You are on page 1of 5

ივან ბუნინი

პირველი ნობელიანტი რუსი პროზაიკოსი და პოეტი ივან ბუნინი, რომელმაც


ცხოვრების დიდი ნაწილი ემიგრაციაში გაატარა, 1870 წლის 22 ოქტომბერს დაიბადა.
მისმა ბავშვობამ ორლოვის გუბერნიაში, ქალაქ ელცის მახლობლად ჩაიარა.
დაწყებითი განათლება შინ მიიღო, 1881 წელს კი, ელცის გიმნაზიაში ჩაირიცხა.
შემდგომი განათლება მან უფროსი ძმის წყალობით მიიღო, რომელმაც
უნივერსიტეტი წარმატებით დაამთავრა. მწერალი მთელი ცხოვრება ნანობდა, რომ
სრული განათლება ვერ მიიღო.

ბუნინის პირველი ლექსები 1888 წელს გამოქვეყნდა. შემდეგ წელს ის საცხოვრებლად


ორიოლში გადავიდა, სადაც ადგილობრივ გაზეთში კორექტორად დაიწყო მუშაობა.
ბუნინმა საკუთარ ნამუშევრებს ერთ წიგნად მოუყარა თავი და გამოსცა
სახელწოდებით „ლექსები“. ძალიან მალე მისი შემოქმედება ცნობილი გახდა და
გამოვიდა შემდგომი კრებულები - „ღია ცის ქვეშ“ (1898 წ.), „ფოთოლცვენა“ (1901 წ.).

მის შემოქმედებაზე დიდი გავლენა მოახდინა ისეთი ცნობილი მწერლების გაცნობამ,


როგორებიც იყვნენ მაქსიმ გორკი, ლევ ტოლსტოი, ანტონ ჩეხოვი. ივან ბუნინის
მოთხრობები „თხზულებათა სრულ კრებულად“ მოგვიანებით, 1915 წელს
გამოქვეყნდა.

1909 წელს ის სანკტ-პეტერბურგის სამეცნიერო აკადემიის წევრად აირჩიეს, თუმცა


მწერალი რევოლუციურ იდეებს სკეპტიკურად უყურებდა და რუსეთი მალე
სამუდამოდ დატოვა.

ამის შემდგომ მისი ბიოგრაფია, ძირითადად, სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრებას


ასახავს. ის მოგზაურობდა ევროპაში, აზიასა და აფრიკაში. პარალელურად, არ
მიუტოვებია ლიტერატურული საქმიანობა და შექმნა საუკეთესო ნაწარმოებები:
„მიტიას სიყვარული“ (1924 წ.), „მზის დარტყმა“ (1925 წ.) და ასევე თავისი ცხოვრების
მთავარი რომანი - „არსენევის ცხოვრება“ ( 1927-1929, 1933 წწ.). ამ რომანმა მოუტანა
ივან ბუნინს ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში, რომელიც მან 1933 წელს
მიიღო.

სიცოცხლის ბოლო წლებში ხშირად ავადმყოფობდა, თუმცა მაინც წერდა. ის ანტონ


ჩეხოვის პორტრეტზე მუშაობდა - ეს ნამუშევარი დაუსრულებელი დარჩა. 1953 წლის
8 ნოემბერს მწერალი გარდაიცვალა. ის პარიზშია დაკრძალული.
ახალგაზრდობა და სიბერე

თარგმნა ვასილ გულეურმა


(bu.org.ge)

ზაფხულის მშვენიერი დღეები, მშვიდი შავი ზღვა.


გემი სავსეა ხალხით და ტვირთით, – გემბანი გადატენილია კიჩოდან
წინაერდომდე. ცურვა ხანგრძლივია, წრიული – ყირიმი, კავკასია, ანატოლიის
სანაპირო, კონსტანტინოპოლი...
მცხუნვარე მზე, ცისფერი ზეცა, ლილისფერი ზღვა; დაუსრულებელი დგომა
ხალხმრავალ პორტში, ჯალამბარების გამაყრუებელი გრუხუნით, გინებით, კაპიტნის
თანაშემწეთა ყვირილით: – მაინა! ვირა! – და კვლავ სიმშვიდე, წესრიგი და
აუჩქარებელი ცურვა შორეულ მთებს შორის, მზის ხვატში რომ ლივლივებენ და
უჩინარდებიან.
პირველი კლასის კაიუტკომპანიაში სიგრილე, სიხალვათე და სისუფთავეა. ჭუჭყი
და სიმჭიდროვეა სხვადასხვა მოდგმის მგზავრების ჯგუფებში გემბანზე, მხურვალე
სამანქანოსთან და სურნელოვან სამზარეულოსთან, ჩარდახების ქვეშ მდგარ
საწოლებზე და ღუზის ჯაჭვებზე, ავზის თოკებზე. აქ ყველგან მდორე სუნია, ხან
ცხელი და სასიამოვნო, ხან თბილი და მყრალი, მაგრამ ერთნაირად აღმგზნები,
განსაკუთრებული, გემის, ზღვის სიგრილესთან შერეული. აქ არიან რუსის
გლეხუჭები და დედაკაცები, ხოხოლები, ათონელი ბერები, ქურთები, ქართველები,
ბერძნები... ქურთებს, – სრულიად ველურ ხალხს, – დილიდან საღამომდე სძინავთ;
ქართველები ხან მღერიან, ხან წყვილებად ცეკვავენ, მსუბუქად მოძრაობენ,
მოხდენილად შლიან ხელებს და თითქოს მიცურავენ ხალხის ბრბოში,
ხმაშეწყობილად უკრავენ ტაშს: ტაში-ტაში, ტაში-ტაში! პალესტინის რუსი
მომლოცველები გამუდმებით ჩაის სვამენ, მხრებჩამოშვებული მაღალი მამაკაცი,
მოკლე ყვითელი წვერით და სწორი თმებით, ხმამაღლა კითხულობს საღვთო
წერილს. მას გამჭოლ მზერას არ აცილებს სამზარეულოსთან განმარტოებული, რაღაც
გამომწვევად თავისუფალი ქალი წითელ კოფთაში და შავ თმებზე მოხვეული მწვანე
აბრეშუმის შარფით.
დიდხანს ვიდექით რეიდზე ტრაპეზუნდში.
სანაპიროზე გავისეირნე და, როდესაც დავბრუნდი, დავინახე, რომ ტრაპზე
ადიოდა ჩამოფლეთილი და იარაღასხმული ქურთების ჯგრო. ამალას წინ მიუძღოდა
დიდი და ძვალმსხვილი მოხუცი, თეთრ ქუდსა და ნაცრისფერ ჩოხაში, ვიწრო წელზე
მჭიდროდ შემორტყმული ვერცხლისბალთიანი ქამრით. ქურთები, რომლებიც
ჩვენთან ერთად მოცურავდნენ და გემბანის ერთ კუთხეში იწვნენ გროვად, წამოდგნენ
და ადგილი გაათავისუფლეს. მოხუცის თანმხლებლებმა უამრავი ხალიჩა გაშალეს,
ბალიშები დაალაგეს. მოხუცი მეფურად წამოწვა ამ ლოჟაში. მისი წვერი ქაფივით
თეთრი იყო, ხმელი სახე მზისგან გაშავებოდა და უჩვეულოდ უბრწყინავდნენ
მომცრო თაფლისფერი თვალები.
მივუახლოვდი, ჩავიმუხლე, ვუთხარი „სალამ“, და რუსულად ვკითხე:
– კავკასიიდან?
მან ასევე რუსულად, გულღიად მიპასუხა:
– შორიდან, ბატონო. ჩვენ ქურთები ვართ.
– საით მიცურავ?
მოკრძალებით, მაგრამ ამაყად გამცა პასუხი:
– სტამბულში, ბატონო.

თვით ფადიშაჰთან. თვით მასთან მიმაქვს სამადლობელი, საჩუქარი: შვიდი


მათრახი. ჩემი შვიდი ვაჟი წაიყვანა ფადიშაჰმა ომში, ყველა, ვინც მყავდა. და ყველა
მათგანი ბრძოლაში დაიღუპა. შვიდჯერ დიდებით შემმოსა ფადიშაჰმა.
– ნწუ, ნწუ, ნწუ! – უგულო სიბრალულით გადააქნია თავი პაპიროსით ხელში
ჩვენს თავზე მდგომმა ახალგაზრდა ლამაზმა ფრანტმა, ჩასუქებულმა ბერძენმა:
ამშვენებდა ალუბლისფერი დამასკური ფესკა, ნაცრისფერი სერთუკი თეთრი
ჟილეტით, ნაცრისფერი მოდური პანტალონები და გვერდიდან ღილებით შეკრული,
ლაქის ყელიანი ფეხსაცმელები. – ასეთი ბებერია და მარტო დარჩა!
მოხუცმა მის ფესკას შეხედა.
– რა სულელი ხარ, – მიუგო მან წყნარად. – აი, შენ დაბერდები, მე კი არც ვარ და
არც არასოდეს ვიქნები ბებერი.
მაიმუნზე გსმენია?
ლამაზმა ახალგაზრდამ უნდობლად გაუღიმა:
– რომელ მაიმუნზე?
– აბა, მომისმინე. ღმერთმა შექმნა ცა და დედამიწა, იცი?
– ვიცი.
– შემდეგ ღმერთმა შექმნა ადამიანი და უთხრა მას: ადამიანო, შენ იცხოვრებ
ქვეყნად ოცდაათ წელს, – კარგად იცხოვრებ, გაიხარებ, იფიქრებ, რომ ამქვეყნად
ყოველივე ღმერთმა მხოლოდ შენთვის შექმნა. კმაყოფილი ხარ ამით? ადამიანი
ჩაფიქრდა: კარგი, მაგრამ სიცოცხლის მხოლოდ ოცდაათი წელი! ოჰ, ცოტაა! – გესმის?
– ჩაიცინა მოხუცმა.
– მესმის, – უპასუხა ლამაზმა ახალგაზრდამ.
– შემდეგ ღმერთმა შექმნა ვირი და უთხრა:
ატარებ რუმბებს და ზიდავ საპალნეს, ადამიანები შეგაჯდებიან და სახრეს
გირტყამენ თავში. კმაყოფილი ხარ ასეთი ვადით? ვირი აქვითინდა, ატირდა და
უთხრა: რად მინდა ამდენი? მომეცი, ღმერთო, სიცოცხლის მხოლოდ თხუთმეტი
წელი – მე კი დამითმე თხუთმეტი, – უთხრა ადამიანმა ღმერთს, – გთხოვ, დამიმატე
მისი წილიდან! – და ღმერთი ასეც მოიქცა, დათანხმდა. ადამიანს გაუხდა სიცოცხლის
ორმოცდახუთი წელი. – კარგად მოუვიდა ადამიანს, არა? – იკითხა მოხუცმა და
შეხედა ლამაზ ახალგაზრდას.
– ცუდად არ მოსვლია, – გაუბედავად უპასუხა მან, ეტყობოდა, ვერ გაეგო, რა
საჭირო იყო ეს ყოველივე.
– შემდეგ ღმერთმა შექმნა ძაღლი და მასაც სიცოცხლის ოცდაათი წელი მისცა. შენ,
უთხრა ღმერთმა ძაღლს, იქნები ყოველთვის ავი, უდარაჯებ პატრონის ქონებას, არ
ენდობი უცხოებს, უყეფავ გამვლელებს, ღამით არ დაიძინებ მოუსვენრობისაგან.
და ძაღლი აყმუვლდა: ოოჰ, ასეთი ცხოვრების ნახევარიც საკმარისია! და კვლავ
სთხოვა ადამიანმა ღმერთს: მე დამითმე ეს ნახევარიც! და კვლავ დაუმატა ღმერთმა. –
რამდენი წელი გაუხდა ადამიანს?
– სამოცი, – მხიარულად მიუგო ლამაზმა ახალგაზრდამ.
– შემდეგ კი ღმერთმა შექმნა მაიმუნი, მისცა ასევე სიცოცხლის ოცდაათი წელი და
უთხრა, რომ იცხოვრებდა უშრომელად და უზრუნველად, მაგრამ ძალიან შეუხედავი
იქნებოდა, – თავმოტვლეპილი, დანაოჭებული, შუბლზე აწეული გაქუცული
წარბებით, – და ყველა შეეცდებოდა მისთვის შეეხედა, ყველა დასცინებდა.
ლამაზმა ახალგაზრდამ ჰკითხა:
– ჩანს, იმანაც უარი თქვა და მხოლოდ სიცოცხლის ნახევარი სთხოვა?
– იმანაც უარი თქვა, – უპასუხა მოხუცმა, წამოიწია და ახლოს მდგომ ქურთს
ნარგილეს მუნდშტუკი გამოართვა. – და ადამიანმა თავისთვის ეს ნახევარიც ითხოვა,
– თქვა მან, კვლავ წამოწვა და ნაფაზი დაარტყა.
ის დადუმდა და იყურებოდა სადღაც წინ, თითქოს ჩვენი არსებობა დაავიწყდა.
შემდეგ კი გააგრძელა საუბარი ისე, რომ არავისთვის მიუმართავს:
– ადამიანმა თავისი საკუთარი ოცდაათი წელი ადამიანურად იცხოვრა – ჭამდა,
სვამდა, ომობდა, ქორწილებში ცეკვავდა, ჰყვარობდა ახალგაზრდა ქალებს და
ქალიშვილებს. ვირის კუთვნილ თხუთმეტ წელიწადს შრომობდა, სიმდიდრეს
აგროვებდა. ძაღლის თხუთმეტი წელი თავის სიმდიდრეს იცავდა, სულ ყეფდა
გაავებული, ღამით არ ეძინა. შემდეგ კი გახდა ისეთი საზიზღარი ბებერი, როგორც ის
მაიმუნი.
და ყველა თავს აქნევდა და დასცინოდა მის სიბერეს. აი, ასე იქნები შენც, –
დამცინავად უთხრა მოხუცმა ლამაზ ახალგაზრდას, თან კბილებში ნარგილეს
მუნდშტუკს ათამაშებდა.
– შენ რატომ არ იქნები ასე? – ჰკითხა ახალგაზრდამ.
– მე არ ვიქნები.
– რატომ ასე?
– ისეთები, როგორიც მე ვარ, ცოტანი არიან, – თქვა მოხუცმა მტკიცედ. – არ
ვყოფილვარ ვირი, არ ვყოფილვარ ძაღლი, – და რატომ ვიქნები მაიმუნი? რატომ
ვიქნები ბებერი?

მოთხრობის გზამკვლევი

რა არის სიბერე? ახალგაზრდები ამ კითხვით ხშირად არ ინტერესდებიან, თუმცა თუ რამის


უეჭველი გარანტია აქვთ, სწორედ მოხუცებულობაა. მაინც რატომ ხდება ასე - იმიტომ ხომ
არა, რომ არ სურთ იფიქრონ ყველაფრის დაკარგვაზე, რაც დაუოკებელ სიცოცხლესთან,
სიხალისესთან, ბედნიერებასა და სიყვარულთან არის დაკავშირებული?
კი მაგრამ როდის ხდება ეს? პასუხი თითქოს მარტივია - ბევრი წლის გასვლის შემდეგ,
როდესაც სულიცა და სხეულიც იღლებიან და ცხოვრებაც მოსაწყენი ხდება. მოკლედ,
სიბერე ბევრ წელთან ასოცირდება. ეს ბევრი წელი კი პირდაპირ უკავშირდება
სიცოცხლის გაფერმკრთალებას, დასუსტებასა და, საბოლოო ანგარიშით - სიკვდილს.
სიკვდილზე ფიქრი კი მაინცდამაინც არავის სურს - ეშინია ან ეზარება.

ბუნინის მოთხრობა გვიჩვენებს, რომ სიბერე წლების სიმრავლე კი არა, სულის განწყობა
და მდგომარეობაა. ხანდაზმულობა ცხოვრებასთან და ადამიანებთან მარცხი უფროა,
ვიდრე მეშვიდე თუ მერვე ათეული წლის გავლა წუთისოფელში.

მოქმედება გემზე ხდება, რომელიც თითქოს ხმაურიანი და მრავალფეროვანი სამყაროს


ერთობას გამოხატავს. ათასი ჯურისა და ყაიდის ადამიანებს მოუყრიათ აქ თავი. ყველას
თავისი ტრადიცია და ცხოვრების წესი აქვს. მთხრობელს მოხუცი ქურთი ხვდება. ის მას
საკუთარი ტრაგედიის (შვიდი ვაჟის ერთდროული სიკვდილი ბრძოლის ველზე) შესახებ
მოუთხრობს, რომელიც ღირსების შარავანდედით არის გაკეთილშობილებული.
ახალგაზრდა ბერძენი ფრანტი მოხუცი ქურთის ბედნიერ წუხილს დასცინებს, რადგან
ვერ წარმოუდგენია, რომ სევდა შესაძლოა სიხარულის მომტანიც იყოს. მისთვის,
მართლაც, გაუგებარია მოხუცის მომდევნო სიტყვები: „აი, შენ დაბერდები, მე კი არც ვარ
და არც არასოდეს ვიქნები ბებერი“.

ამის შემდეგ ჩვენ ვისმენთ იგავურ თხრობას ადამიანზე, ვირზე, ძაღლსა და მაიმუნზე. ეს
იგავი ჩვენი ყოფის სხვადასხვა განზომილებას გამოხატავს. როცა კაცის ცხოვრება, გარდა
ადამიანურისა, ვირის, ძაღლის ან მაიმუნის (ამ თანმიმდევრობასაც მნიშვნელობა აქვს)
სიცოცხლესაც იტევს, ეს პიროვნების ღირსებას არღვევს და ნამდვილ ახალგაზრდობას
ასამარებს, რადგან სიბერე ღირსების არქონა ან დაკარგვაა და სხვა არაფერი.

ძალიან ცოტანი არიან მუდმივად ახალგაზრდები, იმიტომ რომ ვირი, ძაღლი და მაიმუნი
ყოველწამიერად უტევენ ადამიანს, რათა დაიმსგავსონ და სახე დააკარგვინონ. მათგან
თავის დაცვა ღირსების შენარჩუნების ერთადერთი გზაა. სწორედ ამიტომ ეუბნება
ახალგაზრდა ბერძენს მოხუცი ქურთი: „არ ვყოფილვარ ვირი, არ ვყოფილვარ ძაღლი და
რატომ ვიქნები მაიმუნი, რატომ ვიქნები ბებერი?“ მიხვდა კი ბერძენი, რა უთხრა მას
ხანდაზმულმა კაცმა? მოთხრობაში ეს არ ჩანს, მაგრამ მკითხველს საინტერესო
საფიქრალს უტოვებს.

You might also like