You are on page 1of 35

პაციენტთან კომუნიკაცია

წარმატებული მკურნალობის საფუძველი, გარდა ექიმის აკადემიური ცოდნისა და პრაქტიკული


უნარების ფლობისა, ექიმსა და პაციენტს შორის კომუნიკაციაა. კომუნიკაციის უნარები პროფესიონალი
სტომატოლოგის მნიშვნელოვანი ატრიბუტია. მაღალი კლასის იმიჯის შექმნა კომუნიკაციის ძირითადი
უნარების, დეონტოლოგიისა და ეთიკის პრინციპების ათვისების გარეშე შეუძლებელია. ურთიერთობის
კომპეტენტური სტილის დამკვიდრება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი დაავადებების მართვისას,
რომელთაც თან ძლიერი ტკივილი ახლავს, როცა სტომატოლოგი პირველად ხვდება ძლიერი, ინტენსიური
ტკივილებით შეწუხებულ /და შეშინებულ პაციენტს.
ადექვატური კომუნიკაციის უნარის მაჩვენებელი პაციენტის ნდობის მოპოვებაა.
სტომატოლოგიური მიღებისას აუცილებელია საუბარი პაციენტის პერსონაზე ფოკუსირებული
მიდგომით წარიმართოს. სწორედ პერსონაზე კონცენტრირებულ კომუნიკაციაზეა დამოკიდებული პაციენტის
ნდობის მოპოვება, რაც სტომატოლოგიური დახმარების ყოველი მომდევნო ეტაპის ეფექტურად წარმართვის
საფუძველია. მნიშვნელოვანია თანავუგრძნოთ პაციენტს, ვაგრძნობინოთ მის დასახმარებლად მზაობა,
ვანუგეშოთ (სპეციფიკური ფრაზეოლოგია და არავერბალური ჟესტებიც – თვალებით კონტაქტი, ღიმილი).
ექიმის კეთილგანწყობილი დამოკიდებულება (პაციენის პერსონაზე ფოკუსირებული) განაწყობს პაციენტს
გულახდილ საუბარზე.
საერთო სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნა ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია; ზოგადად
პაციენტის პირველი შთაბეჭდილება, ქვეცნობიერი მცირედი ნიუანსებიც კი (ინტერიერი –სისუფთავე,
თანამედროვე ლოჯისტიკა; სტომატოლოგისა და დამხმარე პერსონალის ვიზუალური მხარე –
მოწესრიგებული ვიზუალი; ექიმისადმი რესპექტაბელური დამოკიდებულება პერსონალის, კოლეგებისა და
სხა პაციენტების მხრივ და სხვა) ექიმისადმი პოზიტიურ და რესპექტაბელურ განწყობას ქმნის. ეს ყოველივე კი
მკურნალობის სასიამოვნო, სწრაფ და ეფექტური წარმართვის წინაპირობაა.

Ø პაციენტისა და ექიმის პირველი კომუნიკაცია გაცნობით იწყება. დასაწყისში ხდება: მისალმება, გაცნობა –
სახელის გამოკითხვა, თავის წარდგენა, ყურადღება მახვილდება პაციენტის კომფორტულ განთავსებაზე.
მეტად მნიშვნელოვანია პაციენტის შესახებ ზოგადი ინფორმაციის მოპოვება: ასაკი, პროფესია
(პროფესიული რისკ-ფაქტორების გასათვალისწინებლად), ზოგადი და თანმხლები დაავადებები; კვების
ხასიათი. მავნე ჩვევები (მოწევა, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარება); რა პრეპარატებს
ღებულობს; ალერგიული ანამნეზი - იმ მედიკამენტების ჩამონათვალი, რომლის მიმართაც აღენიშნება
ალერგიული რეაქცია.
Ø პულპიტის დიაგნოსტირების ძირითადი მეთოდებია:
- პაციენტის გამოკითხვა (ანამნეზის შეკრება): გამოკითხვისას მეტად მნიშვნელოვანია სწორი კითხვების
დასმა; კითხვების სწორი შერჩევა, პასუხების გულდასმით მოსმენა. სტომატოლოგმა უნდა
გაითვალსიწინოს დეონტოლოგიის პრინციპები. ასევე ყურადღებით მოუსმინოს პაციენტს, ამომწურავი
პასუხი გასცეს ყველა დასმულ კითხვაზე.

1
პაციენტის ჩივილების გამოკითხვისას აუცილებელია დადგინდეს:

- ტკივილის ხასიათი: (ინტენსიური, ყრუ)


- ტკივილის მიმდინარეობა (შეტევითი, მუდმივი)
- ტკივილის დრო (ღამის, დღის)
- ლოკალიზაცია (ირადირებული, ლოკალიზებული)
- ტკივილის მაპროვოცირებელი ფაქტორები (თვითნებითი, გამღიზიანებელ ფაქტორებზე)
- ტკივილის პირველი სიმპტომი როდის დაიწყო

მეტად მნიშვნელოვანია ინფორმაციის მოპოვება ადრე ჩატარებულ მკურნალობაზე და მის ეფექტურობაზე.


ა. კბილი ადრე არ არის ნამკურნალები. პაციენტმა პირველად მიმართა სტომატოლოგს. აღინიშნება
ღრმა კარიესული ღრუ
ბ. ადრე ჩატარებულია მკურნალობა, დიაგნოზით – კარიესი; რეციდიული კარიესი

Ø პაციენტის ჩივილებით (ტკივილის ხასიათის მიხედვით) შესაძლებელია დიაგნოზის დასმა. ჩირქოვანი


პულპიტის დროს აღინიშნება ინტენსიური, შეტევითი პულსირებადი ტკივილი, ხანმოკლე რემისიებით.
განსაკუთრებით შემაწუხებელია ღამის პერიოდი. პაციენტი ვერ მიუთითებს მიზეზობრივ კბილს, აღინიშნება
ტკივილის ირადიაცია. ზოგადი მდგომარეობა ტკივილის შედეგად გაურესებულია – შრომისუნარიანობა
დაქვეითებულია, აღინიშნება მადის დაქვეითება, ძილის რეჟიმი დარღვეულია, პაციენტს გატარებული
აქვს მძიმე უძილო ღამეები, აღენიშნება საერთო სისიუსტე. ხშირად პაციენტი მიუთითებს რომ დიდი
რაოდენობით ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებს იღებს.
Ø გამოკითხვის დროს ყურადღება ექცევა პაციენტის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას, ვიზუალურ მხარეს -
სახის სიმეტრია, სახის კანის შეფერილობა, ტუჩის წითელი ყაეთანის მდგომარეობა.
Ø ობიექტური გამოკვლევა /გამოკვლევის ობიექტური მეთოდები:
- გარეგანი დათვალიერება: (სახის ასიმეტრია არ აღინიშნება - გამოკითხვისას დაფიქსირდა)
- პირის ღრუს დათვალიერება (ლორწოვანი გარსისა და გარდამავალი ნაოჭის შემოწმება)
- კბილის (და/ან ბჟენის) დეფექტის ლოკალიზაციის და სიღრმის განსაზღვრა (კარიესული ღრუს (და/ან
ბჟენის) კლასის დადგენა, სიღმის დადგენა)
- ზონდირება (ტარდება კასრიესული ღრუს ზონდირება)
- პერკუსია
- პალპაცია
- მუკო-გინგივური სარტყელის (ფერულას) სტატუსის დადგენა

Ø გამოკვლევის დამატებითი მეთოდები:


- თერმოდიაგნოსტიკა
- ელექტროოდონტოდიაგნოსტიკა (კარდიოსტიმულატორის დროს უკუჩვენებაა)
- რენტგენოლოგიური გამოკვლევა - კარიესული ღრუს (და/ან ბჟენის) დიაგნოსტირება, სიღმე,
ლოკალიზაცია, დენტიკლების არსებობა, არხების რაოდენობისა და გამავლობის დადგენა,
პერიაპიკალური მიდამოს შემოწმება. არხების ტოპოგრაფიული ანატომიის განსაზღვრა ქვედა ყბის
არხისა და ჰაიმორის წიაღის მიმართებაში, კბილის ირგვლივი პაროდონტის ქსოვილების
მდგომარეობის დადგენა, რაც კბილის პროგნოზის განმსაზღვრელი ფაქტორია.

2
ü სტუდენტმა პაციენტს უნდა შესთავაზოს და დაუსაბუთოს რენტგენოლოგიური გამოკვლევის ჩატარების
აუცილებლობა. გარდა ამისა გააფთხილოს, რომ რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკა დაჭირდება
მკურნალობამდე, მკურნალობის პროცესში და მკურნალობის შემდეგ.
Ø დიფერენცირებული დიაგნოზის გატარება (მწვავე და გამწვავებული პულპიტი; მწვავე და გამწვავებული
პერიოდონტიტი, შემოსარტყლული ლიქენი, ალვეოლიტი, ნევრალგია, ჰაიმორიტი)
ü აუცილებელია პაციენტს განემარტოს, რომ ირადირებულ ზონაში ტკივილი (ყური, საფეთქელი, კეფა,
შუბლი) აღნიშნული კბილის პათოლოგიიდან მომდინარეობს, რომელიც მომენტალურად გაივლის
კბილის მკურნალობის შედეგად და დამატებითი ვიზიტი ოტორინოლარინგოლოგთან, თუ ნევროლოგთან
აღარ დაჭირდება
Ø დიაგნოზის დასმა თამანედროვე კლასიფიკაციების მიხედვით
Ø მკურნალობა:
ჩირქოვანი პულპიტის მკურნალობა უნდა წარიმართოს თანამედროვე გაიდლაინების სტანდარტების
მიხედვით. პულპის ანთების აღნიშნული სტადია ყველა სტომატოლოგიურ ნოზოლოგიათა შორის
განსაკუთრებით ძლიერი და გაუსაძლისი სიმტომოკომპლექსით გამოირჩევა. როგორც წესი ჩირქოვანი
პულპიტისას პაციენტის ძირითადი მოტივაცია ტკივილისგან განთავისუფლებაა. მკურნალობა გაუტკივარებასა
და ენდოდონტიურ ინვაზიას საჭიროებს, რაც ზოგ პაციენტში სტრესის მაპროვოცირებელი ფაქტორია. ამ დროს
მეტად მნიშვნელოვანია პაციენტის გამხნევება და მკურნალობისთვის მოტივაციის შექმნა. ექიმის კომპეტენციაა
პაციენტს დაუსაბუთოს ენდოდონტიური მკურნალობის აუცილებლობა, გასაგები ფრაზეოლოგიით მიაწოდოს
ინფორმაცია მკურნალობის გეგმის შესახებ. აუცილებელია მკურნალობის ყველა ალტერნატიული მეთოდის
შეთავაზება, დაავადების მკურნალობის რისკების და პროგნოზის იდენტიფიცირება, ზოგ შემთხვევაში
ხარჯთაღრიცხვაც კი. საჭიროა ექიმმა პაციენტს წინასწარ განუსაზღვროს ვიზიტები, კომპეტენტურად
განუმარტოს საიზოლაციო სისტემების (რაბერდამის სისტემის) გამოყენების აუცილებლობა. შესთავაზოს
მკურნალობა ანესთეზიის ქვეშ.
ü სტუდენტი უნდა ითვალისწინებდეს პაციენტების (რომელთაც არ აქვს რაბერდამით მკურნალობის
გამოცდილება) სუბიექტურ გაკვირვებას და/ან წინააღმდეგობას აღნიშნული ”ინოვაციური კონსტრუქციის
მიმართ” და მის სარგებელს არგუმენტირებულად უსაბუთებდეს პაციენტს (პირის ღრუს ორგანოებისა და
ქსოვილების დაზიანების რისკის აცილება; ასპირაციის საშიშროების მინიმიზაცია, ნერწყვისგან კბილის
სრულყოფილი იზოლაცია, მკურნალობის სწრაფი და ეფექტური წარმართვა)
ü კომუნიკაციის უნარის ფლობისას აუცილებელია სტუდენტმა წინასწარ აუხსნას პაციენტს ადგილობრივ
გაუტკივარების პროცედურასთან დაკავშირებული დისკომფორტი; განუმარტოს ანესთეზიის ეფექტის
გასვლამდე უსაფრთხოების ზომები დაცვის აუცილებლობა (წინააღმდეგ შემთხვევაში ხშირია დამწვრობა,
ტუჩის მოკვნეტა). მკაფიოდ დაუსაბუთოს, რომ კერძოდ ამ პაციენტის ზოგადი მდგომარეობის და რისკ-
სარგებელის თანაფარდობის საფუძვლიანი შესწავლის საფუძველზე ხდება მისთვის ადექვატური
ადგილობრივი ანესთეზიის მეთოდის, ადგილობრივი საანესთეზიო საშუალების და მაქსიმალურად
რეკომენდებული დოზების (MRD) შერჩევა. ამ მხრივ ექიმმა სპეციფიკური კომუნიკაციის უნარი უნდა
გამოავლინოს რისკ-ფაქტორების მქონე კონტინგენტის მიღებისას: მაგ. ორსულობის ადრეულ და ბოლო
პერიოდში (I და III ტრიმესტრში); ხანდაზმულ და მცირეწლოვან პაციენტებში, ენდოკრინული დაავადების
(შაქრიანი დიაბეტი), კარდიოვასკულარული პათოლოგიების და სხვა ქრონიკული დაავადებების დროს (ამ
დროს კატეგორიულად დაუშვებელია ადრენალინის შემცველი საანესთეზიო საშუალების გამოყენება).

3
ალერგიულ პაციენტებში კომუნიკაცია ალერგოლოგთან კონსულტაციის საფუძველზე ხდება. (საანესთეზიო
საშუალების შერჩევა პრეპარატში ალერგენის კომპონენტის გამორიცხვის აუცილებლობას განსაზღვრავს).
ü ორსულ პაციენტთან განსაკუთრებული კომუნიკაცია გულისხმობს მზრუნველობის დემონსტრირებას, არა
მარტო პაციენტის, არამედ ნაყოფის მიმართაც. ამასთან ერთად აუცილებელია მომავალი დედისთვის
დამატებითი კონსულტაციის ჩატარება ჰიგიენური ღონისძიებების კუთხით. კონსულტაციისას აუცილებელია
დედას ეცნობოს, რომ საკუთარ პირის ღრუს ჯანმრთელობაზე ზრუნვა მისი შვილის ჯანსაღი კბილების
უზრუნველყოფის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.
ü ხშირად რისკ-ფაქტორების მქონე კონტინგენტის მიღებისას, შესაძლოა პაციენტი შეუძლოდ გრნობდეს თავს.
ექიმის კომპეტენციაა დაინტერესდეს შექმნილი ვითარებით, საჭიროების შემთხვევაში გაუზომოს პაციენტს
არტერიული წნევა, პულსი. საჭიროების შემთხვევაში დაამშვიდოს მორალურად, დამატებით მისცეს
დამამშვიდებელი საშუალებები (პრემედიკაცია) და მხოლოდ სასიცოცხლო მონაცემების და რისკ-
სარგებელის შესაბამისად გაუწიოს პაციენტს ადექვატური სტომატოლოგიური დახმარება.
ü დენტალური კომუნიკაციის ეფექტურობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სარისკო სიტაუაციებში. ამ დროს
უნდა დაფიქსირდეს კონსესუსი ექიმის გადაწყვეტილებასა და პაციენტის გადაწყვეტილებას შორის. პაციენტს
არგუმენტირების საფუძველზე უნდა ეცნობოს შესაძლო გართულების შემთხვევაში რა სირთულეებთან ექნება
შეხება, გართულების მასშტაბი, რა ვადით გაგრძელდება აღნიშნული სიტუაცია, დამატებით სხვა
მკურნალობის მეთოდები დაჭირდება თუ არა. რა გავლენას მოახდენს შესაძლო გართულება
არტიკულაციაზე, ყბა-კბილთა სისტემის ფუნქციონირებაზე, ჯანმრთელობასა თუ სოციალურ
კეთილდღეობაზე (მის ვიზუალსა და ფონეტიკაზე, შეგრძნებებზე).

ზედა ყბის წიაღის ჰერმეტიზმის დარღვევა, მასში საბჟენი მასალის, პუტრიდული მასების თუ
სტომატოლოგიური პრეპარატების ინტრუზია სასწრაფო ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს.

ქვედა ყბის არხში საბჟენი მასალის ექსტრუზია კი სამწვერა ნერვის ქვედა ალვეულური ტოტის კომპრესიას
და მგრძნობელობის დაკარგვას იწვევეს, რაც გაუსაძლის დისკომფორტთან ასოცირდება.

ü ექიმი ადექვატურად უნდა ფლობდეს ურგენტული სიტუაციების მართვისას სხარტი გადაწყვეტილებების


მიღების უნარებს და პაციენტებთან ადექვატურ, მოქნილ მანევრირებას.

ü სოციალურ-კომუნიკაციურ ფაქტორებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მკურნალობის გეგმის


შერჩევისას. დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენელი პაციენტები ცდილობენ ტკივილის სწრაფი
ლიკვიდაციის მოტივით კბილის ექსტრაქციაზე ექიმის დაყოლიებას. ექიმის ვალდბულებაა დელიკატურად
აუხსნას პაციენტს თუ რამდენად ძვირადღირებულია ექსტრაქციის შემდგომ სტომატოლოგიური
დახმარება, იქნება ეს ორთოპედიული კონსტრუქციები თუ იმპლანტაცია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია
თითოეული კბილის შენარჩუნება ღეჭვის აქტისა და ყბა-კბილთა სისტემის ჰარმონიულად
ფუნქციონირების ასპექტში. შესთავაზოს პაციენტს ნაკლებ ღირებული მეთოდები და მასალები კბილის
შესანარჩუნებლად. შეასწავლოს და აუხსნას პაციენტს პროფილაქტიკური ღონისძიებების მნიშვნელობა და
მათი რენტაბელური ასპექტი. აუხსნას სტომატოლოგთან ხშირი ვიზიტის და პრევენციული ღონისძიებების
რეგულარული ჩატარების რენტაბელობისა და პირის ღრუს ჯანმრთელობის ძირითადი ასპექტები. თუ ამ

4
ელემენტარული წესების შესრულებით რამდენად შესაძლებელია მომავალში ტკივილის თანმდევი
გართულებული კარიესისგან თავის აცილება.
ü ჩირქოვანი პულპიტის კეთილსაიმედო პროგნოზის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი
გვირგვინის სრულაფასოვანი რესტავრაციაა. დიდი დეფექტების დროს აუცილებელია ექიმმა პაციენტს
აცნობოს დამატებით ორთოპედიული მკურნალობის აუცილებლობაზე. აუხსნას, რომ კბილის
შენარჩუნებასა და ნორმალურ ფუნქციონირებას გვირგვინოვანი რესტავრაციის ან კონსტრუქციის
სრულფასოვნება განსაზღვრავს.
ü წარმატებული კომუნიკაციის უნარების ფლობა არანაკლებ იმპერატიულია ენდოდონტიური
მკურნალობის დასრულების შემდგომ. ექიმი ვალდებულია შეატყობინოს პაციენტს მკურნალობის შედეგი,
პროგნოზი და გამოსავალი (რასაც რენტგენოლოგიური გამოკვლევაც ცხადყოფს). ამასთან უნდა
გააფრთხილოს პაციენტი შესაძლო პოსტოპერაციული რეაქციების თაობაზე, მისცეს კონკრეტული
სიტუციისთვისთვის ადექვატურ რჩევა-დარიგება (თბილი სავლები, ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები,
არასტეროიდული ანთების საწინაარმდეგო საშუალებები). აუხსნას, რომ მკურნალობა უნდა დასრულდეს
გვირგვინოვანი დეფექტის რესტავრაციით, რომელიც შესაძლებელია შესრულდეს იმავე ვიზიტზე ან
მომდევნო ვიზიტზე (სიტუაციის მიხედვით). ასევე აუცილებელია გაუწიოს რეკომენდაციები პირის ღრუს
მოვლის პრევენციული ღონისძიებების და რეგულარული ვიზიტების შესახებ.
ü განსაკუთრებულ მზრუნველობას ავლენს ექიმი, რომელსაც არა მხოლოდ ვიზიტის დროს აქვს
პაციენზე მზრუნველობა, არამედ 24 სთ-ის განმავლობაში მზად არის პაციენტის ყველა კითხვას უპასუხოს.
არ გაურბის პასუხისმგებლობას!!!

Ø თუ რამდენად აითვისა სტუდენტმა კომუნიკაციის კომპეტენციის ფლობა, ემპათია,


სამედიცინო დეონტოლოგიისა და ეთიკის პრინციპები, ფასდება შემდეგი ძირითადი კრიტერიუმებით/
პარამეტრებით:
თუ როგორ უჭირავს სტუდენტს თავი პაციენტთან შეხვედრისას, რამდენად დარწმუნებულია თავის
თავში, იუმორის გრძნობა, კეთილგანწყობა, სიმშვიდე, რამდენად აქვს ინდივიდური, განსაკუთრებული
მიდგომა პაციენტთან, რა ფრაზეოლოგიას და ჟესტებს იყენებს, რამდენად კონცეტრირებულია მიმდინარე
პროცესზე (პაციენტის მიღებისას პასუხობს თუ რა ექიმი ტელეფონს). სტუდენტი პაციენტის მომართვის მიზეზის
ლიკვიდაციით შემოიფარგლა მხოლოდ, თუ მისცა რჩევა-დარიგებები პროფილაქტიკური ღონისძიებების
შესახებ.

გამოყენებული ლიტერატურა:
1. Communication in dental medicine. www.med.muni.cz/docymenty/doc
2. Endodontic Diagnosis - American Association of Endodontists.2013. www. aae.org
3. Treatment Standards- American Association of Endodontists. www. aae.org
4. Е.В. Боровский. Терапевтическая Стоматология. 2003

5
ფრონტალური კბილების ესთეტიკა

თანამედროვე სტომატოლოგიაში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი ესთეტიკურ სტომატოლოგიას


უჭირავს. თანამედროვე მოთხოვნების ზრდამ სტომატოლოგიური მასალათწარმოების მკვეთრი ევოლუცია
განაპირობა, რაც განსაკუთრებით იმ ახალ მიმართულებებში გამოიკვეთა, სადაც ესთეტიკის მოთხოვნები
ყოველდღიურად იზრდება. კაცობრიობის არსებობის ყველა ეტაპზე კბილების სილამაზე ადამიანის
ცხოვრებაში არცთუ მეორეხარისხოვან როლს ასრულებს. ესთეტიკური სტომატოლოგია, როგორც
სტომატოლოგიური მეცნიერების დარგი, სამედიცინო მომსახურების ბაზარზე XX ს-ის ბოლოს შემოვიდა.
შესაბამისად, ეს სფერო ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და მრავალ ისეთ ასპექტს მოიცავს, რომლებიც სცდება
თერაპიული სტომატოლოგიის ჩარჩოებს. ტერმინი "ესთეტიკური სტომატოლოგია " ამერიკაში დაიბადა და
სულ მალე მთელ მსოფლიოში კლინიკური სტომატოლოგიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმდინარეობად
ჩამოყალიბდა. ახალი ტექნოლოგიებისა და მეთოდების დანერგვამ ხელი შეუწყო ესთეტიკური
სტომატოლოგიის წინსვლას. ინოვაციურმა მასალებმა, ტექნოლოგიებმა, მეთოდებმა, კარდინალურად
შეცვალა ექიმების მიდგომა ესთეტიკური სტომატოლოგიის მიმართ. აღსანიშნავია, რომ ესთეტიკის
პრინციპები და სილამაზის ცნება და კრიტერიუმები სხვადასხვა ეპოქასა და ქვეყანაში ყოველთვის
განსხვავებული იყო. სილამაზე ფარდობითი ცნებაა და მისი შეფასებისას ხშირად უნებლიედ ვემორჩილებით
საზოგადოების აზრს, მომხიბვლელობის სტანდარტებთან მიმართებაში. ღიმილს და ლამაზ კბილებს
ესთეტიკის მხრივ ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეჭირა.
მას შემდეგ, რაც ადამიანებმა კბილების ფუნქციების აღდგენის გარდა, ესთეტიკაზეც დაიწყეს ზრუნვა,
რესტავრაციის მეთოდები მუდმივად ვითარდება. თანამედროვე მასალები და ტექნოლოგიები გამოიყენება
დაგეგმვისა და მკურნალობის ყველა ეტაპზე, რაც კარგ მხატვრულ შედეგს უზრუნველყოფს. ესთეტიკა
შეიძლება სუბიექტურ მიმართულებად მოგეჩვენოთ, რომელიც ძალიან არის დამოკიდებული პაციენტისა და
ექიმის შეხედულებებზე, მაგრამ სტომატოლოგიაში დიდი ხანია შემუშავებულია ესთეტიკის ძირეული
პრინციპები, რომლებიც ახასიათებენ ლამაზ ღიმილს. ღიმილი ჩვენი გარეგნობის და იმ შთაბეჭდილების
განუყოფელი ნაწილია, რომელსაც ჩვენ ვახდენთ ირგვლივ მყოფებზე. ის არავერბალური კომუნიკაციის
ფორმაა და დადებითი განწყობის მაჩვენებელია.

ესთეტიკური სტომატოლოგიის მომსახურების სრული კომპლექსი შესაძლებელია შემდეგნაირად


წარმოვადგინოთ:
• კბილთა მწკრივის გასწორება (კბილების მობრუნება, მათ შორის დიასთემების კორექცია);
• კბილების ფორმის შეცვლა;
• კბილების გათეთრება;
• პირდაპირი და არაპირდაპირი ვინირებით რეკონსტრუქცია (აბსოლუტურად უსაფრთხო
ტექნოლოგიით, მინიმალურ ვადებში გასწორდება კოსმეტიკური დეფექტები).
სარესტავრაციო მასალების ფართო ფერთა გამა აღსადგენი კბილის ფერის ზუსტად შერჩევის
საშუალებას იძლევა. კბილების რესტავრაციის ჩატარება შესაძლებელია ერთ ვიზიტზე.

6
ფერშეცვლილი კბილების მკურნალობის 5 ძირითადი მეთოდი არსებობს:
• მიკროაბრაზია,
• კბილთა გათეთრება,
• კომპოზიტებით პირდაპირი რესტავრაცია,
• ვინირები,
• კერამიკული და მეტალოკერამიკული გვირგვინებით აღდგენა.
აღნიშნული მეთოდების უმრავლესობა კბილის მაგარი ქსოვილების მექანიკურ დამუშავებას და ზოგ
შემთხვევაში, მათ დეპულპაციას გულისხმობს. მხოლოდ მიკროაბრაზია და კბილთა გათეთრება
განსაკუთრებულად კონსერვატულ მეთოდებად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან მათი გამოყენებისას კბილის
მინანქარი ინსტრუმენტულად არ მუშავდება და სასურველი ეფექტი მათეთრებელი ნივთიერებების მის
ზედაპირზე აპლიკაციის ხარჯზე მიიღწევა.

არსებობს ზოგადი პარამეტრები, რომლებიც ადამიანის სილამაზეზე გვიქმნის წარმოდგენას.


ღიმილის ესთეტიკაზე საუბრისას, ძირითადად, იგულისხმება ფრონტალური კბილები. ესთეტიკის
ანალიზის ჩატარებისას სტომატოლოგი ყურადღებას აქცევს შემდეგ პარამეტრებს: კბილების მდებარეობას
კბილთა მწკრივში, კბილების ზომას, მათ ფერს, ზედაპირის სტრუქტურას, კბილების ცენტრალურ- შუა ხაზს,
ღრძილის მორფოლოგიასა და მის კონტურს, ღიმილის ხაზს (კბილების რაოდენობა, რომელიც ჩანს ფართო
ღიმილის ან ტუჩების მოსვენების მდგომარეობაში). ჯანმრთელი ღრძილის გარეშე კბილთა მწკრივი
არასრულფასოვანი იქნება. „თეთრი ესთეტიკის” – ქათქათა სწორი კბილების და „ვარდისფერი ესთეტიკის” –
ჯანმრთელი ღრძილების თანხვედრა ღიმილის იდეალურ ჰარმონიას იძლევა.
არსებობს იდეალური ღიმილის რამდენიმე სტანდარტი, რომელიც შეგვიძლია შევამოწმოთ
მარტივად:
• კბილები მჭიდროდ უნდა ეხებოდნენ ერთმანეთს, არ უნდა იყოს ფართო კბილთაშორისი შუალედები;
• ფართო ღიმილის დროს არ უნდა იყოს მუქი სამკუთხედები პირის კუთხეში, ღიმილს უნდა ავსებდეს
კბილები;
• ცენტრალური საჭრელები ერთმანეთის პარალელური უნდა იყოს;
• ღიმილის დროს ღრძილის ხაზი არ უნდა ჩანდეს.

ესთეტიკურ სტომატოლოგიაში მნიშვნელოვანია კბილის ფერის ზუსტად განსაზღვრა. ადამიანის


მხედველობა სინათლის სხივის აღქმის გარეშე არ არსებობს. ყოველივე რასაც ადამიანის თვალი აღიქვამს,
რთული ბიოლოგიური პროცესების შედეგია. ყველა საგნის, მათ შორის კბილის ფორმა და ფერი აღიქმება
მხოლოდ მაშინ, როცა კბილი ირეკლავს ან ატარებს სინათლის სხივს. ჯერ კიდევ არისტოტელე თვლიდა,
რომ თეთრი ფერი გამოირჩევა მეტი ინტენსივობით, ვიდრე სხვა შეფერილობები. ვინაიდან კბილი
წარმოადგენს ოპტიკურ მოდელს, ესთეტიკური რესტავრაციის დროს სტომატოლოგმა უნდა გააცნობიეროს
ფერის მნიშვნელობა და არსი. კბილის ოპტიკური მოდელი საკმაოდ რთულია და მისი შემადგენელი
ნაწილები განიხილება ფერის, ნაჯერობისა და სითეთრის მიხედვით.

ფერთა სივრცობრივ კლასიფიკაციაში არჩევენ სამ სივრცობრივ განზომილებას: ელფერი, ნაჯერობა,


და სიკაშკაშე. ამ სამი განზომილების საფუძველზე Munsel – ის მიერ არის მოწოდებული ფერთა გამის
კლასიფიკაცია. ბუნებრივი კბილის, რთული სტრუქტურის, ოპტიკური მოდელის აღდგენისათვის

7
აუცილებელია ისეთი მასალები, რომელთაც ექნებათ მინანქრისა და დენტინის ქსოვილების იმიტირების
უნარი და მსგავსი ფიზიკურ-მექანიკური და ოპტიკური თვისებები.
კბილების ფერთა შესწავლის დროს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ერთ ძალიან მნიშვნელოვან
კომპონენტს - ნახევრად გამჭვირვალობა. დენტინი, როგორც ნივთიერება ფერის თვალსაზრისით მეტად
მნიშვნელოვანი წარმონაქმნია. ნორმაში იგი დაფარულია მინანქრით ან ცემენტით. დენტინის მილაკების
არსებობა ხელს უწყობს სხივების სხვადასხვაგვარ გარდატეხვას დენტინის ქსოვილში, რაც იწვევს სხივთა ზოგი
ნაწილის არეკვლას და ზოგის შთანთქმას. ეს განაპირობებს პირველადი დენტინის გაუმჭვირვალობას, რაც
დიდადაა დამოკიდებული ადამიანის ასაკზე. ასაკის მატებასთან ერთად იმატებს მეორადი ფიზიოლოგიური
დენტინის სისქეც, რაც ამ ქსოვილის ოპტიკურ თვისებებს მნიშვნელოვნად ცვლის. ასაკობრივი განსხვავების
გარდა მინანქარს გააჩნია ფერთა მკვეთრი ინდივიდუალიზმი. ყოველი ადამიანის მინანქარს გააჩნია თავისი
ტონები, გამჭვირვალობის ინდივიდუალური სპეციფიკა და განსხვავდება ერთმანეთისაგან მრავალი
კომპონენტით. კბილთა მაგარი ქსოვილების სტრუქტურა გამოირჩევა თავისი მკვეთრი სპეციფიკურობით.
კბილების ფორმა სიცოცხლის განმავლობაში კარდინალურად არ იცვლება, თუ ისინი მექანიკურად არ
დაზიანდა. თუმცა, 20 წლის ასაკიდან კბილები განიცდიან ფიზიოლოგიურ ცვეთას და იცვლიან ბუნებრივ
ფორმას.

კბილების მხატვრული რესტავრაცია


მხატვრული რესტავრაცია კბილის ესთეტიკის აღსადგენი ღონისძიებების კომპლექსია, რომელიც
ტარდება როგორც თანდაყოლილი, ასევე შეძენილი დეფექტების მქონე კბილებზე. თანამედროვე
ესთეტიკური სტომატოლოგიის ერთერთ მიღწევას სწორედ, კბილთა მხატვრული რესტავრაცია
წარმოადგენს. თანდათანობის ცნება "კბილთა დაბჟენა" შეიცვალა - "რესტავრაციით", რომლის მიზანია
ბუნებრივი კბილის ნორმალური სტრუქტურის გამეორება სხვადასხვა ხელოვნური მასალით, კბილის
ფორმისა და ქსოვილის სტრუქტურის იმიტაციის გზით. "მხატვრული რესტავრაცია" შეიძლება მიმართული
იყოს, როგორც კბილთა იერსახისა და მდგომარეობის თანდაყოლილი დაზიანების კორექციაზე, ასევე
ტრავმების, ასაკობრივი ცვეთის, ფერის შეძენილი ცვლილებების ლიკვიდაციაზე. რესტავრაციის მიზანია
ხელოვნური სარესტავრაციო მასალებით კბილის ფორმის, ფუნქციისა და ესთეტიკური თვისებების აღდგენა,
ანუ კარიესული პროცესების, ტრავმისა და სხვა მიზეზებით კბილის დაკარგული ფორმის დაბრუნება, მის
ტოპოგრაფიულ საზღვრებში და ბიომექანიკური პარამეტრების გათვალისწინებით.
კბილების რესტავრაციაში ბიომიმეტიკური მიმართულება ჩამოყალიბდა თანამედროვე სარესტავრაციაო და
ადჰეზიური სისტემების მასალათწარმოების ევოლუციის კვალდაკვალ. ბიომიმეტიკური მიმართულების
მიზანია კბილის გვირგვინის ბუნებრივი იერსახის მიღება, რომელშიც სარესტავრაციო მასალა კბილის
გვირგვინის ტოპოგრაფიულ სტრუქტურას გაიმეორებს. - ტერმინი "ბიომიმეტიკა" "ბუნებრივ იმიტაციას" -
ნიშნავს .

რესტავრაციის მეთოდები
პრაქტიკულ სტომატოლოგიაში არჩევენ კბილთა პირდაპირ და არაპირდაპირ რესტავრაციებს.
კბილების პირდაპირი რესტავრაცია ტარდება უშუალოდ პაციენტის პირის ღრუში. ამ დროს
გამოიყენება ბოლო თაობის სინათლით გამყარებადი საბჟენი მასალები (ჰელიოკომპოზიტები,
ფოტოკომპოზიტები). მათი საშუალებით სტომატოლოგი რესტავრირებულ კბილის აძლევს ისეთ ფერს, რომ

8
ის სხვებისგან არ გამოირჩევა. უახლესი გამოგონებაა ნანოკომპოზიტური საბჟენი მასალები, რომლებსაც
შეუძლიათ კბილის ქსოვილების ოპტიკური თვისებების ზუსტი იმიტაცია.
კბილების არაპირდაპირი რესტავრაცია 2 ეტაპად ტარდება:
1) კბილების მომზადება, ანაბეჭდის აღება;
2) ლაბორატორიაში ჩანართების და დამზადება სარესტავრაციო მასალებით მზა მასალის ფიქსაცია კბილზე.
არაპირდაპირი რესტავრაცია ყველაზე ხარისხიანად ითვლება იმიტომ, რომ ლაბორატორიულ
ეტაპზე ტექნიკოსი ზუსტად არჩევს სარესტავრაციო მასალის ფორმას, გამოთვლის როგორ შეერწყმება
პაციენტის ბუნებრივ კბილებსა და ქსოვილებს. ის მოქანდაკის მსგავსად ფაქიზად და ზედმიწევნით ამზადებს
ხელოვნური მასალისგან კბილის ნაწილს, რომ მაქსიმალურად იყოს ბუნებრივის მსგავსი. მნიშვნელობა აქვს
მასალასაც.
ესთეტიკურ მხატვრულ რესტავრაციას, გააჩნია რიგი უპირატესობანი:
• მინიმალური ინვაზია - კბილის ქსოვილები მნიშვნელოვნად შენარჩუნებულია, რადგანაც კბილების
ოპერაციული დამუშავება მხოლოდ ზედაპირული მინანქრის ფარგლებში წარმოებს;
• კბილთა ვიტალობა მაქსიმალურად შენარჩუნებულია და არ ირღვევა ცხოველმყოფელობა;
• რესტავრაცია სრულდება ერთი ვიზიტში, რაც პაციენტისთვის ძალზედ კომფორტულია.
• სარესტავრაციო კონსტრუქციის საშუალო ხანგრძლივობა 5 დან 10 წლამდეა, ე.ი პრაქტიკულად იგი
თითქმის კერამიკული გვირგვინების გამძლეობის თანაბარია.

ვინირება გულისხმობს ღონისძიებათა კომპლექსს, რომელიც მიმართულია კბილების ესთეტიკური და


ფუნქციონალური გაუმჯობესებისკენ, მათი თანდაყოლილი თუ შეძენილი დაზიანებების კორექციისკენ. კბილთა
რესტავრაცია-ვინირება ერთ-ერთ ყველაზე სრულყოფილი და მცირეინვაზიური მეთოდია. აღნიშნული
მეთოდი თანამედროვე ესთეტიკურ სტომატოლოგიაში ყველაზე ხშირად გამოიყენება.

პირველად ვინირების დამზადება კალიფორნიაში დაიწყო. 1928 წელს ექიმმა Charles Pincus-მა შექმნა
და დაამზადა კერამიკული ფირფიტები, რომლებიც დროებით მაგრდებოდა კბილებზე ჰოლივუდის
მსახიობებისთვის და ამით საწინდარი დაუდო ესთეტიკური სტომატოლოგიის ახალ ერას.
ვინირი - შეგვიძლია წარმოვიდგინოთ როგორც თხელი ფირფიტა, რომელიც ცვლის კბილის
ზედაპირულ შრეს და გვაძლევს საშუალებას, დავაკორექტიროთ კბილის ფორმა და ფერი. ვინირები
გვეხმარება: კბილების მინანქრის დეფექტების აღდგენაში, როგორც თანდაყოლილი, ასევე შეძენილი
დაზიანებების კორექტირებაში, პათოლოგიური ცვეთის მქონე კბილის ზედაპირის აღდგენაში და ა.შ.. ხშირია
შემთხვევები, როცა პაციენტი მიმართავს ექიმს ჯანმრთელი კბილებით იმის გამო, რომ არ მოსწონს მათი ფერი
ან ფორმა. ასეთ შემთხვევებში მიზანშეწონილია ვინირების გამოყენება, როგორც ყველაზე მცირედ ინვაზიური
რესტავრაციული მეთოდისა.
ვინირება მოითხოვს კბილის ზედაპირული სტრუქტურის შედარებით მინიმალურ პრეპარირებას,
ოპტიმალური ფორმის, ფუნქციის და ესთეტიკის მიღწევით.
ვინირის დამზადების ორი მეთოდი არსებობს:
1. პირდაპირი მეთოდი, როდესაც ვინირის დამზადება ხდება კომპოზიტური მასალისგან, უშუალოდ პაციენტის
პირის ღრუში. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ნანოკომპოზიტები, რომელიც იდეალურად შეთავსებადია
კბილის სტრუქტურასთან.

9
2. არაპირდაპირი მეთოდი, (ლაბორატორიული მეთოდი) როდესაც ვინირების დამზადება ხდება
ორთოპედის მიერ თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით.
ვინირების გამოყენების წინააღმდეგჩვენებებია:
• არაჯანსაღი და სუსტი კბილები;
• ბრუქსიზმი;
• პირდაპირი თანკბილვა;
• პაროდონტის დაავადებები.

თანამედროვე სტანდარტებით შესრულებული რესტავრაციის დროს მნიშვნელოვანია, მოხდეს კბილის


ჯანსაღი ქსოვილის მაქსიმალური შენარჩუნება და თანამედროვე (ადჰეზიური) სისტემების გამოყენება, რაც
უზრუნველყოფს რესტავრაციისა თუ ვინირის სრულყოფილი იერსახის შენარჩულებას ხანგრძლივი პერიოდის
მანძილზე და ასევე იცავს ბუნებრივ კბილს.
რესტავრაცია უნდა ჩაატაროს გამოცდილმა და კვალიფიციურმა ექიმმა, რაც თავისთავად არის
საუკეთესო შედეგის გარანტი.

კბილთა გათეთრება
თანამედროვე ესთეტიკურ სტომატოლოგიაში კბილთა გათეთრება ყველაზე კონსერვატული
მეთოდია, რადგან იგი არ გულისხმობს კბილის მინანქრის ზედაპირის მექანიკურ დამუშავებას და მხოლოდ
მათეთრებელი აგენტის აპლიკაციით მიიღწევა.
კბილთა მათეთრებელი ნივთიერებების წარმოების პირველი სერიოზული იდეა წარმოიშვა XX საუკუნის
80-იანი წლების ბოლოს, როდესაც Haywoof-ის და Heymann-ის (..) მიერ პირველად იქნა მოწოდებული 10%-
იანი კარბამიდის ზეჟანგის გამოყენება სახლის პირობებში, სპეციალური კაპების საშუალებით. ამ მეთოდმა
საფუძველი დაუდო ახალ ერას კბილთა გათეთრების სისტემის განვითარებაში.
კბილთა გათეთრების მეთოდებიდან გამოყოფენ ვიტალური და დევიტალური კბილების - გარეგანი და
შინაგანი გათეთრების მეთოდებს. ვიტალური კბილების გათეთრება შესაძლებელია როგორც სახლის
პირობებში სპეციალური კაპების საშუალებით, ისე კლინიკის პირობებშიც, სადაც გათეთრება
მაღალკონცენტრირებული (35-38%) წყალბადის ან კარბამიდის ზეჟანგების შემცველი გელებით ხდება.
დევიტალური კბილების გათეთრების წინაპირობა და იმპერატიული მოთხოვნა კბილის არხის სრულყოფილი
ობტურაციაა. შემდგომ კი, კბილის ღრუში თავსდება ენდომათეთრებლის გელი რამდენიმე დღით და
დროებითი ბჟენით იზოლირდება.
კბილთა გათეთრების ტექნიკა სხვადასხვა კრიტერიუმების საფუძველზე შეიძლება შემდეგნაირად იყოს
კლასიფიცირებული:
1. კბილის ვიტალობის მიხედვით: ვიტალური და დევიტალური გათეთრება.
2. გათეთრების ჩატარების ადგილი და პირობები: ამბულატორიული - საოფისე გათეთრება, ან გათეთრება
სახლის პირობებში

ვიტალური კბილების გათეთრება გულისხმობს მათეთრებელი ნივთიერების მოთავსებას კბილების


ვესტიბულარულ ზედაპირებზე. ამ სახის გათეთრება შეიძლება ჩატარდეს როგორც სტომატოლოგიურ
კაბინეტში, ასევე სახლის პირობებში. ვიტალური კბილების გათეთრების მიზნით, ძირითადად, კარბამიდისა და
წყალბადის ზეჟანგები გამოიყენება, ხოლო დევიტალური, ფერშეცვლილი კბილების გათეთრებისათვის

10
გამოიყენება ენდომათეთრებლები, რომელთა შემადგენლობაში სხვადასხვა კონცენტრაციის წყალბადის
ზეჟანგი შედის. დამტკიცებულია, რომ ენდოგათეთრების დროს კბილის მაგარი ქსოვილების ადჰეზივობა
საგრძნობლად კლებულობს, რაც, ძირითადად, ამ ქსოვილებში პეროქსიდების პენეტრაციის შედეგია.
იმისათვის, რათა პეროქსიდები კბილის ღრუდან ნერწყვის საშუალებით გამოირეცხოს, ამისათვის საჭიროა
დრო, საშუალოდ, 10 დღე. ენდოგათეთრების შემდგომ კბილების დაუყოვნებლივ აღდგენა-რესტავრაცია, არ
არის რეკომენდირებული. სწორედ მოჭარბებული თავისუფალი ჟანგბადის გამო, ბჟენსა და კბილის მაგარ
ქსოვილებს შორის მიკროსივრცის გაჩენისა და ადჰეზიის დაქვეითების რისკი მაღალია.
იმ შემთხვევაში, როდესაც ფერშეცვლილი კბილები გამოირჩევიან მუქი ფერის განსაკუთრებული
სტაბილურობით, რეკომენდებულია საოფისე და სახლის გათეთრების კომბინაცია. ზოგიერთ კბილები
გამოირჩევიან ისეთი მყარი დისკოლოროტით, რომ ქიმიური გათეთრების არცერთი საშუალება არ იძლევა
სასურველ შედეგს (მაგ. ტეტრაციკლინური კბილების მე-3 და მე-4 ხარისხის შეფერილობის დროს). ამ
შემთხვევაში არჩევანი ესთეტიკური სტომატოლოგიის სხვა მეთოდებზე შეგვიძლია შევაჩეროთ და
წარმატებით განვახორციელოთ.
სახლის პირობებში გათეთრებისთვის ძირითადად გამოიყენება კარბამიდის პეროქსიდის გელები 10-
15%-იანი კონცენტრაციით. ეს გელები თავსდება პაციენტის ორივე ყბაზე ანაბეჭდის მიხედვით დაზადებულ
კაპებში, რომლებიც პაციენტს უკეთდება დღეში 4-5 სთ-ის განმავლობაში ან ღამით ძილის დროს. ამ სახის
მკურნალობას პაციენტი ახდენს თვითონ, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს პროცესი კონტროლირდება ექიმის მიერ.
ამ სახის გათეთრებას გააჩნია გარკვეული სახის უპირატესობები:
1. გათეთრება ტარდება დაბალი კონცენტრაციის ნაკლებ აგრესიული ქიმიური ნივთიერებებით;
2. მკურნალობის პროლონგირებული ხასიათი მისი მიმდინარეობის და სასურველი შედეგის
კონტროლირების სრულ საშუალებას გვაძლევს;
3. პაციენტის დრო დაზოგილია, რადგან მას სამკურნალო დაწესებულებაში მინიმალური დროის გატარება
უხდება.
ამ სახის გათეთრების ნაკლად შეიძლება ჩაითვალოს ის გარემოება, რომ გათეთრების პროცესი
შედარებით ხანგრძლივად მიმდინარეობს.
კბილთა საოფისე პროფესიონალური გათეთრების პროცედურები- ტარდება სტომატოლოგიურ
სავარძელში ექიმის მიერ და საშუალოდ გრძელდება 30-60 წუთის განმავლობაში.
სასურველი შედეგის მისაღებად ზოგჯერ რამოდენიმე პროცედურის ჩატარება ხდება საჭირო. ამ სახის
მათეთრებელი ნივთიერებების შემადგენლობაში ძირითადად შედის წყალბადის ზეჟანგი, რომლის
კონცენტრაციები მერყეობს 35-38%-ის ფარგლებში. გათეთრების პროცედურები შეიძლება მოიცავდეს
როგორც კბილთა მთელ მწკრივს, ასევე ერთეულ კბილებსაც.
ამ სახის გათეთრებას გააჩნია თავისი უპირატესობები:
1. სწრაფი შედეგი - პაციენტი კმაყოფილია გათეთრების შედეგით, რადგან იგი მიიღწევა რამდენიმე წუთში;
2. პროცესი მთლიანად კონტროლირდება ექიმი-სტომატოლოგის მიერ;
3. როცა გათეთრება ესაჭიროება ერთ ან რამოდენიმე კბილს და მთლიანი კაპის დამზადება არ ხდება საჭირო.
ნივთიერებების მაღალი კონცენტრაციების გამო საოფისე გათეთრება გარკვეულწილად აგრესიულ
ხასიათს ატარებს. ამ შემთხვევაში, ღრძილის იზოლაციის მიზნით, აუცილებელია რაბერდამის ან მისი
ანალოგების გამოყენება.

11
კბილის მაგარი ქსოვილები: მინანქარი, დენტინი და ცემენტი განსხვავებული მიკროსიმტკიცით
ხასიათდება. მათეთრებელი ნივთიერებების შემადგენელი პეროქსიდები კბილის ქსოვილებზე
ზემოქმედებისას მიკროსიმტკიცის მაჩვენებელს საგრძნობლად ცვლიან. გათეთრების ეფექტი ძირითადად
წყალბადის ზეჟანგის დაშლის შედეგად გამოყოფილი თავისუფალი ჟანგბადის მოქმედების შედეგია.
წყალბადის ზეჟანგი არასტაბილური სითხეა, რომლის დაშლას - ტემპერატურის მომატება, ულტრაიისფერი
გამოსხივება და PH-ის მაჩვენებელი საგრძნობლად აძლიერებს და ააქტიურებს. სწორედ ამ აქტივაციის
პროცეს ემყარება საოფისე გათეთრების - ZOOM და LAZER-ის აპარატების მოქმედების პრინციპი .
ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ პირველი შთაბეჭდილება ადამიანზე გარშემომყოფებს ექმნებათ
ურთიერთობის პირველი 30 წამის განმავლობაში და თუ ადამიანი თვითდაჯერებულია და ლამაზად იღიმის,
ის წარმატებულიც გახდება.
სტომატოლოგიის ამოცანებში შედის არ მარტო ღიმილის ესთეტიკის ანალიზი, არამედ თანამედროვე
სტანდარტებსა და პაციენტის გარეგნობის ინდივიდუალურ თავისებურებებს შორის ჰარმონიის მოძებნა.
ესთეტიკური სტომატოლოგიის განვითარებასთან, ტექნოლოგიებისა და მეთოდების სრულყოფასთან
ერთად, რეალური გახდა ღიმილის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. დღეს უკვე ბევრმა ადამიანმა იცის, რომ
ლამაზი და ჯანმრთელი კბილები არა მარტო კულტურის ელემენტია, რომელიც აუცილებელია
ადამიანისათვის, არამედ წარმატების სიმბოლოც, რადგან ლამაზი ღიმილი თავდაჯერებულობის
საწინდარია.

გამოყენებული ლიტერატურა:
1. https://www.lakewaycosmeticdentistry.com/a-brief-history-of-cosmetic-dentistry/
2. Samuel Paul Nesbit., Stephen J. Stefanac - Treatment Planning in Dentistry (Second Edition), 2010
3. И.М. СЁМЧЕНКО, А.И.ДЕЛЕНДИК - МЕТОДИКИ ОТБЕЛИВАНИЯ ЗУБОВ; Учебно-методическое
пособи, Минск 2011.
4. Jing Zhao, Xinzhi Wang - Advanced Ceramics for Dentistry, Laminate Veneers. 2014.
5. Sheetal Chowdary Bolla, Naga Sribala Gantha, Riyaz Basha Sheik - Review of History in the Development of
Esthetics in Dentistry; Journal of Dental and Medical Sciences, Volume 13, Issue 6 Ver. IV (Jun. 2014), PP 31-
35
6. David Winkler, Nairn Wilson - Principles and Practice of Esthetic Dentistry Esthetics versus cosmetics,
2015

12
სტომატოლოგიური პროცედურებისადმი შიში და ნდობის ფაქტორი მის მართვაში

მრავალწლიანი კლინიკური გამოცდილება და სამეცნიერო პუბლიკაციები ადასტურებს, რომ


სტომატოლოგიურ მანიპულაციებს ხშირად თან ახლავს ტკივილის შეგრძნება. მოსახლეობაში პირის ღრუს
დაავადებათა ფართო გავცელება პრაქტიკულად ყველა ადამიანს აიძულებს არაერთხელ მიმართოს
სტომატოლოგს დახმარებისთვის. სტატისტიკური მონაცემებით სტომატოლოგიური მანიპულაციები
მოსახლეობის ყველა სახის სამედიცინო მომსახურების 15% შეადგენს. ადამიანთა უმრავლესობისთვის
სტომატოლოგთან ვიზიტი ტკივილთან დაკავშირებულ უსიამოვნო ეპიზოდად აღიქმება, რაც
მკურნალობისადმი შიშს - სტომტოფობიას იწვევს. სამწუხაროდ, მკურნალობის პროცესს ხშირად თან ახლავს
დისკომფორტი, ზოგჯერ ტკივილიც. მათ, ვისაც მსგავსი რამ განუცდია, დიდი ხანი ახსოვს ამის შესახებ და იგი
შეგნებულად თუ შეუგნებლად ელოდება მის განმეორებას სტომატოლოგთან შემდეგი ვიზიტისას.
სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში ტკივილი და სტომატოლოგია ჯერ კიდევ ასოცირდება, როგორც
ორი, ერთმანეთთან დაკავშირებული ფაქტორი, რაც ხშირად აიძულებს პაციენტს უარი განაცხადოს
მკურნალობაზე.
სტომატოლოგიურ პრაქტიკაში პაციენტის ტკივილისა და შიშის მონიტორინგი და რეგულირება იმ
ოპტიმალურ მდგომარეობას უზრუნველყოფს, რომელშიც პაციენტი თავს რელაქსირებულად და კომფორტში
გრძნობს, ექიმს კი თავისი საქმიანობის ეფექტურად განხორციელების საშუალება ეძლევა.
მაინც რა არის სტომატოფობიის გამომწვევი მიზეზი? ტკივილი! შიში და ტკივილი ისეა ერთმანეთთან
დაკავშირებული, რომ ხშირად ძნელია მათი განცალკევება და ერთმანეთის გარეშე გააზრება. ორივეს გააჩნია
ფიზიოლოგიური და ემოციური კომპონენტები - როცა იმატებს ტკივილი, შიშიც მატულობს. შიშის ფონზე
აღმოცენებული ტკივილი მეტისმეტად კონცენტრირებულია და შედეგად, ნაკლებად მართვადი.
რა აშინებთ სტომატოლოგთან ვიზიტზე მოსულ პაციენტებს ყველაზე მეტად? ხშირად ნემსის ჩხვლეტასა და
კარიესული ღრუს პრეპარირებაზე ფიქრიც კი საკმარისია იმისათვის, რომ თვალზე ცრემლი მოადგეთ.
დაკვირვებებმა ცხადჰყვეს, რომ პაციენტებს ყველაზე მეტად სტომატოლოგიური პროცედურების დროს ნემსის
(ნემსოფობია) და ბორმანქანის ხმის ეშინიათ. მიუხედავად გაუტკივარებით ჩატარებული მკურნალობის
მრავალწლიანი გამოცდილებისა დასამახსოვრებელია, რომ პაციენტმა დანახულით ან გაგონილით
გამოწვეული შიში მცდარად შეიძლება ტკივილად აღიქვას. ამ დროს დასმულ შეკითხვაზე ნამდვილად
მტკივნეულია თუ არა პროცედურა, გულახდილად გვპასუხობს, რომ - არა, მაგრამ ტკივილის მოლოდინი
აქვს. მაშინ, როგორ შეიძლება პაციენტის დახმარება „არარსებული“ ტკივილის გაკონტროლებაში?
პირველი ნაბიჯი სტომატოლოგიური მნიპულაციებით გამოწვეული დისკომფორტის მართვაში შიშის
წყაროს გაგებაა.
სტომატოლოგიურ ტკივილთან დაკავშირებით მრავალი მითი არსებობს, უმრავლესობა
გადაჭარბებულია და არ შეესაბამება სინამდვილეს. მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ამ მითებით
გამოწვეული ღელვა პაციენტებში ტკივილის აღქმას აძლიერებს. დანახულითა და გაგონილით გამოწვეული
შიშით პროვოცირებული ტკივილის მართვასა და კონტროლს პაციენტის ფსიქოემოციური მდგომარეობაც
ართულებს. ეს უკანასკნელი ხშირად დიდ სტრესთან და გაღიზიანებასთანაა დაკავშირებული. პაციენტის
ღელვის მიზეზი ექიმისათვის ბოლომდე შეიძლება გასაგები არ იყოს , მაგრამ პაციენტს უჭირს ამ
მდგომარეობასთან გამკლავება და საჭიროებს დახმარებას. ნებისმიერ შემთხვევაში ექიმს სჭირდება
პაციენტის ნდობის მოპოვება, რაც პაციენტთან ურთიერთობის მთავარი ფაქტორია. ნდობა პაციენტს

13
დაეხმარება უსაფუძვლო შიშის დაძლევაში, ექიმს კი ხარისხიასნი და ეფექტური მკურნალობის ჩატარების
საშუალებას მისცემს. სტომატოლოგების მხრიდან ეს მეტ გულისხმიერებას, მეტ პროფესიონალიზმსა და
დროის მეტ დანახარჯს მოითხოვს. მხოლოდ ასეა შესაძლებელი სტომატოლოგიაში მაღალი სტანდარტების
დამკვიდრება.
სამწუხაროდ, ბევრი პაციენტი ექიმის მიერ ჩატარებული მკურნალობის უხარისხობასაც უჩივის, რაც ხშირად
გამოწვეულია არაეფექტური ანესთეზიით. განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან ,,ენოდონტიური
პაციენტები’’. მათ შიშს ემატება კბილისა და მიმდებარე ქსოვილების ანთებითი ცვლილებები, ნერვული
სისტემის ლაბილურობა, აგზნება, რაც ხელს უშლის სრულყოფილი გამაუტკივარებელი ეფექტის მიღწევას.
თუ პაციენტს ვიზიტამდე დაღვეული აქვს ჭამისა და ძილის პროცესები , იგი ვერ უმკლავდება სტრესს,
შესაბამისად მცირდება ტკივილის ზღურბლი. ამ დროს მცირეოდენი ზემოქმედებასაც კი მტკივნეულად
აღიქმება და მცირდება ანესთეზიის ეფექტურობის შანსიც. ცნობილი ფაქტია, რომ ტკვილის ზღურბლი
ანთებითი პროცსებით დაზიანებულ ქსოვილებში მომატებულია. ამ სიტუაციაში გაუტკივარების პრობლემა
(რომელიც პაციენტთან ერთად სამედიცინო გუნდის პრობლემაცაა) PH-ის დაქვეითებითაა გამოწვეული.
მაშ ასე! ტკივილი არსებობს - როგორ მოხდეს მისი კონტროლი. უპირველესად, გათვალისწინებული
უნდა იქნეს ე.წ. რისკის ჯგუფები, ანუ თანმხლები დაავადებიბის მქონე მოზრდილები და ბავშვები.
საგულისხმოა ისიც, რომ ადგილობრივი ანესთეზია, როგორც გაუტკივარების ძირითადი მეთოდი
ამბულატორიულ სტომატოლოგიაში, ძირითადად პასუხობს მის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს, მაგრამ
ყოველთვის ვერ უზრუნველყოფს სრულფასოვან გაუტკივარებას და ფსიქოემოციური კომპონენტის
რეგულირებას.
პაციენტის ფსიქიკური წონასწორობის დარღვევის ხარისხი ბევრადაა დამოკიდებული პაციენტის
პირად თავისებურებებზეც. სტაბილური ფსიქიკის ადამიანებს მკურნალობის წინ აღენიშნებათ ფსიქოემოციური
ცვლილებები, რომელიც შექცევადია და მალე გაივლის.
სხვა კატეგორიის პაციენტებში ის შეიძლება გაღრმავდეს და გართულებები გამოიწვიოს.
სტომატოლოგთან ვიზიტისას პაციენტთა რეაქციები სხვადასხვაგვარია:
• ასთენიური რეაქცია - გამოვლინდება საერთო სისუტეში, დაღლილობასა და გაღიზიანებაში, უმიზეზო
ტირილში;
• დეპრესიული რეაქცია - პაციენტი ცუდ ხასიათზეა, უემოციოა, აქვს უსიცოცხლო მიმიკა, საუბრობს
დაბალ ხმაზე;
• საგანგაშო რეაქცია - იგრძნობა შინაგანი დაძაბულობა, წუხილი, შფოთვა;
• იპოქონდრიული რეაქცია - გაუმართლებელი ნერვიულობა საკუთარ თავზე, ყურადღების
გამახვილება მეორეხარისხოვან საგნებზე. ჩივილები და არსებული მგომარება ერთმანეთთან
შეუსაბამოა;
• ისტერიული რეაქცია - დემონსტრატიულობა, თეატრალურობა, ხატოვანი მეტყველება, ხშირია
ვეგეტატიური მოშლილობები (ჰაერის უკმარისობა, წითელი ლაქები სახეზე, აგრესიულობა,
კომფლიქტურობა).
ზემოთჩამოთვლილი ქცევითი რეაქციებით გამოიყოფა ადამინთა კონსტიტუციური ტიპები: ასთენიური,
დეპრესიული, ნევრასთენული, იპოქონდრული და ისტერიული.
თუმცა დღეს მორფოლოგიური და ფსიქოემოციური სტატუსის მიხედვით ადამიანთა კონსტიტუციური
ტიპები 2 ძირითად ჯგუფად იყოფა: ექსტრავერსებად და ინტრავერსებად.

14
- ექსტრავერსები - კონტაქტურები, ეფექტურები, სასიამოვნონი, გულთბილები, ორგანიზებულები,
სტაბილურები, ფანტაზიორები, გამომგონებლები, გამომცდილების გამზიარებლები;
- ინტრავერსები - გარიყულები, დომინანტები, ცივები, დაუდევრები, ემოციურად არასტაბილურები,
ჩაკეტილები;
რა სიმპტომები აღენიშნებათ შიშით შეპყრობილ „სტომატოლოგიურ“ პაციენტებს ექიმთან ვიზიტისას:
ა) აღენიშნებათ ცახცახი, კუნთების კანკალი, ვერ აკონტროლებენ ქმედებებს;
ბ) აქვთ შიში ადგილობრივი ანესთეზიის (ინიექციის) მიმართ;
გ) დარწმუნებული არიან მკურნალობის მტკივნეულობაში და მწვავედ რეაგირებენ პატარა ხმაურსა და
მიკარებაზეც კი;
დ) პაციენტები ფიქრობენ, რომ მათზე „არ მოქმედებს’’ ადგილობრივი ანესთეზია, ამიტომ ნებისმერი
სტომატოლოგიური მანიპულაცია მათთვის მტკივნეული იქნება;
N.B! ცალკე განსჯის საგანია ფიზიოლოგიურად განუვითარებელი, გონებრივად ჩამორჩენილი
პაციენტები, რომლთაც შეზღუდული ან გაუთვლელი მოძრაობები აქვთ.
ფსიქოემოციური სტატუსი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს სტომატოლოგიურ დაავადებათა
ინტესივობასა და მკურნალობის ხარისხს. საჭირო ხდება მკურნალობის ახალი ტაქტიკის შემუშავება, რაც
გულისხმობს ფსიქოემოციური რეაქციის კორექციას ისეთი საშუალებებით, როგორიცაა პრემედიკაცია,
სედაცია და ზოგადი გაუტკივარება.
ამრიგად, სტომატოლოგიურ ტკივილთან ბრძოლის კომპლექსში ძალიან მნიშვნელოვანია
სტომატოლოგის როლი. როდესაც „საშინელი“ ტკივილის მოლოდინში პაციენტი მკურნალობის დასრულების
შემდეგ იტყვის: „ღმერთო სულ არ მტკენია“ და შიშის გრძნობა შეიცვლება მადლიერებით სწორედ ეს ფრაზა
გახდება უფრო ღირებული, ვიდრე ყველა სხვა ფასეულობა ერთად აღებული. ლოიალობა და მადლიერების
გრძნობა ამცირებს პაციენტების მხრიდან პროფესიული რჩევებისადმი წინააღმდეგობის გაწევის სურვილს,
რაც საშუალებას აძლევს სტომატოლოგს პაციენტი დაითანხმოს წარმატებულ პროფილაქტიკურ
დათვალიერებებსა და მკურნალობაზე. სწორედ სტომატოლოგიურ დაავადებათა პროფილაქტიკაა
ტკივილთან ბრძოლის ყველაზე საუკეთესო საშუალება. იგი ზრდის ექიმის პროფესიული რჩევებისა და
რეკომენდაციების მიმღებლობას, პაციენტებში ამაღლებს და ხშირად „აღვიძებს’’ ნდობის ფაქტორს, ამტკიცებს
მკურნალობის მოტივაციას, რაც საბოლოო ჯამში სამედიცინო გუნდის წარმატებულ საქმიანობას
განსაზღვრავს.

რა უნდა ვიცოდეთ სტომატოლოგიური მანიპულაციების მიმართ შიშით შეპყრობილი პაციენტების მართვისას


1. კომუნიკაციის დამყარების სწორი სტრატეგია უნდა ეფუძნებოდეს დამაჯერებელ და არგუმენტირებულ
მსჯელობას , პაციენტის მოსმენის უნარს და გულისხმიერებას
2. გაარკვიოს კონკრეტულ შემთხვევაში რაში მდგომარეობს შიშის მიზეზი და აქვს თუა არა მას საფუძველი
3. პაციენტს ადრე არასოდეს ჩაუტარებია სტომატოლოგიური მანიპულაცია, მაგრამ ბევრი „სმენია’’ მისი
მტკივნეულობის შესახებ- დაწვრილებით უხსნის რა მანიპულაციები ესაჭიროება და არწმუნებს მისი
უმტკივნეულოდ ჩატარების შესაძლებლობაში
4. აქვს ადრე მტკივნეულად ჩატარებული მკურნალობის „გამოცდილება“,რომლის მიზეზად სტომატოლოგის
არაპროფესიონალიზმი მიაჩნია-კოლეგიალობის დაცვით, ცდილობს პაციენტის დარწმუნებას უმტკივნეულოდ
მკურნალობის ჩატარების შესაძლებლობაში

15
5. პაციენტი წინასწარ „დარწმუნებულია’’ ანესთეზიის არაეფექტურობაში - სასურველია გაირკვეს რომელი
საანესთეზიო საშუალება და გაუტკივარების მეთოდი იქნა გამოყენებული და შესთავაზოს მისი ალტერნატივა
6. ინიექციის შიშის დაძლევის საუკეთესო საშუალება აპლიკაციური ანესთეზიის ეფექტურობის დემონსტრირება
იქნებოდა
7. მედიკამენტური და პოლივალენტური ალერგიის მქონე პაციენტების მკურნალობის (კერძოდ გაუტკივარების)
დროს,შესაძლო გართულებების თავიდან აცილების მიზნით, შეფასებული იქნას რისკები
8. პაციენტი აცხადებს რომ სტომატოლოგიური მანიპულაციების ჩატარებისას გული უჩქარდება, „ცუდად ხდება’’ ,
ჰქონდა „გულის წასვლის“, გონების დაკარგვის ეპიზოდები. ანამნეზით შესაძლებელია დადგინდეს ამის მიზეზი
ემოციური ფონი - ე.წ. სტომატოფობიაა თუ სხვა ორგანული ფაქტორების ან მედიკამენტების
(მაგ,ადრენალინის) ზეგავლენა
9. რისკის ჯგუფის პაციენტების (ხანდაზმულების, ორსულების, გულსისხლძარღვთა სისტემის და სხვა
პათოლოგიების) მქონე პაციენტების მკურნალობის გეგმაში გათვალისწინებულ იქნას შესაბამისი პროფილის
ექიმის კონსულტაცია
10. გადაჭარბებული ემოციის ან უემოციობის შემთხვევაში, დადგინდეს პაციენტის ფსიქოემოციური სტატუსი და
მკურნალობის სტრატეგია, თუ შიშის დაძლევა პრემედიკაციით ვერ ხერხდება, შეთავაზებულ იქნას
მკურნალობა გაუტკივარების ისეთი მეთოდებით, როგორიცაა სედაცია და ზოგადი ნარკოზი

გამოყენებული ლიტერატურა:
1. ნანეიშვილი თ. „ტკივილის ფსიქოფიზიოლოგია“, თბ. 2002;
2. წილოსანი ნ., შაქარაშვილი მ. „ადგილობრივი გაუტკივარება ამბულატორიულ სტომატოლოგიაში“,
თბ. 2013;
3. ნემსაძე ო. „ქირურგიული სტომატოლოგია“, თბ. 2005;
4. John Ide Engle. Engle’s Endodontics 6, BC Decker Inc, 2008;
5. Маламед, С. Возможные осложнения при местном обезболивании//Клиническая стоматология,2000 №1
6. Malamed, Stenley. F. Handbook of Local Anesthesia. Edition 6, 2012;
7. Робустова Т. Г. Хирургическая стоматология. Москва, Медицина, 2010;
8. Стош В.И., Зорян Е.В., Рабинович С.А. Диагностика, профилактика и лечение неотложных состояний в
амбулаторной стоматологической практике// М. – ВУНМЦ, 1998;
9. Forbes MD, Boyle CA, Newton T. Acceptability of behavior therapy for dental phobia. Community Dent Oral
Epidemiol. 2012; 40(1):1-7;
10. Newton JT, Naidu R, Sturmey P. The acceptability of the use os sedation in the management of dental anxiety
in children: views of dental students. Eur J Dent Educ. 2003:7(2):72-76;
11. Jacobson’s progressive relaxation technique (leaflet 2926/VER2) Guy’s and St Thomas” NHS Foundation
Trust. Date published: January 2016; Review date: January 2019. Available from
http://www.guysandstthomas.nhs.uk/resources/patient-information/cardiovascular/jacobsons-progressive-
relaxation-technique.pdf .

16
ენდოდონტიური მკურნალობის შემდეგ ტკივილი

ენდოდონტიური მკურნალობის შემდგომ აღმოცენებული ტკივილი მულტიფაქტორული გენეზისაა და


ხშირად სულაც არ წარმოადგენს არხების ობტურაციის შემდგომი მდგომარეობის აუცილებელ თანმხლებ
მახასიათებელს. კბილის ფესვის არხების დაბჟენის შემდგომი მგრძნობელობა მიზეზობრივი კბილის
მიდამოში საკმაოდ ხშირია.

ტკივილი შეიძლება განვიხილოთ როგორც:

• ნორმა
• ჩატარებული მკურნალობის გართულება

ნორმა

ფესვის არხის (-ების) ენდოდონტიური მკურნალობა პირის ღრუში ჩატარებულ მცირე ზომის
ოპერაციას შეიძლება მივაკუთვნოთ, ამ დროს ადგილი აქვს კბილის რბილ ქსოვილებზე ჩარევას,
პერიაპიკალური ქსოვილების გაღიზიანებას, რასაც თან ახლავს პოსტოპერაციული მომატებული
მგრძნობელობის გაჩენა მიზეზობრივი კბილის მიდამოში. პაციენტი უჩივის დისკომფორტს კბილის კბილის
დაჭერაზე, საკვების მიღების დროს, ასევე ყრუ ხასიათის ტკივილს ნამკურნალები კბილის მიდამოში.

ერთ სეანსში დაბჟენილ კბილებში ტკივილი უფრო ხშირია, ვიდრე ორ სეანსში დაბჟენილ კბილებში.

პულპის ანთების მკურნალობის შემდეგ ტკივილი უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე ნეკროზული
პულპის არსებობის ან განმეორებითი ენდოდონტიური მკურნალობის დროს.

პოსტოპერაციული ტკივილი დაახლოებით 3-5 დღეს გრძელდება და ტკივილგამაყუჩებელი


საშუალებების მიღებით მარტივად იმართება.

NB! პაციენტი ყოველთვის წინასწარ უნდა იყოს ინფორმირებული მოსალოდნელი დისკომფორტის,


ტკივილის, შესიების თაობაზე. ფსიქოლოგიურად მომზადებული პაციენტი უფრო მარტივად ხვდება
მოსალოდნელ დისკომფორტს და ტკივილიც უფრო ადვილად ასატანია. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რიგ
შემთხვევებში ენდო-მკურნალობის შემდეგ ტკივილი შესაძლებელია არც რეგისტრირდებოდეს.

ჩატარებული მკურნალობის გართულება

სრულფასოვანი ენდოდონტიური მკურნალობის შემდგომი კბილის ტკივილისგან განსხვავებით,


ტკივილი, რომელიც მკურნალობის გართულებას ახლავს თან, ძლიერია და უფრო მეტ ხანს გრძელდება, ამ
დროს აუცილებელია ექიმი-სტომატოლოგის კონსულტაცია და საჭიროებისამებრ განმეორებითი
ენდოდონტიური მკურნალობის ჩატარება.

17
პოსტოპერაციული ტკივილის მიზეზებია:

Ø ინფიცირებული ფესვის არხი


ენდოდონტიური მკურნალობის პროცესში გართულების ყველაზე ხშირი მიზეზი ფესვის არხებში
დარჩენილი ბაქტერიებია. მიკროფლორა ღრმად აღწევს დენტინის მილაკებში, საჭიროა არხების კარგი
ინსტრუმენტული და მედიკამენტური დამუშავება. დღეისათვის, თანამედროვე ინსტრუმენტებისა და არხის
ირიგანტების საშუალებით ეს პრობლემა მოგვარებადია, გამონაკლისია ინსტრუმენტებისა და მედიკამენტური
დამუშავებისთვის მიუწვდომელი ადგილები (რთული ანატომიის მქონე ფესვის არხები, დამატებითი არხები,
აპიკალური დელტა და სხვა).

სრულფასოვნადაც რომ იყოს ფესვის არხი დაბჟენილი, თუ კბილი საიმედოდ არ იქნება


იზოლირებული და რესტავრირებული, ნერწყვიდან არაჰერმეტული ბჟენიდან ან ხელოვნური გვირგვინიდან
ფესვის არხში შეჭრილმა ბაქტერიამ შეიძლება რამოდენიმე დღეშიც კი გამოიწვიოს ანთება.

ყოვლად დაუშვებელია ენდოდონტიური მკურნალობის პროცესში, ექსუდატის დრენირების მიზნით,


კბილის ღრუს ღიად დატოვება! ეს ეთიოტროპული მკურნალობის პრინციპებს ეწინააღმდეგება, რომელიც
ინფიცირებულ არხებში მიკროორგანიზმების ლიკვიდაციისკენაა მიმართული. მკურნალობის სხვადასხვა
ეტაპზე ღიად დატოვებულ კბილის ფესვის არხებში მოგვიანებით Enterococcus რიგის მიკროორგანიზმები
აღმოჩნდება, რაც კბილის ტრადიციული მკურნალობის მიმართ რეზისტენტობას განაპირობებს. საჭიროა
სრულყოფილი ირიგაცია და არხში სამკურნალო ნახვევის მოთავსება ჰერმეტული პროვიზორული ბჟენის
ქვეშ.

ინფიცირებული არხი საჭიროებს განმეორებით ენდოდონტიურ მკურნალობას. თუ ფესვი გაბზარულია


ან მოტეხილობა ღრძილის ხაზის ქვემოთაა, კბილი ამოსაღებია.

იშვიათ შემთხვევებში, მაშინაც კი როცა ფესვის არხები სრულფასოვნადაა ობტურირებული და


გვირგვინი ჰერმეტულადაა დაბჟენილი, შესაძლოა ბაქტერია მაინც დარჩეს ფესვის ირგვლივ ძვლოვან
ქსოვილში, ანთება შენარჩუნდეს და კბილი იყოს მტკივნეული. საბედნიეროდ, ინფიცირებული ან
დანეკროზებული პულპის მოცილების შემდეგ, ბაქტერია თითქოს ხაფანგში მოექცევა, არსად აქვს
წასასვლელი, ამჯერად ორგანიზმის იმუნურ სისტემაზეა დამოკიდებული კბილის გამოჯანმრთელება.
პროცესის დასაჩქარებლად შესაძლებელია ანტიბიოტიკოთერაპიის კურსის წახმარება.

Ø ფესვის არხის მედიკამენტურ-ინსტრუმენტული დამუშავების დროს დენტინის ანაქლიბის გადატანა


აპექსის გარეთ
ამის მთავარი მიზეზი არხის სამუშაო სიგრძის არასწორი განსაზღვრაა, სახეზეა ფესვის არხის ზედმეტი
ინსტრუმენტირება, აპექსის გაფართოება, დენტინის ანაქლიბის, ნეკროზული პულპის მასის აპექსის გარეთ
გადადევნა, პერირადიკულური ქსოვილების მექანიკური გაღიაზიანება, პერიოდონტის მექანიკური
სტიმულაცია, ექსუდატის და სისხლის არხში მოხვედრა, არხში დარჩენილი მიკროორგანიზმების გამრავლება
და პროლიფერაცია. ფესვის არასწორი სამუშაო სიგრძით ხელმძღვანელობისას თუნდაც #10 ზომა ფაილით
რეკაპიტულაციაც კი შეიძლება გახდეს პერიაპიკალური ქსოვილების გაღიზიანების მიზეზი.

18
პერიაპიკალურად დენტინის ანაქლიბის გადატანაზე გავლენას ახდენს ასევე ინსტრუმენტების ტიპი და
ინსტრუმენტირების მეთოდი. ყველაზე ნაკლები რაოდენობით გადადევნა შეინიშნება crown-down ტექნიკის და
ენდობუნიკის გამოყენების დროს.

გამოსავალი: ფესვის არხის სამუშაო სიგრძის სწორი განსაზღვრა.

Ø არხის საბჟენი მასის ან ჰაერის ბუშტუკის გადატანა პერიაპიკალურად


არც თუ ისე იშვიათად, ენდოდონტიური მკურნალობის დროს ადგილი აქვს პერიაპიკალურად არხის
საბჟენი მასის გადადევნას. ამ დროს განვითარებული ტკივილი დამოკიდებულია გადადევნილი მასალის
რაოდენობაზე და მდებარეობაზე.

თუ კბილის ფესვის მწვერვალი მკურნალობამდე იყო ინფიცირებული, პერიაპიკალურად


შესაძლებელია იყოს დესტრუქციული უბანი, სივრცე ზედმეტი ბჟენისთვის და ბჟენის გადადევნა ისეთი
მტკივნეული არ არის, ზოგჯერ შეუმჩნეველიც კია.

თუ კბილი მკურნალობამდე არ იყო ინფიცირებული, მაშინ, როგორც წესი, გადადევნილ ზედმეტ მასას
თან ახლავს ტკივილი.

იშვიათად შესაძლებელია პერიაპიკალურად უმცირესი ჰაერის ბუშტუკის გადადევნაც, ეს იწვევს წნევის


გაზრდას და ტკივილს. გარკვეული დროის შემდეგ ტკივილი თავისით გადის.

გამოსავალი: ფესვის არხის ზუსტი სამუშაო სიგრძის დადგენა, აპიკალური ხვრელის ზედმეტი
გაფართოების თავიდან აცილება, არხის საბჟენი მასის ზუსტი ზომის, სიგრძის და რაოდენობის განსაზღვრა.

Ø ნატრიუმის ჰიპოქლორიდის გაჟონვა


ნატრიუმის ჰიპოქლორიდის გადადევნას თან ახლავს მყისიერი ძლიერი ტკივილი, ირიგანტის
გადადევნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია არხის სამუშაო სიგრძის იგნორირება ან მისი არასწორად
განსაზღვრა, არხების ირიგაციისთვის ჩვეულებრივი ნემსების გამოყენება ან ენდო ნემსების გამოყენების
შემთხვევაში, არხში ნემსის არასწორ სიღრმეზე შეყვანა, არასწორი მანევრირება, ზედმეტი წნევის გამოყენება.

გამოსავალი: არხის უხვი ირიგაცია ფიზიოლოგიური ხსნარით, კბილის ფესვის საპროექციოდ


ვაზოკონსტრიქტორის შემცველი ანესთეტიკის შეყვანა, გარედან ყინულის დადება, არხში სამკურნალო
ნახვევის მოთავსება (მაგ., ლედერმიქსი), არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატის და
ანტიბიოტიკის დანიშვნა.

ჩატარებული ღონისძიებების მიუხედავად ტკივილი რამოდენიმე დღეს გრძელდება, შესაძლებელია


რბილი ქსოვილების შესიებაც.

Ø იგნორირებული ან არასრულად დამუშავებული არხი


ფესვის არხის უგულვებელყოფის, ან არსებულის არასრულფასოვანი მექანიკური და მედიკამენტური
დამუშავების დროს არხში დარჩენილი პულპის ნარჩენები და ბაქტერიები ინფექციის წყაროს წარმოადგენენ.
19
არხის მწვერვალში დარჩენილ პულპის უმცირეს ნაწილაკსაც კი შეუძლია კბილი ცივ და ცხელ
გამაღიზიანებელზე მგრძნობიარე დატოვოს, თუ ინფიცირებული არხი იქნა უგულვებელყოფილი, კბილი
ზეწოლაზე იქნება მტკივნეული.

გამოსავალი: განმეორებითი ენდოდონტიური მკურნალობა

Ø არხში ინსტრუმენტის ფრაქტურა


პოსტოპერაციული ტკივილის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს არხში ინსტრუმენტის ჩატეხვა,
ინფიცირებული ან დანეკროზებული პულპის არასრული ამოღება არხში ბაქტერიების გამრავლების წყაროა,
შედეგად მივიღებთ ისეთივე გართულებას, როგორც ინფიცირებული არხის შემთხვევაში.

ინსტრუმენტის ფრაქტურის მიზეზებია ექიმის არაკომპეტენტურობა, კბილის ანატომიის არცოდნა,


არხებთან არასწორი მიდგომა, უხარისხო არხის ინსტრუმენტების გამოყენება, არასაკმარისი ირიგაცია,
ინსტრუმენტების არასწორი მანევრირება, ფესვის არხების რთული ანატომია

გამოსავალი: განმეორებითი ენდოდონტიური მკურნალობა, ჩატეხილი ფრაგმენტის ამოღების ან მის


გვერდით გავლის მცდელობა, ჩატეხილი ფრაგმენტის მდებარეობაზე დამოკიდებულებით - ენდოდონტიური
ქირურგიის ჩატარება.

Ø მაღალი ბჟენი ან ხელოვნური გვირგვინი


თუ საბოლოო რესტავრაცია ან გვირგვინი თუნდაც ერთ წერტილშია მაღალი, კბილი ანტაგონისტ
კბილს უფრო მეტი ძალით ურტყამს, აღინიშნება ტკივილი.

ხშირად პაციენტი, მკურნალობის დასრულების შემდეგ ვერ ხვდება, რომ ბჟენი ან გვირგვინი მაღალია,
ამის მიზეზია ან ანესთეზია, ან გადაღლა, ექიმმა საარტიკულაციო ქაღალდით გულდასმით უნდა შეამოწმოს
კბილის ანტაგონისტ კბილებთან შეხების წერტილები და მოაცილოს ზედმეტი.

გამოსავალი: პრობლემა ადვილად მოგვარებადია, საკმარისია მხოლოდ მაღალი წერტილის


მოქლიბვა, თუმცა ტკივილი შეიძლება 3-5 დღე გაგრძელდეს.

ექიმის დანიშნულება პოსტოპერაციული ტკივილის პრევენციისთვის:

- ნამკურნალევი კბილის დაზოგვა საკვების მიღების დროს,


- სელექციური არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღება - მაგ., ნიმესულიდი
100მგ 2-ჯერ დღეში 5 დღის მანძილზე.
- პაციენტის წინასწარ ინფორმირება მოსალოდნელი დისკომფორტის, ტკივილის ან შესიების თაობაზე.

20
კონფლიქტურ სიტუაციაში ექიმი კორექტული უნდა იყოს თავისი კოლეგის მიმართ, იყოს
დამაჯერებელი, მოახერხოს სიტუაციის განმუხტვა, უნდა დაარწმუნოს პაციენტი, რომ პოსტოპერაციული
ტკივილი იშვიათი მოვლენა არ არის და ხშირად სრულფასოვან მკურნალობასაც ახლავს თან და რომ
კბილის ამოღება ამ პრობლემის გადაჭრის რადიკალური გზაა.

ექიმის მთავარი ამოცანაა პაციენტი დაარწმუნოს, რომ პრობლემა მოგვარებადია და კლინიკის მთელი
გუნდი შეეცდება მის დახმარებას, დეტალურად უნდა აუხსნას მას მკურნალობის გეგმა, მოსალოდნელი
გართულებები და პროგნოზი.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. M.Gotler, B.Bar-Gil, M.Ashkenazi - Postoperative Pain after Root Canal Treatment: A Prospective Cohort
Study-Int J Dent, 2012 (https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC3312224/)
2. Sipaviciute E., Maneliene R. - Pain and flare-up after endodontic treatment procedures - Stomatologija, Baltic
Dental and Maxillofacial Journal, 16: 25-30, 2014 (https://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/24824057)
3. Плешкова Т.П., Ненашева А.А, Дущенко В.И., Зорина В.В., Велиев А.С. - БОЛИ ПОСЛЕ
ЭНДОДОНТИЧЕСКОГО ЛЕЧЕНИЯ ЗУБОВ - Электронный научный журнал Международный
студенческий научный вестник ISSN 2409-529X, ИФ РИНЦ = 0,303
4. Е.А. Тё, И.А. Тё - Профилактика и лечение болевого симптома в эндодонтии
(http://pmarchive.ru/profilaktika-i-lechenie-bolevogo-simptoma-v-endodontii/)

21
არადამაკმაყოფილებელი მკურნალობის შემთხვევის განხილვა

ენდოდონტიური მკურნალობის ეფექტურობა მეტწილად დამოკიდებულია კბილის ფესვის არხების


სრულფასოვან მექანიკურ და მედიკამენტურ დამუშავებაზე და არხების ობტურაციაზე.

არხების არადამაკმაყოფილებელი ობტურაცია წარუმატებელი ენდოდონტიური მკურნალობის ხშირი


მიზეზია. არხების არაჰერმეტულობა მათში ბაქტერიების გამრავლების ერთ-ერთი წყაროა, ადგილი აქვს
ინფექციის გავრცელებას პერიაპიკალურად, პერიოდონტსა და ძვლოვან ქსოვილში, პაციენტს აღენიშნება
კბილის ტკივილი, რბილი ქსოვილების შესიება.

ფესვის არხების არადამაკმაყოფილებელი ობტურაციის მიზეზებია:

Ø კბილის ანატომიის არცოდნა - კბილის ღრუს გახსნა, არხის შესასვლელების მოძებნა, არხების
გამავლობის შექმნა წარმოუდგენელია კბილის ანატომიის ცოდნის გარეშე. აქვე გასათვალისწინებელია
კბილთა დგომა და მათი პათოლოგიები. კბილის დგომის ანომალიების დროს, თუ ექიმი კბილის ჩვეული
დგომისთვის დამახასიათებელი კბილის ღრუს მიმართულებით დაიწყებს პრეპარირებას, მიიღებს
პერფორაციას, კბილის მაგარი ქსოვილების ზედმეტი რაოდენობით მოცილებას.

Ø კბილის ფესვის სამუშაო სიგრძის განსაზღვრის იგნორირება ან არცოდნა - ფესვის არხების


სრულფასოვანი ენდოდონტიური მკურნალობისთვის აუცილებელია ფესვის სამუშაო სიგრძის ზუსტი
მაჩვენებლის ცოდნა. ამისთვის გამოიყენება ელექტრონული (აპექსლოკატორის გამოყენებით) და
რენტგენოლოგიური (რენტგენოვიზიოგრაფიული) მეთოდები. მხოლოდ მოძველებური, ტაქტილური
მეთოდით არხის სამუშაო სიგრძის განსაზღვრა არაზუსტი და არაინფორმაციულია. სრულფასოვნადაც რომ
იყოს დამუშავებული არხი სავარაუდო სიგრძეზე და შემდგომ ამავე სიგრძეზე ობტურირებული, თუ სიგრძე
არაზუსტია, კბილის ენდოდონტიური მკურნალობა იქნება წარუმატებელი. აქვე უნდა გვახსოვდეს, რომ
შეიძლება აპექსლოკატორმაც მოგვცეს ცრუ მაჩვენებელი, ამის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია
მწარმოებლის ინსტრუქციის ზედმიწევნით ზუსტად შესრულება.

Ø იგნორირებული არხი
ფესვის ძირითადი ან დამატებითი არხის უგულვებელყოფისას არხში დარჩენილი პულპის ნარჩენები და
ბაქტერიები ინფექციის წყაროს წარმოადგენენ. არხის მწვერვალში დარჩენილ პულპის უმცირეს ნაწილაკსაც კი
შეუძლია კბილი ცივ და ცხელ გამაღიზიანებელზე მგრძნობიარე დატოვოს, თუ ინფიცირებული არხი იქნა
უგულვებელყოფილი, კბილი ზეწოლაზე იქნება მტკივნეული.

Ø კბილის რთული ანატომია - ზოგჯერ არის სიტუაცია, როცა ფესვის არხების რთული ანატომია, არხების
ობლიტერაცია, აპიკალური დელტა, არხების ძლიერი სიმრუდე, ექიმის მცდელობის მიუხედავად შეუძლებელს
ხდის ასეთ არხებში მთელ სამუშაო სიგრძეზე გასვლას. ამ დროს დღის წესრიგში დგება ენდო-
მიკროქირურგიული მეთოდების გამოყენება.

22
Ø არხში საფეხურის შექმნა - ხშირად ფესვის არხის მთელ სამუშაო სიგრძეზე გავლას ხელს უშლის არხში
წარმოქმნილი საფეხური. ამის მიზეზია ინსტრუმენტების არასწორი მანევრირება, ირიგაციის სიმცირე.

Ø არხის დაბჟენა მხოლოდ პასტით ან მონოწკირით - მხოლოს პასტით ან მონოწკირით არხების


ობტურაცია არასაიმედოა, დროთა განმავლობაში პასტა იწოვება და რჩება სივრცე, რომელიც კვლავ
ბაქტერიების გამრავლების და ინფექციის გავრცელების წყაროა.

Ø არხში ინსტრუმენტის ფრაქტურა


არასრულად ობტურირებული არხის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს არხში ინსტრუმენტის ჩატეხვა,
თუ ექიმი ვერ ახერხებს ინსტრუმენტის ფრაგმენტის ამოღებას ან მის გვერდით გავლას, ფრაქტურის შემდგომ
არხში ვეღარ მოხდება ინსტრუმენტული და მედიკამენტური დამუშავება და არხიც ბოლომდე არ იქნება
ობტურირებული.

ინსტრუმენტის ფრაქტურის მიზეზებია ექიმის არაკომპეტენტურობა, კბილის ანატომიის არცოდნა,


არხებთან არასწორი მიდგომა, უხარისხო არხის ინსტრუმენტების გამოყენება, არასაკმარისი ირიგაცია,
ინსტრუმენტების არასწორი მანევრირება, ფესვის არხების რთული ანატომია

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი შეცდომების გამოსასწორებლად აუცილებელია განმეორებითი


ენდოდონტიური მკურნალობის ჩატარება, საჭიროებისამებრ ენდო-მიკროქირურგიული ჩარევა.

კონფლიქტურ სიტუაციაში ექიმი კორექტული უნდა იყოს თავისი კოლეგის მიმართ, უნდა დაარწმუნოს
პაციენტი, რომ მსგავსი სახის გართულება იშვიათი მოვლენა არ არის და ზოგჯერ მსგავსი შემთხვევა
გამოცდილ ექიმსაც მოსდის.

უნდა იყოს დამაჯერებელი, მოახერხოს სიტუაციის განმუხტვა, უნდა შეეცადოს პაციენტი დაარწმუნოს,
რომ უარი თქვას ჩივილზე, აუხსნას, რომ არსებობს ამ პრობლემის გადაჭრის გზები, გააცნოს მას
მკურნალობის გეგმა, მოსალოდნელი გართულებები და პროგნოზი.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. M.Gotler, B.Bar-Gil, M.Ashkenazi - Postoperative Pain after Root Canal Treatment: A Prospective Cohort
Study-Int J Dent, 2012 (https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC3312224/)
2. Sipaviciute E., Maneliene R. - Pain and flare-up after endodontic treatment procedures - Stomatologija, Baltic
Dental and Maxillofacial Journal, 16: 25-30, 2014 (https://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/24824057)
3. Плешкова Т.П., Ненашева А.А, Дущенко В.И., Зорина В.В., Велиев А.С. - БОЛИ ПОСЛЕ
ЭНДОДОНТИЧЕСКОГО ЛЕЧЕНИЯ ЗУБОВ - Электронный научный журнал Международный студенческий
научный вестник ISSN 2409-529X, ИФ РИНЦ = 0,303

23
კერამიკული კონსტრუქციის საყრდენი კბილის
ენდოდონტიური დაავადება (დაავადების რეციდივი)

ორთოპედიული მკურნალობის დაგეგმვა სასურველია ორთოპედი და თერაპევტი სტომატოლოგების


ერთობლივი განხილვის საგანი გახდეს. კერამიკული კონსტრუქციის საყრდენი კბილების ენდოდონტიური
დაავადებები არც თუ ისე იშვიათია, რაც დაგეგმვის და/ან უშუალოდ მკურნალობის პროცესში დაშვებულ
შეცდომებს უკავშირდება. პერიაპექსური დაზიანებებით ან პულპიტის სხვადასხვა ფორმებით დაავადებული
კბილების ხელახალი მკურნალობა პაციენტს ფიზიკურ, მორალურ და ფინანსურ ზიანს აყნებს. ზოგჯერ
პროცესი უსიმპტომოდ, ფარულად მიმდინარეობს და პრობლემა იმ დროს იჩენს თავს, როდესაც დაზიანება
შეუქცევადია და გამოსავალი მხოლოდ ქირურგიული მკურნალობაა (ექსტრაქცია).

ორთოპედიული მკურნალობის დაწყებდე საყრდენი კბილების მომზადება, კერძოდ მათი


პრეპარირებაა საჭირო. პრეპარირების სიღრმე განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რა მასალით იქნება
დამზადებული ორთოპედიული კონსტრუქცია (ხელოვნური გვირგვინი).

კონკრეტული კლინიკური სიტუაციიდან გამომდინარე ექიმი-ორთოპედი თავად იღებს


გადაწყვეტილებას, საყრდენი კბილების დევიტალიზაციის თუ ვიტალურად შენარჩუნების შესახებ, პაციენტის
ასაკის, პირის ღრუს ზოგადი მდგომარეობის და კონკრეტული კლინიკური სიტუაციის გათვალისწინებით.
კბილების წინასწარი დევიტალიზაცია საჭირო ხდება როდესაც:

• კბილზე აღინიშნება დიდი ზომის დეფექტი და/ან ბჟენი;


• საჭიროა კბილის დგომის და/ან ფორმის შეცვლა;
• რაიმე მიზეზის გამო აუცილებელია დიდი რაოდენობით მაგარი ქსოვილების პრეპარირება
(მაგალითად, მეზობელი კბილისთვის საკმარისი სივრცის შექმნა);
• პაციენტის პირის ღრუ დეკომპენსირებულია, ჰიგიენა არასრულფასოვანია;
• თუ კბილი უკვე დევიტალურია, აუცილებელია ენდოდონტიური მკურნალობის ხარისხის
რენტგენოლოგიური და კლინიკური შეფასება.
კბილების ვიტალურად შენარჩუნების შემთხვევაში საჭიროა წინასწარი რენტგენოლოგიური კვლევა,
პულპის კამერის მდგომარეობის შესაფასებლად. პრეპარირება უნდა ჩატარდეს ფრთხილად, წყლის ჭავლის
გამოყენებით, რომ არ მოხდეს კბილის გადახურება და პულპის შეუქცევადი დაზიანება. პრეპარირების შემდეგ
ძალიან ყურადღებით უნდა მოხდეს გვირგვინის ყველა ზედაპირის დათვალიერება (პულპის გაშიშვლების
თავიდან ასაცილებლად) და რენტგენოლოგიური კონტროლი (პულპის კამერის მთლიანობის რევიზიისთვის).
ზოგჯერ ორთოპედიული კონსტრუქციის ფიქსაცია სასურველია მოხდეს დროებითი ცემენტით, რომ
გარკვეული პერიოდის განმავლობაში შესაძლებელი გახდეს დაკვირვება და გართულების შემთხვევაში
კბილთან მიდგომა და ენდოდონტიური მკურნალობის ჩატარება ორთოპედიული კონსტრუქციის დაზიანების
გარეშე მოხდეს.

კბილების დევიტალიზაცია უნდა ჩატარდეს ენდოდონტიური მკურნალობის ყველა პრინციპის


გათვალისწინებით-იზოლაციის ქვეშ არხების ენდოდონტიური დამუშავება, ირიგაციის პროტოკოლის დაცვა,
სამუშაო სიგრძის რენტგენოლოგიური და/ან ელექტრომეტრული კონტროლი, საიმედო, ჰერმეტული

24
ობტურაცია. გვირგვინის მთლიანობა უნდა აღდგეს კომპოზიციური საბჟენი მასალით, ანატომიური ფორმის
გათვალისინებით.

საბოლოოდ, ორთოპედიული კონსტრუქცია ჰერმეტულად უნდა ხურავდეს კბილის გვირგვინს, იმეორებდეს


ბუნებრივი კბილის ანატომიურ ფორმას, ასევე სრულყოფილად უნდა იქნას აღდგენილი კბილთაშორისი
კონტაქტები.

25
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სტომატოლოგიური დახმარება

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცამებით მსოფლიოში 516 მლნ შეზღუდული


შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირია, რაც მთლიანი მოსახლების 10%-ს შეადგენს. შეზღუდული
შესაძლებლობების მიზეზთაგან პირველ ადგილზეა ნერვული სისტემის (38,3%), მეორეზე კი საყრდენ-
მამოძრაველი სისტემის (21,1%) დაზიანებები (და/ან დაავადებები).
სამკურნალო და სარეაბილიტაციო ღონისძიებების კომპლექსში მნიშვნელოვანია სტომატოლოგის
მონაწილეობა პირის ღრუს ჯანმრთელობის, დროული მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის.
პაციენტთა კონტინგენტისთვის, რომელთაც არ შეუძლიათ თავის თავის მოვლა, დამოუკიდებლად
გადაადგილება, უჭირს ურთიერთობა გარშემომყოფებთან (რაც გამოწვეულია ინტელექტის დარღვევით ან
ლოგოპედიური პრობლემებით), გააჩნიათ ნეირო-ფსიქიკური განვითარების დარღვევები ან ემოციურად
არამდგრადები არიან, რთულია ნებისმიერი სამკურნალო მანიპულაციის სრულყოფილად ჩატარება,
განსაკუთრებით კი პირის ღრუში.

აუტისტური სპექტრის მქონე პაციენტების ვიზიტი სტომატოლოგთან


„აუტისტური სპექტრის დარღვევა“ ნიშნავს ადამიანის განვითარების ისეთ შეფერხებას,როდესაც
დარღვეულია სოციალური ურთიერთქმედება, კომუნიკაცია და სოციალური აზროვნება. არსებობს მსგავსი
ხასიათის დარღვევების დიდი ვარიაბელურობა ანუ„სპექტრი“, მათ შორისაა აუტიზმი და ასპერგერის
სინდრომი.ასეთ ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ სირთულეები სწავლაში, მეტყველებაში,შეიძლება არ
ლაპარაკობდნენ მთელი ცხოვრების განმავლობაში. ასპერგერის სინდრომის მქონე ადამიანებს ხშირად აქვთ
საშუალო ან საშუალოზე მაღალი ინტელექტი და გამართული მეტყველება. აუტისტური სპექტრის მქონე
ყველა ადამიანს ახასიათებს სირთულეები 3 მიმართულებით, რასაც „აუტისტური დარღვევების
ტრიადასაც“უწოდებენ:
- სოციალური ურთიერთქმედება - ვერ ამყარებს სოციალურ ურთიერთობებს, ადამიანი ჩანს გარიყული
და გულგრილი, უჭირს სხვა ადამიანების მოსაზრებებისა და ქმედებების აღქმა;
- სოციალური კომუნიკაცია - არ შეუძლია ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის დამყარება;
- სოციალური აზროვნება - შეუძლია ქმედებების კოპირება, რომელსაც შეიძლება ახორციელებდეს
დამახასიათებელი რიგიდულობით და განმეორებებით,მაგრამ შეზღუდული აქვს გააზრებული თამაშების
და ქმედებების სპექტრი.
აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე პირებში ხშირია განმეორებადი ქცევები და ისინი ძნელად
ეგუებიან ჩვეულ განგრიგში ცვლილებების შეტანას. აქვთ ჰიპერ- ან ჰიპომგრძნობელობა ხმებზე, შეხებაზე,
ტკივილზე, სინათლეზე და ა.შ.

პაციენტის მიღება
აუტისტი ბავშვისთვის სტომატოლოგთან ვიზიტი შეიძლება მატრავმირებელ ფაქტორად იქცეს.
აუტისტი სტომატოლოგთან ვიზიტს სრულებით არ აღიქვამს ისე, როგორც ჯანმრთელი ბავშვი. ასეთი
ბავშვისათვის ეს გამოიყურება ასე: უცნობი ადმიანი აპირებს რაღაც გაუკეთოს მას პირის ღრუში, მისთვის
უცნობია გარემო, ბევრი განათებაა, უცნაური სუნი და შეგრძნებებია.

26
აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე პაციენტების რაოდენობის მკვეთრი მატება მთელ
მსოფლიოში, ზრდის იმის ალბათობას, რომ თქვენს სამედიცინო პრაქტიკაში არაერთხელ მოგიწიოთ ასეთ
პაციენტთან შეხვედრა. იმისათვის რომ ეს ურთიერთობა ნაკლებ მტკივნეული იყოს როგორც აუტისტური
სპექტრის მქონე პაციენტისათვის ისე ექიმისა და მთელი სამედიცინო პერსონალისათვის, წინასწარ უნდა
მოხდეს ვიზიტის დაგეგმვა და მომზადება. პირველადი კონტაქტი უნდა დამყარდეს ექიმსა და პაციენტზე
პასუხისმგებელ პირს შორის, ეს შეიძლება იყოს მშობელი, ძიძა, ექთანი ან სხვა. კარგი იქნება თუ
გაითვალისწინებთ კიდევ ერთ რჩევას და შეეცდებით პაციენტის მიღებას სამუშაო დღის დასაწყისში ან
ბოლოს. ვინაიდან, ლოდინმა აუტიზმის მქონე პაციენტებში შეიძლება გამოიწვიოს ძალიან ძლიერი სტრესი,
რომლის მართვა გახდება შეუძლებელი.

აუტიზმის მქონე პაციენტებთან ურთიერთობა


- ელაპარაკეთ უბრალო და გარკვეული ენით, გამოიყენეთ მოკლე წინადადებები. გაითვალისწინეთ,
რომ აუტისტი ადამიანები ყველა სიტყვას იგებენ პირდაპირი მნიშვნელობით. ამიტომ, თუ ეტყვით რომ
„იქნება მტკივნეული ერთი წამით“, ის დაელოდება რომ ტკივილი გაივლის ზუსტად ერთ წამში.
- თქვენი საუბარი უნდა იყოს მაქსიმალურად კონკრეტული, ყოველგვარი ირონიის, მეტაფორებისა და
ორაზროვანი გამოთქმების გარეშე.
- თქვენი მოთხოვნები უნდა იყოს პირდაპირი, მაგალითად, „თუ შეიძლება ადექით“. მაგრამ, თუ თქვენ
შეეკითხებით: „შეგიძლიათ ადგეთ?“, მას შეუძლია გიპასუხოთ „დიახ“, მაგრამ არ ადგეს.
- დარწმუნდით, რომ თქვენი ნათქვამი მისთვის გასაგები იყო, ვინაიდან ზოგი საუბრობს ძალიან კარგად,
მაგრამ უჭირს სხვისი ნათქვამის გაგება.
- არ გამოიყენოთ ჟესტიკულაცია და მიმიკა რაიმეს ასახსნელად, სჯობს ვერბალურად აუხსნათ.
- შეეცადეთ დასვათ ყველა შეკითხვა საჭირო ინფორმაციის მისაღებად, ვინაიდან აუტისტური სპექტრის
მქონე პაციენტი თვითონ არასდროს არ გეტყვით ამის შესახებ, რაოდენ სასიცოცხლოდ
მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს იგი.
- თავის მხრივ მშობლებს უნდა ესმოდეთ, რომ ყველა სტომატოლოგი არ მუშაობს განსაკუთრებული
შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან. უკეთესია თუ ბავშვს მიიღებს ბავშვთა სტომატოლოგი, რომელსაც
აქვს გარკვეული გამოცდილება და ცოდნა ამ მიმართულებით.
- თუ ექიმს აქვს ასეთ ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება, მშობელს უნდა აუხსნას რა საშუალებებით
აპირებს ბავშვის ემოციური ფონის მოხსნას.
- სიტუაციიდან გამომდინარე სტომატოლოგი გადაწყვეტს საჭიროა თუ არა მშობლის დასწრება
მკურნალობის პროცესში.
- კატეგორიულად დაუშვებელია ბავშვის ფიქსაცია სავარძელზე, რადგან ბავშვის შფოთვას ეს კიდევ
უფრო გაამძაფრებს და გაართულებს მის შემდგომ ვიზიტს სტომატოლოგთან.
- თუ პირველ ვიზიტზე ბავშვის მკურნალობა ვერ მოხერხდა, საჭიროა მას ავუხსნათ, ნაბიჯ-ნაბიჯ
ვაჩვენოთ რა ხდება სტომატოლოგიურ კაბინეტში, შევაგუოთ ხმებსა და გარემოს და შემდეგ ვიზიტზე
ვცადოთ თავიდან.

27
პაციენტის რეაქცია
- არ გაგიკვირდეთ, თუ პაციენტი არ გიყურებთ თვალებში, მითუმეტეს თუ ის სტრესის ქვეშაა. მაგრამ ეს
იმას არ ნიშნავს, რომ პაციენტი არ გისმენთ.
- პაციენტს მიეცით დრო გაიაზროს თქვენი ნათქვამი.
- არ იფიქროთ, რომ თუ პაციენტი არ ლაპარაკობს, მას არ ესმის თქვენი.
- აუტიზმის მქონე პაციენტებს ხშირად უჭირთ სხვა ადამიანების ქმედებების გააზრება. მათ შეიძლება არ
ესმოდეთ რის გაკეთებას აპირებთ, მაგრამ ეგონოთ, რომ თქვენ იცით რას ფიქრობენ ისინი.
- ამ ადამიანებისთვის რთულია პირადი სივრცის კონცეფციის აღქმა. ისინი შეიძლება ძალიან ახლოს
მოვიდნენ თქვენთან ან პირიქით საჭიროებდნენ მეტ დისტანციას.

სენსორული სტიმულები
თქვენს პაციენტს შეიძლება ჰქონდეს ერთი ან რამოდენიმე სენსორული მგრძნობელობის (სინათლის,
ხმაურის, ხალხმრავლობის და ა.შ) მიმღებლობის თავისებურებები. სენსორული გამღიზიანებლების
საპასუხოდ ზოგიერთი ადამიანი ცდილობს გამოეთიშოს გარემოს (ყურებზე ან თვალებზე ხელების
აფარებით), სხვებისთვის ეს შეიძლება აღმოჩნდეს მასტიმულირებელი, ამ დროს ისინი იწყებენ სხვადასხვა
განმეორებით მოძრაობებს. მსგავსი ქცევა ხშირად ეხმარება ბალანსის შენარჩუნებაში და ამშვიდებს ადამიანს,
ამიტომ არ უნდა შევეცადოთ შევაწყვეტინოთ ასეთი ქცევა თუ ამის გარდაუვალი აუცილებლობა არ არსებობს.
სენსორული გადატვირთვის თავიდან ასაცილებლად ხშირად საჭირო ხდება საყვარელი ნივთების გამოყენება
და მშვიდი გარემოს შექმნა.

ტკივილის აღქმა
- აუტიზმის მქონე ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ ძალიან მაღალი ტკივილის ზღურბლი. ჩვენ შეიძლება
გვეგონოს რომ არ სტკივა და მაგალითად მოტეხილი ჰქონდეს ძვალი.
- ტკივილზე რეაქცია ასეთ პაციენტებს შეიძლება ჰქონდეს არაადეკვატური, მაგალითად, სიცილი,
ზმუილი, სიმღერა, ტანსაცმლის გახდის მცდელობა.
- აღგზნება და მსგავსი საქციელი შეიძლება იყოს ტკივილის გამოხატვის ერთადერთი საშუალება

ინიექცია
- ინიექციის დროს შეეცადეთ მისი ყურადღება გადაიტანოთ სხვა საგნებზე.
- აუტიზმის მქონე ადამიანები ტკივილის მიმართ შეიძლება იყვნენ ზედმეტად ან არასაკმარისად
მგრძნობიარენი. ზოგიერთი პაციენტი ძალიან მწვავედ გრძნობს ჩხვლეტის ტკივილს, მაშინ როცა
სხვები შეიძლება საერთოდ არ რეაგირებდნენ.
- ამდენად, სასურველია ჩავთვალოთ, რომ პაციენტი იგრძნობს ტკივილს და ჩხვლეტის ადგილას
გამოვიყენოთ ადგილობრივი აპლიკაციური საანესთეზიო საშუალება.

არასასურველი შემთხვევები
იმ ფაქტმა, რომ აუტიზმის მქონე პაციენტი აღმოჩნდა უცნობ გარემოში (კლინიკა), რომელშიც მისთვის
ქაოსია, მრავლადაა სხვადასხვა სენსორული გამღიზიანებლები (სინათლე, ხმაური, უცხო ადამიანები, ბევრი
ინფორმაცია), შეიძლება გამოიწვიოს ფსიქიკის სრული გადატვირთვა და პაციენტი მიიყვანოს ისტერიამდე ან

28
თავის თავში სრულ ჩაკეტილობამდე . ასეთ სიტუაციაში ნება მიეცით მშობელს ან მომვლელს დაგეხმაროთ,
იმოქმედოს დამოუკიდებლად, მათ უკეთ იციან როგორ დაამშვიდონ პაციენტი.
- პაციენტის მკურნალობის დროს მშობელი ან თანმხლები პირი სასურველია იმყოფებოდეს მის
გვერდით. ეს დაამშვიდებს პაციენტსაც და თქვენც საშუალებას მოგცემთ მიიღოთ საჭირო ინფორმაცია.
- მიანიჭეთ აუტისტური სპექტრის მქონე პაციენტებს მაღალი პრიორიტეტი სხვებთან შედარებით და
ეცადეთ მინიმუმამდე დაიყვანოთ მოცდის დრო.
- თუ ლოდინი გარდაუვალია გამოუყავით მათ განცალკევებული ადგილი.
- ვიზიტისათვის გამოუყავით განსაზღვრულზე ორჯერ მეტი დრო

ცნს-ის და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებების მქონე პაციენტების ვიზიტი


სტომატოლოგთან
ბავშვთა ცერებრალური დამბლა და ეპილეპსია მიეკუთვნება ნერვული სისტემის ისეთ მძიმე
დაავადებებს, რომელსაც თან ახლავს რიგი შესაძლებლობების შეზღუდვა. ბავშვთა ცერებრალური დამბლის
სხვადასხვა კლინიკური გამოვლინებისას, რომელიც წარმოიშობა ტვინის ონტოგენეზის დარღვევით
სხვადასხვა ეტაპზე, შეუძლებელია ნორმალური პოზის შენარჩუნება, ხშირად სახეზე გვაქვს უნებლიე
მოძრაობები.
ცენტრალური ნერვულის სისტემის (ცნს-ის) ორგანული დაზიანებები შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი
სიმპტომებით:
• გონებრივი ჩამორჩენილობა - აღენიშნება პაციენტთა 60%-ს სხვადასხვა ხარისხით.
• კრუჩხვები - აღენიშნება პაციენტთა 30-50%-ს (განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში)
• სენსორული დარღვევები - ხშირად აღენიშნებათ სმენის დაქვეითება, 35%-ს მხედველობის
დაქვეითება, ხშირია სიელმე.
• მეტყველების დარღვევა - პაციენტთა 50%-ზე მეტს აღენიშნება მეტყველების დარღვევა სხვადასხვა
ფორმით.
• სახსრების კონტრაქტურა - პაციენტების უმეტესობას შეიძლება გამოუვლინდეს კიდურების
განუვითარებლობა და სახსრების კონტრაქტურა ზრდის პროცესში, რაც გამოწვეულია გარკვეული
ჯგუფის კუნთების უმოქმედობით.
ცერებრალური დამბლის მქონე ბავშვებს ყბა-სახის მიდამოში სხვადასხვა დაზიანებები
გამოუვლინდებათ, განსაკუთრებით ინტენსიურია კარიესის გავრცელება და მისი გართულებები. რაც
განპირობებულია კომპლექსური ეტიოლოგიური ფაქტორებით, რომელიც ზემოქმედებდა ბავშვის
განვითარების სხვადასხვა სტადიაზე, ამიტომ კარიესის ინტენსივობა განპირობებულია ჰისტოორგანოგენეზის
და კბილთა მინერალიზაციის დარღვევებით. დროებითი კბილები ზიანდება უფრო მეტად, მაგრამ მუდმივი
კბილების დაზიანებაც ბევრად აღემატება ჯანმრთელი პაციენტებისას.

კბილის განვითარების მანკები ცერებრალური დამბლის მქონე ბავშვებში


- დროებითი და მუდმივი კბილების შერეული ჰიპოპლაზია გამოწვეულია არახელსაყრელი
ფაქტორებით და ფორმირებით;
- მუდმივი და დროებითი კბილების ამოჭრის შეფერხება;
- მუდმივი და დროებითი კბილების პათოლოგიური ცვეთა

29
პაროდონტის დაავადებები
პაროდონტის დაავადებები (ქრონიკული გინგივიტი) გვხდება საკმაოდ ხშირად, რაც აიხსნება
ინდივიდუალური ჰიგიენის დარღვევით. ღეჭვისა და ყლაპვის ფუნქციის დარღვევა აიძულებს მათ მიიღონ
რბილი საკვები, რომელიც ხშირად მდიდარია ნახშირწყლებით. პაროდონტზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს
კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატების მუდმივად მიღებაც.

თანკბილვის ანომალიები
ამ პაციენტებს თანკბილვის ანომალიები აღენიშნებათ 2-ჯერ უფრო ხშირად, ვიდრე სხვა ბავშვებს.
ქვედა ყბის, ტუჩებისა და ენის არაკოორდინირებული და არაკონტროლირებადი მოძრაობა ასევე ხელს
უწყობს თანკბილვის ანომალიების განვითარებას.

ბრუქსიზმი
დროებითი და მუდმივი კბილების ოკლუზიური ზედაპირების მნიშვნელოვანი ცვეთა გამოწვეულია
ბრუქსიზმით, რაც იწვევს სახის ქვედა მესამედის დამოკლებას. შემდომში შესაძლებელია საფეთქელ-ქვედა
ყბის სახსრის დისფუნქციის განვითარება.

ტრავმა
პაციენტებში, რომლებსაც შეზღუდული აქვთ გადაადგილების უნარი, დიდია დაცემისა და აქედან
გამომდინარე ტრავმების რისკი. განსაკუთრებით ხშირია ფრონტალური კბილების მოტეხილობა და
პროტრუზია.

სტომატოლოგიური მკურნალობის თავისებურებები


ცენტრალური ნერვული სისტემისა და საყრდენ მამოძრავებელი აპარატის თანდაყოლილი მანკების
მქონე პაციენტთა სტომატოლოგიური მომსახურება განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვს. სასურველია
ასეთი პაციენტების სტომატოლოგიური მომსახურება მოხდეს:
- კაბინეტში, რომელიც აღჭურვილია, როგორც ადგილობრივი, ასევე ზოგადი გაუტკივარების
საშუალებებით.
- სპეციალიზირებულ სტომატოლოგიურ კლინიკებში და სტაციონარში.
ამ კატეგორიის პაციენტები მიეკუთვნებინ პირის ღრუს დაავადებების მაღალი რისკის ჯგუფს. გარდა
ამისა, ვინაიდან მათ შეზღუდული აქვთ შესაძლებლობები და ხშირად გააჩნიათ ემოციური პრობლემები მათი
მკურნალობა ჩვეულებრივ სტომატოლოგიურ კაბინეტში მეტად რთულია და დიდ დანახარჯს მოითხოვს.

გამოყენებული ლიტერატურა:
1. კოლესოვი ა. - ბავშვთა ასაკის სტომატოლოგია - 2006;
2. ვინოგრადოვა ტ. - ბავშვთა ასაკის სტომატოლოგია - 2007;
3. Loo CY, Graham RM, Hughes CV. Behaviour guidance in dental treatment of patients with autism spectrum
disorder. Int J Paediatr Dent. 2009; 19:390-8;
4. Oral health of children with special health care needs (SHCN)
https://www.jscimedcentral.com/Dentistry/dentistry-5-1089.pdf

30
პაციენტისთვის არასასურველი ინფორმაციის მიწოდება

თერაპიულ სტომატოლოგიაში მკურნალობის მეთოდთა მუდმივი განახლების და ტექნოლოგიების


დანერგვის მიუხედავად, ხშირად ვხვდებით სიტუაციას, როდესაც მკურნალობის კონსერვატიული მეთოდი
არაეფექტურია და დღის წესრიგში კბილის ექსტრაქციის აუცილებლობა დგება.
კბილის ფესვის და ძვლოვანი ქსოვილის დიდი ზომის რეზორბციული უბნები, ფესვის მოტეხილობა
(ვერტიკალური, ჰორიზონტალური, ირიბი,), კბილის ღრუს ფსკერის პერფორაცია, კბილის გვირგვინოვანი
ნაწილის მასშტაბური დაზიანება, ფესვის არხში ან პერიაპიკალურად ინსტრუმენტის განცალკევება (ჩატეხვა) -
ეს ის კლინიკური სიტუაციებია, სადაც ქირურგიული ჩარევა გარდაუვალია.

კბილის ფესვის და ძვლის ქსოვილის რეზორბცია


პერიაპიკალური ძვლოვანი ქსოვილის დიდი ზომის რეზორბციული უბნები, მათ შორის ის
დესტრუქციები, რომლებიც უკავშირდებიან ზედა ყბის წიაღს, ცხვირის ღრუს კონსერვატიულ მკურნალობას არ
ექვემდებარება. ზემოაღნიშნული რეზორბციები კლინიკური დიაგნოზით შეესაბამება ქრონიკულ და ქრონიკულ
გამწვავებულ პერიოდონტიტებს.
კლინიკურად პაციენტს ტკივილი ძირითად არ აღენიშნება (გამონაკლისია ქრონიკული
პერიოდონტიტის გამწვავება), თუმცა შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს სუსტად გამოხატულ უსიამოვნო
შეგრძნებას ღეჭვის დროს. ობიექტურად კბილი შეიძლება იყოს ინტაქტური, მარტივი კარიესის დიაგნოზით
დაბჟენილი ან ენდოდონტიურად ნამკურნალები. დაზიანებული კბილის ფესვის მწვერვალის საპროექციოდ
ლორწოვანი უხშირესად შეუცვლელია, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში მასზე შეიძლება შეინიშნებოდეს
ციანოზური ელფერის მქონე უბანი ფესვის მწვერვალის საპროექციოდ და ხვრელარხიც ან მისი ნაწიბური.
პერკუსია უმტკივნეულოა ან სუსტად დადებითი, კბილის საპროექციოდ გარდამავალი ნაოჭის პალპაცია
უმტკივნეულოა ან მცირედ მგრძნობიარე. კბილის ფერი უხშირესად შეცვლილია. რენტგენოლოგიურად ფესვის
მწვერვალის საპროექციოდ აღინიშნება ძვლოვანი ქსოვილის გამოხატული დესტრუქციული ცვლილებები,
მკვეთრი ან მცირედ წაშლილი საზღვრებით.

კბილის ფესვის მოტეხილობა


კბილის მოტეხილობა, ისევე როგორც ამოვარდნილობა უფრო ხშირია ზედა ყბაზე, მის ფრონტალურ
ნაწილში. კბილის გვირგვინი შეიძლება მოტყდეს მთლიანად ყელის არეში ან ნაწილობრივ მინანქარ-დენტინის
არეში პულპის ღრუს მთლიანობის დაუზიანებლად ან პულპის ღრუს გახსნით. ფესვის არეში შეიძლება ადგილი
ჰქონდეს ჰორიზონტალურ, ვერტიკალურ (VRF) ან ირიბ მოტეხილობას.
ფესვის მოტეხილობა შესაძლებელია სხვადასხვა მიზეზის შედეგად განვითარდეს, კერძოდ:
• ერთჯერადი მექანიკური ზემოქმედება,
• პათოლოგიური პროცესი, რომელიც კავშირშია კბილის ქსოვილის რეზორბციასთან, (მათ შორის
არხშიდა რეზორბცია)
მდგომარეობის შეფასებისა და კლინიკური დიაგნოსტირებისათვის საჭიროა კლინიკური გამოკვლევა:
- ანამნეზის შეკრება;
- გამოკვლევის კლინიკური მეთოდები: (დათვალიერება, პალპაცია, პერკუსია,
- თერმოდიაგნოსტიკა (დროებით კბილებში არ არის ინფორმატიული), კბილთა

31
- მორყევის ხარისხის განსაზღვრა, ოკლუზიის კონტროლი).
გამოკვლევის დამატებითი მეთოდები:
- ტრანსილუმინაცია;
- ელექტროოდონტოდიაგნოსტიკა (დროებით კბილებში არ არის ინფორმატიული);
- რენტგენოლოგიური/რენტგენოვიზიოგრაფიული გამოკვლევა (განსხვავებული პროექციისა და კუთხის
რამოდენიმე სურათია აუცილებელი);
- კომპიუტერული ტომოგრაფია (რთულ, გამონაკლის შემთხვევებში).
პულპის მდგომარეობის შეფასებით, კლინიკური დიაგნოზის (ფრაქტურა, ლუქსაცია, ინტრუზია და
ექსტრუზია და ავულსია) და პაციენტის ასაკის (კბილის განვითარების და ფესვის ჩამოყალიბებისა და
ექსფოლიაციის ფაზა) გათვალისწინების საფუძველზე იგეგმება ოპტიმალური მკურნალობის გეგმა.
კლინიკურად შესაძლებელია მიმდინარეობდეს უსიმპტომოდ ან მრავალფეროვანი ჩივილით. პაციენტი
შეიძლება აღნიშნავდეს უხერხულობას და ტკივილს საკვების მიღების დროს, გაძნელებულ ღეჭვას. პერკუსია
ყოველთვის დადებითია. ფესვის მოტეხილობა უფრო მეტად ასოცირდება ენდოდონტიურად ნამკურნალებ
კბილთან და ნაკლებად ვიტალურთან. ენდოდონტისტების მიერ ამ მდგომარეობის კლინიკური გამოვლენა
საკმაოდ ხშირია, თუმცა ძნელია დიფერენციაცია მოვახდინოთ, რომ კბილი ამ სიტუაციაში წარუმატებელი
ენდოდონტიური მკურნალობის თუ პაროდონტის ქსოვილთა პირველადი შეუქცევადი დაზიანების გამო
აღმოჩნდა.
ფესვის მოტეხილობის დროს ანატომიური სტრუქტურის შეუქცევადი დაზიანება აღინიშნება, რასაც
კბილის ფუნქციური არასრულფასოვნება მოსდევს. ამ დროს კონსერვატიული მეთოდით მკურნალობა
პრაქტიკულად გამორიცხულია, ხშირად პირდაპირი ჩვენებაა მხოლოდ ქირურგიული ჩარევა (ექსტრაქცია).

კბილის ღრუს ფსკერის პერფორაცია


კბილების მკურნალობის პროცესში შესაძლო გართულებათა ვარიანტებიდან პერფორაციას ერთერთი
პირველი ადგილი უკავია. კარიესოლოგიასა და ენდოდონტიაში ამ ტიპის დაზიანებები საკმაოდ ხშირად
გვხვდება, რაც აქტუალურს ხდის პერფორაციების გამომწვევი მიზეზების დროული აუცილებლობის
გამოვლინებას. მათი თავიდან აცილების პრევენციულ ღონისძიებათა გატარებისა და მკურნალობის
თანამედროვე მეთოდთა ოპტიმიზაციას.
კბილების პერფორაციები მძაფრი პოლემიკის, განსჯის და ვნებათაღელვის თემაა, რადგან ხშირად
მკურნალობის ამგვარი გართულების მიზეზები იატროგენულია. კბილის სტრუქტურებში პერფორაციათა
კერები ნებისმიერ ადგილას შეიძლება ჩამოყალიბდეს, მაგრამ ხშირად ძნელია დადგენა ეტიოლოგიური
ფაქტორი იატროგენულია, ოდონტოგენური ინფიცირების შედეგია - თუ ორივე ერთად. კბილთა
პერფორაციები ლოკალიზაციის მიხედვით შესაძლებელია დავყოთ: კედლის ან კბილის ღრუს ფსკერის
პერფორაცია და კბილის ფესვის პერფორაციები.
მკურნალობის ტაქტიკა, რომელსაც ამგვარ სიტუაციებში მივმართავთ 2 ძირითად მიმართულებად
იყოფა: კონსერვატიულად და ქირურგიულად. ბუნებრივია, პაციენტებისათვის უფრო დამზოგველი
მკურნალობის კონსერვატულ მეთოდთა გამოყენებაა. რაც უპირველესად ტრავმული ფაქტორის მოცილებას
გულისხმობს, ინტრაკორონალურ მიდამოში შემოზრდილი გრანულაციური ქსოვილის მოცილებისას
ჭრილობის ადექვატურ მოვლას, მის შემდგომ ობტურაციას და მკურნალობის დამასრულებელ ეტაპზე კბილის
სათანადო რესტავრაციას, საჭიროების შემთხვევაში კი გვირგვინით დაფარვას. პერფორირებული უბნების

32
ობტურაციისა და არხების რეტროგრადული დაბჟენისთვის MTA (ProRoot) მინერალ-ტრიოქსიდ აგრეგატს
იყენებენ. იგი მაქსიმალურად ნესტგამძლეა და ამ პირობებში მაღალი ადჰეზიის უნარს ამჟღავნებს. კვლევებმა
აჩვენა, რომ პერფორირებულ უბანთა ობტურაცია უფრო წარმატებით ხერხდება იმ შემთხვევებში როდესაც
პერფორირებული „ხვრელები“ მცირე ზომისაა. ასევე ყურადსაღებია პერფორაციის გამომწვევი მიზეზებიც, რაც
უფრო მცირე ზომის ბორებით ან ნაკლებ დიამეტრიანი ენდოდონტიური ინსტრუმენტებით მოხდება
პერფორაცია, მით უფრო ადვილად ექვემდებარება იგი შემდგომ მკურნალობას.
პერფორაციების მკურნალობის კონსერვატიული მეთოდების გამოყენება ყველა შემთხვევებში
საბოლოო განკურნების გარანტიას ვერ იძლევა. ხშირად პერფორირებულ უბანში მოხვედრილი საბჟენი
მასალა მწვავე პერიოდონტიტს და ქრონიკული პროცესის გამწვავებას იწვევს, ასევე ყურადსაღებია კბილის
ღრუს ფსკერის მასშტაბური პერფორაცია. ასეთ შემთხვევაში მკურნალობის კონსერვატული მეთოდები
არაეფექტურია რაც დღის წესრიგში ქირურგიული მკურნალობის ჩატარების აუცილებლობას აყენებს.

კბილის გვირგვინოვანი ნაწილის მასშტაბური დაზიანება


კბილის გვირგვინოვანი ნაწილის მასშტაბურ დაზიანებაში მოიაზრება ის მდგომარეობა, როდესაც
კბილის გვირგვინოვანი ნაწილის აღდგენა თერაპიული და ორთოპედიული გზით შეუძლებელია. ობიექტური
და სუბიექტური ჩივილები მრავალფეროვანია. კბილის გვირგვინოვანი ნაწილის მასშტაბური დაზიანება
შეიძლება მიმდინარეობდეს, როგორც უსიმპტომოდ, ასევე პულპიტების და პერიოდონტიტების ჩივილების
იდენტურად. ამ დიაგნოზებისთვის დამახასიათებელ ჩივილებთან ერთად პაციენტი უმეტესად უჩივის
დისკომფორტს საკვების მიღების დროს და ესთეტიკურ უხერხულობას.

ფესვის არხში ან პერიაპიკალურად ინსტრუმენტის განცალკევება (ჩატეხვა)


ფესვის არხში ან პერიაპიკალურად ინსტრუმენტის განცალკევება (ჩატეხვა) ერთ-ერთი უსიამოვნო
გართულებაა. ფესვის არხში ინსტრუმენის ჩატეხვის მიზეზი უფრო ხშირად შეიძლება იყოს: ინსტრუმენტის
ხმარების დროს ჭარბი ძალის გამოყენება, არხში ინსტრუმენტის არასწორი მოძრაობა, დეფორმირებული და
„გადაღლილი“ ინსტრუმენტის გამოყენება, ენდოდონტიური მისადგომის არასწორი ფორმირება. ოპერაციულ
ოდონტოლოგიაში გამადიდებელი სისტემებით მუშაობის დანერგვამ შესაძლებელი გახადა ამ პრობლემის
კონსერვატიული გზით მოგვარება. თუმცა კვლავ რჩება წარუმატებელი კლინიკური შემთხვევები და დღის
წესრიგში კბილის ექსტრაქცია დგება.

ექიმი ვალდებულია კორექტულად და დელიკატურად დაარწმუნოს პაციენტი, რომ აღნიშნულ


სიტუაციებში კბილი საექსტრაქციოა. მშვიდ და წყნარ გარემოში აუხსნას პაციენტს, რომ კბილის ამოღება ამ
პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზაა და დეტალურად მოახსენოს მკურნალობის გეგმის მიმდინარეობა,
რომელიც მოიცავს ორთოპედიულ მკურნალობას და იმპლანტაციას.

გამოყენებული ინტერნეტ-რესურსები:
1. http://smile-center.com.ua/ru/
2. www.jcd.org.in
3. http://www.cdejournal.com/
4. https://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/18647517

33
რეზორცინ-ფორმალინის მეთოდით დაბჟენილი (მუმიფიცირებული) კბილის ფესვების
განმეორებითი ენდოდონტიური მკურნალობის პერსპექტივები
მკურნალობის პროცესში და მისი დასრულების შემდგომ რისკებისა და გართულების პროგნოზირება,
პაციენტის ინფორმირებულობა

რეზორცინ-ფორმალინის მეთოდი

პულპიტის და პერიოდონტიტის მკურნალობის ისტორია მჭიდროდაა დაკავშირებული


სტომატოლოგიაში ფენოლისა და ფორმალდეჰიდის გამოყენებასთან. ჯერ კიდევ 1874 წელს WITZEL
იუწყებოდა პულპის დაავადებების მკურნალობაში ტრიკრეზოლ-ფორმალინის გამოყენების დადებით
შედეგზე. 1912 წელს ექიმმა ალბრეხტმა შეიმუშავა ინფიცირებული არხების დაბჟენა რეზორცინით
გაჯერებული ფორმალინის საშუალებით. აღნიშნული მეთოდი იწოდება როგორც არხთა იმპრეგნაციის
ტექნიკა. მისი მოქმედების მექანიზმი პასტის შედგენილობაში არსებული კომპონენტების ბაქტერიოციდულ და
სამუმიფიკაციო თვისებებზე იყო დამყარებული. მკურნალობა რამდენიმე სეანსად ტარდებოდა -
ეტაპობრივად ხდებოდა არხების „გაჯერება“ რეზორცინ-ფორმალინის ნარევით, რაც საბოლოოდ პულპის და
დენტინის მუმიფიკაციას იწვევდა. პაციენტს აღარ ჰქონდა ტკივილი და მკურნალობაც წარმატებულად
ითვლებოდა.
მეთოდი ძალიან პოპულარული გახდა, რაც განაპირობა დაბალმა ფასმა და ჩატარების ტექნიკის
სიმარტივემ. არავინ უფიქრდებოდა, იყო თუ არა აღნიშნული ტექნიკა ადამიანისთვის უსაფრთხო და ჰქონდა
თუ არა რაიმე უკუჩვენება.
შემდგომმა მრავალწლიანმა კვლევებმა რეზორცინ-ფორმალინის მეთოდის ეფექტურობა ეჭვქვეშ
დააყენა და მეტიც, დაადასტურა, რომ მისი გამოყენება ორგანიზმისთვის სახიფათოა შემდეგი მიზეზების გამო:
• ფორმალინი და რეზორცინი ტოქსიკური ნივთიერებებია, მათ აქვთ მუტაგენური და კანცეროგენული
თვისებები. დადგინდა, რომ კბილის ფესვთა არხებში არსებული ფორმალინი სისხლის მიმოქცევის
საშუალებით ეტაპობრივად ვრცელდება მთელ ორგანიზმში და გარკვეული პერიოდის შემდეგ
შესაძლებელია აღმოჩნდეს ღვიძლში, თირკმელებში, გულში, ფილტვებში, კუნთებში და გამოიწვიოს
შეუქცევადი დაზიანებები. ვარაუდობენ, რომ იმ პერიოდში, როცა არხთა იმპრეგნაციის ტექნიკა დიდი
პოპულარობით სარგებლობდა, ონკოლოგიურ დაავადებათა დიდი წილი სწორედ
სტომატოლოგიური მკურნალობის ამ კონკრეტული მეთოდის „გართულება“ იყო.
• დაბჟენიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ მინანქარი და დენტინი იღებს მოვარდისფრო-წითელ
შეფერილობას. დისკოლორიზაცია შეუქცევადია. კბილის გათეთრება შეუძლებელია ყველაზე
თანამედროვე გამათეთრებელი საშუალებებითაც კი.
• მნიშვნელოვნად ქვეითდება კბილის მაგარი ქსოვილების სიმტკიცე და ელასტიურობა - რეზორცინ-
ფორმალინის ნარევი მკვეთრად აუარესებს დენტინის ხარისხობრივ მაჩვენებლებს, იწვევს მასში
შემავალი ცილების კოაგულაციას და მის დაშლას. პაციენტთა უმრავლესობას სჭირდება კბილის
განმეორებითი მკურნალობა, თუმცა დენტინის სტრუქტურის გაუარესების გამო, ეს ძალიან რთულია.
ხშირად ვითარდება ჰიპერცემენტოზი, გართულებულია ექსტრაქცია. რეზორცინ- ფორმალინით
ნამკურნალევ კბილზე დაქვეითებულია კომპოზიტის ადჰეზია და გაძნელებულია ორთოპედიული
კონსტრუქციების ფიქსაცია.

34
• ხშირია პერიაპექსური ანთებითი პროცესები. პულპის დანეკროზების და მუმიფიცირების გამო ინფექცია
ვრცელდება და ხშირად ეს პაციენტისთვის დიდი ხნის განმავლობაში შეუმჩნეველი რჩება. ანთებითი
პროცესი ვრცელდება მეზობელ ფესვებზე და ღრძილზე. მიმდინარეობს პაროდონტის ქსოვილების
დესტრუქცია, ვითარდება აბსცესი, ფლეგმონა, კისტა. აღსანიშნავია, რომ პროცესი ხშირად
უსიმპტომოდ, ფარულად და ხანგრძლივად მიმდინარეობს, რაც საბოლოოდ შეუქცევად ცვლილებებს
იწვევს. რეზორცინ-ფორმალინის პასტა არარენტგენოკონტრასტულია.

ჩამოთვლილ მიზეზთა გამო, ევროპის უმეტეს ქვეყნებსა და ამერიკაში რეზორცინ-ფორმალინს


სტომატოლოგიურ პრაქტიკაში აღარ იყენებენ. მაგალითად შვეიცარიაში, უკვე 70 წელზე მეტია, რაც
არხების დაბჟენის ამ ტექნიკაზე უარი თქვეს. ასევე აშშ-ში, სადაც აღნიშნულ ნივთიერებას „რუსულ
წითელსაც“ უწოდებენ (Russian Red), მისი გამოყენების შემთხვევაში ექიმს ლიცენზიის შეჩერება
ემუქრება.

გამოყენებული ინტერნეტ-რესურსები:
1. https://www.rpcendo.com/jHfmPiks/PDF15.pdf
2. https://www.jendodon.com/article/S0099-2399(05)60403-7/fulltext
3. http://www.vegadent.com/post/rezorcin-formalinovyj-metod
4. http://www.medicus.ru/stomatology/patient/rezorcin-formalinovyj-metod-mina-zamedlennogo-dejstviya-
25853.phtml

35

You might also like