You are on page 1of 2

რემბრანდტი

ბიოგრაფია
1.1
ამსტერდამში 1641 წელს გამოქვეყნდა ქალაქის ყოფილი ბურგომისტრის, იან იანსზონ ორლერსის
Beschrijvinge der Stadt Leyden (“ქალაქ ლეიდენის აღწერა”), რომლის ერთი ფრაგმენტიც პირველ
ინფორმაციას გვაწვდის რემბრანდტის შესახებ.სავარაუდოდ, მხატვრის დედის მონათხრობზე
დაყრდნობით შედგენილი ეს ფრაგმენტი დაედო საფუძვლად რემბრანდტის ბიოგრაფიებს.ამ
წყაროს თანახმად, რემბრანდტ ჰარმენსზონ ვან რაინი დაიბადა 1606 წლის 15 ივლისს,
საუნივერსიტეტო ქალაქ ლეიდენში, სადაც დაახლოებით 40000 კაცი ცხოვრობდა და
ამსტერდამიდან სულ რაღაც ორმოცდასამი კილომეტრით იყო დაშორებული.მისმა მშობლებმა,
პატივცემულმა მეწისქვილემ ჰარმენ გერიტსზონ ვან რაინმა, რომელიც კალვინისტი გახდა, და
ლეიდენელი მეფუნთუშე ვილემსდოხტერ ვან ზუიტბრუკის ქალიშვილმა კორნელიამ, რომელსაც
ნეელტიეს ან ნეელტგენსაც ეძახდნენ, 1589 წლის 8 ოქტომბერს რეფორმისტულ ეკლესიაში
იქორწინეს. ისინი საკუთარ სახლში ცხოვრობდნენ, ვედესტეგის უბანში. ცოლ-ქმარს ცხრა შვილი
ეყოლა, რემბრანდტი ბოლოდან მეორე იყო. გერიტი მამის ხელობას გაჰყვა, ადრიენი მეწაღე იყო,
ორი გოგო, მახტელდი და კორნელისი, პატარაობისას გარდაიცვალნენ, ვილემი მეფუნთუშე გახდა,
რემბრანდტზე უმცროსი ლისბეტი, რომელსაც, როგორც ჩანს,დედის, ლეიდენის, წარჩინებული
ოჯახის შვილის, ლისბეტ რეიმპტიე კორნელისდოხტერ ვან ბანხემის პატივსაცემად დაარქვეს ეს
სახელი, მტკიცე რეფორმისტი გახდა და კალვინისტობა მიიღო. ლეიდენს რაინის ერთ-ერთი ტოტი
კვეთდა, რომელსაც ქალაქში მისივე სახელს ეძახდნენ. შემდეგ ორ ტოტად - ოუდე(ძველ) და
ნიეუვე(ახალ) რაინად იყოფოდა და ნაწილდებოდა რამდენიმე არხად, რომელთა ტოტებიც ქალაქის
გულში იყრიდა თავს. სწორედ ამ მდინარიდან იღებს სათავეს რემბრანდტის გვარი, სახელს ვან
რაინი კი საფუძვლად დაედო მამამისის ქარის წისქვილი, რომელიც ძველი რაინის ნაპირზე იდგა.
1613-1620 წლებში რემბრანდტმა დაწყებითი განათლება ლათინურ სასწავლებელში მიიღო.
როგორც ამას დავთრის ჩანაწერი “Rembrandus Hermanni Leydensis an. 14 stud[iosus] Litt[erratum]
apud parentes” მოწმობს, 1620 წლის 20 მაისს მამამისს იგი ლეიდენის უნივერსიტეტში ჩაუწერია,
მაგრამ რემბრანდტის მოწოდება ლიტერატურა არ იყო, როგორც მამამისს ეგონა. რამდენიმე თვის
შემდეგ მან უნივერსიტეტი დატოვა.

1.2
პირველი ფუნჯები
1621 – 1623 წლებში მეწისქვილის ვაჟი მხატვარ იაკობ ისაკსზონ ვან სვანენბიურხს (1571-1638)
დაემოწაფა. მხატვარს ლეიდენში დაბრუნებამდე მრავალი წელი იტალიაში გაუტარებია და
რენესანსის ტრფიალს ცოლად სილამაზით განთქმული ნექპოლელი მენატურე მარგარიტა
კორდონა შეურთავს. მალე რენესანსის იდეებით გამსჭვალული რემბრანდტი, რომელსაც, როგორც
ჩანს, უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა მხატვარი გამოსულიყო, იტალიანისტ იაკობ სიმონსზონ პინასს
(1585 – 1648) დაემოწაფა. 1624 წელს რემბრანდტი ამსტერდამში დასახლდა, სადაც ექვსი თვის
განმავლობაში დადიოდა პეტერ პეტერსზონ ლასტმანის (1583 – 1633) სახელოსნოში. 1610 წელს
ეს მხატვარი იტალიაშ დაბრუნდა და ხშირად თანამშრომლობდა კარავაჯოსა და მის შეგირდებთან.
როცა რემბრანდტი მასთან მივიდა, ლასტმანი ერთ-ერთი დიდად დაფასებული ხელოვანი იყო და
ისტორიულ თემებს ხატავდა. რემბრანდტი იმავე წელს დაბრუნდა ლეიდენში და სწავლა იორის
ვან სხოტენთან (1587 – 1651) განაგრძო. რამდენიმე თვის შემდეგ კი ვედესტეგში, მშობლების
სახლში, სახელოსნო მოიწყო. მომავალ, 1625 წელს “მეწისქვილისის ვაჟმა” თავისი პირველი
დათარიღებული ტილო, “წმინდა სტეფანეს ჩაქოლვა” დახატა. 1626 წელს რემბრანდტი
თანამოქალაქესა და თითმის თანატოლს, იან ლივენსს (1607 – 1674) დაუმეგობრდა. ისიც
ლასტმანის ნამოწაფარი იყო და მასთან საზიარო სახელოსნოც ჰქონია არა მხოლოდ საერთო
“იტალიური” გემოვნების, არამედ მატერიალური მიზეზების გამოც.
1626 წელს იურისკონსულტმა და ხელოვნებათმცოდნე არენტ ვან ბუშელმა, რომელიც უფრო
არნოლდ ბუშელიუს უტრეხტელის სახელითაა ცნობილი, გამოაქვეყნა Res pictoriare, რომელშიც
პირველ კომენტარს ვხვდებით რემბრანდტის ფერწერაზე: “Molitoris […] Leidensis filius magnin fit,
sed ante tempus” (“დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ლეიდენელი მეწისქვილის ვაჟს, მაგრამ ეს ცოტა
ნაადრევია”).

1.3
პირველი პერიოდი
“წმინდა სტეფანეს ჩაქოლვის” შექმნაში, სავარაუდოდ, მხატვრის მეგობარი იან ლივენსიც
მონაწილეობდა. ამ ტილოთი დაიწყო რემბრანდტმა რელიგიური თემატიკის ხატვა, რაც არასოდეს
შეუწყვეტია. მიუხედავად იმისა, რომ ტილოზე სინათლე მკვეთრად გამოხატული კარავაჯოსეული
შუქრჩდილებითაა დამუშავებული, მაინც აშკარაა საკუთარი სტილის ძიება. “წმინდა სტეფანეს
ჩაქოლვის” დინამიზმი წინგადადგმული ნაბიჯია რემბრანდტის ახალგაზრდობის დროინდელ
შემოქმედებაში, იგი მუდამ ერთგული იყო ლასტმანის ქრომატიზმისა, რომლის გავლენასაც წლების
განმავლობაში განიცდიდა. რემბრანდტმა იმავე სტილში დახატა “ანამ ტობი თიკნის ქურდობაში
დაადანაშაულა”, “ეგვიპტიდან გამოსვლა” და “იესო ტაძრიდან ერეკება ვაჭრებს”. ლეიდენის
პერიოდის შემდეგ რემბრანდტმა ისეთი ოსტატობით დაიწყო გრავიურების ხატვა, რომ ამ ჟანრში
ყველა დროის უდიდეს წარმომადგენლად დარჩა.

You might also like