაში „ჩვენ“?

დინოზავრი ერთხანს ჩუმად იყო. მისი გონებიდან გამოჟონილმა ახალმა


შეტყობინებამ კი, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

„შენ ახლა დედამიწაზე არ იმყოფები, პატარავ.“

-რაო?! აბა სად ვიმყოფები?! რას ბოდავ, არ მესმის!

„შენ ახლა დედამიწიდან 235 სინათლის წლით დაშორებულ პლანეტაზე ხარ.


აქ, ჩვენმა ცივილიზაციამ განვითარების ისეთ საფეხურს მიაღწია, რომ შორეულ
მანძილზე ტელეპორტაცია და ტელეპათია, რაზეც თქვენ მხოლოდ ზედაპირული
თეორიული წარმოდგენა გაქვთ, ჩვეულებრივი, ყოველდღიური რუტინაა, ჩემი
სახეობის ნებისმიერი ცხოველი რომ ახორციელებს. ალბათ იცი, რომ ზუსტად
ჩვენნაირი ცოცხალი არსებები დედამიწაზე უკვე ცხოვრობდნენ და ისინი
ასტეროიდის ჩამოვარდნამ იმსხვერპლა. ჩვენ კი, გაგვიმართლა, რადგან მსგავსი
კატასტროფა ამ პლანეტაზე არ მომხდარა. დინოზავრთა ჩვენმა შტომ, მთელი
პლანეტის ცხოველთა და მცენარეთა სამყარო დაიმორჩილა და კარგა ხანია, სხვა
პლანეტებსაც ესტუმრა.“

-ზღაპარია ეგ ყველაფერი. სიზმარში ვარ, გავიღვიძებ და დასრულდება ეს


სისულელე.

„ერთ რამეში მართალი ხარ. ღრმა ძილში გადმოგიყვანე, შენი ოთახიდან ისე
მოგიტაცე, რომ აქ გადმოსვლამდე, არაფერი გაგიგია. მალევე უკან უნდა დაგაბრუნო,
რათა შენმა მშობლებმა ვერაფერი გაიგონ.“

-და რატომ, რისთვის გჭირდება ჩემთან ურთიერთობა?

ნიკა მაინც ხმამაღლა ლაპარაკობდა და ცდილობდა, დინოზავრის


ყურებისთვის მიეწვდინა ხმა. ვერ შეეჩვია, რომ ახალ ნაცნობს მისი ლაპარაკი
არაფერში სჭირდებოდა, ტვინის უჯრედებში გამკრთალ ფიქრებსაც კითხულობდა და
ზოგჯერ, ნაფიქრალის გახმოვანებამდე პასუხობდა.

„ეს უფრო რთული ასახსნელია. ამისთვის საჭიროა, რომ რაღაც გაჩვენო, რათა
საკუთარი თვალით ნახო, თუ სად იმყოფები და რა შესაძლებლობები გაგვაჩნია.
შეჯექი ჩემს ზურგზე, კისერს მოეჭიდე და მიგიყვან ისეთ ადგილას, სადაც უფრო
ნათელი წარმოდგენა შეგექმნება ყველაფერზე. რაც გაურკვეველი იქნება,
შეძლებისდაგვარად, აგიხსნი, მაგრამ შენც უნდა მენდო. ის, რის გამოც ახლა აქ
იმყოფები, მთელი თქვენი ცივილიზაციის ყოფნა-არყოფნის საკითხს ეხება. და არა
მარტო. ჩვენც დიდი რისკის წინაშე ვდგავართ.“

„მაინც სიზმარია და გავყვები, რა მენაღვლება.“ - გაიფიქრა ნიკამ და ვიდრე


მითითებულ ადგილს დაიკავებდა, პასუხიც მოისმინა.

„ერთ რამეში მართალი ხარ. არაფერს კარგავ. დილით ისევ დედამიწაზე,


მშობლიურ სახლში იქნები. ოღონდ, ერთი რამ დაიმახსოვრე: გვერდიდან არ
მომშორდე! იცოდე, რომ გზა, რომელიც უნდა გავიაროთ, ძალიან სახიფათოა და ჩემს
გვერდით დაცული იქნები.“

-და თუ არ გამოგყვები? - ჰკითხა ნიკამ, ვიდრე ხორკლიან სხეულს ხელს


მოკიდებდა.
„შენ ფიქრობ, რომ ამ ტყეში მხოლოდ ისეთი მტაცებლები ბინადრობენ, ცოტა
ხნის წინ თავი რომ გავუჭეჭყე?“

ორიოდე წუთში, ამ მოლაპარაკე დინოზავრის კეფაზე ჩაბღაუჭებული, 10


მეტრის სიმაღლიდან იყურებოდა და ექსტრემალური ატრაქციონის მგზავრივით
სუნთქვაშეკრული, თავს ციბრუტივით ატრიალებდა, რათა ახალი სამყაროს
მრავალფეროვნება სრულად შეეგრძნო. ასეთი რამ მხოლოდ ფილმებში ენახა. არა,
გაცილებით უფრო შთამბეჭდავი იყო. ლარივით აწვართული ხეების კენწეროები ჯერ
კიდევ მაღლიდან გადმოჰყურებდა. ირგვლივ კი, ათასი ჯიშის, უზარმაზარი ზომის
ცხოველი, ფრინველი თუ მწერი დაცოცავდა, დახტოდა, დაბაჯბაჯებდა,
დაფრინავდა, ხიდან ხეზე მალაყებს გადადიოდა. მაგრამ ნიკას თანამგზავრის ყოველ
ნაბიჯს, არა მარტო მრავალფეროვანი ფაუნის, ფლორის წარმომადგენლებიც კი გზას
უთმობდნენ. გიგანტური გვიმრები, შვიტები და ლიკოპოდიუმები იდრიკებოდნენ და
თითქოს, ქედს იხრიდნენ მის წინაშე. დინოზავრის პატარა მხედარმა წარმოიდგინა,
რომ წყალქვეშა გემში იჯდა და, ოკეანის ბინადრებით გარშემორტყმული, ტალღებს
ამაყად მიაპობდა.

-და შენ რა გქვია? ან რატომ გითმობს გზას ყველა ცხოველი და მცენარე?


ყველას ეშინია შენი? აქ რა, მცენარეებიც გემორჩილებიან? - ისევ ყვირილით ჰკითხა
ამაყად თავაღერილ დინოზავრს.

„ნუ ყვირი, რატომ წვალობ? შეგიძლია, მხოლოდ გაიფიქრო, მაინც მესმის


შენი.“ - არც სვლა შეუნელებია და არც თავი მიუბრუნებია, ისე უპასუხა დინოზავრმა.
- „ჩემი სახელის წარმოთქმა შენთვის შეუძლებელი იქნება. ორიგინალური ენა გვაქვს,
რომლის შესწავლას, დედამიწის მცხოვრებლები ვერ შეძლებთ. ამიტომაც,
უმჯობესია, თავად დაგვარქვა სახელები. შეგიძლია, უბრალოდ, დინო მიწოდო, ან
როგორც შენ გაგიხარდება.“

-დინო? როგორც მულტფილმის პერსონაჟს, არა? კარგი, იყოს დინო.

„მე ვიცი, რომ შენ ნიკა გქვია. თუმცა, აქაურ ენაზე შენი სახელი ნეირონთა
იმპულსების რთულ კომბინაციას წარმოადგენს. ჩვენი სამეტყველო საშუალებები
ისევე განსხვავდება ერთმანეთისგან, როგორც მაგალითად, ორობითი და ათობითი
სისტემა. რაც შეეხება იმას, რომ აქაურები გზას მითმობენ, ეს ბუნებრივია.
დინოზავრების რასა ამ პლანეტის ბატონ-პატრონია. ჩვენ მაღალგანვითარებული
ცივილიზაცია ვართ, ისეთი ტექნიკური და ინტელექტუალური შესაძლებლობებით,
რომლითაც ყველა სხვა არსებას ვიმორჩილებთ. მათ შორის, - მცენარეებსაც.
შესაბამისად, ყველა ცდილობს, რომ მოგვერიდოს. ვინც არ გვერიდება და
წინააღმდეგობას გვიწევს, იმ თავგაჭეჭყილი გველის ბედს იზიარებს. ის ჩვენს წესებს
არ დაემორჩილა. დაინახა, რომ მოგდევდი და მსხვერპლიც რომ ყოფილიყავი, ხელი
არ უნდა შეეშალა ჩემთვის. გზაზე გადამეღობა და ამიტომაც, დაისაჯა.“

ნიკას გააჟრჟოლა. დინოს სიტყვა დასრულებული არ ჰქონდა, რომ იმ გაშლილ


მინდორზე გავიდა, დევნის დროს ნიკამ უსაფრთხო ადგილად რომ დაიგულა.
თვალწინ საოცარი სანახაობა გადაიშალა. პრეისტორიული ხანის მფრინავ ხვლიკებს
უზარმაზარი ფრთები აეროპლანივით გაეშალათ და გასხივოსნებულ ჰაერში
დაშრიალებდნენ. ავად მოელვარე თვალებით, ნისკარტგაშვერილნი, გუშაგებივით
წრეზე მოძრაობდნენ და, თითქოს, ზვერავდნენ ვეებერთელა მინდორს,
აკონტროლებდნენ.

უცებ, ხელმარცხნივ, ნიკას თანამგზავრთან შედარებით, უფრო მომცრო ტანის,


მაგრამ თავის დედამიწელ თანამოძმეებზე რამდენჯერმე დიდი კურდღელი
ჯუნგლებს გამოეყო. კი, კურდღელი იყო, სქელი ბეწვით და გრძელი, დაცქვეტილი
ყურებით, მაგრამ ნიკასკენ მიპყრობილი მისი ანთებული თვალები სასიკეთოს
არაფერს მოასწავებდა. დედამიწის მცხოვრებთათვის სრულიად უწყინარი და
უსუსური ეს ცხოველი, ძლიერი უკანა თათებით და პირიდან გამოჩრილი გრძელი
ღოჯებით, თითო ჯერზე, 3 მეტრამდე მანძილს ფარავდა და აშკარად, ბიჭის
გაგლეჯის სურვილს ავლენდა. რამდენიმე ნახტომით, იმდენად მიუახლოვდა, რომ
დინოზავრის ზურგზე შეხტომას თავისუფლად შეძლებდა.

-დინო, მგონი, ეს თავდასხმას გვიპირებს! - ძლივს ამოღერღა პირგამშრალმა


ნიკამ.

„ნუ ღელავ. ვერ გაბედავს და თუ გაბედავს, საკადრის პასუხსაც მიიღებს.“ -


მშვიდად უპასუხა უცხოპლანეტელმა მასპინძელმა, რომელიც ისე აუჩქარებლად
მიაბიჯებდა, თითქოს მასთან მიძუძგურებული, გააფთრებული ცხოველი არც კი
არსებობდა.

მტაცებელ კურდღელს კი, მსუნაგობამ სიფრთხილე დაავიწყა. ის იყო,


დაკუნთულ თათებზე ჩაიმუხლა და ნახტომისთვის მოემზადა, რომ ყურისწამღები
ჭყივილით და ფრთების ტყლაშუნით, თავზე მფრინავი ხვლიკი დააცხრა. მძლავრად
მოქნეულმა ნისკარტმა, გიგანტ ყურცქვიტას თავის ქალა გაუხვრიტა და სული
ადგილზე გააფრთხობინა. ნიკამ ამოსუნთქვაც ვერ მოასწრო, რომ მხრებში ვიღაცის
ბასრი ბრჭყალები ჩაევლო, მაგრამ ვიდრე სხეულში ჩაერჭობოდა, ისევ ნაცნობი
ჭყივილი მოესმა და ახალი მოძალადისგან იმწამსვე გათავისუფლდა. ზემოთ აიხედა
და თვალებს არ დაუჯერა. დიდი, არწივისოდენა მტრედი და მეორე მფრინავი
ხვლიკი ნისკარტებით კორტნიდნენ და ასახიჩრებდნენ ერთმანეთს. ის იყო,
თავდამსხმელმა დინოს მცველის ფრთას ჩაუნისკარტა, რომ ორთაბრძოლაში მეორე
მფრინავი ხვლიკიც ჩაერთო, მტრედს დაჭრილ ყელში ნისკარტი ჩაასო,
სასიკვდილოდ გამოფატრა და თანამოძმე ფრთოსანი გადაარჩინა.

არემარე ჭრილობებიდან თქრიალით წამოსული სისხლით მოირწყა. ნიკას


გული ერეოდა. მსგავსი სისასტიკე ფილმებში არაერთხელ უნახავს, მაგრამ რეალობა
გაცილებით შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. ცდილობდა, თავი შეეკავებინა, რათა
ახალშეძენილი მეგობრისთვის, დამატებითი საზრუნავი არ გაეჩინა, მაგრამ ერთი
სული ჰქონდა, ამ კოშმარიდან თავს როდის დააღწევდა.

-დინო, რა ხდება, გამაგებინე? რამ გაამხეცა ეს კურდღელი და მტრედი ან


ამხელები როგორ გაიზარდნენ? ძალიან მეშინია. სად ჯანდაბაში მივდივართ,
გამაგებინე. კიდევ ბევრი უნდა ვიაროთ? - ნიკა სიტყვებს და აზრებს თავს ვეღარ
უყრიდა და თან, აკანკალებული, უკან მიმდინარე, არანაკლებ შოკისმომგვრელ
სანახაობას თვალებგაფართოებული უყურებდა. მფრინავმა ხვლიკებმა პირდაპირ
ბრძოლის ველზე გააჩაღეს ნადიმი და ნასისხლარ-ნაოფლარი ნანადირევის
უშველებელი ნისკარტებით მირთმევა დაიწყეს. ცაში კი, ტყიდან აფრენილი მათი
შემცვლელები აიჭრნენ და მინდვრის პატრულირება განაგრძეს.

„შეგეშინდა, პატარავ? მაპატიე, მაგრამ მსგავსი სისხლიანი დაპირისპირებები


ყოველ ფეხის ნაბიჯზე ხდება. ეგ მტრედი და კურდღელი თქვენთანაა უწყინარი
არსებები, თორემ აქ, როგორც ხედავ, მსუნაგი მტაცებლები არიან, ხორცითაც
იკვებებიან და ჩვენი კლიმატის გამო, გაცილებით დიდი ზომის გაიზარდნენ, ვიდრე
დედამიწაზე არსებული მათი მსგავსი ცხოველებია. პტეროზავრები, იგივე მფრინავი
ხვლიკები, რომლებმაც ახლა ჩვენი სიცოცხლე დაიცვეს, გუშაგებად გვყავს
გამწესებული. მინდვრებში ისინი პატრულირებენ. ჯუნგლებში კი, სხვა ცხოველები
გვიცავენ. ზოგჯერ, თავადაც გვიწევს მოძალადეებისგან თავის დაცვა, მაგრამ -
იშვიათად.“

-და აქ რატომ გადაწყვიტე შეხვედრა, თავიდანვე დანიშნულების ადგილას


რატომ არ მიმიყვანე, თუ ამდენი შეგეძლო?

„ჯერ ერთი, ტელეპორტაციას თავისი წესი აქვს და ნებისმიერ ადგილზე მისი


განხორციელება ვერ ხერხდება. იმ პორტალის თავი, რომელმაც შენთან დამაკავშირა,
სწორედ ჯუნგლების შესასვლელთან იხსნება, დაახლოებით იმ ადგილას, სადაც
პირველად მნახე. ბოლო კი, შენს ოთახში მდებარეობს. ოღონდ, ამ მომენტისთვის,
ორივე წერტილი დახშულია და არც ერთ აღნიშნულ ადგილას არ შეინიშნება რაიმე
უცნაურობა. როცა პორტალი ამოქმედდება, იმ წერტილში დიდი შავი ხვრელი
გაჩნდება, რომელიც კავშირის მეორე ბოლოში წამიერად გადაგიყვანს. გარდა ამისა,
მინდოდა, რომ ვიდრე ყველაფერს აგიხსნიდი, ჩვენი პლანეტის თავისებურებანი
გამეცნო შენთვის, ასევე, დავმეგობრებულიყავით და შემდეგ მეჩვენებინა მიზეზი,
რის გამოც აქ ჩამოგიყვანე.“ - დინო შეჩერდა. – „მოვედით, პატარავ. ესაა ჩემი სამუშაო
ადგილი, რასაც თქვენებურად, ლაბორატორიას ეძახით.“

ნიკა თავდახრილი დინოზავრის კისრიდან ჩამოხტა და ირგვლივ მიმოიხედა,


მაგრამ შენობის მაგვარი, ვერაფერი დაინახა. მის თვალწინ ხშირი, დაახლოებით, 3
მეტრის სიმაღლის ყვავილნარი იყო აღმართული. იასამნისფერი, ოვალური
ფურცლებით დაბოლოებული მსხვილი ღეროები, უზარმაზარი ზომის გვირილებს
მოგაგონებდათ და უჩვეულო შეფერილობის ტყის მასივს ქმნიდა. ის იყო, უნდა
ეკითხა, სად ხედავ აქ ლაბორატორიასო, რომ ერთი ყვავილი ნიკასკენ გადმოიხარა,
სხეულზე უსურვაზივით შემოეხვია, პირის ღრუ ფოთლებით დაუხშო და, ვიდრე
ბიჭი რამეს მოიმოქმედებდა, წარმოუდგენლად ღონიერი ძალით, ყვავილნარში
შეათრია. თვალის დახამხამებაში, დინომ მიწას ფეხი დაჰკრა და მეხის
გავარდნასავით მგრგვინავმა ხმამ გარემო შეატორტმანა. ნიკას მარწუხები მოეშვა,
ყვავილი დადრკა და ბიჭი გაათავისუფლა.

-ეს რა იყო? - იკითხა მოულოდნელი თავდასხმისგან გაფითრებულმა.

„ნუ გეშინია. ესენი ლაბორატორიის თანამშრომლები არიან, რომლებიც ცდებს


ატარებენ და შენ მორიგ საცდელ ობიექტად მიგიჩნიეს.“ - დინოზავრი მშვიდად
საუბრობდა, მაგრამ ამდენი განსაცდელისგან თავბრუდახვეული ბიჭისთვის,
უცნაური მასპინძლის ყოველი სიტყვა ახალ თავსატეხს წარმოადგენდა. თავში
უამრავი კითხვა უტრიალებდა, მაგრამ ყოველი პასუხი გაურკვევლობის ბურუსს
უფრო ამუქებდა და ამიტომ, დროებით, გაჩუმება ამჯობინა.

დინომ ფეხი კვლავ დაჰკრა მიწას და სუნთქვაშეკრული ნიკას თვალწინ ახალი


საოცრება გადაიშალა. ყვავილნარი ორად გაიყო. თითქოს, ხნული გაავლესო, ისე
ერთმანეთის მიყოლებით, აჯაგრული ყვავილები სხვადასხვა მხარეს გადაწვნენ და
სწორხაზოვანი, ფართო ბილიკი გაათავისუფლეს. ნიკამ ახალი შეტყობინება მიიღო.

„ჩვენს პლანეტაზე, ასეთი ასეულობით ლაბორატორია ფუნქციონირებს. მე ამ


ობიექტის ზედამხედველი ვარ, მაგრამ დასათვალიერებლად უცხო პირთა შეყვანა
კატეგორიულად მეკრძალება. ახლა ძალიან დიდ რისკზე მივდივარ, მაგრამ ამჟამად,
მარტონი ვართ, ჩემი თანამოძმეები არ შეგვაწუხებენ და ამიტომ, შეგვიძლია მშვიდად
ვიყოთ. შედი და მეც მოგყვები. თავად ნახავ ყველაფერს.“

ბიჭმა თანამგზავრს ეჭვით ახედა. შემდეგ კი, მზერა ისევ ყვავილნარში


გაკვალულ გზას მიაპყრო. მერე შიში დათრგუნა და აღარ უყოყმანია, იასამნისფერი
გვირილების ტყეში შეაბიჯა. დინო უკან მიჰყვა. როგორც კი შევიდნენ, იმწამსვე,
ზურგს უკან, თითქოს, ზამბარისებური მექანიზმი მართავსო, ყვავილების
მოდრეკილი ღეროები სწრაფად გაიმართა და ბილიკის შესასვლელიც, დაიხურა. ნიკა
მობრუნდა და უკან გამოსვლა დააპირა, მაგრამ აშოლტილ მცენარეებს ძვრა ვერ უყო.
„ნუ გეშინია, არაფერი გემუქრება. მე მოგყვები და ვაკონტროლებ ყველაფერს.
განაგრძე გზა.“

დინოს სიმშვიდე მასაც გადაედო. გამბედაობა მოიკრიბა და ყვავილების


ხეივანს ფრთხილი ნაბიჯებით მიჰყვა, მაგრამ მოულოდნელმა სანახაობამ მალევე
ადგილზე გააშეშა. მარჯვენა მხარეს, მცენარეთა ღეროებით შებოჭილი, ვიტრუვიუსის
ადამიანივით კიდურებგაშლილი არსება დაინახა.

პირველყოფილი ადამიანი... თითქოს, სადღაც უნახავს. ჰო, ზეზვა და მზია


გაახსენდა. ტანით, თანამედროვე ჰომო-საპიენსზე მაღალი იყო, ხოლო სახის
ჭრილით, დამრეცი შუბლით, გაბურძგნული თმა-წვერით და მოყავისფრო კანით,
ზუსტად, ზეზვას ჰგავდა. პირი სქელი ფოთლებით ჰქონდა დახშული, საწყალობლად
გმინავდა და უცხო სტუმრისკენ მიპყრობილი ცრემლიანი თვალებით, საშინელ
ტანჯვას გამოხატავდა.

-ეს ვინღაა? ან ლაბორატორია სადაა? - იკითხა ნიკამ და შეეცადა, უნებლიეთ


დაწყებული ცახცახი შეეჩერებინა.

„ადამიანია, ნიკა. პრიმატების ის შტოა, რომელმაც თქვენი ცივილიზაცია


შექმნა; რომელიც დედამიწაზე მას შემდეგ განვითარდა, რაც დინოზავრები
გადაშენდნენ. ჩვენს პლანეტაზე კი, ადამიანები ევოლუციის დაბალ საფეხურზე
იმყოფებიან და აქ წარმოებული მეცნიერული კვლევებისთვის ვიყენებთ.“

-და როგორ იყენებთ კვლევებისთვის, ცდებს ატარებთ მათზე, როგორც


ცხოველებზე?

დინომ პასუხი დააგვიანა. ნიკამ კი, გზა ფრთხილად განაგრძო. ყოველ ფეხის
ნაბიჯზე, სხვადასხვა პოზაში გაშეშებული, ყვავილთა მარწუხებში მოქცეული
ადამიანი ხვდებოდა, - როგორც მამაკაცები, ასევე ქალები, რომელთაც მეტყველების
აპარატი ფოთლებით ჰქონდათ დახშული, ხოლო შიშსა და საშინელ ტკივილს,
საცოდავი კვნესით და ცრემლიანი თვალებით გამოხატავდნენ. ყოველი ახალი
წამებული საზარელ ტანჯვას ავლენდა და ამ კოშმარის ხილვა სულ უფრო აუტანელი
ხდებოდა. ზოგს ყვავილის ღერო პირდაპირ ხახაში ჰქონდა ჩაჩრილი. ზოგი მათგანის
სხეული კი, ყელზე, ტანზე და ფეხებზე მჭიდროდ შემოსალტული ღეროებისგან იყო
დასერილი და სისხლი მთელ ტანზე ნაკადულებივით სდიოდა. ნიკამ შეატყო, რომ
რამდენიმე მათგანის გაყინული მზერა სიცოცხლის ნიშანწყალს აღარ ავლენდა. რაც
უფრო ღრმად შედიოდა გვირილების ტყეში, მით უფრო მეტი გარდაცვლილი
ხვდებოდა. ყვავილთა ნაზი სურნელით ნასიამოვნებ სათუთ ყნოსვას, გახრწნილი
გვამების აუტანელი სუნიც მისწვდა. ბიჭი უცებ შემობრუნდა და გიგანტ თანამგზავრს
გააფთრებული მიეჭრა.
-მიპასუხე! რას უშვებით ამ ადამიანებს?!

„სამწუხაროდ, მასეა, ნიკა. ცდებს ვატარებთ.“

- როგორ თუ ცდებს ატარებთ? რას უკეთებთ? არ გეცოდებათ? რას გიშავებენ?


გთხოვ, გაათავისუფლე, ნუ აწამებ!

ნიკამ პასუხს აღარ დაუცადა, ერთ-ერთ ქალთან მივიდა, რომელიც სიმწრისგან


ჩასისხლიანებული თვალებით, შველას ითხოვდა და მისი ბაგეებიდან გვირილის
ფურცლების მოშორება სცადა, მაგრამ ძვრაც ვერ უყო, თითქოს, ფოთოლი სახის
კანთან იყო შეზრდილი. იმწამსვე, საკუთარ წელზე ყვავილის ღეროს შეხება იგრძნო,
რომელიც უცებ, გველივით შემოეხვია, საცდელ ობიექტს მოსწყვიტა და მხოლოდ
მაშინ გაათავისუფლა, როცა ძველ ადგილზე დააბრუნა.

„წავიდეთ, ნიკა. უკვე საკმარისად ბევრი რამ ნახე. დანარჩენს, გარეთ


მოგიყვები.“ - დინო შებრუნდა და გასასვლელისკენ გაემართა. გვირილებით
ჩახერგილი უკანა გზა ისევ ძველებურად გაიხსნა, ხოლო ტყის სიღრმეში მიმავალი
ბილიკი კვლავ ყვავილებმა დაიკავეს და ნიკა აიძულეს, დინოზავრთან ერთად,
ტყიდან გამოსულიყო.

„მზე“ ჰორიზონტისკენ გადახრილიყო. ჯადოსნურმა დაისმა და კრიალა ცაზე


შემორჩენილი ღრუბლების რამდენიმე ფთილამ, ყვავილნარში ნანახით შეძრულს,
წამიერად დაავიწყა, თუ სად იმყოფებოდა. აშკარა იყო, რომ „დინოზავრების
პლანეტა“, დროის და კლიმატური პარამეტრების მიხედვით, დედამიწისგან დიდად
არ განსხვავდებოდა.

„კი, მასეა.“ - ფიქრს გამოეპასუხა დინო. – „კლიმატითაც, დღე-ღამის


ხანგრძლივობითაც და სხვა მონაცემებითაც, ჩვენი პლანეტები დიდად არ
განსხვავდება ერთმანეთისგან. გრავიტაციაც, თითქმის, იგივეა, რაც დედამიწაზე.
თუმცა, ჩვენი წარმოსახვითი ღერძი ორბიტას ვერტიკალურად კვეთს და ამიტომ, აქ
წელიწადის დროების ცნება არ არსებობს. მაგრამ პოლუსებზე, ჩვენთანაც მუდმივი
გამყინვარებაა, ხოლო ეკვატორზე - მუდმივად საშინელი პაპანაქება. ყველაზე
ნაყოფიერ ტერიტორიად, ზომიერი სარტყელი ითვლება, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ.
გარდა ამისა, გრძედზე, რომელზეც ახლა ვიმყოფებით, დღეა, ხოლო შენი სახლი ისეთ
გრძედზე მდებარეობს, რომელსაც მზე ჯერ არ ანათებს. სავარაუდოდ, თქვენთან
მალე გათენდება და სანამ ეს მოხდება, მინდა მთავარი სათქმელი მოვასწრო, -
აგიხსნა, თუ რა საშიშროება გემუქრებათ.“

-ვის გვემუქრება, ჩვენ, ადამიანებს? და რატომ? თუმცა, თქვენ ისეთ


საშინელებებს სჩადიხართ, რომ აღარაფერი გამიკვირდება. - უპასუხა ბიჭმა და
განრისხებული თვალები მიაპყრო.
„მომისმინე.“ - დინო დაიხარა, თავი მიუახლოვა და თვალებში ჩახედა. - „შენ
რაც ახლა ნახე, მრავალსაფეხურიანი და რთული ბიოლოგიური ექსპერიმენტია,
რომლის შედეგადაც, დინოზავრების რასა ამ პლანეტის მართვის სადავეებს ფლობს,
კარგა ხანია, სხვა ციურ სხეულებსაც გადასწვდა და ტექნოლოგიურ მიღწევებსაც,
მუდმივად ავითარებს. თითოეული ცხოველი, შესაბამისი ქირურგიული
ზემოქმედების დროს გამოიმუშავებს ნივთიერებებს, რომლებიც ბიოლოგიის,
მედიცინის, კვების მრეწველობის, ქიმიური მრეწველობის, მასალათა გამძლეობის და
მეცნიერების მრავალი სხვა დარგის განვითარებაში გვეხმარება. მე ვცდილობ,
შენთვის გასაგებ ენაზე ვისაუბრო, თორემ საკითხი გაცილებით კომპლექსურია და
ჩვენი ცივილიზაციისთვის, სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. რა თქმა უნდა,
შეგვიძლია, მსგავსი ექსპერიმენტები სხვა ცხოველებზე, მათ შორის, იმ
მტაცებლებზეც ჩავატაროთ, რომლებიც შენ უკვე იხილე ამ პლანეტაზე. მაგრამ
კვლევებმა გვაჩვენა, რომ ყველაზე კარგ შედეგს ადამიანებზე, განსაკუთრებით,
ბავშვებზე ჩატარებული ცდები იძლევა, როგორც პროდუქტიულობის
თვალსაზრისით, ასევე, ტექნიკურ-სამეურნეო კუთხითაც. ადამიანები კი,
ფიზიკურად, სრულიად უსუსური არსებებია და მათი დამორჩილება საკმაოდ
იოლია... თუმცა, ის ჩიპები, რომლითაც ჩვენ მთელ ფლორასა და ფაუნაზე
ვმბრძანებლობთ, ადამიანთა გონებაზე არ ზემოქმედებს, მხოლოდ მათთან
კომუნიკაციის დამყარებაში გვეხმარება. მაგრამ სხეულის აგებულებით, ძალიან
სუსტები ხართ. მესმის, რომ შენთვის ამაზრზენია, რასაც ახლა ვამბობ და რაც უკვე
იხილე, მაგრამ თუ შეულამაზებლად არ გაეცნობი სიმართლეს, მოსალოდნელი
საშიშროების მასშტაბის გააზრება გაგიჭირდება.“

დინომ პაუზა გააკეთა და ნიკას შეხედა. ბავშვს სახე გაფითრებოდა, მაგრამ


კრინტი არ დაუძრავს, გულისყურით უსმენდა.

„ერთი წამით წარმოიდგინე, რომ ის ვირთხები და ბაჭიები, რომლებზეც


დედამიწაზე მყოფი მეცნიერები ცდებს ატარებენ, ადამიანის თანასწორი
ინტელექტით იყვნენ აღჭურვილი. მაშინ ხომ, მათი წამება და სასიკვდილოდ
გამეტება არაჰუმანურ სისასტიკედ შეფასდებოდა? ჰოდა, თუ ასეა, რაღატომ გიკვირს,
რომ თქვენს რასაზე მაღლა მდგომმა ინტელექტუალებმა გადაწყვიტეს, საცდელ
ობიექტებად გამოეყენებინეთ? ადამიანებს სხვა ვერაფერში ვიყენებთ. თქვენთან,
ძაღლი სახლის უსაფრთხოებას იცავს და თავისი პატრონის მეგობარია. კატა
საყვარელი ცხოველია და ამშვიდებს პატრონს, თავს აყვარებს, ასევე,
მღრღნელებისგან თავის დაცვის საშუალებაცაა. ჩვენთან კი, შენი თანამოძმეები ვერც
მაგ დანიშნულებით გამოგვადგნენ. სრულიად უსარგებლონი არიან, გარდა იმ
საჭიროებისა, რაც ზემოთ მოგახსენე. ამასთანავე, მიუხედავად ფიზიკური
სისუსტისა, საკმაოდ ქედმაღალი არსებებია და მუდამ გაქცევაზე უჭირავთ თვალი.
რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სხვა ცხოველებისგან განსხვავებით,
უნივერსალური იარაღი გამოიგონეს, - ცეცხლის გაჩენა და დამორჩილება ისწავლეს,
რისიც ყველა ცხოველს, მათ შორის, ჩვენს რასასაც ეშინია. ამიტომაც, არაერთხელ
მოახერხეს და აჯანყდნენ კიდეც, მაგრამ ყველა მათი პროტესტი მაინც სისხლში
ჩავახშვეთ.“

ნიკა შეეცადა, დამშვიდებულიყო და მოსმენილი ცივი გონებით გაეაზრებინა.


ყველაზე მეტად ის აიმედებდა, რომ დინო მის მიმართ კეთილგანწყობილი იყო და
აქედან გამომდინარე, რა საშიშროებაც არ უნდა არსებულიყო, გამოსავლის პოვნაში
დაეხმარებოდა. ამიტომ, ახლა სიმშვიდის შენარჩუნება იყო საჭირო.

„წეღან რაღაც შენობა-ნაგებობებზე რომ მკითხე...“ - განაგრძო დინომ. – „ჩვენ


არაფერში გვჭირდება ეგ ზედმეტი ბარგი. ყველა საჭირო ინსტრუმენტით, ჩვენივე
სხეულებია აღჭურვილი. იგივე ყვავილები, რომლებიც ახლახან იხილე, თავისი
ღეროებით, ფოთლებით, ფესვებით, მტვრიანათი და ბუტკოთი ასრულებენ ყველა
სამუშაოს, რაც ცდების ჩატარებას ესაჭიროება. ღია ცის ქვეშ მიმდინარეობს
აბსოლუტურად ყველა, როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე სამეცნიერო თუ სხვა
დანიშნულების სამუშაო. ავდარი არანაირ პრობლემას არ გვიქმნის, ყველა საშუალება
გვაქვს ნებისმიერი სტიქიური მოვლენისგან თავის დასაცავად და ამისთვის, შენობის
აგება არაფერში გვჭირდება. პირიქით, ხელის შემშლელიც კი იქნება.“

-და იმ ტყის სიღრმეში რა ხდება? ან გარდაცვლილებს რას უშვებით? -


გააწყვეტინა ნიკამ.

დინომ პასუხი დაახანა.

„ყველა გარდაცვლილის სხეული ტყის შუაგულში გროვდება. შემდეგ კი, მათ


თავად გვირილები ან ჩვენი მცველი პტეროზავრები მიირთმევენ. ზოგჯერ, ჩვენც
ვიყენებთ საკვებად. ძვალიც კი არ რჩება.“

დინოს სხეული, თითქოს, გალღვა. კონტურებმა ფორმა დაკარგა, დინოზავრის


ვეებერთელა თავი სანთელივით ჩამოიღვენთა. ცრემლებით სავსე ნიკას თვალებს
პირველი წვეთები მოსწყდა და ბიჭი უხმოდ აქვითინდა.

„კარგი, გთხოვ, დამშვიდდი... მაპატიე... ვიცოდი, რომ შენთვის ძალიან მძიმე


იქნებოდა ამის მოსმენა, მაგრამ აუცილებლად უნდა მეთქვა.“ - დინო მიწას განერთხა
და თანაგრძნობის ნიშნად თვალებდახუჭულმა, ბავშვს თავი ახლოს მიუტანა,
თითქოს, სამსხვერპლოდ შესთავაზა.

ნიკამ თავჩაქინდრულმა გააანალიზა მოსმენილი და სლუკუნს თანდათან


უკლო. ნერვები მოითოკა, თავი ნელა წამოსწია და საკუთარი დასკვნა ახალშეძენილ
მეგობარს გაუზიარა.
-თუ სწორად გავიგე, თქვენ დედამიწელებიც მხოლოდ ექსპერიმენტებისთვის
და საკვებად გესაჭიროებათ, არა? - წამით, ისევ დახარა თავი, დაფიქრდა და საკუთარ
ვერსიაში დაეჭვებულმა, კვლავ დინოს მიაპყრო მზერა.

„სამწუხაროდ, მასეა, ნიკა. ჩვენთან არსებული მარაგები, თითქმის, ამოიწურა.


ყვავილნარში ვინც ნახე, მათი პოვნა და მათზე ნადირობა სულ უფრო რთულდება,
რადგან გადაშენების პირას მყოფი სახეობის ბოლო ათასეულთა წარმომადგენლები
არიან. ექსპერიმენტების საწარმოებლად, სულ უფრო ხშირად გვიწევს მტაცებელ
ცხოველთა გამოყენება, რაც მნიშვნელოვან სირთულეებთანაა დაკავშირებული და
სასურველ შედეგსაც, ნაკლებად იძლევა. ამიტომ, დინოზავრთა საძმოს
გადაწყვეტილებით, დედამიწაზე შეჭრა, ადამიანთა დატყვევება და ჩვენთან
ჩამოყვანა დაიგეგმა.“

-დინოზავრთა საძმო? ეგ რაღაა?

„ჰო, შენთვის გასაგებ ენაზე, ასე ჰქვია. საძმო ჩვენს პლანეტაზე ყველაზე
მაღალი უფლებამოსილების მქონე საკრებულოა, რომლის წევრი მეც ვარ.
ამავდროულად, როგორც გითხარი, ამ ობიექტის მეთვალყურეობა მევალება. ახალი
პროექტის განხორციელება, რაც დედამიწის მცხოვრებლების ჩამოყვანას
ითვალისწინებს, უახლოეს დღეებში დაიწყება, მაგრამ იგი გასაიდუმლოებულია და
თუ გამიგეს, რომ შენ გაგანდე, ღალატად ჩამითვლიან, ძალიან ცუდად მექნება საქმე.“

უცებ, ჰაერი გამაყრუებელმა ღრიალმა შეძრა. ბიჭი ფეხზე წამოხტა და საღამოს


ბინდში თავზე წამომდგარ მეორე მონსტრს თვალებგაფართოებული მიაშტერდა.
დინოც წამსვე წამოიმართა, პატარას გადაეფარა და საპასუხოდ, მანაც ბოლო ხმაზე
დაიღრიალა. ახალმოსულს, დინოსგან, დიდად, ვერ განასხვავებდი. ოღონდ, უფრო
ზორბა გარეგნობის იყო, ჩასისხლიანებული თვალებიც უფრო ბოროტად უელავდა
და საერთოდ, ნიკას ბევრად საშიშად მოეჩვენა. თუმცა, თავიდან დინოზეც იგივეს
ფიქრობდა, მერე კი, ვეღარ ხვდებოდა, ამ პლანეტაზე ვისი უნდა შეშინებოდა და ვისი
- არა. პრეისტორიული ხანის ურჩხული ემეგობრებოდა, ხოლო დედამიწაზე
არსებული უწყინარი ცხოველები სასიკვდილოდ იმეტებდნენ.

მაგრამ შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა ყოველგვარი ეჭვი გაუფანტა.


მონსტრების საშინელი ხმების ფონზე, დინოსთან ტელეპათიური კავშირი კვლავ
გაგრძელდა და ნიკამ კონფლიქტის მიზეზების გარკვევა შეძლო.

„მაპატიე, ძმაო. ჩემი მეგობარია. მე ჩამოვიყვანე, რათა ჩვენი საერთო გეგმის


განსახორციელებლად გამოვიყენო.“ - მიმართა დინომ ახალმოსულს.
უცნობმა ოდნავ ჩაიმუხლა, ხმლებივით ალესილი კბილები გამოაჩინა,
ხორხიდან სისხლისგამყინავი ღრენა ამოუშვა და დინოზე თავდასასხმელად
მოემზადა. მეგობრის კუდს ამოფარებული ნიკა ადგილზე გაშეშდა.

„ბოდიში თვითნებობისთვის, მაგრამ ისევ ჩვენი გეგმის წარმატებისთვის


გავაკეთე. გთხოვ, მომისმინე!“ - დინო ცდილობდა, რომ აგრესიული მონსტრი
დაემშვიდებინა. თუმცა, ამ ყველაფერს, თავის თანამოძმეს საშინელი ღრიალით
უზიარებდა.

„ძმამ“ აღარ დაახანა, ზამბარასავით დაჭიმულმა, დინოსკენ ისკუპა და


ვეებერთელა ყბები კისერში ჩაასო. იმ წამსვე, ციდან მფრინავ ხვლიკთა ჭყივილი
მოისმა და ნიკას მეგობარს თავისივე მცველები დაესხნენ თავს.

„ნიკა, გაიქეცი!“ - ჩაესმა დინოს სასოწარკვეთილი ხმა. – „სასწრაფოდ გაიქეცი


და იგივე ადგილი იპოვე, სადაც შევხვდით! პორტალს უკვე ვაპროგრამებ, 20 წუთში
გაიხსება და 10 წამის განმავლობაში, ღია იქნება. გადაეცი დედამიწელებს, რომ
აპოკალიფსი ახლოვდება და მოემზადონ. ჩიპი, ცეცხლი...“ - ხმა შეწყდა.

მიშველებას აზრი აღარ ჰქონდა და ვერც შეძლებდა. დინო განწირული იყო.


ნიკა ადგილიდან მოსწყდა და ისევ მინდვრის გადაღმა მდებარე ჯუნგლების
მიმართულებით გაიქცა. უკვე კარგად დაბინდებულიყო. მკრთალ სილუეტად
ხედავდა დიდრონ ხეებს და ალალბედზე გარბოდა. გზაში აფრთხიალებული და
ხშირ ბალახში აფუთფუთებული გიგანტური მწერები სახეს უხოკავდნენ, ტანზე
ეხვეოდნენ, ფეხებში ეხლართებოდნენ და გადაადგილებას აფერხებდნენ. ხელების
ქნევით, ყველას თავიდან იშორებდა და თავაწყვეტილი გარბოდა. ხვდებოდა, რომ
ჯუნგლების ბინადართაგან არანაკლები განსაცდელი მოელოდა, მაგრამ იქ სახლისკენ
მიმავალი გზა ეგულებოდა, რაც ენერგიას მატებდა.

მთელი სხეული ოფლით ჰქონდა დაცვარული. სახე, ყელი, ხელები და ფეხები


სისხლიანად დაპორჭყნოდა, ხოლო პიჟამა, რომლითაც დინომ ძილში გაიტაცა, სულ
ნაფლეთებად იყო ქცეული. უკნიდან, ფრთების ტყლაშუნით, რომელიღაც მტაცებელი
უახლოვდებოდა. ცოტაც და, გიგანტური ხეების კენწეროებს თვალს ვეღარ
უწვდენდა. მაგრამ რაც უფრო უახლოვდებოდა ტყეს, მით უფრო იზრდებოდა
სულისშემძვრელი ღმუილ-წკმუტუნ-გნიასი, საშინლად დაქანცულ და შეშინებულ
ბიჭს ახალი ხიფათისთვის რომ ამზადებდა. თვალწინ, ერთმანეთის მიყოლებით
აინთო ასი თვალი, დამშეული რომ შეჰყურებდა მისკენ მიმავალ ნადავლს.

უცებ, ტყისპირამდე მისულს, მკლავზე რაღაც მოეჭიდა და გააჩერა. შიშისგან


ელდანაცემი, გაშეშდა. სრულიად დარწმუნებულმა, რომ ეს-ესაა, რომელიღაც მხეცმა
შესაჭმელად მოიხელთა, ცახცახით, ნელა მოაბრუნა თავი. და თვალებს არ დაუჯერა.
ასაკით, ალბათ, მისივე თანატოლი, მაგრამ ბევრად ტანმაღალი ბიჭი უყურებდა.
აშკარად, იმ ადამიანთა ნაშიერი იყო, ცოტა ხნის წინ გვირილების ტყეში რომ იხილა.
სისხლიანი ზოლებით დასერილი სხეული ახლახან გადატანილ მძიმე ბრძოლაზე
მეტყველებდა. ფართო ნესტოების, დაბალი შუბლის და სქელი ტუჩების ფონზე,
საოცარ კონტრასტს ქმნიდა პირველყოფილისთვის უჩვეულოდ გამჭრიახი
თვალებიდან მომდინარე მზერა, მისი მფლობელის ინტელექტზე რომ მეტყველებდა.
მაგრამ ყველაზე მეტად, ნიკას ყურადღება ხის მოზრდილმა ტოტმა მიიქცია, ბიჭს
ხელში რომ ეჭირა და ცეცხლმოკიდებული რომ გიზგიზებდა.

-ცეცხლი! ცეცხლით ხომ ცხოველებს დავაფრთხობთ! ე, მაგარია! საიდან?!

პასუხად, დანაწევრებული, მაგრამ სრულიად გაუგებარი სიტყვები მოისმინა.


აშკარა იყო, რომ უცნობთან ვერც ტელეპათიური კომუნიკაცია გამოვიდოდა და ვერც
ვერბალური. თუმცა, მოგიზგიზე ცეცხლის ირგვლივ წრიულად შემოჯარული
ცხოველების ღრენა-წკმუტუნი და თავზემოთ მოდრეიფე რომელიღაც ფრინველის
ფრთების ტყლაშუნი ამდენი ფიქრის საშუალებას აღარ იძლეოდა. ცეცხლის
ჩაქრობამდე, პორტალამდე უნდა მიეღწიათ.

-წავიდეთ! ტყეში შევიდეთ და გადაგარჩენ, ჩემს სახლში წაგიყვან! იქ არაფერი


დაგვემუქრება! - ყვიროდა ნიკა და ბიჭს ტყის სიღრმისკენ ექაჩებოდა.

გაფართოებულმა, მაგრამ იმედისმომცემმა თვალებმა და ჟესტიკულაციამ,


რომლითაც ახალშეძენილ მეგობარს მიმართავდა, უფრო ეფექტურად იმოქმედა,
ვიდრე უცხოპლანეტელისთვის სრულიად გაუგებარმა ენამ. ჩირაღდნიანი ბიჭი ნიკას
მორჩილად გაჰყვა.

გაუვალ ჯუნგლებში უკვე ნელა, მაგრამ ფრთხილად მიაბიჯებდნენ.


აფუთფუთებულ-აგნიასებული ცხოველები, ფრინველები და მწერები ფეხდაფეხ
მიჰყვებოდნენ, მაგრამ ცეცხლის შიშით, ახლოს ვერ ეკარებოდნენ. ნიკას თანამგზავრი
აბრიალებულ ტოტს ბასრი მახვილივით იქნევდა და მოახლოებულ მხეცებს
აშოშმინებდა. რამდენჯერმე, ნიკამ ფეხებსა და ტანზე ტოტების და ფესვების აცოცება
იგრძნო, მაგრამ ჩირაღდნიანმა აბეზარი მცენარეებიც ცეცხლით მოაშორა.

თავდაპირველად, მკრთალად განათებულ ჯუნგლებში ალალბედზე


მიდიოდნენ. მაგრამ ნიკა თანდათან დარწმუნდა, რომ სწორი გეზი ჰქონდა აღებული.
უკვე იმ ადგილს მიუახლოვდა, სადაც გველი შემოეხვია, მერე დინომ რომ მოკლა.
მართალია, მკვდარი ქვეწარმავალი ადგილზე აღარ დახვდა, ალბათ, რომელიმე
მხეცმა მიირთვა ვახშმად, მაგრამ გარემო მაინც იცნო. დროის შეგრძნება არ ჰქონდა.
პორტალი დინოზე თავდასხმიდან 20 წუთის შემდეგ უნდა გახსნილიყო და მას
შემდეგ რა დრო იყო გასული, ვერ აცნობიერებდა, თუმცა, მათი შეხვედრის
ადგილამდეც ცოტაღა იყო დარჩენილი, - სულ ასიოდე ნაბიჯი. უცებ, იგრძნო, რომ
ხელზე წვიმის პირველი წვეთები დაეცა. მისმა თანამგზავრმა ხელი მკლავზე მაგრად
მოუჭირა და კვლავ გაუგებრად ალუღლუღდა.

ნიკამ ჯერ ბიჭს შეხედა და მერე, მისი აკანკალებული ტუჩებიდან და


შიშჩამდგარი თვალებიდან, მზერა ჩირაღდანზე გადაიტანა. ცეცხლს ჩაქრობა
ემუქრებოდა. წამებში იკლო შუქმაც და სიმხურვალემაც და იმატა ჯუნგლების
ბინადართა ღრენა-შრიალ-წკმუტუნმა, რომლებიც რკალს ავიწროებდნენ. ნიკა სულ
უფრო ხშირად გრძნობდა უცხო სხეულის ავისმომასწავებელ სრიალს ტანსა და
ფეხებზე. მისი თანამგზავრი ყველანაირად ცდილობდა, ტოტი ისეთი კუთხით
დაეჭირა, რომ ცეცხლის ძალა შეენარჩუნებინა, მაგრამ წვიმა ძლიერდებოდა და
აშკარა იყო, რომ მაცოცხლებელი კოცონი მალე ჩაქრებოდა.

-გავიქცეთ! - წამოიყვირა ნიკამ.

ბიჭი შედგა, ნიკაც გააჩერა და კითხვაჩამდგარი თვალებით მიაშტერდა.

-გავიქცეთ და მივასწრებთ პორტალამდე, სწრაფად წავიდეთ! - რამდენადაც


შეეძლო, ჟესტებით აუხსნა უცხოპლანეტელ მეგობარს.

ამ დროს, ყელზე რაღაც სლიპინა სხეული შემოეხვია და რომელიღაც მხეცის


ხახიდან ქშენით ამოსული მყრალი ოხშივრის სიმხურვალემ კეფა დაუწვა. თავი
მოაბრუნა და სიკვდილს თვალებში ჩახედა. კომოდოს ვარანის მსგავსი უზარმაზარი
ხვლიკი ანთებული გუგებით მიჩერებოდა და ალესილკბილებიანი პირიდან
გამოყოფილ ორკაპა ენას მის კისერზე ასრიალებდა. სხვა ცხოველებიც მიეტმასნენ.
ნიკას თანამგზავრს კი, ფეხებზე უშველებელი ტარაკანი აახოხდა, გრძელი
ულვაშების რხევით, მისი სახისკენ რომ მიიწევდა. უცებ, ჩირაღდნიანმა ბიჭმა ჯერ
კიდევ მბჟუტავი ცეცხლი ხვლიკს ბოროტ თვალებთან მიუტანა. ცხოველმა ენა
სწრაფად დამალა და თავი გვერდზე გასწია, მაგრამ როგორც ჩანს, სიმსუნაგემ
ნადავლის მოხელთების იმედი ისევ დაუტოვა და არ გაქცეულა. ბიჭმა დრო იხელთა,
მტაცებლის გრძელ კუდს მოეჭიდა, ქვეწარმავალს ზურგზე მოექცა და ნიკას ხელი
გაუწოდა. წამიც და, ცხოველის ხორკლიან სხეულზე ჩაბღაუჭებული მეგობრები
ხვლიკს გაუხედნავი ცხენივით მიაჭენებდნენ. უკნიდან ჯერ კიდევ ესმოდათ
მდევართა ღრენა და გნიასი, თუმცა, მათ ვეღარავინ ეწეოდა. ნიკამ თანამგზავრს
ჩამქრალი, მაგრამ ჯერ კიდევ ცხელი მუგუზალი გამოართვა, რომელსაც მათრახივით
იყენებდა, სხეულის სხვადასხვა მხარეს ადებდა და ხვლიკს საჭირო გეზს
მიუთითებდა.

რამდენიმე ნახტომის შემდეგ, თვალწინ საოცარი სანახაობა გადაეშალათ.


უღრან ტყეში, როგორც ალმოდებულ სურათზე, პატარა ხვრელი გაჩნდა, რომელიც
წამიერად გაიზარდა და ათ მეტრამდე დიამეტრის ბნელ მღვიმედ იქცა. ნიკამ ცხელი
მუგუზალი ქვეწარმავალს რამდენჯერმე უთავაზა და მიმართულება პირდაპირ
ახალგახსნილი პორტალისკენ ააღებინა. ორიოდე წამიც და, უცნაური როდეოს
მონაწილენი ბნელ უფსკრულში დაინთქნენ. დადევნებული მტაცებლების ნაწილიც,
მათ მიჰყვა.

დედამიწა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის


კონტრტერორისტული ცენტრის გამომძიებელი გელა ნინუა ნიკას ნაღვლიან
თვალებს თანაგრძნობით უყურებდა და თხრობის გაგრძელებას მოთმინებით
ელოდებოდა. თუმცა, პრაქტიკულად, უკვე ყველაფერი ნათელი იყო. უცხო
პლანეტაზე განცდილი თავგადასავალი უწვრილმანეს დეტალებამდე მოისმინა და
ჩაინიშნა. დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ განვითარებული მოვლენების მომსწრე
და მნახველი კი, თავადაც იყო და ასე რომ არ ყოფილიყო, ერთ სიტყვასაც არ
დაიჯერებდა იმ ამბებიდან, რასაც 10 წლის ბიჭი უყვებოდა. მხოლოდ რამდენიმე
საკითხის დაზუსტებაღა დარჩენოდა, რათა ბავშვის ჩვენების მიხედვით, სრული
სურათი შეეკრა.

გამოკითხვას, რომელიც ევაკუირებული ოჯახებისთვის დროებით


თავშესაფრად გამოყოფილი სასტუმროს ნომერში მიმდინარეობდა და რომელსაც
სუს-ი „ლაივ-სტრიმის“ მეშვეობით აკვირდებოდა, ნიკას დედა და უცხოპლანეტელი
ბიპი ესწრებოდნენ. ასე უწოდეს ჩირაღდნიან ბიჭს საბოლოოდ, როცა მრავალგზის
მცდელობის შედეგად, მიახვედრეს, რომ სახელის გაგება აინტერესებდათ და მის
მიერ რამდენჯერმე გამეორებული სიტყვა „ბიპი“-ს მიამსგავსეს. როგორც ჩანს,
მთლად სწორადაც ვერ გამოიცნეს, მაგრამ ბედს და შერქმეულ სახელს მაინც
მორჩილად შეეგუა.

დაბანეს, დავარცხნეს, ჭრილობებზე მალამო წაუსვეს, ჩააცვეს, მოაწესრიგეს და


დედამიწელს დაამსგავსეს. თუმცა, ფეხსაცმლის მორგება, დანა-ჩანლით ჭამა და
ჰიგიენის დაცვა კვლავ გადაულახავ ბარიერად დარჩა. ამიტომ, სიხალვათისთვის,
სპორტულ ტანსაცმელში გამოაწყვეს და ისევ ფეხშიშველი სიარულისა და ხელით
ჭამის ნება დართეს. საპონი რომ არ უნდა ეჭამა, თავადვე მიხვდა, როცა გემო
გაუსინჯა. მერე კი, ნიკამ ჟესტებით აუხსნა, რომ ეს სურნელოვანი და ლამაზი ნივთი
დასაბანად უნდა გამოყენებინა. შამპუნმაც ანალოგიური ცდუნება გამოიწვია, მაგრამ
ენის წვერით დაგემოვნების და შესაბამისი ჟესტიკულაციური განმარტების ნახვის
შემდეგ, მისი დანიშნულებაც გაიგო. ონკანის, საშხაპის და უნიტაზის დანიშნულების
ახსნასაც, თითო გაკვეთილი დასჭირდა.
საკმაოდ სწრაფად ითვისებდა ყველაფერს, მაგრამ ირგვლივ მუდამ
გაოგნებული იყურებოდა. რასაც ხედავდა და ისმენდა, - ტანსაცმელი, ტელევიზორი,
ტელეფონი, კომპიუტერი, ავტომობილები, საკვები, კბილის ჯაგრისი თუ შენობების
ინტერიერ-ექსტერიერი, ამოხეთქილი ემოციების ღმუილით გამოხატვას იწვევდა. ამ
ხანმოკლე ღმუილებს შორის კი, დაუსრულებლად ლაპარაკობდა, უამრავ კითხვას
სვამდა, მაგრამ მისი მაინც არავის ესმოდა და ვერც თავად ხვდებოდა სხვის
ნალაპარაკევს. ამიტომაც, ბოლოს ისევ გაჩუმება და დასკვნების პირადი დაკვირვების
საფუძველზე გამოტანა ამჯობინა, რადგან რომელი საგნის მნიშვნელობასაც
უხსნიდნენ, ხშირ შემთხვევაში, ისევ გაურკვეველი დანიშნულების ნივთად რჩებოდა.

თუმცა, ვიდრე ახალ გარემოსთან საადაპტაციო ზემოაღნიშნული რიტუალები


შედგებოდა, ბიპისთვის არავის ეცალა, რადგან ბავშვების დედამიწაზე დაბრუნება
საზარელი კოშმარის დასაწყისი გახდა. დინოზავრების პლანეტიდან ადევნებულმა
მტაცებლებმა თბილისში სასაკლაო მოაწყვეს.

საქართველოს დროით დილის 7 საათზე, როცა გაზაფხულის მათრობელა


სურნელით გაჟღენთილ, ჯერ კიდევ მთვლემარე საირმის ქუჩაზე მხოლოდ
მეეზოვეების ფუსფუსი შეინიშნებოდა, კორპუსი, რომლის მეორე სართულზეც ნიკა
ცხოვრობდა, პლანეტათშორისმა პორტალმა ალმაცერად გაკვეთა. შენობას გარედან
არაფერი ეტყობოდა, მაგრამ მის შიგთავსში ხუთმეტრიანი რადიუსის ხვრელი
გაჩნდა, რომელშიც, ნიკას ბინასთან ერთად, პირველ-მესამე სართულებზე მდებარე
ორი ბინა და ერთი, იმ დროისთვის ცარიელი ოფისი მოექცა. პორტალი სწორედ ათი
წამის განმავლობაში იყო გახსნილი. თუმცა, ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა, რომ მისი
მეშვეობით, უბანს ათამდე სხვადასხვა ჯურის გიგანტური მწერი, ნიკას და ბიპის
მიერ გახედნილი ვარანი, სამი მეტრის სიმაღლის პტეროზავრი და ველოცირაპტორის
სახეობის ერთი მომცრო დინოზავრი დასხმოდნენ თავს.

პირველი, ნიკას ბინაში მის მიერ გაჭენებული ვარანი შეიჭრა, ბავშვის


საძინებლის სანახევროდ მიხურულ კარში გასხლტა და სასტუმრო ოთახი დაიკავა.
მოულოდნელობით დაბნეულმა, თავი მაგიდას მიარტყა, გასასვლელის ძებნაში
ასხმარტალდა და ოთახში მდგარი ავეჯი მილეწ-მოლეწა. იმ საძინებლის კარს კი,
სადაც პორტალი გაიხსნა, ძლიერად მოქნეული კუდი მიანარცხა და უკან
დადევნებულ ველოცირაპტორს ცხვირწინ მიუჯახუნა. ბიჭებმა აურზაურით
ისარგებლეს, ცხოველის ზურგიდან ჩამოხტნენ და ნიკას მშობლების საძინებელს
შეაფარეს თავი.

საშინელ ხმაურზე ლოგინიდან წამოჭრილი ცოლ-ქმარი სისხლში ამოთხვრილ,


დაფლეთილტანსაცმლიან შვილს დაზაფრული უყურებდა და თვალებს არ
უჯერებდა. ბავშვი გულში ჩაიხუტეს, მის ტანზე ჭრილობის ძებნა დაიწყეს და თან,
ოთახში მყოფ ნახევრადშიშველ, პირველყოფილის შესახედაობის ბიჭს, თავადაც რომ
დაფეთებული აცეცებდა თვალებს, შიშით შესცქეროდნენ. სასტუმრო ოთახსა და
ნიკას საძინებელში კი, მტვრევა-მსხვრევის ხმა არ წყდებოდა. ხმაური ქუჩიდანაც
შემოვიდა. სადღაც ქალის განწირული კივილი გაისმა.

-რა ხდება ნიკა, რა უბედურება გვჭირს?! - აღელვებისგან ჩახლეჩილი ხმით


ჰკითხა შვილს თენგიზმა და, როცა დარწმუნდა, რომ ბავშვს სისხლი არ სდიოდა,
ხოლო მისი თანამგზავრი საშიშროებას არ უქმნიდათ, სასტუმრო ოთახისკენ გაიხედა.
თუმცა, აჟურული მინის ზოლიდან ვერ ხედავდა, ვინ ან რა ლეწავდა იქაურობას. ნანა
კი, ბავშვს დაუსრულებლად კოცნიდა და გულში იკრავდა.

-მამა! დედა! ჩქარა, პოლიციაში დარეკეთ! და სასწრაფოშიც დარეკეთ! ყველას


გააგებინეთ! ჩქარა! დინოზავრები შემოგვესივნენ! ჩქარა დარეკეთ, გეხვეწებით! -
აკანკალებული ხმით, ცრემლების ყლაპვით მიმართა დაბნეულ მშობლებს და დედის
ხვევნა-კოცნისგან თავდახსნას შეეცადა.

-რა დინოზავრები, ხომ არ გაგიჟდი, რას ლაპარაკობ?! დაწყნარდი! - თენგიზმა


ბავშვს აღარ მოუსმინა, კარი გამოაღო და სასტუმრო ოთახში გავიდა.

-არა, მამა!!! არა!!! მამა!!! - უკვე დაგვიანებული იყო.

ყველაფერი ღია კართან მოხდა. გაცოფებულმა მტაცებელმა ოთახში შემოსული


სულიერი დაინახა თუ არა, დაუყოვნებლივ მივარდა, ძლიერი ყბები ყელში ჩაასო და
ტრაქეა გაუგლიჯა. წებოვანი ნერწყვიდან მსხვერპლის სისხლში გადასული შხამი
გულ-სისხლძარღვთა სისტემას სწრაფად მოედო და თენგიზის სასოწარკვეთილი
გაბრძოლება მხოლოდ რამდენიმე წამს გაგრძელდა. სასიკვდილო ხროტინი ნანას
კივილმა და ნიკას გულამოსკვნილმა ტირილმა გადაფარა. მსგავსი კოშმარი ბიპის
უამრავჯერ ჰქონდა ნანახი, მაგრამ დედამიწელთა ოჯახის ტრაგედიამ მისი
თვალებიც ცრემლით აავსო და უცხოპლანეტელმა ბიჭმა აცახცახებული მეგობარი
გულში ჩაიკრა. მოულოდნელი ნანადირევით დაკმაყოფილებული ვარანი კი, უკვე
უსულო სხეულის ძიძგნას იქვე შეუდგა.

ნანას მუხლები მოეკვეთა და გულწასული, იატაკზე დაეცა. ნანახისგან


სახეშეშლილი ნიკა მალევე გამოფხიზლდა, ტირილი შეწყვიტა, თავი მოითოკა და
სასტუმრო ოთახის კარი გადაკეტა. მამას ვეღარაფრით უშველიდა, მტაცებელს კი,
თუკი იგი საძინებელში შემოსვლას მოინდომებდა, სულ ცოტა, შეაფერხებდა მაინც.
მერე დედას თავქვეშ ბალიში ამოუდო და მისი მოსულიერება სცადა. როცა
დარწმუნდა, რომ ქალი სუნთქავდა, სასწრაფოდ, ტუმბოზე დადებულ მობილურ
ტელეფონს დასწვდა და 112 აკრიფა. დიდხანს ლოდინი არ დასჭირვებია.

-112 გისმენთ! - უპასუხა ქალის ხმამ.

-თუ შეიძლება, საირმის ქუჩაზე მოვიდეს პოლიციაც, სასწრაფოც...


ოპერატორმა წინადადება გააწყვეტინა.

-საირმის ქუჩიდან ბევრი გამოძახება გვაქვს და საგანგებო სამსახურების


ეკიპაჟები უკვე დაძრულია. თქვენი ზუსტი მისამართი ჩამაწერინეთ.

ნიკამ ახლაღა მიუგდო ყური ქუჩის ხმაურს. სამეზობლოში არანაკლები


უბედურება ტრიალებდა...

მესამე სართულის ბინაში მცხოვრებ მოხუც ცოლ-ქმარს მფრინავი ხვლიკი


დაესხა თავს და ორივე სასიკვდილოდ დაკორტნა. მერე კი, ჯერ კიდევ ცოცხალი
სხეულების ჭამას შეუდგა.

პირველი სართულის ბინაში, სადაც ახალგაზრდა წყვილი და მათი


ახალშობილი პირმშო ცხოვრობდნენ, სხვადასხვა ჯიშის მწერი შეიჭრა. იატაკზე
მხოხავ თუ ლოგინზე აცოცებულ ხოჭოებს და მატლებს, ახალგაღვიძებული ცოლ-
ქმარი, თითქმის, გაუმკლავდა. ნაწილი ფეხით გასრისეს და ზოგიც, ტაბურეტით და
ტუმბოთი გაჭყლიტეს. მაგრამ ვიდრე მათ ებრძოდნენ, მძინარე ჩვილთან 20
სანტიმეტრამდე სიგრძის კოღო მიფრინდა, ბავშვს ლოყაზე დააჯდა და გრძელი
ნესტარი ფაფუკ კანში ჩაასო. პატარას ცივი კივილით შეძრული მშობლები მის
საწოლთან მივარდნენ. მამამ მწერი ერთი დარტყმით მოაშორა და კედელს მიასრისა,
მაგრამ ნაკბენი სწრაფად გასივდა და ახალშობილს მთელ სახესა და ტანზე მუწუკები
გამოაყარა, ტუჩები კი, გაუფითრდა. ვიდრე დედა ბავშვის მოსულიერებას
ცდილობდა, მამა ტელეფონს დასწვდა სასწრაფოს გამოსაძახებლად, რა დროსაც,
ლოგინის ქვემოდან ნახევარი მეტრის სიგრძის მორიელი გამოძვრა და შხამიანი კუდი
ქალს ტერფში ჩაასო.

ნიკას საძინებელში კი, ველოცირაპტორი იყო გამომწყვდეული და გასასვლელს


უშედეგოდ ეძებდა, რადგან სასტუმრო ოთახის კარი ჩაკეტილი იყო, ხოლო აივანზე
გამავალ შემინულ კარ-ფანჯარას სქელი ფარდა ფარავდა. გამძვინვარებული ცხოველი
ციბრუტივით ტრიალებდა, კედლებს აწყდებოდა, რასაც ეხებოდა, ყველაფერს
პორჭყნიდა და ამსხვრევდა. ამ აურზაურში, ფარდა ჩამოგლიჯა და მის მიღმა
თავისუფალი სივრცე დაინახა. ველოცირაპტორმა ძლიერ უკანა თათებზე ჩაიმუხლა
და ისკუპა. პირველ ჯერზე, თავით ფანჯარას დაეჯახა და ჩაამსხვრია. მერე იქვე
მდებარე დივანზე დადგა, ჩარჩოზე შერჩენილი მინის ნამსხვრევები წინა კიდურების
ბრჭყალებით ჩამოყარა, აივანზე გადახტა და იქიდან, მიმდებარე სკვერში გადაეშვა.

ზემოხსენებული მოვლენები სულ რამდენიმე წუთის განმავლობაში


განვითარდა, მაგრამ ხმაურმა მეზობელი კორპუსების მცხოვრებლებიც გააღვიძა და
ეზოში გადმოახედა. შუახნის ასაკის მეეზოვე ქალმა საქმე მიატოვა და ამბის
გასაგებად და მისაშველებლად, ნიკას კორპუსისკენ გაემართა. სახლთან
მიახლოებულს კი, აივნიდან გადმომხტარი ველოცირაპტორი პირდაპირ თავზე
დაეცა და იქვე მოკლა. უბედური ქალის კისრის მალების ტკაცუნი საყოველთაო
ხმაურსა და დამშეული ცხოველის ჭყივილში ჩაიკარგა, რომელმაც გვამის ჭამა იქვე
დაიწყო.

ადამიანთა ყვირილმა, კივილმა, ტირილმა და გინებამ მთელი უბანი შეძრა.


მაღალ სართულზე მცხოვრებმა ვიღაც კაცმა სანადირო თოფი გამოიტანა და მხეცს
საფანტი დაახალა, მაგრამ სიშორის გამო, მიზანს ვერ მოარტყა. მამაკაცებმა ხელი
დაავლეს ნაჯახებს, ჩაქუჩებს, დანებს, ყველა ნივთს, რაც საბრძოლველად
გამოადგებოდათ და კიბეებზე დაეშვნენ. მაგრამ ქუჩაში გამოფენილი ხალხი
პატრულის ბრძანებამ შეაჩერა.

-მოქალაქენო, გთხოვთ, დაუბრუნდეთ საცხოვრებელ ბინებს და დაიცვათ


სიმშვიდე! პოლიციის სპეციალური დანიშნულების რაზმი უკვე გზაშია. გთხოვთ,
ხელს ნუ შეუშლით სამართალდამცავი ორგანოების მუშაობას. დაიცავით წესრიგი! -
რუპორით აცხადებდა ნიკას კორპუსთან გაჩერებული ციმციმებიანი მანქანის
გვერდით მდგარი პოლიციელი.

საბრძოლველად დარაზმული ადგილობრივები შეჩერდნენ და პატრულის


ბრძანებას დაემორჩილნენ. პოლიციის პირველი სამიზნე ველოცირაპტორი იყო, -
ერთადერთი მტაცებელი, რომელიც ეზოში იმყოფებოდა. სკვერთან სასწრაფო
დახმარების მანქანაც გაჩერდა, მაგრამ პატრულმა მედიკოსებსაც სთხოვა, ვიდრე
ცხოველებს არ გააუვნებელყოფდნენ, ავტომობილიდან არ გადმოსულიყვნენ.
სპეცდანიშნულების რაზმი კი, ჯერ არ ჩანდა. დაყოვნება აღარ შეიძლებოდა. ყოველ
წამს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა.

და პისტოლეტმომარჯვებული ორი პოლიციელი ცხოველს სხვადასხვა


მხრიდან მიუახლოვდა.

სიმაღლით, საკმაოდ პატარა იყო, 70 სმ-ს არ აღემატებოდა, ხოლო სიგრძით,


მეტრნახევრამდე იქნებოდა. ასეთი აღნაგობის სხეული ცეცხლსასროლი იარაღის ორი
მხრიდან შეტევას ვერ გაუძლებდა. კოორდინირებულად მოქმედების შემთხვევაში,
არ უნდა გასჭირვებოდათ მისი მოკვლა. ღაჟღაჟასახიანმა, ტანმაღალმა პატრულმა,
რომელმაც მანამდე მოსახლეობას მეგაფონით მიმართა, მეწყვილეს ნიშანი მისცა და,
ის იყო, ერთდროულად უნდა გაესროლათ, რომ ვიღაცის ხმა ჩაესმათ:

„არ გაბედოთ! თავდასხმა არ გაბედოთ, თორემ ვერ გადამირჩებით!“

გაოგნებული სამართალდამცველები შედგნენ და ირგვლივ მიმოიხედეს.


მათთან ყველაზე ახლოს მყოფი ადამიანი 30 მეტრით მაინც იქნებოდა დაშორებული.

-ზაზა, შენც გაიგონე? - ჰკითხა მაღალმა მეწყვილეს.


-შეენც? და ვინ იყო, საიდან ისმოდა ხმა?

„მე ვარ, თქვე იდიოტებო!“ - ველოცირაპტორმა თავი ასწია და ზაზას ავი


თვალებით მიაჩერდა.

-დათო, ხომ არ მეჩვენება? ეს ლაპარაკობს?

-ბიჭო, შენც იგივეს ფიქრობ, რასაც მე? მგონი, სიზმარში ვარ, ე!

„ჰო, მე ვარ. რა ვერ გაიგეთ, თქვე უბედურებო?!“ - მიეწოდა პოლიციელებს


ახალი მესიჯი. მონსტრმა, რომელიც გაფატრულ მსხვერპლთან იდგა, გვამს ხორცის
მოზრდილი ნაჭერი ააგლიჯა და ტანსაცმლის ნაფხრეწთან ერთად ისე გადასანსლა,
რომ „ლაპარაკი“ არ შეუწყვეტია.

„ახლა მომისმინეთ! განმარტებებს ნუ მომთხოვთ. სასწრაფოდ წადით აქედან,


თორემ ორივეს გაგხლეჩთ შუაზე.“

-ზაზა, არ ვიცი, რა ხდება, თავი მართლა სიზმარში მგონია, მაგრამ ჩვენი


მოვალეობა შევასრულოთ, ძმაო. აქ იმისთვის არ ვართ, რომ დინოზავრის ბრძანებებს
ვუსმინოთ. დავაყაროთ.

-ასიანი ხარ, დათო, ვესროლოთ, მაგის...

სიტყვა დასრულებული არ ჰქონდა, რომ ველოცირაპტორმა უსწრაფესად


ისკუპა, ზაზას სხეული ოთხივე კიდურით ჩაბღუჯა და კბილები ყელში ჩაასო.
მსხვერპლმა გასროლა მოასწრო და თავდამსხმელი მუცელში დაჭრა, მაგრამ
ცხოველის სიმძიმისგან, წონასწორობა დაკარგა, მასთან ერთად წაიქცა და კეფა
ბორდიურის კუთხეს ჩამოარტყა. გაოცება, ტკივილი, ბრაზი და ბრძოლის ჟინი
უსიცოცხლო თვალებში გაიყინა.

როგორც კი მტაცებელი გადახტა, დათომ რამდენჯერმე გაისროლა. მოძრავ


სამიზნეს პირველი ტყვიები დააცილა, მაგრამ ორი ზურგში მოარტყა. დაჭრილი
მხეცი ყურისწამღებად აღრიალდა, წინა მარჯვენა კიდური მოიქნია და მიახლოებულ
თავდამსხმელს იარაღი ხელიდან გააგდებინა. პისტოლეტი უკვე მიუწვდომელი იყო,
ხოლო ველოცირაპტორი, ჭრილობებიდან გადმოდენილი სისხლის ნთხევით,
შენელებული ნაბიჯით და ავისმომასწავებელი ჭყივილით, დათოსკენ გაემართა. სხვა
გზა აღარ იყო. პოლიციელმა უკან დაიხია, მანქანაში ჩაჯდა და გადაწყვიტა,
დაუძლურებული მტაცებელი ავტომობილის დაჯახებით მაინც შეეჩერებინა. ის იყო,
ძრავა დაქოქა, რომ ველოცირაპტორი კაპოტზე შეხტა, წაწვეტებული ცხვირი საქარე
მინას ძლიერად ჩაარტყა და ჩაამსხვრია. დათომ აქსელერატორს ფეხი დააჭირა და
მანქანა ადგილიდან მოწყვიტა. ცხოველმა წონასწორობა დაკარგა, მთელი ტანით
სალონში შევარდა და თავით, წინა სავარძლებს შორის გაიჭედა. უკანა კიდურები
კაპოტზე დარჩა, მუცლით, საჭეს დაეყრდნო, ხოლო წინა მარჯვენა კიდურით, დათოს
სახე ჩამოპორჭყნა და ბრჭყალები პირდაპირ ყელზე მიაბჯინა. ადგილიდან დიდი
სისწრაფით დაძრული და მართვადაკარგული ავტომობილი კი, განათების ბოძს
შეასკდა, ინერციით, მხეციც უკან დახია და მისი ბრჭყალები დათოს კისერს მოაშორა.

აივნებიდან გადმომდგარი ხალხი და სასწრაფო დახმარების თანამშრომლები


დაზაფრულნი უყურებდნენ, ერთი ურჩხული როგორი სისასტიკით გაუმკლავდა სამ
ადამიანს. უკვე მეორე პოლიციელიც დაღუპულად ჩათვალეს. ამ დროს კი, ბინებიდან
გამოსული შემზარავი ხმების მიხედვით, იქ არანაკლები უბედურება ტრიალებდა.
მამაკაცები კვლავ საბრძოლველად მოემზადნენ, როცა უცებ, ნანატრი მაშველიც
გამოჩნდა.

წამიც და, ველოცირაპტორი მომდევნო მსხვერპლსაც გამოასალმებდა


სიცოცხლეს, როცა ფერდებში ძლიერი დარტყმები იგრძნო. სალონში გაჭედილი თავი
ვერ მოაბრუნა, რათა ბოროტი მზერა მისკენ მიმართული ავტომატების
ლულებისთვის მიეპყრო. უცებ, ისეთი სისუსტე დაეუფლა, რომ ვეღარც კიდურის
ამოძრავება შეძლო. ჩაფხუტიანი რობოკოპები ცხოველის ყოველ მოძრაობას
ადევნებდნენ თვალს და მზად იყვნენ, საჭირო შემთხვევაში, მთელი ჯერი დაეცალათ,
მაგრამ ამჟამად, მხოლოდ თითო სროლა აკმარეს, რის შედეგადაც, მხეცის სხეულში
სამი დოზა ძლიერმოქმედი ტრანკვილიზატორი შევიდა. დაჭრილი და დაბანგული
მონსტრი უცებ მოდუნდა, კაპოტზე დაყრდნობილი თათები უღონოდ გაფარჩხა და
მალევე, უმოძრაოდ გაშეშდა. მხოლოდ ნესტოებიდან გამოსული მყრალი ოხშივარი
აუწყებდა მის კლანჭებში მოქცეულ პოლიციელს, რომ ველოცირაპტორი ჯერ კიდევ
ცოცხალი იყო.

დათო მანქანიდან ძლივს გადმოიყვანეს. ცხოველის ბასრი ბრჭყალისგან


გაჩეხილი და მინის ნამსხვრევებისგან დასერილი სახე სისხლით ჰქონდა
მოთხვრილი და სულს ძლივს ითქვამდა. სასწრაფო დახმარების თანამშრომლები
მიეშველნენ და პირველადი დახმარება გაუწიეს.

-რა ქენით?! დააძინეთ?! რატომ არ მოკალით?! - სუსტი ხმით კითხულობდა


დაჭრილი პოლიციელი, მაგრამ რობოკოპებმა მისი კითხვა უპასუხოდ დატოვეს.

სამაშველო ოპერაცია კი, ჯერ მხოლოდ იწყებოდა. სირენების ხმამ უბანს


პოლიციის სხვა ეკიპაჟების და სახანძრო მანქანების მოსვლა აუწყა. ავტომობილების
სიმჭიდროვისგან, ვიწრო ქუჩა ისე გადაიხერგა, რომ კორპუსთან მიახლოება მხოლოდ
ერთმა სახანძრო მანქანამ შეძლო. სპეცდანიშნულების რაზმმა კი, აღარ დააყოვნა, სამ-
სამ კაციან ჯგუფებად დაიყო და საცხოვრებელ ბინებში შესული მტაცებლების
სათითაოდ განეიტრალებას შეუდგა.
ამ დროს, ნიკას ბინაში ფანჯარა ჩაიმსხვრა და სასტუმრო ოთახში
გამომწყვდეულმა, უკვე დანაყრებულმა ვარანმა ჩიხიდან თავის დაღწევა მოახერხა,
მაგრამ მხოლოდ აივანზე გადაბობღდა. სიმაღლე და სხეულის აგებულება არ
აძლევდა საშუალებას, რომ ველოცირაპტორივით მოაჯირს გადავლებოდა და ქუჩაში
გადამხტარიყო, - გაფარჩხული თათებით, მხოლოდ სირბილი შეეძლო. ამიტომ,
აივნის გასწვრივ დასხმარტალებდა და ორკაპა ენას ასავსავებდა, ისევ გასასვლელს
ეძებდა. მის გათიშვას, სპეცრაზმელების მესამე სართულის უვნებელი ბინის
აივნიდან თოკებით დაშვება და 4 დოზა საძილე საშუალება დასჭირდა.

მესამე სართულის იმ ბინასთან კი, სადაც პტეროზავრი იყო შეჭრილი, ხელ-


ფრთებ ჩართული ბრძოლა გაჩაღდა. როგორც კი რობოკოპები აივანს სახანძრო
მანქანის კიბით მიადგნენ, ფანჯრიდან გამოსულმა და უკვე მოაჯირზე შემომჯდარმა
ფრინველმა გრძელი ნისკარტი ერთ მათგანს პირდაპირ ჩაფხუტიან თავში ჩაარჭო,
დამცავი მინა ჩაუმსხვრია, სახე გაუგლიჯა და კიბიდან უსულოდ გადააგდო.
დანარჩენმა ორმა თითო გასროლა მოასწრო, მაგრამ „ტყვიები“ მფრინავ ხვლიკს
მხოლოდ ფრთაში მოხვდა და თხელი კანის მეორე მხრიდან გავარდა, რის გამოც,
სასურველი შედეგი არ გამოუწვევია. დაჭრილი ფრთის მიუხედავად, გამწარებული
მტაცებელი მოაჯირიდან აფრინდა, ერთი სპეცრაზმელის მხრები ბრჭყალებით
ჩაბღუჯა, ხოლო მეორეს უვნებელი ფრთა გაკრა და კიბიდან თავდაყირა გადაუშვა.
მერე კი, ნაალაფარ რობოკოპთან ერთად, ცაში აიჭრა. ფრთოსანი მხეცის კლანჭებში
მოქცეულმა, სროლა მაინც შეძლო და ტრანკვილიზატორიანი „ტყვია“ მტაცებელს
კუდში მოარტყა. მაგრამ ვიდრე მეორეჯერ გაისროდა, უკვე კორპუსის სახურავამდე
ასულმა, დაჭრილმა პტეროზავრმა საშიში ნადავლი უსარგებლო ბალასტივით ჩახსნა.
მიწამდე სული არ დაჰყოლია უბედურს.

მძიმე ტვირთისგან გათავისუფლებულ მფრინავ ხვლიკს წამლის მცირე დოზა


ჰქონდა მიღებული, მაგრამ დაჭრილიც იყო და ფრენას ვეღარ ახერხებდა, ძალა
გამოეცალა. ამიტომ, ცხრასართულიანი კორპუსის თავზე აეროპლანივით დაეშვა და
ჯერ ისევ ფეხზე მდგარმა, ფრთების ტყლაშუნით და ავისმომასწავებელი ჭყივილით,
მისთვის უცხო პლანეტა ბრძოლაში გამოიწვია.

******

-ნიკა, აბსოლუტურად მესმის, რასაც განიცდი. - გელა ნინუა კვლავ ბავშვის


თაფლისფერ, ცრემლით სავსე თვალებს უყურებდა და ცდილობდა, მონაყოლისგან
გულდამძიმებული ბიჭი როგორმე ისევ აელაპარაკებინა. - დამიჯერე, საკუთარი
თავი ერთი წამითაც არ უნდა დაადანაშაულო მომხდარის გამო. შენ თუ არ იქნებოდი,
სხვა აღმოჩნდებოდა მსგავს სიტუაციაში და იგივე განმეორდებოდა. ან უფრო უარესი,
დინო შენ ან ვინმე სხვას რომ არ დაკავშირებოდა, ყოველგვარი გაფრთხილების
გარეშე მოხდებოდა შემოჭრა და აქ სრულიად მოუმზადებლები დავხვდებოდით.
ახლა რაღაც წარმოდგენა მაინც გვაქვს იმაზე, რაც გველოდება. ძალიან ვწუხვარ
ბატონი თენგიზის დაღუპვის გამო. სწორედ მისი ხსოვნის პატივისცემა
გვავალდებულებს, რომ ვიდრე დიდი შემოტევა მოხდება, სათანადოდ მოვემზადოთ.
ამიტომაც მჭირდება ახლა შენი დახმარება და სულ რამდენიმე კითხვაღა დამრჩა,
რომელზეც გთხოვ, მიპასუხო. კარგი?

საუბარში ნანა ჩაერთო. ძალიან ნელა, გულდამძიმებული ესაუბრებოდა


გამომძიებელს და თან, ნიკას თვალს არ აშორებდა. ეს იყო თხელი, კაფანდარა ქალი,
ლამაზი, მაგრამ ორი დღის განმავლობაში გადატანილი საშინელი სტრესის, გლოვისა
და ტანჯვისგან დაღარული სახით და მეტყველი თვალებით, ერთადერთ იმედს
უსაზღვრო სიყვარულით რომ შესცქეროდა.

-დიახ, ბატონო გელა, გვესმის. მაგრამ მარტო ჩვენი ოჯახის ტრაგედია ხომ
არაა, რამდენი ადამიანი გაუბედურდა... ჩვენი მეზობლები... ჩვენს ქვემოთ მცხოვრებ
ახალგაზრდა ცოლ-ქმარს ახალშობილი დაეღუპა. მორიელისგან დაკბენილ მის
დედას კი, ფეხი მოკვეთეს და ქალის სიცოცხლის გადარჩენას ექიმები ჯერ კიდევ
ცდილობენ. ზედა სართულზე მფრინავმა ხვლიკმა მოხუცი ცოლ-ქმარი დახოცა და
მერე ორი სპეცრაზმელი იმსხვერპლა. კიდევ ერთი კი, სამუდამოდ ხეიბარი იქნება.
ჩვენი მეეზოვე მოკვდა, ძალიან საყვარელი ქალბატონი, ასევე, პატრული... ეს
ადამიანები იმ ცხოველებმა მოკლეს, ნიკას რომ აედევნენ. კიდევ კარგი,
ვერტმფრენიდან შეძლეს იმ მფრინავი ურჩხულის განეიტრალება, თორემ კიდევ
რამდენს იმსხვერპლებდა, ვინ იცის... თენგო კი...

ქალმა ცრემლი ვერ შეიკავა და პაუზა გააკეთა. მერე საუბარი ქვითინით


განაგრძო.

-დღეს საღამოს, გასართობ ცენტრში უნდა წაგვეყვანა ნიკა. ყოველი ახალი


სათამაშოს შეძენა ბავშვზე მეტად უხაროდა... რამდენ რამეს ვგეგმავდით, გიჟდებოდა
შვილზე, ოჯახზე... ყველაფერი წამებში დასრულდა... ამიტომაცაა... სულ რომ არ იყოს
ნიკა ამ მოვლენების მონაწილე, მაინც რამხელა ფსიქოლოგიური ტრავმა გადაიტანა.
ან უცხო პლანეტაზე მოგზაურობა, სადღაც ჯუნგლებში... და ამ დროს, ჩვენ მშვიდად
გვეძინა... ახლაც კი მიჭირს დაჯერება. - ნანამ გელას მუდარით შეხედა. - იქნებ,
ვაცადოთ ცოტა, დამშვიდდეს და სხვა დროს გავაგრძელოთ ეს დაკითხვა?

ქალის ემოციამ გამომძიებელზე შთაბეჭდილება მოახდინა, მაგრამ


სამსახურებრივი მოვალეობა მაინც თავისას მოითხოვდა და გადაწყვიტა,
პროტოკოლისთვის არ გადაეხვია.
-რა თქმა უნდა, კი არ ვამტყუნებ, ქალბატონო ნანა, რას ბრძანებთ. პირიქით.
ჯერ ერთი, ნიკა ძალიან მაგარი ბიჭია, ისეთი ამბები გადაიტანა, უფროსს რომ
გაუჭირდებოდა. შეგვიძლია, გარკვეული პაუზაც ავიღოთ, მაგრამ რაც მალე
მოვრჩებით, მისთვისაც უკეთესი იქნება და საერთო საქმისთვისაც. მხოლოდ
ორიოდე კითხვაღა დამრჩა და დავასრულებთ. თუმცა, მანამდე კიდევ ერთი
შეკითხვა მაქვს, ამჯერად, თქვენთან, ქალბატონო ნანა...

-გისმენთ. - ნანამ ცრემლები შეიმშრალა, შეძლებისდაგვარად, დამშვიდდა,


წელში გაიმართა და გამომძიებელს ყურადღებით მიაჩერდა.

-უცხოურ მედიასაშუალებას თქვენ მიეცით ინტერვიუ, სადაც ბრძანეთ,


თითქოს უცხოპლანეტელები ჩვენი ფლორისა და ფაუნის მართვასაც შეძლებენ. რას
გულისხმობდით, შეგიძლიათ, ამიხსნათ?

-მე მტკიცებით ფორმაში არ მითქვამს, ბატონო გელა. - ქალი შეეცადა, მშვიდად


ეპასუხა, თუმცა, აღელვება ხმაზეც დაეტყო. - მე მხოლოდ ვარაუდი გამოვთქვი, ისევ
ნიკას მონაყოლის საფუძველზე.

-მაგრამ ჩვენებაში ხომ, ნიკას მსგავსი არაფერი უთქვამს.

ორივემ ბავშვს შეხედა, რომელმაც ჩაქინდრული თავი ასწია და გამომძიებელს


თვალი გაუსწორა.

-მე არ ვიცი, ისინი რას იზამენ, მაგრამ დედას ვუთხარი, რომ რაც ვნახე, იმის
შემდეგ არაფერი გამიკვირდება. ალბათ, ეს უთხრა ჟურნალისტებს.

გელამ თავი ჩაფიქრებით დააქნია და ისევ ნიკას მიმართა.

-კარგი. - ანუ, კიდევ ერთხელ რომ დავაზუსტოთ, დინოს არაფერი უთქვამს


იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ ადგილებში გაიხსნება პლანეტათშორისი
პორტალები? ან რამდენი ხნით გაიხსნება? და ასევე, ნამდვილად არ იცი, რა ტიპის
ცხოველებს აქვთ ათვისებული ტელეპათიური უნარები? აქ ჩამოსულთა შორის, ეს
შესაძლებლობა მხოლოდ ველოცირაპტორმა და პტეროზავრმა გამოავლინეს. ყოველ
შემთხვევაში, - ჯერჯერობით. უფრო მეტი ხომ არ იცი ამის შესახებ? გთხოვ, მკაფიოდ
მიპასუხე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თავადაც ხომ გესმის. თუ გნებავს, შევისვენოთ
რამდენიმე წუთით, დამშვიდდი, მოიფიქრე და მერე მითხარი.

სიტყვები მძიმედ მოსწყდა ნიკას გამშრალ ბაგეებს.

-მე მეტი არაფერი ვიცი. - თქვა ერთ წერტილში თვალებმიპყრობილმა. - რაც


ვიცოდი, ყველაფერი მოგიყევით.
მთელ ამ საუბარს კუთხეში მჯდომი ბიპი ყურადღებით ადევნებდა თვალს და
მისთვის აბდაუბდა ნალაპარაკევიდან აზრის გამოტანას თუ არა, ცალკეული
სიტყვების მნიშვნელობის გაგებას მაინც ცდილობდა. უკვე იცოდა, რომ „ნიკა“ მისი
მეგობრის სახელი იყო, ხოლო „ნანა“ ნიკას დედას ერქვა. ყველაზე მეტად, ხშირად
მოსმენილი „დინოზავრების“, „ტელეპათიის“ და „ტელეპორტაციის“ მნიშვნელობის
გაგება აინტერესებდა, მაგრამ ჯერჯერობით, უშედეგოდ.

ის იყო, გამომძიებელი გამოკითხვის დასრულებას აპირებდა, როცა სიტყვა


ვოტსაპში მოსულმა შეტყობინებამ გააწყვეტინა. დახედა თუ არა, თვალები
გაუფართოვდა, სახეზე შეშფოთება დაეტყო და დანარჩენებს ტელეფონიდან
თავაუწევლად, ქვეშქვეშ გახედა. აქამდე კეთილგანწყობილი სუს-ელის სახის
ცვლილება ნანას არ გამოპარვია.

-მოხდა რამე, ბატონო გელა?

-არაფერი, ქალბატონო ნანა.

მარცხენა ხელით ნიკაპს ისრესდა, მზერა კი, ისევ თავისი ტელეფონის ეკრანზე
გადაიტანა. უცებ, სახეზე ყალბი ღიმილი აიკრა და ოთახში მყოფებს შინაურულად
მიმართა.

-ბოდიში, ახლობელს უნდა დავურეკო. ორიოდე წუთით დერეფანში გავალ და


ისევ დავბრუნდები. თითქმის, მოვრჩით ყველაფერს.

გელა ოთახიდან სწრაფი ნაბიჯებით გავიდა. ნანა უნებლიე შიშმა შეიპყრო,


ნიკა გვერდით მოისვა, გულში ჩაიხუტა და თვალები დაუკოცნა. ბიპი
თვალმოუშორებლად და ველური ცნობისმოყვარეობით უყურებდა თავის ახალ
ოჯახს. დაღუპული მშობლები გაახსენდა. დედაშვილური სითბო და სიყვარული
მისთვისაც ნაცნობი გრძნობა იყო, მაგრამ აქაური იდილია მაინც ძალიან უცხოდ
გამოიყურებოდა.

გამომძიებელი მალევე დაბრუნდა, იმავე სკამზე ხვნეშით დაჯდა, სამივეს


გადაავლო თვალი და მზერა ნანაზე შეაჩერა.

-რა ხდება, ბატონო გელა?!

-მაპატიეთ, ქალბატონო ნანა. ამ დრომდე, მეც არ ვიცოდი.

-რა არ იცოდით?

-თხოვნა მაქვს თქვენთან... და ასევე, ნიკასთან.

-რა თხოვნა?
-მოკლედ... პირობა უნდა მომცეთ, რომ პრესასთან ურთიერთობა აღარ
გექნებათ. ჟურნალისტებს ინტერვიუ აღარ უნდა მისცეთ.

-რა?! რას ბრძანებთ, ეგ როგორ შეიძლება? ხომ არ დავიმალებით?

-აი, თუ საჭიროა, უნდა დაიმალოთ კიდეც. ჩვენ შეგვიძლია უზრუნველყოფა,


რომ საერთოდ, გაგიყვანოთ ქვეყნიდან. ვთქვათ, დასასვენებლად გაგიშვებთ
საზღვარგარეთ. იმხელა სტრესი გადაიტანეთ თქვენც, ბავშვმაც და ბუნებრივია,
დასვენება გესაჭიროებათ...

-რას ამბობთ, რა დასვენება?! მე გუშინ ქმარი დავკარგე და ჩემ თვალწინ ამდენი


უბედურება მოხდა, დასასვენებლად და გასართობად როგორ უნდა წავიდე,
ნორმალური ადამიანი მოიქცევა ასე? რას კადრულობთ ან რას მავალდებულებთ?!
საერთოდ, რისთვის გჭირდებათ ეს ყველაფერი?!

-ეროვნული უსაფრთხოებისთვის გვჭირდება, ქალბატონო ნანა. და არა მარტო


ჩვენი ქვეყნის.

-რაო?! რა უსაფრთხოება, როგორ ზრუნავთ უსაფრთხოებაზე, თუკი


ადამიანებისთვის სიმართლის დამალვას აპირებთ და ოქროს მოწმე უნდა
გადაუმალოთ საზოგადოებას?!

-ქალბატონო ნანა, ვალდებული ვართ, რომ დავამშვიდოთ ხალხი! მე ახლა


ბევრს ვერაფერს მოგახსენებთ, მხოლოდ ხელმძღვანელობის დავალება გადმოგეცით,
რაც ამ მოცემულობაში, სრულიად ლოგიკურად მიმაჩნია. თქვენს თანხმობას
ველოდები, რათა გამგზავრებისთვის საჭირო ყველა საბუთი მოვაწესრიგოთ.

ნანას ნერვიულად ჩაეცინა, მერე სიცილს უმატა, მაგრამ მალევე, ცრემლი


მოერია და სიცილნარევი ქვითინით, ისეთი ნაღვლიანი თვალებით უყურებდა
გამომძიებელს, როგორც ფსიქიკურად დაავადებულ პაციენტს. ნიკაც
ცნობისმოყვარედ ათვალიერებდა გელას სახის ნაკვთებს, თითქოს, იშვიათი ჯიშის
ცხოველს უცქერდა.

„აფრენს ეს კაცი!“ - გაიფიქრა ბავშვმა.

-ღმერთო ჩემო! - ჩურჩულით წარმოთქვა ქალმა. - და თქვენი სამსახური, ასეთ


კრიტიკულ ვითარებაში მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვა რომ ევალება,
ყველაფერს აკეთებს, რათა ადამიანებმა არ იცოდნენ მოსალოდნელი სიკვდილის
შესახებ.

გელამ არაფერი უპასუხა. მშვიდად იჯდა, ამჯერად, კედელს შესცქეროდა და


თანხმობის მოლოდინში, სკამის ზურგზე თითებს აკაკუნებდა.
ნანამ მაგიდიდან პულტი აიღო და ტელევიზორი ჩართო. ახალი ამბების
გამოშვება სახელმწიფო კანცელარიის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციას აშუქებდა.

„ოპოზიცია: გადადგეს მთავრობა!“ - იუწყებოდა ეკრანის ქვედა ნაწილში


განთავსებული მსხვილი ტიტრი. თითქოს რაღაც გაახსენდაო, ქალი გამომძიებელს
სწრაფად მიუბრუნდა.

-აააა! ამის გეშინიათ? ამიტომ გინდათ თემის ჩახშობა, რომ მთავრობის


საწინააღმდეგო მოძრაობა გააქტიურდა?

-მე პოლიტიკოსი არ ვარ, ქალბატონო ნანა. მხოლოდ დავალებას ვასრულებ და


ამდენი დროც არ მაქვს. - გელამ მაჯის საათს დახედა. - პასუხს ველოდები.

-რა პასუხს? მაგაზე დადებითად როგორ უნდა გიპასუხოთ? თუმცა, ნიკამ,


მიუხედავად იმისა, რომ ბავშვია, თავისი პოზიცია დამოუკიდებლად უნდა
განსაზღვროს და არ ვიცი, რას გეტყვით... - თქვა და შვილს გახედა. - რას იტყვი
დედიკო, წავიდეთ დასასვენებლად საზღვარგარეთ? აი, გელა ბიძია გვეუბნება, რომ
კურორტზე გაგვამგზავრებს და ცოტა ხნით, მოვცილდებით ამ აურზაურს.

-მე ვერ დავიმალები და ვერც ტყუილს ვიტყვი. - მშვიდად ჩაილაპარაკა ნიკამ.

-აი! - ნანამ ბავშვზე მიუთითა. - ამ შემთხვევაში, რას აპირებთ, აქ


გამოგვკეტავთ დაუსრულებლად? თუ ძალით გაგვიშვებთ „დასასვენებლად“? და რა,
ტელეფონი, ინტერნეტი, ყველაფერი უნდა აგვიკრძალოთ? ახლა გამორთული გვაქვს
მობილურები, თორემ ასი ზარი იქნებოდა ჟურნალისტებისგან. როგორ უნდა
მოგვწყვიტოთ ყველაფერს? დაგვაპატიმრეთ ბარემ! რას გააკეთებთ?

-რას და ყველაფერს, ქალბატონო ნანა. ყვე-ლა-ფერს! - დამარცვლა


გამომძიებელმა.

-და რას მაინც? აი, ნიკა უარზეა და არც მე ვაპირებ სადმე დამალვას ან თავის
დამუნჯებას.

-ქალბატონო ნანა, გთხოვთ, კარგად გააცნობიეროთ, ვის ელაპარაკებით. ჩვენ


სუს-ი ვართ! სუს-ი!

-ვიცი, ბატონო გელა. მაგრამ ყოვლისშემძლეები ხომ არ ხართ! როგორ


გვაიძულებთ? გვაწამებთ?

-როგორ გაიძულებთ?! - ამჯერად, გამომძიებელს გაეცინა. სიცილს სულ უფრო


მოუმატა და საუბარი ხითხითით გააგრძელა. - როგორ გვაიძულებთო! ღმერთო!
ქალბატონო ნანა, დიდი ბოდიში, მაგრამ წარმოდგენა არ გაქვთ, რას ამბობთ.
გელა გაჩერდა, სული მოითქვა, დასერიოზულდა და თითქოს დიდ დარბაზს
მიმართავსო, ხელები მაღლა ასწია.

-მოკლედ, არ მინდოდა ბავშვებთან ამაზე ლაპარაკი და დეტალებს მაინც არ


დავაზუსტებ, მაგრამ ვფიქრობ, თქვენთვის სრულიად გასაგები იქნება, რაზე
ვსაუბრობ. - წამით, პაუზა გააკეთა. - სოციალურ ქსელში უკვე გამოჩნდა პირველი
ცნობები თქვენი სტუდენტობისდროინდელი გატაცების შესახებ, თქვენი და თქვენი
მეგობარი გოგონას, ლიზა ნაცვალაძის ურთიერთობის შესახებ...

ნანა გაფითრდა. ხმა ვეღარ ამოიღო. გელამ განაგრძო.

-რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ პირველადი ჭორაობაა, მაგრამ საჭიროების


შემთხვევაში, ბევრად უფრო მწვავე და აუდიტორიისთვის საინტერესო ფორმას
მიიღებს, მათ შორის, შესაბამისი ფოტოების გამოქვეყნებით.

-თქვენ ამას არ იზამთ! ეს ჩემი პირადი ცხოვრებაა!

-ეჭვიც არ შეგეპაროთ, ქალბატონო ნანა! ჯერ არ დამიმთავრებია!

ქალს სხეული აუცახცახდა, მაგრამ შეეცადა, სიმშვიდე შეენარჩუნებინა. დაჯდა


და მოთმინებით დაელოდა.

-გარდა ამისა, ჩვენთვის ცნობილია, რომ ბატონმა თენგიზმა ახალგაზრდობაში


რესტორანში იჩხუბა და თანაკურსელი დაჭრა, რომელიც სამუდამოდ დაკოჭლდა.
თავდამსხმელს კი, პასუხი არ უგია.

-რაო?! თენგიზი მხოლოდ თავს იცავდა, ეს ყველამ იცის! გარდაცვლილზე


როგორ ლაპარაკობთ, როგორ არ გრცხვენიათ?!

-ეგ თქვენ მაშინ ამტკიცეთ, როცა ოჯახის ღირსების საჯაროდ დაცვა და


სოციალურ ქსელში ატეხილ ჭორაობაზე პასუხის გაცემა მოგიწევთ. საბედნიეროდ, ის
ადამიანი დღესაც ცოცხალია და საჭირო დროს, ალაპარაკდება. ავალაპარაკებთ,
უფრო სწორად! რაც შეეხება „სირცხვილს“, მაპატიეთ, მაგრამ მე ჩემს პროფესიულ
მოვალეობას ვასრულებ, ქალბატონო ნანა!

-პროფესიული მოვალეობა კი არა, ჩვეულებრივი ბინძური ჭორიკანა ხართ!


მთელი თქვენი სუს-ი! სამარცხვინოებო! - ნანა წამოდგა და ხელი სკამს დაავლო,
ქალის მისაშველებლად ბავშვებიც წამოიჭრნენ, მაგრამ გელამ კოსტიუმის კალთით
დაფარული, ქამარზე ჩამოკიდებული იარაღი გამოაჩინა, ბუდე შეიხსნა და დედა-
შვილი ადგილზე გააშეშა. ბიპი გამომძიებელთან მივარდა, მაგრამ გამოცდილმა
ოპერმუშაკმა ხელი გადაუგრიხა და დასამშვიდებლად, მეგობარს მიუგდო.
-გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დერეფანში კბილებამდე შეიარაღებული
სპეცრაზმელები მელოდებიან. მსგავსი სისულელეები აზრადაც არ გაივლოთ, თორემ
ყველაფერი შეიძლება მოხდეს. კიდევ ერთხელ გიმეორებთ: ყვე-ლა-ფე-რი!

სამივე ბედს შეეგუა და ისევ თავიანთ ადგილებს დაუბრუნდა. გელაც დაჯდა.


ორიოდე წამით, ტელეფონის ეკრანს დახედა, რაღაც „გადასქროლა“ და საუბარი
განაგრძო.

-კიდევ ერთი: თქვენ კონფლიქტი გქონდათ ზედა სართულის მეზობლებთან,


სწორედ იმ მოხუც ცოლ-ქმართან, რომლებიც „მფრინავმა ხვლიკმა“ იმსხვერპლა.
რამდენადაც ვიცი, ისინი პრეტენზიას გამოთქვამდნენ თქვენი ჰაერგამწოვი სისტემის
გამო, რომლის მოუწესრიგებლობის შედეგად, მათ ბინაში მუდმივად გაზის სუნი
იგრძნობოდა. ამასთან დაკავშირებით, მერიასაც მიმართეს და სასამართლოსაც. თქვენ
ჯიუტად უარყოფდით პრობლემას და ორიოდე კვირის წინ, მეზობლების
თანდასწრებით, ეჩხუბეთ კიდეც მოხუცებს, ძალიან მწარე სიტყვები აკადრეთ და
სიბერე გაუმწარეთ.

-გადაჭარბებულია ეს ყველაფერი. არ იყო ჰაერგამწოვის ბრალი და საერთოდ,


ჩვენ ბოლოს მოვილაპარაკეთ.

-როდის ბოლოს? მათ სარჩელი არ გამოუტანიათ. მაშასადამე, - კვლავ


გედავებოდნენ. საჭირო დროს, ეს ცნობები შესაბამის მედიასაშუალებებს მიეწოდება
და დამატებითი მორალური ტვირთი იქნება თქვენთვის, ქალბატონო ნანა, რადგან
წამებულ ცოლ-ქმარს, რომელთაც წლების განმავლობაში წამლავდით, დღეს მთელი
საქართველო გლოვობს და მათი სიცოცხლის გამწარების გამო, ბევრი ადამიანი
გაგკიცხავთ.

გელა აღარ გაჩერებულა, ისე განაგრძო.

-დაბოლოს, ნიკაც არ უნდა დავივიწყოთ. - განაგრძო მშვიდად. - ჩვენთვის


ცნობილია, რომ ერთი თვის წინ ნიკამ არ გაამჟღავნა კლასელის მიერ სკოლაში
ხანძრის გაჩენა, რასაც თავად შეესწრო. ცეცხლს სასკოლო ინვენტარი, მათ შორის,
მაგიდა-სკამები ემსხვერპლა და მეხანძრეებს დიდი ძალისხმევა დასჭირდათ მის
ჩასაქრობად. ბოლოს დამნაშავე გამოვლინდა და ისიც გაირკვა, რომ ნიკამ დანაშაული
დაფარა.

ნანამ ბავშვს შეხედა. ნიკამ თავი ჩაღუნა.

-ვიცი ეს ამბები და ამის გამო სულაც არ ვამართლებ ჩემს შვილს. საყვედურიც


მიიღო ჩემგანაც და დამრიგებლისგანაც. მაგრამ ამ საქმესთან რა კავშირშია
მოსწავლეების ხულიგნობა?
-პირდაპირ კავშირშია, ქალბატონო ნანა. გასაგებია, რომ მაბეზღარა ბავშვი არაა
და საბედნიეროდ, არც მსხვერპლი მოჰყოლია იმ ხანძარს, მაგრამ ინვენტარის
განადგურება პატარა ამბავი არაა. და რაც უფრო მნიშვნელოვანია, მისი, როგორც
მატყუარა ბიჭის რეპუტაცია მალე შეიკერება და მის ნაამბობსაც, ფასი დაეკარგება.
სხვა, უფრო მძიმე კომპრომატებიც გვაქვს თქვენს წინააღმდეგ, რომლებზეც ჯერ არ
მინდა ლაპარაკი. ყველაფერი ერთად კი, თქვენი ოჯახის თავმოყვარეობას ფეხქვეშ
გათელავს. ჩვენ მიზანს მაინც მივაღწევთ, რეპორტიორები თქვენს მიმართ ინტერესს
დაკარგავენ, ხოლო თქვენს პირად ცხოვრებაზე ყველა იჭორავებს. ახლა
გადაწყვიტეთ, რომელ შემთხვევაში უფრო დაზიანდებით: სამოგზაუროდ წასვლით
და გაჩუმებით, თუ ჩვენს წინადადებაზე უარის თქმით, რასაც კარგად დაგეგმილი
კამპანია მოჰყვება.

სიჩუმე ჩამოწვა. გელამ ისევ საათზე დაიხედა.

******

-საქართველოში ორდღიანი გლოვა გამოცხადდა. ადმინისტრაციულ


შენობებზე დაშვებულია სახელმწიფო დროშები. როგორც ამ წუთებში გახდა
ცნობილი, უკვე თბილისში იმყოფებიან იტალიის, ჩეხეთის და პოლონეთის პირველი
პირები. ქართველ ხალხს სამძიმარი გამოუცხადეს და საქართველოსთვის სამხედრო
და ჰუმანიტარული დახმარების გაწევის სურვილი გამოთქვეს შეერთებული
შტატების და საფრანგეთის პრეზიდენტებმა, გერმანიის კანცლერმა და დიდი
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ასევე, - მსოფლიოს სხვა ქვეყნების ხელისუფლების
წარმომადგენლებმა. ახალ გლობალურ საფრთხესთან დაკავშირებით, მსოფლიოს
ყველა ცხელ წერტილში შეწყდა საომარი მოქმედებები. მხარეებმა განაცხადეს, რომ
ვითარების საბოლოო გარკვევამდე, ბრძოლები არ განახლდება. ამჟამად,
თავდამსხმელი მტაცებლებიდან ერთი შესაბამის ვოლიერშია მოთავსებული, ხოლო
ორი დაჭრილი ცხოველის სიცოცხლის გადარჩენას რესპუბლიკური საავადმყოფოს
ექიმები ცდილობენ, გაძლიერებული დაცვის პირობებში. პრემიერ-მინისტრმა ზვიად
დავითაშვილმა მეგობარ ქვეყნებს მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ ჰუმანიტარულ
მიმართულებაზე პასუხისმგებელი უწყებები, პარტნიორებთან ერთად,
კოორდინირებულად იმუშავებენ. რაც შეეხება სამხედრო დახმარების მიღებას,
საქართველოს პრემიერის განცხადებით, ამის საჭიროებას ვერ ხედავს. სწორედ ამ
წუთებში, სახელმწიფო კანცელარიის შენობაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომა
მიმდინარეობს, რომელზეც ანტიკრიზისული ღონისძიებები განიხილება.
ამავდროულად, კანცელარიის გვერდით, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით,
უფლებადამცველების და პოლიტიკოსების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია
იმართება. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლება რისკებს
სათანადოდ ვერ აფასებს და არაგონივრულ პოლიტიკას ატარებს, რის გამოც,
მთავრობა უნდა გადადგეს. მე ჩემს ოპერატორს ვთხოვ, გაჩვენოთ აქციაზე
წარმოდგენილი ბანერები.

რეპორტიორი, რომელიც წინამდებარე ტექსტს სხაპასხუპით კითხულობდა,


კადრიდან გავიდა და მის უკან მიმდინარე აქცია ვიდეოკამერამ ტელემაყურებელს
ფართო ხედით აჩვენა.

„რატომ არ დახოცეთ მტაცებლები?“; „საქართველოს ხელისუფლება


უცხოპლანეტელების მოკავშირეა!“; „გადადგეს უნიათო მთავრობა!“; „მთავრობამ
დინოზავრებს მსხვერპლი შესწირა!“; „მოგვეცით იარაღი!“; „რა გეგმა გაქვთ?“ - ასეთი
შინაარსის ბანერები და მუყაოსყდიანი პლაკატები თავდასხმიდან მალევე გამოიფინა
სახელმწიფო კანცელარიის შესასვლელთან, ინგოროყვას ქუჩაზე, რომელიც ხალხის
სიმრავლის გამო, გადაიკეტა. საყვირების და სასტვენების დაუსრულებელი ჭყვიტინ-
ფშვიტინისგან, ირგვლივ ყურთასმენა აღარ იყო.

-რა უცხოპლანეტელების მოკავშირეო ან რა მსხვერპლი შევწირეთ, ხომ არ


გაგიჟდა ეს ხალხი? - მიმართა ფანჯარასთან მდგომმა სოლიდური შესახედაობის, 50
წლამდე მამაკაცმა მის გვერდით მყოფ სათვალიან ახალგაზრდა ქალს. მერე ფანჯარა
მიხურა და ჟალუზი, რომლის მიღმაც ხალხით სავსე ქუჩა მოჩანდა, ისევ ჩამოაფარა.

კანცელარიის მეშვიდე სათულზე, სადაც აქციის ხმაური უკვე ყრუდ აღწევდა,


გრძელი მაგიდის ირგვლივ მინისტრთა კაბინეტის წევრები და სხვადასხვა
სახელმწიფო დაწესებულების წარმომადგენლები ისხდნენ.

-ალბათ, სპეცრაზმელების დაღუპვას გულისხმობენ, ბატონო ზვიად. - უპასუხა


კითხვის ადრესატმა მთავრობის თავმჯდომარეს.

-როგორ, ჩვენ დავხოცეთ ის ბიჭები?!

-ანუ იმას გულისხმობენ, თითქოს, სპეცრაზმს მტაცებლები საძილე


საშუალებებით კი არ უნდა გაენეიტრალებინა, საბრძოლო ტყვიები უნდა ესროლა და
მაშინ, ადამიანთა გადარჩენის უფრო მეტი შანსი იქნებოდაო.

-გადამრევს ეს ხალხი. ჯერ ერთი, კი გახსოვთ, რომ მიუხედავად ფორს-


მაჟორისა, მე იმწამსვე მქონდა კომუნიკაცია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრთან
და სწორედ თქვენი რეკომენდაციის საფუძველზე მივიღეთ გადაწყეტილება, არ
მოგვეკლა ეგ ცხოველები. კვლევებისთვის, აუცილებელია მათი სიცოცხლის
შენარჩუნებაო, ასე არ მითხარით, ქალბატონო თინა?
-დიახ, დიახ. რა თქმა უნდა, ბატონო ზვიად. მე მხოლოდ იმას მოგახსენებთ,
რასაც აქციაზე შეკრებილი ადამიანები ითხოვენ...

პრემიერ-მინისტრმა ლაპარაკი განაგრძო.

-გარდა ამისა, ისედაც ხომ ცხადია, რომ ასეთი მოულოდნელი თავდასხმის


მიზეზების სიღრმისეულად გამოსაკვლევად, თავდამსხმელების სიცოცხლის
შენარჩუნება იყო სასურველი. ასე რომ არ გაგვეკეთებინა, მერე იტყოდნენ, რატომ
მოკალითო. „ჭრელო პეპელას“ ამბავია, მოკლედ.

-თუ ნებას მომცემთ, ბატონო პრემიერო. - თქვა ჭაღარა მამაკაცმა და ფეხზე


წამოდგა. - ვფიქრობ, საკმარისი განმარტებები გაკეთდა მოსახლეობისთვის და აღარაა
საჭირო ყოველ კრიტიკულ შენიშვნაზე გამოხმაურება. რადიკალური ოპოზიციის
დღის წესრიგს ხომ არ ავყვებით, მაგათ მეტი არაფერი აქვთ საქმე, ბუზს სპილოდ
გახდიან.

-უკაცრავად, მაგრამ არც მთლად მასეა საქმე. - შეეპასუხა თინა. - ბოდიშს


ვიხდი, ალბათ, სცდება ჩემს კომპეტენციას, მაგრამ მოგეხსენებათ, ვითარება ძალიან
საგანგაშოა და მოსახლეობას აქვს უფლება, რომ უფრო მეტად იყოს ინფორმირებული,
მით უმეტეს, როცა ათასგვარი ჭორ-მართალი ვრცელდება.

დარბაზი გაირინდა. ზვიადმა წარბები აზიდა და თინას გაკვირვებით შეხედა.


საუბარში სუს-ის ხელმძღვანელი ტრისტან მეარღნიშვილი ჩაერთო, - საშუალო
ტანის, კვადრატულთავიანი მამაკაცი, რომელსაც შარვალ-კოსტუმ-ჟილეტი ისე
ვიწროდ ჰქონდა შემოტმასნილი ტანზე, თითქოს, ორი ზომით პატარა ეცვა.

-თქვენ ალბათ, ნიკას დედის ინტერვიუს გულისხმობთ, ქალბატონო თინა. -


თქვა და ფეხზე წამოდგა. - უცხოურ მედიასაშუალებასთან ინტერვიუში, იგი ბავშვზე
დაყრდნობით აცხადებდა, თითქოს უცხოპლანეტელებს ჩვენი ფლორისა და ფაუნის
მართვის რესურსიც გააჩნიათ. მინდა გითხრათ, რომ უკვე რამდენიმე საათია ნიკას
დაკითხვა მიმდინარეობს, ამ წუთებშიც კი და როგორც მაცნობებენ, არც ერთი
დეტალი, რასაც თავად ბავშვი ჰყვება, მსგავს საშიშროებაზე არ მიუთითებს. არც მას
უხსენებია და არც დედამისს.

მეტი დამაჯერებლობისთვის, მინისტრმა სხდომის მონაწილეებს მობილური


ტელეფონი აჩვენა, აქაოდა, სიტუაციას ვაკონტროლებო. შემდეგ კი, განაგრძო.

-შესაბამისად, უცხოური პრესისთვის მიცემულმა ინტერვიუმ, რომელიც


ჟურნალისტებმა ჯერ კიდევ დაზარალებულთა დაკითხვამდე, ტელეფონით ჩაიწერეს
და რომელიც მერე მთელმა მედიამ აიტაცა, მთელ მსოფლიოში მხოლოდ პანიკა
დათესა და სხვა არაფერი შედეგი არ მოუტანია. ჩვენ კი, ვალდებული ვართ, რომ
მოსახლეობის სიმშვიდეზე ვიზრუნოთ და მხოლოდ გადამოწმებული, ოფიციალური
ინფორმაცია გავავრცელოთ. ამიტომ საჭიროა ხალხის დამშვიდება და ამ თემის
ჩაქრობა. მედიასივრცეში რაც არ უნდა ილაპარაკონ, იმ ცხოველებთან საკომუნიკაციო
არხებს მარტივად გადავჭრით და, ნიკას და მის ოჯახსაც თუ ვერ დაეკონტაქტებიან
ჟურნალისტები, თემა აქტუალურობას დაკარგავს.

-რაო?! ანუ ცენზურის დაწესებას აპირებთ?! - თინას თვალები გაუფართოვდა. -


ინფორმაცია როგორ უნდა დამალოთ 21-ე საუკუნეში?! ან დაზარალებულ ოჯახებს
რას უპირებთ?! კარგი, არ გავცდები ჩემი კომპეტენციის ფარგლებს, მაგრამ ძალიან
უცნაური რამ თქვით ახლა. რაც შეეხება ვარაუდს, რომ უცხოპლანეტელთა
აღნიშნულმა სახეობამ შესაძლოა დედამიწის ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს
დამორჩილება შეძლოს, ამას ვერც მე გამოვრიცხავ. ამ შემთხვევაში, ვსაუბრობ,
როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი. რაც უკვე
ნამდვილად ვიცი, ისაა, რომ ძალიან საშიშ ვითარებასთან გვაქვს საქმე და ვფიქრობ,
თვითმხილველების მიერ გამოთქმული ვარაუდებიც კი, უფრო გულდასმით უნდა
შევისწავლოთ. უფრო მეტიც, მე ვფიქრობ, თავის დაზღვევის მიზნით, საგანგებო
მდგომარეობის და კომენდანტის საათის შემოღება ლოგიკური იქნებოდა.

წამით, სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა, რომელიც პრემიერ-მინისტრის


ჩაცინებამ დაარღვია. ზვიადი ტყავის მასიურ სავარძელში ჩაჯდა, სახელურს
იდაყვით დაეყრდნო და სხდომის მონაწილეებს მსუბუქი ირონიული ღიმილით
მოავლო თვალი.

-მეგობრებო, გთხოვთ, დავმშვიდდეთ. რა თქმა უნდა, თითოეულ თქვენგანს


ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია გაკისრიათ, მით უმეტეს, ასეთ კრიზისულ
ვითარებაში და გთხოვთ, ერთმანეთის შრომას ანგარიში გავუწიოთ. ტრისტანი, -
ხაზგასმული ფამილარობით წარმოთქვა პრემიერმა, - თავისი უწყების საქმიანობაზეა
პასუხისმგებელი. ასევე, ვფიქრობ, ყველა ჩვენგანისთვის საინტერესო იქნება, თუკი
ქალბატონი თინა უფრო დეტალურად განგვიმარტავს, რა საშიშროების წინაშე
ვდგავართ იმ მონაცემების მიხედვით, რაც მის ორგანიზაციას მოეპოვება. რაც შეეხება
საგანგებო ზომების შემოღებას, ჯერ ვერ ვხედავ ამის საჭიროებას. ისედაც
დაზაფრულ მოსახლეობას კიდევ უფრო ნუ დავაპანიკებთ. კომენდანტის საათის
დაწესება მძიმედ დააწვება აღმავლობის გზაზე მდგარ ტურისტულ სექტორს და
ეკონომიკას, რომელიც ორნიშნა ზრდას განიცდის. ახლა ომი გვინდა?! მოდით, ამაზე
დროს ნუ დავხარჯავთ. გისმენთ, ქალბატონო თინა. გაგვაცანით თქვენს ხელთ
არსებული ცნობები.

-კი ბატონო. - თინას სახეზე იმედგაცრუების გამომხატველი ღიმილი გაკრთა.

„რა ტურიზმი, რა ეკონომიკა... რას ბოდიალობს ეს კაცი.“ - გაიფიქრა გულში.


მერე მაგიდიდან პლანშეტი აიღო, კედელზე დამაგრებულ მონიტორთან
მივიდა, დარბაზს მიუბრუნდა და ის იყო, ლაპარაკი უნდა დაეწყო, რომ უცებ,
მამაკაცის წრიპინა ხმა გაისმა.

-გამარჯობა! მე ვარ რობოტი პეტერი! მე მოგიყვებით დედამიწაზე შემოჭრილი


უცხოპლანეტელი დინოზავრების ბიოლოგიური თავისებურებების შესახებ!

-რა ხდება?! ვინ ლაპარაკობს?! - ახმაურდნენ და გაკვირვებული სახეებით,


ირგვლივ იყურებოდნენ სხდომის მონაწილეები.

დარბაზში შემოგორებული ერთ მეტრამდე სიმაღლის თეთრი თოჯინა,


რომლის ხმამაც საკოორდინაციო საბჭოს თათბირის შეწყვეტა გამოიწვია,
გაოცებისგან პირდაღებულ ზვიადთან მივიდა, გაჩერდა და მონოტონური წრიპინით
განაგრძო ლექცია ველოცირაპტორის ძვლოვანი სისტემის აგებულების შესახებ.

-მაპატიეთ, ბატონო პრემიერო. მინდოდა, სიურპრიზი გამეკეთებინა! -


წარმოთქვა სასიამოვნო გარეგნობის, 35 წლამდე ასაკის ქალმა, რომლის მზერაში,
მბჟუტავ ინტელექტთან ერთად, ამბიციური კარიერიზმი და თვითკმაყოფილი
ეგოიზმი იკითხებოდა.

ზვიადის სახის გამომეტყველება საკმარისი აღმოჩნდა გადაწყვეტილების


მისაღებად. ქალმა ჯიბიდან პულტი ამოიღო და პეტერი გამორთო.

-რაო, სიურპრიზიო? ეს თქვენ ხართ, ქეთევან? - ფეხზე წამოჭრილი პრემიერი


ისევ სკამზე დაეშვა და ჯანდაცვის მინისტრს გაჯავრებულმა შეხედა. - გული კინაღამ
გამისკდა! რა დროს სიურპრიზი და თამაშია ამ აურზაურში?! მგონი, სწორედ თქვენი
უწყებისთვის საინტერესო პანელი იწყებოდა ახლა.

-დიახ, ბატონო პრემიერო, მაგრამ მოგეხსენებათ, რობოტი პეტერი, რომელიც


საგანგებოდ, მსგავს კრიზისულ ვითარებაში გამოსაყენებლად შევიძინეთ და საკმაოდ
ძვირიც დაგვიჯდა მისი ყიდვა...

-პეტერი არ ვიცი მე! - აყვირდა ზვიადი. - ახლავე მოაშორეთ აქედან! სად


გვცალია ახლა მაგისთვის!

-ბატონი ბრძანდებით. - ჩუმად წარმოთქვა ჯანდაცვის მინისტრმა და პულტს


ხელი ისევ დააჭირა. მაგრამ პეტერი ადგილიდან არ იძვროდა. ქეთევანმა კარგა ხანს
იწვალა, ელემენტებიც შეამოწმა, რობოტის ჩართვის ღილაკიც გასინჯა, ხელითაც
შეანჯღრია, მაგრამ უშედეგოდ.

-ფუ, გაფუჭდა! - ჩაილაპარაკა ქალმა.


დარბაზში ჩამოცხა. ზვიადმა ჰალსტუხი მოუშვა და დაცვას დაუძახა. ამ
უკანასკნელმა პეტერი იღლიაში ამოიჩარა და დარბაზიდან გაიტანა. ქეთევანიც უკან
გაჰყვა.

ყველამ შვებით ამოისუნთქა.

-თინა, გისმენთ. - მოჩვენებითი სიმშვიდით თქვა პრემიერმა.

თინამ აღარ დააყოვნა.

-გმადლობთ. ახლა როგორც ამ ეკრანზე, ასევე თითოეული თქვენგანის


ლეპტოპში ასახულია დაჭრილი ველოცირაპტორის თავის ტვინის
სამგანზომილებიანი მოდელი, რომელიც კომპიუტერული ტომოგრაფიის
საფუძველზე შეიქმნა. ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც
ყურადღებას იმსახურებს, გახლავთ ცხოველის თავში მოთავსებული, აი, ეს პატარა
ნაწილაკი. იგივე დეტალი პტეროზავრის, ე.წ. „მფრინავი ხვლიკის“ ტვინის კვლევამაც
გამოავლინა.

ეკრანზე ტეტრაედრის ფორმის საგანი გამოიკვეთა, რომელიც, მასშტაბის


გათვალისწინებით, სიგრძეში 5 მილიმეტრს არ აღემატებოდა. თინამ ლეპტოპი
მაგიდაზე დადო, შეხვედრის მონაწილეებს თვალი მოავლო და მცირე პაუზის
შემდეგ, საუბარი განაგრძო.

-ბატონებო და ქალბატონებო, ეს გახლავთ სრულიად უნიკალური და


უნივერსალური დანიშნულების ჩიპი, რომლის მსგავსიც კაცობრიობის
წარმომადგენლებს ჯერ არაფერი გვინახავს და ეჭვი მაქვს, ჩვენი შესაძლებლობებით,
კიდევ ძალიან ბევრი დრო დაგვჭირდება, ვიდრე ტექნოლოგიური პროგრესი
ანალოგიური მოწყობილობის შექმნის საშუალებას მოგვცემს. აღნიშნული დეტალის
მეშვეობით, ჩვენი დაუპატიჟებელი სტუმრები ახერხებენ ტელეპათიურ
კომუნიკაციას როგორც ერთმანეთთან, ასევე ნებისმიერ ცოცხალ არსებასთან.
რამდენადაც ნიკას ნაამბობის მიხედვით შეიძლება ვივარაუდოთ, ალბათ, იგივე ჩიპი
აკავშირებს დინოზავრებს მცენარეთა სამყაროსთანაც. თუმცა, გასაგები მიზეზების
გამო, სიღრმისეული კვლევები ჯერ არ ჩატარებულა და კიდევ რა ფუნქცია შეიძლება
გააჩნდეს ამ მოწყობილობას, არ ვიცით.

თინამ პაუზა გააკეთა.

-ყველაზე უცნაური კი ისაა, რომ აღნიშნული ნაწილაკი, რომელიც ცხოველის


თავის ტვინშია მოთავსებული, ორგანული წარმოშობისაა.

-ღმერთო ჩემო! - ჩაილაპარაკა ვიღაცამ.


-დიახ, არ მოგესმათ. - უპასუხა თინამ. - ჩიპი ისევეა შეზრდილი ტვინთან,
როგორც ვთქვათ, კეთილთვისებიანი სიმსივნე. ოღონდ, იმ განსხვავებით, რომ იგი
მუდმივად ერთი ზომისაა, არაფერს უშლის ხელს და მისი ამოკვეთა, ყოველ
შემთხვევაში, ჩვენს ხელთ არსებული საშუალებებით, აუცილებლად გამოიწვევს
ნერვული სისტემის დაზიანებას და შესაძლოა, - ცხოველის სიკვდილსაც კი. ამდენად,
მას ვერ შევეხებით. თუმცა, სხვა საკითხია, საერთოდ გვაწყობს თუ არა აღნიშნული
„ჩიპის“ ამოღება, რადგან მისი საშუალებით, მტაცებლებთან კომუნიკაციას ძალიან
მარტივად ვახერხებთ.

-მგონი, ახდა წმიდა მამათა წინასწარმეტყველება...

-რაო, რა ბრძანეთ?! - თინა რეპლიკის ავტორისკენ შეტრიალდა და


გაოგნებისგან გაფართოებული თვალები... პრემიერ-მინისტრს მიაპყრო.

-რა გაგიკვირდათ, ქალბატონო თინა. - წარბშეკრულად უპასუხა ზვიადმა. -


რამდენი ხანია, რაც ეკლესია მოსალოდნელ აპოკალიფსზე საუბრობს და სწორედ
ჩიპების მეშვეობით, კაცობრიობის დამორჩილების საფრთხეზე მიუთითებს. ცუდია,
თუ მეუფე იოსების ქადაგებებს არ ეცნობით. და არა მარტო მის ნათქვამს.
უწმინდესმაც ხომ არაერთხელ ისაუბრა დედამიწაზე ანტიქრისტეს გაბატონების
საშიშროებაზე. არ ვიჯერებდით და აი, კი აგვიხდა ყველაფერი.

თითქმის მთელი დარბაზი, ქალიან-კაციანად, პირდაღებული უყურებდა


ქადაგად დავარდნილ პრემიერ-მინისტრს. ყველა გასუსული იყო. ძალიან
ცდილობდნენ, არაფრისმთქმელი გამომეტყველება მიეღოთ, მაგრამ შუბლზე ეწერათ,
ეს ვის ხელში ვართო. თუმცა, ყველაზე ვერ ვიტყვით იგივეს. ასპარეზზე ის
ჭაღარათმიანი მამაკაცი დაბრუნდა, - შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გერლიანი,
რომელიც პრემიერთან მილაქუცების შანსს არასდროს უშვებდა ხელიდან.

-აბსოლუტურად მართალს ბრძანებთ, ბატონო ზვიად! - წამოიძახა უცებ და


ფეხზე წამოხტა. - უფრო მეტიც, ვფიქრობ, ცოტა გადაჭარბებულად ვაფასებთ
შექმნილ ვითარებას. ყველას შეგახსენებთ, რომ საქართველო ღვთისმშობლის
წილხვედრი ქვეყანაა და მისი კალთა აუცილებლად დაგვიფარავს! რა თქმა უნდა, ამ
დღეებში საშინელი მოვლენების მომსწრე გავხდით და ჩვენ ყველა ვგლოვობთ
დაღუპულ ადამიანებს, მაგრამ რატომ არ შეიძლება, რომ ეს უბედურება უფლის
სასჯელად და გაფრთხილებად მივიღოთ? მე, როგორც მართლმადიდებელი
ქრისტიანი, ვფიქრობ, რომ ეკლესია უნდა ჩავრთოთ ანტიკრიზისულ ღონისძიებებში.
მე დამიკავშირდნენ საპატრიარქოდან და შემომთავაზეს ინიციატივა, პარაკლისი
აღევლინოს და ეკურთხოს ის ადგილი, საიდანაც შემოჭრა განხორციელდა.
მოგეხსენებათ, იქაურობა ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული და საპატრიარქო
შესაბამის საშვს ითხოვს. როგორც ვიცი, დღეს რესპუბლიკური საავადმყოფოს
მიმდებარე ტერიტორიის კურთხევასაც აპირებენ. ასევე, შემოვდივარ წინადადებით,
მთავრობის ფონდიდან გამოიყოს შესაბამისი თანხა და თავდასხმის ადგილას
აღიმართოს რკინის დიდი ჯვარი, რომლის წინაშეც ყველანაირი ბოროტება მოიხრის
ქედს!

ზვიადის გარდა, ყველა თავჩაღუნული იჯდა. თინას კი, უღონოდ ჩამოეყარა


ხელები. გერლიანი კვლავ ლაპარაკობდა, მაგრამ მისი ბოდვები ფოთლებივით
აშრიალებულმა ფიქრებმა გადაფარა:

„ღმერთო, სად ვარ. ან ამ პრემიერის ხელში, რა მიკვირს. „ღვთის ნებით,


როგორც პატრიარქმა ბრძანა...“ ყველა საჯარო გამოსვლის დროს ღმერთს და
ეკლესიას იშველიებს. მთელი ოთახი ხატებით აქვს მოჭედილი. მორწმუნე რომ იყო,
აქამდეც ვიცოდი და თავიდან პირიქით, უკეთესიც მეგონა, მაგრამ ასეთი სიბნელე?
რაზე უნდა ველაპარაკო ამათ?“

ფიქრებიდან ისევ პრემიერის ხმამ გამოარკვია.

-გასაგებია, გიორგი. მადლობა, საინტერესო ინიციატივაა და დაფინანსების


საკითხსაც აუცილებლად განვიხილავთ. რაც შეეხება საპატრიარქოსთან
კომუნიკაციას, ისევ თქვენ გავალებთ, დაუკავშირდეთ მათ და გაიაროთ შესაბამისი
კონსულტაცია. ჩემი მხრიდან სრული მხარდაჭერა გაქვთ. თქვენმა უწყებამ, სუს-მა და
თუ საჭირო იქნება, სამხედროებმაც, ყველა პირობა უნდა შექმნათ, რათა
ღვთისმსახურებაზე დასწრება მრევლმაც შეძლოს... რა ხდება, ტრისტან?! მშვიდობაა?!
- გაოცებით მიაჩერდა სუს-ის უფროსს.

მეარღნიშვილს სახე წამოჭარხალებოდა, კონდიციონერით გაგრილებულ


ოთახში, შუბლზე ოფლის მსხვილი წვეთები ასხდა და მობილურის ეკრანს
თვალებგაფართოებული და პირდაღებული ჩასჩერებოდა. პრემიერის მიმართვამ
გონზე მოიყვანა და ძლივს ამოღერღა.

-დინოზავრები... საავადმყოფო... მძევალი აიყვანეს...

******

ჯერ ბუნდოვნად ხედავდა მოძრავ გამოსახულებას. თანდათან, ფოკუსი


გასწორდა და გაურკვეველმა საგანმა ადამიანის ფორმა მიიღო.

ქალია. რაღაც ფართხუნა აცვია.

„ტანსაცმელში რას ჰგვანან“.


პერიოდულად უახლოვდება და ისევ შორდება. რაღაც ზორბა საგანი ჩანს
ბუნდოვნად, რომელთანაც ეს ქალი მიდის და მალევე უკან ბრუნდება. ვერ ხედავს, იქ
რას აკეთებს ეს ადამიანი ან საერთოდ რას აკეთებს. ირგვლივ რაღაცების წრიპინი
ესმის. თავის წამოწევა უნდა, მაგრამ ვერ ახერხებს.

„დაბორკილი ვარ... პირზეც რაღაც მაქვს შემოჭერილი და ვენაში რაღაც


გარჭობილი. პირს ფართოდ ვერ ვაღებ... ზურგი მტკივა. რაღაც... რაღაც... რაღაც... რას
რა ჰქვია, არაფერი ვიცი. სად ჯანდაბაში ვარ!“

ქალი კვლავ მიუახლოვდა და დააკვირდა. რაღაც ოთხკუთხა ნივთი აიღო და


ყურთან მიიდო.

-ალო, ბატონო დიმიტრი, გაიღვიძა. დიახ. თვალები გახელილი აქვს და


პირდაპირ მე მიყურებს... დიახ. ვიცი, რომ საშიში არაფერია. 10 წუთში? კარგი,
დაგელოდებით. - ყურზე მიდებული ნივთი ისევ ტანსაცმელში ჩამალა, დაიხარა და
თავი თავთან მიუახლოვა.

-მითხრეს, ლაპარაკი იცისო. მართალია? - ქალის თვალებში შიში, გაოცება და


მსუბუქი ირონია ამოიკითხა. არა სიბრალული.

-აბა, დამელაპარაკე. მეც მითხარი რამე.

„სად ვარ?“

-ღმერთო ჩემო, ეს შენ ხარ? - ექთანს თვალები გაუფართოვდა. -


დაუჯერებელია! ასე უენოდ შეგიძლია ლაპარაკი? სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი,
ოდესმე დინოზავრთან ლაპარაკს თუ შევძლებდი.

„სად ვარ მეთქი?“

ქალს გაბრაზება დაეტყო. უკან დაიხია და მკაცრი სახე მიიღო.

-ჯერ ერთი, საავადმყოფოში ხარ. გმკურნალობთ მაშინ, როცა წამებით


სიკვდილს იმსახურებ. შენ ორი ადამიანი მოკალი და ერთი საშინლად დაასახიჩრე.
მერე კიდევ, ტონი შეარჩიე. დატყვევებული ხარ და მასე ლაპარაკის უფლებას არავინ
მოგცემს. მადლობელი უნდა იყო, რომ სიცოცხლე შეგინარჩუნეთ.

ზურგის ტკივილმა ისევ მთელ სხეულში დაუარა, მაგრამ მაინც უპასუხა.

„მე თავს ვიცავდი. ერთი კი, შემთხვევით შემომაკვდა.“

-შემოგაკვდა და მაშინვე მისი ჭამა დაიწყე. გაუმაძღარი, სასტიკი მტაცებელი


ხარ. ჩემი ნება რომ იყოს, ახლავე გამოგჭრიდი ყელს.

პაუზა.
„ჩვენი პლანეტიდან აქ მარტო მე ვარ?“

ქალი ისევ მიუახლოვდა, დაიხარა და თვალებში ჩახედა.

-მე არც ვალდებული ვარ და არც უფლებამოსილი, რომ შენს კითხვებს


ვუპასუხო. ბევრი ლაპარაკიც არ შეიძლება, სასწაულით გადარჩი ცოცხალი და
ჭრილობები ჯერ მოუშუშებელია. ჩუმად იყავი. მალე მთავარი ექიმი მოვა და
შეგამოწმებს. ალბათ, გაგესაუბრება კიდეც და...

გრძელი, წვრილი ენა ელვის სისწრაფით გამოსრიალდა პირიდან, ექთანს


ყელზე შემოეხვია, მიიზიდა და ლითონის ალიკაპს სახით მიაკრა. ვიდრე
მოულოდნელობისგან დაბნეული ქალი რაიმე საგანს მოძებნიდა თავის
დასახსნელად, სლიპინა და ორკაპა ყულფი დავიწროვდა, მსხვერპლს ენა
გადმოაგდებინა და ხროტინი დააწყებინა.

„ახლა მომისმინე! თუ გინდა, რომ ცოცხალი გადარჩე, სანამ ნებას არ მოგცემ,


ხმა არ ამოიღო და რასაც გეტყვი, ის გააკეთე, გაიგე?!“

ექთანი მხოლოდ თვალებს ახამხამებდა და სულ უფრო შევიწროებული


სასუნთქი გზებით, ჩქარ-ჩქარა, ხროტინით სუნთქავდა, მაგრამ მისი მშფოთვარე
ტვინის უჯრედებიდან გამოჟონილი აზრი ველოცირაპტორისთვის სავსებით
დამაკმაყოფილებელი იყო. ყულფი ოდნავ მოუშვა და ქალს სუნთქვის საშუალება
მისცა.

„ჯერ ეს მარწუხები ამხსენი და დანარჩენს მერე გეტყვი.“ - გაიგზავნა ახალი


შეტყობინება.

მოულოდნელი თავდასხმით თავზარდაცემულმა და დინოზავრის ლაშებიდან


გადმოდენილი ლორწოს სიმყრალით გულშეღონებულმა ქალმა ძალღონე მოიკრიბა
და ჩახლეჩილი ხმით უპასუხა.

-მე არ მაქვს შენი გათავისუფლების საშუალება. ეგ ბორკილები


სამართალდამცველებმა დაგადეს. მე მხოლოდ ექთანი ვარ და ექიმის მითითებებს
ვასრულებ, ძალოვნებსაც არ ვემორჩილები.

„მაშინ, ვისაც ეგ შეუძლია, მან ამხსნას ბორკილები. ჩემთვის სულ ერთია. თუ


სიცოცხლე გინდა, ყველაფერი გააკეთე ჩემს გასათავისუფლებლად, თორემ წამებში
მოგგუდავ.“

-აქ რა ხდება?! ლალი! ლალი, როგორ ხარ?! - სარეანიმაციო განყოფილებად


გადაკეთებულ დარბაზში შემოსული საავადმყოფოს დირექტორი, მთავარი ექიმი და
ორი შეიარაღებული სპეცრაზმელი ველოცირაპტორის სხეულზე მიკრული, ყელზე
ენაშემოსალტული ქალის მისაშველებლად დაიძრნენ, მაგრამ დინოზავრის მიერ
მიწოდებულმა მესიჯმა ოთხივე გააქვავა.

„ადგილიდან არ დაიძრათ და არაფერი გაბედოთ, თორემ თქვენს ლალის


ცოცხალს ვეღარ იხილავთ, წამებში მოვუღებ ბოლოს!“ - საკუთარი სიტყვების
დასტურად, მარყუჟს ისევ მოუჭირა და ქალს კვლავ სასიკვდილო ხროტინი
დააწყებინა.

სპეცრაზმელებმა ველოცირაპტორს ავტომატები დაუმიზნეს.

„არ გაბედოთ მეთქი!“

-შეჩერდით! - იყვირა მთავარმა ექიმმა და სპეცრაზმელებს წინ გადაუდგა. - არ


ესროლოთ! ვიდრე მას გაანეიტრალებთ, ქალს მოკლავს! ვერ ხვდებით?!

-გთხოვთ, არ ესროლოთ! - დაამატა დირექტორმა.

სპეცრაზმელები შედგნენ.

„არ იფიქროთ, რომ დამასწრებთ. შეგიძლიათ, მომკლათ, მაგრამ ამ ქალს


ცოცხალს არ დავტოვებ. სანამ მოვკვდები ან სანამ დამაძინებთ, წამებით ამოვხდი
სულს.“ - გაუმეორა მტაცებელმა.

მომდევნო რამდენიმე წუთი, რაციის მეშვეობით, სპეცრაზმის


ხელმძღვანელობასთან კომუნიკაციაში გავიდა, რომელშიც, დროდადრო,
დინოზავრიც ერთვებოდა. ცხოველი მშვიდად იძლეოდა განკარგულებებს და
კატეგორიულად მოითხოვდა პირობების შესრულებას. მის გვერდით კი, ორად
მოკეცილი და კვლავ ალიკაპზე თავმიდებული, ცრემლებად დაღვრილი ექთანი
ბუტბუტით ლოცულობდა.

„მე ხომ არ დაგავიწყდით?“ - მიიღეს ახალი შეტყობინება, რომელსაც ამჯერად


სუსტი, მაგრამ უკვე ნაცნობი, შემზარავი ჭყივილი მოჰყვა.

იმ ზორბა საგანს, რომლის სილუეტსაც ველოცირაპტორი ექთნის


დატყვევებამდე ბუნდოვნად ხედავდა, თეთრი ზეწარი გადასძვრა და იატაკზე
გაშოტილი პტეროზავრი გამოჩნდა. ფეხებსა და ფრთებზე ჯაჭვიანი ბორკილები ედო,
ნისკარტზე კი, მასაც ალიკაპი ჰქონდა შემოჭერილი. ზუსტად ისევე, როგორც
ველოცირაპტორის გვერდით, მასთანაც წვეთოვანი გადასხმის სისტემა იდგა და
საკვები ვენიდან მიეწოდებოდა.

„შენ ხარ?!“ - მიიღეს ირგვლივმყოფებმა ველოცირაპტორის მესიჯი, რომელმაც


დაკავებული ენის მიუხედავად, ხორხიდან სისხლის გამყინავი ჭყივილი ამოუშვა,
სავარაუდოდ, სიხარულის ყიჟინას რომ გამოხატავდა. – „მე მოკლული მეგონე.
როგორ დაგივიწყებ, ახლა ვიკითხე, სხვები სად არიან მეთქი.“

მერე დანარჩენებს მიუბრუნდა.

„როგორც ხედავთ, ჩემი მეგობარიც ცოცხალია. ორივე უნდა


გაგვათავისუფლოთ, გაიგეთ? კიდევ გვაქვს სხვა პირობები და როცა თქვენი
უფროსები მოვლენ, მათ მოვახსენებთ!“

მალევე, დარბაზში სპეცრაზმის ხელმძღვანელი შემოვიდა, რომელსაც 5


რობოკოპი შემოჰყვა. უკვე გზაში იყო პრემიერ-მინისტრის კორტეჟი. ზვიადის
მანქანაში, უკანა სავარძელზე, პრემიერთან ერთად, სუს-ის უფროსი და შინაგან
საქმეთა მინისტრი ისხდნენ და მიმდინარე მოვლენებს ვიდეოზარის მეშვეობით
აკვირდებოდნენ. მძღოლის გვერდით კი, თინა იჯდა.

ველოცირაპტორმა აღარ დააყოვნა და დარბაზში მყოფებს მიმართა.


დინოზავრის „ნალაპარაკევს“, მთავრობის წევრებს სპეცრაზმის უფროსი გადასცემდა.

„თუ გინდათ, რომ ამ ქალმა იცოცხლოს, მე და ჩემს მეგობარს ბორკილები


აგვხსენით და ამ უაზრო რაღაცებისგან გაგვათავისუფლეთ. აღარაფერში გვჭირდება
თქვენი მზრუნველობა. ამის მერე ქალს ყულფს მოვხსნი, მაგრამ ისევ ჩემს ხელში
იქნება და დაველოდებით, როდის მოგვიყვანთ იმ ბიჭს, ჩვენი პლანეტიდან რომ
გამოიქცა.“

-ნიკაზე ამბობ?- იკითხა ტრისტან მეარღნიშვილმა.

„არა, ნიკას მეგობარს ვგულისხმობ. სწორედ მას მოვდევდით, თორემ სხვა


არავითარი ინტერესი არ გვქონდა დედამიწაზე. ნიკა საერთოდ არ გვჭირდება. და ნუ
გეშინიათ, არავითარი აქ შემოჭრა არ მოხდება, თუ ჩვენს პირობებს შეასრულებთ.“

-და რისთვის გინდათ ეგ ბიჭი, რა განსაკუთრებულ ფასეულობას წარმოადგენს


თქვენთვის? ცდებისთვის გამოიყენებთ?

„ეგ ჩვენ ვიცით და დეტალებს ვერ გაგიმხელთ. ბიჭს როცა ჩაგვაბარებთ, ამ


შენობის ეზოშივე გავხსნით პორტალს და ჩვენს პლანეტაზე მასთან ერთად
დავბრუნდებით. იმ ვარანს თქვენ დაგიტოვებთ, არაფერში გვჭირდება.“

-ანუ მძევლების გაცვლას გვთავაზობთ?! ჯერ ერთი, ბიპი ჩვენი ნადავლი ხომ
არაა. თქვენგან ლტოლვილია, რომელმაც დედამიწას შეაფარა თავი. ძალიან უღირსად
უნდა მოვიქცეთ, ის რომ ჩაგაბაროთ!

„ეგ თქვენი პრობლემაა. ჩვენ ბიჭს დავაბრუნებთ თავის სახლში და მშობლიურ


გარემოში, სადაც დაიბადა და გაიზარდა. მის მომავალ ბედზე ვეღარაფერს გეტყვით.
ჩვენ ჩვენი ცხოვრება, კანონები, კულტურა და ტრადიციები გვაქვს, თქვენგან
მნიშვნელოვნად განსხვავებული. თქვენთვის რაა მოსაწონი და რა არა, ნაკლებად
გვაინტერესებს.“

-ანუ წამებას უპირებთ?!

„კიდევ ერთხელ გიმეორებთ, რომ ეს ჩვენი გადასაწყვეტია და დეტალებს არ


გაგიმხელთ! ასევე, გაფრთხილებთ, რომ მთელი ამ პროცესის ხელშეშლა არავინ უნდა
გაბედოს! სამართალდამცველებს უბრძანეთ, რომ იარაღი მიწაზე დააწყონ. იცოდეთ,
ოდნავ მოძრაობას შევნიშნავთ კი არა, როგორც კი ვინმე გაიფიქრებს სროლას,
მძევალსაც ნაფლეთებად ვაქცევთ და სხვასაც მივაყოლებთ. როგორც გნებავთ, ისე
შეასრულეთ პირობები და ადამიანების სიცოცხლეს გაუფრთხილდით, თორემ ჩვენ
შეიძლება მოგვკლათ, მაგრამ ვიცით, რომ უდანაშაულო მსხვერპლის გამო, თქვენ
დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა და თქვენივე ხალხი გამოგიტანთ განაჩენს!“

-და რომც დაგთანხმდეთ, რა გარანტია გვაქვს, რომ დედამიწიდან


გამგზავრებამდე, არავის არაფერს დაუშავებთ? - მიმართა სუს-ის უფროსმა.

საუბარში პტეროზავრი ჩაერთო.

„რაც არ უნდა გავაკეთოთ, კიდეც რომ შევეცადოთ, შეიძლება ერთი ან ორი


ადამიანის მოკვლა მოვასწროთ და მერე რომელიმე თქვენგანი მაინც მოგვიღებს
ბოლოს. თავადაც ხომ ნახეთ, რომ ცეცხლსასროლი იარაღით ჩვენი განადგურება
თავისუფლად შეგიძლიათ. საკუთარი თავის მტრები ხომ არ ვართ.“

-რამდენიმე წუთი მოგვეცით, მოვილაპარაკებთ და გიპასუხებთ. - თქვა


ტრისტანმა და კავშირი დაასრულა.

ავტომობილში სიჩუმე ჩამოვარდა. ზვიადი ფანჯარაში მქროლავ შენობებს


გასცქეროდა. უცებ, თავი მოაბრუნა, გერლიანის მზერა დაიჭირა და მერე საქარე
მინის წინ გაშლილ ქუჩას გახედა.

-რას იტყვი? - იკითხა მოკლედ.

-ბატონო ზვიად, რთული ვითარებაა...

-ეგ ისედაც ვიცი. გამოსავალზე ვიფიქროთ. შენ რას მირჩევ?

-მე ვფიქრობ, უმჯობესია, ერთხელ და სამუდამოდ, თავიდან მოვიშოროთ ეგ


პრობლემა და დავხოცოთ მტაცებლები.

-და მძევალი? ქალი ჰყავთ დატყვევებული.


-ვფიქრობ, სნაიპერის ტყვიით, შორი მანძილიდან არ უნდა გაჭირდეს მაგ
ცხოველების მოკვლა. თავში ვესვრით და უცებ მოვუღებთ ბოლოს.

თინამ ოდნავ ჩაახველა.

-თუ ნებას მომცემთ.

-გისმენთ, თინა.

-მე... გადაჭრით ვერაფერს მოგახსენებთ, ბატონო ზვიად. როგორც ადრე ვთქვი,


ჯერ მხოლოდ ზედაპირული წარმოდგენა გვაქვს მაგ ცხოველების უნარებზე. მაგრამ
უნდა გითხრათ, რომ ადამიანებთან შედარებით, გაცილებით მსხვილი ძვლოვანი
სისტემა აქვთ, მათ შორის, თავის ქალაზე, რომელიც ასევე, სქელი ტყავითაა
შემოსილი. რა თქმა უნდა, არ ვიცი იმ საბრძოლო იარაღის შესაძლებლობები, რასაც
ბატონი გიორგი გულისხმობს, არაა გამორიცხული, რომ პირველივე გასროლამ
მოკლას მტაცებელი და ასეთ შემთხვევაში, ორი ან მეტი სნაიპერის სინქრონული
მოქმედება უცებ დაგვაზღვევდა მძევლის სიკვდილისგან. მაგრამ საქმე იმაშია, რომ
ძალიან ჭკვიანი და ცბიერი არსებები არიან, არაჩვეულებრივი ბუნებრივი
რესურსებით აღჭურვილი, რომლებსაც გარშემომყოფების ფიქრების წაკითხვაც კი
შეუძლიათ. ზუსტად არც კი ვიცი, რა დისტანციაზე იყენებენ ამ უნარებს. გარდა
ამისა, ფიზიკურად ძლიერები არიან, თავადაც ხედავთ, დაჭრილებიც კი რამდენს
ახერხებენ. ამდენად, ბევრი სათუო საკითხია და ოდნავი ეჭვიც რომ აიღონ, შეიძლება,
ფატალურად დასრულდეს თქვენი მცდელობა. შესაძლოა, მხოლოდ მძევალი კი არა,
სხვებიც იმსხვერპლონ.

ზვიადმა ჯერ ჩუმად დაუქნია თავი და მერე თითქოს, უცებ გაახსენდაო,


ალაპარაკდა.

-ჰო, მაგრამ აქ კიდევ ერთი საკითხია, რომელიც არანაკლებ რთული დილემაა,


- ბავშვის თემა. საერთოდ, როგორ უნდა ვივაჭროთ ადამიანებით?

-ჰოოო, ეგ ბიპი უკვე ყველა მედიასაშუალების ვარსკვლავია, ნიკასთან


ერთად... მათ ფოტოებს და ვიდეოებს ყველა არხი ატრიალებს... - ჩაურთო სუს-ის
უფროსმა.

თინა შეეპასუხა.

-ვარსკვლავი ერთია და, რაც მთავარია, ადამიანია. პრაქტიკულად,


ჰომოსაპიენსია, გარეგნულად ჩვენგან განსხვავებული, მაგრამ გონიერი ადამიანი.
საცდელი კურდღელი ხომ არაა, მტაცებლებს რომ ჩავაბაროთ?

ტრისტანი შეეკამათა.
-უკაცრავად, მაგრამ თქვენ დინოზავრებზე თავდასხმის ვერსიის
საწინააღმდეგო არგუმენტიც გამოთქვით და მძევლების გაცვლასაც გვიწუნებთ. და
თქვენ რას გვირჩევდით ბოლოს და ბოლოს? ჩამოყალიბდით.

ქალი გაჩუმდა.

კორტეჟი ჟვანიას მოედანს მიუახლოვდა. რესპუბლიკურ საავადმყოფომდე


ხუთიოდე წუთი აშორებდათ. ზვიადი კვლავ ჩუმად იჯდა და მოსმენილს
აანალიზებდა.

„ისედაც მწარედ გვაკრიტიკებენ იმის გამო, რომ გუშინ დილით, ჩვენგან


დამოუკიდებელი მიზეზით, ადამიანები დაიღუპნენ. ქვეყანაში ორდღიანი გლოვა
გვაქვს გამოცხადებული და ახლა რომ კიდევ ვინმე მოკვდეს, კაბინეტებში
შემოგვივარდება ხალხი.“

მერე პირჯვარი გადაიწერა, რაღაც ლოცვისმაგვარი ჩაიბუტბუტა და გიორგი


გერლიანს მიმართა.

-მოკლედ, ასე გავაკეთოთ...

******

სასტუმროს ოთახში ჩამოწოლილ სიჩუმეს მხოლოდ ტელევიზორის ხმა


არღვევდა. ახალი ამბების გამოშვება მტაცებლების მიერ მძევლის აყვანის შესახებ
იუწყებოდა. კადრში რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზო ჩანდა. ამბავი იმდენად
გამაოგნებელი იყო, რომ ყველას ყურადღება ტელევიზორს მიეჯაჭვა, რომლის ხმის
აწევა არავის მოსვლია აზრად. უცებ, გელას ტელეფონმა შეტყობინების მიღების ხმა
გამოსცა. გამომძიებელმა დახედა თუ არა, ფეხზე წამოდგა და ოთახიდან სწრაფი
ნაბიჯებით გავიდა.

ორიოდე წუთში კი, კარი გაიღო და ოთახში სამი სპეცრაზმელი შემოვიდა,


რომლებსაც გელაც შემოჰყვა. ორი ნიღბოსანი დერეფანში, კარებთან გაჩერდა. ნანა
ფეხზე წამოდგა და ბავშვებს გადაეფარა.

-რა ხდება?!

-ქალბატონო ნანა, ხელმძღვანელობის ბრძანებაა. ბიპი უნდა წავიყვანოთ.

-როგორ თუ წაიყვანოთ, სად მიგყავთ?

-ნუ ღელავთ, ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშ იქნება.


-და რატომ მიგყავთ ან რა საჭიროა განსაკუთრებული მეთვალყურეობა, აქ რა
ემუქრება?

-მოგეხსენებათ, ვითარება შეიცვალა...

ნანამ გააწყვეტინა.

-როგორც ვხედავთ, ცხოველებს მძევალი აუყვანიათ. ახლა ყველა ძალოვანი


სტრუქტურა მათ განეიტრალებაზე იზრუნებს. შენობიდან გასვლა ყველაზე
არაგონივრული გადაწყვეტილება იქნება. ამას თავადვე უნდა მეუბნებოდეთ. ასე
არაა? უცხოპლანეტელების გაქცევის საშიშროება თუ არსებობს, მაშინ ყველას
გვემუქრება საფრთხე, სპეციალურად ბავშვებს ხომ არ მოძებნიან მტაცებლები?

ენის უცოდინრობის მიუხედავად, ბიპიმ გააცნობიერა, რომ მასზე იყო საუბარი


და თავისი შეშფოთება ღმუილით და ხმამაღალი ლუღლუღით გამოხატა. ნიკამ ხელი
მოკიდა და მის დამშვიდებას შეეცადა.

-ქალბატონო ნანა, მერწმუნეთ, ბავშვს არაფერი დაემუქრება. - განაგრძო გელამ,


ნანას გვერდი აუქცია და ნაბიჯი ბიჭებისკენ გადადგა.

ნიკა წინ გადაუდგა ტანმაღალ მეგობარს და ვინაიდან თავისი სხეულით ვერ


დაფარავდა, ხელები ფართოდ გაშალა.

-და სად მიგყავთ, რატომ არ მეუბნებით?! ვალდებული ხართ, მითხრათ!


ბოლოს და ბოლოს, ბიპის ჩვენს მეტი არავინ ჰყავს, მისი მეურვე ვარ! - ქალმა ხმას
აუწია და მისკენ ზურგშექცეულ გამომძიებელს მკლავში ხელი ჩაავლო.

გელა უცებ შემობრუნდა და ხელი გააშვებინა.

-რას აკეთებთ?! არაფერი შეგეშალოთ, ემოციები მოითოკეთ, ქალბატონო! -


მერე პაუზა გააკეთა და სწრაფადვე მიახალა. - რესპუბლიკურ საავადმყოფოში
გადაგვყავს.

-სააად?! იმ ცხოველებთან?! რისთვის?!

-კარგი, ვინაიდან არასრულწლოვანია და თქვენ მისი მეურვე ხართ,


შეგიძლიათ, მასთან ერთად წამოხვიდეთ. ნიკაც წამოიყვანეთ.

გელას ნიშანზე, ახმახი სპეცრაზმელი სამეულს მიუახლოვდა და


გასასვლელისკენ უბიძგა. ნანა გაუძალიანდა და კივილი დაიწყო. სასწრაფოდ,
ტელეფონი ამოიღო და ჩართვა სცადა, მაგრამ ხელები გაუკავეს და მობილური
ჩამოართვეს.
-ხელი გასწიეთ! როგორ არ გრცხვენიათ?! ამდენი უბედურების გადატანის
მერე გვაპატიმრებთ?! - ქალი მოძალადეებთან გამკლავებას ცდილობდა, ბავშვებიც
ეხმარებოდნენ, ყვიროდნენ, ნიღბიანებს მუშტებს და წიხლებს ურტყამდნენ, მაგრამ
უშედეგოდ. - გესმით, რას აკეთებთ?! ამას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება! მთელი
მსოფლიოს ყურადღება საქართველოსკენაა მოპყრობილი, ყველა მოსალოდნელ
თავდასხმაზე ლაპარაკობს და თქვენ რას შვებით, ხომ არ შეიშალეთ?!

გელამ აღარაფერი უპასუხა. ოთახში მყოფ სპეცრაზმელებს კართან მდგომებიც


მიეშველნენ, ხელები სამივეს პლასტმასის ცალუღებით გაუკოჭეს, პირი წებოვანი
ლენტებით აუკრეს და დაიმორჩილეს.

ნიღბოსნებით გარშემორტყმულებმა, დერეფანში გამოფენილი ცნობისმოყვარე


თვალების მწკრივი გაიარეს და სასტუმროს ჰოლში ჩავიდნენ.

შენობის შესასვლელთან კი, კიბეებზე ჟურნალისტების ჯარი იდგა.


დაკავებულების გამოჩენისთანავე, უამრავი უცხოური თუ ქართული ტელეკომპანიის
რეპორტიორები, რომელთაგან ზოგიერთი პირდაპირი ეთერის რეჟიმში მუშაობდა,
კარებთან მისვლას შეეცადა, მაგრამ წინ სპეცრაზმის ცოცხალი კედელი გადაეღობა.

-დაზარალებულები დაიჭირეს!

-რა ხდება?!

-რატომ აკავებთ?!

-ვინ დააკავეთ?!

-სად გადაგყავთ?!

-ვისი ბრძანებაა?!

სეტყვასავით წამოსული კითხვების კორიანტელი უპასუხოდ დარჩა. ნანა და


ბავშვები კი, სპეცდანიშნულების რაზმის მანქანაში ჩასვეს და რესპუბლიკური
საავადმყოფოსკენ წაიყვანეს. გელაც მათ გაჰყვა.

******

რესპუბლიკური საავადმყოფოს შემინულ კარებამდე ორივე კოჭლობით


მივიდა. პტეროზავრის წინა ფეხების ფუნქციას ორად მოკეცილი ფრთები
ასრულებდა, მაგრამ მარცხენა ფრთასა და კუდში მიღებული ჭრილობები მოძრაობას
ურთულებდა. ველოცირაპტორი კი, წინა თათებში მოქცეულ ქალს დამხმარე
ჯოხივით იყენებდა. ტანით პატარა იყო, მაგრამ ექთნის კისერზე შემოხვეული წინა
კიდურები საშუალებას აძლევდა, მთელი ტანით წამომართულს, გრძელი თავი ქალის
მხარზე ჰქონოდა ჩამოყრდნობილი. ცხოველის კლანჭებში ლალი ისე იყო მოქცეული,
რომ მისი ყელის გამოღადვრას წამიც არ დასჭირდებოდა.

მოსაღამოვდა. ირგვლივ მდებარე შენობების სახურავებზე ჩამავალი მზის


ბოლო სხივები ლიცლიცებდა. რობოკოპებით გადავსებული საავადმყოფოს ეზოში კი,
კედლის გასწვრივ, მიწაზე დალაგებულ ყველანაირ იარაღს ნახავდით,
ცეცხლმსროლებიდან და ყუმბარმტყორცნებიდან დაწყებული, ჯიბის
პისტოლეტებით დამთავრებული. ხელისუფლების წარმომადგენლები რკინის
გისოსებიანი ღობის მიღმა, შესასვლელთან ჩამწკრივებულ შავი ფერის, მაღალი
გამავლობის მანქანებში ისხდნენ, გაძლიერებული დაცვის მეთვალყურეობის
პირობებში. იქვე იდგა სპეცრაზმის უფანჯრო შავი ფურგონი, რომელშიც გელასა და
რამდენიმე ნიღბიანთან ერთად, ხელფეხშეკრული და პირაკრული ნიკას ოჯახი
იმყოფებოდა.

უფრო მოშორებით, შენობის მარცხენა ფრთის პირდაპირ ჟურნალისტთა


კორპუსი შეკრებილიყო, რომლის წინაც, ასევე პოლიციის კორდონი იდგა.
საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილი იყო, ხოლო ქუჩის მოპირდაპირე მხარეს
უჩვეულო პერფორმანსი ტარდებოდა. „მერსედესის“ მარკის პიკაპის ირგვლივ
მასიური ჯვრებით, ხატებით და დროშებით აღჭურვილი ადამიანები
დაჩოქილიყვნენ, ხოლო ძარაზე მდგომი, შავანაფორიანი სასულიერო პირი ლოცვას
აღავლენდა და სტიქაროსნის დახმარებით, მრევლს ნაკურთხ წყალს ასხურებდა.
ლოცვის ყოველი ტაეპი პირჯვრის გარდასახვით და „ამინ!“-ის წამღერებით
სრულდებოდა.

„პირობას არღვევთ!“ - მიმართა პტეროზავრმა სპეცრაზმის უფროსს, ფრთები


გაშალა და შემინულ კარებამდე თითქმის მისულმა, მის უკან მიმყოლი პროცესია
უკან დახია.

-რა პირობას გულისხმობ?

„ჩვენ შევთანხმდით, რომ შეიარაღებული თავდასხმის საფრთხე არ უნდა


არსებულიყო.“

-და ვასრულებთ კიდეც მაგ პირობას. როგორც ხედავ, ყველა იარაღი მიწაზეა
დალაგებული. მეც უიარაღოდ ვარ და ასევე, ყველა სპეცრაზმელი.

„სნაიპერებზე რას იტყვი, ყველა სახლის სახურავზე რომ არიან ჩასაფრებული?“

სპეცრაზმის უფროსი გაჩუმდა.


„გარდა ამისა, იმ უფანჯრო ფურგონში შეიარაღებული პირები იმყოფებიან.
ასევე, სამთავრობო დაცვაც შეიარაღებულია. ჩვენ თქვენ გაგაფრთხილეთ, რომ
ვერაფერს გამოგვაპარებთ! ახლავე უბრძანეთ, რომ სნაიპერებმა დატოვონ თავიანთი
ადგილები, აქ გამოცხადდნენ და იარაღი საავადმყოფოს კედელთან მიაწყონ. ასევე,
დანარჩენებმაც. მერე კი, ბიპი გადმოგვეცით, ამ ქალს გავათავისუფლებთ და მალევე
დაგტოვებთ. იცოდეთ, კიდევ ერთ შეცდომას აღარ გაპატიებთ და ბევრ თქვენგანს
მოვუღებთ ბოლოს! ჩვენი განადგურება ძალიან ძვირი დაგიჯდებათ! 10 წუთს
გაძლევთ!“

პოლიციელები, სპეცრაზმელები, ხელისუფლების წარმომადგენლები,


სამთავრობო დაცვა, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები, ჟურნალისტები და უბრალოდ,
ცნობისმოყვარეობის გამო შეკრებული ადამიანები სულგანაბულნი იდგნენ და
მოვლენათა განვითარებას გაურკვევლობის განცდით ელოდნენ.

-გაგვშიფრეს, მაგათი... - შს მინისტრმა თავი ვეღარ შეიკავა და თინას


თანდასწრებით, გაჭრილად შეიგინა.

-რა ხდება, გიორგი? - იკითხა პრემიერ-მინისტრმა.

-სნაიპერები შენიშნეს, მათ მიყვანას და იარაღის ჩაბარებას ითხოვენ. ასევე, -


ჩვენი დაცვის განიარაღებას და სპეცრაზმელებისაც, რომლებიც ნიკას ოჯახს
მეთვალყურეობენ. სუს-ის წარმომადგენელიც იქვეა. დრო კი, 10 წუთი მოგვცეს.

-ღმერთო ჩემო, რა ჭკვიანები არიან! - ჩურჩულით წარმოთქვა თინამ. - ისინი


როგორღა დაინახეს?!

ზვიადმა ტუჩი მოიკვნიტა. გერლიანმა აღარ დააყოვნა. გაქნილმა მედროვემ


უფროსის ხელმოცარულობით ისარგებლა, მლიქვნელის კილო მოიშორა და
გაუთამამდა.

-რას გვიბრძანებთ, ბატონო პრემიერო? - ჰკითხა რიხიანად.

-მადროვეთ ცოტა, მოვიფიქრო! - იფეთქა ზვიადმა.

ყველა გაჩუმდა. ორცეცხლშუა მყოფს, ექვსი წყვილი თვალი ხანჯალივით


მიებჯინა. გადაწყვეტილება მალევე უნდა მიეღო.

-სხვა გზა აღარ დაგვრჩა. მოხსენით სნაიპერები, ჩამოვიდნენ და ჩააბარონ


იარაღი. - გამოსცრა ბოლოს. - დანარჩენებმაც.

-ბატონი ბრძანდებით. მაგრამ ბიჭი?

-ბიჭი უნდა გადავცეთ.


-როგორც თქვენ იტყვით. - უპასუხა შს მინისტრმა. ბრძანება საკამათო იყო,
მაგრამ შეპასუხება ვეღარ გაბედა.

-ბატონო ზვიად... - დაიწყო თინამ.

-ვიცი, თინა! რა თქმა უნდა, არაჰუმანურია. ვიცი, რომ ჩემი კარიერა შეიძლება
შეეწიროს ამ ამბავს. ალბათ, მთელი ცხოვრება ვატარებ მორალურ ტვირთს და
შესაძლოა, იურიდიული პასუხისმგებლობაც დამეკისროს, მაგრამ სხვა გამოსავალს
ვერ ვხედავ! სხვა შემთხვევაში, ის ექთანი უნდა გავწიროთ. შესაძლოა, მოკვლას არც
უპირებენ ბიპის. მოთხოვნის შეუსრულებლობით კი, ქალი აუცილებლად
დაიღუპება. შენ რას მირჩევ? ან არის საერთოდ რჩევების და ანალიზის დრო?!

თინა დუმდა.

-და კიდევ ერთი, გიორგი... - მიმართა შს მინისტრს, რომელიც რაციის


მეშვეობით, შესაბამისი ბრძანების გასაცემად ემზადებოდა. - მამაოები და
მლოცველები შენ შეკრიბე?

-მხოლოდ ნებართვა აიღეს, ბატონო ზვიად და როგორც მოგახსენეთ,


ყველანაირად ვუწყობ ხელს...

-მოკლედ, როგორცაა... დაუკავშირდი და უთხარი, რომ ლოცვა გააძლიერონ.


ახლა მხოლოდ ღმერთი თუ გვიშველის. აბა, სწრაფად ვიმოქმედოთ! დრო არ იცდის!

აღარც დრო იცდიდა და აღარც მტაცებლები.

ყველაფერი ფოთლების შრიალით დაიწყო.

როგორც კი სნაიპერები და სპეცრაზმელები სრულად განიარაღდნენ და გელამ


ბიპი მანქანიდან გადმოიყვანა, რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში აშოლტილი
ხეები და ბუჩქები, თითქოს პირი შეკრესო, ერთიანად აშრიალდა. ქუჩაში მსუბუქი
ნიავიც კი არ იძვროდა, მაგრამ ტოტები ისე იზნიქებოდა, როგორც ქარიშხლიან
ამინდში.

იმწამსვე, ცაში ჩიტების ლაშქარი აიჭრა. მტრედებთან, ბეღურებთან, ყვავებთან


და სხვა ფრთოსნებთან ერთად, უამრავი მწერიც წამოიშალა. ფრინველები ცაში ერთ
გუნდად შეიკრნენ და თავბრუდამხვევი ვირაჟების კეთება დაიწყეს, ხოლო ბუზები,
პეპლები, ხოჭოები და სხვადასხვა სახეობის მწერები ჯგუფ-ჯგუფად დაიყვნენ და
დაბალ სიმაღლეზე, ზუსტად ხალხის თავსზემოთ, უჩვეულოდ დიდი სისწრაფით
დაქროდნენ. ყველაზე უცნაური ის იყო, რომ ერთბაშად გამოფენილ ამდენ საკვებს
ფრინველები თავს არ ესხმოდნენ და მხოლოდ საჰაერო რბოლით იყვნენ
დაკავებულნი.
საოცარმა სანახაობამ ყველა ზემოთ აახედა. უეცრად აჟივილ-ხივილებული
ფრთოსნების შოუს ნახვა ყველას უნდოდა, მაგრამ ამავდროულად, თვალებზე
ხელებს იფარებდნენ, ემანდ, რომელიმე მათგანმა არ დაგვკორტნოსო.

ლოცვა გაძლიერდა კი არა, სულ შეწყდა. საავადმყოფოს მიმდებარე


ტერიტორიაზე მხოლოდ ფრთების ტყლაშუნი, მწერების ბზუილი და გაოცების
გამომხატველი შეძახილები ისმოდა.

-რა ჯანდაბა ხდება, ამიხსენით, თქვენ მართავთ ამათ?! - სპეცრაზმის უფროსმა


სიტყვის დასრულება ძლივს მოასწრო, რომ პტეროზავრის მიერ ძლიერად მოქნეულმა
ფრთამ კედელს თავით მიანარცხა და გონება დააკარგვინა. ლალის განწირული
კივილი კი, ხროტინში გადაიზარდა, ველოცირაპტორის მიერ გადაჭრილი
ყრონტიდან რომ ამოუშვა.

გერლიანი რაციაში ბოლო ხმაზე აყვირდა.

-მოგვატყუეს მაგ შობელძაღლებმა! აიღეთ იარაღი და ჩახოცეთ ორივე!

მაგრამ მინისტრის დავალებამაც დაიგვიანა.

ბრძანების გაგონებისთანავე, საჰაერო შოუთი მონუსხული სპეცრაზმელი გონს


მოეგო და საავადმყოფოს კედელთან მიწყობილი იარაღისკენ დაიძრა, მაგრამ უცებ,
მარცხენა ფეხზე მსუბუქი ბწკენა იგრძნო. ისევ და ისევ, ბწკენა რამდენჯერმე
განმეორდა და გაძლიერდა. აშკარად, სხეულზე რაღაც მწერი შეახოხდა, რომელიც
სულ უფრო ზემოთ მიიწევდა. შეეცადა, აბეზარი არსება შარვლის გარედან დაწოლით
გაეჭყლიტა, მაგრამ ხელი სლიპინა სხეულს მოჰკიდა და გველნაკბენივით უკან
წამოიღო. ქვემოთ დაიხედა თუ არა, ბოლო ხმაზე აღრიალდა. მის ფეხებს, ისევე,
როგორც გვერდით მდგომთა კიდურებს, უამრავი ჭიანჭველა, ხოჭო, მატლი,
მორიელი და ჭიაყელა შესეოდა. ყველა სპეცრაზმელი მასსავით იკლაკნებოდა და
მწერების მოშორებას ცდილობდა.

რამდენიმემ ეკიპირების გახდაც დაიწყო, მაგრამ ჩაფხუტების მოხდისთანავე,


მფრინავი მწერების გუნდი დაატყდა თავს. ბუზები, პეპლები და ფრთოსანი ხოჭოები
თვალებში, ცხვირსა და პირის ღრუში უძვრებოდნენ, ახრჩობდნენ და ასახიჩრებდნენ.
სხეულზე ახოხებულები კი, ბწკენიდან კბენაზე გადავიდნენ, კანი გაარღვიეს,
სხეულში შეიჭრნენ და შინაგანი ორგანოების ღრღნა დაიწყეს. საიდანღაც თაგვები და
ვირთხები გამოცუცულდნენ და ისედაც დაზაფრულ სპეცრაზმელებს ააცოცდნენ.
გაზონზე გველიც გაიკლაკნა.

იარაღი ვიღას ახსოვდა. თავგზააბნეულებმა, ჭიშკრისკენ გაქცევაღა მოიფიქრეს,


მაგრამ უწესრიგო რბოლასა და ჩოჩქოლში, ერთმანეთი გადათელეს და დალეწეს.
ვინც გარეთ გააღწია, კარგი დღე არც მას ელოდა.
ფრინველების გუნდს ნაწილი გამოეყო და ქუჩაში მყოფი ხალხის
მიმართულებით, ელვის სისწრაფით დაეშვა ციდან. მღვდელი, სტიქაროსანი და
მრევლი მათი ნისკარტების და ბრჭყალების სამიზნე გახდა. ყველა გაქცევას
ცდილობდა, მაგრამ ხალხის სიმრავლისგან, აქაც ჭყლეტა დაიწყო. სახედაპორჭყნილი
და თვალდავსებული ადამიანები ერთმანეთს ეჯახებოდნენ და წაქცეულებს
უმოწყალოდ თელავდნენ.

მღვდელმა მანქანის დაძვრის ბრძანება გასცა, მაგრამ როგორც კი პიკაპი


დაიქოქა, კაბინის ღიად დატოვებულ ფანჯარაში ყვავი შეფრინდა და მძღოლს
პირდაპირ თვალში ჩაუნისკარტა. სიმწრისგან აღრიალებულმა და დაბნეულმა,
ხელები საჭეს გაუშვა და თვალებზე აიფარა, ხოლო მარჯვენა ფეხი აქსელერატორს
ბოლომდე მიაჭირა. მანქანა სწრაფად გაქანდა, ორი ადამიანი გაიტანა და
საავადმყოფოსთან მდებარე „ვისოლის“ ბენზინგასამართ სადგურში შევარდა.
გაელვებული ნაპერწკალი ამოჩქეფილ ბენზინს მოხვდა და აფეთქების ტალღამ
არემარე წალეკა. საავადმყოფოს ღობე გაიგლიჯა და ცეცხლის ენები იქვე მდებარე
ხეებს მოედო. ბენზინგასამართი სადგურის ფრაგმენტები, ავტომობილის ნაწილები
და ადამიანთა და ფრინველთა დამწვარი სხეულების ნაშთები ირგვლივ მიმოიფანტა.

ეზოს ნაწილი ცეცხლში იყო გახვეული და იმ სეგმენტზე სულიერი აღარ


ჭაჭანებდა, მაგრამ დანარჩენ ტერიტორიაზე სისხლიანი კალო ტრიალებდა. ტანძიის
ქუჩის კუთხიდან მაწანწალა ძაღლების ხროვა გამოვარდა, ახლომდებარე ნაგვის
ბუნკერებიდან კი, დამშეული კატები ამოძვრნენ და ჟურნალისტებს, მედიკოსებს,
პატრულის თანამშრომლებს და სხვა მოქალაქეებს ეცნენ, რომლებიც გაცოფებულ
ფრინველთა თავდასხმას შიშველი ხელებით იგერიებდნენ.

ხელშეკრულ და პირაკრულ ბიპის საავადმყოფოს ფოიემდე ორიოდე ნაბიჯიღა


აშორებდა, როცა აურზაური დაიწყო. ხალხის მასაში ის იყო ერთადერთი, რომელსაც
არც მწერი მიკარებია, არც ფრინველი და უკვე აღარც გელას ეცალა მისთვის, აბეზარ
თავდამსხმელებს ხელების ქნევით რომ იშორებდა თავიდან.

საავადმყოფოს შემინული კარები გაიღო და პტეროზავრი გამოჩნდა.


ფრინველი ბიჭს ავ მზერას არ აშორებდა და ნელი ნაბიჯით, კოჭოლობით
უახლოვდებოდა. მის უკან კი, ველოცირაპტორმა ბრჭყალის ერთი მოქნევით წაშალა
სპეცრაზმის ხელმძღვანელის სხეულს შერჩენილი სიცოცხლის ნიშანწყალი და
თავადაც ბიპისკენ დაიძრა.

ბიჭმა უკან დაიხია და გელას სხეულს მიეყრდნო. სასოწარკვეთილმა


გამომძიებელმა თავი მის ბეჭებში ჩარგო, რათა გაცოფებული მტრედებისა და
ბეღურებისგან დაეცვა სახე, უმოწყალოდ რომ უსახიჩრებდნენ. მერე ჯიბიდან პატარა
დანა ამოიღო, ბიჭს ხელები გაუხსნა, დანა ხელში ჩაუდო და დაუყვირა:
-ჩქარა, გაიქეცი!

ბიპიმ ნათქვამი ვერ გაიგო, მაგრამ ახსნა არც სჭირდებოდა. ადგილიდან


მოსწყდა და ფურგონისკენ გაიქცა. პტეროზავრმა დასჭყივლა, ფრთები გაშალა და
გაქცეულს დაედევნა, ხოლო ველოცირაპტორი გელას შეახტა და მის წამებას ბოლო
მოუღო.

უეცრად, ავტომატის ჯერმა დაიკაკანა და ფრთაგაშლილი მფრინავი ხვლიკის


რბოლა შეწყვიტა. თავგანწირულმა სპეცრაზმელმა, რომელსაც ხოჭოები და მატლები
ცოცხლად ჭამდნენ, იარაღთან მიღწევა და სროლა მაინც მოახერხა და ფრინველს
მარჯვენა ფრთა გაუგლიჯა. პტეროზავრმა წრიული მოძრაობა გააკეთა,
თავდამსხმელს შურდულივით დააცხრა და ნისკარტის ერთი დარტყმით, თავი
გაუხვრიტა. მერე კი, ისევ ბიპის მიუბრუნდა, რომელიც უთავბოლოდ მორბენალ
ბრბოში გამძვრალიყო და ფურგონამდე მიეღწია.

ის იყო, ბიჭმა მანქანის კარი გააღო და სალონში შეიკეტა, რომ ჭრილობებისგან


გამძვინვარებული მტაცებელი, რომელიც გაფხრეწილ ფრთას მიწაზე მიათრევდა და
სისხლიან კვალს ტოვებდა, ფურგონს მიადგა, ნისკარტი დასცხო და კონსერვის
ქილასავით დაუწყო დაჭეჭყვა. თუნუქზე გასრიალებული ბასრი კლანჭები შემზარავ
ხმებს გამოსცემდა. ხელფეხგახსნილი ნანა და ნიკა ბიპის გადაეხვივნენ, მაგრამ დრო
არ იცდიდა. სწრაფად უნდა ემოქმედათ.

მათ გარდა, სალონში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა, რომელიც საჭესთან


უძრავად იჯდა. ნანამ მისკენ გადაინაცვლა.

-ვიჩქაროთ, წავიდეთ აქედან, სანამ... - მკლავზე ხელის მოკიდებისთანავე


მიხვდა, რომ უსულო სხეულს ელაპარაკებოდა.

სახით შემოაბრუნა და იკივლა. კაცის პირიდან მსუქანი ხოჭო გამოძვრა, ხოლო


სისხლიან ნესტოებს და დავსებულ თვალებს ბუზები დახვეოდნენ.

ქალი გადაიხარა, მძღოლს ღვედი შეხსნა, კარი გააღო და ბიჭების დახმარებით,


გვამი მანქანიდან გადააგდო. მწერები ცხედარს გადაყვნენ, მაგრამ კარის
გაღებისთანავე, სალონში ბეღურა შეფრინდა და ნიკას დაესხა თავს. მეგობარს ბიპი
დაეხმარა, ფრინველი ხელში მოიქცია, დაპორჭყნილი სახიდან მოაშორა და კისერი
გადაუმტვრია.

პტეროზავრმა კი, მანქანის ცხვირისკენ გადაინაცვლა, უკანა კიდურებით,


ბუფერს მოეჭიდა და გრძელი ნისკარტით, საქარე მინა ჩახვრიტა. სანამ ახალი
დარტყმისთვის მოემზადა, ნანამ მძღოლის ადგილი დაიკავა, ავტომობილი დაქოქა
და მიუხედავად იმისა, რომ ფრინველის სხეული ხედვის არეალს სანახევროდ
უფარავდა, მაინც შეძლო და დიდი სიჩქარით, პირდაპირ ალმოდებული
ბენზინგასამართი სადგურისკენ დაიძრა. ხანძართან მიახლოებისთანავე, მკვეთრად
დაამუხრუჭა. ინერციის ძალამ მტაცებელი ავტომობილს მოსწყვიტა და ცეცხლში
შეაგდო. შემზარავი ჭყივილი, რომლითაც დედამიწის მცხოვრებლებს სამუდამოდ
დაამახსოვრა თავი, სულ რამდენიმე წამს გაგრძელდა. მფრინავი ხვლიკი ამოიბუგა.

-გადარჩენილები შევიფაროთ, ვისაც შევძლებთ! ოღონდ, მწერების და


ფრინველების შემოსვლა არ უნდა დავუშვათ! - მიაძახა ქალმა ნიკას და ფურგონი
უკან დახია.

მერე მანქანა დაკბენილ-დასახიჩრებული პოლიციელების ჯგუფთან გააჩერა,


ხელებს სასოწარკვეთილად რომ იქნევდნენ და, ვიდრე კარს გააღებდა, ბიჭებს
სალონში ნაპოვნი საპოლიციო ხელკეტები დაურიგა. ერთი თავადაც დაიკავა, ძირს
დაგდებული ვიღაცის სანთებელა ჯიბეში ჩაიგდო და ასე მწირად შეიარაღებული,
საბრძოლველად მოემზადა.

ფურგონის გვერდითი კარი გააღო თუ არა, სალონში ველოცირაპტორმა


შემოჰყო თავი. ნანამ მოასწრო, კარი სწრაფად მიხურა და ცხოველის სქელი კისერი
ღრიჭოში მოაქცია. ბიჭებიც მიეხმარნენ და კარებს მთელი ძალით მიაწვნენ, რათა
მტაცებელი სალონში ვერ შემოსულიყო. ხელები დაკავებული ჰქონდათ და ამიტომ,
ხელკეტები, რომლითაც მაინც ვერაფერს დააკლებდნენ, იატაკზე დაყარეს.
ველოცირაპტორი სხმარტალებდა, თავს წრიულად ამოძრავებდა, მაგრამ უშედეგოდ.
ლითონზე ხახუნისგან, ხორკლიანი ტყავი ზოლებად აექერცლა. ტკივილისგან და
უძლურებისგან გაშმაგებულმა ცხოველმა ჩვეულად დასჭყივლა და ნაცად ხერხს
მიმართა. გრძელი, წვრილი ენა ლასოსავით გამოსტყორცნა და ნანას ყელზე
შემოაჭდო. მაგრამ თავი სალონში ღრმად ჰქონდა შეყოფილი და კისრის სიახლოვეს
მყოფ ქალს კარგად ვერ მისწვდა, ენის სიგრძე არ ეყო, რომ ბოლომდე შემოხვეოდა და
ყელში წაეჭირა. თუმცა, იმდენი მაინც მოახერხა, რომ მსხვერპლი ალესილ
კბილებთან უფრო მიეახლოვებინა.

-ნიკა, დედიკო! საჭესთან უნდა დაჯდე! - მიაძახა ნანამ შვილს, რომელიც კარს
მთელი ძალით აწვებოდა.

-რაა? რა მინდა საჭესთან?! არ მიგატოვებ!

-ნუ გეშინია, მე და ბიპი შევაჩერებთ, არ გავაღებინებთ კარს. მაგრამ ასე


დიდხანს ვერ გავძლებთ. მანქანა უნდა დაძრა და საავადმყოფოს გისოსებიან ღობეს
გვერდულად მიაჯახო. იქნებ, ასე მოვიცილოთ თავიდან!

-მაგრამ მე ტარება არ ვიცი!


-ნუ გეშინია, ძალიან მარტივია, ნიკა, ავტომატიკაა. არ ჩამიქრია მანქანა და
ამუშავებაც არ სჭირდება, ფარებიც ანთებულია. მიდი და აქედან აგიხსნი ყველაფერს!
იჩქარე, სანამ ძალა შეგვრჩა!

ნიკამ ადგილი დატოვა და ველოცირაპტორის ცხვირსა და სალონის კედელს


შორის დარჩენილ ვიწრო ზოლში გაძვრა. მუცლით, ლამის, ცხოველის კბილებს
გაეხახუნა. მტაცებელმა ნანას ყელზე შემოხვეული ენა, ამჯერად, ნიკასკენ
გასტყორცნა, მაგრამ ბიჭმა გაასწრო. ბავშვი საჭეს მიუჯდა და დედის მითითების
შესაბამისად, სიჩქარის გადართვამდე, ფეხი მუხრუჭს დააჭირა. მაგრამ ტანის
სიმაღლე არ ეყო და პედალს მხოლოდ ცერებით მისწვდა. ამიტომ, სავარძლიდან
სანახევროდ ჩაცურდა და საქარე მინას საჭის სიმაღლიდან უყურებდა.

ამასობაში, სალონის ღრიჭოში, რომელიც დინოზავრის კისერს მთლიანად არ


ჰქონდა შევსებული, ხოჭოები შემოფრინდნენ და ნანას და ბიპის დააცხრნენ თავს.
ინსტიქტურად, ორთავემ თვალები დახუჭა, მაგრამ მწერები ნესტოებსა და ყურებში
შეუძვრნენ და კბენა დაუწყეს. ორივეს სუნთქვა ეკვროდა და ძალ-ღონე ეცლებოდა.
პირსაც ვეღარ აღებდნენ, ნანა შვილის კითხვებს აღარ პასუხობდა. ცხოველი კი,
სალონში კიდევ უფრო შემოძვრა. კისერს თუ მთლიანად შემოიტანდა, მერე დაჭერა
შეუძლებელი გახდებოდა და მთელი სხეულით შემოვიდოდა.

როგორც იქნა, ნიკამ მოახერხა და სიჩქარის ბერკეტი „D”-ში გადართო. მანქანა


დაიძრა, მაგრამ ძალიან გაუჭირდა ტარება. ფურგონი ხან წრეზე ტრიალებდა, ხან
რვიანებს ხაზავდა, ზოგჯერ, ქუჩაში თავგზააბნეულად მორბენალ ადამიანებს
ეჯახებოდა, თუმცა, იმდენად დაბალი სიჩქარით მოძრაობდა, რომ არავინ
დაუშავებია. კარებში თავმოყოლილმა ველოცირაპტორმა, რომლის უკანა კიდურებიც
ავტომობილს ძალაუნებურად მისდევდა, საფრთხის მოახლოება იგრძნო და
ალაპარაკდა.

„მომისმინე, მე შენ და შენი შვილი არაფერში მჭირდებით! ეს ბიპი გამატანე და


თავს დაგანებებთ. მასაც არაფერს დავუშავებ, მაგრამ უკან უნდა დავაბრუნო.“

ნანამ თვალგაუხელლად, ბიპის მსგავსად ღმუილით უპასუხა.

„კარგი, მოგაშორებთ მაგ ხოჭოებს და მოვილაპარაკოთ.“ - გამოსცრა


მტაცებელმა.

მისი სიტყვის დასრულებისთანავე, მწერები ყურებიდან და ნესტოებიდან


გამოძვრნენ და კარის ღრიჭოდან გარეთ გაფრინდნენ.

ნანამ და ბიპიმ სული მოითქვეს. ნიკამ კი, საჭე გამართა და სიჩქარეს მოუმატა.
„უთხარი, გააჩეროს მანქანა, ეგ ბიჭი გადმომეცით და შენ და შენს შვილს
უვნებლად გაგიშვებთ.“ - უთხრა ველოცირაპტორმა.

-შე აყროლებულო, ბინძურო ურჩხულო! ვინ გგონივარ?! - დაიყვირა ქალმა და


მოკუმულ პირში დაგროვილი ნერწყვი ცხოველს თვალში შეაფურთხა.

მერე კი, შვილს მიაძახა:

-ნიკა, როგორც გითხარი, მიაჭყლიტე ღობეზე!

მაგრამ მარჯვენა ფერდით, ფურგონი საავადმყოფოს პირდაპირ მდებარე


საცხოვრებელი კორპუსის მაღაზიებისკენ იყო მიქცეული. რესპუბლიკურის ღობემდე
კი, სულ ცოტა, რამდენიმე წამი და ქუჩაში ქაოტურად მორბენალი ადამიანების
ჯგუფი აშორებდა.

ნიკამ საჭე მარჯვნივ აიღო და ავტომობილი მაღაზიების ვიტრაჟების გასწვრივ


გაატარა. ველოცირაპტორის ტანი ვიტრინაში შევარდა და მინის მოზრდილი
ნამსხვრევებისგან, დაიჩეხა. ცხოველმა გამწარებულმა დაიჭყივლა, მაგრამ ჯერ ისევ
ცოცხალი იყო. მხოლოდ რამდენიმე წამით.

მანქანა მაღაზიის გვერდით კედელს გაუსწორდა. ცხოველის ტანი კედელს


მიებჯინა, ხოლო თავი ფურგონის კარში ჰქონდა მოქცეული. სხეული კისერთან
მოიკეცა. მალამ გაიტკაცუნა და სულგაფრთხობილი მონსტრი ჩვარივით ჩამოეკიდა
ავტომობილს. ნანა და ბიპი მთელი ძალით მიაწვნენ, უსულო ცხოველი გარეთ
გააგდეს და კარი დახურეს. ნიკამ დაამუხრუჭა.

******

მაღალი გამავლობის, დაჯავშნილი ავტომობილებიდან, მთელ ამ სასაკლაოს


დაზაფრულნი და დამუნჯებულნი უყურებდნენ საქართველოს მთავრობის
წარმომადგენლები. ან სადღა იყო მთავრობა. განიარაღებული და დემორალიზებული
ადამიანთა ჯგუფი საკუთარი უნიათობის, უგუნურების, ქედმაღლობის და
რელიგიური ფანატიზმის შედეგებს იმკიდა.

ზვიადმა თავდაცვის მინისტრთან დარეკა და მძიმე ჯავშანტექნიკის გამოყვანა


უბრძანა. თუმცა, წარმოდგენაც არ ჰქონდა, როგორ უნდა ებრძოლათ შინაურ-
გარეული ცხოველების წინააღმდეგ, რომლებიც ამ პლანეტის ბატონ-პატრონ
ადამიანებს უმოწყალოდ ანადგურებდნენ.

თინა უხმოდ იჯდა და ცრემლებად იღვრებოდა. რამდენჯერმე სცადა, ზვიადი


დაეყოლიებინა, რომ დაზარალებულები მანქანაში შეეფარებინათ და პირველადი
დახმარება აღმოეჩინა მათთვის. სულ ცოტა, 2 ადამიანის ადგილი მაინც იყო
თავისუფალი. მაგრამ სუს-ის უფროსის არგუმენტი მთავრობის თავმჯდომარის
უსაფრთხოების დაცვის შესახებ, უფრო ანგარიშგასაწევი გამოდგა.

-ერთ რამეს ვერ ვხვდები, - ჩაილაპარაკა ზვიადმა, - აქაური ცხოველების და


მწერების მართვა თუ შეეძლოთ, აქამდე რატომ არ გამოიყენეს? ან ახლა ვინღა
მართავს ამ მწერებს და ფრინველებს, როცა ორივე დინოზავრი მკვდარია?

ქალი ერთ წერტილზე იყო მიშტერებული. მერე თვალები შეიმშრალა და


ზვიადს მიუთითა.

-ახლა აი, ესენი მართავენ.

-ვინ ესენი?

ზვიადმა თვალი თინას თითს გააყოლა და გუგები გაუფართოვდა.


საავადმყოფოს გისოსებიანი ღობის ნაწილი, თითქოს, გალღვა და დამწვარი
სანთელივით ჩამოიღვენთა. მის ადგილზე კი, მკითხველისთვის უკვე კარგად
ნაცნობი, ხუთმეტრიანი რადიუსის მქონე შავი ხვრელი გაჩნდა. არემარე
ტირანოზავრის ნაბიჯის ხმამ შეაზანზარა, სულისშემძვრელი ღრიალით რომ
გადმოალაჯა დედამიწაზე და მასსავით გიგანტური ცხოველებისგან შემდგარი ამალა
რომ გადმოიყოლა.

ომი

„ჩრდილოეთს სრულად ვერ ვაკონტროლებთ.“

„კლიმატის გამო, არა?“

„კი. საშინელი სიცივეებია. აი, როგორც ჩვენს პოლუსებთან, ისეთი.“

„რომელი ქვეყნები ვერ დავიმორჩილეთ?“

„სადღაა ქვეყნები და მთავრობები... პრაქტიკულად, მთელი პლანეტა აღებული


გვაქვს. სამხედრო, ტექნიკური თუ ინტელექტუალური რესურსი, რისი მობილიზებაც
კი შეძლეს, ჩრდილოეთ პოლუსთან ახლოს მდებარე დასახლებებში გადაიტანეს.

„სამხრეთ პოლუსთან რა ხდება?“


„სამხრეთ პოლუსზე გაშლილი კონტინენტი მთლიანად ყინულითაა
დაფარული, უკაცრიელი უდაბნოა, მხოლოდ მკვლევარები სტუმრობენ.
დასახლებული ხმელეთი კი, ახლომახლო არაა. იმის დაპყრობას რა აზრი აქვს.“

დედამიწაზე დამდგარი აპოკალიფსის ამ უხმო ანალიზს ფონად მიჰყვებოდა


გმინვა, ოხვრა, კვნესა, ქვითინი და ზოგ შემთხვევაში, სულისშემძვრელი ხროტინი,
ყვავილების ღეროებით ხელებშეკრული და ფოთლებით პირაკრული ადამიანების
გრძელი რიგი რომ გამოსცემდა. ცისფერი პლანეტიდან ჩამოყვანილი ტყვეების
ქარავანს, პირღია შავი ხვრელიდან „გვირილების“ ლაბორატორიისკენ რომ
მიემართებოდა, ორივე მხარეს ჩამწკრივებული ველოცირაპტორების რაზმი
მეთვალყურეობდა, ხოლო ცაში სამი პტეროზავრი პატრულირებდა. ორად
გადაშლილი ყვავილნარი იძულებით სტუმრებს გულუხვი მასპინძელივით
ეგებებოდა და იასამნისფერ ბაღში ფეხშედგმულებს, მონატრებული შვილებივით,
გულში იკრავდა.

„დინოზავრთა საძმოს“ წევრი ხუთი ტირანოზავრი, რომელთა შორის


ზემოხსენებული „დიალოგის“ მონაწილეებიც იყვნენ, წამებითსიკვდილმისჯილთა
პროცესიას შემაღლებული ბორცვიდან გადასცქეროდა. ხუთეულის ირგვლივ კი,
ადამიანთა სხეულების ფრაგმენტები მიმოფანტულიყო. მოგლეჯილი ფეხი,
ძვლებამდე გაშიშვლებული ხერხემალი, ჩამსხვრეული თავი, ფუნაში აზელილი
ნაწლავების გროვაზე დაგდებული ხელის მტევანი და სისხლით მორწყული მიწა
საზიზღარ სუნს გამოსცემდა, მაგრამ „თათბირ-ტრაპეზის“ მონაწილეებს, აღნიშნული
ნუგბარით ნებიერად რომ იცოხნებოდნენ, ოდნავადაც არ აწუხებდა.

„რამდენი ადამიანი დავატყვევეთ?“ - განაგრძო გამოკითხვა „საძმოს“ წევრმა,


სწორედ იმ მონსტრმა, რომელმაც ნიკას თანდასწრებით, დინოს მოუღო ბოლო.

„ძალიან ბევრი. ბევრი კი გახიზნეს, მაგრამ მაინც უზარმაზარი ნადავლი


გვაქვს... მილიარდამდე. კარგა ხანს გვეყოფა. და ერთი ამდენი ბრძოლებში
დავხოცეთ. კიდევ ბევრი რესურსი აქვთ, ბოლო მონაცემებით, 8 მილიარდამდე
არიან.“

„უნდა შევამციროთ ბრძოლებში გარდაცვლილთა რიცხვი.


ლაბორატორიისთვის, ცოცხალი ტყვეები გვჭირდება და არა გვამები. როგორც ვიცი,
ჩვენი ზარალიც დიდია.“

„კი. თავიდან ძალიან გაგვიჭირდა. ავიაციამ და საზენიტო-სარაკეტო


სისტემებმა ბევრი ჩვენიანი დახოცა. განსაკუთრებით, - ავიაციამ. უზარმაზარ
ბომბებს ყრიდნენ და ცეცხლში გვბუგავდნენ ცოცხლად. უამრავი მებრძოლი
დავკარგეთ, ყველაზე მეტად, - ველოცირაპტორები და პტეროზავრები. სხვა
ცხოველებს აღარ ვითვლი. მაგრამ გადაწყვეტილების მიმღები პუნქტების
განადგურებამ ადამიანების ყველა იარაღი უსარგებლო გახადა. პორტალებს,
ძირითადად, სამხედრო ბაზებში ან მსხვილ მეგაპოლისებში ვხსნით. საკმარისია,
თუნდაც, ერთი ჩვენიანი მიუახლოვდეს მტრის ბანაკს ნახევარ კილომეტრამდე
მანძილზე, რომ იქაური ფლორის და ფაუნის მართვას ვიწყებთ და მოწინააღმდეგის
რიგებში სრული ქაოსის გამოწვევა გარანტირებულია.“

„ადგილობრივ ცხოველებს მტერთან მიახლოებამდე არ ვიყენებთ?“

„რა თქმა უნდა, ვიყენებთ. ეგაა მთავარი დამრტყმელი ძალა. ფრონტის ხაზზე,
ჩვენი ჯარის წინ, ყოველთვის ორი ბუფერული ზონაა. მტრისკენ, პირველ რიგში,
ხელშეკრული და პირაკრული, დატყვევებული ადამიანები მიემართებიან. მეორე
რიგად, - დედამიწელი ცხოველების გაშლილი მწკრივი; მათ კი, ჩვენ მივყვებით, ხაზს
ვამაგრებთ, საბრძოლველად ვემზადებით და ვაკონტროლებთ, რომ იქაური
ცხოველები წინა ხაზში მდგომ ადამიანებს თავს არ დაესხან, მხოლოდ წინ გაირეკონ.
ჩვენს შორისაც შრეებია. წინა რიგს, შედარებით დაბალი დინოზავრები იკავებენ,
ძირითადად, - ველოცირაპტორები. ტირანოზავრები ყველაზე ბოლო მწკრივში ვართ,
მაგრამ დანაყოფებს შორისაც, ასევე ადამიანთა ჯგუფებს ვაყენებთ დამცველ ფარად.
ამგვარად, მტრისკენ მრავალფეროვანი და მრავალფენიანი ლაშქარი მოძრაობს.
დანაღმული ველები საერთოდ არ გვანაღვლებს. მეხამრიდის ფუნქციას ავანგარდში
მყოფი ადამიანები ასრულებენ. როცა მოწინააღმდეგის ჯარისკაცები მათკენ მიმავალ
უიარაღო, უმწეო ხალხს ხედავენ, მაშინვე ბანაკებად იყოფიან, ბრძოლის მომხრეებად
და უბრძოლველად დანებების მომხრეებად. ნაწილი კი სწირავს თავის მოდგმას და
დაუნდობლად ისვრის ქვემეხებიდან, ცეცხლმფრქვეველი სისტემებიდან თუ
ავტომატებიდან, მაგრამ ფრონტის ხაზი უკვე მორღვეული აქვთ. მთელმა
ბატალიონებმა თქვეს სროლაზე უარი, ადამიანებს არ დავხოცავთო. დეზერტირობის
ძალიან ბევრი შემთხვევა იყო, მასიურად გარბოდნენ ფრონტის ხაზიდან.
თავისთავად, იციან, რომ დანებების შემთხვევაში, სიკვდილს მაინც ვერ
გადაურჩებიან, მაგრამ ეგეთი არანორმალური კულტურა აქვთ, ოღონდ უიარაღო
ადამიანი არ მოკლან და, მზად არიან, საკუთარი სიცოცხლე დათმონ. ჩვენც, რა
გვენაღვლება. „ჰუმანიზმი“, როგორც თავად უწოდებენ ამ უცნაურ თვისებას, მათივე
საწინააღმდეგო იარაღად გამოგვადგა ბრძოლის ველზე. როცა მოწინააღმდეგის
რიგებში ქაოსი იწყება, სწრაფ შეტევაზე გადავდივართ. მტრის ხაზთან
მიახლოებისთანავე კი, იქაური ფლორა და ფაუნაც იწყებს მოქმედებას და ბრძოლა
მოგებულია. საერთოდ, მინდა ვთქვა, რომ ჩვენი „ჩიპი“ ეფექტურად კი მუშაობს,
მაგრამ განახლებას საჭიროებს. 500 მეტრის რადიუსი საშინლად პატარა მანძილია იმ
მტრის წინააღმდეგ, რომელიც 100 კილომეტრის სიშორიდან გვესვრის.“

„ვმუშაობთ გაუმჯობესებაზე, მაგრამ ჯერჯერობით, რაც გვაქვს, ის უნდა


ვიკმაროთ. არტილერია და ავიაცია მთავარი თავსატეხია, არა?“
„კი. ჯერ ერთი, ხშირად, ჩვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებსაც სწირავენ და
ჩვენთან ერთად ჟლეტენ. მაგრამ გაერთიანებულ ლაშქარში, ცოცხალი ძალის
რაოდენობით, მაინც ბევრად ვაჭარბებთ. დაახლოებით, ერთი ათზეა შეფარდება.
ამიტომ, ბრძოლის მოსაგები ძალა მაინც გვრჩება. სანამ ტირანოზავრების რიგი
ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებამდე მიაღწევს, უკვე გადაჭმულია
იქაურობა. ქვემეხების ლულებზე არტილერისტთა ნაფლეთებიღა გვხვდება. რაც
შეეხება ავიაციას, აეროპორტების აღების შემდეგ, მართვის სისტემის მოშლის გამო,
თვითმფრინავები ერთი მეორის მიყოლებით ვარდებიან ციდან. ცალკეულ
შემთხვევებში, ახერხებენ მიწაზე დაჯდომას, მაგრამ ან ავარიულად ეშვებიან და
ფეთქდებიან, ან გადარჩენილი თვითმფრინავების პილოტები პირდაპირ ჩვენების
კლანჭებში ხვდებიან. დაბალ სიმაღლეზე მფრინავ აპარატებს და დრონებს კი,
პტეროზავრებიც უმკლავდებიან, პატარა ფრინველებიც და ზოგჯერ, მწერებიც კი.
ტურბინაში კამიკაძე ფრინველების შევარდნა ძალიან ეფექტური მეთოდია, რომლის
მეშვეობითაც, უამრავი საფრენი აპარატი გავანადგურეთ.“

„ტანკებს როგორ გაუმკლავდით?“

„ერთი შეხედვით ხომ მრისხანე მანქანაა, მაგრამ მასაც მოვუძებნეთ სუსტი


წერტილი. ჯერ ერთი, ქალაქის ფარგლებში მოქმედებას ერიდებიან, რადგან როყიო
ჭურვებს ბევრი ჩვენს მიერ მოუხელთებელი ადამიანი ემსხვერპლა. გარდა ამისა,
დასახლებულ პუნქტებში ჩვენც უფრო ადვილად ვუსაფრდებით. გაშლილ ველზე კი,
ძირითადად, პტეროზავრები აცხრებიან ზემოდან და მწერების, ცხოველების და
მცენარეების ლაშქარს შეუსევენ. იქოლება სათვალთვალო კამერები, ქვემეხის ლულა,
ყველა ნახვრეტი, რომელიც ტანკისტს გარემოსთან აკავშირებს. რა თქმა უნდა,
ულტრათანამედროვე, ხელოვნური ინტელექტის სისტემებით აღჭურვილი
ტექნიკური საშუალებები თერმული გამოსხივების მეშვეობით ახერხებს ცოცხალი
ორგანიზმის იდენტიფიცირებას, მაგრამ ჯერ ერთი, ეგ ტექნოლოგია კარგად არ აქვთ
ათვისებული, ჯერ კიდევ ტესტავენ. გარდა ამისა, მძევლად აყვანილ ადამიანთა
ცოცხალი ფარის წინაშე, აღნიშნული მეთოდით სარგებლობა ძალიან სარისკოა.
პრაქტიკულად, მანქანას ვაბრმავებთ, საკუთარ რკინის ნაჭუჭში იკეტება. უკეთეს
შემთხვევაში, ალალბედზე ახერხებენ ორიოდე ჭურვის გასროლას და მერე მაინც
ალყაში ექცევიან. საბოლოოდ, რკინის ყუთში გამომწყვდეული ტანკისტები
მანქანიდან ხელებაწეულნი ამოდიან და დანებებას ითხოვენ.“

„ამჟამად სად მიმდინარეობს ბრძოლები?“

„ჯერ კიდევ ბევრ ლოკაციაზე. განსაკუთრებით, ჩრდილოეთ ნახევარსფეროში.


ასევე, მიუხედავად იმისა, რომ ზღვებს და ოკეანეებს თავიდანვე შევუსიეთ
იქთიოზავრები, დედამიწის წყლით დაფარული ზედაპირი გაცილებით ნაკლებად
გვაქვს ათვისებული, ვიდრე ხმელეთი. ხშირია სარაკეტო თავდასხმები წყალქვეშა
ნავებიდან. თუმცა, სადაზვერვო და მართვის ერთიანი სისტემების მოშლის გამო,
პრაქტიკულად, ალალბედზე ისვრიან და ხშირ შემთხვევაში, ისევ ადამიანებს
აზიანებენ. ერთია კიდევ. პორტალების რაოდენობა არაა საკმარისი. სასურველია...“

„5000 პორტალი გაიხსნა მთელი დედამიწის მასშტაბით! როგორც გნებავთ, ისე


იმყოფინეთ! დღეს მთელი ჩვენი ენერგიის 70% მაგ ერთი პლანეტის დაპყრობისთვის
იხარჯება და მესამე თვე იწურება, რაც ომი მიმდინარეობს! მალე უნდა მოვრჩეთ!
უსაზღვრო არც დრო გვაქვს და არც საომარი რესურსი! გარდა ამისა, როგორც იცი,
აჯანყებებია ჩვენთან. დღე არ გავა, ადამიანებმა ველოცირაპტორი ან პტეროზავრი
რომ არ მოგვიკლან. სადღაც ჯურღმულებში იმალებიან, სადაც ჩვენ ვერ ვწვდებით.
მთელი ჯარი დედამიწაზეა და ზურგი მოშიშვლებული გვაქვს!“

სიჩუმე ჩამოწვა. ტირანოზავრის ბოლო სიტყვებმა „საძმოს“ დანარჩენი წევრები


მიახვედრა, რომ მდგომარეობის სიმძიმით, საჩვენებლად მაინც უნდა
შეწუხებულიყვნენ და ცოხნა და ნებიერი ფრუტუნი შეეწყვეტათ. მხოლოდ ტყვეთა
შორეული გმინვა და ფოთლების შრიალი არღვევდა მდუმარებას.

„ის ბიჭი თუ იპოვეთ?“ - იკითხა ისევ დინოს მკვლელმა, რომელიც საომარი


ვითარების ანგარიშს იბარებდა და რომელსაც, პირობითად, „უფროსი“ შეგვიძლია
ვუწოდოთ.

„ვერ ვიპოვეთ, ჯერჯერობით. მაგრამ ვნახავთ აუცილებლად. ყველგან ვეძებთ.“

„და რა გახდა მაგ ერთი ღლაპის პოვნა, ან თავიდანვე რატომ გაგექცათ?“

„თავიდან იჩქარეს იმ იდიოტებმა!“ - დინოზავრი აწრიალდა, კისერი


წაიწვდინა და ხახიდან გაშმაგებული ღრიალი ისე ამოუშვა, რომ საუბარი არ
შეუწყვეტია. – „ჯერ მოიპოვეს ადგილობრივი ხელისუფლების ნდობა, თითქოს,
შეუთანხმდნენ კიდეც, განაიარაღეს, ის ბიპი თავისივე ხელით მიაყვანინეს და როცა
ბიჭამდე ორიოდე ნაბიჯიღა აშორებდათ, თავდაჯერებულებმა, ადამიანებზე
თავდასხმა დაიწყეს. ბავშვმა არეულობით ისარგებლა და თავის მფარველ დედა-
შვილთან ერთად გაქცევა მოახერხა. მას მერე ვეძებთ, მაგრამ ჯერ უშედეგოდ.
სავარაუდოდ, ქალაქიდან გასული უნდა იყოს, შესაძლოა, ტყესაც აფარებდნენ თავს.
მაგრამ ზუსტად არ ვიცით.“

„უხხხ! დინოს ბრალია ყველაფერი! ნიკაც იმან ჩამოათრია და მაგ ბიჭსაც


დინომ გაანდო საიდუმლო...“ - „უფროსმა“ წინადადება აღარ დაასრულა და
დაიღრიალა.

„და მაინც, რაში გვჭირდება ეგ ბიჭი? ან ცოცხლად რატომ უნდა შევიპყროთ?“ -


ფრთხილად შეაპარა მეორემ, რომელსაც დედამიწაზე წარმოებული ბრძოლების
ხელმძღვანელობა ევალებოდა და რომელსაც, თქვენის ნებართვით, „სარდალს“
დავარქმევ.

„მშვენივრად იცი, რატომაც გვჭირდება! და დავალება შეასრულეთ! სწრაფად


იმოქმედეთ!“ - მკაცრი შეტყობინების მიღებისთანავე, „სარდალმა“ ხორკლიანი თავი
დახარა და ახალი კითხვა „მოისმინა“. – „უფრო ადრე რატომ ვერ დაიჭირეს,
ფეხდაფეხ არ მისდევდნენ?!“

„ჯერ მდევრებს ცეცხლიანი მუგუზლით იშორებდნენ თავიდან, რომელიც ხან


ბიპის ეჭირა ხელში და ხან იმ ნიკას.მერე, როცა დედამიწაზე გადავიდნენ, მდევრებიც
და დევნილებიც პატარა ოთახებში გამოემწყვდნენ და ის ბიჭები სულ დაეკარგათ.
დედამიწელები ხომ სახლებში ცხოვრობენ, ჩაკეტილ სივრცეში. დამშეულმა ჩვენებმა,
როგორც კი უიარაღო ადამიანები ნახეს, მიადგნენ, გამოფატრეს და პირდაპირ ჭამა
დაიწყეს, ამ გაუმაძღრობის გამო კი, უსაფრთხოება სულ მიივიწყეს. სანამ ჩიპის
საბრძოლო ფუნქციებს მოქმედებაში მოიყვანდნენ, იქაურებმა რაღაც წამლით
მიაძინეს.

„ჯანდაბა! იდიოტები! ახლა რა გეგმა გაქვს, სად უნდა ეძებო?“

„ერთი ტყვე მინდა გაჩვენო, რომელიც მაგათ ძებნაში დაგვეხმარება და მისი


გათავისუფლება გთხოვო...“

„ვინაა? მოიყვანე.“

„ადგილობრივი მაღალჩინოსანია. აქვეა და ახლავე მოვიყვან.“

აშრიალებული ხშირი ბუჩქნარიდან საქართველოს აწ უკვე ყოფილი სუს-ის


უფროსი გამოვიდა, რომელსაც ველოცირაპტორი და პტეროზავრი მოჰყვებოდნენ.
სხვა ტყვეების მსგავსად, ხელები მისთვისაც ყვავილის ღეროთი შეეკრათ, ხოლო პირი
სქელი ფოთლებით დაეხშოთ. „საძმოსთან“ მიახლოებისთანავე, ბორკილებისგან
გათავისუფლდა და პირველი კითხვაც მოისმინა.

„აბა, რისი გაკეთება შეგიძლია?“

მყრალი სუნით გულშეღონებულმა ტრისტან მეარღნიშვილმა ცხვირზე ხელი


მიიჭირა, მაგრამ უნებურად, ფეხი ვიღაცის გამოჭმულ თავის ქალას დაადგა,
გაშიშვლებულ ძვლებზე ერთ წერტილზე მიშტერებული ცალი თვალი და სისხლიანი
ზოლებით დაღარული ლოყების ნაშთები რომ შერჩენოდა. თავი ვეღარ შეიკავა,
ბუჩქებისკენ შებრუნდა და ნახევრადცარიელ კუჭში ჩარჩენილი ველური ხილი,
რომლითაც სასიკვდილოდ გამზადებულ ტყვეებს კვებავდნენ, იქვე ამოარწყია.

დაირცხვინა და გაირინდა, თავის აწევა აღარ უნდოდა.


„სიკვდილი თუ არ ჯობდეს...“ - გაიფიქრა თავჩაღუნულმა.

„მაგასაც მოესწრები!“ - მაშინვე მიიღო პასუხი. - რა უსუსურები ხართ


ადამიანები, არც საჭმლის მონელება შეგიძლიათ, მოკლულის დანახვაზე, სიკვდილს
ნატრობთ... ვინ იყო შენთვის ეს კაცი, იცნობ?“

მეარღნიშვილი შემობრუნდა და ჩაქინდრული თავი გააქნია.

-არა, არ ვიცნობდი.

დინოზავრმა ბარკლის ნაგლეჯის ძიძგნა წამით შეწყვიტა, უბედური


მსხვერპლის თავის ქალას გახედა და ტრაპეზიც და „ლაპარაკიც“ მაშინვე გააგრძელა.

„თქვენი ვერაფერი გავიგე. უცნაური კულტურა გაქვთ, აყირავებული


ცნობიერება. რატომ ვერ ეგუებით სუნს, რომელიც ორგანული ნივთიერებების ხრწნის
შედეგად გამოიყოფა? ჯერ ერთი, ექსკრემენტები ხომ ცოცხალი ორგანიზმების
სხეულის ნაწილია, მათ შორის, იმ ორგანიზმებისა, რომლითაც თქვენ
ყოველდღიურად იკვებებით. გარდა ამისა, ხომ იცით, რომ ოდესმე ყველა
მოკვდებით. დღეს თუ არა, ხვალ მაინც. უფრო დიდხანს ის იცოცხლებს, ვინც უფრო
ძლიერია. თქვენ, დედამიწელები დაუნდობლად ანადგურებთ ცხოველებს, იყენებთ
მათ საკვებად, ცდების ჩასატარებლად, საწამებლად, იყენებთ ტრანსპორტად,
სათამაშოდ, ცირკში ბავშვების გასართობად და ასე შემდეგ. რატომ?!“

ტყვე თავდახრილი დუმდა. „უფროსმა“ კითხვას თავადვე უპასუხა.

„დამორჩილებული გყავთ და იმიტომ! მათზე ძლიერები ხართ და იმიტომ!


უფრო მეტიც, ერთმანეთსაც კი ხოცავთ, თუკი მოწინააღმდეგეზე დიდი ძალა გაქვთ.
ჰოდა, ნუღარ გიკვირს, რომ შენს თანამოძმეებს ახლა მე და ჩემი ძმები ვახრამუნებთ.
ამჯერად, შენზე ძლიერები ჩვენ აღმოვჩნდით. თუ ვერ დაგვეხმარები, შენც იგივე
ბედი გელის.“

ბოლო არგუმენტი იმდენად დამაჯერებელი იყო, რომ სუს-ის ყოფილ


ხელმძღვანელს გულისრევის შეგრძნებამ გადაუარა. აღარც სუნი აწუხებდა, ხელი
ცხვირიდან მოიშორა.

-ყველაფერს გავაკეთებ, რასაც მიბრძანებთ! - უპასუხა ტირანოზავრს.

„შენთვისვე უმჯობესი იქნება. იცი, სად იმყოფება ბიპი?“

-არა, მაგრამ შემიძლია დადგენა.

„როგორ შეგიძლია?“
-ჯერ კიდევ ხომ არიან ცოცხლად გადარჩენილები საქართველოში. ქალაქები,
ძირითადად, დაცლილია, თუმცა, სოფლებში კვლავ შემორჩა ხალხი. ვფიქრობ,
რომელიმე სოფელს შეაფარებდნენ თავს, სადაც ნაკლები მოსახლეობაა. მე დიდი
კავშირები მქონდა, უზარმაზარი მონაცემთა ბაზა... მოვიძიებ სათანადო ინფორმაციას
და როგორმე ვიპოვი დევნილებს. ოღონდ, ხელშეუხებლობა მჭირდება, რომ
თქვენების სამიზნე არ გავხდე. გამორიცხულია, ასე უკვალოდ რომ გამქრალიყვნენ.

„როდის იპოვი?“

-ერთი თვე მომეცით და...

„ბევრია. ერთ კვირაში შედეგი გქონდეს, თორემ ამათი ლუკმა გახდები,


იცოდე.“ - ხორკლიანი თავის აქნევით, ბადრაგზე მიანიშნა უფროსმა. – „ეგენი
იქნებიან შენი მეთვალყურეები. ახლა მომწყდი თავიდან!“

მეარღნიშვილმა თავი დაუკრა და მრისხანე მცველებთან ერთად, ბუჩქებში


გაუჩინარდა. ტრაპეზი გაგრძელდა.

იასამნისფერი გვირილების წალკოტში კი, სიცოცხლის ბოლო წამებს ითვლიდა


საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზვიად დავითაშვილი. ყვავილის მსხვილ
ღეროზე ჯვარცმულივით მიკრულს, საყლაპავ მილში გველხოკერასავით
ჩასრიალებული ტოტი შიგნეულს უგლეჯდა და ყელზე შემოსალტულ მარწუხებთან
ერთად, საზარელი წამებით კლავდა ადამიანს, რომელიც ერთ დროს, საქართველოს
ბედ-იღბალს განაგებდა.

* * * * *

-რა მაგარი ღვინოა!

-ბადრიჯანი გასინჯე? უგემრიელესია!

-აი, ეს ფლავი გადაიღე!

-ლობიოა, თითებს ჩაიკვნეტ!

-მშვენიერი სუფრა გაგვიშლია ამ უბედურ დროს...

-თავშემონახული ქალი იყო ცხონებული, ყველაფერი ჰქონდა და ეკუთვნოდა


კიდეც კარგი ქელეხი. წუხელ, გვიანობამდე ვამზადეთ კერძები. ღამით შუქები
ჩავაქრეთ და ჩარაზულ სახლებში ვიმუშავეთ, იმის შიშით, რომ თავზე არ
დაგვდგომოდნენ დინოზავრები. დილით კი, ყველაფერი აქეთ გადმოვზიდეთ.
თვითმფრინავის ანგარის მსგავს, მაღალჭერიან დარბაზში, რომელიც
ერთსართულიან, სადად შეღებილ შენობაზე იყო მიდგმული, პურ-მარილით
დახუნძლული გრძელი სუფრა გაშლილიყო. მიცვალებულის სულის საცხონებლად,
საქონლის, ღორის ან ქათმის ხორცს ვერ იპოვიდით მაგიდაზე, მხოლოდ სამარხვო
კერძები ელაგა. სამაგიეროდ, თევზეულის, ბოსტნეულის, ხილის და სხვა
მცენარეული პროდუქტებისგან შეზავებული ნუგბარის მადისაღმძვრელი სურნელი
და მრავალფეროვნება თვალს იტაცებდა და გულსა და კუჭს აჩქროლებდა.

„დაფინანსებულია ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის


(UNDP) მიერ „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის
სამეზობლო პროგრამის“ (ENPARD) ფარგლებში“ - იუწყებოდა ფასადზე მიკრული
აბრა, როგორც გარდასულ დღეთა მოწმე მემატიანე. უცხოელი დონორების
დაფინანსებით აგებული და კეთილმოწყობილი ეს შენობა, რომლის მიღმაც
თვალუწვდენელი ზვარი იყო გაშენებული, ადგილობრივთა სადღესასწაულო-
სარიტუალო მომსახურების ცენტრს წარმოადგენდა და მასში დიდი და მცირე
დარბაზი, სამზარეულო და სველი წერტილები იყო განთავსებული. დიდი დარბაზის
კედელთან ჩამწკრივებული, აწ უსარგებლო მუსიკალური ინსტრუმენტები, ოდესღაც
ხმაურიანი ჰანგებით რომ ავსებდა არემარეს, წარსულის გროტესკულ გადმონაშთად
გამოიყურებოდა. ეზოში, ღობესთან აღმართულ ფლაგშტოკზე, საქართველოსა და
გერმანიის დროშები ფრიალებდა. თუმცა, უკვე აღარც გერმანია არსებობდა, არც
გაერო და ევროკავშირი.

შენობის ირგვლივ სულიერი არ ჭაჭანებდა, ყველაფერი გაურკვევლობის


მოლოდინით და შიშით იყო გარინდებულ-დადუმებული. არავინ იცოდა, თუ რა
უბედურებას მოიტანდა მომდევნო საათი, წუთი ან წამი. ელექტროენერგია ჯერ
კიდევ მიეწოდებოდათ, მაგრამ აღარც ტელევიზია მუშაობდა, არც რადიო,
ინტერნეტი თუ მობილური კავშირგაბმულობა. უცხოპლანეტელებმა ყველა
გადამცემი სადგური მწყობრიდან გამოიყვანეს. უბრალოდ, დალეწეს, გაანადგურეს
და მიწასთან გაასწორეს საკომუნიკაციო სისტემები. აღარ მოძრაობდა
საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ეს სოფელიც ისევე, როგორც ყველა სხვა
დასახლებული პუნქტი, გარესამყაროს მოსწყდა.

ბოლო ცნობები, რაც მედიასაშუალებებიდან სამი თვის წინ მიიღეს,


გლობალური თავდასხმის კატასტროფულ შედეგებზე იუწყებოდა. ასეთ ვითარებაში,
მშობლიური სოფელი უფრო გამოადგებოდათ თავშესაფრად, ვიდრე მჭიდროდ
დასახლებული ურბანული ცენტრი. მაგრამ რამდენიმე ადგილობრივმა მაინც გაბედა
და ინფორმაციული შიმშილის დასაკმაყოფილებლად, პირადი ავტომობილით,
ახლომდებარე ქალაქისკენ გაეშურა. ყველა მათგანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ამის
შემდეგ კი, ექსპედიციაში წასვლის სურვილი აღარავის გამოუთქვამს და სრულმა
საინფორმაციო წყვდიადმა დაისადგურა.

ახლა კი, ცივილიზაციას მოწყვეტილი სოფლის მცხოვრებლებმა, გლოვის


მიუხედავად ერთმანეთის ნახვის სიხარულს რომ ვერ მალავდნენ, განსვენებულის
ქელეხისთვის არაფერი დაიშურეს, ჭირნახულს თავი მოხადეს და დიდებული სუფრა
გაშალეს. თითქოს, მხოლოდ გარდაცვლილის პატივსაცემად კი არ შეიკრიბნენ,
ერთმანეთსაც და საკუთარ თავსაც ამხნევებდნენ, ცდილობდნენ, უცვლელად
აღესრულებინათ ტრადიციული რიტუალი და რამდენიმე საათით მაინც
დაევიწყებინათ ბედკრული ყოფა, ახალმა დროებამ რომ მოიტანა.

თუმცა, მაინც სიფრთხილეს იჩენდნენ და შეძლებისდაგვარად, ხმადაბლა


ლაპარაკობდნენ. ყველა კარ-ფანჯარა ჩაერაზათ, სარკმლები დარაბებით დაეხშოთ,
ხოლო დიდი დარბაზის შემინულ კარზე და ვიტრაჟებზე ფარდები, ზეწრები და
ათასნაირი ჭინჭი ჩამოეფარებინათ. ყველანაირი საქონელი და ფრინველი, რომელსაც
თავდასხმის შემთხვევაში, დინოზავრები დამხმარე ძალად გამოიყენებდნენ,
საგულდაგულოდ, გომურებსა და გალიებში იყო გამოკეტილი. საომარ ვითარებაში,
ეს ღონისძიება მაინც არაეფექტური იქნებოდა, მაგრამ ჯერჯერობით, გულმშვიდად
იყვნენ თანასოფლელები.

-მეგობრებო, თუ რამე არსებობს იმქვეყნად... ღმერთმა აცხონოს და გაანათლოს


ქსენიას სული. ნათელი დაადგეს. ყველა დამეთანხმებით, რომ არაჩვეულებრივი
ადამიანი გამოგვაკლდა, სათნო, შრომისმოყვარე და კარგი მეოჯახე ქალბატონი.
ნათელში იყოს!

ჩასუქებული, კეთილსახიანი, ენამჭევრობით ცნობილი თამადა, სოფელში


გაშლილი ყველა სუფრის საპატიო სტუმარი და ხელმძღვანელი რომ იყო, ამჯერად,
მოკლე სიტყვით შემოიფარგლა. ჭიქა დაცალა თუ არა, მაშინვე ადგილობრივი
ეკლესიის მოძღვარი ალაპარაკდა.

-ჩემო სულიერო შვილებო, ჩემო მეზობლებო! ნათელში იყოს ჩვენი საყვარელი


ქალბატონის, ქსენიას სული. - მღვდელი ფეხზე წამოდგა და სუფრას გადახედა. -
მართალია, ბატონ თამადას ეჭვი ეპარება, მაგრამ მართლმადიდებელი ეკლესია
გარწმუნებთ, რომ იმქვეყნიური ცხოვრება ნამდვილად არსებობს. ამიტომაც
ვუწოდებთ ადამიანის სიკვდილს „გარდაცვალებას“. ჩვენი ქსენია, გაანათლოს
ღმერთმა მისი სული, ცათა სასუფეველს ეზიარა. როგორც წმინდა მამები ამბობენ,
„სხეულის სიკვდილი ადამიანის სიცოცხლის დასასრული არ არის, არამედ მხოლოდ
საწყისია პიროვნების ახალი მდგომარეობისა, რომელიც სხეულისგან ცალკე
აგრძელებს არსებობას“. ამქვეყნად დარჩენილებმა კი, უნდა ვილოცოთ
გარდაცვლილის სულის ცხონებისთვის და თავადაც უნდა მოვემზადოთ
იმქვეყნიური მარადიული არსებობისთვის.

ფეხზე წამომდგარი მამაკაცები მოძღვრის სიტყვის დასრულებას ელოდნენ,


რის შემდეგაც, რამდენიმე წამით, მხოლოდ ბუტბუტით წარმოთქმული შესანდობარი
სადღეგრძელოები და ჭიქების ჭახა-ჭუხი ისმოდა.

-მამაო, თუ შეიძლება, ერთი კითხვა მაქვს. - მიმართა თამადამ მღვდელს, როცა


სუფრაზე ხმაური მინელდა.

-გისმენ, ვაჟა. საწყენად არ მითქვამს, ხომ იცი...

-არა, არც მწყენია, როგორ გეკადრება. ყველამ იცით, რომ მცირედმორწმუნე


ადამიანი ვარ, მაგრამ ამ მდგომარეობასაც ხომ აქვს ობიექტური საფუძველი. ისიც,
დღევანდელ დროს. იმის თქმა მინდა, რომ...

ვაჟამ პაუზა გააკეთა და შეეცადა, მკაფიოდ ჩამოეყალიბებინა სათქმელი.


მღვდელი თავდახრილი უსმენდა.

-კი, კარგია ყველაფერი, რასაც ეკლესია გვეუბნება, კარგი იქნება, თუ ისე


ვიცხოვრებთ ყველა, როგორც სახარებაში წერია. მაგრამ რა ვუყოთ ამდენ
უბედურებას, ჩვენს ირგვლივ რომ ტრიალებს, როგორ უნდა შევინარჩინოთ ღვთის
რწმენა, როცა სრულიად უდანაშაულო ხალხი საშინელი წამებით იღუპება, მათ
შორის, ბავშვები, ქალები, მოხუცები, მილიონობით და მილიარდობით ადამიანი...
ჩვენ კიდევ არ ვართ საკმარისად ინფორმირებული, მაგრამ ხომ ფაქტია, რომ უკვე
სრულ ვაკუუმში ვცხოვრობთ, პირველყოფილებს დავემსგავსეთ. გადმოცემით და
ბოლოს ნანახი ახალი ამბებიდან რაც ვიცით, ისაა, რომ კაცობრიობა, თითქმის,
განადგურდა, პლანეტა აღარ იქნება ისეთი, როგორადაც მას ვიცნობდით. ამას რა
ახსნა აქვს, როგორ განმარტავს ქრისტიანული რელიგია? ან სადაა ამ დროს ღმერთი?

დარბაზში მხოლოდ ჭიქების, დანა-ჩანგლის და თეფშების წკარუნი ისმოდა.


სუფრის წევრები დებატებს ყურადღებით უსმენდნენ, მაგრამ ცდილობდნენ,
ყველასათვის პატივსაცემი ადამიანების მიერ წამოჭრილი სენსიტიური თემის
განხილვაში არ ჩარეულიყვნენ და თუნდაც უწყინარი გრიმასით, რომელიმე მათგანის
მხარდაჭერა არ გამოევლინათ. მღვდელმა თავი ასწია და ვაჟას თვალი გაუსწორა.

-ჯერ ერთი, ღმერთი ყოველთვის ჩვენთანაა! - თქვა და პირჯვარი გადაიწერა. -


რაც შეეხება აპოკალიფსის მიზეზს, მაგ კითხვას ბიბლია პასუხობს ძალიან მარტივად,
კონკრეტული მაგალითებით.

-სოდომ-გომორის ტრაგედიას გულისხმობ?


-ან თუნდაც, დიდ წარღვნას. იყო რამდენიმე ეპიზოდი კაცობრიობის
არსებობის მანძილზე, როცა ღმერთმა სასჯელი მოუვლინა ადამიანებს.

-და რა გამართლება აქვს თუნდაც ერთი ადამიანის სიკვდილს? რა დააშავეს იმ


გარდაცვლილებმა, სიცოცხლეს რომ გამოეთხოვნენ? ცათა სასუფეველში მოხვდნენ,
არა? და ვინმემ ჰკითხა, სურდათ თუ არა ამ წუთისოფელთან განშორება? ან რა
სარგებელს იღებს სამყარო მსგავსი მსხვერპლშეწირვით? ან ცოცხლად
გადარჩენილები უკეთესები გავხდით მას შემდეგ, რაც პლანეტაზე მილიონობით
ადამიანი გაიჟლიტა?

-ვაჟა, მკრეხელობაა, რასაც ამბობ! - მღვდელმა ხმას აუწია, ფეხზე წამოიჭრა და


სუფრას და თამადას პირჯვარი გარდასახა. - ღმერთმა შეგინდოს! ცოდვაა, რასაც ახლა
ლაპარაკობ! ასეთი ურწმუნოებით, ღვთის გმობით და მკრეხელობით მძიმდება
დედამიწა და სწორედ ამ ტვირთისგან კაცობრიობის გათავისუფლებას ცდილობს
უფალი, როცა სასჯელად წარღვნას, ეპიდემიას, ურჩხულების შემოსევას თუ სხვა
უბედურებას მოუვლენს! წალეკა ყველაფერი გარყვნილებამ! დაგავიწყდათ უკვე?
ეგრეთწოდებული ტექნოლოგიური პროგრესის სახით, ეშმაკმა ყველა ადამიანის
სულში შეაღწია და დაიმორჩილა, დაიმონა ღვთის შვილები. ინტერნეტი,
სოციალური ქსელები, სულის და ხორცის გამხრწნელი ათასგვარი სისაძაგლე ჩვენი
ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილი იყო და ამას ვიღებდით, როგორც
მოცემულობას, ვცდილობდით, სხვას არ ჩამოვრჩენილიყავით, ჩვენც ნაწილი
ვყოფილიყავით იმ თავაშვებული, გახრწნილი ორგიისა, რამაც მთელი პლანეტა
მოიცვა! აღარ გახსოვთ?! ასე არ იყო?! აი, იმიტომაც დავისაჯეთ!

მღვდელი გაჩუმდა და შეეცადა, დამშვიდებულიყო. მერე პირჯვარი


გარდაისახა და დაჯდა. დარბაზში ჩქამიც აღარ ისმოდა. ვაჟა ფეხზე წამოდგა და
ხელში ჭიქა აიღო.

-მაპატიეთ, მეგობრებო. უხერხული თემა წამოვჭერი გლოვის სუფრაზე და რაც


არ უნდა განსხვავებული მოსაზრება მქონდეს, დღეს ამ საკითხზე კრინტსაც აღარ
დავძრავ. პატიებას ვითხოვ, პირველ რიგში, ჩვენი ძვირფასი მეზობლის, ქალბატონი
ქსენიას ხსოვნის წინაშე. მინდა, მომდევნო სადღეგრძელო შემოგთავაზოთ და ვთქვა...

სათქმელი პირზე შეაშრა. დარბაზის კარზე ძლიერად დააკაკუნეს.

ყველა გაირინდა. ორიოდე წამით, ერთმანეთს შესცქეროდნენ.

-ველოდებით ვინმეს? - იკითხა ვაჟამ.

-ჩემი ცოლი აპირებდა მოსვლას. შესაძლოა, ის იყოს.

-ჩემი გოგოც უნდა მოსულიყო, ველოდებოდი.


-რომელი ხარ? - გასძახა ვაჟამ და კარს მიუახლოვდა.

ბრახუნი უფრო ძლიერად განმეორდა. ვიტრაჟის მინები აზრიალდა.


სავარაუდოდ, ზღურბლსმიღმა რამდენიმე ადამიანი იდგა, მაგრამ ხმას არავინ
იღებდა.

სუფრის წევრები ფეხზე წამოიჭრნენ. მამაკაცებმა ბუხარში შეწყობილ შეშის


ნაფოტებს ცეცხლი წაუკიდეს, ზოგმა საგანგებოდ წამოღებული სანადირო თოფი
დაიკავა, რამდენიმე მათგანმა სამზარეულოდან ნაჯახი და დანები გამოიტანა და
ყველა ბრძოლისთვის მოემზადა. ვაჟამ მეზობლებს ხელით ანიშნა, ადგილზე
დარჩენილიყვნენ, კართან მივიდა და ფარდა გადასწია. მაშინვე, გველნაკბენივით
შეკრთა და უკან დაიხია. დარბაზის ჩოჩქოლი ქალის კივილმა გაკვეთა.

მინაზე ცხვირმიჭყლეტილი, ნახევრად შიშველი, პირველყოფილის


შესახედაობის ბიჭი, რომელსაც მარცხენა მკლავი უსიცოცხლოდ ჩამოკიდებოდა და
მთელი სხეული სისხლიანი ზოლებით დასეროდა, შიშჩამდგარი თვალებით, შველას
ითხოვდა. მალევე, ღამის წყვდიადს ნანა და ნიკა გამოეყვნენ და ბიპის მხარში
ამოუდგნენ. ლასლასით მოძრაობდნენ. ტანზე გაურკვეველი ძონძებიღა შერჩენოდათ.
ნიკას სახესა და ყელზე ნაკბენ-ნაფხოჭნები დასდევდა, ხოლო ცხვირზე ნაიარევი
ეტყობოდა. ქალი ჩალურჯებულ მარჯვენა თვალს ვეღარ ახელდა, თავზე
შემოხვეული ქსოვილის ნაჭერი კი, სისხლით იყო გაჟღენთილი. სიცხიანივით
კანკალებდა და შუბლი ოფლით დაცვარვოდა. შიმშილისგან ჩამომხმარნი, ჭუჭყსა და
სისხლში ამოსვრილნი, ტანსაცმლის ნაფლეთებით შემოსილნი, კოშმარულ სიზმარში
მოვლენილ მოჩვენებებს ჰგავდნენ.

შემინულ კარს მიუახლოვდა თუ არა, ნანამ საჩვენებელი თითი ტუჩებზე


მიიდო და ახმაურებული ხალხი შედარებით დააშოშმინა.

-გთხოვთ, შემოგვიშვით! - ძლივს გასაგონი ჩურჩულით წარმოთქვა და ხვეწნის


ნიშნად, მარჯვენა ხელის თითები კისერს მოუჭირა.

მისი ხმა არავის გაუგონია, მაგრამ თვალები, გრიმასები და მთელი ეს სცენა,


რასაც მინაზე აკრული, სასომიხდილი სამეული წარმოადგენდა, ხმოვან
შეტყობინებაზე უფრო მრავლისმთქმელი იყო.

ვაჟა გამოერკვა და კარი გააღო.

დარბაზში შემოვიდნენ თუ არა, ძალაგამოცლილნი, ბეტონის ცივ იატაკზე


დავარდნენ. მამაკაცებმა რამდენიმე მაგიდა სასწრაფოდ მოასუფთავეს, შეაერთეს და
სამივე საგანგებოდ შეკოწიწებულ „ტახტზე“ გადაიყვანეს.
ნანამ მიწოდებული წყალი სვენებით მოსვა, თვალი გაახილა და მისუსტებული
ხმით, მადლობა გადაიხადა. მერე ბავშვებს გადახედა.

-ნუ ღელავთ, ბიჭებსაც მივხედავთ. ყველა საჭირო ხელსაწყო ახლა აქ არ მაქვს,


მაგრამ პირველ რიგში, რამდენადაც შევძლებ, ჭრილობებს დავამუშავებ. - უთხრა
ქალმა, რომელიც სამივეს თავზე დატრიალებდა და, სავარაუდოდ, შესაბამისი
გამოცდილებაც გააჩნდა.

მერე მეზობლებს მიმართა.

-გოგოებო, სპირტი და ბამბა გვჭირდება სასწრაფოდ. მგონი, უნდა იყოს


შენობაში.

ნანა „მკურნალს“ დაკვირვებით მისჩერებოდა, რაღაცის გახსენებას


ცდილობდა. თითქოს, მისი აზრები წაიკითხაო, ქალმა კითხვის გამომხატველ მზერას
უპასუხა.

-სტუდენტობის დროს, სტაჟისთვის, ექთნად ვმუშაობდი და საკმაო ცოდნაც


მივიღე, იმდენი მაინც, რომ თქვენს ჭრილობებს გავუმკლავდე. ნუ ღელავთ.
ყველაფერი რიგზე იქნება. მე ლიზა ვარ. თქვენ რა გქვიათ და რა დაგემართათ,
მოგვიყევით, თუ შეიძლება. როგორც ხედავთ, ყველა ინტერესით გელოდებათ.

ლიზა დაიხარა, ნანას თავზე შემოხვეული ნაჭერი შემოხსნა და მარცხენა


ლოყაზე ძაბრივით ამოკვეთილ ჭრილობას დააკვირდა. ნაიარევს თვალს არ აშორებდა
და თან, გაუჩერებლად ლაპარაკობდა.

-სავარაუდოდ, ჭრილობაში ინფექცია შეგეჭრათ და დაჩირქდა. სიცხეც ამიტომ


გაქვთ. არა უშავს, სახლში შესაბამისი პრეპარატი უნდა მქონდეს. ნემსს გაგიკეთებთ
და ყველაფერი ალაგდება. იმ მაღალ ბიჭს, ალბათ, ხელი აქვს ნაღრძობი. კაცები
დამეხმარებიან, სახსარში ჩავუსვამთ, შევუხვევთ და მალე გამომჯობინდება. მეორე
ბავშვი, შედარებით, მსუბუქადაა დაშავებული. გატეხილ ცხვირს ახლა ვეღარაფერს
ვუშველი, მაგრამ ჭრილობების მოსაშუშებლად, მალამოებიც იკმარებს. ნუ გეშინიათ,
ყველაფერს ეშველება. ოღონდ, გვითხარით, რა დაგემართათ. ლაპარაკი ხომ
შეგიძლიათ?

ცოტაც და, ნანას გაფითრებულ ბაგეებს ქვითინი მოსწყდებოდა. თვალები


ცრემლებით აევსო და ის იყო, სიტყვა უნდა დაეძრა, რომ მამაკაცის ყინულივით ცივმა
ხმამ შეაჩერა.

-მე გეტყვი, ლიზა.

წამით, სიჩუმე ჩამოწვა.


მერე ხალხი მონუსხულივით ერთად ამოძრავდა, ტახტადგადაკეთებულ
მაგიდებს მწყობრად მოსცილდა და გზა სოფლის მოძღვარს დაუთმო, რომელიც
დაჭრილებს ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა. ლიზამ მღვდელს გაოცებით შეხედა,
მაგრამ მალევე გამოერკვა.

-გისმენ, მამა მიქაელ. რა უნდა მითხრა? - იკითხა და თან, ნანას ჭრილობის


დამუშავებას შეუდგა.

შავანაფორიანი წვეროსანი შეჩერდა, საჩვენებელი თითი სნეული სამეულისკენ


გაიშვირა და ხალხს მიმართა.

-მიუხედავად იმისა, რომ გარეგნობა ძალიან შეცვლილი აქვთ, ვფიქრობ, ბევრი


თქვენგანი მაინც იცნობდით, არა? - თქვა და კვლავ დაჭრილებისკენ მიბრუნდა. -
საბედნიეროდ, მეხსიერებას არ ვუჩივი. ტელეგადაცემებიდან, ასევე, ინტერნეტით
გავრცელებული ფოტოებიდან და ვიდეოებიდან უნდა გახსოვდეთ, ვინც არიან. ზოგი
მასალა ტელეფონში ჯერ კიდევ მაქვს შენახული... სწორედ ეს ბავშვები შემოუძღვნენ
დედამიწაზე უცხოპლანეტელ ურჩხულებს. მკლავნაღრძობი ბიჭი, სულაც, იმ
პლანეტის მკვიდრია და ღმერთმა იცის, რა მიზნითაა მოვლენილი დედამიწაზე.
მეორე ბავშვი ნიკა მანაგაძეა, რომელიც საეჭვოდ თავისუფლად მოძრაობს ორ
პლანეტას შორის. ეს ქალბატონი კი, ნიკას დედაა. ჩვენს სოფელს ესტუმრნენ
ადამიანები, რომელთა უგზო-უკვლო მოგზაურობამ კაცობრიობა განადგურების
საფრთხის წინაშე დააყენა. ისინი ახლა აქ არიან!

ლიზამ ფერი დაკარგა. ნანას თვალებში ჩახედა და დაუფიქრებლად


წაიბუტბუტა...

-ნანა!

-დიახ, ლიზა! ნანაა! შენი სტუდენტობისდროინდელი მეგობარი. - სიტყვა


„მეგობარი“ განსაკუთრებით ხაზგასმულად წარმოთქვა. - შესაძლოა, ბევრმა არ
იცოდეს, თუ როგორი ახლო ურთიერთობა გაკავშირებს ამ ქალბატონთან. მე კი,
მოვასწარი, გავცნობოდი პუბლიკაციებს, რომლებიც ინტერნეტით გავრცელდა. ამ
დრომდე, ვცდილობდი, გავფრთხილებოდი შენს რეპუტაციას. ჯერ ერთი,
მეზობლები ვართ, პატივს ვცემ შენს ოჯახს და გარდა ამისა, არ მინდოდა, ძველი
ცოდვების გამო მომეთხოვა პასუხი. მაგრამ დღეს ეს ცოდვა, გაუკუღმართებული
სექსუალური ურთიერთობა გაცოცხლდა, უფრო ამაზრზენი ფორმა მიიღო და
პირდაპირ სახლში გვესტუმრა!

-შეწყვიტე! - ლიზამ იკივლა, მღვდლისკენ გაიწია და ანაფორაში ხელი ჩაავლო.

მეზობლების ჯგუფს 5 კუნთმაგარი ბიჭი გამოეყო. ორ მათგანს ხელში


ორლულიანი თოფი ეჭირა. ლიზას ხელები გაუკავეს და მოძღვარს ჩამოაშორეს.
-დედა! - გაისმა ბავშვის წკრიალა ხმა. ათიოდე წლის გოგონა ლიზასთან
ტირილით მივარდა, მაგრამ ქალთან მიახლოების საშუალება არ მიეცა.

ნიკამ ძალ-ღონე მოიკრიბა, მარჯვენა ფეხი მძლავრად მოიქნია და მამა მიქაელს


თავში ჩაარტყა. ფეხსაცმელი რომ სცმოდა, ქალას გაუტეხდა, შიშველი ფეხით კი,
მხოლოდ იმდენი შეძლო, რომ მოძღვარმა დაიყვირა, მოიკუნტა და თავში ხელი
იტაცა. რამდენიმე მამაკაცი კიდევ მიემატა კუნთმაგარ ჯეელებს, ფარდებით და
მაგიდის გადასაფარებლებით, დაჭრილები „ტახტზე“ დააბეს, პირში კი, ჩვრები
ჩასჩარეს. ერთმა ნიკას თავშიც წაუთაქა და საცემადაც გაიწია, მაგრამ მღვდელმა
შეაჩერა.

-მამაო, რა ხდება, გამაგებინე, რა საჭიროა ასეთი აურზაური და ძალადობა?! -


ვაჟა მღვდელს მიუახლოვდა და შეეცადა, მშვიდად დალაპარაკებოდა.

მშვენივრად ხვდებოდა, რომ რელიგიური ფანატიზმის წვეთწვეთობით


დაგროვებულმა შხამმა, რომლისგანაც თანასოფლელთა დახსნას წლების
განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა, მოქმედება დაიწყო და უკიდურესად საშიში
ფორმით გამოვლინდა. მიუხედავად ამისა, სცადა, დაძაბული ვითარება
თავშეკავებული მოლაპარაკების გზით განემუხტა.

-ვაჟა, გთხოვ, ხელს ნუ შემიშლი, დავიცვა სოფელი ეშმაკისეული ბოროტებისა


და გარყვნილებისაგან, რაც თავს დაგვატყდა. - ასევე მშვიდად უპასუხა მამა
მიქაელმა.

მღვდლის სიტყვებში სიმტკიცე და თავდაჯერებულობა იგრძნობოდა, რასაც


ლიზას ბადრაგად მდგარი მკლავღონიერი ბიჭების და თანასოფლელთა
უმრავლესობის განწყობა განაპირობებდა, ახალმოსულებს და მათ მკურნალს უკვე
დაუფარავი ზიზღით და სიძულვილით რომ უმზერდნენ. მაგრამ გამონაკლისებიც
იყვნენ. მეზობლებს თეთრკოსტუმიანი კაცი, ადგილობრივი სკოლის მათემატიკის
მასწავლებელი გამოეყო და ვაჟას მხარში ამოუდგა. მათ გვერდით ლიზას დამხმარე
ქალმა, სამმა თინეიჯერმა და თოფით შეიარაღებულმა ერთმა მამაკაცმა დაიკავეს
ადგილი. დანარჩენები „ტახტის“ მეორე მხარეს, მამა მიქაელის ირგვლივ განლაგდნენ.
სოფელი ორად გაიყო.

დამუხტულ სიჩუმეში იარაღის გადატენის ხმა გაისმა. ჰაერში დენთის სუნი


დატრიალდა. ვაჟამ კვლავ მოლაპარაკება სცადა.

-მამაო, რა გავაკეთოთ? რას ითხოვ? რა პრეტენზიებიც არ უნდა გვქონდეს ამ


დაჭრილების ან ერთმანეთის მიმართ, ცივილიზებული ფორმით გადავჭრათ
საკითხი, სისხლს ხომ არ დავღვრით ამდენი ხნის მეზობლები? ღმერთმა
დაგვიფაროს! ასეთი საშიში მტერი მოგვადგა კარს, როდის შემოგვესევიან, არავინ
იცის და რა დროს ადამიანთა განკითხვა და ურთიერთდაპირისპირებაა?

მამა მიქაელმა წარბები აზიდა და სიტყვა მძიმედ დასძრა. მისი ენით, უკვე
კანონი ლაპარაკობდა.

-ჯერ ერთი, კი არ ვითხოვ, მოვითხოვ, ვაჟა! მოვითხოვ უმრავლესობის


სახელით, რომელიც მართავს ამ სოფელს. დემოკრატიაც ამას არ ეფუძნება?
უმრავლესობის მმართველობას! - თქვა და ჩაიცინა.

ირონიულმა ღიმილმა მის მხარდამჭერებსაც გადაურბინა. მღვდელმა


განაგრძო.

-სისხლისღვრას არავინ აპირებს, რა თქმა უნდა. მაგაში აბსოლუტურად


გეთანხმები. მხოლოდ მშვიდობის შენარჩუნება, ღვთის რწმენა, ლოცვა და გამძლეობა
უნდა ვუსურვოთ ერთმანეთს, რათა შევძლოთ ამ ბედკრულ დროსთან და მტერთან
გამკლავება.

ვიდრე მამა მიქაელი ლაპარაკობდა, მისი დამქაშები მოქმედებაზე გადავიდნენ.


ვაჟას გვერდით მდგომ მამაკაცს კეფაზე თოფის ლულა მიაბჯინეს და განაიარაღეს.
მერე მღვდელს ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვნენ და მოწინააღმდეგეთა მცირე დაჯგუფებას
რკალად შემოერტყნენ.

-მგონი, არ იქნებით წინააღმდეგი, თუ შექმნილი ვითარების გამო, დღევანდელ


შეკრებას დავასრულებთ. - მიმართა მღვდელმა ქსენიას ოჯახს და როცა კითხვის
ადრესატებმა თავები დახარეს და დუმილით უპასუხეს, თითი დაჭრილებისკენ
გაიშვირა. - მანაგაძეების გარყვნილი ოჯახი და ლიზა ნაცვალაძე პატარა დარბაზში
იცხოვრებენ! საჭმელ-სასმელით და წამლებით ჩემი ბიჭები მოამარაგებენ. ჩვენ
მკვლელები არ ვართ, დაჭრილებს რომ არ ვუმკურნალოთ, მაგრამ მათთან
ურთიერთობა, სხვას ყველას ეკრძალება. ლიზას გოგონა სოფლის შვილია და მას
უპატრონოდ არ დავტოვებთ, ეკლესიაში გაიზრდება, როგორც ღირსეული მხევალი
და მონა უფლისა!

ლიზას კივილი და ბავშვის გულამოსკვნილი ტირილი ვაჟას დაჯგუფებას


მოქმედებისკენ მოუწოდებდა, მაგრამ შიშველი ხელებით და დიდი რიცხობრივი
დისბალანსის პირობებში, ვერას გახდებოდა. დაბღვერილ მეზობელთა კუშტი
სახეებისა და ორლულიანი თოფების წინაშე, ჯგუფის წევრი მამაკაცები
იძულებულნი გახდნენ, ნაბიჯ-ნაბიჯ უკან დაეხიათ და ქალებს და ბავშვებს ცოცხალ
კედლად აფარებოდნენ. დაჭრილები განწირულად ღმუოდნენ,
თვალებგაფართოებულნი რაღაცას ანიშნებდნენ, მაგრამ მათ აღარავინ უსმენდა.
აღარც ჩლიქების და ფლოქვების თქარუნი გაუგონიათ, შენობის გარედან რომ
შემოდიოდა. თოფის ცივი ლულა ვაჟას შუბლზე მიებჯინა. მათემატიკის
მასწავლებლის სახეზე კი, სამზარეულოს დიდი დანა ასრიალდა. უცებ, დაძაბულობა
კამეჩების ზმუილმა განმუხტა.

ყველამ ვიტრაჟისკენ გაიხედა. მინების მიღმა შინაური პირუტყვის ჯოგი იდგა.


კამეჩები, ძროხები, ხარები, თხები, ცხენები, ძაღლები და ღორები
ავისმომასწავებლად ქშინავდნენ, ზმუოდნენ, ფრუტუნებდნენ, კიკინებდნენ,
ყეფდნენ, ღრუტუნებდნენ, ნესტოებს ბერავდნენ, ჩლიქებს მიწას ურტყამდნენ და
დარბაზში შესაჭრელად ემზადებოდნენ.

* * * * *

ტრისტან მეარღნიშვილი სუს-ის დადუმებული შენობის ნახევრადბნელ


დერეფანში ფეხაკრეფით მიაბიჯებდა. ცდილობდა, ირგვლივ მიმოფანტული
გვამებისთვის მზერა აერიდებინა, მაგრამ ყოფილი თანამშრომლების გახრწნილ
სხეულთა ფრაგმენტების გარემოცვაში, გულისრევის შეგრძნებასთან ერთად,
საშინელი ნაღველი, უმწეობის განცდა და ღალატით გამოწვეული სინდისის ქენჯნა
უხუთავდა სულს. ყოველ ნაბიჯზე, ფეხქვეშ თელავდა მრავაწლიან მეგობრობას,
პროფესიულ ოჯახში თანაცხოვრების ტკბილ მოგონებებს და ყველა ჰუმანურ
გრძნობას, რაც კი ოდესმე გააჩნდა.

თუმცა, სინანულის ზღვარი კარგა ხნის გადალახული ჰქონდა. ცრემლიც და


სისხლიც ჯერ კიდევ მაშინ გაუშრა, როცა დედამიწაზე დაბრუნებისთანავე, ბადრაგის
ნებართვით, თავის ბინას მიაშურა და სასტუმრო ოთახში დაყრილი ძვლების
გროვაზე, 6 წლის ქალიშვილის ცისფერი კაბის ნაფლეთები იპოვა. დანაწევრებული
სხეულების დანახვაზე, მუხლები მოეკვეთა, ჩაიკეცა და ინანა, რომ სახლის
მონახულება გადაწყვიტა. მერე კორპუსის მიმდებარედ მიწა გათხარა და
მოგროვებული ნაშთები, რაც უმოწყალოდ დაგლეჯილი ოჯახიდან დარჩა, ერთად
დამარხა.

მწარე მოგონებებმა თვალები დაუნისლა. წამით, შეჩერდა და ცრემლი


შეიმშრალა. შემდეგ თავი გააქნია, თითქოს კოშმარული კადრების გონებიდან
გამოფერთხვა სურდა და გზა განაგრძო.

ვიდრე გრძელი დერეფნის ბოლოში მდებარე კაბინეტამდე მივიდოდა,


წარმოსახვითი ვიდეოფირი კიდევ უფრო შორს გადაახვია და რესპუბლიკურ
საავადმყოფოსთან გამართული სასაკლაოც გაიხსენა. ტირანოზავრის ფეხის
დარტყმამ მათი ავტომობილი ჰაერში ბურთივით ააგდო და თავდაყირა დაანარცხა.
გიორგი გერლიანმა იქვე განუტევა სული. თინამ იმარჯვა, კონსერვის ქილასავით
დაჭეჭყილი მანქანის საქარე მინა, რომელიც ბუდიდან ამოვარდა, ფეხით გარეთ
გააგდო, გაძვრომა მოახერხა და მას შემდეგ, უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

„ცოცხალი თუა, ნეტა?“ - გაიფიქრა მეარღნიშვილმა.

თინას გაკვალული გზით კი, სუს-ის უფროსმა და პრემიერ-მინისტრმაც


ისარგებლეს და ავტომობილიდან გამოვიდნენ, მაგრამ მაშინვე, მაჯებსა და ფეხებზე
ლერწამივით მოქნილი მცენარის ღეროები შემოესალტათ. თითქოს, ცოცხალი იყო,
ისე გველივით შემოეხვია და მოხსნის დროსაც, თავადვე გაიხსნა, როგორც
დისტანციური მართვის პულტით ამოძრავებული დრეკადი სათამაშო.

შემდეგ იყო ჯოჯოხეთურ ტყვეობაში გატარებული სამი თვე, შიმშილი,


წყურვილი, საშინელი სიბინძურე და პირუტყვის საკადრისი მოპყრობა, როცა
თვითმკვლელობაზე არაერთხელ უფიქრია, მაგრამ მსგავსი ფიქრებისთვის
გამოწერილი სასტიკი წამება ისევ ღორულ ყოფასთან შეგუების უპირატესობაში
არწმუნებდა. ჯერ ტყვეობა იყო მისი ხვედრი. ცოცხლად უნდა ჩაეთრიათ უცხო
პლანეტაზე, სადაც, როგორც მოგვიანებით გაიგო, საზარელი წამებით სიკვდილი
ელოდა.

„სწრაფად იარე!“ - გამოარკვია ველოცირაპტორის შეტყობინებამ, რომელიც


ცოხნით მიჰყვებოდა უკან და ბასრბრჭყალებიან თათებს, გზად შემხვედრ გვამებზე
დაუნდობლად აბიჯებდა. – „და მაგ წარსულზე მოთქმას შეეშვი! ჯერ გლოვის მეტი
არაფერი გაგიკეთებია, დრო კი, ბევრი დაკარგე!“

ტრისტანს გააჟრჟოლა. უცხოპლანეტელთა გარემოცვაში ხომ, „ფიქრი“


ყოველგვარ კონფიდენციალობას მოკლებული იყო. შეეძლო, რასაც ფიქრობდა,
ყველაფერი ხმამაღლა ელაპარაკა ან პირიქით, ხმამაღლა სათქმელი, უბრალოდ,
გაეფიქრებინა. ნაბიჯს აუჩქარა და კაბინეტის შელეწილი კარის ზღურბლს გადააბიჯა.

ინტერიერი დიდად არ შეცვლილიყო. სავარაუდოდ, შეჭრის დროსაც, ოთახში


სულიერი არავინ იქნებოდა და ამიტომ, ყველაფერი ხელ-ფეხ-ბრჭყალუხლებლად
დაეტოვებინათ. მაგიდასთან მივიდა, სავარძელში ჩაჯდა და ლეპტოპი ჩართო,
რომელსაც უჯრიდან გამოღებული ვინჩესტერი მიუერთა. ველოცირაპტორი
ზურგსუკან დაუდგა და მის ყოველ მოძრაობას აკვირდებოდა, ბოროტ მზერას არ
აშორებდა.

სუს-ის ყოფილმა უფროსმა ეკრანზე გამოტანილ ფაილებში საჭირო საქაღალდე


მოძებნა და ნიკა მანაგაძის ოჯახის სანათესაო-საახლობლო წრის შესწავლას შეუდგა.
ველოცირაპტორს უცხო ასოები არაფერს ეუბნებოდა, მაგრამ მეარღნიშვილის
გონებაში გამკრთალ თითოეულ აზრს ღრუბელივით ისრუტავდა.
„ნათესავებთან რატომ არ იქნებიან?“ - ჰკითხა და უეცრად გამოსრიალებული
ენა მონიტორს აუსვა.

ტრისტანი შეკრთა. ამჯერად, ვრცელი ახსნა-განმარტების გაკეთება მოუწია.

-ქმარიც და ცოლიც, წარმოშობით, დასავლეთიდან არიან. ძირითადად, იქ


ჰყავთ ნათესავები. მაგრამ დასავლეთში გადასასვლელად, რიკოთის უღელტეხილის
გადავლაა საჭირო, რაც დიდ რისკთანაა დაკავშირებული, ისიც, ბავშვებთან ერთად.
დედა ამას არ გააკეთებდა. ნათესავების მცირე ნაწილი თბილისშიც ცხოვრობდა,
მაგრამ ძალიან საეჭვოა, რომ დევნილებს ქალაქში მოეძებნათ თავშესაფარი. ქალაქებს
საერთოდ გამოვრიცხავ, რადგან თქვენ მათ ტოტალურად აკონტროლებთ და ასეთ
ადგილებში უსაფრთხოდ ვერ იქნებიან. ამიტომაც, დარჩა ერთადერთი
დასახლებული პუნქტი აღმოსავლეთ საქართველოში, სადაც ნანას ახლობელი ქალი
ცხოვრობს. ოღონდ, ის ქალი ნათესავი არაა, მისი სტუდენტობისდროინდელი
მეგობარია, რომელთანაც, თავის დროზე, ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა, იქ
დაბადებულ-გაზრდილი და იქვე გათხოვილი ლიზა ნაცვალაძე. პირველ რიგში, მას
უნდა ვესტუმროთ. როგორც აქ წერია, სანდო კაციც გვყავს იმ სოფელში.

„ერთი რამ ვერ გავიგე.“ - ჩაურთო ველოცირაპტორმა. - „თქვენ ამ რაღაც


დოსიეებს იმისთვის ადგენდით, რომ ხალხი გეკონტროლებინათ, არა?“

-რა თქმა უნდა.

„კი, ჩვენც გვაქვს მსგავსი მონაცემთა ბაზა, რომელიც, საჭირო დროს, ამა თუ იმ
ობიექტის ნაცნობ-მეგობრების და ნათესავების წრეზე გვაძლევს ინფორმაციას. მაგრამ
რა მნიშვნელოვანი ცნობის შემცველია ის ამბავი, რომ ვიღაც ლიზას რომელიღაც
ნანასთან ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა, რას გაძლევთ ეს ფაქტი?“

-გამიჭირდება შენთვის ახსნა. საქმე იმაშია, რომ ერთი სქესის ადამიანთა


შორის ასეთი სახის კონტაქტი, ჩვენს საზოგადოებაში სამარცხვინო საქციელად
ითვლება. უფრო მეტიც, საერთოდ, სექსი ტაბუდადებული თემაა.

„და თუ მასეთ უკადრის საქციელს სჩადიოდა, მაშინ შვილს რაღატომ


წაიყვანდა მაგ ქალთან?“

-იმიტომ, რომ სხვა გამოსავალი აღარ ექნებოდა. როგორც გითხარი, სხვა ყველა
გზა მოჭრილი აქვთ. სრულიად უცხო ადამიანებს კი, ვერ ენდობოდა ასეთ დროში.

„ეგ კი გავიგე. მაგრამ... რა საცოდავები ხართ, რომ იმას იკვლევდით, ვის


ვისთან როდის და როგორი სექსი ჰქონდა. ამ სისულელეების გასაგებად, ამხელა
სამსახური გქონდათ შექმნილი, უზარმაზარი შენობა გამოყოფილი და უამრავი
ხალხი დასაქმებული. ეგ რესურსი და ენერგია, რასაც ერთმანეთის თვალთვალში და
ჭორაობაში ხარჯავდით, ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით რომ
გამოგეყენებინათ, იქნებ, ჩვენს შემოჭრასაც უფრო მომზადებული დახვედროდით და
პირიქით, თავად გამხდარიყავით ჩვენი პლანეტის კოლონიზატორები.“

-და თავად არ თქვი ახლა, რომ თქვენც გაქვთ გარკვეული მონიტორინგის


სისტემა? ეგ კი არა, ფიქრებსაც კი კითხულობთ და აანალიზებთ, არათუ ხმამაღლა
წარმოთქმულ სიტყვებს. ამისთვის არ იყენებთ ტელეპათიურ უნარებს?

„ჩვენ დინოზავრების ძალაუფლებისთვის სახიფათო საქმიანობას და იდეებს


ვეწინააღმდეგებით და ამისთვის, გადამჭრელ, ძალიან მკაცრ ზომებს ვიღებთ.
მეგობარ-ნათესავთა წრის კვლევა მხოლოდ იმისთვის გვჭირდება, რომ საჭირო დროს,
ოპერატიულად მივაგნოთ ობიექტის ადგილსამყოფელს, როგორც ეს ახლა შენ
გააკეთე. და საერთოდ არ გვაინტერესებს, ვინ ვის ესიყვარულება. არ გვემორჩილება?
უნდა განადგურდეს ან უკეთეს შემთხვევაში, ლაბორატორიაში გაიგზავნოს, ენერგიის
გამოსამუშავებლად.“

-აი, სწორედ მაგაშია საქმე! ჩვენ ადამიანები ვართ! მკვლელობა, წამება და


მსგავსი მეთოდები მიუღებელია ჩვენი ცივილიზაციისთვის, რაოდენ მნიშვნელოვან
მიზანსაც არ უნდა ემსახურებოდეს. კი, ამგვარი ფაქტებიც ხდებოდა, ზოგან
სიკვდილით დასჯის წესი ოფიციალურადაც კი იყო დაკანონებული, მაგრამ
კაცობრიობა დიდი ხნის წინ შეთანხმდა, რომ ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა და
ფიზიკური ანგარიშსწორება არის სასჯელის უკიდურესი ზომა, რომელიც
ეწინააღმდეგება კაცთმოყვარეობის ფუნდამენტურ პრინციპს, გამოქვაბულიდან
გამოსულმა გონიერმა არსებებმა ათასწლეულების წინ რომ დაამკვიდრეს. ამას
გვეუბნება ყველა რელიგია, სხვადასხვა ეთნოსში დამკვიდრებული კულტურა,
ტრადიციები და რიტუალები, რომლებიც საუკუნეების მანძილზე დაიხვეწა და
რომლებმაც საყოველთაო წესად დაადგინა, რომ კაცის კვლა ან წამება არის
უპატიებელი ცოდვა და დანაშაული...

ველოცირაპტორის ენა სწრაფად გამოსრიალდა პირიდან, მეარღნიშვილის


ლოყა ძლიერად ალოკა და დიდი ჰუმანისტის მანტიამორგებულ, ალაქლაქებულ სუს-
ის ყოფილ უფროსს, შიშისგან, კინაღამ ჩააფსმევინა.

„რამხელა მოხსენება წამიკითხე!“ - თქვა და ენა ისევ ხახაში დამალა. – „ამას


მეუბნები ადამიანი, რომელიც შენივე მსგავს ხალხს უთვალთვალებ და აშანტაჟებ,
პირადი ცხოვრების გასაჯაროებით ემუქრები, რაც შეიძლება, მისთვის სიკვდილზე
უფრო უარესი სასჯელი იყოს. აბა სხვა რად გინდა ამხელა დოსიეები, რომ
დაგიარქივებია?! თან, რამდენი გაქვს. მთელ ქვეყანას უთვალთვალებდით, თქვე
უბედრებო? ვის ვისთან ჰქონდა სექსი, ამას არკვევდით და იმით ამართლებ საკუთარ
სამარცხვინო საქმიანობას, რომ სამაგიეროდ, ფიზიკურად არ კლავდი და არ აწამებდი
თვალთვალის ობიექტებს? მეტი წამება რაღა უნდა იყოს მისთვის? ზოგს ალბათ,
სიკვდილი ერჩია ამგვარი მასალების გასაჯაროებას. ზოგი, შესაძლოა, იკლავდა
კიდეც თავს! ეგაა თქვენი კაცთმოყვარეობა?! ჯერ ერთი, ციხეებიც ხომ გქონდათ? თუ
დანაშაულს ჩადიოდნენ ეგ ქალები, რატომ არ დაიჭირეთ?“

-არავითარ დანაშაულს არ სჩადიოდნენ, ერთი სქესის ადამიანთა


თანაცხოვრებას კანონი არ კრძალავს.

„რაა? ანუ თქვენი შექმნილი კანონმდებლობა თქვენივე მორალს


ეწინააღმდეგება? ამის თქმა გინდა?! უფრო სწორად, კანონებს როცა ადგენდით,
შეთანხმდით, რომ ეს საქციელი სრულიად უვნებელია საზოგადოებისთვის, მაგრამ
ხალხის ნაწილს ამდენი არ ესმის, მათთვის სამარცხვინო ცოდვაა მსგავსი
ურთიერთობა და სწორედ ასეთი ნეგატიურად განწყობილი ჯგუფების წინაშე
დაბეზღებით აშანტაჟებთ ადამიანებს. ხომ სწორად გავიგე?!“

მეარღნიშვილი დუმდა.

უცებ, მისი მოტვლეპილი თავი ველოცირაპტორის ხორხიდან გამოვარდნილი


ლორწოს ჭავლით მოირწყო. ისედაც ძონძებში გამოწყობილი, კვირაობით
ტანდაუბანელი და აყროლებული სუს-ის ყოფილი უფროსი დინოზავრის წებოვან
ნერწყვში ამოითხვარა. ტრისტანი ფეხზე წამოიჭრა და ის იყო, ხელი სავარძელს
დაავლო, რათა დინოზავრისთვის ჩაერტყა, რომ სლიპინა ენა კისერზე ყულფად
შემოერტყა და ხროტინი დააწყებინა. დასახრჩობად განწირულმა, სკამი დააგდო და
ხელები კისერზე იტაცა.

„მომისმინე, შე უბედურო!“ - გადმოკარკლული თვალები ალესილ კბილებთან


მიატანინა დინოზავრმა და მისი ხელები წინა თათებში მოიქცია. - „მარტო ახლა რაც
ვნახე, ისიც საკმარისია იმაში დასარწმუნებლად, რომ გასაწყვეტია მთელი თქვენი
მოდგმა! შენც მოსაკლავი ხარ და ისინიც, ვინც ამ სავარძელში ჩაგსვა, რომ მერე
მისთვისვე გეთვალთვალებინა! და თვალთმაქცები ხართ ყველანი, მთელი
კაცობრიობა! ჯერ ერთი, სულ არ ეომებოდით ერთმანეთს? ბომბებს ესროდით,
ჟლეტდით, მათ შორის, სრულიად უდანაშაულო ადამიანებს და ამ ყველაფერს მერე
ჰუმანიზმით, ღმერთის სიყვარულით, პატრიოტიზმით და სხვა ათასგვარი
სულელური მიზნით ამართლებდით. ახლა მიმტკიცებდი, ფიზიკურად არ ვაწამებთ
ადამიანებს, რადგან კაცთმოყვარენი ვართ, მაგრამ სამაგიეროდ, სულიერ წამებას
გამოვუწერთ სასჯელადო. გულისამრევები ხართ, გასაჟლეტია თქვენი ჯიში და
წყდებით კიდეც!“

კისერზე შემოჭერილი ყულფი ისევ სრიალით შემოიხსნა და ძალაგამოცლილი


ტრისტანი იატაკზე დაეცა.
„რა ხდება აქ?! რატომ დაგაგვიანდათ?!“ - ახალი მესიჯი შემტვრეულ კარებში
აწოწილი პტეროზავრიდან წამოვიდა.

„მოვდივართ უკვე. იპოვა, რასაც ეძებდა.“ - უპასუხა ველოცირაპტორმა.

„და ქვემოთ რატომ გდია?“

„იმიტომ, რომ ნაგავია. ვერ მოვითმინე, ცოტა შემომელახა და...“

-იმიტომ, რომ ტყვეს უკადრისად მოექცა. - ჩაურთო ფეხზე წამომდგარმა


ტრისტანმა.

მერე ველოცირაპტორს მიმართა.

-მე შეგახსენებ, რომ თქვენი უფროსების გადაწყვეტილებით, ძალიან


მნიშვნელოვან დავალებას ვასრულებ და ჩემთვის შეურაცხყოფის მოყენება ძვირად
დაგიჯდება!

„ჰო, ვიცი, ალბათ, საყვედურს მივიღებ იმისთვის, რომ შევაფურთხე შენისთანა


ნაგავს. მე დავალების შესრულებისთვის ხელი არ შემიშლია. წამოათრიე ეგ შენი
მოწყობილობა და სასწრაფოდ წავიდეთ იმ სოფელში!“

პტეროზავრმა უფრო შემრიგებლური ტონი აირჩია.

„წინ რთული მისია გვაქვს და შევეცადოთ, კონფლიქტებისგან თავი


შევიკავოთ. ვიჩქაროთ, დრო არ იცდის!“

ტრისტანი დაემორჩილა. მაგრამ წასვლამდე, შეეცადა, ოდნავ მაინც


მოწესრიგებულიყო. თავს ცივი წყლით იბანდა და თან, საკუთარ დამწვარ ბედს და
საზიზღარ ყოფას აგინებდა. სიკვდილს ნატრობდა, მაგრამ იმედის სხივი მაინც
ბჟუტავდა გულის სიღრმეში. გამოსავალზე ფიქრის უფლებას კი, არ აძლევდა
გონებას. ფიქრებს ხომ კითხულობდნენ.

* * * * *

ქვის ჯუნგლებიდან, ნამდვილ ჯუნგლებში გადაინაცვლა. ჯადოსნურ


სამყაროში მოხვდა, ყოველ ნაბიჯზე არამიწიერ სასწაულს რომ სთავაზობდა, ამ
სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. მიწაზე დაგებული მწვანე ხალიჩა ცოცხალი
ორგანიზმივით მოძრაობდა. ბალახები კი არ ითელებოდნენ, ყოველ შეხებაზე
მყისიერად რეაგირებდნენ, წელში იდრიკებოდნენ და კვლავ სწორდებოდნენ.
გვერდიდან, უცნაური ცხოველების და მწერების გუნდი ათვალიერებდა. ზოგი
მათგანი ძალიან ჰგავდა დედამიწის ფაუნის წარმომადგენლებს, მაგრამ უჩვეულოდ
დიდი ზომის იყო. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს, გულივერივით, გოლიათების
ქვეყანაში გადაინაცვლა ან თავად დაპატარავდა და ზოოპარკში ჩასვეს, მის
ბინადართა გასართობად. ჟანგბადით მდიდარ ჰაერს ფილტვები ხარბად ისრუტავდა,
ტვინის უჯრედები გამალებით მუშაობდა და ზღაპრული ფერებით აჭრელებული
კალეიდოსკოპის მნახველს, ის ტკივილი, დარდი და შეურაცხყოფა ავიწყდებოდა, რაც
ამ პლანეტისკენ მომავალ გზაზე გადაიტანა.

თუმცა, როგორც კი მზერას თავის თანამგზავრებს მიაპყრობდა, საშინელი


აწმყოს და ბუნდოვანი მომავლის განცდა უბრუნდებოდა და მარწუხებივით
შემოსალტული მცენარეული ბორკილები გადაყვლეფილი მაჯების და კისრის
აუტანელ ტკივილს ახსენებდა. წყვილ-წყვილად, ერთმანეთზე გადაბმულნი
მიაბიჯებდნენ. გიგანტური ხეების ტყეში გაწვართული კოლონის ორივე მხარეს,
დაახლოებით, ათ-ათ მეტრიანი დაშორებით, ველოცირაპტორები მიაცილებდნენ.
გაქცევა რომც მოენდომებინა, ჯერ ერთი, თანამგზავრთან გადაბმულს უნდა ერბინა,
რაც ორივეს ძალიან გაუჭირდებოდა; მეორეც, მცველებს რომ გაპარვოდა, იმ ათასი
ჯურის ცხოველს ვერ გადაურჩებოდა, ახლა მშვიდი ცნობისმოყვარეობით რომ
ადევნებდნენ თვალს და კრიტიკულ ვითარებაში, დიდი ალბათობით, დინოზავრებს
რომ გაუწევდნენ დახმარებას; და რაც მთავარია, მესამე: სად უნდა გაქცეულიყო?

-თინა, რას ვაპირებთ? - თითქოს, ფიქრს მიუხვდაო, ჩუმად გადაულაპარაკა


მაღალმა, ხმელმა, ჭაღარა მამაკაცმა, რომელიც მეორე დღეა, მის მხარდამხარ
მიაბიჯებდა.

-არ ვიცი, ზურა. სიზმარში მგონია თავი. აქ რა უნდა დავაპიროთ, რა შანსი


გვაქვს?

-იმედი არ დავკარგოთ. როგორც კი საშუალება მოგვეცემა, გავიქცეთ. მაინც თუ


სიკვდილი მიწერია, მირჩევნია, გაქცეული მომკლან, ვიდრე ამ სამარცხვინო
ტყვეობაში.

-ჩუმად. და მაგაზე ფიქრიც კი შეწყვიტე! ხომ იცი... - თინამ სათქმელი აღარ


დაასრულა, რადგან მათ წინ მიმავალი ველოცირაპტორი შეჩერდა და საეჭვოდ
აჩურჩულებულ წყვილს ბოროტი მზერა გააყოლა.

ცოტა ხნის შემდეგ, ნახევარწრეზე განლაგებული, ტოტებგაფარჩხული ხეების


რიგს მიადგნენ, ამწვანებულ მინდორს დარაჯთა რაზმივით რომ შემორტყმოდა
ირგვლივ. გვერდით პატარა ნაკადული მოჩუხჩუხებდა. მიწაზე ათასნაირი ფერის და
ფორმის ხილი ეყარა. სავარაუდოდ, ხილი იყო, ისეთი არომატი იფრქვეოდა ირგვლივ.
ქანცგაწყვეტილ ტყვეებს ამაში ეჭვის შეტანის არც დრო ჰქონდათ და არც სურვილი,
რადგან შესვენება გამოცხადდა, დროებით, ბორკილები მოეხსნათ და მაშინვე
დამშეულნი ეძგერნენ ძირს დაყრილ საკვებს. განურჩევლად ნთქავდნენ ყველაფერს,
რაც მასპინძელმა ურჩხულებმა მათთვის გაიმეტეს.

დანარჩენებს არც თინა და ზურა ჩამორჩნენ. რაღაც მრგვალი ნაყოფი შეარჩია


ქალმა. ჩოგბურთის ბურთის ზომის იყო და ნაზ და სასიამოვნო სურნელს
გამოსცემდა. ჩაკბიჩა თუ არა, ვაშლის, საზამთროს და ანანასის კოქტეილისმაგვარმა
გემომ ჟრუანტელივით დაუარა მთელ სხეულში. საოცრად მათრობელი ეფექტი
ჰქონდა, თითქოს, ფუტკარივით, ყვავილის ნექტარს იყო დაწაფებული. ზურას კი,
ნესვისოდენა ნაყოფი შეერჩია, რომელსაც კანი ციტრუსივით შემოაფცქვნა და
მანდარინისმაგვარი, თხელკანიანი, უზარმაზარი ლებნები შერჩა ხელთ, იმ
განსხვავებით, რომ თითოეული მათგანი ტკბილი, დათაფლული სითხით იყო სავსე.

რამდენიმე წუთით, ირგვლივ მხოლოდ კმაყოფილი ტყვეების ნებიერი


კრუსუნი და ტუჩებისა და ენების წკლაპუნი ისმოდა. მაგრამ ხილი, რაოდენ
გემრიელიც არ უნდა იყოს და რამდენიც არ უნდა ჭამოს, რას ეყოფა დედამიწის
მცხოვრებ თანამედროვე ჰომოსაპიენსს, ყოველდღიურად, ხორცის, ხორბლის, რძის
და ბოსტნეულის პროდუქტებისგან შედგენილ მრავალფეროვან მენიუს რომ
მიირთმევს? და მალე, ფრუქტოზით დანაყრებულ ტყვეთა შორის, რომლებიც ცოტა
ხნის წინ გაურკვეველი მიმართულებით, უღელდადგმული ნახირივით
მიაბიჯებდნენ და ხმას არ იღებდნენ, უკმაყოფილების გამომხატველი შეძახილები
გაისმა.

-ესაა სულ? - წამოიძახა პუტკუნა მამაკაცმა, რომელსაც შემოგლეჯილი


ტანსაცმელი გენიტალიებს ვეღარ უფარავდა, მაგრამ სირცხვილის ზღვარი კარგა ხნის
გადალახული ჰქონდა. - სულ გადავჩხრიკე აქაურობა და ხორცისმაგვარს ვერაფერს
მივაგენი. ისედაც, ორი დღეა, ვშიმშილობთ. ეს ხილი რას გვეყოფა? დავწყდებით
მშივრები.

-აბა, რა! იმედია, კიდევ გვაჭმევენ რამეს, თორემ ამოგვძვრება სული. - დაამატა
ქალმა, რომელიც მუხლებზე დაჩოქილი იქექებოდა და განსხვავებული სახის
პროდუქტს უშედეგოდ ეძებდა.

იქვე მოდარაჯე ველოცირაპტორმა კუდი მოიქნია, პროტესტანტ მამაკაცს ყბაში


აარტყა და კბილები ჩაუმტვრია. მის თანამოაზრე ქალს კი, მარჯვენა ფეხზე თათი
დააჭირა და წვივი გადაუმტვრია. დაჭრილთა ღრიალმა იქაურობა შეძრა. ტყვეები
ფეხზე წამოიჭრნენ და დინოზავრისკენ გაიწიეს, მაგრამ ვიდრე რაიმეს
მოიმოქმედებდნენ, ახალშეხსნილი და მიწაზე დაყრილი ბორკილები იმწამსვე
მაჯებსა და კისრებზე შემოესალტათ. დაზარალებულებს კი, მეორე ველოცირაპტორი
გამოესარჩლა, რომელმაც ადგილიდან ისკუპა, თავდამსხმელს ზურგზე მოექცა და
წააქცია. როგორც ჩანს, დარაჯების დავა შინაგანაწესის დარღვევამ გამოიწვია, მაგრამ
ამის გასარკვევად აღარავის ეცალა. სლიპინა რეპტილიები ადამიანების თვალწინ
იკლაკნებოდნენ და ერთმანეთს დაუნდობლად კბენდნენ. პერიმეტრზე
განლაგებული დანარჩენი მცველები კი, მათკენ გამოიქცნენ.

-ზურა, ან ახლა, ან აღარასდროს! - მოკლედ მოჭრა თინამ.

მაშინვე ადგილიდან მოსწყდნენ და რკალად შემოჯარულ ხეებში გასხლტნენ.


ერთმანეთზე გადაბმულებს, ვიწრო გასასვლელში გაძვრომა გაუჭირდათ, მაგრამ
საერთო აურზაურში, მათთვის ყურადღება არავის მიუქცევია. სულ რამდენიმე წუთი
ჰქონდათ, ვიდრე დინოზავრები გონს მოვიდოდნენ და მოისაკლისებდნენ. ამიტომ,
თავდაუზოგავად გარბოდნენ, მაგრამ გაუვალ ჯუნგლებში, ყოველ ნაბიჯზე ლიანები,
მიწიდან ამოჩრილი ფესვები, ბუჩქები და ბურდები ეღობებოდათ. ეს კიდევ არაფერი.
იმ ცხოველებმა, ფრინველებმა და მწერებმა, აქამდე მიამიტური ინტერესით რომ
აკვირდებოდნენ, დინოზავრების მეთვალყურეობის გარეშე, უგზო-უკვლოდ
მორბენალ ადამიანებს ბოროტი მზერა მიაპყრეს. ლტოლვილთა ხორცის
დაგემოვნების მსურველთა რკალი სულ უფრო ვიწროვდებოდა. ცოტაც და, კბილს,
ნისკარტს, ნესტარს თუ ბრჭყალს ჩაასობდნენ და ორივეს ცოცხლად გაფატრავდნენ. ამ
დროს, უკნიდან კბილთა ღრჭენა და ნაცნობი ჭყივილი მოესმათ. როგორც ჩანს, უკვე
მდევარიც ჩაუდგათ კვალში.

ის იყო, 2 მეტრამდე სიმაღლის ციცრისმაგვარმა ფრინველმა ზურას ნისკარტი


დაუმიზნა, რომ საიდანღაც სტვენით გამოვარდნილი გრძელი ისარი ყელში გაერჭო
და უსულოდ დააგდო ძირს. კიდევ რამდენიმე ზუსტი გასროლა და ბუჩქებიდან
გამოძახილი ველური ყიჟინა საკმარისი აღმოჩნდა, რომ მადაზე მოსული ცხოველები
დამფრთხალიყვნენ და გაფანტულიყვნენ. ნანა და ზურა შედგნენ და თვალებით,
უხილავ მხსნელებს დაუწყეს ძებნა, თუმცა, გაჩერების დროც არ იყო,
ველოცირაპტორის ავისმომასწავებელი ჭყივილი სულ უფრო ახლოვდებოდა.
ჯუნგლების წიაღიდან კი, მშვილდ-ისრებით შეიარაღებული, ტანად ბრგე, ნახევრად
შიშველი, პირველყოფილი ადამიანების ჯგუფი გამოვარდა. ორივე დევნილს ხელი
ჩაავლეს და მანამდე შეუმჩნეველ მღვიმეში შეათრიეს. მოულოდნელად მოვლენილ
მაშველებს თინაც და ზურაც ხმის ამოუღებლად დაემორჩილნენ.

მაგრამ მდევარი არ მოტყუვდა და ნაკვალევს მიჰყვა. მალევე, გამოქვაბულში


ველოცირაპტორმაც შეჰყო თავი და ვიწრო ხვრელში ტანიანად შეძვრა. მღვიმე,
დაახლოებით, ერთ მეტრამდე სიგანის გრძელი გვირაბით იწყებოდა. ორი ადამიანი
გვერდიგვერდ ვერ გაივლიდა, ხოლო ცხოველს, მარტოსაც უჭირდა გავლა, -
კედლებიდან გამოშვერილი ქვები მის ზორბა ტანს ფხოჭნიდა და სვლას აფერხებდა.
თინა და ზურა ყველაზე წინ მიდიოდნენ, მაგრამ გვერდულად მოძრაობდნენ,
შესაბამისად, ნელა გადაადგილდებოდნენ და მთელ ჯგუფს აბრკოლებდნენ.
დანარჩენები ერთმანეთის ზურგსუკან იყვნენ ჩამწკრივებულნი. ამასობაში,
დინოზავრმა დამხმარე ძალა გამოიძახა. მიწურის კედლებიდან, ჭერიდან და
იატაკიდან ჭიაყელები, მღრღნელები, მატლები და ხოჭოები გამოძვრნენ და მწკრივის
ბოლოში მყოფ პირველყოფილს შეესივნენ, რომელიც ზურგსუკან უკვე მხეცის
სუნთქვას გრძნობდა და მის კბილთა ღრჭენა ესმოდა; მცენარეთა ფესვები ჩამოიშალა
და სახესა და ყელზე ყულფივით შემოეხვია. ალყაში მოქცეულმა და ყველა მხრიდან
დაკბენილმა, განწირული ყვირილი დაიწყო, სავარაუდოდ, წინ მიმავლებს ეძახდა
საშველად, მაგრამ ხის ფესვი პირში შეუძვრა და ხმა დაუხშო.

ის იყო, დინოზავრის ენა მსხვერპლის ზურგის მუქ კანზე ასრიალდა და მალე


კბილებითაც მისწვდებოდა, რომ დანარჩენებმა ბოლოში მყოფ მეგობარს
ცეცხლმოკიდებული ხის ნაჭერი გადააწოდეს და როლები უცებ გაიცვალა.
მუგუზლიანი კაცი სანახევროდ შემობრუნდა და ცეცხლი დინოზავრის ხახიდან
გამოშვერილ ენას შეუნთო. ურჩხულმა საზარლად დაიღრიალა, ასხმარტალდა და
მაშინვე უკან დაიხია. მხეცისგან თავდახსნილმა, ცეცხლით დამფრთხალი მწერები,
მღრღნელები და ფესვებიც ადვილად მოიშორა. მერე აალებული მუგუზალი
კედელში შეარჭო და ველოცირაპტორს გზა გადაუკეტა. ზურგიდან კი, მშვილდ-
ისარი გადმოიღო და ცხოველს პირდაპირ თვალში ესროლა. დინოზავრის ჭყივილმა
ვიწრო მღვიმე გააყრუა. ცხოველი ტკივილისგან იკრუნჩხებოდა, თავს ციბრუტივით
ატრიალებდა და კედლებს ახლიდა. რამდენჯერმე, წინ გაჭრა სცადა, რათა
თავდამსხმელი ადგილზევე გაეგლიჯა, მაგრამ ცეცხლის ძალა აჩერებდა. მერე
მოახერხა და წინა თათებით, ისარი დავსებული თვალიდან ამოიძრო, ოღონდ
ტკივილმა უფრო გააგიჟა. ამ დროს კი, მომდევნო ისარმაც არ დააყოვნა და მეორე
თვალში ჩაესო.

ეს კი, შეცდომა იყო. დინოზავრმა ღრიალს უმატა და თვალებიდან


გადმოჩქეფილი სისხლით მორწყა გამოქვაბული, მაგრამ დასაკარგი უკვე აღარაფერი
ჰქონდა. ცეცხლს ვეღარ ხედავდა და მისი აღარ ეშინოდა. ამიტომ სიმხურვალეს არ
შეეპუა, თავდამსხმელის სუნი აიღო და მისკენ გავარდა. გზად, კედელში შერჭობილ
მუგუზალს დაეჯახა და ჩამოაგდო, მაგრამ დამწვრობით გამოწვეულმა ახალმა
ტკივილმა ვეღარ შეაჩერა და ვიდრე სასროლად მომზადებული მომდევნო ისარი
ყელში ჩაერჭობოდა, თავის დამაბრმავებელს ყბები სახეში ჩაავლო.

წინ მიმავლებს უბედური ამხანაგის ხროტინი შემოესმათ, მაგრამ რეაგირება


მხოლოდ ბოლოში მყოფს შეეძლო. ეს უკანასკნელი მეგობარს ვეღარაფერს
უშველიდა, დინოზავრი კი, როგორმე უნდა შეეჩერებინა. ამიტომ, სანამ ცხოველი
უბედური მსხვერპლის სხეულს ფლეთდა და გამწარებული ღრიალებდა, მარჯვენა
მუხლზე დაიჩოქა, ველოცირაპტორი მიზანში ამოიღო და ისრები ერთმანეთის
მიყოლებით დააყარა. ურჩხული სასიკვდილოდ იყო დაჭრილი, მაგრამ ჯერ ისევ
მოძრაობდა. მოკლულის ჭამას შეეშვა და თვალდავსებული და დაისრული, სისხლის
ნთხევით, ახალი სამიზნისკენ გაემართა.

ამასობაში, ვიწრო გვირაბი დასრულდა და ადამიანებმა უზარმაზარ,


ცხრასართულიანი სახლის სიმაღლის გამოქვაბულში გადაინაცვლეს, რომელსაც
ხვიარებით შეფოთლილი კლდოვანი გუმბათი დაჰყურებდა ზემოდან. კამარა
სანახევროდ იყო შეკრული და მოშიშვლებული ნაწილიდან, კრიალა ცა მოსჩანდა.

თინა და ზურა გაოგნებული იყურებოდნენ ირგვლივ. „დარბაზში“


პირველყოფილ ადამიანთა მთელი სოფელი დახვდათ. ბავშვები, მოხუცები თუ
ახალგაზრდები, ოჯახებად, ჯგუფ-ჯგუფად, ყოველ კუთხეში იყვნენ თავმოყრილი და
ახალმოსულებს მუზეუმის ექსპონატებივით ათვალიერებდნენ.

მაგრამ ინტერიერზე და იქ შეკრებილ ხალხზე მეტად, გასავათებულ


დევნილებს კოშმარული რბოლის დასასრული აინტერესებდათ, მით უფრო, რომ
გვირაბიდან ახალი ხმები მოისმოდა. როგორც ჩანს, დაჭრილ ველოცირაპტორს სხვა
დარაჯებიც მოჰყვებოდნენ.

ოციოდე მკლავღონიერი მამაკაცი თინას მაშველ თანასოფლელებს შეუერთდა


და გვირაბის მისადგომებთან გადანაწილდა. როგორც კი თვალებდავსებული და
მომაკვდავი დინოზავრი „დარბაზში“ შემოეხეტა, მაშინვე ისრების სეტყვა დააყარეს
და ბოლო მოუღეს. ცოტაც და, მომდევნო მხეციც შემოაბიჯებდა, მაგრამ ლიანებისგან
დაწნული თოკებით, გვერდიდან ქვის უზარმაზარი ლოდი გადმოაგორეს და
შესასვლელი ჩაკეტეს.

დევნა დასრულდა.

მონადირეებმა თინასა და ზურას ხელები გაუხსნეს და ნანადირევის ასო-ასო


აქნას შეუდგნენ. იარაღად, წვერწამახულ ქვებს იყენებდნენ. ისრებიც გრძელი,
წვეტიანი კენჭებით იყო დაბოლოებული. ლითონის ნაწარმს ჯერ არ შემოეღწია ამ
სამყაროში.

უცხოპლანეტელებმა დედამიწელები წრეში მოაქციეს და დაუფარავი


ცნობისმოყვარეობით აკვირდებოდნენ, ხელით ეხებოდნენ, დეტალურად
ათვალიერებდნენ სტუმართა ფიზიკურ აღნაგობას. ქალები თვალებგაფართოებულნი
ჭმუჭნიდნენ და ყნოსავდნენ თინას თმებს, რომლებიც, გადატანილი ამბების შემდეგ,
გვარიანად შელანძღულიყო, მაგრამ ადგილობრივ მანდილოსანთა ვარცხნილობის
ფონზე, სილამაზის სალონში დაუთოებულს ჰგავდა. ზოგის ყურადღება სათვალემ
მიიპყრო. თინამ საჩვენებლად მოიხსნა, ერთ-ერთ ქალს გაუკეთა, რათა ლინზების
შესაძლებლობას გასცნობოდა და მერე ისევ საკუთარ თვალებზე მოირგო. გაოცების
გამომხატველი ხმები სულ უფრო ხშირად ისმოდა ირგვლივ. მამაკაცები ზურას
ფიზიკური შესაძლებლობებით დაინტერესდნენ. მკლავზე კუნთები ხელით
მოუსინჯეს და ერთმანეთს ღიმილით გადახედეს. პირველივე ღიმილმა უცებ დაათბო
ურთიერთობა. ადგილობრივთა ეს უნებლიე გრიმასი ყველაზე მკაფიოდ
მეტყველებდა მათ მსგავსებაზე დედამიწიდან ჩამოსულ ადამიანებთან.

თინა არაქათგამოცლილი იყო, მაგრამ მოკლული დინოზავრისადმი


პროფესიული ინტერესი მოსვენებას არ აძლევდა. გაბედა და ცხოველის თავს
მიუახლოვდა. ერთ-ერთმა ყასაბმა, რომელსაც ხელები იდაყვებამდე სისხლში ჰქონდა
ამოვლებული, მიწიდან სამართებელივით ალესილი ქვა აიღო და მიაწოდა. ქალმა,
უარის ნიშნად, თავი გააქნია. მერე მომცრო ზომის ლოდი თავად მოძებნა,
ველოცირაპტორს თავზე დაადო და ხელსისხლიან მასპინძელს კითხვის
გამომხატველი მზერა მიაპყრო. მან თავი დაუქნია. დედამიწური ჟესტების ენა
უცხოპლანეტელებისთვისაც გასაგები აღმოჩნდა.

ქალი შეეცადა, მხეცის თავზე ისეთი წერტილი შეერჩია, რომ ტვინიში


ჩამონტაჟებული ჩიპი არ დაზიანებულიყო. ლოდი მოიქნია და დინოზავრს კეფაში
ჩაარტყა. ძალა არ ეყო. ქალა გაიბზარა, მაგრამ არ გატეხილა. თინას დაწყებული საქმე
ზურამ დაასრულა. გაბზარული ძვალი გატყდა და ველოცირაპტორის თავი
გადაიხსნა.

მერე, რამდენიმე წუთის განმავლობაში, ქალის თითები დინოზავრის ტვინის


ხვეულებში დასრიალებდა. მიაგნო, რასაც ეძებდა, ცალი ხელით დაიჭირა და
მეორეთი, ყასბის მიერ მიწოდებული სამართებლისმაგვარი ქვა ტვინს დაუსვა.
თავადაც არ სჯეროდა, რომ უკვე ხელში ეჭირა და ჭერიდან შემოსული სინათლის
შუქზე, მოელვარე ბრილიანტივით ათვალიერებდა ჩიპს, ტეტრაედრის ფორმის
ხორცმეტის მსგავს პაწაწკინტელა ქსოვილს, რომლითაც დინოზავრები ადამიანებთან
კომუნიკაციას და ფლორისა და ფაუნის მართვას ახერხებდნენ.

„რას აკეთებს ეს ქალი?“ - ჩაესმა უცებ გამართული ქართულით ნათქვამი


ფრაზა.

ზურას გახედა, მაგრამ ის გაკვირვებული უყურებდა თინას თითებში მოქცეულ


უნივერსალურ აპარატს და ხმას არ იღებდა. პირველყოფილები თავის ენაზე რაღაცას
კი ბურტყუნებდნენ, მაგრამ მათი ნათქვამიდან ქალმა ვერაფერი გაიგო. და როგორც
კი ჩიპი სახესთან მიიტანა, მაშინვე ყველაფერი ნათელი გახდა.

„იმ პატარა ნაფლეთის მეტი არაფერი აინტერესებთ? რა უცნაურები არიან.“ -


მიიღო ახალი მესიჯი.

ჩიპი ტვინთან მიახლოებისთანავე აქტიურდებოდა. შუბლზე მიიდო თუ არა,


მაშინვე, კანს ტკიპასავით მიეკრა, უწვრილესი საცეცებით მოეჭიდა, შეეზარდა და
გარშემომყოფთა ნალაპარაკევის გარდა, თინამ მათი ფიქრებიც ისე მოისმინა, თითქოს
ყველა ერთბაშად ყაყანებდა. არაჩვეულებრივი სიამაყის გრძნობა დაეუფლა. წელში
გაიმართა, ხალხს თვალი მოავლო და ხმის ამოუღებლად გაგზავნა შეტყობინება.

„გესმით ჩემი?“

სიჩუმე ჩამოვარდა.

„რაო, ვინ ლაპარაკობს?“ - იკითხა ყასაბმა და თინას დაეჭვებით შეხედა.

„კი, მე გელაპარაკებით.“ - მიუგო ქალმა.

მერე კვლავ ხალხს მიუბრუნდა და ისე მიმართა, რომ ხმა არ ამოუღია.

–„მეგობრებო... ჩვენო ძვირფასო მასპინძლებო... ყველას გესმით ჩემი?“

-თინა, ყველაფერი მესმის. მაგრამ როგორ აკეთებ ამას, რა ხდება? - ზურა ისე
გაოგნებული შესცქეროდა, თითქოს უცხოპლანეტელს უყურებდა.

„როგორ ახერხებ?“

„დინოზავრების უნარი შეიძინა!“

„რა გააკეთე?“

„ჩვენც გვასწავლე!“

კითხვების, ემოციების, დასკვნების და რჩევების კორიანტელი დადგა. თინამ


შემაღლებული ადგილი მოძებნა, რათა ხალხის მასიდან ყველას შეძლებოდა მისი
დანახვა და ალაპარაკდა.

-მეგობრებო! მე თინა მქვია. პირველ რიგში, ჩემი და ზურას სახელით, ძალიან


დიდ მადლობას გიხდით იმისთვის, რომ გადაგვარჩინეთ. - ხალხი დაშოშმინდა და
სმენად იქცა. - და ორივე ძალიან ვწუხვართ, რომ ჩვენს ხსნას თქვენი მეგობარი
ემსხვერპლა. ეს საზარელი, კოშმარული ტრაგედია იყო და უსაზღვროდ განვიცდით,
რომ ჩვენს გამო ადამიანმა თავი გასწირა.

წამით გაჩუმდა. სიტყვებს ეძებდა.

-არც კი ვიცი, საიდან დავიწყო. ალბათ, უკვე ყველას გეცოდინებათ, რომ ჩვენ
ძალიან შორეული პლანეტის, დედამიწის მცხოვრებლები ვართ და აქ საკუთარი
ნებით არ მოვხვედრილვართ, დინოზავრებმა ჩამოგვიყვანეს, რომლებიც ახლა იმ
პლანეტას აოხრებენ, ჩვენს მოდგმას ანადგურებენ. სავარაუდოდ, ჩვენც სიკვდილი
გველოდა, ტყვეობიდან რომ არ გავქცეულიყავით და თქვენ რომ არ
გამოჩენილიყავით.
დარბაზი გასუსული უსმენდა.

-კიდევ ბევრი გვექნება სასაუბრო და რა თქმა უნდა, ყველა კითხვაზე


გიპასუხებთ. ასევე, თქვენც უნდა დაგვეხმაროთ, რომ უფრო ახლოს გავიცნოთ
ერთმანეთი და ამ საზოგადოების წევრად მიგვიღოთ. მაგრამ ყველაზე
მნიშვნელოვანი, რაც მინდა გითხრათ და რაც ახლა საკუთარი თვალით იხილეთ, ის
გახლავთ, რომ სწორედ ამწამს, მოგვეცა შესაძლებლობა, დავეუფლოთ დინოზავრების
უნიკალურ უნარს და მიუხედავად ენობრივი ბარიერისა, კონტაქტი დავამყაროთ
ერთმანეთთან. ასევე, მართალია, ამ მიმართულებით ჯერ არ გამომიცდია, მაგრამ
დიდი ალბათობით, მოკლული დინოზავრის სხეულიდან ამოღებული ეს ჩიპი
საშუალებას მომცემს, ვმართო ჩემს ირგვლივ მყოფი ცხოველები და მცენარეები.

თინამ მზერა ველოცირაპტორის გაფატრულ სხეულს მიაპყრო. მუცლიდან


გადმოყრილ შიგნეულს მწერები შესეოდნენ და ნაწლავების გროვაში იქექებოდნენ.
უცებ, სისხლში ამოსვრილი გიგანტური ხოჭოები, ჭიანჭველები, მატლები, ბუზები
და ჭიაყელები ჩიპის ახალი მფლობელისკენ შებრუნდნენ, მისი მიმართულებით,
ჯარისკაცებივით მწყობრად დაიძრნენ და პატაკის ჩასაბარებლად სარდალთან
მისული სამხედროებივით, განსაზღვრულ დისტანციაზე შეჩერდნენ.

მერე თინამ გუმბათს ახედა, რომლის ღია ნაწილიდან, ლიანების გრძელი კონა
იყო ჩამოშვებული. მცენარის ღეროებისგან დაწნული თოკი, ცირკის თაღიდან
დაშვებულ კიბესავით აიკეცა და ისევ უკან დაეშვა.

ხალხს აღტაცების გამომხატველმა ემოციამ გადაურბინა.

-ესეც, პრაქტიკული გამოცდა, მეგობრებო. - განაგრძო თინამ. - დღეიდან, ჩვენს


მტრებად მომართული ფაუნის და ფლორის წარმომადგენლები, ყველგან, სადამდეც
კი ამ იარაღის მოქმედების არეალი გასწვდება, ჩვენი მეგობრები გახდებიან. სულ
ცოტა, ნეიტრალური ზონა მაინც შეიქმნება ჩვენსა და მტაცებლებს შორის. ოღონდ, ეს
მხოლოდ დასაწყისია. ჩვენი პირველი რიგის საზრუნავი უნდა იყოს, რაც შეიძლება
ბევრი ველოცირაპტორი და პტეროზავრი მოვინადიროთ, რათა მათი სხეულებიდან
ამოღებული ჩიპებით, გავაძლიეროთ ჩვენი რაზმი, შემდეგ ეტაპზე,
ტირანოზავრებსაც შევუტიოთ, სულ უფრო ბევრი ადამიანი დავიხსნათ ტყვეობიდან,
მოვიპოვოთ თავისუფლება და დავამარცხოთ დინოზავრების ბატონობა ამ
პლანეტაზე!

წამით შეისვენა და დააყოლა:

-ეს თავშესაფარი, სადაც ახლა ვიმყოფებით, ველოცირაპტორების და


პტეროზავრების სატყუარად შეგვიძლია გამოვიყენოთ და ამის მაგალითიც,
რამდენიმე წუთის წინ ვიხილეთ. მსგავსი ხაფანგები, რაც მტაცებლების სათითაოდ
განადგურებაში და ახალი ჩიპებით ჩვენი რაზმის აღჭურვაში დაგვეხმარება, კიდევ
ბევრი უნდა დავაგოთ. რა თქმა უნდა, წინ დიდი სამუშაო გვაქვს, მაგრამ თუ
მოვინდომებთ, ყველაფერს მივაღწევთ!

თინას შემართება ყველას გადაედო. უცნაურად კი ლაპარაკობდა ეს ქალი,


ბრძოლისკენ მოუწოდებდა ხალხს, რომლის ყოველი პროტესტი სისხლში ჩაახშვეს
პლანეტის ბატონ-პატრონებმა და რომელიც მტაცებლებს მიუვალ ჯურღმულში
ემალებოდა თავის გადასარჩენად. მაგრამ რამხელა ძალას და იმედს ასხივებდა მისი
ყოველი სიტყვა, როგორ სოლიდარობას იწვევდა და ბრძოლის ჟინს აღვივებდა იქ
შეკრებილ თითოეულ ადამიანში.

ყასაბი თინას მიუახლოვდა და თვალი გაუსწორა. ერთხანს, უხმოდ უყურებდა.


მერე ხმამაღლა წარმოთქვა, რომ ყველას გაეგონა.

-მე შენთან ვარ!

-მეც! - გაისმა ხალხის წიაღიდან.

-მეც!

-ჩვენც!

-ყველა შენთან ვართ!

უცხო ენაზე ყვიროდნენ თინას ირგვლივ შეკრებილი ადამიანები, მაგრამ მაინც,


ყველა სიტყვა გასაგები იყო ზურასთვის. თვალები აემღვრა. ცრემლი ვერ შეიკავა.

* * * * *

ნახირი, რომელიც ვიტრაჟის მინებს მიაწყდა და დარბაზში შესაჭრელად


ემზადებოდა, თანდათან დადუმდა. ზმუილი, ჭიხვინი, კიკინი, ყეფა და ღრუტუნი
შეწყდა. მერე მთელი ჯოგი, გაწვრთნილი ჯარივით, სინქრონულად ამოძრავდა,
შუაზე გაიყო და გზა ეზოს სიღრმიდან მომავალ ტრისტან მეარღნიშვილს დაუთმო.

მთელი დარბაზი გარინდული უყურებდა უჩვეულო სანახაობას. აჯანყებული


შინაური ცხოველების მოსათვინიერებლად, სახრეც მოეპოვებოდათ, ანთებული
მუგუზალიც, თოფიც და დანაც, მაგრამ ყველა ხვდებოდა, რომ ვერც ადვილად
დაიმორჩილებდნენ საომრად შემართულ პირუტყვს და ამასთანავე, ასე
მოულოდნელად განვითარებულ მოვლენებში სუს-ის ყოფილი უფროსის
მონაწილეობა, რომელსაც ყველა ცხოველმა ქედი მოუხარა, უფრო გაურკვეველს და
სახიფათოს ხდიდა შექმნილ ვითარებას.

ტრისტანმა ზღურბლს ნელი ნაბიჯით, დაღვრემილმა და თავდახრილმა


გადააბიჯა. იატაკს დასცქეროდა. მთავრობის იმ მაღალჩინოსნის ქედმაღლობიდან,
ოდესღაც მთელი საქართველოს მაჯისცემას რომ აკონტროლებდა, აღარაფერი
დარჩენილიყო. მოტეხილი, დაბეჩავებული და გატყიურებული ორფეხა არსება
მოაბიჯებდა, მის უკან მდგომი პირუტყვებისგან, მხოლოდ ფეხების რაოდენობით
რომ განსხვავდებოდა.

მეარღნიშვილი შუა დარბაზში გაჩერდა.

-გამარჯობა, ხალხო! - თქვა და ყველას თვალი მოავლო. პასუხად, ყრუ


დუმილი მიიღო. - ახლა თქვენი კუთვნილი საქონლის უკან, რომელიც კარზეა
მომდგარი, ველოცირაპტორი და პტეროზავრი იმყოფებიან. სწორედ ისინი მართავენ
ცხოველებს და მათი მეთვალყურეობით მოვედი თქვენთან.

დარბაზი ქალების კივილით, ქვითინით და ბილწი გინებით აივსო. ტრისტანმა


ხელი ასწია.

-ნუ ღელავთ, თქვენს ოჯახებს არაფერი მოსვლია! - ხმამაღლა წარმოთქვა და


ხალხი შედარებით დააშოშმინა. - ნახირი სადგომიდან გამოვრეკეთ, მაგრამ
ადამიანებს არავინ შეხებია. ეს ცხოველები მხოლოდ იმის უტყვი მაცნეები არიან, რომ
ამჟამად სოფელი ალყაშია.

-და რას ემსახურება ეს ალყა ან როდის მოიხსნება და რა პირობით? - თქვა ვაჟამ


და მამა მიქაელთან ერთად, წინ გამოვიდა.

ტრისტანმა თვალი გაუსწორა, მაგრამ კითხვაზე არ უპასუხა და მღვდელს


მიმართა.

-თქვენ მამა მიქაელი ბრძანდებით, არა?

-დიახ.

-თქვენთან მაქვს ორიოდე სიტყვა. თუ შეიძლება, ცალკე ვისაუბროთ.

მღვდელი დანარჩენებს გამოეყო და მეარღნიშვილს მცირე დარბაზისკენ


გაუძღვა.

ხალხი კვლავ ახმაურდა. ჩურჩული ხმამაღალ მითქმა-მოთქმასა და ჭორაობაში


გადაიზარდა. მოძალადე კუნთმაგარი ბიჭები მორიგი ბრძანების მოლოდინში,
გაუნძრევლად იდგნენ. ლიზამ დრო იხელთა და დაჭრილებს ნაჭრის ბორკილები
ახსნა.
ნანამ წყალი მოსვა, სული მოითქვა და ალაპარაკდა.

-გული ცუდს მიგრძნობს, ლიზა. აქ კარგი ამბები არ მოხდება და მეც, დიდი


დღე აღარ მიწერია. სანამ ცოცხალი ვარ, მინდა, მოგიყვე ჩვენი ამბავი. - სვენებ-
სვენებით და კანკალით წარმოთქვამდა სიტყვებს. შუბლი ოფლით ჰქონდა
დაცვარული. თვალები ჩაუწითლდა, ტუჩები გაფითრებოდა. - მინდა, რომ ამ
ხალხმაც მოისმინოს და ირწმუნოს, რომ არც სამტროდ მოვსულვართ და საერთოდ,
არც არაფერი დაგვიშავებია. მე თუ არა, ბავშვები მაინც შეიბრალონ.

ლიზამ რამდენჯერმე სცადა, შეეწყვეტინებინა, ეუბნებოდა, დასვენება


გჭირდება, დამშვიდდიო, მაგრამ ამაოდ. თითქოს, აღსარებას აბარებდა ძველი
მეგობარი, ასწრებდა სათქმელს.

-თბილისიდან ძლივს გამოვაღწიეთ, ლიზა. უშველებელი საცობები იყო გზაზე,


ქალაქიდან თავქუდმოგლეჯილი გარბოდა ხალხი. ლილოსთან სულ გავიჭედეთ,
ადგილიდან აღარ იძვროდა კოლონა და მდევარიც წამოგვეწია. ათასნაირი ჯიშის
ცხოველი, ფრინველი და მწერი შემოგვესია, რომლის მსგავსიც ადრე არასდროს
მინახავს. პირდაპირ ფშვნიდნენ მანქანებს, ერთი მეორის მიყოლებით უმსხვრევდნენ
საქარე მინებს და ვინც არ ემორჩილებოდა, სალონშივე, ცოცხლად ფატრავდნენ. ჩვენს
უკან მდგომ ჯიპში მთელი ოჯახი ამოწყვიტეს. ვინც კი ხელაწეული გადმოვიდა,
ყველა დაატყვევეს და მიწაზე დაყარეს. საბედნიეროდ, მარჯვენა ზოლში ვიდექი,
გზის პირას. საჭე მოვტეხე, გაზს ფეხი ბოლომდე დავაჭირე და ციცაბო გაზონში
გადავეშვი. უგზო-უკვლოდ მივქროდით, იმხელა ბორცვებს ახტებოდა მანქანა, რომ
ახლაც არ ვიცი, ცოცხალი როგორ გადავრჩით. ნიკამ მაშინ გაიტეხა ცხვირი, გიჟურად
მივდიოდი, რაღაც უზარმაზარი მწერები კი გვეხვია ირგვლივ, მაგრამ ძალა არ ეყოთ,
მინა რომ ჩაემსხვრიათ და დაახლოებით კილომეტრამდე მანძილი რომ გავიარეთ,
თანდათან შემოგვეცალნენ. როგორც ჩანს, ხალხმრავალ ადგილებს ეტანებიან,
ამიტომაც, არც მფრინავი ხვლიკები დაგვდევნებიან და არც სხვა დინოზავრები.

ნანამ შეისვენა და წყალი მოსვა. მონათხრობმა ირგვლივ შემოჯარული ხალხიც


დააინტერესა. წეღანდელი ზიზღი და სიძულვილი ჯერ ცნობისმოყვარეობამ
ჩაანაცვლა და მერე - ადამიანურმა სიბრალულმა. ყველა ყურადღებით უსმენდა.
თუმცა, ყველაზე ვერ ვიტყვით. ბიპი და ნიკა ლიზას გოგონას მირთმეული
საჭმელებით მადიანად ილუკმებოდნენ და თან, ახალშეძენილი მეგობრის ტიტინს
უსმენდნენ, რომელიც ჯერ ცერემონიულად გაეცნო, მე ელენე მქვიაო და მერე
სოფლის ამბებზე ხმადაბლა ეჭორავებოდა.

-მერე გაგვიჩერდა მანქანა, - განაგრძო ნანამ. - სადღაც თხრილში ჩამივარდა


ბორბალი და ამოტრიალდა ფურგონი. ძლივს გამოვაღწიეთ სალონიდან და ფეხით
წამოვედით. სიფრთხილის გამო, ტყე-ტყე ვიარეთ. ორიენტაცია გუმანით ავიღე,
თითქმის, ალალ-ბედზე ვმოძრაობდით. ყველაზე ახლოს მდებარე, შენი სოფელი
მახსოვდა, სადაც ახლობელი დამხვდებოდა და ამიტომ, თავიდანვე შენსკენ ავიღე
გეზი. მაგრამ რამდენი უნდა გვევლო და როგორ ადგილებში... ტალახში, ჭაობში,
წვიმაში, სიცხეში, სულ ღია ცის ქვეშ... ღმერთო, ის რა იყო! რას ვჭამდით, არ მკითხო.
ყველაფერს, რაც კი სასიცოცხლოდ აუცილებელ კალორიას შეიცავდა. მღრღნელები
დელიკატესი იყო. თუმცა, ერთხელ, ტახიც კი მოვინადირეთ. ბედად, ჯიბეში
სანთებელა მქონდა ჩაგდებული, რაც ცეცხლის დანთებაში დაგვეხმარა და უმი
ხორცით არ ვიკვებებოდით. მერე კი, როცა სანთებელაში საწვავის მარაგი ამოიწურა,
ბიპიმ პირველყოფილი წესით გააჩაღა კოცონი და ჩვენც გაგვიზიარა თავისი ცოდნა.
ეს რომ არ გვყოლოდა, რას მოვახერხებდით, არ ვიცი. მაგრამ შემწვარი ხორცის სუნმა
მტაცებლები მიიზიდა და მალე მგლების ხროვა დაგვესხა თავს. ეს ჭრილობა მაშინ
მივიღე, ნიკას გადავეფარე და მგელმა პირდაპირ ამომკბიჩა ლოყა. ისევ ბიპიმ
იმარჯვა და თავიდან მომაშორა, თორემ გამომბდღვნიდა ყელს. ის შემწვარი ხორციც
გადავუგდეთ, რაც ძალა და ღონე გვქონდა, გავიქეცით და როგორც იქნა,
ჩამოგვშორდნენ, მაგრამ ამ რბოლაში, ბიპი დავკარგეთ.

ნანა შეჩერდა და ისევ წყალი მოსვა. სოფელი, რომელიც მედიის ჩახშობის


შემდეგ, პირველად ისმენდა გარესამყაროს ამბებს, სულგანაბული იდგა. ის
ვაჟკაცებიც კი, რომლებმაც დევნილებს ცოტა ხნის წინ ხელ-ფეხი გაუკოჭეს და პირი
აუკრეს, ცალი ყურით, დაჭრილების თავგადასავალს ნთქავდნენ, მაგრამ თვალებით,
მცირე დარბაზისკენ იცქირებოდნენ და ახალ მითითებას ელოდნენ.

-ბიპის ძებნაში, გზა დაგვებნა. - განაგრძო ნანამ. - კარგა ხანს, წრეზე ვიარეთ,
უკვე ნამყოფ ადგილს ორჯერ მივუბრუნდით და ბოლოს, ტყიდან გასასვლელს
მივაგენით. რაღაც მიტოვებული შენობა ვიპოვეთ ტრასასთან ახლოს და საგზაო
ნიშნის მიხედვით დავასკვენი, რომ ორიენტაციის არევის გამო, თქვენი სოფლიდან
ძალიან ვიყავით დაშორებული. ძალა აღარ გვქონდა შერჩენილი. სულ ცოტა, ორი თვე
მაინც გავატარეთ იმ ბუნაგში, გამუდმებული შიმშილით და წყურვილით. სარდაფიც
ჰქონდა იმ შენობას, სადაც თევზის კონსერვებს მივაგენით და სულ გამოვჭამეთ.
ჩვეულებრივი პირველყოფილებივით ვცხოვრობდით. იქ ჩავლილი ადამიანი მე არ
მინახავს, არც ტრანსპორტით და არც ქვეითად. სამაგიეროდ, მფრინავი ხვლიკების
გადაფრენა ვიხილე და ორჯერ, დინოზავრების ჯოგმა ჩაიქროლა შენობის
შორიახლოს, მაგრამ საბედნიეროდ, ჩვენთან არ შემოუხედავთ. გაუკაცრიელებულია
მთელი ქვეყანა. შემდეგ ბიპი გამოჩნდა. ხელი ნაღრძობი ჰქონდა, ახლაც არ ვიცი,
როდის და როგორ დაემართა. მისი ნახვის მერე, უფრო გული მომეცა. ჩემი ჭრილობა
შეხვეული კი მქონდა, მაგრამ არც სპირტით დამიმუშავებია, არც ბამბა მომეპოვებოდა
და, როგორც ჩანს, ინფექცია შემეჭრა, დაჩირქება დაიწყო. ნიკამ დამაძალა, წავიდეთ,
სადმე ხალხი ვიპოვოთ, იქნებ აფთიაქს მაინც მივაგნოთ, ან ვინმე გადარჩა და
დაგვეხმაროს, ასე გარიყულად და საზიზღრად როდემდე უნდა ვიცხოვროთო. და
გავრისკეთ წამოსვლა. დასახლებულ პუნქტებს გვერდს ვუვლიდით, მაგრამ ტრასის
შორიახლოს ვმოძრაობდით, ამიტომ, გზა აღარ აგვრევია. როგორც იქნა, ჩამოვაღწიეთ
თქვენამდე.

სიჩუმემ დაისადგურა. ბავშვებიც აღარ ხმაურობდნენ. რამდენიმე ქალი ჩუმად


იცრემლებოდა. მოძალადეები უხერხულად იშმუშნებოდნენ. საყოველთაო დუმილი
კი, მამა მიქაელის ხმამ დაარღვია, რომელიც ტახტის ირგვლივ თავმოყრილ
თანასოფლელებს უკვე შეერთებოდა.

-მეზობლებო, ჩემო სულიერო შვილებო! - მღვდელმა პაუზა გააკეთა და


განაგრძო. - ბატონ ტრისტანს უნდა მოვუსმინოთ, რომელიც სოფლის
გასათავისუფლებლად, გარკვეულ პირობებს მოგახსენებთ.

მამა მიქაელმა უკან დაიხია და გზა მეარღნიშვილს დაუთმო. სუს-ის ყოფილი


უფროსი ხალხს მიუახლოვდა და მოკლედ მოჭრა.

-არაფერი განსაკუთრებული პირობა არაა, მეგობრებო. უბრალოდ, ის


უცხოპლანეტელი ბიჭი უნდა გადმოგვცეთ და სიტყვას გაძლევთ, რომ მე და ჩემი
თანმხლები დინოზავრები გაგეცლებით. შესაბამისად, თქვენი საქონელი მათი
გავლენისგან გათავისუფლდება და ძველებურ ცხოვრებას გააგრძელებთ. ოღონდ,
სამომავლო შესაძლო თავდასხმაზე პასუხისმგებლობას მე ვერ ავიღებ. აქ ვინ როდის
შემოიჭრება, არ ვიცი. მაგრამ ჩვენ წავალთ სოფლიდან და საერთოდ დავივიწყებთ
აქაურობას, ამის პირობას გაძლევთ.

-ჯერ ერთი, მაგას თუ ითხოვდით, თავიდანვე რატომ არ გვითხარით? - გაისმა


ვაჟას ხმა. - რა საჭირო იყო მამა მიქაელთან განმარტოება?

-მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ ბიპი ნამდვილად თქვენთან


იმყოფებოდა.

-და ჩვენ რატომ არ გვკითხეთ? ან მამა მიქაელს რატომ უფრო ენდეთ, ჩვენთან
შედარებით?

ტრისტანი პასუხის გაცემას აპირებდა, მაგრამ სიტყვა მღვდელმა ჩამოართვა.

-ვაჟა, სასულიერო პირი ვარ, როგორც იცი. მოძღვარი ვარ და ჩემი სტატუსიდან
გამომდინარე, ალბათ, მეტ ნდობას ვიმსახურებ, ვიდრე სოფლის სხვა მცხოვრებლები.

-თუ სუს-ის აგენტი ხარ, მამაო?! - ლიზა ნანას მოშორდა, მღვდელს პირისპირ
დაუდგა და თვალი გაუსწორა. - თქვი პირდაპირ, ისედაც ხომ ყველასათვის ცხადია!
სუს-ის აგენტი, რომელიც ალბათ, დიდი ხნის განმავლობაში აკონტროლებდა
თანასოფლელების ცხოვრებას და ყველაფერს უკაკლავდა სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის შესაბამის წარმომადგენლებს. ასე არაა?! ჩვენს
აღსარებებსაც, არა, მამაო? ამ ბიჭებისაც, რომლებიც ცოტა ხნის წინ შენს ინტერესებს
იცავდნენ და იარაღით ხელში გვემუქრებოდნენ. ამათ ოჯახებსაც უთვალთვალებდი,
არა?

სიბრაზისგან მოწოლილმა სისხლმა მამა მიქაელს სახე აუწითლა. სიტყვები,


შეკრული კრიჭიდან დამარცვლით გამოსცრა.

-ლიზა, გზიდან ჩამომეცალე! ნუ სარგებლობ ამ უბედურებით! რასაც


მაბრალებ, შენს სინდისზე იყოს, უფალმა შეგინდოს! ამჟამად კი, მოქმედებაა საჭირო.
სოფელი საფრთხისგან უნდა დავიხსნათ და ბატონი ტრისტანის თხოვნა
შევასრულოთ.

-და რომ არ შევასრულოთ? - სიტყვა ჩამოართვა ვაჟამ და ტრისტანს


მიუახლოვდა. - რომ არ გადმოგცეთ ბავშვი, მაშინ რა მოხდება?!

მეარღნიშვილმა ჯერ თავი ჩაღუნა. მერე თვალი თვალში გაუყარა და მშვიდად,


მოკლედ უპასუხა.

-გადაგივლიან! ამოგწყვეტენ!

-ვაიმე, შვილო! - დარბაზს ქალების მოთქმამ გადაურბინა. მამაკაცები, მათ


შორის, მამა მიქაელის მხარდამჭერებიც, ხმას არ იღებდნენ. მოძღვარმა ნანას ოჯახის
მიმართ სიბრალულის გამოვლენის და საკუთარი ავტორიტეტის შერყევის
საშიშროება იგრძნო.

-და რატომ არ უნდა გადავცეთ, შეგიძლია ამიხსნა? - მიმართა ვაჟას.

-რაო?! მღვდელი მეკითხები ამას? იმიტომ, რომ ადამიანია! ჩვენი ჯიშისაა!


რაზე ვსაუბრობთ საერთოდ?

-ჯერ ერთი, ადამიანი არაა! ღმერთმა უწყის, საიდან მოვლენილი არსებაა,


რომელსაც ამდენი უბედურება ჩამოჰყვა ჩვენს პლანეტაზე! იქნებ, სულაც, ეშმაკის
მოციქულია?!

ტრისტანს მოთმინება ამოეწურა.

-სტოპ, სტოპ, სტოპ! - ხელი მაღლა აღმართა და ოპონენტებს დებატები


შეაწყვეტინა. - მე თქვენი კამათი საერთოდ არ მაინტერესებს. და უფრო მეტიც, ჩემზე
ნაკლებად აინტერესებთ იმ არსებებს, რომლებმაც აქ მომავლინეს. წარმოდგენა არ
გაქვთ, რა გელოდებათ, თუკი მათი მოთხოვნა არ შესრულდება. პირდაპირ
აპირებდნენ შემოჭრას და ყველას გადათელვას, ვიდრე მაგ ბიჭს იპოვნიდნენ. ჯერ
ერთი, საერთოდ არ ვფიქრობ, რომ მას უცხოპლანეტელთა ხელში რამე ემუქრება.
მისი მოკვლა რომ ნდომებოდათ, ყველას ერთად დაგერეოდნენ, განურჩევლად.
მაგრამ იქაა მისი სამშობლო, იქ ცხოვრობს და სწორედ სახლში დააბრუნებენ. მე მაქვს
დავალებული ბიპის პოვნა და უცხო პლანეტაზე ცოცხლად ჩაყვანა. ამიტომ,
ვისარგებლე ამ უფლებით და დრო ვითხოვე თქვენთან მოსალაპარაკებლად. ეს დრო
კი, ამოიწურა! ახლა ან ყველა გაიწევით და ბავშვთან მისასვლელ გზას დამითმობთ,
ან შემდეგ რაც დაგემართებათ, საკუთარ თავს დააბრალეთ! მე მხოლოდ შუამავალი
ვარ.

ფეხი არავის მოუცვლია.

ქალებმა ცრემლები შეიმშრალეს და მამაკაცებს გვერდში ამოუდგნენ. ვისაც


იარაღი ეჭირა, ყველა საბრძოლველად მოემზადა.

-ყველაფერი გასაგებია. - თქვა ტრისტანმა. - მამაო მიქაელ, შემიძლია,


დარბაზიდან გაგიყვანოთ.

მღვდელი ყოყმანობდა. ერთ მუშტად შეკრულ მრევლს იმედგაცრუების


გამომხატველი მზერით უყურებდა. მერე თავი დანანებით ჩაიქნია და სუს-ის ყოფილ
უფროსს უპასუხა.

-არა, ბატონო ტრისტან. ეს უკვე ჩემი განაჩენია. მე სასულიერო პირი ვარ და


მრევლი თუ განმიდგა, კაპიკია ჩემი ფასი, აღარაფრად ვვარგივარ. მით უმეტეს, თუკი
ჩემივე თანასოფლელებს არ ვუნდივარ, უცხოპლანეტელთა გარემოცვაში რა უნდა
გავაკეთო? თუ მაინც სიკვდილი მიწერია, მირჩევნია, აქ მოვკვდე. დედამიწაზეა ჩემი
ადგილი.

მოძღვარი თანასოფლელების გვერდით დადგა.

-თქვენი ნებაა, მამაო. ჩემი მხრიდან, ყველანაირად შევეცდები, რომ შტურმი


თავიდან ავიცილო. მაგრამ... - ბოლო სიტყვები ბავშვის შეძახილმა გადაფარა.

-დედაააა!!!! მიშველეთ!!! დედაა!!! - სახეგაფითრებული ნიკა ნანას


მოსულიერებას ცდილობდა. ქალის მზერა ერთ წერტილში იყო გაყინული.

ლიზა მაშინვე მეგობართან მივარდა და პულსი გაუსინჯა. რამდენიმე წამში


ტირილი წასკდა. ვაჟამ ბავშვს ხელი მოხვია და გულში ჩაიკრა. ქალები აქვითინდნენ,
მამაკაცებმა კი, გზა მამა მიქაელს დაუთმეს, რომელიც გარდაცვლილის ცხედართან
მივიდა და წესის აგება დაიწყო. მაგრამ არ დასცალდა.

მსხვილფეხა რქოსანმა პირუტყვმა მინები რქებით ჩაამსხვრია და მთელი


ნახირი დარბაზში ელვასავით შეიჭრა. გლოვისთვის აღარავის ეცალა. ყველა
თავდამსხმელებისკენ მიბრუნდა, მაგრამ გაცოფებული ცხოველები ვერც თოფის
სროლამ შეაჩერა და ვერც მუგუზლების ტრიალმა. ერთი-ორი პირუტყვი თუ დაეცა ან
შიშით შეყოვნდა, მის უკან მყოფები მიაწვნენ, გადათელეს და ადამიანებს უფრო
გაავებულნი დაერივნენ. დაკბენილი, რქებზე წამოცმული და ჩლიქებით გათელილი
ხალხის კივილი, ყვირილი, გმინვა და გოდება ცხოველების ზმუილში, ღრუტუნში,
ბღავილში, ღრენაში, წკავკავსა და კაკანში აირია. მთელი სოფელი ერთ დიდ
სალაფავად იქცა, ბაგაზე დაბმული, მის მიერვე მოთვინიერებული საქონელი რომ
შეესია.

ვაჟამ დრო იხელთა და, ლიზას და რამდენიმე ახალგაზრდის დახმარებით,


ბავშვები პატარა დარბაზში გადაიყვანა, რომელიც უკვე დაჭრილ-დაზაფრული
ხალხით გადაჭედილიყო. როცა ნანას ცხედრის გადასასვენებლად მიბრუნებას
აპირებდა, ფეხში რაღაცის კბილები ჩაესო. საშინელი ტკივილისგან გამწარებულმა,
ძირს დაიხედა და თვალებს არ დაუჯერა. წვივის კუნთზე მისივე გაზრდილი,
ერთგული ნაგაზი იყო ჩაფრენილი და გაავებული ღრენით უძიძგნიდა. ვაჟამ ძალა
მოიკრიბა, საზარელი ღრიალით, კიდური ძაღლს პირიდან გამოგლიჯა, გამოჭმული
ხორცი ხახაში შეატოვა და ზღურბლი გადალახა თუ არა, იატაკზე მოცელილივით
დაეცა.

შემინული კარები მაშინვე ჩაკეტეს, მაგრამ გაავებულ ჯოგს რას შეაჩერებდა.


ჯერ მინები ჩაიმსხვრა, მერე ხის ჩარჩო გატყდა და მალევე, მორქინალმა კამეჩმა
მცირე დარბაზში შეაღწია. კართან მდგომი მამა მიქაელი იმწამსვე რქებზე წამოაგო. 50
ადამიანი მაინც იქნებოდა მცირე დარბაზში თავმოყრილი. ამ ერთ კამეჩს როგორღაც
გაუმკლავდებოდნენ, მაგრამ უკნიდან, პირუტყვს სხვა ჩლიქოსან-რქოსნების ახალი
ტალღა აწვებოდა და ისედაც უკიდურესი სიმჭიდროვის პირობებში, მოძრაობა კი
არა, სუნთქვაც შეუძლებელი იყო. გარდა ამისა, საფრთხე მეორე მხრიდანაც წამოვიდა.
ფანჯრები ჩაიმტვრა და ძროხებმა ბღავილით შემოჰყვეს თავი დარბაზში. რაფებზე
კაკან-სისინ-კნავილით ახტნენ ქათმები, ბატები და კატები და დაბნეულ
თანასოფლელთა სახეები ამოიღეს მიზანში. იქაურობა სასაკლაოდ იქცა, ოღონდ, იმ
განსხვავებით, რომ ყასბების როლი ცხოველებმა მოირგეს, ალყაში მოქცეულ ყოფილ
პატრონებს დაუნდობლად რომ ასახიჩრებდნენ, ჩეხდნენ, ანაწევრებდნენ და იქვე
მიირთმევდნენ. ვაჟას სხეული ნაკუწებად აქციეს.

ლიზა და ბავშვები შუა დარბაზში იდგნენ და საყოველთაო ქაოსში


იჭყლიტებოდნენ, მაგრამ ხალხის მასა სულ უფრო თხელდებოდა. ცოტაც და,
პირუტყვები მათაც მისწვდებოდნენ. ქალმა დაიჩოქა და ნიკას მიმართა.

-მხრებზე შემადექი!

-რაა?!

-მხრებზე შემადექით და რიგრიგობით აძვერით ზედა „ბალკაზე“. - უთხრა და


თავით, მსხვილ, ჯვარედინად გადებულ ხარიხებზე მიუთითა, რომლებზეც ჭაღები
იყო დაკიდებული.
ნიკამ მაშინვე მოისაზრა, იმარჯვა, ლიზას მხრებიდან ახტა, ძელს ჩამოეკიდა
და რამდენიმე წამში, შავად შეღებილ ოთხკუთხა ღერძზე იწვა. მერე ხელები ქვემოთ
გაიწვდინა და დედის მხრებზე შემდგარი ელენეც აიყვანა. ბიპის ნაღრძობი ხელი
სტკიოდა, მაგრამ იგივეს გამეორებას მაინც მოახერხებდა. თუმცა, ბიჭმა ლიზას
გვერდით ჩაიმუხლა და თავი დახარა.

-რაო?! რა დროს ეგაა, შვილო, სასწრაფოდ ადი ზემოთ და ელენეს მიმიხედეთ! -


დაუყვირა ქალმა, მაგრამ ბოლო სიტყვის ნაცვლად, პირიდან სისხლი გადმოანთხია.

მკერდში უზარმაზარი ნისკარტი გამოჩროდა. თავსზემოთ, პტეროზავრის


ყვითელი თვალები ანათებდა.

* * * * *

ბრძოლა დასრულებულიყო. ირგვლივ დაფლეთილ-დაჩეხილი


თანასოფლელების გროვა ეყარა. ცხოველთა რაზმი დაცხრა, მცირე დარბაზიდან
გაილალა და ასპარეზი დინოზავრებს დაუთმო. ბიპის ზურგსუკან ველოცირაპტორი
იდგა, პირდაპირ კი, პტეროზავრს უცქერდა, რომელმაც ნისკარტი ლიზას უსულო
სხეულიდან ამოაძრო და გვამი გვერდზე გადააგდო. ელენე გაუჩერებლად კიოდა და
ტიროდა, დედის ცხედართან ჩასახუტებლად, ძირს ჩასვლა სურდა და ნიკა ძლივს
აკავებდა.

ფრინველის ფრთას ამოფარებული ტრისტანი წინ გამოვიდა.

-მისმინე, ბიჭუნა! შეჯექი ამ მფრინავი ხვლიკის ზურგზე, პორტალთან


მიგიყვანთ და შენს პლანეტაზე დაგაბრუნებთ. იქ კი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ
სიცოცხლე შეგინარჩუნდეს. - მერე პტეროზავრს მიუბრუნდა. - გადაუთარგმნე!

ბიპიმ თარგმანი არ აცალა. მის ბაგეებს პირველი ქართულად ნათქვამი სიტყვა


მოსწყდა.

-არა!

-ოჰო! - გაიკვირვა ტრისტანმა. - შენ ჩვენებური ენაც კი გისწავლია! ყოჩაღ!


ნიჭიერი ბიჭი ხარ და იმედია, შენს ნიჭს იმ პლანეტაზეც...
სიტყვა ნიკას ბრძანებამ შეაწყვეტინა.
-ბიპის თავი დაანებეთ!
-რაა??! - ტრისტანი მობრუნდა და ბავშვის ხელში ორლულიანი თოფი დაინახა,
რომელიც მისი გულისკენ ჰქონდა მიშვერილი. ნიკას ელენე დაემშვიდებინა,
ხარიხიდან შეუმჩნევლად ჩამომხტარიყო და იატაკზე დაგდებული, დატენილი
ორლულიანი თოფი აეღო. პატარა ხელებით, ძლივს ახერხებდა იარაღის დაჭერას,
მაგრამ იმდენს კი შეძლებდა, რომ ჩახმახისთვის თითი გამოეკრა და
მეარღნიშვილისთვის სული გაეფრთხობინებინა.
-მისმინე, მაგასთან ფრთხილად იყავი, ბიჭი! ერთი დაუფიქრებელი მოძრაობა
და შეიძლება, გაგივარდეს!
-ვიცი. და ამიტომ, შენც ფრთხილად იყავი, რასაც გეტყვი, შეასრულე, თორემ
გავისვრი. უთხარი ამათ, რომ ბიპის თავი დაანებონ და აქედან წავიდნენ!
პტეროზავრი ალაპარაკდა.
„მისმინე, ბიჭო! ჩვენ სამნი ვართ და შენ ერთი. ტრისტანისკენ რომ გაისროლო,
მე და ველოცირაპტორი მოგიღებთ ბოლოს. გაიგე?! რატომ იკლავ თავს? ამ ბიჭს
წავიყვანთ და შენ არაფერს დაგიშავებთ. არაფერში გვჭირდები და დაუშვი ეგ
იარაღი.“
უცებ, ბიპი ადგილიდან მოსწყდა და ფანჯრისკენ გაიქცა. პტეროზავრმა ფრთა
მოიქნია, ბავშვს კლანჭი ფეხში გამოსდო და წააქცია. იმწამსვე, თოფი გავარდა.
საფანტმა მფრინავ ხვლიკს მარცხენა თვალი ამოუგდო. ვიდრე გამწარებული
მტაცებელი ჭყიოდა და სხმარტალებდა, ბიპიმ დრო იხელთა, ფანჯარაში გადახტა და
შენობის უკან გაშენებულ ზვარში ჩაიკარგა. პტეროზავრი გონს მოვიდა და უკან
დაედევნა.
ნიკამ სამიზნეს ზუსტად მოარტყა, მაგრამ თოფის უკუცემის ძალამ წააქცია და
დაჩეხილ გვამებზე დააგდო. ტრისტანი მივარდა და იარაღი წაართვა, მერე კი,
ველოცირაპტორს მიუბრუნდა ახალი ბრძანების გასაცემად, მაგრამ... დინოზავრი
თავად ეცა ყელში სუს-ის ყოფილ უფროსს და კისერი იქვე გამოღადრა.
ბავშვები თვალებს არ უჯერებდნენ. ელენე სლუკუნებდა და კანკალებდა.
-რატომ?! - თვალებგაფართოებულმა იკითხა ნიკამ და ფეხზე წამოდგა.
ველოცირაპტორი სისხლიან ლაშებსა და კბილებს გრძელი ენით ილოკავდა და
თან, პასუხობდა.
„იმიტომ, რომ ნაგავი იყო. იმიტომ, რომ მისი მოკვლა კარგა ხანია მინდოდა,
მაგრამ ბიპი იყო მოსაძებნი. ახლა დავალებაც შესრულებულია და აღარც იმის
დამტკიცება გამიჭირდება, რომ ეს ნაგავი თქვენ მოკალით. სანამ პტეროზავრი
მობრუნდება, მანამდე ორივეს მოგიღებთ ბოლოს და მერე ამ კაცის მკვლელობას
თავისუფლად დაგაბრალებთ. იმიტომ, რომ მძულხართ! იმიტომ, რომ გასაჟლეტი
ხართ ყველანი!“ - თქვა და ნაბიჯი ნიკასკენ გადადგა.
იმ სიამოვნების მოლოდინში, რასაც ბავშვის თოთო სხეულის დაგემოვნება
მიანიჭებდა, გზადაგზა, ენას ასავსავებდა. ნიკა ნაბიჯ-ნაბიჯ იხევდა უკან და
ამასობაში, არ გამოპარვია ელენეს მოძრაობა, რომელიც დინოზავრის ზურგსუკან,
ხარიხიდან ჩამოხტა, სამზარეულოს გაზქურაზე შემოდგმული, ჯერ კიდევ ცხელი
ტაფა აიღო და ცხოველს თავში ჩაარტყა. ტკივილისგან აჭყივლებულმა მხეცმა კუდი
მოიქნია და გოგონა კედელს მიანარცხა. მერე კი, ისევ ნიკას მიუბრუნდა და
ნახტომისთვის მოემზადა, მაგრამ აღარ დასცალდა. ფერდში, კისერსა და თავში
სეტყვასავით დააყარეს ისრები. თავის მობრუნებაღა მოასწრო, რომ
თავდამსხმელებისთვის შეეხედა და მოცელილივით დაეცა იატაკზე. კარებიდან
დინოზავრების პლანეტის ბინადარ პირველყოფილთა რაზმი შემოვარდა და
დარბაზის პერიმეტრზე განლაგდა. თინა და ზურაც შემოჰყვნენ.

* * * * *

ბიპიმ ღრმად ამობრუნებულ ბელტს ფეხი წამოჰკრა და დიდი ხნის


გაუმარგლავი ვენახის მწკრივში დაეცა. არემარეს მთვარის შუქი ანათებდა და
მდევარიც უახლოვდებოდა, მაგრამ გაქცევას, იქვე დარჩენა და ჩუმად ყოფნა
ამჯობინა.
მიუხედავად იმისა, რომ საფანტით მიყენებული ჭრილობები და დავსებული
თვალი პტეროზავრს ძალიან სტკიოდა და დაუსრულებლად აჭყივლებდა, ჯერ ისევ
ფეხზე იდგა, ფრენაც შეეძლო და ძალაც ერჩოდა. ქვეითად ძებნას მალე შეეშვა,
ფრთები გაშალა და ვენახს ზემოდან გადაუფრინა. თუმცა, უშედეგოდ. ადამიანის
მსგავსი, ირგვლივ არაფერი ჭაჭანებდა.
ბიპი ფრინველის ირაოს თვალყურს ადევნებდა და ვაზის ჩრდილში
ჩამალული, თავს უსაფრთხოდ გრძნობდა. თუმცა, მალე ფოთლები უცნაურად
აშრიალდა. ლერწი ელასტიკურად ამოძრავდა, გადმოიხარა და ყელზე შემოეხვია.
აბეზარი რქა ყელიდან მოიგლიჯა და ადგილი მოინაცვლა, მაგრამ ვენახმა ყველა
მხრიდან შეუტია. ტოტები, ფოთლები, ლერწები და მტევნები ისე ეხვეოდა, კაწრავდა
და პორჭყნიდა, რომ სიმწრისგან დაიყვირა და ფეხზე წამოვარდა. მაგრამ ვაზი
ფეხებზეც შემოესალტა და გადაადგილების უნარი წაართვა. ბიპის თვალწინ კი,
პტეროზავრი დაეშვა და ფრთები დაკეცა.
„ტყუილად წვალობ, ბიჭო.“ - უთხრა და ბავშვისკენ დაიძრა. – „დიდი
სიამოვნებით გაგგლეჯდი შუაზე, მაგრამ დავალება მაქვს შესასრულებელი. სჯობს,
შენი ნებით წამოხვიდე ჩემთან ერთად. შენს მომავალ ბედზე ვერაფერს გეტყვი,
მაგრამ პლანეტამდე უსაფრთხოდ ჩაგიყვან. იქ „დინოზავრთა საძმოს“ ჩაგაბარებ და
მერე ისინი გადაწყვეტენ, რას გიზამენ.“
„და რატომ დამდევთ, რას ითხოვთ ჩემგან? ან რატომ არ მომკალით აქამდე?“ -
ბიპი ვენახის მარწუხებისგან თავდახსნას უშედეგოდ ცდილობდა.
„ეგ მე არ ვიცი და არც მაინტერესებს...“ - უპასუხა პტეროზავრმა და ნისკარტი
სახესთან მიუახლოვა.
„სამაგიეროდ, მე ვიცი.“ - შემოიჭრა ახალი მესიჯი მათ დიალოგში.
ორივე შეცბა და გაჩერდა.
„ვინ შენ?! ვინ ლაპარაკობს?!“
უცებ, ვაზის ტოტები ბიპის სხეულს დაეხსნა და მაშინვე, მფრინავი ხვლიკის
თათებს შემოეხვია. პტეროზავრი აფრენას შეეცადა, მაგრამ ვენახი აღარ უშვებდა.
მწკრივში კი, თინა მოაბიჯებდა, რომელსაც უკან ზურა, ნიკა და ელენე
მოჰყვებოდნენ. მომიჯნავე მწკრივებში შეჭრილი უცხოპლანეტელ მშვილდოსანთა
რაზმი წრიულად განლაგდა, დინოზავრი ალყაში მოაქცია და მიზანში ამოიღო.
ქალმა გაოგნებულ ბიპის გაუღიმა, უმწეოდ მოფართხალე ფრინველის წინ
შეჩერდა და მშვიდად უთხრა:
-მე გელაპარაკები!
„და შენ ვინ ხარ? როგორ მელაპარაკები ან რა ხდება, ეს მცენარე შენ
გემორჩილება?“
-ის ხდება, რომ პლანეტა, რომელზეც შენ ცხოვრობდი, ისეთი აღარაა,
როგორადაც დატოვე. „დინოზავრთა საძმო“ აღარ არსებობს.
„როგორ არ არსებობს, რა მოუვიდა?“
-გავანადგურეთ.
„როგორ თუ გაანადგურეთ?! ვინ?! როგორ?!“
-ჩვენ. მე, ზურამ და ჩვენმა ახალშეძენილმა უცხოპლანეტელმა მეგობრებმა. იმ
ხალხმა, რომლებზეც საუკუნეების მანძილზე ბატონობდით, რომლებსაც საკვებად,
საწამებლად, ცდების ჩასატარებლად და გასართობად იყენებდით, მუდამ
ამცირებდით და სიცოცხლეს ჯოჯოხეთად უქცევდით, ჩვენთან ერთად, თქვენს
მბრძანებლობას ბოლო მოუღო.
„მაგრამ როგორ?“
-მაგაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. გეტყვი მხოლოდ იმას, რომ შენი უნარი,
გემართა ირგვლივ მყოფი ფლორისა და ფაუნის წარმომადგენლები, არ მუშაობს,
როცა იგივე უნარის მქონე სხვა პირი განსხვავებულ ბრძანებას იძლევა. უფრო
სწორად, მუშაობს ის ბრძანება, რომელსაც რაოდენობრივად უფრო მეტი სუბიექტი
გასცემს. ამწამს კი, ძალა ჩვენს მხარესაა. თქვენი ტვინებიდან ამოღებული ჩიპების
მეშვეობით, ცოცხალი ორგანიზმების მართვის უნარს ჩვენც დავეუფლეთ. მერე,
მეომარი დინოზავრებისგან დაცლილ პლანეტაზე, უნივერსალური ჩიპების მთელი
კოლექცია დავაგროვეთ, რაოდენობრივი უპირატესობის მეშვეობით, სათითაოდ
გავანადგურეთ შენი მოდგმის წარმომადგენლების დიდი ნაწილი და ნაბიჯ-ნაბიჯ
შევცვალეთ ძალთა ბალანსი. ორი დღის წინ, მმართველი რგოლის ადგილსამყოფელს
დავესხით თავს და დიდი მსხვერპლის ფასად, მაგრამ მაინც გავჟლიტეთ 5 წევრისგან
შემდგარი „დინოზავრთა საძმო“. მერე კი, მათი ტვინებიდან ამოღებული, უფრო
დიდი რესურსის მქონე ჩიპების მეშვეობით, პორტალების გახსნის უნარსაც
დავეუფლეთ. მეეჭვება, შენი ინტელექტი ამ ყველაფრის გასაცნობიერებლად
საკმარისი იყოს, მაგრამ მოკლედ რომ აგიხსნა და სიკვდილისწინა წუთები უფრო
სატანჯველად გიქციო, მარტივად გეტყვი: თქვენივე ტექნოლოგიებს დავეუფლეთ და
გაგანადგურეთ!
პტეროზავრი ისევ ფართხალებდა, დროდადრო, ჭყიოდა და ვაზის
ტოტებისგან თავდახსნას ცდილობდა. თინამ განაგრძო.
-როგორც ხვდები, არ გაცოცხლებთ. მაგრამ მინდა, რომ ისეთივე ტანჯვით
მოკვდე, როგორც შენს მიერ მოკლული და დაჭრილი უამრავი ადამიანი აწამე.
სამართლიანი იქნებოდა, ამ ბავშვებს მოეღოთ შენთვის ბოლო, რომელთა მშობლებიც,
სხვადასხვა დროს, შენ და შენმა მსგავსმა ურჩხულებმა მოკალით. მაგრამ სისასტიკე
ისედაც უამრავი ნახეს თქვენს მიერ შექმნილ ჯოჯოხეთურ სამყაროში. ამიტომ,
ვფიქრობ, არ მიწყენენ, თუ მათი ხელით არ აღესრულება სამართალი. შენივე მეთოდს
გამოვიყენებთ. ჩვენ კი, გაგეცლებით.
თინამ და ზურამ ბავშვებს ხელი მოხვიეს და ბრძოლის ველი დატოვეს.
მშვილდოსანთა რაზმი კვლავ ადგილზე დარჩა, მაგრამ ვენახი ახმაურდა.
პტეროზავრის თათებზე შემოხვეული ვაზის ტოტები დაიჭიმა, მხეცს კიდურები
გააშლევინა და წააქცია. სხვა ტოტებმა ფრთების თხელი აპკი გაუხვრიტა და კისერსა
და ნისკარტზე შემოესალტა. გულაღმა იწვა ფეხებ-ფრთებ გაფარჩხული და განძრევის
საშუალება აღარ ჰქონდა.
ამის შემდეგ, მშვილდოსანთა რაზმი გაიშალა და გზა იმ შინაურ ცხოველებს
დაუთმო, ცოტა ხნის წინ ნახევარი სოფელი რომ გაანადგურეს. ადგილობრივი
ფრთოსნები, რქოსნები, ჩლიქოსნები, ძაღლები და კატები შეესივნენ მფრინავ ხვლიკს,
რომელიც ჩვეული ჭყივილით ვეღარ გამოხატავდა ტკივილს, რადგან ნისკარტი
შეკრული ჰქონდა. მოძალადეები საღ თვალს არ მიეკარნენ და მსხვერპლადქცეულ
მონსტრს თავადვე აყურებინეს, როგორ კორტნიდნენ, რქენდნენ, გლეჯდნენ და
ცოცხლად ჭამდნენ მის სხეულს. რამდენიმე წუთში, სოფლის პირუტყვი
უცხოპლანეტელი ურჩხულის უსულო სხეულის ნაშთებით იტკბარუნებდა პირს.

* * * * *
ზურა და მშვილდოსანთა რაზმის დიდი ნაწილი შენობის გვერდით
საფლავების გათხრას და დარბაზებიდან ცხედრების გადმოსვენებას შეუდგა. თინამ
კი, ბავშვები კოშმარულ სანახაობას მოარიდა. მერე ბიპის ხელი შეუხვია, ორი
უცხოპლანეტელი მეომარი იახლა და პატარებთან ერთად, მოუასფალტებელ,
ოღროჩოღრო გზას გაუყვა.
-სოფელში გადარჩენილი ხალხი უნდა მოვძებნოთ და მომხდარი ტრაგედიის
შესახებ ვუამბოთ. - თქვა ქალმა. - თუმცა, სადღაა ხალხი. მხოლოდ მოხუცები და
ბავშვები დარჩნენ. ალბათ, ბევრი დაღუპულის ამოცნობა შეუძლებელიც გახდება და
ვფიქრობ, საძმო საფლავის გათხრა მოგვიწევს, რომ მათი ნეშტები ერთად
დავმარხოთ. მაგრამ უნდა ვიჩქაროთ. წინ კიდევ ბევრი ბრძოლა გველის.
-და ჩვენ როგორ გვიპოვეთ? - ჰკითხა ნიკამ. - ან ბიპის რატომ სდევდნენ
დინოზავრები?
-გიპოვეთ საკმაოდ მარტივად. ინფორმაცია თქვენი ადგილსამყოფელის
შესახებ, „დინოზავრთა საძმოს“ ერთ-ერთი წევრის ჩიპში იყო შენახული.
სავარაუდოდ, სწორედ ის იქნებოდა „უფროსი“, რომელიც მთელი პლანეტის
მმართველ რგოლს ხელმძღვანელობდა. ამიტომაც, როგორც კი ლაბორატორიის
ტყვეები გავათავისუფლეთ, პირველ რიგში, თქვენსკენ გამოვეშურეთ. თუმცა, იმ
„უფროსის“ ჩიპი კიდევ მრავალ საინტერესო ცნობას შეიცავს და ბევრჯერ
გამოგვადგება. - თინას გაეღიმა, ნიკასკენ შებრუნდა და თითი შუბლის
შუაწერტილზე მიიდო, რომელზეც პაწაწკინტელა ხორცმეტი შეზრდილიყო. -
ამჯერად კი, ჩემს თავს ამშვენებს. ერთი ჩიპი ზურასაც ერგო. ისიც კითხულობს
გარშემომყოფთა აზრებს და ჭკუაზე არაა სიხარულით.
ნიკას არ გაღიმებია. თინა მიხვდა, რომ მისი იუმორი შექმნილ ვითარებაში
უადგილო იყო. დასერიოზულდა, მაგრამ თემა განაგრძო.
-თქვენ არ შეგშურდეთ, ბავშვებო. გაიზრდებით და თქვენც მიიღებთ ამ
უნიკალურ იარაღს. ჯერ არ გჭირდებათ.
-ბიპისთან სალაპარაკოდ დაგვჭირდება. - თქვა ელენემ, რომელიც აქამდე
ჩუმად, თავჩაღუნული მიდიოდა.
-მე ვიცი ლაპარაკი. - დამტვრეული ქართულით წარმოთქვა ბიპიმ.
ამჯერად, სამივეს გაეცინა.
-რატომ იცინით? - განაწყენდა ბიპი. - რატომ მომსდევდნენ?
-ჰოოო, - თქვა თინამ. – რატომ მოგსდევდნენ და... სანამ მაგაზე გიპასუხებ, ჯერ
ის ცნობები დამიდასტურე, რაც მე მოვიპოვე.
ბიპი ყურადღებით უსმენდა.
-ვიდრე ნიკას გაიცნობდი, შენ ლაბორატორიაში იყავი დატყვევებული და
მომაკვდავმა დინომ გაგათავისუფლა, რათა მის დედამიწელ მეგობარს დახმარებოდი.
ხომ ასეა?
-კი.
-ჰოდა, სწორედ ეგაა მიზეზი. მოგსდევდნენ იმიტომ, რომ საკუთარი თვალით
გაქვს ნანახი ცდები, რომლებსაც დინო ყვავილების ლაბორატორიაში ატარებდა და
რომლებიც სხვაგან ჩატარებული კვლევებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა.
დინო ყოველთვის ცდილობდა, რომ ბავშვებისთვის ტანჯვა და სიკვდილი
აერიდებინა და ამიტომ, მისდამი დაქვემდებარებულ ობიექტში ბევრი უვნებელი
ბავშვი იყო, მათ შორის, შენც. იქ ძირითადად, ზრდასრული ასაკის ადამიანები ან
ფაუნის წარმომადგენლები კვდებოდნენ და ცდების შედეგიც, სხვა
ლაბორატორიებთან შედარებით, მოკრძალებული იყო, ნაკლები ჩიპის წარმოება
ხდებოდა. „საძმოს“ წევრებს ეჭვი გაუჩნდათ, ჩათვალეს, რომ დინო მათ ღალატობდა
და თვალთვალიც დაუწყეს. ხოლო როცა ლაბორატორია დედამიწელმა ნიკამაც
დაათვალიერა, „უფროსმა“ ვეღარ მოითმინა და დინო მოსაკლავად გაიმეტა.
სასიკვდილოდ განწირულმა კი, ნიკას დასახმარებლად, ტყვეობიდან
გაგათავისუფლა. სხვები რატომ არ გამოუშვა, უცნობია. სავარაუდოდ, მეტი ვეღარ
შეძლო. „საძმომ“ გადაწყვიტა, რომ შენ მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობდი, რაც
ადამიანებისთვის გასაზიარებლად მიგქონდა და რაც დინოზავრების ძალაუფლებას
საფრთხეს შეუქმნიდა. ამიტომ, შენი ცოცხლად შეპყრობა გადაწყვიტეს, რათა
ეწამებინეთ და შენს ხელთ არსებული ცნობები ამგვარად მოეპოვებინათ. ხოლო
ვინაიდან დევნა დედამიწაზე გაგრძელდა და დინოზავრების პირველი რაზმი ჩვენს
პლანეტაზე შემოიჭრა, ისედაც დაგეგმილი თავდასხმა აღარ გადადეს და მთელი
ძალებით გადმოვიდნენ შეტევაზე.
სიჩუმე ჩამოვარდა. ბინდბუნდს განთიადის პირველი სხივები შეეპარა და
მთვარის შუქი გააფერმკრთალა. ორღობეში გადადგმული ნაბიჯების ხრაშუნი
ბავშვის ტირილმა გადაფარა. სადღაც ძაღლიც აყეფდა. შუქი ყველა სახლის
ფანჯარაში ენთო. სოფელს, უფრო სწორად, მის ნარჩენს არ ეძინა. კოშმარული ღამე
სრულდებოდა, მაგრამ წინ კიდევ ბევრი სახიფათო დღე და ღამე ელოდებოდათ.
-ლაბორატორიაში ძალიან ცუდ რაღაცებს ვხედავდი. - ჩაილაპარაკა ბიპიმ
თავის ენაზე. - ხალხს აწამებდნენ და მათგან ჩიპებს და ათას რაღაცას ამზადებდნენ.
მაგრამ ბავშვები ცალკე ვცხოვრობდით, წამების ადგილებიდან მოშორებით. დინოს
დავალებით, ყვავილები ჩვენ არაფერს გვიშავებდნენ. პირიქით, საკვებით
გვამარაგებდნენ. ცდები როგორ ტარდებოდა, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ერთხელ
ვნახე, რომ ახალდამზადებული ჩიპი ადამიანზე გამოსცადეს. აი, როგორც შენ გაქვს
მიმაგრებული ახლა, ასევე შუბლზე მიამაგრა ყვავილმა, დინოს დავალებით. და ჩიპმა
იმუშავა. ამ ამბავს იქ მყოფი ბევრი ბავშვი შევესწარით, მაგრამ დინომ ყველა
გაგვაფრთხილა, რომ არსად გაგვემხილა. მეორე დღეს კი, მოულოდნელად,
ყვავილები გადაიშალა და ლაბორატორიის შესასვლელთან, ძირს დაგდებული,
მომაკვდავი დინო დავინახეთ, რომელსაც სხვა დინოზავრები ცოცხლად ჭამდნენ.
სიკვდილამდე ესღა მოასწრო, რომ ნიკას გაქცევისკენ მოუწოდა, ხოლო ჩვენ ნიკაზე
დადევნება და მისთვის დახმარების აღმოჩენა გვთხოვა. ლაბორატორიიდან
გამოსვლა მხოლოდ მე მოვახერხე, რადგან ყვავილნარი მაშინვე ჩაიკეტა. სასწრაფოდ,
მინდორში ცეცხლი გავაჩაღე, მაგრამ ვიდრე ამას შევძლებდი, თავს უამრავი მწერი და
ფრინველი დამესხა, სულ დამკორტნეს და დამპორჭყნეს, ძლივს გადავრჩი ცოცხალი.
მერე, ალმოდებული მუგუზლით, ნიკას გავეკიდე, ტყის შესასვლელთან დავეწიე და
დანარჩენი კი გეცოდინებათ.
-აი, ამიტომაც გდევნიდნენ. - უპასუხა თინამ ქართულად. - უნდოდათ გაეგოთ,
რა ინფორმაციას ფლობდი ჩიპის შესაძლებლობების შესახებ და გაუზიარე თუ არა
ვინმეს ეს ცოდნა. უფრო სწორად, „უფროსს“ უნდოდა ამის გაგება და თავისი ეჭვების
და აკვიატებების გამო, ამდენი უმანკო სისხლი დაღვარა.
ორსართულიან, აგურით ნაგებ სახლს მიუახლოვდნენ. თინამ ჭიშკარი
გამოაღო, მაგრამ ვიდრე ეზოში შევიდოდა, ნიკას კითხვამ შეაჩერა.
-დინო რატომ იყო ასეთი კეთილი?
ქალმა გაუღიმა.
-იმიტომ, რომ მათ შორისაც არიან კეთილებიც და ბოროტებიც. სხვათა შორის,
დინოს თანამოაზრე რამდენიმე ტირანოზავრი დაგვეხმარა „საძმოს“ დამარცხებაში.
და მომავალ ბრძოლებშიც დახმარებას გვპირდებიან, ადამიანებთან მეგობრობა
უნდათ. სიკეთე ყველგანაა, ნიკა. და სიკეთე გადამდებია.
თინა შებრუნდა და უცხო ოჯახისთვის საზარელი ამბის მოსაყოლად, ეზოში
შევიდა.

You might also like