You are on page 1of 146

თეკლა იორდანაშვილი

ფორმულა

11+12=∞
ფორმულა
შერყეული ფსიქიკა
წვიმდა მახსოვს.
ის შენობაც მახსოვს,
დეტალურად, თან.
რა მეცვა ისიც მახსოვს.
ის ტანსაცმელი რითიც მივედი,
მეორე დღესვე გადავყარე იმდენად ცუდი ასოციაცია მქონდა მაგ
დაწესებულებისა და თვითონ პროცედურის.
მახსოვს, ღამე არ მეძინა, მერე გათენდა.
მშიერი მივედი.
მთელი გზა თავბრუ მეხვეოდა, მისვლამდე და წამოსვლის დროსაც.
ცოტახანი რეგისტრატურაში მალოდინეს, დამატებითი ექოსკოპია გამიკეთეს და
საპროცედუროში შემიყვანეს. გამიკეთეს რაღაც წამლები მარცხენა ვენაში.
ხელსაწყოებიც მახსოვს.
როგორ მინდა, მაუსით მოვნიშნო და სრულებით წავშალო ეგ დღე ჩემი
ცხოვრებიდან, მაგრამ აგერ უკვე 2 წელია, ვერ ვშლი...
მერე ჩამაცვეს რაღაც წყლისფერი მანტია...
მანტიის ტარება მგონი, იმ დღიდან დამებედა – თეთრ მანტიას გადაავლო
მარჯვენა ხელის გული და ყელთან გააჩერა ქეთომ – მერე დავწექი საოპერაციო
მაგიდაზე და დღემდე ძალიან ვნანობ, რომ არ დავიძინე.
ნორმალურმა ფსიქიკამ როგორ უნდა გაუძლოს მსგავს რამეს, არ ვიცი...
კიდევ ხმა მახსოვს.
სპირტისა და ქაფურის არომატები...
იოდის...
მერე მთელი სხეული მეტკინა,
ერთი, ორი, სამი, მერე კიდევ უფრო მეტკინა.
დავითვალე 20-მდე და ღრმად ჩავისუნთქე.
არაფერი გამომივიდა ცრემლები ღაპაღუპით ჩამდიოდა ყელში და ყელიდან
საოპერაციო მაგიდისკენ იღვრებოდა.
სიმწრის ტირილი უფრო იყო, ვიდრე ტკივილის,
ალბათ ცოტა ტკივილისაც იყო,
მაგრამ იმ სიმწარეს, არაფერი შეედრება...
არც ერთი ტკივილი და არც ერთი განცდა...
ის სხვა დონის ტკივილია,
გულიდან წამოსული და ყელში გაჩერებული...
გაგუდული!
ფსიქიკის ტკივილი, ტვინის, გაცნობიერებული რეალობისა და უიმედობის...
არ ვიცი,
ვერ ვხსნი.
მერე მუხლებთან სითბო ვიგრძენი და მივხვდი, ეს სისხლდენა იყო,
ბორდოსფერი,
თბილი სითხე.
მერე ისიც შეწყდა და შემცივდა.
დამაფარეს სქელი პლედები, მაგრამ მაინც გავიყინე.
ტერფებს საერთოდ ვერ ვგრძნობდი.
ვერც მაჯებს.
რამდენი ხანი ვიწექი არ მახსოვს.
რამდენიმე საათის მერე, ამაყენეს.
ცოტა გამიჭირდა, მაგრამ მაინც ავდექი.
წელს ქვემოთ ვგრძნობდი სხეულის თითოეულ უჯრედს.
ყველაფერი მტკიოდა.
მერე გიგი მოვიდა და წამომიყვანა.
სახლში ვიწექი 2 კვირა.
მერე ისევ დამიბარეს და ... დიაგნოზი დამისვეს...
2 კვირის მანძილზე არც ერთხელ, გესმის?!
არც ერთხელ არ გამიხედავს ფანჯრიდან, გარეთ გასვლაზე აღარაფერს ვამბობ.
არ ვჭამდი.
საერთოდ არაფერი მინდოდა.
მესიზმრებოდა მარტო ერთი კადრი, ყოველ ღამე.
ეს კადრი, შენობის კორიდორი იყო. ლამაზი და თეთრი, ფართო, ყველა კუთხეში
საკაცითა და ამავდროულად ექიმების უმეტყველო სახეებით გაყინული.
ყველაფერი თეთრი და ცარიელი, ცივი...
არ დაგიმალავ და, ძალიან ცუდი გრძნობაა,
საშინელი გრძნობაა...
ეგ რომ ბოლომდე შეიგრძნო, ქალი უნდა იყო,
მაგრამ, შენ გაგიმართლა და არ ხარ გოგო,
ეგ ერთი პლიუსი ნამდვილად აქვს კაცად დაბადებას.
მერე? მერე, რა მოხდა?!
– მერე გავიღვიძე და ფერების აღქმა დავკარგე...
– ეგ როგორ?
– აი, ასე – ყველაფერი ცარცისფერი გახდა.
– როგორც შავ-თეთრ ფილმებში?
– დაახლოებით... და მივხვდი, რომ მე ვერ ვხატავ...
– ვერც ფერებს აღვიქვამ და ვერც სილუეტებს,
– საერთოდ არ მაინტერესებს ხატვა და ინტერესი აღარ მაქვს ამ საქმის კეთების...
– მერე შემეშინდა...
– არ მსიამოვნებდა არანაირი ხმა...
– არც კარზე ზარი, არც სატელეფონო...
– ყველაფერი დავადუმე ირგვლივ.
– ტელევიზორიც?
– ტელევიზორი თვე ნახევარის მანძილზე, საერთოდ არ ჩამირთავს.
– საერთოდ?
– საერთოდ! რად მინდოდა?! არაფერში მჭირდებოდა...
– ხმის მოსმენა არ შემეძლო.
– ეგ საწყისი ეტაპია...
– ალბათ, ამას სინათლისგან იზოლაცია მოყვა...
– ხო, მხედველობა არის შემდეგი – დავეთანხმე მას.
– არაფერი მინდოდა, რაც ანათებდა, რასაც კაშკაშა სინათლე ჰქონდა... დავაბნელე
სახლი...
– შენი ქმარი?
– ჩემი ქმარი დეიდამისთან გადავიდა...
– როგორ დაგტოვა?!
– მე თვითონ ვთხოვე!
– კი, მაგრამ... როგორ დაგტოვა?! – არ დავიჯერე მე.
– მარტივად – გაეღიმა მას.
– რომ დარჩენილიყო, იქნებ, ასე აღარ ჩაკეტილიყავი?
– შეეშინდა! – მითხრა ქეთომ და წყალი ჩამოასხა. მერე აიღო წყლით სავსე ჭიქა
და ხელის გულები მოუჭირა, თითქოს მისი გათბობა უნდოდა.
– რისი? – გამეღიმა მე.
– ჩემი! – იყო მშვიდი პასუხი.
– უნდა დაგხმარებოდა, ძალიან კარგად გახდებოდი, რომ დაგხმარებოდა.
– ვერ დამეხმარებოდა, საბა, იმდენად შეეშინდა, წასვლა მოძებნა გამოსავალი.
– რომ წავიდა, მერე? ვინ გივლიდა?
– ვის უნდა მოეარა, ლიას? რომელიც ბათუმში ცხოვრობდა და წარმოდგენაც კი
არ ჰქონდა, მე როგორ ვიყავი, თუ მამაჩემს, რომელიც რაცთავი მახსოვს, ზღვაშია
დაკარგული?!
– მეგობრები არ გყავს? – ვიკითხე ფრთხილად.
– მყავს, მაგრამ არავინ არ მინდოდა იმ დროს... ტელეფონი გამოვრთე და
ვცხოვრობდი მშვიდად...
– საჭმელი? – ყველაზე მეტად არც მაწუხებდა, იმ თემას ვუბრუნდები მე – რას
ჭამდი?
– ხანდახან სალათს, ან ხილს, ხანდახან, არაფერს. წყალს ვსვამდი მარტო.
– „წყალი“ კარგი გამოსავალი მოგინახავს – ისევ გამეღიმა მე.
– არ მშიოდა საერთოდ, საბა, როგორ არ გესმის?!
– ძალით უნდა გეჭამა. „არ გშიოდა“ – გამოსავალი არაა!
– ნუ, არ მინდოდა და მორჩა. გიგი მოდიოდა, საჭმელი მოქონდა, რაც მიყვარდა
ყველაფერი: თევზი, ხილი, მელაპარაკებოდა, საათობით... ამაოდ!
– რატომ ჩაიკეტე, ასე? ჩახუტებოდი და დაგეძინა, იცი, რამხელა რამეს ნიშნავს
გვერდით იმ ადამიანის სითბო, ვისაც უყვარხარ?
– ვუყვარვარ?! – გაეღიმა ქეთოს – არ ვიცი, საბა...
– ვერ გიხსნი...
– არ შემეძლო არავისთან კონტაქტი,
– მარტოს მინდოდა ყოფნა...
– მერე, სხვა რამე დამეწყო...
– ხმები – ხმადაბლა დავეთანხმე მე.
– ხმები – თავი დამიქნია მან.
– ჯერ ერთჯერადად გესმის, მერე ხშირად, ხო? – ვეკითხები მას.
– საბა, შენ გენიოსი ხარ! – აღტაცებით მპასუხობს ის.
– ნუ იგონებ! გენიოსი კი არა, დისერტაცია მაქვს მაგაზე დაცული...
– ჯერ ხანდახან და მერე ხშირად – თავს მიქნევს ქეთო და გამთბარ წყალს სვამს
ჭიქიდან. ჭიქის პირს სველ ტუჩებზე იტარებს, თითქოს ტუჩების დასერვა უნდა
გამჭვირვალემინით – მეგონა, რომ შევიშალე, საშინელი გრძნობა იყო.
– გეგონა, რომ მოგესმა?!
– არა, ვიცოდი,რომ არ მელანდებოდა, ცხადად მესმოდა...
– მერე? – ბოლომდე მინდა ვათქმევინო ყველაფერი,რომ ერთხელ და სამუდამოდ
დავსვა დიაგნოზი
– მერე ნერვებს ავყევი.
– მაგან დაგღუპა – თავი დავუქნიე მას.
– რა მექნა, სხვა გამოსავალი, ვერ ვნახე.
– გიგის მოუყევი, როგორც გრძნობდი თავს?
– კი, როგორც კი ამ ხმების ამბავი დამეწყო, მაშინვე დავურეკე და მოსვლა
ვთხოვე. მოვიდა და ჩვენი ახლობელი ფსიქოლოგი მოიყვანა. მეზიზღება ის ქალი,
ფსიქოლოგის გარდა ყველაფერია...
– რატომ? – ვერ გავიგე მე.
– კრეტინია და იმიტომ! – იყო ლოგიკური პასუხი.
– ეგ გავიგე, მაგრამ, რაში გამოიხატება, რომ კრეტინია?
– აზრზე არაა არაფრის – მშვიდად აგრძელებს ქეთო და საღეჭი რეზინის
ვეებერთელა ნაჭერს იკეცავს პირში.
– აი, მაგხელა რაღაცას, როგორ ღეჭავ? – მეცინება მე.
– გადასარევად – ეცინება ქეთოს – მარწყვისაა, გაგასინჯო, გინდა?
– მიდი – სიცილით ვპასუხობ მე და ჩემს თავზე უფრო მეცინება, ვიდრე ამ
ბავშვზე.
– აი, გამომართვი, ოღონდ 2 ცალი უნდა დაღეჭო, თუ გინდა, რომ სახეზე კარგად
გადაგედღაბნოს.
– არა, სახეზე გადღაბვნა, არ მინდა – ისევ ვიცინი მე.
– მიდი, რა, ძალიან გაერთობი, 2 დაღეჭე, ჩემი ხათრით! – მაძალებს ის და
ვეებერთელა პარკიდან ერთ მუჭა საღეჭ რეზინს მაწვდის.
ულაპარაკოდ ვართმევ ორ, ოთხკუთხედ ბალიშს და პირში ვიტენი.
– აი, ნახე, რამხელა ბუშტებს გაბერავ თვალები უცინის ქეთოს.
– ეს ამდენი საღეჭირი რეზინი, საიდან გაქვს?
– ვგიჟდები „ჟუვაჩკებზე“ სულ ვყიდულობდი. აბსოლუტრად ყველანაირი,
ფერის, კონსისტენციისა და ფორმის მაქვს დაღეჭილი.
– აგროვებ? – ვიცინი მე.
– დიახაც, ვაგროვებ და ძალიან ცოტასთვის მემეტება, ეგეც რომ იცოდე! – მიცინის
ის.
– ოხ, უდიდესი მადლობა, რომ პატივი მერგო! – გიჟივით მეცინება ისევ.
– არაფრის, შენთვის მემეტება – თვალს მიკრავს ის – აბა, გაბერე!
– ჯერ მოყევი და მერე გავბერავ! – პირობას ვუყენებ მე.
– ჯერ გაბერე და მერე მოვყვები – რა თქმა უნდა, არ მთანხმდება ის.
– მე დაგასწარი! – ვჯიუტდები მე, იმ იმედით, რომ ქეთო გიჟდება თამაშებზე და
ამასაც მარტივად წამოეგება
– ხო, კარგი, ჯანდაბას – მთანხმდება ის – ხოდა, რას ვყვებოდი?
– ახლობელ ფსიქოლოგზე – ვახსენებ მე.
– აუ, ხო, ნანაზე – ეცინება ქეთოს.
– რა გააკეთა ამისთანა, რომ გაგიჟდი?
– ჯერ თვალებში ფანრით ჩამხედა. როგორც კი ფანარი დავინახე, ვუთხარი,
სინათლე მაღიზიანებს-თქო,მაგრამ არც კი დამამთავრებინა საუბარი ისე ჩამთხარა
ეს მანათობელი პროჟექტორი თვალებში. დავბრმავდი! და უახლოესი 30 წუთის
მანძილზე, ნანას ნაცვლად, მანათობელ შუქურას ვებრძოდი, რომელიც მისი
თვალებში ჩახედვით დამრჩა თვალის სკლერაზე.
– ჩვეულებრივი პროცედურაა – გამეცინა მე.
– ჩვეულებრივი არა, ფლავი!
– მაშინ,ჩვეულებრივი, ფლავი პროცედურაა – განვუმარტე მე.
– მერე წამომაყენა და თვალები დამახუჭინა, აქეთ-იქით გადამაქნია, ძლივს
ვიდექი ფეხზე ისედაც და საერთოდ დამარყია ამდენი ჯანჯღარით.
– ხა-ხა-ხა – გადავიხარხარე მე.
– იცინე, ხო, რა გენაღვლება, შენ კი არ გეძახდნენ გვერდითა ოთახიდან, მე
მიყვიროდნენ.
– მაინც, რას გიყვიროდნენ? – ვცდილობ, გავართო ის.
– ოო, საბა, კაი რა! – გაბრაზებით ჭმუხნის სახეს ქეთო.
– გეკითხები! – ჯიუტად ვიმეორებ მე.
– კონკრეტულად, არ მახსოვს, მაგრამ თითქოს სახელი მესმოდა ჩემი...
პერიოდულად...
– ქალი გეძახდა, თუ კაცი? – ისევ მეღიმება მე.
– ბავშვი! – სიტყვა მომიჭრა მან. სახე მომერყა. არ მინდოდა, ისევ ენერვიულა და
შევეცადე,სხვა კუთხით წამემართა საუბარი.
– ღამე გეძინა?!
– თუ არავის ხმა არ მაწუხებდა, კი!
– მოუყევი იმ ნანას, ეს ყველაფერი?!
– მოვუყევი და მაშინვე ვინანე საერთოდ გიგისაც რომ ვუთხარი, ჩემი გასაჭირი.
– რატომ?
– იმიტომ, რომ ნანამ მითხრა, გამოძინება გინდაო და დამინიშნა ისეთი
ფსიქოტროპულები, ორშაბათს რომ ვიძინებდი, ხუთხშაბათს მეღვიძებოდა –
გადაიხარხარა მან.
აი, როგორ უნდა გაგეცინოს, ამ საშინელ ისტორიაზე, მაგრამ სიცილიგან
გადავყირავდი.
– კაი, რაა! – ძლივს ამოვთქვი მე.
– დედას ვფიცავარ – გულზე ხელი დაიდო ქეთომ – რასაც ქვია, გამომაშტერა იმ
წამლით.
– რა გინდა, დაისვენებდი – გავამართლე ნანა.
– რას დავისვენებდი,კვირაში 3 დღე, მეძინა! – ისევ გადაიხარხარა ქეთომ.
– კი, მაგრამ, რატომ გასმევდა ასეთ ძლიერს?
– დაურეკე და ჰკითხე ენა გამომიყო ქეთომ – იდიოტკაა და იმიტომ. მგონი,
ზუსტად მაგ წამლების მერე გავხდი უარესად და აქ გამომაქანეს ეგრევე.
ისევ გამეცინა.
– არაფერში არ გჭირდებოდა ეგეთი მკურნალობა! – სერიოზულად გავბრაზდი მე
– მიმკურნალეთ, კი ნუ მომკლავ-თქო ვეუბნებოდი, მაგრამ ამ წამლების დალევას
მაძალებდა, მარწმუნებდა, რომ მიშველიდა.
– სისულელეა, ქეთო.
– რა თქმა უნდა სისულელეა, ყოველი დაძინებისას ვლოცულობდი: ღმერთო,
გამაღვიძე, ძილში არ გავიპარო-თქო.
– მოვკლავ მაგ ქალს! – სერიოზულად ვთქვი მე.
– ნებას გრთავ! – ხელი გრაციოზულად დამიქნია მან – მოსაკლავია, აბა რა არის ამ
წამლების მერე?
– ეს წამლები მალევე შევწყვიტე, მივხვდი, სისულელე იყო. ამასობაში მოწვევა
ჩამომივიდა ბერლინის გამოფენიდან და ვიფიქრე, საუკეთესო იქნებოდა ჩემთვის
მგზავრობა.
– მართალია! – დავეთანხმე ნინას – მერე?
– მერე, მოვკიდე ჩემოდანს ხელი და წავედი!
– იქ?
– იქ ვიყავი ისე, როგორც თევზი წყალში. არც ერთი წუთით არ ვყოფილვარ
ცუდად.
– რამდენი ხანი იყავი?
– 1 თვე!
– და ამ ერთი თვის მანძილზე, არც ერთხელ?...
– არა, არც ერთხელ! არც ერთი წამით! თითქოს, არც არაფერი მომხდარა ჩემს
ცხოვრებაში. დავბლოკე უბრალოდ ფიქრი, ტვინი გამოვრთე კვების წყაროდან.
– მიხარია, რომ გამოგივიდა – გამეღიმა მე.
– დროებით გამომივიდა – აღიარა ქეთომ – მერე ჩამოვედი ისევ თბილისში და
რეალობას დავუბრუნდი.
– გიგი?
– ვეღარ ავაწყვეთ.
– მიზეზი? – ვერ გავიგე მე.
– ჩემი ნერვული აშლილობა იყო მიზეზი.
– არ მესმის! – მხრები ავიჩეჩე მე.
– ვერ გაიგებ, შენ ფსიქიატრი ხარ, ის ბანკირია.
– ეგ, რა შუაშია? – ისევ მხრები ავიჩეჩე მე.
– შენ იცი, რომ ჩემი მდგომარეობა, სასიცოცხლოდ საშიში არაა,
– იმას? – სიმწრით გამეღიმა ისევ.
– ეშინოდა!
– შენი? – მაინც გადავამოწმე მე.
– ჩემი!
– ...
– ხო ნუ, რთულია, გაიგო... მეც არ ვიცი, რას ვიზამდი მსგავს სიტუაციაში.
– მე ზუსტად ვიცი, რასაც იზამდი – გამეღიმა ისევ.
– არა, საბა, არც შენ იცი – სევდიანად გამიღიმა მან.
– რატომ გგონია? – არ ვეშვები მე.
– არ იცი, და იმიტომ... გიჟი გიყვარდეს, არაა მარტივი.
– შენ გიჟი არ ხარ, ქეთო – სევდიანად გამეღიმა მე.
– არა, არ ვარ, შენ გელაპარაკებიან გვერდითა ოთახიდან! – დამცინა მან.
– ეგ, ყველაფერი, დროებითია – დავამშვიდე მე.
– რაც პერიოდულად მიმეორდება, დროებითი აღარაა – წარბი აწია მან.
– რაც აქ ხარ, ხომ მსგავსი აღარაფერი ყოფილა?!
– არა – უარყოფის ნიშნად გააქნია თავი მან – მაგრამ, კიდევ რომ გამიმეორდეს?
– არ განმეორდება, გასაგებია?! – ისეთი ტონით ვთქვი, ქეთო დაიბნა.
– კი – მითხრა მორიდებით.
– ხოდა მორჩა, აღარ იფიქრო! მაინც არ შეიძლებოდა შენი მარტო დატოვება,
ქეთო.
– ეგრე გამოვიდა, არავის თავი არ მქონდა.
– იმას შეეშინდა. მე მომხდარის მერე ისე ცუდად ვიყავი...
– ვეღარ... არც კი ვიცი, რატომ, მაგრამ...
– ვეღარ გავაგრძელე.
– შენ თავს ადანაშაულებ? ხომ იცი, რომ მსგავსი რამ ნებისმიერს შეიძლება,
დაემართოს?
– არ ვიცი – მხრები აიჩეჩა ქეთომ – ალბათ...მაგრამ მე მან განსაკუთრებული დაღი
დამასვა.
– განსაკუთრებული გოგო ხარ, განსაკუთრებულად იმოქმედებდა – მხარზე
ჩამოყრილი თმა, გვერდით გადავუწიე და გავუღიმე – მითხარი, რომ აღარ
გეშინია!
– მაინც მეშინია, ცოტათი – ისევ გაეცინა ქეთოს.
– ცოტა გაივლის – თავი დავუქნიე მე – მთავარია, ამ შიშს არ აყვე. საშინელი
თვისება აქვს მაგ გრძნობას, შენს გონებას ერთხელ თუ დაეპატრონა, მისი
ფსიქიკიდან გაძევება მარტივი არ არის, მითუმეტეს, თუ შესაბამისი ტრამვა გაქვს,
რომელსაც ვერ ერევი, საქმე კიდევ რთულდება... – არ გააბატონო, იცოდე, თორემ
მერე საბა ემხვარი კი არა, კაციშვილი ვეღარ გიშველის.
– კარგი! – წყალი მოსვა მან და გამიღიმა.
– გაუმკლავდები?
– შენც ხომ აქ ხარ? – გადაამოწმა მან.
– აქ ვარ! – გავიღიმე მე.
– მაშინ, მოგვარდება – მეორე ჭიქა წყალი დაისხა მან.
– ისედაც მოაგვარებ, უჩემოდაც, უბრალოდ დაიჯერე, რასაც გეუბნები.
შევთანხმდით?!
– შევთანხმდით! ნეტა, ადრე გამეცანი, საბა. იქნებ იმ შემთხვევის მერე, არც
გავგიჟებულიყავი. აი, შენ რომ მოსულიყავი ჩემთან იმ სულელი ნანას ნაცვლად,
იქნებ დღეს, მე აქ არც აღმოვჩენილიყავი.
– ყველაფერი ისე ხდება, როგორც უნდა ხდებოდეს – გავიღიმე მე – აქაურობა,
მაშინვე დაგავიწყდება, გაგწერ თუ არა!
– ოდესმე დამავიწყდება ის შენობა, ის დღე და ის შეგრძნებები? – მოწყენით
ამომხედა მან.
– იცი, ქეთო, შეიძლება არ დაგავიწყდეს სამუდამოდ, მაგრამ ასე აღარ გეტკინება.
დაახლოებით, იცი, როგორ იქნება? თითს რომ გაიჭრი ბასრი დანით და ჭრილობა
გიფეთქავს. ჯერ ჭარბად სისხლმდენია, მერე სისხლდენა მცირდება... რამდენიმე
დღეში, ტკივილი ნელდება და მერე მხოლოდ შეხებისას გტკივა. ხომ გქონია
ბავშვობაში, მაინც?
– 1 თვეში შუშდება და 6 თვეში, მხოლოდ ნაიარევი გრჩება...
– ზუსტად ასე იქნება ეგ საშინელი მოგონებაც.
– ცოტახანში ყველაფერი გაგივლის, დაგრჩება მხოლოდ იარა, რომელსაც ხელის
შეხებისას, ექნება კანის ოდნავ შეცვლილი სტრუქტურა, ჭრილობის ადგილას
რაღაც უჯრედების სიმცირისგან დარჩენილი ტერიტორია.
– ტკივილი სამუდამოდ გაქრება.
– სულ კი გემახსოვრება, მაგრამ გემახსოვრება, მხოლოდ როგორც ჩავლილი
ამბავი. ცხოვრებაა და ხდება. ტკივილს კი ერთი თვისება აქვს კარგად
გამახსოვრებინებს თავს, თუმცა, მასაც აქვს ვალიდურობა.
– უსასრულო ტკივილი, არ არსებობს.
– იცოდე!
ქეთომ, გამიღიმა. მერე მოვიდა და ჩამეხუტა.
მე თავზე ვაკოცე და მისი თმის არომატი ფილტვის ფსკერამდე ჩავისუნთქე.
– ყველაფერმა გაიარა, ყველაფერი კარგადაა – გავუღიმე მას და დავემშვიდობე.

პროლოგი
დღემდე არ ვიცი, ეს ამბავი დამესიზმრა, ვინმემ მომიყვა, თუ მართლა თავს
გადამხდა, თუმცა, გარკვევით მახსოვს, როგორ წავედით მე და აჩი ცუცქირიძე,
ჩემი ბავშვობის მეგობარი მარნეულში, შემოდგომის ერთ თბილ საღამოს,
თბილისიდან ჩვენი აორთქლებული ბიზნეს პარტნიორის, მეჰმედ საბირის
მოსაძებნად.
– და იქნებ გამოჩნდეს ხვალამდე, რა აუცილებელია სახლში მიდგომები? –
ბუზღუნებდა აჩი – აი, სად უნდა წავიდეს, რომ ვერ მოვძებნოთ?
– შენნაირები უყირავებიათ, რა! – გამეცინა მე – ჩავიდეთ და გამოვათრიოთ
სახლიდან, მოვატანინოთ რაც წაღებული აქვს. შენ რომ აზრზე მოხვალ, გვიანი
იქნება.
– არსად არაა წამსვლელი-თქო – ჯიუტად იმეორებდა აჩი – მეჰმედაა, რა,
გამოჩნდება!
– არა, დღესვე გავარკვევთ ყველაფერს არ მოვეშვი მე და მანქანის გასაღები
მივაჩეჩე.
მთელი გზა წვიმდა. საშინელ პახმელიაზე ვიყავით და ზომბირებული
ვუყურებდი უსასრულო გზატკეცილს. არ ვლაპარაკობდი. არც ვეწეოდი. არც
ვფიქრობდი, ყველაფერი მეზარებოდა.
– მისამართი არ ვიცით, ხო? – მეკითხება აჩი.
– არა, მარა ვიპოვით – მშვიდად ვპასუხობ მე.
– ხო, მალე მოვაგვარებთ – თავი დამიქნია აჩიმ.
– ნახევარი დარჩა მოსაცემი, ხო?
– აი, გააჩნია, როგორ ხასიათზე ვიქნები მასთან საუბრისას, შეიძლება ზედმეტიც
მოვატანინო – მეღიმება მე.
– ხა-ხა-ხა – გადაიხარხარა მან – მაგარ შარშია, მეჰმედა.
– ვლაპარაკობ მე! – გავაფრთხილე აჩი.
– თუ ძალიან არ დაიძაბა, არ ვერევი – ხელები აწია აჩიმ.
– ვიცი მე შენი ჩარევა. არაფერი მსგავსიც კი არ იფიქრო – გავაფრხილე ის.
აჩი საშუალო სიმაღლისაა, გამხდარი.
ერთი შეხედვით ზედმეტად მშვიდი პიროვნების შთაბეჭდილებას ტოვებს.
თუმცა ეს, მხოლოდ, ერთი შეხედვით;)
აჩი ჩემი პირველი მეგობარია.
ერთად გავიზარდეთ.
ერთი სკოლა დავამთავრეთ.
მერე მე სწავლა გერმანიაში გავაგრძელე.
აჩიმ აურია.
წინ აღარ წასულა.
სანამ მე გერმანიიდან ჩამოვედი, მოასწრო და დაჭერილი იყო 2-ჯერ, ორივეჯერ
ხულიგნობისთვის. ყველაზე ერთგული და ჩემთვის თავდადებულია.
ყველაზე მეტად მიყვარს. თვალს არ დაახამხაბებს ისე გაწირავს ნებისმიერს ჩემი
გულისთვის. ნუ, ჩემგან განსხვავებით, ცოტა სასტიკია, კი.
მაგრამ ძალიან სამართლიანია და მაგაში ვუგებთ ყველაზე მეტად ერთმანეთს. მე
უფრო მშვიდი ვარ, გაწონასწორებული.
ის ფეთქებადია, მალე ინთება და მალევე გრილდება.
მე რთულად ვბრაზდები, მაგრამ მერე ეს გაბრაზება მიმყვება წლები.
მე ექიმი ვარ, ის ხულიგანია,
ვაბალანსებთ ერთმანეთს.
ერთადერთხელ მოგვივიდა კონფლიქტი.
მე აჩი დავჭერი.
იარაღით.
მხარში.
და მევე გავკერე, მერე.
ჩემივე კლინიკაში.
მაპატია.
მიხვდა, რომ მართალი ვიყავი.
ეგ იყო და ეგ! ამ ფაქტმა კიდევ მეტად დაგვაახლოვა.
რაზე დავჭერი? ... ეგ მარტო ჩვენ ორმა ვიცით. მოყოლით ვერ მოვყვები. მაგრამ,
ბიჭებში ხდება. მეგობრებშიც ხდება. გავარკვიეთ და დავივიწყეთ.
მარნეულშიც წვიმდა.
მოსახვევში, ჭიშკართან მანქანა გავაჩერე და რკინის კარზე ხმაურით
დავაბრახუნე. ახალგაზრდა, თავსაბურავიანიქალი გამოვიდა. მეჰმედის სახლი
ვკითხე რუსულად მას და პასუხის მოლოდინში გავჩუმდი.
ქალმა ჯერ მხრები აიჩეჩა და რაღაც მკითხა თათრულად.
რუსულად ვუპასუხე, რომ მისი ენა არ მესმის.
ერთი წუთიო მთხოვა მან და სახლში შებრუნდა.
ვხედავ გამოყავს პატარა, 12 წლის ბიჭი.
მეჰმედი აქ არ ცხოვრობსო მპასუხობს ის.
– აბა,სად ცხოვრობს–თქო? – ვეკითხები, მე.
– ამ სახლის შემდეგ, ორი მოსახვევი შეგხვდებათ, მერე დგას ერთი დიდი შენობა,
თეთრი, მასაც უნდა გაცდეთ და შესახვევია მარჯვნივ, თუ იმ მეჰმედს ეძებთ, ეგ
კაცი, მაგ შესახვევში ცხოვრობს – დამტვრეული რუსულით მპასუხობს ის. ბიჭს
მადლობა გადავუხადე და მანქანაში რამდენიმე დღის დარჩენილი წითელი ვაშლი
გავუწოდე მადლიერების ნიშნად. ბიჭმა დედას ახედა, მისგან თანხმობა მიიღო თუ
არა, სიხარულით გამომართვა და მომენტალურად ჩაკბიჩა. გამეცინა,
დავემშვიდობე და მანქანისკენ წავედი.
– თათრულიც თუ იცოდი, არ მეგონა – იცინის აჩი.
– გერმანიაში ვისწავლე – ამაყად ვპასუხობ მე და მეღიმება.
– რაო, გარტყმაში არ ვარო? – სიცილით მეკითხება ის.
– აქვე ვართ, მგონი ბევრი სიარული არც დაგვჭირდება. – ვთქვი კმაყოფილმა და
აჩის ბავშვის ნაკარნახევი გზა მივუთითე.
მარჯვნივ შევუხვიეთ თუ არა, დიდ ეზოში აღმოვჩნდით. ეზოში ბევრი ხალხი
დაგვხვდა. დავიბენი.
– მგონი, მეჰმედა მოკვდა შეჩემადა პანაშვიდზე გავიჩითეთ – გაოცებით შეხედა
ხალხის გროვას აჩიმ და კითხვის ნიშნის მზერა მომაპყრო.
– ხო არ გაგიჟებულა! – გავიოცე მე და მანქანიდან გადავედი. ჩქარი ნაბიჯით
გავუარე ხალხის რიგს და სახლის აივანზე ავედი. კორიდორში ახალგაზრდა კაცი
შეგხვდა.
– გამარჯობა, მეჰმედს ვეძებ – ვკითხე დაძაბულმა.
– არაა სახლში – მშვიდად მპასუხობს კაცი – მე მისი ძმა ვარ, ვერ დაგეხმარებით?
– თქვენ ვერ დამეხმარებით – ვპასუხობ მე – როდის დაბრუნდება, ტელეფონი არ
აქვს თან?
– მალე დაბრუნდება, აქვეა, რუსთავში, კარტოფილი ჩაიტანა და 1 საათში უკან
ჩამოვა – მპასუხობს ის – დაბრძანდით, დაელოდეთ.
– უნდა დაველოდო, აუცილებელი საქმე მაქვს – ვპასუხობ რუსულად მე და
კიბისკენ ვრბუნდები.
– სახლშივე დარჩით, აქ დაბრძანდით – მითითებს აივნის რიკულთან ტყავის
სამეულზე, თათარი.
– მარტო არ ვარ, მანქანაში მეგობარი მელოდება, მაშინ, მასაც დავუძახებ –
ვპასუხობ მე.
– კი, ბატონო, მობრძანდით – ღიმილით მეპატიჟება ის.
აჩი სულ ძალით ამოვათრიე მანქანიდან და ტყავის სამეულზე იარაღმიბჯენილი
დავსვი.
– აი, რა ჩემი ფეხები მინდა, აქ! – ჯაჯღანებს ის.
– ასეა საჭირო – ღიმილით ვპასუხობ მე.
– მანქანაში ვერ დაველოდებოდით? – ისევ იფურთხება – რა მინდა ამ
ურჯულოებთან, სახლში?
– გაჩუმდი-თქო – ისევ ხმადაბლა ვპასუხობ მე.
– ცემა რომ მოგინდეს, სახლში, მისაღებ ოთახში უპირებ, დანაყო? – იოცებს ის და
სიგარეტს უკიდებს.
– ხოდა, ზუსტად სახლში და მისაღებ ოთახში, არ მოიქცევა ისე, რომ ვცემოთ –
სიგარეტს ვართმევ მე და ვუღიმი.
– შენ და შენი დიპლომატია, რა! – უკმაყოფილოდ აქნევს თავს ის და
ნაძალადევად უღიმის კორიდორში მოსიარულე ხალხის ნაკადს –აქ მეჩეთი აქვთ,
თუ რა ბაზარია?
– აზრზე არ ვარ, რა ბაზარია – გულწრფელად მინდა, რამეში გავერკვიო მე და
დაკვირვებით ვათვალიერებ სიტუაციას.
უცებ კარი გაიღო და ასაკოვანი ქალი გამოვიდა ოთახიდან.
– მე მელოდებით? – იკითხა მან რუსულად
– თქვენ ვინ ბრძანდებით, ქალბატონო? – ვერ მოითმინა და საუბარში შემეტენა
აჩი.
– გამარჯობა, ჩვენ მეჰმედს ველოდებით – საუბარში ჩავერიე მე.
– მეჰმედი მალე დაბრუნდება – გაგვიღიმა მოხუცმა – მე მეგონა, ჩემთან იყავით
მოსულები. რადგან აქ ხართ, მობრძანით თუ გნებავთ, ურიგოდ შემოგიშვებთ.
– ძმობას გაფიცებ, რა ხდება მაგ ოთახში, რომ არ გავიგო, ემხვარ, გადავირევი! –
ყურში ჩამკივლა აჩიმ. მხარი გავკარი და რომ არ გამცინებოდა ენაზე ვიკბინე.
– რა ვიცი, არ მინდა მოგაცდინოთ – არც კი ვიცი რას ვბოდავ მე – მეჰმედს
დაველოდებით, ასე სჯობს – ვპასუხობ მოკრძალებულად.
– მე შემოვალ, თუ შეიძლება – ისევ ეტენება საუბარში აჩი.
– მოგკლავ, შენ ძმობას ვფიცავარ – ჩუმად ვეუბნები აჩის, მაგრამ ზუსტად ვიცი,
აზრი არ აქვს – უცებ რომ მოგნათლონ, რას შვები?
– გავუძალიანდები – ასევე ჩუმი სიცილით მპასუხობს ის და ოთახისკენ
მიმათრევს – წამოდი, იქნებ, ქალების ბაზარია, რა იცი?
– რა ქალების, ხო არ გაკლია? მეჰმედას ველოდებით, რა დროს ქალებია? –
ვცდილობ ისტერიული სიცილი არ ამიტყდეს, ამ მოხუცს გიჟები რომ არ ვეგონით.
– ნახევარი საათის თემაა, რად უნდა მერე მაგას ბევრი დრო? – თვალს მიკრავს ის
და ოთახისკენ მიმათრევს – ნახე, რამდენი ხალხია გარეთ, უეჭველი რაღაც
საინტერესო ხდება ამ სახლში, წამოდი-თქო კბილებში გამოსცრა მან და
ოთახისკენ გამიძღვა.
დავემორჩილე და კარის ზღურბლს ვაბიჯებ.
– მარილი თან გაქვთ? – გვეკითხება მოხუცი.
– რა მარილი? – გაოცებით მიყურებს აჩი.
– ფერუმარილი? – ვიცინი ჩემთვის.
– სუფრის მარილი დამჭირდება თქვენთვის, ცალცალკე შეფუთვა გვპასუხობს
ქალი.
– რომ გავიდე და ვიყიდო, არის რამე მაღაზია? სიხარულით კითხულობს აჩი.
– რას ყიდულობ, საერთოდ, იცი? – სერიოზულად ვინტერესდები მე.
– მარილს, შეჩემა – სახე უბრწყინავს მას.
– და მარილი, რად გვინდა? – ვაგრძელებ საუბარს მოხუცთან.
– უმარილოდ არაფერი გამოვა – თავს აქნევს ის – აქვე პატარა მაღაზიაა, მანდ
იყიდით. ახლავე მოვალ მხიარულად აგრძელებს აჩი და ოთახიდან გადის.
„ღმერთო, რა მინდოდა, საერთოდ რატომ არ დავრჩი მანქანაში. რატომ
ამოვათრიე ეს სულიერად ავადმყოფი ამ სახლში?“ – ვფიქრობ ჩემთვის და
ვცდილობ, იდიოტის შთაბეჭდილება არ დავტოვო ამ ქალთან.
– შენ, ძალიან კეთილი ბიჭი ხარ მშვიდად იწყებს საუბარს მოხუცი და
თვალებში მიყურებს.
– ბატონო? – ვერ ვხვდები, რა ხდება მე.
– შენ კეთილ საქმეს ემსახურები – იმავე ტონალობაში აგრძელებს ის.
გაოცებისგან დამცხა და ვცდილობ, არ შევიმჩნიო.
– ექიმი ვარ – უცნაურად მეღიმება მე და უცებ ვხვდები, სადაც აღმოვჩნდი. ისიც
ვიცი, რომ უკან გზა არაა. ხომ არ გავიქცევი ამხელა კაცი, ოთახიდან? არადა,
ბავშვობიდან გული მისკდება, მკითხავების ისე მეშინია. უხ, აჩი, მე შენი!
– უბრალოდ ექიმი არ ხარ – აგრძელებს მოხუცი ჩემთან საუბარს – შენ
ჩვეულებრივ ხალხს არ კურნავ.
– მე, ფსიქოლოგიური პრობლემის მქონე ხალხთან ვმუშაობ – ვპასუხობ
დაბნეულად მე.
– კარგ საქმეს აკეთებ – მპასუხობს მოხუცი.
– აი, მეც მოვედი – გამარჯვეული ბრუნდება აჩი ორი შეკვრა მარილით ხელში –
აბა, რას ვაკეთებთ?
– დარხეული გაქვს, არჩილ! მკითხავია ეს ქალი – კმაყოფილებით მეღიმება მე –
ახლა, გეტყვის, როდის დაიბრიდები.
აჩის სახე შეეცვალა და მომენტალურად მოლურჯო ფერი დაედო.
– არა ძმაო, მე ვერ ვამკითხავებინებ – ჩუმად ჩამჩურჩულა მან.
– აქედან ისე ვერ გახვალ, თან მარილიც მოიტანე, რეები მითხრა რომ იცოდე,
ეგრევე გული წაგივა – სიტუაციას ვუმძიმებ მე.
მოხუცმა მარილი ერთი შეფუთვა გახსნა და მაგიდაზე დააპირქვავა. შემდეგ
ხელით მიმოფანტა პრიალა ზედაპირზე და თვალები დახუჭა. აჩის გადავხედე.
მიწისფერი ედო. სიცილი ამიტყდა და მომენტალურად შევიკავე თავი.
– ს...ს შენი სახელი სოსოა? – მეკითხება ქალი.
– საბა! – ვთქვი ამაყად და ისევ აჩისკენ გავაპარე თვალი.
– საბა, საავადმყოფოს ვხედავ, აქ მუშაობ, ალბათ – თალდახუჭული აგრძელებს ის
– ოპა! – თქვა მიტკლისფერმა აჩიმ და სკამის საზურგეს მიეყრდნო.
– ჯერ მშენებლობის პროცესია – გავუღიმე მოხუცს ჩემს კლინიკას ვაშენებ.
– გამოგივა ეგ საქმე, გაგიმართლებს – მპასუხობს ქალი.
– ძალიან გამიხარდება! – ვიღიმი ისევ.
– დაოჯახებულ ხარ... ბიჭი გყავს...ერთი.
– კი, ბიჭი მყავს – აზარტში შევდივარ მე.
– მეორეც გეყოლება – მშვიდად აგრძელებს ის.
– ისევ ბიჭი? – ამაყად ვკითხულობ მე.
– ისევ ბიჭი იქნება – თავი დამიქნია მან – თუმცა...
– თუმცა? – დავიძაბე მე.
– შენი ცოლის სახელი... თ-დან იწყება?
– თაკო ჰქვია – გაოცებული ვპასუხობ მე.
– ხო, თამარი – აზუსტებს ის – არა, მეორეც ნამდვილად ბიჭია... პირველი
ქორწინებაა? – მეკითხება პატარა პაუზის მერე.
– კი, პირველია – თავს ვუქნევ დაბნეულად მე.
მოხუცი ცოტახანი გაჩუმდა.
– კარგი გოგოა! – თქვა ბოლოს ორაზროვნად.
– კი, არაა ცუდი – ვიღიმი ისევ, თუმცა მისი პაუზები არ მსიამოვნებს.
– ძალიან წინ წახვალ, საბა. კლინიკის გარდა სხვა საქმეშიც გაგიმართლებს.
– მაგარია! – ვთქვი ბედნიერმა
– ცუდი არაფერი ჩანს – მარილის ხელით გაფანტვა განაგრძნო მან – ყველა
ჯანმრთელი გეყოლება. მაგრამ, ემოციის ზღვას ვხედავ – თვალები მოჭუტა მან.
– ემოციის? – გავიკვირვე მე.
– ხომ არ პიდარასტდები, შეჩემა? – სიცილი აუტყდა აჩის. სანთებელა ვესროლე
მას რომ გაჩუმებულიყო.
– კი, დიდი ემოციური სიტუაცია გექნება ახლო მომავალში და გაუმკლავდი,
იცოდე – ორაზროვნად მითხრა მან.
– ვის ეხება საქმე, ვერ მეტყვით? – დავინტერესდი მე.
– პერსონალურად, შენ! – იყო მკვეთრი პასუხი.
– მარტო მე? არც თაკოს, არც ბავშვს, არც ჩემს ახლობლებს? – გადავამოწმე მე.
– მხოლოდ შენ ემოციას ვხედავ. შენი სანაცნობოდან, ამაში გარეული არავინაა.
– უცნობი არ მაინტერესებს, თუ მე შემეხება, მე მივხედავ, ჩემიანს არაფერი
დაუშავდეს და, დანარჩენი, გამოსწორებადია.
– დარწმუნებული ხარ? – თვალითვალში გამიყარა მან. დავიძაბე.
– რომ გადავლახავ? – ჩავეკითხე მას – რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ! –
ამაყად ვთქვი მე – ემოციას, რამენაირად მივხედავ.
– ტყვიებს იჭერს კბილებით ბიჭი, ამას რა უნდა გაუჭირდეს – საუბარში ისევ
შემომეტენა აჩი. ისეთი სახით გავხედე, აჩიმ მზერა ამარიდა და ფანჯარაში
დაიწყო ყურება.
– ახალ ჭერს ვხედავ, საცხოვრებელს შეიცვლი – განაგრძო მოხუცმა.
– ახლა დავამთავრე სახლში რემონტი, რა ვიცი – გამეღიმა მე.
– არ ვიცი, ასე ვხედავ – თავი გააქნია მოხუცმა.
– ღმერთმა ქნას, ორი მქონდეს, ერთის ნაცვლად!
– და უბანს ხედავთ? რა უბანშია, ეგ ახალი ბაითი? – მოკრძალებულად
კითხულობს აჩი. – ჩემთვის ხომ არ ყიდულობ, ბიჭო?!
სიცილი ამიტყდა.
– არა, ადგილი არ ჩანს – უპასუხა ქალმა.
– არაა პრობლემა, მთავარია, ახალ ბინას ხედავთ – გამეღიმა მე.
– ახალ ცხოვრებასაც ვხედავ, საერთოდ განსხვავებულს იმისგან, სადაც ახლა
ხარ...
– ვა, რა მაგარია! – გამიხარდა მე.
– პრეზიდენტი თუ გაიჩითე, შსს მინისტრად ხომ იცი, ვისაც დანიშნავ? – სახე
უბრწყინავს აჩის.
– არა, თანამდებობა არაა ეს ახალი ცხოვრება, უბრალოდ, ახალი ეტაპია,
რომელსაც ან აირჩევ, ან არა.
– ჩემი არჩევანი მანდ არ ჩანს?
– არა, აქ უბრალოდ ჩანს, რომ იქნება... რას გადაწყვეტ, შენი საქმეა.
– ვერ მირჩევთ? – არ ვეშვები მე.
– ვერ გირჩევ, არც მე ვიცი, რა აჯობებს. – მიღიმის ის.
– რა საინტერესოა! – სერიოზულად დავფიქრდი მე. – ჩემი შვილი?
– შენი შვილი კარგი ბიჭი გაიზრდება. ექიმობა არ დააძალო, სპორტისკენ თუ
წავიდა, ყველაფერი გამოუვა...
– თაკო?
– თაკო კარგად იქნება. ცუდს არაფერს ვხედავ. მშვიდად იყავი – გამიღიმა მან – ეს
ბიჭი ვინც გახლავს, შენი ახლო მეგობარია.
– ნამდვილად – სახე გაუნათდა აჩის – ახლა, ჩემი ჯერია?
– ჩჩჩჩშშშშ – გავაჩუმე ის.
– მარცხენა მხარი ნატკენი აქვს – უფრო თქვა, ვიდრე იკითხა მოხუცმა.
– ჩემი დედაც... – აღმოხდა ცუცქირიძეს.
– ხო, დაჭრილი იყო – ვაღიარე მე.
– შენ ხარ მაგ ამბავში გარეული – გამიღიმა ქალმა.
– მე ვარ, კი – თავი დავუქნიე მას.
– დიდი შარიანი ბიჭი ჩანს – გაეცინა ქალს და მეორე შეკვრა მარილი მიმოფანტა
მაგიდაზე.
– მეშინია, ემხვარ! – წამჩურჩულა აჩიმ. ისევ სიცილი ამიტყდა.
– რა გინდოდა ციხეში, არჩილ? – უცებ მიუბრუნდა მოხუცი აჩის. აჩი გაწითლდა.
– ეგრე მოხდა, ქალბატონო – დაიმორცხვა მან.
– არ ხარ, ცუდი ადამიანი, რატომ ცხოვრობ უაზროდ? – ისევ მშვიდად იკითხა
მან.
– მანდ არ ჩანს, რომ ძალიან გამოსწორებული ვარ? – ინტერესით ჩაიხედა
მარილში ცუცქირიძემ. ისევ ენაზე ვიკბინე.
– ბევრ ფულს ვხედავ შენთან და თუ ტვინმა არ აგირია, შეინარჩუნებ – დააიმედა
ქალმა აჩი.
– შენ გაიხარე, დეიდა! გესმის, ემხვარ? – ამაყად გადმომხედა მან – ცოლი, არსად
არ ჩანს?
– ცოლი, ჩანს, კი. არაქართველი, უკრაინელია – თვალდახუჭული აგრძელებს ის.
– სიხარულისგან, არ მოკვდე – ხმადაბლა წავჩურჩულე მას.
– ვსო, ემხვარ, მილიონერი ვხდები და ცოლად მომყავს „მის უკრაინა“ –
ყურებამდე ეხევა ღიმილი მას. – არავინ არ კვდება ჩემთან? – დაძაბული
კითხულობს აჩი და თვალებში უყურებს ქალს.
– არა, ყველანი კარგად ხართ – გაიღიმა ქალმა – ჭკვიანად იყავი, იცოდე, მეტი
აღარ აურიო – გააფრთხილა მან აჩი.
– დეიდა, უნდა გაკოცო – ცუცქირიძე წამოხტა და მოხუცს გადაეხვია. მერე 50
ლარიანი ჩაუკუჭა მას და მოკრძალებით დაუბრუნდა თავის ადგილს.
– ეს, ძალიან ბევრია აღნიშნა მოხუცმა და ხელში გადაატრიალა თანხა. მერე
ჯიბიდან 20 ლარიანი ამოაძრო და გამომიწოდა.
– დაიტოვეთ – გავუღიმე ქალს.
– და იმ საქმეზე, რაზეც ჩამოსულები ხართ, დღესვე მოგვარდება, სანერვიულო
არაფერია. მე გაიძვერა შვილს არ გავზრდიდი – აღნიშნა მან, თუთუნი პატარა
ფურცელში გადაახვია, გაუკიდა და გააბოლა – გასძახეთ შემდეგს, შემოვიდეს –
გვთხოვა მან და დაგვემშვიდობა.
თხემითტერფამდე გავწითლდი. გარეთ გამოვედით და ისევ დივანზე
ჩამოვჯექით.
– ღმერთო, რა იყო ეს? – სიგარეტი გააბბოლა აჩიმ.
– ეს იყო სასწაული – გაოცებას ვერ ვმალავდი მე.
– ხომ მაგარი ვარ, ძალით რომ შეგათრიე? – კმაყოფილი მპასუხობდა აჩი.
– კიდევ, კარგი შემოგყევი – გავიცინე მე.
– მეჰმედას დაველოდოთ და წავიდეთ. დღეს ვსვამთ!
– ვსვამთ!
– და შენ, მომავალ მილონერს მიუჭახუნებ ჭიქას, ძმაო –თვალი ჩამიკრა მან.
– არაფერი გეშველება – თავი სიცილით გადავაქნიე და სიგარეტს მოვუკიდე.

შემთხვევითი შეხვედრა
– ნინა, როგორ ხარ? – გავუღიმე დერეფანში მდგომ მედდას, რომელიც ძალიან
მონდომებით ასრულებს ყველა ჩემს დავალებას და საგრძნობლად ეცვლება ფერი,
როდესაც სახელით მივმართავ. ძალიან საყვარელია! ახალია თან და, უხდება
დაბნეულობა.
– კარგად ვარ ბატონო საბა, თქვენ როგორ ბრძანდებით? – ყვრიმალები
გაუვარდისფრდა მას.
– უბრალოდ, საბა – გავუმარტივე მას.
– კარგით, ბატონო საბა – უხერხულად მიღიმის ის.
– აბა, რა ამბებია? რა არის ახალი? – მხიარულად ვიწყებ, მე.
– ახალი?.. – დაფიქრდა ის – ახალი ისაა, რომ დიასამიძეს ეჩვენება, რომ მის
პალატაში წვიმს – თავს ძლივს იკავებს სიცილისგან მედდა.
– უი, ეს რაღაც ახალია – მშვიდად მეღიმება მე – ზვავი აღარ მისდევს?
– არა, ზვავი არ უხსენებია, ბატ... საბა – უცბად გადააკეთა მან.
– ანუ, მის პალატაში, გამოიდარა – გამეცინა ხმამაღლა – ზუსტად ვიცი, ხვალ
მზის დამცავს მოითხოვს, დავნიძლავდეთ?
– ბატონო?! – ყურებამდე გაწითლდა ნინა.
– არაფერი, დაივიწყე! – ჩემი იუმორის უადგილობას მივხვდი თუ არა, მაშინვე
უკან დავიხიე.
– და კიდევ... ახალი პაციენტი გვყვავს – დაბნეულად გააგრძელა მან.
– ვინაა? – ვთქვი უხასიათოდ და კედლის საათს შევხედე, რომელიც ზუსტად 8
საათს მიჩვენებდა
– ქეთო... 28 წლის – ანკეტას ჩახედა ნინამ და ამომხედა – 26-ში შევიყვანე,
ვუთხარი, რომ ექიმი ნახავს და შემდეგ მივუჩენთ პალატას.
– და სადაა ლევანი? – წარბი ავწიე მე.
– ლევანს ფილტვების ანთება აქვს – მითხრა მედდამ მოკრძალებით.
– ოხ, როდიდან? – გავიკვირვე მე.
– არ ვიცი – მხრები აიჩეჩა გოგონამ – განცხადება დატოვა.
– სად? – ვერ გავიგე მე.
– მაგიდაზე გიდევთ დილიდან, ბა... საბა – ისევ გადააკეთა მან.
– გუშინ გადასარევად გრძნობდა თავს, მხოლოდ მსუბუქი ხველა მესმოდა
პერიოდულად – მხრები ავიჩეჩე მე.
– 1 თვეა, ახველებს – შემისწორა მან.
– შენ უკვე 1 თვეა, რაც აქ ხარ? – გავიოცე მე.
– დიახ, გუშინწინ გახდა – მიპასუხა მალინისფერმა და ცხვირი დოკუმენტების
გროვაში დამალა.
– რა სწრაფად გადის დრო – ამოვიოხრე ჩემთვის – ანუ, ლევანი არაა... არადა
სახლში გავდიოდი უკვე – ხმამაღლა დავიწყე ფიქრი – კარგი, მომეცი მაგ გოგოს
დოკუმენტაცია, შევხედავ ერთი.
– აი, ინებეთ – მომაწოდა მან ანკეტა, რომელზეც გარკვევით ეხატა რამდენიმე
მელნისფერი მზე.
– ეს რაღაა, ხატვას სწავლობ? – ვუსაყვედურე მედდას.
– ეს პაციენტმა დახატა – მშვიდად მიპასუხა მან.
– პაციენტმა? – წარბიავწიე მე – რა იყო, ფრიდა კალოა?
– არამგონია, ქეთო ქვია – ძალიან თავდაჯერებულად მიპასუხა მან.
– ვაი, უბედურო საქართველოვ! – ისტერიულად ამოვიოხრე მე – იმედია,
სამედიცინო სფერო მაინც, საკმარისად იცი.
– კი, სამედიცინო სფერო, კარგად ვიცი, ბატონო საბა – ვერ გაიგო ჩემი ისტერიკის
მიზეზი მან.
– სულ მალე გავარკვევ, მაგასაც – გავუღიმე მე.
– მზე წინა მხარესაა და მეორე მხრიდან, ჩიტები ხატია – გაიცინა ნინამ.
– ღმერთო, შენ მიშველე! – აღმომხდა მე და იისფრად განათებულ კორიდორს
გავუყევი.

წვიმიანი შაბათის 9 საათი


პალატაში პატარა გოგო დამხვდა.
მაქსიმუმ 22 წლის.
ჩემგან ზურგით იჯდა და ფანჯრიდან გაუგებარი მიმართულებით უყურებდა
ჰორიზონტს.
მისი ყურადღება რომ მიმექცია, გაღებულ კარზე დავაკაკუნე.
რეაქცია არ ჰქონია.
მერე მეორეჯერ დავაკაკუნე, უკვე ხმამაღლა.
ისევ იგნორი.
„იქნებ სმენადაქვეითებულია?“ – გავიფიქრე.
სმენადაქვეითებული გიჟი არასოდეს მყოლია კლინიკაში,
საბა, გილოცავ ვაგრძელებ საკუთარ თავთან ფიქრს და პაციენტს ვუახლოვდები.
– გამარჯობა, შენ ქეთო ხარ? – გოგონას წინ დავუდექი მე.
– .....
– მე საბა ვარ, შენი ექიმი ავადაა დღეს და მე მიგიღებ, კარგი? – ვაგრძელებ მე.
– ....
– გაწუხებს რამე, ქეთო?
– შენ მაწუხებ! – იყო მოულოდნელი პასუხი.
– მე? რითი გაწუხებ? – გაოგნება არ შევიმჩნიე მე.
– ... – უხმოდ აიჩეჩა მხრები გოგონამ და კიდევ მეტად მომიშვირა ზურგი.
– აქ შენ არავინ გაწყენინებს – მივხვდი, ძალიან ჩაკეტილი იყო ამიტომ, ვარჩიე, იმ
დღეს მალე დამესრულებინა საუბარი – შენი დიაგნოზი ვნახე და გადასარევი
გოგო ხარ! – გავუღიმე მას – რამდენი წლის ხარ?
– ძილი მინდა – იყო მოკლე პასუხი.
– გეძინება? ახლავე დაგაძინებ. ერთ წამალს გაგიკეთებენ და ხვალ დილამდე
დაგასვენებ. გამოიძინე, კი ბატონო!
– .....
– იცი, ჩვენთან როგორ მოგეწონება?! არც კი წარმოგიდგენია! ძალიან მოგივლით
და მალე დაგაბრუნებთ სახლში.
– შენ სად ცხოვრობ? – მეგობრულად გავუღიმე მას.
– აღარსად! – იყო ისევ პასუხი.
– ძალიან საინტერესო გოგო ჩანხარ – საუბრიდან გამომდინარე, მივხვდი,
პროტესტის გამოვლინება უფრო იყო ეს, ვიდრე მისი სულიერი მდგომარეობის –
იმედია, დავმეგობრდებით.
– ვერ დაგპირდები! – იყო ისევ მკაცრი პასუხი.
გამეცინა
– ზუსტად ვიცი! – გამოვიწვიე მე.
– არამგონია – იმავე ტონალობაში გააგრძელა გოგონამ.
– აი, ნახავ! ახლა დაისვენე, ხომ არ გშია?
– ....
– კარგი და რამე ხომ არ გინდა, დამაბარო ხვალისთვის? ყველაფერი გაქვს, რაც აქ
გჭირდება?
– ....
– ძალიან კარგი, ანუ, შევთანხმდით.
– არ უნდა ჩვენთან ლაპარაკი – მივუბრუნდი ჩემს გვერდით მდგომ მედდას.
– მდგომარეობა? – მკითხა მან.
– საშუალო სირთულის.
– ანუ, სტანდარტულ სიტუაციაზე, იოლი?
– კი, კი, ბევრად იოლი, თან. ვინ მოიყვანა? – დავინტერესდი მე.
– ქმარმა – გამიღიმა მედდამ.
– და არ დაელოდა, არ დარჩა? – ვერ გავიგე მე.
– არა, ასე თქვა, დამირეკეთ თუ გადაწყვეტთ, რომ უკეთააო.
– მე, არ დავრეკავო? – გამეცინა ისევ.
– არ ვიცი – მხრები აიჩეჩა მან.
– სხვა, ვინმე არ მოჰყოლია? დედა, მამა, და-ძმა? – ვერ დავიჯერე, რომ ასეთი
ბავშვი წვიმიან ღამეში მოიყვანეს და ასე დატოვეს.
– არა, სხვა არავინ არ ყოფილა, მარტო ქმარი – თავი დამიქნია მან.
– გასაგებია. ხვალ დილიდან მივხედავ. თუ ღამის მანძილზე რამე არ
მოგეწონებათ, მაშინვე მირეკავთ.
– ანუ, თქვენ გადაიბარებთ? – დაიბნა მედდა.
– ავადაა ის დალოცვილი და მრჩება, სხვა გზა? – თავი გავიმართლე უცებ.
– ხო, არ რჩება – დამეთანხმა ის.
– მოკლედ დამამშვიდებელი გაუკეთეთ და დააძინეთ.
– ხვალ, დილიდან, მივხედავ მხიარულად ვთქვი მე და ქურთუკი ჩავიცვი.

11
– საბა! – სახე გაუნათდა ჩემს დანახვაზე ქეთოს – „ზაგარი“ გაქვს?
– რა „ზაგარი“ ? – დავიბენი მე.
– დამწვარი გაქვს სახე, მზეზე იწექი? – გადაიხარხარა მან.
– გაშავებული ვარ? უი, აივანზე რომ ჩამეძინა 1 საათით – გამახსენდა მე.
– ანუ, შენთან რომ მოვიდე აივანზე დამსვამ, ცივ ყავას მომიტან და „ზაგარს“
მიმაღებინებ? – გადაიკისკისა მან.
წარმოვიდგინე ქეთო, ჩემთან აივანზე და ელვამ გამიარა სხეულში. „ზაგარი“
ალბათ ბოლოა, რაზეც იმ დროს ვიფიქრებდი. გამეღიმა.
– აუცილებლად დაგპატიჟებ ჩემთან, აივანზე – ვუთხარი მას და იქვე ლოგინზე
ჩამოვდე მისთვის ნაყიდი საღებავები.
– რა მაგარია! როდის? – დროის დაზუსტებას ცდილობს ის,
– მალე, აი, როგოც კი უკეთ იქნები! – ვპირდები მე.
–თაკო არ დაიძაბება? – აზუსტებს ის.
– შენ, თაკო ვინ გგონია? – მეცინება ისევ.
– შენი ცოლია, რავიცი, არ გითხრას მერე „ეს ვინ გიჟი მოგიყვანიაო“ – თვალს
მიკრავს ის.
– თაკოს არ ექნება პრობლემა – მშვიდად ვპასუხობ მე და მინდა სცენა
წარმოვიდგინო ჩემი ცოლის გაოგნებული სახით – არამგონია, გაოცდეს – ისევ
მეცინება მე.
– რატომ, სხვა პაციენტებიც დაგყავს სახლის აივანზე, გასარუჯად? – მიწვევს ის
– არავინ არ წამიყვანია ჯერჯერობით სახლში – ვპასუხობ მე.
– ხოდა, ექსკლუზივი მექნება! – ისევ თვალს მიკრავს ქეთო.
არ ვიცი, რა ვუპასუხო და ვიცინი
– იმედია, კარგი ხედი გაქვს – წარბაწეული აგრძელებს ის – უბრალოდ, აივნის
სანახავად არ წამიყვანო.
– რა ვიცი, ხედია, რა! – მხრებს ვიჩეჩავ მე და ჩემი ვერანდა მახსენდება.
– რომელი სართულია?! – მეკითხება ქეთო.
– მეათე!
– ხო, ნუ, კარგი უნდა იყოს – თავს მიქნევს ის.
– კი, არაა ცუდი – დავამშვიდე მე.
– ყავა გაქვს?
– ყავა სულ მაქვს, თან რამდენიმე სახეობის – ვცდილობ თავი მოვაწონო მას.
– მე ლატე მიყვარს, თუ აპარატი არ გაქვს, წამოვიღებ მპასუხობს მშვიდად და
ხატვას აგრძელებს
– ყველაფერი მაქვს, შენ მოდი – ისევ მეცინება მე და მის ნახატს ვუყურებ,
მარცხენა მხარეს, სტრიქონად, რაღაც ნაწერები რომ ახლავს. – ეს რა ნაწერებია?
ინტერესით მივუახლოვდი ქაღალს.
– უი...ეს...არაფერი, ისე – წამში ვატყობ, რომ ანერვიულდა და ცისფერი
საღებავით გადაუსვა ნაწერებს მკრთალი ხაზი.
– და, რა წერია?! – არ ვეშვები მე და ვცდილობ, საღებავიდან მუქად დახატული
ასოები გამოვარჩიო. მივუახლოვდი და გავშეშდი. ცისფერი საღებავის ფონზე,
მაინც კარგად გავარჩიე ჩემი სახელი და გვარი, ერთრიგად ჩამოწერილი, შესაშური
სიზუსტით.
– ვითამაშე, რა! – თავს იმართლებს ქეთო და ცდილობს, აღელვება ფერთა ახალი
გამის ხატვით გადაფაროს.
– ჩემი სახელი და გვარი წერია? – უფრო ვთქვი, ვიდრე ვიკითხე.
– ხო, გავერთე და გადავთვალე რამდენი ასოა შენს სახელსა და გვარში – ნაწყვეტ-
ნაწყვეტ მპასუხობს ის.
– რად გინდოდა? – დაბნეულად ვკითხულობ მე.
– ისე, უბრალოდ! გადავითვალე და ჯამში 11 გამოვიდა – გამიღიმა მან.
– ისე დათვალე, უბრალოდ?
– კი! ჩემი 12 გამოდის და შენი 11 – მიცინის ისევ.
– რა საინტერესოა! – ვერაფრით ვერ ვხვდები ქეთოს ლოგიკას.
– ძალიან მაინტერესებდა და...
– რატომ? – მეცინება მე.
– მინდოდა და იმიტომ! – ისევ სახე უცინის მას.
– რა უცნაური გოგო ხარ! – მეღიმება კმაყოფილად.
– ოო, კაი რა! – მშვიდად მპასუხობს ის და თმას იწევს.
– და რატომ წაშალე? – მეწყინა მე.
– მოხვედი და, „ლაივში“ გელაპარაკები... როცა არ ხარ შენს სახელს ვწერ და
მგონია, რომ აქვე ხარ... თავს ვიმხნევებ და აღარ მეშინია...
– რისი? – რაიმეს ახსნას ვცდილობ მე.
– ცუდად გახდომის – მპასუხობს ის და თვალებში მიყურებს.
– შენ ცუდად აღარ გახდები! – ვუახლოვდები მას და ვცდილობ არარსებული
შიში ბოლომდე გავუქრო.
– არ ვიცი, მაინც მგონია, რომ გათენდება და მე ფერებს ისევ ვეღარ ვიცნობ –
თვალები უწვრილდება მას.
– მსგავსი არაფერი იქნება, არ მინდა რომ რამის გეშინოდეს, გესმის? –
მივუახლოვდი და მზერა გავუსწორე. შიში, სიხარული, იმედი და მოწყენა
ამოვიკითხე მის თვალებში.
– მაინც, მგონია, რომ... – თვალები აემღვრა მას.
– არაფერი აღარ იქნება – მშვიდად გავაგრძელე მე – ხომ გჯერა შენ, ჩემი?
ყვრიმალი შეუკრთა და თავი რამდენჯერმე დამიქნია მან.
– შენი მჯერა – მითხრა პატარა პაუზის მერე.
– მაშინ ნურაფრის გეშინია, გესმის? ყველაფერი წესრიგში გაქვს, მკურნალობაც
სწორად მიმდინარეობს, ცუდმა, უკვე გაიარა... ყველაფერი დამთავრდა... მალე
გაგწერ და დაგაბრუნებ სახლში...
– ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდები,
– ბევრს დახატავ, იმოგზაურებ..
ქეთოს სახე შეეცვალა და მოიწყინა,
თითქოს, ახალი საფიქრალი მიეცა,
მერე მომიახლოვდა და მოულოდნელად,
მთელი სხეულით ჩამეხუტა.
დავმუნჯდი!!!
გონება გამეთიშა!
ვერ მივხვდი, რა მოხდა, უბრალოდ წამის მეასედში,
ინსტინქტურად ხელი მოვხვიე და უფრო ახლოს მოვწიე.
– ნუ გეშინია – ვუთხარი ყურში – საერთოდ, ნურაფრის ნუ გეშინია. ყველაფერი
გაივლის.
არ მახსოვს რამდენი ხანი მყავდა ასე ჩახუტებული.
მის გულისცემას ზუსტად გულის სარქველთან ვგრძნობდი და მეგონა, ამხელა
ემოციისგან ტვინი გამისკდებოდა.
ერთი, ორი, სამი – მირტყამდა მისი პულსი...
ერთი, ორი, სამი, ოთხი – ისევ ძლიერი დარტყმა.
გონზე რომ მოვედი,
ქეთომ ხელები გამიშვა და ჩემგან ზურგით შებრუნდა,
ვიტრაჟიდან განათებულ ქუჩას გახედა.
სუნთქვა გაუხშირდა...
მერე სახეზე ხელები წამით აიფარა,
რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ, საპასუხოდ, მხოლოდ ამოისუნთქა.
მეწყინა, რომ შებრუნდა, მაგრამ არაფერი ვუთხარი.
– აქვე ახლოს რომ ცხოვრობდე, საერთოდ აღარაფრის შემეშინდებოდა – მითხრა
ხმადაბლა.
– ახლოს ვარ – გული მეტკინა მე.
– არ ხარ ახლოს! – თავი უკმაყოფილოდ გადააქნია მან.
– აი, წამლის გაკეთება რომ დამჭირდეს, შეტევა რომ მქონდეს, შუაღამისას?
სურათი დაამძიმა მან.
– მედდა აქაა 24 საათი და გაფრთხილებული მყავს, განსაკუთრებული
ყურადღება მოგაქციოს, ნინა ჰქვია – ისევ გამეღიმა მე.
– საშინელი ხელი აქვს – თავი უკმაყოფილოდ გააქნია მან.
– ნუ იგონებ! – ვცდილობ დაწყებული თემა ბოლომდე გავაშლევინო.
– მართლა, საშინელი ხელი აქვს! – ბუზღუნებს ის.
– მაშინ ლევანს ვთხოვ, ღამე ისიც სულ აქაა – მეცინება მე.
ლევანი არ მემეგობრება, ამიტომ,
– დიდად არ იდარდებს, მეტკინება, თუ არა..
– იმ დღესაც სისხლი რომ ამიღო ვენიდან, აი, რა მჭირს – თეთრი მანტია აიკეცა
იდაყვამდე მან და ვენაზე არსებულ სილურჯეზე მიმითითა.
–ეს რა არის? – ავფეთქდი მე.
–კაი, შემთხვევით მოუვიდა, ალბათ – დაიბნა ქეთო და სასწრაფოდ ჩამოიწია
სახელური მაჯაზე.
– მანახე! – თითქმის ვუბრძანე მე.
დავათვალიერე ნანემსარი, სილურჯის გარდა, შესიებული იყო, ფლებიტთან
მქონდა საქმე და ჭკუიდან გადავედი, ეს ყველაფერი გავიაზრე, თუ არა.
– აუ, მოვკლავ იმ იდიოტს – დავიყვირე მე.
ქეთო გაოცებული მიყურებდა, ვერაფრით ვერ მიხვდა, რამ გადამრია.
მერე მოვბრუნდი, იდაყვი ისევ გადავუწიე და კიდევ ერთხელ დავხედე.
– რამდენი ხანი გედგა კათეტერი?
– არ მახსოვს – მხრები აიჩეჩა მან.
– გაიხსენე! 1 დღე? 2 დღე? რა ფერი იყო, ის მაინც გახსოვს?
– მაგას მნიშვნელობა აქვს? – გაოცდა ის.
– აქვს! – მოვუჭერი გაცოფებულმა – 24 საათზე მეტხანს არ დაუტოვო-თქო, რომ
ვუთხარი, ვერ გაიგო???
– საბა, ნახევარი დღე მეკეთა, მეტი არა – თავი იმართლა მან – ლურჯი ფერის იყო,
მახსოვს.
– ნამდვილად?! – არ დავიჯერე მე – ლურჯი ყველაზე კარგი ხარისხისაა...
– ხოდა, ალბათ შემთხვევით მოხდა, ასე – დაიცვა ჩემი კოლეგა მან.
– შემთხვევით ხდება ყველაფერი, ცუდი – თავი უკმაყოფილოდ გადავაქნიე –
დავიჯერო, არ გტკივა?
– ცოტა სიმძიმეს ვგრძნობ, მგონია, რომ რაღაც მადევს ამ ხელზე, თავიდან მეგონა,
ხატვის დროს დამეღალა...
– როგორ შეიძლება! ასე, როგორ შეიძლება! – ვიმეორებდი გაუთავებლად და
ნატკენ ხელს ვუთვალიერებდი – ნემსები დაგჭირდება!
– აუ, საბა! – სახე მოეღრუბლა მას.
– ქეთო, სხვა გზა არაა, მარა 10 ცალი, მეტი არა – ვუთხარი მშვიდად.
– კაი, 10 იყოს – დამთანხმდა ის.
– ოღონდ, მუცელში – შევაპარე ხმადაბლა.
– მუცელში, რატომ? – შიში ჩაუდგა თვალებში.
– ასე კეთდება, მუცლის კანზე, კანში შედის წამალი რომ სისხლი გაათხელოს,
შენთვის აუცილებელია...
– დანარჩენს, ადგილობრივად წაგისმევენ ...
– ეს ხელი ცოტახანი დაასვენე...
– სიმძიმის აწევა გეკრძალება,
– ალბათ ხატვაც,
– ცოტახანი.
– რატომ გაჩვენე, საერთოდ?! – თავის თავს გაუბრაზდა ის.
– დღეს რომ არ გეჩვენებინა შემთხვევით, ხვალ ამის გამო დამირეკავდნენ და მე
ვიღაცის მოკვლა დამჭირდებოდა – გავუღიმე მას – ვენის ანთებაა, სახუმარო თემა
არ არის.
– აენთო და ჩაქრება – გამიღიმა მან.
– ჩავაქრობ – დავპირდი მე – შენ, უბრალოდ დამიჯერე, კარგი? – 5 დღეში
აგილაგდება.
– გიჯერებ – გამიღიმა მან.
– აი, შეხედე – ვიტრაჟისკენ შევაბრუნე ქეთო – აი, იმ შენობის ბოლოში რომ
თეთრი სახლი დგას, ხედავ? – სხვა უბნისკენ გავიშვირე ხელი.
– ვხედავ. მაგრამ ეგ შენობა თეთრი არა, რუხი ფერისაა – შემისწორა მან.
– კარგი, რუხი ფერის იყოს – გამეღიმა მე – აი, იმ შენობიდან ხელმარცხნივ, ხედავ
მწვანე სკოლას? ცალკე, ეზოში მდგარს?
– კი! – თავს მიქნევს ის.
– აი, ამ სკოლას ვხედავ მეც, ჩემი აივნიდან, გასაგებია? არ ვარ შენგან შორს!
ახლოს ვარ! და როგორც კი შენ ცუდად იქნები, მაშინვე გადიხარ და
ადმინისტრაციას ეუბნები, დამირეკონ. რა დროც არ უნდა იყოს და რა ამინდიც,
გესმის?
– საბა, გაგეხუმრე ნემსის კეთებაზე – აღიარა ქეთომ – ყველას კარგი ხელი აქვს,
ერთი ჩხვლეტის გამო შენ რომ ღამის 4 საათზე მოგიყვანო, მართლა არაადამიანი
უნდა ვიყო.
– არ მაინტერესებს, გასაგებია? – ვაწყვეტინებ მე.
– გასაგებია – მიღიმის ის.
– ანუ, რა უნდა ქნა?! – ვამეორებინებ თავიდან.
– არ დავარეკინებ, არავის! – მშვიდად მიმეორებს ქეთო – დარეკვები, ზედმეტი
მგონია!
– ღმერთო, რა გავაკეთო! – მუშტი მივარტყი მსუბუქად კედელს მე.
– მიხედე საქმეებს – განმიმარტა ქეთომ – გამივლის ეს ვენა, რამენაირად.
– უნემსოდ, არაფერი გამოვა – თავი გავაქნიე მე.
– ხოდა გამიკეთებენ მაგ ნემსს, რა პრობლემაა? – არ იმჩნევს არაფერს ის – სულ
რაღაც 200 სახლი გვაშორებს, საბა, სულ რომ ვკვდებოდე, მომისწრებ, ნუ გეშინია! –
თვალი ჩამიკრა მან.
– არა, მე ყველაფრის საქმის კურსში უნდა ვიყო, ამიტომ, ნებისმიერ დროს
მირეკავ!
– კარგი – ეცინება მას – იქამდე 11 ასოს დავწერ დაფაზე და აღარაფერი არ
მეტკინება, როცა მეცოდინება, რომ აქვე ხარ!
– არაფერი აღარ გეტკინება, არასოდეს! ეს საბოლოოა – დავპირდი მას, შუბლზე
ვაკოცე და ოთახიდან გამოვედი.

შაბიამნისფერი შენობების ქუჩა


ბათუმში ზღვის პირას ვცხოვრობ ძველი, ორსართულიანი შენობის მეორე
სართულზე. ნინოშვილის ქუჩის 27 ნომერია და ზედ გზისპირზე დგას.
სადარბაზოში ხის კიბეეებითა და ლამაზი სვეტებით. სახლში სულ 3 ოთახია და
ერთი დიდი სააბაზანო. ძველი ბინაა, მაგრამ ყველაზე ნათელი და ლამაზი, ან
მემგონია, რომ ყველაზე ლამაზია, არ ვიცი:)
ჩემს საძიენებლს დიდი აივანი აქვს. ფანჯარას მიუახლოვდები თუ არა,
პირდაპირ ზღვის ხედი იშლება და მაშინვე თვალს გჭრის წყლის უსასრულო
ჰორიზონტი. არ ვიცი, ჩემზე მეტად ვინმეს თუ უყვარს ზღვა. მგონი არავის.
ზოგადად, ბათუმელებს ზღვის ატანა არ აქვთ. მაგალითად, დედაჩემი, ბოლო 18
წელია, საერთოდ არ ჩასულა ზღვაში. დიახ, არც ერთხელ, მობეზრებული აქვს
მზეც, ზღვაც.
მე სულ მიყვარს. ალბათ, სანამ არ დავბერდები, იქამდე არ მომწყინდება მისი
ტალღები,
სანაპირო და ნოტიო ჰავა.
ზღვის შვილი ვარ თხემითტერფამდე, სულითხორცამდე,
ყველაფრით.
მამა მეზღვაური იყო.
20 წელი ზღვაში ჰქონდა გატარებული.
საუკეთესო შემთხვევაში, 10 თვეში ერთხელ ვნახულობდი.
13 წლის რომ ვიყავი, მამა ზღვაში გავიდა და მას მერე არ მინახავს.
ვერვინ იპოვა ვერც მისი გემი, ვერც თვითონ ის.
დედამ მთელი ქალაქი ფეხზე დააყენა, მაგრამ, ვერაფერს გახდა.
დავრჩით ასე, მე და დედა მარტოები.
მაღაზია გვქონდა დიდი, ბათუმის ცენტრში და ერთი ბინა ჭავჭავაძის ქუჩაზე,
რომელსაც ვაქირავებდით.
დედა ინგლისურს ასწავლიდა, სკოლაში.
უძრავი ქონების გარდა, სხვა არანაირი შემოსავალი არ გვქონდა.
ბავშვობიდან ვხატავდი.
ვხატავდი, ყველანაირი მასალით,
ცარცით,
ფანქრით,
გუაშით...
ერთ წელს, უცხოელი ტურისტების დიდი ჯგუფი იყო ჩამოსული ბათუმში.
ჩვენს გვერდით სასტუმროში ისვენებდნენ.
მე ალბათ, 14 წლის ვიყავი...
ხო, ალბათ მეცხრე კლასში,
ეზოში ქვაფენილზე ვხატავდი ცარცით ეგვიპტელ ფარაონებს.
დავუნახივარ ამ უცხოლელ ტურისტს დაუძახია სხვებისთვის და დიდხანს
უყურებია, ჩემთვის. ბოლოს მოუკითხავს ჩემი ვინაობა.
უთხრეს,რომ მეზღვაურის შვილი ვარ და დედასთან ერთად ვცხოვრობ ამ ბინაში.
აღმოჩნდა, რომ ისინი იტალიელი მხატვრები არიან, დაინტერესდნენ ჩემით და
უნდათ გასაუბრება.
დაელაპარაკნენ დედას, დატოვეს თავიანთი კოორდინატები და თხოვეს, სკოლას
დავამთავრებდი თუ არა, იტალიაში გამოვეშვი, რათა ერთ-ერთ ცნობილ
სამხატვრო აკადემიაში გამეგრძელებინა სწავლა. იქამდე კი, ურჩიეს იტალიურის
სწავლა დამეწყო.
დღემდე არ ვიცი, რატომ დაიჯერა დედამ ამ უცხოელი ტურისტების.
მართლა არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, მე იტალიურზე მიმიყვანა.
ის იტალიელი, ენცო, 2 წელიწადში მართლა ჩამოვიდა, დედას კონტრაქტი
ჩამოუტანა, სადაც მითითებული იყო, რომ ის ფარავდა ჩემი სწავლის ხარჯებს
რომლის დასრულების შემდეგ თავისთან მაწყებინებდა კომპანიაში მუშაობას.
გაოცებულ დედას განუმარტა, რომ დიდ პოტენციალს ხედავდა ჩემში, მისი
სამსახური ძველი შენობების მოხატვითა და მოპირკეთებით იყო დაკავებული და
უნდოდა, საქმეში ისეთი ადამიანისთვის ჩაებარებინა, ვისაც განსხვავებული
ხედვა ჰქონდა და განსაკუთრებით საინტერესო ნახატებს ხატავდა.
ეს ღმერთისგან გამოგზავნილ ნიშანს უფრო ჰგავდა, ვიდრე უბრალოდ
გამართლებას. შანსს, რომელიც განსაკუთრებულ დროს გეძლევა, მაშინ, როცა
ყველაზე ნაკლებად ელოდები...
და როცა ყველაზე მეტად გჭირდება.
იმ დღის მერე, სხვა ეტაპი დაიწყო ჩემს ცხოვრებაში.
ყოველდღე ისევ ამოდიოდა მზე, ცაც ისევ წყლისფრად იღებებოდა.
ზღვა ისევ გამჭვირვალე ფერის იყო, უბრალოდ მე მქონდა სხვა, ახალი
საფიქრალი, ახალი სტიმული და სამომავლო გეგმა.
ერთადერთი, მეფიქრებოდა, როგორ დავტოვებდი ბათუმს,
ჩემს საყვარელ ქალაქს,
ახლობლების წრეს.
ყველაზე ლამაზ ადგილს მთელ აჭარაში, სადაც 16 წელი ვიცხოვრე.
ქუჩას, რომლის შენობებსაც მზე შაბიამნისფრად ღებავს ანუ, ზღვის ანარეკლს
აძლევს ზუსტად 8 წუთით ადრე, მანამ, სანამ წყალში ბოლომდე ჩაიძირება.
– გული მქონდა ძალიან აჩქარებული – მეუბნება ქეთო და თვალებს ჭუტავს
ჩემსკენ გამოხედვისას, ფანჯრიდან შემოსულ მზეს ეჩხუბება.
– ვა, რატომ? – ასი ათას მიზეზზე დავფიქრდი წამით.
– არ ვიცი – ისევ მხრებს იჩეჩავს ის და ოთხკუთხედ ჭიქაში წყალს ისხამს – შენ
რომ დამპირდი, არაფერი გეტკინებაო?!
– არაფერი არ მომიცია, ისეთი – მის წამლების სიას ჩავხედე ისევ.
– ცოტა სახსრებიც მტკიოდა – მშვიდად გააგრძელა მან და მეორე ჭიქა წყალი
დაისხა.
– რამდენი ხანი? – გაოცებული ვეკითხები მას და მინდა, ავხსნა, რანაირად
შეიძლება რამე სტკენოდა, როდესაც ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი გავუკეთე
ვენაში და ისე წავედი სახლში.
– მერე მკლავებიც – მეორეჯერ სვამს ის გამჭვირვალე სითხეს.
– კიდევ ერთი ჭიქა დაისხი და რამე კიდევ გაგახსენდება – სიცილით ვეუბნები
მას.
ქეთოს გაეცინა და ხალათზე წყალი გადაისხა.
– აუტანელი ხარ! – ხელით ჩამოიფერთხა დარჩენილი წვეთები ყელიდან.
– ჰა, აბა, ერთიც და, იქნებ მუცლის ტკივილზეც მოიგონო რამე – ისევ მეცინება მე.
– არა, გაგიკვირდება და ოდნავ, მუცელიც მტკიოდა – სერიოზულად აგრძელებს
ქეთო და უცებ ხარხარი აუტყდა – მართლა კი არა!!!!
– კაი?! არა?! – გავაჯავრე ის – მე კიდე მეგონა, რომ კი!
– ხა-ხა-ხა – არა, ვიგონებ – ისევ გადაიკისკისა მან.
– ეგრევე მივხვდი! – თვალი ჩავუკარი მას.
– მიხვდი, არა, ფლავი! დაიძაბააა! – კმაყოფილი ისხამს მეოთხე ჭიქას ქეთო და
თვალები ეშმაკურად უბრწყინავს
– ჩაიფსამ!
– გეგონოს! – მპასუხობს სხარტად და ისევ იცინის – ჩავიფსა, რა, პატარა კი არ
ვარ!
– უი, არ ხარ? – ისევ მეცინება მე.
– ნტ – მშვიდად აქნევს თავს და სველ ხალათს ისწორებს.
– კარგი – ვთანხმდები მე და სახეს ვუსწორებ.
– უბრალოდ, მოგატყუე! – თავს იმართლებს ქეთო.
– რატომ? – მეცინება ისევ.
– უბრალოდ!
– ხოდა, რატომ-თქო, გეკითხები.
– როგორც მეგობარი მეკითხები, თუ როგორც ექიმი? – ინტერესდება ის.
– როგორც ექიმი – ვტესტავ მას.
– მაინტერესებდა, იდარდებდი, თუ არა! – მპასუხობს ის.
– და როგორ მეგობარმა რომ გკითხო? – არ ვეშვები მე.
– მაინტერესებდა, იდარდებდი, თუ არა – ისევ იცინის ის.
– რა სხვაობაა, ამ პასუხებს შორის? – ვერ ვხვდები, თამაშობს, თუ მართლა იძახის
ის.
– არანაირი! – მალინისფერი ედება სიცილისგან ქეთოს.
– ოხ, შენ ვინ ხარ, რა! – თავს კმაყოფილი ვაქნევ, მაგრამ უკვე მართლა ვეღარ
ვხვდები მის ქცევას.
– შენს საძინებელს რუხი ფარდები აქვს – მეუბნება ის.
შემეშინდა.
ჩემი საძინებლის ფარდები მართლაც რუხია.
– მოყოლილი მაქვს? – ჩემს თავში დავეჭვდი ისევ.
– არა, უბრალოდ ასე მგონია – მშვიდად აგრძელებს ის და ვიტრაჟის ერთ
აჩემებულ წერტილს უყურებს რომ, ჩართულ ტელევიზორთან გეძინება,
ყოველთვის. ისე, რომ მისი გამორთვაც კი გავიწყდება...
– ესეც გითხარი? – ყურებს არ ვუჯერებ მე.
– მე მითხარი? არ მახსენდება! – მშვიდად მხრებს იჩეჩავს ის.
– კლინიკის მედპერსონალმა, ნამდვილად არ იცის, მე როგორ ვიძინებ და
ფარდების ფერი თუ ახსოვთ ფოტოებიდან?
აბა, ჩემი ძილის რიტუალზე ვის რა უნდა ეთქვა, წარმოუდგენელია!
დედაჩემის, ჩემი ძმაკაცების და თაკოს გარდა,
ეგ დეტალი არავინ იცის.
დედაჩემი და თაკო, გამორიცხულია აქ მოსულიყვნენ და,
ჩემი რომელიმე ძმაკაცი თუ დადის ქეთოს სანახავად,
შიგადაშიგ,
ნამდვილად არ შემიმჩნევია.
ქეთო, მითხარი, რომ მეხუმრები და რომ მე მოგიყევი ეს ყველაფერი
– რა იყო, ხომ არ დაიძაბე? – თვალებში მიყურებს ის.
– საიდან უნდა იცოდე, უბრალოდ ვერ ვხვდები – თვალები მიშტერდება
გაოცებისგან ისევ
– უბრალოდ, ასე წარმოვიდგინე და გავარტყი! – თვალი ჩამიკრა მან.
– კიდევ მითხარი აბა, რამე აშკარად წამოვეგე მის თამაშს რა ხდება კიდევ, ჩემს
სახლში?
– მგონია, რომ აივანზე ეწევი, ყოველ ღამე, თან სულ მარტო და რომ მოწევ, მერე
კიდევ დგახარ 3 წუთით აივანსდაყრდნობილი და ფიქრობ...
მერე ბრუნდები ოთახში,
შენს რეალურ ცხოვრებასა და გარემოსთან.
ლოგინზე ჩამოვჯექი რომ არ წავქცეულიყავი.
ამის მოსმენა, წარმოუდგენელი იყო.
კიდევ მგონია, რომ ამ ცხოვრების გარდა, რასაც ექიმობა ჰქვია,
მინიმუმ ორჯერ უკვე იცხოვრე რადიკალურად განსხვავებულად, თან...
ან, ჯერ კიდე ცხოვრობ.
– რატომ გგონია? ვეკითხები მშვიდად და ვცდილობ, არ შემეშინდეს მისი ამ
ნიჭის აღმოჩენით.
– საუბარზე გეტყობა – მიღიმის ქეთო – ძალიან გამოცდილი ხარ, ეს მარტო
ქიმიის მეცადინეობით არ გექნებოდა.
– იქნებ, ფიზიკაც ვიცი და მაგიტომ? – გავიცინე მე.
– არა, სხვა გამოცდილებას ვგულისხმობ. ის მხოლოდ სწავლით არ მოდის.
– ხოდა როგორ მატყობ? – არ ვეშვები მე და ვხვდები, ჩვეულებრივად
დამოკიდებული ვხდები ამ ბავშვთან საუბარზე.
პალატას ვუახლოვდები და რაღაც მოჯადოებული სამკუთხედი იქმნება
მე, ქეთოსა და გარესამყაროს შორის. კარს გადავკეტავ და გარეთ რა ხდება,
აღარ მაინტერესებს...
რა მჭირს ვერ ვხვდები და ვერც ვხსნი.
მგონია,
რომ რაღაც,
უზარმაზარი მაგნიტი მიზიდავს მისკენ და ეს მიზიდულობა,
ისეთია, რომ ვერანაირი ძალა ვერ აღუდგება.
გადმოსაცემად რთულია, მაგრამ...
დაახლოებით მართლა გავს ელვას.
გულზე ასანთის გოგირდიანი მხარე რომ გაგკრან და ცეცხლი იქვე აინთონ,
მსუბუქ წვას გრძნობ და თვალისმომჭრელ სინათლეს,
წამში რომ ენთება – აი, ამას გავს.
– არ ვიცი, გიყურებ და აზრები მომდის, სლაიდებად.
– როგორ? – ვერ ვხდები მე.
– აი ტელეფონში ფოტოდან ფოტოზე რომ გადადიხარ, ეგრე! ერთმანეთის
მიყოლებით მომდის
– ყველაზე ასე, სლაიდებად ფიქრობ? – დავინტერესდი მე.
– ზოგადად ეგეთი აზროვნება მაქვს, მაგრამ ყველაზე ასე არ ვფიქრობ.
– მაგალითად, იმ გამოშტერებულ მედდაზე, თვალებს რომ პერიოდულად
შენსკენ აპარებს და სულელივით იცინის, იმაზე ნამდვილად არ ვფიქრობ,
სლაიდურად.
– ხა-ხა-ხა-ხა-ხა – მისი გულწრფელობისგან გული შემეკუმშა.
– იცინე და... ეგრეა – თვალი ჩამიკრა მან.
– ეჭვიანობ? – მინდა ბოლომდე დავაკონკრეტებინო.
– ნერვებს მიშლის, უბრალოდ – არ აღიარებს ბოლომდე ის.
– კაი, რა, ნინაზე როგორ იშლი ნერვებს, სტაჟორია, პატარა ბავშვი.
– გეგონოს, რომ პატარაა – ნიშმისმოგებით ბეუბნება ქეთო და წყლის მეორე
ბოთლს ხსნის.
– კიდე, რაზე გეფიქრება? – ისევ ვიცინი მე.
– ბათუმზე!
– გენატრება – თავი დავუქნიე მას.
– ძალიან მენატრება. ის დრო მენატრება, ჩემი ძველი სახლი, ხის რიკულებიანი
სადარბაზო.
– კიბეზე ჩასვლა რომ მეზარებოდა, ხელის მოსაკიდებელიდან პირდაპირ
კარებთან რომ ჩავსრიალდებოდი ხმაურით.
– ჩემი სახლი, ზღვაზე ხედით...
– თვითონ ზღვა – წყლისგან დასველებული თითი ტუჩებზე ნაზად გადაიტარა
ქეთომ, თითქოს ტუჩსაცხი წაისვა და მერე თანაბრად გადაინაწილა.
– რამდენიმე თვე და დაგაბრუნებ – გავუღიმე მე, თუმცა, ყველაზე მეტად ამ
თემაზე ფიქრი მთრგუნავდა.
ქეთო გაჩუმდა. მერე გამიღიმა.
– შენ ძალიან მაგარი ბიჭი ხარ, საბა.
– ისეთი მაგარი, რომ შენნაირი,
– მე ბევრი არ მინახავს.
– ქეთო, კაი, რა! – დავიმორცხვე მე.
– ძალიან ბევრ დეტალს ვხედავ შენს ხასიათში,
– ისეთსაც კი,
– შენ თვითონ რომ არ აქცევ ყურადღებას და გგონია,
– რომ ეს განსაკუთრებული არ არის.
– შენ ძალიან გამორჩეული ტიპი ხარ.
– ამას იმიტომ კი არ გეუბნები,
– რომ ჩემი პირადი ექიმი ხარ,
– იმიტომ ვამბობ, რომ სულ გახსოვდეს.
– რას ხედავ, რას? – ყურებამდე მეხევა ღიმილი.
– ყველაფერს! გამჭვირვალეა შენი სული ჩემთვის – წყალი ბოლომდე მოსვა და
გამიღიმა.
– ნეტა, რა იცი! – ისევ გამეცინა მე.
– ნეტა, მართლა არ ვიცოდე – დანანებით თქვა ქეთომ და თვალები აემღვრა.

ვაჭრობა
– მომიყევი იტალიაზე! – ვთხოვე მე ქეთოს და მარწყვის კომპოტი დავისხი – შენ
არ გინდა?
– არა, ძალიან ტკბილია – თავი უარის ნიშნად გადააქნია მან.
– წყალში რომ გააზავო? – შევთავაზე მე.
– უი, კი, შეიძლება – გაეცინა მას.
წყლის ბოთლიდან წყალი დავამატე კომპოტს და სავსე ჭიქა მივაწოდე ქეთოს.
– წითლიდან, ღია ვარდისფერი გამოვიდა – ჭიქა გამომართვა და გამჭვირვალე
მინას თითები გადაატარა მან.
– ეს შენი დეტალები – ღიმილით ვთქვი მე.
– ყველაფერი გენიალური, დეტალებშია! – თავი დამიქნია მან – რა მოგიყვე
იტალიაზე... ყველაზე ბედნიერი პერიოდი იქ იყო ჩემი ცხოვრების.
– ასე ერთბაშად, ბათუმიდან იტალიაში, სულ მარტოს არ გაგიჭირდა?
– გამიჭირდა, კი – გამიღიმა მან – მაგრამ სხვა გზა რომ არ გაქვს და იცი,
საქართველოში დედა გელოდება, რომელსაც მალე ჩემი მიხედვა დაჭირდება,
ყველაფერს აკეთებ, პიროვნებად რომ შედგე.
– რა მაგარი გოგო ხარ! – გამეღიმა მე.
– სხვა გზა არ მქონდა – გაეცინა მას – სიგარეტი არ შეიძლება?
– სიგარეტი, არა თავი გავაქნიე მე – ხომ არ ეწევი?
– ათასში ერთხელ, ყველაფერი შეიძლება!
– აი, სიგარეტი არა, მაგრამ გპირდები, სასმელს დაგალევინებ, ღვინოს... 2 ჭიქას.
– 3 ჭიქა და ვისკი – შემიკვეთა მან.
– ოხ! – ინსტინქტურად გამეცინა მე – „დაჟე, ტაკ?“
– „დაჟე ტაკ“ – თვალი ჩამიკრა მან – საღამოობით ხშირად ვსვამდი, 12 ჭიქას...
– ცოტ-ცოტა მაგარია, გადუნებს...
– მაშინ ამდენ წამალს არ იკეთებდი და თან... მაშინ...
– რა მაშინ? – მიმიწყვდია კუთხესთან მან.
– არაფერი გაწუხებდა – დიპლომატია ჩავრთე მე.
– წამლები, ესეც რამეს არ ცვლიდეს – გამიღიმა მან.
– უკეთ რომ ხარ, ვერ ხვდები? – მეწყინა მე.
– უკეთ ვარ, კი! – დაიმორცხვა მან.
– ხოდა, 2 ჭიქა და მორჩა – მოვუჭერი მე.
– 3 ჭიქა და შევთანხმდით – შემისწორა მან.
– კარგი, მაშინ, ცოტას დაგისხამ – შევთავაზე ისევ.
– ღმერთო, რა ღორი ხარ! – ხელები ზევით აღაპყრო მან – სასმელს „აჯდები“?
ხარხარი ამიტყდა
– აუ!! როგორც კი მორჩები მკურნალობას და გაგწერ კლინიკიდან, იმ დღეს
წაგიყვან და იმდენს დაგალევინებ, ლაპარაკი დაგავიწყდება! ღორიო ეს რა
მაკადრა!
– საწყალი თაკო... რა დღეშია! – გაამძაფრა სიტუაცია მან.
– ქეთო! – სიცილს ვერ ვიკავებ მე – დღეს, შენთვის მეტის დალევა არ შეიძლება.
– ხვალ? – სახე გაუბრწყინდა მას.
– არც ხვალ! – გამეცინა ისევ.
– არა, არ ხარ ღორი, საერთოდ არ ხარ – თავი გააქნია მან.
– ქეთო! – თავს ვერ ვიკავებ ისევ სიცილისგან გპირდები, შენთვის ეს სამიც
საკმარისი იქნება. ისეთი გაფილტრული გაქვს ორგანიზმი, ძალიან მალე
მოგეკიდება და ხომ არ ჯობს, მაინც 2 იყოს 3 ჭიქის ნაცვლად?
– არა სამი მინდა, ცოტას გავერთობი – ჯიუტად იმეორებს ის – თუ რამეა, მერე
ერთ გადასხმას გავიკეთებ და ეგაა.
– კარგი, ჯანდაბას, იყოს 3 – დავთანხმდი მე – არ დაგჭირდება გადასხმა, ოღონდ
ეს ჩვენი საიდუმლო იქნება, გასაგებია?
– ეს არავინ არ უნდა გაიგოს.
– მსგავსი რამის ჩადენის უფლება, არც ერთ კლინიკას არ აქვს.
– მე ხმის ამომღები არ ვარ და შენ, თუ დათვრები, ყვირილს დაიწყებ, გააღვიძებ
პაციენტებს, გადათვლი ნუ, მაშინ, ყველა ყველაფერს მიხვდება – საოცარი სცენარი
დახატა მან.
სიცილისგან ჩავიკეცე.
– შენი ფანტაზია, რა! – გულწრფელად აღვნიშნე მე.
– ხოდა 1:0, მოვიგე სამი ვისკი!
– გილოცავ! – ისევ გამეცინე მე მარა იცოდე, რომ მოგაგებინე.
– მომაგებინე, არა ფლავი! მე თვითონ მოვიპოვე სამივე ჭიქა! იცოდე, რაღაც
დებილობა არ მოიტანო, კაკლის მურაბის წვენი ან მსგავსი.
– შენ მე ვინ გგონივარ? – სერიოზულად ვაგბრაზდი მე.
– ბრინჯის ტკბილი ფლავი – მხიარულად თქვა ქეთომ და სანამ რამეს ვიტყოდი,
კარი მომიჯახუნა და სასწრაფოდ გადაკეტა.
– მოვა, საღამო – დავემუქრე ხმამაღლა.
– კარგად გააზავე კაკლის მურაბა წყალში, ტკბილი არ მიყვარს – მომაძახა კარს
უკან და გადაიხარხარა.
– რა უნდა? – ვერც კი გავიგე, ისე ჩუმად მომიახლოვდა თეთრ ხალათში
გამოწკეპილი ნინა ზურგიდან.
– კაკლის მურაბას ითხოვს! – მხრები ავიჩეჩე და შევეცადე, არ გამცინებოდა.
– რად უნდა? – ვერ გაიგო ნინამ.
– ნინა, შენთვის არაფერი უთხოვიათ, საქმეს მიხედე – კარს უკან მომესმა ისევ
ქეთოს წიკვინი.
ნინა გაწითლდა.
– რატომ ვერ მიტანს, ეს პაციენტი, რა დავუშავე? – მკითხა საცოდავად.
– გიჟია ეგ გოგო, რას გაიგებ – ხმამაღლა ვთქვი მე.
– ხოდა 2:0 მაგ სიტყვებისთვის – ისევ კარს უკან გაისმა მისი ხმა.
– უხ, ქეთო, მე შენ თუ არ გატირო! – ჩემთვის გავიცინე ისევ და კორიდორს
გავუყევი.

თამაში
– რამე ისტორია რომ გაიხსენო შენი ცხოვრებიდან? – მთხოვს ქეთო და ჩემს რუხ
ჟაკეტში მკლავებს უყრის. მერე წელზე ორჯერ შემოხვეულს, მარცხენა მხარეს
თმის სამაგრით იმაგრებს – შემცივდა.
– მე საუბარი არ მეხერხება – სიგარეტს ვუკიდებ და ზუკასავით ვიბნევი.
– მომაწევინებ? – მეკითხება ის.
– რად გინდა? – მშობლის ტონი შეემატა ჩემს ხმას.
– ნახე, რა! სიგარეტსაც აჯდება! – ჭერში აიხედა ქეთომ გაოცებით.
ისეთი ხარხარი ამიტყდა, კინაღამ სიგარეტი ღერიანად გადამცდა.
– რა ღორი ხარ, ღმერთო!! – გაოცებით იმეორებს ის და წყალს თავის ოთხკუთხედ
ჭიქაში მისხამს – არ დაიხრჩო, დალიე!
– ქეთო! – უკმაყოფილოდ ვართმევ წყლის ჭიქას და ბოლომდე სვამ.
– მერე – გვერდით ვდებ და სიგარეტის სავსე კოლოფს ვუწოდებ – თუ გინდა, 19-
ვე ღერი ერთად მოწიე.
– არ მჭირდება, კარგად იყავი! – თმას ზურგს უკან იწევს ის და ჭიქას მართმევს.
– მოწიე-თქო! – ვუმეორებ მშვიდად.
– თავიდანვე რატომ არ მომეცი? – ბავშვივით მეკითხება ის.
თუმცა, რაღა ბავშვივით, ისედაც ბავშვია.
– არ მესმის, რატომ მოგინდა, უბრალოდ და სამაიმუნოდ თუ გინდა, არ
ღირს-თქო.
გაუფრთხილდი ფილტვებს!
– იქნებ ხვალ ვკვდები, ხო ინანებ, ბოლო სურვილი რომ არ ამისრულე?! –
ეშმაკურად ეღიმება მას.
– ნუ ამბობ სისულელეს – სერიოზულად ვბრაზდები მე.
– ხო, რა იყო, ცოტა მომკვდარა ასე, უეცრად თუ, გიჟები არასოდეს კვდებიან?!
– რა ხვალ მოკვდები, ხო არ აფრენ?! – ვგრძნობ, სახის მიმიკა როგორ მეცვლება.
– აი, გათენდა, მე კანფეტი შევჭამე, გადამცდა და ვეღარ ამოვისუნთქე –
გადაიხარხარა მან.
– საერთოდ აგიკრძალავ კანფეტებისა და საღეჭი რეზინის მიღებას და ეგ იქნება
გავიცინე მე.
– წყალმა რომ დამახრჩოს?! წყალსაც აკრძალავ? – თქვა მან და ბოთლი მოამზადა
წყლის დასასხმელად.
– მაგ ჭიქით, არ დალიო – გავაჩერე მე.
– რატომ?
– მე დავლიე და იმიტომ!
– შიდსი გაქვს? – მეკითხება სერიოზული სახით.
სიცილისგან ჩავიკეცე.
– შიდსი გადადის, სისხლით და სექსით! 0 ძლივს ამოვთქვი მე.
– ტუჩებში კოცნით, არა? – მეკითხება ის.
– რა იყო, აპირებდი? – ვწითლდები მე – არა, კოცნით და ჩახუტებით რომ
გადადიოდეს, ამოწყდებოდა სამყარო – ისევ ვიცინი მე.
– ანუ, შიდსი არ გაქვს?! – თავს იშტერებს ის.
– ჩემი ჯანმრთელობის ისტორია გინდა, თუ რა ხდება?
– მთელი ცხოვრება მგონია, რომ ექიმები ავად არ ხდებიან! – თვალს მიკრავს ის –
ამიტომ დავლევ ამ ჭიქიდან.
– მაინც არ დალიო, რა! – არც კი ვიცი, რატომ ვიჭრი ვენებს.
– კაი, არ დავლევ, ვღვრი – თქვა ქეთომ, წყალი ნიჟარასთან მიიტანა, მერე უცბად
მოიყუდა და ბოლომდე დალია.
– არაფერი გეშველება – სიცილით გადავაქნიე თავი და სკამზე ჩამოვჯექი.
– გემრიელი იყო – დამიდასტურა მან.
– განსხვავებული გემო ჰქონდა, ხო? – თავს ვუქნევ მე.
– სხვათაშორის, კი – სულ ცოტა ექიმური თვისებები გადმომედო – გადაიხარხარა
მან.
გამეცინა.
– ხოდა, მომიყევი შენზე-თქო! – მიმეორებს ის.
– საბა ემხვარი, 38 წლის, ფსიქიატრი – ხელს ვუწოდებ მე და ისევ ვიცინი.
– ოო, ეგ ვიცი – უკმაყოფილოდ მართმევს ხელს და გვერდით მიჯდება.
– აბა, სხვა, მოსაყოლი, არაფერი მაქვს – მხრებს ვიჩეჩავ მე.
– შენ ქორწილზე მომიყევი – მოულოდნელად მაჯახებს კითხვას.
– ჩემ ქორწილზე? – გამოვშტერდი მე.
– დიახ! – თავს მიქნევს ქეთო.
– არ მახსოვს, რამდენი ხნის წინ იყო – მეღიმება ისევ.
– ზუკა არის, 8 წლის, +1 წელი ორსულობა, ანუ 10 წლის წინ, ან 9 წლის
წინანდელი, ყველაზე განსაკუთრებული დღე შენს ცხოვრებაში, არ გახსოვს? –
წარბი ეწევა გაოცებისგან მას.
– კარგი დღე იყო! – ვიცინი მე.
– და მეტი არაფერი? – თვალები უფართოვდება მას.
– არ მახსოვს, ქეთო! – თავის დაძვრენას ვცდილობ, აბსოლუტურად უშედეგოდ.
– რა იყო, იმდენი დალიე, ეგ დღე აღარ გახსოვს? – არ მეშვება ის.
– ქეთო, რა არის მოსაყოლი, არ მესმის?!
– რა მოსაწყენი ხარ, ღმერთო! – აღმოხდა მას.
– შენ მოყევი, შენ ქორწილზე, აბა?! – კითხვას ვუბრუნებ ტექნიკურად მე.
– გადასვლებს არ ვართ, დურაკა კი არაა?! – მაშინვე მამუხრუჭებს ის.
– კარგი დღე იყო, ყველა მაგრად გაერთო – ერთ წინადადებაში ჩავატიე აზრი.
– შალახო არ იცეკვე, პერანგამოჩაჩულმა? – გადაიხარხარა მან.
– შალახო, არა – გავიცინე ხმამაღლა – სხვა ტიპის ქორწილი მქონდა, თამადის,
ყანწებისა და „ დაისების “ გარეშე.
– სამბა, რუმბა? – არ მეშვება ის.
– არა, არც სამეჯლისო ცეკვები არ ყოფილა.
– აბა, ჯოკერს თამაშობდით მთელი „კამანდა“ , თუ რაშია საქმე, არ გაერთეთ,
კაცო? – აღშფოთდა ის.
– გავერთეთ, კი! – ვპასუხობ და ვიღიმი.
– საშინელი მოსაუბრე ხარ! – ენა გამომიყო ქეთომ და წარბები შეკრა.
– შენ მოყევი, შენ ყველაზე მაგრად ალაგებ საუბარს.
– ხელოვანი გოგო ხარ. მე, ფსიქიატრი. მე ვუსმენ პაციენტებს და დასკვნები
გამომაქვს, ისინი მელაპარაკებიან. შენ კიდე გინდა, რომ როლები გავცვალოთ და
ეგრე არ გამოვა.
– ნუ იგონებ, შენი ჭირიმე! – ტექნიკურად მაჩუმებს ქეთო.
– მომიყევი-თქო! – ვუმეორებ ჯიუტად და ვცდილობ არ გამეცინოს.
– ენაზე კბენა ვერ გიშველის, გაიცინე, თუ გეცინება – მეუბნება ის.
– ვხარხარებ.
– საიდან მიხვდი? – გაოცებას ვერ ვმალავ მე.
– კბილების მოძრაობით ვხვდები.
– პირი დახურული მაქვს – სერიოზულად არ მესმის მე.
– მაინც ვხედავ, ყბის ფორმაც გეცვლება მაგ დროს.
– ტელეპატი ხარ! – ვასკვნი მე და წყლის ჭიქას ვართმევ.
– ხოდა წყალი დალიე, გული არ წაგივიდეს შიშისგან – რჩევას მაძლევს ის და
ეცინება.
– ისე 2 ჭიქა რომ შემოგიტანო, არა? – ხმამაღლა ვფიქრობ მე.
– ჭიქებსაც აჯდები, ალბათ, არ გამიკვირდება – სიცილით მეუბნება ის.
– უხ, ქეთო, ყველა ამ ბრალდებას მწარედ განანებ, მოვა დრო!
– მაზეგ! – თავს მიქნევს ირონიით ის.
– მაზეგ ახალი გადასხმითა და წამლებით შემოვალ! – ირონიითვე ვპასუხობ მე.
– არაფერსაც არ გავიკეთებ – სახე ეცვლება მას.
– გადასარევად გაიკეთებ, აქ მე ვარ დირექტორი – კმაყოფილი ვაგრძელებ მე.
– მაინც არ გავიკეთებ! – ენა გამომიყო მან.
– იმ წამალსაც არ სვამდი, პიურეში რომ გავურიე, კი! – ვპასუხობ მე.
– შპიონები ხართ ყველანი და გველები! – სერიოზულად გაბრაზდა ის.
– ხა-ხა-ხა-ხა!
– და ისე, დიდხანს მაჭმევდით მაგ წამალს, ჩუმად? – დაინტერესდა ის.
– ერთი თვე – ხარხარს მოვუმატე მე.
– იარაღი რომ მქონდეს, გესვროდი! – სერიოზულად დამემუქრა ის.
– ფრთხილად გადატენე, არ გაგივარდეს! – გავაფრთხილე მე.
– ხა-ხა-ხა – თავი ვერ შეიკავა ქეთომ – უხ, საბა, რა! რა პირობებში მამყოფებ!
– მაგას რატომ ამბობ, არ გეხმარები? – მეწყინა მე.
– მეხმარები! – აღიარა ქეთომ.
– აბა, რა გინდა... ის წამლები რომ არ დაგელია, დღეს ასე კარგად ვერ იქნებოდი.
– მართალია! – მეთანხმება ქეთო.
– თან, ვერაფერს მიხვდი, ხედავ, რა მაგარი ვარ?
– შენ ხარ, გენიოსი, კი! – მეთანხმება ის.
– აბა, რატო „ბუინობ“? – მეცინება ისევ.
– ისე, უბრალოდ, რომ მოვტყუვდი, ვერ ვეგუები!
– წაგებას ვერ ეგუები?!
– შენთან წაგებას ვერ ვეგუები!
– და რატომ?!
– აი, არ ვიცი. ვცოფდები, შენ მე როგორ უნდა მომიგო?
– სულ გიგებ – ქეთოს ნერვებზე თამაშს განვაგრძობ მე.
– 10 წლით ხარ ჩემზე უფროსი, იცი, ეგ რამდენია? – თავს ისაწყლებს ის.
– აბა, ბევრი არააო? – ისევ მეცინება მე.
– ხოდა არაფერიც არაა! – მომენტალურად აკეთებს თავისსავე ნათქვამს ქეთო და
ხმამაღლა იცინის
– მოკლედ, რა... რასაც გინდა და როგორც გინდა, ისე ლაპარაკობ!
– მერე, ცუდია? – შეტევაზე გადმოდის ის.
– ჭკვიანი ხარ, რა გინდა – თავს ვუქნევ მე.
– დიახაც, ძალიან ჭკვიანი ვარ.
– მომიყვები შენს ქორწილზე? – დაპირებას ვახსენებ მე.
– ჩემს ქორწილზე? – თავს იკატუნებს ის.
– კი, შენზე – ვპასუხობ მე.
– ჩემს ლამაზ ქორწილზე ვერაფერს მოვყვები, იმდენად შთამბეჭდავი იყო,
სიტყვებსაც ვერ ვპოულობ, მის გამოსახატავად.
– უხ! ქეთო! – ვცდილობ, არ გავბრაზდე მე.
– ხო, რა! ვერ გიყვები, ენითაუწერელია! 1:1 საბა!

ოთხკუთხედი ჭიქა თამბაქოსფერი სითხით


მანქანა კლინიკის უკანა ეზოში დავაყენე.
წამლების დიდი კონტეინერი გადმოვიღე, ამპულები ცალკე ცელოფანში შევახვიე
და მანქანის სკამდე ჩამოვდე, ვისკის ბოთლი კონტეინერში ჩავდე და მანქანიდან
გადმოვედი.
– ეს რა არის, ამპულები? აბა, უნდა დავლიოთო? – ხმამაღლა შეიცხადა ქეთომ.
– ჩჩჩ! – პირზე ხელი ავაფარე და ოთახში შევედი თუ არა, კარი გადავკეტე – გიჟი
ხარ, გოგო? მიკროფონიც ხომ არ გინდოდა, ამ ამბის გამოსაცხადებლად?
– არა, იყოს, ხმაც საკმაოდ მაღალი მაქვს – გადაიხარხარა მან – გიჟიც ვარ – თეთრ
ხალათზე მიმითითა მან, რომელიც ისე უხდებოდა,
ალბათ, ჩემი ნება რომ ყოფილიყო, არც არასოდეს გავხდიდი.
– შენ გიჟი არ ხარ – გამეღიმა მე.
– ნუ, ოდნავ ვარ! აბა, აქ როგორ მოვხვდებოდი, სხვანაირად? – არ დაიხია უკან
მან.
– ოდნავ გიჟი მეც ვარ – ისევ გავუღიმე მას – მეც ამ შენობაში ვარ და შენ თუ მალე
უნდა წახვიდე, მე სულ აქ ვიქნები.
– არ მოიწყინო, ხშირად გინახულებ – მანუგეშა მან.
– ძალიან მეეჭვება – ისევ გავიცინე მე.
– ხოდა ტყუილად! მე მეგობრების დავიწყება არ მჩვევია, ოღონდ, იქამდე, ძალიან
გთხოვ, ეს ნინა მომაშორე, რა!
– რატომ აიჩემე, ამიხსნი?! – ისევ ვიცინი მე და მაგიდაზე ვაშლის წვენების
ბოთლებს ვალაგებ.
– მეზიზღება და ძალიან მიშლის ნერვებს – მშვიდად აგრძელებს ის – თან შენ
ძალიან გეპრანჭება.
– კაი გოგოა, რას ერჩი?! – ვიწვევ მას.
– აბა, სადაა სასმელი? – ცელოფანში თავს ყოფს ის.
– რა სასმელი? – ვიოცებ მე.
– აუ, საბა!!! – წყობიდან გამოდის ის.
– ამ ნერვების პატრონს, მხოლოდ გიჟი თუ შეთავაზებს ვისკის, თან 3 ჭიქას.
– გადასარევი ნერვები მაქვს – იცინის ის.
– ნამდვილად! – ვეთანხმები მე და წამლის კონტეინერს ვხსნი.
– ვაშა! – ტაში დაუკრა მან.
– ოღონდ – მშვიდად ვიწყებ მე.
– აუ, დაიწყო! – უკმაყოფილოდ ჭმუხნის შუბლს ქეთო.
– ოთახიდან გასვლა რომ მთხოვო, იცოდე, გამორიცხულია ეგ ამბავი.
– რომ დაგათრო? – იცინის ის.
– რაც არ უნდა დავლიო, მაინც. პირობა პირობაა, კარგი?
– კარგი! – უკმაყოფილოდ აგრძელებს ის.
– მაშინ დავიწყოთ – ცოტა ვისკი ჩამოვუსხი ოთხკუთხედ ჭიქაში და მივაწოდე –
ეს წვენისთვის ერთჯერადი მივაწოდე მას.
– წვენი არ მინდა, მე წყლით დავლევ – უარობს ის.
– ძალიან უხდება, დამიჯერე – სახეს ვუსწორებ მას და ვცდილობ, დავითანხმო.
– კაი, დაასხი – მშვიდად მაწვდის ერთჯერად ჭიქას ის.
– შენ ხარ თამადა! – სიცილით ვეუბნები მე.
– ოო, შენ! – უარობს ის – რა უცნაური ფერია, უფრო მუქი მახსოვდა – ვისკის
ჭიქას დახედა ქეთომ.
– კაკლის მურაბაა, რაცაა ეგაა! – სიცილი ამიტყდა მე.
– ხა-ხა-ხა-ხა – გადაიკისკისა მან – თამბაქოსფერია, მომწონს!
– ყავისფერია – შევეკამათე მე.
– დავასკვენი, რომ „დალტონიკი“ ხარ – გადაიხარხარა მან.
– შენ ხარ „ფეროლოგო“ – სიცილი ამიტყდა მე.
– „ფეროლოგი“ არა „გოგლი-მოგლი“ – გაეცინა ქეთოს.
– ძალიან მიყვარს გოგლი-მოგლი სხვათაშორის, ზუკას ვუკეთებ ხშირად დილით
და მეც გადასარევად მივირთმევ.
– საბა ემხვარი, 40 წლის! – ტაში დაუკრა ქეთომ.
– სერიოზულად მიყვარს, რა იყო, არ შეიძლება? – ისევ გავიცინე მე – ჯერ ერთი,
38 წლის ვარ
– თითქოს რამე იცვლებოდეს, რა, პლუს, მინუს 2 წელი, და საერთოდაც წლების
ცვლილება რომ რამეს ცვლიდეს, საბა, კაი რა, დოქტორი კაცი ხარ, არ უნდა
გჯეროდეს მსგავსი რამეების. სმა მაინც იცი? – სიცილი აუტყდა მას.
– მიდი, აიღე, როგორ მინდა დღესვე დაგახრჩო მაგ სასმელში, მაგრამ, არ
შეიძლება, და...არადა, ისეთი ღირსი ხარ, ისეთი...
– ხა-ხა-ხა – ხოდა ვერ დავლევ ბევრს! არც დავიხრჩობი!
– მოდი, შენ გაგიმარჯოს – ხმადაბლა დავიწყე მე – უკვე საგრძნობლად კარგად
ხარ და მინდა, რომ სულ მალე, ყველაფერი თავის ადგილზე დაგილაგდეს,
როგორც სულ ადრე, ამ კლინიკაში მოხვიდოდი...
– და მინდა, რომ აქ პაციენტის სტატუსით აღარასოდეს მოხვდე...
– რატო, აღარ მიმიღებ? – იცინის ის.
– მიგიღებ?! – წამით დავფიქრდი და რაც პირველად მომივიდა აზრად, ის
მომენტალურად წავშალე – მე შენ სულ მიგიღებ, რამდენ ჯერზეც დაგჭირდება
ჩემი მხარდაჭერა და ისეც... მაგრამ აღარ მინდა წამლები და ნემსები გიკეთო...
თორემ, ჩემი ნება რომ იყოს, საერთოდ არ გაგწერდი ამ კლინიკიდან
– საბა, რა საყვარელი ხარ! – თვალები აემღვრა ქეთოს, ჭიქა ბოლომდე დალია და
ხის ტუმბოზე ჩამოდო.
– უსიტყვოდ შევუვსე და მისკენ გავაპარე მზერა იმ ღამეს რომ მოვედი, რას
წარმოვიდგენდი, ასეთი მაგარი მეგობარი თუ გახდებოდი ჩემი.
– სულ მგონია, ძალიან ახლობელი ხარ, ვერ გიხსნი...
– მგონია, რომ ერთად გავიზარდეთ ან გიცნობ დიდხანს, ან რაღაც ეგეთი. აი,
შემოგხედავ და გხედავ, გამჭვირვალე ხარ, თითქოს...
– აუ, საბა მე დავთვერი – სიცილი აუტყდა მას.
– ხომ გითხარი, ძალიან იგრძნობ გრადუს-თქო? – გამეცინა მე და მეორე ჭიქა
დავლიე, მეტად გაბედული რომ ვყოფილიყავი.
– აშკარად, ძალიან ძლიერია ამ კაკლის მურაბის წვენი ისევ გაიცინა მან ხოდა,
რას გეუბნებოდი?
– რომ გამჭვირვალე ვარ – დაუფიქრებლად გავიმეორე და ხარხარი ამიტყდა.
ქეთოსაც.
– მართლა ეგრე მგონია და რა გავაკეთო?! – მხრები აიჩეჩა მან და ტუმბოსთან
ახლოს, პარკეტზე ფეხმორთხმით დაჯდა.
სკამი გადავდე და გვერდით მივუჯექი.
– ღმერთის მაინც არ გწამს, ხო? – მაინც გადავამოწმე მე.
– იაღოველივით რატომ გადამეკიდე? ოდნავ, მწამს იმის, რომ სადღაც რაღაც
არსებობს, მარა კონკრეტულად ღმერთის... რავიცი...
– შენ რატომ გწამს? – მკითხა მოულოდნელად მან და სასმელი მოწრუპა.
– ძალიან ბევრჯერ დამხმარებია ალბათ და იმიტომ – წამით წარსული
ამომიტივტივდა – მე ფიქრებად ყველაზე ძალიან როცა მიჭირდა, მაშინ
დამეხმარა.
– როცა არავინ ამქვეყნად არ მყავდა, რომ გვერდით დამდგომოდა, აი, მაშინ...
– რა მაგარია. ჩემთან პირიქით იყო. ყველაზე მეტად რომ მინდოდა მისი
დახმარება, მაშინ მითხრეს, რომ... რომ საერთოდ არაფრის იმედი არ უნდა
მქონდეს...
– იქნებ, მაინც იყოს გამოსავალი – წარმოდგენა არ მაქვს რაზე საუბრობს ქეთო.
– არა, საბა, გამორიცხულია! ამ საქმეს არაფერი ეშველება...
– მას მერე სულ ვფიქრობ, რას არ ვაკეთებ სწორად, ანუ რატომ უნდა ვისჯებოდე,
ვერ ვხსნი... მოგიყვე?
– ახლა ნასვამი ხარ, ხვალ არ ინანებ?
ქეთო წამით ჩაფიქრდა.
თვალები დაიწვრილა და მერე გამიღიმა.
– გინდა, შენ მკითხე? რაც გინდა, ის მკითხე – გამიცინა მან.
– არა, მე არ გეკითხები არაფერს. მოყოლა თუ გინდა, იმას სიფხიზლეშიც
მომიყვები, ასე რომ, შენი სიმთვრალით სარგებლობა, არაფერში მჭირდება თავი
გადავაქნიე მე.
– აუ, რატომ ხარ ასეთი, რატომ? – თვალები აემღვრა ქეთოს.
– როგორი? – გამეცინა მე.
– ყველაზე კარგი, უექიმესი! – გამიცინა მან.
– შენ გგონია, ეგრე – გავუღიმე ისევ – ჩვეულებრივი ფსიქიატი ვარ.
– არაჩვეულებრივი ხარ, შენ! – თავი გადააქნია მან.
– ვითომ? – დავეჭვდი მე.
– ნამდვილად! მოდი ახლა, მე ვიტყვი, კაი? – მკითხა მან.
– ეგ ბოლო ჭიქაა – შევახსენე მას.
– მახსოვს და მე უნდა ვთქვა – თავი დამიქმია მან.
– მიდი – ნება დავრთე მე.
– შენ გაგიმარჯოს! – ღიმილით დაიწყო მან – ასე მცირე დროში ადამიანი რომ
შენი ძალიან ახლობელი გახდეს, წარმოუდგენელი რამე მეგონა, მაგრამ ფაქტია,
ასე მოხდა. და იცი, რა დავადგინე?
– აბა, რა? – მინდა, რომ რაც შეიძლება მეტი ილაპარაკოს მან.
– რა და... ეგ ან გამოდის და ან, არა.
– ანუ? – კიდევ მეტ კითხვას ვსვამ მე.
– ანუ, ან არის ეს უხილავი კავშირი ან, არა.
– შენნაირს ასი ათას კაცში გამოარჩევ, ხოდა მიხარია, რომ ჩვენ ეგ საერთო
აღმოგვაჩნდა.
– გარდა იმისა, რომ ხარ შენი საქმის პროფესიონალი.
– ამავდროულად, ძალიან მაგარი ადამიანი ხარ.
– მე მაგალითად, ბევრი რამის გადალახვაში დამეხმარე.
– ეს კლინიკაც აღარ მეჩვენება ისე საშიშად,როგორც პირველ დღეს, იმ წვიმაში
წარმოვიდგინე.
– მარტო აღმოჩნდი და მაგიტომ – დავეთანხმე მე.
– ყველაფერი თავდაყირა დამიდგა, საბა! გათენდა და ერთ წამში ფერი დაკარგა
ყველაფერმა, ყველა ფერმა, აბსოლუტურად ყველამ.
– ცა რუხი გახდა, მზე ...
– მზე საერთოდ გაქრა ცის კამარიდან...
– ვერ ვხედავდი, ვერც ღრუბლებს, ვერც ვარსკვლავებს.
– ქიმიური რეაქციაა, თითქოს ვიღაცამ აიღო და ყველა ეს ზემოთჩამოთვლილი,
ერთ კოლბაში მოათავსა და ერთბაშად გააქრო.
– მერე შემცივდა.
– მერე გავჩუმდი.
– გავჩუმდი და ხმა აღარც ამომიღია.
– მერე, აქ მოვედი და...
– უცებ გამოიდარა, გესმის? თითქოს, ის, ყველაფერი, წარსულს ჩაბარდა.
– გათენდა და ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდა.
– ფერების აღქმა დამიბრუნდა.
– თითქოს, არც არასოდეს დამიკარგავს,
– თითქოს, ეს, ყველაფერი, რაღაც გაუგებარი სიზმარი იყო.
– მერე გავიღვიძე.
– რა მაგრად ამიხსენი – ემოციამ ყელში მომიჭირა უცებ.
– და ამ ყველაფერს ერთი პასუხი აქვს, შენ დამეხმარე, შენ რომ არა...
– როგორ მიხარია, ქეთო! – გულწრფელად მიხარია ამ სიტყვების მოსმენა.
– ხოდა შენ გაგიმარჯოს, ყველა შენი დაძალებული წამლის, ჩხუბის და
დახმარების გამო, შენნაირი ბიჭები აღარ არსებობენ! – მოიყუდა და ბოლომდე
დალია მესამე ჭიქაც.
– მადლობა დიდი – კმაყოფილმა დავუქნიე თავი მე – ძალიან მიხარია, ასე თუ
დაგეხმარე. მაგრამ შენ ხარ ძალიან ყოჩაღი, მარტო მე რას გავხდებოდი.
– ის,რომ მე კარგად ვარ, მხოლოდ შენი ბრალია! – თავი უარყოფის ნიშნად
გააქნია მან. – მე ნელ-ნელა იმასაც ვიჯერებ, რომ ცუდად აღარ გავხდები.
– რა თქმა უნდა, აღარ გახდები! ეს უკანასკნელი იყო.
– დღეს იმ კრეტინკამ გამიკეთა ბოლო ნემსი მუცელში.
– ვერ დამელოდე? – მეწყინა მე – გატკინა?
– აბა, რა ქნა – დრამატულად გააგრძელა მან.
– რაა? – თვალები გამიფართოვდა მე.
– კაი, მართლა კი არა – გადაიხარხარა მან – არ მატკინა, მარა კრეტინკაა, მაინც! –
დაასკვნა ბოლოს – დამპირდი, რომ გააგდებ!
– გავაგდებ! – თავს ვუქნევ მას.
– როდის? – მხოლოდ გადაწყვეტილება არ აკმაყოფილებს და დროში გაწერას
ითხოვს.
– მალე – ისევ მარტივად ვუგვარებ მას და ვიცინი.
– აბა, დაიფიცე! – არ მეშვება მთვრალი ქეთო მე.
– ვაიმე, რა დავაშავე, ღმერთო! – ვიცინი ისევ.
– ღმერთი თანახმაა მის გაგდებაზე – თავს მიქნევს ის.
– ხოო? – მეცინება მე – ანუ, მისი სურვილით მაგდებინებ, ხო?
– ზუსტად! – თავს მიქნევს ის – გინდა, ერთი რაღაც გითხრა? ოღონდ არ
ამახსნევინო, კარგი?
– კარგი! – წარმოდგენა არ მაქვს, რაზე საუბრობს ის.
– გუდაურში ხარ, ნამყოფი?
– ვისკი გადამცდა და ხველება ამიტყდა.
– კი, ვარ – თავი დავუქნიე მას.
– რატომ გაიცინე? – მიღიმის ის.
– მოთხილამურე ვარ, ქეთო, ბავშვობიდან თან.
ქეთო გადაბჟირდა და თავისი წყლის ჭიქა შემაჩეჩა, გამომართვიო.
– რა უხერხულია!! – ძლივს თქვა,როგორც კი სული მოითქვა მან.
– კაი, რა მოხდა, არ იცოდი, მერე?
– არა, ძალიან უხერხულია – მეორეჯერ ჩაბჟირდა ის. – ნემსის გაკეთება თუ
იცი-თქო დაახლოებით, ასეთი დებილობა ვიკითხე, ხო?
– მოყევი, რა! – დავაძალე მე.
– ხოდა, მოკლედ, ბატონო მოთხილამურევ, გუდაურში ახალი საბაგირო რომ
გააკეთეს, გეცოდინება.
– ახალი, არაა, ეს საბაგირო, ძველია! – გავიცინე ისევ.
– ხო ნუ, მაშინ ძველი საბაგირო რომ გააკეთეს... მაგრამ ძველს როგორღა
გააკეთებდნენ... ოო, დამაბნიე, რა! – ბუზღუნებს ის.
– მოყევი-თქო! – მეცინება მასზე – ქეთო, თვალები აღარ გეტყობა?!
– ხო, ეგრე მემართება, როცა ვსვამ, დამიწვრილდა, ხო?
– ძაფივით! – გადავიხარხარე მე.
– ძაფი, კარგია, საბაგირო ძაფზე კიდია, და მოკლედ ეგ საბაგირო, კარგად იცი და
გინახავს, ანუ... ხოდა აი, ამ საბაგიროთი რომ გიმგზავრია, შეამჩნევდი, რომ ეს
კაბინები, შორს არაა, ერთმანეთისგან, მაგრამ არც ძალიან ახლოსაა.
– მერე? – ვერაფერს ვერ ვხვდები მე.
– ხოდა, შეგიმჩნევია, რომ ეს დისტანცია, არაა შორი, მაგრამ არც ახლო
დისტანცია არაა?!
– მთვრალი ხარ შენ, ქეთო! – დიაგნოზი დავუსვი მე.
– მთვრალი ვარ, ნამდვილად – ალკოჰოლნარევი მზერა გამისწორა თვალებთან
და ისევ გამიცინა.
– ხოდა, ეს საბაგიროს თემაც, სიმთვრალის ბრალია
– არა, ეგ თეორია სიფხიზლეში დავადგინე.
– კაი, გისმენ – ისევ მეცინება მე.
– მოკლედ, იმისი თქმა მინდა, რომ ცხოვრებაში ხდება ხანდახან, რომ მიდიხარ
შენი გზით და ხვდები, რომ ვინც ძალიან შენიანია შენს კაბინაში კი არ შევიდა,
შენსას აცდა და სხვა კაბინაში დაბინავდა. შენ, ამ დროს, გიკეთია სათხილამურო
სათვალე, საიდანაც ასე მკვეთრად არ ჩანს ჰორიზონტი და როგორც წესი, ამ
სათვალეს აქვს ადამიანებისა და მოვლენების მოკლე მანძილზე გარჩევადობა –
შორზე, არა! ხოდა როდესაც მზე ჩადის და შედარებით ბინდდება, იხსნი ამ
სათვალეს და აფიქსირებ, რომ შენს წინ ან შენს უკან არსებულ კაბინაში ზის
ზუსტად ის ადამიანი, ვინც შეცდომით მოხვდა იქ, არადა, შენთან უნდა
შემოსულიყო...
– შენთან რატომ არ შემოვიდა თავის დროზე? – გამოშტერებული ვკითხულობ მე.
– ისიც სათვალით იყო და შორ მანძილზე, ვერ დამინახა და იმიტომ! – მოწყენით
გამიღიმა ქეთომ.
– ეს საბაგირო, ხომ ჩერდება, როცა გაჩერდება, მაშინ რომ გადაჯდე? – სუნთქვა
შემეკვრა მე.
– ის ადამიანი მარტო აღარაა იმ კაბინაში, ამიტომაც ვერ გადმოგიჯდება –
მშვიდად გააგრძელა მან.
– ასე, ერთ გზაზე აღმოჩნდა, რომ მარტო აღარაა?! – ვიოცებ მე.
– ზუსტად ერთ გზაზე ხდება ეგ საბედისწერო გადაკვეთა, საბა – წყლის
ბოთლიდან გამჭვირვალე სითხე ჩამოასხა ოთხკუთხედ ჭიქაში მან – აი,ხომ ხედავ
– ჭიქაზე მიმითითა მან – ჯერ თამბაქოსფერი იყო ეს სითხე, ახლა კი, უკვე
გამჭვირვალეა! ასე, წუთებში იცვლება მოცემულობა.ზუსტად იმდროს, იქ უნდა
იყო, რომ ეს თამბაქოსფერი სითხე შეგხვდეს, თუ ამდროს აცდები, ჭიქაში სხვა რამ
დაგხვდება.
– და რამე რომ შეცვალო? – იმედით ვიკითხე მე.
– ვერაფერს ცვლი – გადაჭრით მითხრა ქეთომ – სხვადასხვა კაბინებში ხართ, ამ
მოცემულობის შეცვლა, გამორიცხულია.
– კაბინიდან რომ გამოხვიდე და იმ ტროსს ჩამოეკიდო, რომელზეც კიდია ეს
კაბინები?
– მერე? – გაოცებით იკითხა მან.
– მერე, გადაცოცდე იმ კაბინაში, ის შენი ახლობელი ადამიანი სადაც ზის?
– ეს ტროსი იმდენაც ბასრია, რომ ალბათობა იმისა,რომ ჩავარდები ძირს და
დაიღუპო უფრო მაღალია, ვიდრე კაბინამდე მიღწევის იდეა.
– მაინც რომ სცადო? – არ მოვეშვი მე.
– სულ რომ მიაღწიო შენს საოცნებო წერტილამდე, იქ შენ ვერ შეხვალ, ვერ
დაეტევი.
– კი მაგრამ, რატომ? – შევწუხდი მე.
– იქ სხვისი სივრცეა, რომელიც უკვე ძალიან წარმატებით შეავსეს და იმიტომ –
მომიჭრა ქეთომ და გამიღიმა.
– შენ არ ხარ ნორმალური – ვთქვი ღიმილით.
– რატომ? არ მოგწონს ჩემი თეორია? – ისევ გაიცინა მან.
– შენ არ ხარ ნორმალური – გავიმეორე ხმადადაბლა და მივხვდი, ამ მონოლოგმა,
აბსოლუტურად გამომაფხიზლა.
– ვერ გაიგებ-თქო გითხარი, და ვერ აგისხსნი-თქო ესეც დავამატე, ასე რომ, შენ
გაგიმარჯოს – წყლიანი ჭიქა ვისკის ჭიქაზე მომიჭახუნა და ბოლომდე დალია.
გამოშტერებული ვიჯექი და ვფიქრობდი.
ყველაფერი გავიგე, მაგრამ, აბსოლუტურად არაფერი მესმოდა.
ეს არც სასმლის ბრალი იყო და არც იმისი, რომ კლინიკაში ვიყავი არასამუშაო
დროსა და არასამუშაო გარემოში.
ეს იყო იმისი ბრალი, რომ ჩემი პაციენტი იყო მსოფლიოში ყველა პაციენტზე
უცნაური ტვინის პატრონი, ვისთანაც კი ოდესმე შეხება მქონია.
ეს იყო ერთადერთი და გამორჩეული შემთხვევა, როდესაც, მე, როგორც
ფსიქიატრი, დავეჭვდი, თავად ხომ არ ვუსტვენდი, პაციენტის ნაცვლად.
ჩემში ხომ არ იყო პრობლემა...
და საერთოდ, მე ხომ არ ვიყავი სამკურნალო, გიჟი.
გიჟი, დოქტორის ხარისხით.

ყველაზე მნიშვნელოვანი „დეტალი“


– ჰა, აბა, „პახმელია“? – ვეკითხები ქეთოს, რომელიც ლოგინზე ზის და ხატავს.
– ხო, ხაში შემომიტანოს იმ კრეტინკას, გასძახე, რა! – გაიცინა მან.
წარმოვიდგინე, თეთრხალათიან ნინას, როგორ ვთხოვ, ქეთოსთვის ხაშის
შემოტანას და გადავიხარხარე.
– მართლა რომ შემოგიტანო და არ ჭამო, თმაზე წაგისმევ! – გავიცინე მე.
– სხვათაშორის, ნიორი ძალიან უხდება თმის ძირებს, ამაგრებს მათ და ხელს
უშლის თმის ცვენას – ამაყად თქვა მან – რა მაგარი იყო გუშინ!
– ძალიან ბევრი ვიცინე – ვაღიარე მე.
– ხო გითხარი, კარგი მოსაუბრე ვარ-თქო, ხშირად უნდა ვსვათ! – შემომთავაზა
მან.
– აი, გაგწერ და მერე, ყოველდღე შეგიძლია დალიო! – ისევ გავიცინე მე.
– არა, ყოველდღე არ მინდა – იუარა მან – მაგრამ, ხანდახან ძალიან ასწორებს.
– თავიც არ გტკივა? – ვკითხე მას.
– არაფერი არ მტკივა – გამიცინა მან.
– რა მაგარია! რეებზე ვილაპარაკეთ, რა მაგარი იყო! – წინადღის გამოყოლილი
ემოციას ვერ ვიტევდი ტვინში.
– გავერთე ძალიან, მართალია, მხოლოდ მე ვლაპარაკობდი და შენ მისმენდი,
მაგრამ მაინც, ხანდახან გაძრობდი სიტყვებს გაზით, პირიდან.
– ნუ, შენ ისეთებს ლაპარაკობდი, რომ მე დამამუნჯე! – ვაღიარე მშვიდად.
– ხო? რეები ვილაპარაკე? – გაიოცა მან.
– ვითომ არ ახსოვს!
– ისე მახსოვს, „ლაითად“.
– ძალიანაც კარგად გახსოვს – გავიცინე ისევ.
– ხო, ნუ, ჩემი თეორიები მაქვს ყველაფერთან დაკავშირებით, სტანდარტულად
არ ვაზროვნებ, რა გავაკეთო!
– შენ ხარ გენიოსი! – აღვნიშნე მე და უცბად, დავფიქრდი, როცა ქეთოს გავწერდი,
რითი უნდა შემევსო ის სივრცე, რასაც ეს ადამიანი მივსებდა. ვერ მოვძებნე
გამოსავალი – ხმა, მკვეთრი სინათლე, არომატები, ჩრდილები და მსგავსი
რაღაცეები, აღარ გაღიზიანებს?
– ხმა ცოტათი, კი – აღიარა მან – სხვა აღარაფერი.
– ხმასაც მოევლება, დრო უნდა. ეს? – ხმამაღლა დავუკარი ტაში. ქეთომ თვალები
დაახამხამა და ყურებზე ინსტინქტურად აიფარა ხელები. – არა, ცოტახანი, კიდევ
გინდა და მერე ყველაფერი დალაგდება.
– კიდევ თავიდან რომ გამიმეორდეს? – თვალებში შიში ჩაუდგა მას.
– რასაც გთხოვ, თუ შეასრულებ, აღარ გამეორდება, თუ დაისტრესე თავი და არ
დაისვენე, ალბათობა დიდია გავუღიმე მას და ძილი, ქეთო, რეგულარული
ძილი! ეგ უნდა მოიწესრიგო.
– დამამშვიდებლები კიდევ უნდა ვსვა? – შეწუხებული მეკითხება ის.
– კიდევ 3 თვე ალბათ, მერე, აღარ – დავამშვიდე მე.
– არ მჯერა,ოდესმე თუ გათენდება ისეთი დღე, რომ მე არ დავლევ წამალს, არც
ერთ აბს!
– ძალიან მალე გათენდება ეგ დღე, გპირდები! – გავუცინე მას.
– ეს ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მე, 4 თვის ორსულს, ნაყოფი მომაშორეს
ხმადაბლა მითხრა მან.
ყურები დამიგუბდა და ვიგრძენი, როგორ მომემატა გულისცემა.
ამის შესახებ, მისი ჯანმრთელობის ისტორიაში, არაფერი ეწერა.
არც მას უხსენებია მსგავსი რამ, არასდროს
– ... მახსოვს, გასასვლელისკენ ვემზადებოდი და ლოგინზე როგორ ჩამოვჯექი.
– რას მეუბნები, ქეთო?! – ძლისვგასაგონად ამოვთქვი მე.
– ეგრე იყო, საბა – მოწყენით გამიღიმა მან.
– როდის მოხდა ეს ამბავი? – გონზე ვერ მოვდივარ მე.
– ცოტახნის წინ – ისევ მოწყენით გააგრძელა მან.
– ღმერთო, თურმე რა ხდება!
– ხო, ცუდი ამბები მოხდა – თვალები აემღვრა მას.
– შენ ჯერ ისეთი ახალგაზრდა ხარ, იცი კიდევ რამდენ შვილს გააჩენ?! – გავუღიმე
და უცბად, მისი ჩახუტება მომინდა. ვერ გავუბედე.
– საქმეც ეგაა, რომ მე შვილი არასოდეს მეყოლება – მეხივით ჩამესმა მისი
სიტყვები.
– რაა? რას ამბობ? – არ დავიჯერე მე.
– ხო, ვეღარ გავაჩენ, ერთი შანსიც კი არაა ჩემი დედობის.
– დიაგნოზი, რა გითხრეს? – ყველანაირად ვცდილობ სიტუაციის განმუხტვას.
– აბორტის ფონზე, ორგანიზმში არსებული შხამის გამო, წავიდა ანთება... ანთებამ
გამოიწვია მილების პრობლემა, რამაც საბოლოოდ მოსპო ჩემი დაორსულების
შანსი.
– ასეთ ჯანმრთელ გოგოს, ეს დიაგნოზი? – ვერაფრით ვიჯერებდი მე – სხვაგან
გადაამოწმე?
– 2 ქვეყანაში, კი.
– და იგივე თქვეს?
– იგივე!
– ქეთო,მე გერმანიაში მყავს ძალიან ბევრი ექიმი მეგობარი, იქაც რომ ვცადოთ? ამ
დღეებში გავაგზავნიდი, მეორე დღეს პასუხი მოვიდოდა.
– არა საბა, არა! მე მოვრჩი...
– აღარაფერს აღარ გავაკეთებ დამატებით.
– ეს ჩემს ძალებს აღემატება...
– მეტი აღარ შემიძლია!
– დამშვიდდი, გეხვეწები, რა! ერთხელ კიდევ სცადე, ჩემი ხათრით –
ინსტინქტურად წამომცდა მე.
– ხომ იცი, შენი როგორ მჯერა?! მაგრამ ვერა, მეტის გარკვევა და კიდევ ერთი
იმედგაცრუება, აღარ შემიძლია.
– და იქნებ, დადებითი პასუხი იყოს? – ბოლომდე ვცდილობდი არ დაეყარა ფარ-
ხმალი.
– არ იქნება, საბა! არის სიტუაცია, რომელსაც აღარფერი ეშველება...
– ერთი პაციენტი მელოდება ახლა... როგორ ვიმუშავებ მთელი დღე, მე არ ვიცი,
აქამდე რატომ არაფერი მითხარი? 6 თვეა, ამ კლინიკაში ხარ, ქეთო!
– რა შეიცვლებოდა?
– უფრო მალე, გიმკურნალებდი! – ვუთხარი მე.
– აზრი არ ჰქონდა... საერთოდ არ ვაპირებდი თქმას მაგრამ, ბოლო მომენტში,
მაინც წამოვროშე – გაეღიმა ქეთოს.
– დღეს რომ დავბრუნდე, ცოტას კიდევ მოყვები შენს მდგომარეობაზე? ისე
გამიმარტივდებოდა შენთან მუშაობა, წარმოდგენაც არ მაქვს.
– უკვე ვიცი, რომელი წამალი უნდა მოგიხსნა.
– რა მაგარია! – სახე გაებადრა მას.
– და რომელი დაგიმატო – მომენტალურად ჩავუქრე სიხარული მას.
– ეეე! – შუბლი შეჭმუხნა მან.
– მაგრამ, სამაგიეროდ 2 თვეში დავამთავრებთ ამ რამდენიმე პრეპარატს – ისევ
გავამხნევე მე.
– მოვიფიქრებ! – დამპირდა ის
– ძალიან გთხოვ, მომეცი საშუალება, რომ სერიოზულად მოგხედო, კარგი?!
– კარგი, ცოტას კიდევ მოვყვები, მაგრამ მეტი აღარ მალაპარაკო ამ საკითხზე,
ძალიან მტკივა – ხმადაბლა მითხრა მან.
– მე შენ გატკინო? არასოდეს, ისედაც ხომ იცი? მოსვლის დღიდან შენ ტკივილებს
ვებრძვი, მე როგორ გატკენ? – ვკითხე მშვიდად.
– კარგი, მაშინ მოვყვები – საბოლოოდ დამიდასტურა მან და თვალი ჩამიკრა.

„ყველაზე უცნაურად ახსნილი ემოცია“


– როგორ ხარ? – გავუღიმე ნახევრადმძინარეს და იქვე, ლოგინთან მიდგმულ
სკამზე დავჯექი
– დღეს, ცოტა უკეთ – მშვიდად დაიწყო მან.
– თავი კიდევ გტკივა? – ვკითხე მას და მაგიდაზე გახსნილი ამპულების გროვას
გავხედე.
– ცოტათი – ლოგინიდან წამოიწია ის და გასწორდა.
– უჰაერობის სინდრომი ისევ გაწუხებს? – ღია ფანჯრიდან მოფრიალე ფარდას
გავუსწორე თვალი.
– დღეს აღარ, ცოტა გული მაქვს აჩქარებული, ალბათ გამივლის – დამამშვიდა მან.
– ეგ წამლის ბრალია, გაგივლის ყველაფერი და შემდეგი 8 საათი, საერთოდ
არაფერი შეგაწუხებს.
– ხო, იმედია – თმას ისწორებს ის და კედელს ზურგით ეყრდნობა.
ახალგაღვიძებულზე თვალები კიდევ მეტად დაწვრილებული აქვს და ტუჩები
მკვეთრად მალინისფერი.
– ადრე, მსგავსი რამ გქონია? – ფრთხილად ვიწყებ მასთან საუბარს მე.
– ერთხელ მქონდა, კი.
– გახსოვს, რატომ მოხდა?
– მახსოვს, კი – თითებს დახედა ქეთომ და ნაჩქარევად შეკრა მუშტები.
– შეგიძლია, მომიყვე? – ვცდილობ არ შევაშინო დაკითხვით.
– დღეს რომ არ მოვყვე, შეიძლება? – თავს არიდებს კითხვას ის.
– რა თქმა უნდა, შეიძლება, შემდეგში იყოს.
– ხო, ასე მირჩევნია – სახეზე მომდგარმა მზემ თვალები აუნთო.
– და როდის იყავი ყველაზე კარგად, ცხოვრების რა პერიოდში?
– პატარა რომ ვიყავი, მაშინ... კიდევ... როცა ვხატავ და როცა ვმგზავრობ, მაშინ
ვარ კარგად, თავიდან ბოლომდე კარგად, არ მცალია არაფრისთვის.
– მგზავრობისას? – გამიკვირდა მე.
– კი, მგზავრობის დროს,მსგავსი რამ არასოდეს დამმართნია.
– ბევრს დაფრინავდი?
– სულ.. ევროპაში, გამოფენებზე.
– ასე ხშირად?
– ყოველთვე, ხანდახან თვეში რამდენჯერმეც.
– და იქ, არასოდეს გქონია, მსგავსი რამ?
– არა, არც ერთხელ – თავი უარყოფის ნიშნად გადააქნია მან.
– რატომ ხდებოდა, ეგრე, როგორ გგონია? – ვცდილობ, ცოტა მეტი ვალაპარაკო.
– არ ვიცი, მაგრამ სულ ასე ხდებოდა, არ ვიყავი სტატიკურად ერთ ადგილზე და
არ ვიძაბებოდი – თქვა ქეთომ პატარა პაუზის მერე და დაორთქლილ მინას გახედა
– ახლა, იცი, რა მჭირს? ილუზია მაქვს. ამ პალატის ფანჯრიდან რომ ვიხედები,
ხანდახან ჩემი წარმოსახვით ილუმინატორს ვხედავ, იქით ღრუბლებს, შორს
ნისლს... ქვევით მაკეტის მსგავს ტერიტორიას... შავი ფანქრით დახაზული
ფურცლის ნაგლეჯებს,
ერთს,
ორს,
სამს,
არარსებულ პეიზაჟებს...
– ყველაფერს აი, ამ ფანჯრიდან ხედავ? – გამეღიმა მე.
– ხო, რატომ, რთული წარმოსადგენია?! – სიცილისგან თვალები უწვირლდება
მას.
– ჩემთვის, ალბათ, კი... მე მაგ ფანჯრიდან ვხედავ კლინიკის ცარიელს ეზოს –
ისევ გამეცინა მე.
– შენც წარმოიდგინე, რომ არ ხარ აქ. არც ეზოა.. არც კლინიკა, არის რაღაც
მასშტაბი, სივრცე რომელიც ჩვენ ორს გვაერთიანებს, სადაც გინდა, იქ შეგიძლია
რომ წარმოიდგინო საკუთარი თავი, იცი, რა მარტივია?! – ისევ გაეცინა მას.
– ხო, ალბათ – ვამბობ ორაზროვნად და ვცდილობ, ცოტათი მაინც ვიფიქრო ამ
გოგოსნაირად... ვცდილობ... მაგრამ, არაფერი გამომდის.
– კიდევ რა გენატრება, ქეთო? – ნიკაპის ქვეშ მუშტი შემოვიდე და მარჯვენა
მუხლს დავეყრდენი.
– ჩემი თავი მენატრება, ნორმალურ მდგომარეობაში – ფანჯრისთვის თვალი არ
მოუშორებია მას.
– ყველაფერი ძალიან მალე დალაგდება – მის დამშვიდებას შევეცადე მე.
– ნტ – თავი გააქნია მან – ის სიტუაცია აღარასოდეს დამიბრუნდება.
– უკეთესი იქნება, დამიჯერე – გავუღიმე მას.
– საბა, ძალიან მაგარი ბიჭი ხარ, მაგრამ ტყუილი არ გამოგდის – ისევ მიცინის ის.
– არავისთვის მომიტყუებია და შენ, რატომ უნდა მოგატყუო? – მეწყინა მე.
– რომ დამამშვიდო, იმიტომ!
– შენი სახლი, გენატრება? – ვკითხე პატარა პაუზის მერე.
– ჩემი სახლი? – ჩამეკითხა ის – იმ სახლში ჩემი ცხოვრება დარჩა, მთელი 10
წლიანი ცხოვრება, იმ დროინდელი ნივთები, წიგნები, ავეჯი, არომატი... მე კი
დღეს სხვა სიტუაცია მაქვს, ცარიელი პირადი ცხოვრებით და ბევრი მოგონებით...
ამიტომ, არ ვიცი დაბრუნება მინდა იმ სახლში თუ არა, დაბრუნება წარსულთან?
მგონი, უკვე აღარაა საჭირო...
– და შენი ქმარი? – არც კი ვიცი, როგორ ამოვთქვი ეს სიტყვები.
– ჩემი ყოფილი ქმარი?! – გაეღიმა მას.
– ყოფილი? არ ვიცოდი – შესამჩნევად მეცვალა ფერი.
– ხო, ახლა ასეა..
– მერე, შენ? – თვალი გავუსწორე მას.
– მე ყველაფრის დავიწყებას ვცდილობ – ბოთლიდან ჭიქაში წყალი ჩამოისხა მან,
მერე ხის ტუმბოზე წყლის გაბნეული წვეთებისგან თითით წრე მოხაზე, 2-ჯერ
ბურთის მსგავსი სფერო დახატა და ზედაპირი გააშრო თუ არა, გამიღიმა.
– გიყვარს! – ნაძალადევად გამეღიმა მე.
– იცი... არ ვიცი... – წყალი მოსვამან და ტუჩები შეიმშრალა – აღარ ვიცი
აღარაფერი.
– სიყვარული რა არის, საერთოდ?!
– ალბათ, როცა სულ მასთან გინდა და მის გარეშე მოწყენილი ხარ, როცა გავსებს.
– შენ სიყვარული, ეგ გრძნობა გგონია? – გამიცინა მან და თეთრი მანტია
სხეულზე უფრო მჭიდროდ მოირგო.
– არა?! – ქეთოს დატესტვას განვაგრძობ მე.
– ცოლი ხომ გყავს? – მკითხა მან უცბად და მზერა ჩემი მარჯვენა ხელის უსახელი
თითზე გააჩერა.
უხერხულობისგან შევიშმუშნე.
– კი, მყავს, თაკო – ვთქვი ღიმილით.
– ხოდა, შენ თაკო ეგრე გიყვარს? – მზერა კიდევ უფრო დაჟინებული გაუხდა მას.
– მოდი, ჩემს ცოლზე ნუ ვილაპარაკებთ – ისევ გავიღიმე მე.
– შენ ცოლზე საერთოდ არ ვლაპარაკობ, მე შენი დამოკიდებულება მაინტერესებს,
ანუ, მის გარეშე ცუდად ხარ და ეგ, სიყვარული გგონია?!
სერიოზულად ავნერვიულდი და სიგარეტს მოვუკიდე.
– სიყვარული ისაა, რასაც... უფროსწორედ... როცა ადამიანი, შენთვის...
– როცა ვერ ხსნი, უკვე პრობლემაა – უცნაურად მიღიმის ის.
– ქეთო, აქ იმიტომ ვარ, რომ შენზე ვილაპარაკოთ – გავუღიმე მე.
– მაინც პრობლემაა, თუ მარტივად ვერ მიხსნი-თქო – ჯიუტად მიმეორებს ის.
– ანუ, შენ გგონია, რომ როცა ადამიანის გარეშე ყოფნა არ შეგიძლია, ეგ
სიყვარული არაა?
– არ ვიცი, მეც ეგრე მეგონა, მაგრამ ალბათ, სადღაც რაღაც გვეშლება. მე ვფიქრობ,
რომ სიყვარული არის ძალიან ინდივიდუალურად გამოსახატავი ტიპი. ზოგი
მაგას მოწონების მაქსიმუმად აღიქვამს, ზოგი, მიჩვევის ჩვევად, ზოგმა სულ
არაფერი იცის და უბრალოდ, იბრალებს, მიყვარსო.
– ანუ? – მის ჩახლართულ საუბარზე გამეცინა ისევ.
– უბრალოდ, მე ის უფრო მომწონს..
– ვერ გიხსნი, საბა... აი, აქ უნდა გრძნობდე – გულთან საჩვენებელი თითი
მიიტანა მან.
– ნუ ეგ სტანდარტული განმარტებაა, გრძნობით გულთან გრძნობ და თუ
გიყვარს, ეგეც გულთან დაკავშირებულია.
– არაა აუცილებელი გიყვარდეს – სახე უკმაყოფილოდ შეჭმუხნა მან – რატომ
აიჩემე ეს „სიყვარული“ ?! უბრალოდ, გულთან უნდა გრძნობდე ელვას.
– ელვას? – ხმამაღლა ვიცინი მე.
– სულაც არაა სასაცილო – გაიბუტა ის.
– ახსენი რა, ადამიანურად! – თითქმის ვუბრძანე მე.
ქეთომ გამიღიმა.
– ბათუმში, ზღვაში, ჭექა-ქუხილი გინახავს? – თვალები აუციმციმდა ზღვის
ხსენებაზე მას.
– მინახავს – თავი კმაყოფილად დავუქნიე მე.
– ხოდა, აი, სადღაც შუიდან რომ მოდის ცაზე ელვა და უცბად წრეწირს რომ
ხაზავს ისე, რომ მთელ ზღვის პერიმეტრს ანათებს, ეგეთი ელვა გინახავს?
– წრეწირს? – ვერ გავიხსენე მე.
– აზრზე არ ხარ, საბა! – მხიარულად გადაიკისკისა მან.
– წრეს არა მარა, ნახევარმთვარის ფორმა რომ აქვს, ეგეთი მინახავს – თავი
გავიმართლე მე.
– ნახევრადმთვარეში ხომ არ გეშლება, ელვა ? – გადაიხარხარა მან.
– არა მთვარეში არ მეშლება, ნამდვილად! – სულელივით ვიცინი ისევ.
– აბა, მთვარეს გარდა ყველაფერს გავს ელვა.
– აი, მაგალითად, რას გავს?! – არ ვუთმობ, მე.
– მაგალითად, გველს!
– რა საინტერესო შედარებაა – აზრი მოვუწონე მას.
– ან ლენტს გავს, ტანმოვარჯიშე გოგოები რითიც გამოდიან სცენაზე,
– ეგეთ ტიპს ჰგავს ელვა, არა? ზღვაზე კიდევ მეტად ეფექტურია...
– უცბად რომ ენთება, წკაპ და მერე მოგდის აკუსტიკა,
– ხმამაღალი და ცოტა საშიშიც... გახსოვს?
– კი! – ვგიჟდები მის ლაპარაკზე მე.
– ხოდა, აი, სანამ მაგ ფორმას მოხაზავს, უცბად რომ ინთება და ცის კიდეს ხაზავს
ისე, თითქოს ცას, სადაცაა სისხლი წამოუვა ამ ნაკაწრისგან, აი, ზუსტად ისე რომ
გეხაზება გული, მის დანახვაზე კი არა – „დაჟე“, წარმოდგენაზე,
– ეგ სიყვარული არაა
ბევრად სხვა გრძნობაა,
ასჯერ მძაფრი!
და საერთოდაც..
ბანალური და სტანდარტული გრძნობისგან ძალიან, შორსაა, გესმის?!
ეს არის.. რაღაც ..
არც კი ვიცი, რა..
ვერ ვხსნი...
„ვერ“ კი არა,
„არ“ ვხსნი
სიყვარული სასრულია,
იწყება და მთავრდება,
არ მომწონს!
ეს კი, სულ ერთ ტემპერატურაზეა, არ ვიცი რატომ,
და თან..
ყველაფრის ახსნა საინტერესო არაა,
მე ასე მგონია,
ასე მინდა და იმიტომ,
და პრინციპში, ვთვლი,
ასე, ბევრად მაგარია!

შეჩვევა
ქეთო ფეხმორთხმით იჯდა პალატის იატაკზე და ვიტრაჟიდან შორს, ხეებისგან
ნახევრად დაფარულ გზას უყურებდა.
– საბა?! – ვიტრაჟიდან ჩემსკენ გადმოიტანა მზერა მან.
– ფერი უკეთესი გაქვს – მისი გამოსწორებული მდგომარეობა მომენტალურად
თვალში მომხვდა მე.
– ხო? დიდად არ ვიხედები სარკეში – მხრები აიჩეჩა მან.
– და რატომ? – გამიკვირდა მე.
– რაში მჭირდება? – ღიმილით მითხრა მან.
– რავიცი, ისე. სულ არ იხედები? – ვერ დავიჯერე მსგავსი რამ.
– დილით, კბილებს რომ ვიხეხავ, მარტო მაშინ.
– შენ კბილებს სულ იხეხავ მოსვლის დღიდან შევნიშნე, რომ სამმაგი კბილის
პასტების მარაგი მჭირდება ამ ერთკაციან პალატაში, ვიდრე კლინიკის ერთად
აღებულ ყველა პაციენტზე.
– სულ ვიხეხავ, მაგრამ მხოლოდ დილით ვიხედები სარკეში თავი დამიქნია მან.
– რა უცნაურია, უშნო მაინც იყო – ცოტა გავოცდი მე.
– ლამაზი ვარ? – ღიმილით მეკითხება ის.
მე თავიდანფეხებამდე ვათვალიერებ და მინდა ვუთხრა ყველა ის დეტალი, რასაც
ვფიქრობ, მარა მხოლოდ მცირედით შემოვიფარგლები, პაციენტია და იმიტომ,
სულ რამდენიმე კვირაა რაც ვიცნობ და, იმიტომ...
ჩემზე ათი წლით (ღმერთო,რამდენია!!)
პატარაა და იმიტომ.
რომ შემეძლოს ამ ყველაფრის თქმა, როგორი მაგარი იქნებოდა!
– საბა? სად ხარ? – ღიმილით მაფხიზლებს ფიქრებიდან ის.
– აქ ვარ – მეცინება მე და უხერხულობა რომ დავმალო, ვცდილობ ისევ რამე
ადეკვატური მოვიფიქრო.
– ლამაზი ვართ-ქო? გეკითხები.
– ძალიან ლამაზი გოგო ხარ – გულწრფელად ვპასუხობ მე და თვალს ვარიდებ,
იმდენად მიჭირს თვალის გასწორება მისთვის.
– დიდი არაფერი გოგო არ ვარ, არადა – კმაყოფილი იღიმის ის – ცოტა აქ მაქვს
პრობლემა – შუბლზე საჩვენებელი თითი მიიჭირა მან – და ეს მოგწონს ალბათ.
შენი შვილი რამხელაა?
კითხვამ ისე დამაბნია, ცოტახანი დავფიქრდი საკუთარი შვილის ასაკზე,
– საიდან რას მეკითხება ეს ბავშვი, უნდა მივეჩვიო, თორემ არაფერი გამოვა –
გავიფიქრე ჩემთვის
– ზუკა? 8 წლისაა – არ შევიმჩნიე მე.
– ხოდა, აი ზუსტად ზუკას ტვინი მაქვს პერიოდულად – დაასრულა მხიარულად.
პირველად მიჭირს პაციენტის ქცევის დადგენამე, მედიცინის მეცნიერებათა
დოქტორს, 10 წლით პატარა გოგოს, პრინციპში, არც თუ ისე რთული დიაგნოზის
ქცევის დადგენა და მართვა, მიჭირს! და ამაზე ფიქრი საერთოდ, მაგიჟებს.
– ფერთა გამა.
– და საერთოდ, როდის ხატავ?
– როცა მინდა.
– სულ შეგიძლია, ხატო?
– სულ არ მინდება ხატვა, მაგრამ არის დღეები, როცა მხოლოდ ფუნჯით ხელში
შემიძლია ვიდგე საათობით და ვიფიქრო.
– რას დახატავ, იცი წინასწარ, თუ გზადაგზა ფიქრობ?
– ხანდახან წინასწარ, ხანდახან გზადაგზა, გააჩნია – მხრებს იჩეჩავს ის.
– სტანდარტულად ერთ ფერებს ირჩევ, თითქმის, არა? – მის ნახატებს თვალი
გადავავლე მე.
– ხო, ეგრე გამოდის, მარა ამ ფერებს არ ვირჩევ, ასე მეხატება, უბრალოდ.. მე
მომწონს ექსპერიმენტები – მიღიმის ის.
– ნამდვილად მოგწონს – გამეცინა მე.
– ფერების შექმნა მომწონს, ცდებს ვატარებ ორი ან სამი ფერის შეხამებით რას
მივიღებ და ისეთ ფერებს ვიგონებ, რაც ცალკეაღებული, არ არსებობს.
– სტანდარტული ფერები არ გყოფნის, ხო? – სახე მიცინის ისევ.
– არა, უბრალოდ ფერები, ყველას რაც აქვს, არ მომწონს.
– საინტერესოა!
– ხო?
– კი – ისევ ვიცინი მე.
– რა ტიპის ნახატებს ხატავ?
– არ ვიცი, რაც მომწონს, იმას ვხატავ..
– ცოტა აბსტრაქტული ნახატები გაქვს, ხო? – ვცდილობ გავერკვე მის
ხელოვნებაში.
– აბსტრაქტულია? – ვერ იჯერებს ის.
– ხო აბა, რა არის აქ? – ნახატზე ვუთითებ, სადაც არაფერი არ ჩანს, მკრთალი
ფერების გარდა.
– ეს ქარია! – მშვიდად მიხსნის ის.
– ქარი? – ვერ ვიჯერებ მე.
– კი! – თავს მიქნევს ის.
– სადაა აქ ქარი? – მეცინება მე.
– აი, აქ – საჩვენებელი თითით მიხაზავს კლაკნილ ხაზს ფერთა გამაზე.
– ანუ, ქარია – თავს ვაჯერებ, ქეთოს სიტყვებს.
– საბა! – მკაცრი ტონი ეძლევა მის ხმას.
– კაი, ვსო! – ვამბობ დარცხვენილი და მის ჭორფლიან სახეს ვუყურებ,
პერიოდულად როგორ ეცვლება მიმიკა, ვაფიქსირებ და მეცინება.
– არ გესმის! – წყენით აგრძელებს ის.
– გადასარევად მესმის, უბრალოდ შენი ახსნილი მინდოდა – დავამშვიდე მე –
ზღვაზე გაზრდილი ხარ და არ ხატავ მას?
– ეე! – გაოცებული მიყურებს ის – ზუსტად ზღვის დახატვას ვაპირებ შემდეგზე.
– გენიოსი ვარ! – მეცინება მე – ეს ჭორფლები ზაფხულში უფრო გიმუქდება, ხო?
– კი, მზეზე – იცინის ის.
– ძალიან მომწონს! – აშკარად ვხვდები, რომ სახეზე მეცვლება ფერი და არ
ვიმჩნევ.
– მეც! – იცინის ის – ბავშვობაში მრცხვენოდა, იცი?
– ჭორფლების?! კაი, რაა! – არ დავიჯერე.
– ძალიან არ მომწონდა, მეგონა, ნაკლი იყო, ტონალურს ვისმევდი, ვიბანდი სახეს
დღეში ასჯერ.
– ჰა-ჰა-ჰა, კაი, რა!
– მართლა... და რომ გავიზარდე, მივხვდი, რომ პირიქით, ძალიან მაგარია!
– აბა, რა!
– ხოდა ახლა მომწონს , მოკლედ!
– ძალიან ლამაზი გოგო ხარ! – ზომაზე მეტი მომდის, ვიცი, მარა მაინც ვაგრძელებ
მე.
– რა საყვარელი ხარ, საბა – ყურებამდე ეხევა ღიმილი მას.
– საყვარელის გარდა, ყველაფერი ვარ – მაინც გამეცინა მე.
– ნუ მაშინ, ყველაზე კარგი – შეასწორა მან – და, კიდევ... ეს ცისფერი წამალი არ
მინდა!
– აუცილებელია, ქეთო! – თავს ვაქნევ უარყოფის ნიშნად.
– რას მიკეთებს, აი, რატოა აუცილებელი? – ისევ იწყებს ის შეტევას.
– გეუბნები, ანუ, აუცილებელია – მშვიდად ვაგრძელებ ისევ.
– მეზიზღება ამდენი წამალი – შუბლს ჭმუხნის ის.
– ცოტაც და 2 ცალს ერთად მოგიხსნი, გადასხმა ისედაც აღარ გაქვს, რა არ
მოგწონს ?
– ჯამში რამდენ რამეს ვსვამ, შენ ხო მაინც იცი?
– მე, კი ზუსტად ვიცი – ვპასუხობ ამაყად – და გიმცირებ, რაც შემიძლია, მაგრამ
არის წამლები, რომლებიც ჯერ უნდა სვა, ამიტომ, ნუ ზუზუნებ, გასაგებია?!
– ის ბორბალიც? – საცოდავად იკითხა ქეთომ.
– ის ბორბალიც – გამეცინა ახალი პრეპარატის გახსენებაზე, რომელიც მართლა
ძალიან დიდი ზომის იყო – ეგ უნდა სვა, კიდევ 6 თვე.
– ვიხრჩობი!
– გატეხე და ისე დალიე, დასახრჩობად არ დამინიშნავს – გამეცინა ისევ! ეს გოგო
რეებს ლაპარაკობს, ღმერთო!
– უფალო, რატომ?! – ჭერში აიხედა ქეთომ და ხელები ზევით აწია.
– იმიტომ, რომ უკეთ იყო, შვილო!
– შვილო! – გაიმეორა მან.
– ხო, რა, ზუკაზე ხარ სულ ოდნავ დიდი.
– 20 წელი , სულ ოდნავაა? – გადაიხარხარა მან.
– 38 წლის ფონზე, კი!
– ნუ იგონებ, ერთი.
– არ ვიგონებ!
– იგონებ – იცინის ის.
– მე რომ 10 წლის ვიყავი, შენ მაშინ დაიბადე, წარმოიდგინე, რამდენია!
– დიდი არაფერია – დაიჯღანა ქეთო – დღეს ერთნაირად ვაზროვნებთ,
სამაგიეროდ... ნუ, მე ცოტა სხვაგან ვარ, ამ ეტაპზე, მარა, რომ დავლაგდები,
იმედია, მერე .. მაინც...
– არაფერი განსაკუთრებული არ გჭირს, რამდენიმე თვეში გაგიშვებ და სულ
აღარც გემახსოვრება აქაურობა – ვთქვი და ცოტა გული შემეკუმშა.
– ეგრე გგონია? – მკითხა ცოტა უცნაური ტონით.
– კლინიკა საერთოდ დაგავიწყდება – თავი დავუქნიე მას.
– კლინიკის იქით? – მეკითხება ის და ფანქრით ვარსკვლავებს ხატავს კედელზე.
– კლინიკის იქითაც დაგავიწყდება, წამლები, გადასხმები, ყველაფერი! –
ვცდილობ ბოლომდე არ ამოვწურო თემა.
– წამლების და გადასხმის გარდა? – თავხედურად აგრძელებს ის.
– ნუ პალატა და ეს ონკანი, პატარა სარკით, რომელშიც დღეში ერთხელ იხედები,
არ გემახსოვრება, ნამდვილად.
– შენ? – მეკითხება ის და თვალს მისწორებს.
– რა, მე? – გულისცემა მიჩქარდება წამიერად.
– შენ, თუ მემახსოვრები?
– ცოტახანი გემახსოვრები – გამეცინა ისევ.
– დარწმუნებული ხარ? – ისევ მშვიდად აფერადებს ქეთო ვარსკვლავებს.
– დარწმუნებული ვარ! – განაჩენი გამოვუტანე საკუთარ თავს.
– ნუ ხარ ასე დარწმუნებული – მიღიმის ის.
– ხუმრობ, თუ სერიოზულად მეუბნები? – უკვე მართლა ვეღარ ვხვდები მის
საქციელს.
– და შენ როგორ გგონია? – ისევ იღიმის ის.
– მე მგონია, მაიმუნობ!
– არა, საერთოდ არ ვმაიმუნობ, ძალიან სერიოზულად გეუბნები.
– არ ვიცი – დავნებდი ბოლოს.
– ხოდა სულ ტყუილად! იმიტომ რომ თუ, ოდესმე, ამ კლინიკასთან კავშირში
რამე გამახსენდება, ერთადერთი ნათელი წერტილი, მხოლოდ შენ იქნები – თვალი
გამისწორა მან და გამიღიმა.
უცბად მეგონა, რომ მომესმა, ან მომეჩვენა ან...
წარმოუდგნელი იყო ჩემთვის ეს სიტყვები. „რაღა მე, ღმერთო, რატომ, მე?!“ –
ვიმეორებდი გაუჩერებლად და მეგონა, სიხარულისგან გული ამომიხტებოდა
ბუდიდან.
– თუ რამე სასიკეთოს გაგიკეთებ, ყველაზე ბედნიერი ვიქნები – ვთქვი
ხმადაბლა.
– უკვე გამიკეთე – გამიღიმა მან – ბევრად უკეთ ვარ, ვიდრე, მაშინ, იმ წვიმაში
ღამის 9 საათზე რომ მომიყვანეს.
– შაბათი იყო, მახსოვს, ადრე უნდა წავსულიყავი და ისე მოხდა, შემცვლელი
ექიმი არ იყო და, მე მიგიღე...
– ძალიან გეზარებოდა +1 გიჟი ხო?
გამეცინა.
– არა, რატო მეზარებოდა.. უბრალოდ, რას წარმოვიდგენდი, რომ შენნაირი ვინმე
დამხვდებოდა.
– ვინმე – გაიღიმა მან – მე მაგ ღამეს მარტო შენი ხმა მახსოვს, დილით რომ
ვიხსენებდი, სახეზე როგორ ხარ, საერთოდ ვერ გავიხსენე.
– ხმა არ ამოგიღია... რა აღარ ვცადე...
– არ მქონდა მაგ დღეს ხმა – თქვა მან მშვიდად – არც გონება მქონდა და არც ხმა.
– ცუდად იყავი – თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე მას.
– საერთოდ არ ვიყავი, არანაირად – თვალები აემღვრა ქეთოს – ცარიელი და
მოწყენილი, შენ ძალიან თბილად შემხვდი, მახსოვს, ვერ გელაპარაკებოდი, მარა
იცოდე, მაგ დღეს დაგიმეგობრდი... ცოტათი..
– ცოტათი, ხო – ისევ გამეცინა მე – ლოგინზე იჯექი, აი აქ – კადრი გადავახვიე
ტვინში – ფანჯარაში იყურებოდი, გვერდულად და ვერაფრით ვერ მოგახედე
საუბრისას.
– ცუდად ვიყავი, საბა – ტუჩი მოიკვნიტა ქეთომ, წამით ფანქარი გააჩერა და მერე
უცებ მკვეთრი ზიგზაგი ამოტვიფრა ქაღალდზე.
მივხვდი, დაიძაბა.
– ყველაფერმა ჩაიარა, არაუშავს – არ მინდოდა ცუდ ნოტზე დიდხანს ყოფილიყო
ის.
– ჩაი? – არა! – გაიცინა ქეთომ – ყავა მირჩევნია.
ორივეს გაგვეცინა.
– საიდან გაფიქრდება, ან როგორ აზროვნებ ასე წამიერად, დედას გაფიცებ
მითხარი, რა – სერიოზულად გავოცდი მე.
– არ ვიცი – მხრები აიჩეჩა მან.
– რა მაგარი გოგო ხარ!
– მაგარი მაშინ ვიქნები, აქედან რომ გავალ და ყველაფერი დამილაგდება.
– მალე გახვალ – მოწყენით გავაგრძელე მე – 10 თვე დარჩა, მაქსიმუმ.
– ეგ მალეა? – სახე მოღუშა მან.
– მალე გავა, გპირდები, ყოველდღე დახატავ, მერე მე მოვალ, დაგელაპარაკები,
საღამოობით, შეგვიძლია ეზოში ჩავიდეთ, იქ დიდი განათებაა, ლამაზი სკამები და
შეგიძლია დილამდე იჯდე.
– დაიფიცე, რომ დილამდე შემიძლია – სიტყვაზე დამიჭირა მან.
– ოხ, შენ ვინ ხარ! – გამეცინა ისევ.
– დამპირდი! – გამიმეორა მან – არ მიყვარს ვინმეს რამეს რომ ვთხოვ, იცოდე, ეს
გამონაკლისი შემთხვევაა, მპირდები?
– გპირდები, რომ ერთხელ მოგცემ უფლებას, რომ დილამდე იყო ჰაერზე, თუ
იქნება სითბო და თუ შენ იქნები კარგად.
– კარგად ვიქნები! – ტაში დაუკრა მან.
– მაშინ, შევთანხმდით!
– არ გადაიფიქრებ?! – ეჭვით მკითხა მან.
სერიოზულად მეწყინა, მარა არსებული მდგომარეობა გავითვალისწინე და
გავიღიმე.
– შენ რომ მე მიცნობდე, მაგ კითხვას არასოდეს არ დამისვამდი – ვთქვი ბოლოს.
– ნუ სულ 8-ჯერ მყავხარ ნანახი, რა ვიცი, იქნებ არ ხარ სიტყვის შემსრულებელი
– მხრები აიჩეჩა მან.
– გპირდები, ანუ, მართლა ეგრე იქნება – დავამშვიდე ის.
– როდის შემიძლია? – ეგრევე კონკრეტიკისკენ წავიდა ის.
– ქეთოო! – სიცილი ამიტყდა მე – ჯერ არა!
– აბა, როდის? – გაიოცა მან – ამ კლინიკის უფროსი შენ ხარ, ეგ მარტივი საკითხი
მალე რომ მომიგვარო, არ შეგიძლია?
– ძალიან ჭკვიანი გოგო ხარ, შენ – გავიცინე ჩემთვის.
– ნამდილად, ვარ! – თავი დამიქნია მან.
– უბრალოდ, ჯერ შენი გარეთ ამდენი ხნით ყოფნა არ გამოდის, იმდენ წამალს
სვამ, აუცილებლად გექნება გვერდითი მოვლენები: თავბრუსხვევა, სისუტე, თავის
ტკივილი ხომ გაქვს ისედაც... მე კიდე მინდა, რომ კარგად იყო და არაფერი
გტკიოდეს, საერთოდ! ხოდა, სანამ სუსტად ხარ, არაა აუცილებელი ეზოში იყო
მთელი დღით, გესმის? როგორც კი ცოტა გაგიძლიერდება ორგანიზმი, ჩემი
ხელით ჩაგიყვან და ეზოში დაგსვამ.
– მალე მოხდეს, რა! – ინატრა მან.
– ხოდა, მაშინ კარგად ჭამე, ყველა წამალი დალიე და მალე იქნება.
– ყველა წამალს ვსვამ – მოიტყუა მან.
– ხო?? – თვალებში ჩავხედე მე.
– ნამდვილად – ძალიან შეეცადა, არ გაცინებოდა, მარა არაფერი გამოუვიდა.
– ზუსტად იცი? – გავაგრძელე ზეწოლა მე.
– აუ, მოვკლავ იმ საშინელ გოგოს! – ფარ-ხმალიდაყარა მან.
– უხ, ქეთო! – გამეცინა მე.
– რატომ ჩამიშვა?! – გაკაპასდა ის.
– იმიტომ, რომ მაგისი საქმეა თქვენი კონტროლი, მე რომ არ ვარ, ეგაა თქვენზე
პასუხისმგებელი, რამე რომ იყოს, ის უნდა გავუშვა სამსახურიდან!
– სამსახურის მონა, ეგ! – თვალები აემღვრა მას.
– არაა სამსახურის მონა – სიცილი ვერ შევიკავე მე.
– არის! მოღალატე მონაა – არ ჩერდებოდა ქეთო.
– მე ვავალებ, პირადად შენ კონტროლს – სიტუაცია გავამუქე მე.
– ხოდა შპიონია! – უარესად აემღვრა თვალები მას.
– მე უნდა ვიცოდე, როგორ ხარ დღის მანძილზე, სხვა გზა არ აქვს! – ისევ
გავამართლე ის.
– ეგრე აკონტროლებ ყველას? – კითხვის ნიშნები დაეხატა სახეზე მას.
– .... – არ ვიცი რა მოვიტყუო.
– საბა-თქო! – შეტევაზე გადმოდის ის.
– ყველას ვაკონტროლებ, მარა შენ, განსაკუთრებით – ვაღიარე მე.
– რატომ? – თვალი გამისწორა მან.
– იმიტომ, რომ... შენ, ჩემი მეგობარი ხარ – ძლივს მოვიგონე რეალური რამ
სათქმელად.
– მეგობარი... – დაფიქრდა ქეთო ცოტახანი და გაჩუმდა.
– ხო, რა არ ხარ? – შეტევაზე გადავედი მე.
– მე რა ვიცი, რა ვარ – მხრები აიჩეჩა მან.
– ა, არ ვარ შენი მეგობარი? ეზოში ღამის გათენება გადაიდო, ნახვამდის! –
მოვუჭერი მე და სკამიდან ავდექი.
– საბააააა!!!! მეგობარზე უფრო მაგარი მეგობარი ხარ, რასაც ქვია ჩემი ძმაკაცი ხარ!
– სხაპასხუპით მიაყარა მან და გამომეკიდა.
– აა, ახლა ვარ? – წარბი ავწიე მე და შევეცადე არ გამცინებოდა.
– სულ ხარ! – თვალი ჩამიკრა მან – როდის გამიშვებ ეზოში?
– ვაიმე, ღმერთო! – მეც ქეთოსავით ჭერში ავიხედე წამით – ყველა წამალს რომ
დალევ, მერე!
– მეზიზღება ეგ წამალი – ენა გამომიყო მან.
– მაინც დალევ! – მბრძანებლური ტონი შეემატა ჩემს ხმას.
– და სულ არ მინდა შენი ეზო, თუ გული შემიწუხდა და მოვკვდი იმ დრომდე, ამ
წამლის სმით, არაფერი აღარ მინდა.
– მაინც რომ იღებ მაგ წამალს? – გიჟივით გავიცინე მე.
– ვიღებ არა, ფლავი! – გაიოცა მან.
– მაშინ ფლავი! იმიტომ რომ ის პიურე გუშინ რომ საღამოს ბოლომდე მიირთვი,
მაგ წამლიანი იყო – ენა გამოვუყავი მას და პალატიდან გავედი.
– ვერ გიტან! – მომაძახა ქეთომ.
– საერთოდ არ მედარდება! – მივაძახე დერეფნის ბოლოდან მე და სიბნელეში
გავუჩინარდი.

სურვილი
– ერთობი? – ვხედავ, ქეთო ფუნჯით ხელში როგორ დგას მწვანე ბალახზე და
რაღაცას ღიღინებს.
– დაახლოებით! – მზემოკიდებული სახე ერთბაშად გაუბრწყინდა, მას შენ
როგორ ხარ?
– კარგად! რას ხატავ? – ეზოს კედელზე, მთელ სიგრძეზე გაჭიმულ ნახატს
შევხედე მე.
– ჯერ მოთელვა მაქვს – გამიცინა მან და ხელისგულები აწია – ნახე, რა ფერადი
ვარ!
– რამე ახალი ფერი ხომ არ შექმენი? – მხიარულად გავაგრძელე მე.
– ვფიქრობ! – აღიარა მან – „სითბოშეპარულ ბროწეულისფერის“ გამოგონებას
ვგეგმავ... უბრალოდ, ჯერ ზუსტად არ ვიცი, რა გამომივა.
– რის გამოგონებას? – ყურებს არ დავუჯერე მე.
– რაც გაიგე! – ენა გამომიყო მან.
– ვაიმე, შენ ვინ ხარ, გოგო?! – მივედი და თავზე ვაკოცე. არ შემწინააღმდეგებია,
იდგა მშვიდად. მეც დრო ვიხელთე და მერე შუბლზეც ვაკოცე...
კიდევ მინდოდა, მაგრამ, ვიცოდი დაიძაბებოდა ამიტომ, ჩამოვეხსენი.
ქეთო წამით გაჩუმდა და მერე ისევ მხიარულად გააგრძელა
– მთელი დღეა ვჭამ, ვიცი გაგიხარდება!
– ეე,რა მაგარია – აღტაცება ვერ დავმალე მე.
– ხო! გიხარია? – თვალები აუციმციმდა მას.
– სულ ყველა სიხარულზე ძალიან, ეგ მიხარია – ვაღიარე მე – თავი აღარ გტკივა,
ხო? – მაინც გადავამოწმე
– ნტ! უკვე 3 ღამეა არაფერი არ მტკივა და გამოვიძინე.
– ვაა! რითი დაგაჯილდოვო? – შარვლის ჯიბეებში ხელები ჩავილაგე და იქვე,
სკამზე ჩამომჯდარს მივუჯექი.
– რამეთი! – თვალები სიხარულით აენთო ქეთოს.
– მაინც, რა გინდა? – თვალი გაუსწორე მას.
– ქეთომ შემომხედა, მერე ისევ ნახატს შეხედა.
– რაღაცის თქმა უნდოდა და მივხვდი, შუა გზიდან გადაიფიქრა.
– მერე თვალები აემღვა და შეეცადა, გაცინებოდა...
– გაიცინა კიდეც, მაგრამ ეს მისი ნამდვილი სიცილი არ იყო.
– მოდი,საღამოს ყველა რომ დაიძინებს, თუ გეცლება და თუ თაკოს არ ექნება
პრობლემა, ეზოში ჩავიდეთ და ცოტახანი ველოსიპედით ვიკატაოთ!
– ჩემი ველოსიპედით? – გამეცინა მე და ზუკას ველოსიპედი გამახსენდა, ეზოში
ჩემი ოთახის გვერდით რომ მიაყუდა რამდენიმე დღის წინ, თხუთმეტი წუთით.
– პატარა არაა ის ველოსიპედი? ამ სიგრძე ხარ!
– დიდიც ხომ გაქვს? ისეთი სახით მკითხა, სულ რომ არ მქონოდა, ვიყიდდი და
მივუტანდი.
– დიდიც მაქვს, სახლში კი – თავი დავუქნიე მე.
– თუ თაკოსია, არ მინდა, ეწყინება ალბათ, რომ წამომიღო – სხივი გაუქრა
თვალებიდან მას.
– ჯერ ერთი, თაკო ძალიან კეთილია და არ ეწყინებოდა – მშვიდად დავიწყე მე –
და მეორეც, ის ველოსიპედი ჩემია და მინდა შენ გათხოვებ, მინდა გადავაგდებ!
– რა მაგარია! – ტაში დაუკრა ქეთომ.
– ოღონდ – ხმა ძალით გავიმკაცრე მე.
– აუ, დაიწყო! – შუბლი შეჭმუხნა მან – „ოღონდ დალევ აქლემის თვალის წვენს“ –
გამაჯავრა მან
ჩავბჟირდი.
– ან არა, „შეჭამ ფარშევანგის ფრთის ფარფლებს“ – ცანცარის ხასიათზე მოვიდა
ის.
– გაჩუმდი! – ძალივსგასაგონად ამოვიხავლე და ისევ სუნთქვა შემეკვრა
სიცილისგან.
– არც ფარშევანგი? აბა, რას დამავალებს, თქვენი უექიმესობა? – პასუხის
მოლოდინში დროულად რომ ამომესუნთქა, ზურგზე ხელი მთელი ძალით
დამარტყა მან.
– რა ძალა გაქვს ღმერთო, მეგონა ფილტვებს გადმოვაფურთხებდი – სახე ძლივს
გავისწორე მე.
– ხო აი, ამოხტა და გაიქცა შენი ფილტვი, მიდი დაეწიე! – გადაიხარხარა მან –
ველოსიპედის სანაცვლოდ, რას მიბრძანებ-თქო?
– ერთი გადასხმა შევაპარე მე... ან C ვიტამინის ინექცია.
– არა, C ვიტამინზე მწარე, არაფერია! გადასხმა იყოს, ჯანდაბას, ოღონდ,
ერთადერთხელ! – გამაფრთხილა მან.
– პირობას გაძლევ, ამ თვეში მხოლოდ აბები გექნება დასალევი, მეტი არაფერი...
– და გადასხმაც ხვალ დილით – შემაპარა მან.
– იყოს ხვალ... უი, არა ქეთო, დღეს უნდა გადაისხა – უცებ მოვედი გონზე მე.
– უკვე დამთანხდი, ხვალო – მხრები აიჩეჩა მან – შენ კი დაპირებას სულ
ასრულებ!
– არ გინდა ახლა, ეს ამგდები საუბარი – სიცილით დავიწყე მე.
– მინდა, მითხარი კარგიო, ანუ დღეს კი არა, ხვალ! ურაა!
– კაი, ხო, ხვალ – უკმაყოფილოდ გადავაქნიე თავი მე და ისევ გამეცინა.
– ხო, იასნა, ამხელა დირექტორი კაცი ტყუილად ხომ არ ხარ, მიყვარს ეგრევე რომ
მიგვარებ პრობლემას! დირექტორი – ძალიან საჭირო მეგობარია!
– კაი, და რომელ საათზე უნდა მოაწყო ეგ ველოდრომი? – სიცილი ამიტყდა მე.
– 10-ზე! ყველა რომ დაიძინებს!
– ჩუმად იკატავებ? – არ დავიჯერე მე.
– ყველანაირად ვეცდები! – დამამშვიდა მან.
– კარგი! იქამდე დალევ ყველაფერს, რასაც მოგიტანენ, გასაგებია?
– არის! – თავი დამიქნია მან – არ დააგვიანო, იცოდე, თორემ გადასხმა კიდევ
ერთი დღით გადაიდება!
– ქეთო! – მშობლის ტონით გავაგრძელე მე.
– გინდოდა, რამე? – მკითხა მან გამომწვევად.
– არა, არაფერი! – აღარ შევაწუხე ზედმეტი დარიგებით – თავს მიხედე!
– შენც! – მომაძახა მან და ნაცრისფერსაღებავიანი მარცხენა ხელი დამიქნია
დასამშვიდობებლად.
– ვგიჟდები შენზე! – ხმადაბლა ვთქვი ჩემთვის და კლინიკის ფოიეში შევედი.

ზუკა
ბინდდებოდა კლინიკაში რომ შევედი. გზად ზუკა წამოვიყვანე
კალათბურთიდან. იმდენი დღეა მთხოვდა ქეთო, ზუკას ნახვას, რომ ვიფიქრე,
საუკეთესო დრო იქნებოდა მათი შეხვედრისთვის.
ზუკას რეაქცია არ აქვს ჩემს სამსახურზე.
აქ არსებული სიტუაციის არც ეშინია და არც არაფერი.
ღიმილით მომყვება ნახევრადგანათებულ კორიდორში.
– მე ერთ პაციენტს ვნახავ და სახლში წავიდეთ, კარგი?
– კარგი – მპასუხობს ის და სპორტული ზედის კაპიშონს იმხობს თავზე.
– მოიხადე შენობაში ეგ კაპიშონი – ვუთითებ მე.
– ოო, მომწონს, მა! – მპასუხობს ნაცნობი ფრაზებით, ის.
მეცინება. მე მსგავსი ჯიუტი ბავშვი, არ მინახავს. იმდენად მგავს ხასიათით,
ცოტას ვბრაზდები კიდეც, რაღა ხასიათით დამემსგავსა. ისე კოპიო დედაა, არადა.
თაკოსავით რბილი ხასიათი რომ გამოჰყოლოდა, ნუთუ რამე დაშავდებოდა.
– ეგ პაციენტიც გიჟია? – ეცინება მას.
– არა, ეს პაციენტი ძალიან მაგარი გოგოა, უბრალოდ მე ვტოვებ კლინიკაში რაღაც
პერიოდით, პატარა პრობლემის გადაჭრაში რომ დავეხმარო – ვპასუხობ მე.
– რატომ ტოვებ, მა, გაუშვი, ცოდოა აქ – გულწრფელად ეცოდება ქეთო ჩემს ბიჭს.
– გავუშებ, აბა რას ვიზამ – გულის დიაფრაგმა ჭრიალით მეკუმშება მე და
ვცდილობ, რამე პოზიტიურზე ვიფიქრო.
– ლამაზია? – ინტერესდება ის.
– ქეთო? – მეღიმება მე – მგონია, რომ ძალიან ლამაზია – ვაღიარებ ბოლოს.
– დედაზე ლამაზია? – ამოწმებს ის.
– დედაზე? – არ ვიცი რა უნდა ვუპასუხო მას – საერთოდ სხვა ტიპია ისევ
მეცინება მე.
– დიდია? – არ მეშვება ზუკა.
– პატარაა, მამიკო – ისევ მიჭრიალებს გული.
– ძალიან პატარაა? – არ ესმის მას.
– საკმაოდ – თავს ვუქნევ მე და პალატასთან ვაჩერებ – იცოდე, იჯდები ჩუმად და
ხელს არ შემიშლი, გასაგებია? და, ხო, ეს გოგო მხატვარია, ოთახში ბევრი სახატავი
აქვს და არ ეცე მის ნივთებს, კაცურად მოიქეცი.
– კარგი – თავს მიქნევს ზუკა და ერთი სული აქვს, პალატის კარი გავაღო.
ქეთოს ეძინა. უხმოდ შევედი რომ დამეხედა. მივუახლოვდი თუ არა, გამოეღვიძა.
– გაგაღვიძეთ, ბოდიში – განზე დავდექი მე.
– საბა?! არაუშავს, მაინც უნდა ავმდგარიყავი, წამალი მაქვს გასაკეთებელი და...
ეეე, ეს ვინაა? – სახე გაუბრწყინდა მას.
ზუკა დგას გაშეშებული, კაპიშონდამხობილი, იღლიაში ბურთით.
არ ინძრევა.
– შენ როდმანი ხარ? – ქეთო მასთან ახლოს მივიდა და ჩაიმუხლა.
– შენ რა, იცი ვინ იყო როდმანი? – სახე ეცვლება ჩემს შვილს.
– ჯორდანიც და პიპენიც – თავს უქნევს ქეთო მას და კაპიშონს უკან უწევს.
– საიდან იცი?! – თვალები უფართოვდება ზუკას.
– მეც მიყვარს კალათბურთი და იქიდან! – ისევ უცინის ქეთო – დედიკოს როგორ
გავხარ! – აგრძელებს საუბარს ის – საბას თვალებით რომ მიყურებ, რა ლამაზი
ბიჭი ხარ, დე! – წამოცდა ბოლოს და მაშინვე სხვა თემაზე გადაიტანა საუბარი –
ხატვა გიყვარს?!
– მიყვარს, მარა არ ვიცი კარგად – იპრანჭება ზუკა.
– იცი, რა მარტივია? მოდი, გაჩვენო – მშვიდად აგრძელებს ქეთო, ზუკას ხელს
კიდებს და თავისი სახატავი კუთხისკენ მიყავს.
– შენა და... როგორ ხარ, რავიცი – საუბარში ვერთვები მე.
– უი, საბა, მაპატიე, ვერ მოგაქციე ყურადღება – ისევ ეღიმება მას და ჩუმად,
პირის მოძრაობით ვარჩევ მის მუნჯურს: „რა მაგარი ბიჭი ხარ, რომ მომიყვანე ეს
ბავშვი“!!!
– ანუ, კარგად ხარ! – დავასკვენი მე.
– ძალიან! – მიცინის ის და ისევ ზუკას უბრუნდება – იცი, შენი თვალის ფერი რომ
მიიღო, რა ფერის საღებავს უნდა შეურიო ყვითელი?
– ჩემი თვალის ფერი? – შოკში ვარდება ზუკა.
– ხო, ზუსტად შენი თვალის ფერი! – იცინის ქეთო.
– საიდან იცი? – არ იჯერებს ზუკა.
– ვხატავ და ვიცი – არ იბნევა ქეთო.
– აბა, რომელი ფერიდან? – ინტერესდება ის.
– ლურჯს დავუმატებ ყვითელს...აი, ამას – ფუნჯის წვერს ნაზად ახებს ქეთო
ყვითელ საღებავს და თეთრ ფურცელზე ხატავს – ხედავ? ზუსტად შენი თვალების
ფერია!
– აუ, მამა! მა! – მიბრუნდება აღფრთოვანებული ზუკა – ნახე, ამ გოგომ რა დახატა,
ჩემი თვალების ფერი მასწავლა, მა! – ხელს მკიდებს და ნახატისკენ მივყავარ.
– ხომ გითხარი, ძალიან მაგარი გოგოა-თქო – შვილთან თავმომწონედ ვდგავარ
და ბავშვივით ვიცინი.
– რა მაგარია! – ართმევს ფუნჯს ქეთოს ის და თავად ცდილობს, ქეთოს
დახატული თავადაც გაიმეოროს.
– რა მაგარი ბიჭი ხარ, ყოჩაღ! – აქებს ქეთო და ტაშს უკრავს – გინდა
კალათბურთის ბურთი დავხატოთ?!
– კიიი! – ხმამაღლა ყვირის ზუკა და ვხვდები, აღფრთოვანებულია ქეთოთი.
– იცი, ეს ბურთი რა ფერია? – მუხლებზე დგება ქეთო, სიმაღლეში რომ
გაუთანაბრდეს მას.
– სტაფილოსფერი! – სხარტად პასუხობს ზუკა.
– მართალია! მაგრამ კიდევ უფრო კონკრეტულად, იცი რომელ ფერს გავს? –
მწიფე კარალიოკის ფერს!
– მიყვარს კარალიოკი – თავს უქნევს ბედნიერად ზუკა და ყურადღებით
ადევნებს თვალს ქეთოს ხატვაში გაწაფულ ხელს.
– როდის გაქვს შეჯიბრი?! – უცებ კითხულობს ქეთო.
– თვის ბოლოს – იპრანჭება ზუკა – მოხვალ?!
ქეთოს ეცინება, მაგრამ არ იმჩნევს.
– უი, მართლა? თვის ბოლოს, თუ გამომწერს შენი მამიკო, აუცილებლად მოვალ.
თუ არადა, შემდეგში!
– შემდეგი ივლისში გვექნება – ისევ იპრანჭება ის.
– ხოდა, იქნებ მოვახერხო – ტექნიკურად იძვრენს თავს ქეთო.
– აუ, მამა, გამოწერე ეს გოგო და მოვა ჩემს თამაშზე! – საყვედურით მთხოვს
ზუკა.
– ვნახოთ, ზუკა, ვნახოთ! – ვამშვიდებ მას და ისევ მეცინება.
– ლეგო გაქვს? – ოთახს თვალი მოავლო მან.
– უი, ლეგო არ მაქვს! საღეჭი რეზინი მაქვს, თან ფერადი, გინდა? – არ დაიბნა
ქეთო.
– კი! – სახე გაუბრწყინდა მას.
– ზუკა! – მკაცრი ტონი შემეპარა ხმაში!
– აუ, მამიკო, მინდა და რა ვქნა?! – ჭიჭყინებს ის.
– სახლში მივდივართ! – ვაგრძელებ მე.
– კაი რა, საბა, ბავშვი არ ყოფილხარ? – მიბრაზდება ქეთო და ცელოფნიდან
ფერად, კვადრატულ შეფუთვებს იღებს – შენ რომ გჩუქნი, კარგია?
– მამას ჩუქნი? – გადაიხარხარა ზუკამ.
– ზუსტად რომ მამაშენს – თავს უქნევს ქეთო ზუკას და კალთაში ისვამს – ნახე, ეს
მარწყვისაა, ეს ჟოლოსი, ეს...ბანანის, ყველას გჩუქნი და წაიღე სახლში. უი, ნახე რა
ლამაზი ყუთი მაქვს – ჭრელი ყუთი მონახა მან და მასში ჩაალაგა ერთი კილო
ფერადი შეკვრები.
– ქეთო, არ უნდა ამდენი – უხერხულობისგან შევიშმუშნე.
– შენ არ გჩუქნი, ზუკასია – მიმითითა მან და წამოდგა – ახლა წადი, თორემ მამა
მეც გამიბრაზდება – გაუღიმა მან ჩემს შვილს.
– ვერ გაგიბრაზდება, მე ვცემ – თვალი ჩაუკრა ქეთოს ზუკამ და გაიჯგიმა.
– მგონი, ხელს გიშლით, უკვე ვაღიარე მე და კარისკენ წავედი – ზუკა, მოდიხარ,
თუ რჩები?
– მოვდივარ, კიდე მომიყვან? – მითანხმდება ის.
– ვნახოთ! – ორაზროვნად ვპასუხობ მე და მეცინება
– კარგად ზუკა! – ხელს უქნევს ქეთო და საჰაერო კოცნას უგაზვნის – რა ქვია იმ
გოგოს? შენს კლასში რომ სწავლობს და მოწონხარ?
– ნუცა! – მალინისფერი დაედო მას.
– ხოდა ნუცა დაპატიჟე მაგ საღეჟ რეზინებზე, გოგოებს მოწონთ, ვიცი – თავს
უქნევს ქეთო ჩემს ბიჭს!
– ნახვამდის! – პრანჭვით გამოდის პალატიდან ზუკა – აუ, მა, კიდე როდის
მოვალთ ამ მხატვარ გოგოსთან? აუ, მალე რა, გთხოვ!

მაგარი ბიჭების უემოციო ცოლები


– მოკლედ ბათუმში ერთი ძალიან მაგარი ბიჭი ისვენებდა. მხეიძე ლუკა. ძალიან
მაგრად მახსოვს, როგორ ვეპრანჭებოდი და როგორ ვიცვლიდი დღეში 3-ჯერ
ტანსაცმელს, მისი ყურადღება რომ მიმეპყრო.
– შენ, ყურადღების მიპყობა ტანსაცმლით გჭირდებოდა? – არ ვიჯერებ მე და
ყავას ღიმილით ვსვამ ქეთოს ეგრედწოდებულ სახატავ მაგიდაზე.
– გეუბნები, საერთოდ არ ვედარდებოდი – ხარხარებს ის.
– რანაირად? – წარბი მეწევა გაოცებისგან.
– დედას ვფიცავარ, მაგრად არ არინტერესებდა ჩემი „შმოტკები“, დიდი სხვაობა
იყო ასაკში, სადღაც 15 წელი ალბათ, მისთვის ვიყავი სოსკიანი ბავშვი, საერთოდ
აზრად არ მოსვლია, რომ გოგო ვარ.
– ხა-ხა-ხა, კაი. მერე? – მეცინება მის თვითკრიტიკაზე მე.
– ხოდა, მოკლედ ეგ აქსიომაა, რომ ბათუმელ ბიჭებს თბილისელი გოგოები
მოწონთ, და პირიქით, ბათუმელ გოგოებს თბილისელი ბიჭები. აქსიომა,ხომ იცი
რაც არის? – გადაამოწმა მან.
– მეღადავები, შვილო,ხო? – სერიოზულად ვბრაზდები მე.
– არა, გეხუმრებით, თქვენო უექიმესობავ! რატომ ვარდები ქაჯივით? – იოცებს ის.
– მოეშვი, თუ შეიძლება. ხოდა მოკლედ ძალიან მაგარი ბიჭი იყო ეს ლუკა, გინდა
საუბრით და გინდა განათლებით, აზროვნებითა და ქალაქელობით, მოკლედ ჭკუა
მეკეტებოდა იმ ზაფხულს.
– მეტჯერ აღარ გინახავს? – გამეცინა მე.
– კი, მაცადე, გიყვები! – მიბრაზდება ქეთო – ხოდა, მოკლედ ის წელი, ცალმხრივი
სიყვარული მკლავდა, მე, პატარა, ბათუმელ გოგოს. მერე გავიდა დრო და 21 რომ
ვიყავი კიდევ შემხვდა ეს ბიჭი ბათუმში.
– რანაირად იცანი? – არ დავიჯერე მე.
– ზუსტად ისევ ისეთი იყო, ოდნავ ჭაღარა.
– იქნებოდა 36 წლის... – გადავთვალე მე.
– ხო, დაახლოებით ეგრე იყო, მეგობართან ვიყავი სტუმრად და იქ მოვიდა
ცოლის თანხლებით.
– გული გაგისკდა, ხო? კიდე გიყვარდა? – ირონია მემატება ხმაში.
– ოოო, მიყვარდა არა ის, უბრალოდ გამახენდა ჩემი თავი, როგორც კი ეს ბიჭი
დავინახე და გამეცინა.
– მერე? რაო, როგორ ვარო? – დავინტერესდი მე.
– არაფერი, იმას არ ვახსოვდი და მე ძალიან ვიხალისე, „დაჟე“ დედამისის
სახელიც მახსოვდა.
– საქმე არ გქონდა, ხო? – არც კი ვიცი, რატომ მეშლება ნერვები.
– მქონდა! – ენას მიყოფს ის – ხოდა მოკლედ ახლავს გოგო, ეგრედწოდებული
ცოლი,რომელიც არც კი ვიცი საერთოდ, რა არსებაა.
– ჩადო ეხლა, მიწაში – ვიცინი ისევ და სიგარეტს ვუკიდებ.
– იმიტომკი არა,რომ მაგაზე ლამაზი ვიყავი? – თავს იმართლებს ქეთო.
– უშნო იყო? – მეცინება მე.
– უშნო კი არა... აი, არანაირი არ იყო – ვერ მიხსნის ის.
– ანუ? – ვერაფერს ვერ ვიგებ მე.
– ანუ, აი, არც ფიზიკურად ...
– იქნებ, ჭკვიანი იყო? – შეგნებულად ვიწვევ მას.
– შეიძლება,მარა ... არც ერთი თემის განხილვისას არ ჩარეულა საუბარში... იჯდა
რაღაცნაირად... სულ მგონია, რომ ის კატეგორიაა, ინდური ფილმები რომ უყვართ
და სულ სახლში სხედან ტელევიზორებთან.
– რა მოიგონე, ახლა? – ყავა გადამესხა სიცილისგან მე.
– გეუბნები! – თავს მიქნევს ის საშინლად უინტერესო იყო, საკუთარი აზრის
გარეშე, სადაც დაუბერავენ იქით რომ მიდის ეგ კატეგორია.
– იქნებ თქვენი კომპანია არ მოეწონა და იმიტომ იყო ჩუმად?! – ნერვებს ვუშლი
ისევ.
– მთელი საღამო ერთად გავატარეთ! ნუ, სულელი იყო, საბა – განაჩენი
გამოუტანა მან.
– აი, ამიხსენი რა საერთო უნდა ჰქონდეს შემდგარ, წარმატებულ, ძალიან
სიმპატიურ კაცს მსგავს ამფიბიასთან?
– აზრზე არ ვარ – მხრებს ვიჩეჩავ , მე.
– ნუ, ვერ გამიგია! საერთოდ ბიჭების ტვინი უცნაურადაა მოწყობილი,
დავასკვენი. გაუგებარ სიტუაციებში რატომ არიან, არ ვიცი.
– იქნებ უყვარს ეგ ამფიბია?! – გამეცინა ისევ.
– რანაირად? – გაიოცა მან.
– თავისებურად, ქეთო.
– ხოდა არ მესმის თავისებურად რანაირად უყვარს, ჭკვიანს, კრეტინი, შემდგარს,
შეუმდგარი, საინტერესოს, უინტერესო!
– ვერ გაიგებ, ქეთო – ისევ ხმადაბლა ვაგრძელებ მე.
– ნამდვილად, არ მესმის მხრებს იჩეჩავს ის ეგ ლუკა, პირველი კი არაა, ვინც
მსგავს სიტუაციში მინახავს. ყველგან, ძირითადად, იგივე სიუჟეტია, პერსონაჟები
იცვლებიან, მხოლოდ.
– ვისაც რა უნდა, იმას ირჩევს, და კიდევ არის ერთი რამ...
– აბა?! – დაინტერესდა ქეთო.
– გარედან ყველაფერი სხვანაირად ჩანს! შიგნით არავინ იცის რა ხდება.
– ხო, მართალია, გული მწყდება უბრალოდ ამ დისბალანსზე.
– და იქნებ ზუსტად მაგაში პოულობენ ბალანსს? – გამეცინა მე.
– კრეტინებთან კონტაქტში? – მეორე ჭიქა წყალი ჩამოისხა მან და გაიცინა.
– ხო, მოწონთ დებილი ცოლები, უპრეტენზიო ცოლები, მარტივი ცოლები.
– პრინციპში, შეიძლება – მხრები აიჩეჩა მან – მარტივად ტყუვდებიან, დიდად არ
უღრმავდებიან, მათთან ყველაფერი „მოსულა“, კომფორტულია მათთან ცხოვრება.
ცოტა კითხვა, ცოტა პასუხი. ბევრი საჭმელი, მოვლილი სახლი და ბევრი
პოზიტივი.
– ხო, რა, იქნებ ეგრე უფრო მარტივია, ვიდრე...
– ჩემთან? – სიტყვა გამაწყვეტინა მან. მოულოდნელობისგან გამოვშტერდი,
სიგარეტის კვალი გადამცდა და ხველება ამიტყდა.
– შენთან, რთულია?! – არ დავიჯერე მე.
– არც მარტივი არაა – გამიღიმა ქეთომ.
– და , რთული, რითია? – გავიცინე მე.
– პრიმიტიულად ვერ მომატყუებ! – წყალი მოსვა მან და მზერა ჩემს თვალებთან
შეაჩერა.
– რატომ უნდა მოგატყუონ, საერთოდ?
– არ ვიცი,ხო შეიძლება, მოუნდეთ?! – იცინის ის.
– თუ კაცი დებილია, შეიძლება – ქეთოს სიტყვები გავიმეორე მე.
– ეგეც მართალია! დამეთანხმა ის.
– მაგრამ ზოგადად, მგონია, რომ ძალიან კომფორტული უნდა იყოს შენთან
ცხოვრება... ძალიან საინტერესო.
– ხოო? – კმაყოფილად ეღიმება მას.
– ხო. იცი, რა მგონია?! მგონია, რომ იმდენად საინტერესო მოსაუბრე ხარ, და ეს
ისე, ჰაერზე არ მოდის, რომ შენი ამოწურვა, წარმოუდგენელია!
– რა მაგარია – გაუხარდა ქეთოს.
– ძალიან მაგარია! – გულწრფელად ვპასუხობ მე – აი, რომ იწყებ შენთან
ურთიერთობას... კაზინოს გავს... იმდენად აზარტულია!
– რატომ? – ეღიმება მას.
– არ ვიცი,შენ თავს ჰკითხე – მეღიმება მე.
– არც მე ვიცი!
– რამდენი ხანი უნდა გელაპარაკო, რომ თემა ამოვწურო? გამორიცხულია!
– ერთი საათით მნახულობ და მხოლოდ მაგის ბრალია, საბა! – სევდიანად
მიღიმის ის.
– ამდენი თვის მიუხედავად? – არ ვიჯერებ მე.
– კი, ამდენი თვის მიუხედავად.
– ხო იყო დღეები, უფრო დიდი ხნით მინახიხარ.
– ცოტახანი იყო, და შენ ეგ დეფიციტი გგონია იმ სერიოზულ რამედ, რასაც
„მაბრალებ“.
– ანუ, იმისი თქმა გინდა, რომ მთელი დღე რომ გესაუბრო, მომბეზრდება?
– აუცილებლად! – მიღიმის ის.
– გამორიცხულია! – გულისცემას კბილებთან ვგრძნობ მე.
– დამიჯერე! – იცინის ქეთო.
– არ მჯერა, იმიტომ, რომ ცდები. რაზეც არ გვილაპარაკია,იმდენად მასშტაბურად
აზროვნებ და იმდენად მდიდარი ფანტაზია გაქვს, რომ სულ მინდა გისმინო,
გიყურო და მერე ისევ გისმინო... საოცარ ამბებს მიყვები... ძალიან საინტერესო
ტვინი გაქვს, არაჩვეულებრივი!
– გიჟი ვარ, საბა და ჩვეულებრივი, როგორ ვიქნები? – ნერვებს მიშლის ის.
– ნუ იბრალებ სიგიჟეს, ფლიზ! – სიცილი ამიტყდა მე.
– ვიბრალებ? – არ იჯერებს ქეთო.
– ზუსტად რომ იბრალებ! უბრალოდ ისვენებ აქ, მე მინდა, რომ ცოტახანი კარგად
დაგასვენო, სულ ესაა, რა გგონია, აბა?!
– შენ გინდა? – თვალებში მიყურებს ის.
– დიახ, პირადად მე მინდა,რომ მალე გამოხვიდე ამ სიტუაციდან და დაგაბრუნო
მშვიდი, გაწონასწორებული სახლში.
ქეთომ გამიღიმა. მერე წყალი მოსვა და ისევ გამიღიმა.
– შენ, მართლა ძალიან მაგარი ექიმი ხარ – მითხრა ბოლოს – და მართლა
საოცრებების ჩადენა შეგიძლია. ისეთი ფსიქიკაც, კი, როგორიც მე მაქვს,
დაიმორჩილე. თითქმის ყოველდღე, ვიწყებ დაჯერებას, რომ მე აქ მართლა
გაუგებრობის გამო მოვხვდი.
– აბა, რა?! ნერვული აშლილობა, სიგიჟე როდია? დროებითია, გამოწვეულია
დაძაბული და ნერვული ფონის გამო.
– შენ გინდა, რომ დავისვენო... – მეორედ იმეორებს ის და იღიმის.
– მე მინდა, კონკრეტულად! – მშვიდად ვიმეორებ მესამეჯერ და ძალიან
კმაყოფილი ვარ ჩემი ლექციით – შენთან ყოფნა გავს ყველაზე საინტერესო
თავგადასავალს. მოგზაურობას, რომელიც არასოდეს იცი, რითი გაგრძელდება. და
ეს, ყველაფერი იმდენად გითრევს, რომ ემიჯნები რეალობას და გინდა, მხოლოდ
შენს ფიქრებში იკარგებოდე. საუბრობ ყველაფერზე თან და ყველაფერში თანაბარი
ცოდნა გაქვს, რანაირად გამოგდის?
– ნუ შემასხი ხოტბა – ყვრიმალები უვარდისფერდება მას.
– გეუბნები, როგორც არის – მხრები ავიჩეჩე მე – თუ აქამდე არავის უთქვამს, ეს
მხოლოდ მათი პრობლემაა.
– თქმით, მეუბნებოდნენ – მუშტი ტუჩებთან მიიტანა და ნეკა თითზე იკბინა მან –
მაგრამ როგორც კი საკუთარ თავზე კონტროლი დავკარგე, მაშინვე შეეცვალათ
აზრი. ძლიერი პიროვნებიდან, ჩამოვქვეითდი და მათთვის გავხდი რიგითი,
შეშლილი ქალი...
– არ გეხებიან... დაივიწყე... ვინც შენ ვერ გავსებს, შენთან ცარიელ ადგილსაც ვერ
შეავსებს. შენ სხვა კატეგორია ხარ... არაა მარტივი შენთან ყოფნა, იმიტომ კი არა,
რომ ისინი ცუდები არიან, ან ბოროტები.. არა, უბრალოდ ისინი სხვანაირები
არიან, შენ სხვანაირი ხარ! არ ხარ ჩვეულებრივი გოგო და იმიტომ... რიგითივით არ
ფიქრობ, არ ვითარდები და იმიტომ, შენი მსგავსიც კი არ მინახავს მე არავინ –
გულისცემამ სტაბილურ ნიშნულს ორჯერ გადაამეტა და მივხვდი, მეტი აღარ
უნდა მელაპარაკა.
– საბა, რეები მითხარი! – გული აუჩუყდა მას.
– სიმართლე – ხმადაბლა ვუპასუხე მე.
– ამიტომ ვერ იქნებოდა ვერც ის ბიჭი... რა ერქვა? – ვერ გავიხსენე მე.
– ლუკა – იცინის ის.
– ხო. ლუკაც ვერ იქნებოდა შენთან, ვერ გაიგებდა, საერთოდ ვინ ხარ.
– რატომ გგონია? – ეცინება ქეთოს.
– იმიტომ, რომ მას, კრეტინთან უფრო მეტი კომფორტი აქვს... უტვინო ქალი
ავსებს და შენთან დაიკარგებოდა. კომპლექსია ეგეც, რა გგონია?
– კი, კომპლექსია – თავი დამიქნია მან – ძალით არავინ არავისთან არ ცხოვრობს.
– არც ხათრით – დავუმატე მე.
– რა თქმა უნდა, თუმცაღა არის შემთხვევები, როცა სხვა რამ უნდათ, მერე
ოჯახში რჩებათ, შვილები, სახლი, ინერციით წასული ცხოვრება და უბრალოდ
ვეღარ შლიან მარტივ მამრავლებად ამ კომფორტული სივრცეს... ეზარებათ, უფრო
კორექტულად რომ ვთქვა.
– ბედნიერება ეზარებათ? – ირონიით გაიღიმა მან.
– სიახლე აშინებთ... „რომ ვერ ააწყონ“ – აი, ეგ აშინებთ და მიჩვეულ სიტუაციას
სჯერდებიან ისევ.
– იცი, სულ რაზე ვფიქრობ? – მოულოდნელად მეკითხება ის.
– აბა?! – ყველაზე საოცარი თეორიის მოლოდინში გავჩუმდი მე.
– ბედნიერებას თავისი არომატი აქვს – ტუჩები ენით დაისველა ქეთომ და თვალი
გაუშტერდა.
– ბატონო? – გამოვშტერდი მე
– კი, აქვს – თავს მიქნევს ის.
– ვერ გავიგე – მეცინება მე.
– არადა, ვიცი, გესმის – თვალს არ აშორებს აჩემებულ საგანს ქეთო და ირონიით
ეცინება.
– მართლა არ მესმის, რაზე საუბრობ – ვცდილობ, გულწრფელი ვიყო მე.
– აქ რომ შემოვედი პირველად – მშვიდად დაიწყო მან.
– პალატაში?
– არა, კლინიკაში – აზუსტებს ის.
– ხო, მერე? – სუნთვა მეკვრება მოლოდინში.
– ყველაფერი ჩამომართვეს, საათი, ტუჩსაცხი, სუნამო – რაც მტვრევადია,
მოკლედ!
– არც ერთი ნივთი არგჭირდება, აქ და იმიტომ – მშვიდად ვუხსნი მე.
– ხოდა, მინდა დამიბრუნონ – სახე ეცვლება ქეთოს.
– რაში გჭირდება? საათი პალატაშია, ტუჩსაცხი გინდა რომ გესვას თუ სუნამო
გინდა, რომ დაისხა?
– სუნამო მინდა, რომ დამიბრუნონ – მიღიმის ის.
– ვერაფერი ვერ გავიგე – გულწრფელად ვინბევი მე.
– არომატს აქვს მეხსიერება! მე მაქვს ბევრი სუნამო, რომელსაც სიტუაციის
მიხედვით ვისხამდი. ძირითადად, ვცვლიდი. თუმცა, განსაკუთრებული
დღეებისთვის, მქონდა აჩემებული კონკრეტულად, ერთი.
– ხშირად ისხამდი? – ისევ ვამოწმებ მე.
– სულ ალბათ, 15-ჯერ მაქვს გამოყენებული.
– არც ისე ბევრია – მეღიმება მე.
– მახსოვს, ზუსტად მახსოვს თან, შესხმიდან 2 წამში ყნოსვის რეცეპტორები
მეთიშებოდა სიამოვნებისგან.
– კოკაინში ხომ არ გეშლება? – ხმამაღლა გავიცინე მე.
– უზნეო! – იქვე ქაღალდზე დადებული, ნახევრადდაცლილი საშლელი მესროლა
მან.
– კაი, გეხუმრები! – გავუცინე ისევ – უბრალოდ, ისე ხსნი, ცოტა დავიბენი.
სუნამოსგან ასე გადარეული ადამიანი, პირველად ვნახე.
– არ უკვირდებით დეტალებს და იმიტომ... არაფერს არ უკვირდებით, საერთოდ!
– მისაყვედურა მან.
– უკაცრავად ვართ ექიმები! ბოდიში მომითხოვია, ჩვენი უმეცარი
საქციელისთვის! – მეცინება მე.
– გპატიობთ! – თავს მიქნევს ის რომ იცოდე, რამდენი რამის გაკეთება შეუძლია
არომატს, არ იხუმრებდი ამ თემაზე.
– მაინც, რისი გაკეთება შეუძლია? – არ ვეშვები მე.
– ტვინში რაღაც კოდის ამოტვიფრა შეუძლია, თან სამუდამოდ!
– რა კოდის, რატომ მაგიჟებ, ქეთო?
– რაღაც განსაკუთრებული კოდის, არ ვიცი, ვერ ვხსნი მხრებს იჩეჩავს ის.
– და რისთვისაა ეგ კოდი? – თვალები მიწვრილდება პასუხის მოლოდინში.
– რამდეჯერაც მიიღებ ამ სურნელის იმპულს, ტვინს აქვს სიგნალი, რის
შედეგადაც, ხდება ამ კოდის ანთება და შენ გახსენდება, ყველაფერი არც ამ
სურნელთან ასოცირდება... დრო, ლოკაცია, წრე, ტემპერატურა, განწყობა: რა
გეცვა, რაზე იცინოდი, რას სვამდი... კადრებად გილაგდება და ერთიმეორის
შემდეგ მოგდის თავში... მარტივად როგორ აგიხსნა? – ჩემს გაშტერებული სახის
გამომეტყველებაზე გაეღიმა მას ჯერ ერთი სლაიდი მოვა, გაიხენებ
ჩაიქროლებს, მერე მეორე – გაიხსენებ, ესეც ჩაივლის, მერე, მესამე და ასე შემდეგ...
მოგდის იმდენი კადრი, რამდენიც ამ კოდით გაქვს დამახსოვრებული.
– და არომატის გარეშე, ამდენი რამ არ გაგონდება? – ვცდილობ რამეში გარკვევას.
– არა, არომატი აათმაგებს შეგრძნებებს. „ყნოსვა“ მაგიურია, კარგად დაიმახსოვრე.
მას სასწაულების ჩადენა შეუძლია.
– ასეთი განსაკუთრებულია, რითია, კი მარა? – მეღიმება ისევ.
– იმით, რომ მასზე არ მოქმედებს დრო!
– აი, იმ სუნამოს მხოლოდ მაშინ ვიყენებდი, როცა ძალიან ბედნიერი ვიყავი,
გესმის?
– ისე, რა... გააგრძელე! – მისი აზროვნებით მთვრალი ვარ და განსხვავებულს
ვითხოვ აშკარად მე განსაკუთრებული არომატია, თუ შენთვის განსაკუთრებულია,
უბრალოდ – ვინტერესდები ისევ.
– ორივე! საოცარი სურნელი აქვს... გამჭვირვალე და ჰაეროვანი...გრილი და
ძალიან დასამახსოვრებელი. მისი გახსენებაც კი დადებით ემოციებს იწვევს ჩემში.
– ცუდად რომ იყავი, დაგესხა, მერე.
– არა, ტყუილები „არ მოსულა“ – თავს აქნევს ის.
– ააჰა-ჰა-ჰა – გადავიხარხარე მე – ძალიან მაგარი იდეაა, დედას ვფიცავარ!
– ძალიან! – მიცინის ის.
– და ახლა რატომ გაგახსენდა ეგ არომატი? დასხმა გინდა, ამ სიტუაციაშიც?
– ჯერ არა, მაგრამ... არ გამოვრიცხავ, რომ დამჭირდეს – მშვიდად აგრძელებს
ისევ.
– აქ, შეიძლება დაგჭირდეს?! – არ ვიჯერებ მე.
– ბედნიერება ადამიანშია და არა გარემოში, საბა, დაიმახსოვრე! – გამიღიმა მან
და წყლის ბოთლის ასავსებად წამოდგა.

ათეისტი
– თუ არ შეჭამ კარგად, ვერ გიმკურნალებ – ვუმეორებდი დილიდან ქეთოს,
რომელიც ჩემგან ზურგით იდგა და კედელზე მიყუდებულ ნახატს უკირკიტებდა.
– არ მინდა და არ შევჭამ – მშვიდად მიმეორებდა ის.
– თევზი გინდა? ხომ მითხარი, მიყვარსო? – ვცდილობ რამეზე მაინც დავიყოლიო.
– თევზი მიყვარს, კი – მიღიმის ის.
– უი, ძალიან კარგი – მიხარია მე.
– მაგრამ, არ მინდა – მშვიდად მომიჭრა მან.
– ქეთო, კაი რა! ასე ხომ არ შეიძლება! გინდა, რომ მართლა მოკვდე? – სიტუაციის
დამძიმებას ვცდილობ ისევ.
– მოვკვდე მერე, ნეტა ერთი. შვილი მე არ მყავს, რაზე ვიდარდო?! – მიცინის ისეც.
– რომ უნდა გააჩინო, მაგიტომ უნდა იცოცხლო – ყველანაირ მიზეზს ვიშველიებ
მის გადასარწმუნებლად.
– საინტერესოა, ისე საბა...
– მეზუსტად ვიცი, სიკვდილი სიცოცხლის ბოლოა.
– მერე, აღარაფერი არსებობს
– ნუ იგონებ, ახლა!
– შენ რა იყო, გჯერა, რომ მართლა არსებობს მეორე ცხოვრება?
– რა თქმა უნდა არსებობს, ღმერთის არ გწამს? – ვერ გავიგე მე.
– რავიცი! – მხრებს იჩეჩავს ის და ხატვას აგრძელებს
– არ გადამრიო, ქეთო... მართლა არ გწამს? ჯვარს არ ატარებ?
– არ ვატარებ, რომ ვატარო, რა? ან რომ არ ვატარებ, რა? ვინც ატარებს, ყველას
სწამს? ან ვინც არ ატარებს, ყველა უღმერთო გგონია? ისე, მე, დიდად არ მწამს.
– ღმერთის? ხო არ გაგიჟდი? – სერიოზულად აღვშფოთდი მე.
– ოო, არ მწამს...
– მე ჩემი თეორიები მაქვს, შენ მაგას ვერ მიხვდები! – მშვიდად აგრძელებს ის.
– მომიყევი და მივხვდები, მარა ღმერთის როგორ არ გჯერა, გოგო?!
– აი, ეგრე, ლამაზად! გეტყვი 2 მაგალითს და ეგრევე ჩაგჭრი, გინდა? – თვალები
უბრწყინავს მას.
– მიდი, აბა – სერიოზულად ვინტერესდები ამჯერად რაღას მოიგონებს მისი
უკიდეგანო ფანტაზია.
– „ღმერთი სიყვარულიაო“ , ხომ ამბობთ? „უსასრულოაო“ ხომ ამბობთ?
– მერე?!
– რატომაა, რომ სიყვარული მთავრდება, ძალიან ხშირად მთავრდება თან.
– იწყება ფოიერვერკით, გრძელდება ბედნიერად...
– მაგრამ, მაინც მთავრდება.
– რატომ აქვს „ბოლო“ უსასრულო კონტექსტს?
– ..... სიყვარულს გააჩნია – ვცდილობ არ დავიბნე 10 წლით უმცროსს ბავშვთან.
– არა, არ გეთანხმები.
– სიყვარული თუ ღმერთია და მთავრდება ერთ მშვენიერ დღეს, რატომ
დავიჯერო იმის, რასაც აქვს ფინალი?
– ნუ ჩახლართე – მეცინება მე.
– არაფერს არ ვხლართავ, ახსენი, აბა?!
– ნამდვილი სიყვარული არ სრულდება – ვპასუხობ მე.
– როგორ ანსხვავებ ნამდვილსა და ტყუილ სიყვარულს? – არ მეშვება ის.
– დრო ფილტრავს – ვუღიმი ისევ.
– კარგი, ანუ, უნდა ველოდო გრძნობა დასრულდება თუ არა, რომ ღმერთი
ვიწამო? რას იგონებ, საბა?!
მეცინება. რა ვუპასუხო, არ ვიცი.
– ამდენი კეთილი ადამიანი რომ გაჭირვებაშია, ეს კარგია?
– ეს შეიძლება? რატომ მათ არ ეხმარება ღმერთი?
– ან ათასი ნაძირალა რომ ამძიმებს დედამიწას და ნამდვილად ღირსეულნი
ადრეულ ასაკში იხოცებიან,
– სადაა ღმერთი,
– გეკითხები, სად?
– ეგრე მარტივად ვერ იმსჯელებ, ქეთო...
– ყველას ამ ცხოვრებაში ჩვენი მისია გვაქვს,
– ვინ როგორ მართავს თავის ცხოვრებას,
– მისი გადასაწყვეტია...
– მოვა დრო და ყველა არამზადას, თავისი მოეთხოვება
– როდის? ქვეყანას და ხალხს რომ მოთხრის, მოსპობს და შეჭამს მერე,
– ოდესმე რომ ამოხდება სული, იქ, ზევით, ქვაბში მოხარშავენ
– და ესაა სამართალი? – ნერვიულობისგან შუბლზე ძარღვები გამოებერა მას.
– რა იცი, იქნებ აქაც მოეთხოვოს პასუხი ყველა იმ ქმედებაზე, რაც ჩაიდინა?!
ვცდილობ სწორი ფიქრისკენ მივუთითო.
– ამდენი უსამართლობა რომ ხდება, სადაა შენი ღმერთი, სად?
– მეზობელი მყავდა ძალიან ლამაზი ბავშვი,
– რაღაც საშინელი დიაგნოზი დაუდგინეს.
– ზუსტად ჩემხელა იყო.
– მოძღვარი მოიყვანეს, დალოცეს, მკურნალობა დაიწყეს.
– იმ დღის მერე, ყოველ ღამე ვლოცულობდი და სანთელს ვანთებდი,
– რომ გადარჩენილიყო. ვლოცულობდი თვეებს მანძილზე,
– მარტო მე კი არა?!
– ყველანი! მაგრამ მაინც დაიღუპა!
– სად იყო შენი ღმერთი, ამიხსენი,
– სად? თუ „ღმერთს ყველაზე კარგები მიყავსო“ – რომ ამბობთ, რა ლოგიკაა?
– იმ ბავშვს არ უნდოდა სიცოცხლე?
– მსგავსი ისტორიები სულ ხდებოდა, ქეთო. უსამართლობაც სულ იქნება.
– ეს კეთილისა და ბოროტის ომია. სანამ ქვეყნიერება არსებობს, ეს ბრძოლა სულ
იქნება. უბრალოდ, უნდა გესმოდეს, როცა გწამს, ბევრად ძლიერი ხარ, ვიდრე
მაშინ, როცა არ გჯერა მისი არსებობის.
– მწამდა, მაგრამ აღარ მწამს და ჩემი მიზეზები მაქვს სამაგისოდ.
– ხოდა, უნდა გჯეროდეს, ღმერთის როგორ არ უნდა გჯეროდეს, კარგი რა!
– ამდენი სასწაული ხდება, მიმოიხედე...
– ხან ხატებს მირონი მოსდით, ეკლესიებში ანგელოზებს აფიქსირებენ
ვიდეოკამერით...
– ეგ ყველაფერი არის ადამიანის ფანტაზია მიღიმის ქეთო იცი, რა ხდება ჩემ
ტვინში? და იცი, რისი მოგონება და დაჯერება შემიძლია?! ვერ წარმოიდგენ!
– ნუ შენ, კი – ვეთანხმები მშვიდად – მაგრამ,ზოგადად, ფანტაზია არაფერ შუაშია.
ღმერთი არსებობს.
– ეგ რომ არ არსებობდეს, იმ ღამით მე, აქ არ დამტოვებდა, შენ რომ მოგიყვანეს.
ყველა მოცემულობით უნდა გავსულიყავი შენობიდან, მაგრამ დავრჩი!
– დამთხვევაა, უბრალოდ – მხრებს იჩეჩავს ის.
– დამთხვევები არ არსებობს! – ვუჭრი მე.
– ისე კარგად არსებობს, არც კი წარმოგიდგენია! – ჯიუტად იმეორებს ის.
– არ არსებობს! დამიჯერე! – ვცდილობ დავიყოლიო, მაგრამ ამაოდ.
– დაემთხვა უბრალოდ, რა! ვისაც უნდა მივეღე, ის ტიპი არ იყო და შენ
შემოხვედი, სულ ეგ იყო.
– ავად რომ იყო ლევანი, მე გავიგე სანამ შენთან შემოვედი, ზუსტად 10 წუთით
ადრე, იქამდე წარმოდგენაც არ მქონდა. ქურთუკი მეჭირა ხელში და გავდიოდი.
მივედი მიმღებში დასამშვიდობებლად და ვხედავ მედდას, რომელსაც შენი
ისტორია უჭირავს ხელში. ნახატებმა მიიქცია ყურადღება, თორე ეგეთ ისტორიას
დღეში, 3000 ცალს ვუყურებ.
– მახსოვს მზე და ჩიტები დავახატე გასასვლელში. ის საზიზღარი გოგო
მეჩხუბებოდა, არ შეიძლება ხატვაო და მე მაინც დავატახე.
– და რატომ დაახატე? – გამეცინა მე.
– შენ რომ გეპოვნა! – იყო მშვიდი პასუხი.
– რა?! – ყურებს არ დავუჯერე მე.
– კაი, მართლა კი არა, – მე რა ვიცი, რატომ დავახატე, ვაფრენ და დავახატე,
გავერთე რა!
– ხოდა, შენ რომ არ დაგეხატა, მე რომ შემთხვევით არ შემემჩნია, წავსულიყავი...
შენ ლევანთან აღმოჩნდებოდი და რა ვიცი, საერთოდ გაგიცნობდი, თუ არა..
– ხოდა, შემთხვევით მოხდა, საბა! ეგრე მოხდა და მორჩა, ღმერთს ნუ აბრალებ!
– კი არ ვაბრალებ, მხოლოდ ისე მოხდა,როგორც უნდა მომხდარიყო.
– და ამას, ვერც მე და ვერც შენ ვერ ვმართავთ,
– გესმის?
– ვერ ვმართავთ და მორჩა, ასე უნდა ყოფილიყო...
– გვეწერა სადღაც, რომ ამა და ამ დღეს...
– ამა და ამ საათზე, მე დამაგვაინდებოდა კლინიკიდან გასვლა,
– შენ რომ გამეცანი..,.
– შენ კიდევ ამტკიცებ, ღმერთი არ არსებობსო...
– არაფერიც არ არსებობს, დამთხვევების ბრალია, უბრალოდ ყურებამდე ეხევა
ღიმილი ქეთოს და ვგრძნობ, როგორ მოწონს, ნერვებს რომ მიშლის.
– საღამოს შემოვალ და გავაგრძელოთ, ახლა პაციენტი მელოდება, უნდა გავიდე.
– მიდი, მიდი, უფლის გამოგზავნილი იქნება და არ ალოდინო – მომაძახა მან.
– ძალიან დაისჯები! – სიცილით ვუთხარი მე და კარი გამოვიხურე.
აჩუქეთ დრო
– განუსაზღვრელი შესაძლებლობები აქვს ადამიანს. ამოუწურავია მისი შრომის,
ამტანობის, ფიქრის, შექმნის მასშტაბი. ტვინია რისი დარწმუნებაც გვჭირდება,
თორემ ფიზიკურად, ასჯერ მეტის გაკეთება შეგვიძლია, ვიდრე წარმოგვიდგენია.
აი,იმდღეს იმ შენობიდან რომ გამოვედი,
მეც მეგონა, ამ ყველაფერს ვერ გადავიტანდი...
მაგრამ ფაქტია, გადავლახე.
ეჰ, საბა, ცხოვრება ასეთი მარტივი რომ იყოს...
სამაგიეროდ, ტკივილი აუცილებელი კომპონენტია ჩვენი ცხოვრების.
– ქეთო – გამეღიმა მე და მისი ჯანმრთელობის ისტორია, გვერდით გადავდე –
მართლა ეგრეა – წყალი ოთხკუთდედ ჭიქაში ჩამოისხა მან, ჭიქის პირს კბილებით
შეეხო, მინაზე რამდენჯერმე დააკაკუნა და გამიცინა – ტკივილი გზრდის...
– ზოგს ხომ ნაკლები სირთულით ეძლევა ყველაფერი, ეგ არ მოგწონს?
– რა მომწონს, ერთია და რას ვეჯახები მეორე.
– რომ გითხრა, ვგიჟდები ტკივილზე-თქო და შენი ჭირიმე, ნეტავ კიდევ
მეტკინოსთქო, სისულელე იქნება, მაგრამ
– ზოგადად, ტკივილი საჭირო ტიპია.
– აუცილებელია, რომ მისი სიახლოვე იგრძნო.
– ტკივილგამოვლილი სხვანაირი ხდები.
– უფრო ბრძოლისუნარიანი, ხო? – გამეღიმა ჩემთვის.
– ცოტა ფოლადისნერვიანი და ბეტონისგულიანი თვალი ჩამიკრა მან.
ისევ გამეცინა.
– და როცა რაღაცას გიხსნი, რატომ გადმოდიხარ შეტევაზე? ეგრევე თან –
მეღიმება მისი სახის გამომეტყველებაზე მე.
– დრო გამყავს მშვიდად მეუბნება ის და საღეჭი რეზინის უშველებელ ნაჭერს
იტენის პირში
– ვერ გავიგე, ქეთო – თავს ვიშტერებ მე.
– გადასარევად გესმის ყველაფერი, საბა, უბრალოდ გინდა მალაპარაკო –
ჟოლოსფერ ბუშტს სიცილით ბერავს ის და ზუსტად 2 წამში მთელი სახიდან
ცდილობს ჩამოიხსნას გახეთქილი საღეჭი რეზინის ნარჩენები, სულ ტყუილად!
– ცხვირზე დაგრჩა – გაუჩერებლად მეცინება მე და ხელით ცხვირისკენ
ვუთითებ.
– ნუ, მაინც ულამაზესი ვიქნები – ხელით ისინჯავს ცხვირს ის.
– ხოდა, მითხარი აბა, რა დროის გაყვანაზე მელაპარაკები?
– ყველაფერი ულაპარაკოდაც იცი, საბა, დრო გამყავს სისულელეებზე საუბარში
და ჩვეულებრივად რომ მელაპარაკო?
– მაშინ მალე უნდა დავასრულო ლაპარაკი, ამიტომ, ასე ვაგრძელებ.
– დრო გაგყავს შეტევით პირველივე წინადადებაზე, რასაც გეტყვი? –
კმაყოფილებით მეღიმება მე.
– ნამდვილად! – თვალს მიკრავს ქეთო და ისევ ბუშტს ბერავს.
– მითხარი და ისედაც დაგელაპარაკები, გგონია, უარს გეტყვი? – სერიოზულად
მიკვირს მე.
– ამ დერეფანს გახედე – საჩვენებელ თითს კორიდორისკენ იშვერს ის – ჩემნაირი
რამდენი გყავს, ვისაც შენი დახმარება და მიხედვა უნდა?
– ჯერ ერთი, შენ განსაკუთრებული მიხედვა გინდა – ვცდილობ რამე
ადეკვატური არგუმენტი მოვიგონო.
– რატომ, რადგან ყველაზე გიჟი ვარ? შენც ხო იცი, რომ ეგრე არაა, საბა.
– ზუსტად მაგიტომ გინდა განსაკუთრებული მიხედვა, რომ გამორჩეული
სიტუაცია გაქვს. ოდნავ ყურადღება რომ მოვადუნო...
– რა?... რა დამემართება? – ბოლომდე მაწვება ის.
– შეიძლება უფრო გაგირთულდეს სიტუაცია – ვცდილობ არ შევაშინო ის.
– მაინც თანაბარი მიხედვა უნდა აქ არსებულ ყველა პაციენტს.
– ქეთო მართლა არ ვიცი, რა ვუთხრა ამ გოგოს.
– იცი, ყველაზე ძალიან შენი მოსმენა მინდა – მშვიდად დაიწყო მან შენ რომ
მოდიხარ, სულ მე მალაპარაკებ და მუდმივად დანაკლისი მაქვს შენი საუბრის.
– მაყოლინებ, რას ვგრძნობ, რა მეჩვენება, თავი მტკივა თუ არა..
მე კიდე მაინტერესებს შენი ამბები, შენი კარიერის ამბები,
თუნდაც ბავშვობის...
მაგრამ შენ ექიმი ხარ, გაქვს სიქსილიარდი საქმე და ყველას ასე რომ დაუჯდე და
ელაპარაკო, ნამდვილად არ გამოვა.
ოჯახი გყავს პლუს, იმის მიღმაც ხომ ათასი საქმე გექნება,
არა? როგორც საერთოდ ყველას..
მაგრამ ექიმებს უფრო დეფიციტურად აქვთ დროის მომენტი
როგორც ვატყობ...
ასე, რომ...
ესაა მიზეზი, რატომაც გადმოვდივარ შეტევაზე,
რა თქმა უნდა აბსოლუტურად უაზროდ,
მინდა, ჩემი ჯანმრთელობის იქით,
კიდევ რამეზე საუბარი გავაგრძელო...
– შენ შეგიძლია ნებისმიერ დროს, ნებისმიერ საკითხზე მელაპარაკო, ხომ
მოვილაპარაკეთ, არა? თუნდაც ყველაზე სულელურ ამბავზეც, როცა მოგინდება
რამის თქმა, მაშინვე მითხარი, კარგი?
– არ გეტყვი – მშვიდად აგრძელებს ის.
– რატომ არ მეტყვი? – სერიოზულად ვბრაზდები მე.
– იმიტომ, რომ ეგრე არ ითვლება, ყველაფერი თუ მიგითითე, აღარაა
საინტერესო.
– ოხ, ქეთო, შენ ვინ ხარ, რა! – თავს უკმაყოფილოდ ვაქნევ და აღარ ვიცი, რა
ხერხს მივმართო, ისევ რომ არ დავძაბო და საკუთარ თავთან არ ჩავკეტო ის.
– თავი მტკივა საბა, ყოველდღე მტკივა, თან – ლოგინზე ჩამოჯდა ის დაფეხები
მოკეცა.
– 2 დღეც და გადაგივლის, გპირდები! არ გშია? გინდა, რამე მოვატანინო? –
ვკითხე მას.
– ნტ, არ მშია! – თავი უკმაყოფილოდ გადააქნია ქეთომ.
– ქეთო, კარგად მომისმინე მივუახლოვდი, დავიხარე და ჩემსკენ შემოვაბრუნე
ის ყოველდღე შენ იმ რაოდენობის წამლებს იღებ, ფიზიკურად არ შეიძლება ამ
მედიკამენტების მშიერ ორგანიზმში შეშვება. ამიტომ ძალიან გთხოვ, ცოტა მაინც
ჭამე, კარგი?
– კარგი – უკმაყოფილოდ ამოიოხრა მან და ისევ გამიღიმა – საღამოს რომ
მიკეთებენ, ის გადასხმა აუცილებელია?
– დღეს აუცილებელია და ხვალიდან, შევხედავ – დავამშვიდე მე.
– მიდიხარ? – მოწყენით მკითხა მან.
– უნდა წავიდე – საათის მინას დავხედე და მივხვდი, უკვე ნახევარი საათი
დამაგვიანდა – ხვალ დილით როგორც კი მოვალ, ეგრევე შენთან შემოვალ, კარგი?
– კარგი! – თვალი ჩამიკრა მან და კეტის გახსნილი თასმების შესაკვრელად
დაიხარა თუ მოახერხებ, შენი რამე მაიკა მომიტანე.
– რა მაიკა? – ვერ გავიგე მე.
– კარგი, მაშინ ჟაკეტი, საღამოობით აქ გრილა – დავალება გამიადვილა მან.
– რად გინდა? – სიცილი ამიტყდა მე.
– მინდა! მომიჭრა უცებ –ოღონდ შენი უნდა იყოს, ახალი არ მომიტანო, იცოდე.
– ჯადო უნდა გამიკეთო?! – ძალიან მინდა წასვლის წინ გავაცინო მე.
– ნტ, არა, შენი ენერგეტიკა მინდა მქონდეს სულ, სადღაც, ახლოს.. რომც ვერ
გნახო დიდხანს, მინდა ეს დადებითი მუხტი ჩემში დარჩეს.
ვიდექი და არ ვიცოდი, რა მეთქვა...
ვიდექი და ვერ ვხვდებოდი, ეს გოგო იყო გიჟი,
თუ მე მაგიჟებდა, ის აფრენდა, თუ მეც ვაფრენდი.
ვიდექი და ბედნიერი ვიყავი, რომ მე ამ ყველაზე საინტერესო ადამიანისთვის,
ვინც კი ოდესმე გამიცვნია, განსაკუთრებული აღმოვჩნდი, თუნდაც დღეს,
თუნდაც ცოტახნით...
ეს არცჩვეულებრივი სიტუაცია იყო, და არც ჩვეულებრივი პაციენტი.
ეს მდგომარება იყო ყველა გართობაზე მაგარი რამ, რაც კი ცხოვრებაში მინახავს.
– კარგი და... მაიკის გარდა, გინდა რამე? საჭმელი, სასმელი, რამე... არ ვიცი –
შეგნებულად და მეორედ ვითრევ უკვე ფეხს.
– დროის გადახვევა მინდა, უკან არ იცი, ეგ როგორ ხდება?! სერიოზული
სახით მეკითხება ის.
– ქეთო, ეგ რომ ვიცოდე, შენამდე ვინ მოუშვებდა მაგ მექნიზმს ისევ გამეცინა მე
– ჯერ შენ გადაახვევდი და მერე მომცემდი, არა? – სერიოზულად დაეჭვდა ის.
ვერაფერი ვუთხარი.
არ ვიცოდი, რა მეპასუხა 10 წლით პატარა ბავშვისთვის, რომელსაც ჰქონდა
ამქვეყნად ყველაზე უცნაური კითხვებიც და პასუხებიც.
– აუცილებლად გათხოვებდი – გავიღიმე მე – დაისვენე ახლა, თავის ტკივილი
გაგივლის და იქნებ, დაიძინო.
– არ მეძინება – იწყებს ისევ ის.
– უნდა დაიძინო! შენს ორგანიზმს სჭირდება! – მკაცრად ვუთხარი მას და ენაზე
ვიკბინე,რომ არ გამცინებოდა
– სულ მეჩხუბები, რა! – შუბლი შეჭმუხნა მან და მერე უცბად გამიღიმა და,
მაინც, რომ დავთვალო ნეტავ რამდენი სახლი დგას შენს ბინასა და ამ კლინიკას
შორის, როგორ მაინტერესებს...
– აი,ზემოდან რომ წარმოდგინო კადრი...
– ხედი, თვითმფრინავის ილუმინატორიდან,
– რამდენ სახლს გადაითვლიდი ამ კლინიკიდანშენამდე?
– რა აზრები მოგდის ამ პატარა თავში, ქეთო! – გაოცებას ვერ ვმალავ მე.
– მე 200 სახლზე მეტი, მაინც არ მგონია... დროებით, საბა – თეთრი ხალათის
უგრძელესი მკლავი ხელზე ჩამოიმხო ბოლომდე, თმა გაისწორა და პალატის კარი
მოხურა მან.
არ ვიცი, კიდევ რამდენი ხანი ვიდექი დერეფანში...
არც ის ვიცი, საერთოდ რა დამემართა.
ერთი რამეში კი საბოლოოდ დავრწმუნდი, თუნდაც ერთი უმნიშვნელო მიზეზი
რომ მომეძებნა იმ წამს, თავიდან დავაკაკუნებდი ქეთოს პალატის კარებზე და
ისევ თავიდან შევიდოდი, კიდევ 1 საათი მაინც რომ მომესმინა მისი
დაულაგებელი აზროვნებისთვის,
ან უბრალოდ მეყურებინა მისი საოცარი მანერებისთვის...
თმისთვის, რომელსაც 3 წუთში ერთხელ ახალ ფორმას აძლევს,
რა თემაზე საუბრობს...
ერთი უმნიშვნელო მიზეზი რომ ყოფილიყო,
ერთი მაინც...
სულ ერთი, რომ ისევ მენახა...

ინსულტიანი აჭარული
– ჩემი საძინებლიდან, აივანი პირდაპირ ზღვაზე გადის, ადრეც მოყოლილი მაქვს.
– ხშირად მიფიქრია შენს აივანზე – ვაღიარებ მე.
– ხო? მეც – ეცინება ქეთოს – პირველი მზის სხივის ამოსვლა არ ჩანს იმ
ადგილიდან, მაგრამ მზის ჩასვლას, ყოველთვის ვადევნებდი თვალს. პირდაპირ
ჩემი აივნის გადასწვრივ ხდებოდა მოქმედება.
– მომენატრა ბათუმი – მეღიმება მე – ასი წელია, არ ვყოფილვარ.
– არ გიწევდა ჩამოსვლა? – მეკითხევა ქეთო.
– არა! – თავს ვაქნევ მე – ბოლო რამდენიმე წელია, სულ საზღვარგარეთ
ვმგზავრობ ზაფხულში და ისე მოხდა, რომ დიდი ხანია აჭარაში არ ვყოფილვარ.
– ვიღვიძებდი, აბაზანაში შევდიოდი, ნახევრადსველი თმით ვბრუნდებოდი
ოთახში, ვიკეთებდი უდიდესი ჭიქით ცივ ყავას და გავდიოდი აივანზე, ზღვას
რომ მივსალმებოდი.
– მისალმებოდი?! – მეღიმენა ისევ.
– ხო, ვესალმებოდი – თავს მიქნევს ის – იოდის ნოტიო არომატს ჩავისუნთქავდი
თუ არა, მხოლოდ მაშინ ვფხიზლდებოდი.
– იოდნარევი ცივი ყავა, უნდა გავსინჯო!
– აუცილებლად ჩამოდი ჩემთან, ძალიან მოგეწონება დღევანდელი ბათუმი. მე
გამოგიცხობ აჭარულს.
– შენ ცხობა იცი? – არ დავიჯერე მე.
– რა შეურაცხყოფაა, ღმერთო ჩემო – გადაირია ის.
– მართლა აცხობ აჭარულს?
– 13 წლიდან! და აი, დავიფიცები, ჩემზე გემრიელი ოდესმე თუ ვინმემ
გაგიკეთოს რამე ხაჭაპურის მსგავსიც, კი!
– არ მჯერა! – ნერვების ვუშლი მე.
– ხოდა ნუ გჯერა! არ გამოგიცხობ! – ბრაზდება ის და თავზე იფარებს ლოგინის
თხელ ზეწარს.
–კაი, ხო, გეხუმრები! მოყევი აბა, როგორ აკეთებ ასეთ განსაკუთრებულ
აჭარულს?
– „სეკრეტ ფირმი“ – ზეწრიდან ისმის მისი გაგუდული ხმა.
– არ მეტყვი? – არ ვეშვები მე.
– რატომ უნდა გითხრა?! დიახაც, რომ არ გეტყვი! გაგასინჯებ და შენ
სიხაულისგან ეგრევე ინსულტი დაგემართება!
– უი, არ გინდა, იყოს! – მომენტალურად გადავიფიქრე მე.
– ხა-ხა-ხა – გადაიხარხარა მან და ზეწარი გადაიძრო – დავიხრჩვი! ანუ, არ გინდა
ინსულტი?
– ხო, იყოს, ჯერ არ ვაპირებ სიკვდილს!
– გეუბნები, გასინჯვად ღირს! მე ხომ იცი როგორი კრიტიკულიც ვარ? ხოდა აი,
მაინც მგონია, რომ პლანეტაზე ყველაზე გემრიელ აჭარულს მე ვამზადებ.
– ყველაფერი აქ რომ მოგიტანო, გამკეთებელი ხარ? – თვალებში ვუყურებ მე.
– აქ? – თვალები გაუფართოვდა მას.
– ხო, აი აქ, დღესვე რომ მოგიტანო ყველაფერი, გამოაცხობ, თუ ეგრევე
ფლავდები? – ბოლომდე ვაგიჟებ მას
– ვინც არ მოიტანოს ყველაფერი, ის იყოს ყველაზე ტკბილი ბრინჯის ფლავი
დედამიწაზე! – მხიარულად მიპასუხა ქეთომ.
– კარგი! – ლოგინზე მიგდებული ტელეფონი ავიღე მე.
– და სად უნდა გამოვაცხო, ღუმელს ხედავ სადმე? – გამოშტერდა ის.
– კლინიკას სამზარეული რომ აქვს, არ გეუბნებოდი და აი, ვეღარ დავმალე ეს
საიდუმლო – ხმამაღლა ვიცინი მე.
– ხუმრობ, ხო? – არ იჯერებს ის.
– საერთოდაც არა – კმაყოფილი ვპასუხობ მე – ამ ყველაფერს მოგიტან და თუ
მართლა გამოაცხობ და თუ მართლა გემრიელია, ვინც ინსულტის სცენა არ
გაითამაშოს, ის იყოს.... იყოს.... – ვერ ვხდები, რა მოვიგონო – ის იყოს პრაქტიკანტი
ნინა!
– საბა!!!! აჰაჰაჰაჰაჰაჰა – გადაიხარხარარა მან – ნახევარ საათში, გამოვალ
სამზარეულოში და პროდუქტები დამახვედრე. ანდერძიც დაწერე, მერე წერის
დრო არ გექნება, ინსულტიანს – იცინის ის – და შეჭამ ბოლომდე.
– თუ არ მომეწონება, არ შევჭამ!
– შეჭამ, ბოლომდე! – მიმეორებს ის.
– კაი ჯანდაბას, შევჭამ – შემეცოდა ის.
– კარგი, შევთანხმდით! – თვალს მიკრავს ქეთო.
– რა მოგიტანო, მითხარი? – ტელეფონს ვიმარჯვებ მე.
– ყველის არჩევა თუ არ იცი, ეგრევე აღიარე და წააგე, ტყუილად არ მაწვალო –
გრაციოზულად მიქნევს ხელს ქეთო.
– შენ თუ ცხობა არ იცი, ყველის რა ბრალი იქნება?
– შენ თვალები მიხატული გქონდეს და პროდუქტებს ვერ არჩევდე, მე რატომ
დავზარალდე?
– კარგ ყველს მოგიტან, შენ ყბაში არ ჩავვარდები დავპირდი მას კიდევ, რა
გინდა?
– ყველაფერს ახლავე დაგიწერ, ნახევარ საათში თუ არ დამხვდება ეს ყველაფერი,
ავტომატურად გექნება „გამკატავებელის“ სახელი, მთელი ცხოვრებით, თან.
– შენ არ გაკატავდე, მაინც, რავიცი, გაფრთხილებ, წინასწარ – მეცინება მე და
პალატიდან გავდივარ.
– ჩათვალე, რომ წაგებული გაქვს – მომაძახა ქეთომ და კარი შიგნიდან გადაკეტა

+1
ობიექტი, რომელიც ქეთომ ღუმელიდან გადმოდგა და წამის მეათასედში
კვერცხი ჩაახალა, უსასრულო გემს უფრო გავდა, ვიდრე რაიმე საჭმელს.
– უხ, როგორი ცხელია! – მარცხენა საჩვენებელი თითი ტუჩებთან მიიტანა მან და
სული შეუბერა.
– მაინც დაიწვი, ხო? – შევწუხდი მე და სიგარეტი საფერფლეში ჩავაქვრე. მერე
თაროზე არსებული წამლის ქილებიდან, ავიღე ერთი პატარა კოლოფი და
პანთენოლიანი ბამბა დამწვარ თითზე დავადე.
– იყოს, გამივლის – გაიღიმა ქეთომ.
უსიტყვოდ შემოვახვიე თითზე ბამბა და პანთელონი ზემოდანაც დავამატე.
– გამივლის,საბა – ხელს ტექნიკურად მაშვებინებს მე და თითგაშვერილი
აგრძელებს ამ ძველი „ე“ კლასის მსგავსი ხაჭაპურის ბრტყელ თეფშზე გადატანას.
– ზომა მეთქი! – მეცინება მე.
– ჯერ გასინჯე! – კმაყოფილი მპასუხობს ის.
– შუაზე გაჭერი და გავსინჯავ!
– ეს შენი პორციაა – მშვიდად აგრძლებს ქეთო.
– ჩემი პორციაა, კი, როგორ არა! – არ ვიმჩნევ მე და უზარმაზარი დანისკენ
მივდივარ, რომ შუაზე გავაპო ეს უსასრულობა.
– შენია-თქო! – მიღიმის ის და თავიდან აღებს ღუმელს, საიდანაც პატარა თეფშის
ოდენა ცომის ნაჭერი გამოაქვს და ასევე წამის მეათასედში ახლის კვერცხს აი,
ესაა ჩემი, ეგ სილამაზე, მხოლოდ შენია – ისევ თვალს მიკრავს ის.
– გიჟი ხომ არ ხარ? – ინსტინქტურად წამომცდა მე და ხარხარი ამიტყდა.
– ზუსტად, რომ გიჟი ვარ! მიდი, დაიწყე – ხმამაღლა იცინის ქეთო.
– ამდენს რა მაჭმევს, ხო არ გადარეულხარ? – ვცდილობ არ შევიმჩბიო მე.
– რას მპირდებოდი, ანდერსენ?! – ისევ იცინის ის.
– დამესიზმრებოდა, ერთ ლისტს რომ გამოაცხობდი? – ამოვიხავლე მე – რა იყო,
ჩემი სიკვდილი გინდა?
– ჭამისგან, ჯერჯერობთ,მხოლოდ კრილოვი მახსენდება, სხვა არავინ მომკვდარა
– მამშვიდებს ის.
– ხოდა მეორე, ემხვარი იქნება გულწრფელად მაშინებს იმაზე ფიქრიც კი, რა
დამემართება!
– კარგი, ნახვამდის, წაგებული გაქვს! – ჩქარა ამაცალა უზარმაზარი თეფშით
ხაჭაპური მან და ფანჯრის რაფაზე შემოდო.
– კაი, ქეთო, მაცადე, მოვემზადები და შევჭამ – ფარხმალს არ ვყრი მე.
– ხოდა, გადასარევი – უკან დააბრუნა მან უზარმაზარი თეფში და უშველებელი
ჭიქით, რომელიც იდეაში წვნიანისთვისაა გათვლილი, წყალი ჩამომისხა.
– რატომ გამწირე, უფალო! – აღმომხდა მე და ჭამას შევუდექი.
ვერ მოვიტყუები და... უგემრიელესი იყო. მე მსგავსი რამ, მართლაც არ მქონდა
გასინჯული! წარმატებით გავუმკლავდი ნახევარ ხაჭაპურს, როცა, შესვენება
მოვითხოვე არანაირი შესვენება და სიგარეტი, ჯერ ასრულებს ჭამას, მერე
ყველაფერი დანარჩენი მშობლის ტონით მპასუხობს ის – რა იყო, საბა, აგებ?
– უხ, ქეთო, რა! – თავი უკმაყოფილოდ გადავაქნიე და თეფში ისევ მივიდგი!
– მე მაინც მგონია, რომ საქანელაზე ჯდები და კატაობას იწყებ – სიცილისგან
იკეცება ის.
– აი, ვინ გაკატავდება, სულ რაღაც 10 წუთში, მაგასაც ვნახავ! – ვიმუქრები მე და
ღმერთს ვთხოვ, დახმარებას.
– კატაოობ, კატაოობ – სიმღერით ჭრის თავის მინიატურულ შემოქმედებას და
ჩანგლის ნაზი მოქმედებით პირში კომპაქტურად ათავსებს პატარა ნაჭერს.
მე პირი მერღვევა რომ მალე დავასრულო ეს ვეშაპის პორცია და კიდევ მეტად
მინდება მაისურის გახდა, ისეთი ალი ამდის.
– აბა, ვინ მოასწრებს – ხარხარით ამბობს ის და ჩქარა ჭრის ხაჭაპურს.
– ქეთო!! – ვხვდები, რომ ისტრიკამდე ცოტა მიკლია!
– აღიარე, რომ გული გაქვს ცუდად! – მხიარულად აგრძელებს ის.
– გული მაქვს ცუდად, მართლა – ვთქვი მე და მერე მივხვდი, რაც წამოვროშე!
– ხოდა წააგე! გილოცავ საბა, +1 მოგება ჩემს ანგარიშზე – წამოხტა ქეთო, ორჯერ
დაბზრიალდა და სიცილისგან თხემით ტერფამდე გაწითლდა – ურააა!!! მოვიგე!
– ხმამაღალი სტვენა მიაყოლს ბზრიალს მან და ტაში დაუკრა.
– ვიჯექი, აჭარულთან ომგამოვლილი, დაღლილი და წაგებული.
– საკუთარ თავზე მეცინებოდა გაუთავებლად!
ნამდვილად, მომიგო, ჭკუაში მომიგო და რადგან მე იმ მეორე ნახევრის ჭამა
ავტომატურად ამცდა, ეს იყო, ბედნიერება!

ქიმია
პალატაში რომ შევიხედე, ქეთო ლოგინის კუთხეს იყო მიყრდნობილი და რომ
დამინახა, გამიღიმა.
– ხომ არ გაგაღვიძე? – ვთქვი უკმაყოფილოდ.
– არა, უბრალოდ ვიწექი, – გამიღიმა მან და თმა ზურგს უკან გადაიყარა.
ისეთი ლამაზი იყო, გული შემეკუმშა ემოციისგან.
– როგორ ხარ? – ვეკითხები მე და მის თვალიერებას განვაგრძობ.
– სუსტად, ცოტა – მიღიმის ის.
– ჭამე საჭმელი? – ვამოწმებ მე.
– კი – თავს მიქნევს ის.
– რა ჭამე?– არ ვეშვები მე.
– სუპი! – მიღიმის ის.
– მაგარი საჭმელია! მეტი არაფერი?
– ნტ, მეტი არ მინდოდა!
– სუპი არ გეყოფა, ქეთო – უკმაყოფილოდ ვაქნევ თავს მე.
– ვაშლიც ვჭამე – მიცინის ის – აი! – ვაშლის ყუნწს მაჩვენებს ის.
– კურკებიც შეჭამე? – სიცილი ამიტყდა მე.
– ხო, აბა? – ისევ იცინის ის
– თავს ვაქნევ ისევ და მეღიმება – ღამე კარგად გეძინა?
– ნორმალურად თავს მიქნევს ის.
– გათენდეს ერთი დღე და შენ მითხრა, რომ ნორმალურად კი არა, კარგად ხარ, არ
შეიძლება? – ხმამაღლა ვინატრე მე.
– ეგ დროც მოვა – დამაიმედა ქეთომ და წყალი დაისხა – ხომ არ გინდა? – მკითხა
მან.
– არა, გამორეცხვებს არ ვიკეთებ – მეცინება ისევ.
– გაიარე, რა! – ენას მიყოფს ის და იმ კუთხისკენ მიდის, სადაც ტანსაცმლის
პატარა კარადა აქვს. იქიდან ორი წყვილი კეტი გამოაქვს და ლოგინზე ჯდება.
– ორივე უნდა ჩაიცვა? – მეცინება მე.
– აჰა! – თავს მიქნევს ის.
– ხუმრობ, ხო? – ვეკითხები მე.
– ნტ! – თავს მიქნევს უარყოფის ნიშნად ის. იღებს ცალცალს და მშვიდად იცმევს.
– რას აკეთებ? – არ ვიჯერებ მე.
– ასე უფრო მომწონს! – მხრებს იჩეჩავს ის – ერთი თეთრია, მეორე – ლურჯი.
– და ერთნაირი რომ ჩაიცვა?
– რაღაცისთვის მჭირდება – მპასუხობს ის და თავდაყირა იკრავს თასმებს, ანუ,
ქვევიდან ზევით კი არ იკრავს, პირიქით, ტერფთან კრავს და ლამაზი ბანტებით
ასრულებს მათ დამაგრებას.
– ასეთ რამეს პირველად ვხედავ! – გაოცება ვერ დავმალე მე.
– ჩაიფიქრე! – თვალი ჩამიკრა მან და გამიღიმა. მერე დაფასთან მივიდა, ფუნჯი
დაასველა და ზიგზაგი გაავლო თეთრ ქაღალდზე – ეს, ხომ იცი, რაც არის? ელვა,
რომელიც ცას კაწრავს.
– ხო, მახსოვს – თავს ვუქნევ მე და ვაკვირდები მის ქცევას.
– ამ ელვას იცი, რა ქმნის? – მასწავლებლის ტონით მეკითხება ის.
– არ ვიცი – ოროსანი ბავშვივით ვიწურები მე.
– არ მისმენ კარგად და რასგაიგებ? – აგრძელებს გაკვეთილის ჩატარებას ის –
მოკლედ, ელვას წარმოქმნის ემოცია, დაიმახსოვრე, ბოლოჯერ გიმეორებ, იცოდე.
– გისმენ – სკამის საზურგეს ვირგებ მე და მაქსიმალურად ყურადღებით
ვაგრძელებ მის მოსმენას.
– ოღონდ, ყველა ემოცია ვერ ქმნის ამ ელვას, განსაკუთრებული ემოციაა საჭირო.
– მაინც, რანაირი? – ვიღიმი მე.
– ასახსნელად, რთულია... ეგ ემოცია ან ჩნდება, ან არა.
– ვერ გავიგე – ვცდილობ კარგად ავახსნევინო მას.
– კარგი, მაშინ ასე განგიმარტავ... ქიმიას ხომ სწავლობდი?
– კი, 5-იანი მყავდა – გამეცინა მე.
– მაშინ, გამიადვილდება! – ეღიმება ქეთოს – ქიმია არის ცდაზე დაფუძნებული
მეცნიერება. ყველაფერში ცდებია, ასე იგონებდნენ სხვადასხვა ნივთიერებებს.
– ახდენენ სხვადასხვა შენაერთებს.
– ხოდა, მოკლედ, ცალკე აღებული, ერთი ნივთიერება, მხოლოდ ერთი
ნივთიერებაა შენაერთით კი, აბსოლუტურად სხვა რაღაც მიიღება.
– აქამდე, გაიგე ყველაფერი? – უცებ წყვეტს საუბარს ის.
– კი, მოგყვები! – თავი დავუქნიე მე.
– კარგი მაშინ მიპასუხე, შენ ხომ გჯერა იმის, რომ ღმერთი არსებობს?!
– კი! და შენ არ გჯერა! – გავახსენე მომენტალურად.
– ანუ გჯერა! – გაატარა ჩემი შენიშვნა ქეთომ – და გგონია, რომ ღმერთი ქმნის
ადამიანს, ხო ასეა?
– კი, ზუსტად ეგრეა!
– ხოდა მე, არ გეთანხმები! მე მჯერა დარვინის თეორიის და ვთვლი, რომ
ადამიანი არის მაიმუნის საბოლოო განვითარების ეტაპი. არც ადამი და არც ევა,
არც ვაშლი და არც ნეკნი. ის მრავლდება, ისევე, როგორც, ცხოველი, ფრინველი. და
მჯერა, რომ მისი სიკვდილის შემდეგ, არაფერიც არ ხდება. კვდება და
დამთავრდება, უბრალოდ, მაქვს ჩემი საკუთარი თეორია!
– აბა, მითხარი! – ინტერესით ვიღიმი მე.
– ყველა ადამიანს თავისი სული აქვს, რაღაც კომბინაციის მქონე, ციფრებით
მინიჭებული.
– აბა, ღმერთის არ მჯერაო? სულის გჯერა?
– არაფერ შუაშია ამ თეორიასთან შენი კითხვა, დამაცადე! – მისაყვედურა მან
– ბოდიშს ვიხდი – გავიცინე მე.
– ყველა ადამიანს აქვს თავის თითის ანაბეჭდები, ხომ ასეა?
– კი, ეგრეა! – თავს ვუქნევ მე.
– ეს ანაბეჭდები ყველას განსხვავებული აქვს, თითქმის არ არსებობს თეორიაში
იდენტური თითის ანაბეჭდები, ხომ იცი?
– მგონი სადღაც აღმოაჩინეს, საზღვარგარეთ, ერთნაირი თითის ანაბეჭდების
მქონე ორი პიროვნება.
– „მგონი“ არ ითვლება – მშვიდად მაწყვეტინებს ქეთო.
– ხა-ხა-ხა, კარგი – ისევ ვჩუმდები მე.
– შეეშლებოდათ, გამორიცხულია! – ეცინება ქეთოს მოკლედ არ არსებობს
მსგავსი რამ პრაქტიკაში. ისევე როგორც სხვადასხვა პიროვნების თითის ანაბეჭდი
არ ემთხვევა ერთმანეთს, იგივე სიტუაციაა ადამიანების სულებზეც.
– ვერაფერი გავიგე! – ვბუინობ ისევ მე.
– გაჩუმდი, თორე აღარ აგიხსნი – მეჩხუბება ის.
– კარგი! – სიგარეტს ვუკიდებ მე და ვცდილობ მეტი შენიშვნა აღარ მოვაცემინო
მას.
– ადამიანი რომ იბადება, მას თავისი სულის კოდი აქვს. მისი სულის მსგავსი
კოდი არავის არ ექნება. ჩემი თეორიით, ეს სული საიდან მოდის, იცი?
– რა თქმა უნდა, არა – ვნებდები მე.
– სული იქმნება სხვადასხვა ქიმიური ელემენტის ერთობლიობისგან და იქმნები
შენ, შენი შვილი, ეს იდიოტი ნინა, მეეზოვე, პეტრე, პავლე და ასე შემდეგ.
– რა შენაერთებისგან შედგება, შეიძლება ვიკითხო?
– ეგ მეც არ ვიცი – მხრები აიჩეჩა მან – სავარაუდოდ, სიკეთისგან, ბოროტებისგან,
უმეცრებისგან, გულუხვობისგან, მიმტევებლობისგან, სულმოკლეობისგან, და
სხვადასხვა არომატებისგან...
– არომატებისგან? – გამოვშტერდი მე.
– დიახ, არომატებისგან! აბა, წარმოიდგინე, რატომ ხდება, რომ როცა ერთსა და
იმავე სუნამოს ორი სხვადასხვა ადამიანი ისხამს, ერთზე სხვა არომატი რჩება და
მეორეზე, სხვა? იმიტომ რომ ერთის სულის შემადგენელი ელემენტი თუ არის ამ
არომატში, მას მეტად უხდება, ვიდრე იმას, ვის სულშიც მსგავსი ნივთიერება არ
ფიგურირებს. ამიტომაცაა, რომ ერთს ძალიან უხდება ეს სუნი, სხვას კი არა.
სხვისი არაა, არა არის მის სულში მსგავსი რამ რომ შეუერთეს არომატი კანს და
კანმაც ბუნებრივად მიიღოს გესმის, რა ხდება?
– ვცდილობ, გავიგო – ვაღიარე მე.
– მოკლედ თვისებებს პლუს არომატები, ქმნიან სულს. და თვისებებს და
არომატებს აქვთ თავისი აღმნიშვნელი ელემენტები ქიმიაში.
– მაგალითად, რომ აიღო ლავანდის არომატი, დაუმატო, სიკეთე, გონიერება,
გულუხვობა და გამჭრიახობა, ცოტაც ბუნებრივი სილამაზე, მზის რამდენიმე
გამჭოლი სხივი, შეიძლება შენი სული მივიღოთ, გესმის?
– ქეთო, ნუ მაგიჟებ! – მეცინება მე – საიდან მოგდის ასეთი აზრები?
– არვიცი! – მიღიმის ის – და იცოდე, რომ ზუსტად ისეა, მე როგორც ვყვები. თუ
აიღებ უტვინობას, სიშტერეს, მეტიჩრობასა და სიცარიელეს გამოვა პრაქტიკანტი
ნინას სული.
– ჰა-ჰა-ჰაჰ – სიცილისგან გავწითლდი მე – არომატი? არომატი გამოგრჩა!
– არომატი არ ფიგურირებს მის სულში თავი გააქნია ნინამ ისეთი
უინტერესოა, არომატსაც არ იმსახურებს, ის – განაჩენი გამოუტანა მან ნინას
ახლა, კარგად მისმინე! ბუნებაში და პრაქტიკაში არ არსებობს, მაგრამ ხანდახან,
ხდება ისე, რომ მილიონში ერთხელ, ამ სულის შემადგენელი ელემენტები,
ერთმანეთს ემთხვევა!
– აბა, არ არსებობსო? – ნერვებს ვუშლი მე.
– მილიონში ერთხელ-თქო! – ბრაზდება ქეთო – და ეს ელემენტები იდენტურად
გადაეცემა ორ სხვადასხვა ადამიანს.
– ვააა! – ტაში დავუკარი აღტაცებისგან მე – მერე?
– მერე გვხვდება ორი იდენტური სული, მსგავსი ქიმიური შენაერთებით,
ყველაფრით მსგავსი, გესმის?!
– სასწაულია! – ისევ მეცინება მე.
– ნამდვილად! – თავს მიქნევს ქეთო – ძირითადად, ისე ხდება, რომ ეს ორი
ერთნაირი სულის მქონე ადამიანი, ერთმანეთს დედამიწაზე ვერც პოულობს,
იმდენად გაბნეულნი არიან მსოფლიოში...მაგრამ ხანდახან აქაცაა გამონაკლისი.
და ეს ორი, იდენტური ელემენტების მქონე სული, ერთ სივრცეში ხვდება!
ფიზიკიდან გეცოდინება, რომ პლიუსი და პლიუსი ერთმანეთს განიზიდავს,
ისევე,როგორც მინუსი და მინუსი!
– ნამდვილად, ასეა! – დავეთანხმე მე.
– ეგ ფიზიკაში – გამიღიმა ქეთომ – რაც შეეხება სულის ელემენტებს, აქ
პირიქითაა... ჩნდება წარმოუდგენელი მიჯაჭვულობა! სულის ქიმიური პროცესი
კი ასეთია, ისინი აუცილებლად პოულობენ ერთმანეთს.
– ეს შეერთება ჰაერში იქმნება, გესმის?
– არომატი იფრქვევა ჟანგბადში და მოიცავს მთელ იმ მასშტაბს, რაშიც ეს ორი
სული შემთხვევით მოხვდა. ჰაერში გაბნევის მერე, ემოციის გაცვლა ხდება
დისტანციურად. ანუ, არომატს ემატება ემოცია,
– ეს იქმნება ზუსტად ამ ენერგეტიკულ ველში.
– ოღონდ, თუ მათი სულის რომელიმე ელემენტებიდან ერთი ცდომილება მაინც
იქნება, ის ვაკუუმი არ შეიქმნება, რაც ამ ემოციას გამოიმუშავებს.
– მას მერე რაც მოხდება ამ ორი სულის იდენტიფიცირება, იქმნება ისეთი ემოცია,
რომ, ამბობენ, „ქიმიაა, მათ შორის, ქიმიაო“ – რა გგონია, თვითონ ვერ ხვდებიან,
მაგრამ ზუსტად ამას გულისხმობენ.
– ახლა, ვუბრუნდები, ლექციის თავში გაშლილ თემას: იდენტური სულის
ელემენტებით წარმოქმნილი ქიმიური შეერთება ქმნის იმ მუხტს, რაც შემდეგ
იწვევს ელვას ადამიანის ორგანიზმში – კიდევ ერთი ზიგზაგი მონიშნა ქეთომ
თეთრ ფურცელზე – აი, ეს ორი სხვადასხვა კეტი რომ მაცვია, ხომ ხედავ? – ფეხზე
დაიხედა მან.
– ნამდვილად! – გამოშტერებით დავხედე ქეთოს ფეხზე მე. ქეთო ლოგინზე
ჩამოჯდა და მუხლები ერთმანეთს მიაბჯინა.
– ახლა ნახე, იდეაში, ხო აბსოლუტურად სხვანაირი ტიპია ორივე? ერთი
ლურჯია, მეორე თეთრი, ეს მაღალყელიანი – მარჯვენა კეტს დახედა მან –
მარცხენა დაბალყელიანია და თეთრია. ანუ, არაფერი მათ საერთო არ აქვთ, ერთი
შეხედვით, მაგრამ ნახე! კეტები ერთმანეთს გვერდულად მიარტყა მან ლურჯს
რომ დავუმატოთ თეთრი, ცისფერი გამოდის შეერთდა, ეს ორი ფერი და მივიღეთ
ცისფერი. მხოლოდ იმიტომ კი არა, რომ ეს ორი ფერი ისედაც შეერთდებოდა? არა
იმიტომ, რომ მათ აქვთ ერთნაირი საღებავის კოდები აი, იმიტომ მოხდა ეს
შეერთება! სხვა საღებავი რომ აგერია აქ, ამ ცისფერს ვერასოდეს ვერ მიიღებდი.
– იგივე ხდება სულის სიტუაციაშიც, თუ მას სხვა შემადგენლობა აქვს, შეერთება
არ მოხდება, ან მოხდება, მაგრამ სხვა შედეგს, სხვა ქიმიურ ელემენტს მივიღებთ
და არა იმას, რაც ორი ერთნაირი სულით მივიღებდით.
– ანუ, რისი თქმა მინდა ამით, იცი?
– სულს ისევე, როგორც ქიმიის ყველა დანარჩენ ელემენტს აქვს თავისი
ფორმულა! ერთი ფორმულის მქონე სულები ძალიან, ძალიან ძალიან იშვიათია,
მაგრამ თუ ისინი ერთმანეთის ახლოს მოხვდებიან, ზუსტად ეს ქმნის იმ ემოციას,
რითიცაა გამოწვეული პიროვნებაში ეს ჭექა-ქუხილი.
– ფორმულაა მთავარი, სულის ქიმიური ფორმულა, ის რაც ძალიან იშვიათია,
თუმცა მაინც არსებობს ბუნებაში, უბრალოდ ძალიან რთული საპოვნელია!
– სულ ესაა, საბა!
– შენ ხარ გენიოსი, ქეთო! – თვალები ამემღვრა ემოციისგან მე.
– მოგეწონა ჩემი თეორიის პრეზენტაცია?
– სიმართლე თუ გაინტერესებს, უბრალოდ გამოშტერებული ვარ!
– აქ არსებულ, რომელ გიჟს დაუმტკიცებია მსგავსი რამ? – ამაყად ეღიმება მას.
– შენ ვინ, ხარ, გოგო?! – ემოციისგან სუნთქვა მეკვრება მე.
– მე ქეთო ვარ, ბექირიში, 28 წლის, ბათუმიდან – გაიცინა მან.
– შენ ხარ გენიოსი!
– კაი, რაა! – თავი მორიდებით დახარა მან.
– მართლა საოცრება ხარ! საიდან მოგდის ეს აზრები, უბრალოდ მაინტერესებს.
– აზრზე არ ვარ – მხრებს ღიმილით იჩეჩავს ის და ფუნჯს ხელში ნერვულად
ათამაშებს.
მივუახლოვდი და ჩავეხუტე. ჩავეხუტე მთელი სხეულით და დიდხანს მყავდა,
ასე ჩემთან ახლოს. იქამდე სანამ მისი თმის არომატი ფილტვის ფსკერამდე არ
ჩავიტანე, კარგად რომ დამემახსოვრებინა. მერე ოდნავ განზე გავდექი და
თვალებში შევხედე.
– შენ ხარ ყველაზე, ჭკვიანი, ყველაზე გონიერი და ყველაზე უცნაური გოგო, ვინც
კი ამ წლების პერიოდში მინახავს და რა მაგარია, ჩემი მეგობარი რომ ხარ!
– საბა, კაი რა! პირიქით! მე ძალიან მიხარია, შენი პაციენტი რომ ვარ...შენ
გამომიყვანე მე მდგომარეობიდან, შენ რომ არა, ვინ იცის, ვის ხელში
ჩავვარდებოდი.
– მაინც კარგად იქნებოდი! – თავი გავაქნიე მე – ეს ფიზიკური მდგომარეობა, შენი
არ არის, დროებით შეძენილი იყო არასწორი მკურნალობის გამო. შენ ფიზიკურად
კი არა, აზროვნებით ხარ ყველაზე გიჟი ადამიანი, ვისაც კი ვიცნობ!
– და ეს თეორია... უბრალოდ, ნუ, მე არ ვიცი – სიტყვები გამომელია მე.
– მიხარია, თუ მოგწონს. ყველაზე მეტად, ეგ მიხარია!

კლინიკის ეზოში გავაჩერე მანქანა და გადმოვედი. ის იყო, წელში გავიმართე და


მანქანა დავკეტე, რომ მთელი ძალით მომხვდა თავში რეზინის ბურთი. მას, ქეთოს
ხარხარი მოყვა.
– აუ, საბა, ძალიან ხომ არ გატკინე? – უცებ შეწუხდა ის და მოირბინა.
– ნუ, მსუბუქი ტვინის შერყევაა, გადავიტან! – გადავიხარხარე მე ეს ზუკას
ბურთია?
– აზრზე არ ვარ, ვისია, ეზოში იყო და გავერთე. წრეშიბურთის თამაში მინდა და
ვერავინ ავიყოლიე – უიმედოდ გადახედა ეზოში მოსეირნე გიჟებს ქეთომ.
– ხო, მაგათი აყოლიება, რთულია – გამეცინა მე.
– მოდი მე და შენ? – გამიღიმა მან უცებ.
– კაი, და მესამე? ვინმე კიდევ გვინდა – თავს ვაქნევ ღიმილით მე და
წარმომიდგენია, როგორ ვეთამაშები ამ ბავშვს წრეში ბურთს.
– ვახ, ვინ მოვიყვანოთ, მესამე?
– ზუკას მოვიყვან კალათბურთის მერე! – გამიხარდა მე.
– ურაა! მაგრამ იქამდე? – მომენტალურად მომიგონა ახალი საფიქრალი მან.
– იქამდე? – შუბლი შევჭმუხნე მე.
– აუ, მე ვიცი! – უცებ გადაიხარხარა ქეთომ.
– ქეთო, გამორიცხულია! – მისი ფიქრები წავიკითხე მე.
– კი, კი! – თავი დამიქნია მან.
– არ არსებობს-თქო! – მკაცრი ღიმილით გავაგრძელე მე.
– აი, ნახე თუ არა! – მიცინის ქეთო.
– მოდი აქ! – ვეძახი მას, მაგრამ ზუსტად ვიცი, აზრიც კი არ აქვს კამათს – არ
გამოგყვება!
– ვეტყვი, რომ შენი დავალებაა, რას არ გამომყვება? – ენა გამომიყო მან და
კიბეებისკენ წავიდა.
– პიჯაკი და შარვალი მაცვია, ქეთო! რა დროს თამაშია!
– ხოდა, გაიხადე! – მირჩია მან და შენობაში შევიდა.
– უხ, შენ ვინ, ხარ – სიცილით ვთქვი მე და პიჯაკი მანქანაში შევკიდე. 3 წუთში
ქეთო თეთრხალათიან ნინათი გამომეცხადა.
– მშვიდობაა, ბატონო საბა? – გაოცებისგან წარბი აწია მან.
– მშვიდობაა, ეს თერაპიის ნაწილია, ნინა, რა ვქნა, ისევ შენ თუ დამეხმარები.
შენზე კვალიფიციური კადრი ამ წამს, არ მყავს არავინ დიპლომატიურ საუბარს
მომნუსხვნელი ღიმილი მივაყოლე მე.
– ნუ, კარგით – გაიპრანჭა ნინა და ბურთის ასაღებად გამოემართა.
– საით მიბრძანდები? – გადაიხარხარა ქეთომ – ბურთს დაანებე თავი და წრეში
შებრძანდი, ფლიზ!
– ბატონო?! – გამოშტერდა ნინა.
– ბატონო და რაც გაიგე, წრეში შევიდა, დადგა-თქო!
ნინამ მე შემომხედა საცოდავად, მე ქეთოს გავხედე. ქეთო იხევა სიცილით,
გადასარევად გრძნობს თავს.
– ბატონო საბა... დაიწყო მან.
– რამდენიმე წუთი, ნინა და დაგანებებ თავს შევეცადე სიტუაცია
გამომესწორებინა მე.
– რა რამდენიმე წუთი, 3-მდე ვთამაშობთ! – დამიკონკრეტა ქეთომ – რა, საბა?
არა?! – ისეთი ტონით მკითხა, რომ არ დავთანხმებოდი, ნინას დამიწებით
დასრულდებოდა ეს ყველაფერი, ამიტომ, დავთმე.
– კარგი! – ვუპასუხე მე, ორჯერ მიწას დავახეთქე ბურთი და გავისროლე. ნინამ
ბურთი აიცილა და კივილი დაიწყო.
– აუ, ასე თუ უნდა იხმაურო, მე გავალ და ყურსასმენებს ჩამოვიტან ოთახიდან –
დაუცაცხანა ნინას ქეთომ
– უკაცრავად – დაიმორცხვა თეთრხალათიანმა გოგონამ და მორიდებით დადგა
ბურთის მოხვედრის მოლოდინში.
მეორე სროლა მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა, ქეთომ გამოუქანა ბურთი და
პირდაპირ ზურგში თხლიშა.
– ერთით ნოლი, საბა! – დამაწია ქეთომ გამარჯვების ყიჟინა. როგორ გამემეტებინა
ეს საცოდავი გოგო, თორემ, მთელი გულით მინდოდა ქეთოსთვის ჭკუა
მესწავლებინა.
– კარგად დაუმიზნე, იცოდე! – გამაფრთხილმა მან.
– მეორე სროლა ქეთომ ისევ გამარჯვებით გააგრძელა.
– ყოჩაღ! – შევაქე მე და ვინატრე, მესამედაც მალევე გაეჭრა ნინა, რომ საბოლოოდ
მოეგო.
– საქმის კურსში ხარ, ისე, რომ აგებ? – ფიქრებიდან გამომაფხიზლა მან.
– კი, ვარ – გავუცინე მე.
– კარგია, 2:0 ია, მაინც გახსენებ და სულ 3-მდეა თამაში.
– მახსოვს! – ისევ ვიცინი მე.
– გადასარევი – ააცილა მან ნინას.
მთელი გულით მინდოდა, რომ ეს გოგო მე არ გამეჭრა, ამიტომ მაქსიმალურად
სხვა მიმართულებით გავუშვი ბურთი. ბედი არ გინდა? ნინა ზუსტად იმ
მიმართულებით გაიქცა და ძალით შეასკდა გატყორცნილ მრგვალ სფეროს.
– თან თავით შეასკდა და უცბად, ისეთი ღრიალი დაიწყო, შემეშინდა.
– ხა-ხა-ხა-ხა-ხა – დააწია ქეთომ სიცილი მას.
– ქეთო! – ვუსაყვედურე მე და ნინასკენ წავედი.
– დედაა, როგორ შეასკდი ამ ბურთს, რა მოგელანდა, ნინა? – ხელოვნურად
შეიცხადა მან.
ნინა წამოვაყენე და ბოდიში მოვუხადე. არაფერია, ჩემი ბრალიაო – თვალები
შეიმშრალა მან და განზე დადგა.
– მორჩა თამაში! – დავამთავრე ქეთოს ყიჟინა უცებ.
– ეგრე არ შეიძლება! – გაბრაზდა ქეთო.
– ასე, შეიძლება? – ნინაზე მივუთითე მე.
– მე მოვარტყი ბურთი? – გაიოცა ქეთომ და წარბი აწია – სტივ ვანდერის
ბიძაშვილები ხართ ორივე, რა ჩემი ბრალია? შენ სხვაგან ისრვი, და ის ძალით
ეხეთქება ამ ბურთს, მე, რა შუაში ვარ?!
სიცილისგან ჩავიკეცე. ხარხარებდა ნინაც. ერთადერთი ქეთო იდგა უკმაყოფილო,
იღლიაში ბურთით და მანტიას ინიავებდა.
– მოკლედ 2:1 და მოვიგე! – მითხრა ცოტა რომ ამოვისუნთქე – გადარჩი, სუხოის
რომ აცდი დღეს, ამას უმადლოდე ნინასკენ გაშვირა ხელი მან.
– კარგი, გეყოფა, შენ მოიგე, შენ, შენ! – გავუცინე მე და ბურთი ძალით
გამოვგლიჯე ხელიდან.
– არსად არ წაიღო ეგ ბურთი, ზუკა რომ მოვა, ვაგრძელებთ და შენ დგები წრეში! –
გადაიხარხარა მან და კლინიკის შესასვლელისკენ წავიდა.

თაკო
სახლში რომ მივედი 12 საათი იყო. არ ეძინა, საძინებელში იჯდა, სველი თმა
პირსაცოხში ჰქონდა შეხვეული და ფრჩხილებს იქლიბავდა, ყურადღება რომ
მიმექცია, გაღებულ კარზე ხმადაბლა დავაკაკუნე.
– რა ადრე მოხვედი? – გამიღიმა მან.
– უკან წავიდე? – გამეცინა მე.
– ეგ მე არ მითქვამს – ირონიით მითხრა მან.
– ზუკას სძინავს? – მოვიკითხე ბავშვი.
– კი, დაიძინა – თავი დამიქნია მან და ქლიბს მიუბრუნდა.
– არის რამე ახალი? – ვიკითხე მე.
– არაფერი, საერთოდ – მხრები აიჩეჩა მან.
– ანუ, ყველაფერი რიგზეა – ვთქვი მე.
– ნამდვილად! – მპასუხობს ის შენი ბარათი დამიტოვე, რა, რაღაცეების
გამოწერა მინდა.
უსიტყვოდ ამოვიღე საფულედან პლასტიკური ბარათი და კომოდზე ჩამოვდე.
– ლურჯი ჩანთა ვნახე, ახალი კოლექციისაა და ყიდვა მინდა, კიდევ, შავი
ფეხსაცმელი, პიჯაკი და ჯინსები, წელს იტალიაში რომ გვინდოდა, ხომ წავალთ?
ნინიმ და ლაშამ უკვე გაბრონეს სასტუმრო და ჩვენ გველოდებიან. წავალთ,ხო?
– რაღა იტალია? – ვთქვი ჩემთვის.
– ხომ ვაპირებდით? – გაიოცა მან.
– სადმე სხვაგან წავიდეთ, რა! – ვთხოვე მას.
– კარგი და სად? – მეკითხება ის.
– სადაც გინდა, იტალიის გარდა – ვთქვი იმავე ტონალობაში.
– და რა ხდება, ამ იტალიაზე? – ვერ გაიგო მან.
– სადაც გინდა, ოღონდ მანდ, არა – ვთქვი გაბზარული ხმით.
– მაშინ, კიდევ ერთ ფეხსაცმელს გამოვიწერ – მევაჭრება ის.
– რაც გინდა – თავს ვუქნევ მე – თაკო, ოდესმე გიფიქრია, რომ ყველა ადამიანს
თავისი სულის ფორმულა აქვს? თან ისეთი, რომელიც სხვა ადამიანში, თითის
ანაბეჭდივით არ მეორდება?
– რაა? – გამოშტერდა ის.
– ხო, ოდესმე გიფიქრია მაგ თემაზე?
– შენ სულ, გაგიჟდი, საბა? – ხმამაღლა გაიცინა მან.
– საერთოდ არაა სიგიჟე!
– რა სისულელეა, რა სულის ფორმულა? – თავი უკმაყოფილოდ გადააქნია მან.
– არაა სისულელე, ამ დროს – ვთქვი მე.
– იცი, მგონია,რომ ნაკლებად უნდა გქონდეს შენს პაციენტებთან კომუნიკაცია,
მათი გავლენა, უკვე დაგეტყო, აშკარად!
– აზრი არ აქვს – თავი გავაქნიე მე.
– რა თქმა უნდა, აზრი არ აქვს მათთან კონტაქტს, ეგენი გიჟები არიან – გაიცინა
მან და მუხლზე კრემის წასმა განაგრძო – წავალთ დღეს, სადმე?
– მეზარება – ვთქვი ორაზროვნად – წავიკითხავ რამეს და დავიძინებ.
– აუ, სადმე გავერთოთ, რაა! – აგრძელებს ის.
– დაღლილი ვარ, თაკო! – დავუკონკრეტე მე –ხვალ გავიდეთ, რა!
– აბა ტყუილად გამოვიპრანჭე? – იოცებს ის – მიდი, რა! ხვალ წაიკითხე და დღეს
გავერთოთ.
– მართლა მეზარება. არ შეიძლება, ერთხელ ჩემი სიტუაციაც გაითვალისწინო?
– კარგი, ხო! – გაბრაზებით მეუბნება ის და ხავერდის ხალათს იცმევს – ხვალ სად
წავიდეთ?
– გათენდეს, ჯერ! არ ვიცი, მოვიფიქროთ – უხალისოდ ვეუბნები მე.
– ეს წითელი უფრო სექსუალურია თუ აი, ეს? – ტუჩსაცხების ნაკრებს მილაგებს
თავთან ის.
– არ ვიცი, ორივე კარგია – ვაგრძელებ მასთან საუბარს.
– და შენ, უფრო რომელი მოგწონს?
– მე მაკიაჟი საერთოდ არ მომწონს! – ვპასუხობ მშვიდად – შენ მაკიაჟის გარეშე
ბევრად ლამაზი ხარ.
– არა, მაკიაჟი აუცილებელია ქალისთვის – არ მეთანხმება ის.
– თუ ჩემი აზრი გაინტერესებს, გეუბნები, საერთოდ არაფერი გინდა-თქო.
– მაინც ამ ორიდან, რომელს აირჩევდი? – ჩაიხვია მან.
– ამას – არც შემიხედავს, ისე მივუთითე მე.
– არადა მე, მეორე უფრო გამომწვევი მგონია – აგრძელებს ის.
– მაშინ, რაღატომ მეკითხები? – ვერ ვიგებ მე.
– ისე! – იცინის თაკო ნახე, კიდევ რა მაქვს? – ვერცხლისფერ პენუარს მაწვდის
ის.
– რა არის, ეს? – მეცინება მე.
– პენუარია! – იოცებს ის არ მოგწონს, ხო სექსუალურია?
– რატომ ხარ ჩაციკლული ამ სექსზე? – ვხარხარებ მე.
– იმიტომ, რომ ქმარს სულ უნდა ეპრანჭო – გამომწვევად მეუბნება ის.
– ისედაც მომწონხარ, არაა ზედმეტი საჭირო – ვპასუხობ მე..
– კი, მაგრამ, მაინც – პრანჭვით აგრძელებს ის.
– და ჩემი მაიკა რომ ჩაიცვა მაგის ნაცვლად და ისე დაიძინო?
– რად მინდა შენი მაიკა? – არ ესმის მას – ყელამდე დახურულია, არაა გამომწვევი.
– არაა საჭირო ყველაფერი გამომწვევი გქონდეს – თავს უკმაყოფილოდ ვაქნევ მე.
– რატომ? მე ძალიან მომწონს.
– ჩემი აზრი თუ გაინტერესებს, მე შენ ჩემს მაიკაში ბევრად მომეწონები, ვიდრე
აი, ამ „სტრიპტიზის“ ფორმაში.
– არაფერი არ გესმის, საერთოდ! – უკმაყოფილოდ მპასუხობს ის და უჯრაში
ტენის ვერცხლისფერ, გამჭვირვალე ნაჭერს – რა შენი მაიკა, რად მინდა შენი მაიკა?
ჯერ ერთი დიდი ზომაა, ტანზე მექნება საფრთხობელასავით.
– ჩემი ენერგეტიკა აქვს, სამაგიეროდ – გამეღიმა მე და ქეთო გამახსენდა.
– შენი ენერგეტიკა, გვერდით რომ წევხარ, მანდაც მეყოფა – საჰაერო კოცნა
გამომიგზავნა მან და ხელებზე დაიწყო კრემის წასმა.
– ოდესმე, დაწვები? – დავიღალე მისი ყურებით მე.
– თმას გავიშრობ, დავივარცხნი, ლაქს წავისმევ და მერე. ჯერ არ მცალია.
– დაწექი, რა! – ვთხოვე მას.
– სახის ნიღაბი დამრჩა საბა, დამაცადე!! ზუკამ მითხრა, რომ ვიღაც
ფსიქოპატკასთან გყავდა კლინიკაში, ახალგაზრდა მხატვართან.
– მერე? – მშვიდად ვპასუხობ მე.
– რა მერე, ნორმალური ხარ, საერთოდ?
– არ გეტყოდა ზუკა მაგ სიტყვებს! – გავბრაზდი მე.
– ნუ, მითხრა, რომ მხატვარია და არის შენს კლინიკაში. მანდ მე ნორმალური,
არავინ მინახავს, ანუ, აუცილებლად ფსიქოპატკაა! რა საჭიროა ბავშვის ფსიქიკის
შერყევა, არ მესმის
– არაა ეგ გოგო გიჟი, ნერვული აშლილობა ჰქონდა და მაგიტომ იწვა – მშვიდად
ვთქვი მე და უკმაყოფილოდ გამოვედი ოთახიდან.
– ნერვული აშლილობა, სიგიჟე არაა, ხო! – აღშფოთდა თაკო.
– რა გინდა, თაკო? – უცებ ავფეთქდი მე.
– არაფერი – მითხრა დაბნეულად და თმაზე შემოხვეული პირსახოცი შეისწორა.
– მაშინ, მე უკეთ ვიცი, სად ვატარო ჩემი შვილი.
– სადმე სხვაგან ატარე, თუ შეიძლება – წაისისინა მან.
– იმ გოგომ ზუკას ბევრი ახატინა და ძალიან კარგად გაართო, შენ მხოლოდ
ნიღბების მოხსნა-გაკეთებით ხარ დაკავებული და ის, რომ ბავშვს დრო უნდა
დაუთმო და ეთამაშო არ გესმის. ზუსტად მაგიტომ გაერთო ზუკა იქ,
გამორჩეულად! და თუ ძალიან გაინტერესებს, კიდევ მთხოვა წაყვანა.
– არც გაბედო, ზუკას მეორედ იქ მიყვანა! ეგღა მაკლია, რამე ინფექცია აიკიდოს
მაგ სიბინძურეში!
– ზედმეტი მოგდის-თქო, გაფრთხილებ! – სახეზე ყველა ვენა ერთდროულად
გამომებერა მე.
– არც გაბედო-თქო! – ჯიუტად მიმეორებს ის!
– ვერ გაიგე, რაც ვთქვი? – იმპერატორული ტონი შეემატა ჩემი ხმის ტემბრს.
– მე უბრალოდ...
– დავასრულე შენთან საუბარი – ვთქვი მკაცრად და საძინებლის კარი
გამოვიჯახუნე.

აჩი ცუცქირიძე
იმ ღამით, დავლიეთ. რაც კი სიტუაცია იყო თბილისში, ყველგან შევიარე.
დიდხანს ვერსად ვერ ვჩერდებოდი, თითქოს ადგილს ვერ ვპოულობდი. ვისკით
დავიწყე, არყით ვასრულებდი, არც თუ ისე კარგი გადასვლა იყო.
დილის 5-ზე, ხინკალზე შევიარეთ ბიჭებმა. სულ არ მედარდებოდა მეორე
დილით 3 ახალი პაციენტი რომ უნდა მიმეღო, დილის 9-ზე. 9-ზე კი არა, საერთოდ
ლოგინიდან გამომხედავიც კი არ ვიყავი.
გადავწყვიტე, კლინიკაში მივსულიყავი, მხოლოდ ქეთოს ვიზიტის დროს, 6
საათზე. არც ადრე და არც გვიან. მოვიდოდი მხოლოდ ქეთოსთვის, სხვა
ვერავისთვის ვერ დავთმობდი ჩემს დასვენებას.
დილის 7-ზე მივედი სახლთან. სახლთან იმიტომ, რომ სახლშიც არ მინდოდა
მისვლა. საერთოდ, არაფერი არ მინდოდა, ამქვეყნად.
ამიტომ, ეზოში ჩვენი ლოთების საბირჟაო ადგილზე, სქელი ხის სკამზე
მოვკალათდი, სიგარეტი გავაბოლე და ტელეფონი მოვიმარჯვე.
იმ დროს, ერთადერთი რამ რაც მინდოდა, ცუცქირიძესთან ლაპარაკი იყო. რაც
უკრაინაში წავიდა, სისხლს ვუშრობ. ვურეკავ ასე უმიზეზოდ, ხან ანეკდოტს
ვუყვები, ხან „უი,შემეშალა“-ს ვეუბნები, ხან ვუმღერი შუაღამისას. სერიოზულად
შევაწუხე აშკარად, მაგრამ, საერთოდ არ მედარდება. აქ რომ იყოს, შეიძლება
დღეები ისე გასულოყო, არც მენახა, მაგრამ რადგან შორს არის, თავს მისი
გაბრაზებით ვირთობ.
ადრე, კლინიკაში, ერთი პაციენტი მყავდა აბესალომი. აჩემებული ჰქონდა
„პავაროტი“ ვარო. ყოველ საღამოს, თავის პალატაში, დგებოდა სკამზე და ამ
გენიოსი, აწ გარდაცვლილი მაესტროს სიმღერებს გაჰკიოდა. სხვათაშორის, არ იყო
აუტანელი მისი სიმღერა.
უბრალოდ საოცარი ხმის ტემბრი ჰქონდა და თავიდან, სანამ მივეჩვეოდი,
სიცილისგან ვიგუდებოდი. რაღა ბევრი გავაგრძელო, ერთ უძილო ღამეს, როდესაც
კლინიკაში გვიანობამდე შემოვრჩი და აბესალომიც ფხიზლობდა, შევედი მასთან
და ვუთხარი, რომ მეგობარი მყავს, ლუჩანო პავაროტის ფანატი. რომ გიჟდება ისე
უყვარს ეს მომღერალი და ვთხოვე, ტელეფიონით ემღერა მისთვის.
მოკლედ, რა დავმართე იმ ღამით ცუცქირიძეს, როდესაც ყურმილის აღების მერე
მთელი ხმით ჩავაკივლინე აბესალომს თავისი ინდაურის ხმა, ამას ვერ გეტყვით.
შედეგად მივიღე ის, რომ ისე დავმარხეთ აჩის ბებია, მზია, მას ყურმილი არ
აუღია)ბოლომდე ეგონა, რომ ყოველ ჯერზე, მე აბესალობს ვარეკინებდი ახალი
„სონგით“. პირველი უშედეგო ზუმერის მიუხედავად, არ დავყარე ფარ-ხმალი და
აჩი ბოლომდე გავწირე. მეცამეტე ზარზე, როგორც იქნა, მიპასუხა!
– თუ არავინ მომკვდარა და ისე მირეკავ, დაგცხრილავ, ნაძირალავ! – გაისმა
ყურმილში მისი მძინარე ხმა.
– მე ვკვდები, გაწყობს? – სიცილი ამიტყდა მე.
– წადი შენიც! ექიმები არ კვდებიან! – იყო ღიმილნარევს პლუს მძინარე ტემბრი.
– მე, გამონაკლისი ვარ, არჩილ! – გავიცინე მე.
– „პიანნი“ ხარ, ტო! – დიაგნოზი დამისვა მან.
– ნამდვილად! – ამაყად ვუპასუხე მე.
– რა გინდა, შვილო? – გაიცინა მან.
– პროსტო! გაგაღვიძე, შენთან ლაპარაკი მინდა.
– ხომ არ შეგიყვარდი, შეჩემა? – გადაიხარხარა მან.
– გაიარე, რა! – თვალის ფოკუსს ვასწოებ და მინდა კლინიკის მიმართულებით
მზერა გავფილტრო – მაპატიე, რა, მაგრამ რომ არ დამერეკა, პონტი იყო!
– კაი, არაფერია, მშვიდობით ხარ? – გამოფხიზლდა ის – აქ 5-ია, მანდ?
– შვიდი და... საერთოდ არ ვარ მშვიდობით – ვაღიარე მე.
– და რა ხდება? – გაიოცა მან – შენ თუ მშვიდობით არ ხარ, ეგ ძალიან უცნაური
ამბავია!
– ასეც ხდება, აჩი! – თავი თანხმობის ნიშნად დავაქნიე მე – რატომ წამიყვანე
გარდაბანში, რა გინდოდა! – ვთქვი ხმადაბლა.
– რაა? – ვერ გაიგო მან – მე მელაპარაკები?
– არა, ბებიაშენს! – სიცილი ამიტყდა მე.
– აუ, დაალაგე და ისე მელაპარაკე, თუ ძმა ხარ! – მთხოვა მან.
– რატომ წამიყვანე 4 წლის წინ გარდაბანში-თქო! – ხმამაღლა გავიმეორე მე.
– მე წაგიყვანე? ხომ არ აფრენ? – სიცილი აუტყდა მას – ვაახ, ამ სიბერეში
აპათოლოგებ, ემხვარ!
– რატომ დამიჯერე, რატომ! რა გინდოდა... – უიმედოდ ვაქნევ თავს მე.
– რა ხდება ამიხსნი, თუ ვიმკითხაო? – დაბნეულება ემატება მას.
– ვერ აგიხსნი! – ისევ ხმამაღლა ვაგრძელებ მე.
– სტოპ, სად ხარ, მითხარი? – მშვიდად მაწყვეტინებს ის.
– ეზოში! – მეღიმება მე.
– ახლა, ადი სახლში და რომ დაწვები, ეგრევე მირეკავ!
– რა ნაშური საუბრებია, რა ბაზარია, საერთოდ! – მწყინს მე.
– ადი და დამირეკე, ძმურად-თქო – გადააკეთა მან.
– არ გადამაყენებ? – გავიოცე მე – მაგრად მკდია შენი რჩევა, ხო იცი – მეცინება
ისევ.
– კაი იდექი ეზოში, მაშინ, დილის 7-ზე, რა გიყო. „პახოდუ“, რომ დაალაგო
მაქაურობა? ცოტას გამოფხიზლდები.
– ჰა-ჰა-ჰა, უხ აჩი,სად არ მყავხარ! – გული დამწყდა მე – კარგად ხარ, ხო? – თემას
გადავუხვიე ტექნიკურად.
– ვარ, რა, უკეთესადაც ვყოფილვართ. მენატრებით მაგრად! – აღიარა მან.
– ჩამოდი, მერე, აქვე ხარ, რა, „ტიჟ მენე პედმანულა“ – წავიღიღინე მე.
– მე კი არა, შენ ჩამოდი! უნდა დაგასვენო, მე რომ ვიცი, ისე. ეგ მდგომარეობა,
ახლა როგორც ხარ, მონაგონია! – გაიცინა მან.
– აი, რაღაც საქმე მაქვს დასამთავრდებელი და... – ეგრევე ქეთოს გაწერის
მოახლოებული თარიღი გამახსენდა და, სუნთქვა შემეკრა.
– მოიცდის საქმე, მიდი, აიღე პასპორტი და ეგრევე დამადექი –მთხოვა მან – აი,
ახლავე, თუ გინდა, მიდი და აეროპორტში, დაგხვდები.
– ჯერ ვერ ჩამოვდივარ... რამდენიმე დღეში მოვგვარდები და, პირველს, რასაც
ვიზამ, შენთან ჩამოსვლა იქნება – დავპირდი მე.
– ვინც, არა? – გაეცინამას.
– ცანცარა! – გავიმეორე ქეთოს სიტყვები და გულში სითბო ჩამეღვარა.
– ხა-ხა-ხა-ხა – გადაიხარხარა მან – ჩემი შვილის ტერმინებით, რატომ ბაზრობ?
– ასაკი მემატება და ჭკუა მაკლდება, ალბათ – ისევ ვიცინი მე.
– ხოდა, რას მეკითხებოდი მარნეულზე? – ჩემ მტკივნეულ თემას მიუბრუნდა ის.
– არაფერი, გაატარე! – თვალები მოვჭუტე მე და მარცხენა ხელი სახეზე ავიფარე.
მერე წელში მოვიხარე და დიდხანს, ძალიან დიდხანს ვიჯექი ასე, მოწყენილად
მოკეცილი.
– გადაიფიქრე, თქმა? – მითხრა 15 წუთიანი დუმილის შემდეგ.
– ისედაც არ ვაპირებდი – გავიცინე მე და სიგარეტს მოვუკიდე –პროსტო,
შენთან ლაპარაკი მინდოდა!
– მივხვდი! მითხრა ისევ პატარა პაუზის შემდეგ ჩამოვალ, დავილაპარაკოთ!
– არც იფიქრო! – იმედი გადავუწურე მე – იმ კვირაში დაგადგები, ფეხი არ
მოიცვალო უკრაინიდან, იცოდე.
– იცი, რა მითხარი? აი, მთელი ცხოვრება, რატომ უნდა გიჯერებდე? – ღიმილით
მეკითხება აჩი.
– ჩემი გაზრდილიხარ და იმიტომ, მე გასწავლე ცხოვრება! – გადავიხარხარე მე,
მერე, დავემშვიდობე და ყურმილი გავთიშე.
– ოხ, საბა? – მოულოდნელად თავზე ჩვენი მეეზოვე მარინა დამადგა.
– უხ, მარინა, გაიხეთქე გული! – გულწრფელად ვაღიარე მე.
– რა გინდა დილით 7-ზე ამ „სკამეიკაზე“ ბიჭო? – გაიოცა მან.
– თაკომ არ შემიშვა სახლში, მთვრალი ხარო – ვიცრუე მე.
– არ ხართ შესაშვებები „თრალები“, „ზალიანაც“ კარგი, კაი გოგოა! – ეშმაკურად
გაიღიმა მან.
– ხოდა იყავით, უჩვენოდ! – მთვრალი თვალები მივაპყრე მარინას.
– არც ერთ ქალს არ მოწონს, ქმარი რომ სვამს – ამაყად განაცხადა მან.
– არიან, ქალები, რომლებსაც ჩემნაირი მარტივი სიმთვრალე, ძალიან მოწონთ –
ნიშნისმოგებით ვეუბნები მას.
– შენთან, გიჟებს, არა? გიჟებს მოეწონებათ, რატომაც არა – გაარტყა მარინამ –
მოუსვი ახლა ოჯახში, თორე, აი?! – ცოცხი დამანახა მან – კარგად მოიქეცი და
გამოიძინე!
– არის, უფროსო! – გავიცინე ისევ, ოღონდ მარინას სიტყვებზე ნამდვილად, არა.

ას ოცი „აცია“
– ყოველ ჯერზე მგონია, რომ ეს შენი ლიმიტია და ყოველჯერზე ვცდები –
გულწრფელად ვაღიარებ მე და ყავას ვისხამ, ქეთოს ოთხკუთხედ ჭიქაში.
– წარმოდგენა არ გაქვს, ვის ეჭიდავები და მაგის ბრალია – იცინის ქეთო და ორი
ფუნჯით, სხვადასხვა მოხაზულობებს ქაღალდზე ერთდროულად ხატავს.
– ეს შენი აზროვნება, სულ ასეთი საოცარი იყო, თუ მარტო ამ სტრესის შედეგად
ჩამოგიყალიბდა?
– სულ ასეთი მქონდა – ისევ ამაყად აგრძელებს ის.
– რა მაგარია! იტალიაში, თუ იტალიამდე?
– დაბადებიდან! – თვალს მიკრავს ის – საბა, შეხედე, ეს ბილიკი ჯობს, თუ აი,
ესეთი? – გაურკვეველ ფიგურებზე მითითებს ის.
– მგონი, პირველი – ობიექტურად შევაფასე მე.
– ვითომ? – წარბს წევს ის.
– რას ხატავ, გააჩნია! – მეღიმება მე.
– არ აქვს მნიშვნელობა, თუ არ მომწონს სტრუქტურა, ვერაფერს დავხატავ –
სერიოზულად აგრძელებს ის.
– ხო, ნუ, პირველს უფრო ეტყობა, რომ ზიგზაგია – თავს ვიმართლებ მე.
– პირველი ასოციაცია რა გაქვს, სიტყვა ზიგზაგზე? – უცებ გადმოუხვია მან.
– უსწორმასწორო... არათანაბარი – არ დავიბენი მე.
– ყოჩაღ! – შემაქო მან – კიდევ? სულ, სულ პირველად, რა გახსენდება?
– არეულობა! – წამოვროშე პირველი, რაც მომაფიქრდა.
– გინდა გითხრა, მე რას ვფიქრობ?
– მიდი, აბა – საოცარი პასუხისთვის მოვემზადე მე.
– ზიგზაგზე ეგრევე მახსენდება ზიგზაუერი – თვალი ჩამიკრა მან.
– ხა-ხა-ხა-ხა-ხა-ხა, შეცდომით ხარ შენ, გოგო – გადავიხარხარე მე.
– შეიძლება! – აღიარა ქეთომ.
– კიდევ, მითხარი აბა, რამე – თამაშის აზარტში შევედი მე.
– შენ მითხარი – ინაზება ქეთო.
– კაი, მაშინ... სილამაზე? რა ასოციაცია გაქვს?
– ძალიან ინდივიდუალურია! – დაიწუნა მან.
– მაინც მითხარი, შენი აზრი მაინტერესებს, სხვისი კი არა.
– სილამაზე? არის სისადავე და თავდაჭერილობა! – გამოაცხადა მან – შენი
აზრით?
– ჩემთვის სილამაზე... – როგორ ვუთხრა, პროსტო!!! – არის სიმშვიდე და
ბუნებრივობა – მოვაბოდიალე ბოლოს.
– „ბუნებრივობა“, გავიგე, მაგრამ „სიმშვიდე“ – არ მესმის ხმაურიანი სილამაზე,
არ არსებობს? – ჩამჭრელ კითხვებს მისვამს ის.
– არ ვიცი, უფრო „მშვიდის“ ასოციაცია მაქვს.
– მე კი არა! – ენას მიყოფს ის – სილამაზე არის, მხიარულება და თავისუფლება!
– მოიგე, კარგი! – ვაღიარე მე.
– რა თქმა უნდა მოვიგე! – სახე გაებადრა მას – ახლა, მე ვიტყვი!
– მიდი! – ნება დავრთე მე.
– სიმარტოვე?
– სევდასთან და განმარტოებასთან ასოცირდება.
– არა, რა შუაშია სევდა? – სერიოზულად ვერ იგებს ის – სევდა არის, ყველაზე
დეპრესიული ემოცია, მარტოობა კი თავისუფლებაა, როცა შენ ხარ
პასუხისმგებელი შენს სიმშვიდეზე, ფიქრზე, ანალიზზე. ძალიან მაგარი რამაა
მარტოობა, ყველაზე აუცილებელი სიტუაციაა ადამიანისთვის, სასიცოცხლოდ
საჭირო.
– უი, ეგრე ნამდვილად არ ვფიქრობ, მე მეგობრების წრე მიყვარს, საუბრები,
გართობა, მარტოობა კარგია, მაგრამ არც ეგეთი მნიშვნელოვანი – ზუსტად ვიცი,
უნდა გადავრიო, მაგრამ მაინც ბოლომდე ვამბობ ჩემს აზრს.
– ვისაც მარტოობა არ უყვარს, ყველა კომპლექსიანია – ბედნიერად განაცხადა
მან.
– რატომ ვარ კომპლექსიანი? – მეწყინა მე.
– იმიტომ, რომ თავს ვერ ირთობ და სულ ვიღაც გინდა დამატებით, ანიმატორად
– გაიცინა მან მარტო ყოფნა უნდა შეგეძლოს, შენს თავთან დარჩენა და ფიქრი.
– ცოტახანი კარგია, დიდხანს არა! – აზრს არ ვიცვლი მე.
– ძაან მოსაწყენი ხარ, რა! – ისევ იცინის ის.
– მადლობა! – წარბი შევკარი მე.
– კაი, ხომ არ გეწყინა? ვხუმრობ, რა თქმა უნდა.
– ვიცი, რომ ხუმრობ, სიმარტოვე ძალიან მაგარი რაღაცაა. ძლივს შენ თავთან
შეგიძლია ყველა თემაზე საუბარი და გონების ფილტრაცია. აბა, რა... და ჩემთვის
ეგ მდგომარეობა სრულ კომფორტთან ასოცირდება.
– ჩემთვისაც! – გავიცინე მე.
– ვითომ, ეგრე ფიქრობს! – დამცინა მან.
– მართლა ეგრე ვფიქრობ ვაღიარე მე ნერვებს გიშლი უბრალოდ, მომწონს რომ
ბრაზდები.
– რატომ? – პატარა ბავშვივით იცინის ის.
– მეცინება შენ სახეზე და იმიტომ! – ვაღიარებ მე.
– ასოციაცია... ას ოცი აცია დამარცვლა მან ანუ ასოცჯერ „აცია“.
– ანუ? – ვერ ვიგებ მე.
– ანუ პირველი ას ოცი აზრი რაც მოგდის, ამა თუ იმ საგანზე ეგაა „აცია“.
– რას იგონებ?! – სიცილი მიტყდება მე.
– დამარცვლე და მიხვდები. ეს სიტყვები, უბრალოდ არ შექმნილა, ყველას
თავისი დატვირთვა აქვს... არ ვუკვირდებით ადამიანები რამდენ საიდუმლოს
მალავენ მარტივი სიტყვები, საკმარისია დავფიქრდეთ, რომ მივხვდებით, რა
მაგარია ეს ყველაფერი, რა აზარტული და საინტერესო... ჩვენ კიდევ საუბარი
გვიჭირს, აზრის მკაფიოდ დაფიქსირება. რაღაც უაზრო კომპლექსები გვახრჩობს
და ჩვენი რეალური „მე“ გვეკარგება „ხალხი რას იფიქრებს“, „ასე არ შეიძლება“,
„აბა, ეგ როგორ ვუთხრა“, „აბა, ეს როგორ მივახვედროს“ ფიქრში. არადა, სულ
ერთი ცხოვრება მოგვეცა ამქვეყნად, გარბის დრო და ის დრო მცირდება რაც
დედამიწაზე გვერგო.
– გვიანია ხვალ, ზეგ, მაზეგ, ერთ თვეში, ორში, სამში.
– უნდა გააკეთო დღეს!
– აი, ახლა, ამ წუთში.
– „მერე“ შეიძლება იყოს „არასდროს“ და შენ ინანო, მთელი დარჩენილი
ცხოვრება, რომ არ გააკეთე, რაც ძალიან გინდოდა...
– ასე მგონია მე და არ ვიცი.
– შეიძლება, მართლა გიჟი ვარ და იმიტომ.
– ან, შეიძლება გიჟი კი ვარ, მაგრამ ამ საკითხში, მართალი! მენანება ყველა
არგადადგმული ნაბიჯი, რაც კი უნდა გამეკეთებინა და თავი შევიკავე...
– მენანება რომ, მე დღეს, ბოლომდე, მაინც ვერ... – ერთი წუთი შემომხედა მან და
ტუჩებამდე მოტანილი სიტყვები ადგილზე გაყინა. – ღრმად ამოისუნთქა და...
თავი გადააქნია ნუ, როგორცაა გაიღიმა და თვალი მომარიდა მან.
– მითხარი! – ვთხოვე ქეთოს.
– ვერ გეუბნები, საბა! – თვალები ისევ ემღვრევა მას და სუნთქვა უხშირდება.
– ძალიან გთხოვ, მითხარი! – გული შემეკუმშა მე.
– არ შემიძლია, ხელფეხი მაქვს შეკრული – გამიღიმა მშვიდად და მანტიის
გრძელი მკლავებისკენ მიმითითა.
– ძალიან რომ გთხოვო?! – ვერ ვეშვები მე.
– უფლება არ მაქვს, უბრალოდ – თმა ნერვულად გადაიწია უკან და მარტივად
შეიკრა. მერე ვიტრაჟიდან ოთახში შემოჭრილ მზეს გახედა და თვალები დახუჭა –
შევეცდები, აგიხსნა. მაგალითად, შენ ძალიან მოგწონს ერთი ნივთი, სიტყვაზე,
რაღაც ბეჭედი.
– მერე? – სმენადაქვეითებული ვუშტერებ თვალს.
– და მოგწონს ეს ბეჭედი დიდი ხანია, თვეებია უკვე.
– მიდიხარ მაღაზიის ვიტრაჟთან, ათვალიერებ.
– რამდენჯერმე იკეთებ კიდეც. ზუსტად შენი ზომაა...
– თითქოს იუველირს შენი თითის ყალიბზე დაუმზადებია.
– ეს ბეჭედი ოქროსია, ბრილიანტებით გაწყობილი.
– ძალიან ძვირფასი და იშვიათი ნაკეთობა.
– მერე? – გული მიჩქარდება ისევ.
– მერე იკეთებ და ისხნი დაუსრულებლად. იხსნი და იკეთებ და ხვდები, რომ
ყველაფერს მიცემდი ამ ქვეყნად, ეს ნივთი სულ შენთან რომ ყოფილიყო. არასოდეს
მოიხსნიდი ხელიდან.
– რომ იყიდო? – ვთავაზობ მე.
– ვერ იყიდი! – დანანებით ამბობს ქეთო.
– რატომ, ძალიან ძვირი ღირს? – ვერ ვიგებ მე.
– ძალიან ძვირზე არაა, ისე მოგწონს, გაყიდი მანქანას და იყიდი ამ ოქროს
ბეჭედს, მაგრამ, ირკვევა, რომ ეს ნაკეთობა უკვე გაყიდულია.
– ორმაგი შესთავაზე გამყიდველს – კაცური ლოგიკით ვხელმძღვანელობ მე.
– თანხა წინასწარ გადახდილია. არაფერი გამოდის – მხრებს იჩეჩავს ქეთო.
– ზუსტად ეგეთივე რომ გააკეთებინო ხელოსანს? – ვცდილობ რამე გამოსავალი
მოვნახო.
– საქმეც ეგაა, რომ აუცილებლად ნახავ რამე მსგავსს, ბეჭდებს რა დალევს
ამქვეყნად, მაგრამ ის, შენს თითზე ჩამოსხული და ორიგინალი ვერსია, შენი
ვერაფრით ვერ გახდება.
– რომ მოიპარო? – ისევ მეღიმება მე.
– ადრე თუ გვიან, გიპოვნიან და დაგაბრუნებინებენ. შენ კი ორმაგად გეტკინება –
მპასუხობს ქეთო.
– კარგად დამალე, შენც... ვერ გნახავენ.
– თუ ეგ ბეჭედი არ გაიკეთე და თამამად თუ არ ატარე, რაღა აზრი აქვს მაშინ მის
მოპარვას? – ჩამჭრა მან.
– არ ვიცი, რა გიპასუხო – მოწყენით მეღიმება მე.
– ვერაფერს ვერ მეტყვი, საბა, ზუსტად მაგიტომ არ მაქვს უფლება, ჩემი აზრი
გამოვხატო ბოლომდე იმ სიცხადით, როგორც რეალურადაა. სხვა დრო რომ იყოს
და სხვა სიტუაცია, იმდენ რამეს გეტყოდი, იმდენს, ღმერთო, იმდენს... ორმაგ
„სკოჩს“ დამაკრავდი ტუჩებზე: გაჩუმდიო, მთხოვდი.
– მაგრამ დღეს,
– აქ,
– ახლა...
– არ გამოდის.
– გავაგრძელოთ ასოციაციობანა?
მინდა ვუთხრა, რომ ცუდ ხასიათზე ვარ, მაგრამ ვერ ვაწყენინებ, ვიცი.
– გავაგრძელოთ ვპასუხობ მოწყენით და სიგარეტს ვაბოლებ.
– ზღვა? – მხიარულად მეკითხება ქეთო.
– ნოტიო ჰავა, ბევრი სასმელი, გარუჯული სხეული! – თვალის დახამხამებაში
ჩამოვთვალე მე.
– კიდევ? – არ კმაყოფილდება ის.
– კიდევ ტალღების ხმა, ზოლიანი მაიკა... შენ?
– ჩემი ზღვის ასოციაცია შენს თვალებშია! – მეუბნება მოულოდნელად.
– თვალებში? – გაოცებისგან გამეცინა მე.
– კი, შენს თვალებში!
– კაი, რა ქეთო – სიტუაციის განმუხტვას ვცდილობ, რომ არ გავწითლდე.
– პირველად რომ გაგიცანი, იმ დღიდან ეგ ასოციაცია მქონდა – მშვიდად
აგრძელებს თვალებში ყურებას ის.
– მე მწვანე თვალები მაქვს მხრები ავიჩეჩე უხერხულობისგან.
– მერე?
– მერე ზღვა, დადგენილია, რომ ლურჯია მხრები ავიჩეჩე მე.
– ვინ დაადგინა? – გაოცებით მეკითხება ის.
– რა ვიცი, ყველასგან ასე გამიგია! – მეცინება ისევ.
– აზრზე არ არიან! – გაბრაზდა ქეთო ფერების აღქმა კი არა, ელემენტარულს ვერ
არჩევენ!
– არ ვიცი აბა, მწვანეა? – გავიოცე მე.
– ნამდვილად, მწვანეა! ლურჯი სხვა ფერია, ზღვის ფერი არის მხოლოდ მწვანე.
შენ რომ გიყურებ, აი, ახლა... თვალებში გაქვს ზღვა!
– აი, ეს ნამდვილად პირველად მესმის – ვაღიარე მე.
– ნუ, ფერებზე, მაინც არ მეკამათო! – იცინის ის.
– არავინ კამათობს, უბრალოდ, მსგავსი რამ, მართლა არ გამიგია!
– ხოდა, ამის მერე, დაიმახსოვრე.
– შენ თვალებით ზღვას ატარებ! და ყოველ ჯერზე, რამდენჯერაც მე მენატრება
ბათუმი და უნაპირო წყლის მასშტაბი, თვალებში გიყურებ და ვმშვიდდები.
– ყველაზე მაგარი გოგო რომ ხარ, იცი? – ისევ მეცინება მე.
– შენ თუ მაგას გულწრფელად ამბობ, მიხარია! – თქვა მან და სახე გაუნათდა
მოციისგან.
– ნამდვილად ეგრე ვფიქრობ! – თავი დავუქნიე მას და ყავა ბოლომდე დავლიე.

30 წელი
– რაც უფრო დრო გადის, მით უფრო ბევრს ვფიქრობ ჩემს თავზე, ცხოვრებაზე,
სამომავლო გეგმებზე, წარსულზე. ფიქრზე ძალიან არაფერი არ მიყვარს, მგონი არც
წყალი – სიცილით მიმითითა წყლით სავსე ჭიქაზე, რომელიც იქვე ფანჯარასთან,
ტუმბოზე ჩამოედო და მზეზე ათბობდა.
– ფიქრი მეც ძალიან მიყვარს – ვეთანხმები მას და შპრიცში შემყავს მისთვის
გასაკეთებელი საინექციო ხსნარი წამალთან ერთად.
– მეტკინება? – მეასედ მეკითხება ის.
– არა-თქო, ხომ გითხარი, როდესმე მიტკენია? – სერიოზულად ვბრაზდები მე.
– არასოდეს! – მიცინის ის.
– ბავშვობაში, მზეზე აღმოჩენილ მტვრის ნაწილებს დავსდევდი, მინდოდა
ხელით შევხებოდი და და მათის სტრუქტურა კანით შემეგრძნო.
– იჭერდი, მერე? – მეცინება მე და შპრიცის თავსახურს ვატრიალებ ტუჩებთან
სიგარეტივით.
– ნტ, ვერ ვიჭერდი, მაგრამ ყოველ ჯერზე, ვცდილობდი ხელის გულში მომექცია.
– გეტკინა? – დაძაბულად ვკითხე ქეთოს და თვალებში შევხედე –ახლა ცოტა
წვასიგრძნობ ზუსტად – საათს დავხედე მე – 3 წამით და მერე, ეგეც გაგივლის.
– დავითვალო? – თვალებზე ხელაფარებული მეკითხება ის და იცინის.
– დაითვალე, როდის მომიტყუებიხარ?! – მეღიმება მე.
– ერთი, ორი, სამი, ოთხ.. – სიტყვა არ დაასრულა მან –სამნახევარი იყო, საბა.
– ნუ, ეგ ნახევარი, მაპატიე! – თვალი ჩავუკარი მე – ეგრევე გაგიარა, ხო?
– კი, მორჩა – ბედნიერი მპასუხობს ის.
– ძალიან კარგი! ეს ბოლო იყო – მხიარულად გამოვიღე პირიდან შპრიცის
თავსახური და ნაგავში გადავუძახე ცარიელ ამპულასთან ერთად.
– რა მაგარი ექიმი ხარ, ისე – მეპრანჭება ქეთო.
– არაფერი, განსაკუთრებული – მხრებს ვიჩეჩავ მე.
– კი, კი! ხარ! – თავს მიქნევს ქეთო – ყველას ასეთი ხელი რომ ჰქონდეს...
– ხანდახადან მეც შეიძლება, რაღაც უხეშად გამომივიდეს – ვაღიარებ მე.
– შენ? არასოდეს! – არ მეთანხმება ის და წყლის მეათე ბოთლს ცლის ჭიქაში.
– ჩაი ან ყავა რომ დალიო, არ გინდება? – სერიოზულად ვინტერესდები მე.
– არა! ძალიან იშვიათად ვსვამ, წყალს არაფერი ჯობია – მიცინის ის.
– კარგია, არასოდეს დაბერდები და სულ ეგეთი ბავშვური კანი გექნება –
მეღიმება მე.
– ყველანი დავბერდებით 30 წლის მერე – ისევ იცინის ის.
– 30? ეგ შენთვის და მე, კიდევ 10 წელიც და ეგაა.
– რა იყო, გეშინია? – გაოცებით მეკითხება ის.
– არა, რისი უნდა მეშინოდეს – მხრებს ვიჩეჩავ მე კანონზომიერია, რაც ხდება.
– სამაგიეროდ, შენ, ჩემ შვილს, სხვა პატარებს გაქვს ძალიან ბევრი დრო, რომ
ყველაფერი აკეთოთ ცხოვრებაში, ისე, თქვენ რომ მოგესურვებათ.
– პატარა რომ გგონივარ, ძალიან სასაცილოა! – ტუჩებს წყლით ისველებს ის და
მერე ხელსაცოხით იშრობს.
– 10 წლით ხარ, პატარა, გესმის შენ ეგ რამდენია?
– 1,2,3,4,5,6,7,8,9,10 რამდენია? არაფერიც არაა. თუ შენზე ნაკლები ჭკუა, ან
გამოცდილება მაქვს, გგონია?
– არა, ეგ არ მითქვამს – მეცინება ისევ.
– 40 წლის იდიოტები, არ გინახავს? მრავლად ვიცნობ... ან 25 წლის
დალაგებულები?
– ასაკში არაა საქმე, საქმე ადამიანის პოტენციალშია.
– წინსვლის, განვითარებისა და მეტის შემეცნების სურვილში.
– თუ ეგ არ გაქვს, სულ 25 წლის იქნები.
– რას გაიგებ, საბა, ზოგი საკუთარ შეცდომებზეც ვერ სწავლობს ჭკუას.
– გონიერება სწავლით არ მოდის, გონიერება ან გაქვს, ან არა.
– ხო, ეგრეა – სიგარეტს ვუკიდებ მე.
– ხშირად მიფიქრია ამ საკითხზე და მინდა, შენც მოგიყვე.
– მიდი, აბა – ინტერესით ვუყურებ მას.
– რამდენი წელი ვცხოვრობთ საშუალოდ? ნუ ვინ მეტს და ვინ ნაკლებს, ხომ ასეა?
მაგრამ ავიღოთ, ვთქვათ, 65 წელი.
– ძალიან ცოტაა – საკუთარი ასაკი გამახსენდა და უცებ, მივხვდი, რა ცოტა მაქვს
დარჩენილი
– არაა ცოტა! ენას მიყოფს ის კაი, ხო, იყოს 70, ჯანდაბას – იცინის ის
ცხოვრების პირველი 20 წელი, გახსოვს?
– 20 წლამდე? კი, როგორ არ მახსოვს, მაგრამ დიდი არაფერი წლები არ ყოფილა –
ვაღიარებ მე.
– ზუსტად მაგას ვამბობ, მეც 15 წლამდე ბავშვი ხარ.
– 20 წლის, არც დიდი და არც პატარა და 20 წლიდან იწყებ მეტ-ნაკლებად
სამყაროს შემეცნებას. ხომ ეგრეა?
– კი, 20 წლიდან უკვე დამოუკიდებელი ტიპი ხარ, შენი არჩევანით და
სურვილებით.
– ხოდა, აი, წარმოიდგინე, 20 წლიდან, როდემდე გიხარია, ეს ყველაფერი? ახალი
შეგრძნებები, სიყვარული, გატაცება, ღამის თენება, ბოდიალი, ხალხის გაცნობა,
პაემნები, ზღვა და მზე, ღამის გზატკეცილები, თავის დაკარგვა, სექსი...
– არ ვიცი – მეცინება ისევ.
– მე ვიცი – მპასუხობს ქეთო მაქსიმუმ, 50 წლამდე ხარ ასეთი ენერგიული,
სიცოცხლით აღსავსე. მერე ქალებს მენოპაუზა გვეწყება – გადაიხარხარა მან –
შედარებით ვდუნდებით, ხომ ეგრეა?
– ნუ, ლოგიკურად მიდიხარ, კი! – ისევ მეცინება ისტერიულად.
– კაცებსაც გეწყებათ პრობლემები – თვალი ჩამიკრა მან.
– კაცებს გააჩნიათ, რა! – თავს ვიმშვიდებ მე.
– ყველა კაცს ემართება – ისევ იცინის ქეთო – ხოდა, გამოდის, რომ 20 წლიდან 50
წლამდე არის მხოლოდ 30 წელი, გესმის?! ოცდაათი!!! მეტი, არა!
– აუ, რა გინდოდა, რატომ გამიფუჭე განწყობა! – სერიოზულად დავფიქრდი
მომავალზე მე.
– რა გავაკეთო, ძმაო, ეგრეა მხრები აიჩეჩა მან ოცამდე, არაფერი არ გახსოვს, და
50ის მერე, დიდად არც არაფერი გინდა სიმშვიდის, სტაბილურობის, შვილებისა
და ოჯახის კარგად ყოფნის გარდა. სხვა ეტაპია, რა!
– ეგრეა, ქეთო – თავი დავუქნიე მას.
– დრო რა სწრაფად გადის, ხომ ხვდები? – სევდიანად გააგრძელა მან – წკაპ, 25
წლის ხარ, წკაპ 30-ის.
– წკაპ, ორმოცის! – გამეღიმა მე.
– წარმოიდგინე, უკვე 10 წელი, თითქმის გავიარე.
– და ამ პერიოდში გადავიტანე იმდენი რამ, იმდენი!!!
– ხალხი 30 წლის მანძილზე ან შეძლებს ამდენი ემოციის შეგრძნებას, ან
საერთოდაც არა.
– მე რაც დამრჩა, კიდევ 20 წელია.
– რომელიც, ვიცი ასევე ტყვიის სიჩქარით ჩაივლის.
– ახლა, გეკითხები: მაქვს უფლება ტყუილად ვხარჯო ამდენი დრო?
– ვიყო ცუდ ხასიათზე, მოწყენილი, სევდიანი, უკმაყოფილო, უბედური, როცა
სულ 20 წელი მაქვს დარჩენილი,
– იქამდე თუ გადავრჩი, საერთოდ?
– მაქვს?
– რა თქმა უნდა, არა!!!
– წამი ვცხოვრობთ მხოლოდ და ერთადერთი წამი ეძლევა თითოეულ ჩვენგანს,
– ისიც, ცუდად ვიყოთ?
– რატომ?!
– მე შენ მაგიჟებ! – ვთქვი ენაჩავარდნილმა.
– მიხარია! – ტაში დაუკრა მან.
– სერიოზულად გეუბნები. შენ, ნორმალური არ ხარ!
– ვიცი, მითხრეს უკვე – იცინის ქეთო – აი, გგონია, ვნანობ ამ 10 წლის მანძილზე
საგიჟეთშიც რომ მოვხვდი?
– გეკითხები, ვინ ხვდება საგიჟეთში, ასე უპრაგონოდ?
– ძალიან ცოტას უმართლებს, დედას ვფიცავარ.
– ხა-ხა-ხა – გადავიხარხარე მე – საგიჟეთითაც თუ მოიწონებდი თავს,
ნამდვილად არ მეგონა.
– გეკითხები, ბევრი ჩემნაირი გოგო გინახავს, აქ?
– შენნაირი გოგო, აქ კი არა, საერთოდ არ შემხვედრია! – მშვიდად ვპასუხობ მე.
– ხოდა, აი, რატომ არ უნდა მეამაყებოდეს ეგ ფაქტი? ერთადერთად გამორჩეული
ვარ!
– ოხ, ქეთო, შენ ხარ ყველაზე პოზიტიური გოგო, დედამიწაზე.
– ყველაზე მაგარი გოგო ვარ. ყველას კი არ აქვს შენთან დამეგობრების
პერსპექტივა, რა გგონია? – თვალს მიკრავს ის – შენ ხარ საუკეთესო ფსიქიატრი,
ფსიქიატრთა შორის!
– ან ფსიქიატრი ვარ და ან, მეც გავგიჟდი – გამეცინა მე.
– ნუ, აქ, სხვანაირი ვერ იმუშავებდა – აღიარა ქეთომ – ზედმეტად დალაგებულის
ადგილი ამ კლინიკაში, ნამდვილად არაა.
– ეგრეა – სიცილით გავხედე ქეთოს, რომელიც სკამზე იყო ასული და იქიდან
იმოძღვრებოდა.
– ხოდა, მოდი, გაუმარჯოს ამ 30 წლიან სიგიჟეს! – ხმამაღლა დაიძახა მან.
– არ ჩამოებრეგვო, ჩამოდი – ვურჩიე მას.
– ნუ გეშინია, თხები არ ვარდებიან – თვალი ჩამიკრა მან, წყლით სავსე ჭიქა
მოიყუდა და ბოლომდე დალია – შენ არ დალევ ჩემს გენიალურ სადღეგრძელოს? –
გაუკვირდა მას.
– ჩემგან სულ დალოცვილი ხარ! – მეცინება მე.
– არა, უნდა დალიო! – ჯიუტად იმეორებს ის – ქეთო მივიდა ონკანთან, თავისი
ჭიქა ბოლომდე აავსო და სველი ხელი თვალებთან მომიტანა დალიე!
– გული როგორ არ გერევა, ამდენ წყალს რომ სვამ... გაუმარჯოს 30 წლიან სიგიჟეს
– გავიღიმე მე და წყალი ბოლომდე დავლიე
– მიდი, მიდი, ბევრი წყალი უნდა სვა, კანი არასოდეს დაგინაოჭდება – თვალს
მიკრავს ის.
– როგორ არ მედარდება კანის დაბერება, ნეტა იცოდე.
– სხვათაშორის, მე მომწონს ოდნავ შევერცხლილი თმა – ღიმილით მეუბნება ის.
– რატომ? – ვიცინი მე.
– რაღაცნაირად, კაცურია!
– არ ვიცი – მხრები ავიჩეჩე მე.
– ნეტა, რა იცი? ყველაფერზე „არ ვიცი“-ს რომ მპასუხობ – წარბს წევს ის.
– რაც არ ვიცი, არ ვიცი – მეღიმება ქეთოზე მე.
– მე შენი სახეც მომწონს – მშვიდად აგრძელებს ქეთო.
სიგარეტის კვამლი გადამცდა
– არ ელოდი, არა? – ისევ გაიცინა მან.
– ნამდვილად არ ველოდი – ვაღიარებ მე.
– მომწონს ეს ორი თხელი ხაზი წარბების თავთან, პარალელურად, სიგრძეზე რომ
გაქვს. ის პატარა ნაკაწრებიც, თვალების კუთხეში რომ გიჩნდება, რამდენჯერაც
იღიმი.
– მე შენი ასაკიც მომწონს.
– ყველაფერი უკვე ნანახი და გამოვლილი რომ გაქვს.
– ისიც მომწონს, არაფერი რომ გიკვირს.
– მშვიდი რომ ხარ და ძალიან მოწესრიგებული ეგეც.
– მე რომ ვგიჟობ და შენ სულ იღიმი.
– არაფერს რომ მიშლი, რომ არ მეუბნები, ქეთო, ასე არ შეიძლებაო.
– ნინას გაგდება რომ მინდა და რომ დამთანხმდი, ეგეც ძალიან გამიხარდა –
დაგვირგვინა მან.
– ხა-ხა-ხა-ხა-ხა-ხა ეგ ტყუილია! – გავიცინე მე.
– რა ტყუილი, ხომ მითხარი, როგორც შენ გინდა, ისე მოვიქცევიო? – იცინის
ქეთო.
– ეგ მე არ მითქვამს – ვხარხარებ მე.
– მითხარი და ისიც ვიცი, რომ შენ ყველა პირობას ასრულებს, რასაც დებ, ასე რომ,
ფრიად კმაყოფილი ვარ!
– ჩვეულებრივი მხედრიონელი ხარ, დედას ვფიცავარ – მეცინება მის საქციელზე
მე.
– გადასარევი გოგო ვარ – თავს მიქნევს კმაყოფილად ის.
– საუკეთესო მსახიობი! – ვაგრძელებ მე.
– სხვათაშორის, ძალიან ვნანობ რომ არ ჩავაბარე თეატრალურზე.
– უდიპლომოდაც მიგიღებენ ყველგან, ნუ გეშინია – ვარწმუნებ მე.
– თეთრი ბილეთი ვაჩვენო? – იცინის ის.
– შენ არ გაქვს თეთრი ბილეთი – ვუღიმი მას და მინდა ჩავეხუტო.
როგორ ჩავეხუტო, თორე, კი.
– ძალიან რომ გთხოვო, არ გამიკეთებ? – თვალები ეშმაკურად უცინის მას.
– რად გინდა, გოგო? – სერიოზულად ვიკვირვებ მე.
– ისე, უბრალოდ, ჩემს ირგვლივ, მხოლოდ მე მექნება! – შუა ოთახში ორჯერ
დაბზრიალდა ქეთო – არ ფრიალებს ეს მანტია, რა სამწუხაროა!
– ახალს გაჩუქებ, ისეთს, რომელიც იფრიალებს – მეცინება და ქეთოს ქცევას
ვაკვირდები. როგორი ბავშვური, ლაღი და თავისუფალია.
და ამავდროულად, რამდენ რთულ სიტუაცია გამოვლილი.
მაინც რომ სულ იცინის და არასოდეს გაჩვენებს,
რა სტკივა,
რა სწყინს,
რა ედარდება...
ქეთო, რომ შემეძლოს...
ნეტა შემეძლოს, სულ შენთან ყოფნა,
რა ბედნიერი ვიქნებოდი...
– ხოდა მაჩუქე, ისეთი, რომ ფრიალებს.
– ისევ თეთრი,
– და ისევ კოჭებამდე.
– საქორწილო კაბასავით ნათელი და სადა.
– თვალის ტკენამდე ცარცისფერი...
– ბევრ პოზიტიურთან ასოცირებული.
– ბედნიერება ადამიანშია, საბა,
– მე კი მაგის, ყველაზე მეტად მჯერა!
– სულ, სულ ყველაზე მეტად!

თავდაყირა ცა
– ყველაზე მეტად ქალში მომწონს თხელი ტერფები და მაღალი ყელი. თვალები
და თმა. თხელი სილუეტი.
– ოხ, კარგი, ერთი! – ეცინება ქეთოს – ცისფერი სისხლი და საგვარეულო
მიღებები არ მოგწონს?
– არა, დედოფლები, ნაკლებად – მეცინება მე.
– ისე დაიწყე, მეგონა, ბოლომდე იდეალურს მოითხოვდი.
– კიდევ, ვგიჟდები ქალებს მუხლებზე ოთხკუთხედად ამოყრილი ძვლები რომ
ეტყობათ.
– მე მაქვს – თქვა ქეთომ ამაყად.
– ვიცი – გამეცინა მე.
– ბევრზე არ შემიმჩნევია, სხვათაშორის – გააგრძელა ქეთომ.
– მეც, სხვათაშორის – ისევ ვიცინი მე.
– რამდენი ხანი შეგიძლია, ცას უყურო? – ინტერესდება ქეთო.
– რავიცი, კაი ხანს – მეღიმება მე.
– მე იცი, რატომ მიყვარს?
– რატომ?
– ცაზე არსებული ვარსკვლავებიდან შემიძლია მოვიფიქრო მილიონი სილუეტი
და ფორმა.
– მე უბრალოდ ცის თვალიერება მომწონს.
– შეეცადე, რომ რაღაცეები დახატო თვალებით, ეგრე უფრო გაერთობი.
– ჯერ ერთი რამე დახატო, მერე მეორე, მერე მესამე.
– მერე წაშალო, თავიდან დახატო...
– ხანდახან, ამ ვარსკვლავებიდან მე, ზღვასაც ვხატავ...
– ცაზე? – ვცდილობ სიცილი შევიკავო, მაგრამ არ გამომდის.
– ძალიან მოსაწყენი ხარ, რომ არ გესმის! – მსაყვედურობს ქეთო.
– ტალღებსაც ხატავ? – სერიოზულად ვიცინი მე.
– სერფინგსაც! მარა შენ მაგას ვერ გაიგებ, მარტივად ფიქრობ და იმიტომ.
– სულ არ ვფიქრობ, ეგრე – ვცდილობ მისი გულის მოგებას – პირიქით, შენ ისეთი
მაგარი გოგო ხარ, შენი ტვინისთვის შეუძლებელი, არაფერი, აბსოლუტურად
არაფერი არ მგონია.. ასე რომ...
– ნამდვილად ეგრეა! – კმაყოფილი მპასუხობს ის.
– ისე, არ დაგიფიქსირებია,როცა ყველაზე მეტად გინდა ვინმე რომ ნახო, შენთვის
ძალიან მნიშვნელოვანი, არსად ჩანს და როცა პირიქით, არ გეგმავ ბევრი მიზეზის
გამო, თვალებში გეფეთება?!
– აუ, ძალიან ხშირად დამმართია! – მეცინება მე.
– ერთი ამბავი უნდა მოგიყვე და მერე, რამე შენც გაიხსენე, კარგი? – ისევ
მევაჭრება ის.
– კარგი! – ავტომატურად ვეთანხმები მე.
– სკოლა რომ დავამთავრე, სანამ იტალიაში წავიდოდი, მაგ ზაფხულს ერთი ბიჭი
მომწონდა. რატი ერქვა, კარგად მახსოვს, ჩემს გვერდით სასტუმროში ისვენებდა.
ისიც კარგად მახსოვს როგორ ვესვროდი ვაშლებს მის ფანჯარას ეზოდან, ოღონდ
გამოეხედა! – გადაიხარხარა მან.
– კაი, რაა! – არ ვიჯერებ მე.
– დედას ვფიცავარ! – გულზე ხელი დაიდო ქეთომ.
– ფანჯარა რომ ჩაგემტვრია? – მეცინება მე.
– მაგაზე არ ვფიქრობდი – ისევ იცინის ის – ხოდა, მოკლედ, ჭკუაზე არ ვიყავი,
ისე ვეპრანჭებოდი!
– იცნობდი, თუ ისევ შორიდან, პლატონურად?
– არა გავიცანი, იმასაც მოვეწონე...
– „იმასაც“? – ყურში ცუდად მომხვდა მე.
– ოო, საბა! – მსაყვედურობს ის – ორივეს მოგვწონს ერთმანეთი, ყველაფერი
რიგზეა.
– კარგი, მერე?!
– ხოდა, მოკლედ, ხან სად ვნახულობ, ხან სად, ხან ვცეკვავთ, ხან მზეზე
ვირუჯებით! ხოდა მოხდა ისე, რომ ეს ბიჭი სადღაც წავიდა, ერთი დღე ვერ მნახა.
ის დღე, მე სანაპიროზე გავატარე რაღა თქმა უნდა,ზედმეტი მომივიდა მზეზე
ყოფნა და შუბლი და ცხვირი მაქვს დამწვარი ძალიან, აი, რუსი ლოთივით...
– რა სანახავი იქნებოდი! – გადავიხარხარე მე.
– საშინელი! – იცინის ქეთო – და სულ მარილიანი დავბრუნდი სახლში.
შევდივარ ბედნიერად აბაზანაში და ვხედავ, წყალი არ მოდის!!!
– აუ, ჩემი! – ვხარხარებ მე მერე?
– მარილი თმას რას უკეთებს, იცი? – ეშმაკურად მიღიმის ქეთო აშრობს და
აუხეშებს, გგონია, რომ შპაკლწასმული მასით დგახარ და ვერაფერს შველი
საკუთარ თავს. ჩემს ბავშვობაში იყო ეგეთი ფილმი „ეის ვენტურა“, იცი? ჯიმ ქერი
თამაშობდა მთავარ როლში, აი, ზუსტად მას აქვს ისე თმა, მე რომ მქონდა წლების
წინ, მაგ დაუვიწყარ დღეს, წარმატებით ყალყზე.
სიცილისგან კინაღამ სკამიდან გადმოვვარდი. ინერციით, მუხლებისკენ
გადავიხარე.
ქეთოც ამყვა და ასე ვიცინოდით 2 ხმაში, საკმაოდ ხმამაღლა.
– კაი, და მერე? – ძლივს ამოვისუნთქე მე – გნახა, ამ ფორმაში?
– მნახა? სახლში არ შემომივარდა, რო?
– კაი, რაა!!! – გულწრფლად შემეცოდა ქეთო.
– წარმოიდგინე, პირდაპირ შემოაჭრა და ამოვიდა. ვდგავარ, ცხვირანთებული
ჩირაღდანივით, თმადაუმორჩილებელი, ვიღაც, პროვინციელი გოგო და არ ვიცი,
რა გავაკეთო.
– შენ, ყველანაირ მდგომარეობაში, ულამაზესი იქნებოდი გამეღიმა მე.
– ზუსტად იგივეს მიმტკიცებდა რატიც – გაიცინა ქეთომ – არ იცი, რეებს
მეუბნებოდა!
– მაინც, რას? – არ მესმის რატომ მეშლება ნერვები მე.
– რომ, ულამაზესი ვარ, რომ ეს დამწვრობაც მიხდება, რომ მალე ჩამოვა და ისევ
ერთად ვიქნებით.
– აი, მაგ მონოლოგის ბოლოსკენ, ცოტა „რიჟა საუბრებია“ – გავიცინე მე.
– ნუ, რა თქმა უნდა, 17 წლის ბიჭს, რა ემოციაც აქვს, იმას ამბობს, რას
მოიმოქმედებს, სხვა ამბავია. დარწმუნებული ვარ, მაშინ მე მას მართლა
განსაკუთრებული ვეგონე, ჩემი „უჟასი“ ფიზიონომიის მიუხედავად – მხიარულად
დაასრულა მან.
– მე კიდე, ერთ გოგოს ვეპრანჭებოდი, მეც დიდი ხნის წინ და მეც ბავშვობაში.
როცა ფული მქონდა და ვურეკავდი, სადმე რომ წავსულიყავით, ან მეცადინეობდა,
ან არ უშვებდნენ სახლიდან, ან, არ ვიცი, მიზეზი არ ილეოდა. და მხვდებოდა
შემთხვევით ქუჩაში, როგორ დროს, იცი?
– როგორ დროს?! – ეცინება ქეთოს.
– აი, როცა 3 ლარი მედო ჯინსის უკანა ჯიბეში.
– ხა-ხა-ხა-ხა-ხა-ხა-ხა – სიცილიგან ცრემლები მოსდის მას – აუუუ!
– წარმოიდგინე! – მეცინება მე.
– რამდენი წლის ხარ, მაგ დროს?
– ალბათ მეათე კლასში, ან მეთერთმეტეში – გადავითვალე მე – და მერე
მიდიოდა ტელეფონებისა და ჯვრების დალომბარდება, ერთი წამით გადახვევები
იქვე არსებულ ლომბარდებში და მთელი ამბები.
– ძალიან უცნაურად ხდება ხოლმე – დამეთანხმა ქეთო.
– სულ ეგრე ხდებოდა! სპეციალურად! – თავს ვუქნევ მე – მაგრამ მერე რომ
იხსენებ, მაინც კარგად გახსენდება.
– ნუ, ხო, ეგ თავისთავად! – წყლიან ჭიქას იყუდებს ქეთო და ბოლომდე სვამს
ისე, ლამაზი იყო ის გოგო? – მეკითხება მშვიდად.
– ის გოგო? – ვიბნევი მე არაუშავდა!
– მაინც? ამიღწერე! – მთხოვს ქეთო.
– რა მახსოვს – ვიტყუები მე და ვცდილობ თემა შევაცვლევინო.
– ოდესმე, რამეს მომიყვები? – სერიოზულად მეკითხება ის.
– ოდესმე, კი! – ვიცინი მე.
– გვიანი არ იყოს – ეცინება ქეთოს და ლავიწთან ჩამოყრილ თმას მშვიდად
ისწორებს.
– დიდხანს მიწაზე თუ იწვები, აუცილებლად გაცივდები.
– ნეტა, ეს პიონერული ჩართვები არ გქონდეს – წარბს წევს ის.
– არ მინდა, რომ გაცივდე, პიონერობა რა შუაშია? – მეღიმება მე.
– მე არ ვცივდები, საკუთარი გამოცდილებით კი ნუ იმსჯელებ! – იცინის ისევ
ქეთო.
– ერთ წამს წამოიწიე – ვთხოვე მას და ხელი გავუწოდე.
ქეთო წამოდგა და გაოცებით შემომხედა.
– არ გავცივდები, ვაა!
– მაგიტომ არ ამიყენებიხარ – ვიცინი ისევ აი, ნახე ეს ახლადაშენებული სახლი,
რამსიმაღლეა?
– მერე? ეგეთები შენდება ირგვლივ მილიონი სახლი – მხრებს იჩეჩავს ის – თუ
დიზაინი გაინტერსებს, ცოტა დურაკულია – მშვიდად აგრძელებს ის.
– გადათვალე, 7-ე სართული – მეღიმება მე.
– მერე? 7-მდე თვლა ნამდვილად ვიცი, საბა! – გაოცებით აგრძელებს ის.
– ჩემი სახლია! შენთან ძალიან ახლოს! გვერდით! გესმის? აღარაფრის
შეგეშინდება!
– მითხარი, რომ ხუმრობ! – გაიმკაცრა სახე მან.
– არ ვხუმრობ! – გავუღიმე მას.
– ჩემს გამო იყიდე? – თვალები გაუფართოვდა მას.
– .... – არ ვიცი, რა ვუპასუხო – ისედაც ვაპირებდი – თავს ვიძვრენ მე.
– არ აპირებდი, საბა! რა სიგიჟეა, ღმერთო!!!! – თვალები სიხარულისგან აემღვრა
მას.
– გადიხარ აივანზე და უყურებ შენ პალატას! – გავიცინე მე.
– არ მჯერა, გესმის?! რატომ გააკეთე? – თვალებში შიში ჩაუდგა მას – მე მალე
წავალ, რად გინდოდა ამდენი წვალება?
– სანამ აქ ხარ, მშვიდად იყავი. იცოდე, რომ 1 წამში მოვალ, თუ ცუდად გახდები.
– საბა... შენნაირები აღარ ჩნდებიან! – უცნაურად მითხრა მან და თვალი ამარიდა.

ბექირიშ ანანიძე
– ქეთო ბექირიში, ბექირიში... უცნაური გვარი გაქვს, აქამდე არც გამიგია – ქეთოს
ანალიზების ჩამონათვალს ვაგროვებ და დახლზე ცალკე ვდებ მე – წესრიგშია
ყველაფერი, კარგი პასუხებია გავუღიმე ბოლოს.
– რაო, გიჟი აღარ ხარო? – ეცინება ქეთოს და ცდილობს, ფურცელს თავდაყირა
ჩახედოს.
– გიჟი ისედაც არ იყავიო – ვპასუხობ მშვიდად – მომიყვები შენს გვარზე?
– ძალიან მაგარი ისტორია აქვს ამ გვარს, წარმოუდგენლად მაგარი – იღიმის ის.
– ხოდა, მომიყევი, რა! – ბავშვივით ვთხოვ მას.
– მოკლედ საბა, სარფში ერთი კაცი ცხოვრობდა წლების წინ, ბექირიშ ანანიძე.
ლამაზი კაცი იყო, წარმოსადეგი. დიდი სახლი ჰქონდა ზედ ზღვის პირას. ამბობენ,
იმდენად ახლოს იყო ზღვასთან მისი სახლი, აივნიდან ხელი რომ გადაეყო, ზღვას
შეეხებოდაო...
– როგორ არ შეეშინდა, ასე ახლოს სახლის აშენება? – მიკვირს მე.
– არ შეეშინდა, არაფრის არ ეშინოდა ამქვეყნად! – ამაყად თქვა ქეთომ, – ყველაზე
ვაჟკაცი იყო, ვინც კი ოდესმე გინახავს.
– მერე?! – ვკითხულობ ღიმილით.
– მერე უცოლო იყო. ძალიან უნდოდა ვინმე შეყვარებოდა, მაგრამ ამაოდ. მთელს
აჭარაში მისი მოსაწონი, არავინ დადიოდა.
– ოხ? ვ გამეცინა ისევ.
– გეუბნები! – თავი დამიქნია ქეთომ და ონკანიდან წყალი ჩამოისხა – მოკლედ,
მოხდა ისე, რომ ბექირიშს ახლოს, საცხოვრებლად გადმოვიდა რუსი
დიდგვაროვანის ოჯახი, გვარად ახმატოვი. რადგან ოჯახის უფროსი თურქეთში
საქმიანობდა, ამიტომ მან სარფის საზღვართან დაიდო ბინა.
– უკვე მომწონს სიუჟეტი – მეცინება მე.
– ჯერ სად ხარ! – იცინის ქეთოც – ახმატოვებს ჰყავდათ ერთი ვაჟი, და ერთი
გოგო კატერინა. ბიჭი რუსეთში დარჩა, ოჯახით. კატერინა მშობლებს ჩამჰოყვა
საქართველოში. ბექირიშს და კატერინას ერთმანეთი შეუყვარდათ.
– ვაააა! – ტაში დავუკარი მე.
– დამაცადე – წარბი აწია მან – ეს სიყვარულის ისტორია დიდად არ გახარებია
კატერინას მამას, იგორ ახმატოვს, რომელსაც საერთოდ სხვა გეგმები ჰქონდა
ქალიშვილთან დაკავშირებით. კერძოდ, მას უნდოდა კატერინას გათხოვება
თურქეთში ცნობილ ვაჭარ, ომარ იგიდ ხანზე.
– აუ, რა გვარია, სად იპოვა! – აღშფოთება ვერ დავმალე მე.
– „იგიდ ხანი“ თურქული შერქმეული გვარსახელია და რომ თარგმნო, ნიშნავს
„გმირს“ „მამაცს“.
– რამდენი მტერი გვყვავს ამ ქართველებს! – სინანულით აღმომხდა მე.
– ასეა, კი – თავი დამიქნია ქეთომ – მოიცადე, ნახე, რა ხდება – თვალები
ეშმაკურად აენთო მას – ერთხელ, თურქეთში, ერთ-ერთ წვეულებაზე ოჯახთან
ერთად მყოფი კატერინა ომართან ძალით დატოვეს და მშობლები უკან
დაბრუნდნენ. 3 დღე ელოდა თურმე, ბექირიში შეყვარებულს ზღვის პირას. რომ
მიხვდა, კატერინას მწარე ხვედრს, მისი მოძებნა და დაბრუნება გადაწყვიტა.
– იმხელა თურქეთში, სად უნდა ეპოვნა?
– არავინ იცოდა – მიპასუხა ქეთომ და ცოტახანი დაფიქრდა.
– მერე? – მოუთმენლობა დამეხატა სახეზე მე.
– მერე ადგა და წავიდა თურქეთში. აი, ასე, გიჟივით... კითხვა-კითხვით, 2 წლის
მანძილზე მოიარა მთელი თურქეთი, გესმის?
– ყველა ქალაქი? – არ დავიჯერე მე – შანსი არაა!
– ძალიანაც არის! – ცეცხლი მოეკიდა ქეთოს.
სიცილი ამიტყდა და შევეცადე, ძალიან არ შემემჩნია.
– მოიარა ყველა ქალაქი, ყველა, გესმის? ყვე-ლა! – დამიმარცვლა ქეთომ და
ბოლოს როგორც იქნა, იპოვა ამ ვაჭრის სასახლე. კი იპოვნა, მაგრამ იქ შესვლას
ეხუმრები?
– ძალიან რთულ საქმეს შეჭიდებია! – დავეთანხმე ისევ – მერე, რა გააკეთა?
– იქვე ბაზარში იყიდა ნაციონალური ტანისამოსი და ომარს კარზე ეახლა,
თითქოს, ისიც ვაჭარი იყო გურჯისტანიდან და უნდოდა, საქმეზე გასაუბრება.
ომარმა მხიარულად მიიღო სტუმარი. დაათვალიერებინა თავისი სასახლე,
უმშვენიერესი ბაღი და უთხრა, კიდევ ერთი საქმის წარმატებულად დასრულება,
ამ ეტაპზე მის ფინანსებს არ აწყენდა. სწორედ ამიტომ, დათანხმდა ბექირიშს.
– რა საქმე იყოო, არ ამბობს თქმულება? – ჩავეძიე მე.
– რომელიღაც პროდუქტის ექსპორტზე, რისი ნამდვილად არ მახსოვს – მხრები
აიჩეჩა ქეთომ. მის ლამაზ მხრებს შევხედე და წამით საერთოდ დამავიწყდა სად
ვიყავი და რას ვისმენდი – შეხვედრაზე შეთანხმდნენ მესამე დღეს, იმავე დროს,
ისევ ომართან სასახლეში. 3 დღე არც უძინია და არც უჭამია ბექირიშს. მარტო
იმაზე ფიქრობდა, კატერინა, როგორ გამოეპარებინა ამ სასახლიდან. მესამე დღეს
ის ვაჭრის სასახლეში დროზე ადრე მივიდა და შეეცადა კატერინა მოეძებნა.
მოიარა რამდენიმე სართული ვითომ, სასახლის დათვალიერების მიზნით და
მართლაც მოკრა თვალი ულამაზეს ბაღში მოწყენილად მჯდომ გულისსწორს.
– ხელსახოცი არ გაქვს? – უდროოდ ვიხუმრე მე.
– კიდევ ერთი შენიშვნა და საერთოდ ხმას არ გაგცემ! – დამიცაცხანა ქეთომ.
მომენტალურად დავსერიოზულდი
– მოკლედ დაინახა და დაუძახა კატერინას, რომელსაც მოულოდნელობისგან,
კინაღამ გულყრა დაემართა შეყვარებულის დანახვაზე. შეთანხმდნენ, რომ
საღამოს, 9 საათზე, გოგონა მალვით უნდა აპარულიყო იმ გემზე, სადაც კასრებში
მოთავსებული უდიდესი ტვირთი, ტფილისის მიმართულებით წამოვიდოდა.
ასეც მოხდა. გოგონა მართლა დაიმალა ერთ-ერთ კასრში და ასე გამოაპარა
ბექირიშმა ის თურქეთიდან. ბათუმს რომ მიუახლოვდნენ, კატერინამ დაწერა
წერილი მშობლებისთვის, რომელიც კურიერს გაატანა ახმატოვების მისამართზე.
წერილში იწერებოდა, რომ გამოეპარა თურქს და გაჰყვა თავის ცხოვრების
სიყვარულს. წერილის ბოლოს მიაწერა ქართულად:
„მუდამ თქვენი, თუმცაღა აწ უკვე ბექირიში კატერინა“
ამ დროს უნდა დაეწერა „ბექირიშის კატერინა“ . რუსებმა სიტყვა „ბექირიში“
ქართულ გვარად მიიჩნიეს და აქედან დარჩა ეს, სახელიდან შემდგარი
გამოგონილი გვარიც, რომლის მატარებელი დღეს ასე, ამაყად და თამამად, ვარ მე!
– ტაში დაუკრა მონოლოგის ბოლოს ქეთომ.
აღფრთოვანებისგან დავუსტვინე!
– საოცარი ისტორიაა!!!
– ნამდვილად! – თვალებით გამიღიმა მან.
– ნეტა ბოლომდე ერთად იყვნენ? – დავინტერესდი ისევ.
– კატერინა და ბექირიში? კი! ღრმა მოცუხებულობამდე. ხუმრობ? მთელი
თურქეთი მოიარა ტიპმა, ეს გოგო რომ ეპოვნა, მაგას სადმე გაუშვებდა?!
– „სხვისი ცოლი“ – გამეცინა მე.
– აი, საერთოდ არ ედარდებოდა ის თურქი ბექირიშს. აი, ოდნავადაც კი არ
ენაღვლებოდა – თვალი ჩამიკრა მან.
– ხო, ნუ ძალით გაათხოვეს, ამ გოგოსაც რა ექნა! – გავამართლე მე.
– პრინციპში გაყიდეს! – დამიკონკრეტა მან – ჰოდა, საკადრისადაც დაისაჯნენ! –
თქვა მან გამარჯვებული ხმით – და შენ, საბა? მთელ თურქეთს მოივლიდი?

აბსურდის თეორია
ახალი პაციენტი ცოტა მეკონტაქტება.
დღეს შემომხედა, პალატაში რომ შევედი.
უკვე რაღაცას ნიშნავს. შუადღით, გეგმაში მაქვს, ნახატები შევუტანო და მისი
აზროვნება დავტესტო. ძალიან მაინტერესებს, რა დონესთან მაქვს საქმე.
ასეც მოვიქეცი, მოსაღამოვდა თუ არა, უშველებელი საქაღალდე ავიღე და ქეთო
ბექირიშის პალატისკენ წავედი. ქეთო ფანჯარასთან ისევ ზურგშექცევით იჯდა.
მშვიდად დავდე საქაღალდე მაგიდაზე და ფრთხილად მივუახლოვდი.
– დღეს მინდა, „ნახატების გამოცნობანა“ ვითამაშოთ – ვუთხარი მხიარულად.
– ქეთომ ძალდატანებით შემომხედა და სახეზე კითხვის ნიშნები დაეხატა
თამაშია ასეთი, ფსიქიატ..ოლოგები იყენებენ პაციენტებთან სამუშაოდ –
ტექნიკურად გადავაკეთე მე.
– რამდენი წლის გგონივარ? – მეკითხება მშვიდი ტონით ის.
– 22-ის – გავიღმე მე.
– 28-ის ვარ და მაინც არ მომწონს ეგ იდეა – აგრძელებს იმავე ტონალობაში.
– გავიგე, რომ ხატვა გიყვარს... იცი, როგორ გაერთობი? მე გაჩვენებ ნახატებს, შენ
ამიხსნი, რას ხედავ – ისევ მხიარულად ვაგრძელებ მე.
– გემოვნება ჩემს ხარჯზე გინდა, დაიხვეწო? – მეკითხება უჩვეულო სითავხედით.
– გემოვნება? – მეცინება მე – გემოვნება არა, მაგრამ შენი აზროვნება, ნამდვილად
მინდა, გავიგო.
– ვერ გაიგებ, მაინც, აზრი ზერო! – თვალებს არ მაშორებს ის.
– ნუ, მე მაინც ვცდი, თან ნახატებზეა საუბარი – ისევ ვუკონკრეტებ მე – ვინ-ვინ
და შენ, ნამდვილად გაგიადვილდება.
– მეზარება „ძაან“ – ამბობს პატარა პაუზის მერე ქეთო.
– ძალიან რომ გთხოვო? – არ ვეშვები მე.
– რა აუტანელი ხარ, ღმერთო ჩემო! – ამბობს ის უხასიათოდ.
– მაპატიე, მაგრამ ძალიან აუცილებელი პროცედურაა – ვაგრძელებ ისევ.
– რამდენი ნახატი უნდა მაჩვენო? – მეკითხება ის.
– 15!
– ათი – მევაჭრება ის.
– ცამეტი – შევაპარე მე.
– ჯანდაბას, კარგი! – იჯღანება ის.
კმაყოფილი წავედი საქაღალდის ასაღებად.
– ოღონდ მობრუნდი, ხო?– ხმადაბლა შევკადრე მე.
– რატომ? – ზურგიდან მპასუხობს ის.
– ისევ გამეცინა. არადა, ეს მისი ქცევა ფსიქიკასთან კავშირში არაა. არანაირად
არაა, თან. პოზა აქვს უბრალოდ, სერიოზული არც არაფერი სჭირს. ვახ, როგორ
მინდა ერთი შემოვარტყა ამ უზნეო ბავშვს, არადა, არ მაქვს უფლება, პაციენტია!
– ზურგიდან როგორ უნდა დაინახო, აბა? – მოთმინებით ვაგრძელებ მე.
– ვიმკითხავებ – ისევ მპასუხობს უტიფრად.
მივუახლოვდი წინიდან და სახეზე ავაფარე პირველი სურათი.
სურათზე ზებრა ეხატა.
– აბა, რას ხედავ აქ? – ვეკითხები მშვიდად.
ქეთომ სურათზე გადმოიტანა მზერა. მერე სურათიდან ჩემს თვალებზე გააჩერა
თავისი წვრილი თვალები. დაახლოებით მეკითხებოდა ასეთ რამეს „მეღადავები?“
– როგორ გგონია, რა არის ამ სურათზე გამოსახული?
– თოლია . მშვიდად მპასუხობს ის.
– რა თოლია? – სურათი ჩემსკენ შემოვაბრუნე მე.
– ზუსტად, თოლიაა – ისევ იმავე ტონალობაში აგრძელებს ის.
– კარგი – მშვიდად ვპასუხობ მე და სხვა სურათზე გადავდივარ.
– ზებრას ხატვის აზრზე არაა, ავტორი – მპასუხობს ის კიდეებს შეხედე!
– რომელ კიდეებს? – არ მესმის მე.
– სურათის კიდეებს, აი, ეს ზოლები, იფანტება სივრცეში, ხედავ? ცისკენ...
გაფანტული ხაზები, შორიდან, თოლიებს ემსგავსებიან.
– გასაგებია – ასეთ პასუხს ნამდვილად არველოდი მე – აქ რა ხდება?–
ყვავილებიან სურათს ვაჩვენებ მას.
– მზეა მანდ – ისევ მშვიდად აყოლებს თვალს ფურცელს და წამში აბრუნებს ისევ
მზერას პალატის ვიტრაჟზე.
– ყვავილები, არაა? – დავეჭვდი მე.
– სადაც მზეა, იქ ყვავილიც იქნება – არც კი მიყურებს, ისე მპასუხობს ქეთო – აი,
გულზეც მზე მაქვს მანტია გადაიწია და ოვალურ მზეზე მიმითითა მან – რაც
თავი მახსოვს, მას მერე ეს მედალიონი მიკეთია, მზეს ვატარებ თან, სადაც ვარ,
ყველგან, ჩემი თილისმაა. სადაც მზეა, იქ ყველაფერი პოზიტიურია, მათ შორის,
ყვავილებიც.
– კარგი ისევ მეღიმება მე ეს? – ზღვის სურათს ვუდებ წინ მას.
– ჩემი სახლია, მანდ – მპასუხობს ქეთო – და ზღვა ეს ფერი არაა!!!
– აბა, რა ფერია? – მეცინება ისევ.
– რა ფერიცაა! ეს ფერი ნამდვილად არაა – ისევ მპასუხობს ის.
– აი, ერთსაც შეხედე და გეშვები– გავედი ბოლოში მე და პატარა გოგოს სურათს
ვაჩვენებ მას.
– აქ სევდაა – მპასუხობს ის – ავტორის გაცნობა მინდა, რატომ ჰქვია მხატვარი,
გაუგებარია! მე უკეთეს ნახატებს დაგიხატავდით, რომ გეთხოვათ.
– ასე კარგად ხატავ? – ეჭვის თვალით შევხედე მას.
ქეთოს გაეცინა. მერე წყალი დალია და ისევ გაეცინა.
– აი, მაგ ტიპზე, ბევრად კარგად ნამდვილად ვხატავ – ისევ გაეღიმა მას – ჩაწვდი
ჩემს დიად აზროვნებას? რაღაც ძალიან მეეჭვება!
– რაც მაინტერესებდა, გავიგე – ვიტყუები მე.
– არ მჯერა – ენას მიყოფს ის.
ისევ მეცინება და ვცდილობ, არ გავიცინო.
– რა უნდა გაიგოთ ამ იდიოტური ნახატებით, დედას გაფიცებთ? – ხუმრობის
ხასიათზე მოვიდა ქეთო.
– როგორ აგიხსნა, გამიჭირდება! – თავს ტექნიკუარდ ვიძვრენ მე.
– აი, მე რომ ზებრაზე გითხრა დელფინია-თქო, გიჟი ვარ თუ ჭკვიანი?
– მარტო ერთი პასუხით არ ხდება მაგის დადგენა – ვიღიმი მე.
– აბა, კიდევ რითი? – არ ესმის ქეთოს.
– ბევრი ფაქტორია – ისევ ვიცინი მე.
– ჩამოთვალე! – მთხოვს ის.
– ნახატების ასოცოაციით, ქცევით, საუბრით, სახის მიმიკით, თვალებით.
– ჩემს თვალებში რას ხედავ? – მზერას არ მაშორებს ის.
ცოტა დავიძაბე და რომ არ შემემჩნია, ისევ გავიღიმე.
– ვხედავ რომ არაფერი განსაკუთრებული არ გჭირს, შენ, პირადად.
– არაფერი გასაკუთრებული არ ჩანს ჩემს თვალებში? – გაიოცა მან.
– განსაკუთრებული თვალები გაქვს, ნამდვილად – ვცდილობ არ გავანაწყენო ის.
– აბა, არაფერია განსაკუთრებულიო? – სიტყვებზე მეთამაშება ის – რამდენი წლის
ხარ, საბა?
– 38-ის – მეცინება მე.
– გადასარევად გამოიყურები – მითხრა მან.
– კარგია, თუ ეგრეა – საგრძნობლად გავწითლდი მე.
– ცურვა იცი? – ისევ ინტერესდება ის.
– ცურვა ვიცი, კი – ისევ მეცინება მე.
– ერთი პლუსი, ჩემგან – მშვიდად იმეორებს ის.
– ხუმრობ, თუ მართლა ამბობ? – ვერ ვხვდები მე.
– შენ როგორ გგონია? – თვალს არ აშორებს ვიტრაჟს ის.
– მგონია, ხუმრობ! – ვპასუხობ მე.
– აზრზე არ ხარ – უკმაყოფილოდ აგრძელებს ის და სახეს ჭმუხნის – ან მალე
დაალაგებ ჩემთან საუბარს, ან მეეჭვება „დალშე“ გეკონტაქტო. არც ის დურაკი
პრაქტინაკნტკა არ შემიძლია, დერეფანში რომ დადის თვალწასული, ხორცისფერი
კოლგოტკით...
– ვინ, ნინა? თვალწასული კოლგოტკა? სად დაუნახე? – გადავიხარხარე მე.
– სასაცილო რა არის, მართალი არ მესმის, მაგრამ არაუშავს, ჩათვალე, გავატარე –
ისევ მშვიდად აგრძელებს ის.
– ნამდვილად არ შემიმჩნევია – მეცინება მე.
– კაცები ზოგადად ნახევრად ბრმები ხართ, უკაცრავად, მაგრამ ჩემი პირადი
აზრია. მოკლედ, არ შემიძლია ეგ გოგო და იქნებ ამარიდო აქ, მისი იდიოტური
ფიზიონომია. შენ ნახატებით ნუღა შემაწუხებ. დანარჩენს ვნახავ...
– აა, „დაჟე“ ნახავ? – ყურებს არ დავუჯერე მისი თავხედური საუბარი.
– ვნახავ, ხო – სერიოზულად დამეთანხმა ის – უფროსის გაცნობა მინდა.
– რომელი უფროსის? – ვეკითხები მე.
– ამ კლინიკის უფროსის!
– არაა აქ, ეგ ტიპი – ისევ მეცინება მე.
– კადრების არჩევის აზრზე არაა, გადაეცით, ერთი შენ არაგიშავს, სხვა ყველა
გასაყრელია! – ხელს უკმაყოფილოდ აქნევს ის.
– გადავცემ – ისევ ვიცინი მე – არ ხარკმაყოფილი, მოკლედ! – დავასკვენი მე.
– შენით კი, პრინციპში ყველაზე მეტად, შენ მომწონხარ... სხვა არავინ! არც
ნახატები, არც ექთნები, არც ეს კითხვები, რასაც მეკითხებით. მეზიზღებიან
ყველანი. და თავი მტკივა!
– ეგეც ჩვენი ბრალია? – ვიცინი მე აქ იმიტომ ხარ, რომ მოგხედოთ.
– დამალაპარაკე უფროსი, მოკლედ!
– გისმენ, რა პრეტენზია გაქვს?!
– უფროსი-თქო! – მიძაბავს ის.
– მე ვარ-თქო! მეცინება გიჟივით და გულზე დაკიდებულ ბარათს ვაჩვენებ.
– უი, დირექტორი ხარ? – წამით დაიბნა ქეთო – მაგიტომ მომწონხარ, ალბათ.
მომწონხარ რა, შედარებით გელაპარაკები... ვერ თქვი თავიდანვე? – უცებ შეცვალა
საუბრის ტალღა მან.
– მე ვარ კი, რა არ მოგწონს, ამიხსენი, აბა?!
– ის გოგო გააგდე, კოლგოტკიანი და ტკბილი ჩაი არ მომიტანოთ, არ მიყვარს, ვერ
ვსვამ და მერე მეჩხუბებით, რატომ არ სვამო. კიდევ გადასხმის მერე თავი მტკივა
და ტკვილგამაყუჩებელი მინდა დიდი დოზა, ის შტერი გოგო, პატარა დოზას
მიკეთებს და თავის ტკივილი არ მიჩერდება. სხვა ისეთი, არაფერი, პრინციპში...
– გასაგებია, შევეცდები, დაგეხმარო – დავპირდი მე და დავემშვიდობე.

წრეზე, საათის ციფრებში მოქცეული მასშტაბის ერთობლიობა


– საბა, როდის უნდა გამწერო? – შევედი თუ არა, გამარჯობის ნაცვლად კითხვით
დაიწყო მან.
– რა ხდება? – გავიოცე მე.
– არაფერი, ისე – მხრები აიჩეჩა მან – რაღაცის დახატვა მინდა და მაინტერესებს,
მოვასწრებდი, თუ არა.
– მოასწრებ! – ვანუგეშე მე.
– მაინც? – არ მეშვება ის.
– არ ვიცი, ქეთო – არ არსებულ მიზეზის გამოგონებას ვცდილობ მე.
– 1 კვირა, მაქსიმუმ, ხო? – მეკითხება ის.
– კი! – თავი დავუქნიე. არადა უკვე თავისუფლად შემიძლია მისი გაწერა, მაგრამ
მაგაზე ფიქრი, ჭკუიდან მარყევს.
– მაშინ, მოვასწრებ – თავი დამიქნია მან და ხატვა გააგრძელა – როგორ ხარ?
– ვარ, რა! – უხასიათოდ გავაგრძელე მე.
– მოხდა, რამე? – ხატვა შეწყვიტა და უცნაურად შემომხედა მან.
– არა, არაფერი – როგორ ავუხსნა, თორე, კი!
– ნუ, ფაქტია, რომ რაღაც გჭირს! – მომიახლოვდა ქეთო და თვალებში ჩამხედა.
– არაფერია, ქეთო – თვალი ავარიდე მას და ნერვიულად ჩავახველე.
– კარგი! – უკან გაბრუნდა ის და ფანჯრისკენ შებრუნდა – იმედია, ეს ყველაფერი
მეჩვენება და ის არაა, რაც მე მგონია – ღრმად ამოისუნთქა მან.
– ყველაფერი წესრიგშია – ვთქვი ხმადაბლა მე და შევეცადე, სიტუაცია
განმემუხტა.
– მაშინ, მიხარია! – მოწყენით გამიღიმა მან – ჩემს ნივთებს არ დამიბრუნებენ?!
– მოგიტანენ დღეს, ყველაფერს, უკვე გავაფრთხილე – თავი დავაქნიე და ტუჩები
მოვკუმე.
– რაღაცის თქმა გინდა, საბა! – მიღიმის ის – არა?!
– არა! თავს ვაქნევ ღიმილით მე.
– მაშინ, მოწყენილი ხარ – მაზოლზე ფეხს მაჭერს ის.
– ყველაფერი წესრიგშია-თქო – ვუმეორებ ღიმილით.
– ჩემთვის წესრიგი თუ ფრანგულ ქაოსს ნიშნავს, ანუ, დაგიჯერო? – ეცინება მას.
– როგორც გინდა! – ვუღიმი მე.
ქეთო მომიახლოვდა, უხმოდ ჩადო ფუნჯი წლიან ჭიქაში და მთელი სხეულით
ჩამეხუტა.
– ყველაფერი თავის ადგილზე დადგება, როგორც კი წავალ აქედან – ჩამჩურჩულა
ყურში მან.
– არა! – თავი უარყოფის ნიშნად 2-ჯერ გადავაქნიე – არაფერი არ დალაგდება,
ქეთო!
– ყველაფერი დალაგდება, დამიჯერე! – მშვიდად გამიმეორა მან.
– არა! – ისევ თავი გავაქნიე მე.
– საბა! ყველაფერი გაივლის! – თვალებში ჩამხედა მან.
– ქეთო! – ხმადაბლა დავიწყე მე.
– დამიჯერე! – თავი დამიქნია მან.
– არ გესმის – თავი უკმაყოფილოდ გადავაქნიე მე.
– მე იმაზე მეტი მესმის, ვიდრე მინდა, რომ მესმოდეს. შენც გადასარევად იცი ეგ
ამბავი. ამიტომ ყველაფერი დავტოვოთ ისე, როგორც არის. ზუსტად ისე, ვიდრე ეს
იქამდე იყო, ვიდრე მე იმ წვიმიან შაბათს, ამ კლინიკაში მომიყვანეს.
– ეგრე, არ მინდა – ვუთხარი გაბზარული ხმით.
– სხვა გზა არ არის – მხრები აიჩეჩა მან.
უცებ კარზე დააკაკუნეს. მივედი და მედდას ქეთოს ნივთებით სავსე ყუთი
გამოვართვი.
– აი, ქეთო, მოგიტანეს! – ყუთი მაგიდაზე დავუდე მას.
ქეთო მომიახლოვდა და ნივთების ამოლაგება დაიწყო.
– ნახე, საბა, ეს არის ჩემი საყვარელი ნივთი. იტალიაში ვიყიდე – ვერცხლისფერი
საათი გამომიწოდა მან.
– კაცისაა, ქეთო –გავიცინე მე.
– ნამდვილად! – თავი დამიქნია მან.
– და ვის უყიდე? – ვერ გავიგე მე.
– არავის! ჩემს თავს ვუყიდე – იმიტომ ვიყიდე, რომ სიგიჟემდე მომეწონა.
– ძალიან ლამაზია, ნამდვილად – გამეცინა ისევ.
– ხოდა მინდა, რომ შენ გაჩუქო! – მითხრა მოულოდნელად.
– არა, ქეთო, მე საჩუქრები არ მიყვარს – ხმადაბლა ვთქვი მე.
– რა გიყვარს, არ მაინტერესებს, მე გჩუქნი, შენ შეგიძლია, გადააგდო – მიცინის
ის. – ამას, მხოლოდ საათის დატვირთვით არ გჩუქნი!
– აბა?! – ვიცინი ისევ ახალი თეორიის მოლოდინში.
– მე ამით შენ გჩუქნი დროს! იმ დროს, რაც არასოდეს არ გყოფნიდა ჩემი
ტლიკინის მოსასმენად. იმ დროს, რაც ჩვენ ერთად გავატარეთ, დროს, რომლის
პერიოდში შენ მე მიმკურნალე და დროს, რომელიც... – ხმა გაებზარა მას –
რომელიც ამ პატარა წრეზე არსებულ სივრცეშია მოთავსებული – საჩვებელი თითი
გადაატარა საათის მინას მან – დამპირდი, რომ ატარებ!
– გპირდები – საათი გამოვართვი და მუჭაში მოვათავსე.
– ერთხელ მეკეთა – აღიარა მან – რამდენიმე საათით მეკეთა, ჩემი ენერგეტიკა
აქვს ამ მეტალს, ახლა შენი დაამატე და იმედია, რაღაც გამოვა გაიღიმა ბოლოს
არის კიდევ ერთი დეტალი საათთან დაკავშირებით...
– მითხარი – გავიღიმე ისევ.
– ექიმი ხარ და გეცოდინება ჩემზე საფუძვლიანად... ადამიანს ზედაპირული ვენა
აქვს მხოლოდ 2 ადგილზე, იქ სადაც ყველაზე კარგად ისმინება გულის პულსაცია.
გამეღიმა.
– ერთი საძილე არტერიაა, მთავარი... – ყბის ქვეშ დაიდო ხელი მან – მეორე კი
მაჯაზეა! საძილე არტერიასთან ვერაფერს ატარებ და მაჯაზე, შეგიძლია... ატარო
დრო, რომელიც შენი პულსაციის რიტმის ქვეშ იმუშავებს.
– რეებს ლაპარაკობ, ქეთო! – ხელები თმაზე შევახე და ჩემსკენ მოვწიე. არ
შემწინააღმდეგებია.
– დამპირდი, რომ კარგად იქნები – ხმადაბლა მითხრა მან.
– ვერ დაგპირები! – თვალები ამემღვრა მე.
– მაშინ მომატყუე, რომ ეგრე იქნება – შუბლზე ორი ვენა გამოებერა მას და
მივხვდი, ეტირებოდა.
– იცოდე, არც გაბედო, ტირილი – თითქმის ვუბრძანე მე.
– მაშინ დამპირდი! – ჯიუტად მიმეორებს ის.
– გპირდები – ხმადაბლა ვთქვი და გულის დიაფრაგმა მეტკინა.
– შეეცდები? – თვალი გამისწორა მან.–
– ვეცდები! – თავი დავუქნიე მას.
– კარგი, მაშინ გამიშვი!
– არასოდეს! – ვუპასუხე და არც ერთი წამით არ მინანია, ეს რომ ვთქვი.
– ეგრე, არ გამოვა, საბა! – სევდიანად გამიღიმა მან.
– ხვალამდე ვერ მოვასწრებ და ზეგ დილით, 12 საათზე, გაგწერ. თუ შევძელი. –
დავამატე მშვიდად.
– ჩემთან სურვილი გაქვს წაგებული, 2 სურვილი თან, გახსოვს?! – მეკითხება ის.
– მახსოვს – თავს ვუქნევ მე.
– წასვლის წინ უნდა ამისრულო, თანახმა ხარ? – მიღიმის ის.
– რაც გინდა, მიდი! – ყველაფერზე ვთანხმდები, ოღონდ ცოტა გავართო.
– არასოდეს, არავის არ მოუყვები ამ ისტორიას...
– ვის უნდა მოვუყვე? – გამეღიმა მე
– არავის! – მიცინის ის.
– და მეორე... მე ისე წავალ, არ მნახავ! – მეხივით გაისმა სიჩუმეში.
– ქეთო! – სახე შემეცვალა მე.
– სურვილია, საბა – მხრები აიჩეჩა მან – უნდა შემისრულო!
– როგორ არ გნახო, წასვლისას? – მოწყენით ვიკითხე მე.
– შენ ხომ ცუდად ხდები, მე თუ რამე მტკივა? – გამიღიმა მან.
– ნამდვილად – დავეთანხმე მას.
– ხოდა, იცოდე, ყველაზე ძალიან მეტკინება გული, თუ მნახავ.
– რატომ? – მინდა კიდევ ერთხელ გამიმეოროს ეს სიტყვები.
– იმიტომ, რომ... მეტკინება – აღარ განმარტა მან.
– კარგი, არ გნახავ – ხმადაბლა ვთქვი მე და სიგარეტს მოვუკიდე.
– საბა... – ისევ დაიწყო მან.
– გისმენ – ღრმა ნაფაზს ვარტყამ მე და საათს მაჯაზე ვიკეთებ.
– მომაწოდე ეგ სუნამო, ყუთში რომ დევს, უნდა დავისხა.
გავჩუმდი და კიდევ ერთხელ გავიაზრე, რა მითხრა.
მერე მივბრუნდი და მომცრო ზომის ფლაკონი გავუწოდე მას.
– გაინტერესებს, რა არომატი აქვს, ჩემს ბედნიერებას? აი, ნახე – მითხრა მან და
პულივიზატორი გადაიტარა თმაზე, ხელებზე... – მომაწოდე შენი მაჯა – მითხრა
მან და სანამ გონს მოვეგე, თვითონ ამომიტრიალა ხელი და წამის მეასედში
რამდენჯერმე მიმაპკურა. თავბრუ დამეხვა არომატისგან. ეს იყო რაღაც
ციტრუსოვანი და გრილის მიქსი, ზღვასთან და ბევრ ჟანგბადთან ასოცირებული...
ქეთოს ხასიათის იდენტური...
განსხვავებული დაჰაეროვანი.
– დაიმახსოვრე, მე დღეს ბედნიერი ვარ და იცოდე, სულ კარგად ვიქნები, თუ
მეცოდინება, რომ შენც კარგად ხარ. ჩემს ბედნიერებას ეს არომატი აქვს, გესმის?
– მესმის – მეღიმება მე და მინდა დრო გავაჩერო. ამაოდ! – რადგან ვერ გაცილებ
და ამიკრძალე ზეგ შენი ნახვა, ხვალ მოვალ და გავათენოთ!
– კარგი – პატარა პაუზის მერე დამთანხმდა ის.
– თუ, არ მოგწონს ეს აზრი... არ გვინდა... – ვუთხარი ორაზროვნად.
– არანაირი პრობლემა არ მაქვს, გავათენოთ.
– ბოლოჯერ უნდა გნახო, სხვა თუ არაფერი – ყვრიმალის კუთხე შეუკრთა მას და
გამიღიმა.

სარკის ეფექტი
– ღამე, როცა არ მეძინება, ლოგინიდან ვდგები, ამ დიდი ვიტრაჟთან ახლოს ვაფენ
პლედს და ლამპიონებით განათებულ ქუჩას ვუყურებ.
– ცარიელია ქუჩა, ღამით – გამეღიმა მე.
– შენ წარმოიდგინე, ხანდახან ბევრი ხალხია.. გვიან ღამითაც კი...
– ერთი წყვილი მოდიოდა ხშირად, გოგონა ძაღლით, ბიჭი მანქანით. ტოვებდა
მერე მანქანას და ქუჩაზე დიდხანს, ძალიან დიდხანს საუბრობდნენ...
– აღარ მოდიან? – განათებულ ქუჩას გავხედე მე.
– დიდი ხანია არ დამინახავს – მოწყენით მითხრა ქეთომ იმედი მაქვს, მოკიდა
იმ ბიჭმა გოგოს ხელი და ძაღლიანად, თავისთან წაიყვანა.
– იქნებ დაშორდნენ? – გავიცინე მე.
– არა მგონია... საათობით იდგნენ ლამპიონების ქვეშ, თან პატარები არიან... მაგ
ასაკში ეს თავგანწირვები უფრო ხშირია, ვიდრე დიდობისას... სავარაუდოდ,
ერთად არიან – გამიღიმა მან მაქვს კიდევ ერთი პლედი, მოდი, დაჯექი, განახო,
რითი ვერთობი თვეების მანძილზე შენს კლინიკაში ლოგინზე ლამაზად
დაკეცილი პლედი გადმოდო ქეთომ და ლამინატზე გამოასრიალა. დავიჭირე,
გავშალე და ფეხმორთხმით დავჯექი. მთელი ეფექტისთვის, პატარა ნათურას
დავტოვებ ანთებულს, დანარჩენს ჩავაქრობ ნებართვა აიღო ჩემგან მან.
– რაც გინდა – ხელი ავწიე თანხმობის ნიშნად – უი, ქეთო, აი, ვიღაცეები
გამოჩნდნენ დავუძახე მას.
– ბევრი ვინმე გამოჩნდება, ნახავ – მიღიმის ქეთო და წყლიანი ბოთლი მოაქვს
ოთხკუთხედ ჭიქასთან ერთად.
– რომ მცოდნოდა, ასეთი საინტერესო პეიზაჟია შენი პალატიდან, პოპკორნს
ამოვიტანდი.
– ხა-ხა-ხა – ქეთოს ხარხარი აუტყდა – კაი იდეაა!
– 15 წუთში დავბრუნდები, მანქანის გასაღები ავიღე და კარისკენ წავედი.
– საბა, არ გეზარება? – კითხვა დამაწია, მან.
მოვბრუნდი და თვალი გავუსწორე. ვერ მივხვდი, რა უნდა მეპასუხა. მერე ისევ
თავი გავაქნიე, გავიღიმე და პალატის კარი გავიხურე.
სად ვიარე,
გზა,
სიტუაცია,
ხალხი – არაფერი არ მახსოვს.
ერთადერთი რამე მქონდა ტვინში და ეს
ერთი მხოლოდ ქეთო იყო.
სიტყვები,
ხმა...
თითები,
პალატაში რომ დავბრუნდი, ქეთო ხატავდა.
– ამ სიბნელეში ხედავ რამეს? – გამეცინა მე და ბატიბუტის ცელოფანი იქვე,
ვიტრაჟთან მდგარ პატარა ტუმბოზე ჩამოვდე.
– რაოდენობა-მეთქი – გამოშტერდა ქეთო.
– გავერთობით – გავუცინე ისევ – აბა, რამე?
– ისეთი არაფერი – მხიარულად გააგრძელა მან და პლედზე მოკალათდა თუ არა,
ვიტრაჟი გააღო – დღეს ღია რომ იყოს, ხომ შეიძლება? ბოლო დღეა ჩემი, ამ
კლინიკაში და პირობას გაძლევ, არ გადავხტები – გადაიხარხარა მან.
– გააღე, დღეს ყველაფერი შეიძლება გააკეთო, რაც გაგიხარდება, ვინ იცის, კიდევ
როდის გნახავ, ან ოდესმე თუ გნახავ, საერთოდ?
– აუცილებლად შეგხვდები – გამიღიმა მან.
– სად? – ვიკითხე ავტომატურად.
– სადმე, თუნდაც ქუჩაში – ბატიბუტი მუჭით ჩაიყარა პირში მან და
პირგამოტენილმა გამიცინა.
– რაღაც, არა მგონია – ვთქვი უიმედოდ.
– ხოდა ტყუილად საბა, ყველაფერი იქნება, ისე, როგორც უნდა იყოს. დამინახავ
აი, ზუსტად ასე, შეხედე?! – ქუჩის მეორე მხარეს, მწვანე ქურთუკიანი გოგოსკენ
გამახედა მან. – ნახე, როგორ მოსეირნობს, კაბის ფრიალით? ზუსტად ასე
დამინახავ მეც!
– ყველა გოგოს უნდა დავაკვირდე, ანუ ქუჩაში?! – მეღიმება მე.
– ნუ დააკვირდები, არაა საჭირო, მე თუ თვალს მომკრავ, მაშინვე მიცნობ, ყველა
ჩემნაირი კი არ დადის ქუჩაში? – ამაყად თქვა მან – მე მაშინვე შემამჩნევ და ისე, არ
დაიძაბო მხედველობა, არაა საჭირო.
– რჩევისთვის დიდი მადლობა – გავუცინე მე და ბატიბუტის ჭამა გავაგრძელე.
– აი, ეს მანქანა მოგწონს? – ეზოში ხმაურით გაჩერებული მერსედესისკენ
ვუთითებ მას.
– რა თქმა უნდა მომწონს! ყველაზე დახვეწილი მოდელია!
– ერკვევი მანქანებში? – მიკვირს მე.
– ისე, რა! – თვალებსჭუტავს ქეთო – ამას ძალიან დიდი მოტორი არ აქვს თუმცა,
კარგი გაწევა ექნება ავტობანზე.
სიცილი ამიტყდა მის სიტყვებზე მე.
– რა გაცინებს? – იოცებს ის.
– აბა, რა მოდელია? – ვამოწმებ მე.
– GLA 250-იანი, 2.0 ტურბო, სავარაუდოდ 2014-15 წლიანი.
გაოცებისგან თვალები გამიფართოვდა.
– ნორმალური ხარ? საიდან იცი? – აღტაცება ვერ დავმალე მე.
– ცოტახანი „ფეიქრებზე“ ვმუშაობდი „დაშლილებში“ – ხარხარი აუტყდა მას.
სიცილისგან ბატიბუტი გადამცდა და ხველება ამიტყდა. ქეთომ მხარში ძლიერად
დამარტყდა და ხარხარი გააგრძელა. ცრემლები წამომივიდა სიცილისგან და ძირს
რომ არ ვმჯდარიყავი, აუცილებლად წავიქცეოდი.
– ვახ, შენ ვინ ხარ, გოგო! – ვუთხარი ცოტა სული რომ მოვითქვი – ან ეგ საიდან
იცი? წყალი მომაწოდე, რა!
– აზრზე არ ვარ. წყალი? ახლავე – მითხრა მან და წყლით სავსე ჭიქა მომაწოდა –
ვერ გადაეჩვიე ჩემი ჭიქიდან წყლის სმას, რა! – გამიცინა მან.
– ეგრე მინდა – თვალი ჩავუკარი მას.
– წამლები რადგან დავასრულე, აღარაფერი მომკლავს! – სიხარულით აგრძელებს
ის.
– ვიტამინს და დამამშვიდებელს გიტოვებ, მეტს არაფერს.
– ვიცი და ძალიან მიხარია!
– მეც! – მივხვდი, სახე როგორ გამიბრწყინდა.
– რომ გითხრა, მომენატრება აქაურობა-თქო, დამიჯერებ? – წყლის ჭიქას
მართმევს ის და ბოლომდე სვამს.
– არ ვიცი – მხრებს ვიჩეჩავ მე.
– არ იცი? – თვალებში მიყურებს ის.
სიცილი მიტყდება.
– კაი, ვიცი, მოგენატრება! – ვაღიარებ ბოლოს.
– მადლობთ – თავს მიხრის მადლობის ნიშნად ქეთო და უსწორმასწოროდ
მოხვეულ მანტიას ისწორებს.
– საოცარია, ეს ცხოვრება, რა! – ვიწყებ ხმადაბლა მე.
– ამ ცხოვრებამ, მეც გამაოცა, ნამდვილად! – მეთანხმება ის – ყველაფერს
წარმოვიდგენდი, ჩემი საგიჟეთში მოხვედრის გარდა.
– მე კიდე, შენნაირი პაციენტის გაცნობის გარდა – ვიღიმი ისევ
– ყველაფერი სწორად ხდება, მაინც – ხასიათს არ იტეხს ის.
– ვერ დაგეთანხმები, ქეთო – უარყოფის ნიშნად თავს ვაქნევ მე – სხვანაირადაც
შეიძლებოდა!
– ნუ, ეგ არავინ იცის, რომელი ჯობდა. მხოლოდ დღევანდელი მოცემულობით
ნუ იმსჯელებ. არავინ იცის, ვის – რა... მეტად.
– მე ზუსტად ვიცი – გავიღიმე მე.
– არაფერიც არ იცი – ბატიბუტს მესვრის ქეთო და იკეცება სიცილისგან.
– ძალიან არ გესმოდეს, რას ვამბობ! – ამოვიოხრე მე.
– ძალიან კარგად რომ მესმის, მაგიტომ ვამბობ – ისევ მიცინის ის.
– ეჰ, ქეთო, ბავშვი ხარ, ბავშვი! – დავუმარცვლე მე.
– მეეჭვება ეგრე ფიქრობდე – ღიმილითვე აგრძელებს ის.
– ზუსტად ეგრე მგონია! – ჭიქას ვართმევ მე.
– გინდა, ერთი საიდუმლო გითხრა? – ჩუმად მეკითხება ის.
– მიდი, აბა?! – ტუჩებზე არ ვაშორებ მზერას მე.
– გახსოვს, ჩემს თეორიაზე რომ მოგიყევი?
– სულის ფორმულაზე? – მეღიმება მე.
– ხო, სულის ფორმულაზე! – თვალებს იწვრილებს ის.
– მერე?
– .... არ ვიცი, უნდა გითხრა თუ არა. რას მირჩევ?
– თქმას! – გადავიხარხარე მე.
ქეთომ გადაიკისკისა.
მომენტალურად ამოებერა შუბლზე ვენები.
ძალიან მინდა, რომ ამ ჭკვიან შუბლზე ვაკოცო,
არ გამომდის,
თითქოს, რაღაც მბოჭავს...
იმაზე ფიქრიც კი, რომ რამდენიმე საათში სულ ვერ ვნახავ, მანგრევს.
– კარგი გეტყვი, მზად ხარ?!
– მიდი! – ისევ ტუჩებზე ვუყურებ მე.
– ისე, სტატისტიკურად დადგენილია, რომ უცნობებს უფრო უყვება ადამიანი
ძალიან პირად ისტორიებს, ვიდრე ნაცნობებს.
– ხო? რატომ?
– რატომ და იმიტომ, რომ იციან, ის უცნობები, ან შეხვდებიან ამ ცხოვრებაში
კიდევ ერთხელ და ან – არა!
– ლოგიკურია, პრინციპში, მაგრამ მაგაზე არასოდეს მიფიქრია.
– მეც, ხვალ რომ არ მივდიოდე, ნამდვილად არ გეტყოდი ამას, საბა! – მიწელავს
საუბარს ისევ.
– აუ! დროზე მითხარი, თორე...
– თორე, რა? – გამომწვევად მეუბნება ის.
– თორე, გაკოცებ! – არც კი ვიცი, რა ძალამ გამაბედინა.
– არა, კოცნა არ შეიძლება! – წარბი აწია მან.
– რატომ, ვითომ? – მეცინება საკუთარ თავზე მე.
– იმიტომ, რომ ... არ შეიძლება, საბა.
– მოკლედ, მინდა გითხრა, რომ მე და შენ ერთნაირი სულის ფორმულა გვაქვს –
მითხრა ხმადაბლა.
ბოლომდე არ დავიჯერე, რასაც ამბობდა
– რა თქვი? – გაოცებით ვკითხე მას.
– ხო, ჩვენი სულის ფორმულები ერთმანეთს ემთხვევა.
– არც ერთი აცდენაარაა? – თვალს ვერ ვაშორებ მის სახეს მე.
– არც ერთი – გამიღიმა მან – სასწაულია, არა?
– ხოდა, მით უმეტეს, უნდა გაკოცო – ვთქვი მე და სანამ პასუხს გავიგებდი,
მისკენ გადავიწიე და ვაკოცე.
ტუჩები ჰქონდა ხავერდივით რბილი,
რაღაც არანორმალურად რბილი და არომატული.
მერე თვალებზე ვაკოცე,
მერე შუბლზე,
მერე ისევ ტუჩებზე,
მერე ჩავეხუტე,
ისე მაგრად ჩავეხუტე,
თავისუფლად შემეძლო მისი ნეკნები თითებით გადამეთვალა.
ქეთო იჯდა ჩუმად, ხმას არ იღებდა.
– გათენდება ხვალ და, გეგონება, რომ ეს ყველაფერი სიზმარი იყო – სევდიანად
გაიღიმა მან.
– არ მეგონება – თმაზე ვაკოცე მე და კიდევ უფრო მეტად ჩავიხუტე – რა
უცნაურია, ეს ყველაფერი, არა? ზოგჯერ, შენთვის საინტერესო ადამიანი იმდენად
ახლოსაა, რომ არც წარმოგიდგენია.
– თითქოს ვერ ამჩნევ, რა სიახლოვე გყოფთ,
– არადა, ხელი რომ გაიწოდო,
– აუცილებლად შეეხები.
– რატომ ხდება უბრალოდ, ასე, არ ვიცი...
– თითქოს ვერ ამჩნევ...
– იქნებ, კარგად არ იყურები უკან? – იღიმის ქეთო.
– ორჯერ, აშკარად გავიხედე – მხრები ავიჩეჩე მე.
– გინდა, გითხრა ეგ რა არის?
– მიდი, აბა, გამოუშვი კიდევ ერთი თეორია – ისევ თმაზე ვკოცნი და მინდა, მისი
გამჭვირვალე თმის სტრუქტურა ხელის შეხებით დავიმახსოვრო.
– ეგ სარკის ეფექტია, საბა! – ქვემოდან ამომხედა ქეთომ და ნიკაპზე შუბლი
მომადო.
– ვერ გავიგე, ანუ? – ცხვირზე ვკოცნი მე.
– მანქანით ხომ დადიხარ?
– კი!
– ხოდა, არ შეგიმჩნევია, ძალიან ახლოს მყოფი საგნები სარკიდან რომ იყურები,
თითქოს, არ ჩანან.
– ჰა-ჰა, კიი! – დავეთანხმე მე – ერთხელ, ზუსტად ეგრე გავუსვი მანქანა სხვას,
მარცხნიდან, ვერ დავინახე!
– ხოდა, სარკის ეფექტია. ხანდახან, ჩვენთან ძალიან ახლოს მდგომი ადამიანებიც,
არსად ჩანან.
– გაიხედავ და,
– ცარიელია გზა,
– ამდროს გვერდით გიდგას,
– მაგრამ ვერ ხედავ.
– ვერ ხედავ იმიტომ,
– რომ სარკე,
– შენთან ახლოს არსებულ კადრს კარგავს,
– კარგავს რამდენიმე წამით და მერე ისევ აჩენს,
– გვიანია, მერე უბრალოდ – ვთქვი მე და სიგარეტს გავუკიდე.
– მომეცი ერთი, მეც – მთხოვა მან.
– მოდი, ერთად მოვწიოთ, სამი ნაფაზი შენ და სამი მე.
– კარგი – გამიღიმა ქეთომ.
– სერიოზულად მაინტერესებს, ამ თეორიებს... როგორ იგონებ?
– არ ვიცი – მიცინის ის და ფილტვებიდან ნაზი სუნთქვით უშვებს კვამლს.
– როგორ მინდა, აგხადო თავი და ჩავიხედო, რა ხდება მან შენ ლამაზ თავში.
– თავი რომ ამხადო, ასე მგონია, პეპლები ამოფრინდებიან – გაიცინა ქეთომ.
– რა მეშველება, უშენოდ – თვალები დავხუჭე მე და მის თმას დავუწყე ფერება.
– მოვა კიდევ ვინმე, ჩემნაირი დარტყმული და ის გაგართობს. დიდი ამბავი თუ
ქიმია არ გექნება მასთან, ცოტათი მაინც ხომ გადაიტან ყურადღებას.
– შენ გგონია, მე აქ, პაციენტებთან პრანჭვით ვარ დაკავებული, ასე გგონია?
– რა ვიცი – მხრები სიცილით აიჩეჩა მან.
– გადასარევად იცი! – წარბი ავწიე მე – შენ ხარ აბსოლუტური გამონაკლისი,
წარმოუდგენელი შემთხვევა,
– მსგავსი რამ, არასოდეს...
– არავიზე...
– არც ერთხელ...
– რა საამაყოა! დაგიჯერო?! – ეშმაკურად მეკითება ის.
ისეთი სახე მივიღე, სიცილი აუტყდა მას.
– კაი, გეხუმრები, საბა, გგონია, არ ვიცი? ეს ჩვენ რაც გვაქვს, იმდენად იშვიათი
მოსაძებნია, იმდენად იშვიათი, რომ ძალიან უნდა გაგიმართლოს, ცხოვრებაში
მსგავსი ემოცია ერთხელ მაინც რომ იგრძნო.
– ორჯერ გამორიცხულია, ხო? – ნერვებს ვუშლი მე.
– ორჯერ არ არსებობს!
– ხოო? – ისევ მეცინება მე.
– იმიტომ, რომ სულის ფორმულას მხოლოდ ერთი ანალოგი აქვს.
– სხვა რომ ეძებო, სულ რომ შუაზე გაიხე, ვერ იპოვი.
– ბუნებაში არ არის და იმიტომ.
– და სიმართლე გითხრა, რატომ ხდება,
– ნამდვილად არ ვიცი, ისე, რომ სულის იდენტური ელემენტების მატარებელი
ადამიანები არ არიან ისინი, ვისთანაც ჩვენ ცხოვრებას ვატარებთ.
– სარკის ეფექტი, ქეთო – ლოყაზე შიგნიდან ვიკბინე მე.
ისე ძლიერად ვიკბინე, რომ უცებ ვიგრძენი, ნერწყვს ჟანგის გემო როგორ შეერია.
– შენ არ მეუბნებოდი, ყველაფერი გაივლისო? – მეკითხება ქეთო.
– გეუბნებოდი – თავს ვუქნევ მე – მინდოდა, დაგეჯერებინა!
– ხოდა, იცოდე, რომ მაინც არ მჯერა! – გამიცინა ქეთომ და კიდევ ერთხელ
ჩამეხუტა.
– ეს მომენტი რომ გავაჩერო, რატომ არ შეიძლება? – ხმამაღლა ვიფიქრე მე – აი,
ნახე – მისი ნაჩუქარი საათისკენ წავიღე ხელი და მექანიზმი გავაჩერე – ხედავ?
– მაგის მიუხედავად, მაინც რომ გათენდება? – მეკითხება ქეთო და ლურჯად
შეღებილ განთიადზე მითითებს 1 საათში ლამპიონებსაც გათიშავენ და
გათენდება.
– ცას რომ მიწვდე და მთვარე დახატო? – შევთავაზე მას.
– საშლელი გაქვს? – მეკითხება ის.
– საშლელი აღარ მაქვს – უკმაყოფილოდ ვაქნევ თავს მე.
– კარგი, მაშინ... ამ სველი ხელსახოცით წავშლი მზეს, მერე ავიღებ შავ საღებავ,
გავაფერადებ შავი გუაშით ცას და ისევ მთვარეს ჩამოვკიდებ.
– საღებავები მოგიტანო? – თამაშში ავყევი მე.
ქეთომ გაიცინა.
– ეჰ, რომ შემეძლოს – თავი მოწყენით დამიქნია მან – მართლა რომ შემეძლოს,
საბა... მაშინ, იმდენ რამეს წავშლიდი და თავიდან დავხატავდი...
– სიტუაციებს,
– ზღვას,
– ზღვაში გემს,
– მე და შენ...
– შეიძლებოდეს ამ ყველაფრის დახატვა...
რამდენჯერ ვაკოცე ქეთოს, არ მახსოვს.
არც ის მახსოვს, რამდენი ხანი მყავდა ჩახუტებული.
მინდოდა მისი არომატი ჩემს კანზე სამუდამოდ დამეფიქსირებინა...
რაღაც მომენტში, მივხვდი, ჩამეძინა.
მახსოვს ხელი გადახვეული მქონდა ქეთოზე და მისი მაჯა ხელით მეჭირა.
ისევე, როგორც ხელბორკილია,
ისე, რომ, თითქოს,
მხოლოდ მე მეკუთვნოდა ეს ადამიანი.
მარტო მე,
პირადად მე
და სულ მე!
რომ გავიღვიძე, ქეთოს თავისი ჩემოდანი უკვე ჩაელაგებინა და თმას
ივარცხნიდა.
თავი მისკდებოდა.
ისე, როგორც პახმელიაზე.
ზუსტად ისე, როგორც მთელი ღამის სმის შედეგად ტკივდებათ, თვალებიც
ზუსტად ისე მქონდა შეშუპებული, როგორც მიშუპდება.
ეჰ, არადა...
ქეთო მომიახლოვდა, შუბლზე მაკოცა, მერე თვალის კუთხესთან მაკოცა და განზე
გადგა.
– მოგაკითხავენ, ხო? – მაინც გადავამოწმე მე.
– მოვლენ, კი – კედელზე ჩამოკიდებულ საათს ახედა მან, ნახევარ საათში,
ალბათ...
– შენს მაისურს ვიტოვებ.
– დაიტოვე – გავუღიმე მოწყენით – მე შენი საათი მრჩება, სამაგიეროდ, ბარი-
ბარში ვართ.
– გამაყოლე შენი დადებითი ენერგეტიკა, სამახსოვროდ...
– ვინ იცის,
– იქნებ უკანასკნელად გეხები – ხელი გამომიწოდა მან.
– თავს მიხედე, ხო? მე მეტი, საერთოდ არაფერი მინდა – ვუთხარი ხმადაბლა.
ხელი გამოვართვი და ორივე ხელისგულში მოვითავსე – რამდენი ხანი გჭირდება,
რომ ამ ენერგიით დაიმუხტო?!
– რავიცი, 5 წუთში ტელეფონიც არ იტენება და... მაგრამ დრო რომ არ მაქვს, 5
წუთიც საკმარისია.
სახეზე ხელებით შევეხე, თითქოს თითებით მინდოდა, მისი სახის ნაკვთების
დამახსოვრება და ლოყაზე ვაკოცე.
მერე ჩავეხუტე,
თავზე ვაკოცე, ღრმად ამოვისუნთქე და სანამ გული გამისკდებოდა, პალატიდან
გამოვედი.

სიცარიელე
ქეთო კლინიკიდან გავწერე თუ არა, რამდენიმე დღით დავკეტე მისი ოთახი.
ვერაფრით ვერ გაიგო ჩემმა დამლაგებელმა რატომ არ ჩავატარე გენერალური
დალაგება პალატა 26-ში. სისულელეები მოვიმიზეზე და ამ ოთახის გასაღები
ჯიბეში ჩავიდე.
ჩემს თავს ვამზადებდი იმ დღისთვის, როდესაც კარს შევაღებდი და ქეთო იქ არ
დამხვდებოდა. სამაგიეროდ, ამ ოთახში იქნებოდა მისი სუნამოს არომატი.
ოთხკუთხედ ჭიქაზე მისი ანაბეჭდები და მისი ცარცისფერი მანტია. მოგონებების
სკივრი და წამლის ცარიელი ბოთლები... ყველაფერი მისი, მაგრამ თვითონ ქეთო –
არა!
ერთი კვირის თავზე მე და თაკომ ძალიან ვიჩხუბეთ. გავაკეთე ის, რაც
ცხოვრებაში არ ჩამიდენია. სახლის კარი გამოვიჯახუნე და შუაღამის 2 საათზე,
კლინიკის კარი შევაღე. ჩემი კაბინეტიდან ავიღე ვისკის უშველებელი ბოთლი, 2
კოლოფი სიგარეტი და ქეთოს პალატისკენ წავედი.
ცარიელი იყო კორიდორი. მორიგე ექიმი გადასხმას უკეთებდა ახალმოყვანილ
პაციენტებს. ლაბორატორიას მოჩვენებასავით გავუარე, 26-ე პალატის კარი წამის
მეასედში შევაღე, გასაღებით შიგნიდან ჩავკეტე და კარს მიყუდებულმა თვალები
მაგრად დავხუჭე.
ასე ვიდექი, ალბათ 5 წუთი.
მერე ნელ-ნელა გავახილე თვალები.
განათებული ვიტრაჟიდან ისევ ის გოგო დავლანდე, მწვანე ქურთუკით, ქეთო
რომ ადრე მელაპარაკებოდა.
„აი, ასე დამინახავ ქუჩაში, ეს გოგო რომ მიდის, კაბის ფრიალით, საბა!“ –
აღვიდგინე მისი ხმა მე და მივხვდი, სიცარიელისგან როგორ გამაჟრიალა.
„ნუ, მაინცდამაინც ყველა გოგოში ნუ დამიწყებ ძებნას, ჩემნაირი, ბევრი კი არ
დადის ქუჩაში....“ – ისევ ჩამესმა ქეთოს ხმა.
მთელი ოთახი გრილი და ციტრუსოვანი არომატით იყო გაჯერებული.
აბაზანის გაღებული კარის საკიდზე ლამაზად გადაკეცილი ეკიდა ქეთოს თეთრი
მანტია, ყველაზე პატარა ზომის ხალათი, რაც კი ოდესმე კლინიკაში მქონია.
აბაზანის კარს მივუახლოვდი და მანტია ჩამოვხსენი, მერე სახესთან მივიტანე.
არომატით გაჯერებულ ყინულისფერ ნაჭერს პატრონის მუხტი ჯერ კიდევ
შერჩენოდა.
სახიდან ნელა ჩამოვიხსენი ის და მხრებზე მოვიხურე,
მერე ქეთოს ლოგინს მივუახლოვდი, ფეხსაცმელები იქვე ტუმბოსთან გავიხადე
და ტანსაცმლიანი შევწექი მის ლოგინში.
საბანი თავზე ბოლომდე გადმოვიმხე და თვალები დავხუჭე.
„მაინც მოგძებნი“! – გაურკვეველი მისამართით მივმართე მას და კედლისკენ
გადავბრუნდი.
თვალი რომ გავახილე, შუადღის 12 საათი იყო.
ქეთოს აბაზანაში წყალი გადავივლე და ის იყო, პალატაში დავბრუნდი
ტანსაცმლის ჩასაცმელად, რომ დავმუნჯდი.
მერე მივხვდი, როგორ გამომეცალა ფეხქვეშ მიწა, ემოციისგან.
როგორ დამიბნელდა თვალთ, როცა აღქმული ინფო, ტვინამდე ავიტანე.
როგორ გამიარა ელვამ გულთან 1 მმ-ის რადიუსით და როგორ ამემღვრა
თვალები.
უცებ, ვერ მივხვდი სად ვიყავი, თბილისში თუ ბათუმში.
ჩემს წინ, ვიტრაჟის გვერდით, ღია კრემისფერი კედელის ადგილას, უშველებელ
ტილოზე იყო ულამაზესად დახატული ზღვა.
ზღვაში, გემები,
შორს – თოლია.
იმდენად რეალური იყო ეს ყველაფერი, რომ ნახატთან ახლოს მივედი და ზღვას
ხელი შევახე.
ნახატის მარცხენა კიდეზე აღბეჭდილმა ვიზუალმა, კი საერთოდ შემარყია
ჭკუიდან.
„11+12 = ∞
იდენტური სულის ფორმულა“ – ერქვა ნახატს.

მარილნარევი სიმართლე
როგორ ჩავედი მარნეულამდე არ მახსოვს.
გზად ვაფიქსირებდი მხოლოდ მანქანების გვერდით ჩაქროლვის ხმებს.
ერთის,
ორის, სამის, 103-ის, 123-ის, ავტომობილების ფარების თვალისმომჭრელ
სინათლეს,
მუხრუჭების წივილს...
შესახვევი ამერია,
სხვა სახლთან შევედი.
ფასადით მივხვდი, სხვაგან მოვხვდი.
მოვაბრუნე მანქანა და დავდივარ სხვადასხვა ქუჩებზე...
ნაცნობი სახლი არსად ჩანს...
ვგრძნობ, რომ მალე სიბრაზისგან ავფეთქდები.
უცებ, ვხედავ ჩემსკენ პატარა ბიჭი მორბის,
გზას მიკეტავს და ხელს მიქნევს. ვაჩერებ მანქანას და გაოცებული ვუყურებ,
ვერ ვხვდები ეს პატარა ბავშვი, ამ შუაღამისას, მარნეულში,
რატომ მაჩერებს, ვინაა, საერთოდ, ან რატომ არ სძინავს ამ დროს.
ვხედავ გულზე ზუსტად ის მედალიონი ჰკიდია, რომელსაც ქეთო ატარებდა.
ვუახლოვდები ბავშვს და არ ვიცი, რა ვკითხო...
– იქით გზა არ არის – მეუბნება ის და მიცინის – არ წახვიდე, იქით ხევია!
– ვინ ხარ შენ? – ვიოცებ მე და მის მედალიონს არ ვაშორებ თვალს.
– აქვე ვცხოვრობ, დაგინახეთ რომ ხევისკენ მიემართებით და ხელი დაგიქნიეთ.
შემეშინდა, არ ჩავარდნილიყავით იქ – ხელს იშვერს პატარა ბიჭი და ისევ მიღიმის.
– ეგ მედალიონი, შენ საიდან გაქვს? – ხელით ვუთითებ კისერზე მას.
– არ ვიცი – მხრებს იჩეჩავს ის.
– აქ ცხოვრობ? – მეორეჯერ ვამოწმებ მე.
– აქ ვცხოვრობ კი, აი, იმ მოსახვევში – მურიან მტევანს იშვერს ის ხევის
მიმართულებით.
– თავბრუ მეხვევა, ვგრძნობ, რომ რაღაც გაუგებარ სიტუაციაში ვარ. ირგვლივ
აღმართულ შენობებს ვათვალიერებ. ვხვდები, რომ არც ღამეა და არც დღის
ნათელი, არც მარნეულია და არც თბილისი.
– სად ვარ, კი მარა? – ვიმეორებ ჩემთვის და პატარა ბიჭის გარღვეულ მაისურს
ვერ ვაშორებ თვალს, რომელიც, ერთ დროს თეთრი ფერის უნდა ყოფილიყო და
დღეს ის, ნაცრისფერია.
– რამდენი წლის ხარ – თვალებს ვაწვრილებ და დაკვირვებით ვათვალიერებ მის
ნაკვთებს
– 8-ის – მიცინის ისევ ის.
– ახლა, რომელი წელია? – ვეკითხები უფრო ჩემს თავს და დაბნეულად ვიყურები
ირგვლივ – დედა გყავს? – მოულოდნელად თავში საოცარი აზრი მიფეთქდება მე.
– დედა? კი, მამაც! – თავს მიქნევს ის.
– მამაც გყავს? – ჩავეკითხე ისევ.
– კი, მყავს, რუსეთშია ახლა, სერგო ჰქვია...
ღმერთო... გამომაფხიზლე... რა ხდება ჩემს თავს...
– აქ, ერთი მკითხავი ქალი ცხოვრობს, მარილზე მკითხაობს, სახლს ვერ
მიმასწავლი? – გული მიჩერდება მის მოლოდინში მე.
– არ ვიცი – მხრებს იჩეჩავს პატარა ბიჭი და თვალებს იფშვნეტს – უნდა წავიდე,
ძალიან გვიანია – ამბობს ის.
არ ვიცი, რა ვუპასუხო და ისევ მანქანაში ვჯდები...
რა ხდება? საკუთარი ტვინის უჯრედებს მინდა ხელით შევეხო და შევანჯღრიო...
– საბააა! – მოულოდნელად ზურგს უკან მესმის ქალის ხმა.
– ვბრუნდები და ვხედავ, მოხუც ქალს, იმ საბედისწერო დღეს, მარილზე რომ
მიმკითხავა, ვის გამოც დღეს, აქ ჩამოვედი და ვის სახლსაც ვერ ვპოულობ, აგერ
უკვე 3 საათია...
– ქალბატონო, ზუსტად თქვენ გეძებთ, რა ხანია – ენა დამება სიხარულისგან.
– მოხუცს ვეებერთელა მოსასხამი აქვს მოხვეული მხრებზე და უცნაურად
მიყურებს.
– რა გაგჭირვებია? – მეკითხება ის.
– რაღაც კითხვები მაქვს! – თვალები მემღვრევა ემოციისგან მე.
– პირველად რომ მოხვედი ჩემთან, მაშინაც გითხარი, გადაწყვეტილების
მიღებაში ვერავინ დაგეხმარება-თქო მითხრა მან მშვიდად.
– ვიცი, მაგრამ, რამე, მირჩიეთ, ძალიან გთხოვთ – მუდარის მზერა მივაპყრე მას.
მოხუცს გაეღიმა.
– მე გაგაფრთხილე, ძალიან ემოციური პერიოდი გექნება-თქო, შენ გაიცინე და
მითხარი, გავუმკლავდებიო...
– მე ხომ არ ვიცოდი, ასე თუ... ამ დონეზე, თუ...
– ასე ხდება ხოლმე, არავინ იჯერებს რამხელა გამოცდის ჩაბარება უწევს
თითოეულ ჩვენგანს.
– არც მე არ დავიჯერე! მაგრამ, ეს რაც ჩემს თავს ხდება...
– მგონია, რომ გული გამისკდება ამ ემოციისგან. ისეთი არეული ვარ...
– აღარაფერი გამომდის.
– ეგ საბედისწერო ქალია – მითხრა მოხუცმა და ტუჩის კუთხე მოიკვნიტა...
– ვერაფერს გირჩევ, შენ ხარ საკუთარი ცხოვრების ბატონპატრონი.
– ხო, მაგრამ, იცით ეს გოგო, ვინ არის? – თვალები ამემღვრა მე.
– ვიცი – გამიღიმა მოხუცმა – შენი სულის ნაწილია ეგ ქალი.
– კიდევ რამე არ გახსოვსთ? თავიდან რომ მიმკითხაოთ? – შევთავაზე მე.
– მე მეტს ვერ ჩავიხედები შენს ცხოვრებაში – უარყოფის ნიშნად თავი გააქნია მან
– თუმცა, მაინც თუ გადაწყვეტ, მარტივად საპოვნელი არ იქნება...
– და საერთოდ ვიპოვნი? – მოხუცის კადრი ნელ-ნელა პატარავდება ჩემი
თვალთახედვიდან.
– შეუძლებელი არაფერია, საბა, რამდენად გიღირს, ეგაა გადამწყვეტი, თორემ... –
მითხრა მან და იისფერ ნისლში აორთქლდა.
– მამა, მაა! – მსუბუქმა ნჯღრევამ გამომაღვიძა.
თვალი გავახილე და ვხედავ, სულ სველი ვარ, საგრძნობლად ვკანკალებ და
გულიც გაომრაგებულად მიცემს. ზუკა კალათბურთის ბურთით ხელში მადგას
თავზე დაგვაგვიანდა!
– რომელი საათია? – ნახევრადმძინარემ საათის ციფერბლატს გავხედე.
– ათი! ადექი, ვაა! – ზუზუნებს ის.
– ჩადი მანქანასთან და დაგეწევი ათ წუთში – ვთქვი ხმადაბლა.
– მალე ჩამოდი, არ მალოდინო! – მსაყვედურობს ის და ოთახიდან გადის.
სახეზე ხელები ავიფარე და თვალებზე მაგრად მივიჭირე. ისე ძლიერად, რომ
ყურებში ვიგრძენი გულის შენელებული ცემა.
აფარებულ თვალებს, შიგნიდან, წითელი წერტილების აღქმა მოჰყვა,
წითელს ყვითელი დაემატა, ყვითელს – ლურჯი!
ზუსტად ისე, ბავშვობაში, რომ ვიყურებოდი კალეიდოსკოპში...
ზუსტად ისე, როგორც იქ იცვლებოდნენ ფიგურები,
ფერები,
ფორმები,
კონტურები
შინაარსებით,
ზუსტად ისე ენაცვლებოდნენ კადრები ერთმანეთს.
როცა მივხვდი, რომ მართლა ცუდად გავხდი, ხელი ავუშვი თვალებს.
ვუყურებდი, მზერა როგორ მეწმინდებოდა
და ვფიქრობდი,
რა მოხდა ზუსტად ნახევარი საათის წინ, სად ვიყავი და რაზე ვილაპარაკე....
ნამდვილად დამესიზმრა, რო? – უცნაურმა ღიმილმა გადამიარა სახეზე.
მერე კიდევ ვიჯექი ასე ჩაფიქრებული რამდენიმე წუთი ვალაგებდი აზრებს,
სიტუაციებს, ვცდილობდი, გამეხსენებინა სიზმრის თითოეული დეტალი,
მაგრამ ვერაფრით ვიხსენებდი.
კადრებად მომდიოდა მხოლოდ ფოკუსგაუსწორებელი მომენტები.
ერთი,
ორი,
სამი,
დაახლოებით, რომ იცით რომელ კადრზეა საუბარი,
მაგრამ მაინც კარგად რომ ვერც ხედავ, სწორედ ისეთი.
ძალიან მინდოდა, აღმედგინა მოხუც მკითხავთან საუბრის ტექსტი...
თუმცა...
ამაოდ...
გამახსენდა მხოლოდ ის შეგრძნება, რითიც გამეღვიძა:
სიცივე და შიში...
დიახ, შიში!
გაუცნობიერებელი და გაურკვეველი...
გაუჩერებლად ჩამესმოდა მოხუცის მხოლოდ ერთი ფრაზა:
„შეუძლებელი არაფერია, საბა. რამდენად გიღირს, მხოლოდ ეგაა გადამწყვეტი“

ქეთო ბექირიში
– გამარჯობა, მე ერთ მეგობარს ვეძებ, ქეთო ჰქვია, ქეთო ბექირიში... ადრე ამ
სახლში ცხოვრობდა, ხომ არ იცით სად ვნახავ? ლამაზი გოგოა, გამხდარი...
ჭორფლებიანი, გრძელი თმა აქვს... მხატვარია... გადავიდა? როდის? სად?! იქნებ
გაიხსენოთ... როდიდან ხართ თქვენ აქ? მეორე წელია? ანუ მაშინვე გაყიდა ეს ბინა..
და საით, ხომ არ იცით? არც გსმენათ? .............უკაცრავად...
ამდენი ხანი, როგორ ვერ დაგარწმუნე, რომ ყველა ემოციის
ფურცელზე გადატანა შემიძლია, მართლა არ ვიცი.
რაღაც ფრაგმენტებს გავს ძველი ფილმიდან, თითქოს ნანახს და...
მაინც პირველადი ემოციით. ტვინში რომ გინდა დაალაგო და არ გილაგდება.
მერე აცნობიერებ, რომ ნანახი კი არა, უბრალოდ შენი გამოგონილი კადრები იყო,
ხშირად ნანახი ფირი, ტვინში გაუჩერებლად დატრიალებული, რეალობას
მოკლებული, თუმცა, რეალური შეგრძნებებით.
ყველაზე წარმოუდგენელ სიტუაციებს, ერთი მინუსი აქვთ: რეალურად როცა
ხდება, დაჯერება გიჭირს.
ამოწმებ და ახვევ უკან დაუსრულებლად...
ერთი, ორი, სამი...
იხსენებ ემოციას, მიმიკას, მზერას, ღიმილს.
თუმცა, ყველაზე მეტად თვალები გამახსოვრდება.
გამორიცხულია მათგან წამოსული მუხტი, ბოლომდე ვერ აღიქვა, არ არსებობს,
უბრალოდ!
თუ დაიჭირე ეგ ემოცია, მაშინ, ჩათვალე, რომ საერთოდ არაა საუბარი საჭირო.
აღარაფერზე საერთოდ, ეგ მზერა, იმაზე მეტის მთქმელია, ვიდრე 100 გვერდიანი
მონოლიგი.
მაგრამ ხშირად, ის 100 გვერდიანიც აინტერესებთ, დეტალურად, თან, არა?
– გამარჯობა! ახალგაზრდა გოგოს ვეძებ. მხატვარია, ქეთო ბექირიში, ალბათ უკვე
30 წლის, მითხრეს, აქვე უნდა ცხოვრობდესო... არა, ქმარი არ ჰყავს...ანდა,
შეიძლება ჰყავს კიდეც... არა ქართულის მასწავლებელი არ არის, ხატავს,
მხატვარია... მადლობა, შეგაწუხეთ...
თითქოს ყელზე შებმული გამჭვირვალე მძივი გამიწყდა და მიწაზე გაიფანტა.
დავდივარ და ამ ჩემი საყვარელი ნივთის ნაწილებს ვაგროვებ.
ვეძებ ყველგან...
ხომ იცი, მაგან ისეთი გაფანტვა იცის, რთულად საპოვნელია...
თან გამჭვირვალეა და ფერი არ აქვს, უცებ რომ აკრიფო.
შენ დგახარ სიბნელეში, ციცინათელით ხელში და ჩემი მძივის ბურთებს
პოულობ, მტვრისგან წმენდ და ჯიბეში ილაგებ მიგროვებ, ალბათ)
შორიდან გიყურებ და მაინტერესებს, ნეტა რამდენი დრო გაქვს, ასე რომ დგახარ
სიბნელეში და ჩემს გაბნეულ ნაწილებს ეძებ. ძალიან გინდა ჩემი დახმარება,
ვხედავ. მიხარია)!
გიყურებ ისევ და წარმოუდგენელი მგონია ჩემს წინ წარმოსახული კადრი.
რომ მოგიახლოვდე და ხელი შეგახო, ნეტა, გაქრები?
მგონია, რომ ის ადგილი, სადაც დგახარ, რაღაც სხვა განზომილებაა,
„იქს“ სივრცე, ელექტრონულ ლურჯფერიანი, იისფერი კანტებით, ბოლოებში
მეტად
განათებული და შუაში გამჭვირვალე ეფექტით.
მივუახლოვდე?... არა, იყოს, გარისკვადაც არ ღირს...
მართლა რომ გაქრეს, თავს ვერასოდეს ვაპატიებ.
– უკაცრავად, ეს ჭავჭავაძის 7-ია? ბოდიში, მე ერთ მხატვარ გოგოს ვეძებ, ქეთო
ჰქვია... აჭარელია... ხატავს... მაღალია, ჩემზე ოდნავ დაბალი... ჭორფლებიანი...
ბექირიში... არა, ბექირიში, დიახ.... უკაცრავად...
იქნებ ამ კადრსაც ციცინათელის ეფექტი აქვს?
ანათებს რამდენიმე საათი და როგორც კი ინათებს,
დაიკარგება ჟანგბადნარევ სივრცეში?
რეალური იყო, ეს კადრი, რო? ან იქნებ, ეგეც ჩემი ფანტაზიაა...
აღარ ვიცი.
თვალებიც გამოვიგონე?
გაოცებული და მოულოდნელობისგან გახარებული,
თუმცა, ბოლომდე გაურკვეველი მზერა?...
არამგონია.
ფაქტების გამოგონება შეიძლება, მაგრამ ემოციის – ნაკლებად!
ემოცია ტალღებადაა,
ან მოგდის, ან მშვიდად დგას თავისთვის, ზღვასავით.
ზღვის სიღრმის მეშინია...
მოახლოება, არ გამომივა, მაგრამ შორიდან მაინც მოგადევნებ თვალს, როგორც
ზღვაში მოცურავე გემს...
ვუყურებ, სანამ ბოლომდე არ დამეკარგება თვალის ჰორიზონტიდან.
დანახვისთანავე,
იმას რომ ფიქრობ, რომ როგორმე დიდხანს უყურო და მალე არ დაგეკარგოს
კადრი...
მაგრამ ხო იცი, იმდენად ჩქარია წყლის სვლა, თვალსაც ვერ აყოლებ ისე, როგორც
გინდა. მომენტალურად მცირდება ობიექტის მასშტაბი და თანდათან...
სულ ქრება...
დიდხანს დარჩი, რა!
თუ დიდხანს არა, სულ ცოტახნით მეტი მაინც,
ვიდრე სტანდარტულად ხდება ხოლმე!
ისეთი განცდაა, როგორც უკაცრიელ ხმელეთზე დარჩენილებს აქვთ, ვინმე
სულიერის დანახვაზე.
აღიქვამენ მათ წინ არსებულ ობიექტს და უნდათ, თავს თუ ვერ გადაირჩენენ,
დიდხანს მაინც უყურონ მაშველ რგოლს...
– უკაცრავად, გვიან რომ გაწუხებთ...საქმე ისაა, რომ მეგობარს ვეძებ, მხატვარია,
ახალგაზრდა გოგოა, ქეთო, ბექირიში, ხომ არ იცნობთ ვინმე მსგავი ცხოვრობდეს
ახლოს? მაღალი გოგოა, ყველაზე ლამაზი... დიახ, მართლა ყველაზე ლამაზია...
მესმის... ანუ, არ იცით... არც შემდეგ სახლში? ეს რა ნომერია? 10? .... კარგით,
უკაცრავად.
ფეხის წვერებზე ავიწიე და თვალი გამოვაყოლე შენს სილუეტს,
„აზრი არ აქვს, ვერ მივწვდები“ – სინანულით გავიფიქრე ჩემთვის,
„ძალიან შორსაა“ – ჩემმა შინაგანმა ხმამ მიპასუხა ხმადაბლა „იქნებ ოდესმე კიდე
მოკრა თვალი, მაგრამ ამჯერად, არ გამოგივიდა“.
„მაგრამ, ხო რეალური იყო... და რა ახლოს ჩანდა“ – სევდიანად მეღიმება მე და
ღრმად ვსუნთქავ იოდნარევ ჟანგბადს.
მერე დიდხანს ვდგავარ სანაპიროსთან, იქნებ ქარმა, შენი არომატის ნაკვალევი
ჰაერს გამოატანოს.
წამოდი, გესმის? წამოდი, ვერ იპოვნი ამ მძივის დაკარგულ ნაწილებს, ნუ
ცდები...
მენანება შენი დრო ამ სისულელეებისთვის,
დრო ისედაც არ გაქვს და ტყუილად დაიღლები, იცოდე,
არ მინდა, რომ დაიღალო.
ყველაზე მეტად ეგ არ მინდა.
ყველა დაიღალოს, შენ არა!
არ მინდა და მორჩა!
ჩაქრება ეგ ციცინათელაც, ცოტახანში...
მის სინათლესაც თავისი ლიმიტი აქვს,
როგორც ყველა სხვა დანარჩენს, ამქვეყნად...
სანაპიროზე დღეს არ წვიმს...
დავრჩები მზის ჩასვლამდე,
იქნებ ისევ მოვკრა თვალი მაგ გემს, თუ არადა,
თვალებს დავხუჭავ და წარმოვიდგენ, რომ სადღაც ახლოს ხარ.
ახლოს ხარ და მშვიდობით!
მთავარია, იდეა არსებობს ამ ურთიერთობის, თუნდაც არარეალური...
მჯერა, თუ ძალიან ინატრებ, არარეალურიც სადღაც, რეალურდება...
სად? თუნდაც ოცნებებში!
„გამოიწიე, მზეს მიჩრდილავ, არათანაბარ ნამზეურს მივიღებ“ – მინდა ეს
ყველაფერი სინამდვილეში გითხრა და შენც რეალურად იყო იქ, იმ წუთში,
ჩემთვის მზეზე გადაფარებულად მდგარი. ნუთუ, არ შეიძლება?!
– გამარჯობა, სახლში უფროსები არიან? დაუძახო, შეგიძლია? იყოს ბებია...
გამარჯობა, ქალბატონო... მე ერთ მხატვარ გოგოს ვეძებ, ქეთო ჰქვია... აქვე უნდა
ცხოვრობდეს...ზუსტი მისამართი არ ვიცი და მაგიტომ დავდივარ, ასე... იქნებ,
ვიპოვო... არა, ტელეფონიც არ მაქვს მისი...რაც მაქვს, ის ნომერი გაუქმებულია...
როგორ? სავარაუდოდ, გადაგდებული აქვს... არა ტელეფონი კი არ აქვს
გადაგდებული, უბრალოდ, ნომერი... სხვა ნომერი ექნება, სავარაუდოდ... არა,
ქალბატონო, საიდან უნდა გავიგო, მის ახლობლებსაც არ ვიცნობ... მე? მე ამ
გოგონას ქიმიის მასწავლებელი ვარ და ვიპოვო მინდა... ეჰ, მხატვრებს რომ
სცოდნიათ ქიმია, მსგავსი, არავის... ბატონო? მშობლები? დედა ინგლისური ენის
პედაგოგია... მამა მეზღვაური... ძალიან ლამაზი გოგოა, ჭორფლებიანი...
გამხდარი... ერთხელაც რომ გენახათ, ნამდვილად დაგამახსოვრდებოდათ.
განსაკუთრებულია, კი ... ჩემთვის... კარგით, მაპატიეთ, შეწუხებისთვის...
თბილ კენჭებზე ფეხშიშველი მივაბიჯებ.
თვალით ვზომავ მანძილს ჩემგან, წყლის უხმელეთო სივრცემდე და მეღიმება...
სანდრო 1 წლისაა, ფეხი უკვე აიდგა და ნელი ნაბიჯით მომყვება.
ქვებზე სიარული უჭირს და ცოტას წუწუნებს.
რამდენჯერაც უკმაყოფილოდ მეძახის, იმდენჯერ ვკოცნი.
სახიდან პატარა ხელებით იშორებს ჩემს კოცნებს და ეცინება
– ნახე, სანდრო, ტალღებიც კი არაა, გინდა, შევიდეთ? – ვთავაზობ მას.
სანდრო დელფინივით იცინის და ტაშს უკრავს – რომ გაიზრდები, გვეყოლება
დიდი, ლამაზი გემი და წავალთ მოგზაურობაში მსოფლიოს გარშემო.
ვნახავთ აფრიკას, აზიას, ევროპას, სადაც გინდა, იქ გავჩერდებით, ვიცხოვრებთ.
მერე როცა მოგვბეზრდება, გავაგრძელებთ გზას...
ასე ვივლით უსასრულოდ, სანამ არ დავიღლებით.
მერე დავბრუნდებით,
ხშირად მოვაწყობთ წვეულებებს პორტში მდგარ ხომალდზე.
ბევრს დავლევთ, ხო მეც დავლევ, ეგრე რატომ მიყურებ? გეცინება?
მაგ ასაკისთვის მე ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა ვიქნები, რა გგონია?...
ვიცეკვებთ, ვიცინებთ, ძალიან ბედნიერები ვიქნებით...
სანდრო ისევ მიცინის და სახეზე მეფერება.
მე კი საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ღმერთი, მართლა არსებობს!
ის რომ არა, მე ეს ადამიანი ნამდვილად არ მეყოლებოდა.
ჩემი ათეიზმით გაჯერებული სისულელეები, უკან მიმაქვს...
თუმცა, ერთ თეორიას, ჩემთვის, მაინც ვიტოვებ...
მაგ თეორიის მე ყველაზე მეტად მჯერა, მაინც მჯერა და იმიტომ.
სულ რომ მილიონი წელი გავიდეს, ვიცი,
ამ აზრზე დავრჩები მუდამ.
ამ პერიოდის განმავლობაში, არც ერთხელ არ ვყოფილვარ ცუდად.
მჯერა, იმ კლინიკაში ჩემი მოხვედრა
აუცილებელი, გარდამტეხი ეტაპი იყო ჩემი ცხოვრების...
გარდამტეხი და...
საბედისწერო, ყველანაირი გაგებით...
დრო გადის და არაფერი მეცვლება.
ისევ ისე მენატრება, როგორც 2 წლის წინ.
ზუსტად ისევ ისე მაკლია, როგორც პირველ დღეს.
იმაზე მეტი რაოდენობით ვიმეორებ მის ხმას ტვინში, ვიდრე ადრე.
„ქეთოო“ – მეძახის სანდრო ქვებზე გაშხლართული მედუზისკენ მითითებს.
– ხელი არ დაადო, თორემ დაისუსხები – ვუცინი ისევ და ფიქრს ვაგრძელებ.
აღმოჩნდა, რომ ცხოვრებაში იმაზე მეტი სასწაული ხდება, ვიდრე ჩვენი ტვინის
კედლებს შეუძლიათ, დაიტიონ.
თვალებს ვხუჭავ ისევ და სანდროს ვიხუტებ...
ჩამავალი მზის სხივი მიჭყიტინებს სანდროს თმის ჩალისფერი ნაპრალებიდან.
ჩვენ ერთი კანის სტრუქტურა, გენეტიკური კოდი და სისხლის ჯგუფი გვაქვს.
უბრალოდ, ამ იდეალური მდგომარეობისთვის,
მესამე კუთხე გვაკლია, რომელიც შეუვსებლად დარჩა...
– გვიანია, წავიდეთ სახლში – ვთავაზობ მას.
თავს აქნევს, არაფრით არ უნდა დამორჩილება,
საოცრად მაგონებს საკუთარ თავს.
გამორჩეულად მსგავსი ჩემგან, ტუჩის ფორმა, ტუჩის ფერი და კონტური აქვს.
სახლში რომ ვართ, ხშირად ვიღებ პატარა ფურცლის ნაჭერს, ვისმევ მკვეთრი
ფერის ტუჩსახცს და ვკოცნი ამ ფურცელს.
მერე ვერთობი, სანდროსაც ვუსმევ იგივე ტუჩსაცხს და მასაც ვაძლევ საშუალებას
თავისი პატარა ანაბეჭდი დატოვოს ქაღალდზე.
მერე ამ ფურცლის ნაჭრებს ერთმანეთს ვადარებთ.
განსხვავება, მხოლოდ ზომაშია :)
სხვა, ვერც ერთ ცდომილებას ვერ იპოვნით ამ ორ ქაღალდზე.
სანდროს ხატვა მოწონს.
თავის ოთახში პატარა კუთხეც აქვს,
სადაც დიდი ფურცლის დაფაა, სახატავებთან ერთად.
ფუნჯების დიდი არჩევანის მიუხედავად, მას ხელით ხატვა უყვარს.
არაფერს ვუშლი.
სამომავლოდ, იმდენი აკრძალვები შეხვდება,
ამ ასაკში მაინც აიხდინოს ყველა სურვილი, ძალიან მინდა!
არის კიდევ ერთი შტრიხი მის გარეგნობაში, რაც აბსოლუტურად არ აქვს ჩემი
გამოხედვა, რომელიც ყველაზე მეტად მახსენებს ჩემს უახლეს წარსულს.
ეს მზერა გამოირჩევა ყველაზე უცნაური მახასიათებლით: ყურებით ქვემოდან –
ზევით და ყველაზე მთავარით თვალის ფერით, ზუსტად მამის მსგავსად,
თვალებში ზღვით.

თბილისი,
2016, ივნისი

© 2008-2016 4Love.Ge

You might also like