You are on page 1of 9

ფრიდრიხ დიურენმატი

შვეიცარიელი პროზაიკოსი, პუბლიცისტი, დრამატურგი და მხატვარ-


იმპრესიონისტი, ფრიდრიხ დიურენმატი 1921 წლის 5 იანვარს კონილფინგენში
დაიბადა. ის ფსიქოლოგიური დეტექტივის ოსტატადაა მიჩნეული.

მწერლის ბაბუა პოლიტიკოსი გახლდათ, მამა - პრტესტანტული ეკლესიის მსახური


სოფელში. 1935 წელს ოჯახი საცხოვრებლად ბერნში გადავიდა. ფრიდრიხი ჯერ
ბერნის თავისუფალ გიმნაზიაში სწავლობდა, თუმცა, მოგვიანებით, სხვა სკოლაში
ჩააბარა გამოსაშვები გამოცდები. ის კარგ მოსწავლედ არ მიიჩნეოდა და სკოლის
წლებს აღწერდა, როგორც ცხოვრების ყველაზე ცუდ პერიოდს. უმაღლესი
სასწავლებლების მიმართ ასეთი სკეპტიციზმი აღარ ამოძრავებდა და ორი, ციურიხის
და ბერნის, უნივერსიტეტი დაამთავრა, იქ ფილოსოფიას, ფილოლოგიას, ხელოვნების
ისტორიასა და მხატვრობას შეისწავლიდა.

ჯერ კიდევ კონოლფინგენში ცხოვრებისას დაიწყო ხატვა, მოგვიანებით, საკუთარი


ნაწარმოებებისთვის ილუსტრაციებიც შექმნა, ზოგჯერ სპექტაკლებისთვის
ესკიზებსაც ქმნიდა.

1943 წელს უკვე მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ უნივერსიტეტში კარიერას


მწერლობას ამჯობინებდა. 1945 წელს გამოქვეყნდა მისი პიესა „რადგან ნათქვამია“,
რომელიც ერთი წლის შემდეგ თეატრში დაიდგა. 1950 წელს გამოქვეყნდა მისი მეორე
ნაწარმოები - „მოსამართლე და მისი ჯალათი“. თავიდან მწერალს ფინანსურად
ძალიან უჭირდა, შემდეგ კი, როცა ცნობილი გახდა, რადიოდანაც ჰქონდა შეკვეთები
და მისი მდგომარეობა, ამ მხრივ, გაუმჯობესდა. შემდეგ წლებში დიურენმატი
დეტექტივებს წერდა, რომლებიც ერთ-ერთ გაზეთში გაგრძელებებით ქვეყნდებოდა.

1950 წელს ასევე გამოქვეყნდა მისი პიესა „ბატონი მისისიპის ქორწინება“ და


გერმანული თეატრის სცენაზე მისი პირველი უდიდესი წარმატებაც აღინიშნა.
მსოფლიო აღიარება კი მოუტანა კომედიამ „მოხუცი ქალბატონის ვიზიტი“ (1956 წ.).
მწერალს პრესტიჟული შილერის პრემია 1960 წელს მიენიჭა, სხვა ჯილდოებთან
ერთად. მწერალი ბევრს მოგზაურობდა და საერთაშორისო პოლიტიკას აკრიტიკებდა.

მწერალი 1990 წლის 14 დეკემბერს, შევიცარიაში გარდაიცვალა. თავისი შემოქმედება


სახელმწიფოს უანდერძა, იმ პირობით, რომ ნაციონალური ლიტერატურული არქივი
შეიქმნებოდა.
გვირაბი

თარგმნა თამაზ ჩიქვანაიამ


(„რჩეული მოთხრობები“, შემდგენლები - გია მურღულია და ბეგო ბეჟუაშვილი, ტ.4,
თბილისი, 2008)

ახალგაზრდა, უნივერსიტეტის ოცდაოთხი წლის სტუდენტი, ზაფხულის ნათელ


დღეს ციურიხისკენ მიმავალ სამგზავრო მატარებელს ელოდებოდა. სტუდენტი
ძალიან მსუქანი იყო, ყოველთვის ცდილობდა ნებისმიერ მოსალოდნელ ხიფათს
არიდებოდა და თავის სიმსუქნეს ისე იფარებდა, თითქოს კულისებს მიღმა იმალებაო.
მეორე დღეს სემინარი ჰქონდა, რომლის გაცდენაც აღარ შეიძლებოდა. მატარებლის
გასვლა 15.50, ჩასვლა – 19.27. უღრუბლო ციდან მზე უხვად ანათებდა, როდესაც
ახალგაზრდა კაცი მშობლიურ ქალაქს ტოვებდა. მატარებელი თვალწარმტაცი
სოფლებისა და პატარა ქალაქების გვერდის ავლით ალპებში მიდიოდა და
ბურგდორფის შემდეგ გვირაბში შევიდა. სტუდენტი გადაჭედილ ვაგონში ძლივს
შეეკვეხა და თავისი ადგილისკენ მიმავალი, გარშემომყოფთა უტყვ უკმაყოფილებას
გრძნობდა. მგზავრები ერთმანეთს მიტმასნილნი ისხდნენ, მხოლოდ პირველი
კლასის ვაგონში თუ ამოისუნთქავდი თავისუფლად. როდესაც ახალგაზრდა
სტუდენტი ახალწვეულებს, სტუდენტებს, შეყვარებულებსა და ჩვეულებრივ
ადამიანებში გზას მიიკვლევდა, ვაგონი აქეთ-იქით ქანაობდა, ბიჭი მუცლებსა და
ბიუსტებს შორის იკლაკნებოდა და ხან ვის ეჯახებოდა და ხან ვის. ბოლოს და
ბოლოს, თავის ადგილს რომ მიაღწია, გაოცდა. მესამე კლასის ვაგონში ასეთი რამ
იშვიათად ხდება – მთელი მერხი ცარიელი იყო. მოპირდაპირე მხარეს ჩასუქებული
კაცი (სტუდენტზე უფრო მსუქანი) თავის თავს ჭადრაკს ეთამაშებოდა. დერეფანში,
კუთხის სკამზე, ჟღალთმიანი გოგონა რომანს კითხულობდა. ის იყო ახალგაზრდა
კაცი ფანჯარასთან მოკალათდა, ჯიბიდან სიგარებიანი კოლოფი ,,ორმონდბრაზილ-
10” ამოიღო და გვირაბიც დაიწყო. მთელი წელიწადი თითქმის ყოველ შაბათ-კვირას
ამ მიწისქვეშა გასასვლელში გადიოდა, მაგრამ ყურადღება არასოდეს არ მიუქცევია,
ზოგჯერ უნდოდა დაკვირვებოდა, მაგრამ რაღაცაზე ჩაფიქრდებოდა და წამიერ
ჩაბნელებაზე არანაირი რეაქცია არ ჰქონდა. ამჯერად მზისგან დამცავი სათვალეც კი
არ მოიხსნა, გვირაბზე საერთოდ არ ფიქრობდა. მზე კაშკაშა სინათლეს აფრქვევდა და
ფანჯრისმიღმა პეიზაჟი, გორაკები და ტყეები, იურიის შორეული მთაგრეხილი და
პატარა ქალაქების სახლები ოქროსფრად მოჩანდნენ, მაგრამ უეცრად ჩამოწოლილი
სიბნელე მოსალოდნელზე მეტხანს გაგრძელდა, კუპეში ყიამეთი სიბნელე იყო, შუქს
არ ანთებდნენ, რამდენიმე წამში სინათლის სხივი უნდა შემოჭრილიყო და თან
კაშკაშა დღის ოქროსფერი ნათება მოეყოლებინა, თუმცა ჯერ ისევ ბნელოდა.
სტუდენტმა მუქი სათვალე მოიხსნა, წიგნის კითხვას მოწყვეტილმა, აშკარად
უკმაყოფილო გოგონამ სიგარეტს მოუკიდა. ახალგაზრდამაც ასანთი გაჰკრა და მაჯის
საათის განათებულ ციფერბლატზე თვალი მოჰკრა ციფრებს – 18.10. ფანჯარასთან
კუთხეში მყუდროდ მოეწყო და თავის აბნეულ სწავლაზე ჩაფიქრდა, მეორე დღის
სემინარი გაახსენდა, რომელზე წასვლაც არ უნდოდა. ეცადა საქმე აეწყო, მაგრამ
უშედეგოდ. როდესაც საათზე კიდევ ერთხელ დაიხედა, 18.15 იყო და ისევ გვირაბში
იყვნენ, ამან ცოტა დააბნია. ნათურები აინთო და კუპე განათდა. ჟღალთმიანმა
გოგონამ წიგნის კითხვა გააგრძელა. მსუქანმა კაცმა კი – თავის თავთან Qჭადრაკის
თამაში, ფანჯრიდან ისევ გვირაბი მოჩანდა. ახალგაზრდა კაცი დერეფანში გამოვიდა.
ღია ფერის ლაბადამოსხმული ვიღაც მამაკაცი წინ და უკან დადიოდა და ჰალსტუხს
აწვალებდა. სხვა კუპეებში მგზავრები ან გაზეთებს კითხულობდნენ, ან ერთმანეთში
საუბრობდნენ. სტუდენტი თავის კუპეში დაბრუნდა და კუთხეში დაჯდა. გვირაბი
ყოველ წუთს, ყოველ წამს უნდა დამთავრებულიყო. საათი 18.20-ს უჩვენებდა.
ახალგაზრდა კაცი ამან გააღიზიანა: გვირაბი, რომელსაც ადრე ყურადღებას არ
აქცევდა, უკვე თხუთმეტი წუთი გრძელდებოდა და თუ მატარებლის სიჩქარეს
გავითვალისწინებთ, შვეიცარიაში ყველაზე დიდი გვირაბი ყოფილა. ეტყობა, სხვა
მატარებელში ჩაჯდა, რადგან ვერაფრით გაეხსენებინა, რომ მისი მშობლიური
ქალაქიდან ოცი წუთის სავალზე ასეთი დიდი და მნიშვნელოვანი გვირაბი
არსებობდა. მსუქან მამაკაცს ჰკითხა, ეს მატარებელი ხომ ციურიხში მიდისო და
პასუხად დასტური მიიღო. ,,არ ვიცოდი გზის ამ მონაკვეთზე ამხელა გვირაბი თუ
იყო”, – თქვა ახალგაზრდამ, რაზეც მოჭადრაკემ გაღიზიანებულმა, რომ მძიმე
ამოცანის ამოხსნას უკვე მეორედ მოსწყვიტეს, უპასუხა, რომ, მართალია, შვეიცარიაში
პირველად მოგზაურობს, მაგრამ უკვე შეამჩნია – ამ ქვეყანაში ბევრი, ძალიან ბევრი
გვირაბია, ამას გარდა ყოველწლიურ სტატისტიკურ გამოცემაში წაიკითხა, რომ
ამდენი გვირაბი მსოფლიოში არსად არ არის, ამასთან წუხს, რადგან მეტ ყურადღებას
ვერ დაუთმობს, ვინაიდან ნიმცოვიჩის ვარიანტით არის დაკავებული. მოჭადრაკის
თავაზიანმა და დარწმუნებულმა პასუხმა ახალგაზრდა კაცი მიახვედრა – ამისგან
მეტს ვერაფერს გამოვრჩებიო და გაუხარდა ფერმკრთალი, გამხდარი და თითქოს
ნერვიული შესახედაობის კონდუქტორი რომ დაინახა. როდესაც გოგონას ბილეთს
ამოწმებდა, გაირკვა, რომ ოლტენში უნდა გადამჯდარიყო. სტუდენტმა ისევ
გაიფიქრა, აშკარად სხვა მატარებელში მოვხვდიო. ,,ნუ ღელავთ, ყველაფერი რიგზეა”,
– ბილეთის ნახვისას თქვა კონდუქტორმა. ,,კი მაგრამ, ჩვენ ისევ გვირაბში
მივდივართ!” გაღიზიანებული ხმით წამოიყვირა ახალგაზრდამ, გადაწყვიტა
საბოლოოდ გაერკვია ეს დახლართული სიტუაცია და ჯიუტად გაიმეორა – ,,აგერ
უკვე ოცი წუთია გვირაბში ვართ”. – კონდუქტორმა აშკარად ვერაფერი გაიგო. ,,ეს
მატარებელი ციურიხში მიდის – ფანჯარას გახედა და გაიმეორა მან – თვრამეტი
საათი და ოცი წუთი – ცოტა შეშფოთებულმა განაგრძო – მალე ოლტენში შევალთ.
ჩასვლა თვრამეტი და ოცდაჩვიდმეტი. იქნებ ამინდი შეიცვალა, ქარბორბალა
ამოვარდა და იმიტომ ბნელა?” – ,,სისულელეა. აღშფოთებული ჩაერია ნიმეცოვიჩის
ვარიანტით გართული კაცი, რადგან კონდუქტორს ბილეთი დიდხანს ეკავა და მას
არავითარ ყურადღებას არ აქცევდა. – სისულელეა, გვირაბში მივდივართ, კლდეების
გარჩევაც კი შეიძლება. მგონი გრანიტია. შვეიცარიას გვირაბების რაოდენობით
მსოფლიოში პირველი ადგილი უკავია. ყოველწლიურ სტატისტიკურ გამოცემაში
ამოვიკითხე”. როგორც იქნა, კონდუქტორმა ბილეთი დაუბრუნა, თან
მუდარაგარეული ხმით დაუმატა, მატარებელი ნამდვილად ციურიხში მიდისო.
სტუდენტმა მატარებლის უფროსის ნახვა მოისურვა. შემადგენლობის თავშიაო,
უპასუხა კონდუქტორმა და თან დაამატა კვირაში სამჯერ ამ მატარებელს დავყვები
და ნაღდად ციურიხში მიდისო. ახლა თვრამეტი საათი და ოცდახუთი წუთია.
ზაფხულის განრიგის თანახმად თორმეტ წუთში ოლტენში ვიქნებითო. ახალგაზრდა
კაცი კონდუქტორს გაჰყვა. გაძეძგილ კუპეებში გავლა ახლა უფრო რთული შეიქნა,
რადგან მატარებელი ძალიან ჩქარა მიდიოდა, თან ისეთი ხმაური იყო, საკუთარ
ნათქვამს ვერ გაიგონებდი. სტუდენტმა ყურებში ბამბის ტამპონები ჩაილაგა,
რომლებსაც ყოველი შემთხვევისათვის მუდამ თან დაატარებდა. ადამიანები, ვის
გვერდით გავლაც მოუწია, როგორც ყველა სხვა მატარებელში, მშვიდად იყვნენ და
ერთ შეშფოთებულ მზერასაც კი ვერ წააწყდა. მეორე კლასის ერთი ვაგონის
დერეფანში, ფანჯარასთან ინგლისელი იდგა, ყალიონს აბოლებდა და თითებს მინაზე
უდარდელად აკაკუნებდა. ,,სიმპლონი”1 – თქვა მან. ვაგონ-რესტორანშიც ყველაფერი
ჩვეულებრივად გამოიყურებოდა: არც ერთი თავისუფალი ადგილი. ნუთუ ვერც
ერთმა ოფიციანტმა ან მგზავრმა ვერ შეამჩნია, რომ გვირაბი უსაშველოდ გრძელია?
მატარებლის უფროსი ახალგაზრდა კაცმა ვაგონ-რესტორნის გასასვლელთან შეამჩნია
(სტუდენტმა წითელი ჩანთით იცნო). ,,რა გნებავთ?” – შეეკითხა მატარებლის
უფროსი, მშვიდი, მაღალი ტანის მამაკაცი, სათუთად მოვლილი ულვაშებით. ,,უკვე
ოცდახუთი წუთია, რაც გვირაბში ვართ”, – უთხრა სტუდენტმა. ახალგაზრდა კაცმა
იფიქრა ახლა ფანჯრისკენ შეტრიალდებაო, მაგრამ კაცმა ოფიციანტს გასძახა: ,,თუ
შეიძლება ,,შახტელ ორმონდ-10” მომეცით, ეს ბატონი და მე ერთნაირ სიგარებს
ვეწევით”. ასეთი სიგარები არ აღმოჩნდა. სტუდენტმა იფიქრა დაახლოების მიზეზი
ვიშოვეო და მატარებლის უფროსს ,,ბრაზილი” შესთავაზა. ,,გმადლობ, მიიღო
პასუხად, – არა მგონია ოლტენში სიგარების ყიდვა მოვასწრო, ძალიან დამეხმარეთ.
თამბაქოს გარეშე არ შემიძლია, თუ არ შეწუხდებით, იქნებ გამომყვეთ?” კაცმა
სტუდენტი საბარგო განყოფილებაში გაიყვანა, რომელიც პირდაპირ ვაგონ-
რესტორანს მოსდევდა. ,,ამის შემდეგ ლოკომოტივია, – თქვა მან. – შემადგენლობის
თავში ვართ”. საბარგო განყოფილებაში სუსტი ყვითელი შუქი ბჟუტავდა, პატარა
ფანჯრების რკინის ცხაურებიდან გვირაბის მქროლავი სიბნელე იგრძნობოდა:
გარშემო სასტუმროს იარლიყიანი ჩემოდნები, რამდენიმე ველოსიპედი და ერთი
საბავშვო ეტლი იდგა. მატარებლის უფროსმა წითელი ჩანთა საკიდურზე
ჩამოკიდა. ,,მაინც რა გინდოდათ?” – სტუდენტისთვის არც კი შეუხედავს, ისე ჰკითხა

1
სიმპლონი – 19,5 კილომეტრი სიგრძის გვირაბი შვეიცარიასა და იტალიას შორის.
და თან ჩანთიდან ამოღებულ რვეულში ცხრილის შევსება დაიწყო. ,,ბურგდორფიდან
გამოსვლისთანავე გვირაბში ვართ, – თქვა ახალგაზრდა კაცმა – ამხელა გვირაბი ამ
გზაზე არ არის, ყოველ კვირა აქ დავდივარ და ვიცი”. მატარებლის უფროსმა წერა
გააგრძელა. ,,პატივცემულო ბატონო, – როგორც იქნა უპასუხა და თან ისე
მიუახლოვდა, რომ მათი სხეულები ლამის ერთმანეთს შეეხო – პატივცემულო
ბატონო, თითქმის ვერაფერს გეტყვით. რა მოხდა ამ გვირაბში – არ ვიცი. არანაირი
ახსნა არ გამაჩნია. თავად განსაჯეთ: რელსებზე მივდივართ, გვირაბი სადმე უნდა
დამთავრდეს. არ გამოვრიცხავ, რომ ამ გვირაბს რაღაც სჭირს, გარდა იმისა, რომ არ
მთავრდება”. სიგარა ისევ კბილებით ეჭირა, მაგრამ არ ეწეოდა, ძალიან ხმადაბლა
საუბრობდა, მაგრამ იმდენად თავდაჯერებულად და მკაფიოდ, რომ ყველა მისი
სიტყვა გასაგები იყო, თუმცა საბარგო განყოფილებაში ხმაური უფრო ძლიერი იყო,
ვიდრე ვაგონ-რესტორანში. ,,გთხოვთ, მატარებელი გააჩეროთ, – მოუთმენლად
განაცხადა ახალგაზრდა კაცმა – თქვენი ნათქვამიდან ვერც ერთი სიტყვა ვერ გავიგე,
და თუ გვირაბს რაიმე სჭირს, და ახსნას ვერ პოულობთ, ვალდებული ხართ,
მატარებელი გააჩეროთ”. – ,,მატარებელი გავაჩერო? – ნელა გაიმეორა მატარებლის
უფროსმა – ამაზე მეც ვიფიქრე” (რვეული დახურა, საკიდარზე მოქანავე წითელ
ჩანთაში ჩადო და სიგარას მოუკიდა). ,,მაშინ სამუხრუჭე ონკანის გადმოწევა
მოგვიწევს”, – თქვა სტუდენტმა და სამუხრუჭე ონკანის გადაწევა დააპირა, მაგრამ
წონასწორობა დაკარგა და ვაგონის კედელს მიენარცხა. საბავშვო ეტლი დაიძრა და
ჩემოდნებიც ერთმანეთის მიყოლებით ჩამოცურდნენ. წინგაშვერილი ხელებით,
უცნაურად მოქანავე მატარებლის უფროსმა საბარგო განყოფილება გაიარა და
ვაგონის წინა კედელთან სტუდენტის გვერდით რომ აღმოჩნდა, თქვა: ,,ქვევით
ვეშვებით”. მაგრამ ვაგონები ერთმანეთს არ შეჯახებია. ისეთი შეგრძნება იყო,
თითქოს მატარებელი გაჩერდა და ვაგონების გასწვრივ გვირაბი გარბოდა. საბარგო
განყოფილების ბოლოში კარი გაიღო და სანამ მიიხურებოდა, განათებულ ვაგონ-
რესტორანში გამოჩნდა ხალხი, რომელიც სვამდა და საუბრობდა. ,,ლოკომოტივში
გადავიდეთ”, – თქვა მატარებლის უფროსმა და სტუდენტს გახედა, მის ხმაში
უცნაური მუქარა იგრძნობოდა, შემდეგ კარი გამოაღო, მაგრამ ჰაერის ძლიერმა
ტალღამ ისევ კედელზე მიანარცხა. იმავდროულად ორივემ იგრძნო, როგორ
უცნაურად შექანდა საბარგო ვაგონი. ,,სამანქანო ნაწილში უნდა გავაღწიოთ!” ყურში
ჩაყვირა სტუდენტს მატარებლის უფროსმა და კარის მართკუთხა ჭრილში
გაუჩინარდა. სტუდენტი მაშინვე უკან მიჰყვა, თუმცა ვერაფრით ვერ გაეგო, რა
ხდებოდა. რკინის მოაჯირს ჩაჭიდებული, ვაგონის ღია ნაწილში გავიდა. ძლიერი
ქარი უკან ექაჩებოდა, საშინელ გვირაბთან სიახლოვეზე რომ არ ეფიქრა, ახალგაზრდა
ცდილობდა მთელი ყურადღება ლოკომოტივზე გადაეტანა. ბორბლების ძაგძაგი და
ჰაერის სტვენა რომ ესმოდა, ეგონა კოსმოსური სიჩქარით ქვის სამყაროში
მივექანებიო. ქვევით, ღია პლატფორმასა და ლოკომოტივს შორის, ვიწრო
გასასვლელს ხედავდა. ლოკომოტივამდე რომ მიეღწია, მისი გამოთვლით ერთ
მეტრზე უნდა გადამხტარიყო. გადახტა და რკინის მოაჯირს ჩაბღაუჭებული კედელ-
კედელ წინ წავიდა. მატარებლის უფროსმა სამანქანო განყოფილებაში შეათრია.
გაწამებული სტუდენტი კედელს მიეყრდნო; სამანქანო განყოფილებაში უჩვეულო
სიჩუმე იდგა. უშველებელი ლოკომოტივის ფოლადის კედლები ხმას ახშობდა და
როდესაც მატარებლის უფროსმა კარი მიკეტა, ხმაური ძლივსღა მოისმოდა.
`სიგარებიც დავკარგეთ, – თქვა მან – თუ კოლოფში არ დევს, ადვილად იმტვრევა”.
ახალგაზრდა კაცი, კლდეებთან სარისკო სიახლოვის შემდეგ, მოხარული იყო რამე
ისეთს შეხებოდა, რაც დააბრუნებდა ჩვეულ ცხოვრებასთან, სადაც ნახევარი საათის
წინ იმყოფებოდა. იმავე დღესა და წელს მანამ, სანამ დედამიწის ცენტრისკენ ვარდნის
საშინელებას შეიგრძნობდა. შარვლის მარჯვენა ჯიბიდან ყავისფერი კოლოფი
ამოიღო. მატარებლის უფროსს სიგარა კიდევ შესთავაზა და თავადაც მოუკიდა.
,,მომწონს ეს სიგარები, – თქვა კაცმა – ოღონდ ღრმა ნაფაზი უნდა დაარტყა, ისე გემოს
ვერ შეიგრძნობ”. ამ სიტყვებმა სტუდენტს უნდობლობა გაუღვიძა, იგრძნო რომ
მატარებლის უფროსი გაურბოდა ფიქრს გვირაბზე, რომელიც მათ გარედან თავს
ახსენებდა (ჯერაც არსებობდა იმედის ნაპერწკალი, რომ გვირაბი ისევე უცებ
დასრულდებოდა, როგორც სიზმარი მთავრდება ხოლმე). ,,თვრამეტი საათი და
ორმოცი წუთი – განათებულ ციფერბლატიან საათს დახედა და თქვა სტუდენტმა –
ახლა ოლტენში უნდა ვიყოთ”. – თან კაშკაშა მზით მოოქროვილ გორაკებსა და
ტყეებზე გაიფიქრა, რომელთა ხედითაც სულ ცოტა ხნის წინ ტკბებოდა. სამანქანო
განყოფილების კედელს მიყუდებული ორი ადამიანი იდგა და ეწეოდა. ,,კელერი
მქვია”, – თქვა მატარებლის უფროსმა და ნაფაზი დაარტყა. ახალგაზრდა კაცი
დანებებას არ აპირებდა. ,,სამანქანო განყოფილებამდე მოღწევა არც თუ ისე უხიფათო
იყო, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის – შენიშნა მან – აქ რისთვის მომიყვანეთ?” კელერმა
უპასუხა, რომ თავადაც არ იცის, უბრალოდ, მოფიქრებისთვის დროის მოგებას
ცდილობდა. ,,დრო მოფიქრებისთვის”... გაიმეორა სტუდენტმა. ,,ჰო, – ასეა”, თქვა
მატარებლის უფროსმა და მოწევა გააგრძელა. მანქანა თითქოს ისევ დაღმა დაეშვა.
,,შეგვიძლია მემანქანის კაბინაში შევიდეთ”, – შესთავაზა კელერმა. ახალგაზრდა კაცი
დერეფანს გაუყვა, მაგრამ კელერი ადგილიდან არ დაძრულა. როდესაც სტუდენტმა
კარი გამოაღო თქვა, – ,,ცარიელია, მემანქანის ადგილი ცარიელია”. კაბინაში
შევიდნენ. იდგნენ და ქანაობდნენ, რადგან ლოკომოტივი საშინელი სისწრაფით
მატარებელს გვირაბის სიღრმეში მიაქანებდა. ,,ა, ბატონო”, – თქვა მატარებლის
უფროსმა და რაღაც სახელურს დააწვა, შემდეგ სამუხრუჭე ონკანი გამოსწია. მანქანა
არ ემორჩილებოდა. როგორც კი იგუმანეს რაღაც უჩვეულო ხდებაო, ყველაფერი
იღონეს, რომ გაეჩერებინათ. მაგრამ მანქანა ვერ დაიმორჩილეს”. `სულ წინ ივლის... –
თქვა სტუდენტმა და სიჩქარის საზომს დახედა – ასორმოცდაათი. ოდესმე
მატარებელს ასე ჩქარა უვლია?” – ,,ღმერთო ჩემო, – თქვა მატარებლის უფროსმა –
ასეთი სიჩქარე წარმოუდგენელია: ასორმოცდაათი?!” – ,,მეტი – თქვა სტუდენტმა –
სისწრაფე მატულობს. უკვე ასორმოცდათვრამეტია. ვვარდებით”. ფანჯარასთან
მივიდა, მაგრამ თავი ვერ შეიმაგრა და სახით ფანჯრის მინას აეკრა – `ლოკომოტივის
მემანქანე სად არის?” – იყვირა მან და მის გარშემო პროჟექტორების ხასხასა შუქზე
მქროლავ კლდეებს მიაშტერდა. ,,გადახტა”. პასუხად გასძახა მატარებლის უფროსმა
და იატაკზე დაეშვა. ,,როდის?” – ჰკითხა სტუდენტმა. კელერმა შეიცადა, მერე ისევ
მოწევა განაგრძო. `ხუთი წუთიც არ იყო გასული, – უპასუხა მან. – ყველას
გადარჩენაზე ფიქრი უაზრობა იყო. საბარგო მატარებლის მორიგეც გადახტა”. –
,,თქვენ?” – შეეკითხა სტუდენტი. – `მე მატარებლის უფროსი ვარ, – უპასუხა მან, –
თან ყოველთვის იმედის გარეშე ვცხოვრობდი”. – ,,იმედის გარეშე”... უფსკრულის
თავზე, შუბლით მინაზე მიჭყლეტილმა გაიმეორა ახალგაზრდა კაცმა. ,,გამოდის,
კუპეებში როცა ვისხედით წარმოდგენაც არ გვქონდა, რომ ჩვენთვის ყველაფერი
დამთავრებულია – გაიფიქრა მან – არაფერი არ მიგვანიშნებდა იმაზე, რომ
მატარებელი სიღრმეში, უფსკრულისკენ მიექანება”. ,,უკან უნდა გავბრუნდე, –
იყვირა მატარებლის უფროსმა – ვაგონებში ხალხი დაბნეული იქნება, შეიძლება
არეულობა დაიწყოს”. – ,,რა თქმა უნდა”, – უპასუხა სტუდენტმა და მსუქანი
მოჭადრაკე და ჟღალთმიანი გოგონა გაახსენდა, თავისი წიგნით. კელერს ,,ორმონდ
ბრაზილი-10”-ის კოლოფი გაუწოდა: ,,აიღეთ, სანამ უკან დაბრუნდებით, სიგარას
კიდევ დაკარგავთ”. ახალგაზრდასაც ხომ არ სურს უკან დაბრუნებაო, შეეკითხა
მატარებლის უფროსი, მერე ძალ-ღონე მოიკრიბა და დერეფანში გაჭირვებით გააღწია.
ახალგაზრდა კაცი უსარგებლო საგნებს უყურებდა, უაზრო სახელურებსა და
გამომრთველებს, რომლებიც კაბინის შუქზე ვერცხლისფრად ელვარებდნენ. ,,ორას
ათი – არა მგონია ასეთ სიჩქარეზე ვაგონებამდე მიაღწიოთ”. – ,,ეს ჩემი მოვალეობაა”,
– უპასუხა მატარებლის უფროსმა. ,,რა თქმა უნდა”, – გამოეპასუხა სტუდენტი,
თუმცა, კარგად ესმოდა, რამდენად უნაყოფო იყო ეს მცდელობა”. ,,უნდა ვეცადო
მაინც”. უკვე დერეფნიდან შემოსძახა კელერმა. მუხლებითა და იდაყვებით მეტალის
კედელზე დაყრდნობილი მიხოხავდა. ლოკომოტივი თავბრუდამხვევი სისწრაფით
ქვევით მიექანებოდა, რათა დედამიწის წიაღამდე ეს უცნაური და საშინელი ვარდნა
ყოველივე არსებულის საბოლოო მიზნამდე მიეყვანა. ძლიერმა დარტყმამ კელერი
პირდაპირ სტუდენტთან ჩამოაგორა, რომელიც ძალაგამოცლილი წინა საქარე მინის
ქვეშ პირქვე იწვა. კელერმა გასისხლიანებული სახე მოიწმინდა, მართვის პულტს
დაეყრდნო, რომ წამოწეულიყო. ახალგაზრდა კაცს მხრებზე მოეხვია და მის გვერდით
გაიშოტა. ,,რა უნდა გავაკეთოთ?” ყურში ჩაჰყვირა ახალგაზრდას. სტუდენტის
მსუქანი სხეული უსიცოცხლო და გამოუსადეგარი ეჩვენა, ეს სხული უკვე აღარ იყო
ფრთხილი, უფსკრულის პირას გაუნძრევლად იწვა და ამ უფსკრულში ცხოვრებაში
პირველად ფართოდ გახელილი თვალებით იყურებოდა. ,,რა გავაკეთოთ?! –
არაფერი”, – უსიცოცხლოდ უპასუხა ახალგაზრდამ ისე, რომ სასიკვდილო
სპექტაკლისათვის თვალი არ მოუცილებია. ქარის ძლიერმა ტალღამ დააბზრიალა და
მაღლა აიტაცა ბამბის ტამპონები, ცოტა ხნის წინ ყურებში რომ გაიკეთა – მერე
გვერდითი ფანჯარა გაიბზარა. – ,,არაფერია, ღმერთმა მიგვატოვა, მიგვაგდო, ჩვენ კი
მაღლა, მისკენ მივემართებით”.

მოთხრობის გზამკვლევი

საით მიდის (ან იქნებ „მიექანება“ უფრო მართებული სიტყვაა?) კაცობრიობა, თუ


წარმოვიდგენთ, რომ ის მატარებელში ზის? ამხელა მატარებელი არ არსებობს, - იტყვის ვიღაც
მოსაწყენად ეჭვიანი, მაგრამ დიურენმატისა და ბევრი ჩვენგანისთვის ამგვარი ხედვა
პრობლემად ვერ იქცევა - ის, რაც ადამიანმა შეიძლება წარმოიდგინოს, ყოველთვის
მოსალოდნელია რეალობად იქცეს და ეს რეალობა არც ერთ სხვაზე ნაკლები თუ უმნიშვნელო
არ იქნება.

მატარებელი გვირაბში მიდის და ეს გვირაბი არ მთავრდება - სად არის აქ ლოგიკა? სანამ ამ


კითხვას ვუპასუხებდეთ, ერთი სხვა კითხვაც დავსვათ: ის, რაც სამყაროში ხდება, მოკლედ
რომ ვთქვათ - როგორც ადამიანები, საზოგადოებები და სახელმწიფოები თუ მათი
გაერთიანებები ცხოვრობენ, - ლოგიკურია და საღი აზრის ფარგლებში თავსდება? ვინც
დადებით პასუხს დაიჩემებს, ძალიან რთული სააზროვნო სისტემის აგება მოუწევს თვალსა
და ხელს შუა.

გვირაბი რომ არ მთავრდება, ცხადია, აბსურდია. მნიშვნელოვანი აქ ის არის, რომ ეს


დაუმთავრებლობა რაღაცას უნდა ნიშნავდეს და მიგვანიშნებდეს. მაინც რას? ალბათ იმას,
რომ თუ კაცობრიობამ განვითარებისა და თანაცხოვრების უკეთესი გზა და ფორმა არ მოძებნა,
ვიდრე ახლა აქვს, მატარებლის კატასტროფა გარდაუვალია. სამყაროს უამრავი
წინააღმდეგობა და კონფლიქტი ღრღნის და მათი საბოლოო გადაწყვეტისა თუ დასრულების
არავითარი ნიშანი, ჯერ-ჯერობით, არ ჩანს.

ადამიანები ვეღარც საზღვრავენ, საით მიდის „მატარებელი“, რადგან მემანქანე უკვე


„გადახტა“ (როგორც მატარებლის უფროსი ამბობს: „ყველას გადარჩენაზე ფიქრი უაზრობა
იყო“.) სიჩქარე - ქვემოთ თუ ზემოთ ვარდნის - ყოველწამიერად იმატებს, მაგრამ მატარებლის
უფროსს ეს საბედისწეროდ არ ანაღვლებს - ის ხომ ყოველთვის იმედის გარეშე ცხოვრობდა
(ნიშნავს ეს იმას, რომ მმართველ ელიტას მომავლის რწმენა არ აქვს?). ბევრი ადამიანი დიდი
სისწრაფით მიექანება (ამ კონტექსტში, როგორც გამოჩნდა, ეს სიტყვა უფრო მართებულად
გამოიყურება) ვერც კი ხვდება, რისკენ. თუმცა ეს მიზანი თუ უმიზნობა ძალიან საშიშია.
როდესაც ადამიანები მხოლოდ საკუთარი სიმართლით მართავენ სამყაროს, უპირველესად,
სწორედ საკუთარსავე თავს ღალატობენ და ივიწყებენ. სწორედ ამ დროს ხდება ერთი ფრაზა
ყველაზე აქტუალური: „არაფერია, ღმერთმა მიგვატოვა, მიგვაგდო, ჩვენ კი მაღლა, მისკენ
მივემართებით“.

მერე რა, რომ უცნაურად ადამიანური გვირაბის სიბნელეში უპირველესი მიზნისკენ სვლა
გაგვიჭირდება. მთავარია, რომ მთავარ დამნაშავედ სწორედ ის გამოვიყვანოთ და არა
საკუთარი თავი.

You might also like