You are on page 1of 13

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო

მეხუთე სექცია

საქმე „აღდგომელაშვილი და ჯაფარიძე საქართველოს წინააღმდეგ“

(საჩივარი №7224/11)
გადაწყვეტილება
მუხლი 14 (+3) • დისკრიმინაცია • დამამცირებელი მოპყრობა • ლგბტ თემის მხარდამჭერი
არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისის ჩხრეკის დროს პოლიციელთა მხრიდან განხორციელებული
ძალადობრივი ქმედებებები, მოტივირებული ჰომოფობიური ან/და ტრანსფობიური სიძულვილით •
ღირსების განზრახ შელახვა და დამცირება სიძულვილის ენის გამოყენებითა და შეურაცხყოფით •
ფიზიკური ძალის გამოყენებისა და მომჩივნების სექსუალური ორიენტაციის გასაჯაროების მუქარა •
შესაბამისი ოქმის შედეგენის გარეშე და გაუმართლებელი სრული ჩხრეკის ჩატარება • ეფექტური
გამოძიების არარსებობა

სტრასბურგი

2020 წლის 8 ოქტომბერი

საბოლოო

08/01/2021

წინამდებარე გადაწყვეტილება გახდა საბოლოო კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.
ის შეიძლება დაექვემდებაროს რედაქციულ შესწორებას.

საქმეზე „აღდგომელაშვილი და ჯაფარიძე საქართველოს წინააღმდეგ“,

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (მეხუთე სექცია) პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

სიოფრა ო’ლირი, თავმჯდომარე,


გაბრიელე კუჩკო-შტადლმაიერი,
განა იუდკივსკა,
მარტინშ მიტსი,
ლადო ჭანტურია,
ანია საიბერტ-ფორი,
მატიას გუიომარი, მოსამართლეები,
და ვიქტორ სოლოვეიჩიკი, სექციის განმწესრიგებელი,

გაითვალისწინა რა:

საქართველოს ორი მოქალაქის – ქ-ნ ეკატერინე აღდგომელაშვილისა („პირველი მომჩივანი“) და ქ-ნ


თინათინ ჯაფარიძის („მეორე მომჩივანი“) მიერ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა
დაცვის კონვენციის („კონვენცია“) 34-ე მუხლის შესაბამისად 2011 წლის 25 იანვარს საქართველოს
წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილი საჩივარი;

საჩივრის თაობაზე საქართველოს მთავრობისთვის („მთავრობა“) შეტყობინების გაგზავნის


გადაწყვეტილება;

მხარეთა პოზიციები;
http://www.matsne.gov.ge
2020 წლის 15 სექტემბრის დახურული თათბირის შემდეგ,

გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც იმავე დღეს იქნა მიღებული:

შესავალი

1. საჩივარი ეხება მომჩივნების მიმართ სავარაუდო დისკრიმინაციულ არასათანადო მოპყრობას


პოლიციის მხრიდან ( რეალური ან/და მათ მიმართ ნავარაუდევი სექსუალური ორიენტაციისა და
გენდერული იდენტობის საფუძველზე) და ეფექტური შიდა გამოძიების არარსებობას, რომლის
საშუალებითაც შესაძლებელი იქნებოდა, სხვა ფაქტორებთან ერთად, გამოაშკარავებულიყო, თუ რა
როლი ითამაშა არასათანადო მოპყრობაში ჰომოფობიურმა ან/და ტრანსფობიურმა მოტივებმა.
მომჩივნები ეყრდნობიან კონვენციის მე-3, მე-8 და მე-14 მუხლებსა და მე-12 დამატებითი ოქმის 1-ლ
მუხლს.

ფაქტები

2. პირველი მომჩივანი დაიბადა 1969 წელს, ხოლო მეორე მომჩივანი – 1979 წელს. ორივე ცხოვრობს
თბილისში. თავდაპირველად მათ წარმოადგენდა სამი ქართველი ადვოკატისა და ერთი ბრიტანელი
ადვოკატისგან შემდგარი ჯგუფი (ბ-ნი ლ. ჭინჭარაული, ქ-ნი ა. თვარაძე, ქ-ნი ს. ჯაფარიძე და ქ-ნი ჯ.
სოიერი), ხოლო შემდგომ ოთხი ბრიტანელი ადვოკატი (ბ-ნი ფ. ლიჩი, ქ-ნი ჯ. ივენსი, ბ-ნი ჯ. გავრონი
და ქ-ნი კ. ლევინი).

3. მთავრობას წარმოადგენდა სახელმწიფო წარმომადგენელი იუსტიციის სამინისტროდან, ბ-ნი ლ.


მესხორაძე.

4. პირველი მომჩივანი არის ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანების (ლბგტ)


მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციის – ფონდ ინკლუზივის – დამაარსებელი საქართველოში.
ფონდი მიზნად ისახავს საქართველოში ლგბტ თემის ინტეგრაციის ხელშეწყობას მისი დაცვის,
ჰომოფობიის დაძლევისა და ჯგუფის სამოქალაქო საქმიანობის გაძლიერების გზით. ქვემოთ აღწერილი
მოვლენების განვითარების პერიოდში (იხილეთ პარაგრაფები 6-17 ქვემოთ), პირველი მომჩივანი
პროგრამის მენეჯერად ნახევარ განაკვეთზე მუშაობდა ფონდ ინკლუზივში და დირექტორის
არყოფნისას ასრულებდა ორგანიზაციის დირექტორის მოვალეობას, ხოლო მეორე მომჩივანი მუშაობდა
პროგრამის ოფიცრად და უძღვებოდა ოფისის ადმინისტრაციას.

5. საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც მომჩივნებმა წარმოადგინეს და მთავრობას სადავო არ


გაუხდია, შეიძლება შემდეგნაირად შეჯამდეს.

I. 2009 წლის 15 დეკემბრის ინციდენტთან დაკავშირებული გარემოებები

A. ინციდენტის ზოგადი აღწერა, შეჯამებული მოწმეთა წერილობითი ჩვენებების საფუძველზე

6. 2009 წლის 15 დეკემბერს დაახლოებით რვა-ათი ქალი შეკრებილი იყო ფონდ ინკლუზივის ოფისში,
თბილისში, მოახლოებული სამხატვრო გამოფენის მოსამზადებლად. ისინი მუშაობდნენ ოფისის
სამზარეულოში. ოფისში ასევე იმყოფებოდა პ.ს., ფონდ ინკლუზივის დირექტორი.

7. დაახლოებით საღამოს 6-7 საათზე კარზე ზარის ხმა გაისმა. კარის გაღებისთანავე ოფისში
სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული, ჩვიდმეტამდე მამაკაცი და ქალი შეიჭრა. მათ თავი პოლიციელებად
წარადგინეს, პ.ს. იკითხეს და ის ცალკე ოთახში გაიყვანეს დასაკითხად. სამზარეულოში მყოფ ყველა
ქალს უბრძანეს, გასულიყვნენ შეხვედრების ოთახში. სამზარეულოში დატოვეს მხოლოდ ა.მ.,
ტრანსგენდერი ქალი, რადგან, როგორც ჩანს, პოლიციას გაუჭირდა მისი სქესის განსაზღვრა.
პოლიციელებმა განაცხადეს, რომ ფონდ ინკლუზივის ოფისში მივიდნენ ჩხრეკის ჩასატარებლად.
ოფისში მყოფი ქალების მხრიდან არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, მათ არ წარმოუდგენიათ
ჩხრეკის ორდერი ან რაიმე სხვა სასამართლო ბრძანება.

8. ჩხრეკის დასაწყისში ცხადი იყო, რომ პოლიციას არ ჰქონდა ინფორმაცია არასამთავრობო


ორგანიზაციის სპეციფიკური ბუნების შესახებ. პოლიციის ოფიცრებმა ამის შესახებ ჩხრეკის
http://www.matsne.gov.ge
მიმდინარეობისას შეიტყვეს, როდესაც ოფისის კედლებზე ჰომოსექსუალი წყვილების ამსახველი
სხვადასხვა „პლაკატი“ დაინახეს. ისინი დაინტერესდნენ ფონდ ინკლუზივის საქმიანობით და როდესაც
მიხვდნენ, რომ ლგბტ თემის მხარდამჭერი ორგანიზაციის შენობაში იმყოფებოდნენ, მოულოდნელად
აგრესიულები გახდნენ და ჰომოფობიური დამოკიდებულების გამოვლენა დაიწყეს. აღნიშნულის
შემდგომ შეხვედრების ოთახში მყოფ ქალბატონებს პოლიციის ოფიცრები უწოდებდნენ
„არაქართველებს“, „ავადმყოფებს“ და „გარყვნილებს, რომელთაც სამედიცინო მკურნალობა
სჭირდებათ“. რაც შეეხება პ.ს.-ს, პოლიციელებს აინტერესებდათ, რა საერთო ჰქონდათ ფონდ
ინკლუზივის ოფისში მყოფ ქალებს ამ „პედერასტთან“.

9. ზოგიერთი პოლიციელი ოფისში შეკრებილ ქალებს ემუქრებოდა, რომ მათ სექსუალურ ორიენტაციას
საზოგადოებას, მათ მშობლებსა და ნათესავებს გაუმჟღავნებდა. ასევე, იმუქრებოდნენ მათი ოჯახის
წევრებისთვის ზიანის მიყენებით. პოლიციის ოფიცრები ამბობდნენ, რომ სურდათ ოფისში შეკრებილი
პირები მამაკაცები ყოფილიყვნენ, რადგან ასეთ შემთხვევაში მათ ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ.
ერთ-ერთმა პოლიციის ოფიცერმა შეხვედრების ოთახში კედლიდან ერთმანეთს ჩახუტებული ორი
მამაკაცის „პლაკატი“ ჩამოხია, ნაკუწებად აქცია, და დამატებით განაცხადა, რომ ადგილს ცეცხლს
მისცემდა, ასანთი რომ ჰქონოდა. იმ დაშვებით, რომ ა.მ. მამაკაცი იყო (იხილეთ პარაგრაფი 7 ზემოთ),
მამრობითი სქესის პოლიციის ოფიცრებმა მასთან დამეგობრება სცადეს და დამცინავად გამოჰკითხეს,
(საერთოდ) ინტერესდებოდნენ თუ არა შეხვედრების ოთახში მყოფი ქალები მამაკაცებით.

10. ჩხრეკისას არასამთავრობო ორგანიზაციის დირექტორის – პ.ს.-ს სამუშაო მაგიდაში კანაფი იპოვეს.
პ.ს. დააპატიმრეს და დაუყოვნებლივ გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში შემდგომი დაკითხვის
მიზნით. შედეგად, პ.ს.-ს ბრალად „ნარკოდანაშაული“ წაუყენეს, რაც მან აღიარა და საპროცესო
შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლეს, ჯარიმის გადახდის პირობით.

11. დაახლოებით საღამოს 10:30 საათზე, ამჯერადაც ფონდ ინკლუზივის ოფისში მყოფი ქალებისთვის
რაიმე განმარტების ან მათი უფლებების შესახებ ინფორმირების გარეშე, პოლიციელებმა გამოაცხადეს,
რომ ზოგიერთი მათგანი სრულად უნდა გაეჩხრიკათ. მხოლოდ ა.მ. და ორი სხვა ქალი არ გაჩხრიკეს.
სრული ჩხრეკა ჩატარდა ოფისის საპირფარეშოში მდედრობითი სქესის პოლიციის ოფიცრების მიერ.
ქალების უმეტესობა გაჩხრიკეს ორ-სამკაციან ჯგუფებად, ზოგიერთს კი საცვლების გახდაც მოსთხოვეს.
მათ ცივ იატაკზე ფეხშიშველებს უწევდათ დგომა, სანამ პოლიციელები ჩხრეკდნენ ცილისმწამებლური
შენიშვნების თანხლებით, მაგალითად, „ლესბოსელები“. ყველა ქალი გრძნობდა, რომ, რეალურად,
სრული ჩხრეკა მათი ღირსების შესალახად ჩატარდა, რამდენადაც პოლიციის ოფიცრები, რომლებიც
ჩხრეკას აწარმოებდნენ, ნაკლებად აქცევდნენ ყურადღებას ტანსაცმელს, რომლის გახდასაც ქალებისგან
მოითხოვდნენ.

12. დაახლოებით საღამოს 11:30 საათზე, სანამ ქალებს, მათ შორის, მომჩივნებს, გაუშვებდნენ,
პოლიციამ ჩამოწერა მათი სახელები და დაბადების თარიღები, თუმცა მათთვის არ მოუთხოვია
რაიმეზე ხელის მოწერა. არ არსებობდა რაიმე ვარაუდი, რომ მომჩივნები ან სხვა ქალები, რომლებიც
იმყოფებოდნენ ოფისში იმ დღეს, მონაწილეობდნენ ნარკოტიკებთან დაკავშირებულ დანაშაულში,
რისთვისაც პ.ს. შემდგომში იქნა მსჯავრდებული (იხილეთ პარაგრაფი 10 ზემოთ).

B. პირველი მომჩივნის მონათხრობი 2009 წლის 15 დეკემბრის ინციდენტის დროს მისი


ინდივიდუალური მდგომარეობის შესახებ

13. 2009 წლის 15 დეკემბერს პირველი მომჩივანი ფონდ ინკლუზივის ოფისში დაახლოებით საღამოს 8
საათზე მივიდა. როგორც კი მან ოფისის კარი გააღო, უბრალო შავ ტანსაცმელში ჩაცმულმა მამაკაცმა
ხელისკვრით შეხვედრების ოთახში შეიყვანა. პირველმა მომჩივანმა, როგორც კი მიხვდა, რომ პოლიცია
ოფისში ჩხრეკას ატარებდა, ჩხრეკის ორდერი მოითხოვა. ჩხრეკაზე პასუხისმგებელმა პოლიციის
უფროსმა ოფიცერმა, დ.კ.-მ, რომლის ვინაობაც მოგვიანებით დადგინდა, უპასუხა, რომ ისინი
აწარმოებდნენ საგამოძიებო მოქმედებას მიღებული (დაზვერვის მიერ მოპოვებული) ინფორმაციის
საფუძველზე და პოლიცია ვალდებული არ იყო, ჩხრეკის ორდერი წარმოედგინა. ამის შემდეგ დ.კ.-მ
პირველ მომჩივანს მობილური ტელეფონის მისთვის გადაცემა მოსთხოვა, რაზეც მომჩივანმა უარი
განაცხადა და დაჟინებით მოითხოვა, რომ ჰქონდა დარეკვის უფლება. ამის შემდეგ კი დ.კ. პირველ
მომჩივანს ხელში სწვდა, მკლავი გადაუგრიხა და საბოლოოდ მაინც მოახერხა მობილური ტელეფონის
ჩამორთმევა.

14. პირველმა მომჩივანმა გაიგონა, თუ როგორ იყენებდნენ პოლიციელები გამოთქმებს: „გარყვნილები“,


http://www.matsne.gov.ge
„ავადმყოფები“ და „ლესბოსელები“. დახეული „პლაკატი“ რომ დაინახა, იკითხა, თუ ვინ დახია,. დ.კ.-მ
კი უპასუხა, რომ „პლაკატი“ მან დახია, რადგან ასე სურდა.

15. აღნიშნულის შემდეგ ორმა პოლიციელმა პირველი მომჩივანი სრულად გაჩხრიკა ოფისის
საპირფარეშოში. მომჩივნისთვის არ განუმარტავთ ჩხრეკის მიზეზები. პირველ მომჩივანს ჰქონდა
განცდა, რომ სრული ჩხრეკა მისი ღირსების შელახვას ემსახურებოდა, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ
მას საცვლის გახდაც უბრძანეს, პოლიციელებს მისი ტანსაცმელი არ გაუჩხრეკიათ. საპირფარეშოში
პოლიციელები ქალებს სხვადასხვაგვარად შეურაცხყოფდნენ (იხილეთ პარაგრაფები 8 და 11 ზემოთ).
პოლიციელების შენიშვნებისა და მთელი ვითარების გამო პირველმა მომჩივანმა თავი
ღირსებაშელახულად იგრძნო. მან საპირფარეშოში ხუთ წუთამდე დაჰყო. არ შედგენილა სრული
ჩხრეკის ჩატარების შესახებ შესაბამისი ოქმი და მისთვის არც რაიმე სხვა დოკუმენტზე ხელის მოწერა
მოუთხოვიათ.

C. მეორე მომჩივნის მონათხრობი 2009 წლის 15 დეკემბრის ინციდენტის დროს მისი ინდივიდუალური
მდგომარეობის შესახებ

16. მეორე მომჩივანი ფონდ ინკლუზივის ოფისში დაახლოებით საღამოს 9 საათზე მივიდა. მან
მეგობრისგან უკვე იცოდა, რომ იქ პოლიცია იმოფებოდა. ოფისში შესულს ყველაფერი თავდაყირა
დახვდა: ავეჯი გადაადგილებული, ფორტეპიანო დაშლილი და სხვა ნივთები კი იატაკზე
მიმოფანტული იყო. სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული უამრავი უცხო ადამიანი დადიოდა ოფისში,
მობილურზე საუბრობდა ან, უბრალოდ, იჯდა. ერთ-ერთმა პოლიციელმა მეორე მომჩივანი ნების
საწინააღმდეგოდ, ხელის კვრით შეხვედრების ოთახში შეიყვანა, სადაც მან შენიშნა, რომ ზოგიერთი
ქალი შეშინებული იყო და ტიროდა. მეორე მომჩივანმა შეხვედრების ოთახში ყოფნისას გაიგო, რომ
პოლიციის ოფიცრებმა ოფისში ნარკოტიკული საშუალებები იპოვეს.

17. აღნიშნულის შემდეგ ორმა მდედრობითი სქესის პოლიციელმა მეორე მომჩივანი და მისი და
სრულად გაჩხრიკა საპირფარეშოში. პირველი მომჩივნის მსგავსად (იხილეთ პარაგრაფი 15 ზემოთ)
მასაც ისეთი განცდა ჰქონდა, რომ სრული ჩხრეკა მისი და მისი დის ღირსების შესალახად ჩატარდა,
რადგან, მიუხედავად იმისა, რომ გახდა უბრძანეს, პოლიციელებს სათანადოდ არც შეუმოწმებიათ
ტანსაცმელი, რომელიც მათ გაახდევინეს. მეორე მომჩივანმა საპირფარეშოში დაახლოებით ხუთ
წუთამდე დაჰყო. არ შედგენილა სრულ ჩხრეკასთან დაკავშირებით შესაბამისი ოქმი და მისთვის არც
რაიმე სხვა დოკუმენტზე ხელის მოწერა მოუთხოვიათ.

II. 2009 წლის 15 დეკემბერს პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების სავარაუდოდ ბოროტად


გამოყენების ფაქტის გამოძიება

18. 2010 წლის 9 იანვარს მომჩივნებმა საქართველოს მთავარ პროკურატურაში (შემდგომში „მთავარი
პროკურატურა“), ქალაქ თბილისის პროკურატურაში (შემდგომში „თბილისის პროკურატურა“) და
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსთან (შემდგომში „შსს-ს გენერალური
ინსპექცია“) შეიტანეს საჩივარი, სადაც ჩამოთვლილი იყო ფონდ ინკლუზივის ოფისის ჩხრეკისას
პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტები და რომელშიც ისინი
ხელისუფლების ორგანოებისგან საკითხის შესწავლას და შესაბამის რეაგირებას მოითხოვდნენ.

19. მომჩივნების 2010 წლის 9 იანვრის წერილი მთავარმა პროკურატურამ შემდგომი მოკვლევისთვის
თბილისის პროკურატურასა და შსს-ს გენერალურ ინსპექციას 2010 წლის 12 და 22 იანვარს,
შესაბამისად, გადაუგზავნა.

20. 2010 წლის 8 თებერვალს მომჩივნებმა შსს-ს გენერალურ ინსპექციასა და მთავარ პროკურატურას
მათ მიერ 2010 წლის 9 იანვარს წარდგენილი საჩივრის შესახებ ინფორმაციის მიწოდება მოსთხოვეს.
ისინი ცალსახად ითხოვდნენ, საგამოძიებო ორგანოებს გაეთვალისწინებინათ, რომ ქალების მიმართ
ნავარაუდევმა სექსუალურმა ორიენტაციამ და გენდერულმა იდენტობამ გავლენა იქონია პოლიციის
ქცევაზე.

21. 2010 წლის 19 აპრილს მომჩივნებმა თბილისის პროკურატურისგან დაზარალებულის სტატუსის


მინიჭება მოითხოვეს; ასევე მოითხოვეს, რომ დაკითხულიყვნენ.

22. 2010 წლის 25 ივნისს მომჩივნებმა თბილისის პროკურატურას კითხვით მიმართეს, თუ რატომ არ
http://www.matsne.gov.ge
პასუხობდნენ მათ წინა საჩივრებზე. მომჩივნებმა კიდევ ერთხელ გაამახვილეს პროკურატურის
ყურადღება შიდა კანონმდებლობისა და კონვენციის დარღვევებზე, რასაც ჩხრეკისას ჰქონდა ადგილი.
მათ აინტერესებდათ, დაიწყო თუ არა გამოძიება 2010 წლის 9 იანვრის საჩივრის საფუძველზე და თუ
არა, ითხოვდნენ, რომ დაუყოვნებლივ დაწყებულიყო მოკვლევა. ასევე ითხოვდნენ დაზარალებულის
სტატუსის მინიჭებას და 2009 წლის 15 დეკემბერს პოლიციის მიერ განხორციელებული რეიდის დროს
ფონდ ინკლუზივის ოფისში მყოფ სხვა ქალებთან ერთად დაკითხვას. წერილს ერთვოდა მომჩივნებისა
და თვითმხილველების დეტალური წერილობითი განცხადებები, სადაც დაწვრილებით იყო აღწერილი
პოლიციის მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ფაქტები.

23. 2011 წლის 16 მარტს მომჩივნებმა კიდევ ერთხელ მისწერეს თბილისის პროკურატურას. მათ
მიუთითეს სამართალდამცავი ორგანოებისათვის იქამდე წარდგენილი ყველა განცხადების შესახებ და
აღნიშნეს, რომ არცერთ მათგანზე პასუხი არ მიუღიათ. მომჩივნებმა პროკურატურას კიდევ ერთხელ
შეახსენეს შიდა კანონმდებლობითა და კონვენციით განსაზღვრული პოზიტიური ვალდებულებები,
რომლებიც ითვალისწინებენ ეფექტური გამოძიების ჩატარებას, რომელსაც შედეგად მოჰყვება
კონვენციის მე-3, მე-8 და მე-14 მუხლების საწინააღმდეგო მოპყრობაზე პასუხისმგებელი პირების
გასამართლება და დასჯა.

24. 2011 წლის 14 აპრილს მომჩივნებმა თბილისის პროკურორისგან მიიღეს წერილი, რომელიც მათ
ატყობინებდა, რომ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით
მიმდინარეობდა (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება). იმდენად, რამდენადაც წერილში
არ იყო მითითებული გამოძიების დაწყების თარიღი და არც რაიმე ინფორმაცია, განხორციელებული
კონკრეტული საგამოძიებო ღონისძიებების შესახებ, მომჩივნებმა 2011 წლის 27 მაისს თბილისის
პროკურატურას დამატებითი მოთხოვნით მიმართეს.

25. 2011 წლის 28 ივნისს მომჩივნებმა თბილისის პროკურატურიდან კიდევ ერთი წერილი მიიღეს,
რომელიც კიდევ ერთხელ ატყობინებდა მათ, რომ საქმეზე წინასასამართლო გამოძიება საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით მიმდინარეობდა. წერილის თანახმად, „წინამდებარე
სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით უკვე განხორციელდა რიგი ადრეული საგამოძიებო
ღონისძიებები. საქმის სრულყოფილი გამოძიების მიზნით კი დაგეგმილია და განხორციელდება სხვა
შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიებები“. სხვა სახის ინფორმაცია წერილში არ იყო წარმოდგენილი.

26. საქმის მასალების მიხედვით, პოლიციელების მიერ უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო


ფაქტების გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. საქმის ხელმისაწვდომი მასალები არ მიუთითებს,
განხორციელდა თუ არა სხვა საგამოძიებო ღონისძიებები, გარდა ზემოხსენებული ღონისძიებებისა.

შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო და საერთაშორისო დოკუმენტები

27. შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა და საერთაშორისო დოკუმენტები საქართველოში ლგბტ


თემთან დაკავშირებული ვითარების შესახებ სრულყოფილადაა შეჯამებული საქმეზე იდენტობა და
სხვები საქართველოს წინააღმდეგ (No. 73235/12, 2015 წლის 12 მაისი) სასამართლოს მიერ გამოტანილი
გადაწყვეტილების 30-39-ე პარაგრაფებში.

სამართალი

I. მთავრობის მოთხოვნა კონვენციის 37-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად საჩივრის განსახილველ
საქმეთა ნუსხიდან ამორიცხვის შესახებ

28. მთავრობამ წარადგინა ცალმხრივი დეკლარაცია, რომლითაც მოითხოვა, სასამართლოს კონვენციის


37-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად ამოერიცხა წინამდებარე საჩივარი განსახილველ საქმეთა
ნუსხიდან. მომჩივნებმა აღნიშნეს, რომ დეკლარაციის პირობები არ ითვალისწინებდა საკმარის
დაკმაყოფილებას მომჩივნებისთვის.

29. სასამართლოს პრაქტიკაში დადგენილი კრიტერიუმების გათვალისწინებით, ეს უკანასკნელი


მიიჩნევს, რომ მთავრობის მიერ წარდგენილ ცალმხრივ დეკლარაციაში არ არის წარმოდგენილი
საკმარისი საფუძველი იმისათვის, რომ დავასკვნათ, რომ კონვენციით განსაზღვრული ადამიანის
უფლებების პატივისცემა სასამართლოსგან საქმის განხილვის გაგრძელებას არ მოითხოვს (37-ე მუხლის
1-ლი პუნქტი in fine). შესაბამისად, სასამართლო უარს ამბობს მთავრობის მოთხოვნის
http://www.matsne.gov.ge
დაკმაყოფილებაზე საჩივრის განსახილველი საქმეების ნუსხიდან ამორიცხვასთან დაკავშირებით და
საქმის არსებითი მხარის შესწავლას გააგრძელებს (იხილეთ საქმე ტაჰსინ აკარი თურქეთის წინააღმდეგ
(პირველადი პრეტენზიები) [GC], no. 26307/95, § 75, ECHR 2003-VI).

II. კონვენციის მე-3 და მე-14 მუხლების სავარაუდო დარღვევა

30. მომჩივნები ჩიოდნენ კონვენციის მე-3 მუხლზე დაყრდნობით, როგორც ცალკე, ისე მე-14 მუხლთან
ერთობლიობაში, რომ 2009 წლის 15 დეკემბერს ფონდ ინკლუზივის ოფისის ჩხრეკისას ისინი
დაექვემდებარნენ არასათანადო მოპყრობას პოლიციელების მხრიდან; რომ არ განხორციელდა
ეფექტური გამოძიება პოლიციის მიერ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებთან დაკავშირებით;
რომ მოპასუხე სახელმწიფოს ნეგატიური და პოზიტიური ვალდებულებების შეუსრულებლობა
განპირობებული იყო შესაბამისი ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების დისკრიმინაციული
დამოკიდებულებით მომჩივანთა რეალური ან/და მათ მიმართ ნავარაუდები სექსუალური
ორიენტაციის ან/და მათი ლგბტ თემთან დაკავშირებული საქმიანობის მიმართ. მითითებული
დებულებები იკითხება შემდეგნაირად:

მუხლი 3

„ადამიანის წამება, არაადამიანური თუ დამამცირებელი დასჯა ან მასთან ასეთი მოპყრობა დაუშვებელია“.

მუხლი 14

„ამ კონვენციით გაცხადებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის


გარეშე სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის,
ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა ნიშნის განურჩევლად.“

A. მისაღებობა

31. მთავრობას არ წარუდგენია პირველადი პრეტენზია საჩივრის მისაღებობასთან დაკავშირებით.

32. სასამართლო აღნიშნავს, რომ საჩივარი არც აშკარად დაუსაბუთებელია და არც კონვენციის 35-ე
მუხლში ჩამოთვლილი სხვა რაიმე საფუძვლით არის მიუღებელი. ამდენად, ის მისაღებად უნდა იქნეს
ცნობილი.

B. საქმის არსებითი მხარე

1. მხარეთა არგუმენტები

33. მთავრობას სადავო არ გაუხდია 2009 წლის 15 დეკემბერს ფონდ ინკლუზივის ოფისში პოლიციის
მიერ ჩატარებულ ჩხრეკასთან დაკავშირებით მომჩივნების მიერ წარმოდგენილი ფაქტები (იხილეთ
პარაგრაფები 6-17 ზემოთ) და არ წარუდგენია განსახილველი მოვლენების ალტერნატიული ვერსია.
მისი პოზიცია შემოიფარგლა მხოლოდ იმის მტკიცებით, რომ პოლიციის ოფიცერთა მიერ
განხორციელებული მოქმედებები არ აღწევდა სისასტიკის მინიმალურ ზღვარს, კონვენციის მე-3
მუხლის ფარგლებში.

34. მომჩივნებმა უპასუხეს, რომ არსებობდა საკმარისი და რელევანტური ფაქტორების ერთობლიობა –


მათ მიმართ აშკარა დისკრიმინაციული განზრახვით, სექსუალური ორიენტაციის ან/და გენდერული
იდენტობის საფუძველზე განხორციელებული ფიზიკური და ფსიქიკური ძალადობა – რის გამოც
მოპყრობა, რომელსაც ისინი დაექვემდებარნენ, საკმარისად სასტიკი იყო იმისათვის, რომ კონვენციის
მე-3 მუხლის ფარგლებში დადგენილი შესაბამისი ზღვრისთვის მიეღწია. ისინი კვლავ ჩიოდნენ, რომ
მოპასუხე სახელმწიფომ ვერ დააკმაყოფილა პროცედურული ვალდებულებები და ხაზს უსვამდნენ,
რომ პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტის გამოძიება 2011 წლიდან
მიმდინარეობდა (იხილეთ პარაგრაფი 24 ზემოთ), მაგრამ წინსვლა არ შეინიშნებოდა.

2. სასამართლოს შეფასება

a. საქმის ფარგლები

http://www.matsne.gov.ge
35. სასამართლო მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს საერთაშორისო პასუხისმგებლობა მისი
წარმომადგენლების მიერ სიძულვილით მოტივირებული ძალადობის ჩადენისთვის და მისი
ვალდებულება, გამოიძიოს შესაძლო კავშირის არსებობა დისკრიმინაციულ მოტივსა და ძალადობის
ფაქტს შორის, შესაძლებელია მოექცეს კონვენციის მე-3 მუხლის არსებით და პროცედურულ
ასპექტებში, თუმცა, ასევე, შესაძლებელია წარმოადგენდეს კონვენციის მე-14 მუხლში განსაზღვრული
სახელმწიფოს ვალდებულებების ნაწილს, რომ დაიცვას მე-3 მუხლში განმტკიცებული ფუნდამენტური
ღირებულებები ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე (იხილეთ, მაგალითად, საქმე ბეკოსი და
კუტროპულოსი საბერძნეთის წინააღმდეგ, no. 15250/02, §§ 4555 და 63-75, ECHR 2005XIII (ამონარიდები
), და საქმე ციორკანი და სხვები რუმინეთის წინააღმდეგ, no. 29414/09 და 44841/09, §§ 139-151 და 156-
157, 2015 წლის 27 იანვარი). ზემოაღნიშნულ ორ დებულებას შორის ურთიერთკავშირის არსებობის
გამო, ისეთი საკითხები, როგორიც წინამდებარე საქმეშია წარმოდგენილი, შესაძლებელია, მართლაც
მხოლოდ ერთი ნორმის მიხედვით იქნეს განხილული, მეორე ნორმასთან დაკავშირებული საკითხის
წამოჭრის გარეშე, ან შესაძლებელია, ერთდროულად ორივე მუხლის მიხედვით განხილვას
საჭიროებდეს. ეს არის საკითხი, რომელიც უნდა გადაიჭრას ყოველი საქმის კონკრეტული ფაქტობრივი
გარემოებებიდან და ბრალდებების ხასიათიდან გამომდინარე (იხილეთ საქმე იდენტობა და სხვები
საქართველოს წინააღმდეგ, no. 73235/12, § 63, 2015 წლის 12 მაისი და საქმე ბ.ს. ესპანეთის წინააღმდეგ,
no. 47159/08, §§ 5963, 2012 წლის 24 ივლისი).

36. წინამდებარე საქმის კონკრეტულ გარემოებებთან დაკავშირებით, იმ ბრალდების


გათვალისწინებით, რომ პოლიციის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ჰომოფობიური
მოტივები ჰქონდა, რაც გამოძიების მსვლელობისას უგულებელყოფილ იქნა ხელისუფლების
ორგანოების მხრიდან, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის განხილვისთვის ყველაზე მიზანშეწონილია,
მომჩივანთა მოთხოვნების განხილვა, ორმაგად ერთობლიობაში კონვენციის მე-3 და მე-14 მუხლების
მიხედვით (იხილეთ საქმე იდენტობა და სხვები, ციტირებულია ზემოთ, § 64, და საქმე მ.ს. და ა.ს.
რუმინეთის წინააღმდეგ, no. 12060/12, § 106, 2016 წლის 12 აპრილი). ამასთან, სასამართლო
მართებულად მიიჩნევს, დაიწყოს საჩივარში წარმოდგენილი საფუძვლების შესწავლა და, პირველ
რიგში, განიხილოს გამოძიების არაეფექტურობასთან დაკავშირებული პრეტენზია, შემდეგ კი
სახელმწიფოს შესაძლო პასუხისმგებლობის საკითხი, სავარაუდო არასათანადო მოპყრობასთან
დაკავშირებით.

b. გამოძიების სავარაუდო არაეფექტურობა

(i) ზოგადი პრინციპები

37. სახელმწიფოს ზოგადი მოვალეობის გათვალისწინებით, როგორც ეს განსაზღვრულია კონვენციის 1-


ლ მუხლში, რომ სახელმწიფო „ყველასათვის [თავისი] იურისდიქციის ფარგლებში უზრუნველყოფს ამ
კონვენციაში განსაზღვრულ უფლებებსა და თავისუფლებებს“, მე-3 მუხლის დებულებები ირიბად
მოითხოვს, რომ უნდა არსებობდეს გარკვეული ეფექტური ოფიციალური გამოძიება, რომლის
ფარგლებშიც ინდივიდი შეძლებს წარადგინოს დამაჯერებელი მტკიცება/განაცხადი, რომ მის მიმართ,
მათ შორის, პოლიციის ან სხვა მსგავსი ორგანოების მხრიდან განხორციელდა მე-3 მუხლის
საწინააღმდეგო მოპყრობა. გამოძიება რომ „ეფექტურად“ იქნეს მიჩნეული, მან, პრინციპში, უნდა
დაადგინოს საქმეში არსებული ფაქტები, გამოავლინოს და, საჭიროების შემთხვევაში, დასაჯოს
პასუხისმგებელი პირები. ამ ვალდებულებაში არ მოიაზრება შედეგები, რომლებიც უნდა იქნეს
მიღწეული, არამედ საშუალებები, რომლებიც უნდა იქნეს გამოყენებული. საჭიროა, ხელისუფლების
ორგანოებმა გადადგან გონივრულად განხორციელებადი ნაბიჯები, რათა უზრუნველყონ
ინციდენტთან დაკავშირებული მტკიცებულებების მოპოვება, მათ შორის, თვითმხილველი მოწმეების
ჩვენებების, სასამართლო ექსპერტიზის დასკვნის და ა.შ. გამოძიების ნებისმიერი ხარვეზი, რის გამოც
ის ვერ ახერხებს ზიანის გამომწვევი მიზეზის ან პასუხისმგებელი პირების ვინაობის დადგენას, ქმნის
ამ სტანდარტის დარღვევის რისკს და ამ კონტექსტში იგულისხმება სისწრაფისა და სათანადო
ოპერატიულობის მოთხოვნა. კონვენციის მე-3 მუხლის ფარგლებში განხილულ საქმეებში, სადაც
საკითხი დგას ოფიციალური გამოძიების ეფექტურობასთან დაკავშირებით, სასამართლო ხშირად
აფასებს, მოახდინეს თუ არა სწრაფი რეაგირება ხელისუფლების ორგანოებმა საჩივრებზე შესაბამის
დროს. ამ კუთხით სასამართლო ითვალისწინებს გამოძიებების დაწყებას, ჩვენებების დაგვიანებით
მიღების შემთხვევებსა და წინასწარი გამოძიების ხანგრძლივობას (იხილეთ საქმე ბუიდი ბელგიის
წინააღმდეგ [GC], no. 23380/09, §§ 116 და 119-123, ECHR 2015; საქმე მოკანუ და სხვები, მოკანუ და
სხვები რუმინეთის წინააღმდეგ [GC], nos. 10865/09 და 2 სხვა, § 323, ECHR 2014 (ამონარიდები); და საქმე
იდენტობა და სხვები, ციტირებულია ზემოთ, § 66). ხელისუფლების ორგანოების მხრიდან სწრაფი
http://www.matsne.gov.ge
რეაგირება არასათანადო მოპყრობის ბრალდების გამოძიებისას, ზოგადად, შესაძლებელია განხილულ
იქნეს, როგორც არსებითი მნიშვნელობის მქონე ხელისუფლების მიერ კანონის უზენაესობის დაცვისა
და მართლსაწინააღმდეგო ქმედებებში რაიმე სახის მონაწილეობის ან მათი შეწყნარების
პრევენციისადმი საზოგადოებრივი ნდობის შესანარჩუნებლად. ამგვარი ქმედებებისადმი
ხელისუფლების ორგანოების შემწყნარებლობა ძირს უთხრის საზოგადოებრივ ნდობას, კანონიერების
პრინციპისა და სახელმწიფოს მიერ კანონის უზენაესობის დაცვისადმი (იხილეთ საქმე იეჰოვას
მოწმეების გლდანის მრევლის წევრები და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, no. 71156/01, § 97, 2007
წლის 3 მაისი).

38. ძალადობრივი შემთხვევების გამოძიებისას, როგორიც არის არასათანადო მოპყრობა, სახელმწიფო


ორგანოები ვალდებულნი არიან, მიიღონ ყველა გონივრული ზომა, რათა გამოააშკარავონ შესაძლო
დისკრიმინაციული მოტივები, რაც, როგორც სასამართლო აღიარებს, რთული ამოცანაა. ძალადობრივი
აქტის შესაძლო დისკრიმინაციული მოტივების გამოძიების ვალდებულება არის მოპასუხე
სახელმწიფოს ვალდებულება, იხმაროს ყველა ღონე, მაგრამ არ არის აბსოლუტური. ხელისუფლების
ორგანოებმა უნდა მიიღონ ყველა მიზანშეწონილი ზომა მტკიცებულებების მოსაპოვებლად და
უზრუნველსაყოფად, სიმართლის გამოვლენისთვის ყველა პრაქტიკული საშუალების მოსაძიებლად და
სრულად დასაბუთებული, მიუკერძოებელი და ობიექტური გადაწყვეტილებების მისაღებად, და
ამასთან მათ არ უნდა გამორჩეთ საეჭვო ფაქტები, რომლებიც შესაძლოა, მიანიშნებდეს, მაგალითად,
რასობრივი ან რელიგიური შეუწყნარებლობით გამოწვეულ ძალადობაზე, ან გენდერული ნიშნით
დისკრიმინაციით განპირობებულ ძალადობაზე (იხილეთ საქმე ნაჩოვა და სხვები ბულგარეთის
წინააღმდეგ [GC], no. 43577/98 და 43579/98, § 160, ECHR 2005-VII; საქმე იეჰოვას მოწმეების გლდანის
მრევლის წევრები და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, ციტირებულია ზემოთ, §§ 139-42; და საქმე
მუდრიკი მოლდოვის რესპუბლიკის წინააღმდეგ, no. 74839/10, §§ 60-64, 2013 წლის 16 ივლისი).

(ii) ზემოაღნიშნული პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმეში

39. სასამართლო აღნიშნავს, რომ 2010 წლის 9 იანვარს მომჩივნებმა სისხლისსამართლებრივი საჩივარი
შეიტანეს პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, ერთი თვის შემდეგ კი
ხელისუფლების ორგანოებისგან ცალსახად მოითხოვეს, გაეთვალისწინებინათ პოლიციის ქცევის
სავარაუდო დისკრიმინაციული ასპექტები (იხილეთ პარაგრაფები 18 და 20 ზემოთ). მიუხედავად ამისა,
მთავრობას არ უჩვენებია, რომ თუნდაც ერთი საგამოძიებო მოქმედება როდესმე განხორციელდა.
ნებისმიერ შემთხვევაში, დღემდე, პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტის
გამოძიებას შედეგად არ მოჰყოლია რაიმე დასკვნა. ამგვარი დაუშვებელი დაგვიანება თავისთავად
შეუთავსებელია კონვენციის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ სახელმწიფოს ვალდებულებასთან,
აწარმოოს ეფექტური გამოძიება, განსაკუთრებით, როდესაც მომჩივნების მიმართ სავარაუდო
არასათანადო მოპყრობის ჩამდენი პირების გამოვლენა სირთულეს არ წარმოადგენდა (შეადარეთ,
მაგალითად, საქმე მ.ს. და ა.ს., ციტირებულია ზემოთ, §§ 121-2, და საქმე იეჰოვას მოწმეების გლდანის
მრევლის წევრები და სხვები, ციტირებულია ზემოთ, §§ 118-124). არსებითად მომჩივნებიც არ ყოფილან
ჩართულნი სისხლის სამართლის გამოძიებაში, რამდენადაც ისინი არც უღიარებიათ
დაზარალებულებად, მიუხედავად აღნიშნულთან მიმართებით მათი მრავალგზის მოთხოვნისა
(იხილეთ პარაგრაფები 21 და 22 ზემოთ და შეადარეთ, მაგალითად, საქმე იდენტობა და სხვები,
ციტირებულია ზემოთ, § 75, და საქმე ბეღელური საქართველოს წინააღმდეგ, no. 28490/02, § 140, 2014
წლის 7 ოქტომბერი).

40. რაც უფრო მნიშვნელოვანია, სასამართლო მიიჩნევს, რომ გამოძიების გაჭიანურებამ გამოააშკარავა
ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების დიდი ხნის უუნარობა, რაც ასევე შესაძლოა აღქმულ იქნეს
სურვილის არქონად, შეესწავლათ, თუ რა როლი ითამაშა ჰომოფობიურმა ან/და ტრანსფობიურმა
მოტივებმა პოლიციის მხრიდან, სავარაუდოდ, უფლებამოსილების გადამეტებაში. უკიდურესად
აუცილებელი იყო, ეფექტურად გამოკვლეულიყო, რამდენად იყო შესაძლებელი, პოლიციელების
ქცევის განმაპირობებელი ფაქტორი დისკრიმინაცია ყოფილიყო, თუ გავითვალისწინებთ ქვეყანაში
მოცემულ პერიოდში ლგბტ თემის მიმართ მტრული დამოკიდებულების ჯეროვნად დადასტურებულ
შემთხვევებს (იხილეთ პარაგრაფი 46 ქვემოთ) და მომჩივნების პრეტენზიებს, რომლებიც ეხებოდა
პოლიციელების მხიდან ინციდენტის დროს სიძულვილის ენის გამოყენებას (შეადარეთ, საქმე
იდენტობა და სხვები, ციტირებულია ზემოთ, § 77, და საქმე მ.ს. და ა.ს., ციტირებულია ზემოთ, § 124).

41. აქედან გამომდინარე, სასამართლო ადგენს, რომ პოლიციის მხრიდან დისკრიმინაციული


განზრახვით არასათანადო მოპყრობის შესახებ მომჩივნების ბრალდებების გამოძიება ეროვნულ
http://www.matsne.gov.ge
დონეზე არაეფექტური იყო, ვინაიდან მთავრობას არ უჩვენებია, რომ პრაქტიკაში განხორციელდა
თუნდაც ერთი საგამოძიებო ღონისძიება. შესაბამისად, დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლი
პროცედურულ ნაწილში, მე-14 მუხლთან ერთობლიობაში.

c. სავარაუდო არასათანადო მოპყრობა

(i) ზოგადი პრინციპები

42. სასამართლო იმეორებს, რომ არ შეიძლება, მე-3 მუხლის მოქმედება ვრცელდებოდეს მხოლოდ
ფიზიკური არასათანადო მოპყრობის აქტებზე; ის ასევე მოიცავს ფსიქოლოგიურ ტანჯვას. შესაბამისად,
მოპყრობა შესაძლოა დაკვალიფიცირდეს, როგორც „დამამცირებელი“ – და ამდენად, მოექცეს
კონვენციის მე-3 მუხლში განსაზღვრული აკრძალვის ფარგლებში თუ ის დაზარალებულში იწვევს
შიშს, ტანჯვასა და არასრულფასოვნების განცდას, თუ ის ღირსებას ულახავს ან ამცირებს ინდივიდს
თავად მსხვერპლის თვალში ან/და სხვა ადამიანების თვალში, მიუხედავად იმისა, იყო თუ არა ეს
მიზანი, თუ ის არღვევს პირის ფიზიკურ თუ მორალურ მდგრადობას ან აიძულებს მას, იმოქმედოს
საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, ან თუ ის გამოხატავს უპატივცემულობას ან აკნინებს ადამიანის
ღირსებას (იხილეთ საქმე მ.ს. და ა.ს., ციტირებულია ზემოთ, § 108, სხვა წყაროებთან ერთად). ამასთან,
როდესაც ინდივიდს სამართალდამცავები უპირისპირდებიან, ფიზიკური ძალის ნებისმიერი
გამოყენება, რაც არ იყო განპირობებული პირის ქცევით გამოწვეული აუცილებელი საჭიროებით,
აკნინებს ადამიანის ღირსებას. სიტყვა „პრინციპში“ არ უნდა გავიგოთ ისე, რომ შესაძლოა, არსებობდეს
სიტუაცია, როდესაც ამგვარი დარღვევა არ უნდა დადგინდეს, რადგან ქმედებას არ მიუღწევია
სისასტიკის შესაბამისი ზღვრისთვის. ვინაიდან ადამიანის ღირსების შელახვა ეწინააღმდეგება თავად
კონვენციის ძირითად არსს, სამართალდამცავების ნებისმიერი ქმედება ინდივიდის მიმართ, რომელიც
აკნინებს ადამიანის ღირსებას, მიიჩნევა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევად (იხილეთ, მაგალითად,
საქმე ბუიდი, ციტირებულია ზემოთ, §§ 100 და 101, და, ასევე, საქმე ჟერდევი უკრაინის წინააღმდეგ, no.
34015/07, § 86, 2017 წლის 27 აპრილი).

43. კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევის შესახებ საჩივართან დაკავშირებული მტკიცებულების


შეფასებისას სასამართლო იყენებს „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტს. მიუხედავად ამისა, მისი
მიზანი არასდროს ყოფილა, გადმოეღო ეროვნული სამართლებრივი სისტემების მიდგომა, რომლებიც
იყენებენ ამ სტანდარტს. მისი დანიშნულება არ არის გადაწყვეტილება მიიღოს სისხლისსამართლებრივ
ბრალდებაზე ან სამოქალაქო ვალდებულებაზე, არამედ იგი გადაწყვეტილებას იღებს ხელშემკვრელი
სახელმწიფოების პასუხისმგებლობაზე, რომელიც განსაზღვრულია კონვენციით. მის წინაშე
წარმოებული პროცედურების ფარგლებში სასამართლო არ აწესებს პროცედურულ ბარიერებს
მტკიცებულებათა მისაღებობაზე ან წინასწარ განსაზღვრულ ფორმულას მისი შეფასებისთვის. მას
გამოაქვს დასკვნები, რომლებიც, მისი შეხედულებით, ემყარება ყველა მტკიცებულების თავისუფალ
შეფასებას, მათ შორის, ისეთი დასკვნებიც, რომლებიც შესაძლოა გამომდინარეობდეს ფაქტებიდან და
მხარეების მიერ წარდგენილი პოზიციებიდან. დადგენილი პრეცედენტული სამართლის მიხედვით,
სასამართლოს მტკიცება შესაძლოა ემყარებოდეს საკმარისად ძლიერი, მკაფიო და შეთანხმებული
დასკვნების ან აღნიშნულის მსგავსი გაუბათილებელი ფაქტის პრეზუმფციების ერთობლიობას.
ამასთან, დამაჯერებლობის ხარისხი, რომელიც საჭიროა კონკრეტული დასკვნის გამოსატანად და ამ
კუთხით მტკიცების ტვირთის განაწილება, არსებითად დაკავშირებულია ფაქტების
სპეციფიკურობასთან, ბრალდების ბუნებასა და კონვენციით დაცულ უფლებასთან, რომლის დაღვევის
რისკი არსებობს. როდესაც განსახილველი მოვლენები მთლიანად ან დიდწილად მხოლოდ
ხელისუფლების ორგანოებისთვისაა ცნობილი, მტკიცების ტვირთი ეკისრება მთავრობას, რომელმაც
უნდა წარმოადგინოს დამაკმაყოფილებელი და დამაჯერებელი ახსნა-განმარტება შესაბამისი
მტკიცებულებებით, რომელთა საფუძველზე დადგენილი ფაქტები ეჭვქვეშ დააყენებს
დაზარალებულის მიერ წარმოდგენილ ვერსიას მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით. ამგვარი ახსნა-
განმარტების არარსებობის შემთხვევაში სასამართლოს მიერ გამოტანილი დასკვნები შესაძლოა
მთავრობისთვის არახელსაყრელი აღმოჩნდეს (იხილეთ საქმე ბუიდი, ციტირებულია ზემოთ, § 83;
საქმე ნაჩოვა და სხვები, ციტირებოული ზემოთ, § 147, ECHR 2005-VII; და საქმე ფარბტუჰსი ლატვიის
წინააღმდეგ, no. 4672/02, § 54, 2004 წლის 2 დეკემბერი).

44. ბოლოს, სასამართლო ხაზს უსვამს, რომ დისკრიმინაციული განზრახვით ჩადენილი ძალადობისა
და სისასტიკისადმი ისეთივე მიდგომა, როგორითაც უდგებიან ამგვარი ელფერის არმქონე საქმეებს,
მიუხედავად იმისა, სახელმწიფოს წარმომადგენლები არიან მათი ჩამდენი თუ კერძო პირები, იქნებოდა
თვალის დახუჭვა, იმ ქმედებების სპეციფიკურ ბუნებაზე, რომლებიც განსაკუთრებულად საზიანოა
http://www.matsne.gov.ge
ფუნდამენტური უფლებებისთვის. როდესაც ვერ ხდება არსებითად განსხვავებული სიტუაციების
განსხვავებული რეგულირება, აღნიშნულმა შეიძლება გამოიწვიოს გაუმართლებელი მოპყრობა,
რომელიც ეწინააღმდეგება კონვენციის მე-14 მუხლს (იხილეთ, მაგალითად, საქმე ბეღელური,
ციტირებულია ზემოთ, §§ 173 და 179)

(ii) ზემოაღნიშნული პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმეში

45. სასამართლო დასაწყისიდანვე აღნიშნავს, რომ მომჩივნების ვერსიას, 2009 წლის 15 დეკემბერს ფონდ
ინკლუზივის ოფისის ჩხრეკისას განვითარებული მოვლენების შესახებ, მთავრობა თავიდანვე არათუ
არ შეწინააღმდეგებია, არამედ შესაძლოა ითქვას, რომ დუმილით დაეთანხმა, იმის გათვალისწინებით,
რომ ის შეეწინააღმდეგა მხოლოდ ორი მომჩივნის მიერ კონვენციის მე-3 მუხლის ფარგლებში
წარდგენილ სამართლებრივ შეფასებას. აღნიშნულისა და ამასთან იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ
მოვლენებთან დაკავშირებით მომჩივნების ვერსიას ადასტურებს სხვა თვითმხილველთა მკაფიო,
თავსებადი და მსგავსად გაუბათილებელი ჩვენებები განსახილველ მოვლენებთან დაკავშირებით
(იხილეთ პარაგრაფები 6-12 ზემოთ), სასამართლო, რომელსაც დასკვნები გამოაქვს ხელმისაწვდომი
მასალისა და მხარეთა მიერ განხორციელებული ქმედებების საფუძველზე, და განსაკუთრებით,
ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების მიერ ინციდენტის გამოძიების განუხორციებლობის
საფუძველზე (იხილეთ პარაგრაფები 39-41 ზემოთ), ადგენს, რომ მომჩივნების მიერ წარდგენილი
ფაქტები საკმარისად დამაჯერებელია და შესაბამისად მიიჩნევა დადასტურებულად გონივრულ ეჭვს
მიღმა (იხილეთ, მაგალითად, საქმე ელ-მარსი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის
წინააღმდეგ [GC], no. 39630/09, §§ 164-167, ECHR 2012).

46. ზეამოაღნიშნულის გათვალისწინებით, საბოლოო საკითხი, რომელიც უნდა განისაზღვროს, არის


მოპასუხე სახელმწიფოს პასუხისმგებლობა პოლიციის მხრიდან 2009 წლის 15 დეკემბრის
ინციდენტისას ძალაუფლების გადამეტების ფაქტზე, კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, მე-14
მუხლთან ერთობლიობაში. ამ შეფასებისას პასუხი უნდა გაეცეს ორ ურთიერთდაკავშირებულ
შეკითხვას: (i) მიაღწია თუ არა სისასტიკის შესაბამის ზღვარს პოლიციელების სადავო ქმედებამ, რათა
მოექცეს კონვენციის მე-3 მუხლით გათვალისწინებული მოპყრობის ფარგლებში მე-14 მუხლთან
ერთობლიობაში; და (ii) იყო თუ არა ჰომოფობიური ან/და ტრანსფობიური სიძულვილი
პოლიციელების სადავო ქმედების გამომწვევი ფაქტორი (იხილეთ, მაგალითად, საქმე იდენტობა და
სხვები, ციტირებულია ზემოთ, § 71; საქმე მს. და ა.ს., ციტირებულია ზემოთ, § 119; საქმე ციორკანი და
სხვები, ციტირებულია ზემოთ, § 160; და საქმე ბეკოსი და კუტროპულოსი, ციტირებულია ზემოთ, § 64).

47. სასამართლო ცალსახად დადებითად პასუხობს ზემოაღნიშნულ ორივე კითხვას, 2009 წლის 15
დეკემბერს ფონდ ინკლუზივის ოფისის ჩხრეკისას პოლიციელების ქცევის გათვალისწინებით.
პოლიციელები განზრახ შეურაცხყოფდნენ და ამცირებდნენ მომჩივნებს, აგრეთვე მათ კოლეგებს,
მიმართავდნენ რა სიძულვილის ენას, ეძახდნენ „ავადმყოფებს“, „გარყვნილებს“ და „ლესბოსელებს“
ყველას გასაგონად, ვინც ოფისში იყო. პირად შეურაცხყოფასთან ერთად, ზოგიერთი პოლიციელის
ქცევა მომჩივნების მიმართ ასევე შეიცავდა მუქარის ელემენტებს. პოლიციელები უკიდურესად
არასათანადოდ ეპყრობოდნენ ფონდ ინკლუზივის ოფისში შეკრებილ ადამიანებს, მათ შორის, ორ
მომჩივანსაც, რომელთაგან ყველა მიეკუთვნებოდა ლგბტ თემს, რომელიც მოცემულ პერიოდში
ქვეყანაში რთულ ვითარებაში აღმოჩნდა (იხილეთ საქმე იდენტობა და სხვები, ციტირებულია ზემოთ, §
68). კერძოდ, პოლიციელები ემუქრებოდნენ, რომ გაახმაურებდნენ მათ რეალურ ან/და მიწერილ
სექსუალურ ორიენტაციას და ეუბნებოდნენ, რომ ისინი იმყოფებოდნენ მათ მიმართ ფიზიკური
ძალადობის გამოყენების ზღვარზე. ფიზიკური ძალის გამოყენების მუქარას მოჰყვა ერთ-ერთი
პოლიციის ოფიცრის განცხადება, რომ მას სურდა ამ ადგილის გადაწვა, ხოლო მეორე პოლიციელის
მიერ პირველი მომჩივნისთვის მობილური ტელეფონის ძალის გამოყენებით წართმევა (იხილეთ
პარაგრაფები 9 და 13 ზემოთ).

48. სასამართლო განსაკუთრებით შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ მომჩივნები და ზოგიერთი მათი


კოლეგა სრულად გაჩხრიკეს ფონდ ინკლუზივის ოფისის საპირფარეშოში (იხილეთ პარაგრაფები 11, 15
და 17 ზემოთ). არ შედგენილა ოქმი ან სხვა დოკუმენტი ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების
ინვაზიური მეთოდის შესახებ; პოლიციას არ განუმარტავს მომჩივნებისთვის სრული ჩხრეკის
მიზეზები და მოპასუხე მთავრობას არ მიუთითებია სასამართლოს წინაშე წარდგენილ პოზიციაში
რაიმე მიზეზის შესახებ. აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით სასამართლო იზიარებს
მომჩივნების შეხედულებას, რომ ჩხრეკას არ ჰქონდა საგამოძიებო ღირებულება და რომ მისი

http://www.matsne.gov.ge
ერთადერთი მიზანი იყო, მომჩივნებსა და სხვა ქალებს თავი შერცხვენილად და დამცირებულად
ეგრძნოთ და ასე დაესაჯათ ისინი ლგბტ თემთან კავშირისთვის; მდედრობით პოლიციელების
ჰომოფობიური შენიშვნები სრული ჩხრეკის ჩატარებისას შეიძლება მიჩნეულ იქნეს დამატებით
მტკიცებულებად, რომ ზემოხსენებული ქმედებების მიზანი შეურაცხყოფა იყო (იხილეთ პარაგრაფები
11 და 15 ზემოთ).

49. ზემოხსენებულის გათვალისწინებით სასამართლო ასკვნის, რომ პოლიციელების სრულიად


შეუსაბამო ქცევა 2009 წლის 15 დეკემბერს ფონდ ინკლუზივის ოფისის ჩხრეკისას მოტივირებული იყო
ჰომოფობიური ან/და ტრანსფობიური სიძულვილით და მომჩივნებში აუცილებლად უნდა გამოეწვია
შიშის, ტანჯვისა და დაუცველობის გრძნობა, რაც შეუთავსებელია (მათი) ადამიანური ღირსების
პატივისცემასთან. ამგვარი ქცევა აღწევს სისასტიკის მინიმალურ ზღვარს კონვენციის მე-3 მუხლის
ფარგლებში, მე-14 მუხლთან ერთობლიობაში.

50. ზემოხსენებული მსჯელობა საკმარისია იმისთვის, რომ სასამართლომ დაასკვნას კონვენციის მე-3
მუხლის დარღვევა, მის არსებით ნაწილში, მე-14 მუხლთან ერთობლიობაში.

III. კონვენციის სხვა სავარაუდო დარღვევები

51. კონვენციის მე-8 მუხლსა და მე-12 დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლზე დაყრდნობით მომჩივნებმა
განმეორებით წარადგინეს საჩივრები მათ მიმართ დისკრიმინაციული განზრახვით არასათანადო
მოპყრობისა და არაეფექტური გამოძიების შესახებ (იხილეთ პარაგრაფი 30 ზემოთ).

52. სასამართლო აღნიშნავს, რომ საჩივრის ეს ნაწილი დაკავშირებულია საკითხებთან, რომლებიც უკვე
განხილულია კონვენციის მე-3 და მე-14 მუხლების შესაბამისად. ამდენად, ის უნდა გამოცხადდეს
მისაღებად. თუმცა განსახილველი საკითხების არსებით მხარესთან დაკავშირებით მისი წინა
დასკვნების გათვალისწინებით (იხილეთ პარაგრაფები 39-41 და 45-50 ზემოთ), სასამართლო მიიჩნევს,
რომ საჭირო არ არის საჩივრის დანარჩენი ნაწილის ცალკე განხილვა (იხილეთ საქმე მ.ს. და საქმე ა.ს.,
ციტირებულია ზემოთ, § 126).

IV. კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება

53. კონვენციის 41-ე მუხლში ვკითხულობთ:

„თუ სასამართლო დაასკვნის, რომ დაირღვა კონვენციით ან მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლება, ხოლო შესაბამისი მაღალი
ხელშემკვრელი მხარის შიდა სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების
შემთხვევაში სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს“.

A. ზიანი

54. მომჩივნები ითხოვდნენ თითოეულისთვის 2000 ევროს გადახდას მორალური ზიანის


ასანაზღაურებლად. გარდა ამისა, ისინი ითხოვდნენ, სასამართლოს მიეთითებინა მოპასუხე
სახელმწიფოსთვის, რომ საჭირო იყო 2009 წლის 15 დეკემბერს პოლიციის მიერ უფლებამოსილების
გადამეტების ფაქტებთან დაკავშირებით ეფექტური გამოძიების ჩატარება.

55. მთავრობამ განაცხადა, რომ მოთხოვნა გადაჭარბებული იყო.

56. სამართლიანობის რიგი მოსაზრებების გათვალისწინებით სასამართლო თითოეულ მომჩივანს


მორალური ზიანის ასანაზღაურებლად მიაკუთვნებს მათ მიერ მოთხოვნილ 2000 ევროს, პლუს
ნებისმიერ გადასახადს, რომელიც შეიძლება დაეკისროთ აღნიშნულ თანხებთან დაკავშირებით.

57. რაც შეეხება მომჩივნების მოთხოვნას, რომ მოპასუხე სახელმწიფოს დაუწესდეს დამატებითი
ღონისძიება, სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ როდესაც სასამართლო ადგენს კონვენციის
ან მისი დამატებითი ოქმების დარღვევის ფაქტს, მოპასუხე სახელმწიფოს აკისრებს არა მხოლოდ
შესაბამისი თანხების გადახდის სამართლებრივ ვალდებულებას, სამართლიანი დაკმაყოფილების
სახით, არამედ, ასევე, ვალდებულებას, აირჩიოს ის ზოგადი ან/და, საჭიროების შემთხვევაში,
ინდივიდუალური ღონისძიებები, რომლებიც, მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობის ქვეშ,
მიღებული უნდა იქნეს ადგილობრივ დონეზე, რათა აღმოიფხვრას სასამართლოს მიერ დადგენილი
დარღვევები და ისე გამოასწოროს უარყოფითი შედეგები, რომ შეძლებისდაგვარად აღდგეს
http://www.matsne.gov.ge
დარღვევამდე არსებული მდგომარეობა (მაგალითად იხილეთ საქმე მაესტრი იტალიის წინააღმდეგ
[GC], no. 39748/98, § 47, ECHR 2004-I). შესაბამისად, ზემოხსენებული პრინციპების გათვალისწინებით
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეში მოპასუხე სახელმწიფომ, მინისტრთა კომიტეტის
ზედამხედველობის ქვეშ, უნდა აირჩიოს კონკრეტული საშუალებები, რომლებიც გამოყენებული უნდა
იქნეს ადგილობრივ დონეზე, რათა შეასრულოს კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებები,
მათ შორის, ვალდებულებები, რომლებიც დაკავშირებულია სისხლის სამართლის ეფექტური
გამოძიების ჩატარებასთან (იხილეთ,mutatis mutandis, საქმე აბუ ზუბაიდა ლიეტუვას წინააღმდეგ, no.
46454/11, §§ 682 და 683, 2018 წლის 31 მაისი).

B. ხარჯები

58. მომჩივნებმა მოითხოვეს 1,750 გირვანქა სტერლინგი (1 გირვანქა სტერლინგი – დაახლოებით 2,070
ევრო) მათი ერთ-ერთი ბრიტანელი ადვოკატის მიერ სასამართლოში მათ წარმომადგენლობასთან
დაკავშირებული ხარჯებისთვის (იხილეთ პარაგრაფი 2 ზემოთ). თანხის ოდენობა ეფუძნებოდა
საათების რაოდენობას, რომლის ფარგლებშიც ადვოკატმა იმუშავა საქმეზე (თერთმეტი საათი და
ორმოცი წუთი) და ადვოკატის მომსახურების საათობრივ განაკვეთს (150 გირვანქა სტერლინგი).
წარმოდგენილი არ ყოფილა შესაბამისი იურიდიული მომსახურების ხელშეკრულებების ასლები,
ანგარიშ-ფაქტურები, ვაუჩერები ან რაიმე სხვა დამხმარე ფინანსური დოკუმენტი.

59. მომჩივნები დამატებით ითხოვდნენ 388.30 გირვანქა სტერლინგს (დაახლოებით 460 ევროს)
საფოსტო ხარჯებისთვის, თარგმანთან დაკავშირებული ხარჯებისა და სხვა სახის ადმინისტრაციული
დანახარჯებისთვის, რომლებიც იმავე ბრიტანელმა ადვოკატმა გასწია. ამასთან დაკავშირებით მათ
წარმოადგინეს ადვოკატის სახელზე გაცემული შესაბამისი ანგარიშ-ფაქტურების ასლები.

60. მთავრობა ამტკიცებდა, რომ მოთხოვნები დაუსაბუთებელი და გადაჭარბებული იყო.

61. სასამართლო აღნიშნავს, რომ წარმომადგენლობითი ხარჯები რეალურად გაწეულად ითვლება, თუ


მომჩივანმა გადაიხადა ისინი ან ვალდებულია, გადაიხადოს. შესაბამისად, რეალურად გაწეულად არ
ითვლება იმ წარმომადგენლის გადასახადები, რომელიც მოქმედებდა უსასყიდლოდ. სხვაგვარად
რეგულირდება ისეთი შემთხვევები, როდესაც საქმე ეხება იმ წარმომადგენლის გადასახადებს,
რომელსაც უარი არ უთქვამს, მაგრამ არც რაიმე მოქმედება განუხორციელებია იმისთვის, რათა
ანაზღაურება გადახდილიყო ან, რომელმაც გადაავადა მისი გადახდა. გასამრჯელო, რომელსაც
წარმომადგენელს უხდიან პირობით გადახდის შესახებ შეთანხმების მიხედვით, რეალურად
გაღებულად ითლება მხოლოდ მაშინ, თუ ეს შეთანხმება ექვემდებარება აღსრულებას შესაბამის
იურისდიქციაში (იხილეთ საქმე მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ [GC], no. 72508/13, § 371, 2017
წლის 28 ნოემბერი). წინამდებარე საქმეში მომჩივნებს არ წარმოუდგენიათ დოკუმენტები, რომლებიც
ადასტურებს, რომ მათ გადაიხადეს ან ჰქონდათ სამართლებრივი ვალდებულება, გადაეხადათ
თავიანთი ბრიტანელი წარმომადგენლისთვის გასამრჯელო ან დაეფარათ მის მიერ გაწეული
დანახარჯები. ამგვარი დოკუმენტების არარსებობის პირობებში, სასამართლოს არ აქვს საფუძველი,
დაადგინოს, რომ მომჩივნების მიერ მოთხოვნილი ხარჯები ნამდვილად იქნა გაღებული (იქვე., §§ 361-
62, 364-65 და 372-73, და საქმე ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ, no. 50375/07, §§ 105-
108, 2019 წლის 18 ივლისი; და საქმე გ.ს. საქართველოს წინააღმდეგ, no. 2361/13, § 110, 2015 წლის 21
ივლისი).

62. აქედან გამომდინარე, აღნიშნული მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

C. საურავი

63. სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ საურავის განაკვეთი განისაზღვროს ევროპის


ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთის მიხედვით, რასაც უნდა დაემატოს სამი
პროცენტი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო, ერთხმად,

1. უარყოფს მთავრობის მოთხოვნას, რომ საჩივარი ამორიცხოს განსახილველ საქმეთა ნუსხიდან;

http://www.matsne.gov.ge
2. აცხადებს საჩივარს მისაღებად;

3. ადგენს, რომ დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული ნაწილი მე-14 მუხლთან
ერთობლიობაში;

4. ადგენს, რომ დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლის არსებითი ნაწილი მე-14 მუხლთან ერთობლიობაში;

5. ადგენს, რომ არ არსებობს საჭიროება, განხილულ იქნეს საჩივრები კონვენციის მე-8 მუხლისა და
კონვენციის მე-12 დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის შესაბამისად;

6. ადგენს,

a. რომ მოპასუხე სახელმწიფომ კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების
ძალაში შესვლის დღიდან სამი თვის ვადაში, გადახდის დღეს არსებული კურსით, ეროვნულ
ვალუტაში, თითოეულ მომჩივანს უნდა გადაუხადოს 2000 ევრო მორალური ზიანისთვის და
დამატებით ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შეიძლება დაეკისროს მომჩივნებს;.

b. რომ ზემოხსენებული სამთვიანი ვადის ამოწურვიდან თანხის სრულ გადარიცხვამდე, გადასახდელ


თანხას საჯარიმო პერიოდის განმავლობაში დაერიცხება გადახდის დღეს მოქმედი, ევროპის
ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთის თანაბარი პროცენტები, რასაც დაემატება სამი
პროცენტი;

7. უარყოფს მომჩივნების მოთხოვნას სამართლიან დაკმაყოფილებაზე დანარჩენ ნაწილში.

შესრულებულია ინგლისურ ენაზე და მხარეებს ეცნობათ წერილობით 2020 წლის 8 ოქტომბერს,


სასამართლოს რეგლამენტის 77-ე წესის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად.

ვიქტორ სოლოვეიჩიკი სიოფრა ო’ლირი


განმწესრიგებელი თავმჯდომარე

http://www.matsne.gov.ge

You might also like