You are on page 1of 6

ჰარუკი მურაკამი

თანამედროვე იაპონელი მწერალი, უამრავი ბესტსელერის ავტორი, ჰარუკი მურაკამი


კიოტოში 1949 წლის 12 იანვარს დაიბადა, თუმცა ბავშვობა კობეში გაატარა. მისი
მშობლები იაპონურ ლიტერატურას ასწავლიდნენ, ამიტომაც ბავშვობიდან წიგნების
გარემოცვაში გაიზარდა. ადრეული ასაკიდან დასავლური კულტურით
დაინტერესდა, გაიზარდა ისეთი მწერლების ნაწარმოებებზე, როგორებიც კურტ
ვონეგუტი და რიჩარდ ბრაუტიგანი არიან. ალბათ, სწორედ ამ გავლენის გამოა, რომ
ის სხვა იაპონელ მწერალთაგან წერის მსუბუქი სტილით გამოირჩევა.

მურაკამი ვასედას უნივერსიტეტში თეატრალურ ხელოვნებას სწავლობდა. პირველი


სამსახური აუდიოდისკების მაღაზიაში დაიწყო, 25 წლის გახლდათ, როდესაც
ჯაზბარი გახსნა. მუსიკის მიმართ გამორჩეული სიყვარული მის თითქმის ყველა
გმირს ახასიათებს. შემოქმედებაც საკმაოდ „მუსიკალურია“.

1979 წელს გამოიცა მისი პირველი რომანი „უსმინე ქარის სიმღერას“, რომლისთვისაც
ჯერ ჟურნალ „გუნძოს“ პრესტიჟული პრემია მიიღო, რომელიც ახალბედა
მწერლებისთვის დაწესდა, შემდეგ კი - ლიტერატურული ჟურნალი „ნომას“ ჯილდო.
წლის ბოლოს მისი წიგნი 150 000-იანი ტირაჟით გაიყიდა და ამან დაუდო დასაბამი
მის თავბრუდამხვევ წარმატებას ლიტერატურულ სამყაროში. მას შემდეგ მისი
წიგნები 50 ენაზე ითარგმნა და მილიონიანი ტირაჟებით გაიყიდა, მიიღო არა ერთი
პრესტიჟული პრემია.

მისი ნაწარმოებებიდან გამორჩეულია: „ნადირობა ცხვარზე“ (1982 წ.), „ნორვეგიული


ტყე“ (1987 წ.), „დენს, დენს, დენს“ (1988 წ.), „სამხრეთით, საზღვრის მიღმა, მზის
დასავლეთით (1992 წ.), „ჩემი საყვარელი თანამგზავრი“ (1999 წ.), „კაფკა პლაჟზე“
(2002 წ.).

ჰარუკი მურაკამი პოსტმოდერნისტული ლიტერატურის მნიშვნელოვან ფიგურად


მიიჩნევა. „გარდიანმა“ ის „ცოცხალ ნოველისტთა შორის ერთ-ერთ საუკეთესოდ“
შერაცხა მისი ნაშრომებისა და მიღწევების კვალდაკვალ.

მწვანე მხეცი

თარგმნა ზურაბ ქემოკლიძემ


(ჟურნალი „არილი“, 29 აგვისტო, 2008)

ქმარი ჩვეულებისამებრ სამსახურში წავიდა და შინ მარტო დავრჩი.


გულხელდაკრეფილი ვიჯექი. მერე მზერა ფანჯარაში, შტორებს შორის გავაპარე,
მარადმწვანე მუხას მივაჩერდი, ჩემი გულის მესაიდუმლეს.
ჩვენ ხომ ერთად ვიზრდებოდით. მე ისე ვესაუბრებოდი ხოლმე მას, როგორც
უახლოეს მეგობარს. მაშინაც ფიქრში წასული ვესაუბრებოდი, რაზე – აღარ მახსოვს.
აღარც ის მახსოვს, რამდენ ხანს გაგრძელდა ეს საუბარი. როცა ბაღს უყურებ, დრო
წყალივით მიედინება. ფანჯრებს მიღმა სიბნელე ჩამოწვა. მიწის შემარყეველმა ყრუ
ხმამ გამომაღვიძა. ჯერ მომეჩვენა, თითქოს ეს ხმა ჩემივე სხეულის სიღრმიდან
იძვროდა. სმენითი ჰალუცინაცია ხომ არ იყო? მძიმე წინათგრძნობამ მომიცვა.
სუნთქვა შემეკრა და გავირინდე. გუგუნი ნელა, თანდათანობით მატულობდა. ტანში
უსიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა. გავქვავდი.
უეცრად მუხის ფესვებს ირგვლივ მიწა აფუვდა, გაირღვა და ნაგლეჯებად
დაქუცმაცდა – სიღრმეში ბასრი ბრჭყალისმაგვარი რაღაც გამოჩნდა. მე ერთიანად
დავიძაგრე და გამიელვა: „მოსახდენი ახლა მოხდება!” ბრჭყალმა უსწრაფესად
ამოთხარა მიწა და სოროდან მწვანე მხეცმა ამოყო თავი. ამ უცნაურმა არსებამ მიწის
ნაფშვენები დაიბერტყა და სასწაულებრივად გრძელი ცხვირი შოლტივით მოიქნია.
ადამიანის თვალები ჰქონდა.
თვალების დანახვისთანავე უნებურად შევკრთი: მათ სიღრმეში ფიქრი
მოძრაობდა, მოუსვენარი ფიქრი. ამ ნიშნით ეს ცხოველი მეც მგავდა და
თქვენც.ცხოველი მოუახლოვდა სახლს და ცხვირის წვერით კარზე დააკაკუნა. კაკ-
კუკ, კაკ-კუკ – გაისმა ყრუ კაკუნი. მალულად გავყევი კედელს და სხვა ოთახში
გავედი. ყვირილს აზრი არ ჰქონდა: ირგვლივ ძე-ხორციელი არ ჭაჭანებდა, ქმარი კი
კარგა ხნის მერე აპირებდა მოსვლას. გასაქცევი აღარსად მქონდა: უცნაური არსება
ერთადერთ კარს მოადგა და აკაკუნებდა. ისღა დამრჩენოდა, გავრინდულიყავი, რათა
ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, თითქოს შინ არავინ იყო.
როცა არავინ გეპასუხება, იძულებული ხარ, უკან გაბრუნდე. ჩვეულებრივ ასეა,
მაგრამ ეს ნაძრახი ცხოველი არსად არ აპირებდა წასვლას. მან ცხვირის წვერი
მოღუნა, საკეტში შეყო. საკეტმა გაიჩხაკუნა და კარი გაიღო. ცხოველი ოთახში
შემოვიდა, თავი გველივით ზეაღმართა და აქეთ-იქით ცქერა დაიწყო. „კართან რომ
ვიდგე, კარგი იქნებოდა, კუდს უმალვე მოვაჭრიდი”, – სამზარეულოში უამრავი
მჭრელი დანა იდო. მაგრამ ცხოველმა, გეგონებოდა ჩემი ჩანაფიქრი ამოიცნოო,
ჩაიფხუკუნა: „ეს ცხვირი თუ კუდი ხვლიკისას წააგავს, რამდენჯერაც არ უნდა მოჭრა,
მაინც გაიზრდება”. „ღმერთო ჩემო! უცნაური არსება ფიქრებს კითხულობს. ეს უკვე
მეტისმეტია! არავის მივცემ უფლებას ჩემს ტვინში აფათუროს ხელები. მით უმეტეს,
ამ საზიზღრობას“. ცივმა ოფლმა დამასხა. „რა უნდა ჩემგან? შემჭამოს? მიწის ქვეშ
ჩამიყოლიებს? ჯანდაბას! რაც არის, არის! არცთუ ისე მახინჯია: თათებზე
წამოზრდილი ბრჭყალებიც არა აქვს მთლად საშინელი! და თან არც ისე
აგრესიულია“… – „რაღა თქმა უნდა, – წარმოთქვა მან და კისერი წაიგრძელა, – ნუთუ
გგონიათ, რომ შეგჭამთ? არა! არა და არა! მე თქვენ არაფერს გერჩით! მე არც ისეთი
ბარბაროსი ვარ!“ „ღმერთმანი, ყველაფერი ეყურება, რასაც კი გავიფიქრებ!“ – „ეი,
დიასახლისო! მე მოვედი, რათა ხელი გთხოვოთ. განზრახ ამოვძვერი
მიწისქვეშეთიდან. ეს უბრალო საქმე არ გეგონოთ: დიდძალი მიწის ქანები
გამოვარღვიე. ბრჭყალები დამელეწა! მე თქვენ მომწონხართ! აი, ამისთვის მოვედი აქ!
თქვენზე ვფიქრობდი ღრმა მიწისქვეშეთში. ვეღარ გავძელი და აქ ამოვედი. არ
მირჩევდნენ ამოსვლას, მაგრამ ვეღარ მოვითმინე და ამოვედი. ძალა მოვიკრიბე და
თავი გავიმხნევე. ვიცი, რასაც გაიფიქრებთ: „აჰ, შე ცხოველო, შე თავხედო, რამ
გაგაბედვინა ხელის თხოვნა!”
– განა ასე არ არის? შემოიჭრა თავხედი ცხოველი და სიყვარულს მოითხოვს!“ ამის
თქმა იყო და ცხოველს სახე მოექუფრა, ემოციების მოძალებასთან ერთად იისფერმა
გადაჰკრა. ერთიანად დაპატარავდა, დაჩიავდა. მე გულხელი დავიკრიფე და ამ
უცნაურობას მივაჩერდი. იქნებ მისი სხეული გრძნობათა შეცვლასთან ერთად
იცვლება? ან იქნებ ამ მახინჯი გარეგნობის მიღმა ნაზი და მგრძნობიარე გული
იმალება? რაკი ასეა, მე მაქვს გამარჯვების შანსი! „კიდევ ერთხელ ვცადოთ. მაგრამ შენ
ხომ უმსგავსი ცხოველი ხარ!” – გავიფიქრე და შინაგანი ხმით გავახმიანე კიდეც
გულში სათქმელი. ამის გაფიქრება იყო და მწვანე ცხოველს ჯერ თვალები
გაუფართოვდა. მერე კი მსხვილი ცრემლები წამოსცვივდა.შიში გამინელდა და
სწორედ ამის შემდეგ წარმოვისახე ყველაზე საშინელი სცენა. ფიქრში მჭიდროდ
შევბოჭე მწვანე ცხოველი და პინცეტით სათითაოდ წავაცალე მწვანე ქერცლი. დანით
ვჩხვლეტდი და სარჩილავით შეშუპებულ თვალებს ვუღიზიანებდი. მე ზედიზედ
წარმოვიდგინე ეს სცენები, ცხოველი კი ტკივილისგან დროდადრო მწარედ ტიროდა.
წამოიყვირებდა ხოლმე, თითქოს ნამდვილად ემართებოდა ეს ყოველივე…
ფერადი ცრემლი სდიოდა, დორბლი ენთხეოდა, ყურებიდან გაზს აფრქვევდა,
თვალებიდან გამჭოლ მზერას ასხივებდა… „ეი, დიასახლისო! გთხოვთ, ღვთის
გულისათვის, მოიშორეთ, განაგდეთ ეს სასტიკი ფიქრები! გეხვეწებით,
გემუდარებით, ნუ გაივლებთ ჩემზე ცუდს ნურაფერს! თქვენს მიმართ ავი ზრახვა არ
მქონია, მე მხოლოდ და მხოლოდ ვფიქრობდი თქვენზე”. „რაც გინდა, ის ილაპარაკე!
შენ მოულოდნელად შემოიჭერი ჩემს სახლში, არავის დაუპატიჟიხარ. ამიტომ მე
რასაც მინდა, იმას გავიფიქრებ”. ამის თქმა იყო და გონებაში უფრო და უფრო
საშინელი წარმოსახვები ამოტივტივდა. მე ვაწამებდი, ვჩხვლეტდი და ვშანთავდი
ცხოველის სხეულს სხვადასხვა მექანიზმით და ინსტრუმენტით: დათრგუნვის
არანაირი საშუალება არ გამიშვია ხელიდან. „მისმინე, მხეცო! შენ ხომ არ იცი, რა არის
ქალი! და რადგან ასეა, მე შენ დაგსჯი, ათასგვარ წარმოსახვაში გადაგადნობ და ათას
ფიქრში გაგატარებ!” ამის პასუხად ცხოველის კონტურები დაირღვა, ის დაპატარავდა,
როგორც ნაწვიმარი ჭიაყელა, თითქოს მარტო წაგრძელებული ცხვირიღა დარჩა. მერე
ტუჩები ააცმაცუნა, ალბათ ბოლო სიტყვის თქმას აპირებდა. გეგონებოდა, რაღაც
ძალზე მნიშვნელოვანი, დავიწყებული სათქმელი უნდა თქვასო. პირი მოერღვა,
გამომეტყველება დაკარგა, და მთლიანად გაიბნა, გაუჩინარდა. ცხოველის ადგილას
საღამოს მკრთალი ჩრდილიღა დარჩა, თუმცა ჰაერში მისი გადმოკარკლული
თვალები ელავდა. „ასეთი ხუმრობები ჩემთან არ გამოგივა, შენი საქმე წასულია”.
ერთი წუთიც არ იყო გასული, რომ თვალებიც გაიფანტა სიცარიელეში,
გარინდებული ოთახი ღამის წყვდიადმა მოიცვა.

მოთხრობის გზამკვლევი
ადამიანისთვის ერთი დიდი საფიქრალი მისი მეორე „მეა“, რომელიც ცნობიერსაც
ეკუთვნის და ქვეცნობიერსაც. ის ხანდახან ჩვენი არსების უფსკრულიდან ამოდის და
იმდენად ნათლად გვეჩვენება, რომ ვეღარ გაგვირკვევია, სად ვგავართ საკუთარ თავს
და სად ვიქცევით „სხვად“.
„შეიცან თავი შენი“, - აწერია დელფოსის ტაძრის შესასვლელს. ძველი ბერძნები იმასაც
ამბობდნენ, საკუთარი თავის შემცნობი იმავდროულად სამყაროსაც შეიმეცნებსო.
მართლაც, ადამიანს საკვირველ ფიქრად დაურჩა, საკუთარი თავის შემეცნება უფრო
რთულია თუ მთელი ქვეყნისა.

ჰარუკი მურაკამი თავის პატარა მოთხრობაში მხოლოდ ამ თემას არ ეხება. მისთვის


საინტერესოა, აგრეთვე, რას აკონტროლებს ადამიანის ცნობიერი და რას - ვერა. ვინ
ვართ ჩვენ? როგორნი ვართ? რას ვფიქრობთ, რას ვლაპარაკობთ, როგორ ვიქცევით და
რა განაპირობებს ყველაფერ ამას?

ქალი სრულიად მარტო რჩება სახლში და ფანჯარაში მარადმწვანე მუხას უმზერს და


ელაპარაკება - მისი „გულის მესაიდუმლეს“ („ჩვენ ხომ ერთად ვიზრდებოდით. მე ისე
ვესაუბრებოდი ხოლმე მას, როგორც უახლოეს მეგობარს“.). მოულოდნელად მუხის
ფესვები აფუვდება, მიწა იხსნება და მისი სიღრმიდან მწვანე მხეცი ამოდის. ქალს
ერთი პირობა მოეჩვენა, რომ მიწის ყრუ ხმაური მისივე სხეულის სიღრმიდან
იძვროდა.

რას ნიშნავს „ერთად ვიზრდებოდით“? განა ამ ხისა და ადამიანის ზრდის დრო


ძალიან განსხვავებული არ არის? ან „ხმაური მისივე სხეულის სიღრმიდან იძვროდა“
რაღას უნდა ნიშნავდეს? მოთხრობის კითხვისას ვრწმუნდებით, რომ მწვანე მუხა და
მისგან „გამოსული“ მწვანე მხეცი უშუალოდ უკავშირდებიან ქალს, რომელიც მათ
აღიქვამს.

ქალისთვის თავზარდამცემია, რომ მწვანე მხეცი მის სახლში დაუკითხავად შემოდის


და თანაც მის ფიქრებს თავისუფლად კითხულობს. მასში ჯერ უკიდურესი შიში,
ხოლო შემდეგ შეუპოვარი წინააღმდეგობის გრძნობა იფეთქებს („უცნაური არსება
ფიქრებს კითხულობს. ეს უკვე მეტისმეტია! არავის მივცემ უფლებას ჩემს ტვინში
აფათუროს ხელები. მით უმეტეს ამ საზიზღრობას.“)

ამ მომენტიდან „აგრესორი“ „მსხვერპლად“ იქცევა და - პირიქით. ქალი ფიქრობს, რომ


რაკი მწვანე მხეცს ემოციები აქვს, მასზე გამარჯვება შესაძლებელია და თავისი ბედი
უნდა სცადოს. ის არ აქცევს ყურადღებას იმას, რომ მოულოდნელი სტუმარი არაფერს
ერჩის და სიყვარულზეც კი ელაპარაკება. ქალში აგრესიის ინსტინქტი შთანთქავს
ყველა სხვა გრძნობას და სრულად თრგუნავს, მას, ვისიც თავდაპირველად ძლიერ
ეშინოდა.

მოთხრობაში მწერალი გამოკვეთილად გვიჩვენებს ადამიანის ბუნების ერთ ბნელ


გამოხატულებას - მისთვის ჰარმონიის ძიებაზე მეტად მნიშვნელოვანია სხვაზე
გამარჯვების პრინციპი - თუნდაც ეს „სხვა“ მისი მეორე „მე“ იყოს.

მსოფლიოს ყველა დიდი რელიგია ლამის სიტყვა-სიტყვით იმეორებს ერთ შეგონებას:


„არასდროს გაუკეთო სხვას ის, რაც არ გსურს საკუთარი თავისთვის“. კაცობრიობის
ისტორია აჩვენებს, რომ ადამიანებს კიდევ დიდი დრო დასჭირდებათ საიმისოდ, რომ
ეს აზრი საკუთარი ცხოვრების არა მხოლოდ თეორიულად გაცხადებულ, არამედ
რეალურ პრინციპად აქციონ.

You might also like