You are on page 1of 2

"ვიზიტი კლინიკაში"

მარიამ ბენიძე

მედიცინის ფაკულტეტი,I კურსი,31-ე ჯგუფი


მარტივი ჭეშმარიტებაა,რომ ნებისმიერი თეორიული ცოდნა,რომელიც არ არის გამყარებული
რაიმე სახის პრაქტიკული გამოცდილებით,ვერ იქნება სანდო და გამოსადეგი პროფესიული
თვალსაზრისით.სწორედ ამიტომ ჩვენთვის,სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი კურსის
სტუდენტებისთვის,გათვალისწინებული იყო ორი ვიზიტი კლინიკა "კურაციოში",რომლებიც უკვე
გამოცდილი ექიმების სამუშაო პროცესზე დაკვირვების შედეგად ჩვენში სამომავლო პროფესიული
და კომუნიკაციური უნარ-ჩვევების გაღვივებას ისახავდა მიზნად.

კლინიკაში მისვლამდე ჩატარებული ორი თეორიული მეცადინეობის შედეგად ჩვენთვის უკვე


ცნობილი იყო,რომ "კურაციო" პირველადი ჯანდაცვის მრავალსპექტრიანი ამბულატორიული
ცენტრია,რომელიც პაციენტებს ფართო სერვისს სთავაზობს,როგორიცაა,მაგალითად : პირადი
ექიმის, პედიატრის,ვიწრო სპეციალისტების(ნევროლოგი,უროლოგი,ენდოკრინოლოგი,
გინეკოლოგი), დიაგნოსტიკური (ექოსკოპია,რენტგენი,კარდიოლოგიური დიაგნოსტიკა) და
ულტრათანამედრვე ლაბორატორიული მომსახურება.ყურადსაღებია ისიც,რომ ზემოთქმულ
პროცედურებზე კლინიკაში მოქმედებს "ჯი პი აი"-ს დაზღვევით გათვალისწინებული შეღავათიანი
ფასები,რაც მეტად ხელმისაწვდომს ხდის პაციენტებისთვის ჯანმრთელობის ხშირ
პროფილაქტიკას.ამ მცირედი თეორიული ცოდნის საფუძველზე კლინიკაში მისულს ბევრად
გამიადვილდა შეძლებისდაგვარად გავმხდარიყავი იქაური სამუშაო რეჟიმის ნაწილი და
დავკვირვებოდი კლინიკაში შექმნილ გარემოს,ურთიერთობებს პერსონალსა და პაციენტებს შორის.

კლინიკაში მისვლისთანავე დადებითად განმაწყო იქ შექმნილმა მშვიდმა და მეგობრულმა


გარემომ,რაც ვფიქრობ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორიც
კი არის საკუთარი ჯანმრთელობის პრობლემებით აფორიაქებული პაციენტებისთვის.მეტად
გასაკვირი და სასიამოვნო აღმოსაჩენი იყო ჩემთვის,რომ ხალხის სიმრავლისა და რიგების
მიუხედავად,კლინიკის პერსონალი როგორღაც ახერხებდა წესრიგისა და სამკურნალო
გარემოსთვის აუცილებელი სიმშვიდის შენარჩუნებას.ირგვლივ არსებული სიმყუდროვე და
დახმარებისკენ მოტივირებული მომღიმარი პერსონალი თავადაც ძალიან დამეხმარა,თავი მეგრძნო
შინაურულ გარემოში და ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მაქსიმალური კონცენტრაციით
დავკვირვებოდი სამუშაო პროცესს.განსაკუთრებით მომეწონა ისიც,რომ გვქონდა შესაძლებლობა,ამ
ორი ვიზიტის განმავლობაში დავსწრებოდით ორი სხვადასხვა ექიმის(მაკა ოყროშიძე,თამარ
ნიკოლაიშვილი)კონსულტაციებს,რამაც მრავალფეროვნება შემატა ჩემს გამოცდილებას.

მას შემდეგ რაც მოგვცეს ჩვენი ოთახის ნომრები,მოვირგეთ ხალათები და გავნაწილდით


სხვადასხვა პირადი ექიმის კაბინეტებში.იქ ექიმისა და მისი ასისტენტის ღიმილიანმა დახვედრამ
საბოლოოდ მომიხსნა ყოველგვარი დაძაბულობა და მეტიც,სურვილი გამიჩნდა,რაც შეიძლებოდა
უკეთ დავკვირვებოდი მათ სამუშაო პროცესს,ვერბალურ თუ არავერბალურ კომუნიკაციას
პაციენტებთან,გამეთავისებინა მათი პრობლემები და შეთავაზებული მკურნალობის გეგმის
საშუალებით მიმეღო პირველი პრაქტიკული გამოცდილება.მათ მიმითითეს სად უნდა
დამეკავებინა ადგილი და სანამ პირველ პაციენტს ველოდებოდით ამიხსნეს ელექტრონული
აღრიცხვის (EMR) დახვეწილი სისტემის შესახებ,თუ როგორ ფუნქციონირებს და რა
პრიორიტეტებით გამოირჩევა იგი.პირველივე პაციენტის გამოჩენისთანავე სასიამოვნოდ გამაოცა
ექიმის მეგობრულმა და უშუალო მიდგომამ,რაც,ვფიქრობ,კონსულტაციაზე ზედმეტი
დაძაბულობის მოხსნის უმთავრესი გარანტია.იგი გულმოდგინედ უსმენდა
პაციენტს,მაქსიმალურად ეხმარებოდა მას ჩივილებთან დაკავშირებული ყველა
დეტალის,გამოხატული სიმპტომების გახსენებასა და აღწერაში,რათა ოპტიმალურ დროში დაესვა
ზუსტი დიაგნოზი და ისევ პაციენტის ფიქოლოგიური თუ ეკონომიკური მდგომარეობის
გათვალისწინებით დაესახა სამკურნალო გეგმა.ექიმის ნათქვამ თითოეულ სიტყვასა და
მოქმედებაში უდიდესი სითბო,მზრუნველობა და თანადგომა იგრძნობოდა,რის შედეგად
მოპოვებულ ნდობასაც პაციენტებისგან მათი მკურნალის მიმართ ასევე მარტივად ვამჩნევდი.

კლინიკაში ყოფნის პერიოდში განსაკუთრებით დამამახსოვრდა ახალგაზრდა


გოგონა,რომელსაც ანემია დაუდგინდა,ამავდროულად ჰქონდა კუჭის წყლული,რისგან
გამოწვეული შინაგანი სისხლდენის გამოც იგი ერთი კვირა სტაციონარში იწვა.გოგონა საკუთარი
დიაგნოზით ზედმეტად იყო განერვიულებული და თითქოს უიმედო,რაც მდგომარეობას მეტად
ართულებდა.ექიმმა კი ჩემდა გასაოცრად შეძლო და ვერბალური თუ არავერბალური თბილი
მიდგომის შედეგად პაციენტი დაამშვიდა,დაარწმუნ,რომ არაფერი იყო უიმედო მის დიაგნოზში და
სწორი მკურნალობის შედეგად ის მალე უკეთ გახდებოდა.ამ შემთხვევამ კიდევ ერთხელ
დამარწმუნა თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ხშირად პაციენტისთვის იმედის მიცემას,რაც
უშუალოდ ექიმის კეთილგონიერებასა და უდიდეს ძალისხმევასთანაა დაკავშირებული.

ამ ორმა ვიზიტმა კლინიკაში "კურაციო",ვფიქრობ,უდიდესი სტიმული,გამოცდილება შემძინა


და,რაც მთავარია,ინტერესი გამიღვივა ჩემი მომავალი პროფესიისადმი.სწორედ ამიტომ
მივიჩნევ,რომ ეს დღეები თამამად შეიძლება ჩაითვალოს,როგორც საუკეთესო სტარტი ჩემი
თეორიული ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებაში.კლინიკა "კურაციო" კი ზუსტად ამართლებს
საკუთარი სახელის ეტიმოლოგიას,რადგან სიტყვა კურაციო,თავის მხრივ,მკურნალობასა და
ზრუნვას ნიშნავს.

You might also like