You are on page 1of 1

“სახალხო დემოკრატებმა” ნიკა ივანიშვილი თბილისის მერობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინეს

“სახალხო დემოკრატებმა” ნიკა ივანიშვილი თბილისის მერობის კანდიდატად დღეს ოფიციალურად წარადგინეს. “მინდა, გულწრფელად გითხრათ, რომ არ ვიქნები ჩემი სამეგობროს მერი. მე ვიქნები ყველა ვარკეთილელის, გლდანელის და ვაკელის მერი. მე არ დავდგამ მონუმენტს გმირთა მოედანზე თქვენთან მოთათბირების გარეშე. მე არ გავჩეხავ ვერეს ხეობას თქვენი თანხმობის გარეშე, ჩემს ქალაქში ვერავის დაიჭერენ პოლიტიკური შეხედულებების გამო, თბილისში არ იქნებიან მათხოვრები არა იმიტომ, რომ მათ ქალაქიდან გავყრი ან თვალს მოვაფარებ, არამედ იმიტომ, რომ მათ დავაპურებ. თუ თბილისში იქნებიან მათხოვრები, ხალხს დაიჭერენ პოლიტიკური შეხედულების გამო, იქნება განუკითხაობა და საკუთრების წართმევის ფაქტები, თუ მე და ჩემი თანამოაზრეები ამას ვერ მოვერევით, მე არ ვიქნები თბილისის მერი”, - განაცხადა ნიკა ივანიშვილმა კანდიდატურის წარდგენისას. მისივე თქმით, “სახალხო დემოკრატები” არ იქნება ერთი კაცის, ნიკა ივანიშვილის პარტია. ივანიშვილმა თხოვნით მიმართა მეგობრებს, თუკი მას ნდობას გამოუცხადებენ, იყოს ამ პარტიის პირველი ლიდერი. “პარტია ორიენტირებული იქნება ლიბერალურ ეკონომიკაზე და მყარ სოციალურ გარანტიებზე”,-აღნიშნა ივანიშვილმა. რაც შეეხება პარტიის სახელწოდებას “სახალხო დემოკრატები”, ივანიშვილის განმარტებით, 1918-1921 წლებში და 1990 წლიდან დღემდე სხვადასხვა მიზეზების გამო საქართველოში დემოკრატიული მმართველობა არ შედგა, ამიტომ ეს სახელწოდება თავისთავად გულისხმობს, რომ საქართველოს ისტორიაში ერთხელ და სამუდამოდ მიღწეული იყოს არჩევითი, წარმომადგენლობითი დემოკრატიის სრულფასოვანი განხორციელება. ივანიშვილმა ისაუბრა პარტიის ლოგოზეც, რომელზეც გამოსახულია სამი ზარი და აღნიშნა, რომ ზარი არის მარადისობის, სულიერების, ცოდნის, სიკეთის, ამაღლების და ქვეყნის წინაშე მდგომი უმძიმესი პრობლემების გადასაჭრელად ხალხის მოხმობის, გამოფხიზლების სიმბოლო. ნიკა ივანიშვილმა გამოსვლის დასასრულს პარტიული სიის ათეული წარადგინა, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ საკრებულოს მაჟორიტარულ არჩევნებში. ესენი არიან: მსახიობი ზაზა კოლელიშვილი, ოლიმპიური ჩემპიონი შოთა ხაბარელი, აგრეთვე, დავით ჭელიძე, სალომე ხაბალაშვილი, ანზორ ბაბუხაძე, ლალი მშვიდობაძე, ოთარ მანეჟაშვილი, ლევან კალანდაძე და სხვები. პარტიის პრეზენტაციას და ივანიშვილის მერობის კანდიდატად წარდგენს “შერატონ მეტეხი პალასში” სტუმრის სტატუსით ესწრებოდნენ რეზი არველაძე, გიორგი ისაკაძე, ნიკა ტაბატაძე და ლევან ყუბანეიშვილი.

You might also like