You are on page 1of 1

ნიკა ივანიშვილი თბილისის ბიუჯეტის არამიზნობრივ და უკანონო ხარჯვაზე საუბრობს

"სახალხო დემოკრატების" ლიდერი ნიკა ივანიშვილი კვლავ თბილისის ბიუჯეტის არამიზნობრივ და უკანონო ხარჯვაზე საუბრობს. "ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, თუ როგორ იყენებს დღეს ხელისუფლება და სახელისუფლებო კანდიდატები წინასაარჩევნოდ სახელისუფლებო ადმინისტრაციულ და ფინანსურ რესურსს. ასევე იმაზე, რომ არ შეიძლება ქალაქის ბიუჯეტი არაოპტიმალურად დავგეგმოთ, შემდეგ კანონდარღვევით ვხარჯოთ, გავწიოთ ბუნდოვანი და გაურკვეველი ხარჯები, მათ შორის გაურკვეველი მიზნებისათვის სოლიდური თანხები გამოვუყოთ კერძო პირებს და ამავდროულად ვამტკიცოთ, რომ ქალაქის ბიუჯეტის ხარჯვითი პოლიტიკა არის ეფექტური და სწორი", - განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ ამის ნათელი მაგალითები „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ ჩატარებულ ბოლოდროინდელ კვლევაში მრავლადაა აღწერილი. ივანიშვილი კიდევ ერთ სახელისუფლებო პროექტს შეეხო და მასთან დაკავშირებით "სახალხო დემოკრატების" პოზიციაც გააჟღერა. ესაა ე.წ. აეროპორტის რკინიგზის პროექტი, რომელიც, მისი თქმით, ასე ზარ-ზეიმით გაიხსნა, ხოლო დღეს, რატომღაც არავინ ახსენებს და მითუმეტეს, თავსაც ვეღარავინ იწონებს. ივანიშვილმა ისიც აღნიშნა, რომ ხელისუფლება მოსახლეობას ჰპირდებოდა, რომ ეს "უნიკალური სახელმწიფო პროექტი" მნიშვნელოვნად გააუმჯობესებდა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას და საგრძნობლად გააადვილებდა მგზავრების აეროპორტთან დაკავშირებას. "შედეგი არის ის რომ აეროპორტის რკინიგზის სადგური გაიხსნა, მაგრამ მისი მომსახურებით პრაქტიკულად არავინ სარგებლობს. დაპირება დასპირებად დარჩა. რატომ? ძალიან მარტივი მიზეზის გამო - ის არაპრაქტიკული და მოუხერხებელია ჩვენი მოქალაქეებისა და თბილისის სტუმრებისატვის. სინამდვილეში კი, არავის არ შეუწავლია ამ პროექტის შესაძლო ეფექტურობა და ამ კუთხით არანაირი მარკეტინგული კვლევა არ ჩატარებულა. არავის შეუსწავლია მისი ფინანსურ-ეკონომიკური მხარე. ანუ კვლავაც ტრადიცია გაგრძელდა და საქმე ნაჩქარევად, ზედაბირულად და ფასადურად გაკეთდა", განაცხადა ნიკა ივანიშვილმა. "სახალხო დემოკრატების" განსაკუთრებულ აღშფოთებას ამ პროექტის ღირებულება იწვევს. მათი თქმით, პროექტის განხორციელებაზე 13 მილიონი ლარი დაიხარჯა, რომელიც, ივანიშვილის თქმით, პრაქტიკულად ჰაერშია გადაყრილი. "მსგავსი გაუაზრებელი ხარჯების ფონზე, აგერ უკვე მრავალი წელია თბილისში დაუმთავრებელი და დაკონსერვებული გვაქვს მეტრო სადგურ უნივერსიტეტის მშენებლობა, რომელიც დიდი ხანია `არაშენდათა~ კატეგორიაში გადავიდა. ეს არის ობიექტი, რომელიც მართლაც სჭირდება თბილისს და რომლის ამოქმედებასაც მართლაც მნიშვნელოვანი სოციალური და ეკონომიკური ასპექტები აქვს. განსაკუთრებით კი თბილისის ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის სტუდენტებისათვის და ვაჟა-ფშაველას ზედა კვარტლების მოსახლეობისათვის", - განაცხადა ივანიშვილმა.

You might also like